ცხელი შოკოლადი №40


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: შავერდაშვილი შორენა, ბექიშვილი ნინო, კიკალეიშვილი სალომე, ტურაშვილი დათო, თოლორდავა კახა, ცეცაძე მაია, ლალიაშვილი ნიკოლოზ, კორძაია-სამადაშვილი ანა, მალენი მარკ, გაფრინდაშვილი ლელა, ლომაძე ნინო, მიშელი ოლივიე, უსუფაშვილი დავით, დარჩიაშვილი დავით, გვახარია გიორგი, სთივენსონი უენდელ, მაისურაძე გიორგი, მორჩილაძე აკა, ღოღობერიძე ლანა
თემატური კატალოგი ცხელი შოკოლადი
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივლისი, 2008, გარეკანზე: უენდელ სთივენსონი ფოტო: ლევან ხერხეულიძე მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი აღმასრულებელი რედაქტორი ნინო ლომაძე არტ-რედაქტორი გიორგი ნადირაძე რედაქტორ-სტილისტი ნინო ბექიშვილი კორექტორი ნინო საითიძე ნომერზე მუშაობდნენ ანა კორძაია-სამადაშვილი, თამარ ბაბუაძე, სალომე კიკალეიშვილი, ლანა ღოღობერიძე, მარკ მალენი, ნინო ლომაძე, გიორგი გვახარია, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, ლელა გაფრინდაშვილი, შორენა შავერდაშვილი, კახა თოლორდავა, მაია ცეცაძე, ნინო ბექიშვილი ფოტო დავით მესხი, ლევან ხერხეულიძე, ქეთო ცაავა ილუსტრაცია მაია სუმბაძე, ლევან მინდიაშვილი დიზაინი თორნიკე ლორთქიფანიძე, კახა დოლიძე საზოგადოებასთან ურთიერთობა ლელა შუბითიძე სარეკლამო და გაყიდვების სამსახურის უფროსი ნესტან ავალიანი რეკლამის განთავსება შპს „მსა თბილისი“, ფალიაშვილის ქ. 108 ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: advertise@shokoladi.ge დისტრიბუცია ზვიად შენგელია გამომცემელი „ცხელი შოკოლადი“, „კინო-ცხელი შოკოლადი“, „ოზონი“, „ბიზნესი- ადამიანები, მეთოდები, სტრატეგიები“, „დიალოგი“, „თიბისი და თიბისელები“. შპს „ემ ფაბლიშინგი“, თბილისი 0105, ფალიაშვილის ქ. 108, ტელ./ფაქსი: 91 23 26 ელ-ფოსტა: mpublishing@caucasus.net სტამბა შპს „სეზანი“, თბილისი, წერეთლის გამზ. 140 ტელ.: 35 70 02 ელ-ფოსტა: lika@cezanne-web.com ჟურნალი გამოდის 2004 წლის 25 დეკემბრიდან © „M Publishing“ საავტორო უფლებები დაცულია. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი ან მთლიანი გამოყენება აკრძალულია.



1 რედაქტორის წერილი

▲back to top


0x01 graphic

რამდენიმე დღის წინ პირველად გავაცნობიერე, რას ნიშნავს ცხოვრობდე XXI საუკუნეში და ჩემთვის სწორედ ახლა, 2008 წელს დაიწყო ახალი, სრულიად ახლებური და ფანტასტიკური ეპოქა კაცობრიობის ისტორიაში. განვითარებული მსოფლიოს პერიფერიაში ყოფნა, ეტყობა, მაინც ანელებს დროის შეგრძნებას, მაგრამ ეს „ჩამორჩენა“ უფრო მეტ დროს გიტოვებს მომავლის ინტროსპექციისათვის და მომავალში მოგზაურობას და მის აღქმას სხვებზე სწრაფად ახერხებ. ეს იმიტომ, რომ აქ მომავალი ავტომატურად არ გეჯახება და სტიქიური უბედურებასავით არ გატყდება თავს. ის მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ამას თავად გადაწყვეტ. მომავალი დგება მაშინ, როცა ასპარეზად თითოეულ შენს ხელთ არსებულ წამს იხდი, როცა დროის მართვას თავად იწყებ და უცხო ლანდშაფტის არ გეშინია.

მოკლედ, XXI საუკუნე, რამდენადაც ის მე წარმოვიდგინე (და დიდი ეჭვი მაქვს, ბევრმა სხვამაც), არის კრეატიული იდეების, ინტელექტუალური ბიზნესის და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანების საუკუნე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საუკუნე, გარემოზე ზრუნვის, ბუნებრივი რესურსების ოპტიმალურად გამოყენების და ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე მომუშავე კომპანიების საუკუნე. ის, რაც XX საუკუნეში მარგინალური იყო, XXI-ში მეინსტრიმი გახდება; ტრადიციული კომუნიკაციის მედიუმებს ჩაანაცვლებს ახალი ინტერნეტმედიუმები; პოპულარული მემარჯვენე პოლიტიკური დისკურსი შეიცვლება მემარცხენე დისკურსით, პატრიარქატი - მატრიარქატით, მილიტარიზმს ჩაანაცვლებს პაციფიზმი, ფაშიზმს - ჰუმანიზმი, კონფორმიზმს - ანარქიზმი და ასე შემდეგ. საერთოდაც, შესაძლოა საუკუნის ბოლოს ამ „იზმებმაც“ აღარ იარსებოს და თითოეული ადამიანი, ყოველგვარი კრებითი სახელებისაგან თავისუფალ, სრულიად უნიკალურ ეგზემპლარად განიხილებოდეს. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობის ევოლუციას ეს პლანეტა გაუძლებს და „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაოს“ პრინციპით, ისევ ამ ჰიპოსტაზში განვაგრძობთ არსებობას.

ჯერჯერობით კი, აგერ, ამერიკის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობისათვის ბარაკ ობამა და ჰილარი ქლინთონი იბრძვიან, რაც თავისთავად ცვლის ძალაუფლების ტრადიციულ პარადიგმას. ამ საუკუნეში ალბათ ჰეგემონებიც შეიცვლებიან - ჩინეთი უფრო და უფრო მოქნილად მიდის წინ და ხდება მსოფლიოს ეკონომიკური ტენდენციების განმსაზღვრელი. ნელ-ნელა უკვე აზია უკითხავს დასავლეთს ლექციებს განვითარების ახლებურ მოდელებზე.

მოკლედ, ეს ყველაფერი უკვე მომავალი კი არა, ჩვენი აწმყოა.

რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ყოველწამიერად ცვალებად რეალობას ჩვენ გარშემო, რაც უფრო გლობალურად ვიაზროვნებთ, მით უფრო მალე და ეფექტურად გავხდებით ამ ცვლილებების არა მომხმარებლები, არამედ შემოქმედები. ამაზე სახალისო და საინტერესო კი, მართლაც, არაფერია.

ჰო, ცხადია, ნეტარ არიან მორწმუნენი.

P.S. რა ამის პასუხია და, ამიერიდან „კინო“ ორ თვეში ერთხელ გამოვა. სამწუხაროდ, ქართული კინოინდუსტრია ჩვენს ყოველთვიურ რეჟიმს ვერ უწყობს ფეხს. კინოჟურნალს კი არ უნდა სულ უცხოურ კინოამბებზე წეროს.

მოგვწერეთ, გაგვიხარდება.
editor@shokoladi.ge

შორენა შავერდაშვილი

2 ჩვენი ავტორები

▲back to top


0x01 graphic

ნინო ბექიშვილი

და თუ თითოეულ ჩვენთაგანს ექნება წელიწადში
ხუთასი ფუნტი და და საკუთარი ოთახი...
ვირჯინია ვულფი

საკუთარი ოთახიცა და ხუთასი ფუნტიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც 70 წლის წინ, როცა ვირჯინია ვულფი „საკუთარ ოთახს“ წერდა და კაცობრიობის ერთი ნახევრისთვის მეორე ნახევრის თანასწორუფლებიანობის დამტკიცებას ცდილობდა. საკუთარი ოთახი სწორედ განმარტოების, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის უფლებას გულისხმობს და ერთნაირად გვჭირდება ყველას, ქალებსაც და მამაკაცებსაც. ეს, მართლაც, ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, მაგრამ არიან ბედნიერებიც - ისინი, ვინც საკუთარი ოთახში რაღაც მნიშვნელოვანს იწყებენ. ადამიანები, ვის შესახებაც „ცხელი შოკოლადის“ ამ ნომერში გიყვებით, ამ პრივატული სივრციდან საჯარო სივრცეში სხვადასხვანიარად წარდგებიან. ნიკო ინასარიძე და გიორგი მაისურაძე მეცნიერები არიან. გიორგი გერმანიაშია და იქიდან გვეხმიანება - უახლეს ისტორიას და ქართულ კულტურას იკვლევს. ნიკო ახლა ესპანეთშია და რას აკეთებს, ეს ძალიან ცოტა განდობილმა თუ იცის, ასეთი ელიტარული საქმე აქვს - აბსტრაქტული მათემატიკა. ანა არგანაშვილი კი პირველი ქალია, ვის შესახებაც მომიწია თქვენთვის მომეთხრო. ისე მოხდა, ჩემი რესპონდენტები აქამდე, სულ მამაკაცები იყვნენ. სტატიას რომ წაიკითხავთ, ანას პროფესიაზე მაშინ გაიგებთ. აქ კი იმას გეტყვით, რომ იშვიათად შემხვედრია ასეთი ხალასი და ენერგიული ადამიანი, ვისაც არ ეშინია იყოს პირველი და შეცდომები დაუშვას. სჯერა, მის შეცდომებზე სხვები უკეთ ისწავლიან.

და, მაინც, მგონია, რომ ყველაფერი საკუთარი ოთახიდან იწყება...

0x01 graphic

სალომე კიკალეიშვილი

ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ცისფერი ვიყავი და არა ვარდისფერი. არა, Barby Girl არაფერ შუაშია, კანის კინოფესტივალზე ვლაპარაკობ, სადაც ყოველდღიური გამოცემის ჟურნალისტები კისერზე ვარდისფერ აკრედიტაცაჩამოკიდებულები დადიოდნენ, და, რა თქმა უნდა, ყველგან პირველები შედიოდნენ, ხოლო ჩვენ, ცისფრები - ისაა, ადგილები დარჩა, შემოუშვი ეგენიც... ამიტომ, კანში ყოფნისას ერთადერთი ოცნება მქონდა - ვარდისფერი ვყოფილიყავი და „ეგენში“ რამენაირად მოვხვედრილიყავი ხოლმე. კინოდარბაზთან წამოჭიმულ უშველებელ რიგში, ჯერ იყო და, ლამის ერთი საათით ადრე ვდგებოდი, მერე „მაგ ეგენში“ თუ მოვხვდებოდი, დარბაზში შევდიოდი და, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, 15-20 წუთში, ჰა, ჰა, ნახევარ საათში ვტოვებდი დარბაზს. რა ვქნა, ვერ მოგატყუებთ, წელს კანს აშკარად ძალიან სუსტი საკონკურსო პროგრამა ჰქონდა. საქმეს ხომ ვერც ვენდერსმა უშველა, რომლის ფილმში მარტო ფორთიშელის მუსიკა ვარგოდა, ვერც ფილიპ გარელმა გაგვახარა და არნო დეპლეშინის ფილმიდან 30 წუთში გამოსული, მარტო იმაზე ვფიქრობდი, ძალიან ეტკინა თუ არა სახე იმ კაცს, ფილმში, ასფალტს მთელი სიძლიერით რომ დაასკდა... თუმცა, ჯობს მეტი აღარ გავაგრძელო და კანის კინოფესტივალთან დაკავშირებით ჩემი აღშფოთებები თუ აღფრთოვანებები, კინოს აგვისტო-სექტემბრის ნომერში გაგიზიაროთ. რადგან, რამდენიც არ უნდა აფრიალოთ და ბერტყოთ უენდელ სთივენსონის ყდიანი „ცხელი შოკოლადის“ ეს ნომერი, შიგნიდან მაინც არ გადმოვარდება „კინო“. რატომ?

იმიტომ, რომ ჟურნალი „კინო“ სოლიდარობას უცხადებს ეროვნულ, ქართულ კინემატოგრაფს და უარს ამბობს, საკუთარი ფურცლები მხოლოდ უცხოური ამბებით გაავსოს. არ გჯერათ? უნდა დამიჯეროთ, იმას ხომ არ გიმტკიცებთ, ჩემი სვეტის ეს ფოტო კანში, გაგანია ფესტივალის დროს არის-მეთქი გადაღებული...

რაა? ჰო, ბანგლადეშია, ბანგლადეში, ერთ-ერთი ტბიანი სოფელი.

0x01 graphic

დათო ტურაშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისში ჩამობრძანებული ხოსე კარერასის კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე იმავე ლოჟის კარი, სადაც ლაშა ბუღაძე იჯდა, ლევან თარხნიშვილმა შეაღო. ქალაქში, სადაც ნებისმიერ კონცერტზე ერთი და იგივე ხალხის დადის, რა გასაკვირია, რომ ესენიც ერთსა და იმავე ლოჟაში აღმოჩენილიყვნენ და ლაშა ბუღაძემ ცესკოს თავმჯდომარის დანახვისას ხმამაღლა, დემონსტრაციულად წარმოთქვა საბრალდებო ფრაზა:

- მთავარი გამყალბებელიც მოსულა! თაღლითმა ლევან თარხნიშვილმა არათუ არ უარყო მის მიმართ წაყენებული უსაშინლესი ბრალდება, არამედ სრულიად მოულოდნელი პასუხი გასცა გაღიმებულ ბუღაძეს:

- არჩევნები რომ არ გამეყალბებინა, ახლა კარერასის კი არა, უცნობის კონცერტზე იჯდებოდიო...

ლაშამ ეს ამბავი ახლახან (რამდენიმე თვის დაგვიანებით) მიამბო და მაშინვე ცხონებული ნოდარ დუმბაძე გამახსენდა, რომელიც ერთ უჩვეულო ამბავს, თურმე ძალიან ხშირად ყვებოდა ხოლმე.

სადღაც უკაცრიელისკენ მიმავალმა გეოლოგების ექსპედიციამ ტვირთის გადასაზიდად თურმე ვირი შეიძინა და როცა ტვირთი დააბინავეს და ვირი აღარ დასჭირდათ, რა ვქნათო, - შეწუხებულები დაფიქრდნენ. მაგრამ თურმე დიდხანს არ უფიქრიათ და ის ვირი იმ საღამოსვე დაკლეს იმ მიზეზით - ვირი რომ გავუშვათ, ამ ღამესვე ამ საცოდავს მგელი შეჭამსო.

უაღრესად ჰუმანურმა გეოლოგებმა მგლების შესაჭმელად საწყალი ვირი ვერაფრით გაიმეტეს და თვითონვე მოკლეს. სინამდვილეში მოკლეს და არა დაკლეს, როგორც ვამბობთ ხოლმე, რადგან რეალობა, თუკი ის მართლა არსებობს, გაცილებით სასტიკია, ვიდრე ჩვენ გვგონია...

0x01 graphic

კახა თოლორდავა

„არ მჯერა, რომ ჩემგან ინტერვიუს იღებ, მე კი, აი, ასე ვზივარ და ყველაფერ ამას ვიფერებ!“ - უენდელ სთივენსონი ამ სიტყვებს მთელი ჩვენი საუბრის დროს მანტრასავით იმეორებდა. მე მისი მესმის. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხნის კარგი მეგობრები ვართ. ერთმანეთი ჯერ კიდევ იმ დროს გავიცანით, როდესაც თბილისში არც შუქი იყო და არც ხავერდოვანი განწყობა. ჩემმა მეგობარმა მთხოვა, ერთი ინგლისელი გოგო გამომიგზავნეს სტუმრად და იქნებ, დაელაპარაკოო. შევხვდით და დავილაპარაკეთ. მას შემდეგ ისე დავახლოვდით, რომ მისი პირველი წიგნის „ისტორიები, რომელიც მოვიპარე“ ერთ-ერთი პერსონაჟიც კი გავხდი. უენდი ამ წიგნს სწორედ იმ „ბნელ“ პერიოდში წერდა, როდესაც თბილისში ცხოვრობდა. სანთლები თუ უთავდებოდა და გარეთ გასვლა ეზარებოდა, პატარა ფარანი ეჭირა ხოლმე კბილებით და ისე აგრძელებდა წერას. ისე, ვისაც მისი აქაური თავგადასავლების შესახებ მეტის გაგება სურს: ა) თუ ინგლისური იცის, წავიდეს „პროსპეროს“ წიგნის მაღაზიაში და იყიდოს მისი Stories I Stole ან ბ) თუ „უენოა“, ჩაუსაფრდეს ვინმე ქართველ გამომცემელს და ძალით აიძულოს ამ წიგნის თარგმნა/გამოცემა ქართულ ენაზე, თუნდაც იმიტომ, რომ ერთადერთი უფლება, რაც უენდიმ თავისთვის დაიტოვა პირველი, „ქართული“ წიგნის შემდეგ ისაა, რომ მისი აქ გამოცემის ყველა შესაძლებელი უფლება მის ხელთაა. ტექსტის ხარისხზე შესავალ სვეტში საუბარი, უბრალოდ, არაა საჭირო. იგივე გააკეთა მან თავის მეორე, „ერაყულ“ წიგნთან დაკავშირებით, რომელზეც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მუშაობდა და რომელიც დამთავრებისთანავე, ბევრი ვაჭრობის გარეშე, მისმა ინგლისელმა და ამერიკელმა გამომცემლებმა შეიძინეს. თუ ამ ინკარნაციაში თქვენი ძირითადი საქმიანობა ლიტერატურაა, ნუ შემეკითხებით, რამდენს უხდიან. მინიმუმ ორკვირიანი დეპრესია გარანტირებული გაქვთ! მოკლედ, უენდიმ ახალი წიგნი დაწერა, გაყიდა და პირველი, რაც აღებული ავანსით მოიმოქმედა, ისაა, რომ ერთი ბილეთი თბილისის მიმართულებით იყიდა და სამწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაბრუნდა ქალაქში, რომელიც უყვარს. აქ კი მე დავხვდი და არცთუ ისე დიდი ხნის შებმის შემდეგ ვაიძულე, ჩვენი ჟურნალისთვის ჯერ ინტერვიუ მოეცა, მერე კი - ახალი წიგნიდან ერთ-ერთი თავის თარგმნის და მისი ქართულად გამოქვეყნების უფლება. „მომკლავენ, რომ გამიგონ!“ - იცინოდა ჩვენი საუბრის დროს. ვერაფერსაც ვერ უზამენ, რადგანაც ამ შემთხვევაშიც, წიგნის საქართველოში გამოცემის ყველა უფლება ისევ თავისთვის დაიტოვა. როდესაც უენდი თბილისიდან წავიდა, დავჯექი და მხოლოდ ამის შემდეგ წავიკითხე მთლიანად ეს წიგნი. მერე ჩემს თექვსმეტი წლის შვილს დავურეკე მოსკოვში და ვუთხარი, კარგი იქნება, თბილისში რომ ჩამოხვალ, თუ ჩემთან ერთად დაჯდები და ამ წიგნს წაიკითხავ-მეთქი. მერე კი, დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი, რომელ გამომცემელს დავსხმოდი თავს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, გვარს არ გეტყვით. დაინტერესებულებს, გთხოვთ, დამიკავშირდეთ. უენდის ახალი წიგნის ერთადერთი ასლი საქართველოში ჩემთან ინახება.

3 კულტ-მიმოხილვა

▲back to top


მრავალპროფილიანი არტ-გალერეა თქვენთვის!

0x01 graphic

თუკი უჩვეულო აქსესუარებს, ავეჯს, ან თუნდაც სივრცის გასაფორმებლად დეკორატიულ ნივთებს ეძებთ, იცოდეთ, რომ თბილისში არის უკვე ასეთი ადგილი, სადაც დასავლურ-აღმოსავლური კულტურის გავლენით შექმნილ ორიგინალურ ნივთებს გადააწყდებით. ლესელიძის 6 ნომერში, დიუმას ქუჩის კუთხეში მდებარე „დიზაინ გალერიმ“ ახალსახლობა უკვე იზეიმა და მოდით, ერთ-ორ სიტყვას ამ ახლადგახსნილ გალერეაზე გეტყვით. ადრე, „ნომა სტუდიად“ ცნობილმა სახელოსნომ (ნინო ლიპარტელიანისა და მაკა ტაბატაძის ხელმძღვანელობით), გაფართოების მიზნით, გუგა კოტეტიშვილთან ერთად „არტ-დიზაინ გალერეა“ დააფუძნა. განახლებული შემადგენლობით და შეცვლილი პროფილით სამუშაო სტარტი ენერგიულად აიღეს და მუდმივმოქმედი, მრავალპროფილიანი გალერეა დააარსეს. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, გეტყვით, რომ ამიერიდან, გალერეის დიზაინერები ორიგინალური ხელოვნების ნიმუშებს ინტენსიურად წარმოგვიდგენენ.

ბალიშები, სუფრები, საწოლის გადასაფარებლები, დეკორატიული ნატურმორტები, გუგა კოტეტიშვილის ტრადიციულად რკინის ფაქტურის ავეჯი, ჩანთები, ორიგინალური ქისები... მოკლედ, აქ ყველაფერია სახლისათვის და, რაც მთავარია - ხელით ნაკეთები. გამოფენილი ნამუშევრების გარდა „დიზაინ გალერი“ შეკვეთებსაც მიიღებს და სულ მცირე ხანში სამკაულებსაც შემოგვთავაზებს. რაც შეეხება სამოსს, აქ დღესდღეობით მხოლოდ სადღესასწაულო და საქორწინო კაბებს ქმნიან. გალერეის მიზანიც ხომ მრავალფეროვნება გახლავთ: ცოტა მხატვრობა, ცოტა დიზაინი, ცოტაც ეგზოტიკა, ცოტაც სიჭრელე, ცოტა კიდევ რაღაც... ოღონდ კარგი.

სხეულის დრამატული ისტორია

0x01 graphic

მხატვართა წრეში მას ფერმწერად უფრო იცნობენ. ზოგმა არც ის იცის, რომ მხატვარი ვახო ბუღაძე განათლებით მოქანდაკეა. ფიგურისადმი მის დაინტერესებასაც სწორედ ამ პროფესიით ხსნის. მხატვრის ბოლოდროინდელი გრაფიკული სერია იმდენად პლასტიკურია, რომ მის მიერ შექმნილი ფიგურების საბედისწერო ისტორიებსაც კი ამოიცნობ. ნამუშევრები გერმანელ ექსპრესიონისტებსაც მოგვაგონებს, მაგრამ, ამავე დროს, ავტორის ინდივიდუალურობასაც უსვამს ხაზს. მხატვრის სხეულის ვარიაციები, ხელოვნების ამ თითქოსდა გაცვეთილ თემაზე, მაინც სიახლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ის, რომ ვახო ბუღაძე „არასალონურ“ მხატვართა წრეს მიეკუთვნება, პროფესიონალი დამთვალიერებლისთვის უცხო არაა. ის საგანგებოდ არ მუშაობს ნამუშევრის ზედაპირის ხარისხზე. ოდნავ შელახული ქაღალდი და, თითქოსდა, ერთგვარი „დაუდევრობა“ მის ნახატებს განსაკუთრებულ ხიბლსაც კი სძენს. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ მისი შემოქმედება შესაძლოა, პროფესიონალებისთვის უფრო მისაღები იყოს, ვიდრე მოყვარულებისთვის.

კარგა ხანია თბილისში გამოფენა არ ჰქონია. საექსპოზიციო სივრცე ვახო ბუღაძის გრაფიკას გალერეა „ბაიამ“ დაუთმო. პერსონალურ გამოფენას „სხეული“ ჰქვია, მხატვარი თავის ნამუშევრებში ცდილობს კონკრეტული სხეულების ფსიქოლოგიური განცდები გვიჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ ქალის შიშველი ფიგურებიდან ზოგს არც თავი უჩანს, ზოგს კი სახე აქვს დაფარული, მაინც სახასიათო სურათი იქმნება. სჭარბობს „სათნოების სახლის“ თემა - „ეს დაწესებულება ჩემი სახლის პირდაპირ არის და იმიტომაცო“. იქვე „ჰაჯი მურატის“ მოკვეთილი თავი ან თუნდაც მოწყენილი ანგელოზი, ნათლად მიგანიშნებთ, რომ ავტორი ყველაზე მეტად დრამატულ და მძიმე თემებს ეხება. მძაფრად ნაჩვენები სხეულის ისტორია ვახო ბუღაძემ ძველ მეგობრებსა და პედაგოგებს მიუძღვნა.

ავტორი: მაია ცეცაძე, ფოტო: ქეთო ცაავა

ელენე ახვლედიანის ახალი კატალოგი

0x01 graphic

ელენე ახვლედიანის უამრავი ტილო კერძო კოლექციებში ინახება. ამ ნაუშევრების სისტემატიზაცია, აღნუსხვა და გამოცემა „გალერეა ბაიამ“ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ისტორიის ეროვნული კვლევის ცენტრის მონაწილეობით გადაწყვიტა და ელენე ახვლედიანის ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. კატალოგში მხატვრის კერძო კოლექციებში დაცული, აქამდე უცნობი ან ძალიან ვიწრო წრისათვის ცნობილი ნამუშევრები შევა. გალერეის პროექტი არა მხოლოდ ალბომის გამოცემას, არამედ, გამოფენებსაც ითვალისწინებს. პირველი გამოფენა „ბაია გალერეაში“ 17 ივნისს გაიხსნა. გალერეაში მხატვრის ორმოცდაათი ტილო გამოფინეს, აქედან დაახლოებით თხუთმეტამდე სრულიად უცნობი ნამუშევარი. თუ ასე გაგრძელდა, პროექტის ორგანიზატორებს მზადების ექვსთვიან პერიოდში საკმაოდ დიდი მასალა დაუგროვდებათ.

„ნარიყალა“, „ალაზნის ველი“, „სოფელი ღამით“, „დრანდა“, კოსტიუმების ესკიზები... ნახატების ჟანრი ტრადიციულია, ელენე ახვლედიანის ხელწერასაც იოლად იცნობთ, თუმცა, გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები ნამდვილად დაგარწმუნებთ, რომ ახალი კატალოგი ელენე ახვლედიანის შემოქმედებას გაცილებით სრულად წარუდგენს ფართო საზოგადოებას...

0x01 graphic

პ.ს. თუ ელენე ახვლედიანის ნახატები თქვენს კოლექციაშიც ინახება და გსურთ, რომ ის ახალ კატალოგში განთავსდეს ან შედგომში გამოიფინოს, მაშინ ნუ დააყოვნებთ და „ბაია გალერეას“ მიმართეთ!

ავტორი: მაია ცეცაძე

როგორც 30 წლის წინათ - წმინდა გიორგის დახურული ჩვენება პანტომიმის თეატრში

0x01 graphic

ადრე, 30 წლის წინათ, ჩვეულებრივ, ასე ხდებოდა - სპექტაკლი, სანამ პრემიერა გაიმართებოდა, ჯერ ცეკას ჩინოვნიკებს უნდა ენახათ, უფროსი ძმის მახვილ თვალს რამე რომ არ გამოპარვოდა - ან ანტისაბჭოთა ფრაზა, ან ქალის შიშველი მუხლი, ან... მოკლედ, სიფრთხილე იყო საჭირო. მაგრამ ხშირად, ქართველი უფროსი ძმა ორივეს თუ არა, ცალ თვალს მაინც ხუჭავდა ხოლმე, და მაშინ, თეატრალები და მათთან ერთად ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილი გამარჯვებას ზეიმობდა და არტისტებს ცრემლმორეული უკრავდა ტაშს. ჯერ არ ვიცით, იზეიმებენ თუ არა გამარჯვებას პანტომიმის თეატრში, თუმცა, ცოტა ხნის წინ, „წმინდა გიორგის“ დახურულ ჩვენებაზე რომ მივდიოდი, ასე მეგონა, დრო 30 წლით უკან გადავარდა. ასე იყო თუ ისე, ერთმა კარგმა ადამიანმა დამპატიჟა და 2008 წლის 30 მაისს აკრძლული სპექტაკლის, „წმინდა გიორგის“ დახურულ ჩვენებაზე მოვხვდი.

როცა საპატრიარქოში გაიგეს, რომ ამირან შალიკაშვილი „წმინდა გიორგის“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგამდა, სასწრაფოდ გაავრცელეს განცხადება - „რამდენადაც სჯულის კანონი და საეკლესიო ტრადიცია სრულიად მიუღებლად მიიჩნევს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმას, საპატრიარქომ თხოვნით მიმართა ბატონ ამირან შალიკაშვილს თავი შეეკავებინა ამგვარი ქმედებისაგან. ვიმედოვნებთ, რომ სპექტაკლის ავტორიცა და თეატრის დასიც ანგარიშს გაუწევს საპარტიარქოს პოზიციას.“

მარჯანიშვილის თეატრში ბევრი ნამდვილად არ უფიქრიათ, ეგრევე გადაწყვიტეს, მართალია უფროსი ძმაო და შალიკაშვილის დასს საკუთარი სცენა აღარ დაუთმეს. კულუარებში კი ალაპარაკდნენ - ო, ეს მკრეხელები, აბა, ვინ გაიგო წმინდანების კოლგოტკებში თამაში, პანტომიმა ნამდვილად არაფერად ვარგა ამგვარი თემებისთვისო. ამირან შალიკაშვილმა, მობრძანდით, ბატონო, ნახეთ სპექტაკლი, არავის ვაყენებთ შეურცხყოფას, არც იმ მსახიობებისთვის ჩაგვიცმევია კოლგოტკები, ვინც წმინდანების როლებს თამაშობენო და საპატრიარქოს წარმომადგენლები სპექტაკლის სანახავად დახურულ ჩვენებაზე დაპატიჟა, სადაც ისინი არ მოსულან. ამ საკითხს პრესაც გამოეხმაურა. ამირან შალიკაშვილმა, რადიოეთერში ნინია კაკაბაძესთან ინტერვიუს დროს ბრძანა - „მე არ მესმის საპატრიარქოსი, მოხდა თავდასხმა თეატრზე, მგონია, რომ საპატრიარქო პოზიციას შეიცვლის. ახლა მთავარი პატრიარქის გადაწყვეტილებაა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ის გადაწყვეტს... მე არავის ვეწინააღმდეგები, თუმცა, ველოდები ჩვენი პატრიარქის კეთილ ნებას“. ამ სიტყვებში დიდი რიდი და კრძალვა იგრძნობა სარწმუნოების, ეკლესიისა და საქართველოს პატრიარქის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილმა არტისტმა იცის, რომ საპატრიარქოს უფლება არა აქვს საერო ცხოვრებაში, მით უმეტეს, თეატრების რეპერტუარში ჩაერიოს, ის მაინც ფრთხილობს. აბა, რა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა! მით უმეტეს, ჩვენში, სადაც კედლებსაც კი ყურები აქვთ გამობმული!

თუმცა, მაინც ასე მგონია, ამ სპექტაკლის თემატიკით, ამირან შალიკაშვილმა სწორედ მართლმადიდებლობით და რელიგიურობით ქართული საზოგადოების საყოველთაო გატაცებას მოუხადა ხარკი. პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, სწორედ ამ ენით მოეთხრო წმინდა ნინოს, წმინდა გიორგისა და სასტიკი იმპერატორის, დიოკლეტიანეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავი და დღეს აღიარებულ და მიღებულ ქართულ დისკურსში ასე ჩაწერილიყო. სიმართლე რომ ვთქვა, თემატიკამ მეც არ მომხიბლა. უფრო სწორად, თეატრის სცენაზე პირჯვრის წერის ხშირმა სცენებმა, ცოტა არ იყოს, გამაღიზიანა (სახალხოდ რომ იწერენ პირჯვარს, სულ მეჩვენება, რომ ყველაზე საკრალური და ინტიმური, ის, რაც უცხო თვალისგან დაფარული უნდა იყოს, გარეთ გამოაქვთ). წარმოდგენა მთლიანად დასავლურ ტრადიციას და კლასიკურ მუსიკას ეყრდნობა და ნეიტრალური სიუჟეტიც რომ მოერგოთ ამ სპექტაკლისათვის, მგონი, არც არაფერი დაშავდებოდა. გასაგებია, პანტომიმის ენა ჟესტების და მოძრაობების ენაა და მაყურებელმა რომ გაიგოს, ძველი ბერძნული მითების გმირებზეა სპექტაკლი თუ მართლმადიდებელ წმინდანებზე, ამისთვის მსახიობებს სხვა რა დარჩენიათ, ისევ პირჯვარი უნდა გადაიწერონ. თუმცა, ეს ბევრსაც ვერაფერს აკლებს სპექტაკლს - საკმაოდ ცოცხალი, დინამიური და მოულოდნელი სანახაობა თამაშდება სცენაზე და თუ აკრძალვას გადაურჩა, მაყურებელი ნამდვილად ისიამოვნებს. რეჟისორს და ახალგაზრდა მსახიობებს ნამდვილად კარგად უმუშავიათ და ძალიან საწყენი იქნება, თუკი სპექტაკლი დღის სინათლეს ვერ იხილავს. გულდასაწყვეტი კიდევ ერთი რამ იყო - პანტომიმის თეატრის შენობა რუსთაველის გამზირზე სრულიად გაპარტახებულია, გაურემონტებელი, მოუვლელი. ასეთ სცენაზე თამაში წარმოუდგენელია. დასი დღეს შენობის გარეშეა დარჩენილი. პანტომიმის თეატრი სულ რამდენიმეა მსოფლიოში და მგონია, ამ პატარა თეატრის გარემონტება ძალიან რთული არ უნდა იყოს.

დღეს ეკლესია, ქართული კონსტიტუციის მიხედვით, გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ეკლესიას შეუძლია მორწმუნე ადამიანებს, მრევლს უთხრას - ეს მკრეხელური სპექტაკლია და ნუ წახვალთ, ნუ ნახავთო; ისინიც არ წავლენ, ან წავლენ კიდეც - ესეც მათი უფლებაა. მაგრამ როცა საპატრიარქო პირდაპირ ამბობს, რომ დასმა თავი უნდა შეიკავოს სპექტაკლის თამაშისგან, რადგან ამას სჯულის კანონი კრძალავს, - ამის გაგება, ცოტა არ იყოს, მიჭირს. ყველაზე უცნაური მაინც მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელობის საქციელია, როცა ის საპატრიარქოს წერილის შემდეგ ამირან შალიკაშვილის დასს სცენას აღარ უთმობს. მარჯანიშვილის თეატრში, როგორც ჩანს, არ დაფიქრდნენ იმაზე, რომ თავისუფლება ძალიან ფაქიზი და მოსაფრთხილებელი რამაა. თუკი ჩვენ დღეს დავუშვებთ, რომ ამირან შალიკაშვილისა და მისი დასის თავისუფლება შეიზღუდოს და პანტომიმის თეატრის დასაცავად ხმას არ ამოვიღებთ, ხვალ ჩვენსავე თავისუფლებას დაემუქრება საფრთხე. ხვალ შეიძლება მარჯანიშვილის თეატრს მოაკითხონ და სჯულის კანონის მიხედვით დაუწყონ სწორება და შეკრეჭ-შემოკრეჭა სპექტაკლებს, მერე შეიძლება ისიც კი თქვან, მსახიობობა ცოდვააო (ასე წერია დიდ სჯულის კანონში). მაშინ რაღას ვიზამთ? დაბოლოს - დახურულ ჩვენებას დახურული მსჯელობა მოჰყვა, სადაც ყველაზე ხშირად გაისმოდა, პატრიარქმა ეს არ იცის, რომ იცოდეს ამას არ დაუშვებდა, ისევ პატრიარქის იმედი გვაქვს... ამ ფრაზებმა, რატომღაც, ოცდაათი კი არა, სამოცი წლის წინანდელი ამბები მომაგონა.

ავტორი: ნინო ბექიშვილი

ტაიმ-აუტი

TOM TAILOR - უკვე ქართველი მომხმარებლისთვის

0x01 graphic

იყო პერიოდი, როდესაც ჩაცმის მოყვარულები, ცნობილი ბრენდის სამოსს სამივლინებო ვოიაჟებისას ხელს გამოაყოლებდნენ, ან რომელიმე უცხო ქვეყანას საგანგებოდ „შოპინგისთვის“ სტუმრობდნენ ხოლმე. თუმცა, ბოლო დროს ჩვენს დედაქალაქში მომრავლებულ მაღაზიათა ქსელს თუ გადავხედავთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ მაღაზიების რაოდენობასთან ერთად, ცნობილი ბრენდების წარმომადგენლობებიც მომრავლდნენ. ვინც „ტომ ტეილორის“ პროდუქციას კარგად იცნობთ, ან თუნდაც, ჯერ კიდევ არ იცნობთ, მაშინ იცოდეთ, რომ ამ ბრენდის ნაწარმის შეძენას უკვე თბილისშიც შეძლებთ. პეკინის 5 ნომერში, 12 ივნისს ოფიციალურად „ტომ ტეილორის“ მაღაზია გაიხსნა.

1962 წელს დაარსებული გერმანული ბრენდის ძირითადი წარმომადგენლობა ჰამბურგში იმყოფება. ინფორმაციისთვის: „ტომ ტეილორის“ პროდუქცია 40 ქვეყანაში, 6 ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება. ამ ქვენების რიცხვს კი უკვე საქართველოც შეუერთდა. ბრენდს სულ რამდენიმე ხაზი აქვს: ქალის, მამაკაცის, ბავშვის, „კიდსი“. „ტომ ტეილორის“ პირველი მაღაზია თბილისში საწყის ეტაპზე გთავაზობთ ქალისა და მამაკაცის ხაზს, რომელთა მიმართულებაც ორგვარია: „დენიმი“ (რომელიც ხალასი ფერებით შექმნილ, ძირითადად თინეიჯერულ სტილს მოიცავს) და „ქეჟუალი“ (ასევე თავისუფალი სტილის სამოსი, ოღონდ, ოდნავ „დამჯდარი“ ფერებით). კოლექციას თვეში ერთხელ განაახლებენ. სამომავლოდ კი მაღაზიის მესვეურები ქსელის გაფართოებასაც გეგმავენ და გვპირდებიან, რომ ქალისა და მამაკაცის ხაზს, მალე ბავშვის ხაზი, აქსესუარები და პარფიუმერიაც შემოემატება.

საქართველოს ბანკის საჩუქარი ბელორუსებს

0x01 graphic

2008 წლის მაისში, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებმა ბელორუსის საზღვარი პირველად გადაკვეთა. ამ ინიციატივის შედეგად კი ბელორუსის რესპუბლიკის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში ფიროსმანის ნახატებმა სამი თვით დაიდო ბინა. თუმცა, ყველაფერი მაისამდე გაცილებით ადრე დაიწყო. ანუ მაშინ, როდესაც „საქართველოს ბანკმა“ გაფართოების მიზნით ბელორუსში საშუალო სიდიდის ბანკი შეიძინა. „საქრთველოს ბანკსვე“ ეკუთვნის ინიციატივა, რომ მინსკში ქართველი მხატვრის შემოქმედება წარმოეჩინა. საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმში დიდი მხატვრის 24 ფერწერული ტილო შეარჩიეს და ბელორუს დამთვალიერებლებს ფიროსმანის ნახატები „ცოცხლად“ წარუდგინეს. ბელორუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, მინსკში „საქართველოს ბანკის“ მიერ „ბელორუსის სახალხო ბანკის“ 70 %25-ის შეძენისადმი მიძღვნილი ღონისძიება 28 მაისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ნიკო ფიროსმანის პირველ გამოფენაზე მნახველები ერთხმად აღიარებდნენ, რომ ფიროსმანის ნახატების ხილვას დიდი ხანი ნატრულობდნენ.

საგანგებოდ ამ გამოფენისთვისვე შეიქმნა ექსპონირებულ ნამუშევართა აღმნუსხველი კატალოგი, რომელიც მუზეუმში შემოსულ დამთვალიერებელს ქართველი მხატვრის შემოქმედების შესახებ საერთო წარმოდგენას შეუქმნის.

ავტორი: მაია ცეცაძე

4 გენდალფი პრეზიდენტად!

▲back to top


შემოსული წერილები

0x01 graphic

გამოხმაურებაცხელი შოკოლადის“ 38- ნომერში დაბეჭდილ ნინო დანელიას კომენტარზესაქართველო ნეონაციზმის საფრთხის წინაშე დადგა

წერილი იბეჭდება რედაქტირების გარეშე

ერთიანობის პრობლემა ჰეტეროგენულ საზოგადოებაში

ლეგენდარულ 60-იანებში, მაშინ, როდესაც ჯონ ტოლკიენის „ბეჭდების მბრძანებელი“ სულ რაღაც 10 წლის გამოცემული იყო და მეამბოხე სტუდენტები ერთმანეთის მიყოლებით იკავებდნენ ამერიკის საუნივერსიტეტო ქალაქებს, პროტესტის მარშებზე პირველად გაჩნდა ლოზუნგი „გენდალფი პრეზიდენტად!“. თეთრწვერა, ყალიონიანი, კეთილი ჯადოქარი წიგნის ფურცლებიდან უნდა მატერიალიზებულიყო სახელმწიფოს მეთაურად. იმ მომენტში რომანის მითოპოეტური სამყარო თითქოს შეერია დასავლური სამყაროს ყოველდღიურობას და დაიწყო პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასი „ტოლკიენის სამყაროს“ მშენებლობა.

ცნობილია, რომ ჰეტეროგენული საზოგადოებები გამოირჩევიან „შიდა გამყოფი ხაზების“, ანუ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სეგმენტების არსებობით. მაგრამ, ნებისმიერ არაერთგვაროვან საზოგადოებას, თუნდაც ისეთს, რომელშიც უაღრესად მკვეთრადაა გამოხატული სოციალური, კონფესიური, ეთნიკური თუ კულტურული „გამყოფი ხაზები“, თუნდაც ჩვენ საზოგადოებას, სადაც ძალიან დიდია შემადგენელ სეგმენტებს შორის დაძაბულობის პოტენციალი, აქვს შეთანხმებული მოქმედების უნარი. ამას ხელს უწყობს ისეთი ნიშნების არსებობა, როგორიცაა კომპრომისი, ურთიერთქმედება, თანხმობა და ინტეგრაცია. მიუტევებელი და შეუწყნარებელი კატეგორიები ბუნებაში არ არსებობს. ყოველთვის შეიძლება გამოინახოს ისეთი ფასეულობა, რომლის ირგვლივაც ყველა მხარე შეთანხმდება. ამიტომაც, როგორც წესი, ერთიანობის მოდელის ფორმირება უკავშირდება ხოლმე იდენტობის საკითხებს. საზოგადოების პოტენციურად მაიდენტიფიცირებელი თვისებები შეიძლება იყოს: საერთო ისტორიული გამოცდილება, ენა, კულტურა და რელიგიური ტრადიციები, ზნეობრივი პოსტულატები და ა.შ. თუმცა, როგორც „პრაქტიკამ“ აჩვენა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივი მორალი, მისი „ზნეობრივი კოდი“ საკმაოდ რთულად ექვემდებარება დეფინიციას. ერთი შეხედვით, ტოლკიენის იდეალები ყველა სეგმენტისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ არიზონის შტატის ადმინისტრაცია გამოვიდა წინადადებით, სასკოლო პროგრამიდან ამოეღოთ „ბეჭდების მბრძანებელი“, რადგან მასში დეკლარირებული „ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიის მორალური უპირატესობა, რასობრივი და გენდერული ერთიანობის პრობლემა ჰეტეროგენულ საზოგადოებაში გენდალფი პრეზიდენტად! გამოხმაურება „ცხელი შოკოლადის“ 38-ე ნომერში დაბეჭდილ ნინო დანელიას კომენტარზე „საქართველო ნეონაციზმის საფრთხის წინაშე დადგა“ წერილი იბეჭდება რედაქტირების გარეშე შემოსული წერილები 30 ცხელი შოკოლადი დისბალანსი“ (დადებითი გმირები ძირითადად თეთრი რასისა და მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან) დისკრიმინაციული ხასიათის აღმოჩნდა, რაც არიზონელ ბავშვებში განავითარებდა შეუწყნარებლობასა და ფანატიზმს. ასე გადაუღობა გზა თეთრი სახლისაკენ მიმავალ გენდალფს პოლიტკორექტულობის მეშვეობით მზაკვარმა სარუმანმა. პოლიტკორექტულობა იმისთვისაა მოგონილი, რომ გააფერმკრთალოს საზოგადოების შინაგანი საზღვრები და შეასუსტოს დეზინტეგრაციული პროცესები, მაგრამ ამ მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია საწინააღმდეგო „მიმართულებითაც“ - საზღვრების გამკვეთრებისა და გაღრმავების მიზნით. ეს უკვე შავი მაგიის სფეროა და მისი უბადლო ოსტატია ისტარის ორდენის ყველაზე მზაკვარი ჯადოქარი სარუმანი.

რამდენადაც რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა არის კარგი და „მორალური“, იმდენად ყოველთვის უადვილდება ხოლმე საზოგადოებას ცუდ, არაკორექტულ საქციელთა ნუსხის შედგენა. მაგალითად, ცუდია, როდესაც ამბობ: სად ყავთ ზულუსებს ტოლსტოი, ან პაპუასებს - პრუსტიო. ასეთი გამონათქვამის ავტორს სარუმანი კუდით ქვას ასროლინებს, თუნდაც ის იყოს შესანიშნავი ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სოლ ბელოუ. ცუდია, თუ ამბობ, რომ ახალი ევროპის შექმნის პროცესში შეუძლებელია არ მოხდეს გათვალისწინება ქრისტიანული ტრადიციისა, რომელიც იყო და დღესაც აუცილებელია ევროპის მომავლისთვისო. ამისათვის ოროდრუინის ცეცხლი არ აგცდება, თუნდაც ევროკომისიის თავმჯდომარე რომანო პროდი იყო.

ყველაფერი შეთანხმებაზეა. თუ საზოგადოება შეთანხმდა, რომ შადრევნები, ოქროცურვილი ქანდაკებები, პატრინოტის მელოდიები და მთელი ეს სოცრეალისტური ლანდშაფტი „კარგია“, ხოლო შენ მაინც ვერ ეწერები ამ საბჭოურ სულიერ-ფსიქოლოგიურ კონტექსტში და მის ავტორებს შეახსენებ, რომ „ეს საქართველოა“, მაშინ სარუმანი თავისი „სახალხო ბრალმდებლის“ სხეულში ჩასახლდება და „რუსეთისმოყვარულ ფსევდოპატრიოტად“ გამოგაცხადებს. თუ ტაძრის წინ ჩავლისას პირჯვარს გადაიწერ - რელიგიურ ექსტრემისტად შეგრაცხავს. მერე ბოლნისის სიონის ფასადზე გამოსახული ჯვრის მოხაზულობაში შეფარულ ნაცისტურ სიმბოლიკას შეამჩნევს და ლიბერალური სიფხიზლის გამახვილებისაკენ მოუწოდებს მშრომელებს. ჩვენ ხომ ვერ ვიტანთ ცვლილებებს. სარუმანიც არ იცვლება, მისი მეთოდები ზუსტად ისეთია, თავის დროზე სიმონ ყაუხჩიშვილს, გიორგი წერეთელს და შალვა ნუცუბიძეს გაზეთ „კომუნისტის“ ფურცლებიდან ფაშისტურ შეთქმულებაში რომ ადანაშაულებდა ან საბჭოთა ხალხის ყველაზე ვერაგ მტერს, „ცერკოვშჩინას“ რომ უცხადებდა დაუნდობელ ბრძოლას. „ქრისტიან-დემოკრატებმა ქართულ საზოგადოებას მუხანათური ანკესი გადაუგდეს“, „საქართველო მონური და პატრონ-ყმული ფსიქოლოგიით ვეღარ იცხოვრებს“, „არა, არ გვინდა ასეთი საქართველო“ - აბრიალებს თვალებს სარუმანის პარტკომი ნინო დანელია. „ცხელი შოკოლადის“ მაისის ნომერში (2008, N38) მისი წერილის „საქართველო ნეონაციზმის წინაშე დადგა“ წაკითხვის შემდეგ ბორის პასტერნაკზე გამოცხადებული ნადირობის დროს შექმნილი სანიმუშო ფორმულა გამახსენდა: Я роман Пастернака не читал, но осуждаю!. საკვირველია, რომ წერილის ავტორს საბჭოთა ზეინკლების, ხარატებისა და მეშახტეების მსგავსად ისე შეუძლია „დაგმოს“, რომ არც კი შეეცადოს სიმართლის გარკვევას. მას რომანის წაკითხვა არ სჭირდება, ყდის შეფერილობითაც კი ხვდება მის შინაარსს. მისთვის მთავარი ქრისტიან-დემოკრატიული დროშის დიზაინია, რომელიც, რატომღაც ჰიტლერულ გერმანიას აგონებს.

სარუმანი სხვა ჯადოქრებისაგან გამოირჩევა დარწმუნების განსაკუთრებული უნარით, რასაც ვერ ვიტყვით მის ქართულ ინკარნაციაზე. ამ შემთხვევაში კომპეტენტურობის აშკარა დეფიციტთან გვაქვს საქმე. ნინო დანელიამ არ იცის, რომ სიტყვა „ინვალიდი“ ისევ აქტიურად გამოიყენება არა მარტო საქართველოს კანონმდებლობაში, არამედ გაეროს ოფიციალურ მასალებშიც კი და პარიზელები ინვალიდთა სახელმწიფო სახლს ჯერ კიდევ Les Invalides ეძახიან. მან არ იცის, რომ ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: „თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი“, მან არ იცის, რომ ქრისტიან-დემოკრატების პროგრამაში ხაჭაპურის ცხობაზე არაფერია ნათქვამი... ერთი სიტყვით, не читала, но осуждает. ჩვენც თავს ჩავღუნავთ და შემოსული წერილები ჩვენი სეგმენტირებული საზოგადოების გაერთიანებაზე ოცნებას დროებით თაროზე შემოვდებთ, მშრომელთა კოლექტივების ორგანიზებულ მრისხანებას კი მდუმარედ შევხვდებით, რადგან „სხვა დრო“ მოვიდა, როგორც კი ხმას ამოიღებ, მაშინვე პოლიტკორექტულობის წითელ ბარათს დაგიძრობს სარუმანი. ილია ჭავჭავაძისა არ იყოს, „ეხლანდელ წვრილფეხობას რომ უთხრათ, - შენი აზრი ლიბერალური არ არის, რეტროგრადულიაო, მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და, რაც გინდა მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, - ეს რა ღმერთი გამწყრომიაო. აღარავინ დაეძებს, - მართალს თავისი საკუთარი ფასი აქვს, თუ არა, და ამ მხრით აზრის ჩხრეკაში აღარავინ შედის“. აზრის ჩხრეკაში ახლა მხოლოდ ტოლკიენის სამყარო თუღა დაგეხმარება კაცს. ეს სამყარო იმიტომაც მიყვარს, რომ მასში ყველა ეპიზოდი, რომელშიც ჩანს წინასწარგანსაზღვრულობა, საბოლოო ჯამში გადაიქცევა ხოლმე მოთხრობად გმირის თავისუფალი ნების, მისი პერსონალური არჩევანის შესახებ. როჰანის მობინადრენი შეკითხვაზე: „რა ამბები მოგვიტანე ჩრდილოეთის მიწებიდან?“ - არაგორნისაგან პასუხად იღებენ: „მე მოგიტანეთ არჩევანი!“. ჰოდა ჩვენც, მუცელშიენაჩაგდებულმა, რეტროგრადმა ჰობიტებმა ჩვენი არჩევანი (სულ 153 662 ელექტორალური ხმა) უკვე გავაკეთეთ გენდალფის სასარგებლოდ. ახლა ისღა დაგვრჩენია, ევროპის ჩემპიონატს ჩავუჯდეთ და თავი სტადიონზე - პოლიტკორექტულობისაგან ყველაზე თავისუფალ სივრცეში წარმოვიდგინოთ, სადაც ჰეტეროგენული საზოგადოების ყველა სეგმენტი ერთიანდება, სადაც იძულებით მარგინალიზებული ტრადიციები ისევ ცენტრალურ ადგილს იკავებენ და ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა: აფროამერიკელს - ზანგი, ძირძველ ამერიკელს - ინდიელი, გეოკორექციას - მიწისძვრა, სქესის კორექციას - სქესის შეცვლა, სადაც მთელი ხმით შეიძლება დაიღრიალო: „სუდია .....სტ!“ და ეს ხახვიხით შეგრჩეს, რადგან მილიონობით გულშემატკივრის შეძახილში სარუმანი და ნინო დანელია შენ ხმას ვერ გამოარჩევენ.

ნიკოლოზ ლალიაშვილი
პარლამენტის წევრი,
პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი

5 ბებიაცაა და ბებიაც

▲back to top


აქცენტი

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

0x01 graphic

ეს იაპონური წარწერა ასე ითარგმნება: „მე ბებიაჩემს ვგავარ“. საქმე ისაა, რომ ამ პლაკატის ავტორმა მხოლოდ ის იცის, რომ ბებია მისი იაპონელი იყო. სად დაიბადა ეს პატიოსანი ქალი, ბაბუა სად გაიცნო, რამდენი წლისა მოკვდა - უცნობია. შესაბამისად, შთამომავალმა გადაწყვიტა, რომ ბებია ლამაზი ქალი იყო და სულ ასეთად დარჩა, დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ბებია ახლაც ასეთია, და ის, ბატონი ლაშა მდინარაძე, ძალიან ჰგავს თავის ბებიას.

ჩემი ბებია კი ნამდვილი ბებიაა, თუმცა, ცოტა ზღაპრის გმირი. ის ამქვეყნად ყველაზე ლამაზ ადგილას ცხოვრობს. მას იმდენი ადამიანი ჰყავს გაზრდილი, რამდენსაც ზოგი არცკი იცნობს. ჩემი ბებია საოცარ ამბებს ჰყვება დევების შეცვლილი ბავშვების თუ პირველ მსოფლიოში წასული მამაკაცების შესახებ. ბებიამ ყველაფერი იცის და ყველაზე ძალიან მე ვუყვარვარ - ამ უკანასკნელში მისი მრავალი შვილიშვილი შემედავება, მაგრამ მერე, რა...

როცა პატარა ვიყავი, მეგონა, რომ ყველა ბებია ასეთია. თურმე სად ვარ! ამ ერთ რამეში გამიმართლა მაგრად, თორემ მერე ბებიები გავიცანი - მტერს და ავს, რაც ძალიან ლოგიკურია: უხასიათო ქალებს რა დალევს და მათი უმრავლესობა ხომ ადრე თუ გვიან ბებია ხდება. გგონიათ, გაბებიება გაკეთილშობილების საწინდარია? სულ პირიქით!

მეგობრებს გადავხედე. ერთის ფეხმსუბუქი ბებია და მისი ორი უყოფაქცევო და ეჭვიანობის ნიადაგზე სამ დღეში ერთხელ ერთმანეთს წყევლიდა და ასისხლიანებდა. მეორეს ბებია ტაშკენტში ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ციხეში იჯდა. მესამეს ბებომ დამშვიდობებისას მიაძახა: „ნახვანდით, შენ არ გეღირსა მისვლა სახლანდით!“ ერთ დღემდე ლამაზ ბებიას კი ლუსტრაციის კანონის გაგონებაზე აკანკალებს, იმიტომ, რომ აღარ ახსოვს, ვისთან გორავდა და რა ბნელი საქმეები აქვს ჩადენილი.

ეჰ, ბებო, ბებო!

კარგი რამაა ბებია.

მოკლედ, ბებია სულ ნაირ-ნაირი არსებობს, და კაცობრიობის ამ მშვენიერი ნაწილის მრავალფეროვნებას მიეძღვნა გამოფენა „ყველაფერი ბებიაჩემის შესახებ“. ის გაიმართა გალერეა „დიზაინში“ და მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ძალიან მინდა, ყოველი მათგანის ბებიის ამბავი დავწერო, მაგრამ რთული საქმეა - სამტომეული გამოვიდოდა.

საკუთარ ბებიაზე ყველაფრის მოყოლა ძნელი საქმეა - ადიულტერი და უბედურება, გენეტიკური წუნები, ოჯახის პრესტიჟი, ჩონჩხი კარადაში. მაგრამ რაც ითქმოდა, ითქვა, და ძალიან კარგიც გამოვიდა - ლამაზი, ხალისიანი, მხიარული. რა ელეგანტური ბებიები ვნახეთ! როგორი ჯადოსნური სკივრი ჰქონია ქალბატონს! რა აღარ ხდებოდა! ამ უამრავი ბებოსთვის ერთი ბაბუა ატრიალებდა გრამოფონის ფირფიტებს და „კრება დარჩა კმაყოფილი“.

შენ კი, ძვირფასო მკითხველო, „ცხელი შოკოლადის“ სახელით გირჩევ: თუ ბებია გყავს, ძალიან მოუფრთხილდი, რადგან სანამ შვილიშვილი გქვია, პატარა გოგო ან ბიჭი ხარ და ამაზე კარგი არაფერია. ხოლო მათ, ვისაც სქესობრივი თავისებურებების გამო ბებიობა მოუწევთ, ვურჩევდი, „დიზაინს“ სწვეოდნენ - ბევრი წლის მერე, როცა თქვენი შვილიშვილები მოაწყობენ აქციას „ყველაფერი ბებიაჩემის შესახებ“, ლამაზი ნივთები გექნებათ საჩვენებელი და მნახველები იტყვიან, აი, მესმის, ბებიაც ასეთი უნდაო.

6 ორი დასავლეთის ამბავი

▲back to top


კომენტარი

ავტორი: მარკ მალენი
ინგლისურიდან თარგმნა რუსიკო ამირეჯიბმა

0x01 graphic

REUTERS

ტერმინში „დასავლეთი“ ქართველები ხშირად მოიაზრებენ ერთობას, რომელიც სინამდვილეში ორი ჯგუფისაგან შედგება. ამ ჯგუფებს ბევრ საკითხზე მსგავსი ან თანმხვედრი მოსაზრებები და შეთანხმებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ მათ შორის არსებობს უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით. ეს უფრო ცალკეულ ადამიანებს ეხება, ვიდრე მთელ ქვეყნებს, თუმცა, ხშირად ამა თუ იმ შეხედულების ინდივიდები ერთ ქვეყანაში ან ერთ ინსტიტუციაში არიან ხოლმე თავმოყრილნი.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ორივე ჯგუფი მოიცავს საქართველოზე სათანადოდ ინფორმირებულ დასავლელებს, მაგრამ თითქმის არავინ არაფერი იცის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ლაპარაკია იმ მცირერიცხოვან უცხოელებზე, რომლებიც აკვირდებიან საქართველოს და აღელვებთ მისი ბედი. საქართველო მომხიბლავი ქვეყანაა და მსოფლიო დაინტერესებასაც იწვევს, თუმცა, დიპლომატიურ ყურადღებას სხვა ქვეყნებიც იზიდავს.

მოდით, პირველ ჯგუფს „ძველი ევროპელები“ დავარქვათ. ამ ჯგუფში უპირატესად შედიან გერმანელები, ფრანგები, იტალიელები, ნიდერლანდელები, ანუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ევროკავშირის წევრები იყვნენ ჯერ კიდევ სსრკ-ს დაშლამდე. საქართველოს შესახებ მთავარი კითხვა მათთვის ასე დაისმის: რამდენად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა ჩვენთვის? ეს ის ჯგუფი არ გახლავთ, რომელსაც იოლად აღაგზნებს ცეცხლოვანი რიტორიკა ან გრანდიოზული სანახაობები. ეს ქვეყნები იმ ექსკლუზიურ კლუბს მიეკუთვნებიან, რომელიც რამდენიმე წლის წინ ეჭვის თვალით უყურებდა Big Bang-ს (ევროკავშირში ახალი წევრების მიღებას) და ხედავს, რომ ბევრი მისი ეჭვი გამართლდა, ვინაიდან ახალმა წევრებმა ჯერ კიდევ კარგად არ იციან წესები და ზოგჯერ სამარცხვინოდაც იქცევიან. ძველ ევროპელებს ებადებათ კითხვა: მართლაც ასეთი კრიტიკულია კავკასია ჩვენთვის? ხომ არ დავიცადოთ იქამდე, სანამ რამდენიმე ათეულ წელიწადში ეს შორეული ქვეყნები მზად იქნებიან აუჩქარებლად შემოაბიჯონ ევროპაში?

ამ ჯგუფის წევრები საქართველოზე უფრო მეტად რუსეთზე ფიქრობენ და უჭირთ მათზე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფიქრი. ისინი რუსეთზე შეყვარებულები კი არ არიან, არამედ ხვდებიან, რომ რუსეთი აქ არის: არც არსად წასვლას და არც შეცვლას არ აპირებს. მართლაც, რუსეთი ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა. ძველ ევროპელებს გულწრფელად მიაჩნიათ, რომ საქართველომ თავად, და რაც მთავარია, მარტომ უნდა გამონახოს რუსეთთან ურთიერთობის გზები. ევროპა რაღაც-რაღაცებში დაეხმარება, მაგრამ სერიოზული კონფრონტაცია რუსეთთან არ გაამართლებს და შეიძლება, დააზარალოს კიდეც ევროპა. მათი აზრით, ყველა, ვინც ცდილობს საქართველოს მაგივრად შეასრულოს სამუშაო (განსაკუთრებით აშშ), არაგულწრფელია თავის მცდელობაში და საქართველოს გაუაზრებელი ქმედებებისაკენ უბიძგებს. ამავდროულად, რუსეთი მაინც თავისი ინტერესებისთვის მოქმედებს. ძველ ევროპელებს სწამთ, რომ რუსეთს უფრო სჭირდება ევროპა, ვიდრე ევროპას - რუსეთი. მაშ, რაღა საჭიროა ზედმეტად თავის ატკივება? დაე, საქართველომ აიტკივოს თავი!

ძველ ევროპას ესმის საქართველოს ხელისუფლების ხმამაღალი განცხადებები რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის შესახებ და ფიქრდება იმაზე, თუ რამდენად ფრთხილი და სანდო საერთაშორისო პარტნიორია საქართველო. ეს ჯგუფი დიდად აფასებს სტაბილურობას პიროვნულ, ნაციონალურ და გლობალურ დონეზე და კარგად ესმის მისი სიკეთე. დემოკრატია საქართველოში მათ იმიტომ აღელვებთ, რომ ის სტაბილურობის გარანტია. არადა, საქართველოს დემოკრატიულობის დონე მათ არ აკმაყოფილებთ. მათ სურთ დაინახონ დემოკრატიის დამყარების გააზრებული გეგმა და ამ გეგმის განხორციელების გზები. მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტა თითქმის სტაბილურობის ტოლფასია. ეს კი საქართველოს შემთხვევაში არა ჩანს.

ტერმინები „ძველი ევროპა“ და „ახალი ევროპა“ პოპულარული გახდა აშშ-ს აწ უკვე, მადლობა ღმერთს, ყოფილი თავდაცვის მდივნის - დონალდ რამსფელდის წყალობით. „ძველ ევროპაში“ ის იმ ქვეყნებს მოიაზრებდა, რომლებიც ერაყის ომს დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ. „ახალი ევროპა“ კი გულისხმობს ევროკავშირისა და ნატოს იმ ახალ წევრებს, რომლებმაც მეტი ენთუზიაზმი გამოამჟღავნეს და ერაყის კამპანიაში მეტად ამოუდგნენ გვერდში ბუშის ადმინისტრაციას. ამ ტერმინის წარმოშობის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ერაყში შეჭრას ახლა პრაქტიკულად ყველა ნანობს, რაც „ძველი ევროპის“ დამოკიდებულების სისწორეზე მიუთითებს. ამავე დროს, ეს ძველი ევროპელები ბრაზობენ, რომ აშშ-მ ასე ეფექტურად შეძლო ერაყის საკითხის გამო უთანხმოება გათიშულობაში გადაეზარდა. გათიშულობა ხომ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს! საქართველოსადმი დამოკიდებულებაში განსხვავებული შეხედულებებიც ამ გათიშულობის გამოძახილია.

ცდუნების მიუხედავად, დასავლელთა მეორე ჯგუფისთვის „ახალი ევროპელების“ დარქმევისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან მასში შედის ბევრი ამერიკელი „მოხეტიალე მეამბოხე“, რუსეთის აქამდე წყნარი მეზობლების ამოძრავებას რომ ცდილობს. მოდით მათ ABC (Atlantic Baltic Confederates) ანუ ატლანტიკურ-ბალტიკური მოკავშირეები ვუწოდოთ, რახან ეს ჯგუფი ბევრ ამერიკელს, ესტონელს, ლატვიელს, ლიტველს, პოლონელსა და ბრიტანელს მოიცავს.

ABC-ს განსაკუთრებით უყვარს საქართველო. როცა ის საქართველოს უყურებს, ბევრ რამეს ხედავს მის მიღმა: ხედავს ერთმანეთთან დაპირისპირებულ დავითსა და გოლიათს, სამართალსა და ტირანიას. საქართველოში ირეკლება მათი საკუთარი ნაციონალური ისტორია თუ მითოლოგია. საქართველოს ისინი ხედავენ როგორც უძველეს ერს, რომელიც ასწლეულების და ათასწლეულების მანძილზე იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის. საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა უბრალოდ მადლი კი არა, არამედ ზნეობრივი მოვალეობაცაა. მათ მოსწონთ ქართველებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე დგომა. მართალია, მათაც აღელვებთ საქართველოს დემოკრატიულობა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სიტუაციის კრიტიკულობა ძლიერ ხელს მოითხოვს, დემოკრატიულობას კი დრო სჭირდება. თუ ქვეყანა დამოუკიდებელია, ის თანდათან დემოკრატიისკენ წავა, ხოლო თუ სახელმწიფოებრიობა არ არსებობს, დემოკრატიაზე საუბარიც კი ზედმეტია.

ამ ჯგუფს სჯერა, რომ რუსეთს თავისი მტანჯველი პოლიტიკით საქართველოს დამორჩილება სურს. ეს პოლიტიკა საქართველოს მრავალმხრივ დაზარალებას გულისხმობს. რუსეთს ძალაც შესწევს და მოსწონს კიდეც ამის კეთება. ABC-ის აზრით, ეს რუსეთის მხრიდან ევროპის ერთგვარი გამოცდაა. ის ევროპის რეაქციას აკვირდება და როცა ხედავს, რომ ევროპა მის ნაბიჯებს მშვიდად ხვდება (როგორც ახლა), სატელიტებით გარშემორტყმული რუსეთი თავს საკმაოდ კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს ისევე, როგორც ბოლო ორასი წლის განმავლობაში. თანაც სჯერა, რომ შეუძლია მუდმივად გააგრძელოს ევროპის საზღვრებით მანიპულირება. ABC დარწმუნებულია, რომ რუსეთს ურჩევნია დასავლეთს მისი ეშინოდეს, ვიდრე პატივს სცემდეს. ამავე დროს, ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ფიქრისას, ABC შიშობს, რომ რუსეთთან დაკავშირებით დომინოს თეორია ამოქმედდება.

ისინი ღელავენ, რომ რუსებმა ძველი ევროპელები ერთმანეთის მიყოლებით იყიდეს, დაიმორჩილეს და დათმობებზე დაითანხმეს. მათი აზრით, ძველ ევროპელებს ხედვა არა აქვთ. თვით ABC-ს ხედვა კი მდგომარეობს ადლერიდან სვანეთამდე ევროპული ჯარების განლაგებაში, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა სამხრეთით უსაფრთხო დაბრუნებას უზრუნველყოფს იმ დროს, როცა რუსი ჯარისკაცები ჩრდილოეთისკენ მიიწევენ. ამის შემდეგ, მათი აზრით, კასპიის ზღვიდან წამოსული საწვავი შავი ზღვის გავლით გამოაღწევს ევროპაში და გვერდს აუვლის რუსეთს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის წინაშე დგას უმწვავესი საკითხი: შეძლებს თუ არა იგი ძველ ევროპასა და ABC-ს შორის შეთანხმების მიღწევას ან თუნდაც ურთიერთგაგების დამყარებას. ამ საკითხს გადამწყვეტი როლი ენიჭება ევროპიდან დახმარების მიღებაში, იქნება ეს აფხაზეთის თუ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოახერხოს ეს საქართველომ? პირველ რიგში, უნდა შეწყვიტოს ყვირილი. მერე თავი უნდა დაანებოს ძველ ევროპასთან იმავე ენით საუბარის, რომლითაც ABC-ს ელაპარაკება, ვინაიდან ეს მათზე არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენს და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს. მესამე ის გახლავთ, რომ საქართველოს საკითხი ახალ, ძველი ევროპისთვის გასაგებ ჩარჩოში უნდა მოექცეს და გათვალისწინებულ იქნეს მისი მოთხოვნები. ეს სწრაფად და ხალისიანად უნდა გაკეთდეს და არა ისე, როგორც მოსაწყენ ბიუროკრატიულ სამუშაოს ასრულებენ. ძველი ევროპის მოთხოვნათა უმრავლესობა, როგორებიცაა გამჭვირვალობა, კარგად გააზრებული პოლიტიკის ჩამოყალიბება, სამართლიანი არჩევნები თუ სიტყვის თავისუფლება, მართლაც მნიშვნელოვანი ღირებულებებია და, შეიძლება ითქვას, ქართველი ხალხიც არ არის მათდამი გულგრილი. ბოლოს კი, საქართველომ რუსეთთან თავაზიანობა უნდა შეინარჩუნოს.

ძველ ევროპელებთან ურთიერთობა რთულია, ვინაიდან ისინი ხშირად არ ახმოვანებენ თავიანთ ნააზრევს. მათთან დამეგობრებას დრო სჭირდება, მაგრამ როცა ეს მოხდება, მათ ძალუძთ ყველაზე ერთგული მეგობრობა გასწიონ.

7 BACK IN THE USSR

▲back to top


კომენტარი

ავტორი: ლელა გაფრინდაშვილი

ვუძღვნი ჰაინრიხ ბიოლის ხსოვნას

0x01 graphic

ყველანი ვაკვირდებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაარშესვლა კვლავ აქტუალურია. ერთადერთი, რაც შეიცვალა - პარლამენტის შენობასთან რიტუალური ცეცხლი რიტუალურმა მაკრატელმა შეცვალა.

ამ ვითარებაში საქართველოს მოქალაქეებს, გამოსაფხიზლებლად, გამოგვადგება ჰაინრიხ ბიოლის სიტყვების შეხსენება: „ჩარევა - ეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ რეალისტად დარჩე“. მწერალი, რომელიც გერმანული სოციალ-დემოკრატიის, ფაშიზმის და ომისშემდგომი ტერორის მოწმე იყო, არასდროს დარჩენილა უბრალო დამკვირვებლად. ყოველთვის ერეოდა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში. სწორედ იმაზე წერდა, რაც განიცადა, თანაგანიცადა, დაგმო ან მიემხრო. რაც მთავარია, - საკუთარი მონაწილეობის და პასუხისმგებლობის ხარისხით კმაყოფილი და, მით უფრო, აღფრთოვანებული არასოდეს ყოფილა.

საარჩევნო პროცესზე დაკვირვებაც ჩარევაა, აქტიური ჩარევა. მაგრამ აქაც არის არსებითი ნიუანსები, რომელთა გაცნობიერების გარეშე შეუძლებელია საქართველოში გაყალბებათა ეპოქის დასრულება. მხოლოდ გარეგნული წესრიგი, საარჩევნო პროცედურების დაცვა ვერაფერს შეცვლის, თუ ყველა მოქალაქეს თანასწორად არ მიეცა თავისუფალი, მიუკერძოებელი არჩევანის გაკეთების საშუალება. ეს კი ნიშნავს, რომ ამომრჩევლის ნება დამოკიდებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკურ შეხედულებებზე და არა ფულზე, შიშზე და ქრთამზე.

ზედამხედველობა, თვალთვალი და ჩარევა

ბავშვებს ნათესავებსა და ნაცნობებთან დაკავშირებული ამბები უფრო გვიზიდავდა, ვიდრე ინფანტილურ-მისტიკური ზღაპრები ველურ დალზე, სამძივარზე და მონადირე გივარგილზე. გასართობი ბევრი რამ გვქონდა, მაგრამ რელიგიურ რიტუალებზე და დაკრძალვის ცერემონიალზე ყველაზე მეტად ვერთობოდით. ჭირის დღეზე, ოჯახისთვის ფულის შემკრები და დამთვლელი კაცი, პატივსაცემ ადამიანთა შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

ბაბუაჩემისგან ვიცოდი, რომ ამ „თანამდებობაზე“ სანდო ხალხს ირჩევდნენ. მაგრამ ბოლშევიკების დროს ერთ-ერთ მათგანში თურმე ეჭვი შეეპარათ და დათვლის პროცესზე ზედამხედველი მიამაგრეს - შეურყვნელი რეპუტაციის, განსწავლული თანასოფლელი. თუმცა, სულ მალე გლეხებმა შეამჩნიეს, თუ როგორ აგვიანებდა ეს წყვილი ფულის დათვლისას, საგულდაგულოდ ჩარაზული კარების გახსნას და როგორი მოჭარბებული კმაყოფილების გრძნობით და პირზე კოცნით ემშვიდობებოდა ერთმანეთს. ბოლოს კი, როცა ზედამხედველის შვილი რაიონში დაიბარეს და სოფელში ცხენით ამობრძანდა, - ყველა დარწმუნდა, რომ ორთა კავშირი საბოლოოდ გაფორმდა. მაგრამ ვინ გაბედავდა ხმის ამოღებას?!

მოცალეობის ჟამს, ეს ამბავი ჩემს მეგობარ მექის მოვუყევი. გაგიჟდა, ახტა და ტაში შემოკრა. ცოტა კი მეუცნაურა, მაგრამ ვიცოდი რა მისი თავქარიანობის ამბავი, დავივიწყე. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველ გასვენების დღეს, მექი სადღაც იკარგებოდა. მეორე დილით გაბღენძილი გამომეცხადებოდა და არაკრაკებდა მითებს იმის თაობაზე, როგორ გაექცა დათვი, მგელი თუ ტურა. არცერთი სიტყვა არ დაეჯერებოდა!

ერთ ღამეს ქალები რაღაც უცნაურად დარბოდნენ, პირს თავსაფარში მალავდნენ და ბუტბუტებდნენ. მეორე დღეს უკვე ბავშვებმაც ვიცოდით, რომ მექის ნათესავი გოგონა ვიღაცამ გააუპატიურა და მოკლა. საშინელება ტრიალებდა, - ტირილი და გოდება. მოხუცი დედის სანუგეშო სიტყვები ვერავის მოეფიქრებინა.

მექი მთელი კვირა ჭირისუფალთან ტრიალებდა, მაგრამ დაკრძალვის დღეს ისევ გაუჩინარდა. აქ კი შევფიქრიანდი და ჩემი მეგობარი გოგონების გაფრთხილება გამახსენდა: ეგ უცნაური კი არა, - გიჟია და გირჩევნია, თავი შორს დაიჭიროო. შევამჩნიეთ, რომ ღამღამობით, როცა დასაძინებლად ვემზადებით და ვშიშვლდებით, გვითვალთვალებსო. ამ ბიჭისადმი ჩემი გრძნობები ასეთ შეძახილებს არ ექვემდებარებოდა.

- ახლაც არ დაიჯერებ, რომ სულელია, ავადმყოფი და უღმერთო! - მომაძახა ქეთომ, ამპარტავნული ღიმილითა და დაწვრილებული თვალებით.

გული იმაზე ცუდს მიგრძნობდა, ვიდრე ერთი კვირის წინ მომხდარი ტრაგედია იყო. დაკრძალვის ღამეს, ემოციებისგან დაღლილი და გაბრუებული, დიდი ხანი ვიჯექი აივანზე და მთვარეს ველაპარაკებოდი. ამ დროს კუპრივით შავი არსება კიბეზე ამოძვრა და ხელი მტაცა. მექი!

- წამო, წამო, დამეხმარე! - მითხრა და ზედ არც კი შემოუხედავს, ისე გამაქანა ნათესავის სახლისკენ. უკანა ეზოდან, ხის კიბით მეორე სართულის დიდ ოთახში აღმოვჩნდით. მთელს იატაკზე ვაშლი, მსხალი, სიმინდი და გოგრა ეყარა.

- დაწექი, თვალები ამ ჭუჭრუტანებს დაუმიზნე და ქვემოთ ჩაიხედე. იატაკზე კარგად მოვთავსდი და ნახვრეტებს დავაშტერდი. ვხედავ - ჭირის დღეზე ოჯახის დასახმარებელი ფულის (გადასახური) შემგროვებელი კაცი დიდი ურდულით ჩარაზულ ოთახში ზის, შემოსულ თანხას ითვლის და პატარა ჩემოდანში ალაგებს, თან რაღაცას გამალებით წერს.

- ახალ სიას წერს, ძველი დახია, რადგან ფული მოიპარა. მაგას ვაჩვენებ სეირს!

