![]() |
სოლიდარობა №3(36) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბექიშვილი ნინო, მელაძე გიორგი, ზურაბიშვილი დავით, ამაღლობელი რატი, მინდიაშვილი ბექა, მენაბდე ვახუშტი, კურტანიძე კახაბერ (მღვდელი), თინიკაშვილი დავით, პაპუაშვილი ნუგზარ, ზედანია გიგა, სპიკერი მანფრედ, ფერნბექსი ჩარლზ, ნოდია გია, წულუკიანი თეა, საყვარელიძე ფრიდონ |
თემატური კატალოგი სოლიდარობა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა, © საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური ჟურნალი რედაქტორი: ნინო ცინცაძე სტილის რედაქტორი: ლევან ბრეგაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე რედკოლეგია: ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი გარეკანზე: ლევან ხერხეულიძის ფოტო ჟურნალი მომზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ ასახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან გაეროს განვითარების პროგრამის თვალსაზრისს მისამართი: თბილისი, მაჩაბლის 11, ტელ.: 92 24 81 www.ombudsman.ge საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს განვითარების პროგრამა |
![]() |
1 მრგვალი მაგიდა |
▲back to top |
![]() |
1.1 რელიგია სახელმწიფოს საზღვრებში |
▲back to top |
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „კავკასიაში“ მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი რელიგიური ექსტრემისტები შეიჭრნენ და ტელევიზიის დარბევა სცადეს, ქართულმა სახელმწიფომ უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად იმოქმედა მათ მიმართ ადეკვატურად - დამნაშავეები დააპატიმრა. მაგრამ მალევე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც სახელმწიფოს „უხამსობის“ წინააღმდეგ კანონის მიღება მოსთხოვა, რასაც პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი უკვე დადებითად გამოეხმაურა.
როგორ მონაწილეობს რელიგიის ფაქტორი დღევანდელი საქართველოს ცხოვრებაში, რამდენად განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მოქალაქეთა იდენტობას და აღიქმება თუ არა ლიბერალური ღირებულებები მათ მიერ საფრთხედ? - ეს თემები განიხილეს „მრგვალი მაგიდის“ სტუმრებმა.
დისკუსიაში მონაწილეობენ - გიორგი მელაძე (იურისტი), დავით ზურაბიშვილი (რესპუბლიკური პარტიის წევრი), რატი ამაღლობელი (პოეტი), ბექა მინდიაშვილი (თეოლოგი) და ვახუშტი მენაბდე (იურისტი).
ნინო ბექიშვილი
თამაშობს თუ არა რელიგია თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს?
დავით ზურაბიშვილი: როცა ქვეყანაში არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს, და მის ხელმძღვანელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პიროვნულ ნდობას უცხადებს, შეფასებებს რომ თავი დავანებოთ, კარგია თუ ცუდი, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული ფაქტორია.
ბექა მინდიაშვილი: თავისთავად ის ფაქტი, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეკლესია პოლიტიკური ძალაუფლების არაფორმალური ლეგიტიმაციის წყაროა, უკვე მიანიშნებს იმას, რომ მას მართლაც დიდი გავლენა აქვს. თუმცა ჯერჯერობით, მგონი, არ არის შესწავლილი, ეკლესია და საპატრიარქო რამდენად განსაზღვრავს მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანს და რამდენად ზემოქმედებს მათ გადაწყვეტილებებზე. 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც სტიგმატიზებული იყო რელიგიური ნაციონალიზმის წარმომადგენელთა მხრიდან როგორც „სოროსელები“, „მასონები“, „იეღოველები“ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რელიგიური მოტივაცია საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დიდად არ მოქმედებს. სულ სხვა საკითხია ის, რომ ეკლესია და საპატრიარქო მონაწილეობს კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, საგანმანათლებლო სფეროში და თვით საერთაშორისო ურთიერთობებშიც კი.
ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატის წინასაარჩვენო კლიპში ჩანდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, თუმცა ამან ზვიად ძიძიგურს გამარჯვება ვერ მოუტანა...
რატი ამაღლობელი: ჩემი დაკვირვებით, რელიგიურმა რიტორიკამ წინა არჩევნებთან შედარებით წელს იკლო და ეს ნამდვილად კარგია. პოლიტიკოსები სამების ფონზე ისე ხშირად აღარ ჩნდებიან მედიაში, როგორც ადრე. ჩემი დაკვირვებით, პოლიტიკური რელიგიურობის დემონსტრირების პიკი 2007 წელს იყო, როცა ხელისუფლებაც და იპოზიციაც ეკლესიასთან იდენტიფიცირებას ცდილობდა. ეს, პირადად ჩემთვის, ნამდვილად მძიმე სანახავი გახლდათ.
რატი ამაღლობელი
ვახუშტი მენაბდე: დღეს პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო რიტორიკაში რელიგიაზე აპელირებამ ნაკლებად შეიძლება მოუტანოს ხმები, რადგან ამ ფაქტორს ყველა პოლიტიკური ძალა მეტ-ნაკლებად იყენებს. ვფიქრობ, რელიგიის და მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკამ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს იმაზე მეტი ხმა დააკარგვინოს, ვიდრე ქება მოუტანდა. დღეს ნეგატიური რიტორიკით ადვილია ხმების დაკარგვა, მაგრამ პიზიტიური აპელირებით ხმების მოპოვება - გაცილებით უფრო რთულია.
დავით ზურაბიშვილი: საზოგადოება ნაკლებად უკვირდება იმას, თუ რატომ, რა მიზეზით აკრიტიკებ ეკლესიას, და არის თუ არა ეს კრიტიკა სამართლიანი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ პატრიარქი თვითონ აშკარად არასდროს აფიქსირებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს. მან რომ რომელიმე ძალას აშკარად დაუჭიროს მხარი, ამან ნამდვილად შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ ილია II ჯერჯერობით ამას არ აკეთებს, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ნებისმიერ პოლიტიკოსს იღებს და ფაქტობრივად ყველასთან აქვს ურთიერთობა.
ბექა მინდიაშვილი: პატრიარქი აშკარად იშვიათად გამოხატავს თავის პოლიტიკურ სიმპათიას და ანთიპათიას. თუმცა ახლო წარსულში ამგვარი რამ ორჯერ ნამდვილად მოხდა. პირველად, როდესაც მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესახებ გერმანელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამსახურდია ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და ის დემოკრატიული რიტორიკით გააკრიტიკა. მისმა დამოკიდებულებამ გარკვეული როლი ითამაშა გამსახურდიას მმართველობის დამხობაში და ამიტომაც გამსახურდიას მომხრეთა მხრიდან დიდი კრიტიკა და დარტყმა მიდიოდა პატრიარქისკენ. ალბათ ყველას გახსოვთ მაშინდელ მიტინგებზე ილია II-ის გადახაზული პორტრეტები და გვერდით - დუდაევის სურათები. მეორედ ასეთი რამ მოხდა მაშინ, როდესაც 2003 წელს კათოლიკოს-პატრიარქი არ მივიდა პარლამენტის პირველ სხდომაზე. დღეს ვერ ვიტყვით, ილია II იმ დარბაზში რომ ყოფილიყო, რა მოხდებოდა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მოვლენები მაინც იმავე სცენარით განვითარდებოდა. თუმცა საკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისი პოლიტიკური შეხედულებები აშკარად არასდროს გამოუხატავს. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ქართული რელიგიურობის ხასიათი მაინც ბიზანტიურ სიმბოლოს უკავშირდება, რაც გულისხმობს, რომ ხელისუფლება და ეკლესია ერთ იდეოლოგიურ გუმბათს ქმნიან და თუკი ხელისუფლება ეკლესიის მიმართ ლოიალობას ინარჩუნებს, მაშინ მოქალაქეთა განწყობა, მიუხედავად შიდა დაპირისპირებებისა, მაინც პროსახელისუფლებო იქნება, რადგან იდეოლოგიური სივრცე ერთიანია. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება საპატრიარქოს მოთხოვნებს ასრულებს - იქნება ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული მილიონები თუ ეკლესიის განსაკუთრებული როლის წარმოჩენა, რის შედეგადაც ოპოზიციის მიერ ამ კუთხით ხელისუფლების კრიტიკამ ძალა დაკარგა.
ბექა მინდიაშვილი
გიორგი მელაძე: საქართველოში მართლმადიდებელი რელიგია არსებობს როგორც კულტურული ფენომენი და ჩვეულებრივი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ფიქრობდეს რელიგიაზე, როგორც ქართული ტრადიციისა და კულტურის ნაწილზე. თუმცა ეს მოქალაქე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეკლესიის კარნახით არ იღებს. ქვეყანაში ჯერ ისევ არეულობაა, პოლიტიკური პარტიები არ არიან კარგად ჩემოყალიბებულნი და საკუთარ იდენტობას ეძებდნენ. ამან ერთგვარი ქაოსი შექმნა, რამაც არ უნდა დაგვაბნიოს. რელიგია ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი იქნება, მაგრამ ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე არ გახდება.
ბექა მინდიაშვილი: დღეს ქართულ და რუსულ მართლმადიდებლობას ხშირად ისლამურ ფუნდამენტალიზმს ადარებენ, რაც არასწორია, რადგან ისლამური ფუნდამენტალიზმი მთლიანად სამყაროზე განსხვავებულ წარმოდგენას ეფუძნება. იქ ალტერნატიული პოლიტიკური წყობაა - თეოკრატია, აქვთ ალტერნატიული საბანკო სისტემა, სამეცნიერო სფეროც კი ისლამს ეფუძნება. მართლმადიდებლობის შემთხვევაში ამგვარი სურათი არა გვაქვს და ვერც მივიღებთ, რადგან, ერთი მხრივ, ამას ხელს უშლის თვითონ მართლმადიდებლობის ბუნება და ხასიათი, მეორე მხრივ კი - დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც ჩვენთან ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის. მართლმადიდებლური ქვეყნებია რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სადაც ავად თუ კარგად ლიბერალური დემოკრატია არსებობს.
გიორგი მელაძე: ნამდვილად შეიძლება დავა იმაზე, როგორი სისტემაა საქართველოსთვის უფრო მისაღები - ამერიკული მიდგომა, რაც სახელმწიფოსა და ეკლესიის მკვეთრ გამიჯვნას გულისხმობს, თუ ევროპული მოდელი, როცა ეკლესია სახელმწიფოს ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობს? მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ტრადიციას ვერსად გავექცევით. სადღაც, რაღაც სივრცეში ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, ეკლესია და პოლიტიკა გაიმიჯნოს, სხვა სფეროებში კი მათ შორის თანამშრომლობა აუცილებლად იქნება.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და მალხაზ გულაშვილის ორგანიზაციის წევრების მოქმედება სახელმწიფომ ალაგმა, დამნაშავენი დასაჯა და დღეს ისინი ჩუმად არიან. თუმცა მანამდე გულაშვილმა მოახერხა ჭადრაკის სასახლში უამრავი ადამიანი შეეკრიბა. ხედავთ თუ არა რუსულ კვალს ამ ორი ორგანიზაციის მოქმედებაში?
გიორგი მელაძე: ეს ნამდვილად არ არის რუსეთის ბრალი. ის ადამიანები, ვინც ჭადრაკის სასახლეში მივიდნენ, იმ რვა პროცენტის ინტერესებს გამოხატავენ, ვინც შემდეგ ძიძიგურს მისცა ხმა. ეს ჩვეულებრივი ელექტორატია. ძალიან კარგია, რომ ისინი რვა პროცენტს შეადგენენ და არა თხუთმეტს, მაგრამ, ცხადია, უკეთესი იქნებოდა, გაცილებით უფრო ნაკლებნი ყოფილიყვნენ. ესაა ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც, უბრალოდ ფრუსტრირებულია ტრანზიციის პერიოდით. არა მგონია, აქ რელიგიური ფაქტორი გადამწყვეტი იყოს და მაინცდამაინც რელიგიური რედიკალიზმის ნიშნები ჩანდეს.
დავით ზურაბიშვილი
ეს ყველაფერი არ ჰგავს იმას, რისი კეთებაც 90-იანი წლებიდან მოყოლებული რუსმა სკინჰედებმა დაიწყეს?
გიორგი მელაძე: რუსეთში ეს ყველაფერი კარგად ორგანიზებულია და თან ამის ტრადიციაც არსებობს. ჩვენთან კი ამ ჯგუფების მოქმედება ხელოვნური და კულტურიდან ამოვარდნილია. გაიხსენეთ გულაშვილის მოძრაობის წევრი ახალგაზრდების ფოტოები, დადგმულ მულტფილმს რომ ჰგავდა და კომიკურიც კი იყო. ნაცისტური რიტორიკა ქართულ კულტურაში ვერ ჩაჯდა, ამას საფუძველი არა აქვს და არც მომავალში შეიძლება ჰქონდეს.
ბექა მინდიაშვილი: ექსტრემისტული ჯგუფები მანამ, სანამ სამართალდამცავები ჩაერეოდნენ, უალტერნატივონი იყვნენ, ანუ საზოგადოების დიდ ნაწილს საკუთარი კონფორმიზმის ფორმირება ამ ჯგუფებთან ლოიალობით უხდებოდა. სხვა ჯგუფი, თუნდაც ეკლესიის შიგნით და რელიგიურ წრეებში, რომელიც დაიცავდა ქრისტიანობის ლიბერალურ საწყისებს, არ არსებობს. ეკლესიაში, მართლმადიდებლობის სახელით აშკარად არავინ უპირისპირდება ფუნდამენტალიზმს. ამიტომ ამ ძალებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ფორმირება საზოგადოების დიდ ნაწილს თავიდანვე გაუჭირდა. ფაქტია ისიც, რომ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე სჩადიოდნენ დანაშაულს, სამართალდამცავები ადეკვატურ რეაგირებას ვერ ახერხებდნენ. ეს დანაშაულებები რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ იყო მიმართული და მოძალადეები უმეტეს შემთხვევაში არ ისჯებოდნენ. არც ილიას უნივერსიტეტის წინ პირველი დარბევის შემდეგ დაუკავებიათ ვინმე და მხოლოდ მაშინ მოხდა რეაგირება, როდესაც ტელეკომპანია „კავკასიაში“ შევარდნენ.
დავით ზურაბიშვილი: რელიგიური ექსტრემისტების დაპატიმრება ტელეკომპანიაში შევარდნის შემდეგაც რომ არ მომხდარიყო, ეს იმას ნიშანი იქნებოდა, რომ ხელისუფლება ან აბსოლუტურად უძლურია, ან ლოიალურია ექსტრემისტების მიმართ და თვითონ უწყობს მათ ხელს. ტელევიზიაზე თავდასხმა ისეთი რამეა, რისი იგნორირებაც ხელისუფლებას, უბრალოდ, არ გამოუვიდოდა, ვერ წაუყრუებდნენ. საერთოდ, ექსტრემისტული ჯგუფი წარმატებას მაშინ აღწევს, როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს. მარტივი სქემაა - წავიდა, ვიღაც გალახა, არაფერი არ მოუვიდა, არ დასაჯეს, მერე, მეორე გალახა და ა. შ.
ბექა მინდიაშვილი: დღეს რელიგია ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრებაში მონაწილეობს. „მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირმა“ და „სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ ილიას უნივერსიტეტს სწორედ იმიტომ დაარტყეს, რომ ეს დღეს საქართველოში ერთადერთი სეკულარული უნივერსიტეტია. მაგრამ მარტო უნივერსიტეტი არ ყოფილა დარტყმის ობიექტი და დეისაძის წიგნის პრეზენტაციაც მხოლოდ საბაბი გახლდათ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სხვა გამაღიზიანებელი სტუდენტური ჯანყისათვის ვერ გამოძებნეს. ვფიქრობ, ახალგაზრდები საკმაოდ ინდიფერენტულები არიან პოლიტიკური ცხოვრების მიმართ და ექსტრემისტების ქმედება სტუდენტების დასამუხტად იყო მიმართული. ის სტუდენტები, რომლებიც გვაგინებდნენ და გვირტყამდნენ, საკმაოდ იყვნენ დამუხტულები, ეს გადამდები იყო. მაგრამ როდესაც რამდენიმე კაცი დაიჭირეს, დანარჩენებიც გაჩუმდენენ.
გიორგი მელაძე
საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მისაღებია კანონი უხამსობის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს?
ვახუშტი მენაბდე: საკმაოდ რთული დასადგენია ბალანსი რელიგიის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. ასევე ძნელი განსასაზღვრია, როცა ეს ორი უფლება კოლიზიაში ხვდება, რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციში პირდაპირ წერია, რომ კრიმინალიზაცია არაპროპორციული ჩარევაა გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობს კანონი ღვთის გმობის წინააღმდეგ, მათ შორის ისეთ ქვეყნებში როგორიცაა, ავსტრია, ნორვეგია, ლიხტანშტაინი, ჰოლანდია. მაგრამ ამ კანონებს საზოგადოებრივი პრაქტიკა არა აქვთ. უკანასკნელად ეს კანონი ნორვეგიაში 1936 წელს გამოიყენეს. მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამგვარი კანონები გამოიყენება, მაგალითად, თურქეთში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რამდენიმე საქმეა, რომელსაც ერთი სახე აქვს. არის რაღაც ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს. ევროპის სასამართლომ სახელმწიფოს პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი შეფასების ზღვარი და შეუძლია თავად გადაწყვიტოს, ამგვარი ქმედება უნდა იყოს თუ არა დასჯადი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების მიერ კრიტიკის ქარ-ცეცხლშია გატარებული ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები, მაინც არსებობს რამდენიმე პოსტულატი, რომელიც შეიძლება ხელჩასაჭიდი იყოს ორიენტაციისთვის. ევროპის სასამართლო ამბობს, რომ კრიტიკა უნდა შეეხებოდეს უშუალოდ თაყვანისცემის ობიექტს და არა სამღვდელობას, თანაც საკითხი არ უნდა იყოს საზოგადოებრივი დებატებისთვის მნიშვნელოვანი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საფრანგეთის წინააღმდეგ შევიდა ერთი საქმე იმის თაობაზე, რომ საფრანგეთში დაისაჯა ჟურნალისტი, რომელმაც რომის პაპს მეორე მსოფლიოს ომის დროს ებრაელების ეთნოწმენდის ხელშეწყობაში დასდო ბრალი. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ როდესაც საფრანგეთმა დასაჯა ჟურნალისტი, მან გამოხატვის თავისუფლება დაარღვია იმიტომ, რომ ეს საკითხი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იყო და ამგვარ გამოხატვას საზოგადოებრივი დებატებისთვის დიდი სამსახური შეეძლო გაეწია.
გიორგი მელაძე: ევროპის ბევრ ქვეყნაში არსებობს მანკიერი ტრადიციაა, როცა ცდილობენ განსაზღვრონ როგორი გამოხატვაა კარგი და როგორი - ცუდი. ევროპის სასამართლოს დიდი შეცდომაა, რომ მის გადაწყვეტილებებში ხშირად გამოხატვის პატივისცემა არ იკითხება, ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების ძალიან ბევრ კანონში. იქ გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ღირებულებას, დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი შემწყნარებლობაა. საბედნიერდ, ჩვენ ძალიან კარგი კანონი გვაქვს გამოხატვის შესახებ და ის მშვენივრად მუშაობს. სწორედ კანონი გვაძლევს სიტყვის თავისუფლებას და ამიტომაა, რომ გამოხატვისთვის სხვა გზები არ გვაქვს საძებნი. ის, რაც ევროპაში ხდება, როცა ვერაფერს უხერხებენ ნეონაცისტებს და ინტერნეტი სავსეა რასიზმისა და სიძულვილის შემცველი საიტებით, ევროპული პოლიტიკის ბრალია - თუკი გაზეთში რაიმეს ამგვარს გამოაქვეყნებ, ეგრევე ციხეში ჩაგსვამენ.
დავით ზურაბიშვილი: დღეს საქართველოში საქმე მარტივად დგას: ჩვენ ახლა პოსტსაბჭოთა რეალობაში ვცხოვრობთ და ჩვენთან რა ბალანსირების მექანიზმებიც არ უნდა მოვიფიქროთ, მაინც ცენზურა გამოგვივა. შეიძლება ვიღაცამ ისიც კი თქვას, რომ ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტაში“ ჩემი თაყვანისცემის ობიექტია შეურაცხყოფილიო და კლასიკის გადახედვაც კი მოინდომონ. დღეს ჩვენთან შეიძლება ბალანსი გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ იყოს დარღვეული და ეს ძალიან კარგია, იმიტომ, რომ დღეს ტოლერანტობის კულტურის დანერგვა, განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა და მათი ატანა გვჭირდება. რაც მეტი თავისუფლება იქნება ამ მხრივ, მით უკეთესი. არც სახელმწიფოს, არც ეკლესიას არ უნდა ჰქონდეს რაიმე საშუალება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. თუკი ჩვენ დღეს ვინმეს ამგვარ მექანიზმს მივცემთ, ალბათობა იმისა, რომ ის ბოროტად იქნება გამოყენებული, ძალიან დიდია.
აქვს თუ არა ქართული კულტურისთვის დღეს აღმსარებლობას დიდი მნიშვნელობა?
ვახუშტი მენაბდე: საზოგადოებისა და, კერძოდ, ახალგაზრდობის განწყობები ლოიალურია იმ ხედვასთან, რასაც პირობითად შეგვიძლია რელიგიურობასთან შერწყმული ეთნიკურობა ვუწოდოთ. შესაძლოა აქ იდენტობების კრიზისის საკითხი და ქართული სახელმწიფოებრიობის წარუმატებლობის პრობლემაც იდგეს, რაც ალბათ არ იქნებოდა, თუ ქართველი ერი ბოლომდე ნაციად ჩამოყალიბდებოდა. ერის, ნაციის თანამედროვე გაგება გამორიცხავს რელიგიასთან კოლაბორაციონალიზმს. საფრანგეთსა და შვეიცარიაში ნაციონალიზმი უფრო ადამიანის უფლებების საკითხს ეფუძნება და არა იმას, რამდენად შეიცავს საფრთხეს ჩადრი. მნიშვნელოვანია რა არის მთავარი საზოგადოებისთვის: ეთნიკურობა, რელიგიურობა თუ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა.
დავით ზურაბიშვილი: სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა-არნდობა და მისდამი ლოიალობა ნაციონალიზმის საკითხი არ არის. ევროპის ქვეყნებიც კი განსხვავდებიან ამ მხრივ ერთმანეთისგან. მაგალითად, იტალიაში ნაკლები ნდობაა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, გერმანიაში - მეტი. საბჭოთა პერიოდში ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეთნიკური წარმოშობა გახლდათ. მაშინ ძალიან ღიზიანდებოდნენ, თუ ვიღაცას, წარმოშობით არაქართველს, გვარი ქართულად ჰქონდა გადაკეთებული და აქცენტი ნაკლებად კეთდებოდა რელიგიურობაზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეთნიკური კონფლიქტები გადავიტანეთ, ეთნიკურობის საკითხმა თითქოს უკანა პლანზე გადაწია. ახლა კარგ ტონად არ ითვლება საუბარი ვინმეს წარმოშობაზე. ეს პრობლემა, ასე თუ ისე, დიდწილად დავძლიეთ. დღეს რელიგიურმა, უფრო სწორად კი, აღმსარებლობითმა მომენტმა წამოიწია წინ. შეიძლება ეს იმის გამოც მოხდა, რომ ჩვენთან 20 წლის განმავლობაში ვერ შედგა სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებისთვის კეთილდღეობასთან იქნებოდა ასოცირებული, სულ რაღაც გაჭირვებაა ჩვენს თავს, მძიმე მემკვიდრეობაა ეს ოცი წელიწადი. დღეს მართლმადიდებლობა უფრო მეტადაა იდენტობის ნაწილი, ვიდრე 20 წლის წინ იყო. თუმცა, თუ სახელმწიფოებრიობის შენების პროცესი ნორმალურად წარიმართა, შესაძლებელია, რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმსარებლობის თემამაც ისევ უკანა პლანზე გადაიწიოს. მგონი, მთავარი ისაა, რომ ლიბერალური ღირებულებები იდენტობის საფრთხედ არ აღიქმებოდეს და ქართველები ამას უყურებდნენ, როგორც საკუთარი კულტურის ნაწილს.
ვახუშტი მენაბდე
გიორგი მელაძე: ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რამდენად შემდგარი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები გვექნება საქართველოში. ჩვენ გვინდა საკუთარი ინსტიტუტები გვქონდეს, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბევრი სახელმწიფოა, სადაც ჯერ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდნენ იმის თაობაზე, უნდათ თუ არა საკუთარი ინსტიტუტები და საკუთარი სახელმწიფო. ბევრ რამეს განსაზღვრავს ის, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ სახელმწიფო ინსტიტუტები - იმოქმედებენ ყველას ინტერესის გათვალისწინებით, თუ რაღაც ვიწრო ჯგუფზე იქნებიან ორიენტირებულნი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიის მანძილზე ჩვენ საკუთარი ნებით ყოველთვის გვიჭირდა მიგვეღო უცხოტომელი. დავით აღმაშენებელმა რეპრესიები გაატარა, როცა ყივჩაღები ჩამოასახლა. მესმის, რომ ეს შუა საუკუნეებია და მაშინ სხვა ვითარება იყო, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ქართველს უცხოს მიღება ყოველთვის უჭრიდა. თუ ჩვენ დღეს შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, უნდა გავიგოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ამ მიწა-წყლის თანასწორუფლებიანი მესაკუთრეა. ტერმინი „შემწყნარებლობაც“ არ არის სწორი, რადგან იმას ნიშნავს, რომ მე შენ შეგიწყნარე ანუ აგიტანე. არადა, კი არ უნდა აიტანო ვინმე, არამედ თანასწორად უნდა აღიქვა. ჰოლანდიაში მინახავს, რომ პოლიტიკური, ეთნიკური, სექსუალური განსხვავებები სრულიად მიღებულია და კონკრეტულ ადამიანს ეს არანაირ უხერხულობას არ უქმნის.
დავით ზურაბიშვილი: არის კულტურები, სადაც ლიბერალური ღირებულებების შეტანა ნამდვილად ძნელია, მაგალითად, ისევ ირანს და ისლამურ სამყაროს მოვიყვან. საქართველოში, თუკი ამას მიზნად დავისახავთ და სახელმწიფო პოლიტიკას სწორად წარვმართავთ, ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.
რატი ამაღლობელი: პირველი მიზანი, რაც უნდა დავისახოთ, რასაკვირველია, კონსენსუსი და იმის აღიარებაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს მოქალაქეა, თავს თანასწორუფლებიანად გრძნობდეს და ყველა საზოგადოებრივი სიკეთითა და უფელებით თანასწორად სარგებლობდეს. ეს იოლი გასაკეთებელი არ არის. გავიხსენოთ, ქართველი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი, რომელიც თავს ასეთად თვლიდა, ჩვენს იდენტობაში, ჩვენს კულტურულ მეხსიერებაში ქართველად არ აღიქმება.
ბექა მინდიაშვილი: ფარაჯანოვის სტიგმატიზაციას ბევრმა რამემ შეუწყო ხელი: ის მიღებული იყო ბურჟუაზიული და მტრული დასავლეთის მიერ, იყო სომეხი, იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტიაციის მქონე და სხვ. თან, როგორც ხელოვანი, პროვოკაციული იყო. ბევრი, სხვათა შორის, ინტელიგენტი ქართველი ფარაჯანოვის „სურამის ციხის“ შემდეგ შეურაცხყოფილი დარჩა. ცნობილია, რომ მას „შუშანიკის წამების“ გადაღება უნდოდა, რისი უფლებაც არ მისცეს.
რატი ამაღლობელი: როდესაც ჩვენ მმართველი პარტიისთვის აზერბაიჯანული რეგიონებიდან არჩევნებზე ხმების ას-ასი პროცენტი მოგვაქვს, ეს ამ ხალხის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას გარკვეულწილად აფერხებს და ეს გვაბრუნებს სწორედ საბჭოთა დროში, როცა ქართველებსა და დანარჩენ ეთნოსებს შორის არც კონსენსუსი იყო და არც რაიმე ინტეგრაცია. ეს იყო უბრალო თანაცხოვრება.