- თქვა მექიმ, კბილები დააკრაჭუნა და შარვლის გახსნა დაიწყო. თავზარი დამეცა, ყველაზე საშინელი რამ ვიფიქრე - მგონი, მისი დაღუპული ნათესავის გზას უნდა გამიყენოს-მეთქი. მაგრამ შევცდი! მექიმ თავისი ფალოსი ჭუჭრუტანაში ჩაყო და, როგორც შემდეგ მითხრა, პირველ სართულზე დაბუდებული ავი სული „გაანაყოფიერა“. მე კი იქიდან გონდაკარგული გამოვვარდი, პირდაპირ საწოლს ვეცი და საბანში საგულდაგულოდ გავეხვიე, ჯერ კიდევ დაეჭვებულმა იმაში, რომ ყველაფერი დამთავრდა.

დილით ეს ჩვენი ლამარია (ნაყოფიერების ღვთაება სვანეთში) ისეთი სახით გამომეცხადა, ვითომ აქაც არაფერი. ჩემი საყვედურის ვერცერთი სიტყვა ვერ გაიგო და ხელი უიმედოდ ჩაიქნია. ერთი წელია ვუთვალთვალებო - მითხრა. როცა ჩვენი საიდუმლოს გახმაურება შევთავაზე, არ ესიამოვნა და საშინლად იუარა - მე მაგაში ვერ ჩავერევიო. მთელი საქმე მე შემომატოვა. ასეთ საინტერესო საკბილოს სადღა ვიპოვიდი?! და დავტრიალდი.

რადგან ფულის მოპარვის და ძველი სიის განადგურების მომენტი არ დამინახავს და მოწმეც არავინ მყავდა, ამიტომ ბავშვების დარწმუნება გამიჭირდა. ამას დაემატა მრისხანება, რომელიც მექის ფალოსის ხსენებამ გამოიწვია.

- მაგ გარყვნილს როგორ უნდა ვენდოთ! აქამდე სად იყო?! მისი ნათესავის გაქურდვამ თუ შეაწუხა, სხვების ჭირი ჭირი არ არის? გამოვიდეს და თქვას, ჩვენ რა შუაში ვართ, თუ თავი არ ჰქონდა რას უთვალთვალებდა?! - ამბობდნენ გოგონები, მაგრამ მე უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ საქმე უკეთესობისკენ დაიძრა.

ეს ამბავი მალე დამთავრდა: შემდეგ დაკრძალვაზე ოჯახისთვის გაღებულ დახმარებას სოფლის სამი კაცი იბარებდა და, ოჯახის წევრის თანდასწრებით, სამივე ითვლიდა.

10 დადუმებული მამაკაცი და 5 განრისხებული ქალი

იმ დღიდან მოყოლებული, რაც ლეიბორისტმა ლეილა გაფრინდაშვილმა მაჟორიტარად კენჭისყრა გადაწყვიტა, მოსვენება დავკარგე. დღე ერთი იყო და ათი ნაცნობი ან კოლეგა მირეკავდა. უმრავლესობა დარწმუნებული იყო რომ ეს მე ვიყავი (ანუ ლელა=ლეილას) და ამიტომ ბევრმა „პრაიმ თაიმშიც“ კი „დამინახა“, ლეიბორისტული პროგრამის პრეზენტაციაზე. დაეჭვებულნიც იყვნენ, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო, რომ ლეიბორისტები „ვიკადრე“ და არა იმიტომ, რომ პარტიაში შევედი.

ხალხი როგორც იქნა მოვიგერიე. მაგრამ გული კი დამწყდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სახელი გატეხილი გვაქვს - ყველა ფიქრობს, რომ თვალი ხელისუფლებისკენ გვიჭირავს და ავტონომიური ინტერესი, ძალა და ავტორიტეტი არ გაგვაჩნია

ამასობაში არჩევნებიც მოახლოვდა და 18 მაისს ქუთაისისკენ გავქუსლე. სამარშუტო ტაქსის მძღოლი ოქროპირი აღმოჩნდა: მის გვერდით მოკალათებულ ახალგაზრდას, ნაციონალური მოძრაობის აპოლოგეტს, წყნარად, არგუმენტირებულად ედუდუნებოდა ხელისუფლების შეცდომებზე, მაგრამ მოპასუხე ქვა და რკინა გამოდგა: თქვენ არეულობა, კორუფცია, უშუქობა და უგაზობა გინდათ და იმიტომ არ მოგწონთ ხელისუფლებაო. ეს თქვა და სასოწარკვეთილმა მძღოლმა უკან მსხდომებს გადმოგვხედა და საშველად მოგვმართა:

- აგერ, ძმაო, 15 ადამიანი ზის და ვკითხოთ რამდენი აძლევს ხმას ხელისუფლებას, - თქვა და ისე მოგვაშტერდა, რომ საჭე სულ დაავიწყდა. უმრავლესობის რეაქციით გაოგნებული, ცოტა ხანს შეჩერდა, ხელი ჩაიქნია და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია: ათივე მამაკაცმა თვალები იატაკს მიაშტერა და კითხვა მიაყრუა. ქალებმა კი ისეთ დღეში ჩავაგდეთ მეხოტბე, რომ ლამის დროზე ადრე ჩასვლა გადაწყვიტა. ეს ამბავი გორის მისადგომებთან მოხდა და მთელი გზა მხოლოდ ქალები ვლაპარაკობდით და თანაც მხოლოდ პოლიტიკაზე.

გამჭვირვალე არჩევნები

ქუთაისში ჩემი და, ნატო შემომიერთდა და 20 მაისს დილის 10 საათზე სვანეთისკენ გავეშურეთ. გზაში მექის ამბავი გავიხსენეთ და ვთქვით - რა კარგი იქნებოდა, რომ დაკვირვების მისეული მეთოდი ჩვენც გამოგვეყენებინა, მაგრამ სად არის სხვენის ან მეორე სართულის ფუფუნება - ჩვენი საარჩევნო უბანი საბჭოთა კულტურის სახლის ნარჩენებშია და მხოლოდ წინიდან დაკვირვების საშუალებას იძლევა, ზემოდან ვერ გადმოხედავ, ვერ უთვალთვალებ.

დილის 7 საათზე უბანი გავხსენით. ამომრჩეველთა ძირითადი ნაკადი შუადღის 3 საათამდე მოვიდა. საპრეზიდენტო არჩევნებს რომ შევადარე, ბევრი რამ მეცა თვალში: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი უბანზე აღარ იყო, იანვარში ოპოზიციურად განწყობილ დამკვირვებელთაგან უმრავლესობა ხმას არ იღებდა. მხოლოდ „ქართული პოლიტიკის“ წარმომადგენელი გოგონა აქტიურობდა - ყველა შემომსვლელს ინიშნავდა და ძირითად სიებს ადარებდა.

შუადღისთვის მე და ნატომ ჩვენი უბნის უკანასკნელი მონაცემები ჩავიწერეთ, მანქანა ვიქირავეთ და კიდევ 5 უბანი მოვიარეთ. ყველგან სანიმუშო სიმშვიდე დაგვხვდა. მაგრამ უბნებთან შეკრებილი ხალხი მაინც ვერ ითმენდა და ჩიოდა. აზრს ძირითადად ოპოზიციურად განწყობილი ქალები გამოთქვამდნენ. ხელისუფლების მომხრეები კი დუმდნენ.

- ფულზე არ უნდა გაიყიდო. მართალი თქვა მალხაზ ონიანმა: საახალწლოდ ინდაური თბილისში 100 ლარი ღირს და სვანი კაცის ფასი ნუთუ 50 ლარიაო. ჩვენი ნება რომ იყოს, ჩვენ მალხაზს ავირჩევდით.

- გაიძახიან გზა გააკეთა ხელისუფლების კანდიდატმაო. კი მარა, გზა მარტო მაისში გვჭირდება სვანებს?

- კი, შეიძლება კარგი კაცია, 14 მიცვალებული გაასვენა, მაგრამ

ხალხი ასე არ უნდა დააჩაჩანაკო, რომ თავისი მკვდარი ვერ გაასვენოს. უსამართლო მთავრობაა, არ უყვართ ხალხი.

- რას გადაგვაყოლეს მკვდრების გასვენებას. აბა, ერთი გვითხრან - ჩვენთვის თბილისიდან გამოგზავნილი ფულიდან, ბიუჯეტიდან, რამდენი მიდის ჩვენი დეპუტატის ჯიბეში?

- გაგიჟდები, იმდენი ხალხი დაწყდა ამ ზამთარს და ამომრჩეველთა რიცხვი გაზრდილია. რასაც უნდათ იმას ფორხილობენ. არავინაა უარის მთქმელი.

- ძალიან ბევრს ისევ საბჭოთა პასპორტი გვაქვს, იმის ფული და დრო არ გვაქვს, რომ ახალი საბუთი გავაკეთოთ. ზოგს საერთოდ არა აქვს დოკუმენტი, მარა აძლევს ხმას. აბა, რა ვქნათ?

ლენტეხის ოლქის ყველა უბანზე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. რეიტინგის მიხედვით სხვა პარტიათა მაჩვენებლები ამ თანმიმდევრობით განაწილდა - გაერთიანებული ოპოზიცია, ქრისტიანდემოკრატები, ლეიბორისტები და რესპუბლიკელები.

მაჟორიტარებში სახელისუფლებო კანდიდატი ლიდერობდა, მეორე ადგილზე ამ რაიონის მკვიდრი მალხაზ ონიანი („ქართული პოლიტიკა“ ანუ დიდი ქართველი „ჰუმანისტის“, გოჩა ფიფიას თანამებრძოლი) გავიდა, ხოლო მესამე კი - ასევე ქვემო სვანი, რესპუბლიკელი სოსო მუკბანიანი იყო.

დები დამკვირვებლები ღამის 12 საათზე მივლასლასდით სახლში. უკვე ყველას ეძინა, მხოლოდ დეიდაჩემი გველოდებოდა. გაუხარდა ჩვენი დანახვა:

- ნაშუადღევს წავედი არჩევნებზე. რამდენი წელია თავს ვიმტვრევ და დღეს მივხვდი რას ნიშნავს თურმე „გამჭვირვალე არჩევნები“. ყურები ვცქვიტე:

- რას მიხვდი, აბა, მითხარი.

- საარჩევნო ოთახში შეკრებილი ხალხი იყო გამჭვირვალე - სახეზე ეწერათ რა შედეგით დამთავრდებოდა ეს დღე, ვერ ფარავდნენ წარმატებით გამოწვეულ სიხარულს. ბრმა კი არა ვარ!

მე და ნატოს ისეთი სიცილი აგვივარდა, რომ ეზოში გამოვვარდით ხმამაღლა გასაცინებლად. დავწყნარდით თუ არა, დეიდა გავაცილეთ და დავწექით.

თბილისში ჩამოსულს, არჩევნების გამაოგნებელი შედეგი არც გამკვირვებია.

ამ პირობებში, როცა ხელისუფლებამ ასორმოცდაათი მანდატიდან 120 აიღო, მხოლოდ საბჭოთა პერიოდი შეიძლება გაგახსენდეს.

1922 წლის საბჭოების I ყრილობის (იმდროინდელ პარლამენტში) დელეგატთა უმრავლესობა კომუნისტები იყვნენ, დანარჩენები, 5%25 კი - უპარტიოები. 1927 წლიდან მათ უმნიშვნელო რაოდენობის კომკავშირელები (ВЛКСМ) დაემატნენ, ხოლო 1937 წლიდან კომუნისტები და უპარტიოები გაერთიანდნენ და კომსომოლი შთანთქეს. უფრო ზუსტად - იგი „დედის“ წიაღს მოსწყდა და ცალკე დამკვიდრდა. საბჭოთა ხალხი ეროვნულ საბჭოებს (СН ВС СССР) ხმას ერთხმად აძლევდა მანამ, სანამ ქვეყანა არ დალპა. მათ არჩევანი არასოდეს ჰქონიათ, რადგან პარტიაც ერთი იყო და მთავრობაც. ბედნიერების განცდა კი იდეოლოგიით გაბრუებულ ადამიანსაც აქვს და თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელ, თავისუფალ მოქალაქესაც.

... Well the Ukraine girls really knock me out
They leave the west behind
And Moscow girls make me sing and shout
The Georgia's always on my my my mind
I am back in the USSR
You don't know how lucky you are, boys
Back in the USSR.

ხომ გახსოვთ! - საბჭოეთში დაბრუნებული ვაჟის ლაციცი თავის ქვეყანასთან. პოლ მაკარტნის განმარტებით, ეს სიმღერა ჩაკ ბერის Back in the USA-ის პაროდია ყოფილა, სადაც უკვე ამერიკელი შეჰყეფს თავის სამოთხეს.

8 ჟურნალისტი ქართულ ნიუსრუმში

▲back to top


ინტერვიუ

ავტორი: ნინო ლომაძე
ინტერვიუ ოლივიე მიშელთან

0x01 graphic

ფოტო: თინიკო ნოღაიდელი

ოლივიე მიშელი ჟურნალისტია, France 3-ის ჟურნალისტი, ფრანგი ჟურნალისტი - ეს მისი თვითიდენტიფიკაციის ფორმულაა. თითქმის ოცი წელია ასე ცხოვრობს - ჯერ არის ჟურნალისტი და მერე ყველაფერი დანარჩენი. საფრანგეთის საზოგადოებრივ ტელევიზიაში ჟურნალისტად უკვე ჩვიდმეტი წელია მუშაობს, ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუს, „თავისუფალი ხმისწამყვანი და მენეჯერია.

საქართველოში, პირველად, „ინტერნიუსის“ მოწვევით 1999 წელს ჩამოვიდა. ჟურნალისტებს რეპორტაჟის აგებას და ახალი ამბების ორგანიზებას ასწავლიდა. მას მერე საქართველოში თითქმის ყოველ წელს ჩამოდის - ჯერ „რუსთავი 2“-ში, მერე „აჭარის“ ტელევიზიაში. 2006-2007 წლებში კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ტრეინინგის ჩასატარებლად, ხოლო მოგვიანებით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის სტატუსით ეწვია. ოლივიე მიშელს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობისა და ევროსაბჭოს ინიციატივით გამართულ მედია კონფერენციაზე შევხვდი. მასთან შეხვედრა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბარიც სწორედ მაშინ გადავწყვიტე.

- ნოემბრის მოვლენების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო კამათი კიდევ უფრო გამწვავდა და ოპოზიციამ ხელისუფლებას ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად არხის ხელმძღვანელობის შეცვლა წაუყენა. პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისის მთავარ მიზეზად ძლიერ სახელისუფლებო ზეწოლას ასახელებს, მეორე კი, ზოგადად ჟურნალისტებისა და მედია მენეჯერების გამოუცდელობაზე, კორუმპირებულობასა და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს. თქვენ ..-ის ხელმძღვანელობის მოწვევით ექვსი თვე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებდით. როგორ მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების რედაქცია და, თქვენი აზრით, რა არის მისი მთავარი პრობლემა?

მთავარი პრობლემა თავად ახალი ამბების რედაქციაა, ე.წ. ნიუსრუმი. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღემდე არ არსებობს ნამდვილი ნიუსრუმი, სადაც ჟურნალისტებიც, პროდიუსერებიც და რედაქტორებიც ერთ მუშტად შეკრულ გუნდად მუშაობენ. სადაც ყველასთვის მთავარი ღირებულება და პრინციპი მათი ერთიანობაა. ასეთი რედაქცია მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელზე კი არა, ძალიან ბევრ მედიასაშუალებაში არ არსებობს და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

- მოდით, თანმიმდევრობით მივყვეთ და ამ მიზეზებზე ვისაუბროთ.

- საზოგადოებაში ისევ აქტუალურია კომუნისტური მემკვიდრეობა და ეს ბევრ რამეში ვლინდება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძალიან მოძველებულ და არაეფექტურ მართვის სისტემას, როდესაც ყველაფერი ცენტრიდან იმართება. საზოგადოებრივ მაუწყებელზე თითქმის ყველა გადაწყვეტილებას „უფროსი“ იღებს, დანარჩენები კი ფაქტიურად მის დირექტივებს ასრულებენ. და ეს ხანდახან, სულაც არ არის თვითონ „უფროსის“ მოთხოვნა. ყველა ერიდება პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას და საკუთარი არჩევანის გაკეთებას ჟურნალისტი პროდიუსერს, პროდიუსერი რედაქტორს, რედაქტორი - მთავარ რედაქტორს ანდობს.

პირველი ოთხი თვე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მართლა კარგად ვიმუშავეთ. ვამბობ „ჩვენ“, რადგან მთელი გუნდი ერთად ვიყავით. რედაქციაც ცოტა ხნით ნამდვილ ნიუსრუმს დაემსგავსა - სარედაქციო შეკრებებს ყოველ დილით ვმართავდით და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე ბევრს ვსაუბრობდით. ვარჩევდით რა მოსწონდათ, რა აინტერესებდათ, რა იდეები ჰქონდათ თვითონ ჟურნალისტებს. ვცდილობდი, ისინი სიუჟეტის მომზადების პროცესში აქტიურად ჩამერთო, ყველას ეგრძნო, რომ თითოეული მათგანის გადაწყვეტილებები, შეხედულებები რედაქციისთვის საინტერესოა. მინდოდა სიუჟეტის გაკეთებამდე ამ თემებზე წინასწარ ეფიქრათ, მთავარი აქცენტები თავად დაესვათ და რედაქტორებისა და პროდიუსერებისაგან მოწოდებული სიუჟეტის გეგმებით კი არ ეხელმძღვანელათ, არამედ, თავად ეფიქრათ იმაზე, რა უნდოდათ, ამ სიუჟეტით ეთქვათ. ამ მიმართულებით მართლა რაღაც გაკეთდა. ახლა რომ ვფიქრობ, გული მწყდება, რადგან 8 ნოემბერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლის ქვეშ მოექცა და რაც ოთხი თვის განმავლობაში გავაკეთეთ, ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

- კონტროლში რას გულისხმობთ, ვინ გაკონტროლებდათ?

- 8 ნოემბრიდან ჩვენ ვიყავით ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ახალი ამბების ეთერში გაშვება კანონით ჰქონდა ნებადართული. მხოლოდ ამ ფაქტის გამო მთელი რედაქცია პანიკურმა შიშმა მოიცვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი სულ ახალი ამბების რედაქციაში იყო, რომ ეთერში გასვლამდე ყველა სიუჟეტი ენახა, ყველა ტექსტი წაეკითხა და ყველა ინტერვიუ მოესმინა, „სადმე შეცდომა რომ არ გაპარულიყო“. ყველგან ეს ისმოდა, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში ათმაგად, ათასმაგად ფრთხილად ვყოფილიყავით. რას ნიშნავს ეს „ფრთხილად ყოფნა“? ეს არ არის ცენზურა - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუმცა, ეს „ფრთხილად“ აბსოლუტურ კონტროლში გაქცევს. რადგან ჟურნალისტებმა არ იციან კანონი სიტყვის თავისუფლების შესახებ, არ იციან რა არის მათი ლეგიტიმური უფლება და ამიტომ, ზედმეტად ფრთხილობენ და ეშინიათ. შიშის დროს კი კონტროლი ძალიან ადვილია.

ცენზურა რა არის? სულ არ არის აუცილებელი ყოველ დილას ვიღაც გირეკავდეს და კონკრეტულ მითითებებს გაძლევდეს. ამ შიშის რეჟიმში ცხოვრებას ნელ-ნელა ეჩვევი და თავად იწყებ, რბილად რომ ვთქვათ - არათამამი გადაწყვეტილებების მიღებას - ეს უკვე თვითცენზურაა.

- თვითცენზურა მხოლოდ კანონების არცოდნის შედეგია?

- ცენზურა და კონტროლი ძალიან საფრთხილო ტერმინებია და მათზე ასე ცალსახად საუბარი არ გამოდის. თუ პროფესიონალი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები გვინდა გვყავდეს, პირველ რიგში, მათ უნდა მივცეთ საშუალება თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ და შედეგზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა. ეს, რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ მოხერხდება. ჟურნალისტები უნდა შეეცადონ მოიპოვონ ნდობა თავიანთი უფროსებისგანაც. პროდიუსერები და რედაქტორები ჟურნალისტებს არ ენდობიან. ასევე ამბობენ, მათი მართვა აუცილებელია, რადგან ისინი საშინლად ზარმაცები და არაპროფესიონალები არიანო.

- ..- არ ჰყავს პროფესიონალი ჟურანლისტები, ისეთები, საქმეს რომ ანდობენ?

- არ მესმის რას ნიშნავს არ გვყავს პროფესიონალი ჟურნალისტები. როგორ არ გვყავს. მე პირადად შევხვედრივარ ძალიან საინტერესო სტუდენტებს, ჟურნალისტებს ს.მ-ზეც და მის გარეთაც. არ არსებობს მსოფლიოში მედიის უმაღლესი სასწავლებელი, საიდანაც პირდაპირ მაგარ ჟურნალისტებს უშვებენ. პროფესიონალიზმს წლების გამოცდილება სჭირდება. მაგრამ თუ ჟურნალისტს თავისუფლად მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ აქვს, იმ ცოდნას და პროფესიულ ჩვევებსაც კარგავს, რაც სკოლამ მისცა. რუსთავზეც, ს.მ.-ეც სულ ეს ისმის, ახლავე, ერთი ხელის მოსმით უნდათ გაჩნდნენ მაგარი ჟურნალისტები, რომლებსაც პროფესიული პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ თან ზედმეტიც არ უნდა მოუვიდეთ. იმიტომ, რომ მეტი პასუხისმგებლობის მინიჭება, მათზე კონტროლის დაკარგვასაც ნიშნავს. ეს კი, უფროსობას არ მოსწონს. ამიტომ პროფესიონალიზმზე და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებზე საუბარი მხოლოდ რიტორიკად რჩება. აი, ჯერჯერობით ამ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ.

მეორე მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს ერთიანობის განცდა თვითონ ჟურნალისტებს შორის, რაზეც დასაწყისშიც ვისაუბრეთ. ეს საკმაოდ რთული პროფესიაა. ჟურნალისტებს ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. გარანტია იმისა, რომ რთულ სიტუაციაში მთელი რედაქცია და, თუ საჭირო გახდა, ყველა ჟურნალისტი ერთად დადგება ერთის უფლებების დასაცავად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის იარსებებენ ძალები, ვინც მედიით მანიპულირებას შეეცდება. ამიტომ ჟურნალისტმა სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იცოდეს, რომ არ არის მარტო და მის უკან მთელი მედია კორპუსი დგას.

ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მათი სოციალური გარანტიები და ხელფასები. როდესაც შენი სამსახურიდან დათხოვნა შენს უფროსს ნებისმიერ დროს ყველანაირი ახსნა-განმარტებების გარეშე შეუძლია, ძნელია პიროვნულ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარი. ყველას თავისი ცხოვრება, ოჯახი და პრობლემები აქვს. შვიდი ნოემბრის მერეც ეს მოხდა. ყველას სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, პასუხისმგებლობას გაექცნენ და პატარა წვრილმანზეც კი თითს ზემოთ იშვერდნენ. ამ მიმართულებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე არაფერი კეთდება. ოთხი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა ჟურნალისტისთვის ხელფასი დაენიშნათ. ვერც ის გავიგე, რის მიხედვით განსაზღვრავენ სახელფასო პოლიტიკას. რამდენიმე მართლა კარგ ჟურნალისტს ჰქონდა სამჯერ დაბალი ხელფასი, ვიდრე დიქტორებს, ტელევიზიის სახეებს. არ არის ეს სწორი.

შევარჩიეთ ათი მართლა კარგი ჟურნალისტი, პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური თემების გასაშუქებლად. არაფერი გამოვიდა, იმიტომ, რომ თუ გაქვს მეტი პასუხისმგებლობა, უნდა გქონდეს მეტი ხელფასიც - ეს ელემენტარულია, მაგრამ არავის აინტერესებს. ამ დროს, ძალიან ბევრს ვთხოვთ ჟურნალისტებს, გვინდა, რომ ბოლომდე იბრძოლონ, სიმართლე დაიცვან, გმირები იყვნენ - ანუ მიაღწიონ იმას, რასაც ჩვენ, ევროპაში, 50-60 წელი მოვანდომეთ. რა თქმა უნდა, გვინდა French public service, Washington Post da New York Times. მაგრამ კარგით, რა! ვიყოთ რეალისტები - ჩვენ ახლა ქართულ მედიაზე ვსაუბრობთ და უნდა გვახსოვდეს ის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კონტექსტი, სადაც ვიმყოფებით. და რაც მთავარია, გვქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს - რაც, სამწუხაროდ, მე ვერ დავინახე.

ჟურნალისტების თვითიდენტიფიკაციაც არასწორად ხდება - პირველ რიგში, ისინი არიან ქართველები, მერე არიან თანამშრომლები და მხოლოდ ამის შემდეგ არიან ჟურნალისტები. სხვა პროფესიის ადამიანებისთვის ეს ცოტა რთული ასახსნელია, მაგრამ ჟურნალისტი თვითიდენტიფიკაციას სწორედ საკუთარი პროფესიით უნდა ახდენდეს. ეს არის აქტიური მოქალაქე, რომელიც პატივს სცემს და ღელავს საკუთარ ხალხზე, რომელიც საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე, დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და შეუძლია უარის თქმა.

- ..-ში ამბობენ ხოლმე უარს ჟურნალისტები?

- ძალიან იშვიათად. და ამ მომენტს პოლიტიკოსები ეფექტურად იყენებენ, ამ საქმის ნამდვილი ოსტატები არიან. მაგრამ უარის თქმა მაშინ არის ძნელი, როდესაც ასეთი ჟურნალისტი მხოლოდ ერთია. წარმოიდგინეთ ათი ჟურნალისტი, ვინც თქვა „არა“ ერთდროულად. რას იზამ, როდესაც მთავარი რედაქტორი ხარ, გააგდებ ყველას? ვერაფერსაც ვერ იზამ. რადგან შენი საქმეა 6 საათის გამოშვებისთვის ახალი ამბები გაუშვა ეთერში. ამიტომ, იძულებული ხარ წახვიდე მოლაპარაკებაზე, დათმო. ისევ ერთიანობასთან და სოლიდარობასთან მივდივართ. ასე საზ. მაუწყებელში არასდროს ხდება.

ვთქვათ, მასალაზე მუშაობ, მთელი დღე დარბიხარ - იღებ ინტერვიუებს, წერ ნარატივს და ახალი ამბების გამოშვებისთვის მართლა კარგ სიუჟეტს ამზადებ. მოდის „უფროსი“ და გეუბნება, რომ ასე დაწყება არ ღირს (და ეს „არ ღირს“ ნიშნავს „არ უნდას“), ან ეს ინტერვიუ არ არის საინტერესო და სხვა, შენთვის აბსოლუტურად უინტერესო უნდა ჩაწერო. ნელ-ნელა ხვდები, რომ ეს არ არის ის ამბავი, რისი გაკეთებაც შენ გინდოდა. ეს არ იყო შენი სათქმელი.

- თუ კატეგორიულად არ ეთანხმები პროდიუსერს (მთავარ რედაქტორს) და ცდილობ დაუსაბუთო შენი პოზიცია, მოგყავს არგუმენტები, ეკამათები?

- ამაზე ძალიან ხშირად საუბრობენ (განსაკუთრებით, უცხოელი ჟურნალისტები), მაგრამ არ არის ასე ადვილი, დამიჯერეთ. ნიუსრუმში ეს წარმოუდგენელიცაა, რადგან ყველაზე მთავარი ახალი ამბების რედაქციაში დროა - უნდა მოასწრო. ამდენი კამათის და განსჯის დრო არავის აქვს. ამიტომ, უფრო ხშირად, გიწევს ის გააკეთო, რასაც მოგთხოვენ. გეტყვიან, მაგალითად, რომ ამ თემაზე აუცილებელია ჩავწეროთ ის კომენტარი. ეკითხები, რატომ და გპასუხობენ - იმიტომ. არ არსებობს პროფესიული, არგუმენტირებული კამათი და მსჯელობა. ყოველთვის ვერ იქნება ჟურნალისტი საბრძოლო განწყობაზე, მოსაწყენია ასე მუშაობა. ეტყვიან - წახვალ და აქა და აქ, ჩაწერ ამა და ამ ინტერვიუს და გააკეთებ ასეთ ამბავს. ჟურნალისტიც ბოლოს უქნევს თავს, ფუჭ კამათს და ჩხუბს თავი რომ აარიდოს, ან უფროსის კეთილგანწყობა რომ დაიმსახუროს. ასე ნელ-ნელა იქცევიან ჟურნალისტები მედიაჯარისკაცებად. მმართველობა მათგან თან პასუხისმგებლობას, მოტივაციას ითხოვს და, ამავე დროს, ძალიან ვიწრო და მკაცრ ჩარჩოებში სვამს.

თუმცა ცალსახად პროდიუსერებსაც ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ამდენი ფიქრის და განსჯის დრო არც მათ აქვთ. ბევრჯერ მინახავს ს.მ.-ში პროდიუსერები რომ ტიროდნენ. რცხვენოდათ იმისი, რასაც აკეთებდნენ. ორი ვარიანტი აქვთ - ან სამსახური უნდა დატოვონ, იმიტომ, რომ მათ აზრს არავინ ითვალისწინებს ან უნდა დაემორჩილონ მითითებებს ზემოდან. უმეტესობა თავის დაცვის მიზნით მეორეს ირჩევს. ყოფილა, რომ პროდიუსერს ჩემთვის უთქვამს, სიუჟეტის გაკეთება „ზემოდან“ დამავალესო. გამიყვანია ცალკე ოთახში, მიმიხურავს კარი და მითქვამს - მე ხომ საინფორმაციოს უფროსის მოადგილე ვარ, მითხარი ვინ დაგავალა და მე გავარკვევ საქმეს-მეთქი. ვერ მპასუხობდნენ, იმიტომ, რომ არც არავის დაუვალებია. წარმოიდგინეთ, არის შემთხვევები, როდესაც არავინ არაფერს ეუბნებათ და თვითონ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ეშინიათ, ან ისევ უფროსების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობენ.

- როგორ უნდა დაუპირისპირდე ამ სისტემას, რა უნდა გააკეთონ ჟურნალისტებმა, თავისუფლად მუშაობა რომ შეძლონ?

- აუცილებელია შეიქმნას ტელევიზიების, პრესისა და რადიოს ჟურნალისტების ერთიანი საბჭო, კლუბი თუ რაიმე სხვა სახის გაერთიანება, რომელიც ამ პრობლემების გადაწყვეტას შეეცდება. ეს უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების დასაცავად, პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ გაერთიანებული მთელი მედიაკორპუსი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნებისმიერი პოლიტიკური თუ სხვა ზეგავლენისგან. ჟურნალისტებმა უნდა შეიმუშავონ საერთო ქცევის კოდექსი, დააწესონ სანქციები, კოდექსის დამრღვევთათვის, მოაწერონ ხელი მემორანდუმს და თავიანთ შემუშავებულ კანონებს დაემორჩილონ.

მედია საბჭოში ყველა წვრილმანს და, ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო შეცდომებსაც უნდა არჩევდნენ. მაგრამ მხოლოდ მედია კლუბის შიგნით და მხოლოდ ჟურნალისტებს შორის. გვახსოვს ალბათ, რაც მოხდა კოდორის ინციდენტის გაშუქების დროს. ვერც ერთმა არხმა ვერ გვითხრა დარწმუნებით, რა მოხდა იმ ავტობუსებში. ვინ იუწყებოდა, ვინ ადასტურებდა ამ ინფორმაციას. ფაქტიურად მთელი დღე ვარაუდებს ვისმენდითეს ძალიან უხეში შეცდომაა. აი, ამგვარი ამბები უნდა განიხილებოდეს მედია კლუბში.

- როდესაც ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ, ხშირად ისევ შევარდნაძის მმართველობის წლებს იხსენებენ...

- ერთია, რომ უნდა დამთავრდეს მუდმივად შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდის მედიის ოქროს ხანად მოხსენიება. დრო მიდის და დღეს სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. ამიტომ, წარსულში ყურებას თავი დავანებოთ და ვიზრუნოთ იმაზე, რომ არსებული სიტუაციიდან მოვნახოთ გამოსავალი. „რუსთავი 2“-ში დღემდე სულ ამას იხსენებენ - რა მაგარი იყო ეროსის „რუსთავი 2“, როგორი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ ჟურნალისტებს. დროა დაფიქრდნენ იმაზეც, რომ ახლა მათ გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ და ნებისმიერ გამოწვევას და პრობლემას უკეთ მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

მეორე საკითხია ობიექტური რეალობა - მედიას, განსაკუთრებით ტელევიზიებს, ნებისმიერ ქვეყანაში უზარმაზარი ძალაუფლება და გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. ამიტომ არის ეს სფერო პოლიტიკურად საინტერესო. ხელისუფლებას ყოველთვის უნდა მედიის კონტროლქვეშ მოქცევა. საქართველოში ეს ზეწოლა უფრო შედეგიანი გამოდგა, სწორედ სუსტი ნიუსრუმის და სუსტი მენეჯმენტის გამო. თავისუფლებას მედიას არავინ აჩუქებს, ის ჟურნალისტებმა თავად უნდა მოიპოვონ, მაგრამ საქმე არც აქ მთავრდება. თავისუფლებას მოწესრიგება და მერე შენარჩუნება სჭირდება. მხოლოდ ფურცელზე დაწერილი განცხადება, რომ ს.მ. დამოუკიდებელი ტელევიზიაა, არაფერს ნიშნავს.

- რა იყო ..-ზე მიწვევის მთავარი მიზანი, რისი შეცვლა უნდოდათ საინფორმაციო სამსახურში, რაში დასჭირდათ თქვენი დახმარება?

- არხის ხელმძღვანელობის შემოთავაზება რომ წავიკითხე, გავოცდი, მაგრად მომეწონა და დამაინტერესა. ეწერა, რომ უნდათ ახალი, ეფექტური მართვის სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან დაახლოება და სრულიად ახალი საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა. შთამბეჭდავი შემოთავაზება იყო, მაშინვე ვთქვი მივდივარმეთქი. ზუსტად ერთ თვეში მივხვდი, რომ ასეთი გასაგებიც არ ყოფილა ყველაფერი იმ დოკუმენტში.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმემდე თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. გვქონდა სამსაათიანი პირდაპირი ეთერი, როცა დააკავეს და ვთვლი, რომ კარგად ვიმუშავეთ. ბალანსიც დავიცავით, არ ჩავიციკლეთ სენსაციებზე, ერთი სიტყვით, კარგი იყო.

ერთი დღის შემდეგ: ბოკერიამ გააკეთა თითქმის ხუთწუთიანი განცხადება, სადაც ნაციონალური მოძრაობის სახელით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტზე აკეთებდა კომენტარს. და იცით, რა გავაკეთეთ ს.მ.-ში? ვაჩვენებდით ბოკერიას სრულ ხუთწუთიან გამოსვლას ყოველსაათიან გამოშვებაში. თავიდან ვთქვი - კარგი, რატომაც არა. მაგრამ ასე ყოველ საათს, ხუთი წუთი ბოკერია, დაუმონტაჟებლად. ეს რაღაც საშინელება იყო. 5 საათზე უკვე განგაში ავტეხე, მთელი მენეჯმენტი ავაწრიალე. რითი იმართლებდნენ, იცით, თავს? მეუბნებოდნენ, რომ ეს ბალანსის დასაცავად გააკეთეს. წინა დღეს ძალიან ბევრი ოპოზიციის წარმომადგენლის შეფასებები მოვისმინეთ და დღეს ნაციონალურ მოძრაობასაც მოვუსმინოთო. ვერავინ ხვდებოდა, რომ ეს თვითონ ბოკერიასაც სულელურ მდგომარებაში აყენებდა. ხალხს ბუნებრივად უჩნდებოდა აზრი, რომ ეს მისი მითითებით გავაკეთეთ. მაინტერესებს, ვისთვის იყო ეს მომგებიანი?

- ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

- მთავარმა რედაქტორმა. ახალი ამბების პროდიუსერი ლამის ტიროდა, რადგან ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო. მე რამდენიმე საათი გაუჩერებლად ბოკერიას გამოსვლის ამოღებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, მის დამონტაჟებას და ყოველ გამოშვებაში პატარა, 15-წამიანი მონაკვეთების ჩასმას ვითხოვდი. უბრალოდ, ვერავინ დავითანხმე. და რა გამოვიდა? სანიმუშოდ შევასრულეთ ვიღაცის ბრძანება და ყველანი უცებ მედიაჯარისკაცებად გადავიქეცით. ასე მუშაობა თუ ყოველდღიურ რუტინად იქცა, ნელ-ნელა ფიქრსაც გადაეჩვევი. მოდუნდები და ამ ძალიან არასწორ სისტემას დაემორჩილები. ჟურნალისტები მთელ მსოფლიოში იბრძვიან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. საფრანგეთში მეც პოლიტიკას ვაშუქებდი და მქონია ჩემს რედაქტორთან ძალიან მწვავე კამათი. ყოფილა ისეც, რომ გამიკეთებია ის, რასაც უფროსი ითხოვდა.

- საკამათო სიტუაციაში ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, სიუჟეტის ავტორი თუ რედაქტორი?

- საბოლოოდ მაინც ჟურნალისტი წყვეტს. თუმცა, თავად ფაქტი, რომ ის შენი უფროსია, ყოველთვის არსებობს. ამიტომაც არის ის შენი უფროსი, რომ საკამათო დროს გადაწყვეტილება, საბოლოო სიტყვა მან თქვას და პასუხისმგებლობა თვითონ აიღოს. მაგრამ ჩემთან შეთანხმების გარეშე უფროსი ვერ შემიცვლის ტექსტს და ვერ დაადებს სხვა ნარატივს. მე შეიძლება გავაკეთო ის, რასაც უფროსი მთხოვს თუ ეს არ ცვლის თავად ფაქტს და არ ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპებს - არ ცვლის რეალობას. ეს არის არსებითი განსხვავება.

მართალი გითხრათ, არასდროს მინახავს რომელიმე პოლიტიკოსს მთავარი რედაქტორისთვის დაერეკოს და რამე ეთხოვოს. ვიცოდი, რომ ეს ხდებოდა, მაგრამ პირადად მე არასდროს შევსწრებივარ. სამაგიეროდ, მინახავს როგორ უთქვამს მთავარ რედაქტორს უარი ასეთი მითითებების შესრულებაზე. ჟურნალისტი ერთ-ერთი კლინიკის დახურვის თემაზე სიუჟეტს ამზადებდა და შემთხვევით ეს ამბავი მაშინდელმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გაიგო. როგორც მერე აღმოჩნდა, პირადი ინტერესების გამო ამ ამბავმა საშინლად ააღელვა და გაბრაზებულმა ჟურნალისტის თვალწინ არხის ხელმძღვანელს დაურეკა. ვინ არის ეს გოგო, როგორ ბედავს შენ დაუკითხავად ასეთი სიუჟეტის გაკეთებასო. აუცილებლად, უნდა შევხვდეთ და ეს ამბავი გავარკვიოთო. რა არის ეს? ამას სამეთვალყურეო საბჭოს წევრი აკეთებს, ვისი უმთავრესი ფუნქციაც სწორედ სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ეს კაცი სამსახურიდან მაშინვე უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ არავინ არაფერი თქვა, ბოლომდე იყო საბჭოს წევრი.

რა წინადადებები და რჩევები გქონდათ ..-ის მმართველობისთვის ისეთი, რომელიც არ გაითვალისწინეს?

- ასეთი ბევრი იყო. პირველ რიგში, მინდოდა ახალი ამბების რედაქციაში იერარქია შეგვეცვალა და ორგანიზაციული სტრუქტურა პირამიდის პრინციპზე აგვეგო. როდესაც ჯერ არის ხელმძღვანელი, მერე მოდიან პროდიუსერები, რედაქტორები, ქვერედაქტორები და ჟურნალისტები. საქართველოში ერთი ვერტიკალური ხაზია და შუა რგოლის მენეჯერებს ფუნქცია აქვთ დაკარგული. უმაღლეს წარმომადგენელსა და ყველაზე დაბალ რგოლს შორის კავშირი პირდაპირ ხდება. გადაწყვეტილებების მიმღები მხოლოდ ეს უმაღლესი წერტილია. პირველ რიგში ეს უნდა შეიცვალოს.

აი, ერთი მარტივი მაგალითი ს.მ-იდან. გავიგე, რომ ფიჭურ კომპანიებს დიდი ორგანიზაციებისთვის სპეციალური შემოთავაზება ჰქონდათ. ეს კორპორატიული პაკეტი გულისხმობდა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის ერთმანეთში უფასო სატელეფონო საუბარს, რაც კომპანიას მინიმალური თანხა უჯდებოდა. ძალიან საინტერესო შემოთავაზება იყო, მაგრამ ვერაფერი გადაწყვიტეს. გადადეს სამომავლოდ, ვერ მოიცალეს და მერე გადაავიწყდათ. მეორე მხრივ, მაუწყებელს ძალიან არაკომფორტული ბიუროკრატიული აპარატი აქვს. ყველა დახარჯულ კაპიკზე იმდენი საფეხურის და ინსტანციის გავლა გიწევს, რომ, უბრალოდ, დრო არ გაქვს შენი სამსახურებრივი მიზნებისათვის დახარჯული თანხა აინაზღაურო. ჟურნალისტებს ამდენი დრო არა აქვთ, რომ წერონ განცხადებები, მერე ამ განცხადებამ რამდენიმე საფეხური გაიაროს და ყველამ დაამოწმოს თანხის გახარჯვის მიზნობრიობა - უგრძესი პროცესია. და ვინ იხდის ჟურნალისტების სატელეფონო ხარჯებს სამსახურებრივი მიზნებისთვის? ვინ და თავად ჟურნალისტი. იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც 250 ლარამდე ხარჯავდნენ მხოლოდ სატელეფონო საუბრებში, სამსახურებრივ საქმეებზე. და ამ ჟურნალისტებს 600 ლარი აქვთ ხელფასი. და იცით, რას ვიღებთ ბოლოს? ისინი საერთოდ აღარ რეკავენ. როდესაც სჭირდებათ მაშინაც აღარ რეკავენ, ანუ აღარ აკეთებენ სრულფასოვნად თავიანთ საქმეს. მე თუ მკითხავთ, კომპანიისთვის, არხისთვის ეს უფრო დიდი დანახარჯია. მაგრამ ვერაფერს გავხდი.

ყოველ საათში ახალი ამბების გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ძალიან დიდი შეცდომა იყო ახალი ამბების არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე აქცენტის გაკეთება. თუ რატომ გადაწყვიტეს ასე, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. სიუჟეტების ხანგრძლივობაც შევცვალე და სტანდარტულ 2:30 წუთამდე დავიყვანე. ეს იყო ერთადერთი საშუალება მეიძულებინა ჟურნალისტები ფაქტებზე მოეხდინათ კონცენტრაცია, რომ ამბავი ზუსტი, შთამბეჭდავი და საინტერესო ყოფილიყო. განსაკუთრებით ბევრს პოლიტიკური მიმომხილველები წუწუნებდნენ, სათქმელი 2:30 წუთში როგორ ჩავატიოთო. ვეუბნებოდი, დიახაც, რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ-მეთქი. თანაც ეს იყო ძალიან საინტერესო განმასხვავებელი ნიშანი „იმედისა“ (იმ დროს „იმედი“ ჯერ კიდევ მაუწყებლობდა) და „რუსთავი 2“-ისაგან. დინამიური, საინტერესო და მოკლე „ნიუსები“ - სამუშაო მაგიდებთან მოკალათებული, მეცნიერული ტექსტებით მოსაუბრე პოლიტიკოსებიანი ნიუსების ნაცვლად. კარგადაც ვიმუშავეთ... ისევ, ოქრუაშვილის საქმემდე. ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ, ეს ყველაფერი დაივიწყეს და ისევ ძველ სტილს მიუბრუნდნენ - დაუსრულებელ, მოსაწყენ სიუჟეტებს.

ოპოზიციის მხრიდანაც იყო ზეწოლა - მოითხოვდნენ იმ სიუჟეტებში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლის ინტერვიუები გვქონდა, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ჩაგვერთო. ამას ბალანსიც აღარ ჰქვია. ეს ჩვენი, ჟურნალისტების ფუნქციაა, რომ პოლიტიკურ ოპონენტთაგან, ყველაზე საინტერესო პოზიცია ვაჩვენოთ და არა ყველას პოზიცია ცალ-ცალკე.

და კიდევ ერთი, რისი შეცვლაც ვცადე, ეს სოციალური თემატიკის წამოწევა იყო. მინდოდა, ახალი ამბების პოლიტიკით დაწყების ტრადიცია დაგვენგრია. ვერ ვიტან პირველ ბლოკს, ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ამ ამბების სმენას, რა აზრი გამოაქვს საზოგადოებას, ვის სჭირდება საერთოდ? ვამბობდი, რომ პირველ ბლოკში პირველი ნიუსი უნდა იყოს სოციალური სიუჟეტი, ან ეკონომიკა. ეს თემები ხომ ყველაზე უკეთ ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას. ამაზე მპასუხობდნენ, რომ ხალხი დაიღალა შეწუხებული, გაჭირვებული ადამიანების ყურებით, მათი პრობლემებით და რომ ეს თემები აღარავის აინტერესებს. რა უცნაური ამბავია, აბა, რა გაინტერესებთ? ს.მ.-ზე სოციალური სიუჟეტების გასაკეთებლად არასდროს საუკეთესო ჟურნალისტს არ უშვებენ, რატომღაც ფიქრობენ, რომ პოლიტიკა უფრო რთული გასაშუქებელია. ამიტომ, საუკეთესო ჟურნალისტებსაც ამ თემისთვის „ინახავენ“.

ახალი ამბებიდან რეკლამის ამოღებაც მინდოდა. ვუთხარი, მოდით, ვიყოთ ერთადერთი ტელევიზია, ვისაც ახალი ამბები სარეკლამო ჭრის გარეშე აქვს-მეთქი. თავიდან დამეთხმნენ და ვცადეთ კიდეც, მაგრამ საარჩევნო კამპანია დაიწყო და პოლიტიკური რეკლამები ისევ ბლოკებს შორის ჩაჯდა. ეს უდიდესი შეცდომა იყო. განსაკუთრებით, იმიტომ, რომ პოლიტიკური რეკლამისთვის გაცილებით მეტი დრო ერთ პრეზიდენტობის კანდიდატს (მიხეილ სააკაშვილს) ეთმობოდა. ხანდახან რეკლამა და სიუჟეტი ისე გადადიოდა ერთი მეორეში, ვერაფერს გაიგებდი. რა თქმა უნდა, ამას ყველა ჩვენს მიკერძოებულობას მიაწერდა და ნელ-ნელა ნდობას ვკარგავდით. ბევრჯერ ვეცადე მმართველობა გადამერწმუნებინა. ვეუბნებოდი, რეკლამების მაგივრად ჩვენი „მოამბის“ პრომო გავაკეთოთ, რომ ვართ ერთადერთი ახალი ამბების რედაქცია, ვინც სარეკლამო ჭრის გარეშე გადის ეთერშიმეთქი. ვერც ამ იდეით მოვხიბლე მენეჯმენტი.

- საზოგადოებრივ მაუწყებლთან ერთად ჟურნალისტების მთავარ ფუნქციაზეც ბევრს კამათობენ. ჟურნალისტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტებს სტუდენტობიდან ვასწავლოთ, რომ მათი ფუნქცია საზოგადოების განათლებაა. სხვები კი გვარწმუნებენ, რომ ამ პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ყველა მედიასკოლაში სპეციალური ეთიკის კურსები არსებობს, სადაც ჟურნალისტებს დეტალურად უხსნიან, რას ნიშნავს იყო ქვეყნის მეოთხე ხელისუფლება. და რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს შენი გავლენა საზოგადოებაზე. ამ საკითხის გვერდის ავლა სიგიჟედ მიმაჩნია, იმიტომ, რომ ეს რეალობაა. მედიის ძალაუფლება აუცილებელია საზოგადოებრივი დაწესებულებების, ინდუსტრიული ლობის დასაბალანსებლად და ეს ჟურნალისტებმაც უნდა იცოდნენ. მაგრამ, ამავე დროს, ჟურნალისტებმა პროფესიული ეთიკის ნორმები უნდა დავიცვათ - მოვიპოვოთ ინფორმაცია სამართლიანი გზით, ვაჩვენოთ ფაქტები შელამაზების გარეშე - ანუ არაფერი დავფაროთ, დავასახელოთ წყაროები, გადავამოწმოთ ინფორმაცია და ა.შ. ძალაუფლებასთან ერთად არსებობს უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.

რა თქმა უნდა, არსებობენ ჟურნალისტები ძალაუფლების ხიბლში რომ ვარდებიან, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიზეზით, რომ მათ ზუსტად ამ ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ჩვენ ვახდენთ გავლენას საზოგადოებაზე, გვაქვს მათი განათლების ფუნქციაც, მაგრამ საზოგადოებაც ახდენს გავლენას ჩვენზე. ჩვენი ეთიკა კი სადღაც შუაშია. არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ გვაკონტროლებს; ცრუ ბრალდებების, ჭორების წყაროდ გამოყენების, ბავშვთა უფლებების დარღვევის, ღვარძლიანი, ზიზღნარევი საუბრის წინააღმდეგ... დასავლურ ქვეყნებში, ჟურნალისტის გავლენა/ძალაუფლება სწორედ მისი ნდობისა და კომპეტენციის პროპორციულია.

- რის მიხედვით ხდებოდა ახალი ამბების პოლიტიკის განსაზღვრა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ითვალისწინებდნენ კონკურენციას? რას სთავაზობდა განსხვავებულს .. მაყურებელს?

- ეს ძალიან სასაცილო ამბავია. „რუსთავს“ და „იმედს“ საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდათ. ამიტომ, ძირითადად ს.მ.-ზე იმის გამეორებას ცდილობდნენ, რასაც ეს ტელევიზიები აკეთებდნენ, ეს იყო მათი პასუხი კონკურენციაზე. რახან „რუსთავი“ ამას აკეთებს, ე.ი. ჩვენც ასე უნდა გავაკეთოთ, რახან „იმედმა“ გადაწყვიტა ყოველ საათში ახალი ამბების გაშვება, ჩვენც ასე მოვიქცეთ. მათი კუდები ვიყავით.

ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი კონკურენტების არსებობა და ახალი იდეები, ახალი პროექტები უნდა დავუპირისპიროთ. ს.მ. ყველაზე რადიკალური ცვლილებებისთვისაც კი ყველაზე შესაფერისი ადგილია - მისი რეიტინგი ძალიან დაბალია - არაფერი აქვს დასაკარგი. ვეუბნებოდი, მოდით „განსხვავებული“ ყოფილიყო ჩვენთვის პრიორიტეტი და გაგვერისკა, იმის საფასურად, რომ რამდენიმე წელიწადში უკეთ ინფორმირებული, უფრო განათლებული საზოგადოება გვყოლოდა. მერე რა, რომ ჩვენი რეიტინგი მხოლოდ 5%25-მდე გაიზრდებოდა. ჩვენ გვინდა უცებ 20%25, 50%25 გახდეს. კი ბატონო, მაგრამ როგორ? ტელესერიალებით, რეალითი შოუებით, თოქშოუებით, სისხლიანი სიუჟეტებით, სასტიკი დანაშაულებების გაშუქებით? ეს ხომ უკვე არის, „რუსთავზე“, „იმედზე“ და „მზეზე“. რაზე გვაქვს ჩვენ გათვლა? ისევ იმაზე, რასაც საზოგადოებას სხვა ტელევიზიები უკვე დიდი ხანია სთავაზობენ. და ეს საკმაოდ კარგად გამოსდით. რა გამოდის, - რომ ჩვენ მანამდე ვაგებთ, სანამ ბრძოლას დავიწყებთ.

- როგორი იყო არხის ხელმძღვანელობის პასუხი თქვენ შეთავაზებაზე?

- არხის ხელმძღვანელიც და საინფორმაციოს უფროსიც ყველაფერში დამეთანხმნენ. მაგრამ მაინც ვერაფერი გადაწყვიტეს.

9 რესპუბლიკელების დილემა

▲back to top


ინტერვიუ

დავით უსუფაშვილი - რესპუბლიკელებს გვჭირდებოდა ცივი შხაპი

ავტორი: ნინო ბექიშვილი

0x01 graphic

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას, სწორედ არჩევნების დღეს, 2008 წლის 21 მაისს 30 წელი შეუსრულდა. საქართველოში დღეს მოქმედ პარტიებს შორის ყველაზე ძველმა, პრინციპულობით და ლიბერალური ღირებულებისადმი ერთგულებით გამორჩეულმა და ნაკლებად პოპულისტურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა და პარლემენტში მოხვედრა ვერ მოახერხა. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პოლიტიკურად ძალიან ცხელი, უკანასკნელი ცხრათვიანი პერიოდიც მიმოიხილა და საარჩევნო კამპანიისას რესპუბლიკლეთა მიერ დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა.

ბატონო დავით, თქვენი აზრით, რა გვიჩვენა უკანასკნელმა არჩევნებმა, რეალურად რა შედეგი მივიღეთ?

საპარლამენტო არჩევნები ძნელია განვიხილოთ იმ კონტექსტის გარეშე, რაც მას წინ უძღოდა. ალბათ, უფრო ბოლო ცხრათვიან პერიოდზე უნდა ვისაუბროთ, რომლის კულმინაციაც საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად იყო. ახლა რაღაც ეტაპი დასრულდა და უკვე შესაძლებელია ანალიზი. უფრო მეტიც - ეს ძალიან საშური საქმეა. რამდენიმე პოლიტოლოგ-ანალიტიკოსსაც მივმართეთ თხოვნით, დამსხდარიყვნენ, გაენალიზებინათ ბოლოდროინდელი მოვლენები და დაეწერათ ამის შესახებ. გვგონია, რომ ჩვენი ხედვა აშკარად არ იქნება საკმარისი მოვლენების სრულფასოვნად შესაფასებლად - ბუნებრივია, არ შეგვიძლია საკუთარი თავი და ჩვენი მონაწილეობით წარმართული პროცესები ობიექტურად შევაფასოთ. თუმცა, ამას ნამდვილად ვცდილობთ. რამდენიმე შეხვედრაც მივუძღვენით ამ საკითხს, ვაპირებთ პოსტსაარჩევნო ბროშურის გამოცემას. როგორც წესი, საარჩევნო პერიოდშია ხოლმე ასეთი ტიპის წერილოებითი ურთიერთობა პარტიებსა და ამომრჩეველს შორის, მაგრამ ჩვენ, უახლოეს ხანებში, ამ ბროშურას საკმაოდ დიდი ტირაჟით მივაწოდებთ ამომრჩეველს, რომელსაც ბევრი კითხვა დაუგროვდა - რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა და ა. შ.

მთავარი, რაც შეიძლება ვთქვათ, ჩვენი აზრით, ესაა - შევარდნაძით შეიძლებოდა დასრულებულიყო პოსტკომუნისტური ეპოქა, მაგრამ ბოლო წლების „მონაგარი“ მიგვანიშნებს, რომ ეს ვერ მოხერხდა და პოსტკომუნიზმი საქართველოში გრძელდება. საზოგადოებრივი პროცესები და მათ შორის, პოლიტიკური პროცესები იმ მიმართულებით განვითარდა, რომლის მიზანიც ნამდვილად არ არის თავისუფალი მოქალაქის, ინდივიდის ჩამოყალიბება. პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესები იქით უნდა იყოს მიმართული, რომ მოქალაქეებს გაუჩნდეთ განცდა, - სწორედ ისინი არიან ამ ქვეყნის პატრონები, ამ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელნი. ამ ტენდენციების გაღვივების ნაცვლად, ბოლო წლები მოხმარდა (არჩევნები ამის გვირგვინი იყო) სრულიად სხვა მიმართულებას - მოქალაქის ფასი არის ნოლი, ინდივიდი სინამდვილეში არაფერს წყვეტს და, შესაბამისად, ის არცაა პასუხისმგებელი არაფერზე. ამიტომ, ძალიან მარტივად შეიძლება გააკეთო არჩევანი, ბიულეტენში გარკვეული ნომრის შემოხაზვა რომ ჰქვია. ეს საკითხი დავიდა ტექნიკურ პროცედურამდე და ვერ იქცა ინდივიდის, მოქალაქის, საზოგადოებრივი ცხოვრების კულმინაციურ მომენტად, როცა ყველაფრის გაანალიზების, შეჯამების შემდეგ აკეთებ არჩევანს, იმაზე, რაც შენი საპატრონოა, შენი მოსავლელია. ამის საპირისპიროდ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოქალაქის, ინდივიდის განდევნა მოხდა და ის მხოლოდ ტექნიკურ შემსრულებლად გადაიქცა.

ეს ხელისუფლებაში მყოფი გუნდის გარკვეული ხედვების შედეგია, მათ დაიჯერეს ძალიან ცნობილი პოსტულატი - „სახელმწიფო ეს მე ვარ“. ამ დასკვნამდე მისვლა ძალიან ადვილია, თუკი საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას შეხედავ და იტყვი - როგორ შეიძლება ამ ხალხს ენდო, მათ არ იციან, რა არის სწორი ან არასწორი. აქ ორი გზაა. ან უნდა წახვიდე იქით, სადაც წავიდა ეს ხელისუფლება - საზოგადოებამ არაფერი იცის, სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით ყველაფერი და ჩვენ გადავწყვეტთ ყველაფერსო. ეს გარკვეული შედეგების მისაღწევად მოკლე და იოლი გზაა. არის მეორე გზა, რომელიც, ჩვენი აზრით სწორია - როდესაც დაასკვნი, რომ დღეს საზოგადოება ბევრ საკითხში ვერ ერკვევა, უფრო მეტი უნდა იმუშაო, რომ მან, საზოგადოებამ შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, ის თვისებები, რაც საჭიროა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს გრძელი გზაა, ამ გზით, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ის რეფორმები, რომელიც დაგეგემილი აქვს, მოკლევადიან პერიოდში ვერ გაატაროს. მეორე გზასაც - „სახელმწიფო მე ვარ, და მე ვიცი, რასაც ვაკეთებ“, აქვს შესაძლო განშტოებები. მაგალითად, პოსტსაბჭოთა სივრცეში ყოფილა შემთხვევები, როდესაც რომელიღაც მთავრობებმა თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა და შოკური თერაპიის სახელით ცნობილი რეფორმები გაატარეს. მაგრამ ეს არჩევნებამდე გაგრძელდა, არჩევნებზე კი საზოგადოებას მისცეს თავისუფალება და ამას შეეწირნენ კიდეც. ბოლოს, ისევ ხალხს ჰკითხეს, გინდივარ თუ არ გინდივარო. ჩვენთან ამ არასწორი გზის მეორე საფეხურზეც ისევ არასწორი ნაბიჯი გადაიდგა. თქვეს, არჩევნებზეც აღარ ვკითხოთ ხალხს არაფერი და ნებისმიერი საშუალებით ისევ დავრჩეთ ხელისუფლებაშიო. აქ ფუნდამენტური პრობლემები ჩანს და ეს ყველაფერი ვერ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პიროვნებამდე. ის, რაც ამ ბოლო ორ არჩევნებზე ვნახეთ, სწორედ იმის დასტური გახლდათ, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე საზოგადოება; სახელმწიფომ, ბიუროკრატიულმა მანქანამ იძალადა საზოგადოებაზე.

რას გულისმობთ ამ ფრაზაში - უფრო მაგარი ვარ? იმას, რომ უფრო მეტი ძალაუფლება მაქვს, თუ იმას, მე უფრო პროგრესული ვარ და ამით ვძალადობ შენზე?

არჩევნებზე ასეთი ტიპის ძალადობა იყო - მე შემიძლია გაგაკეთებინო ის, რაც მინდა. უამრავი პატიმრის დედას უთხრეს, რომ თუ ამდენ ხმას გაახერხებ, შენს შვილს გავათავისუფლებთო. ეს იმდენად აკრძალული ხერხებით მოქმედი სახელმწიფოა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ვინ რამდენ პროცენტს მიიღებდა. გაცილებით მეტი დატვირთვა ჰქონდა თვითონ პროცესის ფორმას. არსებობს მოვლენები, როდესაც ფორმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შინაარსი. არჩევნები სწორედ ასეთი მოვლენაა. არჩევნებში ფორმაა მთავარი, დემოკრატიაშიც ფორმაა მთავარი. ჩვენი ხელისუფლების გავლენიანი წარმომადგენლები რამდენიმე წლის წინ საკმაოდ თამამად შემოდიოდნენ დისკუსიაში იმის შესახებ, რა უფრო მნიშვნელოვანია - პროცედურული დემოკრატია თუ მიღწეული კარგი შედეგი. ამგვარი პროცესები დემოკრატიულმა საზოგადოებებმა 100-150 წლის წინ გაიარეს, როდესაც იქაც იყო მსგავსი დებატები. დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ დემოკრატია ფორმაა და პროცედურებია. დანარჩენი დამოკიდებულია ხალხის ნებაზე, ამ ნების ფორმირებაზე.

საბოლოოდ, ეს არჩევნები შეგვიძლია შევაფასოთ არა რომელიმე პარტიის მარცხად, არამედ, მთელი ქართული საზოგადოების მარცხად, რომელმაც ძალიან რთული გზა განვლო 90-იანი წლებიდან დღემდე, ბევრი ტრავმა მიიღო, ისეთი, რომელმაც ძალიან შეასუსტა მისი სახელმწიფოებრივად აზროვნების თუ მოწყობის უნარი და ძალა. ადამიანები, თავისუფალი საზოგადოების საუკეთესო სამშენებლო მასალა, ხელიდან გამოგვეცალა და საზოგადოების სტრუქტურირება გარკვეულ ქვესისტემებად ვერ მოხერხდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ სოლიდარობაზე, რომელიც რაიმე ტიპის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა. როდესაც, ვთქვათ, ბათუმში ხელისუფლებისგან უასამართლოდ დაჩაგრულ მოქალაქეს ვინმე თელავიდან ეხმიანება - ეს ძალიან შორი პერსპექტივაა. არ არსებობს არც პროფესიული სოლიდარობა. მხოლოდ სოლიდარობის გრძნობის მქონე საზოგადოებას შეუძლია დემოკრატიულად მოეწყოს და ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული. ჩვენთან პირიქით ხდება, ისეა ყველაფერი მოწყობილი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იფიქროს - ეს ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი პრობლემა მოვაგვარე და ამის იქით რა ხდება, არ მაინტერესებს. კერძო საკუთრებაც კი, თუ სოლიდარობის განცდა არ არსებობს, ვეღარ დგება თავისუფლების და დემოკრატიის სამსახურში. კერძო საკუთრება ზოგადად დაცული რომ იყოს, ჩემი და თქვენი ერთნაირი მონდომებით უნდა დავიცვა.

ამ ხელისუფლებამ მართვა საკმაოდ მკვეთრი რეფორმებით დაიწყო და მოსახლეობაში გარკვეულწილად შიში სინდრომი გაჩნდა. როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ქართული საზოგადოება, განსხვავდება იმ ხალხისგან, რომელმაც 2003 წელს რევოლუცია მოახდინა?

2003 წლის რევოლუცია იმავე ხალხმა მოახდინა, რომელიც 2007-2008 წლებში კიდევ უფრო ფართო წარმომადგენლობით იმავე ქუჩაზე რამდენჯერმე მოვიდა. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს იგივე ხალხია, მან ისეთივე პასუხისმგებლობა გამოავლინა, როგორც 2003 წელს. აქაც, ვინმე რომ გაძღოლოდა, შეიძლება, ხალხი გაჰყოლოდა კიდეც, მაგრამ ეს არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი საზოგადოებრივი დაკვეთა - ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს არაა გზა, რომელიც სადღაც მიგვიყვანს. რევოლუციების პრეცედენტად ქცევა უკიდურესად სახიფათოა სახელმწიფოებრიობისთვის. დღევანდელ საზოგადოებას ხიფათის მეტი განცდა აქვს, ვიდრე შევარდნაძის ეპოქაში ჰქონდა. მაშინ უფრო იმით იყო შეწუხებული, რომ არაფერი არ ხდებოდა, უძრაობის ხანა იდგა. ხელისუფლება დღეს გაცილებით უფრო დინამიურია, გაცილებით მეტ ცვლილებებზე მიდის, ბევრი ცვლი ლება არასწორია და თან შეუქცევადი ხასიათისაა. რაც არ უნდა კარგი რეფორმა გაატარო საგანმანათლებლო სისტემაში, თუ შემდეგ შვილები ხედავენ, რომ მშობლები წინაურდებიან არა იმიტომ, რომ უკეთ შრომობენ, ან უკეთესი განათლება აქვთ, არამედ სხვა რაღაცების გამო, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს მომავალზე სულ სხვა წარმოდგენები უვითარდებათ - შრომა და განათლება არ არის აუცილებელი, სხვა გზებით შეიძლება მიაღწიო წარმატებას. საგანმანათლებლო სისტემა მარტო ის არაა, რაც სკოლაში ხდება, იგივე ითქმის სასამართლოზეც - სასამართლოს დაქვემდებარება პოლიტიკური ხელისუფლების მიერ, ზოგადად სამართლიანობის გაცნობიერებაზე მოქმედებს. ეს მხოლოდ იმ ხალხის პრობლემა არაა, რომელიც სასამართლოში მიდის და იქ სამართალს ვერ პოულობს. ინგრევა სამართლიანობის განცდა და ისიც, რომ ღირს სამართლიანობისთვის ბრძოლა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როგორც ვიცი, თქვენ რამდენჯერმე შემოგთავაზეს სახელისუფლებო თანამდებობა და უარი თქვით. რატომ? ამით პასუხისმგებლობას ხომ არ გაექეცით?

რაღაცაზე უარს რომ იტყვი, შეიძლება, დიდად დასაფასებელი და საამაყო არ იყოს - ეს ერთი შეხედვითს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას გაექეცი. მაგრამ პასუხისმგებლობას რაღაც სხვა ტიპის განმარტებაც აქვს. პასუხისმგებლობა უნდა აიღო იქ, მაშინ და შემსრულებლად ვჭირდებოდი მათ. ბუნებრივია, ამაზეც უარი ვთქვი. მაშინ, 2003 წლის ნოემბრის ბოლოს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ, სადაც ვამბობდი, რომ ახლა საქართველოში მოვიდა ხელისუფლება, რომლის ყველა ნაბიჯი უნდა გაკონტროლდეს. ზოგადად, ხელისუფლებაში იმ გუნდის მოსვლას აქვს აზრი, რომელსაც გრძელი გზა აქვს გავლილი და საზოგადოებას მისგან ნაკლები სიურპრიზები ელის. ხელისუფლების ოლიმპზე მოსული 100-იდან 99 ინდივიდი განწირულია იმისთვის, რომ მასში იძალოს ძალადობის სურვილმა. ასე რომ არ მოხდეს, საბოლოოდ, ეს მხოლოდ შიდა მექანიზმებმა უნდა უზრუნველყოს. მაგალითად, ივლიანე ხაინდრავა და დათო უსუფაშვილი თუ არიან მინისტრები, მოქალაქეებს შეუძლიათ მშვიდად იძინონ, იმიტომ, რომ პირველ რიგში, პარლამენტამდე და სასმართლოებამდე ხაინდრავა არ მისცემს საშუალებას უსუფაშვილს, სადმე გაუტიოს და პირიქით. როგორც ჩანს, მხოლოდ კონსტიტუცია და კანონები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მმართველებმა ჭკუით განვლონ თავიანთი გზა. აქ შემოდის რელიგიური თემები, პარტიულ-ორგანიზაციული თემები, პასუხისმგებლობა პარტიის უკანდმდგომი ეშელონების წინაშე, ხალხის ხმის განცდა. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ცალკე წასვლის ერთ-ერთი მთავარი თეორიული არგუმენტი სწორედ ის იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას არ შეიძლება შესთავაზო რაიმე ყალბი, ბუტაფორიული, რომელიც წარმატების შემთხვევაში იმავე საზოგადოებისთვის იქცევა პრობლემად - მოიხედავს ხალხი და უზარმაზარ იმაზე, სადაც ხედავ, რომ შეგიძლია გაუმკლავდე საქმეს, გააკეთო უკეთესი საზოგადოებისთვის და არ ემსახურო უარესს. ჩემი უარის მიზეზი ყოველთვის ეს იყო - გაგაკეთებინებენ საქმეს სწორი მიმართულებით თუ არა? 2003 წლის სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილს სურდა, რომ მაშინდელი საპარლამენტო პარტიული სიის პირველი ნომერი ვყოფილიყავი. მაშინ ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, რომელიც ორი წლის შემდეგ, ჰორიზონტზე ჩანდა. თვლიდა, რომ სჭირდებოდა ისეთი ტიპაჟი, ვინც მისი შემავსებელი, დამასრულებელი იქნებოდა. იმ ხალხთან, ვინც მაშინ იყო სიაში, კარგს ვერაფერს გავაკეთებდი. ამიტომ, უარი ვთქვი. რევოლუციის შემდგომ დღეებში, იუსტიციის მინისტრობა შემომთავაზეს, მაშინ რამდენიმე კითხვა დავსვი. კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ მიპასუხეს, რომ პარლამენტი სწრაფი რეფორმების ხელისშემშლელია და უნდა შესუსტდეს, აღმასრულებელი ხელისუფლება კი უნდა გაძლიერდეს, იყო მაჟორიტარების, შევარდნაძის ბობოლებთან გამკლავების თემა. ძალიან მკაფიოდ დავინახე ყველაფერი, რაც შემდეგ სხვადასხვა იუსტიციის მინისტრების ხელით გაკეთდა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, ამის შეუთავსებლობებს და განსხვავებულ ხედვებს დაინახავს. ამიტომ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, ინდივიდი აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკა ერთიანი ხედვების მქონე ადამიანების ჯგუფის საკეთებელი საქმეა. ისე, პოლიტიკის გარეშე ინდივიდმა შეიძლება უამრავი რამ აკეთო, იყო კარგი ჟურნალისტი, ექსპერტი, პოეტი, ადამიანის უფლებების დამცველი. ინდივიდის ადგილი პოლიტიკაში არ არის.

როგორ ფიქრობთ, 3, 78 პროცენტი, ეს 70 000 ხმა რეალური შედეგი იყო? რამდენად შეესაბამება ეს პროცენტი სიმართლეს?

ჩვენი დაკვირვებით 2008 წლის მაისში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პოტენციალი იყო დაახლოებით სამჯერ მეტი - 10-12 პროცენტი. ამ 12 პროცენტის ერთი მესამედი ჩვენ თარხნიშვილმა ჩაგვიწერა ოქმში. მეორე ერთი მესამედი დაგვაკარგვინა ხელისუფლების ბინძურმა მეთოდებმა - დაშინებამ, მოსყიდვამ, ბოლო მანიპულაციებმა ყუთებთან და ა. შ. მესამე 70 000 ჩვენ თვითონ დავკარგეთ. აშკარად იყო ამდენი ამომრჩეველი, რომელმაც, ზეწოლის გარეშე, გადაწყვიტა არჩევნებზე არმისვლა ან მისვლა და ხმის სხვა მიმართულებით მიცემა. ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, ჩვენ რომ უკეთ გვემუშავა, ბარიერს გადავლახავდით. ჩვენ რომ ცუდად გვემუშავა და ხელისუფლება არ ჩარეულიყო ამ ამბებში, ბარიერს აქაც გადავდიოდით. მაგრამ როცა ორივე დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენი არცთუ კარგი მუშაობა და ხელისუფლების მიერ რეპრესიული მანქანის სრულად ამოქმედება, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც გვაქვს.

რას გულისხმობთ არცთუ კარგ მუშაობაში?

ვგულისხმობ იმ შეცდომებს, რომლებიც დავუშვით. მას შემდეგ, რაც ეროვნული საბჭოს დატოვება მოგვიწია, არ გვინდოდა, რომ ის, რაც დავტოვეთ, კრიტიკულად წარმოგვეჩინა. ძალიან ბევრ შემოტევას არ ვუპასუხეთ. ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას და ჩვენი მიზანში ამოღებით გადაწყვიტა თავისი უპირატესობის დამტკიცება, რისგანაც ჩვენ თავი შევიკავეთ. რადგან მეორე მხარე ასევე არ მოიქცა, ამან მძიმე ვითარებაში ჩაგვაყენა.

შეცდომა იყო ისიც, რომ არჩევნების დაწყებიდან მთელი ორი კვირა საარჩევნო კამპანია არ დავიწყეთ და გაუთავებლად ველოდებოდით გაერთიანებული ოპოზიციის ჩამოყალიბებას მაჟორიტარ კანდიდატებზე. ჩვენ არ ვახმაურებდით, ვის სად ვასახელებდით, იმიტომ, რომ გვეგონა, შეიძლებოდა დასხდომა და ოლქების დიდ ნაწილში მაჟორიტარებს შორის კონკურენციის თავიდან აცილება. ბევრი მიმართულებით, სიების წარდგენამდე ორი-სამი დღით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილებები. ორთვიანი კამპანიის დროს ორ კვირას რომ დაკარგავ და კანდიდატი არ მუშაობს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.

შეგვეშალა ისიც, რომ ამ საარჩევნო კამპანიის დროს არ ვთქვით, რასაც ვფიქრობდით ახლადგამოჩენილი ოპოზიციური ლიდერების და პარტიების შესახებ. სათქმელი, რომელიც უნდა თქმულიყო, არ ითქვა. ძალიან მკაფიოდ და დაწვრილებით უნდა აგვეხსნა მოსახლეობისთვის სად არის რწმენა და მართლმადიდებლობა და სად არის რწმენით და მართლმადიდებლობით პოლიტიკური სპეკულაცია, ეს უნდა გაგვეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემებზე საწყისი პოზიციები წამგებიანი გვაქვს - ერთ-ერთი გავრცელებული ბრალდებაა, რომ ჩვენ თითქოს არა ვართ ქრისტიანები, მართლმადიდებლები, და საერთოდ, ქართველებიც არა ვართ. ჩვენ, როგორც წესი, ასეთ თემებზე საუბრისას ორ ცეცხლს შუა ვართ ხოლმე. ბევრი საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტი გეტყვის, რომ იდეები არის არჩევნებიდან არჩევნებამდე. ხოლო საარჩევნო პროცესში უნდა შეეცადო, მაქსიმუმი მიიღო როგორი სპეკულაციების ფასადაც არ უნდა დაგიჯდეს ეს. ჩვენი პარტნიორები გერმანიაში, თავისუფალი დემოკრატები, 11-12 პროცენტს თუ მიიღებენ, ის წელი კარგია მათთვის. ამაზე ხშირად მისაუბრია მათთან. როდესაც მათ ჩვენს სიტუაციას აღვუწერ ხოლმე, მეუბნებიან, - ნამდვილად ცუდ დღეში ხართო. გერმანიაში ან ქრისტიან-დემოკრატები არიან სათავეში, ან სოციალ-დემოკრატები. მაგრამ ის განცდა, რომ ქვეყანა დაინგრევა, ან სასამართლოს დაიმორჩილებს ვინმე ან ეკონომიკას დაანგრევს, იქ არ არსებობს. იქაური ლიბერალები ახერხებენ იმას, რომ თავიანთი გავლენა ჰქონდეთ, თავიანთი ნიშა ეჭიროთ. ჩვენთან, სწორედ იმიტომ, რომ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერება ნაკლებადაა და თან თავისუფალ პოლიტიკურ კონკურენციას ხელისუფლება ყოველნაირად ეწინააღმდეგება, სხვანაირი ვითარებაა. თქვენი კოლეგა რომელიმე ჟურნალისტი, პირდაპირ გაჯახებს კითხვას - „ვთქვათ, მიიღე 10 პროცენტი, მერე რას შეცვლი?“ მოქალაქე უსმენს ამას და ფიქრობს - 10 პროცენტიანი პარტია რაში მჭირდება? მე მინდა ის ძალა, რომელიც მოვა და ამ ხელისუფლებას შეცვლის, 50+1 პროცენტზეა გათვლა. გამონაკლისი აქ ლეიბორისტური პარტიაა, რომელსაც მყარი ამომრჩეველი ჰყავს, შალვა ნათელაშვილს შეუძლია რაღაცები უფრო მარტივად გადაწყვიტოს.

მაგალითად, საარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირებული იყო გაერთიანებულ ოპოზიციასთან. არჩევნების მეორე დღესვე მათ გვერდით დადგა და ამისთვის ამომრჩეველს არ გაუკიცხავს.

თქვენ ყველაზე კრიტიკული ამომრჩეველი გყავთ… და ეს არ არის ცუდი…

გვსიამოვნებს, რომ ასეთი კრიტიკული ამომრჩეველი გვყავს. მაგრამ სასურველია მეტი იყოს მათი რაოდენობა, თუმცა, ეს არ იქნებოდა პრობლემა, არ იყოს განცდა - ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის სამწუხაროდ, რესპუბლიკური პარტიის საქმე გაცილებით უკეთაა, ვიდრე ქვეყნის.