ბექა მინდიაშვილი: ლიბერალიზმისა და დემოკრატიის განვითარება გულისხმობს იმას, როცა რელიგიური ინსტიტუციების შიგნით ხდება სხვა აღმსარებლობების მიმართ სწავლების გადასინჯვა, ისევე, როგორც ეს მოხდა კათოლიკურ ეკლესიაში, სადაც 1962 წელს განახლება, აჯორნამენტო, დაიწყო და ხუთ წელიწადს გაგრძელდა. მაშინ კათოლიკეებისთვის მთავარი საკითხი იყო ეღიარებინათ თუ არა სხვა რელიგიის მიმდევრები კათოლიკეთა თანასწორად. მთავარი ინსტიტუცია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ლიბერალიზმს, რელიგიურ პლურალიზმს და თანასწორობის ცნებას, სწორედ კათოლიკური ეკლესია იყო, მაგრამ ის საბოლოოდ აქამდე მივიდა. პროტესტანტობა, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის წინაშე არც დამდგარა. დღეს საბერძნეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ეკუმენისტურ შეკრებებზე განიხილავენ საკითხს, რომ მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა ქრისტიანული დენომინაციების მიმართ შესაცვლელია. რაც უფრო გაღრმავდება პიროვნების თავისუფლების კულტურა საქართველოში, მით უფრო გარღმავდება ეს პროცესები ეკლესიის შიგნითაც. დღეს ჩვენს ეკლესიაში სრულიად სხვა ვითარებაა. იქ ყველა დონეზე კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ ადამიანი, ვინც კრიტიკულად უყურებს მართლმადიდებელ ეკლესიას, მტერია, და მეტიც, არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ, ქვეყნის მტერია - ქართველიც კი არ არის.
რატი ამაღლობელი: კათოლიციზმის ცენტრში, ვატიკანში, სისქტის კაპელაში ისე ვერ შეხვალთ და რაფაელისა და მიქელანჯელოს შედევრებს ვერ ნახავთ, თუ არ გაიარეთ ოთახში, სადაც ფრენსის ბეკონის, რბილად რომ ვთქვათ, კათოლიციზმის გამაკრიტიკებელი ნამუშევრები კიდია. კათოლიკური ეკლესია დღეს ფრენსის ბეკონს განიხილავს როგორც საკუთარი კულტურის ნაწილს და მას რაფაელისა და მიქელანჯელოს გვერდით ათავსებს. ეს ვატიკანის ახალი პოლიტიკის ნაწილი.
გიორგი მელაძე: ეკლესია დღეს ვერ თამაშობს განმსაზღვრელ როლს პოლიტიკაში და ეკონომიკაში, მაგრამ იდენტობას ნამდვილად განსაზღვრავს. ის 90 პროცენტი, ვინც ეკლესიას და პატრიარქს დიდ ნდობას უცხადებს, სწორედ ამ ნიშაში მოიაზრება. თუკი თვითონ ეკლესიის შიგნით რაიმე შეიცვლება, მაშინ მოქალაქეებიც დაფიქრდებიან საკუთარ იდენტობაზე. მეორე მხრივ, ეკლესია შეიძლება სწორედ იმიტომაც ინარჩუნებს ამხელა ნდობას, რომ იდენტობის განმსაზღვრელია. მართლაც, დღეს ეკლესიას არაფერი უბიძგებს განახლებისკენ. გარემო ამ მხრივ კონკურენტუნარიანი არ არის. იმავე ბულგარეთსა და რუმინეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეკლესიას სწორედ გარემო აიძულებს შეიცვალოს და თუ მან თავის პოლიტიკას არ გადახედა, მრევლს დაკარგავს.
![]() |
2 TOLERANCE |
▲back to top |
![]() |
2.1 უცხო და მახლობელი |
▲back to top |
წერილი I
ბექა მინდიაშვილი
ყოველთვის, როცა ქრისტიანობის სახელით სხვა აღმსარებლობის, მსოფლმხედველობისა თუ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანი სძულთ, ამცირებენ და დევნიან მას, უკიდურესად უცხო და იმავდროულად განსაკუთრებულად საჭირო ხდება სახარება, მისი უწყება დევნილი და ჯვარცმული ღმერთის შესახებ. როგორც იოანე მახარობელი წერს, ქრისტე „თვისთა თანა“ მოვიდა და მათ ვერ იცნეს იგი, რადგან საკუთარი თემის, ერის, რელიგიის აღზევება კი არა, სწორედ სხვისი, განსხვავებულის, მიუღებლის, აკრძალულის გაგება და მტრის სიყვარული დაადგინა რწმენის, ადამიანობისა და ხსნის საზომად. ამის გამო კი თვითონ იქცა თავისიანებისთვის უცხოდ, ხოლო უცხოსთვის - მახლობლად.
სახარების გააზრება ერთ-ერთი გზა არის სტერეოტიპების, შეუწყნარებლობის, სიძულვილის, ქსენოფობიის, ფუნდამენტალიზმის დაბურული ტყიდან უნივერსალური თანადგომისა და სხვისი თავისუფლების, მრავალფეროვნების დაფასებისკენ გასაღწევად. თუკი თუნდაც ზერელედ გადავავლებთ თვალს ოთხთავს, შევეცდებით მისი, ერთი შეხედვით, მარტივი აზრის ამოკითხვასა და გაგებას, შევიტყობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ქრისტიანობის იდეისა თუ საქმის გამო ვინმეს რიყავენ და სიძულვილისა და ჩაგვრისთვის იმეტებენ, განკაცებულ ღმერთს - იესო ქრისტეს დევნიან.
საიმისოდ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგათ ქრისტიანთა ღმერთის ამ უცნაური ლოგიკის გასაგებად, სახარებიდან ოთხ მთავარ რელიგიურ კითხვაზე პასუხის მიღება უნდა ვცადოთ. როგორია, სახარების თანახმად, ადამიანი ღვთის წინაშე, ანუ რას ნიშნავს რწმენა და თავისუფლება, როგორია ღმერთი ადამიანის წინაშე - რა არის სიყვარული და ძალაუფლება, როგორია ადამიანი ადამიანისთვის - ვინ არის მეგობარი და რას გულისხმობს სიკეთე და ბოლოს - რა წინაპირობა უდევს საფუძვლად ღმერთთან ადამიანის საბოლოო შეხვედრასა და შერიგებას - ხსნას.
მაგრამ ამ კითხვებზე სახარებისეული ცხადი პასუხები სულაც არ ნიშნავს მათ რეალურ გამოცდილებად ქცევას. საკმარისია გავიხსენოთ ქრისტიანობის ტრაგიკული ისტორია, რომ იოლად დავრწმუნდებით ნიცშეს სიტყვების სიმართლეში: ეკლესიები ადამიანებმა ქრისტეს საფლავებად გადააქციეს. ამიტომაც ამბობს მღვდელი ალექსანდე მენი, რომ ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
ამ მოკლე ჩანაწერით პირველი კითხვის გააზრებას შევეცდები: რა არის რწმენა სახარების თანახმად? დანარჩენ სამზე კი მომდევნო წერილებში ვისაუბროთ.
ურწმუნო მართლმორწმუნე
რწმენის რაობის გაუცნობიერებლად სახარების ლოგიკის მიღება მეტისმეტად ძნელია - ისტორია გვიჩვენებს, რომ ქრისტეს მოძღვრება უამისოდ შეგონების, სარიტუალო პრაქტიკისა და თეოლოგიის სისტემად, რელიგიად იქცევა, მაგრამ კვდება, როგორც ცოცხალი სიტყვა, რომელიც მათთვის, ვინც ქრისტიანობას აღიარებს, არა აბსტრაქტულ ჭეშმარიტებად, არამედ უშუალოდ იესო ქრისტეს პიროვნებასთან შეხვედრის გამოცდილებად უნდა გადაიქცეს.
ოთხ სახარებაში სულ ორი ეპიზოდი გვხვდება, სადაც ქრისტე თავის დამოკიდებულებას გამოხატავს კონკრეტული ადამიანების რწმენისადმი. ერთ შემთხვევაში ის გაკვირვებულია ურწმუნოებით, ხოლო მეორეში პირიქით - რწმენის სიძლიერით არის გაოცებული.
მარკოზი და ლუკა მოგვითხრობენ, რომ იორდანეზე ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში ბრუნდება და შაბათ დღეს სინაგოგაში შედის. იქ მართლმორწმუნე მრევლია შეკრებილი, ისინი წინასწარმეტყველებებს კითხულობენ მესიის შესახებ. ქალაქი ნაზარეთი ორთოდოქსიის ეპიცენტრია, ჭეშმარიტების კონცენტრაციის ადგილია, ვინაიდან ის, წინასწარმეტყველთა მიხედვით, მესიის ქალაქია. ნაზარეთის მოსახლეობა ყოველმხრივაა დაჯილდოებული იუდეველთა ღმერთის მიერ - გამორჩეული ერის გამორჩეული ნაწილია. ღმერთმა მათთვის არ დაიშურა არც აღთქმა, არც წინასწარმეტყველება, არც ტაძარი, არც საკუთარი თავი, რადგან განკაცებული ღმერთი სწორედ მათ შორის გაიზარდა - მისი სახელიც კი ამ ქალაქთანაა დაკავშირებული - იესო ნაზარეველი.
მაგრამ, როდესაც ქრისტე სიტყვას ითხოვს და იწყებს წინასწარმეტყველთა განმარტებას, როცა აცხადებს, რომ აღსრულებულია მესიის მოვლინების ჟამი, სინაგოგაში შეკრებილი ადამიანები მას არ იღებენ, დასცინიან და დაახლოებით ასეთ რამეს ამბობენ: ეს ჩვენი დურგლის, იოსების ბიჭი არ არის? იოსების ბიჭი კი, რომელიც მათ თვალწინ გაიზარდა, რომელიც მათთვის სკამებსა და მაგიდებს თლიდა, როგორ უნდა ყოფილიყო საღვთო ერის მრავალსაუკუნოვანი იმედი - მესია და წინამძღოლი? რა თქმა უნდა, ეს მათთვის გაუგონარი მკრეხელობა, ღმერთისა და მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყო. ამიტომაც ქრისტეს ჯერ აძევებენ სინაგოგიდან და შემდეგ მოსაკლავადაც დაედევნებიან.
ამის შემდეგ იესო ქრისტე სინაგოგაში შეკრებილების რელიგიურობას აფასებს როგორც უკიდურეს განდგომას ღვთისაგან. ის ამბობს, რომ მსგავსი ურწმუნოება არ შეხვედრია მთელს ისრაელში.
მორწმუნე ურჯულო
მეორე შემთხვევა კაპერნაუმში ქრისტეს მოგზაურობასთანაა დაკავშირებული. ამ ქალაქში ქადაგებისას მასთან რომაელი ოფიცერი მორბის და შველას ითხოვს, ოღონდ არა საკუთარი თავისთვის, არამედ მსახურისთვის, რომელიც სიკვდილის პირასაა.
რომაული კანონმდებლობით მონა ყოვლად უუფლებო ცოცხალი იარაღი, ნივთი იყო. ამ ნივთის მფლობელს ყველაფრის ნება ჰქონდა მასზე, მისი მოკვლაც კი შეეძლო. ერთ-ერთი ძველი ავტორი რეკომენდაციას აძლევს რომაელ ფერმერს, რომ სოფლის სამეურნეო ხელსაწყოების ყოველწლიური ინვენტარიზაცია ჩაატაროს და მოძველებული, მწყობრიდან გამოსული ინსტრუმენტები გადაყაროს. ამავეს ურჩევს მონებთან დაკავშირებითაც. როგორც წესი, არაშრომისუნარიან მონას უმოწყალოდ აგდებდნენ ხოლმე გარეთ. ამ ფონზე კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდი ნახტომი გააკეთა რომაელმა ოფიცერმა ბატონი-მონის განსაზღვრული წესრიგიდან გამოსასვლელად. ჩანს, ოფიცერი სხვაგვარად ეპყრობოდა თავის მსახურს, ზრუნავდა მასზე და მზად იყო ყველა გზა გამოენახა მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
რომაელი ოფიცერი, ბატონი და დამპყრობელი თავს იმდაბლებს უცნაური ებრაელი მოძღვრის წინაშე. სთხოვს მას, რომ მხოლოდ ერთი სიტყვა გაიმეტოს და ეს საკმარისი იქნება მსახურის გადასარჩენად. ქრისტე უპასუხებს: შენმა რწმენამ იხსნა შენი მსახური. ამის შემდეგ კი ამბობს, რომ მსგავსი რწმენა არ შეხვედრია მთელს ისრაელში.
ურწმუნობა და რწმენა
ეს ორი ამბავი თეზა და ანტითეზაა იმის გასაგებად, თუ რა არის სახარებისეული რწმენა და ვის შეიძლება ერქვას მორწმუნე. თუმცა მისი გააზრება სხვა კუთხითაცაა საინტერესო. ეს ეპიზოდები ახლობლისა და უცხოს სახარებისეული დისპოზიციის შესახებ გვიქმნის წარმოდგენას, რომელიც ერთ-ერთი ცენტრალური ანთროპოლოგიური დისკურსია ახალი აღთქმისა - ვცადოთ ამ კითხვასაც გავცეთ პასუხი: როგორ იქცევა მახლობელი უცხოდ და უცხო მახლობლად?
ერთი მხრივ, მონოთეისტი, მართლმორწმუნე, ერთი სიტყვით, იმჟამინდელი მართლმადიდებელი მრევლი, რომელიც იცავს ყველა რელიგიურ წესსა და მცნებას, ზღვრულ მდგომარეობაში, სწორედ მაშინ, როცა მესიასთან, ღმერთთან შეხვედრის დრო მოუვა, ვერ ცნობს მას. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ეს საზოგადოება გარეგნულად ჭეშმარიტი რელიგიის ეპიცენტრში მყოფობს, აღმოჩნდება, რომ ის შინაგანად უკიდურესად დაშორებულია ჭეშმარიტებას, გაუცხოებულია მისგან - სრულიად ურწმუნოა. ნაზარეთელი მორწმუნეები, რომლებიც თვითკმაყოფილებას არიან მიცემულნი იმის გამო, რომ ზედმიწევნით იციან როგორი უზადო და აღმატებულია მათი წარმოდგენა ღმერთზე, ღვთისა და ჭეშმარიტების სახელით ღმერთისა და ჭშმარიტების მდევნელებად გვევლინებიან.
ეს ეპიზოდი იმაზე მიგვითითებს, რომ რელიგიურობის ფორმა, ორთოდოქსია, რიტუალები, ყველა წესისა და თეოლოგიური მცნების დაცვა სულაც არ არის არსებითი რწმენისათვის. შესაძლოა პირიქითაც იყოს, რელიგიურმა ფორმალიზმმა და ექსკლუზივიზმმა, ვიწრო კონფესიურობამ, რიტუალებმა და წესებმა ადამიანში რწმენა ჩაახშონ, როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ამბობენ, გული გაუქვავონ მას, თვითკმარ კერპებად იქცნენ მისთვის და ღმერთის ადგილი დაიკავონ.
მეორე მხრივ კი, მორწმუნეა რომაელი ოფიცერი, რომლის რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული და სოციალური ხატი იმჟამინდელ ისრაელში მტერს განასახიერებს. იგი მართლმადიდებლებისთვის ურჯულო კერპთაყვანისცემელია, ნაციონალისტებისთვის - ოკუპანტი და კოლონიზატორი, იმდროინდელი „სოციალისტებისთვის“ კი, „მჩაგვრელთა კლასის“ წამომადგენელი.
რა თქმა უნდა, ცენტურიონმა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ის კაცობრიობის მხსნელის წინაშე წარდგა, რომ თავად ღმერთია ის, ვისგანაც შველას ითხოვს. არაფერი იცის, რომ იესო ქრისტე სამების მეორე პირია, რომ მას ორი ბუნება და ნება აქვს - ადამიანური და ღვთაებრივი, და რომ იგი ქალწულისგანაა უმანკოდ შობილი. ერთი სიტყვით, მას ჭეშმარიტი რელიგიის, მოძღვრებისა და დოგმატებისა არაფერი გაეგება. მსახურის სიცოცხლის გადარჩენაა ერთადერთი რამ, რაც მან იმ კონკრეტულ მომენტში იცის და რაც მას სურს.
იფიცერი, იმის გამო, რომ თავისუფლდება საკუთარი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ხატისგან, წარმოდგენებისგან, რომელშიც გარეგნულად მისი ცხოვრება და ცნობიერებაა ჩაწერილი, ხდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. იგი ზრუნავს მონაზე, რომელიც მისთვის უკვე მონა აღარ არის, როგორც ლუკა გვეუბნება, ის უკვე მისი ძეა. თავს იმცირებს და შველას ითხოვს დაპრობილი, მისთვის უცხო რელიგიის მოძღვრისგან, რომელიც მისთვის უკვე ღმერთია.
ეს კეთილშობილი ოფიცერი მონის სახით ხვდება ადამიანს, რომლის გადასარჩენად მთელ თავის კაპიტალს ფლანგავს - სოციალურ და პოლიტიკურ სტატუსს, ავტორიტეტს, წარმოდგენებს უძლეველ იმპერიასა და მდიდარ, ყველა ღვთაებისა და საკულტო ტრადიციის მომცველ რელიგიურობაზე. ამ სიმდიდრისგან თავისუფალი და ადამიანის სიყვარულით აღძრული ეს კაცი ხვდება და აღიარებს იესო ქრისტეს, დურგალ იოსების უცნაურ ბიჭს.
მისთვის ეს უცხო მოხეტიალე ნაზარეველი ყველაზე მახლობელი, ძლიერი და სანდო ვინმეა. სახარების თანახმად, ეს ტრანსფორმაცია არის ის ფენომენი, რომელსაც რწმენა შეიძლება დაერქვას - სწრაფვა საკუთარი თავისუფლებისა და ღმერთისკენ მეორე ადამიანის საკეთილდღეოდ.
![]() |
2.2 ფუნდამენტალიზმის გადალახვის შესაძლებლობა |
▲back to top |
წინამდებარე სტატია არ არის სამეცნიერო ხასიათის. მას დიალოგში ან, თუნდაც, კამათში გამოწვევის დანიშნულება უფრო აქვს, ვიდრე დასრულებული ნააზრევის გადმოცემისა. ნათქვამია, „კამათში იბადება ჭეშმარიტება“, მაგრამ არც „ჭეშმარიტების ძიებაა“ ამ სტატიის მიზანი - მეტაფიზიკური ერთი და სრული ჭეშმარიტების ხანამ, ვფიქრობ, უკვე ჩაიარა (ჭეშმარიტებასაც ჰქონია ყავლი!). ჩვენ ვისაუბრებთ ფუნდამენტალიზმზე, შეუწყნარებლობაზე, ღირებულებებზე, საეკლესიო ცხოვრების პერსპექტივაზე არა ჭეშმარიტების სათვალთვალოდან „სიცრუის“ საგუშაგოს სამხილებლად და შესამუსრავად, არამედ განსხვავებულის, მიწიერის, ცვლადის, წარმავალის, მაგრამ მაინც ჭეშმარიტებების შესახვედრად/მოსანიშნად და, ამდენად, შეძლებისდაგვარად იმის გასარკვევად, ვინ ვარ? ვინ ვართ? სად ვართ? საითკენ შეიძლება მივდიოდეთ - პიროვნებაა გზა და ჭეშმარიტება (შდრ.: „უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ [...] მე ვარ გზა და ჭეშმარიტება“ (გამოსვლა 3.14; ინ. 14.6)…
კახაბერ კურტანიძე
ფუნდამენტალიზმის ცნება ფართოდაა გავრცელებული. იგი ისეთი გაგებით იხმარება, რომ თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა თითქმის დაკარგა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თავდაპირველი მნიშვნელობა ფაქტობრივად აღწერს დღევანდელისგან ფრიად განსხვავებულ მოვლენას. კერძოდ, იგი ასახავს მოძრაობას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოიშვა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დამდეგს, როგორც ურბანიზაციის, ინდუსტრიალიზაციის, ზრდადი ემიგრაციის, გერმანული კრიტიციზმის (ბიბლიის) და დარვინიზმის სწორხაზოვანი ევოლუციის გავლენისაგან თავდაცვის მცდელობა ქრისტიანობის ფუნდამენტებთან, ანუ ბიბლიასთან, დაბრუნების გზით. შეიძლება მივიჩნიოთ - რაღაც დაშვებებით მაინც -, რომ ქართულ მართლმადიდებლობას აქვს რაიმე კავშირი ასე გაგებულ ამ ტერმინთან? შეიძლება, თუკი ჩავთვლით, რომ წმინდა მამებთან ან საღვთო ტრადიციასთან „დაბრუნება“ ნიშნავს ქრისტიანული რწმენის საფუძვლებისაკენ „მოქცევას“ (მობრუნებას). მაგრამ, თუ ეს „მოქცევა“ რეალობიდან (მათ შორის, ქრისტიანული რეალობიდან მითოლოგიურისაკენ) „გაქცევას“ უფრო ჰგავს? ან, ვთქვათ, რეალობასთან დაპირისპირებულ „ქცევას“?
კითხვის ასეთი დასმისას იბადება ფუნდამენტალიზმის სხვანაირი, უფრო გავრცობილი გაგების სურვილი იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებულ იარლიყების მარტივად მიწებება.
მაშ ასე, დავუშვათ, რომ ფუნდამენტალიზმს რაღაც საერთო აქვს სხვა ტერმინთან - „ფუნდამენტალურ თეოლოგიასთან“. ასეთ შემთხვევაში ფუნდამენტალიზმი შეიძლება გაგებულიყო, როგორც აპოლოგეტიკა, ანუ ქრისტიანული სარწმუნოებრივი საფუძვლების დაცვა, განმარტება და რეკომენდირება, როგორც ეს მოციქულმა პავლემ მოიმოქმედა ათენში.1 მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა: პავლე მოციქული არ არის წინასწარშეგონებულად მტრულად განწყობილი, არამედ აღიარებს ათენელებში „კეთილ საწყისს“ („ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ“) და მათთან სასაუბროდ იყენებს მშვიდობიან ხერხს. კერძოდ, მათ განუმარტავს მათთვის გასაგები ენით (რად ღირს მხოლოდ ის ფაქტი, რომ პავლე ლაპარაკობდა კოინეზე, ანუ სალაპარაკო ბერძნულ ენაზე, ხოლო ქრისტე - არამეულად და არა ძველებრაულად, ასე ვთქვათ, „ძველ, მამათა განწმენდილ ენაზე“), მათი კულტურის ენით („როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: „მისი მოდგმა ვართ“). არა მხოლოდ პავლე იქცეოდა ასე, არამედ მთელი შემდგომი თაობები: სამოციქულო მამები, აპოლოგეტები, საეკლესიო მწერლები, შუა საუკუნის თეოლოგები და, ზოგადად, მთელი ქრისტიანული ტრადიცია ასეთი იყო. სწორედ ამ ტრადიციამ აითვისა, გაამდიდრა, გარდაქმნა ათენელთა ბერძნული კულტურა, ხოლო კულტურაში იგულისხმება არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა, ფილოსოფია, პოეზია, მწერლობა და ა.შ. და არა მხოლოდ ბერძნული, არამედ ყოველი კულტურა, რომელსაც ქრისტიანობა შეეხო და იმოქმედა მასში (მათ შორის ქართულიც მოიაზრება, რა თქმა უნდა). იქცევა კი ასე ქართული მართლმადიდებლობა?
პასუხი შეიძლება იყოს შემდეგნაირი: საქართველო და მისი „ტრადიციული კულტურა“ (ყბადაღებული „ტრადიციული ღირებულებები“) ყოველთვის იყო ქრისტიანული (დავაზუსტოთ, მართლმადიდებლური, რადგან ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მავანთათვის არაა იდენტური ცნებები, მეტიც, უკანასკნელისათვის პირველი უსარგებლო დანამატადაა მიჩნეული) და, ამდენად, იგი შერყვნილია და მას სჭირდება არა ახლის ქადაგება, არამედ განწმენდა. ვინ შერყვნა იგი? პასუხი ძალიან მარტივია - „ბნელმა ძალებმა“, რომლებიც შეიძლება იყვნენ: ათეისტები, ეკუმენისტები, მწვალებლები, რეფორმისტები, „ობნავლენცები“, „ჟიდები“, ლიბერალები, ჰომოსექსუალები, „ლიბერასტები“(?!), მოდერნისტები და ზოგადად დასავლეთი. რაში მდგომარეობს შერყვნა? შერყვნა და გარყვნილებაა ყველაფერი, რასაც არა აქვს „მართლმადიდებლური“ ფორმა. კი მაგრამ ფორმაა მთავარი?! (მაგალითად, ორთავიანი არწივი). ასეთი „ფორმათთაყვანისცემა“ ხომ არ ჰგავს კერპთაყვანისცემას? ან კიდევ, ასეთ კერპთაყვანისცემას ხომ არ მოსდევს (აუცილებლად ან შესაძლოდ) პიროვნებისადმი თაყვანისცემა, ანუ პიროვნების კულტი? ყოველ შემთხვევაში, კერპთაყვანისცემა და პიროვნების კულტი მონათესავე მოვლენებია.
ამ კონტექსტში რომ დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ „მოქცევას“ და განვიხილოთ იგი არა მიბრუნების, არამედ „დაბრუნების“ მნიშვნელობით, მაშინ ქართული მართლმადიდებლობის „გარყვნილებისგან განწმენდის“ და „ფორმათთაყვანისმცემლობის“ (ფორმალურობის?) ასპექტი კარგად წარმოჩნდება. უკვე ოცი წელია იმართება საყოველთაო ნათლობები, შენდება ძველ სტილის ეკლესიები (არავითარი არქიტექტურული და საინჟინრო შემოქმედებითი ათვისება თანამედროვეობის მიღწევებისა ამ დარგში არ ხდება), მიმდინარეობს ძველი ხატწერის აღდგენის, ძველი საგალობლების გადმომღერების პროცესი, ანუ ხდება მიბრუნება მირიანისა და ნანას ხანასთან - „მოქცევა? ახლისა (თანამედროვე) ქართლისა?“. მაგრამ აქაც არის ერთი მცირე განსხვავება - კერძოდ, „ფორმათთაყვანისცემის“/კერპთაყვანისცემის ნიუანსი, რაც იმავე ქართული ტრადიციისა და ღირებულებებისათვის უცხო თუ არა, ლატენტური იყო, ანუ თვალშისაცემი და მაშოკირებელი მაინც არ იყო. და ამ ნიუანსის ზემოაღნიშნული „მონათესავე“ პიროვნების კულტი - მხოლოდ ერთს შეუძლია წეროს განსხვავებული ხატები, მხოლოდ მას ხელეწიფება შეთხზას საგალობელი, მხოლოდ მის მიერ ან მისი უშუალო ზედამხედველობით შეიძლება განხორციელდეს „ახალი“ (ეკლექტურად ახალი) არქიტექტურა/ხუროთმოძღვრება?
და კიდევ - მითი! ჰქონდა კი მირიანს მითი და, თუ ჰქონდა, მისდევდა მას? რა წარსული ჰქონდა? საიდან მიიღო რწმენა - აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან? რომელ ენაზე ამეტყველდა ეკლესია ქართლში? „მიიქცა“/დაბრუნდა მირიანი საითკენმე თუ მისი სვლა იყო ცვლილება, განახლება, წინსვლა? ხომ არ არის წარსულისაკენ „მიქცევის“ ეს პროცესი ქართული ტრადიციისთვის რაღაც ახალი და არყოფილი? ხომ არ შეცვალა ქართულმა მართლმადიდებლობამ ქართული - და ზოგადად - ქრისტიანული ტრადიცია? თავად ხომ არ მოექცა იგი რომელიღაც უცხო - რომ არ ვთქვათ, ბნელი (დავუშვათ, რუსული) - ტრადიციის ჩრდილქვეშ? ან მითოლოგიზაცია ხომ არ არის კერპთმსახურების იდეოლოგიური ჩარჩო? ან მითოლოგიზებული ღვთისმსახურება ლიტონ მაგიზმად ხომ არ ყალიბდება? მითოლოგიურ საძირკველზე იყო ძველბერძნული დრამა დაფუძნებული (რომლიც შემოქმედებითად აითვისა, დახვეწა და გარდაქმნა ნამდვილმა მართლმადიდებლობამ), მას ჰქონდა ფილოსოფიური დატვირთვა, ანუ ბერძნული ტრაგედიის ფონზე ჩაისახება და ვითარდება ფილოსოფია. მაგრამ აქვს კი რამ საერთო ქართულ მართლმადიდებლურ რიტუალიზმს ფილოსოფიურ აზროვნებასთან ან, ზოგადად, შემოქმედებასთან? ხომ არ იქცა „მოქცევა“ რეგრესად და დაქცევად? და ა.შ.
განვაგრძოთ ფუნდამენტალლიზმის თემა.
ფუნდამენტალიზმი დღეს ასოცირდება ისლამურ ფუნდამენტალიზმთან (ჰგავს თუ არა ქართული მართლმადიდებლობა თალიბანიზმს და კამიკაძეების იდეოლოგიას ამაზე ბევრი თქმულა). მაგრამ, ჯერ ერთი, ფუნდამენტალიზმის საწყის გაგებასთან ეს შეუსაბამოა, რადგან ისლამი ისედაც ყოველთვის აღიარებდა წმინდა წერილის (ყურანის) უცდომელობას და მიაჩნდა იგი მუჰამედის მიერ ღმერთის ნათქვამის უშუალო გადმოცემად. „შუალედურ“ ტრადიციას ისლამში მეორეული როლი აქვს (თუმცა არც უმაგისობაა - ურთიერთმტრული სუნიტური და შიიტური, მაგრამ მაინც პრინციპულად ერთი და იგივე). და მეორე, პირველიდან გამომდინარე, როდესაც ისლამურ ფუნდამენტალიზმზეა ლაპარაკი, იგულისხმება პოლიტიკურად „რადიკალური ისლამი“. აქ კი კვლავ საჩინოა მსგავსება ქართულ მართლმადიდებლობასთან. კერძოდ, ამ უკანასკნელის პოლიტიკური პრეტენზია და განზომილება - „ივერიის გაბრწყინება“ და მისი ვარიაციების მთელი კომპლექტი სწორედ რომ პოლიტიკური მოცემულობაა, რადგან ტერმინები „ერი“, „საქართველო“, „ტერიტორიული მთლიანობა“ პოლიტიკური ცნებებია...
ფუნდამენტალიზმი, ზოგადი გაგებით, არ იცნობს პიროვნულ ღმერთს და არც არანაირ პიროვნებას. პიროვნებათშორისი ურთიერთობა ყოველთვის ხდება და მიმდინარეობს გარკვეულ კონტექსტში და, მათ შორის, ტრადიციულ კონტექსტში, მაგრამ არ ამოიწურება მისით. ქრისტიანობა სინაგოგურ ტრადიციაში აღმოცენდა, მაგრამ სწორედ პიროვნებათშორისი ურთიერთობა იყო ამ უკანასკნელის შემოქმედებითი გადალახვის წარმართველი ძალა. იგივე მოხდა ბერძნულ-რომაულ ტრადიციასთან მიმართებით. პიროვნების ამგვარი კონტექსტიდან გამოსვლა შეიძლება მოხდეს, მაგალითად, მისტიკური ექსტაზისას, მაგრამ, როგორც ორიგენესთან და დიონისე არეოპაგელთან ჩანს, იგი აუცილებლად უბრუნდება იმავე კონტექსტს, რის წიაღშიც განხორციელდა ეს ექსტაზი/ტრანსცენზუსი, ანუ ქრისტიანობის შემთხვევაში ერთობას უბრუნდება და ამდიდრებს მას თავისი მისტიკური გამოცდილებით; ამდიდრებს და ამოწმებს თავის გამოცდილებას ერთობის გამოცდილებით. ეს პიროვნებისა და ერთობის დაძაბული ურთიერთობაა და, ამდენად, არ გულისხმობს მშვიდ და წყნარ თანაცხოვრებას (დაძაბულობა თვით მოციქულთა შორისაც კი არსებობდა). მაგრამ ქრისტიანული თემი უპირატესად ღვთისმსახური თემი იყო, შედგებოდა კონკრეტული პიროვნებებისაგან და, ამდენად, ის იყო პიროვნებების ცოცხალი, შემოქმედებითი კავშირი - აკი ეკლესიის უპირველესი სიმბოლო ქრისტეს სხეულის, ანუ ცოცხალი, თვითზრდადი ორგანიზმის სიმბოლოა, სადაც ორგანოები/უჯრედები არიან პიროვნებები და მათ შორის არ არსებობს რაიმე ბალასტი, ზომბირებული ნახევრადცოცხალი ქსოვილი (ხოლო მერაბ მამარდაშვილის გამონათქვამის მიხედვით, ზომბირებული სხეული იმითაა საშიში, რომ იგი ითხოვს სხვის სისხლს). სწორედ ამგვარი ბალასტია გადაგვარებული ტრადიცია/ტრადიციულობა. ასეთი ბალასტი ართმევს ენერგიას/სიცოცხლეს პიროვნებებს. იგი შეიძლება იზრდებოდეს და იკავებდეს სულ უფრო მეტ ადგილს საერთო ორგანიზმში. მან მთლიანად შეიძლება გადააგვაროს და დაღუპოს სხეული. ანუ, იდიოლოგიზებული ტრადიცია სპობს პიროვნებას. ასეთ გარემოში ადვილი ხდება ადამიანების გაწირვა, მათით მანიპულირება. იგი არ ცნობს არც თავისიანს და არც სხვას, რადგან მისთვის „თავისიანიც“ მხოლოდ უახლოესი მსხვერპლია, რომლითაც საზრდოობს და რომელსაც საბოლოოდ თავისიანად - ზომბირებულ ქსოვილად - აქცევს. სხვების მიმართ კი ის აგრესიულია, რადგან ისინი არ არიან მოქცეული მისი ხელმისაწვდომობის არეში. გარდაუვალია დიდხანს დაიმალოს ასეთი სიშმაგე. იგი თავად გამოაჩენს თავს, რომც არ იარსებოს გამაღიზიანებელმა ფაქტორებმა (ვთქვათ, არასასურველმა წიგნებმა). ასეთი ზომბიქსოვილი მანამ ინარჩუნებს თავის ნახევარსიცოცხლეს, სანამ ან სასიკვდილოდ არ დაასნეულებს იმ სხეულს, სადაც ბინადრობს, ან ვიდრე არ აღკვეთენ მის მეტასტაზურ გავრცელებას.
აღკვეთის სხვადასხვა ხერხი არსებობს - კანონიერი და უკანონო (თუმცა ორივე კანონზომიერია). ანუ, ან კანონიერება შეზღუდავს ფუნდამენტალიზმის აგრესიას, ან უკანონო და უფრო მძლავრად აგრესიული შეუწყნარებლობა და ძალმომრეობა. პირველი განხორციელდა/ხორციელდება დასავლეთში (კანონიერების მეტ-ნაკლები დაცვით), მეორე კი სრულად - რუსეთში და მის სივრცეში, ანუ საქართველოშიც. ამ უკანასკნელმა არ გაამართლა (ვერც გაამართლებდა: უკანონო ძალმომრეობა ხომ არანაირ სიმართლეს არ ატარებს თავის თავში), რადგან იდეოლოგიზებულმა სარწმუნოებამ ახალი ძალით კვლავ იჩინა თავი - რუსეთში და ახლა, გასაოცრად თუ კანონზომიერად, საქართველოშიც. მაშასადამე, ერთადერთი გზა არის დასავლური გამოცდილების (მათი შეცდომების გათვალისწინებითაც სეკულარიზაციის გზაზე) გაზიარება. ეს კი მოითხოვს მაქსიმალურ ტოლერანტიზმს, რომელიც პაციფიზმისა და პასიური პოზიციის, ანუ უპრინციპო ღიაობის იგივეობრივი არ არის. შემწყნარებლობა, გარდა იმისა, რომ კანონს გულისხმობს (რაც უკვე ვთქვით), ასევე გულისხმობს რელიგიურ ორგანიზმში არსებული დადებითი, სასიცოცხლო ძალების წახალისებასაც. „ზომბისხეულის“ ზემოთ დახატული მძაფრი სურათის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არ არსებობს რეალურ, „მიწიერ“ ცხოვრებაში „მიწიერი“ აბსოლუტური ბოროტი ძალა - ეს უკანასკნელიც მითიური აზროვნების ნაყოფია. სტიმულირება, ქმედითი დონაცია, სასარგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და თანამშრომლობა ყოველთვისაა შესაძლებელი. თანამედროვე დასავლეთი სწორედ ამ ხერხს მიმართავს თავის შიგნითაც და გარეთაც უკიდურესი ზომების გვერდით (უკიდურეს ზომებში ვგულისხმობთ საომარ მოქმედებებს). სასარგებლო იქნებოდა რელიგიურ ორგანიზაციებში ცალკეული გახსნილი პიროვნებებისა და ჯგუფების მოძიება და მათთვის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია თეორიული ძიებების წარმართვა ამა თუ იმ რელიგიის სფეროში და მიღებული შედეგების პრაქტიკულად განხორციელების შეთავაზება რელიგიური ინსტიტუციისათვის. მაგალითად, მართლმადიდებლური საეკლესიო ინსტიტუციის მართვა-გამგეობის, მსახურების რაობისა და ორგანიზების ისტორიულ/თეოლოგიური კვლევა და ადამიანის ღირსებისა და ტრადიციის შეუბღალაობის დაცვით კონკრეტული ფორმის წარდგინება მისთვის. ასეთი თეორიული სამუშაო შეიძლება განხორციელდეს ერთობლივად - თუ ამის სურვილს გამოთქვამს კონკრეტული რელიგიური ორგანიზაცია, სახელმწიფომ შეიძლება შესთავაზოს მას გარკვეული სამსახური. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის დიოცეზში არის წეს-განგება, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირად კანდიდატის კურთხევა არ ხდება, თუ იგი არ გაივლის ფიქოლოგიურ ტესტირებას საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთი სამსახურის შეთავაზება სავსებით შესაძლებელია სახელმწიფოს მხრიდან ქართულ რეალობაში. ამავე დროს, იმავე დიოცეზში არ ხდება იმ პირების ხელდასხმა, რომლებსაც არა აქვთ შესაბამისი თეოლოგიური განათლება, რაც არ უნდა წარმატებული იყოს კანდიდატი სხვა პროფესიაში - იქნება ეს ფილოსოფია, ფსიქოლოგია თუ სხვა დარგი. სახელმწიფომ/საზოგადოებამ რელიგიურ ორგანიზაციას შეიძლება წარუდგინოს შესაბამისი თეოლოგიური განათლების პირები და ზოგიერთ შემთხვევაში მოსთხოვოს კიდეც მას მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ აკრედიტებული თეოლოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებულის გაწესება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან პოსტზე, რაც საქართველოში არის კიდეც ის ადგილი, რომელიც სასულიერო პირს უჭირავს. ცხადია, ეს უნდა განხორციელდეს არა დოგმატურ სწავლებებში ჩარევის გზით, არამედ პროფესიონალ და დახელოვნებულ თეოლოგ-მეცნიერთა კორექტული რჩევების გათვალისწინების შედეგად.
აქ შეგვიძლია დავსვათ კითხვა, შეიძლება თუ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (სმე), როგორც ინსტიტუტის, მართვა-გამგეობის იმგვარად გამართვა, რომ მოიხსნას დემოკრატიულ ფასეულობებთან მისი შეუსაბამობა. ანუ დემოკრატიულობა არსებითად ეწინააღმდეგება თუ არა მართლმადიდებლურ ტრადიციას? თავად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, 2010 წლის სააღდგომო ეპისტოლე მკვეთრად ხაზს უსვამს იმას, რომ არავითარი ასეთი შეუსაბამობა არ არსებობს. ეს მართლაც ასეა, რადგან ფართოდაა აღიარებული ადამიანთა უფლებების კონვენციის ქრისტიანული (რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ქრისტიანული) საფუძვლები. მაშასადამე, სავსებით დასაშვებია, რომ შეიძლება სმე-ს იმგვარად ორგანიზება, რომ ის არ ეწინააღმდეგებოდეს ელემენტარულ დემოკრატიულობას, ადამიანის ღირსებას. ოღონდ ამისათვის უნდა არსებობდეს საკმარისი კეთილგანწყობა და ნება. მაგრამ, შეიმჩნევა კი ასეთი კეთილგანწყობა სმე-ში? შეუიარაღებელი თვალით ეს შეიძლება არ იყოს საჩინო, მაგრამ ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს სამუშაოს განხორციელების შესაძლებლობა.
ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ღვთისმსახურებაც. არსებობს მართლმადიდებელი ეკლესიის ასეთი განმარტება: ეკლესია უპირატესად საღვთისმსახურო ერთობაა. როგორც საეკლესიო იერარქიული აგებულება ასახავდა იმ ეპოქის საზოგადოებრივ/პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელშიც ის მოქმედებდა ღიაობისა და შემოქმედების პრინციპით, ასევე ღვთისმსახურებაც ირეკლავდა და თავის თავში ახორციელებდა საეკლესიო სტრუქტურას. ხოლო ღვთისმსახურება არის უპირატესად ის სფერო, რომელიც ითვისებდა, ხვეწდა, ავითარებდა და გარდაქმნიდა გარემო კულტურის მონაცემებსა და მიღწევებს, როგორებიცაა, არქიტექტურა, მუსიკა, პოეზია, რიტორიკა, მწერლობა, სახვითი ხელოვნება და სხვ., განსაკუთრებით კი - რიტუალურ/თეატრალურ ხელოვნებას. მაშასადამე, ყოველივე ეს დღესაც შეიძლება თეოლოგიურად და შემოქმედებითად იქნეს განხილული და ათვისებული. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს პროტესტანტული ლიბერალური თეოლოგიის2 შეცდომების გამეორებას. მართლმადიდებლური მდიდარი ტრადიცია და სხვადასხვა ქვეყანაში მისი თანამედროვე ნიუანსური განსხვავებულობები ღვთისმსახურების ისეთნაირად კორექტირების საშუალებას იძლევა, რომელიც არანაირად არ მოახდენს ძალმომრეობას მასზე და, ამავე დროს, სრულად თუ არა, მისაღებად მაინც შესაბამისობაში მოიყვანს მას თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებთან.
შეიძლება ტაძრის იმგვარად აშენება, რომ კლიროსსა (სამღვდელო დასსა) და მრევლს შორის მიჯნა არ იყოს მკვეთრად გავლებული; ამრიგად შესაძლებელი იქნება მორწმუნეთა უფრო აქტიური ჩართვა რიტუალში და არა მხოლოდ პასიური თანადამსწრისა და მაყურებლის როლში ყოფნა ისე, როგორც ეს დღესაა.
ასევე, შესაძლებელია ტრადიციულ ხმოვანებაზე, მუსიკალურ კანონებსა და ტექნიკაზე დაყრდნობით ახალი საგალობლების შემოტანა, რაც უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა მრევლს. მეტიც, შეიძლება სრულიად ახალი საგალობლების შექმნა - ასეთი რამ განხორციელდა ძველად საქართველოშიც, სლავურ ორთოდოქსიაშიც, რუმინეთშიც და ახლაც ხდება დასავლურ ეპარქიებში.
სასურველია ძველი ლიტურგიების ხელახლა ამოქმედება (იაკობის, ანტიოქიურის, მარკოზის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვ.), ასევე კონსტანტინოპოლური საქალაქო ტიპიკონის (ღვთისმსახურების წეს-განგების) გამართვა, რომელიც მე-15 საუკუნემდეც კი შემორჩა თესალონიკში, რაც შესაძლებელს გახდიდა ბერულ/ასკეტური ტიპიკონისა და ამ, ასევე ძველი, ტიპიკონის მონაცვლეობას. შეიძლება ტიპიკონის ახლებურად გამართვაც დრამის ტრადიციული და თანამედროვე თეორიების გათვალისწინებით.
შეიძლებოდა ასევე ეპისკოპოსების შესამოსლის გამარტივება იმ საიმპერატორო რეგალიებისაგან, მართლმადიდებლურმა ღვთისმსახურებამ რომ შეიძინა მე-15 საუკუნეში, ესე იგი, ოსმანთა იმპერიიის უღელქვეშ ყოფნისას. ასეთი რამ რუსულბიზანტიური ლეტარგიული ძილბურანისაგან გამოსვლის შესაძლებლობას გაზრდიდა.
დოგმატურად სავსებით შესაძლებელია ახალი ლიტურგიის შექმნაც და ასე შემდეგ.
დაბოლოს. ფუნდამენტალიზმი თუ რადიკალური თუ ფანატიკური მართლმადიდებლობა, რომელსაც ამ სტატიაში ქართული მართლმადიდებლობა ვუწოდეთ, არ არის გადაულახავი მოვლენა. ასეთი რელიგიური სიტუაციები დამახასიათებელია გარდამავალ პერიოდში მყოფი ჩამოყალიბებადი სახელმწიფოებისათვის. მთავარია სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ძალისხმევის მოუდუნელობა დემოკრატიული განვითარებისთვის. ტოლერანტულობა და ღიაობა დამახასიათებელია განვითარებული სახელმწიფო/საზოგადოებრივი კულტურის ქვეყნებისათვის. უმცირესობების უფლებების უპატივცემლობა, პიროვნების უნიკალურობის უგულებელყოფა და, ზოგადად, აგრესიული რადიკალურობა ყველას და ყველაფრის მიმართ დიდად არის დაკავშირებული არასწორი არჩევანის გაკეთებასთან, მაგრამ არც სწორი არჩევანია საკმარისი, თუ მას არ მოსდევს განუხრელი დაცვა იმისა, რაც მართებულად არის მიჩნეული.
შენიშვნები:
1 დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო... იმას გახარებთ, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით. ღმერთი, სამყაროსა და ყოველივე სამყაროულის შემოქმედი, ცისა და მიწის უფალი... ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს. [...] ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა..., რათა ეძიათ ღმერთი.., თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან. [...] ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქმ 17. 23-31).
2. ლიბერალური თეოლოგია იყო ძირითადად გერმანიაში მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის პირველი ოცწლედის პროტესტანტული მიმდინარეობა, რომელმაც მკაცრი კრიტიკა განიცადა შემდგომ ათწლეულებში.
![]() |
2.3 ადრეული ეკლესიის დამოკიდებულება განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებისადმი |
▲back to top |
დავით თინიკაშვილი
რელიგიური ტოლერანტობის ყველაზე ცნობილი მაგალითი მოციქულთა ცხოვრებაში არის, როდესაც პავლე მოციქული ათენში მიმართავს არეოპაგელ წარმართ ფილოსოფოსებს შემდეგი სიტყვებით: „კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ, ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს“. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით“ (საქმე 17: 22-23). მომდევნო საუკუნეებში მოციქულის ამგვარ ტაქტიკას იყენებდნენ ქრისტიანული ეკლესიის ღირსეული შვილები განსხვავებულ რელიგიურ გარემოში (უახლესი მაგალითი, XIX საუკუნისა, იხილეთ წმ. სილუან ათონელის ცხოვრებაში, როდესაც იგი საყვედურობს ერთ-ერთ მისიონერს, რომელიც ხისტი მეთოდებით ცდილობდა არაქრისტიანთა ევანგელიზაციას, და უთითებს ზემოთ ციტირებულ ეპიზოდს).
ზნეობრივი ტოლერანტობის ყველაზე ცნობილი მაგალითი კი შემდეგია: ფარისევლები ქრისტეს მრუშობაში დაჭერილ ქალს მიუყვანენ და მისი ჩაქოლვის ნებართვას ითხოვენ. ქრისტეს პასუხი ასეთია: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი მან ესროლოს ქვა“. რაც შეეხება უშუალოდ განსასჯელ ქალს, მიუხედავად იმისა, რომ მოსეს რჯულის თანახმად ასეთი ქალების ჩაქოლვა მაშინ ჩვეულებრივი წესი იყო, ქრისტე მას შემდეგი სიტყვებით მიმართავს: „წადი და ამიერიდან ნუღარ სცოდავ“ (ინ. 8:11).
დამოკიდებულება წარმართებისადმი
როგორია ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციული დამოკიდებულება განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანების მიმართ (იქნებიან ისინი წარმართები თუ სხვა რელიგიის მიმდევრები)? ჯერ კიდევ ბიბლიის პირველი ნაწილი, ძველი აღთქმა მიუთითებს იმ წარმართებზე, რომლებიც რჩეული ერის მიღმა იმყოფებოდნენ, თუმცა ღვთისმოშიშ ებრაელებზე არანაკლებად „მოსაწონნი“ იყვნენ უფლისთვის. ასეთები იყვნენ, მაგ., იობი (იხ. ბიბლია, წიგნი იობისა 1:1); მელქისედეკი, რომელსაც მოციქული პავლე უწოდებს ღვთის ძის მსგავსს და მარადიულ მღვდელს (ებრ. 7:3); იათორი, მიდიამელი (ე. ი. არაიუდეველი) მღვდელი, მოსეს სიმამრი (გამოს. 2:16) და სხვ.
პავლე მოციქული ბრძანებს, რომ წარმართებს საკუთარი სინდისის მოთხოვნების დაცვით შეუძლიათ გადარჩენა და უფლის წყალობის მიღება. იმის გამო, რომ იუდეველთა მსგავსად, დაწერილი რჯული არ ჰქონდათ წარმართებს, მოციქულის მიერ „ბუნებით რჯულად“ წოდებული სინდისი ღმერთმა თავად მათ ბუნებაში ჩადო. პავლე წერს: „როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებითი რჯულის მიხედვით ცხოვრობენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი აჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები“ (რომ. 2:14).
იესო ქრისტე თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს წარმართებში ზოგჯერ ისეთ რწმენას ხედავდა, რომელსაც თვით ებრაელებშიც კი ვერ პოულობდა: „და როცა ეს გაიგონა იესომ, გაუკვირდა და უთხრა მათ, ვინც მიჰყვებოდა: ამინ გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვიპოვე ასეთი რწმენა“ (მათ. 8:10).
საქმე მოციქულთას წიგნი ასევე მოგვითხრობს კორნელიოს ასისთავის შესახებ, რომელიც იყო წარმართი, მაგრამ რომელზეც მოციქული ამბობს, რომ მისი ლოცვები შესმენილ იქნა უფლის მიერ (საქმ. 10:31). სწორედ ამ უცნაური ფაქტის გამო პეტრე მოციქული აღფრთოვანებული ღაღადებს შემდეგს: „ჭეშმარიტად მიუკერძოებელია უფალი, რადგან ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქ. 10:35).
მსგავს თვალსაზრისს გამოთქვამდნენ შემდგომში ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მოღვაწენიც. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი (V ს.) მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წარმართ ფილოსოფოსთა ცდომილებების შესახებ საუბრობდა, საქებარ სიტყვებს არ იშურებს მათ მიმართ. იგი ერთ-ერთი თავისი მოწაფისათვის დაწერილ პოემაში (სათაურით „სათნოების შესახებ“) იმაზე მიუთითებს, თუ როგორ შეუძლია ქრისტიანს საკუთარი თავის აღზრდა წარმართ ფილოსოფოსთა ცხოვრების მაგალითებით.
ასევე, წმ. ბასილი დიდმა, როგორც ცნობილია, წარმართთა ქველი საქმეების აღწერას მთელი ტრაქტატი მიუძღვნა შემდეგი სათაურით „ახალგაზრდებს იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ სარგებლობა წარმართული თხზულებებისგან“.
წმ. იოანე დამასკელის თქმით კი, „გარეშე“ (ანუ არაქრისტიანულ) სიბრძნეში, მართალია, არის რაღაც მიუღებელი, მაგრამ მათგან შესაძლებელია „წმინდა ოქროს“ გამორჩევაც, რომლისგანაც „უდიდესი ძლიერების შეძენას შევძლებთ“ (იხ. მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თავი 90).
ასევე, წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), მაგალითად, შემდეგი სიტყვებით მიმართავდა თავის მრევლს: „თუ წმ. წერილიდან ვერ სწავლობთ, მაშინ იძულებული ვარ წარმართებისგან მოგიყვანოთ მაგალითები“ (И. Златоуст. Творения. т.7, გვ. 201).
წმ. მაქსიმე აღმსარებლის (VI ს.) თქმით, ხშირად წარმართებსა და ბარბაროსებს კეთილი არჩევანის გაკეთებაში სულიწმინდა ეხმარება, რომელიც მათში სინდისის სახით არის წარმოდგენილი: „...მრავალს აღმოვაჩენთ უკიდურესად ბარბაროსულ და მომთაბარე ადამიანთა შორის, რომლებიც კეთილმშვენიერებას განიკუთვნებენ და ძველთაგანვე მათ შორის გაბატონებულ მხეცურ კანონებს უკუაგდებენ. აი, ამგვარად არის ყველაში სულიწმინდა“ (წმ. მაქსიმე აღმსარებელი. საღვთო წერილის სხვადასხვა სირთულის შესახებ. კითხვა 15). შესაძლოა წმ. მაქსიმე ეყრდნობა სახარების სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც ქრისტეს ეწოდება „ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყველა კაცს, მომავალს ქვეყნად“ (ინ. 1:9).
წმ. იუსტინე ფილოსოფოსი (III ს.): „ყველაფერი, რაც კი ოდესმე კარგი უთქვამთ ფილოსოფოსებსა და კანონმდებლებს, ყოველივე ეს მათ მიერ გამოთქმულია ლოგოსის (ღვთის. - დ. თ.) ჭვრეტის შედეგად, რომელიც არის ქრისტე“ (აპოლოგია 2:10).
კლიმენტი ალექსანდრიელი (III ს.): „ელინებისათვის ფილოსოფია ისეთივე მიმყვანებელი იყო ქრისტესთან, როგორიც რჯული იუდეველთათვის“ (სტრომატები 3:14).
ამრიგად, როგორც თანამედროვე თეოლოგები სამართლიანად მიუთითებენ, სწორედ იმის გამო, რომ ეკლესიის მამათა უმრავლესობა ანტიკურ (წარმართულ) ფილოსოფიას განიხილავდა როგორც ქრისტიანული ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას, „ძველი ქრისტიანული ტაძრების კარიბჭეებში მოწამეებისა და წმინდანების გვერდით გამოსახული იყო სოკრატე, პლატონი და არისტოტელე...“ (ალფეევი, თავი 1).
ამიტომაც სრულიადაც არ არის გასაკვირი მათი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება წარმართი მოაზროვნეებისადმი. მაგალითად, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმ. გრიგოლ ნოსელი წარმართ ლიბანიოსში (რომელიც მათი მასწავლებელი იყო ანტიკურ ფილოსოფიაში), ისევე როგორც ყველა სხვა არაქრისტიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ხედავდნენ და არა მტერს, რაშიც მკითხველი თავად დარწმუნდება, როდესაც გაეცნობა ხსენებულ წმ. მამებსა და ლიბანიოსს შორის მიმოწერას. სწორედ ამგვარი მიდგომა გამოხატავდა ადრეული ქრისტიანული ეკლესიის ჭეშმარიტ სულს და ეს კარგად უნდა გვახსოვდეს, თუ გვსურს ვიყოთ ამ ეკლესიის ნამდვილი შვილები.
გთავაზობთ წმ. ბასილი დიდისა და ლიბანიოსის მიმოწერის ნიმუშებს, საიდანაც ნათლად იგრძნობა მათ შორის არსებული უღრმესი პატივისცემა და ურთიერთდაფასება (მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ლიბანიოსი ქრისტიანობის დაუძინებელი მტრის, იმპერატორ იულიანე განდგომილის მასწავლებელი და მეგობარი გახლდათ).
ლიბანიოსს ბასილი: „ბევრი შეგვხვდა შენი სიტყვების მშვენიერებით გაკვირვებული. ისინი მიყვებოდნენ, რომ იხილეს რაღაც დიდებული სანახაობა. ყველა ესწრაფვოდა ერთგან შეკრებას; ქალაქში არაფერი ჩანდა, გარდა ლიბანიოსისა და მის მოსასმენად შემოკრებილიყო ყველა ასაკის მსმენელი; არავის არ უნდოდა მოკლებოდა ამ გამოსვლაზე დასწრებას, არც პატივით განებივრებულებს, არც ჯარისკაცებსა და არც მღებავებს. ქალებიც კი მოვიდნენ იქ. რისთვის იყო ასეთი მოსწრაფება ან ვისმა სიტყვამ მოიყვანა ამდენი ხალხი? ესეც მითხრეს, რომ ამ კაცის სიტყვა ისეთი განსაცვიფრებელია, რომ ძნელია მისი წარმოდგენა. ნუ დაგზარდება ჩემთვის ამ სიტყვების გამოგზავნა, რომ მეც შენი სიტყვების მაქებელი ვიქნე, რადგან თუკი უმიზეზოდაც ვაქებ ლიბანიოსს, ახლა ქების მიზეზსაც მოვძებნიდი“.
ბასილის ლიბანიოსი: „ახლა მივხვდი, რომ, თუ ბასილისაგან ვიქები, ყველაფერს შევძლებ. როდესაც შენი განჩინება მივიღე, ლაღად დავიწყე სიარული, როგორც გაამაყებულმა და ყოველივეს არარად მივიჩნევდი. ასევე მინდა შენ მიერ მემთვრალეობის შესახებ დაწერილი სიტყვის წაკითხვა. მჭევრმეტყველური საუბრის სურვილი არ მაქვს, ვიდრე არ წავიკითხავ შენს სიტყვას. ის განმსწავლის მეტყველების ხელოვნებაში“ (ნ. ქაჯაია. ბასილი კესარიელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანები, გვ. 258-259; წმ. ეფრემ მცირის მიერ შესრულებული აღნიშნული ეპისტოლეების ძველი ქართული თარგმანები ახალქართულად გადმოიღო ზურაბ ჯაშმა).