როცა ამბობთ, თქვენ არა ხართ ბევრნი, რა მოლოდინები გაქვთ, როდესაც ამბობთ, რომ 12 პროცენტი გაქვთ?

12 პროცენტი მაისში გვქონდა, სექტემბერში 25 გვექნება!

რატომ იდექით გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად? ძალიან ბევრ საკითხში თავიდანვე აშკარა იყო, რომ ვერ თანხმდებოდით...

გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად ნოემბერში ერთი კონკრეტული მიზნისთვის ვიყავით - გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის. მეტი რომ არ ვთქვა, ჩვენი დამსახურება იყო, რომ ოქრუაშვილის დაკავებიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში მთავარ მოთხოვნად სწორედ კონსტიტუციურ ვადებში საპარლამენტო არჩევნები ჩამოყალიბდა და არა, ვთქვათ, „მიშა გადადექი“ ან „ვანო ციხეში“. იმ დროს, ამ მოთხოვნის გარშემო რაც მეტი პოლიტიკური ძალა გაერთიანდებოდა, მით უკეთესი იქნებოდა. 2 ნოემბრამდე უამრავ ადამიანს ვხვდებოდი, უცხოეთშიც, აქაც, ბურჯანაძესაც შევხვდი, და ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ 2 ნოემბრამდე, სანამ ზღვა ხალხი მოვიდოდა და ვითარება შეიცვლებოდა, რაიმე ეღონათ. მერე სააკაშვილსაც გაუჭირდებოდა დათმობაზე წასვლა. ეს ვერ მოხერხდა, ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. 3-ში შედგა ოპოზიციის ერთ-ერთი საბედისწერო სხდომა, რომელზეც, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის დაყენება გადაწყდა. ზღვა ხალხი იდგა ქუჩაში და მათი მუხტის შესანარჩუნებლად გაკეთდა ეს. ჩემი აზრით, თუ კიდევ ორიოდე დღე არ დადგებოდა სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა და პირველი მოთხოვნა შენარჩუნდებოდა, მაშინ გარესამყარო ამ ხალხს და ოპოზიციას სულ სხვანაირად დაინახავდა. დაინახავდა, რომ ქუჩაში გააზრებულად, დაჟინებით, ემოციებს არაყოლილი, სოლიდურად მდგომი ხალხი ლეგიტიმურ რაღაცას ითხოვდა. მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იყო მეორე ტიპის არგუმენტაცია - თუ ჩვენ მოთხოვნა არ ავწიეთ, ხალხი სახლში წავა. ყოველთვის დგება ეს პრობლემა, რომ ხალხი ვეღარ გაგვიგებს. საბოლოოდ კი, ისეთი რაღაცები გაკეთდა, რაც ხალხმა ყველაზე მეტად ვერ გაიგო. საპრეზიდენტო არჩევნები უცებ გადაწყდა. ჩვენი პარტია, ზოგადად პრეზიდენტობის ინსტიტუტს ვეწინააღმდეგებით, პარტიაში არ ვზრდით საპრეზიდენტო კანდიდატს. გვგონია, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სხვა რაღაცების გააზრებაა მნიშვნელოვანი, - რა უნდა მოხდეს, რა უნდა შეიცვალოს, და თითის გაშვერა იქით, რომ სააკაშვილი ცუდი კაცია, ცუდი გოგობიჭები ჰყავს გვერდით, და საჭიროა უკეთესი პრეზიდენტი, სიტუაციის და მდგომარეობის გამარტივებაა. ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო გაზეთში ასეთი რამ დავწერე 2007 წლის დეკემბერში - თუ მკითხავთ, ვინ შეიძლება იყოს ქვეყნის პრეზიდენტი ხუთი წლის განმავლობაში, გეტყვით, რომ ბევრი, მაგრამ არა ლევან გაჩეჩილაძე. მაგრამ თუ მკითხავთ, ვინ შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური პრეზიდენტი უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში, რათა გატარდეს საკონსტიტუციო რეფორმამაშინ ეს სწორედ გაჩეჩილაძეა. თავიდანვე ნათლად და გულწრფელად ვთქვი, რომ ჩვენ ყველანი, ამ ფორმატში არ ვართ ისინი, ვისაც შეიძლება ხუთი წლით ენდოთ და ძალაუფლება მოგვცეთ, მაგრამ თუ მიდიხართ ამ დროებით ფორმატზე, რომ მერე საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ, მაშინ ჩვენი ნდობა შეიძლება.

საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ გაცილებით მძიმე დაავადება გვჭირს და მისი მკურნალობა რუსთაველზე ბევრი ხალხით შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი ფორმაა, რომლის ტყვეობაშიც არ უნდა იყოს ოპოზიცია. კოლეგა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ვამბობდით, რომ 20 იანვრის აქცია (როცა ინაუგურაციის დღეს, იპოდრომზე, ყინვაში ამდენი ხალხი მოვიდა, რესპუბლიკელების დილემა 140 ცხელი შოკოლადი რომელმაც იცოდა, რომ არანაირ რევოლუციას არ ვახდენდით), საზოგადოების მხრიდან ინდივიდუალურად და კოლექტიურად სიტუაციის გააზრების მწვერვალი იყო და უნდა შეგვენარჩუნებინა როგორც მოვლენა, რომელსაც ჩრდილი არ უნდა მიდგომოდა. ამიტომაც, ამის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუჩაში ხალხის დაძახება აღარ იყო საჭირო.

ეროვნულ საბჭოში ყოფნას შეცდომად თვლით?

5 იანვრამდე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ჩვენი ყოფნა გაერთიანებულ ოპოზიციაში, მგონი, სწორი იყო. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ჯერ ერთი, გამოსვლის პროცესი გაიწელა. მეორე - ჩვენ ვერ მოვახერხეთ დაგვერწმუნებინა სხვა პოლიტიკური პარტიები, რომ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანობა სხვა ფორმატში უნდა გამოხატულიყო. ყველა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დაახლოებით 30 პროცენტი მიდის სადმე სხვაგან და არა ორი მთავარი პოლუსისკენ. გაერთიანებულ ოპოზიციას ხელისუფლება რომ დაეგდო ბეჭებზე, დარჩენილი 70 პროცენტიდან უნდა მიეღო 50 პროცენტზე მეტი. რაც პრინციპულად შეუძლებელი იყო, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსით 30 პროცენტზე მეტი უკვე ჰქონდა. ჩვენი მცდელობა უნდა წასულიყო იქით, რომ ზემოთ ნახსენები 30 პროცენტი მაქსიმალურად აგვეთვისებინა. ხელისუფლების მხრიდან რა მოხდა, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ მთელმა ოპოზიციამ ჩავთვალეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგი ხელისუფლების მაქსიმუმი იყო. ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ ეს იყო მინიმუმი, რომელიც უნდა გაეზარდათ. ოპოზიციამ მათ შეუქმნა განცდა, რომ სააკაშვილის პარალიზებისთვის ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოიყენებდა. ოპოზიცია ამბობდა - მოვალთ უმრავლესობაში და სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტიო. ამ რადიკალურმა მესიჯმა ხალხის ნაწილის გული მოიგო, მაგრამ ხელისუფლება იმდენად შეაშინა, რომ შემდეგ ის ყველაფერზე წავიდა.

მინდოდა ორიოდ სიტყვით შეხებოდით აფხაზეთის თემასაც. რატომ ვერ მოახერხეთ რესპუბლიკელებმა თქვენი ხედვის მოსახლეობამდე მიტანა?

აფხაზეთის თემაზე მოკლედ საუბარი ნამდვილად ძნელია. სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მანქანამ ამ მიმართულებით ბევრი გააკეთა. მეტიც, იმ კონცეფციის მთავარი ავტორი, რომელსაც მხოლოდ რესპუბლიკელებს მოგვაწერენ, კოტე კუბლაშვილია. დავით ბაქრაძემაც სერიოზული წვლილი შეიტანა ამ დოკუმენტის დაწერაში, მაგრამ შემდეგ ითხოვა, რომ მისი გვარი აღარ ჩაეწერათ. თავად ხელისუფლება როგორ მანიპულირებს ამ თემით, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ჩვენ რაღაც იარლიყები მოგვეწება. ამ მიმართულებით საკმაოდ ცუდად მიდის საქმე. არ გამოვრიცხავ ავანტიურისტულ მოქმედებას სააკაშვილის მხრიდან, იმიტომ, რომ მან 4-5 წელი გადააგორა ამ დაპირებებით, და ვშიშობ, ეს არ იყოს, მოკლევადიანი, ვითომ წარმატების ილუზიის შექმნა და ამან არ მიიყვანოს საქმე რაღაც ტიპის კვანძის გახსნამდე, რომელიც მისაღები აღმოჩნდება რუსეთისთვის, დასავლეთისთვის და სააკაშვილისთვის, რომელსაც რაღაც წარმატება სჭირდება. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და იმდენად წამგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ბევრი მიმართულებით და ბევრი რამის თქმისგან თავს ვიკავებთ.

ცნობილია, არჩევნების დღეს რაც მოხდა იქ, მაგრამ არც ამაზე ამოგვიღია ხმა. მერე, სადმე მოლაპარაკების მაგიდას რომ მიუსხდებიან ვიღაცები და აფხაზეთის მხრიდან გვეტყვიან, როგორ გელაპარაკოთ, როცა ამის გამკეთებელი ხართ, და ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ? ეს ხომ ქვეყანას მძიმე ვითარებაში ჩააყენებს. ძალიან ძნელია აკეთო სწორი განცხადებები, როცა ხარ ასეთი თავზეხელაღებული ხელისუფლების პირობებში, რომელსაც ნებისმიერი თემიდან შეუძლია თავისი საარჩევნო წარმატება გამოადნოს და შედეგებზე არ იფიქროს. რესპუბლიკელებმა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ამ თემებზე. ლერი ხაბელოვს, რომელიც ჩვენს რიგებში გამოჩნდა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ცხინვალის მიმართულებით. მაგრამ ეს სახელმწიფოებრივი საქმეა, რომელსაც ოპოზიცია ვერ გააკეთებს. ამიტომ, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ ამ თემაზე საუბრისაგან თავი შევიკავეთ.

ახლა რას აპირებს რესპუბლიკური პარტია?

რომ არა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სიტუაცია და პოლიტიკური კრიზისი, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, არჩევნებში მიღებული შედეგით კმაყოფილიც კი ვიქნებოდი. როგორც ჩანს, რესპუბლიკელებს გვჭირდებოდა ასეთი ცივი შხაპი, რომ ბევრი მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობები რეზერვები და სისუსტეები უკეთ დაგვენახა .ჩვენ რომ ნამდვილად გვესმის ერთმანეთის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ენა ხალხს ესმის - და ეს ჩვენი ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური პარტია ყველაზე უფრო ღია პარტიაა, მაინც ამბობენ, რომ ესაა დახურული კლუბი. ვერ დამისახელებთ ვერცერთ პარტიას, რომელსაც 4-5 წლის განმავლობაში, ამდენი სერიოზული პოლიტიკოსი ან ამდენი ახალი წევრი შეემატა. გვაქვს გაცილებით მეტი პოტენციალი და რეზერვი, ვიდრე ამას ვიყენებთ და ვაჩენთ.

რესპუბლიკურ პარტიაში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი. სექტემბეროქტომბერში რიგგარეშე ყრილობას ვგეგმავთ, რომელზეც მოხდება ეროვნული კომიტეტის ახლიდან არჩევა. ბევრი დღევანდელი ლიდერი შეიძლება განსხვავებულ ამპლუაში ვიხილოთ. დღეს პარტიაში ერთადერთი თანამდებობა არსებობს - პარტიის თავმჯდომარე. ეს საკმარისი არაა. უნდა გაჩნდეს ოთხი-ხუთი თანამდებობა, ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი შრომა ჩრდილოვანი კაბინეტის აწყობისთვის. სახელმწიფო მართვის თითოეულ სფეროში კონკრეტული ადამიანი უნდა გვყავდეს, რომელისგანაც ყოველ ცისმარე დღეს საზოგადოება უნდა ელოდეს რაღაცას. ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად და ყოველდღიურად.

გვჭირდება უკეთესად დავანახოთ ხალხს, რომ ძალაუფლების ხელში აღება შეგვიძლია. როგორც ჩანს, უნდა ვიმოქმედოთ ისეთი ფორმებით და მეთოდებით, რომელიც მოსახლეობისთვის გასაგებია. მაგალითად, ის, რომ ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ, მოსახლეობას აბნევს. იციან, ვინ არის ლეიბორისტური პარტია, - ეს შალვა ნათელაშვილია. ვთვლიდით და ვთვლით, რომ გუნდურად უფრო შეიძლებოდა პარტიის აღქმა. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თვალსაზრისიც გადასახედია და აქაც მოსალოდნელია ცვლილებები.

მეტად გვმართებს ფოკუსირება ამომრჩეველზე. უნდა გამოიყოს კონკრეტული სეგმენტები. ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ ექიმებზე, მაგრამ კონკრეტულ ექიმებთან იშვიათად გვაქვს შეხება. ზოგადად ვსაუბრობთ ბიზნესმენებზე და კონკრეტულ ბიზნესმენებთანაც ნაკლები შეხება გვაქვს. ამოქმედდება რესპუბლიკური ინსტიტუტი, რომლის მიზანი საგანმანათლებლო მუშაობა და ლიბერალური იდეების პოპულარიზაცია იქნება. სამიზნე და ფოკუსი უკეთ უნდა გასწორდეს და ახლოს მივიდეთ ამომრჩევლამდე. მოკლედ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ჩვენ შრომა არ გეზარება.

10 მოდერნიზაციის სამსახურში

▲back to top


ავტორი: შორენა შავერდაშვილი

ინტერვიუ პარლამენტარ დავით დარჩიაშვილთან

0x01 graphic

ფოტო: ლევან ხერხეულიძე

ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლამდე, იყავით ღია საზოგადოება - საქართველოს დირექტორი. ამიტომ მოდით, სოროსის ფონდიდან დავიწყოთ. მომისმენია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ჩივილი იმაზე, რომ თუ რევოლუციამდე სოროსის ფონდი მეტწილად არასამთავრობო სექტორს აფინანსებდა, რევოლუციის შემდეგ ის ძირითადად სამთავრობო პროექტებში იყო ჩართული. რამდენადაა ასე?

მთლად ასე არ არის. 2004 წლის ბოლოს, სოროსის ფონდში ჩემი ყოფნის დროს ახალი სტრატეგია დაიწერა, სადაც რეფორმების მხარდაჭერა ჩაიდო, მაგრამ ამ მხარდაჭერაში საზოგადოების ჩართულობა იგულისხმებოდა. რევოლუციის შემდეგ სერიოზულად დაიწყო სახელმწიფოს მშენებლობა. ქვეყნის მოდერნიზაციას, ტრანსფორმაციას მხარდაჭერა სჭირდებოდა. სამოქალაქო სექტორს თუ რაიმე უნარები აქვს, სწორედ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს. აი, ამის ხელშეწყობა იყო ფონდის ერთი მიმართულება, მაგრამ არა ერთადერთი.

მეორე, ჩემი ყოფნის დროს ხაზი გაესვა იმას, რომ მეტი შიდა პროექტები გვეკეთებინა - თვითონ ფონდის თანამშრომლებს თავიანთი გამოცდილება არა მხოლოდ კოორდინატორის როლში გამოეყენებინათ, არამედ თვითონაც ეწერათ და განეხორციელებინათ პროექტები, თვითონაც ჩართულიყვნენ. დავიწყეთ შიდა პროექტების შედეგად მიღებული დასკვნების, პუბლიკაციების ბეჭდვა, პრესკონფერენციების ჩატარება. სხვათა შორის, გუშინ ჩატარდა ბოლო შიდა პროექტის პრეზენტაცია, რაც ჩემს დროს დამტკიცდა, მაგრამ მე უკვე მეორე მხრიდან დავხვდი - ეს იყო მთავრობის 50-დღიანი პროგრამის ანალიზი.

ამ პუბლიკაციებში არის გარკვეული დასკვნები, მათ შორის კრიტიკულიც, ვთქვათ, რატომ ფერხდებოდა საკმაოდ ცნობილი სამთავრობო პროგრამის, „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ (რომელიც ამერიკელების დახმარებით ფუნქციონირებს) ზოგიერთი ეტაპის დაწყება. ამაზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნები დაიდო. ასევე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა იყო რკინიგზის პრივატიზაციის თემაზე. თუმცა, ჩემი მიზანი ყოველთვის იყო არა ის, რომ ხმამაღლა გვეყვირა და შემდეგ ხელები დაგვებანა, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში ვყოფილიყავით ჩართული. ზოგჯერ შეიძლება სამოქალაქო სექტორის დასკვნები მთლად კომპეტენტური არც იყოს, მაგრამ ამით გამოვიწვიოთ მთავრობა, რომ თავს გარედან შეხედოს და დამაფოტო: ლევან ხერხეულიძე 58 ცხელი შოკოლადი ინტერვიუ ტებითი არგუმენტები მოიტანოს. რაღაც შედეგები, ჩემი აზრით, იყო. მაგალითად, თავდაცვის სფერო ოქრუაშვილის დროს ძალიან დაიხურა, გაფუჭდა ურთიერთობები. მაშინ თინა ხიდაშელი ფონდის საბჭოს თავმჯდომარე იყო, მე - დირექტორი, პაატა ზაქარეიშვილიც ჩაერთო და 2005 წელს პრესკონფერენციაც გავმართეთ. ამან რაღაც შედეგიც გამოიღო - მთავრობის წევრები ფონდშიც მოვიდნენ - რაშია საქმეო. უკვე ოქრუაშვილის დროს დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ თავდაცვის საკითხებზე რაღაც შერეული საბჭო თუ მუდმივი ფორუმი გაგვეკეთებინა, საზოგადოებასაც ემსჯელა და განმარტებები მიეღო. კეზერაშვილის დროს უფრო კარგად წავიდა საქმე, მემორანდუმიც გაფორმდა.

ვერ ვიტყვი, რომ მთავარი რეფორმებში ფონდმა ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკეთა, მაგრამ ჩვენი მცდელობით ურთიერთობები აღდგა იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ოქრუაშვილმა მოიძულა - იქნებოდა ეს ალადაშვილი თუ ლიკლიკაძე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ის აღარ ელაპარაკებოდა, სესიაშვილთან, ახალგაზრდა იურისტებთან. ქვეყნის ცხოვრება, დემოკრატიზაცია, რეფორმები - მარტო არსებითი მატერიალური ცვლილებების მოტანა ან კანონების მიღება კი არ არის, - ურთიერთობებიცაა, კომუნიკაცია და ახსნა იმისა, რა ხდება. ამას ვუწყობდით ხელს. თორემ, ჩვენ არა გვაქვს არანაირი პრეტენზია უმაღლეს ჭეშმარიტებაზე. არც მთავრობას აქვს. მთავრობას, ჩემი აზრით, აქვს ერთი უპირატესობა, რასაც არასამთავრობო სექტორი ხშირად არ აქცევს სათანადო ყურადღებას - მთავრობას აქვს ინფორმაცია. როცა ინფორმაცია გაქვს, ცოდნაც მეტია და დასკვნებიც შეიძლება უფრო ადეკვატური გქონდეს...

ამის პასუხადერთი მხრივ, გვაქვს საკმაოდ კარგად ორგანიზებული და ეფექტური სახელისუფლებო ვერტიკალი და, ამავე დროს, რაღაც თვალსაზრისით, დაიქსაქსა და ვაკუუმი გაჩნდა სამოქალაქო სექტორში. როგორ გგონიათ, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობა და სოროსის ფონდი თუ აკეთებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში რაიმეს იმისათვის, რომ სამოქალაქო სექტორი გაძლიერებულიყო?

ჩემს დროს გადავწყვიტეთ, რაოდენობას არ გამოვკიდებოდით და მეტი გვეფიქრა ხარისხზე. არ მინდა ყალბი მოკრძალებით ან ზედმეტი ამბიციურობით ვთქვა, მაგრამ დავმჯდარვარ, ჩვენი დაფინანსებული „ახალგაზრდა იურისტების“ ანგარიში 3 საათი მირედაქტირებია და მერე 3 საათი მიხსნია, რომ ასე წერა არ შეიძლება. იმ კონკრეტულ შემთხვევაში მიმიღწევია კიდეც შედეგისთვის. მთავარი ხარისხია, თორემ, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, თვითონ სექტორში გაჩნდა ძალიან ქედმაღლური დამოკიდებულება, რომ ისაა მთავარი. არადა, სულაც არ არის ასე. 90-იანმა წლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიტანა ეს ტალღა, რომ სამოქალაქო სექტორი მთავარია. სხვებთან ერთად, ეს უკავშირდება პოპერს და გელნერს, სოროსის მეგობრებსა და თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, სოროსს. მაგრამ ცოტა გაზვიადებული და უტრირებულია ეს ყველაფერი. მარტო NGO-ები არ არის სამოქალაქო სექტორი - ეს ერთი, და მეორეც, განსაკუთრებით გაზვიადება ყველაფრისა არ ღირს.

ჩვენთან ეს ყველაფერი ცოტა ხელოვნური სახით დამკვიდრდა - გარედან დონორები ქმნიან NGO-ებს, იქ მიდიან ადამიანები, რომელთაგან ბევრს, შეიძლებოდა, სულ სხვა რაღაც ეკეთებინა, მაგრამ სხვა სფეროებში მუშაობის შესაძლებლობა აღარ იყო. აკადემიური სფეროდან და პოლიტიკიდანაც NGO-ებში წავიდნენ. სინამდვილეში, არანაკლები მნიშვნელობა აქვს იგივე აკადემიურ სფეროს, უნივერსიტეტებს. თუ ისინი მყარად არ დგანან ფეხზე, ძნელია განვითარებად საზოგადოებაზე ვისაუბროთ. პროფკავშირებიც ძალიან პრობლემური სფეროა საქართველოსთვის. ასევე პარტიები, მედია და მთავრობა. ეს ყველაფერი ერთობლივად, ჰარმონიულად და დინამიკურად უნდა ვითარდებოდეს. საბოლოოდ, მაინც მგონია, რომ პოლიტიკაა გადამწყვეტი ადამიანთა ცხოვრებაში. ამდენად, გადავწყვიტე, პასუხისმგებლობა იმ სფეროში ავიღო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია როგორც ადამიანის, ისე ქვეყნის არსებობაში.

რაზე გინდათ აიღოთ პასუხისმგებლობა და რატომ არის თქვენთვის პოლიტიკაში ჩართულობა მნიშვნელოვანი?

საქართველო გზაგასაყარზე დგას და ჯერაც არ არის ყველაფერი უკანმოუხედავად, შეუქცევადად პროგრესის გზაზე დამდგარი. ჩვენ არასახელმწიფოებრივი არსებობიდან მოვდივართ და სახელმწიფოდ, პოლიტიკურ სისტემად უნდა ვიქცეთ. თუ ეს არ იქნა, ყველაფერ დანარჩენს აზრი ეკარგება და არაფერი იქნება შედეგისმომტანი. პოლიტიკის გარეშე ჩვენ დავრჩებით ატომიზირებულნი, ოჯახებზე, ნაცნობ-მეგობრობაზე ორიენტირებულნი და გაუერთიანებელნი. მხოლოდ მითები გაგვაერთიანებს და არა თანამედროვე დინამიკური ცხოვრება. ეს ნიშნავს, რომ მაშინ აქ სხვისი პოლიტიკა გაიმარჯვებს. სხვა სუბიექტი მოვა, ყბადაღებული რუსეთი ან, რა ვიცი, ვინმე სხვა. ჩვენ არ გვექნება ის ცემენტი, რაც შეგვკრავს და თანამედროვე ერად გვაქცევს. ამიტომ, გვჭირდება სერიოზული პოლიტიკის დაბრუნება ან, ხელახლა შექმნა. ეთნოგრაფიული ყოფიდან, თუ გნებავთ, ეთნოგრაფიული ოაზისიდან თავისი ხაჭაპურებით და სიმღერებით, ჩვენ თანამედროვე, პასუხისმგებლობით გამსჭვალულ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტად უნდა ჩამოვყალიბდეთ. მთელი რიგი რეფორმებიც ამას ემსახურება და ეს არის მოდერნიზაცია, ანუ მოდერნულ ერად ქცევა. ეს მიმაჩნია სასიცოცხლო საქმედ როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ისე ჩემი შვილებისთვის და აქ მონაწილეობაც მინდა და პასუხისმგებლობის აღებაც. პასუხისმგებლობის იმიტომ, რომ ეს ძალიან წინააღმდეგობრივი, მტკივნეული პროცესია. სოციალური ფასი უზარმაზარია. ეს გვაჩვენა ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენებმა და ეს სულაც არაა სასიამოვნო. ძალიან ბევრს, შეიძლება, გაუჩნდეს სურვილი და ვხედავ კიდეც, იმავე სამოქალაქო სექტორში გაისმის - აი, ხელები დავიბანოთ და გარედან მაყურებლებად ვიქცეთ. არა მგონია, რომ ეს ყველაზე კარგი პოზიცია იყოს.

რამდენად არის ამ მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტი ცნობიერების მოდერნიზაცია?

სოროსის ფონდში ახალი პროგრამა გვქონდა - ინტეგრაციისა და სამოქალაქო განათლების პროგრამა, სწორედ იმიტომ, რომ ცნობიერებაზე გაგვეკეთებინა აქცენტი. ისევ დემოკრატიულ ინსტიტუტებს რომ დავუბრუნდეთ, იმისათვის, რომ ისინი ფუყე და ფორმალურ ინსტიტუტებად არ იქცნენ, გულწრფელი დემოკრატები გვჭირდება - ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ იმ ღირებულებებით, რაც განუყოფელია დემოკრატიისაგან. ეს ყველაფერი განათლების სისტემასთან გვაბრუნებს.

კონკრეტულად შეგიძლიათ მითხრათ რამდენიმე პროექტი, რაც სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა?

მაგალითად, ღირებულებების კვლევა. ჩავატარეთ ევროპულ მეთოდიკაზე დამყარებული, თუმცა ცოტა ადაპტირებული კვლევა - რა ღირებულებების მატარებელია ქართული საზოგადოება. კითხვარი იყო გამოყენებული - რა ადგილი უკავია ოჯახს, პროფესიას, ნაცნობ-მეგობრობას, ვისთან იცხოვრებდა ადამიანი მეზობლად, ვისთან - არა. რომ გამოჩენილიყო რა ტიპის საზოგადოება ვართ. მგონი, პირველად გაკეთდა მსგავსი რამ საქართველოში. აღსანიშნავია აგრეთვე პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტთა და ღირებულებათა სისტემის კვლევის მცდელობა - ეს მეორე კვლევა იყო. ამით გვინდოდა იმის ჩვენება, სად ვართ არა მარტო სასამართლოების რეფორმირების თვალსაზრისით, არამედ მენტალობის, ღირებულებების თვალსაზრისით. ეს თუ არ დავინახეთ, ძნელია მიხვდე, რას მივაქციოთ ყურადღება, რა არის გასაკეთებელი, რა არის შესაცვლელი. სკოლებში სამოქალაქო განათლება ინერგება, უნივერსიტეტებში - კრიტიკული აზროვნება, ეს ზრდის ახალ ადამიანებს, რომლებიც საჭირონი არიან იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. მარტივად რომ ვთქვა, ადრეც მქონდა ეს იდეა - ჩვენ რომ თანამედროვე ერად ჩამოვყალიბდეთ, ტრადიციულ სამებას - ენა, მამული, სარწმუნოება - უნდა დავუმატოთ ახალი სამება - ადამიანის უფლებები, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ამ ყველაფრის მორგება ჰარმონიულად ვცადოთ. თუ ესენი კარგად მოერგო ერთმანეთს - მაშინ გადავრჩებით; ერად რომ იყო, დემოკრატი უნდა იყო და დემოკრატია რომ იყოს, ერი უნდა იყოს. რაღაცა ემოციური დამოკიდებულებებიც უნდა გვაერთიანებდეს, ეს იქაა - ენა, მამული, სარწმუნოებაში. ამის გაკე თება არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რაღაც წვლილი შევიტანოთ.

დემოკრატიაში მართავს უმრავლესობა, საქართველოში კი ეს უმრავლესობა, იგივე თქვენი კვლევების შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, არ გამოირჩევა ლიბერალური ღირებულებებისადმი გააზრებული დამოკიდებულებებითა თუ ერთგულებით. ამ ეტაპზე როგორ თავსდება ეს მიზნები - დემოკრატია და ქვეყნის მოდერნიზაცია ერთმანეთთან? იქნებ, ცოტა ხანი უნდა უგულებელვყოთ დემოკრატია იმისათვის, რომ განვითარდეს ლიბერალური საზოგადოება, რომელიც შემდგომ უფრო მყარ საფუძველს შექმნის დემოკრატიისათვის?

ჩერჩილის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ - ცუდი წყობაა დემოკრატია, უბრალოდ, უკეთესი არ მოუფიქრებიათო. რთულია ძალიან. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გაუცხოვებული იყო კანონის უზენაესობის პრინციპებისა და სამოქალაქო ღირებულებებისაგან. ეს ყბადაღებული ქურდული მენტალიტეტიც ცოცხალია - პრინციპი, რომ თანამდებობაზე თუ ხარ, ადგილი არ უნდა გააფუჭო - ნათესავებს უნდა დაეხმარო. ეს ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური პრინციპებია, რაც საკმაოდ გავრცელებული იყო. ეს ერთი კრიზისული ელემენტი. მეორე - რუსეთი, რომელსაც უნდა, რომ არ შედგე, არ ჩამოყალიბდე. მესამე - ეთნოკონფლიქტები. ამ ვითარებაში, და ვითარებას, პრინციპში, ომი ჰქვია, ძალიან ძნელია დემოკრატიული პროცედურები. მაგრამ ერთ ჭკვიან კაცს აქვს ნათქვამი, დემოკრატები ან ცალი ხელით უნდა ომობდნენ, ან უარი თქვან დემოკრატიაზე. ასეთი დილემაა და მისი გადალახვა ძალიან ძნელია. მაგრამ ეს გამოწვევაა და უნდა მივიღოთ. თუ არა და, მაშინ დაანებე თავი დემოკრატიას და მაშინ ისევ ვბრუნდებით იქ, სადაც უარესია.

საერთოდ, დემოკრატიაზე რომ ვსაუბრობ, ლიბერალურ დემოკრატიას ვგულისხმობ. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, უმცირესობის პატივისცემა - ეს უკვე ლიბერალიზმია. დემოკრატია არის საარჩევნო პროცედურები, კენჭისყრა და უმრავლესობის გამარჯვება. რთულია, მაგრამ მხოლოდ ეს არის მისაღები გზა. მგონი, საზოგადოებაში ეს თანდათან ცნობიერდება და ეს ამ ბოლოდროინდელმა არჩევნებმაც აჩვენა. ყველაზე რთულად მკვიდრდება რელიგიური პლურალიზმის პრინციპი, თორემ ადამიანის უფლებები, უმცირესობის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი - ამან საკმაოდ მოიკიდა ფეხი, რაც დამაიმედებელია.

ნამდვილად ასე ფიქრობთ?

ასე მგონია. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი აპელირებდა, ზოგი გაუცნობიერებლად, ზოგი - შეგნებულად, ანტისისტემურ, ანტითანამედროვე, ანტიმოდერნულ ღირებულებებზე. ამბობდნენ, რომ მთელი ეს რეფორმები დასავლეთის შეთქმულებაა, რომ ამათ ეკლესიების დანგრევის მეტი არაფერი აინტერესებთ, რომ ქართული ღირებულებები იკარგება და ამ ქართულ ღირებულებებში, ძირითადად, ნაცნობ-მეგობრობა-ჩაწყობა იგულისხმებოდა. მაგრამ ოპოზიციამ წააგო და ეს ჩემთვის დამაიმედებელია. იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია არ უნდა იყოს ქვეყანაში, უბრალოდ, ამ ლოზუნგებმა ვერ პოვეს გასაქანი, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ნიადაგი ჰქონდათ წარმატებისათვის. როგორც გითხარით, ამ რეფორმების სოციალური ფასი ძალიან მაღალი იყო. ათასობით ადამიანის ბედზე გადაიარა ამ ყველაფერმა. ხელისუფლების შეცდომა იყო ის, რომ არასაკმარისი ყურადღება ექცეოდა საზოგადოებასთან კომუნიკაციას - კარგად ვერ ვხსნიდით, რა ხდებოდა.

შეიცვალა რამე? ამბობთ, რომ ხელისუფლებამ აღიარა ფუნდამენტური შეცდომები.

ეს შეცდომები ფუნდამენტური არ ყოფილა, ეს კონკრეტულ ადამიანებთან დაშვებული შეცდომები იყო. შეცდომა იყო ოქრუაშვილის ყოფნა ხელისუფლებაში, შეცდომა უხერხული სათქმელია, მაგრამ რაც ტრაგედიები მოხდა კრიმინალთან ბრძოლისას, იმის ბრალია, რომ რამდენიმე პოლიციელს საკუთარი ძალების და დაუსჯელობის რწმენა გაუჩნდა. მაგრამ შეცდომები ფუნდამენტური არ ყოფილა.

კომუნიკაცია როგორ ხდება? მგონი, მედიაა კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური მედიუმი. თქვენ როგორ სვამთ დიაგნოზს, რა სჭირს მედიას? თუ არც არაფერი სჭირს და ის ბუნებრივად ვითარდება? იქნებ, უბრალოდ, დაიმსხვრა მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში ოდესღაც არსებობდა თავისუფალი მედია და ამიტომ ახლა ყველაპახმელიაზევართ?

ეგ იმას ჰგავს, ვითომ თავისუფალი იყო სასამართლო და ახლა აღარ არის. არაფერიც არ იყო თავისუფალი. გარკვეულწილად, თუ კომუნისტურ პერიოდს შევადარებთ, მედიაშიც თავისუფლება იყო. სიტყვა „კორუფციას“ ხმარობენ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტებში რაღაც უკანონობა ხდება. შეიძლება, ეს ტერმინი გადავიტანოთ სხვა სექტორებზეც, და მათ შორის - მედიაზეც. ფული თამაშობდა გადამწყვეტ როლს. ასეთი იყო მედია 90-2000-იან წლებში. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ამის მოსპობა მოინდომა. პოლიტიკოსები ჟურნალისტებს იბირებდნენ თავის მხარეზე და მერე მათზე ხდებოდნენ დამოკიდებულები. დაახლოებით ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობას ჰგავდა ეს ყველაფერი. ქურდული სამყარო, თავის დროზე, ხელისუფლებამ შექმნა, დაიწყო სტალინმა, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ქურდები გახდნენ უფრო გავლენიანები, ვიდრე მინისტრები. რაღაც ამგვარი შეიძლება მომხდარიყო მედიაშიც. ამის შეცვლა, თამაშის ამგვარი წესების დარღვევა მოინდომა ხელისუფლებამ, რამაც ძალიან სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია მედიაკორპუსსა და პოლიტიკურ კორპუსს შორის.

როგორ მოინდომა ამის შეცვლა?

ამგვარად - აღარ გაქცევ იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩვეულებრივ ჟურნალისტს უნდა მივაქციო. აღარ ხარ ჩემი ინსაიდერი, ჩემი წრის წევრი, აღარ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულები და მორჩა. აქაც, რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები. ამას რომ აკეთებ, კომუნიკაციაში შედიხარ ჟურნალისტებთან, რომ რაღაც ასწავლო. როგორც კი რაღაცას ასწავლი, როგორც პოლიტიკოსი, ეგრევე თვლიან, რომ ზეწოლაა. გაიხსენეთ, პირდაპირ ეთერში ბოკერიას კამათი იმნაიშვილთან. ჩემთვის ეს იყო ჩვეულებრივი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის, სადაც, ჩემი აზრით, ერთი მართალს ეუბნებოდა მეორეს. მაგრამ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსია, მეორე კი - ჟურნალისტი და ყველაფერი თავდაყირა დგება.

რა თქმა უნდა, ბევრად უფრო საკამათო შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი მედიისა და ცალკეული პოლიტიკოსების ურთიერთობაში. ამ ყველაფერმა სერიოზული გავლენა მოახდინა. მთლიანობაში, მედიის პრობლემატიკა ორგვარია და ეს ორივე მომენტი გადაჯაჭვულია. პირველი პრობლემა სისტემურია - რითი ცხოვრობს მედია, საიდან შემოდის შემოსავალი. სამწუხაროდ, მედიას არ შეუძლია ბაზრის სიპატარავის გამო მხოლოდ იმით იცხოვროს, რითაც უნდა ცხოვრობდეს - თავისი კალმით და თავისუფალ ბაზარში თავისი პროფესიონალიზმის გაყიდვით. საჭიროა დამატებითი მფლობელები და სარედაქციო პოლიტიკა, რაღაც სხვა ინტერესები, რომ მედიასაშუალებებმა იარსებონ. მერე გამოდის, რომ ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. მეორე პროფესიონალიზმის თემაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ წერის მანერას და კულტურას და იმას, როგორ უნდა იყო ობიექტური. ეს ერთი მხარეა. მეორეა ეთიკა - ეთიკური სტანდარტები, სარედაქციო პოლიტიკის პრინციპები, ჟურნალისტიკის სტანდარტები, თავისივე ზემდგომებისგან და გარეშე პოლიტიკოსებისგან დაცვის მექანიზმები - ეს ყველაფერი პრობლემური სფეროებია. ჩვენმა ფონდმა სცადა, რომ მედიასაბჭოს ხელშეწყობით ამ მიმართულებით რაღაც გაეკეთებინა…

რატომ ვერ იმუშავა ამ მედიასაბჭომ?

შეიძლება, კონკრეტული ადამიანების უნარ-ჩვევების ბრალი იყო, კომუნიკაცია სწორად ვერ შედგა - ერთმა მეორეს რაღაც კარგად ვერ აუხსნა და საქმე ბოლოს ჩხუბამდეც მივიდა. იდეა ძალიან წრფელი იყო, მოდელი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებიდან გადმოვნერგეთ, ბრიტანეთის გამოცდილება გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, ზოგიერთ მედიასაშუალებას მოეჩვენა, რომ ეს ხელისუფლების მიერ ცენზურის შემოტანის მცდელობა იყო, ზოგს კი, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე პროფესიული სტანდარტები სულაც არ აინტერესებს და საკუთარი მერკანტილური ინტერესების გატარება უნდა, უბრალოდ, არ აწყობდა.

როგორ გგონიათ, ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ უღალატა ლიბერალურ ღირებულებებს, ანუ საზოგადოების მოდერნიზაციის მიზნისაკენ სვლას?

საკითხი ასე დგება ხოლმე - მთელი რიგი ნორმების ხისტი ინტერპრეტაცია თუ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა. აქ არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია. ვხედავ ამ ადამიანების გულწრფელ სურვილს, რომ არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთდეს, მაგრამ, ამავე დროს, შეცდომებსაც ვხედავ. გარედან ყველაფერი ადვილია და სხვა სხვის ომში ბრძენია. ამიტომაც მინდა, შევიდე და ვიწვნიო, რას ნიშნავს, გაიარო კანონის უზენაესობის და ეროვნული უსაფრთხოების ზღვარზე. ეს ერთი პრობლემა. მეორე - ნებისმიერ ხელისუფლებაში და, განსაკუთრებით, რევოლუციურში, და ეს ხელისუფლება რევოლუციური იყო, არის მინარევი ადამიანებისა, რომლებსაც პირადი ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებთ. როდესაც ისინი შენ გვერდით იყვნენ რევოლუციის დროს, ძალიან ძნელია მერე გარკვევა და ვიღაცების მოცილება. ჩვენს ოთხ წელს ესეც ახლდა.

ნაციონალური მოძრაობის ახალ საპარლამენტო სიაში ყოფნა თქვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. თქვენ თავად იყავით მზად ამ შემოთავაზებისათვის და ეს მყისიერი გადაწყვეტილება არ ყოფილა. შესაძლებელია თუ არა ითქვას, რომ თქვენ გააზრებულად მიდიოდით პოლიტიკისაკენ?

მივდიოდი. ეს პრობლემებს მიქმნიდა, არასამთავრობო სექტორშიც უკვირდათ და სოროსის ღია საზოგადოების ინსტიტუტშიც - მის საკმაოდ დიდ ქსელში, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს, მის წარმომადგენლებშიც. ბევრს ვწერდი, გამოვდიოდი, ვამბობდი. სხვანაირად არ შემეძლო, ჩემი დამოკიდებულება მინდოდა გამომეხატა. ასე მზადდებოდა ეს ყველაფერი.

ეს ხომ არ ეწინააღმდეგებოდა სოროსის ფონდის შიდა პოლიტიკასა და განაწესს?

არა, მკაცრი განაწესი სოროსის ფონდში არ არის. თქვენი ჟურნალის მეშვეობით, მინდა კიდევ ერთი მითი დავამსხვრიოთ. თითქოს სოროსი მოდის იდეებით და ჩვენ განმახორციელებლები ვართ - ეს ასე არ არის. აქ იქმნება ადამიანთა ბირთვი, რომელსაც ჯორჯ სოროსი ენდობა. უბრალოდ, ერთს ითხოვს, - დამისაბუთეთ რატომ დავაფინანსო ესა თუ ის პროგრამა და თუ დავინახე, რომ დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება - კი, ბატონო. ასე რომ, ნორმებს ჩვენ ვქმნიდით და ჩემს განცხადებებზე, ჩემს გამოსვლებზე საბჭოც მსჯელობდა ხოლმე. არჩევნების დროს გვთხოვეს - აკეთეთ კომენტარები ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, კონფლიქტების ზონებზე, უსაფრთხოებაზე, მაგრამ არჩევნების პერიოდში არ გააკეთოთ კომენტარი ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ქცევაზე. „ღამის საუბრები“ წაიყვანეთ, მაგრამ პოლიტიკურ დებატებში ნუ ჩაებმებით. თუმცა, ყოველთვის ზღვარის დაცვა ძნელია. ვთქვი - კი, ბატონო, არ ვიტყვი, რომელი პარტია მომწონს და რატომ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის პროექტი, რასაც ბადრი პატარკაციშვილი ახორციელებდა, ქვეყნისათვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო. ამას ვამბობდი და ვამბობ კიდეც.

რამდენად აქვს შანსი ახალი მოწვევის პარლამენტს იყოს ძლიერი და რეალურად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან? და რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

ნებისმიერ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ყველა ქვეყანაში, ყოველდღიური პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, პოლიტიკის სექტორებზე, იქნება ეს ჯანდაცვა თუ თავდაცვა. ინფორმაციაც მეტი აქვს და გადაწყვეტილებასაც იღებს. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, გამუდმებული კონტროლის წნეხის ქვეშ იყოს. აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პარლამენტია. აქ მსჯელობით მივალთ იქამდე, რომ პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს. მართლა გულწრფელად მიხარია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას აქვს, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს ხედვა, სად წაიყვანოს ქვეყანა და ეს ხედვა - ქვეყნის ტრანსფორმირება ლიბერალურ დემოკრატიად, ჩემთვის მისაღებია. თუმცა, თავისთავად, როცა ერთ კონკრეტულ პარტიას ამხელა უპირატესობა აქვს, ეს საფრთხეს ქმნის, რომ არ მოდუნდე, შიდა პარტიული ურთიერთობები არ გახდეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კანონის უზენაესობა. მაგრამ 30-34 კაციანი ოპოზიცია 150-კაციან პარლამენტში საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს. თუკი დარეგულირდა ურთიერთობები და ოპოზიცია პირადი შეურაცხყოფებიდან საქმეზე ორიენტირებული გახდა, მაქსიმალურ წვლილს შევიტან იმაში, რომ უმცირესობამ პარლამენტში დამატებითი ბერკეტები მიიღოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად განხორციელდეს საპარლამენტო ფუნქცია. სხვა მხრივ, სულაც არ მგონია, რომ პარლამენტი შეზღუდული სახელისუფლო ორგანოა. შესაძლოა, კიდევ უფრო დაკონკრეტდეს, პარლამენტის დაშლა როდის შეიძლება, რა კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ თავისთავად იმაში, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს პარლამენტის დაშლის თუ მთავრობის დათხოვნის უფლება, არადემოკრატიულს ვერაფერს ვხედავ.

იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობთ, რომელიც რევოლუციიდან ერთ თვეში განხორციელდა?..

და რომელიც სულაც არ არის ცუდი. იმიტომ, რომ ის მოდელი, რომელიც შევარდნაძის დროს არსებობდა, საკმაოდ კონფლიქტური იყო. ასეთივე კონფლიქტურია, სხვათა შორის, ამერიკული მოდელი და ძალიან ბევრი ამერიკელი პოლიტოლოგი ამას ხშირად უსვამს ხაზს. რაღაც რომ მოხდეს, მაგალითად, სრული დაპირისპირება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, ამერიკული ხელისუფლება, შეიძლება, პარალიზებული აღმოჩნდეს, შეიძლება, საერთოდ გაჩერდეს სახელმწიფოს ფუნქციონირება. ამერიკაში ამას სასამართლოს განსაკუთრებული როლი შველის, კონსენსუსის ძიების კულტურა, სპეციალური შემრიგებელი კომისიების ფუნქციონირება. ჩვენთან ეს ყველაფერი სათანადოდ განვითარებული არაა და ამიტომ, ეს მოდელი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშიც მოქმედებს, სულაც არ არის ცუდი. უბრალოდ, დახვეწაა საჭირო. დღევანდელ პარლამენტს ნამდვილად საკმაო ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ მთავრობაზე კონტროლი განახორციელოს.

გამოიყენა თუ არა ეს ბერკეტები წინა მოწვევის პარლამენტმა?

ალბათ, ისე არა, როგორც საჭირო იყო. ძალიან მიყვარს გივი თარგამაძე და მართლა ძალიან ბევრი გაკეთდა თავდაცვის სფეროში, რაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წვლილი, რომელსაც გივი ხელმძღვანელობს, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა ოქრუაშვილის ქმედებაზე კომიტეტზეც გადმოდის. ანუ, მეტი კონტროლი იყო საჭირო ოქრუაშვილზე. მაგრამ ამ რევოლუციურ ნდობას, გამოწვევებს, რომ რაღაც ჩქარა არის გასაკეთებელი, ჯარია შესაქმნელი, ტანკებია შესაძენი და სხვა, გარკვეულწილად, მეორე პლანზე გადაჰქონდა ის, თუ რამდენად დეტალური ანგარიშგებით ხარჯავდა ეს კაცი საბიუჯეტო თანხებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს როგორ ექცეოდა. ეს გაკვეთილია, რომ მომავალში მეტი ყურადღება მიექცეს ამ ნიუანსებს.

და რევოლუციური ლოიალობა გადავიდეს მეორე პლანზე...

ეს გარდაუვალი იყო. ამ ადამიანებმა 2003 წლის ნოემბერში საკუთარი ფიზიკური ყოფნა-არყოფნა შეაგდეს სასწორზე. ამ ადამიანთა ჯგუფს ჩამოუყალიბდა ის, რუსები чувство локтя-ს რასაც ეძახიან და ეს რაღაცაში ხელისშემშლელიცაა. 2008 წლის არჩევნების შემდეგ კი მგონია - მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა უმრავლესობაშია, ბევრად ნაკლებად რევოლუციურია, ვიდრე ადრე. თუ ჩვენ ძალიან გადავიხარეთ რევოლუციური ამოცანების და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისკენ, ახლა მეტად გადმოვიხრებით კანონის უზენაესობისკენ. ამან შეიძლება რიგი რეფორმები შეაფერხოს, მეტი დრო დაიხარჯოს რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე, მაგრამ ეს დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია.

პოლიტიკური კულტურისა და გამოცდილების თვალსაზრისით, რამდენად გამოცდილი ადამიანები შედიან პარლამენტში? იგივე ნაციონალების საარჩევნო სიას რომ გადავხედოთ ან იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში, რამდენად შეძლებს ამ შემადგენლობის პარლამენტი ეფექტურ მუშაობას?

იქ არიან ადამიანები, ვისაც გამოცდილებაც აქვთ, ნებაც გააჩნიათ, რომ პარლამენტი იყოს საერთო ეროვნული პოლიტიკის და არა პიროვნული ინტერესების მსახური და აქ მაქსიმალურად ჩადონ თავისი პროფესიონალიზმი. თუ ვინმეს ეს აკლია, სხვებს მოუსმენს და გაიგებს. ხშირ შემთხვევაში, დეპუტატი გამტარია, მან საზოგადოებრივი წუხილები უნდა გარდაქმნას პოლიტიკურ წინადადებებად. ამისათვის, მას დამატებითი საშუალებები აქვს, მაგალითად, შეუძლია მრჩევლები და ასისტენტები დაიხმაროს. უბრალოდ, გარკვეული ცოდნა და სურვილი სჭირდება ამის განხორციელებას. მგონი, აბსოლუტურ უმრავლესობაში ამის პოტენციალი არის. თუ შევარდნაძის პარლამენტი ზოგჯერ კომერციული სტრუქტურის, ბირჟის სახეს იღებდა, წინა პარლამენტში ეს საკმაოდ შემცირდა. ვერ ვიტყვი, რომ სრულად აღმოიფხვრა, მაგრამ პროცესი გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, რომელიმე დეპუტატი ვერ აჰყვეს ამ ტემპს, რაღაც დროის განმავლობაში ვერ გაერკვეს. ვინც მე გავიცანი, ყველას იმედი მაქვს.

რამდენად რეალურად წარმომადგენლობითია ის პარლამენტი, რომელიც ავირჩიეთ? რამდენად კანონზომიერია ის, რომ პარლამენტში შევიდა, მაგალითად, გიორგი თარგამაძის ან შალვა ნათელაშვილის პარტია?

პოლიტიკა პოპულიზმის გარეშე არ არსებობს. საზოგადოების მოლოდინებზე, მის სიმებზე უნდა იმუშაო. ამ პარტიებს პოპულიზმი გაცილებით მეტი აქვთ. პოპულიზმია თუ გამუდმებით ნეგატიურად აფასებ ყველაფერს და პოპულიზმია თუ პოლიტიკას ეროვნულ სენტიმენტებზე აგებ - ესენი ეკლესიებს ანგრევენო. მოსახლეობის უმრავლესობას ეკლესიების მიმართ სავსებით გასაგები, ძალიან ემოციური დამოკიდებულება აქვს. შესაბამისად, ეკლესიათა ნგრევის ტყუილიც შეიძლება უცებ ბევრმა დაიჯეროს. გებელსს აქვს ნათქვამი - რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯერებენო - სამწუხაროდ, ესეთი რაღაცაც მუშაობს ხოლმე. მაგრამ შედარებით ხანმოკლე დროით. საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასთან დაკავშირებით ბევრ პრობლემას ვხედავდი, მაგრამ საბედნიეროდ, შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტს ფიქრობენ რა შეიძლება იყოს სიტყვების მიღმა. ამიტომაც, ოპოზიციის პროცენტები არ იყო ისეთი მაღალი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

თვლით, რომ არჩევნებმა სრულად ასახა ის განწყობები, რაც საზოგადოებაში იყო?

ნამდვილად ვიცი. ეს აჩვენა სოციოლოგიურმა კვლევებმა, ხმის პარალელურმა დათვლებმაც. ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ემთხვევა ერთმანეთს. ის, რომ ცალკეულ უბნებზე რაღაცები ხდებოდა, ასეთი რამ ყოველთვის იყო.

და არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ იყო სისტემური გაყალბებები?

რა თქმა უნდა, არა. ადმინისტრაციული რესურსი, ეს ყბადაღებული თემა, რომელიც რას შეიძლება ნიშნავდეს და რას არა, ბოლომდე ნათელი არ არის ხოლმე (მათ შორის, არც კანონმდებლობით), რაღაც დოზით ყველგან მუშაობს, განსაკუთრებით, რაიონებში. კანონის აშკარა დარღვევები, დაშინება, მოსყიდვა და ასე შემდეგ - ეს თუ იყო, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, არა სისტემურად და შედეგზე ასახვას ვერანაირად ვერ ჰპოვებდა. ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს საარჩევნო ტექნოლოგიებში, ნათქვამი აქვს, რომ თვით ყველაზე დიდი გაყალბებაც კი 5-7%25 შეიძლება იყოს. აქ ასეთი რამ არ ყოფილა. ვერც იქნებოდა - სააკაშცხელი შოკოლადი 143 ვილის ძალაუფლების საყრდენი საკუთარი მოსახლეობის და დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს ნდობაა. ამიტომ იყო დამკვირვებლების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა. წაგებული მხარე კი ერთსა და იმავე „პლასტინკას“ ატრიალებს, არ წაგვიგია, წაგვაგებინესო.

ოპოზიციას მოსახლეობის სადღაც 40%25 უჭერს მხარს, მაგრამ ძალიან ბევრი მათი მხარდამჭერი არ მოვიდა ამ არჩევნებზე, რადგან ნოემბრიდან მაისამდე ბევრს გული აუცრუვდა ოპოზიციის ლიდერებზე. რატომ მოუვიდა ოპოზიციას ეს, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი.

რა საკითხებზე შეიძლება გქონდეთ ერთი პოზიცია, მაგალითად, თქვენ და გიორგი თარგამაძეს საპარლამენტი დებატების დროს?

მის შეხედულებებში, იდეოლოგიაში ჩემთვის ბევრი რამ მიუღებელია, თუმცა, დეტალებში რომ ჩავიდეთ, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საკითხებში ვიპოვოთ შეხების წერტილები. ცოტა ძნელად წარმომიდგენია, მან რაღაც ამიხსნას და დამიმტკიცოს, მაგრამ მაქვს იმედი, რომ მე ავუხსნი და დავუმტკიცებ და დავითანხმებ. ბევრი რამე არ მომწონს მის ნამოქმედარში, არც „დროების“ გადაცემები მომწონდა, ამას ყოველთვის ვეტყვი პირადადაც. მგონია, რომ ეს არ იყო მთლად ობიექტური გადაცემები, მაგრამ ამავე დროს, მე მას ვხედავ, როგორც პრაგმატულ და რაციონალურ ადამიანს. ფუნდამენტალისტი არ არის. ვნახოთ.

როგორც პოლიტიკური პროცესების გულშემატკივარს და არა მხოლოდ ნაციონალური სიით გასულ პარლამენტარს, გქონდათ თუ არა სურვილი, რომ პარლამენტში ყოფილიყო რესპუბლიკური პარტია? რამდენად საინტერესო და ნაყოფიერი იქნებოდა მათთან მუშაობა თქვენთვის, ისევ საერთო მიზნების მისაღწევად?

რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება პარლამენტი, მით უკეთესი. ოღონდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის ბუნებრივი სურვილია, სწორედ მისი გუნდი იყოს უმრავლესობაში. იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გავიტანოთ. რა თქმა უნდა, სხვებთან მსჯელობის ფარგლებში. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საკითხზე უმრავლესობას არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს და ოპონენტებთან დისკუსიაში დაიხვეწოს. ამდენად, მრავალფეროვნება და რესპუბლიკელების მონაწილეობა არა მგონია, ცუდი ყოფილიყო. ჩემი აზრით, რესპუბლიკელებმა მიუღებელი პოზიცია დაიჭირეს, თორემ, მე თვითონ რესპუბლიკელი ვიყავი, 2006 წლის შუახანებამდე.

რა იყო მათ პოზიციაში მიუღებელი?

სააკაშვილის მმართველობის კრიტიკით ვერ განასხვავეს ბავშვი ნაბანი წყლისაგან. ყველაფერში ნეგატივს ხედავდნენ. ეს არ იყო სწორი. მათ ვერ დააფასეს, რამხელა იყო გარღვევა კორუფციასთან, დანაშაულთან ბრძოლაში. მათ ვერ განასხვავეს კანონიერი ქურდი და პოლიციელი, თქვეს, რომ ერთით მეორის ჩანაცვლება ხდება. ასევე მიუღებელი იყო მათი შეფასებები კოდორში განვითარებული მოვლენების თაობაზე. ის, რომ რიგ შემთხვევებში საკუთრების უფლებები ირღვეოდა, ძალიან ხშირად ეს ხელისუფლების მხრიდან კომუნიკაციის პრობლემა უფრო იყო, ვიდრე დანაშაული. ამაშიც უნდა უკეთ გარკვეულიყო რესპუბლიკური პარტია და თავისი წვლილი შეეტანა, რომ რაღაც დახვეწილიყო, ვიდრე გარედან დამდგარიყო და ეგინებინა, აი, სოციალიზმი მყარდება და საკუთრების უფლება აღარ არის მასობრივად დაცულიო. სამწუხაროდ, ზოგიერთი რესპუბლიკელის პიროვნული ამბიციაც თამაშობდა როლს, მათ ვერ მონახეს ძალა, რომ ეღიარებინათ სხვისი წარმატება. სხვას რიგ შემთხვევებში მეტი რაციონალიზმი აღმოაჩნდა და უფრო სწორად მოქმედებდა, ვიდრე ისინი. არც იმის თქმა შეიძლებოდა, რომ კონსტიტუციის ცვლილებით თურქმენიზაცია მოხდა. მეც არ მომწონდა რაღაცები, განსაკუთრებით კი სისწრაფე. მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, რომ სწორედ სისწრაფე იყო აუცილებელი. რესპუბლიკელების დღევანდელი ლიდერები ახლოს იყვნენ მაშინ ხელისუფლებასთან, თვითონ იყვნენ კომისიაში, მსჯელობდნენ და მიკვირს, რატომ ვერ მოხერხდა მათი დარწმუნება. რესპუბლიკელები ძალიან ნორმატივისტურ პოზიციაზე დადგნენ და ალბათ, ეს იყო პრობლემა.

ზოგჯერ იურისტებს ცოტა სიხისტე და ნორმატივიზმი ახასიათებთ. როგორც ასწავლეს, ისე ესმით. სინამდვილეში, ფაქტი რა არის და ინტერპრეტაცია რა - ასე მარტივად გასაშიფრი არაა. ხშირად კანონმდებლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად მოხდეს. რეალური პოლიტიკა ყოველთვის არის ნორმატივისტური და უსაფრთხოების მომენტების დაბალანსება. რესპუბლიკელების პოზიცია იყო ნორმატივისტური და, ჩემი აზრით, ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს არ აქცევდნენ ყურადღებას - კანონმდებლობა ხისტად ესმოდათ. მერე ეს სიხისტე გადაუვიდათ ძალიან პოლიტიზირებულ განცხადებებში, რომლის უკან არანარი სამართლებრივი არგუმენტაცია არ იდგა.

არ გწყდებათ გული, რომ რესპუბლიკელები არ იქნებიან პარლამენტში?

ზოგიერთზე მწყდება, სიამოვნებით ვიკამათებდი მათთან. ამას წინათ დებატები მქონდა ვახტანგ ხმალაძესთან, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. შეიძლება, ბევრი რამ სადავო იყოს მის მოსაზრებებშიც, მაგრამ ეს ის ადამიანია, ვისთან დისკუსიაც და რაღაც გადაწყვეტილებებამდე მისვლაც სასიამოვნო პროცესია.

როგორ გგონიათ, რა იქნება ახალი პოლიტიკური ელიტის მახასიათებლები? ის ადამიანები, ვინც გასული 5 წლის განმავლობაში ჩანდნენ როგორც ხელისუფლების სახეები, ზიზღის ჯგუფში მოხვდნენ, იმიტომ, რომ სწორედ საზოგადოების უმრავლეობის წინაგანწყობებს უპირისპირდებოდნენ

ჩემი აზრით, ეს იქნება ნაკლებრევოლუციური ელიტა. გუნდურობის განცდას აქვს პლუსებიც და მინუსებიც. ნამდვილად ვიცი, შიგნით როგორი დებატები მიდიოდა ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც პოლიტიკური გუნდი, ერთი გადაწყვეტილებით უნდა წარმდგარიყო სამსჯავროზე. ახლაც ასე იქნება. ამავე დროს, მეტი მრავალფეროვნებაა, მეტი განსხვავებული აზრია და ნაკლებია დამოკიდებულება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ 2003 წლის ნოემბერში ერთად ვიდექით და ერთად გვემუქრებოდა სასიკვდილო საფრთხე. ეს დაბალანსდება იმით, რომ ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს და ამის გვჯერა და ამის - არა. ოღონდ, აუცილებელია თამაშიც წესების, ურთიერთობის წესების დაცვა ნაციონალური მოძრაობის შიგნით, პარლამენტარებს შორის, პარლამენტარებსა და მთავრობის წევრებს შორის, პრეზიდენტთან და მის აპარატთან. თუ ჩემთვის რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები სრულიად მიუღებელი გახდა, ჩემს პიროვნულ მრწამსთან შეუსაბამო, მე ვწერ განცხადებას და მივდივარ პარლამენტიდან. მგონი, ეს უფრო სამართლიანია, ვიდრე, უცებ, ჰოპ, და გადავჯდე სხვა ნავში. თუმცა, ამ გუნდისგან არანაირად არ ველი, რომ ამ გადაწყვეტილების წინაშე მომიწიოს დადგომა.

11 სასაცილოდ არაა საქმე

▲back to top


წერილი კანიდან

კანი-2008

წერილის გენერალური სპონსორია ფარმაცევტული კომპანიაჯიპისი

ავტორი: გიორგი გვახარია

0x01 graphic

REUTERS

0x01 graphic

კანის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალი
REUTERS

0x01 graphic

ჩინელი რეჟისორი ვონ კარ ვაი, კანი 2008
REUTERS

შარშანწინ ვონგ-კარ-ვაი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო. ჩინელებისთვის უჩვეულოდ მაღალმა რეჟისორმა, რომელიც შავი სათვალის გარეშე, მგონი, არავის უნახავს, კიდევ ერთხელ წააგებინა კანში პედრო ალმოდოვარს; საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, ფესტივალის კონკურსის საუკეთესო ფილმი „დაბრუნება“ მთავარი „პალმის“ გარეშე დარჩა.

შარშან ვონგ-კარ-ვაის ფილმით „იასამნისფერი ღამეებით“ გაიხსნა კანის ფესტივალი, რომლის ჟიურის სტივენ ფრირზი ხელმძღვანელობდა. საიუბილეო კინოფორუმის დახურვის ცერემონიალზე „შავსათვალიანი ჩინელი“ არავის დაუპატიჟებია - „ღამეებმა“ კანში კატასტროფული მარცხი განიცადა.

წელს ისევ ჩამოვიდა კანში. ამჯერად, კონკურსგარეშე პროგრამაში აჩვენა თავისი ახალი, ამჯერად უკვე ჩინეთში გადაღებული ზღაპარი. სეანსის დაწყების წინ მსახიობებთან ერთად სცენაზე ავიდა და პუბლიკას სთხოვა, წუთიერი დუმილით პატივი ეცათ მიწისძვრის შედეგად დაღუპული ჩინელების ხსოვნისთვის.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური დუმილი „წუთიერი დუმილების“ ისტორიაში. ვიღაცამ გამოიანგარიშა - შავსათვალიანმა ჩინელმა არა ერთი, არამედ მთელი შვიდი წუთი აგვატუზა. თავდახრილი იდგა. არა და არ გვაღირსა - „გთხოვთ, დაბრძანდეთ!“. მეხუთე წუთზე კლოდ დებიუსის დარბაზში ჩურჩული გაისმა. მეექვსეზე - ჩახველება. მეშვიდეზე... ცოტაც და ხორხოცი ატყდებოდა. იფიქრებდით, რომ ამ დუმილ-დუმილში ვონგ-კარ-ვაის სცენაზე ფეხზემდგარს ჩაეძინა. პრეზენტაციის წამყვანი, ერთი მეტიჩარა ფრანგი ჟურნალისტი, კანდაჭიმული კაცი, რომლის გვარს ვერაფრით ვიმახსოვრებ (არადა, ათი წელია მიჰყავს ასეთი პრემიერები), მეორე წუთის დაწყებიდანვე ცქმუტავდა, მაგრამ მხოლოდ მეშვიდე წუთზე მიუტრიალდა დასავლურ-აღმოსავლური კინოს მეტრს, რაღაც გადაუჩურჩულა და როცა პასუხი ვერ მიიღო, იძულებული გახდა თავად ეთქვა დარბაზისთვის - „მერსი ბოკუ“.

0x01 graphic

REUTERS

ფილმის დაწყებიდან მეხუთე წუთზე ჩემი საყვარელი რიტუალი აღვასრულე. ქართველ კოლეგებს შევძახე: „ავდექით!“ და სასწრაფოდ დავტოვე კლოდ დებიუსის დარბაზი. ვონგ-კარ-ვაი, თავის მსახიობებთან ერთად, დერეფანში, პირდაპირ კარებთან იჯდა. თუ არ ვცდები, გამოგვხედა კიდეც (რას გაიგებ, სულ სათვალე უკეთია). რა გამოვიდა? კლოდ დებიუსის დარბაზში მოსახვედრად, ნახევარი საათი რიგში მხოლოდ იმიტომ ვიდექით და მხოლოდ იმიტომ გავიწუწეთ, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპული ჩინელების ხსოვნისთვის გვეცა პატივი. სასაცილოა?

არა, ბატონო. კანის 61-ე კინოფესტივალზე თითქმის არაფერი იყო სასაცილო.

ჯანსაღი სიცილი, რომელიც, სპეციალისტებს რომ ჰკითხოთ, ნაოჭებს არ აჩენს, ლიუმიერებისა და დებიუსის კინოდარბაზებში, სადაც ფესტივალის მთავარ ფილმებს უჩვენებდნენ, მხოლოდ ორჯერ გაისმა; პირველად ფესტივალის მესამე დღეს, ვუდი ალენის კონკურსგარეშე ფილმის, „ვიკი კრისტინა ბარსელონას“ პრემიერაზე. ორი ამერიკელი გოგოს (ქერას და შავგვრემანის) ბარსელონაში მოგზაურობის ისტორია, კატალონიური ღვინით, გიტარით, გაუდით და, რა თქმა უნდა, სექსუალურზე სექსუალური ესპანელით - ხავიერ ბარდემით, რომელიც ორივე ამერიკელთან წვება და თანაც, თავის გადარეულ „ნაცოლარს“ - პენელოპა კრუზს ვერ ელევა - ეჭვს ბადებს, რომ ხმოვანი კინო სწორედ ვუდი ალენისთვის შეიქმნა (ბერგმანის შემდეგ, რა თქმა უნდა). მსახიობები აქ რაღაც განსაკუთრებული სიამოვნებით წარმოთქვამენ ტექსტს და, რაც მთავარია, ამ რეპლიკებზე თავადაც ეცინებათ (ბერგმანისგან განსხვავებით). იქმნება დარბაზისა და ეკრანის მთლიანობა, რომელსაც ბოლო დროს ვერაფრით აღწევდა ვუდი ალენი - მეტისმეტად დაციკლული თავის კომპლექსებზე. თუმცა, ამ გამოუსწორებელ გარყვნილს არც „ბარსელონაში“ დაუმალავს, რომ კინოს (კარგ კინოს) სწორედ კომპლექსები აკეთებინებს. „ფიგაროს“ კორესპონდენტის კითხვაზე, გსურთ თუ არა თქვენც იცხოვროთ ერთდროულად ორ ქალთან და სიამოვნებით უყუროთ, როგორ კოცნიან ისინი ერთმანეთს, ვუდი ალენმა დაუფიქრებლად უპასუხა: „ამაზე ყველა მამაკაცი ოცნებობს“.

0x01 graphic

ვუდი ალენი, ფილმ ვიკი კრისტინა ბარსელონას გადასაღებ მოედანზე

0x01 graphic

კადრი ფილმიდანვიკი კრისტინა ბარსელონა

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ვიკი კრისტინა ბარსელონა

0x01 graphic

კადრი ფილმიდანვიკი კრისტინა ბარსელონა

დღეს მხოლოდ ოცნებაზე თუ გაეცინებათ და მხოლოდ ოცნებით, უფრო სწორად, „დრიმ“-ით, თუ გახდება შესაძლებელი დაღლილ და სასოწარკვეთილ კინოდარბაზთან ეკრანის გაერთიანება.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სრულიად მსოფლიო კინოკრიტიკოსთა შორის „ინდიანა ჯონსს“ ამდენი თაყვანისმცემელი ჰყავდა. სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის პრესისთვის დანიშნული სეანსი ღრმა ბავშვობაში დაგაბრუნებდათ. 5 წუთი დააგვიანა ფილმმა. „ლიუმიერების“ თითქმის სამი ათასიანი დარბაზი ხუთი წუთი ტაშს უკრავდა „ინდიანას“ დაწყების მოთხოვნით, ხოლო როცა პირველი ტიტრები გამოჩნდა, სტივენ სპილბერგის გვარ-სახელის დანახვაზე, პრესამ ბედნიერებისგან ყიჟინა გამართა - რამდენი წელი ელოდნენ ახალ „ინდიანა ჯონსს“!.. და, აი, დადგა ჟამი ბედნიერებისა! იტალიელი კრიტიკოსი იჯდა ჩემ გვერდით (ქართველი კოლეგების აბსოლუტურმა უმრავლესობამ „ინდიანას“ ბოიკოტი გამოუცხადა) - ასაკოვანი კაცი. ესეც ძალიან ხმამაღლა იცინოდა და თან, წამდაუწუმ საათზე იხედებოდა. სეანსის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მომიბრუნდა და მითხრა: „მატარებელზე მაგვიანდება. არ იფიქროთ, რომ არ მომწონს და იმიტომ მივდივარ“

კეიტ ბლანშეტის ირინა ფალკოზე, კაგებეს პოლკოვნიკზე განსაკუთრებით მოილხინეს. ხოლო მაშინ, როცა ქვესკნელიდან თავის დასახსნელად, ინდიანა ჯონსს ცოცხალმა გველმა უნდა გაუწიოს თოკის მაგივრობა, სიცილი ნამდვილ ისტერიკაში გადაიზარდა. გამახსენდა, დიდი ხნის წინ, ჩემი ძმისშვილი რომ წავიყვანე პარიზის დისნეილენდში. როგორ ვწუწუნებდი! ისიც კი ვუთხარი, გარეთ დაგელოდები-მეთქი. მაგრამ მაინც დამიყოლია და მერე, სულ მადლობები მათქმევინა.

სასიამოვნოა, როცა სხვებთან ერთად უყურებ შენს სიზმარს; როცა აღარ გეშინია ზესკნელიდან ქვესკნელში გადავარდნის, რადგან წინასწარ იცი - ყველაფერი კარგად დამთავრდება და, რაც მთავარია, მარტო აღარ ხარ შენს სიზმარში.

„ინდიანა ჯონსის“ პრემიერაზე, კანში სრულიად მსოფლიოს კინოპრესა ერთად „კაიფობდა“ თავის კოშმარულ სიზმრებზე - ჩინელები, ამერიკელები, ფრანგები, რუსები და რამდენიმე ქართველი - მხოლოდ და მხოლოდ დროის მოკვლის მიზნით რომ აღმოვჩნდით სტივენ სპილბერგის კონკურსგარეშე ფილმზე.

დიახ. კანის 61-ე კინოფესტივალზე ორად ორმა ფილმმა გაამხიარულა პუბლიკა და ორივე კონკურსგარეშე პროგრამაში იყო ჩართული. სიკვდილზე ფიქრი და მსჯელობა ელიტარული კინოს მთავარი თემა გახდა. დაუმატეთ ამას ცუდი ამინდი, კატასტროფულად გაძვირებული საფრანგეთი, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში, მთელ სამყაროზე მუდმივად გაბრაზებული ჟიურის თავმჯდომარე - შონ პენი და მიიღებთ კანის 61-ე კინოფესტივალს; გარკვეული თვალსაზრისით, ისევ საიუბილეოს - 40 წელი გავიდა კანის ყველაზე სკანდალური კინოფორუმიდან, როცა 68 წლის მაისში, ფესტივალის დირექცია იძულებული გახდა გამოხმაურებოდა მეამბოხე კინემატოგრაფისტების ლოზუნგს: „რა დროს სმოკინგებია, როცა ქვეყანა ინგრევა!“ და კანის კინოფორუმი ფაქტობრივად გახსნისთანავე დაეხურა.

0x01 graphic

კადრი ფილმიდან შეხვედრა პალერმოში

0x01 graphic

კადრი ფილმიდან შეხვედრა პალერმოში

0x01 graphic

გერმანელი რეჟისორი ვიმ ვენდერსი, კანი 2008
REUTERS

სხვათა შორის, შონ პენმა ფესტივალის პირველივე დღეს გამოაცხადა, მიწისძვრა ჩინეთში აუცილებლად იმოქმედებს ჩემს გადაწყვეტილებაზეო... რაც იმას ნიშნავდა, რომ 61-ე კინოფორუმზე სწორედ ტრაგედიას ჰქონდა გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი. ნუ... ტრაგედიას თუ არა, დეპრესიულ კინოს მაინც - სწორედ ისეთს, თავად შონ პენი რომ იღებს ჰოლივუდში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ფესტივალის გახსნის დღეს ნაჩვენები ფერნარდუ მეიერლესის „სიბრმავე“, ჯულიანა მურით მთავარ როლში - ანტიუტოპია მომავლის ქალაქზე, რომელსაც სიბრმავის სენი შეეყრება (წლევანდელი კონკურსის ფილმებისთვის დამახასიათებელი სწორხაზოვანი მონოლოგით, რომელსაც მთავარი გმირი ფილმის პროლოგშივე წარმოთქვამს: „ჩვენ არ ვბრმავდებით, ჩვენ ყოველთვის ბრმები ვიყავით. ბრმები, რომლებიც ხედავენ“), ანდა, ატომ ეგოიანის „აღფრთოვანება“ - ინტერნეტის შესაძლებლობების წარმოჩენა თინეიჯერების მარადიული პრობლემის - იდენტიფიკაციის გადასაწყვეტად. სომხური წარმოშობის კანადელი რეჟისორი, რომელსაც დიდი ხანია ტანჯავს წინაპრების წარსული, ამჯერად დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია შეცვალოს ადა მიანის ცხოვრება და იმოქმედოს ადამიანების ურთიერთობებზე. „აღფრთოვანების“ გმირი, 15 წლის კანადელი ბიჭი, რომელსაც მშობლები დაეღუპა, თავისი ცხოვრების (მოგონილი ცხოვრების) შესახებ უამბობს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ისმენს მათ აზრს და, რაც მთავარია, ხედავს მათ „ვიდეოფორუმის“ საშუალებით. ყველაფერი თითქოს კარგად მთავრდება - მოზარდი ემიჯნება წარსულის ლანდებს და რეალობას უბრუნდება, მაგრამ ეგოიანი ისევ შეწუხებულია და ისევ მიგვანიშნებს, რომ ინტელექტუალურ ნეკროფილიას ვერასდროს შეელევა.

0x01 graphic

კეიტ ბლანშეტი, სტივენ სპილბრგი და ჰარისონ ფორდი
ფილმ ინდიანა ჯონსის გადასაღებ მოედანზე

0x01 graphic

REUTERS

0x01 graphic

სტივენ სპილბრგი ფილმ ინდიანა ჯონსის გადასაღებ მოედანზე

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ინდიანა ჯონსი

თუმცა, დეპრესიული კინოს კულმინაცია მაინც ვიმ ვენდერსის ახალი ფილმი იყო - „შეხვედრა პალერმოში“ - ჰოლივუდში გადახიზნული „უძღები შვილის“, ვიმ ვენდერსის დაბრუნება ევროპაში და მისი ფილმის გმირის, გარკვეული თვალსაზრისით, მისი „ალტერ ეგოს“ - დიუსელდორფელი ფოტოგრაფის გაქცევა ევროპის ცენტრიდან ბებერი კონტინენტის სამხრეთ საზღვარზე - სიცილიაზე. ფილმის პრემიერამდე ორი დღით ადრე ვენდერსი, თავის მეექვსე მეუღლესთან, დონატა შმიდტთან ერთად, ვიხილეთ „თეთრი მაილს დევისის“, ჩეტ ბეიკერისადმი მიძღვნილი ბრუს ვებერის ფილმის (ჰო, ფოტოგრაფი ვებერის) აღდგენილი ვერსიის პრემიერაზე. მთლად ჩვენ გვერდით იჯდა. სეანსის დაწყებამდე შევნიშნეთ, რომ ვენდერსი არ ბერდება - ისევ ჩამოყრილი აქვს კულულები მხრებზე და ისევ ძველებურად „იშმოტკება“ - შეუძლია ერთმანეთს მოუხდინოს იაფფასიანი რეზინის „კეტები“ და ბოსის მაღაზიაში შეძენილი პიჯაკი. მის მეორე ნახევარსაც დავაკვირდით - ვენდერსზე ზუსტად ოცი წლით უმცროს მაღალ-მაღალ ქალს, რომელსაც „ყურძენი“ ჰქონდა გარჭობილი თმებში. ვეჭვობ, ამ „შპილკამ“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს განწყობაზე ვიმ ვენდერსის ახალი ფილმის პრემიერის წინ. ერთი ჩემი მოსკოველი კოლეგის სიტყვები გამახსენდა: „შეხედეთ ამ კაცს - როგორ დაუკრავს შოპენს, როცა ასეთი ცოლი ჰყავს?