წმ. სერაფიმ საროველი (XIX ს.) სულიწმინდის მოქმედების საზღვრებს ვერ ხედავს: „არა ისეთი ძალით, როგორც საღვთო ერში, მაგრამ საღვთო სულის გამოვლინება წარმართებშიც ხდებოდა, რომლებიც არ იცნობდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან მათ შორისაც კი პოულობდა ღმერთი თავის რჩეულ ადამიანებს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ქალწული წინასწარმეტყველები - სიბილები, რომლებმაც თავისი ქალწულობა, მართალია, უცნობ ღმერთს შესწირეს, მაგრამ მაინც ღმერთს, სამყაროს შემოქმედსა და ყოვლისმპყრობელს, სამყაროს განმგებელს, როგორადაც იგი წარმართებს ჰყავდათ წარმოდგენილი. ასევე წარმართი ფილოსოფოსები, რომლებიც, მართალია საღვთო ნათელს მოკლებულნი წყვდიადში დაეხეტებოდნენ, მაგრამ ეძებდნენ რა ჭეშმარიტებას, რომელიც ღვთისათვის დიდად მოსაწონია, შეეძლოთ ღვთისათვის მოსაწონი ამ ძიების გამო არ ყოფილიყვნენ უთანაზიარო საღვთო სულთან, ვინაიდან ნათქვამია: „წარმართები, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, ბუნებით რჯულს და ღვთისთვის სათნო საქმეებს აღასრულებენ“ (წმ. სერაფიმ საროველი. საუბარი მოტოვილოვთან // „ჯვარი ვაზისა“, №4, 1992).
წარმართ წინასწარმეტყველ სიბილებთან დაკავშირებით ასევე დავიმოწმებდით მეორე საუკუნის მოღვაწეს, წმ. თეოფილე ანტიოქიელს, რომელიც, მართალია, უკიდურესად უარყოფით დამოკიდებულებას იჩენდა ზოგადად ანტიკური სიბრძნის მიმართ, მაგრამ უშუალოდ სიბილინურ ტექსტებს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებებს უწოდებს (იხ. ამ წმ. მამის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაშრომი სათაურით „ავტოლიკესადმი“, წიგნი 2, თავები 31, 36//კრებული: „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“, ტ. 1, თბ., 1990).
მკითხველს მინდა შევთავაზო ორი განსხვავებული ხედვა ქრისტიანული ეკლესიის დამოკიდებულებაზე ქრისტიანობის გარეთ მყოფი ადამიანების სულიერი გადარჩენის შესახებ:
მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი: „...ზოგიერთი ქრისტიანი ფიქრობს, რომ თითქოს არსებობს ღვთაებრივი მადლის რაღაც ხილული სამეფო, რომლის საზღვრებს იქითაც სრული უდაბნო და სულიერი სიცარიელე იწყება. საეჭვოა, რომ ეს ასე იყოს. ქრისტე ისეთი მრავალფეროვანი გზით აძლევს ადამიანებს საკუთარ მადლს, რომ ჩვენ ამის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. (...) ავიღოთ თუნდაც პავლე მოციქულის სიტყვები, რომლის მიხედვითაც წარმართები უფლის რჯულით ხელმძღვანელობენ, რომელიც მათ გულებშია ჩაწერილი; იუდეველები მოსეს საშუალებით მიღებული რჯულით, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს რჯულით (რომ. 2:14 და შემდ). წარმართები არ იცნობდნენ ქრისტეს, მაგრამ მათ ამის ისტორიული შესაძლებლობაც კი არ ჰქონიათ. ადამიანის მარადიულ ცხონებას ვერ დააყენებთ ეჭვის ქვეშ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი, მაგალითად, ცენტრალურ აფრიკაში დაიბადა იმ ეპოქაში, როდესაც იქ ჯერ კიდევ არცერთი ქრისტიანი მისიონერი არ იყო მისული. ამ შემთხვევაში ადამიანის სულიერი გადარჩენა გეოგრაფიითა და ისტორიით იქნებოდა შემოსაზღვრული და არა მგონია ასე მარტივად აზროვნებდეს ღმერთი...“ (Митрополит Антоний Сурожский. О ВстречеКлин. 1999, გვ. 168).
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი: „...პროფესორი ოსიპოვი წარმართთა მიერ ქრისტეს მიმართ რწმენის არქონის ობიექტურ მიზეზებზე საუბრობს. მაგრამ ყველა ობიექტური მიზეზის უკან უფლის განგება დგას, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს და, ასე ვთქვათ, მართავს ამ მიზეზებს. ასე რომ, ყველა ობიექტური მიზეზი ერთ სუბიექტურ მიზეზამდე შეიძლება დავიყვანოთ - ადამიანის უუნარობამდე იწამოს ქრისტე, როგორც ღმერთი და მაცხოვარი. ამიტომ რა გარემოშიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი (ვინც არ იცნობს ქრისტეს. - დ. თ.), მაინც ვერ შეძლებდნენ ქრისტეს აღიარებას“ (Архимандрит Рафаил (Карелин).Какое Согласие Между Христом и проф. А. И. Осиповым. Крест св. Нины, 2002, გვ. 27-28). ვფიქრობ, სრულიად არ უნდა იყოს ძნელი მკითხველისთვის სწორი დასკვნის გამოტანა.
დამოკიდებულება სხვა (მონოთეისტური) რელიგიებისადმი
VII საუკუნიდან, ისლამის წარმოშობისთანავე, სხვა რელიგიების მიმართ ქრისტიანული ეკლესიის თავდაპირველი ლოიალობა და ზომიერება წარსულს ჩაბარდა. თავიდან ქრისტიანული საზოგადოების რეაქცია დიალოგისთვის მზადყოფნაში გამოიხატა, თუმცა ამან ძალიან მალე მიიღო სამხედრო თავდაცვისა და კონტრშეტევის სახე. ამ პერიოდში ბიზანტიაში ანტიისლამური თხზულებების მთელი სერია შეიქმნა (მაგ., იხ. წმ. იოანე დამასკელის (VIII ს.) მკვეთრად კრიტიკული ნაწერები ისლამის წინააღმდეგ).
ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ პოლემიკის ღვარძლმა ოდნავ იკლო და თანაარსებობის გარკვეული ფორმაც გამოიძებნა. მაგალითად, როდესაც წმ. ფრანჩესკო ასიზელი (XIII ს.) მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ეგვიპტეში ჩავიდა (თუმცა, როგორც ცნობილია, წმ. ფრანჩესკო მაინცდამაინც დიდი მხარდამჭერი არ იყო ჯვაროსნული ლაშქრობებისა, რადგან არაძალადობას ანიჭებდა უპირატესობას), იგი მუსლიმებმა დააპატიმრეს და სასტიკად სცემეს. ეგვიპტის სულთანმა ალ-მალიკმა ჰკითხა, იყო თუ არა იგი ჯვაროსნების მიერ გამოგზავნილი „მზვერავი“. ფრანჩესკომ უპასუხა, რომ ის მართლაც იყო მაუწყებელი, ოღონდ უფლის ჭეშმარიტების მაუწყებელი. შემდეგ წმინდანი ქრისტეს სიყვარულის შესახებ იწყებს საუბარს და აღნიშნავს, რომ მას ასევე სურს სულთანისა და მის მსახურთა სულების გადარჩენა. სულთანი ძალზე განაცვიფრა წმ. ფრანჩესკოს სიმამაცემ. სულ ცოტა ხნის წინ მუსლიმებმა სასტიკად დაამარცხეს ქრისტიანი ჯვაროსნები, ახლა კი ერთი მათგანი აცხადებს, რომ მუსლიმებმა ქრისტიანობა უნდა მიიღონ. მაგრამ წმ. ფრანჩესკოსგან მომავალმა უსაზღვრო სიყვარულმა შეძრა სულთანი და, როგორც იმ დროის ერთი ავტორი წერს, „სასტიკი მხეცი მშვიდ და კეთილგანწყობილ არსებად გადაიქცა“. მაგრამ სულთანის მრჩევლებზე სულაც არ მოუხდენია მსგავსი შთაბეჭდილება წმინდანის სიტყვებს, ისინი მისთვის თავის მოკვეთას ითხოვდნენ, როგორც ამას მუსლიმური რჯული აწესებდა. ამის შემდეგ წმ. ფრანჩესკო და მისი თარჯიმანი რამდენიმე დღეს დარჩნენ მუსლიმთა შორის და ბოლოს წმ. ფრანჩესკო და სულთანი გულთბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. ადრეულ ფრანცისკანულ ლიტერატურაში მოიპოვება ერთი ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ სულთანმა ალ-მალიკმა სიკვდილის წინ ქრისტიანობა მიიღო (...). ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ წმ. ფრანჩესკოს არ დაუწყია შეტევა არც მუსლიმური რელიგიის და არც მუჰამედის წინააღმდეგ. მას არ სჭერია ერთ ხელში ყურანი და მეორეში კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმო, რათა განექიქებინა მუსლიმთა რელიგიური სწავლება. მისი ერთადერთი მიზანი იყო უფლის სიყვარულის ჩვენება ყველა ადამიანისთვის, რასაც ყოველთვის უფრო მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე გაუთავებელ საღვთისმეტყველო კამათებს (F. Rega, Author of the book: `St Francis and The Conversion of the Muslims“, December 2007//http://members.aol.com/fmrega7francisandconversion.htm)
შემწყნარებლური დამოკიდებულების სხვა მაგალითი: არქიეპისკოპოსი ანასტასი თავის ნაშრომში ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწის, წმ. გრიგოლ პალამას (XIV ს.) მაგალითს იმოწმებს (რომელიც ჯერ ათონის მთაზე უბრალო ბერად მოღვაწეობდა, ხოლო მოგვიანებით ქალაქ თესალონიკის არქიეპისკოპოსი გახდა), თუ როგორ კეთილგანწყობასა და პატივისცემას ავლენდა იგი მუსლიმ თეოლოგებთან დიალოგის დროს: „წმ. გრიგოლ პალამა ყველანაირად ცდილობს არ შეურაცხყოს მოსაუბრეთა რელიგიური გრძნობები. მართალია, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მაგრამ პატივისცემა და ურთიერთდაფასების განწყობა მათ შორის შენარჩუნებული იყო. „დასასრულს მუსლიმი ლიდერები წამოდგნენ, პატივის მიგებით გამოემშვიდობნენ თესალონიკის არქიეპისკოპოსს და გაემგზავრნენ“ (To the Atheist Chionai, 246). ზოგჯერ კი, როცა წმ. გრიგოლი ამჩნევდა, რომ თანამოსაუბრენი რთულ მდგომარეობაში იყვნენ, იგი მყისვე თავაზიანობითა და დელიკატურობით ცდილობდა უხერხული სიტუაციის განმუხტვას თავისი მოხდენილი იუმორით: „მე ისინი კვლავ გავამხიარულე და თავაზიანი ღიმილით მივუგე იმამს: „ამ საკითხზე რომ ერთი შეხედულება გვქონოდა, მაშინ რწმენაც ხომ ერთი გვექნებოდა?“ (Letter to David the Disypatos). ასე რომ, ორი განსხვავებული რელიგიის წარმომადგენელთა შორის ისეთი მეგობრული ატმოსფერო იყო შენარჩუნებული, რომ დიალოგის მონაწილე ერთმა მუსლიმმა თავისი იმედი შემდეგი სიტყვებითაც კი გამოხატა: „აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ თანხმობას მივაღწევთ“ (Letter to David..., 233)“ (Archbishop Anastasios (Yannoulatos). Facing the World: Orthodox Christian Essays on Global Concerns. Geneva, WCC Publications, 2003, 110).
განსხვავებული რწმენის ადამიანებისადმი დამოკიდებულებისა და მათთან გაერთიანების თვალსაზრისით ასევე საინტერესოა წმ. ბასილი დიდის (IV ს.) შემდეგი სიტყვები: „...არ უნდა ვითხოვდეთ მათგან ბევრს, რადგან ჩვენთან გაერთიანების მოსურნე ძმებს მხოლოდ ნიკეის მრწამსის აღიარებას უნდა ვთავაზობდეთ და, თუ ისინი ამაზე თანახმა იქნებიან, ჩვენ ასევე უნდა ვთხოვოთ მათ, რომ სულიწმინდას არ უწოდებდნენ ქმნილებას (...). მეტს არაფერს უნდა ვითხოვდეთ მათგან, რადგან დარწმუნებული ვარ, მათთან უფრო ხანგრძლივი ურთიერთობებისა და კამათის სულისკვეთებისგან თავისუფალი ერთობლივი მსჯელობის შედეგად, თუკი საჭირო იქნება სიცხადისათვის კიდევ რაიმეს დამატება, ღმერთი ამასაც მოგვანიჭებს...“ (PG 32, 528A). წმ. ბასილის ამ სიტყვებთან დაკავშირებით მისი შემოქმედების მკვლევარი, არქიეპისკოპოსი ვასილი კრივოშეინი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ეს ტექსტი ძალზე მნიშვნელოვანია. მტკიცედ ითხოვს რა ძირითად დოგმატურ საკითხებზე თანხმობას, წმ. ბასილი დიდი ასევე იმასაც უშვებს, რომ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა შესაძლებელია გაერთიანების შემდგომ „კამათის სულისკვეთებისგან თავისუფალი ერთობლივი მსჯელობის შედეგად“, ამასთანავე თავად ფაქტი გაერთიანებისა ამას ძალზე შეუწყობს ხელს“ (Архиеп. Василий Кривошеин. Экклезиология Св. Василия Великого // Страницы №3:3, 1998, გვ. 348).
შემწყნარებლური დამოკიდებულების სხვა მაგალითი აღმოსავლეთის ეკლესიის პატრისტიკული მემკვიდრეობიდან: „ერთხელ წმ. მაკარი დიდი თავის მოწაფესთან ერთად ნიტრიის მთისკენ მიემართებოდა. მან მოწაფეს უთხრა წინ წასულიყო. და, აი, წინ მიმავალი ერთ ქურუმს გადაეყარა, რომელიც ხის ყუთით ხელში სადღაც ძალიან მიიჩქაროდა. მაკარის მოწაფემ მას მიაძახა: „სად მიიჩქარი, დემონო?“ ამით განრისხებულმა ქურუმმა სასტიკად ცემა იგი და ცოცხალმკვდარი დააგდო ძირს. მცირე მანძილის გავლის შემდეგ ქურუმი წმ. მაკარი დიდს შემოხვდა გზაზე. წმინდანი კი ასე მიესალმა მას: „გაგიმარჯოს, შრომისმოყვარე ადამიანო“. ქურუმმა მას გაკვირვებით ჰკითხა: „რას ხედავ ჩემში კეთილს, რომ ასე მესალმები?“ „ასე იმიტომ მოგესალმე, რომ გხედავ სადღაც საქმიანად მიმავალს“. ქურუმმა უპასუხა: „შენი ამგვარი მოსალმების გამო მომილბა მე გული და მივხვდი, რომ მართლაც უფლის დიადი მსახური ხარ! მეორე წყეულმა ბერმა კი, არ ვიცი ვინ იყო, შეურაცხყოფა მომაყენა, რისთვისაც სათანადო საზღაური მივაგე“. ამ სიტყვებით ქურუმი ფეხებში ჩაუვარდა წმ. მაკარის და ეუბნება: „არ მოგშორდები მანამდე, სანამ ბერად არ აღმკვეცავ ქრისტიანული წესით“. ისინი ერთად მივიდნენ იმ ადგილამდე, სადაც ნაცემი მოწაფე იწვა და რადგან მას სიარული არ შეეძლო, ხელით მიიყვანეს ეკლესიაში. როდესაც სხვა ბერებმა დაინახეს, რომ წმ. მაკარი კერპთმსახურ ქურუმთან ერთად მოდიოდა, ძალიან გაუკვირდათ. ქურუმი ჯერ ქრისტიანად მოინათლა, შემდეგ კი ბერობის აღთქმაც დადო მონასტრის ძმების წინაშე. ამ მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა სხვა კერპთაყვანისმცემლებზე, რომელთა ნაწილმა ასევე მიიღო ქრისტიანობა. წმ. მაკარი დიდმა კი შემდეგი განაცხადა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით: „ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც ბოროტებისკენ მიაქცევს, ხოლო კეთილ და მდაბალ სიტყვას შეუძლია თვით ბოროტი ადამიანიც კი სიკეთისკენ მოაბრუნოს“ (Епископ Игнатий. Отечник. СПб., 1903, №12, 312).
ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შეღწევით ქრისტიანობა განვითარებულ რელიგიებს გადაეყარა: ზოროასტრიზმს, მანიქეველობას, ჩინურ ბუდიზმს. რელიგიების შეხვედრა მეტად რთულ გარემო პირობებში მიმდინარეობდა.
ამ სტატიაში განხილულ საკითხთან მიმართებით ქრისტიანული ეკლესიის დოქტრინის ბრწყინვალე შემაჯამებელ შეხედულებად შეიძლება მივიჩნიოთ ოქსფორდის უნივერსიტეტის გადამდგარი პროფესორის, მართლმადიდებელი თეოლოგის, მიტროპოლიტ კალისტოს უერის შემდეგი სიტყვები: „მრავალ ადამიანს შეუძლია იყოს ეკლესიის წევრი, თუმცა გარეგნულად შესაძლოა არ იყვნენ ასეთები; შესაძლოა არსებობდეს უხილავი კავშირები, მიუხედავად გარეგნული იზოლაციისა. ღვთის სული იქ ქრის, სადაც მას სურს (ინ. 3:8) და როგორც წმ. ირინეოს ლიონელი (I I ს.) წერს, სადაც ღვთის სულია, იქ არის ეკლესიაც (Irenaeus. Haer. 3, 24:1). ჩვენ ვიცით სად არის ეკლესია, მაგრამ არ შეგვიძლია დაზუსტებით თქმა, თუ სად არ არის იგი“ (Епископ Калист Уэр. Провославная Церковь. Ì., 2001, გვ. 319).
სხვა რელიგიების მიმართ შესაძლოა ქრისტიანობა იყოს კრიტიკული, მაგრამ ამ რელიგიის მიმდევრებისადმი - ქრისტეს მაგალითის მიხედვით - მისი პოზიცია მხოლოდ პატივისცემა და სიყვარულია, ვინაიდან ადამიანი ყოველთვის ღვთის ხატად რჩება. ქრისტიანი თავისი რწმენის დასამოწმებლად თავიდანვე მოვალე იყო დიალოგი წარემართა სხვა მრწამსის ადამიანებთან. წმ. მამების თეოლოგია მეტწილად ანტიკური სამყაროს რელიგიებთან და ფილოსოფიურ სისტემებთან უშუალო თუ ირიბი დიალოგის ნაყოფია.
ამრიგად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში ქრისტიანობა განსხვავებულ რელიგიათა და კულტურათა ჰარმონიული თანაარსებობისა და ყველა ადამიანის სინდისის თავისუფლების მომხრეა.
სტატიას დავამთავრებდი მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის შემდეგი სიტყვებით: „ღმერთის გამოგონება არავის არ შეუძლია და ამიტომაც ყველა რელიგია, რომელიც ღმერთზე საუბრობს, საუბრობს ღმერთის უშუალო განცდიდან გამომდინარე. ეს გამოცდილება შეიძლება ძალიან არასრული იყოს, მაგრამ ის რეალურია... ვფიქრობ, დედამიწაზე არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ დაცემულა მუხლებზე ცოცხალი ღმერთის წინაშე, რომლის სიახლოვეც მან იგრძნო. თუმცა შემდგომ როგორ გამოხატავს იგი თავის ამ გამოცდილებას გონების საშუალებით, როგორ ფორმებს მისცემს მას, როგორ განმარტავს მას, აი, აქ შეიძლება დაიწყოს გადახრები, შეცდომები... მაგრამ საწყისი გამოცდილება ყოველთვის რეალურია“ (Митрополит Антоний Сурожский. О Встрече Клин, 1999, გვ. 85).
ბოლოსიტყვა
ქრისტიანი მოწოდებულია არა შემწყნარებლობისკენ, სხვისი ატანისკენ, არამედ სიყვარულისკენ, რადიკალური სიყვარულისკენ. ქრისტიანობის მთავარი პრინციპია: გიყვარდეს ცოდვილი, მაგრამ გძულდეს ცოდვა, გიყვარდეს არა მხოლოდ მოყვასი, არამედ მტერიც, არაფერს ვამბობთ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების სიყვარულზე. თუმცა ქრისტიანობა არ მოუწოდებს საკუთარ მიმდევრებს ყველაფერს დაეთანხმონ და ყველაფერი მიიღონ, რადგან, როგორც მოციქულთა თავად მიჩნეული პავლე წერს: „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია“. სხვა სიტყვებით ეს ნიშნავს ნებისმიერი მოვლენის, პოზიციისა თუ შეხედულებების შეფასების უნარის გამომუშავებას ადამიანში.
![]() |
3 ორიენტირი |
▲back to top |
![]() |
3.1 წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შესახებ |
▲back to top |
ანუ: იტყოდა თუ არა იგი უარს ეკუმენიზმზე?
ნუგზარ პაპუაშვილი
წმ. გაბრიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის საკითხები, რომელთა განხილვას ახლა შევეცდებით, დაკავშირებულია სამოძღვრო და ზნეობრივი ღვთისმეტყველების იმ სფეროსთან, რომელსაც რელიგიურობის ანუ მორწმუნეობის კულტურას ვუწოდებთ. იგულისხმება პირადი რელიგიური მრწამსისა და გრძნობების გამოვლენის (ექსპრესიის) წესი ზოგადად და, კერძოდ, სამოქალაქო, ე. ი. ღია საზოგადოებაში. მორწმუნეობის ეს რეგლამენტი თავის თავში ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობა, ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებთან დამოკიდებულება. დაისმის ასეთი კითხვები: რამდენად ჰუმანისტი და ტოლერანტი იყო ხსენებული მღვდელმთავარი? მას რომ პოსტსაბჭოურ საქართველოში, ანტიეკუმენური სულისკვეთებით განწყობილ მართლმადიდებელთა შორის ეცხოვრა, რა პოზიციას დაიჭერდა იგი, - დაუჭერდა თუ არა მხარს, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოსვლას ინტერკონფესიური ორგანიზაციებიდან და იტყოდა თუ არა უარს ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე?
ეს კითხვები ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის კავშირი მართლმადიდებლურ ნაციონალზმთან და ფუნდამენტალიზმთან პირადად მე რომის პაპ იოანე-პავლე I I -ის საქართველოში ვიზიტის დროს (1999 წლის 8-9 ნოემბერი) აღმეძრა. ვიზიტს ახლდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ხშირად სულიერ ავტორიტეტებს იმოწმებდნენ და მსმენელებს შეაგონებდნენ, ეს ავტორიტეტები რომ ცოცხლები იყვნენ, ასეთ ვიზიტს არ დაუშვებდნენო. და, აი, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელმაც გაიჟღერა. ჟურნალისტი ნინო ტარყაშვილი კორესპონდენციაში „არა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო“ წერდა: „სამღვდელოების გარკვეული ნაწილი შიშობს, რომ შესაძლებელია ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართოს და ვთქვათ, რომის პაპი სვეტიცხოვლის საკურთხევლისაკენ დაიძრას. აღმოჩნდება კი ვინმე გაბრიელ ეპისკოპოსი, რომ უთხრას: „შესდექ, რომის პაპო!“ - ასე შეაჩერა სობოროს ტაძრის საკურთხევლისაკენ მიმავალი იმპერატორი ალექსანდრე... გაბრიელ ეპისკოპოსმა“ („კვირის პალიტრა“, 1999, 1-7, XI, №44, გვ. 8).
იმ გადმოცემის უსაფუძვლობა, რომ თითქოს ეპისკოპოსმა გაბრიელმა იმპერატორი ალექსანდრე III ქუთაისის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში არ შეუშვა, მეცნიერულადაა დასაბუთებული (თ.შაკიაშვილი, საქართველოს საეგზარქოსოს ისტორიიდან. სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 1999) და ამ საგანზე სიტყვის გაგრძელება ზედმეტია. უნდა შევნიშნოთ მხოლოდ, რომ ეპისკოპოსს, მათ შორის წმ. გაბრიელს, მსგავსი ქმედების უფლება არ ჰქონდა: არსებობს მყარი საეკლესიო ტრადიცია, რომლის თანახმად ხელმწიფე ორგზის მირონცხებულია და მას საკურთხეველში შესვლის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო მეორე საკითხი გვაინტერესებს: შეუშვებდა თუ არა წმ. გაბრიელი რომის პაპს საკურთხეველში?
ქვემოთ წარმოდგენილი მასალებისა და მსჯელობის მიზანია, მომზადდეს პასუხი კითხვაზე: როგორი სტილი და პროფილი ახასიათებდა ეპ. გაბრიელის სამოძღვრო და სამღვდელმთავრო პრაქტიკას, მის ურთიერთობას სამოქალაქო ანუ სეკულარულ საზოგადოებასთან? ამასთანავე და ამასთან კავშირში: რა დამოკიდებულება ჰქონდა მას, როგორც მოაზროვნეს და მოღვაწეს, ინტელექტუალური, სამოქალაქო და ზნეობრივი ცხოვრების იმ ნორმებთან, რასაც ჩვენ დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ? რომელი საზოგადოების წყობილება და ცხოვრების რომელი მოდელი მოსწნდა მას, - დასავლეთ ევროპული თუ აღმოსავლურ ევროპული? უფრო დემოკრატიისაკენ მიისწრაფოდა იგი თუ ტრადიციული აღმოსავლური (ბიზანტიურ-რუსული) ავტორიტარიზმისაკენ? - ყოველ შემთხვევაში, არა იმისაკენ, რასაც დემოკრატია და ლიბერალიზმი ჰქვია.
ცნება „დასავლური ღირებულებები“ არის არა გეოგრაფიული, არამედ საზოგადოებათმცოდნეობითი, ე.ი. კულტუროლოგიური, სოციოლოგიური და პოლიტოლოგიური (მოქალაქეობრიობის თვლსაზრისით) მოცემულობა. მისი არსებითი ნიშანია პიროვნების თავისუფლება, ნების თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, სხვისი უფლების გათვალისწინება, უცხოს შეწყნარება, მისდამი გულწრფელი პატივისცემა და, ზოგადად, თანასწორუფლებიანობა. გვმართებს, ისიც მკაფიოდ ვთქვათ, რომ დასავლურ ღიერულებებთან დამოკიდებულება პიროვნული ფაქტორია, - პიროვნების შინაგანი „მე“, შინაგანი კულტურა. ესაა ზნეობრივი პოზიცია, ზნეობრივი ცნობიერება და არა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ხედვა. დასავლური ღირებულებების მოკავშირეები ცარისტული და თვითმპყრობელური რუსეთის საზოგადოებაშიც მოიძებნებოდნენ. ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან გაყოფის იდეა, რომელიც დასავლური იდეაა, რუსეთის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო სკოლაში ასე ჩამოყალიბდა: „რელიგიური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისების აღრევა... არის ბოროტება და საბედისწერო უგუნურება“. შორს რომ არ დაგვჭირდეს წასვლა, გავიხსენოთ წმ. გაბრიელის სიჭაბუკის მეგობარი, სახელგანთქმული რუსი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი და ლიტურგისტი მღვდელი ალექსანდრე რუდაკოვი. ცნობილია მისი წერილი, რომელიც დაწერილი და გამოგზავნილია გაბრიელის საყვარელი მეუღლისა და ხუთივე შვილის გარდაცვალების შემდეგ. ეს ის დროა, როდესაც მას, გაბრიელს, ეგზარქოსმა ისიდორემ ამ სიტყვებით მიმართა: „შენ, ვითარცა გონიერ კაცს, კარგად უნდა გესმოდეს, რა საკვირველება ჰქმნა შენზედ ღმერთმა... ნათლად სჩანს, გირჩევს შენ (მღვდელმთავრობისათვის) უფალი. არ ხედავ, რა გიყო უფალმა? ცოლი მოგაშორა, შვილები მოგაშორა და შერაცხა ანგელოზებად და მათ ნაცვლად გაძლევს ქართველთა ერთა, რათა უწინამძღვრო მათ“ (ვრცლად: კელენჯერიძე 1313:56-59). ამ დროს კი სვეუბედურ და თავზარდაცემულ მამას საქართველოდან წასვლა და რუსეთში გადახვეწა უნდოდა. ამასთან დაკავშირებით რუდაკოვი ურჩევს მას, რომ გულიდან ამოიგდოს სამშობლოდან გაქცევაზე ფიქრი; დარჩეს საქართველოში, გამაგრდეს; ბევრი იმუშაოს, ბევრი იკითხოს და ამით შეძლებს, ხელში აიყვანოს საკუთარი თავი; დათანხმდეს აფხაზეთში სამსახურს, რადგან ასე აჯობებს ღვთისთვისაც და ქვეყნისთვისაც. წერილი საყურადღებოა ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც შეიცავს საგრძნობ უკმაყოფილებას იმდროინდელი რუსეთისათვის ნიშანდობლივი უზურპაციის გამო საეკლესიო იერარქიაში და უკეთესი ვითარების დანახვას დასავლეთში, ევანგელურ ტრადიციასა და კათოლიკურ ეკლესიაში. აი, მისი სიტყვები: „იმ შემთხვევაში, თუკი არ აპირებ, რომ დედაქალაქელი მეუფეების მსგავსად რაღაც გაბღენძილი, უხასიათო, მიუკარებელი თავადების როლი შეასრულო, არამედ ისევე დაიჭერ თავს, როგორც ყოველთვის გეჭირა; ყველასთან გულწრფელი, უბრალო და ყურადღებიანი იქნები, მერწმუნე, რომ შენ აფხაზეთშიც ისე შეგიყვარებენ, მეტი რომ აღარ შეიძლება. ისე კი სასურვრლია, რომ შენ მიბაძო პირველი და არა შემდგომი საუკუნეების ქრისტიან ეპისკოპოსებს და მაგალითი მათგან აიღო. სიმართლე რომ ვთქვათ, დღევანდელი ეპისკოპოსები ჩინოვნიკებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ქრისტიან მოძღვრებს და მამებს. იანიშევისაგან გამიგონია, რომ ამჟამად კათოლიკეებში, გერმანიაში, ეპისკოპოსები თავიანთ მღვდლებთან ბევრად უფრო კარგ ურთიერთობაში იმყოფებიან“. „პირველი საუკუნეების ქრისტიანთა“ მიბაძვის სურვილმა დასავლეთ ევროპაში რეფორმაცია წარმოშვა, რომლის მთავარი მიზანი თავდაპირველი ეკლესიური უბრალოებისა და სიმარტივის განახლება იყო. ამ მოძრაობამ, ჩანს, ლათინური წესის კათოლიკე ეპისკოპოსებზეც მოახდინა ზეგავლენა და მათ ქვემო იერარქიასთან (მღვდლებთან და დიაკვნებთან) დემოკრატიული სტილის ურთიერთობისაკენ (უშუალობისაკენ) უბიძგა, რაც აღმოსავლეთში დასავლურ ღირებულებად აღიქმება.
დასავლურ ღირებულებათა ქვაკუთხედი არის ნების თავისუფლება, რომლის არსება მხოლოდ ფართო, ნათელი და ლოგიკური აზროვნების პირობებში ხორციელდება. სწორედ ასეთი აზროვნება ახასიათებს წმ. გაბრიელს. პირველი, რაც მისი წერილობითი მემკვიდრეობის შესწავლის დროს თვალში გეცემა, არის ფაქტებისა და მოვლენების განსჯა-გამოწვლილვის კულტურა. პირველ რიგში ამის დასტურია ფუნდამენტური ნაშრომი, რომელიც მან ბერობის, არქიმანდრიტობის, დროს დაწერა, როდესაც იგი კეთილშობილ ქალთა ამიერკავკასიის ინსტიტუტის მასწავლებლად და თბილისის სასულიერო სემინარიის პროფესორად მუშაობდა, და რომელიც გამოქვეყნდა სანკტ-პეტერბურგში 1858 წელს (თარგმნილია ქართულად: გაბრიელი 1993). საკმარისია, მოვისმინოთ შეფასებები, რაც ამ წიგნის მისამართით გამოითქვა როგორც რუსეთის იმპერიაში, ისე დასავლეთ ევროპასა თუ საქართველოში, რათა დავრწმუნდეთ, თუ რაოდენ ჰქონდა ათვისებული მის ავტორს აზროვნების ევროპული დონე და დასავლური ღირებულებები.
ამ წიგნის პირველ წამკითხველად და შემფასებლად ა. რუდაკოვი წარმოგვიდგება. მან გამოცემის მთელი სირთულე იკისრა: სტილისტური და ტექნიკური რედაქცია, ცენზორებთან და სტამბასთან ურთიერთობა და ნაირგვარი დაბრკოლებების გადალახვა. ერთ-ერთ სერიოზულ დაბრკოლებად თურმე საეკლესიო ცენზურა აღმოჩნდა. ბევრმა ეს თხზულება მართლმადიდებლობისათვის შეუფერებელ მოვლენად მიიჩნია, მასში რაციონალიზმი და ეკლესიისათვის მიუღებელი სხვა მოტივებიც დალანდა. ამის გამო რუდაკოვმა არქიმანდ. გაბრიელს შემდეგი წინადადებით მიმართა: „შენი ფსიქოლოგიის გამოცემისას მე დამებადა შემდეგი აზრი: ხომ არ გავნებს იგი შენ... ხომ არ ჩაგთვლიან ფილოსოფოსად? შენ იცი, როგორ იდეას უკავშირებს ასეთ სახელწოდებას ბევრი ბერი. ამიტომ... უმჯობესი არ იქნება, გაამჟღავნო ის შენი წარსულის სახელით „გერასიმე ქიქოძე“? შესაძლოა, მე სისულელეს ვამბობ, მაგრამ შენი სიყვარულით“. ავტორი არ შეუშინდა მოსალოდნელ უსიამოვნებას და ტიტულზე ის ინფორმაცია დატოვა, რაც სინამდვილეს შეესაბამებოდა: ,Сщчинение архимандрита Гаврила”. შედეგმაც არ დააყოვნა; კიევისა და პეტერბურგის სასულიერო აკადემიების პროფესორმა ვ. ნ. კარპოვმა და ზოგიერთმა სხვა პროფესორმაც ავტორს, არქიმანდრიტს, ქრისტიანული დოგმატების დამრღვევი და ერეტიკოსი უწოდა, თუმცა იმავე აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებშიც იყვნენ ისეთები, რომლებმაც ნაშრომს უმაღლესი შეფასება მისცეს და სასულიერო სემინარიებისათვის სახელმძღვანელოს სტატუსი მიანიჭეს.
წიგნის დედააზრი ორი სიტყვით შეიძლება ასეც გადმოიცეს: შეგრძნებები ხორციელდება გრძნობათა ორგანოების მიერ. ესაა ნერვული სისტემა, რომელიც დაკავშირებულია ტვინტან, მაგრამ შეგრძნების უნარი აქვს არა ტვინს, არამედ სულს. არსებობს ორი სუბსტანცია: მატერიალური და სულიერი. შეიგრძნობს სულიერი სუბსტანცია და არა მატერიალური სუბსტანცია, ე.ი. ტვინი. ფიზიოლოგიურისაგან ფსიქიკურის განსხვავების გარეშე ფსიქოლოგია როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება არ იარსებებს; ფსიქოლოგიის ადგილს დაიკავებს ფიზიოლოგია. და, აი, ასეთმა შინაარსმა და კვლევის მექანიზმმა ოდიოზური ვითარება წარმოშვა: მორწმუნეთა აქტიური კატეგორია არქიმანდრიტს მატერიალიზმისა და ათეიზმისაკენ გადახრაში ადანაშაულებდა, ათეისტთა ასეთივე კატეგორია კი - მორწმუნეობაში, მეტაფიზიკოსობასა და იდეალისტობაში. თითქოს ოქროს შუალედს ავითარებდა ცნობილი რუსი ფილოსოფოსი და ნაროდნიკი ნ. ა. დობროლიუბოვი, რომლის რეცენზიას ობიექტურობის პრეტენზია აქვს და იგი არც დადებითია და არც მთლად უარყოფითი. მასში ვკითხულობთ: „ფაქტები კი არ უნდა შევუფარდოთ წინასწარ გამოგონილ კანონს, არამედ თვით კანონი უნდა გამოვიყვანოთ ფაქტებიდან, მათზე თვითნებურად ძალდატანების გარეშე... არქიმანდრიტ გაბრიელის წიგნი, ნამდვილად თუ ვიტყვით, არაფერს ახალს წინანდელ ფსიქოლოგიებთან შედარებით არ გვამცნობს. მაგრამ იგი განსხვავდება მათგან გადმოცემის მეთოდით და ფიზიოლოგიური ფაქტების შედარებით დიდი რაოდენობით, რაც მის უდავო უპირატესობას შეადგენს“. ამდენად, რეცენზენტის აზრით, ნაშრომის მთავარი ღირსება კვლევის მეთოდსა და ფაქტების სიუხვეში მდგომარეობს. მართალია, რეცენზენტს ბევრი რამ მხედველობის მიღმა აქვს დატოვებული, კერძოდ ის, რომ წიგნი პოლემიკურია, რომ ავტორი ეკამათება ნოვიცკის, კლინკეს, გონებაჭვრეტითობის მომხრეებს, მატერიალისტებს, კანტს და სხვებსაც, რაც თავისთავად სიახლეა, მაგრამ ჩანს, იგი (ნაროდნიკი ათეისტი) იმდენად დაუფიქრებია ქართველი არქიმანდრიტის აზროვნებას და არგუმენტაციას, რომ რეცენზიას ამ სიტყვებით ამთავრებს: „ამჟამად კი ჩვენ მაინც საგონებელში ვართ“.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე ცივილიზაციისა და ჰუმანიზმის ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, როგორიცაა ნებისა და არჩევანის თავისუფლება. ესაა უნარიცა და ღირსებაც, რომელიც სამყაროს იერარქიაში მხოლოდ ადამიანს ამკობს, რადგან მას (და მხოლოდ მას) აქვს სული და გონი, რითაც იგი ღმერთს ემსგავსება. ამის გამო მხოლოდ მას გამოეცხადა უფალი და მხოლოდ მასთან დადო აღთქმა, რაც ორმხრივი აქტია და თანაც თავისუფალი და შემოქმედებითი. ასე აზიარა ღმერთმა ადამიანი თავის თავს და სცნო პიროვნების ნების თავისუფლების ლეგიტიმურობა. ამდენად, წმ. გაბრიელი იმ თეოლოგთა გვერდით დგას, რომლებიც აღიარებენ ნების თავისუფლებას, მაგრამ იმასაც დასძენენ და აზუსტებენ, რომ ეს თავისუფლება შემოსაზღვრულია და რომ თავის თავისუფლებაში უსაზღვრო მხოლოდ ღმერთია (თამაზ ბუაჩიძე). აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა: თუკი ადამიანს და ღმერთს მხოლოდ გონიერი სული ანათესავებთ, ადამიანის იდეალი თავის პიროვნებაში გონიერი სულის აღზრადა და განვითარება უნდა იყოს, რათა ღვთისგან ბოძებული ნებისა და არჩევანის თავისუფლება გონივრული გადაწყვეტილებისა და ქმედების შესაბამისად წარიმართოს. აქ კი ბუნებრივად იჩენს თავს პატიოსნების პრობლემა, რასაც გაბრიელმა ეპისკოპოსობის დროს სპეციალური ქადაგება მიუძღვნა („სიტყვა პატიოსნებასა ზედა“) და აღნიშნა: „...პარიოსნება კაცისა, პირველად, უნდა იყოს დამყარებული მას ზედა, რომელ ყოველს კაცს, დიდსა და მცირეს, უნდა ახსოვდეს თავისი პატივი, თავის თავს პატივსცემდეს, ესე იგი, ერთნაირი თავის მოყვარეობა უნდა ჰქონდეს, წმინდა ქრისტიანული თავის-მოყვარეობა... ეს შეიძლება მაშინ, როდესაც მას ახსოვს თავისი საკუთარი ღირსება, თავისი ბუნების სიმაღლე და დიდება. თუ გახსოვს შენ, ძმაო, რა ღირსება აქვს კაცის ბუნებასა, მაშინ შეგრცხვება ყოვლის სიცრუისა, მოტყუებისა და პირობის გატეხისა. კაცის ბუნებას აქვს დაუფასებელი ღირსება! გასინჯე, თუ რა ფასი აქვს კაცის ბუნებასა, თუ თვით ცისა და ქვეყნის შემოქმედმა ღმერთმა მხოლოდ-შობილი ძე თვისი არ დაზოგა ჩვენისა ცხოვნებისა და განათლებისათვის. აბა, როგორ არ ექმნება დიდი ღირსება კაცის ბუნებასა, თუკი უფალამნ ღმერთმან იგი შეაერთა ღვთაებრივსა ბუნებასა-თანა!“.
პარაგრაფში „ქრისტიანული ეჭვიანობა“ ავტორი ასეთ შეგონებას გვთავაზობს: „თუ გვესმის ღვთის სახელის ძაგება, ის არის მისწრაფება იმისკენ, რომ ღვთის დიდება გავრცელდეს ადამიანებში. ის არის სიხარული, რომელსაც განვიცდით ღვთის წინაშე ჭეშმარიტი მოწიწების ხილვისას“. ეს ნიშნავს: თუკი ვინმე ღმერთს გმობს, ანდა რომელიმე რელიგიურ სიწმინდეს შეურაცხყოფს, მორწმუნის (მორწმუნის და არა ფარისევლის!) ბუნებრივი რეაქცია იქნება არა აგრესია, არა ისტერია და ძალადობა, არა ქუჩის აქციები და სხვისი პრიფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლა, არამედ გულმოდგინე ღვთისმოსაობა და რელიგიური სიხარულის გაძლიერება.
საღი სარწმუნოებრივი ცხოვრებისა და ცნობიერების გაუკუღმართება, ქრისტიანი ფსიქოლოგის თქმით, ხშირად ისეთ საშინელ მოვლენას ბადებს, როგორიცაა ფანატიზმი. მისივე განმარტებით, „ფანატიზმი არ შეიცავს თავის თავში არაფერს ისეთს, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანულ გრძნობათა მსგავსია. ამიტომ ეს გრძნობები არ შეიძლება შეუთავსდნენ ფანატიზმს ერთი ადამიანის სულში. ფანატიზმმა შეიძლება იპოვოს თავშესაფარი ისეთი ადამიანის სულში, რონელსაც სურს ბოროტი ვნებები - ღვარძლი, მრისხანება და ა.შ. - რელიგიის ნიღაბქვეშ დაფაროს. ფანატიზმისაკენ მიდრეკილება ჰქონდათ მხოლოდ ცრუ რელიგიებს, რომელთაც არ შეეძლოთ, მოელბოთ ადამიანთა სული, პირიქით, ამძვინვარებდნენ მას“. შესიტყვებაში „ა. შ.“, ცხადია, ბევრი რამ იგულისხმება: ნებისმიერ ცოდვაში დგომა და მათი დაფარვა ღრმადმორწმუნის როლის თამაშით (მზერის ერთ წერტილში კონცენტრირებით და აღარაფრის გაგონებისა და დანახვის სურვილის აფიშირებით), უვიცობა და მისი შენიღბვის ხრიკი, პათოლოგიური მისტიციზმი და მანია გრანდიოზა, რასაც ამპარტავნება და მთავრობისმოყვარება წარმოშობს. გაუკუღმართებული რელიგიური ცნობიერების ნიმუშია აგრეთვე ცრუმორწმუნეობა, რაც, როგორც წესი, ფანატიზმთან ერთად მოქმედებს და ხშირად მასში შეხორცებულია. ცრურწმენის ნიმუშად არქიმანდ. გაბრიელი ასახელებს ხატებისა და საეკლესიო წიგნების საკრალიზაციას სიძველე-სიახლის მიხედვით: ძველი ხელნაწერი ხატებისა და წიგნების წმინდად და მადლმოსილად შერაცხვას, ახლლებისას და სტამბაში დაბეჭდილებისას კი - არაწმინდად და მადლმოკლებულად. ასეთ აზროვნებას იგი სექტანტობას უწოდებს და მიგვანიშნებს, რომ სექტანტობა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც არსებობს, რაც ამავე ეკლესიისათვის მავნებლობაა.
სხვადასხვა წყაროს საფუძველზე ცნობილია, თუ რაოდენ ღრმად ჰქონდა (და აქვს) ცრუმორწმუნეობას ფესვები გადგმული დასავლეთ საქართველოში და, კერძოდ, იმერეთში (ჯადო, ფეხი, კუდი, თვალი და ა.შ.). ამიტომ ბუნებრივია, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის სამოძღვრო პრაქტიკაში დიდი ადგილი დაეთმო ისეთი ხალხური რწმენა-წარმოდგენებისა და რიტუალების მხილებას, რომლებსაც ქრისტეს მცნებებთან და მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქვთ. ამის თაობაზე ჟურნალში „კვალი“ (1896, 18.II, №8) ვკითხულობთ: „ხალხი, როგორც ყველგან, უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის ბურუსში იყო გახვეული. ამიტომ ყოვლად სამღვდელო გაბრიელი დაუზარებლდ მოგზაურობდა მთელ ეპარქიაში. არ დარჩენილა არც ერთი მივარდნილი და მიუვალი სოფელი, სადაც თვით ყოვლად სამღვდელო არ ყოფილიყოს და იქ დარიგება არ ეთქვას, ქრისტიანობის სწავლა-მოძღვრება არ განემარტოს. ყველამ იცის, რომ დღემდე ზოგან ცრუმორწმუნეობა ისე გავრცელებული და გამტკიცებულია, რომ ხალხი სხვადასხვა ხეს, ეკლესიის გალავანში ან მივარდნილ ადგილას მდგომს, თაყვანს სცემს, ღვთაებრივ ღირსებას აწერს და ამისთანა ხის მოჭრას ვერავინ ბედავს. აი, ასეთი ცრუმორწმუნეობის აღმოსაკვეთათ ყოვლად სამღვდელო, გარდა დარიგებისა და ქადაგებისა, სხვა ღონეს და ხერხსაც ხმარობს. სანდო და სარწმუნო პირთაგან გაგვიგონია, რომ ერთხელ, სამეგრელოში ყოფნის დროს, თვით ყოვლად სამღვდელო იღებს ხელში ნაჯახს და ჭრის იმ მუხას, რომელიც ადგილობრივ მკვიდრთ ღვთაებად გამოესახათ და რომლის შეხებას ვერავინ ბედავდა. ამ მტკიცე საქციელს ხალხი სულგანაბული შეყურებდა და მოელოდა, რომ ღმერთი მუხისა ელვა-ტხით გააპობდა კადნიერ მღვდელმთავარს. მაგრამ ლოდინმა ამაოთ ჩაუარათ. ამ სანახაობამ კი ღრმა და დიდი გავლენა იქონია იქ დამსწრეებზე“.
„ქადაგებანის“ პირველ ტომში (ქუთაისი, 1913) შესულია „მოძღვრება თქმული ოსთადმი კუდაროს ხეობის ეკკლესიაში“, რომელიც წარმოთქმულია როგორც ახალმონათლულების, ისე მოუნათლავების (კათაკმეველებისა თუ მონათლვის არმსურველთა) წინაშე. მოძღვარი შეახსნებს მათ, რომ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანების შთამომავალნი არიან, რასაც მათ მხარეში მდგარი ძველი ეკლესია ცხადყოფს. დღეს იგი ნანგრევებადაა ქცეული, მაგრამ თქვენ მის მიმართ მაინც „ესოდენი შიში და მორჩილება“ გაქვთო. ქტისტიანობა თქვენ შორის, ისე როგორც იმერეთის თითქმის ყველა მთის სოფელში, არეულობისა და ომების მიზეზით მოისპო. ახლა კი, ღვთის წყალობით, მთავრობამ მღვდელი გამოგიგზავნათ, რათა „იყოს უწინდელსავით ქრისტიანობა და განათლება თქვენში“. მთავარი ის კი არ არის, რომ პირჯვარი გადაიწეროთ და ეკლესიაში იაროთ, არამედ ის, რომ გაიგოთ, რა არის ქრისტიანობა და იცხოვროთ ისე, როგორც ქრისტიანი უნდა ცხოვრობდეს. ამიტომ მე ვუბრძანე მღვდელს, რომ „თქვენს ოსურს ენაზედ“ თარგმნოს და ყოველ წირვაზე წაიკითხოს მთავარი ლოცვები, რადგან ამ ლოცვების დახმარებით თქვენ მიხვდებით, რა არის ქრისტიანობა. და თუ გინდათ, რომ ნამდვილი ქრისტიანი გახდეთ, თქვენ შორის სისხლგამჯდარ წესჩვეულებებზე უარი უნდა თქვათო; უარი უნდა თქვათ, მაგალითად, დაფიცებისა და გამოტეხვის უცნაურ წესზე - გამოსატეხი კაცის წინაპრის საფლავზე დამღრჩვალი კატის, ძაღლისა თუ ვირის ჩამოკიდებაზე, ასევე - ქურდობაზე, რომელიც ძალზე განრცელებულია თქვენში, მიცვალებულის მოსახსენებლად ურიცხვი საქონლის დაკვლაზე, ურიცხვი სტუმრის მოწვევაზე, ამ დროს დათრობასა და ჩხუბზე. „ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა... რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა“.
არც ამ და არც სხვა მისიონერულ ქადაგებებში წმ. გაბრიელი არ ამახვილევს ყურადღებას არც პოლიტიკაზე, არც ეროვნებაზე და არც კონფესიურ თავისებურებებზე. მთავარია, მსმენელი ცრურწმენებისაგან გათავისუფლდეს და ქრისტეს ეზიაროს, შეიძინოს ჯანსაღი სარწმუნოება, რომლის არსებითი ნიშანია (რაც უკვე აღვნიშნეთ) არა დოგმატური თავისებურებების აფიშირება, არამედ სახარების სული, რომელსაც პიროვნების გარდაქმნა და გაუმჯობესება შეუძლია. ამ გზაზე პირველი რიგის ამოცანაა ქრისტეს მოძღვრების შეცნობა და გათავისება, რაც ვერ მიიღწევა, თუკი მსმენელმა მოსმენილი ტექსტი ენის თვალსაზრისითაც კი ვერ გაიგო. ამიტომაა, რომ გაბრიელ ეპისკოპოსის მოღვარეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მცდელობებს ღვთისმსახურების ნაციონალურ ენებზე გამართვისათვის. მან აფხაზი ხალხისთვისაც იზრუნა და დიდ ქალბატონს, კესარია შარვაშიძეს შესთავაზა, ჩამოეყალიბებინა კომიტეტი და ლიტურგიის ძირითადი ადგილების აფხაზურად თარგმნისათვის ეხელმძღვანელა.
აფხაზეთთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია ჩვენთვის ორმხრივაა საყურადღებო:
1) აქედან ჩანს, რომ წმ. ეპისკოპოსი შირს იდგა ისეთი შეხედულებისაგან, რომელიც საღვთისმეტყველო ლიტერატურაში „გნოსტიკური ერესის ლინგვისტურ ნაირსახეობადაა“ მიჩნეული და რომელსაც თანამედროვე მართლმადიდებელთა შორის ბევრი მომხრე ჰყავს (ზ.კიკნაძე, „სიტყვა“, 1998, №1, გვ. 24). იგულისხმება ენების დახარისხება უფროსებად და უმცროსებად, ბუნებითად დიდუნარიანებად და ნაკლებუნარიანებად, ბუნებითად საკრალურებად და არასაკრალურებად, რაც სხვა არაფერია, თუ არა მცირე ერებისა და ენების დისკრიმინაცია, - სრულიად შეუთავსებელი ქრისტეს მოძღვრებასთან და მისი ეკლესიის სულთან.
2) აქვე იმასაც ვხედავთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იგივე ეპისკოპოსი ქალის როლს საეკლესიო ცხოვრებაშიც კი. მას სრულიად კანონზომიერ მოვლენად მიაჩნია, რომ საღვთო და სამღვდელო წიგნების თარგმნაში მონაწილეობა მიიღოს ქალმა და არა მარტო მონაწილეობა მიიღოს, არამედ ამ პროცესს უსელმძღვანელოს კიდეც. ეს ის ვითარებაა, რასაც დღეს ცივილიზებული კაცობრიობა გენდერული ბალანსის დაცვას უწოდებს და ცხოვრების ყველა უბანზე მისი რეალიზაციისათვის იღვწის. ქალის ბუნების სპეციფიკის განსაზღვრას, ისტორიასა და საზოგადოებაში მისი დანიშნულებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, მისი ღირსების სიღრმისეულად წვდომას გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით.
წმ. გაბრიელის დასავლეთევროპულ, კერძოდ კი რეფორმატორულ, ღირებულებებთან ნათესაობას ადგილობრივი, ნაციონალური და თვითმყოფადი კულტურების დაცვისა და განვითარებისათვის ზრუნვაც ასაჩინოებს. შეიძლება ითქვას, რომ ის აფხაზური და ოსური ენების სალიტერატურო ენებად გადაქცევის ერთ-ერთი წინამორბედია, რითაც მან ამ ხალხთა თვითმყოფადობის შენარჩუნებას ხელი შეუწყო. უკვე ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ ამაგს დასდებდა იგი საკუთარი ერისა და ქვეყნის, საქართველოს, თვითმყოფადობას. მის თანამედროვეებს, დიდსაც და პატარასაც, კარგად მოეხსენებოდათ, თუ რა შემართებით იცავდა იგი მშობლიური ენის უფლებას როგორც საეკლესიო, ისე საერო ცხოვრებაში. დღესაც ხშირად იხსენებენ და იმოწმებენ მის წერილობიბით პოლემიკას გიორგი მუხრანბატონთან (რაზეც ქვემოთაც შევჩერდებით), სასულიერო უწყების მოხელე ა. კერსკისთან და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველ კ. იანოვსკისთან, რომელშიც იგი იცავდა, ერთი მხრივ, ქართველების უფლებას სასულიერო განათლების მშობლიურ ენაზე მიღების თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, ქართული ენის უფლებას მეგრელებისა და სვანების საეკლესიო-საღვთისმსახურო პრაქტიკაში. მეორე საკითხში ეპისკოპოსი იმ ენათმეცნიერულ თეორიასაც ეყრდნობოდა, რომლის თანახმად ქართული, მეგრული და სვანური მოძმე ენებია, რის გამოც მეგრელები და სვანები ლიტერატურულ ქართულს ადვილად სწავლობენ და მათი სალიტერატურო ენა წარსულშიც და ახლაც ქართულია. ამიტომ არც საეჭვოა და არც გასაკვირი, რომ ეს ხალხი თავს ქართველურ ტომებად მიიჩნევს.
არავისთვის არაა სადავო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის საერთო საქმისათვის ამ საგანზე ყურადღების ასერიგად გამახვილებას იმ დროს. იქნებ სწორედ ამან წარმოშვა ლეგენდა „შესდეგ, რუსეთის ხელმწიფევ!“, რასაც უკვე შევეხეთ. მოგვეპოვება მსგავსი შინაარსის მეორე გადმოცემაც, რომელიც მის პრინციპულობაზე, საერო ხელისუფლების წინაშე ქედუხრელობასა და მამულიშვილობაზე მეტყველებს და რომლის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არა გვაქვს: „თავის სამღვდელმთავრო მოქმედების ფარგლებში შეცილებას იგი ვერ ითმენდა და მტკიცეთ და სასტიკათ მოუჭრიდა ხოლმე პასუხს. კარგათ ვიცით, რომ ერთმა გავლენიანმა და დიდი უფლებების მქონე პირმა შენიშვნა მისცა იმის შესახებ, რომ საკათედრო ტაძარში უფრო ხშირათ სრულდებოდეს რუსულათ წირვა-ლოცვაო. ამაზედ ყოვლად სამღვდელომ მოკლეთ ასე მოუჭრა: თქვენ შეგიძლიათ თქვენს სფეროში იმოქმედოთ, როგორც გნებავთ, ხოლო რაც შემეხება მე, თვითონ ვიცი ჩემი მოვალეობა როგორათაც უნდა შევასრულოვი. მეტი არც სიტყვა და არც პასუხი. მიიბრუნა გვერდი და გასწია ეტლისაკენ“ („კვალი“, 1896, 18.II , №8, გვ. 119).