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ინდიანა ჯონსი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ინდიანა ჯონსი

0x01 graphic

კადრი ფილმიდან ინდიანა ჯონსი

მერე იმასაც დავაკვირდი, როგორ უყურებდა „სევდის მარტოხელა ჯადოქრის“, ჩეტ ბეიკერის ამ გენიალურ კინოპორტრეტს. რა ვქნა, მიყვარს იმის ყურება, როგორ უყურებენ კინოს ადამიანები! კი, ვებერის ფილმის სეანსზე, ლუის ბუნუელის დარბაზში, ისე უბერავდა კონდიციონერი, რომ დარბაზმა ნელ-ნელა დაიწყო პლაჟისთვის წამოღებული პირსახოცების შემოსხმა. სიცივეში კი ძნელია აღიქვა ბეიკერის ეს გრძელი მონოლოგი, სიკვდილის წინ გადაღებული აღსარება, რომელიც ფილმის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, „პიანისიმოს ოსტატის“ თვითმკვლელობით დასრულდება. მაგრამ ვენდერსი სიცივემ ნამეტანი შეაწუხა. უფრო სწორად, აღაშფოთა მისი „ყურძნისმტევნიანი“ ცოლი, რომელიც სეანსის დაწყებისთანავე „შაისე“, „შაისეს“ გაიძახოდა და აიძულა თავისი მეორე ნახევარი, დემონსტრაციულად დაეტოვებინათ დარბაზი. არადა, მანამდე იმ კანგადაჭიმულმა მეტიჩარა ფრანგმა დიდი ამბით გამოგვიცხადა, მივესალმოთ ვიმ ვენდერსსო...

დონატა შმიდტსაც ყვარებია ფილმიდან გასვლა და, რაც მთავარია - სხვების გაყვანა! შეიძლება სწორედ მან, გერმანიაში ცნობილმა ფოტოგრაფმა, შთააგონა ვენდერსი გადაეღო „შეხვედრა პალერმოში“. მთელი ფილმი ხომ სწორედ ფოტოგრაფის თვალით დანახული სამყაროა - დეპრესიული ფოტოგრაფისა, რომელსაც სიკვდილის შიშს სიცილიელი რესტავრატორი გოგო გადაალახვინებს (ისიც აჩხაკუნებს აპარატს). სიცოცხლესა და სიკვდილზე წარმოთქმულ მაღალ-მაღალ სიტყვებს აქ შესაბამისი განწყობის მუსიკა მიყვება. ვენდერსმა, ეტყობა, მუსიკა ჩაურთო მსახიობებს და ისე წააკითხა მაღალფარდოვანი ტექსტები - შესაბამისი პაუზებით, რიტმით. მუსიკა კარგია (განსაკუთრებით Portishead-ის ქალის ბოლო ალბომი), გამოსახულება - კიდევ უფრო კარგი. მაგრამ ორივე ერთად, კინოს, უფრო მეტიც, სამყაროს დასასრული! მსოფლიო კინოს მეტრის როლში შესულმა ვენდერსმა გადაწყვიტა გვასწავლოს, როგორ დავთრგუნოთ სიკვდილის შიში, როგორ გადავლახოთ დეპრესია (მაგალითად, პალერმოში წავიდეთ) და როგორ დავინახოთ ქვეყანა... ანტონიონისა და ბერგმანის თვალებით.

დიახ, ბატონო. ვიმ ვენდერსის ფილმი ასეთი ტიტრით მთავრდება: „ვუძღვნი მიქელანჯელოსა და ინგმარს“. წარწერის გამოჩენაზე, კანის ფესტივალის პუბლიკამ ახლა უკვე მესამედ დასცხო სიცილი ვუდი ალენისა და სპილბერგის ფილმების შემდეგ. ოღონდ, ეჭვი მაქვს, რომ ეს უფრო დაცინვა იყო - მასხრად აგდება 65 წლის კულულებჩამოყრილი, კეტებიანი ვენდერსისა, რომელიც დიდი ხანია „ვეღარ უკრავს შოპენს“. რა ვიცი, შეიძლება ბრუს ვებერის დოკუმენტური ფილმიდანაც არა სიცივემ (ჩვენსავით) გამოიყვანა, არამედ გაბრაზებამ, თუ გნებავთ შურმაც, რომელიც „ფაუსტის კომპლექსით“ შეპყრობილმა ნებისმიერმა ნევროტიკმა შეიძლება განიცადოს, როცა დაინახავს, მოისმენს, როგორ გრძნობდა ბეიკერი არა მარტო ფორმასა და მუსიკალურ დროს, არამედ პარტნიორებს... ატმოსფერო, რომელსაც იგი ქმნიდა, აფიქრებინებდა მსმენელს, რომ ეს ლამაზი კაცი, საყვირით ხელში, სწორედ იმაზე გიამბობს, რის შესახებ ხშირად ფიქრობ ხოლმე, მაგრამ ვერ ბედავ ლაპარაკს.

0x01 graphic

ბელგიელი რეჟისორები, ძმები ლუკ და ჟან-პიერ დარდენები. კანი 2008

0x01 graphic

კლინტ ისტვუდი და ანჯელინა ჯოლი. კანი 2008

0x01 graphic

დიეგო მარადონა. კანი 2008

0x01 graphic

შონ პენი და ოქროს პალმის რტოს მფლობელი ლორან კანტე. კანი 2008

პარადოქსი ისაა სწორედ, რომ ასეთი, 59 წლის დანაოჭებული კაცი, დიდი მუსიკოსი, ამსტერდამის სასტუმროს ფანჯრიდან ხტება, სხვები კი, მასზე უფროსები, მაგრამ კანდაჭიმულები, ბოსის კოსტიუმებსა და ვალენტინოს კაბებში გამოწყობილები, კანის ფესტივალის წითელ ხალიჩაზე უღიმიან პუბლიკას, თავიანთ ფილმებში კი ვერ მალავენ გაღიზიანებას ყველასა და ყველაფრის მიმართ. აგერ, შონ პენსაც ჰკითხეს, ფესტივალის გახსნის დღეს, რაღაც ვერ ხართ ხასიათზეო... სიგარეტი მოიმიზეზა - მოწევა მინდაო. მოაწევინეს. მაგრამ ფესტივალის ბოლომდე ასეთი ჯმუხი დარჩა. უფრო მეტიც, დეპრესიული კინოს კონკურსში ყველაზე დეპრესიული ფილმი აღნიშნა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის - ნური ბილგე ჯეილანის „სამი მაიმუნი“, რომლის გმირი, პროფესიით მძღოლი, თავის თავზე იღებს საარჩევნო კამპა ნიაში ჩართული ბოსის დანაშაულს. ფილმის სიუჟეტი ამერიკულ „შავ ფილმს“, ან სიმენონის რომანს უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ეს ხომ კანის ფესტივალია! ფილმის რეჟისორი კი, ანდრეი ტარკოვსკის ფანი. დეტექტივისგან აღარაფერი რჩება. წინა პლანზე გამოდის ისევ და ისევ სიბრმავის თემა (რასაც, დაყრუება და დამუნჯება ემატება), ავტორის შეწუხება იმის გამო, რომ თანამედროვე თურქეთი „სამი მაიმუნის“ პრინციპით ცხოვრობს - ახალი ქვეყნის მშენებლობა რაღაცებზე თვალის დახუჭვას მოითხოვს.

0x01 graphic

ევა ჰერციგოვანა. კანი 2008

სხვათა შორის, ყალბი დემოკრატიით, „ჩანაცვლებული დემოკრატიით“ შეწუხება წლევანდელ ფესტივალზე კიდევ ერთმა მაესტრომ - კლინტ ისტვუდმა გამოხატა ძალიან ტრადიციულ, კლასიკური ამერიკული კინოს კლიშეებით აღსავსე ფილმში „ჩანაცვლება“. მაგრამ შონ პენის ჟიურიმ, მაინცდამაინც, ჯეილანის სასოწარკვეთილ, პრეტენზიულ და ყოვლად უიუმორო ფილმს დაუჭირა მხარი, ისტვუდის სურათი კი, ფესტივალის ბოლო დღემდე კრიტიკოსთა გამოკითხვის ერთ-ერთი ლიდერი, საერთოდ არ შეიმჩნია (თუ არ ჩავთვლით საგანგებოდ მოგონილ პრიზს „კინოში გაწეული ღვაწლისათვის“, რომლის ასაღებად ისტვუდი კანში აღარ დაბრუნებულა)

„ჩანაცვლების“ გმირი, კრისტინ კოლინზი - მარტოხელა დედა, ანჯელინა ჯოლის შესრულებით, ტელეგრაფისტად მუშაობს 20-იანი წლების ლოს-ანჟელესში. ერთხელაც, სამსახურიდან შინ მიმავალს, ტრამვაიზე დააგვიანდება. სახლში რომ დაბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მისი 9 წლის ბიჭი სადღაც გაუჩინარდა. პოლიცია ბავშვს მიაგნებს. მაგრამ კრისტინი დარწმუნებულია, რომ საიდანღაც ჩამოყვანილი ბიჭი, რომელიც გარეგნულად მართლაც წააგავს მის ვალტერს, „ჩანაცვლებულია“. პოლიციას, უბრალოდ, ეჩქარებოდა საქმის დახურვა. კრისტინის საქციელს „ნერვიულ სტრესად“ მონათლავენ და ფსიქიატრიულში ჩაამწყვდევენ. მაგრამ სასოწარკვეთილი დედა გააგრძელებს ბრძოლას. ვალტერს მაინც ვერ მიაგნებს.

თუმცა, არაერთ მოტყუებულ ადამიანს დაეხმარება („ერთი ადამიანის ხმას შეუძლია მთელი სიტუაცია შეცვალოს“ - აღნიშნა ისტვუდმა პრესკონფერენციაზე)

კორუმპირებული პოლიციის, სასამართლოსა და ჯანმრთელობის სისტემის მხილება თითქმის ფანტასტიკური ისტორიით (არადა, ფილმს ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად) კლინტ ისტვუდმა იმით ახსნა, რომ დიდი ხანია აღელვებს ამერიკული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კონფორმიზმი და ფარისევლობა. „საზოგადოება ხშირად თანახმაა „ჩაანაცვლოს“ დემოკრატია, რათა მის სტაბილურობას არაფერი დაემუქროს“ - აღნიშნა ისტვუდმა პრესკონფერენციაზე. ნამდვილად საინტერესო აზრია, არა? აგერ, თურმე, ჰოლივუდიც შეწუხდა ფარისევლობით და სწორედ ეს ფილმი წარადგინა ფარისევლობით სახელგანთქმულ, მაგრამ მომხიბვლელზე მომხიბლავ კანის ფესტივალზე (ახლა ვინც მეტყვის, არასდროს „მიფარისევლიაო“, ქვა მესროლოს!). აქ ყოველთვის სანახაობა იყო მოდაში და არა კონკურსებში ჩართული ინტელექტუალური კინო. აქ ყველაზე საინტერესო ქუჩაში ხდებოდა, განსაკუთრებით კრუაზეტის სანაპიროზე და არა კინოდარბაზებში, სადაც, ყველაფერთან ერთად, მეტისმეტად უბერავდა კონდიციონერი.

1953 წელს ბრიჯიტ ბარდო ბიკინებში იჯდა კანის პლაჟზე. მეზღვაურებმა, იქვე მდგარ გემზე, საქმე მიატოვეს და ხომალდის ცხვირში შეგროვდნენ... გემი გადაბრუნდა.

2008 წელს, კანის პლაჟებზე წამოწოლა ორად გაყოფილ „კუპალნიკში“ ლამის ველურობად ითვლებოდა. თუმცა, მკერდის (როგორც წესი, საგანგებოდ „გაზრდილის“) გაშიშვლება ქალებმა მაინც ვერ მოახერხეს - ამინდმა აურია. ფესტივალის დახურვის დღეს კი ქარმა ისე დაუბერა, რომ წითელ ხალიჩაზე გამოფენილი კინოვარსკვლავები იძულებულნი გახდნენ ხელით „დაეჭირათ“ თავიანთი სიფრიფანა კაბები.

კანის ფესტივალის ისტორიაში ყოველთვის ასე იყო - ცუდ ამინდში იზრდებოდა მიღებებისა და ბანკეტების რაოდენობა. მაგრამ დოლარის კრიზისმა წლევანდელ კინოფორუმზე განსაკუთრებით იმოქმედა. სასტუმროების მფლობელები წუწუნებენ თურმე, ამერიკელები ლიმუზინებს და შამპანურს აღარ უკვეთავენო. ამავე მიზით ჩაიშალა „ინდიანა ჯონსის“ პრემიერასთან დაკავშირებული გრანდიოზული მიღება... ამერიკული ფული - იქაური სპონსორების სახით - საერთოდ არ იგრძნობოდა წლევანდელ ფესტივალზე, რაც, სხვათა შორის, კანის კინოფორუმის პროგრამაზეც აისახა და შედეგებზეც - ჰოლივუდის მიერ კონკურსში წარმოდგენილი სხვა ფილმები (ჯეიმს გრეის „ორი საყვარელი“, ჩარლზ კაუფმანის „სინეკდოში.ნიუ-იორკი“) კრიტიკოსთა გამოკითხვების აუტსაიდერებად დარჩა, სამაგიეროდ გაიზარდა ლათინურ ამერიკაში გადაღებული ფილმების რიცხვი (კონკურსში 2 არგენტინული და 2 ბრაზილიური ფილმი იყო წარმოდგენილი) და, რაც მთავარია, კიდევ უფრო გამძაფრდა ანტიამერიკული რიტორიკა. აი, მაგალითად, კონკურსგარეშე ფილმის, „მარადონას“ პრემიერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ემირ კუსტურიცამ, თავისი ფილმის სახელოვან გმირთან ერთად, ჯერ ჯორჯ ბუშს გადაუარა, მერე კი მთელ ამერიკას გადაწვდა. აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა 24 ქვეყანა დაბომბა, მათ შორის მისი სამშობლო - სერბეთი... იყო დრო, როცა კუსტურიცა ყველანაირად ემიჯნებოდა სერბეთს და სულ იმას იმეორებდა, სერბი კი ვარ, მაგრამ ბოსნიაში გავიზარდეო. მაგრამ ახლა დრო შეიცვალა.

ამ შეცვლილმა დრომ და დოლარის კრიზისმა კანში სულ სხვა რჯულის „კინოსაქმოსნებს“ გაუთავისუფლა სივრცე - კრუაზეტზე განლაგებულ ბუტიკებში ცნობილმა მოდელიორებმა გამოფინეს ის („ისეთი“), რაც ყველაზე მეტად მოსწონთ პოტენციურ მყიდველებს - „ახალ რუსებს“. სწორედ მათ, კანში საგანგებოდ ჩამობრძანებულმა რუსმა ბიზნესმენებმა (ზოგი თავის თავს „პროდიუსერს“ რომ უწოდებს) მოაწყვეს ფართი-ვიქტორინა, რომელზეც მოგვიანებით ბევრი იშაყირა ფრანგულმა პრესამ. გამარჯვებულს აქ საგზურები ერგებოდა კორსიკაზე. ვიქტორინის კითხვებს შორის ყოფილა ასეთი - „ვინ ამბობს სიტყვებს „ყოფნა-არყოფნა“? ჰარი პოტერი, დონ-ჟუანი თუ ჰამლეტი?“

15 ბიზნესმენიდან 5-მა ჰარი პოტერი დაასახელა. ათმა კი გასცა პასუხი „არ ვიცი“.

გარეთ ბობოქრობდნენ და მიღებებზე კოვზებით აჭმევდნენ ხიზილალას მსოფლიოს. მაგრამ კინოდარბაზებში მთლად კარგად არ ჰქონდათ საქმე. ჯერ იყო და, ვუდი ალენმა განაცხადა, რუსეთში ჩემი ფეხი არ იქნებაო, მერე სპილბერგმა დასცინა, ბოლოს კი ძმებმა დარდენებმა დააგვირგვინეს ფესტივალის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში „ლორნას სიჩუმე“.

მაგრად ეშმაკობს კანის კინოფესტივალი - პროგრამას, როგორც წესი, მაშინ აქვეყნებს, როცა ხალხს ვალები აქვს აღებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ ფესტივალზე გასამგზავრებლად. ეს უკვე ტრადიციაა, რომლის გამო 1958 წელს ფრანსუა ტრიუფომ მიწასთან გაასწორა კანი. კინოფორუმის შეურაცხყოფისთვის მას მისწერეს წერილი, რომელშიც ატყობინებდნენ, რომ ვეღარ მიიღებდა აკრედიტაციას მომავალ ფესტივალზე. მაგრამ მომდევნო წელს ტრიუფო მაინც ჩავიდა კანში, ამჯერად რეჟისორის აკრედიტაციით, როგორც ავტორი ფილმისა „ოთხასი დარტყმა“, რომელმაც კანში გაიმარჯვა...

თბილისში, უკვე ვალებში ჩავარდნილმა, კანის ფესტივალის პროგრამის გაცნობისას, კინაღამ გადავიფიქრე გამგზავრება. მაგრამ მოულოდნელად საკონკურსო პროგრამაში აღმოვაჩინე „ლორნას დუმილი“, იმ ადამიანების ფილმი, რომელთაც ჯერ კიდევ არ გაუტეხავთ ჩემი „მრავალკინოგანცდილი“ გული - ძმები დარდენები, ბელგიელი რეჟისორები, რომელთაც დამსახურებულად ჰქონდათ შანსი დაემყარებინათ რეკორდი კანის კინოფესტივალის ისტორიაში - მესამედ გამხდარიყვნენ „ოქროს პალმის“ ლაურეატები.

ბელგიაში (ე.ი. „ევროკავშირის გულში“) მოქალაქეობის მისაღებად „ახალ რუსებს“ ალბანელი გოგონა, ლორნა უნდა დაეხმაროს. ცხადია, გასამრჯელოს ფასად, საიდანაც პროცენტები რჩება. დანარჩენს ფიქტიური ქორწინებების ადგილობრივი მაფია იღებს. ლორნამ მსგავსი ოპერაცია ერთხელ უკვე წარმატებით ჩაატარა - დაქორწინდა ბელგიელ ნარკომანზე, რომლის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა - ლორნა მისგან ფეხმძიმედაა. „რუსი საქმრო“ გარიგებაზე მხოლოდ აბორტის შემთხვევაში დათანხმდება. მაგრამ, მოულოდნელად, ლორნა დედობაზე უარს არ ამბობს.

დარდენების ფილმში ერთია პოლიტიკური კონტექსტი - ევროკავშირის ბიუროკრატიული მანქანის სახე, გამოხატული ბელგიელი რეჟისორებისთვის დამახასიათებელ კლაუსტროფობიურ სივრცეში და ახალი ევროპული თამაში, რომელიც ახლა უკვე „პერსპექტიულ ევროპელებს“, ალბანელებს (მნიშვნელოვანია, რომ ლორნას როლის შემსრულებელი, არტა დებროში, კოსოვოელი ალბანელია) რუსებთან ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

ბუნებრივია, რუსები აღშფოთდნენ თავიანთი თანამემამულეების თითქმის კარიკატურული სახეებით. თუმცა, არა მგონია, პოლიტიკა იყოს მთავარი „ლორნას დუმილში“.

ქალის ბრძოლა თავისი შვილისთვის სისტემის წინააღმდეგ ძალიან გავრცელებული თემა იყო კანის წლევანდელ ფესტივალზე (კლინტ ისტვუდთან, არგენტინულ ფილმში „ლომის გალია“), მაგრამ, უფრო, სოციოლოგიურ-პოლიტიკურ რაკურსში. გამოფიტული, გადაღლილი თანამედროვე კინოს ლიდერები კანის ფესტივალზე წარმოდგენილ პროგრამაშიც კი უარს ამბობენ მხატვრულ ძიებებზე, სტილზე, თავად კინოენის გამდიდრებაზე. როგორც ჩანს, დარწმუნებულები არიან, რომ ისედაც მშვენივრად მოახერხებენ პუბლიკის მანიპულაციას და უკვე კარგად გადაღეჭილი ჭეშმარიტებებით მის მოხიბვლას.

არადა, ასე არ გამოდის...

მაგალითად, გერმანელი რეჟისორი, ანდრეას დრეზენი, თავის კონკურსგარეშე ფილმში „ღრუბელი 9“ მიმართავს მასალას, რომლისგანაც მისი თანამემამულე, რაინერ ვერნერ ფასბინდერი მორიგ შედევრს შექმნიდა - 78 წლის მამაკაცისა და 62 წლის ქალის სექსუალურ (დიახ, სექსუალურ) თავგადასავალზე გვიამბობს. ვინა თქვა, რომ დაბერებული შიშველი სხეულის ჩვენება არ შეიძლება და რატომაა, რომ ვერავინ ბედავს მოხუცების სექსის ჩვენებას ეკრანზე? რიტორიკულ კითხვას სვამს რეჟისორი და ეჭიდება თემას, რომლის რეალიზაციას, დიახაც, ნიჭი სჭირდება და არა უბრალოდ სითამამე.

ნიჭი არ არის. და შედეგი სახეზეა - პუბლიკა ისევ იცინის - ისევ დასცინის ავტორს.

უნგრელი რეჟისორი, კორნელ მონდრუჩო, გადაწყვეტს ინცესტის თემით გააკვირვოს 21-ე საუკუნის მაყურებელი კონკურსში ჩართულ ფილმში „დელტა“. „ჰამლეტის“ და „ანტიგონეს“ სინთეზია ესო - გვარწმუნებდა სურათის ავტორი პრესკონფერენციაზე.

ამასაც დასცინეს. დარბაზი რამდენიმე წუთში დაიცალა. სანახაობიდან, რომლის ავტორს არც მსახიობების თამაში აინტერესებს, არც რიტმი, არც დრამატურგია. მთავარი „შოკია“... მაგრამ ასეთი კინო შოკის ნაცვლად მხოლოდ დაცინვას იწვევს („ფიპრესი“, რომელმაც კანში, „დელტას“ თავისი პრიზი არგუნა, არ ითვლება - კინოჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციაში ყოველთვის უყვარდათ კინო - „ალა ტარკოვსკი“).

აქ მინდა გაგახსენო, ძვირფასო მკითხველო, რომ კანის ფესტივალი არც კინოთეატრი „გლდანია“ და არც „რუსთაველ-ამირანი“. ფესტივალზე მსოფლიოს საუკეთესო კრიტიკოსები არიან აკრედიტებული. დარბაზიდან მათი მასობრივი გასვლა იშვიათია. სტვენა კი, ბერლინისგან განსხვავებით, საერთოდ არ უყვართ კანში. და თუკი მასობრივად დაიცალა დარბაზი, როგორც „დელტაზე“, ანდა, თუკი დაუსტვინეს, ე.ი. ძალიან სერიოზულადაა საქმე. მით უმეტეს, როცა დღეში რამდენიმე ფილმის ნახვა გიწევს (კონდიციონერში) და ყოველი ფილმის ნახვის წინ უზარმაზარ რიგში გიხდება დგომა.

გაღიზიანებულია ამ დროს კრიტიკოსი და ძალიან მძაფრად რეაგირებს უნიჭობაზე.

კანის ფესტივალის დირექციამ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და თავისი ძველი ფავორიტის, სტივენ სოდერბერგის (25 წლის იყო, „პალმა“ რომ მიიღო ფილმისთვის „სექსი, სიცრუე და ვიდეო“) ახალი ნამუშევრისთვის „ჩე“ სეანსებისგან მთელი დღე გაათავისუფლა. „ჩე“ - ოთხი საათი და ორმოცი წუთი გრძელდება. ამიტომ კანში გადაწყვიტეს, ხალხს საღამოს, დასვენებული ტვინით ენახა ჩე გევარას ახალი კინობიოგრაფია. უფრო მეტიც, პირველად ფესტივალების ისტორიაში, სურათის ორ ნაწილს შორის შესვენება გამოაცხადეს და ჟურნალისტებს სენდვიჩები დაურიგეს.

მე, პირადად (და არა მარტო მე), სენდვიჩემდეც ვერ გავძელი. კუბის რევოლუციის ფაქტებს, რომელსაც ორსაათიანი პირველი ნაწილი ეძღვნება, ინტერნეტშიც გავეცნობოდი. სოდერბერგი მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა, თითქმის არ უშვებს კამერას ახლოს მსახიობებთან, მათ შორის ბენისიო დელ ტოროსთან. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ მსახიობს დააჯილდოვებენ კანში პრიზით მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. ამბობენ, რომ ბენისიო დელ ტორო ნამდვილ თამაშს მხოლოდ მეორე ნაწილში იწყებს, როცა სტივენ სოდერბერგი ბოლივიის რევოლუციის ამბებზე გადადის. მაგრამ ფილმის პირველი ნაწილი, რომელშიც გაუგებარი რჩება რევოლუციონერად ქცეული არგენტინელი ექიმი-ასტმატიკის რწმენის მიზეზი, გაუგებარი რჩება, რამ გახადა ჩე გევარა პოპულარული მსოფლიოში, იმდენად დუნედ ვითარდება, რომ ძალიან „დასვენებული ტვინისთვისაც“ შეუძლებელი ხდება ფილმის სრულფასოვანი აღქმა.

კანში სოდებერგმა გაგვახსენა, რომ შეერთებულ შტატებში ჩე გევარა კვლავაც არაა პოპულარული, ამიტომ, მას მრავალმა პროდიუსერმა უარი უთხრა ფილმის დაფინანსებაზე. „ეს მაშინ, როცა ჰოლივუდში უკვე ლაპარაკობენ ჰიტლერის „ობიექტური“ ბიოგრაფიის გადაღების აუცილებლობაზე“ - ამბობს სოდერბერგი „ფიგაროს“ კორესპონდენტთან ინტერვიუში. სხვათა შორის, ამერიკელმა კინოგამქირავებლებმაც განაცხადეს, რომ დაელოდებიან მაყურებლის რეაქციას კანში, იმას, თუ როგორ „იმუშავებს“ ფილმი კინობაზრობაზე და მხოლოდ შემდეგ იფიქრებენ ფილმის ჩვენებაზე შეერთებულ შტატებში. არც საფრანგეთში იციან, როგორ უჩვენონ ფილმი კინოთეატრებში. ოღონდ, აქ არა ჩე გევარას ფიგურა, არამედ, ფილმის ქრონომეტრაჟი ქმნის პრობლემებს. რომელი მაყურებელი წავა ოთხსაათნახევრიანი ფილმის სანახავად. ბუტერბროდებს დაარიგებენ ორ ნაწილს შორის? ვინ გადაიხდის სენდვიჩების ფულს?

კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო კიდევ ორი ფილმი, რომელთა ავტორებს, შეიძლება, პრობლემები შეექმნათ თავიანთ სამშობლოში. პირველ რიგში ესაა ისრაელელი რეჟისორის, არი ფოლმანის სრულმეტრაჟიანი ანიმაცია „ვალსი ბაშირთან ერთად“, რომლის გმირები, ყოფილი ჯარისკაცები, ლიბანში ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა რომ ამოხოცეს, საკუთარ თავს ნაცისტ ჯალათებს ადარებენ. დოკუმენტური ანიმაცია (კომიქსის სტილისტიკით) სრულიად ახალი ჟანრია კინოში, ამიტომ წესით, კანის ფესტივალის ჟიურის რომელიმე პრიზით მაინც უნდა აღენიშნა „ვალსი ბაშირთან ერთად“. მით უმეტეს, რომ ფესტივალის ბოლო დღემდე ფოლმანის სურათი კრიტიკოსთა გამოკითხვების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჟიურის დასკვნით პრესკონფერენციაზე შონ პენს ჰკითხეს კიდეც, რატომ „გამოგრჩათ“ ეს ფილმიო. „ჩემთვის ეს სურათი ნულია“ - უპასუხა ჟიურის თავმჯდომარემ.

„ნული“ აღმოჩნდა ჟიურისთვის კიდევ ერთი, ფორმალური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო სურათი, რომლის პრემიერაზე დღემდე უარს ამბობს ჩინეთის ხელისუფლება, ცია ჟანკეს „24 საათი“. ჩინეთი დღეს ოლიმპიადისთვის ემზადება, ამიტომ ძველი ფაბრიკა-ქარხნები თანამედროვე მულტიპლექსებად უნდა გადაკეთდეს. რეჟისორი იღებს ინტერვიუს სხვადასხვა თაობის სამი ქალისგან და ხუთი მამაკაცისგან, რომელთა შორის ზოგი რეალური პერსონაჟია, ზოგიც მსახიობი. თუმცა, სურათი ისე მთავრდება, რომ გაუგებარი რჩება სად იყო დოკუმენტური და სად გათამაშებული. ეს ხალხი საუბრობს ჯერ კიდევ 50-იან წლებში აშენებულ სამხედრო ქარხანაზე, რომელიც ჩვენ თვალწინ ინგრევა ეკრანზე. კინო ისევ იქცევა ხელოვნებად, რომელმაც გასაქრობად, გასაუჩინარებლად გამზადებული ნატურა უნდა დააფიქსიროს და „შეინახოს“ დრო, რომელიც ცოტა ხანში წარსულად იქცევა... არადა, ჩინეთში, როგორც ცია ჟანკემ განაცხადა კანში, ყველანაირად ცდილობენ დაივიწყონ ისტორია და აღარ ილაპარაკონ განვლილ ეპოქაზე.

და სწორედ აქ უნდა დავუბრუნდეთ ძმები დარდენების ფილმს. კი, პოლიტიკურ-სოციოლოგიუცხელი შოკოლადი 147 რი ფონი მნიშვნელოვანია „ლორნას დუმილში“, მაგრამ, ამავე დროს, ესაა კინოხელოვნების გადარჩენა პუბლიცისტიკისგან. წლევანდელი კანის ფესტივალით თუ ვიმსჯელებთ, კინო ნელ-ნელა კარგავს კომუნიკაციის ფორმებს მაყურებელთან. რეჟისორების ერთი ნაწილი „ტრიბუნისა“ და მეტრის როლს ირჩევს, მეორე ვერაფერს უხერხებს ეგომანიას და პუბლიკა მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ თავის სასოწარკვეთაზე გვიამბოს. ისინი კი, ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ მაყურებლის განცდა და თითქმის მეცნიერულად აქვთ შესწავლილი ფილმის აღქმის თავისებურებანი, „ინდიანა ჯონსს“ იღებენ.

„ლორნას დუმილის“ ღირსება ისაა სწორედ, რომ ამბავი ერთ არაფრით გამორჩეულ გოგონაზე, რომლის მსგავსი მილიონია მთელ მსოფლიოში და რომელიც, როგორც წესი, არ აინტერესებთ კინორეჟისორ-ეგომანებს, კინოკამერითაა ნაამბობი. მგონი, არსად, რობერტო როსელინის შემდეგ, არ გამოხატულა კამერის კონტაქტი ფილმის პერსონაჟთან ასე მძაფრად, ასე ღიად... და რა არის კამერა, თუ არა მაყურებელი? აბა, ვისი მზერა მიჰყვება აქ ახალგაზრდა ქალს, რომელიც სულ მარტო, უკაცრიელ ტყეში რჩება თავის მომავალ შვილთან ერთად? (მარტო დარჩენილი გმირი, რომელმაც საშინელი განსაცდელი უნდა გაიაროს - დარდენების თითქმის ყველა ფილმში გვხვდება). „ლორნას დუმილის“ ფინალში როსელინიც გაგახსენდებოდათ, რობერ ბრესონიც - ის რეჟისორები, სწორედ კრიზისის დროს რომ იხსნეს კინოხელოვნება სრული გაუჩინარებისგან და, მიუხედავად ამისა, ერთხელაც რომ ვერ მოიპოვეს მსოფლიო კინემატოგრაფისტების მთავარი ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“

შარშანწინდელი ამბავი განმეორდა. ძმებ დარდენებს, ისევე, როგორც ორი წლის წინ პედრო ალმოდოვარს, გადასცეს პრიზი საუკეთესო სცენარისთვის, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ბელგიელები „პალმების“ რეკორდს ვერ მოხსნიდნენ. ამას კიდევ გადაიტანდა კაცი, რომ არა ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე საქილიკო ფილმის, მატეო გარონეს „გომორას“ დაჯილდოება ჟიურის გრანპრით. მანამდე, სპეციალური პრიზი გადასცეს მეორე იტალიელს, პაოლო სორენტინოს ჯულიო ანდრეოტის კინოკარიკატურისთვის („ვარსკვლავი“)... როგორც ჩანს, ტყუილად „ვვიშვიშებდით“ კანში ქართველები თემაზე „იტალიური კინო მოკვდა“ და, როგორც ჩანს, მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული კინოპავილიონის გახსნა კანის ფესტივალზე. თუკი კინო, რომელიც იტალიელებმა წარადგინეს კანში, ასე კარგად ფასდება, ქართველებს მართლაც ჰქონიათ შანსი მომავალ ფესტივალებზე. დარწმუნებული ვარ, „გომორას“ ავტორს არაერთი ქართველი რეჟისორი ჩაუტარებდა რეჟისურის გაკვეთილებს. ახლა მთავარია გაგვიცნონ.

პრიზების განაწილებამ დახურვის ცერემონიალზე, იმის გააზრებამ, რომ გარეთ ცუდი ამინდია, კაფეებში სიგარეტს ვეღარ მოწევ, კინოდარბაზებში კი მხოლოდ ნევროტიკების დეპრესიულ ფილმებს უჩვენებენ, ჩემი ვალები გამახსენა. უკვე ფიცის დადებასაც ვაპირებდი - აღარასდროს ჩამოვალ აქ, ფესტივალზე, რომლის ერთ-ერთ ფავორიტს, ვონგ კარ-ვაის, მაყურებელის, დარბაზის შეგრძნებაც კი დაკარგული აქვს - ფეხზე აყენებს დარბაზს „წუთიერი დუმილის“ პოზაში და იმასაც ვერ ხვდება, რომ დასცინიან.

მაგრამ ფიცის დადება ვერ მოვასწარი. კანის 61-ე კინოფესტივალის გამარჯვებული, მისი პროგრამის საუკეთესო ფილმი გახდა - ლორან კანტეს „კედლებს შორის“ (იგივე „კლასი“). სცენაზე ავიდნენ ფილმის გმირები, პარიზის მეთვრამეტე რაიონის რომელიღაც „ძნელი სკოლის“ მოწაფეები, რომლებმაც წინა დღეს, კანტეს ფილმის პრემიერაზე, ძმები ლიუმიერების თითქმის სამიათასიან დარბაზში, მგონი, ღრმად ამოასუნთქეს პუბლიკა - კინოხელოვნება და, შესაბამისად, კანის კინოფესტივალი ჯერ მთლად არ დაღუპულა!

„კედლებს შორის“ თითქმის მთლიანად ახლო ხედებზე აგებული ფილმია. თუმცა, სატელევიზიო კინოს შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებს. ყველაფერი აწყობილია არა იმდენად სახეებზე, რამდენადაც მზერაზე. ლაპარაკობენ ბევრს, მაგრამ თავისუფლად შეგიძლია ტექსტს აღარ უსმინო და მხოლოდ უყურო „მზერათა ქორეოგრაფიას“, რომელსაც ლორან კანტე ქმნის ფილმში. არადა, არაპროფესიონალები არიან - „მსახიობ ბავშვებს“ თავიანთი სახელებიც კი შენარჩუნებული აქვთ. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში რეჟისორები ერიდებიან ხოლმე ახლო ხედებს, მაგრამ ლორან კანტე ენდო ამ ბავშვებს და სწორედ ამ ნდობამ გაამარჯვებინა.

ნდობა - სამყაროს მიმართ, მაყურებლის მიმართ, კანის წლევანდელი ფესტივალის გამარჯვებულის მთავარი ღირსებაა. ამბავი ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელზე, რომელსაც ძირითადად ემიგრანტებით (მათ შორის არალეგალური ემიგრანტებით) სავსე კლასში მოუხდა შესვლა, მთელი სასწავლო წელი იშლება, მაგრამ ფილმის დასრულების შემდეგ გგონია, რომ დაესწარი ერთ გაკვეთილს, ნდობის გაკვეთილს, რომელიც ლამის მთელი თანამედროვე სამყაროს მოდელად იქცევა.

ბოლო დროს კანისა და ბერლინის ფესტივალებზე დამკვირდა მოდა ე.წ. „მრავალგმირიან ფილმებზე“, რომლებმაც, წესით და რიგით, ქორალი უნდა შექმნან ეკრანზე, მაგრამ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს სურათები აბსოლუტურ კაკაფონიად უფრო აღიქმება. მიზეზი (ნიჭის გარდა, რა თქმა უნდა), სწორედაც რომ სამყაროს მიმართ მათი ავტორების უნდობლობა, მრავალფეროვნების დაუნახავობა და სოციოლოგიურ-პოლიტიკური რიტორიკით მუდმივი სპეკულაციაა.

ფილმს „კედლებს შორის“ საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების წიგნი, რომლის ავტორი, ფრანგი ჟურნალისტი, ფრანსუა ბეგოდო კანტემ მთავარი როლის შემსრულებლად აიყვანა. „კედლებს შორის“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ბეგოდო გვიამბობს თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა სორბონის დიპლომით „ძნელი უბნის“ „ძნელ სკოლაში“ გაანაწილეს. გადაწყვიტა ბავშვებისთვის, როგორც თავად ამბობს, „დემოკრატია ესწავლებინა“, მაგრამ მთელი ეს წვალება ერთი შავკანიანი გოგოს სიტყვებით დასრულდა: „მე ვერაფერი ვისწავლე, მუსიე“.

„წიგნის წერისას, სამი ამოცანა დავუსახე ჩემს თავს - წერს ბეგოდო: „არავითარი ფსიქოლოგიზმი, არავითარი „ძალით იუმორი“ და მხოლოდ კონკრეტიკა“. მაგრამ იუმორი მაინც ბევრი გამოვიდა. იუმორი თავად კონკრეტიკამ შექმნა. ფილმის ერთი პერსონაჟი, ესმერალდა, თავისებურად განიხილავს პლატონის „რესპუბლიკას“: „უცნაურ წიგნებს კითხულობდა ეს ხალხი. ის ტიპი რომაა, სოკრატე... კითხვები, რომელსაც ისინი სვამენ, აბნევს ადამიანებს“.

გეცინება ამ ბავშვებზე. გეცინება ფინალზეც - ერთ-ერთ ყველაზე პესიმისტურ ფინალზე თანამედროვე კინოში. ამას ჰქვია „ბწკარებს შორის სიცილი“, რასაც გიუნტერ გრასი კარგი ლიტერატურის აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევდა და წერდა, ეს სიცილი იმას ჰგავს, დეპრესიაში ჩავარდნილი კლოუნის ხილვაზე რომ აგივარდებაო.

ერთი წელი იწვალა - ანა ფრანკის დღიურები აკითხა, პლატონზეც უამბო, ვოლტერზე, დიდროზე, ფეხბურთი ეთამაშა, მშობლებს შეხვდა... მაგრამ არდადეგების წინ, კითხვაზე, რა დაგამახსოვრდათ იმისგან, რაც ვისწავლეთ, ერთმა უპასუხა, სპერმატოზოიდისგან რომ ვიბადებითო, მეორემ კი, ვერაფერი ვისწავლეო.

დეპრესიაში ჩავარდები, აბა, რა მოგივა! აუცილებლად დაემსგავსები კლოუნს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ხვდება, რომ ვეღარ აცინებს პუბლიკას.

კარგი გრძნობაა ეს. ძალიან კარგი. ამას როცა გაიაზრებ, შეიძლება ახლებურად დაიწყო ცხოვრება. შეიძლება მიხვდე, რომ აქამდე იმ „მეტრივით“ იქცეოდი, 3 000 კაცი რომ დააყენა ფეხზე, მიწისძვრის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ... მკვდრებს პატივი სცა. ცოცხლები კი დაივიწყა და ფეხზე აყურყუტა. როგორ უნდა გჯეროდეს, ახლა, ამ კაცის გულწრფელობის?

კარგი გრძნობაა, როცა გაიაზრებ, რომ „მასწავლებლობას“ ისევ „მოწაფეობა“ სჯობს. თუნდაც იმიტომ, რომ სწავლა არასდროს დაგაბერებს.

აღარც სახის გადაჭიმვა დაგჭირდება.

განა არ ღირდა ამისთვის ვალის აღება და კანის 61-ე კინოფესტივალზე გამგზავრება?

12 ინტერვიუ უენდელ სთივენსონთან

▲back to top


ინტერვიუ

ავტორი: კახა თოლორდავა

0x01 graphic

წინასწარ გაფრთხილებ, შენი ახალი წიგნი ჯერ წაკითხული არ მაქვს. ყველაფერი ძალიან მოულოდნელად მოხდა. სამი წელია თბილისში არ გამოჩენილხარ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ახალ წიგნზე მუშაობ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის უკვე დასრულებულია და გამომცემლებიც კი გამოუჩნდა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. შენი პირველი წიგნიისტორიები, რომლებიც მოვიპარე(Stories I Stole) საქართველოზე და ქართველებზეა, ხოლო მეორე კი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ - „მდოგვის მარცვლის წონა“ (The Weight of a Mustard Seed) - ერაყზე და ერაყელებზე. აი, სულ ესაა, რაც შენს ახალ წიგნზე ვიცი, ამიტომაც, მოდი უფრო დაწვრილებით მომიყევი, რაზეა ეს წიგნი...

- „მდოგვის მარცვლის წონა“ სადამ ჰუსეინის ყოფილ გენერალზე, ქამილ საჩეტზე, მის ოჯახზე, კოლეგებზე და მეგობრებზეა. ესაა წიგნი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ისინი სადამის რეჟიმის პირობებში და რა ბედი ეწიათ ამერიკელების ერაყში გამოჩენის შემდეგ. ეს ადამიანები რაღაცნაირად ახერხებდნენ არსებობას სადამის აუტანელი რეჟიმის დროს, მაგრამ ამავე დროს, ხშირად, გადარჩენის მიზნით, მათ თანამშრომლობაც უწევდათ ამ რეჟიმთან. ჩემთვის საინტერესო იყო გავრკვეულიყავი იმაში, თუ როგორ ამართლებდნენ ეს ადამიანები საკუთარ თანამშრომლობას იმ რეჟიმთან და როგორი შედეგებით დასრულდა მათი ზოგიერთი არჩევანი. მოკლედ, მინდოდა მომეთხრო მათზე, ვინც სადამის რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. ეს ქართველებისთვისაც საკმაოდ კარგად გასაგები უნდა იყოს. საბჭოთა პერიოდში ადამიანებს ლამის იგივე პირობებში უწევდათ არსებობა და ძალიან საინტერესოა, გაერკვე იმაში, თუ სად გადიოდა ზოგიერთისთვის ის ზღვარი, რომლის მიღმაც ისინი ნებით თუ უნებლიედ ხდებოდნენ დიქტატორული რეჟიმის ხელშემწყობნი.

- როდის მოხვდი პირველად ერაყში?

- პირველად ერაყში 2002 წელს ჩავედი. ჯერ ჩრდილოეთში, ქურთისტანში, რომელიც სადამის კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა. სანამ ომი მიმდინარეობდა, იქ ვიყავი, მერე კი, როდესაც ბაღდადი დაეცა, ერაყში გადავედი. შემდეგი წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ გავემგზავრე ერაყში და თითქმის შვიდი თვე დავყავი იქ. უკანასკნელად ბაღდადში 2005 წელს ჩავედი.

- პირველივე ჩასვლისას იცოდი, რომ წიგნისთვის მასალას ეძებ თუ ყველაფერი სპონტანურად მოხდა?

- არა, იმ დროს წიგნზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. უბრალოდ, ვმოგზაურობდი, მაგრამ ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე, - ახალი ისტორიები, როგორც წესი, მოულოდნელად, სხვადასხვა ადგილებში ყოფნისას და ვიღაც უცნობ ადამიანებთან საუბრების დროს ჩნდება. მიძნელდება იმის თქმა, თუ რატომ შევჩერდი მაინცდამაინც ერაყზე და იქ მცხოვრებ გენერალ ქამილ საჩეტსა და მის ოჯახზე. ყველაფერი ბაღდადში მცხოვრებ ფსიქოლოგებთან და ფსიქიატრებთან შეხვედრებით დაიწყო. საკმაოდ ხშირად მიწევდა ხოლმე მათთან საუბარი. ისინი სადამის რეჟიმის ყველაზე საინტერესო კომენტატორები არიან.

მათ ბევრი რამ იციან იქაურ საზოგადოებაზე, თანაც უმრავლესობა ინგლისურად ლაპარაკობს, რადგანაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა მათგანი სადამის არმიაში ექიმებად მსახურობდა. ამიტომაც, მათ ბევრი იციან არა მარტო სამოქალაქო პირებზე და მათ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, იქნება ეს დეპრესია, პარანოია, თუ შიზოფრენია, არამედ სამხედრო პირებზეც, - უბრალო ჯარისკაციდან დაწყებული და დამთავრებული დეზერტირებით. ბოლოს და ბოლოს, ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც სასაუბროდ მიდიოდნენ სადამის არმიაში მომსახურე მაღალჩინოსანი სამხედროები.

შემდეგ კი ერთი ფსიქოლოგი გამაცნეს, სახელად ჰასან ალ ქადანი. მას ვენასა და ლონდონში აქვს განათლება მიღებული. სწორედ მან მირჩია საჩეტების ოჯახს დავკავშირებოდი. მითხრა, რომ ოჯახის უფროსი, გენერალი ქამილ საჩეტი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. როგორც უკვე გითხარი, ის სადამის არმიაში მსახურობდა და სადამის ბრძანებითვე დახვრიტეს 1998 წელს. ალბათ, სწორედ ჰასან ალ ქადანთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა ჩემში მასზე წიგნის დაწერის პირველი იმპულსი.

ქამილ საჩეტი სადამის არმიაში მომსახურე სუნიტ ოფიცერთა კლასის სამაგალითო წარმომადგენელი გახლდათ. ის ღარიბი და გაუნათლებელი ოჯახიდან გამოსული კაცი იყო. მამამისმა წერა-კითხვაც კი არ იცოდა, მაგრამ მომავალმა გენერალმა წარმოუდგენელი ძალისხმევის მეშვეობით მოახერხა კარიერის გაკეთება; შრომით, სამაგალითო დისციპლინით, მოთმენის უნარით, ღირსების და მორჩილების სპეციფიურად არაბული გაგებით, და, რა თქმა უნდა, ისლამის მეშვეობით. საჩეტი უშიშარი ადამიანი იყო და მაიორის ჩინიდან პირდაპირ გენერლის ჩინი ერაყ-ირანის ომის დროს უბოძეს. ის ამ ომის ნამდვილი გმირი და პირადად, სადამის ფავორიტი იყო, მაგრამ მოგვიანებით, უკვე ომის დასრულების შემდეგ, ძალიან გაუჭირდა იმის გადახარშვა და მიღება, რაც სადამის გარემოცვაში ხდებოდა. შესაბამისად, ის ვერ გახდა მისი კლანის ნაწილი. ქამილ საჩეტი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ სადამის გარემოცვაში, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ის სულ უფრო და უფრო სცილდებოდა თავის მფარველს, ძირითადად, რწმენასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო.

- რამდენადაც ვხვდები, საკმაოდ რთული უნდა ყოფილიყო ასეთი მაღალჩინოსანი ოფიცრის ოჯახის წევრებთან დაახლოება. დიდი დრო დაგჭირდა მათი ნდობის მოსაპოვებლად?

0x01 graphic

ბაღდადი 2008
REUTERS

0x01 graphic

ერაყელი შიიტები ლოცვის დროს, ბაღდადი 2008

0x01 graphic

ათასობით დემონსტრანტი ამერიკელი ჯარისკაცების ერაყში დარჩენას აპროტესტებს, ქერბალა 2008

- არ ვიცი. უფრო, ალბათ, არა. რა თქმა უნდა, არსებობდა დაბრკოლებები, კულტურული თუ ენობრივი, მაგრამ, აი, რას გეტყვი, - ერაყელები, ქართველების მსგავსად, არანორმალურად სტუმართმოყვარენი არიან. მათი სტუმართმოყვარეობა მთელ იმ რეგიონშია სახელგანთქმული. როდესაც მათ პირველად შევხვდი (ეს ომის დამთავრებიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მოხდა), ისინი, სხვა დანარჩენი ერაყელების მსგავსად, ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყვნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს და, შესაბამისად, უამრავი კითხვა ჰქონდათ ჩემთან. მეკითხებოდნენ იმაზე, თუ რა უნდოდათ ამერიკელებს ერაყში, რა შეიძლება მომხდარიყო შემდეგ, როგორ აისახებოდა ეს მათ ცხოვრებაზე, და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენი პირველი შეხვედრები, ძირითადად, ერთმანეთის შეკითხვებზე პასუხების გაცემის მცდელობები იყო. ასე გავიცანით ერთმანეთი. რაღაც გაგებით, მე მათთვის დასავლეთში გაჭრილი ფანჯარა ვიყავი, ერთგვარი ინტერპრეტატორი იმ მოვლენებისა, რაც ერაყში ხდებოდა; ერაყული მოვლენების დასავლელი ინტერპრეტატორი. ასე გრძელდებოდა თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში. მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთად გავხდით იქ განვითარებული მოვლენების მოწმენი, დაწყებული ამერიკელების გამოჩენით და დამთავრებული სადამის დაპატიმრებით. ვხედავდი, თუ როგორ დღითი დღე იცვლებოდა მათი განწყობა, როგორ იზრდებოდა მათი უკმაყოფილება იმით, რაც მათ ქვეყანაში ხდებოდა. ისინი დაიღალნენ წამდაუწუმ დაბომბვებით, ამერიკელების უტიფრობით, ღამის რეიდებით და ნელ-ნელა დაიწყეს ამერიკელების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა. ხშირად, ეს ყველაფერი საოცრად დაუნდობელ და უხეშ ფორმებს იღებდა; მე არაერთხელ გავმხდარვარ ამის მოწმე. უკანასკნელად საჩეტების ოჯახი 2005 წელს ვნახე. ამ დროისათვის იმ უბანს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, თითქმის მთლიანად მეომბოხეები აკონტროლებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ჩემთვის პირდაპირ და ღიად არ უთქვამთ, მიმახვედრეს, რომ მათი ოჯახის რამდენიმე წევრი უკვე მეამბოხეთა რიგებში იბრძოდა ამერიკელების წინააღმდეგ. ეს საშინლად ცუდი პერიოდი იყო ბაღდადისთვის. მეამბოხეები არა მარტო ამერიკელებს უტევდნენ, არამედ, ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს და პოლიციასაც. ჩემი იქ ყოფნის დროს, პოლიციის ორი განყოფილება ააფეთქეს. საჩეტების ოჯახისათვის ეს პერიოდი, ალბათ, უმძიმესი იყო. ისინი სახლიდან სახლში გადადიოდნენ, ვინაიდან ამერიკელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მათი ვაჟიშვილები მეამბოხეების მხარდამხარ იბრძოდნენ და ამიტომაც, წამდაუწუმ რეიდებით ატყდებოდნენ ხოლმე თავს.

ისე კი, გეტყვი, რომ თავიდან, ერთიორი უჭკუოს გარდა, არავინ შემხვედრია ერაყში ისეთი, ვისაც სადამის რეჟიმის დამხობა არ გახარებია. შემიძლია დავიფიცო, რომ სადამის დამხობიდან ერთი კვირის შემდეგ ადამიანები, იგებდნენ თუ არა, რომ ნახევრად ამერიკელი ვარ, მადლობას მიხდიდნენ იმის გამო, რაც ამერიკელებმა გააკეთეს. ეს არა მარტო ქურთებს ან შიიტებს ეხებოდათ, არამედ, მთელ ბაღდადს ჰქონდა ეს განწყობა... „მადლობა ღმერთს, რომ ეს საშინელება დასრულდა!“ - მეუბნებოდნენ ისინი. მათთვის ამერიკელების ერაყში გამოჩენა ნიშნავდა მეტ ფულს, შენებას, ბიზნესის წახალისებას და განახლებას, ცხოვრების უკეთეს პირობებს, უკეთეს განათლებას, ჯანდაცვას და ასე შემდეგ. სამწუხაროა, რომ ეს ასე არ მოხდა. ამერიკელებმა უამრავი შეცდომა დაუშვეს და უკეთესობის ნაცვლად ყველაფერი გაუარესდა, - არ იყო შუქი, გაძვირდა ცხოვრება, შემცირდა სამუშაო ადგილები, იმატა ძალადობამ და თითქმის სამი თუ ოთხი თვის შემდეგ, ერაყელები უკვე ღიად აპროტესტებდნენ ამერიკელების პოლიტიკას ერაყში. ამ მოვლენებიდან ნახევარი წლის შემდეგ ამერიკელები უკვე საკუთარ სახლებში აპატიმრებდნენ ბაღდადელებს, აბუ-ღრაიბი გადატენილი იყო პატიმრებით, სასამართლო აღარ არსებობდა, ერაყელი ოჯახები ამაოდ ეძებდნენ დაპატიმრებულ ნათესავებს, ყველა საკითხი მიკერძოებულად წყდებოდა, არავინ ისჯებოდა... აი, ასე ნელ-ნელა შეიცვალა ბაღდადელების დამოკიდებულება ამერიკელების მიმართ. ეს მათთვის უკვე ოკუპაციას ნიშნავდა. ან კი რა გასაკვირია, რომ ასე ჰგონებოდათ, როდესაც ქვეყანაში უკითხავად შემოჭრილი უცხოელები ტანკებით დადიოდნენ მათსავე ქალაქების ქუჩებში. ბევრი სხვა ერაყელის მსგავსად, საჩეტების ოჯახსაც ვერ გადაეწყვიტა, თუ როგორ ემოქმედა და რა ეფიქრა იმაზე, რაც მათ გარშემო ხდებოდა. ამ დროისათვის ერთი რამ უკვე ლაიტმოტივად დაყვებოდა ნებისმიერი ბაღდადელის მიერ გამოთქმულ აზრს, - ყოველივე ამაში ამერიკელები არიან დამნაშავენი, ვინაიდან ეს მათი ოკუპაციაა, მათი პასუხისმგებლობა, და სწორედ მათ უნდა აკონტროლონ ქვეყანაში შექმნილი ვითარება. ეს კი ის იყო, რასაც ამერიკელები ნამდვილად ვერ ახერხებდნენ. ამავე დროს, მესმოდა, რომ საჩეტების ოჯახის შემთხვევაში, ისინი, როგორც სუნიტები, ძალიან შეშინებულნი იყვნენ ერაყში შიიტების გაბატონების პერსპექტივითაც.

- გახსოვს თუ არა ის მომენტი, როდესაც საკუთარ თავს უთხარი, რომ შენში წიგნი მომწიფდა?

0x01 graphic

დემონსტრანტები ერაყის პრეზიდენტ, ნური ალმალიკის თოჯინას წვავენ, ბაღდადი, ივნისი 2008

- ვინაიდან ჩემ გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლებოდა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნიც ცვალებად გარემოში მწიფდებოდა დაწყებული პირველი ბიძგით და დამთავრებული იმ მომენტით, როდესაც მას გამომცემელი გამოუჩნდა ჯერ ინგლისში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში. გამახსენდა! რაც შეეხება პირველ იმპულსებს... მახსოვს, ერაყში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, მანქანაში ვიჯექი და ბაღდადიდან ერთ-ერთ პატარა სოფელ ში მივდიოდი. უდაბნო უნდა გადაგვეჭრა და მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჯერ კიდევ ყველაფერი ვითომ წყნარად იყო, მაინც დამფრთხალი ვიყავი. არცთუ ისე იშვიათი იყო უდაბნოში მანქანებზე თავდასხმის შემთხვევები. საფიქრელად ბევრი დრო მქონდა და სწორედ იქ, მანქანაში გავაცნობიერე, თუ რამდენი საინტერესო ამბის მომსწრე გავხდი ასეთ მცირე დროში და რამდენი საინტერესო ადამიანი თუ ოჯახი გავიცანი იქ ყოფნისას. იმ დროს ერაყში ყოფნა ისეთივე საინტერესო იყო, როგორც ვთქვათ, ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. უეცრად ვიგრძენი, რომ თითქოს უხილავი კარი გაიხსნა ჩემსა და ადგილობრივებს შორის, გაჩნდა რაღაც ველი, რომელიც საშუალებას და უფლებას მაძლევდა, დამესვა მათთვის შეკითხვები, ხოლო მათ კი ღიად ესაუბრათ იმაზე, რაც მათ თავს ხდებოდა ადრე და ახლა. წარმოიდგინე, ათწლეულების განმავლობაში, სადამის რეჟიმის დროს, ამ ადამიანებს არ შეეძლოთ ღიად ესაუბრათ იმაზე, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რატომ თანამშრომლობდნენ რეჟიმთან, ან როგორ აიძულებდნენ მათ თანამშრომლობას. ეს ბარიერი აღარ არსებობდა, შესაბამისად, გაიხსნა საოცრად საინტერესო ისტორიების წყარო, რომელიც ნიაღვარივით მოედინებოდა ჩემკენ.. ეს პერიოდი მათთვისაც საინტერესო იყო, ვინაიდან სწორედ მაშინ მიეცათ ცხოვრების შეფასების თუ გადაფასების შესაძლებობა. უკვე მოგვიანებით, საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა იმის გასარკვევად, თუ როგორ მომეყოლა ჩემი ისტორია. არ დაგავიწყდეს, რომ 2005 წლის შემდეგ, უკვე ადვილად ვეღარ ვახერხებდი ბაღდადში ჩასვლას. მე კავშირი გამიწყდა ჩემი წიგნის გმირებთან. გამოდის, რომ ამ ოჯახის ისტორიის მხოლოდ ნაწილი მქონდა და ამიტომაც, ძალიან რთული იყო ჩემთვის ამ ყველაფრის დალაგება.

- უკანასკნელი წლების განმავლობაში ერაყი ის ადგილია, რომლის მონახულებაც ლამის პროგრამულ აუცილებლობად იქცა ყველასთვის, ვინც წერს, დანარჩენებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. დღეს ერაყი ჯერ კიდევ არ-მოყოლილი ისტორიებით სავსე სივრცეა და ყველა თავისი ისტორიის დაძებნას ცდილობს იმ სივრცეში. ასე ნელ-ნელა პარტახდება ერაყი თემატურად. დღეისთვის უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა იქ შექმნილ ვითარებაზე თუ იქ მაცხოვრებელ ადამიანებზე, რომ ძნელი უნდა ყოფილიყო შენთვის ამ მღვრიე წყალში შენი საკუთარი ისტორიის დაჭერა, მით უმეტეს, რომ შენი წიგნი დოკუმენტური პროზაა და არა მხატვრული ლიტერატურა. მაინც, რა ან ვინ იყო ძირითადი იმპულსი შენთვის?

0x01 graphic

ერაყელი ჯარისკაცები ამერიკელ ინსტრუქტორებთან სამხედრო წვრთნას გადიან, ერაყი 2008
REUTERS

- თვითონ გენერალი საჩეტი. რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი პატიოსანი და ღირსეული ადამიანი, რომელიც უსიტყვო მტრად აღიქმება დასავლეთისთვის; ის ძლიერ მორწმუნე სუნიტი ოფიცერი იყო დიქტატორ ჰუსეინის სამსახურში. მისი აღზევების და დაცემის ისტორია, - აი, რამ დამაინტერესა ყველაზე უფრო. დასავლეთისთვის ასეთი პერსონაჟი ჯერ კიდევ გაუხსნელი და ბოლომდე გაუგებარია. ეს განსაკუთრებით ამერიკელებს ეხებათ. ისინი საჩეტისნაირ პიროვნებას უსიტყვოდ აღიქვამენ მტრად. მე კი მინდოდა, დანარჩენი სამყაროსათვის ამ ადამიანის და მისი ოჯახის ნამდვილი სახე მეჩვენებინა. თითქოს მინდოდა მეთქვა: აი, ის, სადამის არმიის ოფიცერი, თქვენი მტერი, შეიძლება, თქვენთვის არცთუ ისე კარგი ადამიანი, მაგრამ კაცი საკუთარი, განუმეორებელი ისტორიით, ღირსების განსაკუთრებული შეგრძნებით, მოსიყვარულე ოჯახით, ღრმად მორწმუნე, სავსე შიშით და მერყეობით... მინდოდა, ჩემი პერსონაჟისთვის ბოროტი აჩრდილის იარლიყი მომეცილებინა და სამგანზომილებიან სივრცეში გადმომეყვანა. ჩვენთვის ეს ადამიანები ხან სუნიტები არიან, ხან შიიტები, ხან ფანატიკოსები, ხან ტერორისტები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ისინი სინამდვილეში.

0x01 graphic

0x01 graphic

ერაყი 2008
REUTERS

- ამ ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ ძლიერი წნეხის ქვეშ ცხოვრება და რამდენადაც ვხვდები, ასეთმა ზეწოლამ, შესაძლოა, გარკვეული თვალსაზრისით ჩაკეტა ისინი გარე სამყაროსათვის...

ეს ალბათ ასეა, მაგრამ როგორც გითხარი, ისინი ძალიან სტუმართმოყვარენი არიან და რომ არ დაგიმალო, მათი „გახსნა“ ჩემი განსაკუთრებული ჩარევის გარეშე მოხდა. უბრალოდ, მათთან სახლში მივდიოდი ხოლმე და ერთად ვსადილობდით, ვსვამდით ჩაის და ვსაუბრობდით. მე მათ გულახდილ შეკითხვებს ვუსვამდი ოჯახზე, მამაზე, სადამისადმი მათ დამოკიდებულებაზე, ისინი კი ასევე გულახდილად მპასუხობდნენ. ზოგჯერ რაღაც განყენებულ საკითხებზე ვსაუბრობდით, ზოგჯერ კი, ვეკითხებოდი, თუ როგორი იყო სკოლა, სადაც სწავლობდნენ, ვის როგორ ახსოვდა მამა და ახსოვდათ თუ არა მისი პატიმრობის მძიმე წლები, რა დაამახსოვრდათ ერაყირანის ომის პერიოდიდან და ასე შემდეგ. ჩემი წიგნი მათი და მათივე ახლობლების თუ ნაცნობების მიერ მოყოლილი ზეპირსიტყვიერი ისტორიაა ყოველგვარი შელამაზების გარეშე. მათი მონაყოლისთვის არც ერთი სიტყვა არ დამიმატებია....

- რამდენი შვილი ჰყავთ საჩეტებს?

- ცხრა. შადვანი, ომარი, ალი, შეიმა, ამანი, აჰმედი, ზეინაბი, მუსტაფა, ზაიდი და შვილიშვილების უთვლელი რაოდენობა. ისინი ყველანი ერთად ცხოვრობენ, გარდა ორი გათხოვილი ქალიშვილისა, რომლებიც ქმრებთან არიან გადასულები.

- მოდი, ახლა იმ თავს შევეხოთ, რომლის თარგმნის და გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლებაც შენ ცხელ შოკოლადს მიეცი. ამ თავის მთავარი გმირი გენერალ საჩეტის ერთ-ერთი შვილი აჰმედია. რამდენადაც შენგან ვიცი, მას შემდეგ, რაც წიგნი დაიწერა, ის მეამბოხეთა რაზმს შეუერთდა და ამჯერად მუჯაჰედების რიგებში იბრძვის...

0x01 graphic

ერაყელი ქალები უფასო საწვავის დარიგებას ელოდებიან, ერაყი 2008

- ჩემი უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საჩეტების ოჯახის რამდენიმე ვაჟიშვილი მეამბოხეებს 2004 წელს შეუერთდა და, როგორც უკვე გითხარი, მე ამას უთქმელადაც ვხვდებოდი. მოგვიანებით, შემატყობინეს, რომ გენერალ საჩეტის უფროსი შვილი ომარი, ალ-ქაიდას ერთ-ერთი რაზმის მეთაური გახდა. ერთი კვირის წინ კი, ჩემმა კარგმა მეგობარმა, ერაყელმა ჟურნალისტმა, შემატყობინა, რომ აჰმედი და შესაძლებელია, მუსტაფაც დატყვევებულები არიან. მათ ბრალად ალქაიდას წევრობა ედებათ. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, მით უმეტეს, რომ მათი ბედი არა ამერიკელების, არამედ, ერაყელების ხელშია. ეს ბევრად უარესია, ვიდრე ამერიკელების ტყვეობაში ყოფნა. რაც შეეხება ალის, ყველაზე გულღიას და მეგობრულს, ის, რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი, 2008 წლის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრძოლის დროს მოკლეს.

- იცოდნენ ან ხვდებოდნენ თუ არა ისინი, ან იციან თუ არა დღეს, რომ წიგნის პერსონაჟები არიან?

- მათ უკანასკნელად 2005 წელს შევხვდი. მას შემდეგ მათი ნახვის საშუალება აღარ მომცემია. რა თქმა უნდა, ვცდილობდი მათ მოძებნას სხვადასხვა არხების საშუალებით, გენერლის ყოფილი მცველებით დაწყებული და ამბოხებულების სხვადასხვა დაჯგუფებებთან კავშირებით დასრულებული, მაგრამ ჩემი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა. ძირითადად, ალბათ იმიტომ, რომ გენერალ საჩეტის შვილები დღეს ალქაიდას წევრები არიან. დანამდვილებით ვიცი, რომ გასულ წელს ისინი დამასკოში იმყოფებოდნენ, მაგრამ იქაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობდი მათთან დაკავშირებას ნათესავების და ნაცნობების მეშვეობით, ვერაფერს გავხდი. სირია საკმაოდ საშიში ადგილია ერაყიდან გადახვეწილი ოჯახებისთვის, რომელთა წევრებიც ალ-ქაიდას რიგებში იბრძვიან. მოკლედ, მივხვდი, რომ მათ ჩემი ნახვა სწორედ ამიტომ არ უნდოდათ. ზედმეტ პრობლემებს მარიდებდნენ... არავინ იცის, ამჯერად სად არიან და არც მათ სურთ, რომ ვინმემ იპოვნოს. ამბობენ, რომ კვლავ ბაღდადში დაბრუნდნენ, მაგრამ, ამჯერად, მე ვეღარ ვახერხებ იქ მოხვედრას. თანაც, შეუძლებელია მათი პოვნა კარდაკარ სიარულით ქალაქში, რომელიც კონსპირაციის ყველაზე დახვეწილი ფორმაა.

0x01 graphic

ბაღდადი 2008
REUTERS

- რამდენად დასრულებული მიგაჩნია წიგნი ამ ოჯახის უკანასკნელი თავგადასავლების გარეშე? ხომ არ გგონია, რომ მათ თან კონტაქტის შესაძლებელი განახლებით მოახერხებდი საჩეტების ოჯახის ისტორიის კიდევ უფრო დეტალურად და დრამატულად მოყოლას?

- მიმაჩნია, რომ ამ ისტორიას აქვს თავისი ლოგიკური დასასრული, ვინაიდან წიგნის მთავარი პერსონაჟი მაინც ამ ოჯახის თავი და მამაა, რომელიც უკვე ცოცხალი აღარაა. ასე რომ, ამ ოჯახის შემდგომი თავგადასავლები, ალბათ, უკვე სხვა წიგნის მასალაა. თუმცა, აქვე ვიტყოდი, რომ ძალიან მაკლია და მენატრება ბაღდადი; დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იქ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჩეტების ოჯახის ნახვის საშუალება არ მომეცემოდა.

- როგორც ამბობენ, მეორე წიგნი, როგორც წესი, პირველზე უფრო რთული დასაწერია. რამდენად რთული აღმოჩნდა შენთვის ამ წიგნზე მუშაობა?

- როდესაც იცი, რა უნდა წერო, განსაზღვრული გაქვს მიმართულება, თხრობის ფორმა და ასე შემდეგ, მაშინ ყველაფერი ნორმალურადაა. თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგანაც ყველაფერი ზემოთ თქმული მაკლდა. არ ვიცოდი, როგორ ამეწყო, როგორ მომეყოლა ისტორია, საიდან დამეწყო. თითქმის სამი წლის განმავლობაში ასე გრძელდებოდა. ხან ერთ თავს მივაწყდებოდი, ხან მეორეს. მერე კი, საჩეტების ოჯახის ისტორიას კიდევ რამდენიმე პერსონაჟი და ამბავი დაემატა და გასულ წელს, როდესაც ჯერ დამასკოში, მერე კი ამანში ვიმყოფებოდი, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ამ ქალაქებში უამრავი ერაყელია გადახვეწილი და ისე მოხდა, რომ ზოგიერთთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა მათგანი ან პირადად იცნობდა ან კიდევ სმენოდა მაინც გენერალი საჩეტის შესახებ. სწორედ მათმა მოყოლილმა ისტორიებმა „ამომავსებინეს ხვრელები“. ეს ხომ არაა მეცნიერული შრომა ერაყზე და ერაყელებზე? ეს წიგნი მთლიანად ადამიანების მოგონებებზეა აგებული; მათ ზეპირ მონათხრობზე. რა თქმა უნდა, ვცდილობდი ჩემს ხელთ არსებული ისტორიების გადამოწმებას, თუმცა, ზოგჯერ ამას ვერ ვახერხებდი ხოლმე, თანაც, მე საკმაოდ კარგად ვასრულებდი „საშინაო დავალებებსაც“ - ვკითხულობდი წიგნებს ერაყზე, სადამზე, ბაღდადზე... მაგრამ ჩემი წიგნი მაინც პირველადი შემეცნების შედეგია და არა წაკითხულის ინტერპრეტაციის მცდელობა. მე არაფერი შემითხზავს. „მდოგვის მარცვლის წონა“ დოკუმენტური პროზაა.

- ბოლო შეკითხვა, - რამდენად ძნელი აღმოჩნდა შენთვის ამ წიგნის გამომცემლებისათვის მიყიდვა?

- წიგნი ჯერ კიდევ დასრულებამდე მივყიდე ჩემს ინგლისელ გამომცემელს, რომელმაც ჩემი პირველი წიგნი „ისტორიები, რომლებიც მოვიპარე“ გამოსცა საქართველოზე. სულ რამდენიმე კვირის წინ კი უკვე დასრულებული ვარიანტი ამერიკელ გამომცემელს მივყიდე. მათ ძალიან სწრაფად იყიდეს წიგნი და არავითარი პრობლემები არ მქონია. ეს ცოტა გასაკვირია, ვინაიდან, როგორც თქვი, ამერიკაში ასობით წიგნი გამოიცემა ერაყის თემაზე. მაგრამ მგონია, რომ ჩემი წიგნი მაინც განსხვავდება დანარჩენებისაგან. ამ წიგნში ამერიკელები სადღაც უკან, მეორე პლანზე არიან გადასულნი; ისტორია ერაყელების მიერაა მოყოლილი და მათი თვალითაა დანახული. რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, რომ გამომცემლებს ეთქვათ, - „ოჰ, ღმერთო, კიდევ ერთი წიგნი ერაყზე!“ მაგრამ საბედნიეროდ, ეს ასე არ მოხდა. მე მაგრა გამიმართლა...

13 მდოგვის მარცვლის წონა

▲back to top


ნაწყვეტი წიგნიდან

უენდელ სთივენსონი

The Weight of a Mustard Seed
(ნაწყვეტი წიგნიდან)

ინგლისურიდან თარგმნა კახა თოლორდავამ

უტყუარ სასწორით გავმართავთ აღდგომის დღისთვის;
არცერთი სული არაფერში დაიჩაგრება. ერთი მისხალიც რომ
იყოს მდოგვის მარცვლისა, მივცემთ მას. საკმარისნი ვართ
ჩვენ აღმნუსხველებად!

ყურანი - 21. 48(47)
თარგმანი - გიორგი ლობჟანიძე

მისი მესამე და ყველაზე მორწმუნე ვაჟიშვილი.

აჰმედს, ქამილ საჩეტის და უმ-ომარის შუათანა ვაჟიშვილს, ნატიფი აღნაგობა და ლამაზი სახე ჰქონდა. მის მუქად გამჭვირვალე თვალებში რაღაც აუხსნელი პოეზია ჩაბუდებულიყო. ბზინვარე, ბემბივით ფახულა წამწამები ჰქონდა, თუმცა თავი ფრთხილად ეჭირა; კარგად დაუთოებული, ყელთან ბოლომდე შეკრული დიშდაშა ან სუფთა ჯინსი და შავი სვიტერი ეცვა ხოლმე. არც ერთი მისი ჟესტი არ იყო ემოციური ან ზედაპირული; საუბრისას ხელებს არ იხმარდა. ვარდის კვირტივით წითელი ტუჩები საკუთარ თავში დარწმუნებული კაცის იერს აძლევდა.

აფეთქების ტალღამ ფანჯრების შუშები შეაცახცახა.

აჰმედმა ლამაზად ჩაწიკწიკებული კბილებით გაიღიმა, „ჩვენთვის ეს ხმა მუსიკასავითაა“.

ხუთი წლის იყო, ირანთან ომი რომ დასრულდა. ეს მისი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოგონებაა. მამამ მანქანაში ჩაისვა და აბუ ნავასის ქუჩით სანაპიროსკენ გააქროლა, ქალაქის პარკის ზოლის და მდინარის პირას ჩამწკრივებული რესტორნების ჩაყოლებაზე. დაამახსოვრდა ცაში წითელ-მწვანე ვარსკვლავებად გაფანტული, უზარმაზარი ჯადოსნური ქრიზანთემასავით გაშლილი ფეიერვერკი. მაღაზიების მეპატრონეები ქუჩებში გამვლელებს ტკბილეულს ურიგებდნენ, ხოლო დარდიმანდი მდიდრები მუსიკოსებს ქირაობდნენ და საკუთარ ბაღებში აკვრევინებდნენ. მთელი ქალაქი ზეიმობდა; ყველგან სუფრა იყო გაშლილი. ქალაქს მოდებული მოზარდები წყლით სავსე კასრებით დასდევდნენ გამვლელებს, მოპიპინე მანქანებიდან გადმოჰყავდათ მძღოლები და დიდ ბაღდადურ წუწაობაში ითრევდნენ ყველას. დღეების განმავლობაში ავტომატების კაკანი აყრუებდა იქურობას. საქმე იქამდე მივიდა, რომ სადამი ტელევიზიით გამოვიდა და ხალხს თხოვნით მიმართა დაეოკებინათ ემოციები, რადგან ბევრი სახიჩრდებოდა შემთხვევითი ტყვიებით. აჰმედს დაამახსოვრდა გახარებული მამა, რომელიც პირდაპირ მანქანის ფანჯრიდან ისროდა ჰაერში. მას არასდროს უნახავს ის ასეთი ბედნიერი. დასრულდა, რვაწლიანი ომი დასრულდა!

„ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ ის დავიჭირეთ“.

2003 წლის დეკემბერს ამერიკელებმა სადღაც ბუნკერში გამოიჭირეს სადამი - გაბურძგნული, პირქუში, წვერმოშვებული,დამარცხებული,შვილებდახოცილი, ქვეყანაწართმეული. ერაყელები ტელევიზორით უყურებდნენ თუ როგორ უსინჯავდნენ ამერიკელი სამხედრო ექიმები მას პირის ღრუს, ყურის ნიჟარებს და თმებს, ისე, თითქოს რწყილებს ეძებენო. ეს იყო და ეს; ამის გარდა სხვას არც არაფერს უჩვენებდნენ. ეს კადრები წყენის და აღგზნების ნაზავს ბადებდა ადამიანებში. გარკვეული თვალსაზრისით, სადამის ასეთი დამცირება ბევრ ერაყელს მოხვდა გულზე. მე თვითონ მსმენია მის მიერ ნაწამები ადამიანების პირით ნათქვამი: „არა, ასე არ უნდა ეპყრობოდნენ მას. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩვენი პრეზიდენტი იყო“!

ქალაქი ისევ ავტომატების კაკანმა გააყრუა. ბა-ბა-ბა-ბა-ბახ... სიბრაზის და სიხარულის უცნაური გამოვლინება. საჩეტების ოჯახი ბედნიერი იყო; მათ სახლში სიხარულმა დაისადგურა. უმომარმა, გენერლის ქვრივმა, ღიმილით მითხრა, რომ ალის, ყოველთვის ყველაზე იმპულსურს, იარაღის დათრევა, გარეთ გავარდნა და ჰაერში სროლა უნდოდა, მაგრამ მან და ალის დებმა აუკრძალეს ამის გაკეთება. „არა, არა, ნუ იზამ ამას, თორემ ამერიკელები მოვლენ და დაგიჭერენ!“ ალიმ დარცხვენილად მოიკატუნა თავი და ჩვენ ყველამ მაგრა ვიცინეთ. გამოჯავრებით ვუთხარი, რომ სროლის ხმა ერთადერთი რამ იყო, რაც სრულად გამოხატავდა ერაყულ სულს: ისროდნენ ქორწილებში, კუვეიტის ფეხბურთის გუნდის დამარცხებისას, როდესაც მანქანებით ჩამდოგვის ხერგილ ქუჩებში იჭედებოდნენ, როდესაც უბრალოდ ბრაზდებოდნენ, ვინმეს აფრთხილებდნენ, ან როდესაც შვილი უჩნდებოდათ. სულ ისროდნენ. ისინი თავაზიანი თანხმობით მიქნევდნენ თავებს და ჩემთან ერთად იცინოდნენ, როდესაც ოთახში აჰმედი შემოვიდა. მან მისალმების ნიშნად ხელი მკერდზე დაიდო. რამადანი იყო და ოჯახი მარხულობდა. აჰმედი ოდნავ ფერმკრთალი და გადაღლილი ჩანდა მარხვით. ჰო, ზეიმის საბაბი ნამდვილად ჰქონდათ სადამის დაპატიმრების გამო, მაგრამ ის ამისთვის მადლობას ნამდვილად ვერ გადაუხდიდა ამერიკელებს. მისთვის ოკუპაცია ერის შეურაცხყოფას ნიშნავდა.