სიმტკიცე მაულიშვილობაში, ფართო დიაპაზონი მეცნიერებში და თავისუფლება აზროვნებაში ასხივებს ეპ. გაბრიელის იმ პოლემიკური ნაშრომიდან, რომელიც ყველაზე მეტადაა ცნობილი - „წერილი თ. გიორგი კონსტანტინეს ძის მუხრანბატონის მიმართ“ (პირველი პუბლიკაცია: „მოამბე“, 1896, №3, გვ. 92-100). მისი ისტორია ასეთია: სენატორმა გიორგი მუხრანბატონმა (ბაგრატიონმა; 1821-1877) 1872 წელს რუსულ ენაზე გამოაქვეყნა ბროშურა „ნაციონალური ინდივიდუალობის ბუნება“, რომელშიც განავითარა აზრი მცირე ერებისა და ენების დიდ ერებსა და ენებში გათქვეფის კანონზომიერების შესახებ, რადგან ეს სახელმწიფოს სიმტკიცის აუცილებელი პირობააო. მან მეგობრული წერილი, ქართულად დაწერილი, გაუგზავნა იმერეთის ეპისკოპოსს და, როგორც ჩანს, აზრისა და პოზიციის გაზიარება სთხოვა. აი, ამ წერილზე (რომლის ტექსტი ცნობილი არაა) პასუხს წარმოადგენს წმ. გაბრიელის ეპისტოლე, რომელიც ქართული პოლემიკური ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშად უნდა ჩაითვალოს. მეუფე აღფრთოვანებულია რუსეთის იმპერიის უმაღლესი მოხელის შესანიშნავი ქართულით და თავის მხრივ ბოდიშს იხდის, - მე ასეთი ქართულით წერა არ შემიძლიაო. იგი დიდი პატივისცემით (თუმცა შინაურულად) და კეთილმოსურნის ტონით განიხილავს სენატორს ნაშრომს და საკუთარ შეხედულობებს გულწრფელად და მკაფიოდ გამოთქვამს. ეპისკოპოსი სენატორს როგორც კვლევის მეთოდს, ისე კონკრეტული მასალის ანალიზს უწუნებს: „თეორია გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული, ფაქტებიდან უნდა იყოს გამოყვანილი და არა უკუღმა, ესე იგი ფაქტები თეორიიდან არ გამოიყვანება“. სინამდვილე სწორედ შენი თეორიის საწინააღმდეგოდ მეტყველებსო, შენიშნავს ოპონენტი და დასძენს: „დედამიწის ზურგზე, დასაბამიდან ქვეყნისა ვიდრე აქამომდე და ახლაც ჩვენ დროებაში, არ ყოფილა და არ არის ისეთი დიდი სახელმწიფო, რომელსა შინა ყოველნი მცხოვრებნი ლაპარაკობდნენ ერთი ენით: ყოველ დიდ-დიდ სახელმწიფოში ყოველთვინ და ყველგან, გარდა ერთი სამმართველო ენისა, ყოფილან სხვა წვრილ-წვრილნი ენები; გარნა ეს გარემოება არაფერს არ უშლიდა და არც ახლა უშლის, ე.ი. მარტო ამ გარემოებას სახელმწიფო არსად არ დაურღვევია, არ დაუსუსტებია“. მუხრანბატონი არამდგრადი სახელმწიფოს ნიმუშად ასახელებს რესპუბლიკურ შვეიცარიას და მონარქიულ ავსტრიას და მათი არამდგრადობის მიზეზად ამ ქვეყნების ეთნიკურსა და ენობრივ მრავალფეროვნებას მიიჩნევს. გაბრიელი აკრიტიკებს როგორც ინფორმაციის ობიექტურობას, ისე ანალიზის ხარისხს: „შვეიცარიას უჩვენებთ და იტყვით, რომ აქ სამი ენა არისო, და ამისთვის აქ ერთი მკვიდრი სახელმწიფო არ არისო. შვეიცარია დიაღ მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო არის. ანუ ფედერაციას და რესპუბლიკას შენ სახელმწიფოდ არ სთვლი? ნუთუ მარტო მონარხია არის მკვიდრი და მაგარი სახელმწიფო და რესპუბლიკა არა? ვგონებ შვეიცარიისთანა განათლებული, მაგარი ერთობით და თანხმობით სავსე სახელმწიფო არც კი არის ევროპაში“. რაც შეეხება ავსტრიას, იქ პრობლემებს, ოპონენტის დაკვირვებით, არა ეროვნული და ენობრივი პლურალიზმი წარმოშობს, არამედ მოქალაქეთა არათანასწორუფლებიანობა: „საუბედუროდ მათთა, მართებლობა სწორი სამართლით (равноправно) არ ეპყრობა ყოველ თესლებს: ნემცები და მადიარები ავიწროებდნენ ჩეხებს და სხვა სლავიანებთა... ამ მიზეზით და არა ენის განსხვავებით არის ავსტრიაში არეულობა და შფოთი“.
ეპისტოლე მრავალი თვალსაზრისითაა შესანიშნავი, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვყოფთ სამ იდეას, რომელიც სტრიქონსა და სტრიქონს შორის გამოკრთის: რესპუბლიკა უფრო სასურველი მოცლენაა, ვიდრე მონარქია; მოქალაქეთა დისკრიმინაცია სახელმწიფოს მტერია, ურთიერთთანხმობა და თანასწორობა კი მისი სიმტკიცის საფუძველი და, მესამე, - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სიკეთეა! საკმარისია, თვალი გადავავლოთ თუნდაც ზემოთ დამოწმებულ ციტატებს, რათა დავრწმუნდეთ: შვეიცარიის სულიერი და პოლიტიკური კლიმატი ეპ. გაბრიელს ლამის იდეალად და ეტალონად წარმოუდგება. ის ისეთი დადებითი ექსპრესიით ლაპარაკობს ამ ქვეყნის სტრუქტურასა და წესწყობილებაზე, კერძოდ იმაზე, რასაც დღეს დემოკრატიას ვეძახით, რომ მონარქიისათვის თითქოს აღარც კი რჩება ადგილი. მონარქიაა ავსტრიაში, მაგრამ რას შველის ეს ფორმაცია ამ ქვეყანას და მის პრობლემატიკას? ეს და მსგავსი კითხვები სტრიქონებს შორის თვალსაჩინოა. დავაკვირდეთ, რას ამბობს ფაქტობრივად მართლმადიდებელი ეპისკოპოსი: კათოლიკურ-პროტესტანტული შვეიცარია რუსეთის მართლმადიდებელ იმპერიაზე მეტად კულტურულიაო. ამის მიუხედავად ვერ ვიტყვით, რომ ეს ანტიმონარქიული გამწყობილებაა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ საქმე დემოკრატიის მიმართ სიმპათიასთან გვაქვს.
ავტორის სულიერი პორტრეტისათვის ასევე, და შეიძლება უფრო მეტად, ანგარიშგასაწევია ეპისტოლეს ფინალი, სახელდობრ ის სიტყვები, რომლებიც ეპ. გაბრიელისაგან თითქოს (ერთი შეხედვით) მოულოდნელია. მეგობრის წინაშე (ასეთად გამოიყურება გიორგი მუხრანბატონი მასთან მიმართებაში) მან თითქოს მოულოდნელად ამოაფრქვია პროტესტი არსებული ტოტალიტარიზმის გამო და გამოხატა სწრაფვა სიტყვის, სინდისისა და გამოხატვის თავისუფლებისაკენ. შეუძლებელია არ დაგვეთანხმოს ამაში მკითხველი, თუკი წმინდა მამის ამ სიტყვებს გულისყურით მოისმენს „ამ ჩვენ ურთიერთ შორის მიწერ-მოწერას ვგონებ შენ არ აძლევ არავითარსა პოლიტიკურ მნიშვნელობასა, ვითარცა მეც არ ვხედავ მას შინა არაფერს, მხოლოდ ერთ სამეცნიერო ისტორიულ საგანზე ბაასსა. ახლა ისეთი დრო დადგა, რომ თვით უბრალო მეგობრულ ლაპარაკში ეძიებენ ზოგიერთნი პირნი პოლიტიკურ განზრახვას. ამისთვის დავთვალე საჭიროდ ამისი თქმა“.
თვალში საცემია ის გარემოება, რომ წმ. გაბრიელის არც ერთი ქადაგება არ ატარებს ვიწრო კონფესიურ მიზანს. პრობლემების განხილვის დროს ვერსად ვერ ვხედავთ მასვილს მაინცდამაინც მართლმადიდებლობაზე; მსჯელობა მეტწილად ზოგადქრისტიანული თეოლოგიისა და ტრადიციის ფარგლებში მიმდინარეობს. მსმენელები ძირითადად, ცხადია, მართლმადიდებლები არიან და ქადაგებაც ზოგჯერ ასე იწყება: „მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!“. ამის მიუხედავად ავტორი არასდროს არ მიმართავს მართლმადიდებლობის უპირატესობის დემონსტრირებას და სხვა ქრისტიანული აღმსარებლობების დამცრობას, რაც ჰომილეტიკაში ხშირია და მას ჩვენ დროში და ჩვენში მამხილებელ ღვთისმეტყველებას ეძახიან. ვიმეორებთ, ეპ. გაბრიელი ქადაგებებში თითქმის არ მიმართავს მამხილებელ ღვთისმეტყველებას, თუმცა იმ რეგიონში, დასავლეთ საქართველოში, სადაც ყ-დ სამღღვდელო მოღვაწეობდა, სხვადასხვა კონფესიის ხალხი (როგორც იმ დროს ხშირად იტყოდნენ, - სხვადმადიდებლები) მაშინაც ცხოვრობდა და ერთი კონფესიის ეკლესიიდან მეორეში გადასვლა მაშინაც ხდებოდა. მქადაგებელს აინტერესებს არა იმდედად ის, თუ რა კონფესიის (აღმსარებლობის) წარმომადგენლად მიიჩნევს თავს მისი ესა თუ ის მსმენელი, არამედ ის, თუ რა დონეზე დგას ამ მსმენელისა და მსმენელების ქრისტიანული ზნეობა, რამდენად არიან ისინი ქრისტიანები ან უნდათ, რომ გახდნენ ქრისტიანები. ესაა მიზეზი, რომ წმ. ეპისკოპოსი თითქმის განუწყვეტლივ საზოგადო და კერთო მორალის საკითხებზე გვესაუბრება. ამიტომაა, რომ მისი ქადაგებები არის არა დოგმატურ-პოლემიკური, არამედ სარწმუნოებრივეთიკური. მხილების ობიექტი არის არა სხვა კონფესია, არამედ საკუთარი კონფესიის ხალხი, ე.ი. საკუთარი მართლმადიდებელი ეკლესია (ეკლესია როგორც მოეწმუნეთა კრებული). იგი ამხილებს და ებრძვის ისეთ მანკიერებებს, როგორიცაა სისხლის აღება, გულფიცხლობა (განსაკუთრებით გურულების, მისი თანამემამულეების), ადვილადმომდურაობა, შური, ამპარტავნება, მიცვალებულის დატირების გრძელი ცერემონია, რომელიც „ადვილად ასწავლის კაცს ფარისევლობას და პირმოთნეობას“; ანგარება, ჭორაობა და ა.შ. ამ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად ადამიანის ბუნების შესწავლაა საჭირო და ვის შეეძლო ამ მოვალეობისათვის თავის გართმევა, თუ არა ფსიქოლოგიურ დისციპლინათა საუკეთესო მცოდნე მოძღვარს? დიდი საღვთისმეტყველო და ფსიქოლოგიური ალღო ჩანს ისეთ საჭირბოროტო საკითხებზე საუბრის დროს, როგორებიცაა ქურდობა, ცილისწამება, მართლმსაჯულება, პენიტენციალური სისტემა, პირუტყვთა შებრალება, სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა და სხვა. ბევრ შემთხვევაში ჩვენ, თანამედროვე მკითხველებიც, ახლებური ანალიზისა და ინტერპრეტაციის მხილველნი და აღმქმელნი ვხდებით. მათი ავტორი სოციალური თვალსაზრისით ერთობ აქტიურ პიროვნებად წარმოგვიდგება, რასაც თვითონ, როგორც ბერი ეპისკოპოსი, ასე ხსნის: „თუმცა ჩვენ ვართ თქვენნი მოძღვარნი და წინამძღოლნი ზეციერისა მხოლოდ მიმართ სასუფეველისა, გარნა, ვითარცა მოძმეთა თქვენთა, არ შეგვიძლია არ მივიღოთ მონაწილეობა ხორციელსაცა შინა თქვენსა ცხოვრებასა; ყოველნი თქვენი წარმატება და ბედნიერება ამ სოფელში გვახარებს ჩვენცა, გარნა ყოველი თქვენი მწუხარება და გაჭირვება ჩვენთვისცა არის სამწუხარო“ (ქადაგებანი, II, ქუთაისი, 1913, გვ. 444). მსჯელობა, რომელიც ასეთ პოზიციას ეფუძნება, არა მარტო შემეცნების ველს აფართოებს, არამედ გულსა და გონებას მსჭვალავს და აფაქიზებს.
ქადაგებაში „ქურდობისათვის“ წმ. გაბრიელი შეახსენებს მსმენელებს და შეგვახსენებს ჩვენც, რომ ღვთის ყოველ სიტყვას და მცნებას პირდაპირი და ვიწრო მნიშვნელობის გარდა აქვს „ფართო, მაღალი, ღრმა, ვრცელი აზრი და მნიშვნელობა“. ამ პრინციპს თუ გავითვალისწინებთ, ადვილად მივალთ იმ ჭეშმარიტებამდე, რომ მცნება „არ მოიპარო!“ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული საგნის (ფულისა თუ ნივთის) მალვით წაღებას და მითვისებას არ გულისხმობს. მღვდელმთავრის განმარტებით: „მპარავის მსგავსი შეიქმნება ის ხელმწიფის მოსამსახურე, ანუ ჩინოვნიკი, რომელიც დაუდევნელად და არა ერთგულად აღასრულებს თანამდებობასა თვისსა. ჯამაგირი და ჯილდო, რომელსაც იგი იღებს ხელმწიფისაგან, მოპარული აქვს ესრეთსა ჩინოვნიკსა. ვაჭარი, რომელი იღებს უზომო ფასს თავის საქონელში, ანუ, ნაცვლად კარგის საქონლისა, აძლევს ცუდს საქონელს და ფასს სრულს იღებს, ვგონებ, პირდაპირ უნდა შეირაცხოს მპარავთა შორის... ვინ იცის, იქნება წინაშე თვალთა მართლმსაჯულისა ღვთისა პირ-დაპირი ქურდი არ არის იმ ზომად ცოდვილი, ვითარცა ესრეთნი - ფარულად და მზაკვარებით აღმასრულებელნი მპარაობისა”.
დღესაც აქტუალურია ისეთი მოვლენის დეფინიცია და კვალიფიკაცია, როგორიცაა ცილისწამება: მხოლოდ პიროვნული ცოდვაა ის, თუ დანაშაულიც; მარტოოდენ მორალურ კატეგორიას განეკუთვნება იგი, თუ იურიდიულსაც? ეპ. გაბრიელი, რომელსაც, როგორც თვითონ აღნიშნავს, თავადაც არაერთგზის უწვნევია ბეზღებისა და ცილისწამების სუსხი, თვლის, რომ ცილისწამება და მაბეზღრობა არის ინდივიდუალური ცოდვა და, მაშასადამე, მორალური კატეგორია. იგი ამბობს: „დაბეზღება, შესმენა არის ცილის წამება, ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტრობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე, ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი, და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს“, რადგან ბეზღების ანონიმურ თუ ფსევდონიმურ წერილებზე მთავრობა უკვე აღარ რეაგირებსო.
ბატონ გაბრიელის ხასიათის სიმტკიცე და პრინციპულობა განსაკუთრებით ბატონყმობის გაუქმებასთან დაკავშირებით გამოჩნდა. ალექსანდრე I I -ის 1861 წლის 19 თებერვლის მანიფესტი რატომღაც ყველაზე გვიან ქუთაისის გუბერნიაში გამოცხადდა, - 1865 წლის 13 ოქტომბერს, რის შედეგადაც ბატონებმა ყმებზე უფლება დაკარგეს, ყმები კი გათავისუფლდნენ. ამ აქტის გამო იმერეთის ეპისკოპოსმა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში საგანგებო ქადაგება წარმოთქვა; აღნიშნა, რომ ბატონყმობის ინსტიტუტი ქრისტიანობასთან შეუთავსებელი მოვლენაა, ხოლო მისი გაუქმება - კანონზომიერი და მისასალმებელი. იმის მიუხედავად, რომ ყმები ყველაზე გვიან იმერელ მებატონეებს ჩამოართვეს, ყველაზე დიდი პროტესტი ამ მებატონეებმა გამოხატეს. თავადებმა, რომლებმაც გაბრიელის ქადაგება მოისმინეს, ეკლესია ყვირილითა და დემარშით დატოვეს. ერთ თავადს, კანდელაკს, კიდეც დაუქადნია, გამოვა თუ არა ეს ბატონი ტაძრიდან, ამ ხანჯლით გავათავებო. მაგრამ როდესაც მღვდელმთავარს სახლისაკენ გზა მშვიდად გაუგრძელებია, მას განზრახვა სისრულეში ვერ მოუყვანია, - ხანჯალზე თითქოს ხელი შემახმაო. მკვლევარი ილია ჭყონია (ფსევდონიმი „თ.მაგმაძე“) დასძენს: თავადმა პეტრე მიქელაძემ ეპისკოპოსს პამფლეტი დაუწერა, რომელიც იმერეთის თავად-აზნაურებმა აიტავეს და დაიზეპირესო: „დედაშენი ღომსა ცეხვდა, მამაშენსა ედგა კეხი. თუ მღვდელმთავრად აწ გინდომოთ, კისერს დაგვკარ შენი ფეხი!“ („ივერია“, 1901, 8.XI, №233).
1864 წლის 20 ნოემბრის დადგენილება, რომელიც სასამართლო სისტემის განახლებას ისახავდა მიზნად, ქუთაისის ეპისკოპოსმა იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ იგი, ასევე, ქადაგების თემად აქცია. მისი დაკვირვებით, რეფორმის მთავარი სიკეთე და ძველთან შედარებით უპირატესობა სასამართლო პროცესის მეტ სიცხადეში, გამჭვირვალეობაში, სიმარტივეში, სისწრაფესა და საჯაროობაში მდგომარეობს. იგი ამასთავანე მიგვანიშნებს პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობაზე, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე და მართლმსაჯულების სისტემაში საზოგადოების როლის გაფართოებაზე. „სად იყო იმერეთში, ანუ სად არის ახლაც ჯერედ სჯულის შიში, ცუდი საქმის მორიდება, ადამიანის პატივისცემა? ჩვენში პატივისცემა აქვს ტანისამოსს, სახელსა და სახესა; პატივისცემა აქვს სიმდიდრესა. ადამიანს კი პირადი პატივი არა აქვს... გარნა ამიერითგან იქმნება ახალმა სჯულმა (კანონმა, ნ.პ.) ჩვენ გვასწავოს პატივისცემა კაცისა, ვითარცა კაცისა, ადამიანისა“. ამბობს მღვდელმთავარი და საზოგადოებას გააქტიურებისაკენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მართლმსაჯულებაზე სახალხო კონტროლის დამყარებისაკენ მოუწოდებს: „გარნა, ძმაო, თუ გსურს, ამ დიდ ცვლილებას მიეცეს წარმატება; თუ გსურს, რომ ახალმა წყობილებამ უმეტესი კეთილი გიყოს შენ და ყოველსა საზოგადოებასა, მიიღე გულითადი მონაწილეობა მას შინა. რა სახით?... ხშირად შეხვიდოდე სასამართლოში და ყურს უგდებდე, როგორ სწარმოებს სამართალი. თუ შეიტყო, რომ მოსამართლე გონიერად მიუძღვის სამართალსა, აქე, დალოცე, წაახალისე. თუ სიმრუდე რაიმე შეიტყო, თამამად გაამტყუნე; ბევრი იყვირე საზოგადოებაში...“ დაგვეთანხმება მკითხველი, რომ ამ სიტყვებს ფართო შინაარსი და განმაზოგადებელი ძალაც აქვს და აქ საქვეყნო-სახელმწიფო საქმეებში საზოგადოების ქმედითად ჩართულობა იგულისხმება.
წმ. ეპისკოპოსი საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ საქმიანობაში პატიმრებთან ურთიერთობას საპატიო ადგილს მიუჩენდა. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი მისი ქადაგებების ნუსხას გადავხედავთ. მკვლევრები ასევე იმოწმებენ უბის წიგნაკს, საიდანაც ირკვევა, რომ მეუფე წინასწარ საგულდაგულოდ ადგენდა სათნო საქმეების გრაფიკს და საზღვრავდა, როდის რა ვისთვის უნდა გაეკეთებინა: როდის უპოვართა და მიუსაფართათვის, როდის ხელმოკლე მოწაფეებისათვის, როდის ქვრივ-ობლებისათვის და როდის მსჯავრდებულებისათვის. იგი ყოველ აღდგომასა და შობას დიდ სუფრას აწყობდა და ეკლესიის მთელ კრებულს იწვევდა, შემდეგ კი საჭირო თანხას ციხეებში უგზავნიდა პატიმრებს. ეპ. გაბრიელი 1869 წელს პატიმრების მატერიალური და სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესების კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტადაც დაინიშნა. ქადაგებები, რომლებიც საპყრობილეებში წარმოითქვა, აღბეჭდილია დანაშაულის, სასჯელისა და მონანიების ფსიქოლოგიური ანალიზით. იგი პატიმრებს ასეთი ახსნეგანმარტებით მიმართავს: თქვენი მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ თქვენ იძულებით სასჯელს იხდით და სატუსაღოში ხართ, არამედ ის, რომ თქვენ ცოდვის ტყვეები და სულიერად ეშმაკისაგან დაპატიმრებულები ხართ. „ცოდვა არის პირველი თქვენი მტერი და დამატყვევებელი, ცოდვამ შემოგაგდო თქვენ აქ და მოგაკლო თქვენ პირველი სიკეთე კაცისა - თავისუფლება. დამიჯერეთ, ძმანო, როდესაც ცოდვას გააგდებ გულისაგან, თუ ოდესმე ცოდვისაგან დაგიხსნა ღმერთმან, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ... ძმაო ჩემო, დაჰფიქრდი შენ გულში, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა შენ ეს უბედურება, ესე იგი საპყრობილეში შესვლა? ნუ ეფერები შენს თავს, ნუღარ დაჰმალავ შენს გულში შენს ბრალს. მოინანე შენი ცოდვა. ევედრე ღმერთს, რომ გამოგიყვანოს სულიერისა ტყვეობისაგან, და მით განთავისუფლდე ხორციელისა ტყვეობისაგანაც. ვისაც ჭკუა სრულიად არ დაუკარგავს, ვინც სრულიად არ გამოსულა სირცხვილისაგან, ვისაც აჩნია კიდევ ცოტაოდენი ადამიანობა და კაცის სინიდისი, მას შუძლია ისარგებლოს თავისი უბედურებით, თავისი უბედურება გადააქციოს ბედნიერებად: ამ საპყრობილესაგან გამოვიდეს განათლებული და განთავისუფლებული“. წმ. გაბრიელი გვარწმუნებს, რომ სიკეთისა და სათნოების განუყოფელი ნაწილი არის ცხოველების სიყვარული და პატივისცემა, ე.ი. საფუძველი იმისა, რასაც დღეს ცხოველების უფლებათა დაცვას ეძახიან, ზოგადად, - ეკოლოგიას. მისმა ქადაგებამ „პირუტყვების შებრალებისათვის“ საყოველთაო ინტერესი და მოწონება დაიმსახურა როგორც რუსულენოვან, ისე ინგლისურენოვან სამყაროში (რადგან ორივე ენაზე ითარგმნა). იგი ეყრდნობა სოლომონ ბრძენს, რომელიც ამბობს: „მართალნი სწყალობენ სულსა ცხოვართა თვისთასა, ხოლო ნაწლევი არა წმიდათა უწყალო“ (იგავ. 12,10). ვინაიდან ამ წინადადების (ძველი ქართული თარგმანის) მეორე ნაწილი გაუგებარია (რას ნიშნავს ამ შემთხვევაში „ნაწლევი“?), მქადაგებელი ციტატს ჯერ ენობრივად განმარტავს* და თემის საგანს შემდეგ განიხილავს. მისი თქმით, სოლომონის სიტყვები შეიცავს „ზნეობრივ სწავლას“, რაც სულაც არაა მეორეხარისხოვანი, როგორც შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოსო. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენში, საქართველოში, რადგან აქ პირუტყვებს „ერთობ უწყალოდ და უგვანოდ“ ეპყრობიან, რაც „წინააღმდეგია კეთილისა და ქრისტიანულის ზნეობისა“. მოყვანილია ასეთი მაგალითი: „ერთხელ ერთმა აქაურმა გადარაულმა აზნაურ-შვილმა, როდესაც მისმა უჭმელმა და გატანჯულმა ცხენმა ვეღარ შეიძლო კარგად გაჭენება აღმართზე, ჩამოხტა, სატევარი ჰკრა მუცელში და მოჰკლა“. მღვდელმთავარი დასძენს: „კეთილი და მოწყალე ადამიანი არა თუ მხოლოდ კაცს უნდა სწყალობდეს, არამედ პირუტყვსაც; საქონელი და პირუტყვი არის გატანჯული და წამხდარი მხოლოდ იმ ქვეყანაში და იმ ხალხში, სადაც არ არის კეთილი ზნეობა, სწავლა. გაგვიგონია მოგზაურთა[გა]ნ, რომელთა უნახავთ განათლებული ევროპის ქვეყნები, რომელ მუნ მარტო შინაური პირუტყვის შეხედვა აჩვენებს კეთილ-ზნეობასა და განათლებას ადგილის მცხოვრებთა, ვინაითგან მუნ ყოველი საქონელი არის საკვირველად მოშენებული და გაკეთებული... ღმერთმან პირუტყვნი დაგვიმორჩილნა ჩვენ და მოგვცა ჩვენ მოსამსახურედ, ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი: მთავრობდეთ თევზთა და ზღვათასა და ფრინველთა ცისათა და ყოველთა პირუტყვთა. გარნა ღმერთს ნება არ მოუცია ჩვენთვის, რომ ვტანჯოთ პირუტყვი“. ღმერთი აქ წარმოდგენილია იმ მოსიყვარულე და ყოველთათვის მადლის მფენ მამად, რომელსაც არ ეამება, რომ „რომ უფროსმან და უმჯობესმან მისმან ქმნილებამან, ესე იგი, კაცმან, სტანჯოს და აწვალოს უმცროსნი მისნი ქმნილებანი - პირუტყვნი“ (ქადაგებანი, I, 1913, გვ. 448-451).
ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსთან ერთად, ალბათ, ინტერკონფესიურმა ხასიათმაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ეპ. გაბრიელის ქადაგებებით არამართლმადიდებელი სასულიერო პირებიც დაინტერესდნენ. ანგლიკანმა პასტორმა (მღვდელმა) სოლომონ სიზარ მალანმა, რომელიც ითვლება ქართველოლოგიის პიონერად ინგლისში, გაბრიელ ეპისკოპოსის 15 ქადაგება ქართულიდან ინგლისურად თარგმნა და 1867 წელს გამოაქვეყნა. ამასთანავე ირკვევა, რომ იმ დროს ანგლიკანურ ეკლესიას დიდი ეკუმენური მიზნები დაუსახავს და ეკლესიების გაერთიანებისათვის ზრუნვა დაუწყია. მან პირველ რიგში მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიალოგი და მისი ტრადიციის პირველწყაროთა საფუძველზე გაცნობა მოინდომა. პასტორი მალანი ამ წამოწყენის სამსახურში იდგა, რასაც გაბრიელ ეპისკოპოსიც მიესალმა. მან იგი, ანგლიკანი მღვდელი სოლომონი, 1872 წლის 23 მაისს ქუთაისის რეზიდენციაში დიდი პატივისცემით მიიღო. ამ ვიზიტს ინგლისელი მკვლევარი დევიდ ლენგი ასე აღწერს: „მან ერთი კვირა დაჰყო ეპისკოპოსთან; თან ახლდა წირვასა და ღვდელმსახურებაზე... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რიტუალის ზვიადმა იერმა და გალობის ხმატკბილობამ, ხელზე მთხვევის ცერემონიამ და სხვა. თვითონ მალანმა ქართულად წარმოთქვა ქადაგება საკათედრო ტაძარში. გაბრიელ ეპისკოპოსთან მუსაიფში მან განმარტა ინგლისური ლოცვანის დიდი ნაწილი. საინტერესო ურთიერთობა დაამყარა მან ზოგიერთ ბერთან, რომელთაც დაათვალიერებინეს დავით მეფის აგებული ტაძარი, სადაც მერვე საუკუნის ხელნაწერი სახარება იყო“ („ცისკარი“, 1957, №4, გვ. 140). ანგლიკანი მღვდლის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა; სახარების წაკითხვა (სტუმრობის პირველ დღეს მალანმა იოანეს მე-11 თავი, ლაზარეს აღდგინების ამბავი, წაიკითხა), ქადაგების წარმოთქმა და ლოცვის აღვლენა, სხვა არაფერია, თუ არა ეკუმენური თანალოცვა. ამდენად, მითითებული გამოკვლევის მიხედვით, წმ. გაბრიელი შესაძლებელია იყოს ის პირველი ქართველი ეპისკოპოსი, რომელმაც ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელთან ერთად ილოცა.
წმ. გაბრიელის მიერ დასავლეთ ევროპის მოსახლეთა ზნეობრივი და ინტელექტუალური ცხოვრების მაღალი შეფასება, რის თაობაზეც თავის ქადაგებებში ხშირად გვესაუბრება და ეს ზემოთ მოყვანილი ციტატებიდანაც თვალსაჩინოა, გვარწმუნებს, რომ ის აღნიშნული სამყაროს სარწმუნოებრივ და სულიერ ცხოვრებაში ბევრ მისაბაძ ფაქტსა და მოვლენას ხედავდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მას თბილი და მეგობრული ურთიერთობა სხვა ტრადიციის ქრისტიანებთან, სხვადმადიდებლებთანაც ჰქონდა. ამას, პასტორ მალანთან ურთიერთობის გარდა, მისი ბიოგრაფიის ერთი, თუმცა ტრაგიკული დეტალი მეტყველებს. როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა (1856 წ.), მან ჩვილი ბავშვი გასაზრდელად მიაბარა „ძიძას, ნემცის ქალს, ნემცების კოლონიაში“, მაგრამ ის და მეორე ბავშვიც, რომელიც სემინარიის ერთ ცოლშვილიან მღვდელს მიბარა, მალე გარდაიცვალნენ (მ.კელენჯერიძე, გაბრიელი..., 1913, გვ. 57). ცნობილია აგრეთვე მისი მეგობრობა მარჯორი და ოლივერ უორდროპებთან. 1895 წელს ისინი მის მეუფებას, უკვე უკურნებელი სენით შეპყრობილს, ქუთაისში ეწვიენ. ცნობილია მარჯორის სიტყვები: „მნახველი გულდამშვიდებით ვერ შეხვდებოდა მისი ცხოვრების დაისს“. მას ინგლისიდან მისთვის მოუწერია: „დრონი იცვლებიან მრავალგვარად და ჩვენც დროთა კვალად. უცვლელია მხოლოდ მეგობრობა“ (ვ.კიკნაძე, ეროვნული და საეკლესიო პრობლემატიკა, გვ. 25).
წმ. მღვდელმთავარი 1896 წლის 26 იანვარს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გარდაიცვალა. იმ დროს ქუთაისში უჩვეულოდ დიდთოვლობა იყო (თითქოს ბუნებაც გლოვობდა და ადამიანებს თანაუგრძნობდა). ამის გამო დაკრძალვა ერთი თვის შემდეგ, 10 მარტს, გელათის ტაძარში შედგა. იქ ათასობით ერმა და ბერმა, ქალმა და კაცმა, მართლმადიდებელმა და სხვადმადიდებელმა, ქრისტიანმა და არაქრისტიანმა მოიყარა თავი. ეს გასვენება ერებისა და სარწმუნოებების თანალმობის აქტად გადაიქცა. რაბინს ხავერდის ყდაში ჩასმული ათი მცნება მიჰქონდა. წარმოითქვა გულშიჩამწვდომი სიტყვები, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა. ვრცელი და შესანიშნავი სიტყვა წარმოთქვა ეგზარქოსმა ვლადიმირმა, რომელშიც მან განსვენებულს უწოდა „თავისი სამწყსოს თანამოძმე“, „ჭეშმარიტად ხე კეთილ-ჩრდილოვან-ფოთლოვანი, მრავალნაყოფიერი და კეთილნაყოფიერი“ (ტექსტი - კელენჯერიძე 1913:239-248), მაგრამ საზოგადოება გაანაწყენა იმის გამო, რომ ქუთაისის სომხური ეკლესიის დეკანოზს იარალიანცის ამბიონზე ასვლისა და სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. მწერალი დავით კლდიაშვილი, რომელიც ამ ინციდენტს დეტალურად აღწერს, ამბობს: ეგზარქოსის „საქციელი პირდაპირ შეურაცხყოფა იყო დიდებული მოღვაწისა, რომელიც, ამგვარი რამე რომ შეხვედროდა სადმე სიცოცხლეში, მთელი თავისი არსებით წინაუდგებოდა და სასტიკად შეაჩვენებდა. ეპისკოპოზი გაბრიელი მეტად დაშორებული იყო ისეთ თვისებებს, რომელიც გამოიჩინა სარწმუნოების უმაღლესმა წარმომადგენელმა. იგი უყვარდა ხალხს მისი კლერიკალური მიმართულების გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ნამდვილი გულწრფელი საზოგადოებრივი მოღვაწე, მებრძოლი ბერი, რომელსაც არც ერთ თავის ქადაგებაში ეშმაკი არ უხსენებია..“ (დ. კლდიაშვილი, მემუარები, თბ., 1932, გვ. 10-12).
საყოველთაო გლოვას ქართველი კათოლიკეებიც შეუერთდნენ. ახალციხის მღვდელმა, ისტორიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ივანე გვარამაძემ, განსვენებულის სულის საოხად 29 იანვარს პანაშვილი გადაიხადა და სამგლოვიარო სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც აღნიშნა: ეპისკოპოსი გაბრიელი არის „ჩვენი დროის ერთადერთი ღირსი მეცნიერი, რომელმაც აამაღლა ზნეობრივად საიმერეთო თუ საქართველო, გაანათლა საკმარისად სასულიერონი, ჩააფიქრა ყველა სწავლულნი, გონება გაუხსნა ღვთისმსახურებაზედ ყოველ სამღვდელო პირს...“ („საბა“, 1995.V).
პასუხისათვის ზემოთ დასმულ კითხვებზე
რელიგიურობის კულტურა, რომელსაც პირველ რიგში შევეხეთ, ცხოვრებისა და აზროვნების ის მხარეა, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის ხარისხით გაიზომება. თუკი გახსნილია გონება და გულიც შემწყნარებელია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო ქრისტეს მოწოდებას - „შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8,32) - ხორცი შეუსხამს; ინდივიდი თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებულა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ: ვინც უცხოს მიმართ შიშისა და სიძულვილისაგან გათავისუფლდა; ვინც შეძლო და შეიყვარა ადამიანში ადამიანი, - ადამიანი ისეთი, როგორიც არის, ის დასავლურ ღირებულებებს ანუ, უფრო ზუსტი იქნებოდა თქმად, ქრისტიანთა მორალურ ფასეულობებს ეზიარა.
წმ. ეპისკოპოს გაბრიელის აზრები და პოზიციები, ფაქტები და მოვლენები მისი ცხოვრებიდან, რომელიც მიმოვიხილეთ, გვაძლევს საშუალებას, მეტნაკლები სისავსითა და სიზუსტით წარმოვაჩინოთ საქართველოს ახალი ისტორიის ამ ჩინებული ფიგურის შინაგანი სამყარო. იგი ქრისტეს მხედრად და იმ ღირებულებების მოკავშირედ წარმოგვიდგება, რასაც დღეს დემოკრატიასა და ლიბერალიზმს უწოდებენ, - სამოქალაქო ქრისტიანობის ქვაკუთხედს.
მისი მეუფების ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ჩანს, რომ მას ის საზოგადოებრივი და პოლიტიკური წყობილება მოსწონდა, რაც თანამედროვე ცივილიზაციის ქვაკუთხედია და ჩვენს წარმოდგენასა და მეტყველებაში (ამა თუ იმ მიზეზის გამო) დასავლეთ ევროპასთან ასოცირდება. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ: დღეს რომ წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი ცოცხალი იყოს, (1) ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდა, რადგან არამართლმადიდებელ ქრისტიანებს ის ქრისტიანებად თვლიდა, (2) უფრო საფუძვლიანი ჩანს იმის დაშვება, რომ ის რომის პაპს, თუკი სვეტიცხოველში შეუძღვებოდა, საკურთხეველში შესვლასაც არ დაუშლიდა (რადგან, როგორც ჩანს, იგი არ ფიქრობდა, რომ კათოლიკურ ეკლესიაში აპოსტოლური მემკვიდრეობა გაუქმებულია და რომის ეპისკოპოსი პეტრე მოციქულის მოსაყდრე აღარაა) და (3) ის გიორგი მუხრანბატონს, სხვა პოლიტიკური შეხედულებისა და პოზიციის ადამიანს, რენეგატად, მოღალატედ და გამყიდვლად არ მოიხსენიებდა, რადგან მას, წმ. ეპისკოპოსს, დემოკრატიული ცნობიერება ფქონდა.
_____________________
* შდრ. ახალი ქართული თარგმანი: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია“ (საპატრიარქოსეული); „სამართალმა იცის თავისი საქონლის საჭიროება, ხოლო უკეთურთა სიბრალულიც კი სასტიკია“ (სტოკჰოლმისეული).
![]() |
4 სეკულარიზმი |
▲back to top |
![]() |
4.1 სეკულარიზაცია თუ დესეკულარიზაცია? |
▲back to top |
საქართველოში სეკულარიზაციის შესახებ დისკუსიას იმდენად დააგვიანდა, რომ, შეიძლება ითქვას, მოდას ჩვენდაუნებურად ავცდით. დღეს, როდესაც ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა არის სეკულარიზაცია, დასავლეთში ტერმინი ბევრს მოძველებულად მიაჩნია. დასავლელი ავტორები თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიის ადგილის განსასაზღვრად სხვა ტერმინებს მიმართავენ: „დე-სეკულარიზაცია“ (პიტერ ბერგერი), „დე-პრივატიზაცია“ (ხოსე კაზანოვა), „პოსტ-სეკულარული საზოგადოება“ (იურგენ ჰაბერმასი) და სხვა. როგორც ვხედავთ, ეს ახალი ცნებები სრულიად ცნობიერად უპირისპირდება სეკულარიზაციის ცნებას.
გიგა ზედანია
იბეჭდება წიგნიდან „სეკულარიზაცია: კონცეპტი და კონტექსტები“
მაგრამ იყო დრო, როდესაც სეკულარიზაციის კონცეპტი თანამედროვეობის გენეალოგიისათვის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნეოდა. სოციალური მეცნიერების ყველა კლასიკოსი: კონტი, სპენსერი, მარქსი, ფროიდი - ისევე, როგორც მათი უთვალავი მიმდევარი - ამოდიოდა სეკულარიზაციის პროცესის გარდუვალობის დაშვებიდან. ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს პირველივე პრობლემა, რომელიც მას თან ახლავს: არასოდეს ყოფილა ცხადი, ზუსტად რა ფენომენს აღნიშნავდა ტერმინი „სეკულარიზაცია“. უფრო სწორედ, არსებობდა სიტყვის რამდენიმე მნიშვნელობა, რომელთა აღრევასაც მეცნიერებაში ხშირად ჰქონდა და დღემდე აქვს ადგილი.
შეიძლება ითქვას, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობს რელიგია, როგორც ტრანსცენდენტურთან მიმართების ფორმა, მაგრამ არა ყველა საზოგადოებაში არსებობს სპეციალური მეტა-ენა, რომელზედაც ამ რელიგიის აღწერა ხდება. სეკულარიზაცია (saecularisatio) ლათინური ენის ტერმინია, რომელიც პირდაპირ არის გადაღებულ ინგლისურსა და რომანულ ენებში. გერმანულში არსებობს მისი შესატყვისიც, Verweltlichung, მაგრამ ასევე იხმარება Säkularisierung. რუსულიც შეეცადა შესატყვისის პოვნას - обмирщение. ქართულში შესატყვისი არ გვაქვს. ისიც კი არ ვიცით, თუ რა უნდა იყოს saeculum-ის შესატყვისი. სამყარო? მსოფლიო? ერი („საერო“)?
„სეკულარიზაცია“ კანონიკურ სამართალში აღნიშნავდა სასულიერო პირის საერო სტატუსში დაბრუნებას. ამის შემდეგ ტერმინმა შეიძინა მნიშვნელობა, რომლითაც აღინიშნებოდა საეკლესიო ქონების საერო ხელისუფლისათვის გადაცემა; ტერმინის ეს ცვლილება მეტ-ნაკლებად ემთხვევა 1648 წელს ვესტფალიის ზავის შედეგად გაჩენილ სახელმწიფოთა თანამედროვე სისტემის წარმოშობას. შესაბამისად, ტერმინის ამ ახალი, პოლიტიკურ-იურიდიული მნიშვნელობით ხდება ეკლესიის ძალაუფლების შეზღუდვისა და საერო ხელისუფლების მონოპოლიის პროცესების ინვოცირება.
მაგრამ სეკულარიზაციის ცნება მალე ამ პოლიტიკურ-იურიდიულ მნიშვნელობის ფარგლებს გარეთაც გავა და იქცევა ფილოსოფიურ-ისტორიული კატეგორიად, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ მისი სოციოლოგიური ოპერაციონალიზაციის მცდელობას ექნება ადგილი.
სეკულარიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-ისტორიული კონცეფციები დაკავშირებულია მე-19 საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი მოაზროვნის სახელთან: ჰეგელი და მარქსი. ხოლო მე-19 საუკუნის ისტორიის ფილოსოფიის ტრადიციასთან წყვეტის მცდელობა და სეკულარიზაციის სოციოლოგიური კონცეფციის შემუშავება - სოციალურ მეცნიერებათა ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაქს ვებერის კორპუსთან. ამის ემდეგ სეკულარიზაციის ცნება ღწევს თეოლოგიაშიც, ანსაკუთრებით - ქრისტიანული ეოლოგიის პროტესტანტულ ანშტოებაში. ფრიდრიხ ოგარტენის დიალექტიკური ეოლოგია სწორედ სეკულარიზაციის კონცეპტის ათვისებას გულისხმობს.
მნიშვნელობათა ეს გაფართოება-ტრანსფორმაცია არის სწორედ ერთ-ერთი მიზეზი როგორც ცნების პოპულარობისა, ისე მისი ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრის პრობლემებისა. ერთი რამ კი უნდა აღინიშნოს: მიუხედავად იმისა, რომ სეკულარიზაციის ცნება ყოველთვის პოლიტიკურადაა დატვირთული და, შეიძლება ითქვას, მოტივირებულიც კი, ვერ ვიტყვით, რომ სეკულარიზაციის თეზისს მხოლოდ ისინი გვთავაზობენ, ვინც რელიგიის როლს ნეგატიურად აფასებს, ხოლო ისინი, ვისაც რელიგიისა და ეკლესიის დაცვა სურს, სეკულარიზაციის თეზისს უარყოფენ. არსებობს შემთხვევები, როდესაც სწორედ რწმენის ნიადაგზე წარმოშობილი კონცეფციების შიგნით ხდება სეკულარიზაციის თეორიის განვითარება - იქნება ეს თეოლოგიის ფარგლებში (ზემოთ დასახელებული გოგარტენი), თუ სოციოლოგიისა (დევიდ მარტინი, პიტერ ბერგერი ).
სეკულარიზაციის ცნების ყველაზე მნიშვნელოვანი მნიშვნელობების გამოყოფას თუ მოვინდომებთ, ესენი იქნება: ა) დიფერენციაცია - პროცესი, რომლის შედეგადაც რელიგია კარგავს გავლენას სხვა საზოგადოებრივ სფეროებზე (პოლიტიკა, ხელოვნება, მეცნიერება, სამართალი); ბ) პრივატიზაცია - როდესაც ამ დიფერენციაციის შედეგად რელიგია ადამიანის პირად საქმედ იქცევა და არა - კოლექტიური ცხოვრების აუცილებელ პირობად; გ) რელიგიის მნიშვნელობის დაკნინება - ეს უკანასკნელი წინა ორი პროცესის ლოგიკურ შედეგად წარმოჩინდება ხოლმე თანამედროვე საზოგადოებაში.
არაა აუცილებელი, სეკულარიზაციის ამ სამი მნიშვნელობიდან სამივე შევინარჩუნოთ. დღევანდელ დღეს, მაგალითად, უმრავლესობა სოციალურ მეცნიერებაში მოღვაწე მკვლევარებისა მიიჩნევს, რომ რელიგიის მნიშვნელობის დაკნინებას სულაც არ აქვს ადგილი - და ამ დროს ხდება მითითება ისლამის როლზე ირანში, პროტესტანტული ფუნდამენტალიზმის როლზე აშშ-ში, კათოლიციზმზე ირლანდიაში, ინდუიზმზე ინდოეთში და ა. შ. მაგრამ ის, რომ რელიგიის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაშიც დიდია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ არ მომხდარა - იმ ქვეყნებში, სადაც მოდერნიზაცია განხორციელდა - ა) სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროების დიფერენციაცია და ბ) რელიგიის პრივატიზაცია.
თუმცაღა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კონცეპციებიც, რომლებიც ცდილობენ, სეკულარიზაციის მესამე მნიშვნელობაც შეინარჩუნონ. უკანასკნელი ასეთი თეორია, რომელიც, ამასთან, აქამდე არსებულ ყველაზე დიდ ემპირიულ (ძირითადად რაოდენობრივ კვლევებზე დაფუძნებულ) მასალას აჯამებს, არის რონალდ ინგლჰარტისა და მისი თანამშრომლების მიერ შემუშავებული სეკულარიზაციის კონცეპცია. მასზე ცალკე ღირს საუბარი, რადგან როგორც წინამდებარე კრებულში, ასევე სხვა ქართულენოვან პუბლიკაციებშიც არის ნაცადი მისი მიყენების მცდელობა ქართული კონტექსტისათვის.
ინგლჰარტი ღირებულებათა სისტემების ანალიზს ცდილობს. ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ღირებულებათა სისტემებს შორის განსხვავებისა არის ტრადიციულსა და სეკულარულრაციონალურ ღირებულებებს შორის გავლებული მიჯნა. ეს მიჯნა ჰყოფს საზოგადოებებს, სადაც რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია მათგან, სადაც ეს ასე არაა. სხვა ორიენტაციათა ფართო სპექტრია დაკავშირებული ამ განსხვავებასთან. ტრადიციულ საზოგადოებებში მნიშვნელოვანია ავტორიტეტის პატივისცემა, აბსოლუტური ნორმები და ტრადიციული ოჯახური ღირებულებები. საზოგადოებები, სადაც სეკულარულ-რაციონალური ღირებულებებია დომინანტური, ყველა ამ პუნქტში საპირისპირო პრეფერენციებს ავლენენ.
ინგლჰარტის მიხედვით, არსებობს მეორე მნიშვნელოვანი განზომილებაც - ესაა გადარჩენისა და თვით-გამოხატვის ღირებულებათა სისტემებს შორის განსხვავება. მაგრამ რელიგიის ანალიზისათვის ის მეორადი მნიშვნელობისაა. ჩვენი კონტექსტისათვის უფრო საინტერესოა შემდეგი ფაქტი: ღირებულებათა მსოფლიო რუკაზე, რომელზეც 80-ზე მეტი ქვეყანაა დატანილი იმისდა მიხედვით, თუ რომელ ღირებულებათა სისტემას აქვს დომინანტური ადგილი თითოეულ მათგანში, საქართველო ზუსტად შუაშია ტრადიციულსა და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებათა ღერძზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით და ბოლომდე არც ერთ სისტემას მივეკუთვნებით, და არც - მეორეს. სახეზეა გარკვეულწილად ჰიბრიდული ღირებულებათა სისტემა, რომლის ასახსნელადაც საჭიროა არა მხოლოდ უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე ქვეყანაში გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გახსენება (რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებულ ღირებულებებზე), არამედ იმ ფაქტისაც, რომ საბჭოთა კავშირის შიგნით განხორციელებული მოდერნიზაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მოდერნიზაციის დასავლური მოდელისაგან (რასაც, როგორც ჩანს, მოჰყვა რიგი ტრადიციული ტიპის საზოგადოებრივი სტრუქტურებისა და ღირებულებების შენარჩუნება საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში).
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ სეკულარიზაციის თეორიას. ანალიზის ეს მოდელი ეფუძნება დაშვებას, რომლის მიხედვითაც მოცემული საზოგადოების სეკულარიზაციის დონე განისაზღვრება მის წევრთა რაოდენობით, რომლებსაც სწამთ რელიგიური დოგმებისა და რომლებიც მონაწილეობენ რელიგიურ პრაქტიკებში. მაგრამ სწორედ ეს დაშვებაა, რომელმაც ბევრი თანამედროვე სოციოლოგი სეკულარიზაციის თეორიის მთლიან უარყოფამდე მიიყვანა. ისეთი მკვლევარები, როგორებიცაა როდნი სტარკი და უილიამ ბეინბრიჯი სეკულარიზაციას მეცნიერულად მითად განიხილავენ. საქმე ისაა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მორწმუნეთა რაოდენობა სულაც არ კლებულობს. ხოლო თქვა საზოგადოებაზე, რომ ის სეკულარიზებულია მაშინ, როდესაც მისი წევრების უმრავლესობას ღმერთის სწამს - აბსურდია. მეტიც, ეს მკვლევარები ეჭვის ქვეშ აყენებენ რწმენის ეპოქის პროექციას შუა საუკუნეებში. თუ დღევანდელ ევროპაში საეკლესიო რიტუალებზე დასწრების პროცენტები მაღალი არ არის (რაც იქცა რიგი სოციოლოგებისათვის სეკულარიზაციის თეზისის დამადასტურებელ მთავარ ემპირიულ მასალად), ეს პროცენტები არც არასოდეს ყოფილა მაღალი - წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შუა საუკუნეებში საზოგადოების ყველა წევრი რელიგიური ვნებებით იყო გამსჭვალული, ისეთივე მითია, როგორიც სეკულარიზაცია.
მიუხედევად იმისა, რომ ამ წარმოდგენამ უკანასკნელ ათწლეულებში საკმაო გავრცელება მოიპოვა, ის სულაც არაა საბოლოო განაჩენი საკითხის შესახებ. ზემოთ უკვე იყო საუბარი იმაზე, რომ ტერმინ „სეკულარიზაციას“ რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა კი მიუთითებს რელიგიის როლის შეცვლაზე საზოგადოების შიგნით. ეს ბევრად უფრო საინტერესო და პერსპექტიული მიდგომაა, რომლის მრავალი ვერსიაც არსებობს. ისინი ჩვენს ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ რელიგიამ ნამდვილად დაკარგა რაღაც - ესაა საზოგადოების პოლიტიკური ფორმის სტრუქტურირების შესაძლებლობა. თუ ტრადიციულ საზოგადოებაში რელიგია განსაზღვრავს სოციალური კავშირის ეკონომიას, თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიას უხდება იარსებოს წესრიგის შიგნით, რომელიც მის მიერ აღარაა დეტერმინირებული. განმსაზღვრელი ფუნქციის დაკარგვა არ ნიშნავს იმას, რომ რელიგიებს ამ საზოგადოებრივ წესრიგზე გავლენა აღარ აქვთ - უბრალოდ ეს გავლენა ბევრად უფრო გაშუალებულია. მაგალითისათვის: თანამედროვე სეკულარული დემოკრატიული საზოგადოება, გარკვეული აზრით, ქრისტიანობის შიგნით სეკულარულისა და საკრალურის გამიჯვნის შედეგია
თანამედროვე გამოკვლევები მხოლოდ იმას კი არ გვაჩვენებს, რომ ეკლესიის როლი ევროპაში იკლებს, არამედ იმასაც, რომ რწმენის საზრისი იცვლება ან უკვე შეიცვალა. სახეზეა პლურალიზმი, მაგრამ ეს პლურალიზმი არაა უბრალოდ შეგუება იმ ფაქტთან, რომ სხვა ადამიანები სხვაგვრად ფიქრობენ. არა, ესაა თავად იმ ფაქტის ინტეგრაცია, რომ არსებობს სხვაგვარად მოაზროვნეები, თავად რწმენის აქტში. პლურალიზმი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს როგორც მოცემულობა, ერთია; მაგრამ პლურალიზმი, როდესაც ის თავად რწმენის ნაწილია, სულ სხვაა. ესაა განსხვავება ტოლერანტობას, შემწყნარებლობას - როგორც პოლიტიკურ პრინციპს შორის, ერთი მხრივ, და პლურალიზმს, როგორც ინტელექტუალურ პრინციპს შორის, მეორე მხრივ. ადგილი აქვს რწმენის „რელატივიზაციას“ ანუ დემოკრატიის შეღწევას რწმენაში. ამის საბოლოო შედეგია რელიგიური რწმენის ტრანსფორმაცია იდენტობაში. მორწმუნე თანამედროვე საზოგადოებაში, თანამედროვე სოციოლოგებს თუ დავუჯერებთ, აღარ ირჩევს რელიგიას მისი საყოველთაო ჭეშმარიტების გამო, არამედ იმისთვის, რომ განსაზღვროს საკუთარი თავი, საკუთარი სუბიექტურობა. ახალი ტიპის მორწმუნე არ ცდილობს, სხვები მოაქციოს საკუთარ რწმენაზე. მეტიც, ის არც ამტკიცებს საკუთარი რელიგიის უპირატესობას, მაგრამ ვერც იმას იტანს, თუ მისი რელიგიის წინააღმდეგ კამათობენ.
თუ ამ მსჯელობას დავეფუძნებით, მაშინ შეიძლება უფრო ადვილად გავარკვიოთ, თუ რა რისი გამომწვევია: „სუბიექტური სეკულარიზაცია“ (ანუ მორწმუნეთა და რელიგიის მიმდევართა რიცხვის შემცირება) იწვევს „ობიექტურ“ სეკულარიზაცია (ანუ რელიგიის უკანდახევას საჯარო სფეროდან) თუ პირიქით? ინგლჰარტის კონცეპცია პირველ პასუხს ირჩევს, მაგრამ უფრო დახვეწილი და კომპლექსური თეორია უდაოდ მეორე პასუხისაკენ გადაიხრება. სტრუქტურული ფაქტორი არის განმსაზღვრელი. ის შეიძლება იყოს გამომწვევი სუბიექტური რელიგიურობის უკუსვლისა, მაგრამ ეს არაა აუცილებელი. როგორც ზემოთ აღინიშნა, სრულიად შესაძლებელია სიტუაცია, სადაც სტრუქტურული ცვლილება საზოგადოებაში (ანუ ფუნქციონალური დიფერენციაცია საზოგადოების სხვადასხვა სფეროებს შორის) განხორციელდა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია მორწმუნეების რიცხვის კლება. განსხვავება ისაა, რომ მორწმუნეს ტრადიციულ საზოგადოებაში სხვაგვარი რწმენა ჰქონდა; ის სხვა სამყაროში (ამ სიტყვის ჰაიდეგერიანული აზრით) ცხოვრობდა. ამიტომ რელიგიურობის რაოდენობრივი მონაცემების ანალიზი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამ თვისობრივ განსხვავებას ძველსა და ახალ, ტრადიციულსა და მოდერნულ წესრიგებს შორის.
დესეკულარიზაცია ამ შემთხვევაში იქნება არა მორწმუნეთა რიცხვის ზრდა კონკრეტულ საზოგადოებაში, არამედ მცდელობა, მოხდეს თანამედროვე დემოკრატიული წესრიგის დარღვევა რელიგიის, როგორც საზოგადოების პოლიტიკური ფორმის მასტრუქტურირებელი ფაქტორის, შემოტანით. თავად რელიგია, როგორც ერთი სფერო საზოგადოებრივი ცხოვრებისა, დემოკრატიას არათუ არ უშლის ხელს, არამედ ხშირად ეხმარება კიდეც მას საკუთარი ნორმატიული წარმოდგენებით, რომლებიც იქცევა საზოგადოების ღირებულებების წყაროდ.
დაბოლოს, როგორია საქართველოს შემთხვევის სპეციფიკა სეკულარიზაციისა და დესეკულარიზაციის პროცესების კონტექსტში? ამის დასადგენად საჭიროა შედარება. თუ ძალიან უტრირებულად ვიტყვით, ტრადიციულად ისლამში რელიგიური პრინციპი დომინირებდა პოლიტიკურზე, დასავლურ ქრისტიანობაში რელიგიური და პოლიტიკური პრინციპები ერთმანეთისგან გაყოფილი იყო (რამაც მიგვიყვანა თანამედროვე სეკულარული საზოგადოების ფორმასთან), ხოლო აღმოსავლურ ქრისტიანობაში პოლიტიკური პრინციპი დომინირებს რელიგიურზე (ბიზანტიაში ღმერთი იმპერატორის უმცროსი პარტნიორიაო, აღნიშნავს ერთი კომენტატორი). თუ ამ მარტივ სქემას დავეყრდნობით, დღეს საქართველოში სახეზეა განვითარების სწორედ დასავლური მოდელის ჩანასახი. განსხვავებით რუსეთისაგან, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთს ისევ შეერწყა, დღევანდელ საქართველოშიც სახეზეა თითქმის სრული გადაფარვა, ოღონდ ეკლესიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. ის გავლენა, რომელსაც ეკლესია სახელმწიფო პოლიტიკაზე ახდენს, სწორედ ამ ნიადაგიდან ამოიზრდება და არა - პირიქით (განსხვავებული მოდელის მაგალითად ისევ რუსეთის მოყვანა შეიძლება, სადაც ეკლესია არის სახელმწიფოს კიდევ ერთი ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად). შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ დღეს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ინტერესების თანხვედრისა და განსხვავების აღმოჩენა და მათ შორის „თანაცხოვრების“ მოდუსის დადგენაა. დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლის მთავარი ნიშანიც პლურალობაა, სამოქალაქო საზოგადოება ვერ დაემთხვევა ერთ მრევლს; მაგრამ თავად სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და სოლიდარობის იდეალებით საზრდოობს, რომელთა წყაროც - ზოგჯერ უშუალოდ, ზოგჯერ გაშუალებულად - რელიგიაში უნდა ვეძიოთ.