„ამერიკელებს რომ ვხედავ, საკუთარი ხელით მინდება მათი მოკვლა,“ - თქვა უმ-ომარმა ისე, რომ მის ხმას სითბო არ დაკარგვია.

„იქნებ შეგვეშვან, თუ მათ მოკვლას გავაგრძელებთ“, - იმედიანად თქვა შადვანმა.

აჰმედი ფიქრობდა, რომ ერაყული პოლიცია არაფრით ჩამოუვარდებოდა ამერიკულს. პოლიცია ოკუპანტებთან თანამშრომლობდა, მაშასადამე ის მუჯაჰედების სახელს ბღალავდა.

„ისინი ამერიკელებზე უფრო იმსახურებენ სიკვდილს“, - თქვა აჰმედმა. მისთვის ღალატი ოკუპაციაზე უარესი იყო. „ისინი ხომ დამპყრობლებს ეხმარებიან“.

აჰმედი სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, ამიტომაც, ყოველ სისხამ დილას იღვიძებდა სალოცავად და ყურანის წასაკითხად. მითხრა, რომ ვერა და ვერ გადაეწყვიტა, თუ რომელი სურა უყვარდა ყველაზე მეტად, რადგანაც მისთვის ყურანის ყველა სტროფი უნაკლო იყო. ყურანი - სიბრძნის, კანონის, წინასწარმეტყველების განსახიერება, ისტორიის და მომავლის შემაჯამებელი წიგნი, ღმერთის ხორცშესხმული სიტყვა, უკიდეგანო და ამოუწურავია. აჰმედის დიდი, მოყავისფრო თვალები მთელი თავისი სილამაზით ანათებდნენ. ყოველდღე ის ამ უზარმაზარი წიგნის რაღაც ნაწილს იზეპირებდა. ღამღამობით, ხშირად, მამა ესიზმრებოდა ხოლმე. სიზმარში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მზრუნველი და დინჯი მამა არიგებდა, რომ შეესწავლა ყურანი ისე, როგორც ის ყოველთვის ოცნებობდა; ყურანი მშვიდობას ნიშნავდა. „ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის, რაც ყურანში წერია, ჭეშმარიტებაა“, - მითხრა აჰმედმა, „ის ჩვენზე წინ იყურება. იქ უკვე ყველაფერი ჩაწერილია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ მივხვდეთ რაზე გველაპარაკება“.

ბავშვობაში კარგად არ სწავლობდა; განსაკუთრებით მათემატიკაში მოიკოჭლებდა. ახსოვს, თუ როგორ უმოწმებდა მამა საშინაო დავალებებს არაბული ენის სახელმძღვანელოდან და როგორ აცოფებდა აჰმედის არასწორი პასუხები. ამას რომ მიყვებოდა, შიშით დაბურძგლა მამის სიმკაცრის გახსენებაზე. ერთხელ მამისთვის უთქვამს, რომ რაღაც საქმეს მომდევნო დღეს გააკეთებდა. ქამილ საჩეტს უთქვამს, არა, ასე კი არა, არამედ უნდა თქვა - ინშალაჰ, ღვთის ნებით, და ყოველთვის ასე ილაპარაკო ხვალინდელ დღეზეო. აჰმედისთვის ასეთი შეზღუდვები ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც ავტორიტეტი, საიდანაც ეს შეზღუდვები მოდიოდა. „როდესაც ის გეუბნებოდა, რომ რაღაც უნდა გაგეკეთებინა, ეს იმას ნიშნავდა, რომ არ არსებობდა არც დღეს და არც ხვალ; ყველაფერი იმავე წამს უნდა შეგესრულებინა. ეს სამხედრო ბრძანება იყო. ამას კიდევ აიტანდა კაცი, თუ არაფერს აშავებდი, მაგრამ კაი ბიჭი იყავი და, რამე შეგშლოდა - არა, ნამდვილად არ მინდოდა მის სიახლოვეს ყოფნა, რამეს თუ ვაშავებდი ხოლმე“.

ათის თუ თერთმეტის იქნებოდა აჰმედი, ყურანის შესასწავლად მეჩეთთან არსებულ საზაფხულო სკოლაში რომ შეიყვანეს. მეჩეთი მისთვის წმიდათაწმიდა იყო. იქ გამოირკვა, რომ არცთუ ურიგოდ გამოსდიოდა სურების ზუთხვა და იმასაც დააკვირდა, - მეჩეთზე რომ ყვებოდა მამა, უფრო ყურადღებით უსმენდა ხოლმე. დროდადრო, რომელიმე სურას უშეცდომოდ რომ იტყოდა, მოწონების ნიშნად მამა თავს დაუკრავდა. აჰმედმა მამას სთხოვა სასულიერო სასწავლებელში გაეგზავნა სკოლის დამთავრების შემდეგ და თანხმობაც მიიღო.

მოზარდობაში ოცნებობდა იმამი გამხდარიყო, ადამიანები დაემოძღვრა და ისლამთან მიმართებაში მათი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა.

არა, აჰმედმა თავი გაიქნია, მოგზაურობა მას არ აინტერესებდა.

„არც მექაში წახვიდოდი?“

აჰმედმა დინჯად დააქნია თავი.

„ინშალაჰ“.

რამადანის დროს აჰმედი უფრო ხშირად სახლში იჯდა და ზოგჯერ, როდესაც მათთან მივდიოდი, ჩამოჯდებოდა და მესაუბრებოდა განსხვავებებზე რწმენაში, აღმოსავლეთზე და დასავლეთზე, მორწმუნეებზე და ურწმუნოებზე.

„ყველას თავისი შეხედულება აქვს რწმენაზე და ჩვენ პატივს ვცემთ მათ აზრს, - ამბობდა ის ღიმილით, - მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი ცდება“.

აჰმედს უყვარდა ჩემთან ისლამზე და მუჰამედის მაგალითზე საუბარი. მე ათასობით კითხვა მიტრიალებდა თავში სამოთხეზე, ღორის ხორცზე, ქალებზე და ჯიჰადზე. აჰმედი არც ერთ ჩემს შეკითხვას უპასუხოდ არ ტოვებდა. ისლამი სამოთხის კამკამა ტბასავით გამჭვირვალე იყო მისთვის.

სადამის დაპატიმრებიდან ერთი თუ ორი დღის შემდეგ, როდესაც ადჰამიაში მის მხარდასაჭერად გამართული რამდენიმე დემონსტრაცია ამერიკელებმა დაარბიეს, აჰმედს შევეკითხე:

„რას გასწავლიდნენ სასულიერო სასწავლებელში?“

„გვასწავლიდნენ ყველა შემხვედრისთვის გვეთქვა სალამ, მშვიდობა თქვენ, არა აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნებოდა. გვასწავლიდნენ, რომ შეგვენდო მათთვის, ვინც ზიანი მოგვაყენა.“

„კი, მაგრამ, ეს ხომ ძალიან ძნელია?“

„დიახ, ყურანშიც კი წერია, რომ ამის უნარი ყველას როდი აქვს.“

„სადამი გეზიზღება?“

„დიახ, მე ჯერ კიდევ მეზიზღება ის“.

„უნდა გეზიზღებოდეს, თუ უნდა პატიობდე?“

„პატიება იმას ნიშნავს, ხელში რომ ჩამვარდნოდა არ მოვკლავდი. დღეს უკვე ნაკლებად მაინტერესებს, რა ბედი ეწევა მას“.

„ამერიკელებზე რას იტყვი?“

„ოჰ, ამერიკელების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა“. აჰმედმა მითხრა, რომ მათ, ვინც ბრძოლით მოვიდა, ბრძოლით უნდა დახვდე.

„მაგრამ ეს ხომ კიდევ უფრო მეტ სიკვდილს ნიშნავს? კაცის კვლას რა, შეუძლია სიბრაზის განელება ან შეცდომის გამოსწორება?“…

„შურისძიებას გულისხმობ?“ - შემეკითხა აჰმედი.

„ალბათ“.

„ყველაფერი ეს ისლამამდე არსებული ჩვენივე არაბული ფესვებია. ძმას თუ მომიკლავ, იძულებულს გამხდი, მოგკლა. ჩემი სინდისი არ მომცემს უფლებას, რომ ვიცოცხლო, სანამ შენ ცოცხალი იქნები. მუჰამედმა ეს ტრადიცია კანონს დაუმორჩილა. ისლამში ასეა, - ძმას თუ მომიკლავ, ვერ მოგკლავ; მთავრობამ უნდა დაგსაჯოს და ჩემს მაგივრად იძიოს შური. არსებობს სამი არჩევანი: ან ხელისუფლებას ვატყობინებ, რომ ძმა მომიკალი, ან ვთანხმდები შენგან სისხლიანი ფულის აღებაზე, ან კიდევ გპატიობ“.

„მუჰამედი რომელს არჩევს?“

„თუ ეს შემთხვევით მოხდა, უკეთესი იქნება თუ ვაპატიებ, მაგრამ თუ განზრახ მკვლელობაა, არ შეიძლება აპატიო მათ, ვინც ეს ჩაიდინა. მათი მოკვლით შემდგომ მკვლელობებს იცილებ თავიდან“.

„რას ნიშნავს შემთხვევითი მკვლელობა და როდის შეიძლება გაამართლო კაცის კვლა? რაა კარგი იმაში, „წითელ ჯვარში“ თუ ბომბს შეაგდებ?“

„ჯიჰადი დაშვებულია მხოლოდ სხვა მებრძოლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ბომბებს, გააჩნია შენობაში ვინ იყო“.

„როგორც წესი, იქ ან ერაყელები იმყოფებიან ან უცხოელები“.

„თუ სასტუმროში ამერიკელი ვიპ-პერსონა ათენებს ღამეს, მაგრამ ამავე დროს, იქ უდანაშაულო ადამიანებიც იმყოფებიან, ითვლება, რომ იმ უდანაშაული ადამიანების სიკვდილი დასაშვებია, რადგანაც არ გაქვს უფლება, ამერიკელი ვიპ-პერსონის მოკვლის შანსი გაუშვა ხელიდან. დავუშვათ, თავდასხმისას 20 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თუ ამერიკელი ცოცხალი დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიანებით ის ათასობით უდანაშაულოს მოკლავს“.

„ეს რა, ყურანში წერია?“

„ყურანში არ წერია, რომ მიზნის მისაღწევად უდანაშაულო ადამიანების მოკვლა დაშვებულია, მაგრამ ყველა ისლამურ ლიდერს თავისი დაჯგუფება ჰყავს და პირადი აზრი გააჩნია იმაზე, თუ როგორ გაიგოს ყურანში დაწერილი. მართალიც იყოს შეიძლება და მტყუანიც“.

„მაგრამ ყურანში ხომ გარკვევით წერია ომზე და მისი წარმოების შესახებ? რატომაა დასაშვები სხვა ინტერპრეტაცია?“

აჰმედი თავდაჯერებული კაცი გახლდათ. მისი გამოხედვა საკუთარი მისიის მნიშვნელობით იყო სავსე. მისი პრიალა, წაბლისფერი წარბები ერთხელაც არ შეტოკებულა ჩემ მიერ გამოთქმული პროტესტის გამო. ზოგჯერ, საუბრისას, რაღაც მოსაზრების ხაზგასმის მიზნით ან პროტესტის ნიშნად, ის თავისი ლამაზი, დახვეწილი თითების წვერებს ახებდა ერთმანეთს. ჩემს ყველა კითხვას პასუხი მოჰყვებოდა. პასუხი ღმერთის მიერ იყო ნაკარნახევი და აჰმედიც მოთმინებით მიხსნიდა ამ მარტივ ჭეშმარიტებას.

„ყურანი საკმაოდ დეტალურია ჯიჰადთან მიმართებაში. ვარიანტები მის ამოქმედებასთან დაკავშირებით არცთუ ისე ბევრია. საბოლოოდ, ყველაფერი იქამდე დადის, თუ როგორაა შესაძლებელი მიზნის მიღწევა და აქ ყურანი საკუთარი არჩევანის უფლებას გიტოვებს“.

„მაგრამ უდანაშაულოთა მკვლელობა ხომ განსაზღვრავს პარამეტრებს? ავტობუსებში აფეთქებული ისრაელელები მებრძოლები არ არიან.“

„ისრაელელები განსაკუთრებული შემთხვევაა. ისინი მოვიდნენ და უკითხავად დასახლდნენ ჩვენს მიწებზე. როდესაც პალესტინელი თვითმკვლელი ავტობუსს აფეთქებს, იმ ავტობუსში მყოფი არც ერთი ისრაელელი უდანაშაულო არ არის“.

„მაგრამ თვითმკვლელობა ხომ ჰარამია?“

„ჰო, თვითმკვლელობა ცოდვაა, თუმცა, ჯიჰადი განსაკუთრებული შემთხვევაა. თვითმკვლელი საკუთარ თავსაც იფეთქებს, მაგრამ ამავე დროს, ის საკუთარი რელიგიისათვისაც აკეთებს სასიკეთო საქმეს“.

„მიგაჩნია, რომ ის საკუთარი რწმენის დანარჩენი სამყაროს თვალში ასამაღლებლად აკეთებს ამას?“

„დაე, სხვებს თავისი აზრი ჰქონდეთ ამის შესახებ. ის კი, როგორც ტანჯული წმინდანი, ზეცას ამაღლდება“.

„თერთმეტ სექტემბერზე რას ფიქრობ?“

აჰმედმა თვალები დაახამხამა.

„ნიუ-იორკზე თავდასხმას გულისხმობ“?

ჰო. როდესაც ორი უზარმაზარი შენობა მიწასთან გაასწორეს“.

„ჰო, ეს ჯიჰადი იყო, - გაეღიმა აჰმედს, - და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი.

„ჯიჰადი ამერიკის წინაააღმდეგ?“

„სანამ ამერიკა ისლამურ ქვეყანას უტევს, ჯიჰადი ამერიკის წინააღმდეგ არ შეწყდება.“

„2001 წელს რომელ ისლამურ ქვეყანას ესხმოდა თავს ამერიკა?“

„ბევრ სხვადასხვა ქვეყანას, - გაჯიუტდა აჰმედი, განსაკუთრებით ბოსნია-ჰერცოგოვინაში, სადაც უამრავი ადამიანი გაწყვიტეს.“

მე მოთმინებით ავუხსენი მას, რომ ამერიკას კი არ გაუწყვეტია ბოსნიელი მუსლიმები, არამედ პირიქით, იცავდა კოსოვოელ მუსლიმებს სერბებისაგან. შემდეგ პირდაპირ ვკითხე:

„აბა, სად ესხმოდა თავს ამერიკა მუსლიმებს 2001 წელს?“

აჰმედმა მოვლით მიპასუხა.

„ის ისლამს არაპირდაპირი გზით ებრძვის. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ამერიკა ზეწოლას ახდენს მუსლიმებზე. ბევრ ქვეყანაზე. ზუსტად ვერ გეტყვი რომელზე“.

„დაიხოცნენ თუ არა უდანაშაულო ადამიანები ნიუ-იორკში?“

„თუ სიმართლეა ის, რომ ეს ალ-ქაიდას გაკეთებულია, მაშინ ეს დიდი ზიანია ამერიკის ეკონომიკისათვის.“

„აჰმედ, - ოდნაც დასავლური ქედმაღლობით გამოვცერი კბილებში, ეს ყველაფერი არანაირად არ ასახულა ამერიკის ეკონომიკაზე“. აჰმედმა ისევ სხვა ტაქტიკას მიმართა.

„ჰო, ამბობენ, რომ ეს ალ-ქაიდას გაკეთებულია, მაგრამ პირადად მე, მგონია, რომ ეს თვითონ ამერიკელების ნახელავია. იმ ორმა თვითმფრინავმა უზარმაზარი პროპაგანდა გასწია ტერორიზმის წინააღმდეგ. ამის შემდეგ მათ შეეძლოთ ნებისმიერ ისლამურ ქვეყანას დასხმოდნენ თავს იმ საბაბით, რომ ტერორიზმს ებრძვიან ავღანეთსა და ერაყში.“

2001 წლის ბოლოს ბუშის „ბოროტების ღერძის“ შუაგულში, თეირანში ვმუშაობდი და ჩემი ნახევრად ლეგალური სატელიტური ანტენის მეშვეობით (და მოვლენების სიურრეალობით სახეზე მომდგარი დაბნეული ღიმილით) ვუყურებდი თუ როგორ აფრქვევდა ერაყში ომის მხარდასაჭერ რიტორიკას „ფოქსის“ არხის ახალი ამბების მანქანა. სამხრეთ თეირანის გაპარტახებულ ნაწილში წავედი, სადაც იმ ერაყელ ლტოლვილებს გავესაუბრე, ვინც სადამის ტერორს გამოექცნენ; თითქმის ყველა მათგანი შიიტი იყო. შემდეგ კი, საზღვარი გადავკვეთე და ერაყულ ქურთისტანში გადავედი. იქაურები მიყვებოდნენ ანფალზე, ქიმიურ შეტევებზე, მიწასთან გასწორებულ სოფლებზე და საძმო საფლავებზე. ერაყელების მონაყოლი ნებისმიერი ამბავი ტკივილით და ტანჯვა-წამებით იყო სავსე. მოხუცი კაცები დიშდაშებს იკაპიწებდნენ, ჩემთვის მაჯებზე შერჩენილი ბორკილების ოვალური ანაბეჭდები რომ ეჩვენებინათ; ვუსმენდი უკბილო ბებერ ქალებს, რომლებიც მიყვებოდნენ, თუ როგორ მიათრევდნენ სადღაც მათ შვილებს ჯარისკაცები და როგორ უწვავდნენ სახლებს; ქურთები მიყვებოდნენ მომწამვლელი გაზის სუნზე, რომელიც ფილტვებს წვავდა და ვაშლის და ნივრის სუნი ასდიოდა; ადამიანები მკერდზე მიკრული ბავშვებით ხელში იხოცებოდნენ.

იმ დროს ჯერ კიდევ საკმაოდ მიამიტი ვიყავი. ჩემთვის სადამი ცუდი მმართველი იყო, რომელიც საკუთარ ხალხს ჩაგრავდა და ხოცავდა; შესაბამისად, თუ მის მოსაცილებლად ძალა იყო საჭირო, ვფიქრობდი მე ლამის აჰმედივით, მაშინ ნამდვილად ღირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. მჯეროდა იმ პრინციპების და მოსაზრებების, რაზეც ვიზრდებოდი, ნახევრად ამერიკელი, ნახევრად ინგლისელი, გაჯერებული პატიოსნების, სიძლიერის, უფლებების და დემოკრატიის ცნებებით. 2003 წლის მარტში, ერაყულ ქურთისტანში ყოფნისას, ერაყში ომის დაწყების მოლოდინში, ვუსმენდი ერაყული კამპანიის მორალურ სისწორეში დარწმუნებული თონი ბლერის ანთებულ გამოსვლას პარლამენტში, ვუსმენდი ქოლინ ფაუელის მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში წარმოდგენილ დეტალურ ანალიზს მასობრივი განადგურების იარაღის არსებობაზე. მჯეროდა ჩემი მთავრობების, არა ყველაფრის, რასაც ისინი ამბობდნენ, მაგრამ მჯეროდა, რომ ისინი კარგი ტიპები იყვნენ.

ომი რომ დაიწყო, ქვეყნის ჩრდილოეთით გავემგზავრე, სადაც ისეთი სიგიჟე არ ტრიალებდა, როგორც ბაღდადში. იქ ყოფნისას ძირითადად იმას ვუყურებდით, თუ როგორ ბომბავდნენ ამერიკელები დედაქალაქს და ველოდებოდით ბაღდადის დაცემას. როდესაც სადამის ძეგლი ჩამოაგდეს, ეს ნიშანი იყო მოსულისა და კირკუტისთვის რომ იქაც იგივე გამეორებულიყო. ჩვენ მანქანებით გადავკვეთეთ შიდა საზღვარი და პოსტ-სადამურ არეულობას შევერიეთ ათასობით გაბედნიერებულ ქურთთან ერთად, ვისაც, როგორც იქნა, მიეცა ნათესავების და ახლობლების ნახვის საშუალება. გზადაგზა ისინი არბევდნენ იარაღის საწყობებს და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც ბაათისტებთან იყო კავშირში: პოლიციის განყოფილებებს, ოფისებს, ყველაფერს, რაც გზად ხვდებოდათ.

მახსოვს, ორი თუ სამი დღის შემდეგ, როდესაც არეულობა ოდნავ ჩაწყნარდა, სადამის მიერ აშენებულ დიდ ჰოსპიტალში წავედი (რომელსაც ნაჩქარევად გადაარქვეს სახელი და აზადი დაარქვეს, რაც ქურთულად თავისუფლებას ნიშნავს), სადაც საწოლს მიჯაჭვული ახალგაზრდა კაცი ვნახე. მას ის უბედურება ხვდა წილად, რომ თებერვალში დაიბადა და თვრამეტის რომ შესრულდა, ამერიკელების შემოსვლამდე ხუთი კვირით ადრე, სამხედრო უნიფორმა მისცეს, ოღონდ არა იარაღი, და სანგარში უკრეს თავი. ერთხელაც B52-მა ბომბი ჩამოაგდო და მარჯვენა ფეხი და ხელი წააცალა. ჯანმრთელი და ლამაზი ახალგაზრდა კაცი იყო; გაღიმებას ცდილობდა; მითხრა, რომ ტკივილები ძალიან აწუხებდა, მაგრამ წამლებიც ჰქონდა და უძილობის გასაქარწყლებლად მშობლების მიერ სახლიდან მოტანილი მაგნიტოფონის სმენაც შეეძლო. ყველა იმ არნახული ძალადობიდან, რის ნახვამაც მომიწია, - სიკვდილის, გვამების, დასახიჩრებული ჩვილების თუ საავადმყოფოების სისხლით მორწყული მიმღებების,- ამ შემთხვევამ მაინც ყველაზე უფრო იმოქმედა ჩემზე. არ ვიცი, რატომ. თუ ადრე ის ჯარისკაცი იყო, მისგან ახლა მხოლოდ და მხოლოდ ინვალიდი ბიჭიღა დარჩენილიყო, დანგრეული სხეულით და უიმედო მომავლით. დედამისი ძალიან წუხდა შვილზე, ვინ მისცემდა სამსახურს? ვინ გაყვებოდა ცოლად? მე მისი ხელი ხელში მეჭირა და ვაიმედებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ დახმარება ეს-ესაა მოვიდოდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე თვეში მთელს ერაყში დასავლელი ექიმები და ჯანდაცვითი პროგრამები იმუშავებდნენ, რომ არსებობდა ახალი ტექნოლოგიები და ელექტროიმპულსებზე მომუშავე ტიტანიუმისაგან დამზადებული სასწაულმოქმედი პროტეზები, რომელთა მეშვეობითაც მისი ვაჟიშვილი „ახალივით გახდებოდა“, ვუმტკიცებდი, რომ მას ჰქონდა მომავალი. ვფიქრობ, იმ დროს ჩემივე სიტყვების მჯეროდა.

ომს არ შეუჩერებია რეპრესიები ერაყში. პირიქით, ადამიანების ჩაგვრა გაგრძელდა და გაუარესდა; იმატა მკვლელობის და წამების შემთხვევებმა. ყოველ მომდევნო წელს ახალ-ახალი უბედურება მოჰქონდა. ოკუპანტების და მათი მოკავშირეების შეცდომებმა, ადგილობრივებთან კავშირის დამყარების უუნარობამ, მათმა უღირსობამ და უვიცობამ, კოსმეტიკურად შელამაზებული ამერიკული „მწვანე წონის“ ფარგლებში მოიყარა თავი. ლონდონსა თუ ნიუ-იორკში რომ მიწევდა დაბრუნება, ლამის გული მერეოდა პოლიტიკოსების ლაყაფზე, ტყუილს ტყუილზე რომ იძახდნენ. ამ უბედურების დაწყებიდან წლინახევრის შემდეგ, ჯორჯ ბუში მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

რა თქმა უნდა, აჰმედის კონსპირაციის თეორიები მცდარი იყო, მაგრამ არა ნაკლები კლიშე, ვიდრე მისი საპირისპირო მოსაზრება, კერძოდ კი ის, რომ დემოკრატიის დანერგვა ძალითაა შესაძლებელი. უბრალოდ, აჰმედის ღირებულებათა პაკეტი მონეტის მეორე მხარე იყო; სწორედ ეს აძლევდა საშუალებას ორ პრეზიდენტს, ერთმანეთთან მიმართებაში ასე ხშირად ეხმარათ სიტყვა „ბოროტი“. ჩვენ ყველა ჩვენთვის კარგად ნაცნობ, მისაღებ და საყვარელ სივრცეში ვიზრდებოდით, იქ არსებული საზოგადოების მიერ და - „თუ სასტუმროში ამერიკელი ვიპ-პერსონა ათენებს ღამეს, მაგრამ ამავე დროს იქ უდანაშაულო ადამიანებიც იმყოფებიან, ითვლება, რომ იმ უდანაშაული ადამიანების სიკვდილი დასაშვებია, რადგანაც არ გაქვს უფლება, ამერიკელი ვიპ-პერსონის მოკვლის შანსი გაუშვა ხელიდან. დავუშვათ, თავდასხმისას 20 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მაგრამ თუ ამერიკელი ცოცხალი დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგვიანებით ის ათასობით უდანაშაულოს მოკლავს“. ცხელი შოკოლადი 85 ნაწყვეტი წიგნიდან წესებული წესების და ტრადიციების ფარგლებში; სადღაც შორს, ზღვების გადაღმა კი, ის გველეშაპი ბუდობს, რომელსაც „სხვა“ ეწოდება. აჰმედს სისხლში ჰქონდა გამჯდარი ის ტრადიციები და შეხედულებები, რომელიც იმ საზოგადოებამ მოახვია თავს, სადაც დაიბადა და გაიზარდა. მისთვის მთავარი იყო ოჯახი, ისლამი, ჭეშმარიტება, ხოლო დანარჩენ სამყაროს პირი ჰქონდა შეკრული მუსლიმების და არაბების წინააღმდეგ. ნებისმიერი ჩვენგანივით, ისიც თავს მოხვეული მიკერძოებული ინფორმაციის და პროპაგანდის ერთგვარი ნაზავი გახლდათ. შეიძლება, ხშირად ცინიკური ან დაუნდობელი ყოფილიყო, მაგრამ ამავე დროს, ახალგაზრდა, გაბრაზებული კაცი იყო და, როგორც მამაჩემი იტყოდა ხოლმე, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილე ინტერნაციონალისტების (ორუელი, კესტლერი, რობერთ ჯორდანი და სხვები) ახალგაზრდულ იდეალიზმზე საუბრობდა, აჰმედი „იზმების ქსელში იყო გაბმული“. ის იდეოლოგიას იყო მიჯაჭვული - სალაფიზმს, ჯიჰადიზმს, ნაციონალიზმს, - რომლებიც ყველა სხვა იდეოლოგიების მსგავსად, კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს სთავაზობდნენ უსამართლო და არეულ-დარეულ დროში. ეს ჩვენთვის უცნობ პრიზმაში დამახინჯებულად არეკლილი ფაქტებით სავსე ცალმხრივი შეხედულება იყო. აჰმედთან კამათის დროს ვთხოვდი ხოლმე, აწონილ-დაწონილი პასუხები გაეცა ჩემთვის, მაგრამ მისი ჯავშანში ჩამჯდარი თვითდაჯერება უმტკივნეულოდ ისხლეტდა ყველაფერ იმას, რაც მის ხედვას ეწინააღმდეგებოდა.

ერთხელ აჰმედმა ერთ-ერთი მეამბოხე რაზმის, ანსარ ალ სუნას წევრების მიერ გადაღებული ვიდეო ჩანაწერი მიჩვენა. ჩანაწერი ოკუპანტების მიერ ჩადენილი მხეცობების ჩვენებით იწყებოდა. ამერიკელი ჯარისკაცები ანგრევენ ჭიშკრებს და სახლებში უვარდებიან ერაყელებს ღამის რეიდების დროს; ამის შემდეგ, ნაჩვენები იყო ერაყელი ტყვეების ჯგუფი, - უკან გადაგრეხილი, შეკრული ხელები, შეშინებული სახეები გადაჭედილ საბარგო მანქანებში; ამერიკელი ჯარისკაცები ნახევრადშიშველ კაცს მიათრევენ ქუჩაში და ავტომატების ჯერს უშენენ სამოქალაქო პირებს. კადრსმიღმა ჩახლეჩილი ხმა ამბობს: „როგორ შეიძლება გაჩუმდე, როდესაც შენ გარშემო ასეთი რამ ხდება“?

სამონტაჟო ჭრა. ამჯერად უკვე დინჯად წაკითხული კადრსმიღმა ტექსტი: „ღმერთს უყვარს ისინი, ვინც თავისი რწმენის დასაცავად იბრძვიან. იყავი მომთმენი და ნუ ითანამშრომლებ მტერთან. ჯიჰადი ერაყში მცხოვრები ყველა მუსლიმის ვალია და ისინი, ვინც იბრძვიან, ჭეშმარიტი მუსლიმები არიან. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჯიჰადში და დანარჩენებსაც მოვუწოდოთ შემოგვიერთდნენ... ჩვენი ერის დასაცავად. ჩვენი მტრები ჩვენივე რწმენის გასანადგურებლად მოვიდნენ აქ; ოკუპანტები ქვეყნიდან უნდა გავაძევოთ. ამერიკელები აქ საკუთარი ინტერესების გამო მოვიდნენ. მათ მხარს ებრაელები უჭერენ. ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ამ ცოდვილებს ყველგან, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, ერთ მუშტად შევიკრათ და ვებრძოლოთ ისე ორგანიზებულად, როგორც ამას ჩვენი რელიგია გვასწავლის“.

ამას მუჯაჰედების წინააღმდეგობის ამსახველი კადრები მოჰყვებოდა:

თვითნაკეთი ბომბებით გატენილი სატვირთო მანქანები, სახეახვეული მებრძოლები, გზის მიღმა ჩასაფრებული მებრძოლის მიერ დისტანციური პულტით აფეთქებული ამერიკული ჯავშნოსანის, ხელით გადაღებული, მოცახცახე კადრები, მოკლული კოლაბორაციონისტების საპასპორტო ფოტოები და სხვა დოკუმენტები...

მერე: მუჯაჰედების ჯგუფი ნაღმმტყორცნს დგამს ღამის სიბნელეში. ეპიზოდი მაშხალის მომწვანო შუქითაა განათებული.

აჰმედის კომენტარი: „ისინი სასტუმროს აფეთქებას აპირებენ ამით.“

„გმადლობთ, აჰმედ. იმ სასტუმროში მე ვცხოვრობ.“

შემდეგ: თითქმის ათი წუთის განმავლობაში კამერა მიმართულია ხელებისკენ, რომელიც მიზანდასახული სიჩქარით აერთებს ნაღმმტყორცნის მავთულებს. ერთ-ერთი იქ მყოფი ცდილობს, ასანთით მოუკიდოს პატრუქს, მაგრამ ასანთს მონაბერი ქარი აქრობს. ის მეორე ღერს უკიდებს, რომელიც ერთს იელვებს და ქრება, ამას შემდეგი მოჰყვება; ხუთი თუ ექვსი არანთებული ასანთის ღერი. მუჯაჰედები ნაღმმტყორცნს მდებარეობას უცვლიან, თან ჩურჩულებენ: „ჩაწიე, ოდნავ გვერდზე, კიდევ“. მერე კი, როგორც იქნა, ცეცხლი პატრუქს ეკიდება და რაკეტა ფეირვერკივით იჭრება ღამის ცაში, თუმცა, მიზანს ვერ აღწევს.

2004 წლის მარტში, ოთხი ამერიკელი კონტრაქტორი მანქანიდან გადმოათრიეს ფელუჯაში, ხეზე ჩამოკიდეს, კიდურები დააჭრეს და დაწვეს. მალე ფარული წინააღმდეგობა ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერაყის განთავისუფლების წლისთავის აღსანიშნავად ქუჩები დაცარიელდა. ერთხელ, იმისთვის, რომ გამერკვია, რა ხდებოდა, მანქანაში ჩავჯექი და დასავლეთ გარეუბნისკენ გავემართე. გზაზე ცეცხლწაკიდებულ ტანკს მოვკარი თვალი. „ბლექჰოქის“ ტიპის ორი ვერტმფრენი ისე დასტრიალებდა თავს ცეცხლწაკიდებულ ტანკს, როგორც ბუზები ლეშს. იმ დროისთვის აჰმედი უკვე აღარ დადიოდა სასულიერო სასწავლებელში. მისი ძმის, ალის ცოლი, იბნ ჰაითემის უნივერსიტეტში ესწრებოდა ლექციებს, მაგრამ შენობას ბომბი დაეცა. ახლა ყველანი სახლში ისხდნენ რაღაცის მოლოდინში და მობილური ტელეფონების მეშვეობით იგებდნენ ჭორებს თუ ინფორმაციას ახლობლებისგან.

აჰმედს მეჩეთში მეგობრები ჰყავდა, ვისაც სურსათ-სანოვაგე დაჰქონდათ ოჯახებში. ეს ნამდვილი ალყა იყო. ფელუჯა ამერიკული ჯარის ალყაში იყო მოქცეული, იორდანიისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი იყო. ამერიკელები შეტევას-შეტევაზე აწყობდნენ და ქალაქში ჯავშნოსნებით გადაადგილდებოდნენ. მერე კი მათ თავს ესხმოდნენ, ისინი უკან იხევდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

„ისინი სახლებს, მეჩეთებს და საავადმყოფოებს უმიზნებენ“.

აჰმედი თავის ერთ-ერთ სემინარიელ მეგობარს ესაუბრა, რომელიც ფელუჯაში ცხოვრობდა. მან მოუყვა, თუ რა ხდებოდა მაშინ, როცა ოთხი კონტრაქტორი მოკლეს. მუჯაჰედები თავს დაესხნენ მანქანას, მერე კი უკან დაიხიეს. გვამები ფელუჯის მაცხოვრებლებმა დაკიდეს ხეზე. აჰმედმა თავი გადააქნია, შემდეგ კი ამ ისტორიის ყველაზე საშინელი ეპიზოდი მომიყვა: „იქ, ფელუჯაში, ერთი ვინმე ყასაბი ყოფილა ბრბოში, რომელმაც გვამები დაანაწევრა, შემდეგ კი ხორცს ხალხში არიგებდა. ვიღაც იქ მყოფს უთქვამს: დედაჩემს ცოტა ხორცი სჭირდებაო და ყასაბსაც ჩამოუჭრია გვამისთვის ხორცი და მიუცია იმ კაცისთვის“.

ალი და აჰმედი ძალიან ამაყობდნენ მეამბოხეებით. მათ თვალებში სიამაყის ცეცხლი ენთო.

აჰმედმა მითხრა: „ისინი ტერორისტები კი არ არიან, თავის სამშობლოს იცავენ“.

„შარიათის წესის თანახმად, - ამიხსნა ალიმ, - აკრძალულია, რომ შენივე ქვეყანაში არჩევნები გარედან მოსულმა ძალამ ჩაატაროს. შარიათი გარკვევით ამბობს, რომ ჯიჰადში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“. „ახლა მთავარი ბრძოლაა, - თქვა აჰმედმა მკაცრად და დარწმუნებით. - ბევრი უდანაშაულო დაიღუპება, მაგრამ მათ მაგივრად სხვები მოვლენ. მკვდარ ამერიკელებს კი ვერავინ შეცვლის. ჩვენ მოკლულებს შემდეგი ცხოვრების შანსი ეძლევათ, ხოლო დაჭრილებს კი შეუძლიათ რაც მოესურვებათ, ის შესთხოვონ ღმერთს. ეს მორალს ამაღლებს, მაგრამ რა სარგებელი ექნება მას, თუ ის ურწმუნოს მოკლავს? მე თუ იარაღს ვატარებ და მომკლავენ, მაინც ყველანაირად მოგებული ვრჩები; თუ მომკლავენ, მოგებული ვარ და თუ გავიმარჯვებ, მაშინაც მოგებული ვრჩები. მეორე მხარეს არავითარი კომპენსაცია არა აქვს. ისინი ზეცისგან არაფერს იღებენ, იმიტომ, რომ ცოდვილები არიან“.

მე გავაპროტესტე მისი ნათქვამი. აჰმედმა, როგორც ყოველთვის, მოთმინებით ამიხსნა: „მუჯაჰედი თავის ქვეყანას, თავის ღირსებას, თავის რწმენას იცავს.“

„მაგრამ ისინი ხომ თქვენსავე ქვეყანას ანადგურებენ! თქვენს რწმენას კი არაფერი ემუქრება“.

„ერაყში ამერიკელებმა ის გვარები აღნუსხეს, ვინც ფაჯარის ლოცვას ასრულებს, იმიტომ, რომ ისინი ძირითადად მუჯაჰედები არიან“.

„კი, მაგრამ, თქვენ ხომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენივე აღმსარებლობის პრაქტიკა? ხომ არავინ გიშლით ყურანის სწავლას ან მეჩეთში სიარულს?“

„მგონია, რომ ისინი მსოფლიოს ყველა მუსლიმის გამოწვევას ცდილობენ. ერაყი მაჰმადიანური ქვეყანაა“.

„ამერიკელებს არ მიაჩნიათ, რომ მუსლიმებს მხოლოდ იმიტომ ებრძვიან, რომ მუსლიმები არიან“.

ჩვენს კამათში ალი ჩაერთო.

„ჯარისკაცები ბრძანებებს ასრულებენ. მათ ლიდერებს კი ძალიან კარგად ესმით. რასაც აკეთებენ“.

„ესე იგი, ეს ნამდვილი ომია“.

„ჩვენ ველოდით ამ დღეს, - მითხრა ალიმ, გაორმაგებული პატრიოტული შემართებით. - ამერიკელები ჯერ 1991 წელს დაგვესხნენ თავს და ჩვენი არმია გაანადგურეს; მერე ისევ შემოგვიტიეს 1998 წელს. ისინი გვიტევდნენ ჰაერიდან, გვაყრიდნენ ბომბებს. მაშინ ჩვენ მათ სახეებს ვერ ვხედავდით, მაგრამ ეხლა ისინი აქვე, ჩვენ გვერდით არიან, ჩვენივე ქალაქების ქუჩებში; ჩვენი მკვლელები ჩვენგან ძალიან ახლოს არიან. მთელი თავისი სიძლიერით, თვითმფრინავებით, ტანკებით და ბომბებით“.

„ყველაზე უარესი, რაც მათ შეუძლიათ გაგიკეთონ, ისაა, რომ მოგკლან, - თქვა აჰმედმა, - მაგრამ ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია. მუსლიმისთვის სირცხვილია სიკვდილის შიში. ღმერთი ჩვენს მხარეზეა. ალაჰი გამარჯვებას დაგვპირდა“.

ვხვდებოდი, რომ ალისთვის და აჰმედისთვის სიკვდილი კარგი იყო. ის მოწამეობას, სამოთხეს და ღირსებას, ჩემნაირი ათეისტისთვის კი - მომავლის ნიჰილისტურ უარყოფას, ურთიერთგაგების, სინანულის, პატიების, თანაგრძნობის და მშვიდობის შესაძლებლობის არქონას ნიშნავდა.

აჰმედი შეეცადა ამაზეც ეპასუხა ჩემთვის.

„ის, რაც თქვენ ახლა გაქვთ, თქვენივე სიცოცხლეა და თქვენთვის ძალიან ძნელია სიცოცხლის დაკარგვა. ჩვენ კი, წინ შემდეგი სიცოცხლე გველის. სიცოცხლეს ფასი არა აქვს, ინშალაჰ. ვისურვებდი, რომ ჩემი ძმები ბრძოლაში დაიხოცონ, ვიდრე თავიანთ სარეცლებზე. ამ შემთხვევაში ისინი ღირსეული სიკვდილით მოკვდებიან. ჩვენ არ გვწამს, რომ ბრძოლას შეუძლია გადადოს ან დააჩქაროს სიკვდილი. ეს უკვე ზეცაში წერია. მას ღმერთის ნება ეწოდება და ჩვენს უამრავ პრობლემას წყვეტს“.

„ჰო, ვიცი - ვუპასუხე, - ისლამი, მორჩილება“.

აჰმედი დამეთანხმა.

„თუ აირჩიე, რომ მუსლიმი იყო, კი არ უნდა იკამათო, არამედ დაემორჩილო“.

რამდენიმე დღეში კუფას სამხრეთით გავემართე შიიტების აჯანყების და მათი კლერიკალი ლიდერის, მოქტადა სადრის სანახავად. რომ დავბრუნდი, აჰმედს მოვუყევი, თუ როგორ ვნახე ჩამოგდებული ამერიკული ვერტმფრენები. შევეკითხე, რას ფიქრობდა ყოველივე ამაზე.

„ერთი მხრივ, ბედნიერი ვარ, რადგანაც ეს ინტაფადაა; მეორე მხრივ კი - ნაღვლიანი, ამდენი ადამიანის დაღუპვის გამო“.

ალი შემოგვიერთდა და ჩვენთან ჩამოჯდა.

„ახლა უპირატესობა სუნიტების მხარეზე გადადის. გუშინ ღამე ადამიაში ბრძოლები იყო“.

„ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია, არა?“

„ინშალაჰ,“ - თქვა აჰმედმა.

„თქვენ რას აპირებთ?“

„რაც გასაკეთებელია, იმას“.

„გინდათ, რომ იბრძოლოთ?“

„გავაკეთებ იმას, რასაც საქმე მოითხოვს“.

„იარაღი გაქვს?“

„ჰო. იარაღი ჯერ კიდევ მანამდე გვქონდა, სანამ ბაღდადი დაეცემოდა. ჩვენ გვასწავლეს იარაღის ხმარება“.

„ვიცი, რომ იარაღის ხმარება ყველას მამამ გასწავლათ“.

„ჰაერის პისტოლეტები გვქონდა, - აჰმედი ღიმილით დაუბრუნდა თავის ბავშვობას. - ზოგჯერ სანადიროდ დავდიოდი ხოლმე იმ პისტოლეტით. ხშირად მშობლებისგან ფარულად. ერთხელ საკუთარი თავი დავჭერი მუცელში“.

„როგორ? - გამეცინა მე.

„ჩემკენ მოვმართე“.

„რამდენის იყავი?“

„ალბათ, ცხრის.“

„აი, შენ კარგი გაკვეთილი: იარაღს საკუთარი თავის წინააღმდეგ ნუ მიმართავ.“

14 ანა და ნიკო

▲back to top


ისტორია

ნიკო ინასარიძე და ანა არგანაშვილი

ავტორი: ნინო ბექიშვილი
ფოტო: ლევან ხერხეულიძე

0x01 graphic

ანა და ნიკო რვა წელია ცოლ-ქმარი არიან. ორივეს აქვს საყვარელი და საინტერესო პროფესია; ორივე საკმაოდ ბევრს მოგზაურობს; ჰყავთ 7 წლის ანდრო. მოკლედ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ოჯახია. ისე, მე რომ მკითხოთ, არც მთლად ჩვეულებრივი - სტატიას რომ წაიკითხავთ, ამას, მგონი, თქვენც მიხვდებით. ნიკო უკვე ნახევარი წელიწადია, უცხოეთშია - ორ თვეში ერთხელ ჩამოდის ხოლმე. ანა ვერ ელევა აქაურობას - მართლა ბევრი საქმე აქვს აქ დაწყებული, მოსაგვარებელი და დასამთავრებელი. არ არის იოლი ცოლ-ქმრის ასე, ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ რა ქნან, თავს ზემოთ ძალა არაა.

0x01 graphic

ნიკო ინასარიძე 37 წლისაა, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორია და ამჟამად ესპანეთში, გალისიაში, ბიგოს და სანტიაგოს უნივერსიტეტებში მუშაობს. იმ მრავალი ქვეყნიდან, სადაც ნამყოფია, ესპანეთი სწორედ ამ ნიშნით აირჩია - ესპანეთი საქართველოს ჰგავს; ესპანელები - ქართველებს. ეს რომ მითხრა, ცოტათი გამეღიმა კიდეც და გულიც მეტკინა. მათემატიკოსი, რომელსაც არც ძვირადღირებული ლაბორატორია სჭირდება და არც ცდების ჩატარება, ინტერნეტის ეპოქაში სად იქნება, ალბათ, უკვე აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - მთავარია, გარკვეული ცენზისა და მინიმალური პირობების მქონე უნივერსიტეტში ან სამეცნიერო ცენტრში იმუშაოს. დღეს კი, თურმე, მარტო ნიკო კი არა, თითქმის ყველა ქართველი ახალგაზრდა მათემატიკოსი, ვინც მათემატიკას უერთგულა, უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში გაიფანტა. ამაზე ნიკო და ანა ისეთი გულდაწყვეტით მელაპარაკებოდნენ, რომ მეც კი, ვისაც მათემატიკა ბავშვობიდანვე, რბილად რომ ვთქვა, არ მიყვარდა და მათემატიკის მასწავლებელი ამქვეყნად ლამის ყველაზე საშინელი მონსტრი მეგონა, შევშფოთდი. ფუნდამენტური მეცნიერება, მათემატიკა, საქართველოში დღეს არაპოპულარული, დაბალანაზღაურებადი დარგია და მეცნიერი, თუ უცხოეთში არ იმუშავა, ან კერძო რეპეტიტორობას არ მიჰყო ხელი, ან პარალელურად რამე არ მოიგონა, თითქმის შიმშილისთვისაა განწირული. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ხელფასი დღეს 185-მდე ლარია. სწორედ ამ ინსტიტუტში მუშაობს ნიკო. ამ 185 ლარად კი, ცხოვრება ძალიან ძნელია, ალბათ, წარმოუდგენლიც. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მძიმე გონებრივ სამუშაოს ასრულებ. ეს ისეთი საქმეა, ვერაფერს შეუთავსებ, უბრალოდ, გადაიწვები. ანა მეუბნება, ამ ბოლო ხანებში ნიკო სულ წასასვლელად იწევდა. ვიცი, რომ მართალიც იყო, მეც, ჩემი პროფესიით ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ვიშოვიდი სამუშაოს, მაგრამ აქ უკვე დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება მენანებაო. ანას საქმიანობის შესახებ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, ჯერ ნიკოს ისტორიას მივყვეთ.

ნიკოს მამა ხვედრი ინასარიძე 15 წლისა იყო, როდესაც საქართველოში პირველად ჩამოიყვანეს მშობლებმა. ის ქართველი ემიგრანტების ოჯახში, პარიზში დაიბადა, და იქვე მიიღო საშუალო განათლება. ნიკოს ბაბუა, ქართველი მწერალი, მეუღლესთან ერთად 1929 წელს გაექცა კომუნისტურ რეჟიმს. ინასარიძეების ოჯახი II მსოფლიო ომის შემდეგ, ემიგრანტების პირველ ნაკადთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და მათი ისტორიაც ისეთივეა, როგორიც თითქმის ყველა ყოფილი ემიგრანტისა - სტალინმა შუა აზიაში გაასახლა. ხვედრი ინასარიძე აკადემიკოსია, საქართველოში ალგებრული სკოლის ფუძემდებელი, ნიკოს მეგობარი და თანამოაზრე. ნიკო კი - მისი საქმის გამგრძელებელი. რამდენიმე პროექტზე მამა-შვილი ერთად მუშაობს. ისიც, რომ ნიკო მათემატიკოსი გახდა, ძალიან ბუნებრივად მოხდა. მათთან სახლში მუდმივად „მათემატიკური“ სული ტრიალებდა - ხშირად მოდიოდნენ მამის მოსწავლეები და მეგობრები, იმ დროისათვის ცნობილი ქართველი მათემატიკოსები, საუბრობდნენ მათემატიკის შესახებ. რა თქმა უნდა, მაშინ ნიკოს ამ საუბრებიდან ბევრი რამ არ ესმოდა, მაგრამ სხვა პროფესიაზე ნამდვილად არასდროს უფიქრია.

ნიკო: სკოლა პროფესიის არჩევანში ნამდვილად არ ყოფილა სტიმულის მომცემი და, მაინცდამაინც, კარგად არც მახსენდება. სასაცილო ისაა, რომ სკოლაში კარგი მათემეტიკის მასწავლებელი არც მყოლია. 1987 წელს მათემატიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო და სტუდენტობის დრო ნაწილობრივ მიტინგებზე გავატარეთ. ეს, ერთი მხრივ, არ იყო ცუდი, მაგრამ, ძალიან ბევრი რამ, რაც სტუდენტობისას უნდა გააკეთოს ადამიანმა, ჩვენმა თაობამ ვერ გააკეთა. თუმცა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით, მაშინ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ძველი თაობის პროფესურა. მამაჩემიც მასწავლიდა. მათემატიკაში პედაგოგს ცოტა განსხვავებული დატვრთვა აქვს. ძირითადი ისაა, რომ მიმართულება უნდა მოგცეს, და მერე შენ თვითონ, დამოუკიდებლად უნდა აკეთო რაღაცები. მისი მოსწავლეები თვლიან, რომ მამაჩემი კარგი პედაგოგია, სწორედ იმიტომ, რომ სრულ თავისუფლებას აძლევს სტუდენტებს.

საქართველოში უფრო კლასიკური და გამოყენებითი მათემატიკის ტრადიციაა. ჩემი დარგია აბსტრაქტული მათემატიკა. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვა, რიცხვების ნაცვლად უფრო ზოგად სიმრავლეებთან და მათში შემოტანილ ალგებრულ სტრუქტურებთან (ოპერაციებთან) გვაქვს საქმე. უფრო ადვილად რომ მიხვდე - აი, წარმოიდგინე, ელემენტარულ მათემატიკაში ხომ შეგვიძლია რიცხვებზე ოპერაციების გაკეთება, შეკრება, გამოკლება, გაყოფა. „ჩემს“ მათემატიკაში შეგვიძლია სიმრავლის ორი ელემენტი (პირობითად „ცხენი“) შევკრიბოთ და მივიღოთ სიმრავლის რაღაც მესამე ელემენტი. სწორედ ასეთ მათემატიკურ ობიექტებს ვსწავლობთ მრავალი სხვადასხვა კუთხით. იკითხავთ, რა საჭიროა, ერთი შეხედვით სისულელეო, მაგრამ გეტყვით, რომ ასეთი ობიექტები მრავალი ფიზიკური თუ სხვა პროცესების დროს ბუნებრივად ჩნდება და მათ სრულფასოვნად შესწავლაზე ბევრად არის დამოკიდებული წარმატებული კვლევა ფიზიკის მრავალ დარგში (მაგ. კვანტურ ფიზიკაში), ბიოლოგიაში თუ კომპიუტერულ მეცნიერებებში. სამეცნიერო მოღვაწეობა პირველივე კურსიდან დავიწყე. ჩვენს კურსზე, 150 სტუდენტიდან 15-20 კაცი იყო, ვისაც, კარგად სწავლის გარდა, ჰქონდათ მონაცემები სერიოზული მეცნიერები გამოსულიყვნენ. აქედან დღეს მათემატიკას 3-4 კაცი შემოვრჩით. დანარჩენები ბანკებში და სხვა ორგანიზაციებში მუშაობენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაშიც რამდენჯერმე იყო ისეთი ეტაპი, როდესაც ვიფიქრე, მეცნიერებისთვის თავი დამენებებინა, და რაიმე უფრო მარტივი ან „გასართობი“, თუნდაც, უფრო მაღალანაზღაურებადი საქმისათვის მომეკიდა ხელი. ერთი ეგ არის, რომ ძალიან არ მიყვარს იმის გადაყრა, რაზეც დრო დამიკარგავს, მიფიქრია, მიწვალია და ჩემი ცხოვრების რაღაც სერიოზული ნაწილი დამითმია. ასე ვარ დღემდე აქ.

ანა არგანაშვილის პროფესიის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ჩვენში ძალიან ცოტამ თუ იცის. ანა განათლებით ფსიქოლოგი და ოკუპაციური თერაპევტია. მეტიც, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, პირველი ოკუპაციური თერაპევტია საქართველოში. ოკუპაციური თერაპია - დასავლეთში ფართოდ დანერგილი და პოპულარული დარგი, ფიზიკური, სოციალური ან გონებრივი შეზღუდულობის მქონე ადამიანების გარკვეული აქტივობების საშუალებით რეაბილიტაციის მეთოდია.

0x01 graphic

0x01 graphic

ანა ნიკოზე 10 წლით უმცროსია და მისმა თინეიჯერობამ იმ წლებში ჩაიარა, როცა თბილისში არც შუქი იყო და არც გაზი, სკოლებში კიდევ - გათბობა. ამიტომაც, მეშვიდე კლასიდან, სკოლაში თითქმის არ უვლია. იჯდა შინ, კითხულობდა, მეცადინეობდა, მაგრამ უფრო მეტად, ხატავდა და ძერწავდა. მერე, სკოლას რომ ამთავრებდა, შემთხვევით ნახა, როგორ მუშაობდა ფსიქოლოგი და ფსიქოლოგობა გადაწყვიტა. უნივერსიტეტშიც თითქმის იგივე სიტუაცია დახვდა, რაც სკოლაში - გაყინული აუდიტორიები, ნიჰილიზმი... ანა ისევ აგრძელებდა ძერწვას და ხატვას, ისევ ისე სიამოვნებდა ფერებთან და ფორმებთან ურთიერთობა. უნივერსიტეტში კი, როგორც თითქმის ყველა იმ წლებში, ლექციებს ისიც აცდენდა. ამ დროს გაიცნო ნიკო და ნიკოსთან შეხვედრამ მთელი მისი დამოკიდებულებები, ცხოვრება და მომავალიც შეცვალა. ანას დაუჩივლია, აი, დღესაც გავაცდინე ლექციაო. თუ არ გსიამოვნებს, აბა, რას სწავლობ, და საერთოდაც, რას ცხოვრობო, - უთქვამს ნიკოს. ანას მაშინ, თურმე, ძალიან შერცხვა და რაციონალურად შეხედა ყველაფერს. ლექციაზე თუ მიდიოდა, იცოდა, რატომაც მიდიოდა. თუ აცდენდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებული იყო, ლექცია არაფერს მისცემდა.

ანა: ისეთ წლებში გავიზარდე, განწირული ვიყავი, ერთი წარუმატებელი ადამიანი ვყოფილიყავი. ირგვლივ ყველა ამბობდა, აი, ყველაფერი ცუდადაა, აი, არაფერი ხდება საინტერესოო. მე კი, ნიკოს სიტყვების შემდეგ ვთქვი - არა, ერთხელ ვცხოვრობ და მინდა ბოლომდე დავიხარჯო, სავსე ცხოვრება მქონდეს! ასეთ დროს ორი გზა გაქვს - ან დეპრესიაში უნდა ჩავარდე და ხელი ჩაიქნიო, ან ძალიან გამძლე ხდები, დაძლევის მექანიზმებს აამუშავებ. დღემდე დამცინიან, ომის მერე პურის ნატეხებს რომ ინახავდნენ დაშინებული ადამიანები, მე ქსეროქსის ფურცლებს ვინახავ, სამი უზარმაზარი თარო სავსე მაქვს ქსეროასლებით. უცხოეთიდან რომ ვბრუნდებოდი ხოლმე, 20 კილო ქსეროქსის ფურცელი მომქონდა, მეშინოდა, რომ რაღაც მომენტში არ მექნებოდა საჭირო ლიტერატურა. ახლა უკვე შემიძლია ყიდვა, მაგრამ შეჩვეული ვარ - ისევ ქსეროასლებს ვიღებ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისას, გერმანიაში მომიწია წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ აქ, თბილისში კარგად ვსწავლობდი და ძალიან მაღალი ქულე ბიც მქონდა, იქ აღმოვაჩინე, რომ გერმანელ სტუდენტებსა და ჩემს შორის დიდი სხვაობა იყო. ჩვენ და ისინი ერთ ენაზე არ ვსაუბრობდით. ამან მძიმედ იმოქმედა ჩემზე. მე თავს არ ვგრძნობდი პროფესიული საზოგადოების ღირებულ წევრად, არ მოვიდა ის პროფესიული იდენტობა, რომელიც სტუდენტების პერიოდიდან განსაზღვრავს პროფესიულ მუხტს მთელი შემდგომი მუშაობისთვის. მჭირდებოდა ისეთი პროფესიული განათლება, რომელიც კმაყოფილების და ბედნიერების განცდას მომცემდა.

0x01 graphic

0x01 graphic

რაც შეეხება ოკუპაციურ თერაპიას, აქ მართლაც, შემთხვევით მოვხვდი. ვიცოდი, რომ ჰოლანდიელებს ჯგუფი აჰყავდათ და ძალიან კარგად ასწავლიდნენ. დავაგვიანე, რომ გავიგე, ჯგუფი უკვე შედგენილი დამხვდა. მერე ვიღაცამ დატოვა და მისი ადგილი დავიკავე. ამ პროფესიას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს საქართველოში. ბავშვთა ნევროლოგიისა და ნეირორეაბილიტაციის ცენტრში უკვე დიდი ხანია მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან და სწორედ იქ დაინტერესდნენ, მოიძიეს ეს პროფესია - ოკუპაციური თერაპია. „ოკუპაცია“ ბერძნული სიტყვაა და საქმიანობას ნიშნავს. ოკუპაციური თერაპევტის დახმარებით ადამიანმა რეალიზაცია გარკვეული საქმიანობების საშუალებით უნდა შეძლოს. თუ სწორად, ადეკვატურად ჩაბმული ხარ გარკვეულ საქმიანობაში, თვითშეფასებაც თავის ადგილზეა, მიზანიც გაქვს. ზოგადადაც ასეა, შეიძლება გქონდეს ყველაფერი, მაგრამ თუ არ აკეთებ იმას, რაც გინდა, გსიამოვნებს და გიყვარს, ადვილი შესაძლებელია, თავი უბედურად იგრძნო. სწორედ ამ ცენტრის ინიციატივით მოიწვიეს ჰოლანდიელები და არა მხოლოდ ჰოლანდიელები - ჩვენი პედაგოგები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. ძალიან სასიამოვნო განცდა იყო, როცა წავედით ჰოლანდიაში და აღმოჩნდა, რომ არ განვსხვავდებოდით ჰოლანდიელი სტუდენტებისგან. მაშინ უკვე აღარ მიფიქრია, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნიდან ვიყავი. საერთაშორისო სტანდარტებთან ეს არათანაბარი მდგომარეობა ყოველთვის მაღიზიანებს ხოლმე. თუ მივდივარ საერთაშორისო კონფერეციაზე, მინდა ვიყო თანაბარი მათთან, არ მინდა, რომ რაღაც გარემოებების გამო მოთხოვნები დამიწიონ, ცუდად ვხვდები ამ დროს. მახსოვს, უკვე ორი დიპლომი მქონდა დაცული ფსიქოლოგიაში და პირველი ბაკალავრის დიპლომი დავწერე ოკუპაციურ თერაპიაში. ჩემმა ხელმძღვანელმა საერთაშორისო კონფერენციაზე მიმიწვია ჩეხეთში. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი - პროფესიული საზოგადოებისთვის ჩემი სადიპლომო ნამუშევარი საინტერესო აღმოჩნდა. დღეს დასავლეთში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებაა დანერგილი. სტუდენტია ინვესტიციის წყარო. წარმოუდგენელია, იქ ლექტორმა სწავლების ხარისხი საკუთარი პერსპექტივით გაზომოს, შედეგები სტუდენტების მიერ ათვისებული კომპეტენციებით განისაზღვრება, სტუდენტის მიერ ლექციით მიღებული დადებითი, მამოტივირებელი ინსპირაციით - ასე გვასწავლიდნენ ჩვენც. პრაქტიკა ჰოლანდიაში გავიარე, ამსტერდამის უნივერსიტეტის საავადმყოფოში და სხვადასხვა დღის ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ვმუშაობდი. იქ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნა არ იყო აბსტრაქტული და ბევრი რამ შემეძლო. ეს, ალბათ, არაფერია პროფესიონალისთვის, მაგრამ იმისთვის, ვინც უნდა შედგეს პროფესიონალად, ძალიან კარგი გამოცდილებაა. ამის შემდეგაც უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში მოვხვდი ვიზიტორად. მოხდა ისე, რომ საქართველოში იმდენად წარმატებულებად ჩატარდა ოკუპაციური თერაპიის სწავლების პროექტი, რომ ჩვენი გამოცდილება სომხეთში გაიზიარეს, და გარკვეული ხნის განმავლობაში, სომეხ და ქართველ სტუდენტებს ერთობლივად ვასწავლიდით. ბევრგან სწორედ ახლა ინერგება ეს პროფესია და ჩვენი გამოცდილების გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებში ხდება. შემდეგ მაგისტრატურაში ვსწავლობდი ევროპის ოთხ უნივერსიტეტში - ბრიტანეთის, შვედეთის, დანიისა და ჰოლანდიის უნივერსიტეტებში. შვედეთში ეს ის უნივერსიტეტია, რომელიც ნობელის პრემიებზე კანდიდატებს წარადგენს ხოლმე. აქაც ისევ არ დამჭირვებია იმის აღნიშვნა, რომ აი, ჩვენთან ომები იყო, სროლები იყო, შუქი არ იყო, და რაიმე ვერ ვისწავლე. სამაგისტროდ ისეთი თემა ავიღე დასამუშავებლად, რომელზეც ევროპაში სულ რამდენიმე ადამიანს თუ უმუშავია. ჩემმა ხელმძღვანელმა პირდაპირ მითხრა, ხელმძღვანლობას ვერ გაგიწევ, მაგრამ, მოდი, ერთად ვისწავლოთო. იმდენად საჭირო საკითხი იყო საკვლევად, რომ უარსაც ვერ მეუბნებოდნენ. შეიძლებოდა, ყველაზე მეტი შეცდომა დამეშვა; თუნდაც იმიტომ, რომ იქაც კი, ევროპაში, სრულიად ახალი რამ იყო. თემას ასე ერქვა: „თვისობრივი კვლევების მეტასინთეზი - როგორ განიხილავენ სოციალურ მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, არსებული თვისობრივი კვლევების სინთეზი“... აქამდე მთელი მსოფლიო სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან მიმართებაში იმას ეფუძნებოდა, ჩვენ როგორ ვფიქრობდით მათზე. აი, ჩვენ „ნორმალურები“, და ისინი, თურმე, „ინვალიდები“. დღეს ეს პარადიგმა იცვლება და მნიშვნელოვანი ხდება, ისინი როგორ ფიქრობენ საკუთარ თავზე და რა უნდათ. უნდათ ასეთი სისტემა, ასეთი დაზღვევა? როგორ უნდათ რომ ვუწოდოთ? ჩვენი და იმათი გაყოფა, ერთი, რომ ძალიან დიდი აბსურდია, მეორე - ჩვენ, რომლებიც არა ვართ ისინი, არაადეკვატურები ვართ ამ მსჯელობაში. ვცდილობდი მეთოდოლოგიური ინოვაცია შემომეტანა, და მეორე მხრივ, მასალა დამედო - მათი რეფლექსიები. მესამე - ყველაზე დიდი ინტრიგა იყო, ვაკეთებდი უკვე არსებული ევროპული კვლევების ანალიზს, და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი კვლევა არ ეფუძნებოდა ამ ახალ პარადიგმას. დაცვა საკმაოდ მწვავე იყო. შეეძლოთ კიდეც, დავებლოკე, მაგრამ შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე, მოცემული გარემოება და ამ პროფესიის განვითარების დონე არ იძლეოდა მეტის საშუალებას. ახლა ჩემ შეცდომებზე ვიღაც უფრო მეტს გააკეთებს. წარმოიდგინე, განცდა, როცა მეგონა, რომ ცუდ დროს დავიბადე და ვერაფერს შევძლებდი და მერე ეს კონტრასტული განცდა, როცა მარტო ვიდექი ოთხი უნივერსიტეტის პროფესორების წინაშე და კბილებით ვიცავდი ჩემს ნამუშევარს!

0x01 graphic

ახლა მე თვითონ მყავს სტუდენტები და ეს საქმე, სწავლება ძალიან მომწონს. დიდი გამოცდილება იყო სომეხ სტუდენტებთან მუშაობა, სტუდენტებს ვთხოვდით, რომ ქულები დაეწერათ ჩვენთვის, ქართველები ნებისმიერ ლექტორს ულაპარაკოდ უწერდნენ მაღალ ქულებს, სომხები ძალიან კრიტიკულად გვიდგებოდნენ, დაბალ ქულებს გვიწერდნენ. აქ განმსაზღვრელი, ალბათ, ისევ კულტურაა - ქართველსაც შეიძლებოდა არ მოსწონებოდა რაღაც, მაგრამ არა, ვერ გვიმეტებდნენ დაბალი ქულებისთვის, ვერც ჩვენ, ვერც უცხოელებს. სომხებს უფრო რაციონალური დამოკიდებულება ჰქონდათ. უცნაურია, როცა კრიტიკა ჩვენს საზოგადოებაში ერთმნიშვნეისტორია საქართვლოში დღეს სულ ამბობენ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ტურიზმი, მეც, ბუნებრივია, არაფერი მაქვს ტურიზმის საწინააღმდეგო, მაგრამ იმას, რომ ქვეყანა უნდა იყოს მოწოდებული მაღალინტელექტუალური პროდუქციის შექმნაზე, არავინ ამბობს. არადა, სწორედ ესაა მთავარი, ესაა ზოგადი ღირებულება და არა ერთი კონკრეტული სტატია ან, თუნდაც, ერთი კონკრეტული მეცნიერის წარმატება. 94 ცხელი შოკოლადი ლოვნად ნეგატიური კუთხით და არასასურველად აღიქმება. კონსტრუქციული კრიტიკის ტენდენცია ძნელად შემოდის. დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ ბევრი დრო მიმდის არა უშუალოდ მასალაზე, არამედ სწორედ იმაზე, რომ სტუდენტებს სწავლის სურვილი და იმედები გაუჩნდეთ. მე რომ სტუდენტი ვიყავი და ნიჰილიზმი მქონდა, ისევე არიან ესენიც. გუშინ პირველად მთხოვეს დამატებითი ლიტერატურა და უბედნიერესი ვარ, ჩემი ხელით გადავუღე 100 გვერდი ქსეროასლი. ვცდილობ, წარმატებული მაგალითი მივცე და მოტივაცია ავუმაღლო. ჩემი ლექციის შემდეგ დადებითად დამუხტულები წავიდნენ და პიროვნულ-პროფესიულ ზრდაში იყვნენ. მგონი, გამომდის. უცხოური, უახლესი ლიტერატურით ვასწავლით, ახალი სტატიები გამოწერილი გვაქვს, წინა თვეს რომ იბეჭდება, მეც ისევე ვიღებ, როგორც ყველა ჩემი კოლეგა. ეს ლიტერატურა მათთვისაც ხელმისაწვდომია. ჰო, ჩემი ენთუზიაზმი „ინფექციასავით“ გადამდებია.

ანას სურვილი თანაბარ პირობებში ყოფილიყო უცხოელებთან, ალბათ, ოდესღაც ნიკოსაც ჰქონდა, - ნიკო მორიდებულია, საკუთარ წარმატებებზე საუბარი უჭირს, - მაგრამ მის CV-ის რომ ჩავხედე, მაშინვე გავიფიქრე, ალბათ, ეს სურვილი კარგა ხნის წინ აქვს დაკმაყოფილებული-მეთქი. ნიკო ინასარიძე საქართველოს მათეტიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია, ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ოთხი საერთაშორისო მათემატიკური კონფერენციის თანაორგანიზატორი და სამი საერთაშორისო მათემატიკური ჟურნალის რედაქტორი - Journal of Homotopy and Related Structures გამოიცემა ელექტრონული ფორმატით ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მიერ, Tbilisi Mathematical Journal (გამოიცემა ერთობლივად მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნული ცენტრის (NCST, საქართველო) და ამსტერდამის უნივერსიტეტის გამომცემლობის (Amsterdam University Press) მიერ და „International Journal of Mathematics and Analysis (გამოიცემა გამომცემლობა Serials Publications-ის მიერ; სტატიებს აქვეყნებს უცხოურ ძალიან პრესტიჟულ, ეგრეთწოდებულ ინდექსირებულ (impact factor-იან) ჟურნალებში.

მოკლედ და ჩვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, წარმატებული და საერთაშორისო აღიარების მქონე მეცნიერია და ყველაზე მეტად ის სწყინს, რომ დღეს საქართველოში, მეცნიერების ხსენებაზე, ბევრს შემწყნარებული ღიმილი გადაუვლის ხოლმე სახეზე; კიდევ ის, რომ რაზმაძის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერთა საშუალო ასაკი 60 წელია.

ნიკო: დასავლეთში ძალიან პრესტიჟული და დაფასებულია მეცნიერება, მეცნიერები და უნივერსიტეტის პროფესორები ნამდვილად გამორჩეული ფენაა. ანაზღაურება ევროპასთან შედარებით ამერიკაში გაცილებით უკეთესია, მაგრამ, ის ჰონორარიც, რასაც ვთქვათ, ესპანელი მეცნიერები ღებულობენ, ორჯერ აღემატება ესპანელების საშუალო შემოსავალს. ეს გაძლევს სტიმულს, შინაგან თავისუფლებას და კომფორტულად გრძნობ თავს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. საქართვლოში დღეს სულ ამბობენ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ტურიზმი, მეც, ბუნებრივია, არაფერი მაქვს ტურიზმის საწინააღმდეგო, მაგრამ იმას, რომ ქვეყანა უნდა იყოს მოწოდებული მაღალინტელექტუალური პროდუქციის შექმნაზე, არავინ ამბობს. არადა, სწორედ ესაა მთავარი, ესაა ზოგადი ღირებულება და არა ერთი კონკრეტული სტატია ან, თუნდაც, ერთი კონკრეტული მეცნიერის წარმატება.

სახელმწიფოს პოლიტიკა მეცნიერების მიმართ ხშირ შემთხვევაში გაუმართლებელია. იმ რეფორმებმა, რომელიც უნდა გატარებულიყო, რეალურად, მეცნიერების დონე წინ ვერ წასწია. ახლა ჩვენთან ორი დაპირისპირებული ბანაკია. ძველი თაობა და რეფორმატორები, რომლებიც ატარებენ ახალ პოლიტიკას, რეფორმებს. სიმართლე გითხრათ, ვერც ერთის მხარეს ვერ ვდგავარ. რაც გვქონდა, საბჭოთა სტრუქტურები მეცნიერებაში, იმდენად მოძველდა, რომ იმის დატოვება ნამდვილად არ შეიძლებოდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგრამ ბევრი რამ, რასაც ახალი რეფორმა ითვალისწინებს, საკამათოა. საკამათოა ის მიდგომაც, როგორც რეფორმატორები უდგებიან მეცნიერებას. მაგალითად, აქ გადაწყვიტეს, რომ განურჩევლად ყველა სამეცნიერო ინსტიტუტი გაეუქმებინათ და უნივერსიტეტებისთვის მიეერთებინათ, ისე, რომ არ უკითხავთ, რა ხდებოდა, როგორი დონე იყო ამ ინსტიტუტებში. დასავლეთშიც ასეა, სამეცნიერო ინსტიტუტები უნივერსიტეტებშია თავმოყრილი, მაგრამ იქ, ბოლო ხანებში იხსნება სწორედ იმ ტიპის დამოუკიდებელი სამეცნიერო ინსტიტუტები, როგორებიც აქ არის. ვფიქრობ, სწორედ ნოემბრის ცნობილი მოვლენების გამო, დღეს ინსტიტუტების გაუქმების პროცესი დროებით შეჩერებულია.

არის მეორე პრობლემაც - სურვილი რომ ყოფილიყო, უკეთ შეიძლებოდა ჩვენში არსებული რესურსის გამოყენება. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი ქართველი მეცნიერები, მცირე ნაწილი აქ და ძირითადი ნაწილი, ვინც ახლახან ან ცოტა უფრო ადრე წავიდა უცხოეთში, მათემატიკოსები და ფიზიკოსები, მზად არიან ჩამოვიდნენ, გააკეთონ ერთი სერიოზული უნივერსიტეტი, რომელიც, რეალურად, არ გვაქვს. როცა ვხვდებით ხოლმე, ამაზე სულ ვსაუბრობთ, მაგრამ მათ, სამწუხაროდ, არავინ ეძახის. დღეს ჩვენში ასეთი ტენდენციაა, - ამბობენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი ან სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი შეიძლება იყოს საშუალო დონის მეცნიერი ან სულაც უბრალოდ მენეჯერი. დასავლეთში პირიქითაა, იქ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელი უნდა იყოს ძალიან ცნობილი მეცნიერი. იქ პროფესურაში გრადაციებია, და რექტორად, როგორც წესი, უმაღლესი დონის პროფესორს ირჩევენ. ეს იმ უნივერსიტეტის პრესტიჟია და თანაც, რექტორმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ის საქმე, რომელსაც უნდა უხელმძღვანელოს. არ შეიძლება მეცნიერება და განათლება აკეთონ იმ ხალხმა, ვინც არც ერთი იცის და არც მეორე. სხვათა შორის, რაღაც პროცესები დაიწყო ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტიში, რომელიც ყველაზე უნივერსიტეტული უნივერსიტეტია დღეს საქართველოში. ის, რაც დღეს ფუნდამენტურ მეცნიერებაში ხდება, საგანგაშოა. ვიცი, როგორც ასწავლიან და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლებიდან მათემატიკოსი, უბრალოდ, ვეღარ გამოვა. მთელი სისტემაა დღეს აღრეული, სრული დომხალია. ეს უკვე ათწლიანი ჩავარდნაა და ასე თუ გაგრძელდა, მეცნიერთა ახალი თაობა, უბრალოდ, აღარ გვეყოლება. მეცნიერებისადმი დამოკიდებულება ქვეყნის თუ საზოგადოების განვითარების დონის ინდიკატორია. დასავლეთში ესმით, რომ ამის გარეშე შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი რგოლია, რომლის ამოვარდნაც არაფრით არ შეიძლება. ევროპული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად აფინასნებენ მეცნიერებას, ნებისმიერ მეცნიერებას. ამერიკაზე აღარაა ლაპარაკი, იქ სასწაული თანხები იდება. იქ აფინანსებენ ყველაფერს, რაშიც ოდნავ ხედავენ რაიმე ღირებულებას. რომ ვადარებ აქაურ გრანტების სისტემას, სიმწრით მეღიმება...

ანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ასწავლის და 100 ლარი აქვს ხელფასი. მისი სფერო გამოყენებითია, ბიო-ფსიქო სოციალური მეცნიერებების თანაკვეთაა და ახლა ამის გაყიდვას, მარკეტიზაციას ცდილობს. რამდენიმე წლის წინ, ორი სერიოზული კვლევა დაგეგმა, ერთი - ბრაიტონში, მეორე - სტოკჰოლმში, მტკიცებულებაზე დამყარებული მიდგომის შემოსატანად რეანა და ნიკო 152 ცხელი შოკოლადი აბილიტაციის სფეროში. ამბობს, რომ ეს გარდაუვალია, ამის გარეშე, უბრალოდ, შეუძლებელია მუშაობა - დღეს, განვითარებულ ქვეყნებში სწორედ ასე, კვლევებზე დაყრდნობით მუშაობენ. ჩვენთან კი ასეთი ტიპის კვლევები ჯერჯერობით არააქტუალურია. ანას კვლევები რომ არ დაუფინანსეს, კი ეწყინა, მაგრამ მიხვდა, რომ არ უნდა გაბრაზებულიყო - ისეთი მდგომარეობაა საქართველოში, რომ ბუნებრივია, ჯერ კვლევების აუცილებლობას ჩვენთან ვერ ხედავენ. ამის შემდეგ გადაწყვიტა, იმ სფეროში წასულიყო სამუშაოდ, რომელიც ამ ტიპის კვლევებს თავად დაგეგმავდა. დღეს ანა ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიის ტექნიკურ სამდივნოში მუშაობს და დიდი იმედი აქვს, რამდენიმე წელიწადში მისი სტუდენტები რომ შეიტანენ პროექტებს, მათ უკვე აღარ ეტყვიან უარს. თვითონაც ცდილობს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაში დაეყრდნოს სწორედ იმ შედეგებს, რომელიც კვლევითაა დადასტურებული. ახლა თვითონაა კვლევების მომთხოვნი. დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ჩვენთან ეს ბაზარი შეიქმნება, გამოცდილებაც და კომპენტენციაც უფრო მეტი ექნებათ და რამდენიმე წელიწადში ქართული ოკუპაციური თერაპიის კვლევების ცენტრის ჩამოყალიბებასაც შეძლებენ. ანას აზრით, პრაქტიკულ საქმიანობაში კვლევებზე დაყრდნობით მუშაობა შედეგებს და პასუხებს უფრო ცხადს გახდის და ბევრ გაუგებრობას ააცილებს პრაქტიკოსებს.

ანა: ჩემთვის წარმატება არ არის დამდგარი შედეგი, წარმატება უკვე იქაა, სადაც ადამიანის მომავლის ხედვა, მოლოდინები პოზიტიურად იცვლება. მირჩევნია ეს რესურსი გავაძლიერო, ვიდრე ის, რომ ვთქვა, რაღაცას მივაღწიე და მეყოფა. ოკუპაციური თერაპევტები გაზომვად შედეგებზე ვმუშაობთ. ჩემს აღფრთოვანებას იწვევს ადამიანი, ვისაც შედარებით ნაკლები რესურსი აქვს ან გარემო ზღუდავს, მაგრამ ამ რესურსს სრულად ამუშავებს - თუ გარემოს პრობლემას შევუმცირებ და ადაპტაციის მექანიზმებს ვასწავლი. სამწუხაროდ, ოკუპაციურ თერაპიაში პრაქტიკული მუშაობა დიდი ხანი ვერ გავაგრძელე, სულ რაღაც ოთხი-ხუთი წელი ვიმუშავე. რა თქმა უნდა, ოდესმე ისევ დავუბრუნდები პრაქტიკას. მაგრამ რადგანაც ამ პროფესიის პირველი წარმომადგენლები ვიყავით საქართველოში, ჩვენ წინაშე სხვა პრობლემები იდგა და არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე მეფიქრა, მომეწყო ჩემი პრაქტიკა. დამჭირდა ჩემი სტუდენტებისთვის, მომავალი პროფესიონალებისთვის საორგანიზაციო საქმის გაკეთება, მენეჯმენტის აწყობა. ვინ შეგიქმნის ამ პრაქტიკის ადგილს? ვიღაცამ უნდა გააკეთოს ჩვენი სფეროს ადვოკატირება უფრო მაღალ დონეზე. ამას რომ მივხვდი, სტრატეგია შევცვალე. ახლა ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის საკოორდინაციო ორგანოში ვმუშაობ, რომელიც აერთიანებს სამ სამინისტროს, NGO სექტორიც ჩაბმულია ამ საქმეში და ახლა შემიძლია დავასაბუთო, რომ ეს სპეციალისტები, ოკუპაციური თერაპევტები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს აუცილებელია; უკვე შემიძლია ვიღაცებს გავუკვლიო გზა. ძალიან მენატრება ფურცლების იქით, ადამიანებთან მუშაობა, მაგრამ ახლა ეს ფუფუნებაა. რაც შეეხება მეცნიერებას, მესმის, რომ ჩემი სფერო და ნიკოს სფერო სრულიად სხვადასხვა მეცნიერებებია, მაგრამ ჩემთვის წამყვანი ღირებულება აქვს ჩემი მეცნიერული შრომის აპლიკაციას. მეტი რესურსის მქონე ქვეყანას აქვს იმის უფლება, რომ დააფინანსოს იდეალისტური ექსპერიმენტები და კვლევები. ჩემთვის კი საკითხი ასე იდგა - რა სჯობს, ზოგადად ეს თეზისი დავიცვა, რომ კვლევები საჭიროა და ამაზე მემუშავა, თუ პირდაპირ მეკეთებინა კვლევები, რომლებიც შეიძლება შემდეგ გადაეყარათ. პირველი გზა ავირჩიე და ახლა მთელი რეფორმის პროცესი ჩემ თვალწინ მიდის. ახლა ხდება საბჭოური გადმონაშთის, დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია, რომელიც გულისხმობს ამ სახლების შემცირებას და ბავშვთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ალტერნატიული ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების განვითარების ხარჯზე. ამ საქმის ინიციატორი სახელმწიფოა. ჩვენს კულტურაში ბავშვს აქვს პრიორიტეტული ადგილი და ალბათ, ამიტომაც, ძალიან აქტიური ჩართულობაა ყველა დონეზე. მიხარია ამ ცვლილებების მომსწრე და მონაწილე რომ ვარ.

ანა ასეთი ენთუზიაზმით მელაპარაკება და თან ისეთი მომართულია, მგონია, რომ ერთი წუთით არ ჩერდება და დროს ტყუილად არ კარგავს. ნიკოს კი სამუშაოდ სიჩუმე და განწყობა სჭირდება. თუმცა, ისიც ყველანაირად ცდილობს, არა მხოლოდ საკუთარი კარიერა აიწყოს, არამედ, ზოგადად ქართული მეცნიერების განვითარებაზეც იზრუნოს. ჩვენში, ბევრ სტერეოტიპთან ერთად, ესეც დამკვიდრებულია - მათემატიკოსები და ფიზიკოსები ცოტათი შექანებულები გვგონია, წარმოგვიდგება თმაგაწეწილი აინშტაინის ხატება და, მორჩა! მიგვაჩნია, რომ მათ ამქვეყნად მათამატიკა-ფიზიკის მეტი არც არაფერი აინტერესებთ. არც სოციუმი, არც გართობა, არც ქალები! სიმართლე გითხრათ, ნიკო პირველი მეცნიერი მათემატიკოსია, ვინც გავიცანი და იმდენად გაწონასწორებული და დინჯი ადამიანი აღმოჩნდა, რაღაც გაგებით იმდენად უბრალო და ჩვეულებრივი, რომ თავიდან, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა კიდეც. თვითონ სიტყვაძუნწია, მაგრამ გვერდით ენერგიული და ხალისიანი ანა ჰყავს. ანა მეხმარება და ბევრ რამეს მიხსნის. მეუბნება, რომ, თურმე, მათემატიკაშიც არსებობს ერთგვარი სნობიზმი. არსებობენ მათემატიკოსები, რომლებიც სამეცნიერო მოღვაწეობას რომელიმე ცნობილი და საუკუნეების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემის გადაჭრის მცდელობებით იწყებენ, უნდათ, ეგრევე რევოლუცია მოახდინონ. მაგრამ აქ საშიშრეობის წინაშე დგახარ, - შეიძლება, მთელი ცხოვრება დაკარგო ამაში და არ შედგე, როგორც მეცნიერი.

ნიკო: ძალიან შემოქმედებითი პროცესია მათემატიკის კეთება, ჭვრეტ რაღაცას, ფიქრობ ამაზე და რაიმე შედეგამდე რომ მიხვიდე, ბევრი შრომა გჭირდება. და თუ ამის შემდეგ დასახულ მიზანს მიაღწევ, დგება მაგარი სიამოვნების მომენტი. ეს მომენტი მით უფრო ძლიერია, რაც უფრო რთული იყო პრობლემა და მეტი დრო იფიქრე. ეს ერთგვარი ტვინის ნარკოტიკივითაა, თუ ერთხელ ამ პროცესს გემო გაუგე, ვეღარ დაანებებ თავს. ამჟამად სტუდენტებს არ ვასწავლი, იმიტომ, რომ ესეც მაგდებს მუშაობის რიტმიდან, თუმცა მომავალში აუცილებლად ვაპირებ საქართველოში და ესპანეთშიც სასწავლო პროცესში ჩაბმას. ახალგაზრდებთან სამუშაო პროცესში ყოფნა ისეთივე აუცილებელი პროცესია მეცნიერების კეთებისა, როგორც თავად პრობლემებზე ფიქრი და სტატიების წერა. უბრალოდ, მგონია, რომ მეცნიერმა ჯერ საკმარისი გამოცდილება უნდა დააგროვოს და მერე იფიქროს, რომ ის სხვებს გადასცეს. არაპრაქტიკოსი მეცნიერის შრომა ასეთია - არსებობს რაღაც პრობლემა, რომელიც სულ თვალწინ გიდგას და ფიქრობ, სულ ფიქრობ, როცა დრო გაქვს. ხანდახან ღამეც ვერ ახერხებ გონების გათიშვას, ღამეც ფიქრობ. ერთ-ერთი ჩემი შედეგი, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს მათ შორის, რაც გამიკეთებია, ძილის შემდეგ, ახალგაღვიძებულს მომივიდა თავში. ერთ დილასაც გავიღვიძე და მქონდა მზა იდეა, რომელიც შემოწმების შემდეგ დადასტურდა. არადა, მანამდე ერთი წელი ვფიქრობდი იმ რაღაცაზე. როცა ასეთი დაძაბული გონებრივი სამუშაო გაქვს, აუცილებელია, იპოვო რაღაც, რაც გონებას განმუხტავს. ცხელი შოკოლადი 153 ჩემთვის ეს ჩოგბურთია. ბავშვობიდან ვთამაშობ, მოყვარულთა ტურნირებშიც გამოვდიოდი ადრე.

ანა: ესენი არიან რუტინულად მომუშავე პროფესიონალები. რომლებიც წლები და წლები რაღაც პატარას აშენებენ, თითო აგურს დებენ. ხანდახან მგონია, რომ გამონაკლისები არიან, საქართველოში ასე ცოტა ვინმე თუ მუშაობს. ძალიან დიდი დისციპლინა და გამძლეობა სჭირდებათ. ამიტომაც, გარკვეული პირობები უნდა ჰქონდეთ. ვთქვათ, ვთხოვე და წავიყვანე ბაზარში, მეორე დღეს წავიყვანე ავეჯის მაღაზიაში, მერე მიქსერი გამიფუჭდა, და იქაც ვთხოვე გაყოლა. მორჩა, ნიკო ამის შემდეგ ათი დღე ამოვარდნილია სამუშაო რიტმიდან და ათი დღე ვისმენ და ვითმენ მის ბუზღუნს. ან, ვთქვათ, ვიზას როცა იღებს და იქ გაანერვიულეს - მორჩა, იბლოკება. ხანდახან მგონია, რომ ესენი ყველასაგან განსხვავებულად მუშაობენ. საქართველოში, როგორც წესი, ხდება ენერგიის უეცარი განმუხტვები, მერე მიდის ამით ტკბობა, და ელოდებიან შემდეგ ამოფრქვევებს. ამ ქვეყანაში ტიპური და გავრცელებული ფრაზაა, რომ „ოლიმპიადამდე ორი კვირა ჰქონდა და გაიმარჯვა, და დიდი დრო რომ ჰქონოდა, რას იზამდაო“. მეცნიერებაში ასე ვერ იმუშავებ, ამიტომაცაა ეს სფერო არამიმზიდველი - ძალიან მძიმე შრომას და მკაცრ დისციპლინას მოითხოვს. ვცდილობ, ნიკოს მივეხმარო და დავუბალანსო მუშაობა-დასვენების რეჟიმი. ამათი რუტინა საკვლევადაც ძალიან საინტერესოა. სულ ვაკვირდები რეჟიმს. პროდუქტი არ შეიქმნება, თუ მათ არ ექნათ რაციონალურად დაგეგმილი დრო და გარემო. მეორე მხრივ კი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, მეცნიერების ღირებულების ხელახალი აღიარება და პოპულარიზაცია საზოგადოების ცნობიერებას ნამდვილად ასწევს. აქ რომ მარტო მარკეტინგული ღირებულებები შემოვიდეს, ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ეს დაარტყამს ლიტერატურას, ხელოვნებას და უკვე დაარტყა კიდეც. ეს ენერგიების ცვლა აუცილებელია.

შარშან ნიკომ და მისმა კოლეგებმა მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარეს თბილისში. წარმომადგენლობითი კონფერენცია იყო, ბევრი საკმაოდ აღიარებული მეცნიერი ჩამოვიდა. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ კონფერენციის ორგანიზატორები ძალიან გაწვალდნენ - ორი თვე ერთი კაბინეტიდან მეორეში დაიარებოდნენ და მარტივ კითხვებზე ვერ იღებდნენ პასუხს. საქართველოში ხომ რაიმე საქმის ორგანიზება ერთი დიდი ტანჯვაა, კურიოზებიც შეემთხვათ. ამას გარდა, რადგანაც საქართველოში დღეს ძალიან გაურკვეველია მეცნიერების მომავალი, ნიკომ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს შეექმნათ რაიმე ორგანიზაცია, რომელიც მათ, ინსტიტუტის გაუქმების შემთხვევაში, უსტატუსოდ არ დატოვებდა და „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“ ჩამოაყალიბეს, მაგრამ რადგანაც საქართველოში ვერანიარი სახსრები ვერ მოიპოვეს, გერმანელ მეცნიერებს დაუკავშირდნენ და ახლა გერმანელებთან ერთად აპირებენ მუშაობის გაგრძელებას. მალე ფოლკსვაგენის ფონდში პროექტს შეიტანენ დაფინანსების მოსაპოვებლად, და რადგანაც გერმენელების მხრიდან მათი პარტნიორები საკმაოდ სერიოზული მეცნიერები არიან, ამ დაფინანსების მიღების რეალური შანსი აქვთ. ანალოგიური პროექტი აქვთ ინგლისელ მეცნიერებთანაც. ამას გარდა, თანამშრომლობენ ახალდაარსებულ „აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტთან“ თბილისში; ეს ახალი ქართულ-გერმანული უნივერსიტეტია, სადაც ახლახან ჩამოყალიბდა მათემატიკის ინსტიტუტი. ევროპული უნივერსიტეტის შესაბამისი პირობები ჯერ არ არის, მაგრამ აქაურებთან შედარებით, ნამდვილად ძალიან მაღალი დონისაა და ვფიქრობ, ჩვენი დახმარებით უფრო უკეთესი გახდებაო - ამბობს ნიკო.

ის სფერო კი, სადაც ანა მოღვაწეობს, საქართველოში ახლა იწყებს განვითარებას. ჩვენ ჯერ ისიც კი ვერ გაგვირკვევია, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს როგორ მივმართოთ. ისინი ძირითადად სახლებში არიან გამოკეტილები. თქვენ, საზოგადოება, მათ უმეტესად ვერ ხედავთო - მეუბნება ანა. მაგრამ ნელ-ნელა აქაცაა დადებითი ცვლილებები - ინვალიდობის გაგების სამედიცინო მეთოდი სოციალურით იცვლება.

ანა: რა თქმა უნდა, არის პრობლემები, თუნდაც, ტერმინით რომ დავიწყოთ. მთელ მსოფლიოში ტერმინი „ინვალიდი“ ამოღებულია ხმარებიდან, მაგრამ ამავე დროს, თუ ადამიანი გეუბნება, რომ დამიძახე რაღაც, უნდა სცე პატივი მის აზრს და სწორედ ისე მიმართო, როგორც თვითონ სურს. როცა საქართველოში დაიწერა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (ინვალიდთა) სოციალური ინტეგრაციის კონცეფცია“, მის დაწერაში თავად ინვალიდები იღებდნენ მონაწილეობას და მასში სწორედ სიტყვა „ინვალიდი“ მოიხსენიება. ისე კი, სად გადის ზღვარი შეზღუდულ შესაძლებლობებსა და შეუზღუდავს შორის? ჩემთვის ასეთი მკვეთრი ზღვარი არ არსებობს. ადამიანი შეზღუდული, შეიძლება, ბევრი რამის გამო იყოს, მაგალითად, დროის, სახსრების უქონლობის გამო. ჩვენი საზოგადოება ნორმაზეა ორიენტირებული, ჩვენ ხომ ნორმა ძალიან მოგვწონს - მე რომ სამი ყური მქონდეს, მეტყვით, რომ არანორმალური ვარ. მაგრამ თქვენ ყველას რომ გქონდეთ სამი ყური და მე ორი, მაინც მე ვიქნები არანორმალური. საწყენია, ადამიანების ხმა დღეს ჩვენთან დაკარგულია, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მათ თვითონ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრება, თვითონ იყვნენ ლიდერები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ელემენტარული პირობები არ ექმნებათ, მაგალითად, სწავლის, მუშაობის. საბჭოთა დროს თვლიდნენ, რომ ადამიანია დეფექტური, ახლა აღმოჩნდა, რომ თუ ამ ადამიანებს მაქსიმალურ შესაძლებლობას უქმნი და გარემოს ცვლი, ბევრ სფეროში შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებებს...

ანა ამბობს, რომ ძალიან უჭირს დასვენების რეჟიმზე გადართვა. ახლაც, როცა ფეხმძიმედაა, დილის 9 საათზე გეგმავს შეხვედრებს; მისი მობილური მართლა არ ჩერდება, ვიღაცას ინვალიდის ეტლი სჭირდება, ვიღაც რაიონიდანაა ჩამოსული და სასწრაფოდ სთხოვს შეხვედრას. არ იღლები-მეთქი - ვეკითხები და ეღიმება, მაშინ ნიკომ რომ მომქოქა, იმის მერე სულ მომართული ვარ, მგონი, ცოტა ზედმეტიც კი მოუვიდაო.

ანა: ნიკოსთან განსხვავებით უფრო ოპტიმისტურად ვუდგები ყველაფერს. ვარიანტი ორია. პირველი - თქვა, რომ არ გამოდის; მეორე - თქვა, არ გამოდის, მაგრამ უნდა მივაწვეთ. მჯერა, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით წარმატებულები, მარტო ჩვენს ცხოვრებას კი არა, სხვა ბევრ რამესაც დაძირავს. ჩვენ ასე ვცხოვრობთ, სხვებისაგან ცოტა განსხვავებულად, ოღონდ არ გვინდა, ამის გამო გარიყულები ვიყოთ. სულ ვსაუბრობთ და მომავალ ცხოვრებას სულ ვგეგმავთ. ასე, რაციონალური დაგეგმვით მოვედით აქამდე. ხშირად ვლაპარაკობთ იმაზეც, რას გავაკეთებთ სიბერეში. ძნელია, 19 წლისა ოჯახს რომ შექმნი, ხანდახან ვფიქრობ - აი, ოჯახი რომ არ მყავდეს, როგორ დავგეგმავდი დასვენების რეჟიმს, როგორ გავერთობოდი! მაგრამ მერე ვაანალიზებ, რომ ნიკოსგან იმხელა მხარდაჭერა მაქვს, ამას ოჯახის ტვირთი ვერ გადაწონის. ნიკო ინტელექტის ტესტებში ასიდან ასივე ქულას იღებს, მერე მე ვბრაზდები და აღარ ვკიდებ ამ ტესტებს ხელს; მაგრამ, წარმოიდგინეთ, მაინც როგორ იწევს ჩემი თვითშეფასება?! ხომ ძალიან სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ეს გვაერთიანებს - წარმატებულობაზე ორიენტირება.

15 გზად თავისუფლებისაკენ

▲back to top


ისტორია

ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

ავტორი ნინო ბექიშვილი
ილუსტრაცია ლევან მინდიაშვილი

გიორგი მაისურაძე უკვე ათი წელია ბერლინში ცხოვრობს. ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევით ცენტრში მუშაობს და ლექციებს ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში კითხულობს. თავს უკვე ბერლინელად თვლის, თბილისში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ მაინც ქართულ ნაციონალიზმს, თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსს და ქართულ კულტურას იკვლევს. ისე, ჩვენგან, გიორგი მაისურაძე, მგონი, მაინც განსხვავდება. არა მარტო იმით, რომ საინტერესო მოაზროვნეა და ორიგინალური და ცოცხალი თეორიები აქვს, არამედ, უპირველესად, საქართველოს ისტორიასთან, დღევანდელ ქართულ რეალობასთან დამოკიდებულებით. მან მოახერხა და გადალახა ბევრი კლიშე და სტერეოტიპი, რასაც ჩვენ, ჯერჯერობით შორიდან ვუვლით, ვეპარებით და საბოლოოდ, ვერ ვუმკლავდებით.

გიორგიმ ამას წინათ თბილისში ორი მოხსენება წაიკითხა, „კავკასიურ სახლშიდა ბიოლის ცენტრში. მოხსენებების თემა ქართული ნაციონალიზმის ჩამოყალიბების დინამიკა გახლდათ XIX საუკუნიდან დღემდე. ისაუბრა სეკულარიზაციის მნიშვნელობაზეც. ამ თემებზე ჩვენში, სამწუხაროდ, იშვიათად საუბრობენ. ორივე დისკუსია ძალიან ცოცხალი და საინტერესო გამოვიდა. გიორგი სწორედკავკასიურ სახლშიგავიცანი, მაგრამ ორ დღეში ბერლინში დაბრუნდა, ისე, რომ ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოვასწარით. მაგრამ ინტერნეტმა და სკაიპმაგვიხსნა“, ვისხედით ჩვენ-ჩვენ კომპიუტერებთან, ის - ბერლინში, მე - თბილისში და ვსაუბრობდით.

- ბავშვობაში სულ ზღაპრებს ვკითხულობდი, პირველივე კლასიდან დავიწყე მეზღაპრეობა და მეზღაპრის სახელიც გამივარდა - გაკვეთილი თუ არ ვიცოდი, მასწავლებლები ზღაპრებს მაყოლებდნენ. თავიდან იმათაც მოსწონდათ, მაგრამ მერე, როცა ამ ზღაპრების ინსცენირებები დავიწყე, ამას თამაშის ფორმა ჰქონდა, მასწავლებლებს აღარ მოეწონათ, ამბობდნენ, ცუდ ზეგავლენას ახდენს, ბავშვებს აგიჟებსო. იმავეს ვაკეთებდი ეზოშიც და საკმაოდ დიდხანს დავრჩი ზღაპრების სამყაროში... მთელი ბავშვობა სულ რაღაც როლებში ვიყავი, რასაც ვკითხულობდი, იმას წარმოვიდგენდი ხოლმე რეალობად... ხან ჩალმას ვიხურავდი თავზე, ხან რომაელი ვიყავი და ასე გამოწყობილი გამოვდიოდი ეზოში სათამაშოდ. ალბათ, ცოტა გიჟის შთაბეჭდილებასაც ვახდენდი. შემდეგ, გარდატეხის ასაკში, მივხვდი, რომ სხვები ასე არ იქცეოდნენ. 12 თუ 13 წლისამ გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“ წავიკითხე და ისეთი საშინელი ნაციონალისტი გავხდი, რომ მშობლები შეშფოთდნენ კიდეც. მაგრამ მალევე მომისწრო ჰიუგომ და საფრანგეთის რევოლუციამ და მერე, თვითონ შემრცხვა ჩემი ნაციონალისტური წარსულისა. ახლა რომ ვიხსენებ, სკოლის პერიოდი მაინც ძალიან მძიმე და დამთრგუნველი იყო - პიონერული და კომკავშირული ორგანიზაციები, პროპაგანდა, მუდმივი კონტროლი, მორალი. ისე, დღევანდელ საქართველოში უკვე სხვა ინსტანციები იწვევს იმავე ასოციაციებს. კარგი მოსწავლე არ ვყოფილვარ, ბევრს ვკითხულობდი და რადგანაც განათლებულად ვითვლებოდი, მასწავლებლები ანგარიშს მიწევდნენ. ისტორიკოსების ოჯახში გავიზარდე, ამ ლიტერატურაზე ხელი მიმიწვდებოდა და ისტორია კარგად ვიცოდი. ძირითადად, მაინც ისტორიული წიგნები მაინტერესებდა. 15 წლის ასაკში დავიწყე ძველი ბერძნულის სწავლა, შემდეგ ლურსმული დამწერლობა აღმოვაჩინე.

- განსხვავდებოდი შენი კლასელებისგან?

- ტრადიციულმა თბილისურმა ძველმა ბიჭობამ გვერდით ჩამიარა. არც კონფლიქტები მქონია, ჩემმა ძველბიჭმა კლასელებმა იცოდნენ, რომ მათ სფეროში არ ვიჭრებოდი და არ მეხებოდნენ. არც დავუჩაგრივარ ვინმეს, რაღაც ავტონომია მქონდა და ამ ავტონომიას ყველა ცნობდა. თანატოლებისგან ისიც განმასხვავებდა, რომ კლასიკური მუსიკა მიყვარდა და წარმოდგენა არ მქონდა პოპ-მუსიკაზე. ბუნებრივია, მესმოდა პოპიც, მელოდიები ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ვერ ვერკვეოდი, რომელი რა იყო, არ ვიცოდი. შარშან თბილისში ვიყავი, და ჩემმა თინეიჯერმა დისშვილმა ბი-ჯისის how deep is your love ჩამიწერა და ამაზე უცებ ამომიტივტივდა მთელი ჩემი ბავშვობა. ერთხელ, მახსოვს, კლასელებმა გამაშაყირეს - ვლაპარაკობდით, 100 მანეთი რომ მოგვცა, რას ვიზამდითო და მე ვთქვი - წიგნებს და ფირფიტებს ვიყიდდიმეთქი. ძალიან გაუკვირდათ, მერე თვეების განმავლობაში მიხსენებდნენ, მათთვის წარმოუდგენელი იყო.

- როდის მიხვდი, რომ საბჭოთა კავშირის გარდა, სხვა სამყაროც არსებობდა?

0x01 graphic

15 წლისა ვიყავი, როცა გავიცანი ლიზიკო ქავთარაძე, ქართველი დისიდენტი, ვინც 28 წელი პატიმრობაში გაატარა... საინტერესო ადამიანი იყო და მეც, მალე მოვექეცი მისი გავლენის ქვეშ. მიყვებოდა რობაქიძეზე, გალაკტიონზე, ტერენტი გრანელზე... 24 წლისა დააპატიმრეს და 52 წლისა გაათავისუფლეს. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატი და მარქსისტი იყო, ამბობდა, ბოლშევიკებს არაფერი აქვთ საერთო მარქსის მოძღვრებასთანო. მაშინ ამის გაგება მიჭირდა. ლიზიკოსთან ურთიერთობამ ბევრი მომცა. მანამდეც, მამაჩემს და მის მეგობრებს ვუსმენდი, მაგალითად, როცა ისინი განიხილავდნენ ფილმს „წიგნი ფიცისა“ და ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, რომ ეს ფილმი გადაიღეს. როგორც მახსოვს, მაშინ ყველაზე უსიამო ეს რეპრესიული განწყობა იყო, რომელიც გაცნობიერებული არ მქონდა, მაგრამ ნამდვილად ვგრძნობდი - გაუთავებელი აკრძალვები, დაზვერვა, მორალის კითხვა, - ძირითადად სკოლიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ლიზიკო ქავთარაძემ კალე სალიას გამოცემული „ბედი ქართლისა“ მათხოვა, რომელიც თავიდან ბოლომდე გადმოვწერე ხელით. იქ შემხვდა გრიგოლ რობაქიძის სტატიები, მათ შორის, ცნობილი ესე ქართული ცეკვის შესახებ, რომელიც მაშინვე არ მომეწონა. მერე მივხვდი, რომ ნამდვილად ფაშისტური ტექსტი იყო. თანაც რობაქიძემ ქართული, მართლაც, ცუდად იცოდა. სხვათა შორის, გერმანული არა აქვს ისეთი გადაპრანჭული, როგორიც ქართული, მაინც ნასწავლი ენაა და ფრთხილობს. თუმცა, შინაარსობრივად იგივეა. შემდეგ, გერმანიაში ვნახე მისი ბროშურები ჰიტლერზე და მუსოლინიზე - მართლა სამარცხვინო ბოდვა. შემთხვევითი არ ყოფილა რობაქიძის ფაშიზმით გატაცება. მთელი მისი შემოქმედება გაჟღენთილი იყო იმ სააზროვნო სტრუქტურებით, რაზედაც ფაშიზმი იდგა: ფსევდონაციონალური და შოვინისტური მითოლოგიით, და ყველა დანარჩენის მიმართ ზემოდან ყურებით. მახსოვს, „გველის პერანგი“ რომ წავიკითხე, ლიტერატურულ შედევრს ველოდი და ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო იქ მოსაწონი - ყველაფერი ნაძალადევი და ხელოვნური მეჩვენა. ლიზიკოც ამბობდა ხოლმე, ფაშიზმი კომუნიზმზე უარესიაო. მართლაც, ის სიბნელე, რომელიც ფაშიზმს და, განსაკუთრებით, გერმანულ ფაშიზმს ჰქონდა, არანაირ გამართლებას ან ფარდობითობას არ ექვემდებარება.

- მაშინ ფიქრობდი, რომ ისტორიკოსი გახდებოდი?

- თავიდან, მართლაც, ისტორიკოსობას ვაპირებდი, ქართველი ერის ეთნოგენეზისის შესწავლა, ძველი ისტორია, პრეისტორია, არქეოლოგია და ენათმეცნიერება მაინტერესებდა, ძველი ენების შესწავლა მინდოდა. 17 წლისა კი სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი. გავიცანი ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები დიმა მამულია, გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი კაკაბაძე, დავინტერესდი ფილოსოფიით. კაფკა და ფროიდი ჩემს მეგობრებთან ერთად ქსეროქსზე გადავიღეთ და ვკითხულობდით, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თბილისში ბეჭდური გამოცემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ჩვენთვის. ეს ის დროა, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომელიც ძალიან გვიზიდავდა ყველას და, მათ შორის, მეც. 1988 წელს გავხდი სტუდენტი და 19-20 სექტემბერს უკვე დაიწყო დიდი აქციები. პირველივე კურსიდან აღმოვჩნდი ამ მოძრაობაში და უნივერსიტეტში სწავლის ხუთი წელი მეც და ჩემმა მეგობრებმაც ქუჩაში გავატარეთ. მაშინ ყველანი ნაციონალისტები ვიყავით. ჩვენს „განაციონალისტებაში“ დიდი როლი აკაკი ბაქრაძის ლექციებმა ითამაშა. კარგად გვახსოვს მისი ბრწყინვალე რიტორიკა, პირდაპირ შემოჰყავდა და ცნობიერებაში გვიდებდა ნაციონალიზმს. მაგრამ მერე მოხდა 9 აპრილი, რამაც რადიკალურად შემიცვალა აზროვნება. 9 აპრილს, მახსოვს, დილით რომ გამოვედით სახლიდან, გარეთ საშინელი ისტერია, უძლურების განცდა იყო და ყველაფერი რელიგიურ საბურველში ეხვეოდა. ამან ძალიან უსიამო განცდა დამიტოვა. სწორედ მაშინ მივხვდი, ვერასდროს ვიქნებოდი მორწმუნე. მომეჩვენა, ძალიან ცუდი რამ იწყებოდა. მერე იყო გაუთავებელი მიტინგები და ისტერიული რელიგიური და ნაციონალისტური მოწოდებები. მივხვდი, რომ ვერ ვგრძნობდი იქ თავს კარგად, ეს ყველაფერი არ მინდოდა. მახსოვს სახალხო ფრონტის დამფუძნებელი ყრილობა, სადაც მამარდაშვილს უსტვინეს. მახსოვს, სახაროვის ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან თქვა, საქართველო პატარა იმპერიააო, ყველგან სახაროვს ლანძღავდნენ. მეც არ მომეწონა ეს ფრაზა, მაგრამ ჩემთვის სახაროვი დისიდენტობის და დემოკრატიული აზროვნების სიმბოლო იყო, უდიდეს პატივს ვცემდი და მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ვერ ვუჭერდი მხარს. რომ გარდაიცვალა, მგონი, საქართველოში ერთადერთი ნეკროლოგი ჩვენ გამოვაქვეყნეთ. იმ დროს აქტიურად ვიყავი უნივერსიტეტის პრეს-კლუბში და გაზეთის გამოცემაშიც ვმონაწილეობდი.

- როგორ ფიქრობ, რა იყო მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების მთავარი შეცდომა?

- რეალურად არ ჰქონდათ გაცნობიერებული, რისთვის იბრძოდნენ. დისიდენტობა დაყვანილი იყო ნაციონალიზმსა და რელიგიურობაზე, არ უფიქრიათ არც ადამიანის უფლებებზე და არც დემოკრატიულ ღირებულებებზე. ლიზიკო ქავთარაძე, თავის მოსწავლეებს, იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, „ბოლშევიზმოიდებს“ ეძახდა. როდესაც გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველო რაღაც ფაშისტოიდური რეჟიმის ქვეშ მოექცა. ზვიად გამსახურდიას ოპოზიციაც ძალიან ეკლექტური იყო, ისინიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, გამსახურდიასგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. გავიხსენებ ნაირა გელაშვილს - ანტიშოვინისტური თემატიკა პირველად მან შემოიტანა; ეროვნულ უმცირესობებზეც პირველად მან დაწერა. მართლა ბომბის გავარდნასავით იყო მისი სტატია „პოზიცია“, რომელიც „ქართულ ფილმში“ დაიბეჭდა, მანამდე - „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“. ეს სტატიები ძალიან დამეხმარა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეროვნულ მოძრაობას სწორხაზოვანი ნაციონალიზმითა და რელიგიურობით, ალტერნატივა ჰქონდა. მამარდაშვილის კითხვა გვიან დავიწყე, უკვე გარდაცვლილი იყო. თუმცა, მაშინვე ვიცოდი, რომ ბედნიერება იყო გვენახა და მოგვესმინა ისეთი ორიგინალური და ცოცხლად მოაზროვნე ფილოსოფოსისთვის, როგორებიც ცოტანი არიან მსოფლიოში და XX საუკუნის ერთ-ერთი ასეთი ფილოსოფოსი ნამდვილად იყო მერაბ მამარდაშვილი; მაგრამ, მეორე მხრივ, რა კვალი დატოვა, როგორ იმოქმედა მან ქართველ საზოგადოებაზე? საშინელება იყო, როცა 90-იან წლებში იუბილე გადაუხადეს - ხსოვნის საღამო გამართეს ოპერაში და ეცადნენ, მამარდაშვილი იდეოლოგიურ ჩარჩოში ჩაესვათ, ანტიზვიადიზმის მამამთავრად მოენათლათ. მამარდაშვილისთვის ხომ ზვიადიზმიც და ანტიზვიადიზმიც სასაცილო ცნებები იქნებოდა...

- და მაინც, მონაწილეობდი ეროვნულ მოძრაობაში...

- გამსახურდიას საწინააღმდეგო მოძრაობაში მართლაც, აქტიურად ვმონაწილეობდი. გასაგები იყო, რომ გამსახურდია გაიმარჯვებდა, მაგრამ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ მთელი საქართველო არ ყოფილა ზვიადისტი. 87%25 საქართველოსი ზვიადისტი იყო, ისევე, როგორც მერე გახდა შევრდნაძისტი და მიშისტი. პარადიგმები დიდად არ შეცვლილა, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში არ მომხდარა ძალაუფლების კრიტიკა. ამის საპირისპიროდ ჩვენთან ძალაუფლებისათვის იბრძოდნენ. აქ დღესაც არის რწმენა იმისა, რომ ერთი ძალაუფლება შეიძლება მეორეთი შეცვალო, ცუდი - კარგით. აქ ერთი სახის მონობა იცვლებოდა მეორე სახის მონობით. „ზვიადიზმი“ XX საუკუნის ქართული კულტურიდან ამოიზარდა და მისი ნიადაგი ქართულმა მწერლობამ და ქართულმა ჰუმანიტარულმა აზროვნებამ მოამზადა.

- როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ისე, რომ პერესტროიკის შემდეგ, მაგალითად, რუსებმა უზარმაზარი დისიდენტური ლიტერატურა გამოაქვეყნეს, ჩვენ - თითქმის ვერაფერი...

- რუსებმა ანდერგრაუნდის, კონტრკულტურის შექმნა შეძლეს. რუსულმა კულტურამ, მისმა ნაწილმა მოახერხა როგორც ძალაუფლების, ასევე რუსული ნაციონალიზმისა და შოვინიზმის უარყოფა. ქართული კულტურა კი ნაციონალიზმში ჩაიკეტა, თუ მთლიანად არა, მისი უდიდესი ნაწილი, და ნაციონალისტური ფრთა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ყველა დანარჩენი მიმდინარეობა გადაფარა და ჩაწნეხა. რუსეთში სხვა პროცესები იყო. იქ ძალიან ძლიერი ალტერნატიული კულტურა გაჩნდა. მარტო ვენედიქტ ეროფეევი რად ღირს, ბროდსკიზე რომ არაფერი ვთქვათ. ბროდსკი გააძევეს, წავიდა, მაგრამ მათ, ვინც დარჩნენ, ვლადიმირ ვისოცკიმ, ევგენი ხარიტონოვმა, ლუდმილა პეტრუშევსკაიამ და ბევრმა სხვამ საბჭოთა პერიოდში შექმნეს ძლიერი კონტრკულტურა.

ქართველებს, ზოგადად, გვიჭირს ირონიით შევხედოთ საკუთარ თავს. რაღაც დოზით იყო ეს დოჩანაშვილთან, მაგრამ სიწმინდეებს ირონიით და იუმორით რომ შეხებოდა ქართული კულტურა, ამის პრეცედენტი არ გვქონია. მახსენდება ტარიელ ჭანტურიას და ვახტანგ ჯავახაძის რამდენიმე ლექსი, მეტი არც არაფერი. მახსოვს ის უარყოფითი დამოკიდებულებაც, რაც იმავე ტარიელ ჭანტურიას მიმართ იყო, რომელმაც ქართული პოეზიის ტრადიციული პათეტიკიდან გადაუხვია და ირონია შემოიტანა. ოთარ ჭილაძის რომანებშიც, რომლებიც თავის დროზე ძალიან მომწონდა, უხვადაა ქსენოფობიური სტერეოტიპები. ბევრად უფრო ემანსიპირებული და ღირებული ქართული კინო აღმოჩნდა, რისი მიზეზიც, ერთმნიშვნელოვნად, ვგიკ-ის კოსმოპოლიტური გარემო იყო, რომელშიც მთელი 60-იანელთა თაობის ქართველი რეჟისორები აღიზარდნენ.

- მოქალაქეთა კავშირში როგორ აღმოჩნდი?

- ნამდვილი აბსურდი დატრიალდა. არასდროს მიცდია, თავი პოლიტიკოსად ან პოლიტიკაში წარმომედგინა. სულ სხვა ინტერესები მქონდა. დავიწყე ლიტერატურული ექსპერიმენტები, ვაწყობდით ლიტერატურულ სალონებს. იმ დროს დავუახლოვდი ზურაბ კიკნაძეს, ჩემს ყველაზე დიდ მასწავლებელს. მისი ხელმძღვანელბით ვწერდი სამეცნიერო სტატიებს. უდიდესი ნაწილი იმისა, რაც მისწავლია, მისგან მაქვს ნასწავლი. მასწავლებლის არქეტიპი ჩემთვის ზურაბ კიკნაძეა - მასწავლებელი, რომელიც არ გაგრძნობინებს, რომ მოსწავლე ხარ, მეგობრად გიღებს. 18 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი. ლიტერატურა და სამეცნიერო მოღვაწეობა - რეალურად ეს ორი რამ მაინტერესებდა. ისტორიასაც ნაწილობრივ დავშორდი. მთელი აქცენტი მითოლოგიის, რელიგიის, ფილოსოფიისკენ გადავიტანე. და მახსოვს სცენა - ვისხედით სახლში ზურაბ კიკნაძესთან და ტელევიზორს ვუყურებდით. ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ დროებითმა მთავრობამ შექმნა სახელმწიფო საბჭო, რომელსაც პარლამენტის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. წაიკითხეს ამ საბჭოს წევრების სია, და ამ სიაში ვიყავი მეც - 21 წლის ბიჭი… ამ დროს ჩამოვიდა შევარდნაძე საქართველოში და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ოთხი თვე დავდიოდი და ვესწრებოდი ამ საბჭოს სხდომებს, მერე წავედი ზაარბრუკენში სასწავლებლად. წელიწადნახევარის შემდეგ დავწერე სადიპლომო ნაშრომი და საქართველოში დავბრუნდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, მემუშავა კულტუროლოგიაში, რომელიც საქართველოში მაშინ არც არსებობდა. იმედი მქონდა, დაიწყებოდა უნივერსიტეტის რეფორმა. საშინელი დრო იდგა, სრული ქაოსი, არ იყო შუქი, გაზი, გათბობა, ქუჩაში სროლები, დაეცა სოხუმი, გამსახურდიას მომხრეები თბილისისკენ დაიძრნენ. მუშაობა ფილოსოფიის ინსტიტუტში დავიწყე და ამ დროს, ზურაბ ჟვანიამ მითხრა, რომ იქმნებოდა მოქალაქეთა კავშირი და მეც შემომთავაზა თანამშრომლობა. ზურაბ ჟვანიას ჯერ კიდევ სტუდენტობიდან ვიცნობდი, ვმეგობრობდით. დავთანხმდი და ასე აღმოვჩნდი მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, თავმჯდომარე შევარდნაძე იყო. ყველაფერი თითქოს სიზმარში ხდებოდა, აღმოვჩნდი იმ გარემოში, სადაც არასდროს ვყოფილვარ და ყოფნასაც ვერ წარმოვიდგენდი. ყოველთვის ქუჩაში, გარეთ, ოპოზიციაში ვიყავი და უცებ - ხელისუფლებაში აღმოვჩნდი. 1994 წლის მარტში ვაშინგტონში ვიყავით. პენტაგონში სამხედრო აღლუმი იყო შევარდნაძის საპატივცემულოდ და ჩამწკრივებულები ვიდექით ჩვენც. უცებ ისე ცუდად გავხდი, გამაცია მთელ სხეულში, დღესაც ვერ ამიხსნია - უცნაური ფსიქოსომატური მოვლენა მქონდა, ვიცლებოდი სითხისგან. ორი დღის განმავლობაში ათი კილო დავიკელი. მსოფლიო ხელისუფლების ცენტრში ყოფნამ ცუდად გამხადა, ღებინება დამაწყებინა. არადა, მოწამლული არ ვყოფილვარ. მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი. ჩავედით თუ არა ნიუ-იორკში, გადამიარა. ნიუ-იორკის სასტუმროში მივიღე გადაწყვეტილება - ნელ-ნელა უნდა წამოვსულიყავი და ამაზე მუშაობა ისეთი დესტრუქციული ფორმით დავიწყე, რომ უკან დასახევი გზა არ დამრჩენოდა. მგონი, ცოტათი გიჟის შთაბეჭდილებასაც ვახდენდი. მალევე ორი განცხადება დავწერე, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლება და მოქკავშირის სიიდან ამოშლა მოვითხოვე. ნამდვილად ვიცოდი, ჩემი ადგილი იქ არ იყო, არ მინდოდა იქ ყოფნა. ამის შემდეგ ერთი წელი სახლში ჩავიკეტე. რამდენიმე უახლოესი მეგობრის გარდა არავისთან მქონია ურთიერთობა. ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი, და კათარზისის მომენტი მქონდა, ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვთავისუფლდებოდი. რისგან ვთავისუფლდებოდი, გაცნობიერებული კარგად არ მქონია. ამ ერთმა წელმა მიშველა. ეს პირველი მძიმე დეპრესია იყო ჩემთვის. მთელი ჩემი ცხოვრების გაცნობიერება და გადაფასება მოხდა - სტუდენტობის, ეროვნული მოძრაობის, იმ შვიდი თვის.

- შევარდნაძის მმართველობა რითი იყო მნიშვნელოვანი?

- მაშინ, როცა შევარდნაძე ჩამოვიდა, მხედრიონის, გვარდიისა და ზვიადისტების ფონზე ყველაზე პროგრესული პოლიტიკოსი იყო. დღესაც მგონია, რომ იმ ქაოსის დამარცხება სწორედ შევარდნაძის მეთოდებით შეიძლებოდა. ვფიქრობ, შევარდნაძის ტრანსფორმაცია დაიწყო 1995 წელს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მმართველობა სვეტიცხოველში ინაუგურაციით დაიწყო. ეს იყო პარადიგმის შეცვლა. ეს იყო შუასაუკუნეებისკენ გადადგმული ნაბიჯი მოდერნიზებული, სეკულარული ფორმით და პერესტროიკამდელი საბჭოური გემოვნებით. და გარკვეული თვალსაზრისთ, ეს იყო იმასთან დაბრუნება, რასაც გამსახურდია და ზვიადიზმი განასახიერებდა.

0x01 graphic

- გერმანიაში წასვლა რატომ გადაწყვიტე?

- ამ დროს უკვე ბევრს ვწერდი, სტატიებს ვაქვეყნებდი, ვკითხულობდი ლექციებს. მანამდე გამოქვეყნდა „ქართლის დედაზე“ სტატია, ბოლოს პატარა წიგნი „სქესები და ცივილიზაცია“. მაშინ ფსიქოანალიზის საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას განვიცდიდი, რომელიც საკუთარი თავის გაგებაშიც უნდა დამხმარებოდა. ბერლინში სტიპენდია მივიღე და ერთი წლით წავედი. სტიპენდია რომ დამიმთავრდა, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი. აქ ასე ჩამოსული უცხოელი მარტივად ვერ იშოვის სასურველ სამუშაოს. არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. თავი რომ მერჩინა, ფიზიკურად უნდა მემუშავა. რთული იყო ამის მიღება, მე ხომ ფიზიკური შრომის არანაირი გამოცდილება არ მქონია. ბრძოლა მიწევდა საკუთარ თავთან, საკუთარ სნობიზმთანაც, და ზოგადად, იმ სოციალურ სნობიზმთან, რომელიც ქართველებს დღესაც გვაქვს. ამას თან ახლდა ერთგვარი ტკბობაც, რამდენად შეიძლება დაუპირისპირდე საკუთარ წარსულს და საკუთარ ბიოგრაფიას. სოციალური ცნობიერება რეალურად ამ სამუშაო გამოცდილების შემდეგ გამიჩნდა. მახსოვს, 1998 წელს 6 მაისს 30 წელი შესრულდა 68 წლის ამბოხებიდან. თბილისში მოვაწყვეთ აქცია, გვინდოდა გვეთქვა, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ალტერნატივა, რომ ჩვენთვის ღირებულია ის იდეალები, რომლებიც 68 წლის მოძრაობას და მემარცხენეებს ჰქონდათ. რეალურად რაზე იყო საუბარი, ბერლინში ვიგრძენი, როცა თავად ვიყავი მშრომელი კლასის წარმომადგენელი. 5 წელი „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტად ვმუშაობდი, მაგრამ ამ ფულით თავს ვერ ვირჩენდი, ამიტომ მიწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ბერლინის ერთ-ერთ ლიტერატურულ კლუბში, ბარში დავიწყე ბარმენად მუშაობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. ჯერ ერთი, გავიცანი ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. მეორეც, ფიზიკური შრომის გამოცდილება მივიღე. ძალიან ბევრი მაგალითი მამხნევებდა. ჯერ კიდევ თბილისში ვიცოდი, რომ ვიტგენშტაინს, უკვე მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსი როცა იყო, უნდოდა გამხდარიყო მუშა. ესეც ჩემი ინტელექტუალური სნობიზმი იყო, - ვიხსენებდი, როგორ მუშაობდა თ.ს. ელიოტი ფოსტის კურიერად. მახსენდებოდა თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დრამატურგი სარა კეინი, რომლის არსებობაც ბერლინში გავიგე. ახალი აღმოჩენილი მყავდა ეს ავტორი, როდესაც თავი მოიკლა. წავიკითხე მისი ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ მუშაობდა ოფიციანტად, მიუხედავად იმისა, რომ მისი პიესები იდგმებოდა, მაგრამ ეს ფული არ ჰყოფნიდა. მიუხედავად ჩემი მემარცხენე განწყობისა, ეს ყველაფერი ჩემთვის იოლი არ ყოფილა.

ამ დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ გავაცნობიერე: არ არსებობს თავისთავად პრესტიჟული და არაპრესტიჟული სამუშაოები, - ასეთი კრიტერიუმები სოციალური სნობიზმის პროდუქტია. საუბარი შეიძლება სამუშაოს კომფორტულობასა და არაკომფორტულობაზე იყოს. ყოველი ჩვენგანი ყიდის იმას, რაც შეუძლია, იქნება ეს ფიზიკური ძალა, ინტელექტი თუ საკუთარი სხეული. გაჭირვების წლები ჩემთვის შემოქმედებითად საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმ პერიოდში სამმა ავტორმა მომცა ძალა. ანტონინ არტომ, ნიცშემ და მამარდაშვილმა. მამარდაშვილის სამყაროში პირველად სწორედ ბერლინში, მარტოობისა და უსახსრობის პირობებში შევედი. ეს ნაყოფიერი დრო იყო, ძალიან ბევრი დრო მქონდა ფიქრისა და ღირებულებების გადაფასებისათვის. იძულებულიც ვიყავი მეფიქრა და მეაზროვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავნადგურდებოდი - ფსიქიკურადაც და მორალურადაც. მერაბ მამარდაშვილს რომ აქვს, როცა ვარდები რაღაც მდგომარეობაში და იძულებული ხარ, სულიერი ძალისხმევით იმოქმედო, დაახლოებით ამგვარი რამ გამოვცადე მაშინ, საკუთარ სხეულზე ვიწვნიე რა არის სოციალური სამართლიანობა თუ სოციალური უსამართლობა. ძნელი იყო, მაგრამ ამის გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდი და სალონური ტიპის მემარცხენე მოაზროვნედ დავრჩებოდი.

- მემარცხენეობით გერმანიაში დაინტერესდი?

- არა, ჯერ კიდევ თბილისში, 1968 წლის ამბოხების შესახებ ბევრს ვკითხულობდი. ამას მოჰყვა მარქსის კითხვა. დავფიქრდი იმ სტერეოტიპებზე, რომლებზეც ადრე, თუნდაც იმიტომ, რომ სსრკ-ში დაბადებული და გაზრდილი ვიყავი, არ მიფიქრია. არ იყო იოლი მემარცხენეობასთან და მემარცხენე დისკურსის ყველაზე დიდ წარმომადგენელთან, კარლ მარქსთან დაკავშირებული სტერეოტიპების გადალახვა. ვკითხულობდი ფრანგ პოსტსტრუქტურალისტებს, მაინტერესებდა პაზოლინი და ვისკონტი. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ისინი ყველანი გარკვეული დროით კომპარტიის წევრები იყვნენ და ერთმნიშვნელოვანი იყო მათი მემარცხენე პოზიცია. ბუნებრივია, იყო მიბაძვის მომენტიც. და მაინც, ეს ყველაფერი თბილისში ძალიან სალონურ-ინტელექტუალურ დონეზე რჩებოდა. ყველაფერი საკუთარ თავზე სწორედ ბერლინში გამოვცადე. უცხოელი ხარ, უცხო ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი, ეწევი ფიზიკურ შრომას, თუნდაც იმავე გერმანიაში, რომელიც სოციალურად ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფოა, და სოციალური დაცვის უამრავი მექანიზმი მუშაობს, და მაინც ხედავ, რამხელა დისკრიმანაციაა. მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, იფიქრო და იბრძოლო სოციალური სამართლიანობისათვის. პირველი დიდი მემარცხენე სახელმწიფოები, რომლებიც XX საუკუნეში გაჩნდა, ვგულისხმობ 20-იანი წლების დამდეგის ვაიმარის რესპუბლიკას და საბჭოთა რუსეთს, სტალინიზმის გაჩენამდე, გამორჩეული იყო ემანსიპატორული პოლიტიკით. საბჭოთა კავშირის მიმართ ძალიან რთული დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ თუ კარგად ჩავეძიებით 20-იანი წლების საბჭოთა რუსეთის პროცესებს, დავინახავთ, რამხელა წინგადადგმული ნაბიჯები იყო, თუნდაც, ქალთა ემანსიპაციის თვალსაზრისით. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, რომელიც დღემდე საკულტო ფიგურადაც კი აღიქმება დასავლეთში, ალექსანდრა კოლონტაი, სწორედ საბჭოთა რუსეთში მოღვაწეობდა. გერმანიაში ეს დამთავრდა 30-იან წლებში ჰიტლერის დიქტატურის დამყარებით და საბჭოთა კავშირში - 20-იანი წლების ბოლოს, სტალინის დიქტატურით. აღსანიშნავია ისიც, რომ 20-იანი წლების საქართველოც ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული ქვეყანა იყო მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ საამაყოც კია საქართველოს ისტორიაში ასეთი ინტერმეცოს არსებობა. ის ბრალდებები, რომ მათ ვერ დაიცვეს ქვეყანა ბოლშევიკების აგრესიისგან, აბსურდულია. მაშინ მეთერთმეტე არმიას ვერავინ აღუდგებოდა წინ. სამწუხაროდ, აქედან გამოცდილება არ გამოგვიტანია. იმდენად ფრაგმენტული და მოკლევადიანი იყო, რომ ჩამოყალიბება ვერ მოასწრო, მაგრამ სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკა მაშინდელ მსოფლიო სტანდარტების დონეზე იყო და რომ დასცლოდათ, შეიძლება, საქართველოს რესპუბლიკა უნიკალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო, ემანსიპაციაზე და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ქვეყანა ყოფილიყო.

- რატომ არ არის საქართველოში დღეს პოპულარული მემარცხენე იდეები?

- ორი მიზეზის გამო. ერთი იმიტომ, რომ საბჭოთა სისტემამ მთელ მსოფლიოში, და განსაკუთრებით, პოტსაბჭოთა ქვეყნებში მოახდინა მემარცხენეობის სრული დისკრედიტაცია. როდესაც იწყება მემარცხენეობაზე საუბარი, იგივდება საბჭოთა სისტემასთან, რაც შეცდომაა, იმიტომ, რომ მარქსიზმთან და მემარცხენეობასთან საერთო სტალინის საბჭოთა კავშირს არაფერი ჰქონდა. მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან სუსტია სოციალური ცნობიერება. ჩვენში ბოლო 20 წელია გამოსვლები ერთი და იმავე ლოზუნგებითაა და ერთი და იმავე ფორმებით, თითქოს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, არანაირი გამოცდილება არ მივიღეთ. ისევ იმ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას არანაირად არ ეხება. ხალხის სოციალური მდგომარეობისათვის ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი ეკლესია აშენდება და მონარქია იქნება თუ არა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოციალურად დაუცველია და ამის თემატიზაცია რომ მოხდეს, სოციალური ცნობიერების განვითარება და გარკვეული სოლიდარობის გრძნობაა საჭირო, რისი უზარმაზარი დეფიციტიცაა საქართველოში. წარმოვიდგინოთ, რომ ვიღაცას ჩაგრავენ, ამას ჩვენ ვუყურებთ და არ ვღელავთ. ამას წინათ „წითელ ზონაში“ აჩვენეს ფრაგმენტი „რუსთავი 2“-ის რომელიღაც რეალითი-შოუდან, სადაც პატარა ბიჭს პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენეს, შოუდან გააძევეს, აატირეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მან განაცხადა, რომ ჰომოსექსუალია. ამ ფრაგმენტის ყურებისას საბჭოთა კავშირი გამახსენდა. ეს იყო ადამიანის საჯარო დისკრიმინაცია, მისი ღირსების ფეხქვეშ გათელვა, თავისი არსით ნამდვილი სტალინიზმი. არაფერს ვაკეთებთ, როდესაც ვხედავთ უსამართლობას. გაჭირვების წლებში ვიღაცა ვიღაცას ეხმარებოდა და ამით გადარჩა ხალხი შიმშილობას, მაგრამ სოლიდარობის გრძნობა ამის იქით აღარ წასულა. არაა მსჯელობა იმაზე, რომ შეიქმნას გარკვეული სისტემა. სოციალური სისტემა არ შეიქმნება თუ არ გავითვალისწინებთ მემარცხენე პოლიტიკური დისკურსის ფართო სპექტრს, რომელიც, პირველ რიგში სწორედ ემანსიპაციას, გარკვეული სტერეოტიპებისგან განთავისუფლებას ეფუძნება. ქართული საზოგადოება გამომწყვდეულია ტოტალიტარულ სტერეოტიპებში, რომლებიც თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგაა მიმართული. ყველაზე დიდ აგრესიას განსხვავებული აზრის ან ცხოვრების სტილის, ინდივიდუალური სახის ქონა იწვევს. ასეთი ურთიერთობების მსხვერპლი თანაბრად არიან ქალებიც და მამაკაცებიც, რომლებიც რომელიღაც აბსურდული ტრადიციის მიერ გამოგონილ და მათზე თავსმოხვეულ როლებს ასრულებენ. აგრესიული და ავტორიტარი მამაკაცი ისეთივე საცოდაობაა, ისეთივე არათავისუფალი და არასრულფასოვანია, როგორც სამზარეულოში გამომწყვდეული ქალი. სანამ ჩვენი ცნობიერებიდან ტერმინები „ბოზი“ და „პიდარასტი“ არ გაქრება, ჯანსაღ და ცივილიზებულ საზოგადოებაზე ოცნებაც კი ზედმეტია. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობაში არის გარკვეული დაუკმაყოფილებლობა იმით, რასაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი გვთავაზობს.

- ვიცი, რომ 6 წლის განმავლობაში არ ჩამოსულხარ საქართველოში. რატომ?

- არ მინდოდა ჩამოსვლა. გერმანიაში ყოფნისას, სიმარტოვის და გაჭირვების პერიოდში, განცდა მქონდა, რომ დაბინძურებული ვიყავი, შეიძლება, ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება მქონდა და ვაზვიადებდი კიდეც, მაგრამ იყო რაღაც ტრავმები, რომელებიც უნდა გადამემუშავებინა, გადამეხარშა, რომ უკან ჩამოსვლა შემძლებოდა. საკუთარი თავის კორუმპირებულობის განცდა მქონდა. ვერ ვთავისუფლდებოდი ურთიერთობის იმ ფორმებიდან, რომელიც საქართველოში მიღებულია და რომლის თანამონაწილეც მეც ვიყავი. როცა ვერ ბედავ ბოლომდე ღია იყო, ბოლომდე თქვა სიმართლე. აქ ყველაფერი დაიყვანება იქამდე, რას იტყვის ვიღაც. რაც იტყვის ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი. პრობლემა ჩემში იყო, მე რამდენად ვიყავი გათავისუფლებული შინაგანი კორუფციისაგან. სწორედ ამ ტიპის სტრუქტურა მხდიდა კორუმპირებულს. რაღაცას ამბობ, ამბობ კრიტიკულ აზრს, მაგრამ ის იყო მაინც ნახევარი სიმართლეები, ვერ ვბედავდი ბოლომდე სიმართლის თქმას, ანგარიშს ვუწევდი ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. 2005 წელს რომ ჩამოვედი, გარეგნულად საკმაოდ შეცვლილი დამხვდა ბევრი რამ, მაშინ დავიწყე ფიქრი იმაზე, რამდენადაა რეალურად შეცვლილი ყველაფერი. და ამ გარეგნული ფასადის უკან, უწყვეტი ჯაჭვი დავინახე იმ პროცესისა, რომელიც დაიწყო ჩემი სტუდენტობის დროს, ეს ჯაჭვი არც გაწყვეტილა და არც დამთავრებულა. რეალურად პარადიგმის შეცვლა გამსახურდიას, შევარდნაძესა და სააკაშვილს შორის არ მომხდარა. თუმცა, მცდელობა იყო. „თავისუფლების ინსტიტუტი“ შევარდნაძის დროს რევოლუციური ორგანიზაცია იყო და, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ ჰქონდათ შანსი, რაღაც შეეცვალათ. მაგრამ „თავისუფლების ინსტიტუტმა“ დაკარგა ეს რევოლუციურობა და ამით დაიკარგა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ის ყველაზე ძლიერი ჩანასახიც, რომელიც ჩვენში არსებობდა. ეს იყო უზარმაზარი დარტყმა სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ეს იყო ამ ჩანასახის ერთგვარი აბორტი.

- ფრანგი პოსტსტრუქტურალისტები ახსენე...

- 90-იან წლებში დავიწყე ფრანგი პოსტსტრუქტურალისტების ტექსტების კითხვა, ბართის, ფუკოსი და დელიოზის. ფუკოსთან მთავარი თემაა ძალაუფლების კრიტიკა, მისი ცნობილი ფრაზაა - არ შეაყვარებინო თავი ძალაუფლებას. ამ ფრაზის გაგებისათვის მე რამდენიმე წელი დამჭირდა. გასაღები აღმოჩნდა ანტონინ არტოს წიგნი, რომის იმპერატორ ჰელიოგაბალზე, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში მართავდა რომის იმპერიას. არტო აღწერს, რომ იმპერატორი გამოდიოდა ქუჩაში და ყველაზე დაბალ ფასად ეწეოდა საკუთარი სხეულით პროსტიტუციას. ამას რომაელი ისტორიკოსები მის ავხორცობას მიაწერდნენ. ანტონინ არტო კი თვლის, იმპერატორი ამ საქციელით შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა იმპერატორის ღვთაებრიობის იდეას და ძალაუფლების ღვთაებრიობას ფეხქვეშ თელავდა. ამ პერსპექტივით თუ შეხედავ, მთელი ის ხიბლი და მაგია, რომელიც ხელისუფლებას და ძალაუფლებას აქვს, ამით ნადგურდება, ხიბლს კარგავს, ხელისუფლებაც და მისი მატარებლებიც, რომლებიც ამ ძალაუფლების ინსცენირების ხარჯზე ღვთაებრივ რანგში, ზეადამიანებად წარმოგვიდგებიან. ყველაზე ცნობილი მაგალითი ავიღოთ, სტალინი, რომელსაც ბოროტი გენიის სახელი აქვს. რა არის მასში გენიალური? ის, რომ შეძლო ხალხის დაშინება და მოაწყო ტერორი? დაშინების მეთოდით შექმნა საკუთარი თავის კულტი? რაც გვხიბლავს და რისი აღიარებაც ზოგჯერ გვიჭირს, ესაა, რომ მათ ამხელა ძალაუფლება ჰქონდათ. რა დარჩა ამ ძალაუფლებიდან? არაფერი, გარდა მითებისა და ზღაპრებისა. ჰანა არენდტს, გერმანელ ფილოსოფოსს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი ბოროტების ბანალურობის შესახებ. არენდტი აღწერს აიხმანის პროცესს; აიხმანი ნაციონალ-სოციალისტი ფუნქციონერი იყო და ჰიტლერის რეჟიმის დროს ებრაელების დეპორტაციას ხელმძღვანელობდა. შემდეგ ის გაასამართლეს და პროცესზე წარმოადგინეს, როგორც დემონი. არენდტს სასამართლოს დროს სიცილი აუტყდა. აიხმანი რეალურად ერთი პრიმიტიული არსება იყო, და სისულელეებს ბოდავდა. ჰანა არენდტი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხორცშესხმულ ბოროტებად წარმოგვიდგებიან, ძალიან ბანალურები არიან, რამდენადაც თავად ბოროტებაა ბანალური. ძალაუფლების მატარებელი ადამიანები, მათ თავიანთი სფერო აქვთ, მაგრამ მათი წარმოდგენა, როგორც გიგანტების, შეცდომაა, და ჩვენი არათავისუფალი სააზროვნო სტერეოტიპისგან გამომდინარეობს. პოლიტიკოსები, როგორც წესი, საშუალო გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანები არიან, რომლებსაც ბევრი არ უნდა მოვთხოვოთ. დემოკრატიულ ქვეყნებში მათ პროფესიონალი მრჩევლები ჰყავთ, და აქვთ იმის უნარი, რომ ამ მრჩევლებს ყური დაუგდონ. მაგალითად, თბილისის ფორუმზე რეიგანს ახსენებენ, როგორც გიგანტურ მოვლენას, მესიას, რომელმაც დაანგრია საბჭოთა კავშირი და გაგვათავისუფლა. ასეთი ლოგიკა არა მხოლოდ ისტორიის არცოდნითაა გამოწვეული, არამედ პიროვნების კულტის ცნობიერების ნიმუშიცაა. საქართველოში მთელი ამ წლების განმავლობაში არ მომხდარა ძალაუფლების კრიტიკა, ქართულ ანტისაბჭოთა მოძრაობას არ გაუკრიტიკებია ძალაუფლება. ჩაგვრის პრინციპისთვის რომ შეგვეხედა კრიტიკულად და თვითონ ძალაუფლება რომ დაგვაყენებინა ეჭვქვეშ, ეს არ მომხდარა. თუმცა, დასავლეთშიც, ძალაუფლების კრიტიკა ყველაზე მასშტაბურად 60-იან წლებში დაიწყო და მიმართული იყო არა კერძო პერსონიფიცირებული ძალაუფლების წინააღმდეგ, არამედ, ზოგადად ძალაუფლების ფენომენი იქცა კრიტიკის ობიექტად. ფუკო როცა ამბობდა - არ შეაყვარებინო თავი ძალაუფლებას, არ აცდუნებინო მას თავი, სწორედ ძალაუფლებისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას და მისგან გამიჯვნას გულისხმობდა. ძალაუფლება ჩვენს ინსტუმენტალიზაციას ახდენს და საკუთარ თამაშის წესებს გვახვევს თავზე. ეს გარკვეულწილად კორუფციაა, მთელი ჩვენი ცხოვრება ხდება მომართული იმისკენ, რომ ჩავერთოთ ამ თამაშში, სადაც უმნიშვნელოვანესი იდეალები იკარგება. ეს იდეალები არის სწორედ ის, რისი საშუალებაც ძალაუფლება უნდა იყოს, სწორედ საშუალება და არა მიზანი.

გეთანხმები, მაგრამ ქართულ საზოგადოებას, მაშინაც და დღესაც სხვა პრობლემები ადარდებდა. როგორ ფიქრობ, რატომ?

- ვილჰელმ რაიხი, ერთ-ერთი პირველი ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც გერმანული ფაშიზმის კვლევა დაიწყო, მივიდა დასკვნამდე, რომ ეს სისტემა, ფაშიზმი, ბიურგერულმა ოჯახმა წარმოშვა. მისი აზრით, სწორედ ოჯახი იყო იმ ტოტალიტარიზმის საწყისი, რომელიც შემდგომში გერმანიაში გაჩნდა. იგივე პრობლემა ჩვენთანაც დგას. ქართული ოჯახი ინდივიდუალიზმის წაშლის აკვანია. ჩვენთან იმდენადაა მშობელი და შვილი ერთმანეთზე გადაბმული, რომ ადამიანის ინდივიდად დაბადება თითქმის ვერ ხერხდება. ადამიანი აქ რაღაც შუა ეტაპია საგვარეულო ჯაჭვისა, რომელიც იძულებულია მთელი ცხოვრების განმავლობაში შვილის როლი მოირგოს - მშობლის ნება-სურვილზე იაროს. მშობლის უკან კი მთელი ნათესაობა და წინაპრები დგას და მოიაზრება. ჩვენ საკუთარი ნების მიხედვით კი არ ვცხოვრობთ, არამედ, წინაპრების სურვილებს ვასრულებთ. ადგილი საკუთარი თავისთვის, ინდივიდის დასაწყისისათვის აღარ გვრჩება. მშობლების მხრიდან ეს, ბუნებრივია, სიყვარულის სახელით კეთდება და გვავიწყდება, რომ სიყვარული, რომელიც ძალადობას ეფუძნება, უკვე აღარაა სიყვარული. მშობელი შვილს თვისუფლებას არ აძლევს, ვერ ეგუება იმას, რომ შვილმა ცხოვრება ისე მოაწყოს, როგორც სურს. ისეთი უნდა იყო, როგორიც მინდა მე, მშობელს! შვილის აზრს, თუნდაც, მის სურვილებს ქართველი მშობელი ვერ აღიქვამს და ჰგონია, რომ შვილის სიყვარული ამ ძალადობის უფლებას აძლევს.

ოჯახში არსებული ძალადობა, ზოგადად, უნივერსალური ფენომენია და, განსაკუთრებით, არაემანსიპირებული საზოგადოებებისთვისაა დამახასიათებელი. ეს მოდელი შემდეგ ბუნებრივად ვრცელდება მთელ საზოგადოებაზე და სწორედ ამის ბრალია, რომ საქართველოში ინდივიდუალიზმისა და ტოლერანტულობის დეფიციტია. 1968 წლის მეამბოხეები სწორედ არათავისუფალი ოჯახური ურთიერთობების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ამ მოძრაობამ, რომელმაც შემდეგ მთელი დასავლური საზოგადოება მოიცვა, ბევრი რამე შეცვალა. 1996 წელს დავწერე სტატია ქართლის დედაზე, მინდოდა მეჩვენებინა, რადგანაც თავად ქალია არათავისუფალი, მას მთელი თავის არარეალიზებულობა, არაემანსიპირებულება საკუთარ შვილზე გადააქვს და მის დათრგუნვას ცდილობს ისევე, როგორც თვითონაა დათრგუნული. შვილის „კასტრაცია“ იწყება ოჯახში და, უპირველესად, სწორედ დედისგან. თუნდაც ის ხატება, რომელიც ილიამ შექმნა ქართვლის დედის სახით - შემზარავი ხატებაა. ქალი, რომელიც შვილს მსხვერპლად ბადებს, ბადებს იმიტომ, რომ რაღაცას ან ვიღაცას უნდა შეეწიროს. ეს მოდელი ილიას არ მოუგონია. ეს ქართულ კულტურაში, არათავისუფალი საზოგადოების საფუძველში დევს...

ქსენოფობია და უცხოსადმი სიძულვილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს, საწყისს ქართული ოჯახიდან იღებს. ტრადიციული ქართული ოჯახისათვის მიუღებელია უცხო და განსხვავებული, ყველაფერი, რაც არ თავსდება დახურულ ოჯახურ ტრადიციაში. თუ შვილი არ არის ისეთი, როგორიც მშობელს უნდა, უკვე ავტომატურად, უცხო ხდება. ეს ლამის კატასტროფას ქმნის, ოჯახური ტრაგედიის საფუძველი ხდება. აუცილებელია ამ მხრივ რაღაც შეიცვალოს: შვილი, რომელიც გაიზრდება, უნდა წავიდეს ოჯახიდან, უნდა იმუშაოს, გაიჭირვოს, ფიზიკურად იშრომოს და მშობლებზე დამოკიდებული ნაკლებად იყოს.

ქართული საზოგადოების ავტორიტარულობა ბოლო წლებში კარგად გამოჩნდა ისეთ ზედაპირულ ფორმებში, როგორიცაა ძეგლთაყვანისმცემლობა და ქუჩების სახელები. ესაა ადამიანის კულტის შექმნა სხვადასხვა სიმბოლური ფორმით. ესეც კულტურაში დევს და ეს არაა შემთხვევითი. ასე გაჩნდა ზვიადის კულტი, შევარდნაძის კულტი, სააკაშვილის კულტი. თუმცა, შევარდნაძე თვითონ იყო გაცილებით უფრო ემანსიპირებული, ვიდრე გამსახურდია და სააკაშვილი, მაგრამ ისიც იმავეს აკეთებდა. გავიხსენოთ, როდესაც შევიდა გზად თავისუფლებისაკენ 156 ცხელი შოკოლადი სააკაშვილი პარლამენტის შენობაში და შევარდნაძის ჩაი დალია. ეს არ მომხდარა შემთხვევით, ეს ძლიერი სიმბოლური ჟესტია, ესაა გარკვეული ლეგიტიმაციის მიღება წინამორბედისგან. ოღონდ ლეგიტიმაციის ძალიან არქაული ფორმაა. დღეს პოლიტიკოსთა უმეტესობა იდეალად დავით აღმაშენებელს და მის სახელმწიფოს გვისახავს. XII საუკუნის მეფე, შუასაუკუნეების დესპოტური ტიპის ხელისუფალი, დავით აღმაშენებელი, არანაირად არ შეიძლება XXI საუკუნეში იდეალად და სიმბოლოდ ვაქციოთ. ბოლოს და ბოლოს, რა სახით უნდა იყოს იდეალი? - მეზობელი ქვეყნების დაპყრობები დავიწყოთ თუ პრეზიდენტებს გადადგომის წინ აღსარებები დავაწერინოთ? XXI საუკუნეში XII საუკუნის მოდელის იდეალიზაცია პოლიტიკური აზროვნების სრულ დეფიციტსა და დეგრადაციაზე მეტყველებს.

- მითხარი, რომ ცოტა ხნით გინდა დაბრუნდე საქართველოში... ქვეყანაში შეიცვალა რამე თუ შენში?

- ვფიქრობ, შევიცვალე და ამ 10 წელიწადს აღვიქვამ, როგორც პიროვნული ტრანსფორმაციის წლებს. კონკრეტულად არაფერს ვგეგმავ, მაგრამ ასეთ შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. მერე რა, რომ დღევანდელ საქართველოში რელიგიური ფუნდამენტალისტები და ნაციონალისტები მძვინვარებენ. ეს ფაქტია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ, რომ მათი არ გვეშინია. შეგვიძლია, ალტერნატივა შევთავაზოთ. არ ვგულისხმობ რაიმე ახალი პარტიის შექმნას. აუცილებელია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას. დღეს არსებული ყველა პარტიის პოზიცია ერთნაირად რეგრესული მგონია. 26 მაისს ოპოზიციის დიდი დემონსტრაცია ვნახე, ვუყურებდი და თავი გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მეგონა. ისევ „ჯოს“ ძახილი იყო. როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში დრო არ იძვრის, 80-იანი წლების ბოლოსაა გაყინული. კიდევ უფრო გააქტიურდა შუასაუკუნეების ცნობიერება. გვაქვს რაღაც უცნაური ჰიბრიდი - XIX საუკუნის ნაციონალიზმი შერწყმული შუასაუკუნეების რელიგიურობასთან. საქართველოში ბოლო წლებში თავად ეკლესიის სეკულარიზაცია მოხდა. დღეს ეკლესია რასაც იძლევა, ეს სულიერების ფასტ-ფუდია. ჩვენთან რეალური სულიერების დეფიციტია და ეს ეკლესიის გაძლიერებას უწყობს ხელს. ადამიანი კულტურისგან ამ სულიერებას ვერ იღებს, მიდის ეკლესიაში და იქ მიღებული სუროგატით ცდილობს თავის მოტყუებას. ეკლესიის მეთაურმა ილია II სწორედ ეკლესიის სეკულარიზიციის ხარჯზე და მისი შერწყმით ნაციონალიზმთან შექმნა რაღაც ახალი ტიპის რელიგია, რომელიც განსხვავდება კლასიკური ტიპის მართლმადიდებლობისგან. ისეთი ფორმულები, როგორიცაა „ზეციური საქართველო“, „საქართველო გაბრწყინდება“, „საქართველო აღსდგა“ - ასეთი ჰიბრიდულობის გამოხატულებებია. მართმადიდებლობა მიდრეკილია ნაციონალიზმისაკენ. Una sancta - ერთი და მთლიანი, ზენაციონალური ეკლესია, მარტო კათოლიციზმშია. აღმოსავლურ ქრისტიანობაში ეკლესია ყოველთვის სახელმწიფოს და ხელისუფლების იდეოლოგიური ინსტრუმენტი იყო. არაა შემთხვევითი, რომ ბოლშევიზმი მართლმადიდებლურ რუსეთში წარმოიშვა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ეკლესიამ დაიკავა ის ადგილი, ჩაენაცვლა იმ იდეოლოგიურ ვაკუუმს, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის გაქრობის შემდეგ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩნდა. საბჭოთა პერიოდში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთგული იყო იმ იდეებისა, რასაც მათ საბჭოთა პროპაგანდა აწვდიდა. ეკლესია ჩაენაცვლა ამას, ისაა მორალური ავტორიტეტი, ერევა მედიის საქმიანობაში, ცდილობს ცენზურა შემოიღოს, აკონტროლოს, დააწესოს შეზღუდვები. თუკი ადრე პარტმუშაკები გვკარნახობდნენ ცხოვრების წესებსა და ნორმებს, დღეს მათი ადგილი სამღვდელოებამ დაიკავა. პრინციპი კი უცვლელი დარჩა. ეკლესია შევიდა სკოლაში და ეს ფორმა ბევრად უფრო ანაქრონულია, ვიდრე საბჭოთადროინდელი აკრძალვები. მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგიასთან შედარებით, საბჭოთა იდეოლოგია უფრო ემანსიპირებული იყო. მაგალითად, არ მოითხოვდა, გოგონებს თავსაფარი დაეხურათ ან კოჭებამდე კაბა ცმოდათ და არც პრეზერვატივების გავრცელებას ზღუდავდა. დღევანდელი ქართული ეკლესია საბჭოთა მენტალობის რეანიმატორიუმია, სწორედ აქაა სტალინური ყაიდის ტოტალიტარული ცნობიერება დაკონსერვებული, რომელიც სრულიად აგრესიული ფორმით ყოფაცხოვრების ყველა სფეროს დაპყრობას და გაკონტროლებას, ადამიანების ფსიქიკურ მანიპულაციას ცდილობს. საქართველოში, ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, არ მოხდა დასავლური ღირებულებების შემოსვლა და დამკვიდრება, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლური სახელმწიფოს აშენება უნდათ, დასავლეთი მხოლოდ ეკონომიკურ კეთილდღეობად წარმოუდგენიათ, სხვას ვერაფერს ხედავენ. თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ცენტრში ადამიანის უფლებები, უმცირესობების თანასწორუფლებიანობა, სოციალური სამართლიანობა დგას. დემოკრატიული სახელმწიფო ლაიცისტურია, რაც სახელმწიფოს ეკლესიისგან გამიჯვნას გულისხმობს. ქართველი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი კი აგრესიული ნაციონალიზმისა და ლამის რელიგიური ფუნდამენტალიზმის პროპაგანდას ეწევა. ასეთ ვითარებაში არ უნდა გაგვიკვირდეს თუკი ევროკავშირი ან ნატო საქართველოს საკუთარ სტრუქტურებში ინტეგრაციას არ ჩქარობს. აგრესიულმა ნაციონალიზმმა და შოვინიზმმა აფხაზეთის ტრაგედიამდე მიგვიყვანა. როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ვლაპარაკობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ „დაკარგულ ტერიტორიებზე“ ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც 1992 წელს შეიარაღებული ქართველები სახლებში შეუვარდნენ და დაწიოკება დაუწყეს. ეს ფაქტია, როგორი მძიმეც უნდა იყოს ამისი აღიარება და ამ სამარცხვინო ლაქას ყველაფრის რუსეთზე გადაბრალებით ვერ წავშლით. სისხლიან კონფლიქტებს წინ უძღოდა ანტიაფხაზური და ანტიოსური კამპანიები, როდესაც ქართველი პოლიტიკოსები თუ ისტორიკოსები აფხაზებს და ოსებს გადამთიელებსა და ჩამოთრეულებს უწოდებდნენ. საქართველოს გამთლიანება ჩვენ ცნობიერებაში უნდა დაიწყოს, ეთნოცენტრისტული შოვინიზმის გადალახვითა და იმის აღიარებით, რომ აფხაზებიც და ოსებიც საქართველოს არა „სტუმრები“, არამედ ორგანული, მკვიდრი და თანასწორუფლებიანი მოსახლეობაა. გამბედაობა საკუთარი შეცდომისა და დანაშაულის არიარება, ბოდიშის მოხდაა და არა მუქარა. სწორედ ესაა დასავლური ღირებულებები და არა პრომეთეს ძეგლი ან საკუთარი უძველესი ევროპელობის მტკიცება. გავიხსენოთ, ბუში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებამ მისი სახელი ქუჩას დაარქვა. ეს ძალიან სიმპტომატური ჟესტია და კარგად გვიჩვენებს, თუ როგორი ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს ამერიკასა და, ზოგადად, დასავლურ ღირებულებებზე. ეს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ჟესტია, სრულიად ავტორიტარული და სტალინისტური შინაარსის. ჩვენ გვგონია, რომ პატივი ვეცით ბუშს, როცა მისი, ცოცხალი ადამიანის სახელი ქუჩას ვუწოდეთ. არადა, ეს დაახლოებით იგივეა, პატივისცემით ნიშნად ბუშისთვის ალ-ქაიდას მებრძოლის მოჭრილი ყური ან მოჭრილი ხელი რომ მიერთმიათ. ასეთი რამ იმაზე მეტყველებს თუ რამდენად არაადაკვატურია ჩვენ მიერ დასავლეთის აღქმა.

16 ალიხანიანის 5

▲back to top


ისტორია

ავტორი: აკა მორჩილაძე
ფოტო: ლევან ხაერხეულიძე, გილერმო ლუნა, ტიმო ფოგტი, ლუიზა სამერი

0x01 graphic

0x01 graphic

სანამ მე ამის წერას დავიწყებდი, სერგო უკვე დაიჭირეს.

ჩვეულებრივი, ულამაზო თბილისური კრიმინალი, ქუჩის კრიმინალი რომ ჰქვია.

როცა მის წასაყვანად მოვიდნენ და სახლიდან გამოიყვანეს, ქუჩაზე ჟანა გამოვარდა და უკვე მანქანაში მყოფს შესტირა.

0x01 graphic

- შენს თვალებზე ცრემლი არ დამანახო, - თქვა სერგომ სერიოზული სახით.

იყო ამ ნათქვამში რაღაც სერიალებივით საირონიო-პათეტიკურიც, ნამდვილად დრამატულიც და კიდევ უფრო სხვანაირიც. გაგეღიმებოდა და თან გულიც შეგიტოკდებოდა.

სერგო 19 წლის არის, ჟანა ჩვიდმეტის.

ჟანა ფეხმძიმედაა. ისინი ცოლ-ქმარი არიან.

სახლი, საიდანაც სერგო წაიყვანეს, სინამდვილეში სახლი არ არის.

ეს არის ძველებური ავლაბრული პატარა ეზო, შიგნით სამი ცალფანჯრიანი ნაგებობით. იქ თაგვი ვერ მოტრიალდება.

ალიხანიანის 5.

ეს ეზო, მთელი შიგ არსებული სათავსოებით, ნაქირავები აქვს ასოციაცია „მკურნალს“, რომელიც კარგა ხნის წინ, ინგლისელთა დახმარებით დააფუძნეს მამა გიორგი ჩაჩავამ, ნინო ჭუბაბრიამ, ლალი მესხმა, სანდრო თომაძემ და დათო ჩალაბოვმა.

0x01 graphic

„მკურნალი“ მიუსაფარ მოზარდთა მომვლელი და პატრონია. ისე, როგორც შეუძლია და როგორც გამოსდის.

ეს ასოციაცია ცდილობს, რომ ბავშვები ნაირგვარ ხელობებს დაეუფლონ. ბავშვები რა, მოზარდები, რაც ასევე არაზუსტი ტერმინია, იმიტომ, რომ მოზარდს მათში ვერ იგრძნობ, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი ნახეს. ის, რასაც მოზრდილებიც ვერ ვნახულობთ ხოლმე.

„მკურნალთან“ ძირითადად ისინი ტრიალებენ, ვინც უკვე გაიარეს საბავშვო სახლების აღზრდა და ახლა თბილისის, მართლა დიდი ქალაქის დაუნდობელ და მდუღარე ნაწლავებით გამოვსებულ გულ-მუცელში ტრიალებენ.

მინანქრის სახელოსნოები და კომპიუტერის კურსები საშუალებას იძლევა, რომ ის, ვინც შეძლო და ქუჩას მოწყდა, ის, ვინც წებოს ყნოსვაში არ ჩაიკარგა, იყოს ნასწავლი, ჰქონდეს სამუშაო და ხელფასი და იცხოვროს ისე, რომ იცხოვროს. ანუ ისე იყოს, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.

ყოველ შემთხვევაში, აქაურების დახმარებითვე თავი გაიტანოს.

მაგრამ ცხოვრება ასეთი არ არის.

ყველამ ვიცით, რომ ასეთი არ არის.

ზუსტად ისეა, როგორც ზღაპარში:

მარცხნივ წახვალ, ასე იქნება, მარჯვნივ წახვალ, ისე იქნება, პირდაპირ წახვალ, სულ სხვანაირად.

ალიხანიანის 5-ში კომპიუტერის კარტრიჯის დამტენი სახელოსნოა. ეს არის შემოსავალი, რომლითაც ამ ტერიტორიის და აქ მოსული ბიჭებისა და გოგოების რაღაცნაირად შენახვა შეიძლება. უფრო სწორად, მათი რაღაცნაირად მოვლა.

ის, ვინც მუშაობს, ვისი მინანქარიც იყიდება, ის, ვინც სადღაც მოეწყო მუშად, ანდა პროგრამისტად, სხვა მხარეს მიდის, მაგრამ სხვანი სხვა მხარეს მიდიან.

ბავშვების მთელი დივიზია მოქმედებს დიღმის ტერიტორიაზე, რესტორნების მიდამოებში. იქ საქმე ბევრია: ყვავილების გაყიდვიდან, შეზარხოშებულ ძიათა გულის მოლბობამდე.

ათასი გზაა, მთავარი სწორ ადგილებში მოძრაობაა. ფული შეიძლება მეტიც იშოვნო, ვიდრე შენმა ამხანაგმა, რომელიც კარგ და კვალიფიციურ სამუშაოს ასრულებს.

ეს უფრო პატარების საქმეა.

ქუჩის მიმართულებები იმგვარია, რომ ქურდობა, ჰოპ-სტოპი და ასეთი რამეები სულაც არ არის მოულოდნელი და უცხო რამე. მოულოდნელი კი არა, ბევრი ზის, ბევრი უკვე იჯდა, ბევრიც ჩაჯდება.

მათი ადვოკატები, პოლიციაში სირბილი, ათასი სხვა რამ იმ უხილავ და რთულ სამყაროში, რასაც მართლმსაჯულება ჰქვია, ნინოს საქმეა.

რა არ არის ნინოს საქმე. მგონი, ყველაფერი.

ნინო მათი დედაა. არ ვიცი, სხვა რა არის დედა.

ნინო მასწ., დედაჩემი მოკვდა და იქ ფულია მისატანი, - ეს შეიძლება ერთი ჩვეულებრივი სატელეფონო ზარი იყოს. კი, მათ აქვთ მობილურები. სკაიპის მისამართებიც კი.

ეს უზარმაზარი, უძირო და სრულიად ულმობელი სამყაროა. უფრო სწორად, ულმობელი სამყარო გავლილია. ახლა ცხოვრება ჰქვია.

ფიცი ორნაირია: ღმერთს ვფიცავ, ქურდულს ვფიცავ.

ვის როგორ.

ალიხანიანის 5-ში კედლებზე პრინტერით ამობეჭილი სურათებია:

ეს ზის... ეს ზის... ეს მაშინ გადავუღე, საავადყოფოში რომ იყო ნაცემი, ამის ძმა ისეთი კარგი ბიჭი იყო... დედამისი რეკავდა ხოლმე... ნახე, ეს რა ლამაზი გოგოა, ულამაზესი გოგოა. ეს ცოტა შენელებული ბავშვია... აგე კრისა. ნახე რა ტიპია. მოდის ხოლმე... ამას მოდელობა უნდოდა... ეს ახლა მაყურებელია მალალეტკებში... ეს... აქ პატარები არიან, გლდანში.

- ჩემი ძმაც ზის მასწ., უთხარი...

ბევრი მათგანის პრობლემა წებოა. წებოს ყნოსვა. ბევრის - არა.

აქაც ისეა, როგორც ცხოვრებაში, ყველას და ყველანაირს შეხვდები.

ნინოს უნდა, რომ მათ რამე ისწავლონ და იმუშაონ. ბევრი ახერხებს. ბევრმა ყველაფერი იცის, ბევრი წიგნებს კითხულობს, ბევრმა კითხვა საერთოდ არ იცის.

მთავარი, ამ საქმეში მათი დახმარებაა. უკვე ასე გრძელდება წლების განმავლობაში.

ძალით ამათთან არაფერი გამოვა.

გშია, აქ მოდი. გწყურია, აქ მოხვალ. დაიძინებ კიდეც როგორღაც. ყველანი დაიძინებთ. პირდაპირ იატაკებზე, ამ პატარა სახლში. რა სახლი. სად არის სახლი. კარტრიჯებს შორის, ძველ ტახტზე, მაგიდასა და მაგიდას შორის.

მარტა ახალი გამოსულია ციხიდან. ცოტა ბრაზიანია. ეგ არაფერი.

მათზე წყრომა არ შეიძლება. უბრალოდ, აზრი არა აქვს. მათთან ლაპარაკია საჭირო.

არტურა, კაცი შუა საუკუნეების რომანებიდან. ნახევრად ჩეჩენი ვარ, ნახევრად გურული. ბავშვთა სახლში საჩუქრებს რომ არიგებდნენ, მითხრეს, ჩეჩენი ხარ და არ გერგებაო. ეეე, როდის იყო ეგა. გურული ვარ, დედა მყავს ჩეჩენი. ეშინოდათ თუ რა იყო, არ ვიცი. შამილ ბასაევი ვეგონე. კაციჭამია, რა.

არტურა ერთად არის ჟილ ბლასი, დონ პაბლოსი, ლაზარილიო ტორმესელი.

მერე ავდექი და წავედი ოზურგეთში. ფული მქონდა, წავედი და დავსახლდი იქა, დიდხანს ვიყავი, ოთახიც ვიქირავე. სიარული მიყვარს. არტურა მუშაობდა, ახლა დროებით არ მუშაობს, წამოვიდა რესტორნიდან, სადაც რაღაც არ მოეწონა.

კაცი თავისუფალი და ღირსეული უნდა იყოს.

არ გაჩერდება, როცა ამას არ იგრძნობს.

ზოგიერთს ღირსება თავისებურად ესმის. ზოგიერთმა საერთოდ არ იცის, რა არის.

არტურა ვარჯიშობს, ჯანი, გონება, ყველაფერი აინტერესებს.

0x01 graphic

დაჯექი და უსმინე, მეტი არაფერია საჭირო. ფედია და მისი უმცროსი ძმა. იმასაც არტურა ჰქვია. უმცროსს. მოლდოველები.

აქა ვართ დაბადებული. ფედია ხალისია. თან სერიოზული. რაღაცნაირად პატიოსანი, კაცურად. საქციელებით.

ფედორ, ჰა, როგორ ხარ?

ნიჩივო, დავლიე, მასწ. აი, კაი სიგარეტი მაქვს.

ფედიას შვილი ჰყავს, სადღაც, მაღლა უბანში. საჩუქრებს იყიდის და მიდის ხოლმე. ჩემი შვილია, მარტო ჩემი შვილი კი არ არის. უცნაური განცხადებაა.

ფული ვიშოვე. მაქ ფული.

ჩხუბი და კამათი ბავშვურია. გამეტებული და მერე სიყვარულით სავსე. ფედია და სასანია ერთმანეთზე ბრაზობენ, უფრო სასანია, ფედია იცინის, მოკლედ პასუხობს, თუმცა მკაცრად.

გამო, აბა, გამო.

გადიან.

გურამ, გაყევი.

გურამი დგება.

გურამი საოცარი კაცია. კომპიუტერთან ზის. განსხვავდება: მეტყველებით, ჩაცმულობით, იუმორით, ხალისით. ტკივილის სიცილში გატარების უნარით. გურამი აქ მუშაობს. შეიძლება ალიხანიანის 5-ის მაჟორდომიც უწოდო.

სიცილით მოკვდები, ისეთ რამეებს ამბობს.

0x01 graphic

შემოდიან. ჩაწყნარდა. სასანია წნევის აპარატის გვერდით მიგდებულ ფონენდოსკოპს იღებს და გულზე ადებს ფედიას.

გული როგორ გიცემს, ბიჭო, - თან ეხუტება.

გურამი ყვება და ყვება.

ეს რთული და ძნელად სამართავი სამყაროა.

მერე პატარა გოგო, სნეჟანა მოდის. სნეჟო. საღამოსთვისაა გამოწყობილი, ოდნავ საზეიმოდ. ოცნება აქვს პროფესიის თაობაზე. არ ამხელს.

კითხვა-პასუხი ხშირ შემთხვევაში ხისტია და უბრალო, პირდაპირი. იქით პატარა ტელევიზორია, ჟანა ფეხმძიმედაა და სერიალებს უყურებს.

მე არ მინახავს. მოდის ხოლმე მურაზა. კოხტად ჩაცმული, დავარცხნილი, ოქროს ხელები. ნაკოლკები.

სერგოსაც აქვს, მარცხენა მკლავზე: ტი ამო. მიყვარხარ. იტალიურად. ვიღაცამ თქვა ალბათ ადრე, ბავშვობისას. ტი ამო. ტე ამო, ესპანურად. ეგ რას ნიშნავს? მიყვარხარ, რა...

ძმაკაცს მიკლავდა მასწ., ზადნის ხო არ მივცემდი?

მე შენ გაფრთხილებ, ნუ დადიხარ იმათთან ერთად.

მაინც წავა, - გურამი ამბობს.

დიდი, დიდი, რაღაცნაირად მდუღარე სამყარო.

ალიხანიანის 5. ტერიტორია, სადაც გელიან.

სადაც მიხვალ და არ წაგეჩხუბებიან, მოგივლიან, მოგეხმარებიან.

შენ ოღონდ მოინდომე. თუ არ მოინდომებ, მაინც მოგეხმარებიან. შეჭამ მაინც. დაიძინებ მაინც. იქ არის იმედი. ნინო არის იმედი. საყრდენი.

ბევრი წავიდა, გზას დაადგა. ადამიანურ ცხოვრებაშია. ზოგიერთი საუცხოო ოჯახში მოხვდა. შემოივლიან ხოლმე, რეკავენ.

ან არ შემოივლიან და არ რეკავენ. ეგეც არ არის პრობლემა. აქაურობა ამისთვის არ არსებობს, რომ შენს პასუხს და მადლიერებას დაელოდონ.

აქაურობა იმისთვის არსებობს, რომ შენ დაგელოდონ და რაღაცაში მოგეხმარონ, ერთი ბეწოდან, უზარმაზარამდე.

ოდესღაც, ბევრი მათგანი ნინომ იპოვნა. ძველ თბილისში, მინგრეულ სახლში, ნახევრადსარდაფში, სადაც წყალი იდგა. ეუბნებოდნენ, არ მიეკარო, მოგკლავენო. ჯერ საბნები მიჰქონდა, მერე კიდევ რაღაცები.

იცით, რა არის?

ჩვენ გარშემო არსებობს უხილავი ქალაქი. უხილავი კი არა, ფსკერი.

სადაც ჯერ უნდა ჩააღწიო, მერე უნდა მიიხედ-მოიხედო და თუ შეძლებ და იქაურობას თვალს მიაჩვევ, ეგებ იფიქრო კიდეც, რომ აქ სულ პატარა რაღაცების გადაადგილება შეიძლება.

0x01 graphic

ამ ბავშვებს, ამ ხალხს, სულ პატარაობიდან, თითისტოლობიდან ისეთი რამეები უნახავთ და ისეთი რამეები გამოუცდიათ, რომ ადამიანს ყველაზე კოშმარულ სიზმარში არ დაესიზმრება. არ დაესიზმრება, იმიტომ, რომ არ იცის, თუ ასეთი რამეები არსებობს საერთოდ.

თბილისის ფსკერები. იცით, ეგ რა არის? მიმიქარავს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ამბავი.

ინგა, მხიარული, მაღალი გოგოა. ცხოვრებაზე მსჯელობს.

მათ ლაპარაკი უყვართ. მოსწონთ აზრების გაცვლა-გამოცვლა. სახალხო საქმეები. ფედია ზუსტად გეტყვის იმ ტელეჟურნალის ტების სახელებსა და გვარებს, რომლებსაც სიუჟეტები გაუკეთებიათ მათ შესახებ.

გურამი კლიპებს გაჩვენებს. აქვთ კლიპები, დიღმის პარკში.

0x01 graphic

წებო. იცინიან. პატარა გოგოები და ბიჭები.

გული სადღაც მიდის.

სიყვარული. აქ სიყვარული არსებობს. გოგოსა და ბიჭის სიყვარული. ზოგიერთმა შეიძლება აგიხსნას ეს რა არის. ზოგიერთს ჩუმად უყვარს. გამოუთქმელად. ზოგიერთს ხმაურიანად.

მე სანამ მიყვარდა, ლამაზი იყო, - მონიტორზე ფოტოებს ვუყურებ.

ახლაც ლამაზია.

არა, ადრე უფრო ლამაზი იყო.

ისინი ქრებიან. ხშირად იკარგებიან. არ ჩანან. ზოგიერთი ეგებ ტრეფიკინგშიც კი მოჰყვა. განსაკუთრებით გოგოები.

თუ აღარ ჩანან, უმრავლესობა შორს არ არის.

თქვენ არ შეგიშვებენ იმ ბარებში, სადაც რამდენიმე გოგოს პოვნა შეიძლება. თქვენ არ გიამბობენ სხვა ათას რაღაცას.

მგონი შემეძლო, აქ სრული საშინელებები დამეწერა.

ღამით ვერ დაიძინებდით.

მართლა ვერ დაიძინებდით, ერთი საათით მაინც. მაგრამ არ დავწერ ასე, იმიტომ, რომ ამ ბიჭებსა და გოგოებში არანაირი პირადი ტრაგედიის შეგრძნება არ არის.

მათში ალბათ არის - ეს ცხოვრებაა, მასწ.

რახან ეს ცხოვრებაა, ცხოვრება რთულია. მაგრამ იქ არის სიყვარულიც, სიძულვილიც, უწესობაც, რაღაცნაირი, ძალიან შთამბეჭდავი, იმავდროულად, თითქოს მოუხელთებელი პატიოსნება და სიწრფელეც, შრომაც, ქურდობაც, ჭუჭყიცა და სიწმინდეც, ტყუილიც და უზარმაზარი სიმართლეც, რომელიც ხშირად მზეზე ძლიერია, თვალს ვერ გაუსწორებ.

აი, ეგენია იქ.

ალიხანიანის 5 ნომერში.

მე ეგენი ვნახე, და მგონი ცოტა ვნახე, განუზომლად მეტიც შეიძლებოდა.

გინდა წავიდეთ, ვნახოთ ვიღაცები ღამის ბირჟებზე.

ნინოს ძველი, თახთახა ჯიპი. თავიდან ბოლომდე მოგზაურის მანქანას ჰგავს. თითქოს პარიზი-დაკარი ჰქონდეს გავლილი. თუ ლისაბონიდაკარი. რა მნიშვნელობა აქვს.

- არა, არა...

ღამის შემოვლა. ვინ სად არის. პეროვი, დიღომი. ერთი-ორი საუნის კიდეები. ქუჩები, სადაც ფული იშოვება.

გურამი ისევ ხუმრობს. თბილისელ გეის აჯავრებს. გინახავთ თბილისელი გეი? მე არა. იმათ უნახავთ.

ღამეა. მთელი ღამე ინტერნეტ კაფეში ოთხი ლარი ღირს, მასწ. ვთამაშობთ. ჩულოევი საერთოდ აღარ გამოდის ინტერნეტ კაფედან, იქ ცხოვრობს.

არა, არა, მაქ სიგარეტი, - რა ჩესნია ეს ფედია. დასტოინი. ყავისფერი და დაკუნთული.

ქურთუკიც ყავისფერი. ნინო ხომ მარტო არ არის. ეხმარებიან. ჩამოსათვლელად არ ვწერ. კარგები არიან.

ალიხანიანის 5.

ეს ალიხანიანი, მგონი, იცით ვინ იყო? სახაროვის ცოლი რომაა - ელენა ბონერი, იმის მამა. ალიხანიანი დიდი კომუნისტი იყო ამიერკავკასიაში, ბერიამ დახვრიტა. თუ არ ვცდები. აბა, რა ვიცი. ავლაბრის ძველი ქუჩაა. მეტროდან მარჯვნივ და მერე მარცხნივ. ეგრევე, ნაცრისფერი ჭიშკარი.

სანამ ამას ვწერდი, სერგოსთვის წელიწადნახევარი მიუციათ.

შენს თვალებზე ცრემლი არ დამანახო.

გინდა გაიცინე, გინდა იტირე. ჟანა ფეხმძიმედაა. სერგო - სროკზე.

კომპიუტერში ციხიდან შემოთვლილი მოკითხვებია, ბიჭები იცინიან.

თან თითქოს რცხვენიათ კამერის.

ზოგისთვის ციხე სასარგებლოც კია. მხოლოდ ზოგისთვის. მაგალითად იმათთვის, ვისაც ეს საშინელი წებოს ყნოსვა ვერ მიუტოვებია.

კომპიუტერში ნაკეთობებია. მშვენიერი საოქრომჭედლო ნაკეთობების ფოტოები. ბიჭები მუშაობენ. მშვენიერია. გადასარევია.

სახელოსნოები უნდა ვამუშაოთ. დაკავებულები უნდა იყვნენ.

ყველას არ შეუძლია. ვისაც უნდა და ვისაც შეუძლია, იმათი ხელიდან გაშვება არ შეიძლება.

ნამდვილად არ შეიძლება.

ის მზარეულია იმ რესტორანში. ცნობილი რესტორანია. იცი, რა მაგარი მზარეულია? ვეუბნები, მოდი გაგვიკეთე რამეები.

წავედი მე, გავივლი, - არტურა ამბობს. სიარული თითქოს სამყაროს შეცნობაა. რაღაცნაირი სიარულია.

ალიხანიანის 5. საყრდენი. გაუთვითცნობიერებელი იმედი.

ამოისუნთქეთ. სიცოცხლე ასეთი მშვე... სიცოცხლე ასეთია. ყველას თავისი სიცოცხლე აქვს.

- ქალიშვილი ვარ, მასწ. მართლა ქალიშვილი ვარ...

17 ჰო - სიცოცხლეს!

▲back to top


პარიზული ჩანაწერები

ავტორი: ლანა ღოღობერიძე

ორშაბათს, 19 მაისს კანის ფესტივალზე „ოქროს პალმით“ დააჯილდოვეს საფრანგეთში მცხოვრები და მომუშავე პორტუგალელი რეჟისორი - მანოელ დე ოლივეირა ფილმთა ერთობლიობის გამო. სცენაზე მსუბუქი ნაბიჯით გამოვიდა საშუალოზე მაღალი, ხმელი, სასიამოვნო გარეგნობის შუახნის კაცი. ლუმიერის გადაჭედილი დარბაზი მას ფეხზე ადგომით და ოვაციებით შეეგება. მისასალმებელი და აღფრთოვანებული სიტყვა კლინტ ისტვუდმა წარმოთქვა. „პალმა“ მიშელ პიკოლიმ გადასცა, ფესტივალის პრეზიდენტმა - ჟილ ჟაკობმა - უწოდა მას „ექსპერიმენტატორობის ჟინით შეპყრობილი გრიფიტი“, აჩვენა თავისი დამონტაჟებული ემოციური ფილმი რეჟისორის შესახებ და ბოლოს თქვა: „თქვენ ერთხელ მითხარით, რომ ტყუილი თქვით თქვენი ასაკის შესახებ და რომ ნამდვილად სამი წლით მეტის ხართ. მინდა გითხრათ, რომ თუ მაშინ მითხარით სიმართლე, ეს გადასარევია!“ დარბაზი დაინგრა ტაშით. მთელი ამბავი კი ისაა, რომ წელს ოლივეირას 100 წელი უსრულდება! ამ წელს მსოფლიომ აღნიშნა ორი უდიდესი ადამიანის - არქიტექტორ ოსკარ ნიმეიერის და ანთროპოლოგ კლოდ ლევი-სტრ სის - 100 წლისთავი. გაზეთები წერდნენ, რომ არცერთ მათგანს არ შეუწყვეტია მუშაობა, და აი, კიდევ ერთი აქტიურად მომუშავე ასწლოვანი კაცი - ოლივეირა! მე ის დიდი ხანია ამოვიჩემე. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გავიგე, რომ 75 წლის ასაკში თავი დაანება ფილმების გადაღებას, ცხადია, ყველამ ჩათვალა, რომ სამუდამოდ, და უცებ, სრულიად მოულოდნელად, 86 წლისა, მიუბრუნდა კინოს და მას მერე წელიწადში თითო ფილმს იღებდა! თან ისეთ ფილმებს, რომ ყოველი მათგანი კანის ფესტივალის მონაწილე ხდებოდა. მას მერე ოლივეირა იმედის წყაროდ იქცა ჩემთვის. და რაკი კინოს გადაღებაზე ოცნება ერთი წუთით არ შემნელებია, მეგობრებს ვეუბნებოდი, ხედავთ, რა მშვენიერი მაგალითია, მეც ჯერ ყველაფერი წინა მაქვს-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ, მოდი, 86 წელს ნუ დაელოდები, ცოტა ადრე დაიწყეო! და აი, ახლა, ეს ჩემი ძვირფასი ოლივეირა 100 წლისაა, ჯილდოვდება „ოქროს პალმით“ და, რაც მთავარია, ზედიზედ ორი ფილმის გადაღებას აპირებს! დგას მშვიდად, გაჭედილი დარბაზის სცენაზე და სულ უბრალოდ, თითქოს აქ განსაკუთრებული არაფერია, უზიარებს მაყურებელს თავის სამომავლო გეგმებს: „ვაპირებ ორი ფილმის გადაღებას, ერთია „ახალგაზრდა ქერა გოგოს საიდუმლოებანი“, ქეიროს რომანის მიხედვით და მეორე - „ანჟელიკას უცნაური ამბავი“, სცენარი, რომელიც დავწერე ამ 50-ოდე წლის წინ. თუ შესაძლებელი იქნება, მინდა ისინი ერთმანეთის მიყოლებით გადავიღო, იმისათვის, რომ ერთი ბერლინში წარვადგინო, მეორე კანში. ყველაფერი პროდიუსერის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული“. როგორც ჩანს, საკუთარი აქტიურობა მას ოდნავ არ აეჭვებს. ხომ გადასარევია, არა? ადამიანის შესაძლებლობებს ნამდვილად არა აქვს საზღვარი! ამას ვფიქრობდი მაშინ, როცა თავის სახელოსნოში გატაცებით მომუშავე 100 წლის ოსკარ ნიმეიერს ვუყურებდი, და აი, ახლა, ოლივეირა! მოუთმენლად დაველოდები მის ახალ ფილმებს.

0x01 graphic

ივ სენ ლორანის კოლექციის ჩვენება. პარიზი 2002

„არ ვეთანხმები აზრს, რომ სიკვდილი დამარცხებაა. მთავარია შეგეძლოს თქვა „ხო“ მაშინაც კი, როდესაც კვდები, ჰო - სიცოცხლეს!“ - ეს არის ფრანსუა მიტერანის კრედო, რომელიც მან რეალურად განახორციელა.

საინტერესო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის და მემარცხენეთა ერთ-ერთი ლიდერის - პიერ მოსკოვიჩის საუბარი საპარლამენტო არხზე. მემარცხენეები ვერ პატიობენ კუშნერს იმ ფაქტს, რომ ის გახდა მემარჯვენეთა მთავრობის წევრი. კუშნერი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, თავისი გადაწყვეტილების ახსნას ცდილობდა. ილაპარაკა სარკოზის გახსნილობაზე: როცა შემომთავაზა მინისტრობა, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ჩემი მემარცხენეობა. ამიტომ დავთანხმდი... ვფიქრობ, რომ მინისტრის რანგში ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ.

0x01 graphic

პორტუგალიელი რეჟისორი მანუელ დე ოლივეირა, კანი 2002
REUTERS

აუცილებელია მივუსადაგოთ საფრანგეთი თანამედროვეობას. ამას ძირეული რეფორმები სჭირდება...

ფრანგებს ძალიან უყვართ ცხოვრება, ამაყობენ თავისი ფრანგობით. ამავე დროს ნამდვილი კონსერვატორები არიან... ამიტომ, არ არის აქ ადვილი რეფორმების გატარება.

მოსკოვიჩი კი, კუშნერის მეგობარი (ალბათ, წარსულში), სევდიანად ეუბნება: ეს საგარეო პოლიტიკა შენი არ არის. ვხედავ, რომ ცუდად გრძნობ თავს. ეს არაა შენი არჩევანი. მწყინს, რომ მონაწილეობ ამ არასამართლიან ხელისუფლებაში.

საინტერესო იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარ კუშნერის და მემარცხენეთა ერთ-ერთი ლიდერის - პიერ მოსკოვიჩის საუბარი საპარლამენტო არხზე.

მემარცხენეები ვერ პატიობენ კუშნერს იმ ფაქტს, რომ ის გახდა მემარჯვენეთა მთავრობის წევრი. კუშნერი, რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, თავისი გადაწყვეტილების ახსნას ცდილობდა. ილაპარაკა სარკოზის გახსნილობაზე: როცა შემომთავაზა მინისტრობა, ეჭვქვეშ არ დაუყენებია ჩემი მემარცხენეობა. ამიტომ დავთანხმდი... ვფიქრობ, რომ მინისტრის რანგში ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ.

აუცილებელია მივუსადაგოთ საფრანგეთი თანამედროვეობას. ამას ძირეული რეფორმები სჭირდება...

ფრანგებს ძალიან უყვართ ცხოვრება, ამაყობენ თავისი ფრანგობით. ამავე დროს ნამდვილი კონსერვატორები არიან... ამიტომ, არ არის აქ ადვილი რეფორმების გატარება.

მოსკოვიჩი კი, კუშნერის მეგობარი (ალბათ, წარსულში), სევდიანად ეუბნება: ეს საგარეო პოლიტიკა შენი არ არის. ვხედავ, რომ ცუდად გრძნობ თავს. ეს არაა შენი არჩევანი. მწყინს, რომ მონაწილეობ ამ არასამართლიან ხელისუფლებაში.

კუშნერიც, ასევე სევდიანი ღიმილით, პასუხობს: - მემარჯვენეებს არ ვუყვარვარ და მემარცხენეები მოღალატეს მეძახიან... ამას შერიგებული ვარ.

გვექნება ძნელი წლები, მაგრამ ბოლოს საფრანგეთი ამოისუნთქებს.

სარკოზი კი ამბობს კუშნერზე: ესაა მემარცხენეთა ყველაზე დიდი თევზი, რომელიც დავიჭირე.

„ლიბერასიონი“ ბეჭდავს „გაბრაზებული“ მკითხველის წერილს კანის ფესტივალის შესახებ:

„რას ემსახურება ეს ფესტივალი, თუ არა იმას, რომ დაიხარჯოს დაუჯერებელი თანხები, რათა ყველა აღიარებულმა ვარსკვლავმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს თავი დამოუკიდებელი კინოს დაკნინების ხარჯზე? მაშინ, როდესაც რეჟისორებს საშინლად უჭირთ მინიმალური თანხის მოგროვება თავიანთი ფილმების გადასაღებად და მსახიობები ამაოდ აწყდებიან პრივილეგირებული ვარსკვლავების მიერ მათთვის ჩარაზულ კარებს, კრუაზეტი კვლავ კრებს დებილების ხროვას, რომლებიც ნერწყვს ყლაპავენ მადამ დენეფის ახალი ლიფტინგის და ნებისმიერი ამერიკელი სტარლეტის უძვირფასესი საღამოს კაბის გამო. ამ უტვინოთა მასას უერთდებიან ჟურნალისტები, რომლებიც მზად არიან გაყიდონ სული სამსტრიქონიანი არაფრისმთქმელი ინტერვიუსთვის, რომელიც არაფრით არ უწყობს ხელს კინოს განვითარებას. „ლიბერასიონში“ შეიძლება წაიკითხო მისი ერთ-ერთი ავტორის აღფრთოვანებული წერილი იმის შესახებ, როგორ გაჰკრა მას მხარი კატრინ დენევმა ლიფტში... მწუხარე და ვულგარული გამოფენა კასტისა, რომელიც ცხოვრობს, როგორც ძველი რეჟიმების მიხრწნილი არისტოკრატია.

ფულის ტონები, დახარჯული მსახიობთა პოპულარიზაციისთვის, რომელთაც ეს სრულებით აღარ სჭირდებათ. ოვაციები და საკუთარი თავისადმი მიმართული აპლოდისმენტები ამ ერთობისა, რომელიც ჩაკეტილია ნოვატორებისთვის, მამაცებისთვის, კამერის ნამდვილი მშრომელებისთვის. თვალთმაქცური დღესასწაულები და გაბრდღვიალებული კიბეები, აყროლებული უნიჭობით და ნარცისიზმით... ეს არის ცურვა დამღუპველ და პირქუშ ფსიქოზში“... აი, ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, არაორდინარულია კინოს უდიდესი ზეიმის შეფასება ერთ-ერთი მაყურებლის მიერ. სახალისოდ მომეჩვენა ეს კვიმატური წერილი და ამიტომაც ვთავაზობ მას ჩვენს მკითხველს.

0x01 graphic

არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კიშნერი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი, პარიზი 2008
REUTERS

0x01 graphic

მანუელ დე ოლივეირას ლისაბონის მეცნიერებათა აკადემია საპატიო წევრად ირჩევს, მარტი 2008
REUTERS

საპარლამენტო არხზე საუბრობდნენ მწერალი დენის ტილინიაკი, ფსიქიატრი სერჟ ეფესი და იუმორისტი გი ბედო. საუბრის თემა - „ფანატიკური სარკოზომანია“. ზოგიერთი რამ მათი საუბრიდან:

„დღეს საფრანგეთში ფანატიკური სარკოზომანიაა გამეფებული. არასდროს არცერთ პრეზიდენტზე არ დაწერილა ერთი წლის მანძილზე ამდენი წიგნი - ასოცზე მეტი. და ეს რიცხვი სულ იზრდება და იზრდება.

ფსიქიატრი ამბობს, რომ მისი რვა პაციენტიდან შვიდი აუცილებლად ახსენებს სარკოზის. საფრანგეთში არსებობს კერპის მოთხოვნილება, რასაც სარკოზი სრულად აკმაყოფილებს.

ისე გაგიჟებით უყვარდათ, რომ ასევე გაგიჟებით შეიძულეს.

ვერ აუტანიათ, რომ ცდილობს, კარგად თუ ცუდად, გააკეთოს ის, რასაც დაპირდა ხალხს.

ვერ აპატიეს ბედნიერებისაკენ სწრაფვა. საერთო გაგებით, ის იმისათვის არ გახდა პრეზიდენტი, რომ იყოს ბედნიერი.

მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება - ბავშვურობაა. მაგრამ საშიშია ბავშვს ჩაუგდო ხელში ძალაუფლება. აღიქვამს ძალაუფლებას, როგორც სათამაშოს. არა, როგორც სათამაშოს კი არა, როგორც ბედისწერას.

ის ყველაფერს აჭარბებს. ამბობს ზედმეტს, აკეთებს ზედმეტს. აჭარბებს მაშინაც, როცა თამაშობს თავმდაბლობას.

ყოველ დილას რაღაცას უმტკიცებს თავის სარკეს.

ფრანგებს უნდათ რეფორმა მეზობლებისთვის. ისინი გიჟდებიან თავიანთ პატარა პრივილეგიებზე და როცა იგრძნეს, რომ ამას ემუქრება საფრთხე, შეეშინდათ.

ჩვენს პრეზიდენტებს შორის ერთადერთი შირაქი არ იყო მონარქი. ის ერთნაირად ელაპარაკებოდა სახელმწიფოს მეთაურს და დამლაგებელს.“

ამ ბოლო ხანს, სულ უფრო და უფრო გამუდმებით ვფიქრობ დროზე. დრო, რომელიც ხან მიიზლაზნება, ხან მიქრის, ხან ჩერდება... თუ დრო, რომელიც სულაც არ არსებობს, ანუ დრო, როგორც ფიქცია. ხანდახან მგონია, რომ, რეალურად, არსებობს მხოლოდ წუთი. თუ ინტენსიურად იცხოვრებ ამ წუთს, ამარცხებ დროს.

0x01 graphic

ივ სენ ლორანის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება, პარიზი 2000
REUTERS

0x01 graphic

ივ სენ ლორანი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, პარიზი 1985
REUTERS

დროზე ფიქრს თან სდევს ფიქრები მოგო ნებაზე და მასთან გადაჯაჭვულ დავიწყებაზე. არ მინდა დავივიწყო. არც პიროვნებები, არც მოვლენები, არც განწყობები. არდავიწყება - სიმდიდრეა.

მაგრამ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენი არსებობა ამწუთიერობით არ შემოფარგლო, არამედ იცოცხლო ყოველი წუთით, დღეს და, ამავე დროს - გუშინ, და ოცდაათი წლის წინ, და სამოცი წლის წინ... დღევანდელობა და მასთან გადაჯაჭვული წარსული, რომელიც მუდმივად ცოცხლობს შენში. ამ ფიქრებში ჩართულს, გამახსენდა ერთი იაპონური ტანკა, რუსულად, და მომინდა მისი გადმოქართულება. მთელი დღე ამ ტანკის ქართულ ეკვივალენტზე ვფიქრობდი და ბოლოს მან ასეთი სახე მიიღო:

ქლიავის ყვავილს ისეთივე ასდის სურნელი,
ვიღაცის ხელის ფრთხილი შეხება...
, როგორც მაშინ, წლების გადაღმა.
ვკითხოთ ამ მთვარეს,
ვინ იცის იქნებ დაგვიბრუნდა ის გაზაფხული.

ეს შეგრძნება არაერთხელ მქონია, აი, ის, რომ არსებობ დღეს და იმავდროულად გუშინ, და რომ ეს იგივე გაზაფხულია, იგივე სურნელით და ვიღაცის ხელის ისეთივე უეცარი შეხებით...

0x01 graphic

ივ სენ ლორანის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენება, პარიზი 2007
REUTERS

0x01 graphic

ამერიკელი დიზაინერის ტომ ფორდის კოლექცია ივ სენ ლორანის სამოდელო სახლისთვის
REUTERS

0x01 graphic

ამერიკელი ტოპ-მოდელი ივ სენ ლორანის მაღალი მოდის ჩვენებაზე პარიზში ჩვენებაზე პარიზში
REUTERS

0x01 graphic

ივ სენ ლორანი და ლეტიცია კასტა მაღალი მოდის ჩვენებაზე, პარიზი 2001
REUTERS

სიცოცხლე და სიკვდილი - ორი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული სასწაული. სიკვდილის მუდმივი სიახლოვე გაძლევს საშუალებას იყო, ინანიებდე, დაეჭვდე, მოერიო ეჭვებს, შეირგო ყოველი წვრილმანი, იფიქრო უკვდავებაზე და, რაც მთავარია, გიყვარდეს... პლატონის გაგებით, უკვდავებასთან მიახლოება - სიყვარულია. რა მოგოაქვს მნიშვნელობა, გიყვარს ერთი წამი, თუ ერთი წელი, თუ 50 წელი. გიყვარს და ეს ნიშნავს, რომ უახლოვდები უკვდავებას.

ყოველი სიცოცხლე - მარადისობის გამოვლინებაა. ჩვენი დიდი თავისუფლება ისაა, რომ შეგვიძლია ყოველ წუთს დავიწყოთ რაღაც ახალი, ახალი არსებობა, თითქოს მანამდე არაფერი მომხდარიყოს.

არსებობს სიკვდილის ფორმულა, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივი და ამიტომ ძალიან გასაგები: - სანამ ხარ შენ, არ არის სიკვდილი. როცა არის სიკვდილი, არა ხარ შენ. - ეს ჭეშმარიტებაა, რომელიც ამსუბუქებს არყოფნაზე ფიქრს და განიჭებს შვებას. ამიტომაც ეგუები შენს სიკვდილს, როგორც ყველაზე გრძელ ღამეს.

...თუ სიკვდილი მხოლოდ ღამეა,
ყველა ღამეზე უფრო ღრმა და უფრო ხანგრძლივი...

ეს სტრიქონები თბილისის ომის შემდეგ დავწერე. მაშინ დავინახე სიკვდილი, როგორც ღამე, უბრალოდ, ყველა სხვა ღამეზე უფრო ღრმა და გრძელი. და მაშინვე დამეუფლა განცდა, რომ შენი სიკვდილი შენთვის არ არსებობს, ის მხოლოდ შენი ახლობლებისთვის არის რეალობა და ტკივილი. ძალიან მინდა ამ სიტყვებით სიკვდილის შიშით შეპყრობილი, ჩემი ასაკის ადამიანები (და, ალბათ, უფრო ახალგაზრდებიც) გავამხნევო: გახსოვდეთ ყველას, სანამ ხარ შენ, არ არის სიკვდილი. როცა არის სიკვდილი, არა ხარ შენ... ხოლო რაც შეეხება ახლობლებს, ისინი იგლოვებენ და შეეგუებიან შენს არყოფნას. ესეც ხომ სიცოცხლის კანონზომიერებაა.

71 წლისა, ტვინის სიმსივნით, გარდაიცვალა ივ სენ ლორანი. „ლე მონდი“ ბეჭდავს სარედაქციო წერილს სათაურით: „კუტიურიემ დატოვა კვალი, რომელსაც ის ყველაზე დიდ მხატვართა რანგში აჰყავს“.

„ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხატვარი. თავის თავს უწოდებდა არა კუტიურიეს, არამედ „ხელოსანს, რომელიც ქმნის ბედნიერებას“. ივ სენ ლორანი დარჩება, როგორც ფრანგული ელეგანტურობის მომღერალი. მან შექმნა „მარცხენა სანაპიროს“ ძალიან პარიზული სტილი. გამოეხმაურა რა 20-იანი წლების „გარსონების“ მოდას, მან დახატა კაცის კოსტიუმები და შიგნით მოათავსა მუსლინის გამჭვირვალე, ძალიან ქალური „ბლუზკები“. „შავი ბლუზონი“ - ეს მისია, ისევე, როგორც 1962 წელს შექმნილი სმოკინგი, რომელიც პირველად მისმა მეგობარმა კატრინ დენევმა ჩაიცვა, სახარული სამოსი, ბერმუდა, თრენჩი, - ტანსაცმელი, რომელიც ქუჩამ აიტაცა. „იდეა კაცის კოსტიუმში გამოწყობილი ქალისა, თანდათან იზრდებოდა, ღრმავდებოდა, და დღეს უკვე დამკვიდრდა, როგორც თანამედროვე ქალის მთავარი მახასიათებელი“, - ამბობდა თვითონ.

მისი ინტიმური მეგობარი პიერ ბერჟე ამბობს: „ივ სენ ლორანი - ეს არ არის მხოლოდ მოდა. მასში აღბეჭდილია მთელი სამყარო, მხატვრობის, მუსიკის, ლიტერატურის, კინოს კულტურა“ .

0x01 graphic

როჯერ ფედერერი როლან გაროსის ტურნირზე, პარიზი 2008
REUTERS

0x01 graphic

როჯერ ფედერერი და ბოლო ოთხი როლან გაროსის ტურნირის გამარჯვებული რაფაელ ნადალი, პარიზი 2008
REUTERS

0x01 graphic

როლან გაროსის ტურნირის გამარჯვებული ანა ივანოვიჩი, პარიზი 2008
REUTERS

0x01 graphic

ბრაზილიელი ჩოგბურთელი გუსტავო კუერტენი, პარიზი 2008
REUTERS

0x01 graphic

ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფისი როლან გაროსის ტურნირზე, პარიზი 2008
REUTERS

19 წლის პროვინციელი ბიჭი, დაჯილდოვებული ხატვის განსაკუთრებული ნიჭით, კრისტიან დიორმა, „ახალი ხედვის“ შემქმნელმა აიყვანა ასისტენტად. ორ წელიწადში დიორი უეცრად გარდაიცვალა. ამ სიკვდილმა „პერვანშის თვალება უცნობი“ ავანსცენაზე აიყვანა: 21 წლისა ის გახდა კრისტიან დიორის სახლის ხელმძღვანელი. სახელი პირველივე ექსპოზიციით გაითქვა, თუმცა თვითონ საშინელ სიცარიელეს განიცდიდა, „არა შიშის, არამედ არარსებობის სიცარიელეს. მე ისე მჯეროდა მისი (კრისტიან დიორის), მჯეროდა ყველაფრის, რასაც ამბობდა, რასაც აკეთებდა. უეცრად აღარ იყო არავინ, ვინც მეტყოდა: ეს კარგია, ეს ცუდი“. მაშინ, თავისი პირველი კოლექციით, დაამკვიდრა ხაზი - „ტრაპეცია“, რომელიც გაქრა მე-18 საუკუნის დასაწყისში. და მაშინვე დაიბადა ლეგენდა. ივ სენ ლორანს დაარქვეს „მაღალი მოდის პატარა პრინცი“.

„საიდუმლო, რომელმაც აქცია ივ სენ ლორანი თავისი ეპოქის მბრძანებლად, ისაა, რომ მას ეზიზღებოდა მოდა, - თქვა ერთხელ თავისი ენამოსწრებულობით სახელგანთქმულმა ჟურნალისტმა ფრანსუაზ ჟირუმ. - მოდა, ისე, როგორც ის ესმით დღეს, ეს სულელი მეტრონომი, რომელიც ყოფს წელიწადს ორ ნაწილად, ზამთარი - ზაფხული, ზაფხული - ზამთარი და რომელსაც სჯერა, რომ იძლევა სწორ ტონალობას“.

„ქალებს, რომლებიც ზედმიწევნით მისდევენ მოდას, დიდი განსაცდელი ელოდებათ. თავისი ღრმა ბუნების, სტილის, ბუნებრივი ელეგანტურობის დაკარგვის განსაცდელი“, - ამბობდა ივ სენ ლორანი. და კიდევ: „გულის ელეგენტურობის გარეშე არ არსებობს ელეგანტურობა“. მოდა იცვლება, სტილი მარადიულია. მოდა წარმავალია, სტილი - არა. „როდესაც კარგად გრძნობ თავს ტანსაცმელში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგი ტანსაცმელი - ეს ბედნიერების პასპორტია“. განსაკუთრებით მომწონს მისი ნათქვამი: „არაფერია შიშველ სხეულზე მშვენიერი, და ყველაზე ლამაზი ტანსაცმელი, რომელმაც შეიძლება შეამკოს ქალი, საყვარელი კაცის მკლავებია. მაგრამ იმათთვის, ვისაც არ ერგოთ ეს ბედნიერება, მე აქ ვარ“. მის ერთ-ერთ ექსპოზიციას ერქვა „ივ სენ ლორანის დიალოგი ხელოვნებასთან“. „ჩემი მიზანი იყო მეტრთან მიახლოვება და მის გენიალობასთან ზიარება“. ასე მის ტანსაცმელში სხვადასხვა წლებში აისახა მონდრიანის, პოპ-არტის, პიკასოს, ბრაქის, მატისის, ვან გოგის, თუ მისი მეგობრის - ენდი ვაროლის - ფერწერული მოტივები.

2002 წელს, მოდის სამყაროსთან დამშვიდობებისას, თავისი მორიდებულობით განთქმულმა სენ ლორანმა აღიარა, რომ „ის იცნობს შიშს და საშინელ მარტოობას, ყალბ მეგობრებს ტრანკვილიზატორების და გამაყუჩებლების სახით, დეპრესიისა და ჯანმრთელობის სახლების საპყრობილეებს“.

პიერ ბერჟემ ასე ახსნა ეს გადაწყვეტილება: „შემოქმედება და მარკეტინგი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. ეს ეპოქა არ არის მისი“. მისმა ბიოგრაფმა ლორანს ბენაიმმა კი დაწერა 2002 წლის „ლე მონდში“: „მარადიული სევდიანი ახალგაზრდა კაცი აჩქარებს შეხვედრას ისტორიასთან. მან მოიჯახუნა თავისი სახლის კარი და შეუდგა მოკლე ბილიკს, რამაც ის კიდევ ერთხელ გამოავლინა, როგორც ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი“

დღეს იგივე ბენაიმი წერს: „ივ სენ ლორანი ხატავდა ემოციებს, მან თავის ტანსაცმელში ჩააქსოვა სიხარული, სიყვარული, სიგიჟე, შექმნა თავისი კოლექციები, როგორც საიდუმლო წიგნის თავები. ის ხატავდა ანგელოზებს და დემონებს და ყოველთვის აბიჯებდა პროფესიის საზღვრებს. ის იყო პირველი კუტიურიე, რომელმაც განადიდა სხეულის სული, დაამკვიდრა რეტროს სიფაქიზე თანამედროვე გემოვნებაში და ვისაც დარჩა ერთადერთი სინანული: „რომ მან არ გამოიგონა ჯინსი“.

ეკლესიაში დასვენებულ ივ სენ ლორანს კატრინ დენევი უოლტ უიტმენის ლექსით დაემშვიდობა: „შენ კი, სიკვდილო, ამაოდ ცდილობ ჩემს შეშინებას“... გამიკვირდა. რატომღაც არ მოველოდი, რომ კატრინ დენევის (და, ალბათ, საერთოდ ფრანგების) სულიერ სამყაროში უიტმენს ასეთი ადგილი ეკავა. გამიკვირდა და განსაკუთრებით მომხვდა გულზე, რადგანაც მე უიტმენი პირველად 17 წლის ასაკში აღმოვაჩინე და მას მერე ის მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. ამ პატარა მწვანე წიგნს Leaves of grass - „ბალახის ფოთლები“ - შემთხვევით გადავაწყდი საჯარო ბიბლიოთეკაში. და შეიძლება ითქვას, ახალგაზრდული განცდების მთელი სიმძაფრით გადავირიე! ეს იყო გაოცება, აღმოჩენა, თავზარი, აღფრთოვანება! საბჭოთა, ზემოდან დარეგულირებულ და იდეოლოგიით დათრგუნულ ნაცრისფერ ყოფაში შემოჭრილი გასაოცარი სითამამე, სილაღე, საკუთარი თავის (და ყოველი ადამიანის) არნახული განდიდება.

ეს სათაურიც რა გამაოგნებელი იყო: „სიმღერა ჩემს შესახებ“:

მე, უოლტ უიტმენი, კოსმოსი,
დიდებული მანჰატანის ძე,
ფიცხი, მშფოთვარე, ხორციელი, ბრგე,
ახოვანი, კარგი მსმელი,
მოდგმის გამჩენი,
ურცხვი და მორცხვი თანაზიარად...

ღმერთო ჩემო, რა ბედნიერების მომტანი იყო ეს გატაცება! და რა ნეტარება - ამ შორეული - მანჰატანელი - პოეტის თარგმნა!

მე თავს ვუწოდებ სხეულის მგოსანს
და კიდევ მე ვარ სულის მგოსანი.
ჩემშია ზეცის ნეტარება აურაცხელი
და ჯოჯოხეთის ტანჯვაც ჩემშია,
მე ნეტარებას ვისისხლხორცებ და ვაზვიადებ,
ხოლო წვალებას ვამეტყველებ ახალი ენით...
ვინ რას ჩურჩულებს სიკეთეზე, ბოროტებაზე,
მე ბოროტებას წინ მივყავარ და ბოროტების დათრგუნვასაც
მე წინ მივყავარ,
ვდგავარ გულგრილი და უდარდელი
და ვრწყავ ყველაფერს, რაც გაიზარდა.

უიტმენი იქცა ჯერ ჩემი საკურსოს, მერე სადიპლომოს, მერე დისერტაციის და ბოლოს, წიგნის თემად. და მაშინ დაიწყო ჩემი პირველი ნამდვილი ბრძოლა ხელმძღვანელობასთან. მთელი კათედრა დაირაზმა საბჭოთა სტუდენტის აუხსნელი სურვილის წინააღმდეგ - დაეწერა საკურსო და სადიპლომო ნაშრომი სრულიად უცხო იდეოლოგიის პოეტის შესახებ. მე კი, რაიმე სხვა თემაზე ფიქრიც არ შემეძლო. დღესაც უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიხსენებ ჩემს ხელმძღვანელს - გივი გაჩეჩილაძეს, რომელიც პირველივე დღიდან მხარში ამომიდგა, აშკარად დაუპირისპირდა კათედრის ხელმძღვანელს და ასე, ერთობლივი ბრძოლით მივაღწიეთ საწადელს. მაგრამ დისერტაციასთან დაკავშირებით ნამდვილი ომი გაჩაღდა! მე ვიშველიებდი ყველა შესაძლებელ არგუმენტს, ხან ვტიროდი, ხან ვყვიროდი, უარი კატეგორიული იყო. გადამარჩინა შალვა ნუცუბიძის (დისერტაციის ხელმძღვანელის) აღმოჩენამ: თურმე, დემიან ბედნისადმი მიწერილ წერილში სტალინი ახსენებდა უიტმენს, თანაც დადებით კონტექსტში: „როგორც ამბობს ამერიკელი უიტმენი, „ჩვენ ცოცხლები ვართ, და ჩვენი ალისფერი სისხლი ჩქეფს დაუხარჯავი ძალების ცეცხლით“.

ოფიციოზის ერთგულმა კათედრის გამგემ აღიქვა ეს ფაქტი, როგორც ზურგში ჩარტყმული დანა. ის მაშინვე მიხვდა, რომ ვერ შეებრძოლებოდა კაცობრიობის ბელადის შემთხვევით წამოსროლილ ფრაზასაც კი და უსიტყვოდ დაყარა ფარხმალი. მე კი დღესაც თვალწინ მიდგას სიამოვნებით მოქირქილე შალვა ნუცუბიძის სახე, რომელმაც საბჭოთა იდეოლოგიის მესაჭე მისივე იარაღით დაამარცხა.

დაიწყო ტენისის 4 დიდი შლემის ტურნირიდან ერთ-ერთი - ფრანგების საამაყო როლან გაროსი. ამ სიამაყეს თან სდევს მუდმივი სინანული იმის გამო, რომ 1983 იყო უკანასკნელი წელიწადი, როდესაც ფრაგმა კაცმა - იანიკ ნოამ მოიგო შეჯიბრება.

1927 წელს ფრანგებმა ამერიკაში მოუგეს ამერიკელებს დევისის თასი. რეგლამენტის მიხედვით საპასუხო მატჩი შემდეგ წელს უნდა ჩატარებულიყო გამარჯვებულის ქვეყანაში. და აი, ასე, ერთ წელიწადში, აშენდა ეს მშვენიერი სტადიონი, რომელზეც ფრანგების განთქმულმა გუნდმა, ე. წ. „ოთხმა მუშკეტერმა“ საპასუხო მატჩიც მოიგო და 1932 წლამდე არავისთვის დაუთმია პირველობა.

დიდი შლემის ოთხი ტურნირიდან მხოლოდ როლან გაროსი ტარდება გრუნტზე, ანუ დატკეპნილ მიწაზე. ამ საფარს ისეთი თავისებურებები აქვს, რომ სრულიად განსხვავებული სტილი სჭირდება. გრუნტი ანელებს ბურთს, ის უფრო მაღლა ხტება, ამიტომ შემტევი სტილის და ბადესთან თამაშის ოსტატ ჩოგბურთელებს უჭირთ ამ საფარზე თამაში. სწორედ ამიტომ ჯიმი კონორსმა, პიტ სამპრასმა და როჯერ ფედერერმა ვერ მოიგეს როლან გაროსი და ვერ გააკეთეს დიდი შლემი, რაც ოთხივე ტურნირის მოგებას ნიშნავს. ფედერერი წელსაც იგივე იმედით ჩამოვიდა პარიზში, ამიტომ მოლოდინიც უდიდესი იყო.

იანიკ ნოა თავის სიყვარულს უცხადებს როლან გაროსს: ეს მიწაა, აქ გრძნობ მიწასთან სიახლოვეს, ამიტომ ყველაფერი უფრო დრამატულია. როლან გაროსზე მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. შარშან ვერ შევძელი ბილეთის შოვნა, წელს ადრიდანვე დავიჭირე თადარიგი და გავხდი ოთხი დღის ბილეთის მფლობელი! ვისაც ტენისი უყვარს, ის გამიგებს, რა ემოციებს იწვევს ეს ფაქტი.

სანახაობა კი მართლაც გრანდიოზულია. სამი უზარმაზარი ცენტრალური კორტი, და კიდევ 17 საშუალო ზომის. კორტებს შორის - ეკრანი-გიგანტი, სადაც აჩვენებენ ცენტრალურ კორტებზე მიმდინარე თამაშებს. ზღვა ხალხი. საყოველთაო მღელვარება, სიხარული, სასოწარკვეთა. მაგრამ ყოველთვის - კეთილგანწყობა და თავაზიანობა.

არის როლან გაროსში რაღაც ძალიან პარიზული, თავისი განწყობით, ელეგანტურობით, ქალების ჩაცმულობით, გასტრონომიით... მოხდენილ ხორბლისფერ კოსტიუმებში გამოწყობილი აურაცხელი მომსახურე პერსონალით, უსაზღვროდ თავაზიანი და ამომწურავი პასუხებით შეკითხვებზე... ყურადღებით ბურთების შემგროვებელი ბიჭების მიმართ, რომელთაც ტურნირის ბოლოს განსაკუთრებულ მადლობას უხდიან... ფანტასტიკური ემოციურობით.

ქალთა შორის ჩემთვის ბევრი სამწუხარო რამ მოხდა. ჯერ ერთი, ტურნირის დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე ტენისიდან წავიდა ბელგიელი ჟიუსტინ ენენი, მსოფლიოს პირველი ნომერი, როლან გაროსის სამგზის გამარჯვებული, რომელსაც მოგების რეალური შანსი ჰქონდა. პირველივე ტურებში დამარცხდნენ დები უილიამსები... და ახლა თასისთვის იბრძოლებენ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის წარმომადგენლები.

პირველი დღე ემოციებით იყო დატვირთული: ტენისს ემშვიდობებოდა როლან გაროსის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ფრანგების საყვარელი, თმახუჭუჭა გუსტავო კუერტენი. ის ჯერ გულამოსკვნით ტიროდა, მერე გადაეხვია თავის დამმარცხებელ პოლ-ანრი მატიეს და მიმართა ხალხს ასეთი სიტყვებით: „როლან გაროსი - ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ვნება. ბედნიერი ვარ, რომ სამჯერ მოვიგე აქ, მაგრამ კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ვინაწილებდი თქვენთან სიყვარულს“. ის დააჯილდოვეს მუშკეტერების თასით. ხალხი გრიალებდა - გუგა, გუგა! გუგას ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები, ჩემ გარშემო ორი ახალგაზრდა გოგო ხმით ქვითინებდა. ბოლოს კუერტენმა გულში ჩაიკრა თასი და გაიღიმა, გახსნილად და კეთილად. და ასე ღიმილით დაემშვიდობა აცრემლებულ ხალხს.

როლან გაროსი - ყოველგვარი ემოციების - სიხარულის, ბედნიერების, სასოწარკვეთის სავანე. აქ ტირის ყველა, კაცი, ქალი. ტირის დამარცხებული, გასაგებია, რატომ. მაგრამ ასევე ტირის გამარჯვებული, „ეს სიხარულის ცრემლებია“, ცხადია. ტირის მაყურებელი, სიხარულით თუ სასოწარკვეთით. ყვებიან ასეთ ისტორიას: მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - სანტანა ფინალში ეთამაშებოდა თავის მეგობარს - პიეტრანჯელის და მოიგო. როგორც კი გათავდა თამაში, ის გაქანდა კორტის მეორე მხარისკენ, გადაახტა ბადეს, ორივე ხელი შემოაჭდო თავის მოწინააღმდეგეს და აქვითინდა. და კარგა ხნის მანძილზე დამარცხებული ამაოდ ცდილობდა გამარჯვებულის დამშვიდებას.

ტენისი, და კერძოდ, როლან გაროსი, თავაზიანობის და, მე ვიტყოდი, რაინდულობის სამეფოა. აქ ტრადიციაა, ბოდიშის მოხდის ნიშნად ხელი აუწიო მოწინააღმდეგეს, თუ შენი ბურთი მოხვდა ბადეს და ისე ჩავარდა კორტში, ასევე ტაში დაუკრა მოწინააღმდეგის განსაკუთრებით კარგად დარტყმულ ბურთს.

ვიყავი ქალთა ფინალზე. თამაშობდნენ სერბი ანა ივანოვიჩი და რუსი დინარა საფინა. ორივე - 183 სიმაღლის, ოღონდ, საფინასგან განსხვავებით, ივანოვიჩი - თხელი, ელეგანტური და მომხიბლავი. კომენტატორები მას მხოლოდ ასე მოიხსენიებენ - მშვენიერი ანა. ტენისისტთა სილამაზის „კონკურსში“ მან შარაპოვასაც გაუსწრო. ჰოდა, მშვენიერმა ანამ ძალიან იოლად დაამარცხა საფინა, რომელიც წინა დღეს ამბობდა: ყველაფერს გავიღებ ამ თამაშისთვის, თუ უნდა მოვკვდე, მოვკვდები კორტზე (?!). გუშინ კი ამ თავგანწირვის არაფერი ეტყობოდა. დალასლასებდა მოედანზე, როგორც წინასწარ დამარცხებული და სულ იოლად წააგო კიდეც. 21 წლის მშვენიერი ანა კი ერთდროულად ზეიმობდა დიდი შლემის პირველ ტიტულს და მსოფლიოს პირველი ნომრის წოდებას.

ასევე ადვილად მოუგო რაფაელ ნადალმა ნახევარფინალში კიდევ ერთ სერბს - ნოვაკ ჯოკოვიჩს. საერთოდ, ეს ახალგაზრდა ესპანელი, როლან გაროსის სამი ტიტულის მფლობელი, მართლაც დაუმარცხებელი ჩანს გრუნტზე. დაქრის კორტზე, როგორც ქარიშხალი, სწვდება პრაქტიკულად ყველა ბურთს და თავს აცხრება მოწინააღმდეგეს უძლიერესი დარტყმით.

წინა დღეს, ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს პირველი ჩოგანი - როჯერ ფედერერი და კლასიფიკაციით 59-ე შავკანიანი ფრანგი - გაელ მონფისი. მაყურებელი უსაზღვროდ ღელავდა. ნახევარფინალში მოულოდნელად გასული მონფისი კი მართლაც საოცრება იყო. აი, ვინ აკლავდა ნამდვილად თავს თამაშს. აწოწილი, თვალებგადმოკარკლული, ექსტრავაგანტული, ხუმარა, მაყურებლის გამრთობი, სასაცილო და ამითივე მიმზიდველი მონფისი უეცრად ფრანგების კერპად იქცა. „კაუჩუკის გაელი“ - ასე ეძახიან მას კომენტატორები. მისი სისწრაფე მხოლოდ ნადალისას შეედრება, ისიც ქარივით დაფრინავს კორტზე, თან სასაცილო ისაა, რომ თავის თავგანწირვაში ძალიან ხშირად ეცემა, უფრო სწორედ, იშხლართება კორტზე, მაგრამ რაკი კაუჩუკისაა, მაშინვე წამოხტება და ისეთივე თავგამოდებით მირბის, ერთი-ორჯერ დაცემულმა დარტყმაც კი მოახერხა. სტადიონი გმინავდა. ამ თავდადებით მან ერთი სეტი მაინც წაართვა მსოფლიოს პირველ ნომერს, რის გამოც პრესამ გმირად მონათლა.

დაბოლოს - კაცების ფინალი! ჯერ კორტზე გამოვიდნენ სხვადასხვა დროის ჩემპიონები: ნასტასე, სანტანა, პიეტრანჯელი, ვილანდერი, არანჩა სანჩესი, კუერტენი, იანიკ ნოა, ბიორნ ბორგი - თმაშეთეთრებული და ძალიან ელეგანტური, „ნადალის გამოჩენამდე გრუნტის ბატონი“... ნადალი, თავისი გრძელი შორტებით, მწვანე მაისურით და მწვანე ბანდოთი, სერიოზული და შუბლშეჭმუხნილი, და ფედერერი, კლასიკური ლურჯი შორტით და მაისურით და ასევე კლასიკურად მომღიმარე. და დაიწყო შერკინება, რომელიც პირველივე გეიმიდან ნადალის ტრიუმფად იქცა. ესპანელი - ოდნავ უფრო სწრაფი, ოდნავ უფრო ძლიერი, მაგრამ ეს ოდნავ საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფედერერი თავიდანვე განწირული ყოფილიყო წასაგებად. და მაინც, საოცარი ანგარიში იყო: ექვსით ერთი, ექვსით სამი და ექვსით ნოლი! სტადიონი ერთსულოვნად მხარს უჭერდა შვეიცარელს, მაგრამ ამაოდ. მერე შედგა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი, განსაკუთრებით სასიამოვნო მოთამაშეთა ქცევის გამო. ჯილდოები ბორგმა გადასცა. გადაეხვია ფედერერს, რომელმაც ისევ ვერ აისრულა ოცნება და ვერ გააკეთა დიდი შლემი და მაინც იღიმებოდა გახსნილად და კეთილად. ფედერერმა მიულოცა ნადალს: ის ძალიან ძლიერი იყო და ყველაფრით მაჯობაო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გაისად დავბრუნდები და უკეთეს თამაშს გაჩვენებთ... მაყურებელი ოვაციებით შეხვდა ამ განცხადებას. მერე ილაპარაკა ნადალმა, ის, ჩვეულებისამებრ, არ იღიმებოდა, მაგრამ ისეთივე სულგრძელი იყო: - ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ ფედერერით, ცხადია, მისი თამაშით, მაგრამ ასევე მისი ქცევით მოედანზე. ეს მაგალითია ყველასთვის. ვწუხვარ, რომ წელს ვერ ითამაშა, როგორც შეეძლო.

- და უცებ გაიღიმა და დაუმატა: - ის არის საუკეთესო პირველი ნომერი მსოფლიოში და მე საუკეთესო მეორე.

ასეთ კეთილშობილურ ნოტზე დასრულდა ეს მშვენიერი როლან გაროსი, ანუ „ემოციების მიწა“, როგორც მას ფრანგები ეძახიან.

„ვლადიმერ პუტინის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი“, - ასეთი სათაურით დაიბეჭდა დანიელ ვერნეს წერილი 4 ივნისის „ლე მონდში“. წერილი საყურადღებოა ჩვენთვის და ამიტომ ვთავაზობ მას ჩვენს მკითხველს:

„იმისათვის, რომ აბუჩად აეგდო ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ჰენრი კისინჯერმა ერთხელ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც შემდგომ საყოველთაოდ ცნობილი გახდა: „ევროპა? ხომ არ მეტყვით ტელეფონის ნომერს?“ რუსეთთან დაკავშირებით ასეთი კითხვა არ იბადება. მიხეილ სააკაშვილმა ფარდა ახადა საიდუმლოს. როცა მას შეკითხვა დაუსვეს მოსკოვთან კონტაქტების შესახებ, მან გულწრფელად თქვა: „ყოველთვის, როცა ვურეკავ მედვედევს, მაერთებენ პუტინთან“. ახალი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პარიზში და მისი ინტერვიუ „ლე მონდთან“ ადასტურებს ამ ფაქტს. კრემლის ნამდვილ შეფად ისევ რჩება პუტინი, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურად აღარ არის მისი სამუშაო ადგილი. ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ მედვედევის მოქმედების არე ძალიან შეზღუდულია და ეს განსაკუთრებით თვალში საცემია იმის გამო, რომ მისი არჩევის მომენტში გაჩნდა იმედი, რომ მას ჰქონდა სურვილი განსხვავებული ყოფილიყო თავისი წინამორბედისაგან...

...ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით პუტინს არ შეუცვლია პოზიცია, მიუხედავად ამერიკელებთან ხანგრძლივი ბჭობისა და დასავლეთის უკანდახევისა, რომელმაც ბუქარესტის სამიტზე უარი თქვა უკრაინის და საქართველოს სტატუსის ამაღლებაზე. კერძოდ, გერმანიამ და საფრანგეთმა გადაწყვიტეს „არ გაეღიზიანებინათ რუსეთი“. რუსებმა მაშინვე უპასუხეს. ჩაიჯიბეს რა ეს დათმობა, მათ გააძლიერეს თავიანთი უპირატესობა ახალი სიძნელეების შექმნით. ეჭვქვეშ დააყენეს ყირიმის უკრაინისადმი კუთვნილება და დასვეს სევასტოპოლის საზღვაო ბაზის საკითხი.

საქართველოში ისინი აძლიერებენ ისედაც ძალიან ძლიერ კავშირებს ორ სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. აკონტროლებენ ადმინისტრაციას, უზრუნველად არიგებენ რუსულ პასპორტებს, ზრდიან ჯარებს „მშვიდობის მისიის“ საბაბით. ამასწინათ, მოსკოვმა გამოაცხადა, რომ აგზავნის 300 „უიარაღო“ ჯარისკაცს შავი ზღვის გასწვრივ მიმავალი რკინიგზის აღსადგენად. ამგვარად, ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომლებიც ოლიმპიურმა კომიტეტმა უბოძა მეზობელ ქალაქ სოჭს, გადაიქცა აფხაზეთის მცოცავი ანექსიის საბაბად. ფიქსირებული აბსცესი, უფრო სასარგებლო, ვიდრე დამოუკიდებლობა.

მოკლედ, ისინი, ვინც დასავლური სიფრთხილის საპასუხოდ ელოდნენ შესატყვის ჟესტს რუსეთისგან, სასტიკად შეცდნენ. პირიქით, ბუქარესტის გადაწყვეტილება პუტინმა აღიქვა, როგორც სისუსტის ნიშანი, და ახლა ჩქარობს მის გამოყენებას.

ეს არ არის ახალი, მაგრამ არის გაკვეთილი დასაფიქრებლად“. და „ლე მონდის“ კიდევ ერთი, 8 ივნისის სტატია. აფასებს რა სანკტ-პეტერბურგის დსთ-ს შეხვედრას, ჟურნალისტი მარი ჟოზე წერს:

„ჩვენ შეგვიძლია თვითონ მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები, თქვენ როგორ ფიქრობთ? - მიმართა მედვედევმა სააკაშვილს. 2 აპრილის ნატოს სამიტის მერე, სადაც უკრაინამ და საქართველომ მიიღეს ნატოში გაწევრიანების დასტური, რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა აფხაზეთში. იმ დროს, როცა პარიზში მყოფმა პუტინმა „ლე მონდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მიერ სეპარატისტებისთვის შეთავაზებული მშვიდობის გეგმა სამართლიანია, მოსკოვი აგზავნის რეგიონში 300 ჯარისკაცს მოსკოვისა და სოხუმის დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის საბაბით.

ამას მოყვა დასავლეთის მძაფრი რეაქცია. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეფერმა მოითხოვა „ასობით ჯარისკაცის სასწრაფოდ გაყვანა, რადგანაც ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს“. სამხედრო ყოფნის გაძლიერებით რუსეთი ეჭვქვეშ აყენებს თავის მედიატორის როლს კონფლიქტში. რამდენიც გინდა ამტკიცოს რუსეთის დიპლომატიამ, რომ 3000 ჯარისკაცი აფხაზეთში მშვიდობას იცავს, პრესაში გამოქვეყნებული ფოტოები მათ რეალურ მიზნებს ააშკარავებს. ისინი აჩვენებენ სამხედროებს, რომლებიც იკავებენ პოზიციებს რკინიგზის გასწვრივ.

ამ ბოლო კვირების მანძილზე სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს იდეა, რომ ევროკავშირი უფრო მეტად უნდა ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში. ხუთშაბათს, ევროპარლამენტმა გამოთქვა ეჭვი რუსეთის სამშვიდობო ძალების ნეიტრალიტეტსა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს უნდა, რომ სამოქალაქო პოლიციამ ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით აიღოს ეს მისია თავის თავზე. ევროკავშირის დიპლომატიის შეფმა, ხავიერ სოლანამ, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში და კერძოდ აფხაზეთში, მოითხოვა ამ პროცესში ევროპის ჩაბმა“...

დაიწყო პოპულარული ფესტივალი „პარიზის გაზაფხული“. ბასტილიის ოპერაში მღერის ანსამბლი „მარანი“. აფიშა გვამცნობს: „2001 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერა გამოცხადდა კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შედევრად. დაარსებული იუნესკოს მიერ 1997 წელს, ეს საერთაშორისო ჯილდო ემსახურება მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას.“

ფრანგი კაცების გუნდი. სცენაზე გამოდიან ჩოხოსანი მომღერლები, ერთს ხევსურული პერანგი აცვია. ფრანგები მღერიან ქართულ მრავალხმიან სიმღერებს, და ეს ძალიან, ძალიან სასიამოვნოა. მღერიან პოპულარულ სიმღერებსაც და ისეთებსაც, როგორიც მე არასოდეს მომისმენია. მღერიან სიყვარულით და გატაცებით. ამ გუნდში ერთი ქართველია - დათო კვესელავა. ის მერე საელჩოშიც იყო მოსული და გვიყვებოდა, როგორ ადგენენ რეპერტუარს, თურმე, საქართველოშიც დადიან და იქ ადგილებზე ეძებენ და სწავლობენ იმას, რაც მოეწონებათ, აქაც ჩამოჰყავთ „ძველები“, როგორც თვითონ ეძახიან ასაკოვან მომღერლებს და მათი ხელმძღვანელობით ამუშავებენ სხვადასხვა კუთხის სიმღერებს. საღამო საათნახევარი გაგრძელდა. ფრანგი მსმენელი აღფრთოვანებული ჩანდა. „ბისზე“ რამდენიმე სიმღერა ამღერეს. ოვაციები არ ცხრებოდა. და თუმცა, ჩვენ საკმაოდ განებივრებული ვართ ამ მხრივ და მოგვისმენია სამ ხმაში ნამღერი ჩვენი სიმღერები იაპონელების თუ ამერიკელების შესრულებით, მაინც სხვანაირად ამიჩქროლდა გული, როცა მშვენიერმა ფრანგმა ბიჭმა - ბერტრანმა - ულამაზესი პირველით შემოსძახა გურული კრიმანჭული!

იმღერეს „დაიგვიანეს“... და მაშინვე შორეული წარსულიდან ამოტივტივდა სურათი: სვანეთი, ალპინისტური ბანაკი „ნაკრა“, უკრაინელების დაარსებული. ჩვენი, ქართული „ოცეული“, სახელგანთქმული დილის ხაზზე დაგვიანებებით, საერთოდ - უწესრიგობით, მაგრამ ასევე - კარგი სპორტული მაჩვენებლებით, კლდეზე საუკეთესო ცოცვით, „სპორტულ შეჯიბრებებში“ - მაგალითად, გროვად დაყრილი ფეხსაცმელებიდან საკუთარის ამორჩევაში და ყველაზე სწრაფად ჩაცმაში - გამარჯვებებით, და კიდევ - სიმღერით. მართალია, ნამდვილად კარგი მომღერალი ჩვენში არავინ იყო, მაგრამ რაღაცნაირად ყველა ვმღეროდით, და ენთუზიაზმი ხომ უსაზღვრო გვქონდა. თავგამოდებით ვემზადებოდით კონცერტისთვის. ყველაზე საგულდაგულოდ „დაიგვიანეს“ დავამუშავეთ. სოლოს გაიოზი (შარაშიძე), ჩვენში საუკეთესო მომღერალი, ამბობდა, ჩვენ კი ყველა - გოგოებ-ბიჭებიანად - ბანს ვაძლევდით. გამოვედით სცენაზე. გაიოზმა შემოსძახა „დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან“... ჩვენ დიდი მონდომებით გავაბით ბანი - ოოო... და ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ვიდრე ერთმა რუსმა ბიჭმა აღშფოთებით არ დაგვიძახა, გაჩუმდით, მღერის კაცი, ხელს ნუ უშლითო! ასე ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში. ბასტილიის ოპერის სცენაზე კი ქართულ მრავალხმიანობაზე შეყვარებული ფრანგი ბიჭები ტრადიციული „მრავლჟამიერით“ ემშვიდობებიან აღტაცებულ მაყურებელს.

18 წიგნიდან იყო და არა იყო რა

▲back to top


უახლესი ისტორია

ავტორი: დათო ტურაშვილი

გაგრძელება

რაღაი ზემოთ ტყემალი ვახსენეთ, ბარემ მაშინდელი სექსის დარდსაც ვიტყვი იმიტომ, რომ ეროვნულმა მოძრაობამ მაშინ რადიკალურად შეცვალა ამ საკითხისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულება და, მით უმეტეს, ამ პრობლემის მოგვარების გზები. პრობლემაც ძველი იყო და ის გზაც, რომელიც ჯერ კიდევ ვახტანგ მეექვსემ გაიარა ორი ათასს ქართველთან ერთად საქართველოდან რუსეთის დედაქალაქამდე, თუმცა უკან მხოლოდ ერთი ქართველი მამაკაცი დაბრუნდა. ამ გზას ვახტანგ მეფის მერეც გადიოდნენ ქართველი კაცები (ჩვენი მამების თაობის ჩათვლით) და სწორედ მაშინდელი ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე გაჩნდა საქართველოში ერთი ძალიან სევდიანი ანეგდოტი:

ქართველი მამა წაიყვანს თავის ვაჟიშვილს დასავაჟკაცებლად მოსკოვში (საბჭოთა პერიოდში ასეთი რამეები მართლა ხდებოდა ხოლმე) და სასტუმროს ნომრიდან გამოსული შვილი ცრემლმორეული შესჩივლებს საყვარელ აღმზრდელს - ამათ რატომ უნდა გამოვეყოთ, მამი...

უცნაურია მაგრამ მაშინ პატრიოტიზმის გაგება რადიკალურად გაემიჯნა სექსის ჯანმრთელ ფენომენს და ხშირ შემთხვევაში ღიადაც დაუპირისპირდა. მახსოვს, რომ სწორედ მაშინ, ჩვენი პირველი მიტინგების შემდეგ, ერთი მშვენიერი გოგო მომეწონა, რომელმაც ფიზიკურ სიახლოვეზე კატეგორიული უარი მითხრა და ძალიან გულნატკენმაც დასძინა - მე შენ მართლა პატრიოტი მეგონეო...

როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის პატრიოტი იგივე იმპოტენტი იყო და მათთვის პატრიოტიზმი სრულიად შეუთავსებელი იყო სექსუალურ ჯანმრთელობასთან. თუმცა მახსოვს უფრო რთული შემთხვევაც და ერთი უნივერსიტეტელი ნაცნობი ძალიან ამაყად გამომიტყდა - არც ტოლსტოი მაქვს წაკითხული და არც დოსტოევსკი და საერთოდ, რუსულ ლიტერატურას არც არასოდეს წავიკითხავო. რატომ-მეთქი, - გავიკვირვე და იმიტომ, რომ პატრიოტი ვარო. მაშინ დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ ზემოთქმული პატრიოტიზმი კი არა, იდიოტიზმი უფრო იყო და ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ სამშობლოს სიყვარული ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს და ძალიან დიდი სიფრთხილე და ზომიერება სჭირდება.

ეს ყველაფერი კი ტყემალმა გამახსენა და მაშინ აბა ტყემალს ვინ გაეკარებოდა, თუკი ასობით ადამიანს სჯეროდა, რომ შიმშილით იმპერიების დამარცხება შეგვეძლო. 1988 წლის ნოემბრის გრანდიოზული აქციაც კრემლის დანგრევით დასრულდა, როცა 29 ნოემბერს რადიოქსელში ხმამაღლა და ომახიანად წაგვიკითხეს დანებებული მიხეილ გორბაჩოვის მიმართვა ქართველი ერისადმი და მთავრობის სახლის წინ თავმოყრილმა მრავალმა ათასმა ადამიანმა სიხარულის არგაგონილი ყიჟინა დასცა. შიმშილობის იმ ბოლო დღეს, 29 ნოემბერს, გია ჭანტურიამ სიხარულით ამცნო დემონსტრანტებს, რომ კრემლმა უკან დაიხია და ჩვენ გვჯეროდა, რომ სინამდვილეში ვიდექით მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის წინ და შიშველი ხელებით ვაწვებოდით კრემლის კედლებს. რასაკვირველია გვქონდა ეჭვი, რომ მართლა გორბაჩოვმა კი არ მოგვწერა ის წერილი, არამედ ადგილობრივმა ბოლშევიკებმა შეადგინეს ჩვენი დასაშოშმინებელი უსტარი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვირწმუნეთ საკუთარი გამარჯვებისა და სიმღერ-სიმღერით დავიშალეთ თბილისის ქუჩებში.

1988 წლის ნოემბრის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებით მომრავლდნენ და ეროვნული მოძრაობის ყოველ აქტიურ წევრს (ძირითად ნაწილს) სურდა, რომ საკუთარი პარტია ჰქონოდა და იმ პარტიის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი თავად ყოფილიყო. ისინი ყოველდღიურად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, იბადებოდნენ და იკარგებოდნენ... მათი ნაწილი, მართლაც, უცნაური იყო და ერთი პარტია რუსთაველის პროსპექტზე დაჟინებით გვთხოვდა, უარი გვეთქვა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობაზე და მთავრობის სახლის წინ ყუთიც კი იდგა, სადაც საბჭოთა პასპორტი უნდა ჩაგეგდო. მაგრამ იმ პარტიის წევრებს ერთი თვის მერე გაახსენდათ, რომ პასპორტი ადამიანს მაინც სჭირდება და მოსახლეობისადმი მიმართვის ტექსტიც შეცვალეს - ახლა, იმ ყუთთან რომ კაცი იჯდა, იმისთვის უნდა გეთქვა (თუნდაც ყურში), რომ აღარ გინდოდა საბჭოთა მოქალაქეობა და პასპორტის ჩაგდება აუცილებელი აღარ იყო. იმ ყუთში თვეების მანძილზე მხოლოდ სამად-სამი ჩაგდებული პასპორტი იმ პარტიის წევრებს ეკუთვნოდათ, სამი ადამიანისგან რომ შედგებოდა, ამ აქციის ორგანიზატორები რომ იყვნენ და თავიანთი პასპორტები, უბრალოდ, აღარაფერში ჭირდებოდათ. სხვათა შორის, სამკაციანი პარტია მეოცე საუკუნის დასაწყისშიც (მართლა) არსებობდა საქართველოში და მაშინდელი პარლამენტის (იგივე დამფუძნებელი კრების) ოქმებშიც დასტურდება მათი გვარები: ზანდუკელი, სუნდუკიანცი და ჩემოდანოვი...

თუმცა რეკორდი მაინც ჩვენი დროისა იყო, რადგან მაშინ ორწევრიანი პარტიაც კი გაჩნდა, რომლის წევრებიც რიგრიგობით და პერმანენტულად შიმშილობდნენ. არ აზუსტებდნენ რას ითხოვდნენ, მაგრამ ჰქონდათ ერთადგილიანი კარავი, რომელსაც სამაიას ბაღში გაშლიდნენ ხოლმე და ერთ დილასაც მორიგე მოშიმშილეს ღია ცის ქვეშ გაეღვიძა. მას კარავი დამწვარი დახვდა (მთლიანად) და მთელი ქალაქი საპროტესტო აქციებით აიკლეს - ხელისუფლება ღიად და აშკარად გვებრძვის - პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ცეცხლი წაუკიდესო. იყო მუქარა მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომის შესახებ, იყო ცემა და მოწოდებები, ხელისუფლების დამხობის მიზნით და ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ დამწვარმა მოშიმშილემ არ აღიარა - დაღლილი ვიყავი (შიმშილისგან) და იმ ღამეს სიგარეტით ხელში ჩამეძინაო...

არადა იმავე გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, როცა საქართველოს მიტინგებისა და დემონსტრაციების, მართლაც, გრანდიოზულმა ტალღამ გადაუარა, შორეულ ირლანდიაში პოლიტიკური მოტივით, მართლა ბოლომდე შიმშილობდნენ ადამიანები და მაშინ იმ აქციას 62 ირლანდიელის სიცოცხლე შეეწირა. შიმშილი არასოდეს ყოფილა ჩვენი საქმე და რაც შენი საქმე არ არის, იმას ბოლომდე ვერც ვერასოდეს მიიყვან. ხოლო რაც ჩვენი საქმე იყო ისტორიულად, ახლაც ყველაზე კარგად გამოსდით ქართველებს და 1989 წლის 25 თებერვალს ჩვენმა მორაგბეებმა ისე იჩხუბეს საბჭოთა მილიციის წინააღმდეგ, როგორც ახლა ებრძვიან ხოლმე რუსეთის ნაკრებს.

საპროტესტო აქცია ეროვნულ-დემოკრატებმა სპეციალურად სერგო ორჯონიკიძის ძეგლთან დანიშნეს და მამუკა გიორგაძეს მორაგბეები მოჰყვნენ და შეტაკება იყო ძალიან სასტიკი.

0x01 graphic

საქართველოს გასაბჭოების (და სინამდვილეში ანექსიის) დღეს ბოლშევიკები განსაკუთრებული ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე. 1989 წლის 25 თებერვალი კი, პირველად უახლესი საქართველოს ისტორიაში, არაოფიციალურად გამოცხადდა გლოვის დღედ და საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებაც ამიტომაც იყო იმ დღეს განსაკუთრებულად დაუნდობელი. ჩვენ ვაპირებდით ქაშუეთთან შეკრებას და უნივერსიტეტამდე მსვლელობის მოწყობას, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში დიდი მიტინგით უნდა დასრულებულიყო. ქაშუეთთან შეკრება კი შევძელით, მაგრამ უნივერსიტეტისაკენ მსვლელობით მოძრაობა ძალიან გაგვიჭირდა. ყოველ ოც ნაბიჯში გვიხდებოდა მილიციასთან და ჯართან შეტაკება და ბრძოლა. გზადაგზა ჩხუბში (ორივე მხრიდან) იმდენი ხალხი მონაწილეობდა, სახეების გარჩევა ჭირდა და საშინელ კივილსა და უბედურებაში, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ჩემს წინ დედაჩემი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, სახეზე ყველაფერი შემატყო, ხმა არ ამოუღია და მხოლოდ თვალებითა და თავის მოძრაობით მანიშნა, სახლში წამოდიო. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი და ტალღამ ერთმანეთს დაგვაშორა. ყველაფერი ერთმანეთში აირია და სადღაც რუსთაველის თეატრთან, კვლავ შემთხვევით, ისევ ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. გამომეტყველება, რა თქმა უნდა, წაშლილი მქონდა და დედაჩემმა ზუსტად ისეთივე მოძრაობა გააკეთა თავით და თვალებითაც იგივე მითხრა - სახლში წამოდიო. პასუხის გაცემა კვლავ ვერ მოვასწარი და არეულობამ კვლავ დაგვაშორა ერთმანეთს. ზემელზე განსაკუთრებული მონდომებით გვცემეს, თუმცა, ჩვენი შეჩერება მაინც ვერ შეძლეს და გზას უნივერსიტეტისაკენ მაინც მივიკვლევდით. დედაჩემი ეპიზოდურად კიდევ შემხვდა რამდენჯერმე და ზუსტად ის გააკეთა, რაც მანამდე. ვიცოდი კიდეც, რომ თავს არ დამანებებდა, რადგან დედაჩემს (ისევე, როგორც ყველა ქართველ დედას) ძალიან უნდა, რომ მისმა შვილმა ბედნიერ ქვეყანაში იცხოვროს, მაგრამ ურჩევნია (როგორც ყველა ქართველ დედას) ამ ბედნიერებისათვის სხვისმა შვილმა იბრძოლოს.

ჩვენ კი გავაღწიეთ უნივერსიტეტამდე (რამდენიმე კაცმა), მაგრამ ჩაის სახლთან (ჩაის სახლი ცალკე ისტორიაა) ავტობუსებით გადაკეტეს გზა და კორდონის გარღვევა უკვე შეუძლებელი გახდა. ხალხის ზღვა ავტობუსებს იქით აღმოჩნდა და აქეთ - მილიცია, რომან გვენცაძე, ჩემი რამდენიმე მეგობარი და მე. რომან გვენცაძე, მეგაფონით ხელში, ხმამაღლა აძლევდა მითითებებს თავის მილიციელებს და გაუბედავად ვთხოვე, იქნებ ნამდვილი მეგაფონი ხელში დამაჭერინოთ-მეთქი. ბატონ რომანს გაეღიმა, „მეგაფონის უნახავი“ მიწოდა, მაგრამ მაინც მათხოვა და ირაკლი წერეთელი კი ჩემზე ხამი გამოდგა. ის მეგაფონი ხელიდან გამომგლიჯა, კორდონთან მიირბინა და ბრძანების მოლოდინში მყოფ მილიციელებს ხმამაღლა მისცა მითითება - კორდონი გაეხსნათ და ხალხი გამოეტარებინათ.

ხალხის ტალღას დედაჩემიც გამოჰყვა და რომან გვენცაძესთან ერთად, კარგა ხანს გვსდიეს მეგაფონის დასაბრუნებლად. სწორედ იმ დღეს, მიტინგის დაწყებამდე ირაკლი წერეთელი ღიმილით დაპირდა ბატონ რომანს - დამოუკიდებელ საქართველოში პოლიციის უფროსად სწორედ თქვენ დაგნიშნავთო...

ის ოცდახუთი თებერვალი მგონი ყველაზე მაგარი დღე იყო ჩვენთვის და ქართველი მორაგბეებიც განსაკუთრებულად მგონი მას შემდეგ შემიყვარდნენ. ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეშალა დაპყრობის დღე, რომელსაც ქართველი კომუნისტები 1921 წლიდან ზეიმით აღნიშნავდნენ ხოლმე და ეს მგონი იყო ჩვენი პირველი ნამდვილი გამარჯვება. თუმცა ეს არ იყო რუსეთის მიერ საქართველოს პირველი დაპყრობა და იმ პირველ ანექსიას, ტრაგიზმის გარდა, ერთი კომიკური დეტალიც ახლდა თან, რომელსაც ყოველთვის გვიმალავდნენ.

რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს მანიფესტი ქართველ თავადაზნაურობას 1801 წელს სიონის ტაძარში წაუკითხეს და ვინაიდან მაშინ რუსული არავინ იცოდა (გარსევან ჭავჭავაძის გარდა), ქართველებმაც ვერ გაიგეს, რომ იმ მანიფესტით მათი მშობლიური სამეფო უქმდებოდა (დამოუკიდებელ ტახტთან ერთად) და ამიტომაც მანიფესტი მშვიდად და აუღელვებლად მოისმინეს. მაგრამ მანიფესტის ბოლოს იყო იმპერატორ ალექსანდრეს ტიტულების ჩამონათვალი, რომელიც ქართველებისთვის სრულიად მოულოდნელი სიტყვებით დამთავრდა. იმ მიწების კონკრეტული დასახელების შემდეგ, რომელიც ალექსანდრეს მფლობელობაში შედიოდა, ნახმარი იყო სიტყვა პროჩიე, რომელიც ორჯერ მეორდებოდა, რადგან მათი ჩამონათვალი ძალიან დიდი იყო მოკლედ, მანიფესტი სრულდებოდა რუსეთის იმპერატორის ზოგადი ტიტულით, რომელიც იყო მფლობელი იმდენი მიწებისა, რომ ყველას ვერც მოიხსენიებდნენ - ი პროჩიე ი პროჩიე...

0x01 graphic

ამ დროს ქართული საზოგადოება თურმე ჯერ დაიძაბა და მერე უცებ ვიღაცამ ხმამაღლა იყვირა - ამ სიტყვას ჩვენ როგორ გვაკადრებს რუსეთის ხელმწიფეო და ხმლის ამოღებაც დააპირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ქართველ თავად-აზნაურობას სიონში შესვლამდე ჩამოართვეს იარაღი და გარეთ კი შეიარაღებული რუსის ჯარი იდგა. სიონი ალყაში იყო და შეურაცხყოფილი ქართველები კი გაოგნებული უსმენდნენ რუსი გენერლის ახალ ბრძანებას მათი დაპატიმრების შესახებ. ერეკლე მეფე ცოცხალი აღარ იყო და სოლომონ ლიონიძეს აბა ვინ დაუჯერებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს უკვე დანგრეული ჰქონდათ ბაგრატის ტაძარი და ბაგრატის დანგრევას კი დღემდე თურქებს აბრალებენ ჩვენი ისტორიკოსები...

19 წილნაყარია ღმერთთანა

▲back to top


ცრემლიანი სათვალე

გიორგი გვახარია

ნაწილი ოცდამეთორმეტე
2004

რა სიყვარულობანა აუტყდათ ჟიურის სხდომის დროს?! ასე თუ ანაწილებენ პრიზებს, მართალი უთქვამს იმ ჩვენს ბობოლა კინორეჟისორს, დასავლეთის კინოფესტივალებზე ყველაფერი ჩაწყობილიაო.

ფილმებზე მსჯელობდნენ - ვიღაცას პოზიციას უწუნებდნენ, ვიღაცას გადაღების ტექნიკას, ვიღაცაზე თქვეს, თავის თავს ეწინააღმდეგებაო და თან, ხელებს უსვამდნენ ერთმანეთს. პაუზების დროს ხომ საერთოდ, რამდენიმე წუთით ნომერში ადიოდნენ და ჩალურჯებულ-ჩაყვითლებული თვალებით ბრუნდებოდნენ ჟიურის მორიგ შეკრებაზე.

ბიჭი, ოცდაათამდე წლის პოლონელი დოკუმენტალისტი იაცეკი, პირველ სხდომაზე, როცა ნიონის ფესტივალის დირექტორმა, ერიკა დე ჰადელნმა ჟიურის წევრები ერთმანეთს გაგვაცნო, ხან ფრანგულად ლაპარაკობდა, ხან ინგლისურად, ხან რუსულად. შიგადაშიგ პოლონურ სიტყვებსაც ურევდა. მაგრამ ცოტა ხანში ყველა დაგვიკიდა - საღამოს ბანკეტზე შეიყვარა ეს გერმანელი გოგო, უმანკო, თუ პირიქით, მანკიერი სახელით მარია (საერთოდ რომ არ ამოუღია ხმა პირველ შეხვედრაზე) და გააბა რომანი, რომელსაც ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, შავყვითელა ინდუსმა მაშინვე შეარქვა სახელი - „საფესტივალო“.

„სიყვარულობანა“ შვეიცარიის პატარა ქალაქ ნიონში ერთადერთი საშუალებაა იმისთვის, რომ სერიოზულად არ დაიწყო ფიქრი თვითმკვლელობაზე. აუცილებლად მოგივა თავში აზრი - თუკი უკვე ვარ „სიკვდილში“, თუკი უკვე ვნახე დალაგებული და დასუფთავებული სამოთხე, ახლა რაღა უნდა ვაკეთო? პრინციპში გამოსავალი არის - დიდ ქალაქში შეგიძლია დაითესო - აქედან ჟენევამდე სულ ნახევარი საათია მატარებლით. მაგრამ იქ რაღა დაგრჩენია? მარცხნივ გაიხედავ - ბანკია, მარჯვნივაც ბანკია, წინ - ჟენევის ტბა, რომელსაც ღირშესანიშნაობის ილუზიის შესაქმნელად შადრევანი დაადგეს თავზე. ჰო, კიდევ პოლიციელები დადიან ველოსიპედებზე, გრძელ შორტებში. ძროხაც კი, ლამის ერთადერთი ცოცხალი არსება ჟენევისკენ მიმავალ გზაზე, უმოძრაოდ და უხმაუროდ აკეთებს თავის საქმეს - ვიტამინებით მდიდარ, გაპრიალებულ ბალახს შეექცევა, რათა მერე, სრულიად შვეიცარია და სრულიად მსოფლიო ვიტამინებით მდიდარი, ნახვრეტებიანი ყველით გაახაროს.

ბავშვობაში გვასწავლეს, სიკვდილი ან სამოთხეა, ან ჯოჯოხეთიო.

ნიონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აივანზე ვიჯექი ჩემთვის, ლამაზად, ვუცქერდი ჟენევის ტბაზე მოფარფატე თოლიებს და ერთი კარგი აზრი მომივიდა თავში - აი, შარშანწინ ტოლედოს ვიწრო ქუჩებმა რომ შემაშინეს, დამფრთხალი რომ შევვარდი იგლესია დელ სანტო ტომეში ჩემი საყვარელი „გრაფი ორგაზის დასაფლავების“ სანახავად და იმან სულ რომ გამიხეთქა გული... ვერც ესპანურმა ღვინომ რომ ვერ მიშველა და სულ წივილ-კივილით, გინებით დავუყევი ციცაბო დაღმართს რკინიგზის სადგურისკენ, რათა როგორმე მეხსნა თავი ამ კოშმარისგან... ერთსა და იმავეს არ გავიძახოდი მაშინ - „ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი“? ჰოდა, რას ვიფიქრებდი, მე, ცოდვილი, რომ მალე სამოთხეშიც ამოვყოფდი თავს - იმ სამოთხეში, რომელსაც გამუდმებით გვპირდებოდნენ ჩვენი, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ლიდერები, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს „გადააგდებდნენ“ ხოლმე.

ვაა... ხომ ამბობდნენ, თუ ჭკვიანად მოვიქცევით, საქართველო მალე შვეიცარია გახდებაო?

0x01 graphic

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს დაპირება ასრულდეს? პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა ხალხის დიდი ნდობით ხელისუფლებაში მოსულმა უმრავლესობამ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება და დრო არ დაკარგოს დესტრუქციულ, უფრო სწორად, „დეკონსტრუქციულ“ პოლემიკაზე. ცხადია, ამ დროს იქმნება საშიშროება, მედიიდან შემოგიტიონ ვიღაც-ვიღაცებმა და ისევ დაგაკარგინონ დრო „შვეიცარიისკენ“ მიმავალ გზაზე. თუმცა, სანამ ხალხის ნდობა გაქვს, არავინ ატეხავს ყიჟინას. ასე არ მოხდა? ზამთარში, ზუსტად მაშინ, როცა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყო, კონკრეტულად კი 3 თებერვალს, ტელეკომპანია „მზის“ პოლიტიკურმა თოქშოუ „ღამის მზერამ“ ეთერში გასვლა შეწყვიტა, 4 თებერვალს გადაცემის ბედი „რუსთავის 2“-ის „ღამის კურიერმა“ და „მეცხრე არხის“ ღამის პოლიტიკურმა დებატებმა გაიზიარეს. მერე დაიხურა ტელეკომპანია „იბერია“, რომლის ეთერში ნამეტანი გაუტკბათ წყევლა-კრულვა ოპოზიციონერებს. დააპატიმრეს „ახალი საქართველოს“ მრისხანე მოწინააღმდეგე, ბასილ მკალავიშვილი, ზედ მიაყოლეს ძველი ხელისუფლების რამდენიმე ჩინოსანი, ამ ჩინოსნების მეგობარ-ნათესავი ბიზნესმენები, საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს წესიერი და კოპწია ქალი, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, გამოასახლეს „ივერიიდან“ დევნილები, ქალაქის ხედს რომ „აბინძურებდნენ“ თავიანთი სარეცხით და სამოთხისკენ მიმავალმა ციცაბო დაღმართმა ნელ-ნელა დაიწყო გასწორება.

რა ხდება, როცა ტოლედოს ბორცვის მსგავსი ჯოჯოხეთიდან ძირს ეშვები... ტოლედოში თუ არ ყოფილხართ, სიზმარი ხომ გინახავთ ასეთი? სირბილ-სირბილით მიუყვები დაღმართს და გზას გიღობავენ მაჯლაჯუნები, ისევ სქელი გალავნით შემოსაზღვრულ ციხე-სიმაგრეში რომ უნდათ შენი შეთრევა. თუკი სიჩქარე კარგად გაქვთ აღებული, ვერ გაგისწორდებიან. არის, რა თქმა უნდა საშიშროება, გამარჯვებისა და სიჩქარის ეიფორიაში რეალობის გრძნობა დაკარგოთ და მათთან ჭიდილში რაღაც ძალიან არაპოპულარული წამოგცდეთ. კახა ლომაიასავით თქვათ, მაგალითად, ნებისმიერი ადამიანის რელიგიური მრწამსი მისი პირადი საქმეა, ამიტომ არ გაგცემთ კითხვაზე პასუხს, ვარ თუ არა მართლმადიდებელიო, ანდა, ქალაქის ახლადდანიშნული მერივით, ზურაბ ჭიაბერაშვილივით გადაწყვიტოთ მოძრაობის ახალი „მარშრუტის“ დაკანონება ვარაზის ხევში... აქაც გამოგიდებენ ფეხს და რაღაც-რაღაცებს გაგახსენებენ.

მაგრამ ენდეთ ჩემს გამოცდილებას. ჯოჯოხეთიდან თავის დახსნა თუ გინდათ, ჯობია დათვრეთ, რამე ძალიან მაგარი დალიოთ, რათა, ღმერთმა დაიფაროს, შიშისგან „ხალასტოიში“ არ ჩააგდოთ სიჩქარეების თქვენი პატარა, მაგრამ უკვე კარგა მაგრად გაცვეთილი კოლოფი.

ბოლოს და ბოლოს, დაღმართზე საშიშია ასე სიარული. შეიძლება მუხრუჭებმა გიმტყუნოთ.

სწორ გზაზე როცა გახვალთ, ჩაჯდებით მატარებელში, ან ავტობუსში და გაუყვებით სამოთხის მიმართულებას. სიმღერისა და ლექსის თანხლებით ეს გზა განსაკუთრებით სასიამოვნო ხდება.

მე, მაგალითად, ტოლედოდან მადრიდისკენ მიმავალ გზაზე, იაფფასიან „ვოლკმენში“ ვერდის „ბალ-მასკარადის“ ფინალური ანსამბლის მოსმენა ვარჩიე, როცა კაცების ხმაური და თითქმის აუტანელი ფორტისიმო, გუნდისა და ყველაზე ლამაზი შავკანიანი სოპრანოს, მარტინა აროიოს „შელოცვით“ იცვლება. ბევრჯერ გავბრაზებულვარ ბერნარდო ბერტოლუჩიზე, მაგრამ როგორც კი მახსენდება, რომ თავისი „მთვარე“ მან „ბალ-მასკარადის“ სწორედ ამ ჩანაწერით, სწორედ აროიოს ხმით დაასრულა, ეგრევე მიჩუყდება გული იტალიელ მაჩოდ გადაქცეულ ოდესღაც მეამბოხე სამოციანელზე, რომელმაც დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც ვერ მოიგო პიერ-პაოლო პაზოლინის გული და სამყაროზე გულაცრუებულმა, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ გადაიღო.

„რენატო, შენი ცოლი უდანაშაულოა, მას არ უღალატია შენთვის“ - Ella e pura: in braccio a morte... ამბობს (მღერის) მომაკვდავი რიჩარდი და მას ახლა ყველა დასტირის - მისი მტრებიც, და მისი მეგობრებიც.

ბოსტონი, სადაც „ბალ-მასკარადის“ მოქმედება ვითარდება, ჯუზეპე ვერდის, მოგეხსენებათ, ცენზურამ „შეტენა“. თავდაპირველად ოპერის მთავარი გმირი არა მოგონილი რიჩარდი, არამედ შვეციის მეფე, გუსტავ მესამე უნდა ყოფილიყო. ის კაცი, გადატრიალებით, Frihetstide-ის, ე.ი. „თავისუფლების ეპოქა“ რომ დაასრულა შვედეთში, მერე სასწრაფოდ რომ შეცვალა კონსტიტუცია და მარტოდმარტომ დაიწყო რეფორმები. ერთგულ ახალგაზრდებს თანამდებობები დაურიგა („დროა, შვილებმა დაიწყონ მშობლებზე ზრუნვა“) და ძველი მონარქებისგან განსხვავებით, გამოვიდა - დღის სიახლეებს შვედებს ახლა უშუალოდ მეფე აცნობდა.

გუსტავ მესამე ბალ-მასკარადის დროს მოკლეს საკარნავალო ნიღბებში გამოწყობილმა მტრებმა.

„ადიო“, „ადიო“... კლაუსტროფობური ტოლედოდან როცა გამორბიხარ, ეს სიტყვები, ეს მუსიკა ჯოჯოხეთთან დამშვიდობების ილუზიას გიქმნის.

უფრო სწორად, მე მიქმნის.

იმათ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ჩემსავით ოპერას მიანიჭეს უპირატესობა - ოღონდ გადაკეთებულს და გამსუბუქებულს. „განათებული მთა-ბარი“, რომელიც ყველაფერთან ერთად, „ღმერთთან წილნაყარია“ თურმე...

სამოთხეა ეს, აბა რა არის!

ოთარიკო ამბობდა ხოლმე, ჭუმბურიძე. გერმანიაში გადახვეწის წინ. „რა ჯანდაბად მინდა, სალი კლდეები, სადღაც სამოთხე თუ მეგულებაო!“. ჰოდა, შეისმინეს ეს სიტყვები საქართველოს პარლამენტში. „სალი კლდეები“ ახლა „განათებულმა მთა-ბარმა“ შეცვალა.

6 მაისს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმელებს მიმართა: „თქვენ ერთ-ერთი უნიკალური ხალხი ხართ მსოფლიოში. ის, რაც თქვენ გააკეთეთ ამ დღეებში, ვის გაუკეთებია, ასე, უსისხლოდ?“

მთავარი ისაა, რომ შენი უნიკალურობა იგრძნო და დარწმუნდე, შენი წილნაყარი მთა-ბარი ყველაზე მეტადაა განათებული... ანუ, შენ უკვე ხარ შვეიცარია!

ჰოდა, ნიონის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აივანზე როცა ვიჯექი ლამაზად და კამკამა ჟენევის ტბას შევყურებდი (თავისი ყრუ-მუნჯი თოლიებით), ბათუმი გამახსენდა. რა ჯანდაბა მინდოდა ამ სიმკვდარეში? ბათუმში მაინც წავსულიყავი. თანაც, მაისიდან აჭარაში „ვიზაც“ აღარ გჭირდება!

სიყვარულობანა? ეგ ამბავი ასე ადვილად რომ გამომდიოდეს, კინომცოდნე კი არ გავხდებოდი.

თუმცა „სიყვარულობანა“, რომელიც ნიონის დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრებს შორის გაიმართა, „ბალ-მასკარადის“ ლიბრეტომდეც კი ვერ ქაჩავდა.

ფესტივალის გახსნის წინ სასტუმროს ვესტიბიულში შეგვყარეს და გამოგვიცხადეს, რომ ოდესღაც სახელგანთქმული ნიონის კინოფორუმი გაკოტრების პირასაა, ამიტომ ჟიურის წევრებს გასამრჯელოს გარეშე მოგვიწევს მუშაობა. „სამაგიეროდ საუკეთესო რესტორნებში გასადილებთ და გავახშმებთ“ - დაამატა ერიკამ.

ამ ერიკამ, თავისი მეორე ნახევრით, ბერლინის კინოფესტივალის ყოფილი დირექტორით, მორიც დე ჰადელნით, ერთხელ უკვე გამხვია შარში - დიდი ხნის წინ, ჩემს პირველ „ბერლინალეზე“. იმხანად, მეორე ერიკასთან, ბერლინის ფესტივალის „დამატების“ - „ფორუმის“ დირექტორთან, ერიკა გრეგორთან ვმეგობრობდი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ „ბერლინალეს“ ამ ორ სექციას შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო გამართული.

გრეგორმა „ფორუმის“ რომელიღაც ფილმზე დამპატიჟა. კი მაგრამ, მაგ დროს როგორ მოვიდე, საკონკურსო ფილმებს ვუყურებთ-მეთქი... შენც აიღე და გამოიპარეო... ასეც მოვიქეცი. მაგრამ კარებში მეორე ერიკა, დე ჰადელნი შემეფეთა. „როგორ, ჩვენ ფესტივალზე დაგპატიჟეთ, თქვენ კი შუა ფილმიდან გადიხართ?“ - საბჭოთა სკოლის სასწავლო ნაწილივით მომაძახა. არა, უბრალოდ, ერიკა გრეგორმა მთხოვა, „ფორუმის“ ფილმი მენახა და იქ გავრბივარ-მეთქი.

ახალგაზრდა ვიყავი. ტყუილები ჯერ არ მეხერხებოდა.

თბილისში რომ ჩამოვედი, მოსკოვიდან დამირეკეს და მითხრეს, ეს რა საერთაშორისო სკანდალი მოგიწყვია, დე ჰადელნებმა პრესკონფერენცია მოიწვიეს და „ფორუმის“ დირექციას ჟურნალისტების გადაბირება დააბრალეს. მაგალითად კი შენ, „ქართველი კინოკრიტიკოსი“ მოგიყვანესო.

დრო რომ გავიდა, ამ ერიკამ (დე ჰადელნმა), რომელიც იმხანად ნიონის ფესტივალის დირექტორი იყო, მადლიერების ნიშნად დოკუმენტური კინოს შვეიცარიულ ფორუმზე ჟიურის წევრად დამპატიჟა. ფული არ გადაგვიხადა, მაგრამ „კაი სმა-ჭამა“ მართლა არ მოგვაკლო.

პირველივე ვახშამზე, როცა რესტორანში სანთლები დაგვინთეს და ერთდროულად ხუთმა ოფიციანტმა გადაწყვიტა ჩვენი მომსახურება, იაცეკმა შენიშნა, რომ დაბნეულს მეჭირა ხელში უზარმაზარი მენიუ. რუსული მარტო მე და იმან ვიცოდით, ამიტომ, მოურიდებლად დამიძახა მთელ სუფრაზე, ჯერ ფასებს შეხედე და ამათ ჯინაზე, ყველაზე ძვირი აიღეო.

სწორედ ასე მოვიქეცი. მეც და იაცეკიც (თავისი გერმანელი სატრფოთი). ისეთებს ვუკვეთავდით, რომ კერძის მოტანას მართლაც ხუთ-ხუთი ოფიციანტი სჭირდებოდა - აკვარიუმებს ეზიდებოდნენ, მაგიდაზე, პატარა „კოცონს“ ანთებდნენ და ჩვენს თვალწინ ხორცსა და თევზს წვავდნენ. შამპანური - ოხრად... საუკეთესო ნამცხვრები, ნაყინი!

კიდევ არ გჯერათ, რომ სამოთხეში მოვხვდი?

ეს სიტყვები, „ვოზმი სამოე დოროგოე“, სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ პოლონელ დოკუმენტალისტს ჩემი გული მოეგო. ახლა უკვე ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე შეიძლებოდა მისი „სიყვარულის ყურება“.

პოლონურ-გერმანულმა წყვილმა მართლაც შეამსუბუქა ჩემი ყოფა შვეიცარულ სამოთხეში. მარიამ არც ფრანგული იცოდა, არც რუსული. მაგრამ იაცეკი ყველაფერს უთარგმნიდა. სეანსები როცა მთავრდებოდა, სანამ „სიყვარულობანას“ დაიწყებდნენ, ნიონის პარკში ვსეირნობდით ხოლმე. ბესლანის ამბები გავარჩიეთ; „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დაპატიმრების ამბავი მოვუყევი. მკითხეს, რამდენად იმოქმედებს ეს სკანდალი ქართულ-ოსურ კონფლიქტზეო. სხვათა შორის, იცოდნენ რაღაცები; მარიამ, ასევე დოკუმენტალისტმა, რომელიც ზამთარში ჩეჩნეთზე ფილმის გადაღებას აპირებდა, მაგრამ ფულს ვერ შოულობდა, იცოდა, მაგალითად, რომ სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილმა (ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრმა) გამოაცხადა, არა მაქვს ილუზია, თითქოს ცხინვალის პრობლემის მოგვარება მშვიდობიანი გზით გახდეს შესაძლებელიო...

საყვარელი გოგო იყო - დიდი, კეხიანი ცხვირითა და მოკლედ შეჭრილი თმებით. ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, მაგრამ რეაქციები ზუსტად ერთნაირი გვქონდა. განსაკუთრებით, როცა შვეიცარიულ სამოთხეზე იწყებოდა მსჯელობა. ოპერაც უყვარდა, ჩემსავით. უფრო მეტიც, ფიგურული სრიალითაც კი დაინტერესდა. ეს უკანასკნელი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ კარგი დავინახო ადამიანში.

ფესტივალის დაწყებიდან მესამე დღეს უკვე ძალიან შეყვარებული თვალებით უყურებდა თავის იაცეკს.

ჟიურის სხდომებზე ის შავყვითელა ინდუსი ჩვენ უკვე „სამკუთხედს“ გვეძახდა. შვიდკაციან ჟიურიში სამი ხმა საკმარისი არ იყო გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგრამ რამდენიმე დღეში კიდევ ერთი თანამოაზრე შეგვემატა - ამერიკელი პროდიუსერი ქალი, ჯანეტი (ფესტივალის დირექტორი მას „ჯანს“ ეძახდა). კონკურსში რამდენიმე ფილმი მისი ფულით იყო გადაღებული, ამიტომ ამერიკული სურათების განხილვისას, ოთახიდან გადიოდა ხოლმე.

აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, საქართველო, ბრაზილია... ეს არაა, ცხადია, სამყაროს მოდელი, მაგრამ ნიონის ფესტივალის ჟიურის ასეთი შემადგენლობა მაინც აისახა შედეგებში. ყოველ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული „გაცრის“ დროს, როცა საღამოობით იმ ფილმებს ვასახელებდით, რომელთაც აღარ განვიხილავდით დასკვნით სხდომაზე, კარგად ჩანდა - რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, გლობალიზაცია, გლობალიზაციაო, ყველა მაინც თავის კულტურას წარმოადგენს და მაინც თავისკენ მიერეკება.

ფრანგი - ამერიკელს ებრძოდა და ყველაფერს აკეთებდა ფრანგული პროგრამის გასაქაჩად. ინდუსი კატეგორიული წინააღმდეგი იყო პოლიტიკური პუბლიცისტიკის და ღიად ლობირებდა ფილმებს სოციალურ თემაზე. ბრაზილიელი ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ არაფერი მოსწონდა. ჩვენ...

არა, მართალი უთქვამს იმ ბობოლა ქართველ კინორეჟისორს - ფესტივალებზე ყველაფერი ჩაწყობითაა! დაუმეგობრდება ჟიურის ერთი წევრი მეორეს, ან, „სიყვარულობანას“ გააჩაღებს მასთან და შედეგი სახეზეა - მეგობრებს, შეყვარებულებს აუცილებლად მოეწონებათ ერთი და იგივე ფილმი.

მაგრამ ნიონის ფესტივალზე სულ რამდენიმე დღეში შეიცვალა ყველაფერი.

10 ოქტომბერს ჟიურის ფრანგმა წევრმა, ასაკოვანმა კაცმა, კინოდრამატურგმა, რომელიც გვარწმუნებდა ტრიუფოსთან ვმეგობრობდიო, საუზმეზე ახალი გაზეთები შემოიტანა და ჟაკ დერიდას გარდაცვალების ამბავი გვაუწყა.

„დერიდამ შეიცნო ფინალური დეკონსტრუქცია“ - ასეთი სათაურით გამოვიდა „ლიბერასიონი“, რომლის მოწინავე სტატია ჰაიდეგერის ციტატით იწყებოდა: „სიკვდილი - შეუძლებლობის შესაძლებლობაა“.

ბრაზილიელმა ბიჭმა დერიდას შესახებ არაფერი იცოდა. ცოტა გაუკვირდა ჩვენი „უი“ და „ვაი“... ფრანგმა გვითხრა, კიბო ჰქონდა და საშინლად დაიტანჯაო. ჯანეტმა დაუმატა, მაგ კაცმა ამერიკელებს ფილოსოფოა შეაყვარაო. ინდუსი, ის შავყვითელა კაცი, „დეკონსტრუქციის მამის“ ყველაზე კარგი მცოდნე აღმოჩნდა - გაგვახსენა, დერიდა ამბობდა, სიკვდილი თვითიდენტიფიკაციისა და შეუცვლელობის გრძნობას ამძაფრებს, ვერავინ მოკვდება ჩემს მაგივრადო და სიკვდილის დროს მაინც ვაღწევ იმას, რაზეც სულ ვოცნებობდი - ბოლოს და ბოლოს ჩემს თავს მივეკუთვნებიო.

იაცეკი დიდხანს იყო გაჩუმებული. დროდადრო დგებოდა და თავის საყვარელ „გერკულესს“ იმატებდა. მაგრამ როცა ინდუსმა სწორედ დერიდას დაუკავშირა წინა დღის დებატები, გაგვახსენა, როგორ იმეორებდა, პოლიტიკური რეალობა არ შეიძლება მივიჩნიოთ ერთადერთად, ეს ყველაფერი პოლიტიკოსებისა და მედიის მოგონილია, სხვა რეალობებიც არსებობსო... იაცეკმა ასწია თავი „გერკულესის“ თეფშიდან და ძალიან ხმამაღლა, ძალიან გამოთქმით და აშკარა ზიზღით თქვა:

„მარქსისტი!“

„მარქსის აჩრდილები“, წიგნი, რომელიც დერიდამ 1993 წელს, კომუნისტური სისტემის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაწერა, არ მქონდა წაკითხული. რომ არა ნიონის ეს საუზმე, რატომღაც შტრაუსის ვალსის თანხლებით, პატარა ოტელის რესტორანში, შეიძლებოდა არც მოგვიანებით წამეკითხა. გერმანულიც არ ვიცოდი, კარგად რომ გამეგო მაინც რაზე იჩხუბეს ასე საქვეყნოდ, მთელი საერთაშორისო ჟიურის თვალწინ იაცეკმა და მარიამ. რას უმტკიცებდა ეს გოგო ასე დაჟინებით ჩემს პოლონელ მეგობარს. ის კი გავიგე, როგორ უთხრა ფრანგმა, სულ რამდენიმე თვეა რაც ევროკავშირის წევრები გახდით და უკვე პოლონეთის განსაკუთრებულ როლზე ლაპარაკობთო...სინამდვილეში ისევ ნახევრადკოლონიური ქვეყანა ხართ, ევროკავშირში კი იმიტომ მიგიღეს, რომ იაფი მუშახელი და ევროპის საზღვრების ცენტრიდან „გადასროლა“; სჭირდებოდათო.

მარიას ვაკვირდებოდი. პირველად დაეთანხმა ამ ფრანგ დრამატურგს.

„მე მინდა ვისწავლო სიცოცხლე“ - დერიდა დარწმუნებული იყო, რომ სწორედ მარქსიზმმა დაისახა ეს მიზნად. მაგრამ სიცოცხლეს, რომელიც ათას რეალობად, ათას ენადაა დაშლილი, ვერ ისწავლი. შეგიძლია ისწავლო მხოლოდ დასრულებული, - ე.ი. სიკვდილი და მხოლოდ სხვისი გამოცდილება. მაგრამ, ვინაა ეს „სხვა“, ვინც ეს იცის? ცხადია, ეს იქნება მხოლოდ მკვდარი, ანუ აჩრდილი („აჩრდილების სამყარო“ აკავშირებს მარქსის „მანიფესტს“ შექსპირის „ჰამლეტთანო“ - შენიშნავს დერიდა). „აჩრდილი დადის ევროპაში, კომუნიზმის აჩრდილი“ - მოძრაობას, სივრცეში ლივლივს გულისხმობს. კომუნიზმი დაიწყო, როგორც აჩრდილი და დარჩა როგორც აჩრდილი - წერს დერიდა. კომუნიზმს არა აქვს მოხაზულობა, ფორმა, იგი გამჭვირვალეა. მაგრამ ამ აჩრდილის მაინც ეშინიათ... ამ აჩრდილის შიშით ქმნიან ნაცისტურ პარტიებს, ამ აჩრდილის შიშით ეწყებათ იდენტიფიკაციის დაკარგვის პანიკა, ამ აჩრდილის შიშით ომობენ და ამ აჩრდილის შიშით თხზავენ ლექსებს, რომლებმაც უნიკალურობის ილუზია უნდა შექმნას... აზრი იგივე რჩება. სიტყვები იცვლება მხოლოდ: გუშინ „ია დრუგოი ტაკოი სტრანი ნე ზნაიუ“... დღეს - „წილნაყარია ღმერთთანა!“

ე.ი. მართლაც დაუმარხავი მკვდარია საბჭოთა კავშირი? მართლა აჩრდილია? აი, ეს ჩვენი ქართულ-პოლონური ძმობაც, თვალის ჩაკვრა შვეიცარულ რესტორანში... ესეც „გადმონაშთია“?

არადა, ხომ აშკარად გავუგეთ ერთმანეთს? ერთხელ, ნიონის ტყეში სეირნობისას, ანჯეი ვაიდას „დანტონი“ გავიხსენეთ - რევოლუციაზე, რომელიც თავის შვილებს „ჭამს“ და რევოლუციონერებზე, რომლებიც ხალხის სახელით იწყებენ ლაპარაკს. იმაზეც შევთანხმდით, რომ თუკი პოსტკომუნისტური ეპოქის მმართველები არ გაითვალისწინებენ განსხვავებული რეალობების არსებობას, ხალხში ისევ გაჩნდება წარსულის ნოსტალგია...

რაღაც ამის მსგავსს არ წერდა დერიდა? რამ აღაშფოთა ჩემი პოლონელი მეგობარი? იქნებ უბრალოდ დაიღალა შვეიცარიულ სამოთხეში, ასე, უმოძრაოდ ყოფნით, სადილით, ხუთ-ხუთი ოფიციანტისა და სანთლების თანხლებით, ვახშმით, რომელიც ორმოცდაათი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების დესერტით და აფრიკელ ბავშვებზე შეწუხებული საუბრით მთავრდებოდა ხოლმე. დაიღალა და ჟულიეტ ბინოშის გმირის თქმისა არ იყოს, „ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეში“ (პირობას ვდებ, ამ ქალს სულ მალე აღარ ვახსენებ), თავისიანები, ე.ი. „სუსტები“ მოენატრა?

არა. ნამდვილად მართალი თქვა იმ ჩვენმა ბობოლა კინორეჟისორმა.

ნიონის ფესტივალზე დაპატიჟებული კინორეჟისორები ჟიურის ვერდიქტს ისე ელოდნენ, როგორც ფეხმძიმე ქალი 9 თვის გასვლას. ამ ხალხს ახლოს არ გვაკარებდნენ, რათა, ღმერთმა დაიფაროს, რამე არ წამოგვცდენოდა - არ გვეთქვა მათთვის, რომ „მახინჯია“ ის, რასაც მუცლით ატარებენ, ან, პირიქით... თითქოს „მესია“ მოავლინეს სამყაროს. თუმცა კინორეჟისორებთან კონტაქტს ვინ ჩივის - ფესტივალის ბოლო დღეებში პროგრამა ისე გადაიტვირთა, რომ ფეხსალაგშიც კი ვერ ვასწრებდით შესვლას. ერიკა კარებთან იდგა, ამიტომ ჩემი ყოველი ცდა - სიგარეტის მოსაწევად გამოვსულიყავი დარბაზიდან, დირექტორის ზრდილობიანი მითითებით მთავრდებოდა: - „დაბრუნდით დარბაზში. სილ ვუ პლე!“

ჩემგან განსხვავებით იაცეკი დირექტორის მითითებას არ ემორჩილებოდა. უფრო მეტიც, ფესტივალის დახურვამდე ერთი დღით ადრე, მასთან ერთად დარბაზიდან გასვლა იმ ამერიკელმა ქალმაც დაიწყო, „ჯანს“ რომ ეძახდა ერიკა მოფერებით.

სეანსის დროს ცალკ-ცალკე შემოდიოდნენ. თანაც, დარბაზში ბნელოდა, ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად ჰქონდათ თვალები ჩალურჯებულ-ჩაყვითლებული. ის კი ფაქტია, რომ ჟიურის დასკვნით სხდომაზე უკვე ერთად ისხდნენ... მერე, როცა ამერიკული პროგრამის განხილვა დაიწყო, ჯანი ოთახიდან გავიდა. იაცეკმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე გადაღებულ ამერიკულ ფილმს დაუჭირა მხარი... მისი ხმა სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ფესტივალის გამარჯვებული ამერიკული ფილმი გამხდარიყო - შესაბამისი პრემიით, 60 000 შვეიცარიული ფრანკით!

ასე იცის „სიყვარულობანამ“. მით უმეტეს, თუკი მისი მამოძრავებელი ძალა მყარი და დღემდე შეურყვნელი ფული - შვეიცარული ფრანკია.

ამას არ წერდა დერიდა? იმ აჩრდილების გადაადგილებას მხოლოდ და მხოლოდ ფული განსაზღვრავსო.

პრიზები გაანაწილეს და ბანკეტისთვის დაიწყეს მზადება. მეჯლისი აქაურ სკოლაში გაიმართა. ტრადიციის თანახმად, ფესტივალის მონაწილეები, ჟიურის წევრები და კინომანები ბანკეტზე არა ფრაკებსა და საღამოს კაბებში, არამედ საკარნავალო კოსტიუმებში უნდა გამოცხადებულიყვნენ. მეგონა მარია დროზე ადრე დატოვებდა ფესტივალს, მაგრამ მეჯლისზე მაინც მოვიდა.

კარნავალი არ შედგა. რამდენიმე გიჟი კინომანის გარდა ყველა ჩვეულებრივად იყო ჩაცმული. მარიაც მშვენიერ ხასიათზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე პოლონურ-ამერიკული წყვილი მთელი ფესტივალის თვალწინ შეუდგა „სიყვარულობანას“ - შვეიცარიულ შოკოლადს უტენიდნენ ერთმანეთს პირში და დალიდას სიმღერაზე რაღაც „სირტაკის“ მსგავსს ცეკვავდნენ.

მოლოდინი როცა არ ამართლებს, მელოდრამა როცა არ შედგება, აუცილებლად უნდა დათვრე, შენს ინტუიციაში ეჭვი რომ არ შეგეპაროს.

ასეც მოვიქეცი. დავთვერი (ლამაზად) და წარმოვიდგინე, რა ამბავი ატყდებოდა, არა ამ „სიმკვდარეში“ - შვეიცარიულ სამოთხეში, სახელგანთქმულ (თუმცა, გაკოტრებულ) კინოფესტივალზე, არამედ სადმე, უფრო კარგ ადგილას - მეთვრამეტე საუკუნის ბოსტონში, ან, გუსტავ მესამის შვედეთში რომ გამართულიყო ეს ბანკეტი. ევროპელი და ამერიკელი ქალები ერთმანეთს დაერეოდნენ. ხანჯლით განგმირული პოლონელი ბიჭი კი შესძახებდა: „ადიო“, „ადიო“.

მაგრამ ვინ მისცა ამათ სცენაზე თამაშის უნარი? ასეთი ამბები შეიძლება მხოლოდ იქ მოხდეს, სადაც ვნებები უყვართ - იქ, ჩემთან, ღმერთთან წილნაყარ მთა-ბარში. მართლაც, რა ჯანდაბად მინდა „სხვა ქვეყნის სამოთხე“, როცა სამშობლოში ნამდვილი ოპერა მელოდება.

რამდენიმე თვე გავიდა. იაცეკი თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალზე ვნახე. ევროკავშირის ფულით ფილმს ვიღებო. ეგ მითხრა და მიაყოლა: „ეს რა ხდება თქვენთან? სად გაგონილა, ოცდამეერთე საუკუნეში, პრემიერ-მინისტრი გაზის გამათბობლით იგუდებოდეს?“

20 ჟიზნენი აერობიკა

▲back to top


ერთხელ ინ ჯორჯია

ავტორი: აკა მორჩილაძე

0x01 graphic

ერთ-ერთი დავიწყებული, ანდა, მგონი, უფრო შეუმჩნეველი, ვიდრე დავიწყებული ამბავი, იმ დროის თბილისში ის იყო, რომ პოლონეთიდან მოჭიდავეთა შოუ ჩამოვიდა და სპორტის სასახლეში წარმოდგენა გამართა.

ეს შოუ თავისი ხალხმრავლობით ვერ შეედრებოდა სუზი კვატროს კონცერტს, მაგრამ უცხოური შოუ კი იყო და მისი გამოჩენა თბილისში გამანადგურებლად დასრულდა.

მოჭიდავეთა ანსამბლი, იგივე პრო რესთლინგი დღეს, ალბათ, ყველას უნახავს ნაირგვარ არხებზე, თუმცა ამ სეირს, ცოტა არ იყოს, სპეციფიკური მაყურებელი ჰყავს.

პრო რესთლინგი ძველისძველი საცირკო ჭიდაობის შთამომავალია და სინამდვილეში აკრობატული შოუა, რომელსაც საშინელი იერისა და განუზომელი ოდენობის კუნთების მქონე კაცები და ქალები ატარებენ მაყურებელთა გასართობად. აქ არის ცრუ დარტყმები და ჭიდაობის აკრობატულივე ილეთები. მეტიც, მთელს შოუს თავისი სცენარი აქვს ხოლმე და ჰყავს ვითომ ჩემპიონები, ვითომ გალახულები და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ცირკია.

საბჭოთა კავშირში ეს პრო რესთლინგი იწოდებოდა კეტჩად. ქეჩ, ეზ იუ ქენ ქეჩ, ასევე ამერიკულ სანახაობად იყო ცნობილი, უფრო სწორად, სასეირო ჩხუბად, რომელშიც ყველაფერი მოდიოდა. ანუ, დღეს რომ ბოი ბეზ პრავილ არსებობს და ერთხანს თბილისშიაც რომ ტარდებოდა, იმის მსგავსი რაღაც.

ოღონდ, საბჭოთა სპორტულ პრესაში ეს ორი რამე, მგონი, ერთმანეთთან იყო გაიგივებული და პრო რესთლინგის შოუები, აქაურ პროპაგანდაში, პირდაპირ სისხლიან ჩხუბად წარმოისახებოდა. ანუ, ჩხუბად სიკვდილამდე, როგორც წერდნენ. გლადიატორებიო.

სწორედ იმ ხანებში, ვიდეოზე გამოჩნდა ერთი უბრალო ამერიკული ფილმი, „კალიფორნიელი თოჯინები“, რომელშიც ნამდვილ და არა დადგმულ ბრძოლებში მონაწილე გოგონათა წყვილის ამბავი იყო მოთხრობილი. მათ მწვრთნელს პიტერ ფალკი თამაშობდა, შემდგომში ჩვენს ტელვიზორებში კოლომბოდ ცნობილი მსახიობი.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ეს მოჭიდავეთა შოუ ჩამოვიდა და სპორტის სასახლეში შოუ გამართა.

შოუ ჩაიშალა.

მრავლად მოსული თბილისელი ახალგაზრდობა ნამდვილ, სისხლიან სანახაობას ელოდა, სინამდვილეში კი ჩხუბს მიმსგავსებული აკრობატიკა შერჩა ხელთ და სრულიად ვერ გაიგო მისი არსი. უბრალო მიზეზის გამო ვერ გაიგო, - არ იცოდა, რომ ეს ჟანრი არსებობდა. ვინ იცოდა? ანდა საიდან უნდა სცოდნოდა?

იმ შოუზე ნამყოფმა ბიჭმა მითხრა, ვითომ ურტყამდნენ ერთმანეთსო, ახტებოდნენ თავზეო, გამოქანდებოდნენ და წაქცეულს დაასკდებოდნენ ღრიალითო და ამ დროს კი, არ დაასკდებოდნენო.

ჰოდა, მაყურებელს უფიქრია, გვაბითურებენ ესენიო, ერთმანეთს არ ასისხლიანებენ, ბილეთები კი გვაყიდინესო და ამტყდარა ერთი სტვენა, დასცხეთ ერთმანეთსო.

იმათ ძველებურად გაუგრძელებიათ, აბა, მართლა ხომ არ დაასისხლიანებდნენ ერთმანეთს. თანაც, არ მგონია იმ წლების პოლონურ რესთლინგის შოუს იმგვარი ოსტატობა ჰქონოდა, რომ ჰალკ ჰოგანს და მისნაირ მოჭიდავეებს მიახლოებოდა.

ჰოდა, წამოვიდა ფიცარნაგისკენ მადლიანი საბჭოთა ხუთკაპიკიანების სეტყვა, კაი მძიმე, ნამდვილი სპილენძისა და ატყდა ერთი გინება და სტვენა. გვატყუებენ, გვატყუებენო - გულისთქმა ეს იყო.

ასე განსაჯეთ, ვიღაცებს განთქმული ლისიჩკებიც, შავტარიანი ჯიბის დანებიც კი გაუმეტებიათ, ოღონდ, საბედნიეროდ, დაკეცილი. ისინიც კი მიფრინავდა ფიცარნაგისკენო.

მოკლედ, ამ პოლონელებმა მოცოცხეს გასახდელისკენ, თავიანთი ბიცეპსებიანად და აღარც გამოსულან, ეგრეც დამთავრდა თბილისისთვის ის ერთადერთი პრო რესთლინგის შოუ.

ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ესენი სხვა რამეს ელოდნენ.

ასე გამიგონია ეს ამბავი მაშინდელი ბიჭებისაგან, თორემ პრო რესთლინგი იმდენ ხანს მიყურებია, რომ ჯამურად სიცოცხლეში ოცი წუთი არ გამოვა.

ეჰ, რამდენი რამე არ ვიცოდით, თვით ისეთი სისულელეც კი, როგორიც პრო რესთლინგია. ჰოდა, ამიტომ, ვბრაზდებოდით. როცა არ იცი, მგონი ბრაზდები. თან სხვაზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ასეა.

იმ დროს, პერესტროიკა რომ ერქვა, ადამიანი დღეში იგებდა იმდენ ამბავს, მთელი ცხოვრება რომ არ გაეგო. რუსული ჟურნალები უკვე ყველაფერს ბეჭდავდნენ, ხოლო ქართული გაზეთები - ჩვენი დამოუკიდებლობის დაკარგვის ამბებს, ემიგრანტების ისტორიებს და კიდევ უამრავ სხვა რაღაცას.

მართლა მაგარი დრო იყო ამ მხრივ, სიმართლეების შეტყობის დრო, ოღონდ, როგორც ეს პრო რესთლინგი, ისევე ათასი სხვა რამეც ბევრ ადამიანს აღიზიანებდა. საერთოდ, სიახლე არ იყო ისეთი, მაინცდამაინც სიხარულით რომ შეხვდებოდა კაცი. ბევრი მრისხანებითაც ხვდებოდა.

თანაც ცხოვრების პირობები დღითი დღე უარესდებოდა.

შვარცნეგერს და სტალონეს უკვე ტელევიზორში აჩვენებდნენ. მანამდე, სულ დედას აგინებდნენ, განსაკუთრებით სტალონეს ვიეტნამზე, მერე კი ავღანეთზე გადაღებული სულელური ბაევიკების გამო. ეს სიტყვაც გაჩნდა, ბაევიკი. ვიდეოგაქირავების სალონებში ასევე ეწერა ფილმებს, ბაევიკ, კომედია, ჟიზნენი. ჟიზნენი მელოდრამებს უფრო ერქვა. სად არის ახლა ვიდეოპრაკატები?

ბოლოს გადავაწყდი დელისის მეტროსთან, გასტრონომში. არც ისე დიდი ხნის წინ იყო. ეწყო ერთი ორასი შავი კასეტა. წელი აღარ მახსოვს, სწორედ ის დრო იყო, კუბრიკის ბოლო ფილმი რომ გამოვიდა, „ფართოდ დახუჭული თვალები“ და იმ კაცს ვკითხე, ხო არ გაქვს-მეთქი. მაქვსო, ოღონდ ცუდი ხარისხიაო, თან ის ვარიანტი არა მაქვს, დაუჭრელი რომ არისო.

მგონი, კარგა ხანს შემორჩა ეს ვიდეოგაქირავებები.

მაშინ, ვიდეოგაქირავებებთან ერთად, აქა-იქ ვიდეოკლუბები თუ ვიდეობარებიც არსებობდა. იყო მოყუჩებულად ეროტიკების ტრიალი ყოფილი კულტურის სახლების უკანა ოთახებში და არაკულტურის სახლების წინა ოთახებშიც. ასეთ ვიდეობარებში ერთი მიჭრამოჭრებიც ხდებოდა ხოლმე, იქ დათრობები და მთელი ამბები იყო.

კომერციული მაღაზიები, სნიკერსი. მგონი პირველი სნიკერსი იყო, ხომ? ამ ახალ რამეებში. მაგრამ აბა, მოლოდინი იყო, რომ რაღაც განუმეორებელი უნდა შემოვიდეს და არაფერი დიდად განუმეორებელი არ იყო, არც სნიკერსი და არცა კიდევ სხვა რამეები. კარგი იყო, მაგრამ ცხოვრება ფუჭდებოდა და ეს კარგი ძვირი იყო. ყველაზე მაგარი რამ, რაც იმ წლებში გაჩნდა, ჩემთვის კიროვის პარკის წიგნის ბაზრობა იყო. რაც კი რამ რუსეთში წიგნი გამოდიოდა, ყველაფერი იყიდებოდა. კაი ძვირი იყო იქაც, მაგრამ თუ ვერ იყიდდი, დაათვალიერებდი მაინც.

საერთოდ, მგონი ის წლები, წიგნების წლები იყო. წიგნებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ზოგადად, იმდროინდელ საბჭოთა კავშირში, თორემ, ჩვენთან რა გააკეთა, ნამდვილად ვერ ვიტყვი გამოკვეთილად. ვერ ვხვდები და იმიტომ.

რაც კი რამ აკრძალული იყო, ანდა, რაც კი რამ არ გამოდიოდა საბჭოთა კავშირში, ყველაფერი პირდაპირ კიროვის პარკის ვარდისფერ ხრეშზე ეფინა. ანდა, როგორ მოახერხეს ასე უცბად.

ეს მაგარი იყო.

ერთი მხრივ ეს ნაკადი შემოდიოდა, მეორე მხრივ, იყო ქუჩის ამბის გამოცოცხლება. რაღაცა იცვლებოდა იმ ჩამოყალიბებულ და გამოცდილ ურთიერთობებში. თანაც, ქვეყანა ხომ არ იდგა. ეროვნული მოძრაობა მეტს და მეტს აკეთებდა.

ჩატანუგას დღეები. გახსოვთ, რა იყო ჩატანუგას დღეები? ეგ იყო 1988 წლის ადრიანი შემოდგომა. თბილისში ჩამოვიდნენ სულ ნაირგვარი ამერიკელები. ამინდები იყო გადასარევი. იყო სამეცნიერო კონფერენციები და კონცერტები და, მგონი, პირველი გადამღები ჯგუფები ამერიკული ტელეკომპანიებიდან. რაღაც ორგანიზაცია იყო, frendSif forsi, იმის მეშვეობით თბილისელების ოჯახებში ამერიკელები ცხოვრობდნენ. მერე ქართველები ცხოვრობდნენ ამერიკელების ოჯახებში. მოკლედ, რაღაც გაცვლები და გასვლები იყო.

ოღონდაც, ეს ჩატანუგა რა იყო, არ ვიცი. მგონი ქალაქია. რატომღაც ასე დამამახსოვრდა, რომ ჩატანუგაო. ჩატანუგა, ჩატანუგაო - ყველგან ეწერა.

მაშინ პირველად ვნახე, როგორ მუშაობდნენ ამერიკელი ოპერატორები.

ერთი კამერით იყო, მეორე კი, ასისტენტი, მსუბუქი გასაშლელი კიბით დაჰყვებოდა და როცა საჭირო იყო, მსწრაფლ გაუშლიდა, ოპერატორი კი აძვრებოდა და ზემოდან იღებდა. რას იღებდა?

რას იღებდა და დარბევებს.

ერთი დღე იყო და დილიდან, რამდენიმე ადგილას იყო მიტინგი, უნივერსიტეტიდან მთავრობის სახლამდე. ამერიკელები იღებდნენ.

ამდენი მილიცია იქამდე მხოლოდ სტადიონზე თუ მენახა. უნივერსიტეტის ბაღი სულ ალყაშემორტყმული იყო. მგონი, ეს იყო პირველი დიდი და მსოფლიოს დასანახი ხმაური. რუსთაველზეც სულ მილიცია იყო. ადგილ-ადგილ დაერეოდნენ ხალხს და დასცხებდნენ. თვითონაც დიდად არ იცოდნენ რას აკეთებდნენ. აბა, რა უნდა სცოდნოდათ რბევის და ამის გამო კიდევ უფრო ბრაზდებოდნენ და კიდევ უფრო არბევდნენ. ერთი ეგ იყო, რომ სტადიონის გამოცდილება ჰქონოდათ.

იქ იყო ორი შემთხვევა, როცა ხალხი გადავიდა. პირველი, ვოროშილოვგრადის „ზარიასთან“, როცა მსაჯმა იუშკამ სამტროდ ივაჟკაცა და მეორე, ბაქოს „ნეფთჩისთან“ თბილისში რომ წავაგეთ. მაგრამ ეს ორივე წლების წინ იყო. ამას თუ ენის მიტინგსაც დავუმატებთ და იქ მილიციის სიმშვიდეს, ბევრი არაფერი იცოდნენ რბევისა, გზადაგზა სწავლობდნენ. მერე და მერე, თებერვალში უკვე თეთრჩაფხუტიანებიც გაჩდნენ, ფარებიც დაუმზადეს და კომბლებიც, მაგრამ მაშინ მხოლოდ ფორმიანები იყვნენ.

ადგილ-ადგილ ის ცნობილი ვასმოი პოლკიც ჩანდა, რომელშიაც სულ ახალგაზრდები იყვნენ. მგონი, სულ რუსები.

ყოველთვის რაღაცნაირი განსაკუთრებულობით ჰყვებოდნენ ხოლმე ბიჭები, ვასმოი პოლკელებთან მოგვიხდა ჩხუბიო. არ ვიცი ამ პოლკის ისტორია, ადგილიც იყო თბილისში, ვასმოი პოლკის პასიოლოკი. მერვე ლეგიონის დასახლება.

მოკლედ, ეს ამერიკელები კი უყურებდნენ და იღებდნენ ამეებს, მაგრამ აქედან რა ხეირი იქნებოდა, არ ვიცი. ალბათ ის, რომ სადმე დოკუმენტურ ფილმებსა და სიუჟეტებში მოხვდებოდა ეს ყველაფერი. მაშინ ალბათ ზოგიერთს თუ ესმოდა, რას ნიშნავდა მედია.

ერთხელ გოგი გვახარიამ „მერმისის“ არხზე პოლონური ფილმი აჩვენა, მგონი რიბჟინსკი იყო რეჟისორი, ადამიანები სივრცულად მოძრაობდნენ, იწელებოდნენ, ნელა და მდორედ ტრიალებდნენ.

ეს კადრები დამამახსოვრდა. მგონი, იქ სულ სხვა რამ იყო საფიქრალი, მაგრამ მე რაღაცნაირი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ჩვენც, ყველანი ეგრე ვიწელებით და ნელ-ნელა დავცურავთ რაღაცის გარშემო. ეს შეგრძნება კარგა ხანს გამომყვა, თუმცა, მერე ნელნელობის და ასეთი რამეების დრო აღარ იყო, ვიღას ახსოვდა რიბჟინსკის სივრცული მოძრაობები.

ხო ვამბობ, რაღაცნაირი დრო იყო. ხალხი უყურებდა „ვზგლიადს“ და ასეთ გადაცემებს, ყიდულობდა ბევრ წიგნებს და მამაჩემმა უზარმაზარი საგაზეთო ყუთიც კი მოიტანა, ზანდუკივით.

ამდენი ჟურნალი და გაზეთი ჩვეულებრივში არ ეტეოდა. არ ვიცი, სხვები როგორ იყვნენ, ჩვენ კიდევ ტონობით ფოსტას ვიღებდით და კითხვას ვერ ავუდიოდით. „სახალხო განათლება“ შეიქნა განთქმული გაზეთი, მაგალითად. ხომ უნდა გამოგეწერა.

მაგრამ უმეტესი მაინც რუსული იყო.

ადრე ჩემი საკითხავი იყო „ლელო“, „სავეცკი სპორტი“ და „ფუტბოლ-ხოკეი“, რომლის გამოწერაც ძალიან ჭირდა და რომელიც მანეთად იყიდებოდა კიოსკებში, ისიც, დახლსქვეშიდან და ისიც, ნაცნობობით. სამაგიეროდ, კიოსკებში თავისუფლად იყიდებოდა „მორნინგ სტარი“, ინგლისელი კომუნისტების გაზეთი და „ნოეს დოიჩლანდი“, გერმანელი კომუნისტების გაზეთი. მაგრამ ამ ახალ დროში ვიღას ახსოვდა „მორნინგ სტარი“ და მის ბოლო გვერდზე დაბეჭდილი ინგლისელი ფეხბურთელების შავ-თეთრი და ბუნდოვანი ფოტოები. ახლა, მოდიოდა „ეხო პლანეტი“, „ვეკ დვაცატი ი მირ“, „იუნოსწ“, „ნოვი მირ“, „ნოვოე ვრემია“ და, რა თქმა უნდა, „აგანიოკი“.

„აგანიოკზე“ უინტერესო რამე თუ არსებობდა დედამიწის ზურგზე, მანამდე საერთოდ არ მეგონა. ბაბუაჩემს სხვენში ჰქონდა „აგანიოკის“ და „ვაკრუგ სვეტას“ დიდი შეკვრები. „ვაკრუგ სვეტა“ მაგარი იყო, „აგანიოკი“ - უვარგისი.

ახლა კიდევ, სწორედ „აგანიოკი“ იყო მთავარი.

იმავდროულად, ქვეყანა უყურებდა კორადო კატანის. იყო ასეთი კაცი, პოლიციელი. იტალიური სერიალი, ლა პრიოვა, სპრუტ, რვაფეხა. სპრუტ აძინ, სპრუტ დვა, სპრუტ ტრი, სპრუტ ჩიტირი. პირველი დამიანო დამიანის გადაღებული იყო და ყველაზე კარგი. მაგრამ შემდეგებსაც უყურებდნენ, დილითაც და საღამოთიც.

მე, ძირითადად, „აგანიოკს“ ვკითხულობდი.

საკვირველია, მაგრამ რაც იქ სტალინზე და საბჭოთა ისტორიაზე ეწერა ხოლმე, თითქმის ვიცოდი, ჩემი მეგობრის მამისგან, რომელიც დიდხანს იყო ლაგერებსა და გადასახლებაში. ის რასაც გვიამბობდა, მე ყოველთვის მჯეროდა. იმდენად ნამდვილი იყო და ისე ჰყვებოდა. სხვები კი ამბობდნენ, მთლად ეგრე არ არის საქმეო, აბა, საიდან უნდა იცოდეს ასეთი რამეებიო. მე, რა თქმა უნდა, არ მიკითხავს, საიდან იცით-მეთქი, მაგრამ თვითონ თქვა, იქ ყველამ ყველაფერი იცოდაო. მართლაც ისე იყო, როგორც ჰყვებოდა.

ყველაზე მაგარი ძია ნუკრის მიერ მოთხრობილი სტალინის სიკვდილის ამბავი იყო.

უფრო სწორად, ის, თუ როგორ შეიტყო ციმბირში სტალინის სიკვდილის ამბავი.

ეს შეტყობა ბევრ რუს მწერალს აქვს აღწერილი. სწორედ პერესტროიკის დროს გამოდიოდა მათი წიგნები, დიმიტრი პანინისა, რომელიც, მე რომ მკითხო, სოლჟენიცინის სახელგავარდნილობის ფონზე, უფრო სიანტერესოდ ჰყვება და თან მწერალიც არ ყოფილა. ანდა ლევ რაზგონისა, რომელიც საერთოდაც წყნარი მწერალი იყო, ანდა ვარლამ შალამოვისა, რომელიც... ახლა, შორს წავალთ.

მოკლედ, ასე ჰყვებოდა ჩემი მეგობრის მამა:

შახტაზე მორიგე ვიყავიო და გამთენიისას, რომ ვთავსუფლდებოდი, სტაროსტინი მოვიდაო. სტაროსტინები, ოთხი ძმა, „სპარტაკის“ ფეხბურთელები იყვნენ, მოსკოვის ნამდვილი ვარსკვლავები, მათ წარამარა იჭერდნენ, მგონი უფრო იმიტომ, რომ „სპარტაკს“ „ცეესკასთვის“ და „დინამოსთვის“ არ მოეგო.

ჰო, რომელი სტაროსტინი მოვიდაო, ეგ აღარ მახსოვს და მითხრაო, მე არ მცალია, მორიგეობა მაქვს და გეხვეწები, სადგურზე წადიო, ტავარნი ჩამოივლისო და შიგ კაპლერი ზის, ხაბაროვსკში მიდისო და მატარებელი სულ ორ წუთს ჩერდება, კაპლერს კიდევ შემოუთვლია, შახტის ბიჭები დამხვდნენ, ახალი ამბავი მომაქვსო.

მაგარი დაღლილი ვიყავი მორიგეობის მერეო, მაგრამ ახალი ამბავი ხომ უნდა გამეგო და წავედი სადგურზეო. ფეხზე ძლივს ვიდექიო და ველოდი ამ მატარებელს, რომელმაც, რა გასაკვირია და, ცოტა დაიგვიანაო. ბოლოს დავინახე რომ შემოვიდა და გავვარდი ბაქანზეო. იმსიგრძე შემადგენლობა იყო, თანაც სატვირთო, სტალიპინკები, სულ ჩაკეტილი კარებებით და მოდი იპოვნე ახლა, რომელშია კაპლერიო.

მივრბივარ და ვყვირი: ლიოშა, ლიოშა...

ახლა ეს კაპლერი ხომ გახსოვთ, ვინ იყო: სტალინის შვილის, სვეტლანას პირველი დიდი სიყვარული. სვეტლანა იყო 16 წლის, რეჟისორი კაპლერი ორმოცის. სოსელომ დედა უტირა ამ რომანს.

მისი ლეგენდარული ფრაზაა:

ტვოი ევრეი აკაზალსია ანგლიისკიმ შპიონომ.

კაპლერი გადასახლებული იყო, ოღონდ ჩეკისტებში ბლატი ჰქონდა, იმსიშორე ციმბირიდან მოსკოვშიაც კი ჩაიპარებოდა ხოლმე. მიდი-მოდიოდა შედარებით თავისუფლად. რამდენჯერმე მიაბრუნმოაბრუნეს ომის დროიდან.

ჰოდა, ბაქანი ჩათავდაო და ჩავხტი და იქითკენ გავრბივარ, ყველა ვაგონთან ვყვირი, ლიოშა, ლიოშაო და ამ დროს დაიძრა მატარებელიო, ვერ ვპოულობ კაპლერს, არცერთი კარი არ იღებაო და კარგა მაგრათ რომ დაიძრა, დავინახე, როგორ გაიღო წინ ერთი კარი და გამოყო იქიდან თავი კაპლერმაო და მიყვირისო: რომა, რომაო...

მე კიდევ მივრბივარ შეშლილი, ავფოფხდი ისევ ბაქანზე და მატარებელი კი სვლას უმატებს, მშორდება კაპლერიო და ვუყვირი: ჩტო? ჩტო?

და იმან უცებ დაიღრიალა:

- სტალინ უმერ, რომა, სტალინ უმერ, სკორა ვსე დომა ბუძიმ, იობ ივო მაწ...

- ჩტო? კაკ? უმერ!..

- უმერ, უმერ... - მესმოდა შორიდან უკვეო მატარებლის ხრიგინში და მივრბოდი უაზროდ იმ გამთენიას, იმ ყინვაში, ცარიელ ბაქანზე და მარტო სადგურის ვიღაცები იყვნენ იქ და რომ გავჩერდი, მორბოდნენ ისინიც, მომდევდნენ, რა მოხდაო.

მერეღა შევიტყვე, სტაროსტინებისგან, რომ კაპლერისთვის ეს ამბავი ერთ ცნობილ ჩეკისტს გაემხილაო.

აი, ეგრე იყო. არ ვიცი, ზუსტად მოვყევი თუ არა. ისტორიულ სიმართლესაც ვერ დავიჩემებ.

ჰო, დილდილობით ტელევიზორში აერობიკა იყო.

ლენტით თავწაკრული ქალები დახტოდნენ

აერობიკა გვიშველიდა?