![]() |
5 REX ET RECTUM |
▲back to top |
![]() |
5.1 ქრისტიანული სოციალური მოძღვრების გავლენა საბაზრო ეკონომიკაზე |
▲back to top |
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული რწმენა პოლიტიკურ კრედოს არ წარმოადგენს, იგი მაინც ისწრაფვის იმისაკენ, რომ ეკონომიკისა და საზოგადოების, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ურთიერთობების წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდეს. სახარებაში და ადამიანის ქრისტიანულ ხატში იგი ხედავს საწყისთა მთელ რიგს ისეთი სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების ფორმირებისათვის, რომლებიც მშვიდობის, თავისუფლების, სოციალური სამართლიანობისა და პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის გარანტი გახდება და ადამიანს მისი უნარებისა და ნიჭის განვითარებისა და სრულყოფის საშუალებას მისცემს. კათოლიკურ ეკლესიაში მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ამ საწყისების სისტემატიზება სოციალურ მოძღვრებაში ხდებოდა, რამაც თავისი ასახვა პოვა პაპების სოციალურ ენციკლიკებში, ვატიკანის მე-2 კრების პასტორალურ კონსტიტუციაში („GAUDIUM ET SPES“), ეპისკოპოსთა რეგიონულ და ნაციონალურ კონფერენციათა წერილებსა და მრავალრიცხოვან სახელმძღვანელო საშუალებებში.
მანფრედ სპიკერი
ეკონომიკა
ეკონომიკასაც, თუკი იგი ზნეობრივი თვალსაზრისით გამართლებული უნდა იქნეს, ადამიანის ქრისტიანული ხატიდან გამომდინარე, ქრისტიანული ორიენტაცია სჭირდება. ადამიანი „მთელი ეკონომიკის მიზეზი, ცენტრი და მიზანია“. ეკონომიკის დანიშნულება ადამიანის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო საქონლისა და მომსახურების წარმოებაა. მისი მიზანი არამარტო ნედლეულის, ენერგიის, კაპიტალის, სამუშაო ძალისა და ახალი ტექნოლოგიების შეზღუდულ რესურსთა შეძლებისდაგვარად ოპტიმალური გამოყენებაა, არამედ პიროვნების ღირსეული განვითარებისთვის მატერიალური წანამძღვრების უზრუნველყოფაც. ამგვარად, ეკონომიკა მარტო რენტაბელობის კანონებით მართული მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთმიმართება კი არა, არამედ კულტურის მონაპოვარიცაა. მოგება და მოხმარება თვითკმარი მიზანი არაა და არც მათი ზრდაა მოთხოვნისა და მიწოდების საბოლოო მიზანი. ეკონომიკა „ადამიანური ცხოვრების ღირებულებათა ყველა სფეროს“ ემსახურება. მისი მიზანი ინტეგრალური ჰუმანიზმის განვითარებაა.
სოციალური საბაზრო ეკონომიკის წარმმართველები
ქრისტიანული სოციალური მოძღვრების ანთროპოცენტრული ორიენტაციიდან და განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და შრომის მისეული გაგებიდან, ეკონომიკური წესრიგის შემდეგი წარმმართველები გამომდინარეობენ:
1. თავისუფლება
ეკონომიკა ადამიანის პიროვნული თავისუფლების გათვალისწინებით უნდა აიგოს. თავისუფალი ეკონომიკური წესრიგი კი ისეთ მართლწესრიგს მოითხოვს, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმეთა თავისუფალ ინიციატივას, სწავლისა და მუშაობის ადგილის, პროფესიის, საქმიანი პარტნიორის, საკუთრების, კონკურენციის, კავშირების შექმნისა და სატარიფო განაკვეთების შესახებ მოლაპარაკების არჩევანის თავისუფლებას, რაც ამავდროულად ამ თავისუფლების ბოროტად გამოყენებისგან დაცვას ან, მინიმუმ, მისი შეზღუდვის ინსტრუმენტებს ითვალისწინებს. ეკონომიკა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანური საქმიანობა, სახელმწიფოს მიერ შექმნილ სფეროს არ წარმოადგენს, პირიქით, იგი ცალკეული ადამიანებისა და თავისუფლად ჩამოყალიბებული ჯგუფების თავისუფალი ინიციტივის ცოცხალი პროცესია. თუკი სახელმწიფო ეკონომიკაში ერევა, იგი ამას მხოლოდ ეკონომიკური პროცესის მონაწილეთა თავისუფლებისა და საერთო კეთილდღეობისთვის უნდა აკეთებდეს.
2. საკუთრება
წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრება თავისუფლების უზრუნველყოფის ფუძემდებლურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ქრისტიანული სოციალური მოძღვრება ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ კერძო საკუთრების უფლება წარმოადგენს ძირითად უფლებას, რომელიც „ნებისმიერ დროში“ მოქმედია, ის ფიგურირებს ათი მცნების მეშვიდე და მეათე მცნებებში და თვით საგანთა ბუნების საფუძველში ძევს. კერძო საკუთრება ხელს უწყობს „ცალკეული ადამიანისა და მისი ოჯახის პირადი ცხოვრების ქმნადობისათვის აუცილებლად საჭირო სივრცის“ არსებობას; „ის სტიმულს აძლევს ამოცანებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას“ და ამიტომაც „სამოქალაქო თავისუფლების წანამძღვრებს“ განეკუთვნება. წარმოშობის მომენტიდან მოყოლებული, კერძო საკუთრება პირველ ყოვლისა ადამიანის შრომის ნაყოფად, მისი ფიზიკური და სულიერი საქმიანობის პროდუქტად ითვლებოდა. კაპიტალი, რომელიც ხშირად შრომის საპირისპირო პოლუსადაა გაგებული ქრისტიანული სოციალური მოძღვრების მიერ, აგრეთვე შრომასთან შინაგან კავშირში განიხილება, რადგანაც ის, როგორც წარმოების აუცილებელი ელემენტი, ამავდროულად თაობათა შრომის ნაყოფს წარმოადგენს. კერძო საკუთრების უფლებაზე აქცენტირება ცალმხრივი და ქრისტიანული სოციალური მოძღვრებისთვის შეუსაბამო იქნება, თუკი მიწიერი სიკეთეების საზოგადოებრივ დანიშნულებაზე მითითებით არ შევავსებთ მას. „მიწაზე და მიწის წიაღში არსებული სიკეთეები ღმერთმა ყველა ადამიანისა და ხალხის სარგებლობისათვის შექმნა. ამიტომაც, სამართლიანობიდან გამომდინარე, ეს ქმნილი სიკეთეები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“.
3. მეწარმე
მეწარმე, როგორც ეკონომიკის მოქმედი პირი, რომელიც ისე აერთიანებს კაპიტალსა და შრომას, ტექნიკურ და კომერციულ ცოდნას, რომ დაკმაყოფილებულ იქნეს მოთხოვნილება საქონელსა და მომსახურებაზე, ქრისტიანულ სოციალურ მოძღვრებაში აუცილებელ პროფესიულ ფენას განეკუთვნება, თუმცაღა ენციკლიკებში იშვიათად იხსენიება. ქრისტიანული სოციალური მოძღვრება ეკონომიკაში თავისუფალი მეწარმეობისა და მენეჯმენტის განმტკიცებას, მეწარმეობის ეთოსის ჩამოყალიბებას ესწრაფვის. მეწარმისაგან ელიან მრავალმხრივი გონებრივი უნარების ფლობას, ძლიერ ხასიათს, ფანტაზიას, სოციალურ შეგნებას, ინვესტიციებისა და კოოპერაციისათვის მზადყოფნას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მეწარმისათვის აუცილებელ თვისებებს წარმოადგენს „შრომისმოყვარეობა, სიფრთხილე სავარაუდოდ სარისკო სიტუაციებში, ადამიანთაშორის ურთიერთობებში სანდოობა და ერთგულება, სიმტკიცე, რომელიც საჭიროა საწარმოსათვის რთული და მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების რეალიზაციისას“. მეწარმე არამარტო წარმოების მოცულობის ზრდასა და ინვესტირებული კაპიტალის რენტაბელობაზე უნდა ზრუნავდეს, არამედ ადამიანის ღირსების შესაბამის სტრუქტურასა და ატმოსფეროზეც და მისი საწარმოს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტზეც. მეორე მხრივ, ქრისტიანული სოციალური მოძღვრება თავისუფალი მეწარმეობისთვის შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემოს შექმნას ესწრაფვის. იგი სახელმწიფოს ამ პირობების შექმნისა და დაცვისაკენ მოუწოდებს, რათა მეწარმეს ზნეობრივი წესრიგის ფარგლებში განვითარების საშუალება ჰქონდეს.
4. მართვაში მონაწილეობის უფლება
მართვაში მუშების მონაწილეობის უფლება ქრისტიანული სოციალური მოძღვრების ანთროპოცენტრული ორიენტაციიდან გამომდინარეობს. თუ ადამიანი წარმოადგენს ეკონომიკის მიზეზს, ცენტრსა და მიზანს, თუ შრომა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების წარმოება კი არა, არამედ პიროვნების განვითარების საშუალებაცაა, მაშინ ყოველ მუშაკს უნდა ჰქონდეს საკუთარი საქმიანობის განსაზღვრაში მონაწილეობის საშუალება. იგი უნდა იყოს შრომის პროცესისა და სოციალური წესრიგის ორგანიზაციის მონაწილე. თავისი საქმიანობისას ის თავს არა მხოლოდ ხელმძღვანელის ან მანქანების მიერ მართულ ობიექტად უნდა აღიქვამდეს, არამედ - სუბიექტადაც. ამიტომაც მუშებს წილი უნდა ჰქონდეთ არამარტო საკუთარი შრომის ნაყოფში, არამედ იმ ეკონომიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღებაშიც, რომლებიც მნიშვნელოვანია მათთვის და მათი შთამომავლობის ბედისათვის.
პროფკავშირები, როგორც წესი, მუშების ინსტრუმენტია, რომელთა მეშვეობითაც ისინი ახდენენ საკუთარი ხმის უფლების რეალიზებას უპირველეს ყოვლისა სატარიფო განაკვეთების შესახებ მოლაპარაკების დროს. პროფკავშირების ამოცანაა „მუშაკთა არსებითი ინტერესების დაცვა ყველა სფეროში, სადაც მათ უფლებებს ეხებიან“. ამ ამოცანის სათანადოდ განხორციელებას შესაბამისი განათლების მქონე, გამოცდილი გონიერი და საერთო კეთილდღეობაზე ორიენტირებული პროფკავშირული ფუნქციონერები სჭირდება. მაგრამ პროფკავშირებმა მუშები კლასობრივი ბრძოლისკენ კი არა, სოციალური პარტნიორობისკენ უნდა წაიყვანონ. ამავდროულად ქრისტიანული სოციალური მოძღვრება აღიარებს გაფიცვის, როგორც ინტერესების დაცვის ultima ratio ლეგიტიმურობას.
5. კონკურენცია
სახელმწიფოს ჩარევის ნებისმიერი ფორმის წინაშე კერძო კონკურენციის უპირატესობიდან გამომდინარე, ქრისტიანულ სოციალურ მოძღვრებაში საბაზრო კონკურენცია საბაზრო წესრიგის მნიშვნელოვან და შეუცვლელ ინსტრუმენტად ითვლება. მისი პოზიტიური გავლენა განვითარების ხელშეწყობასა და ადამიანთა ძალისხმევის დაფასებაში მდგომარეობს, ხოლო მისი შესუსტების ან არარსებობის ნეგატიური შედეგი, როგორც წესი, არასაკმარისი მატერიალური უზრუნველყოფა, აგრეთვე დემოკრატიულ თავისუფლებათა ლიკვიდაციაა. „იქ, სადაც არ არსებობს ცალკეულ ადამიანთა კერძო ინიციატივა, პოლიტიკურად ბატონობს ტირანია; იქ განუვითარებელი რჩება ცალკეული ეკონომიკური სფეროები; იქ ათასობით სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ნაკლებობაა, ისეთებისა, რომლებზედაც სხეული და სულია დამოკიდებული“.
კონკურენციის ჩარჩოპირობების განსაზღვრისას კანონმდებელი ვალდებულია ადმინისტრაციული ან საგადასახადო სამართლის მეშვეობით ზრუნავდეს არამარტო ბაზრის გამჭვირვალობის შენარჩუნებაზე, მონოპოლიების ჩამოყალიბების თავიდან აცილებაზე და ნამდვილი კონკურენციის ხელშეწყობაზე, არამედ იმაზეც, რომ კონკურენცია ძირითადი ეთიკური ღირებულებების წარმატება, პირველ ყოვლისა დამოკიდებულია არა კანონმდებელზე, არამედ ინდივიდუუმებისა და საზოგადოებრივ გაერთიანებათა, მათ შორის საწარმოთა მიერ საკუთარ თავზე ინიციატივის აღებისათვის მზადყოფნასა და შედეგების მიღწევის უნარზე. სახელმწიფო ადამიანის და ადამიანთა გაერთიანებების სუბსიდიაა და არა სუბსტიტუტი.
6. სრული დასაქმება
სრული დასაქმება ჰუმანური საზოგადოების პირობაა, რადგანაც შრომა წარმოადგენს არამარტო გარდაუვალ ბოროტებას საზრდოს მოსაპოვებლად, არამედ პიროვნული განვითარების საშუალებას და საყოველთაო კეთილდღეობის წანამძღვარსაც. იძულებითი უმუშევრობა მძიმე ტვირთია. უმუშევართათვის ეს ნიშნავს შემოსავლის დაკარგვას, სოციალური კონტაქტების შეწყვეტას, დროთა განმავლობაში კი კოოპერაციული და კომუნიკაციური უნარების, აგრეთვე საკუთარი ძალების რწმენის კლებას. საზოგადოებისათვის უმუშევრობა ნიშნავს არამარტო სოციალური პროდუქტის შემცირებას, არამედ სოციალური ტვირთის მატებას და სოციალური კონფლიქტების გამწვავებასაც. სრული დასაქმების უზრუნველყოფის ან უმუშევრობის ლიკვიდაციის საშუალებები, უმუშევრობის გამომწვევი მრავალი მიზეზის შესაბამისად, მრავალგვარი უნდა იყოს. ამ სფეროში საჭიროა სახელმწიფოსა და სატარიფო საკითხებში პარტნიორთა ძალისხმევა. ჰუმანური და ეფექტური ეკონომიკური წესრიგისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა შრომისუნარიანობა და შრომისათვის მზადყოფნა, აგრეთვე სოლიდარობის გრძნობის ქონა. ამ სფეროში სოციალური სახელმწიფოს ორგანიზაციის სისტემასთან ერთად მნიშვნელოვანია აღზრდისა და განათლების განვითარებული სისტემის არსებობა.
7. სოციალური სახელმწიფოს ფუნქციური სისტემის საჭიროება და საზღვრები
თუ სახელმწიფო პასუხისმგებელია საყოველთაო კეთილდღეობაზე, მაშინ ის ღამის გუშაგის როლით არ უნდა შემოიფარგლოს. სოციალური ფუნქციების მეშვეობით იგი ხელს უნდა უწყობდეს საკუთარი მოქალაქეების ინდივიდუალური ცხოვრების განვითარებას. ქრისტიანულ სოციალურ მოძღვრებას სახელმწიფო ყოველთვის სოციალურ სახელმწიფოდ წარმოედგინა. სავალდებულო დაზღვევის ან სხვა შესაფერისი საშუალებებით სახელმწიფომ უნდა შექმნას გარანტიები, რათა შემოსავლის დაკარგვამ, რაც შეიძლება ავადმყოფობით, ინვალიდობით, უმუშევრობით ან ასაკით იყოს გამოწვეული, მშრომელი და მისი ოჯახი სიღატაკეში არ ჩააგდოს; იგი უნდა ეხმარებოდეს იმ ოჯახებს, რომლებსაც ბავშვების დაბადების გამო დამატებითი ხარჯები აქვთ; მან უნდა უზრუნველყოს სასიცოცხლო მინიმუმი მათთვის, ვინც ამას საჭიროებს; მან უნდა შეარბილოს მეტისმეტად დიდი სოციალური უთანასწორობა და უზრუნველყოს შრომისა და სამუშაო ადგილის ღირსეული გაფორმება. სოციალური სახელმწიფოს შრომის სისტემა პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული სახელმწიფოს სოციალურ სტაბილურობასთან. თავისი მიღწევების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები სოციალურმა სახელმწიფომ ჯერ უნდა გამოიმუშაოს. ამ სახსრების გამომუშავებას ხელი რომ არ შეეშალოს, სოციალურმა სახელმწიფომ მიზნების, მოცულობებისა და დაფინანსების თვალსაზრისით თავისი მიღწევები ისე უნდა გააფორმოს, რომ მეწარმეთა და გადასახადის გადამხდელთა კერძო ინიციატივა არ შეზღუდოს, ანუ ბაზართან თანაარსებობა შეძლოს. და ბოლოს, მან თავისი საქმიანობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმით უნდა შემოზღუდოს, რათა იგი განჭვრეტადი იყოს როგორც მათთვის, ვისაც ტვირთად აწვება, ასევე იმათთვისაც, ვისაც ეხმარება.
8. განვითარებისა და ტექნიკის აუცილებლობა და საზღვრები
ქრისტიანულ სოციალურ მოძღვრებაში ეკონომიკური განვითარება და ტექნიკა, როგორც საერთო კეთილდღეობის საშუალება და ფიზიკური და კულტურული ცხოვრების გაუმჯობესების ინსტრუმენტი, ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. ცივილიზაციის მიმართ სკეფსისსა და ტექნიკისადმი მტრულ დამოკიდებულებას ქრისტიანული სოციალური მოძღვრება მხარს არ უჭერს. განვითარებისა და ტექნიკის დადებითი შეფასების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბიბლიაში ღმერთის მიერ ადამიანისთვის მიცემული დავალება, რომ დაუფლებოდა დედამიწას. ამგვარად ყოველ ადამიანს აქვს ბუნებრივი რესურსებითა და ენერგიით სარგებლობის უფლება და მოვალეობა, რათა დაეუფლოს სამყაროს და განავითაროს თავისი ცხოვრება. მაგრამ ბიბლიური შესაქმედან იმავდროულად მომდინარეობს კიდევ ერთი დავალება, კერძოდ ის, რომ ადამიანი გაუფრთხილდეს დედამიწას და ისე მოეპყროს მას, როგორც მემკვიდრეობას, რომელიც მომავალ თაობებს უნდა გადასცეს.
ტექნიკა წარმოადგენს არა დამოუკიდებელ მიზანს, არამედ მსოფლიოს ჰუმანიზაციის, ადამიანის ცხოვრების განვითარების საშუალებას. თუკი ტექნიკა დამოუკიდებელ მიზნად ან უბრალოდ მოგების გაზრდის საშუალებად იქცევა, მაშინ ის უკვე ადამიანის მოკავშირე კი არა, მოწინააღმდეგე გახდება. შესაბამისად, ადამიანი ტექნიკის ბატონიდან მის მონად გადაიქცევა.
9. მესამე სამყაროს ქვეყნები და განვითარებაში დახმარება
ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ერთიანობას, რომელზე ზრუნვაც ეკლესიის ერთ-ერთი ამოცანაა. მესამე სამყაროს ქვეყნებს მარტო იმიტომ კი არ უნდა დავეხმაროთ, რომ ამას მოყვასის სიყვარული მოითხოვს, არამედ იმის გამოც, რომ ეს საჭიროა საერთაშორისო სამართლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ენციკლიკისათვის „Populorum Progressio“ განვითარება მშვიდობის ახალ სახელს წარმოადგენს. ქრისტიანული სოციალური მოძღვრება ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მესამე სამყაროს ქვეყნების განვითარება მარტო ინდუსტრიულად განვითარებული ამ საქმეში მთავარი პასუხისმგებლობა თავად განვითარებად ქვეყნებს ეკისრებათ, საკუთარი ეკონომიკური პროგრესისა და სოციალური აღმავლობისათვის ძირითადი სამუშაო მათ თავად უნდა შეასრულონ. ამგვარად, მესამე სამყაროს ქვეყნების განვითარების საკითხისთვის მნიშვნელოვანია არამარტო სოლიდარობის, არამედ სუბსიდიურობის პრინციპიც. აუცილებელია აგრეთვე განვითარებადი ქვეყნების კულტურული თავისებურებების გათვალისწინება, რათა მათ თავს არ მოახვიონ უცხო ცხოვრების სტილი, მაგალითად, შობადობის რეგულირების საკითხში.
განვითარებად ქვეყნებში არის არამარტო კვების პროდუქტების, არამედ საზოგადოებაში განათლებისა და სამეწარმეო სულისკვეთების განვითარების, ინსტიტუტების ისეთი რეფორმირების საჭიროება, რომელიც გამორიცხავს კორუფციას და ავტორიტარულ რეჟიმს და მათ დემოკრატიული მონაწილეობის
ქრისტიანი და ეკონომიკა
ქრისტიანული სოციალური მოძღვრება აცნობიერებს, რომ ეკონომიკური წესრიგის მიღწევა მხოლოდ წესრიგის პრინციპების მეშვეობით შეუძლებელია. ქრისტიანის მონაწილეობა დამოკიდებულია არამარტო რწმენაზე, არამედ საქმის ცოდნაზე, პროფესიულ კომპეტენტურობაზე. ამიტომაც ქრისტიანმა, განსაკუთრებით კი თემის წევრმა, რომელიც ეკონომიკაშია დასაქმებული, თავისი რწმენა საკუთარი პროფესიული აქტიურობით უნდა დაამოწმოს. იგი მოვალეა თავის პროფესიულ შრომას და თავის საქმიანობას მეწარმეთა და მუშათა კავშირებში, პროფკავშირებში, პოლიტიკასა თუ მეცნიერებაში, რწმენის აღსარების სახე მისცეს და ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც წარმოებას, ვაჭრობას, ტარიფებს ან მართლწესრიგს ეხება, აქცენტი ეკონომიკის ანთროპოცენტრულ ორიენტაციაზე გააკეთოს.
თარგმნა
ზაზა იმერლიშვილმა
![]() |
6 პოლიტიკური ექსპლიკაციები |
▲back to top |
![]() |
6.1 საქართველოს საბჭოთა მემკვიდრეობა |
▲back to top |
იბეჭდება ჯონ ჰოპკინსის უნივრსიტეტის გამომცემლობის ნებართვით
Fairbanks, Charles H. „Georgia's Soviet Legacy“. Journal of Democracy 21:1 (2010), 144-151.
© 2010 National Endowment for Democracy and The Johns Hopkins University Press.
ჩარლზ ფერნბექსი
ბალტიის სამი რესპუბლიკის გარდა, ახალ სახელმწიფოებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ წარმოიშვნენ, სერიოზული სირთულეები ჰქონდათ დემოკრატიის მიღწევის გზაზე. ამ სირთულეების გასაგებად ყველაზე ცხადი, მაგრამ ნაკლებად გამოყენებული მეთოდი, სამოცდაათწლიანი საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობის შესწავლაა. ამ საქმის დასაწყებად საქართველო კარგი მაგალითია, ვინაიდან ის კონსოლიდირებული დემოკრატიის იმედის მომცემ კანდიდატად განიხილებოდა და რადგან (რუსეთისა და სხვა ბევრი რესპუბლიკებისაგან განსხვავებით) იგი თავისუფალია საბჭოთა მმართველობის „განგრძობითობის“ თვალშისაცემი კვალისაგან. ამიტომ საქართველოს მაგალითზე გაკეთებული ანალიზი შესაძლოა ნაადრევი იყოს სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან მიმართებით, მაგრამ ის მაინც რელევანტური იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ მათ შორის არსებულ განსხვავებებს.
ევრაზიის პოსტკომუნისტური ქვეყნები კომუნისტური წარსულისადმი დამოკიდებულებებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. საბჭოთა კავშირის დროინდელი კომუნისტური პარტია აღარ არსებობს და ხანდახან სიტყვა პარტიის გამოყენებასაც კი გაურბიან. ყველა ინსტიტუციური ფორმა დემოკრატიულია: ჰყავთ პრეზიდენტები შეზღუდული უფლებებით, აქვთ პარლამენტები, სასამართლო, კერძო ბიზნესი და, როგორც წესი, კერძო მფლობელობაში არსებული მედია. ჩვეულებრივი ადამიანები საბჭოთა წნეხის შემდგეგ მოპოვებულ თავისუფლების განცდას სხვადასხვაგვარად ავლენენ - მოგზაურობენ საზღვარგარეთ, უარს ამბობენ მანქანაში ღვედების შეკვრაზე, თითქოს მათთვის, უბრალოდ, აუტანელი იყოს ყველანაირი შეზღუდვა. ადამიანები მთავრობას აღიქვამენ როგორც რაღაც უცხოს, თავსმოხვეულსა და ბინძურს.
მთავრობისადმი სიძულვილი და უნდობლობა ჩვეულებრივი მოვლენაა არაკომუნისტურ ავტორიტარულ რეჟიმებსა და დემოკრატიებშიც კი, მაგრამ ეს გრძნობები არსად არ არის ისეთი ძლიერი, როგორც პოსტსაბჭოეთში. მართალია, ამ სიტუაციაზე იშვიათად მსჯელობენ, მაგრამ ფაქტია, რომ არა მხოლოდ პოსტკომუნისტური საზოგადოებები, არამედ პოსტკომუნისტი მმართველებიც განიცდიან საბჭოეთიდან გადმოყოლილ ამ გრძნობას. ღვედების შეკვრისა არ იყოს, რას ვერ იტანს და რას გამოყავს წყობიდან არჩეული პრეზიდენტი? პირველ ყოვლისა კანონის უზენაესობას, ყველა ინსტიტუციური ჩარჩოთი, ბიუროკრატიული რუტინითა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ჩვევებითურთ.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საბჭოთა პოლიტიკის ძირითადი ელემენტები, იდეოლოგიის ჩათვლით, უკვალოდ გაქრა. ახალგაზრდული ორგანიაციების სახელები, „კმარა“ და „დროა“, რომლებიც 2003 წლის ვარდების რევოლუციისას საქართველოში და 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისას უკრაინაში გამოჩნდნენ, იმ იდეალების მიუღებლობას გამოხატავენ, რომლებიც კომუნიზმის შემდგომ პოლიტიკას განსაზღვრავდა ამ ქვეყნებში. საქართველოში მმართველ ნაციონალურ მოძრაობას აქვს რაღაც იდეოლოგიის მსგავსი, რწმენათა სისტემა, რომელიც ტრადიციებისადმი გარკვეული ანტიპათიით, ვესტერნიზაციისადმი ნდობითა და თავისუფალი ბაზრისადმი ნომინალური რწმენით განისაზღვრება, მაგრამ ამ იდეოლოგიური თუ კვაზიიდეოლიური შეხედულებების რეალური მნიშვნელობა ძნელი შესაფასებელია. გაქრა იდეისადმი ან მომავლისადმი შეწირვის საბჭოური რწმენა, გაქრა პარტიული ნების მორჩილებისა და პარტიის ხაზის უცდომელობის წარმოდგენებიც. ამის ნაცვლად პოლიტიკაში ოპორტუნიზმი ჭარბობს, რაც პრინციპების ნაკლებობაზე მიუთითებს. ამ უდიდესი ტრანსფორმაციის დადებითი მხარე ის არის, რომ გაქრა აკრძალვებიც ადამიანების პირადი ცხოვრების თავისუფლებაში.
თითქმის მთელ პოსტკომუნისტურ სივრცეში მთავრობები შეიცვალა საბჭოთა კავშირის შემდეგ, მაგრამ ისინი მაინც ჰგვანან სტალინურ (და შემდეგ საბჭოთა) რეჟიმებს იმით, რომ ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, რომელიც მორჩილი სამთავრობო პარტიის ან პარტიების, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლოს საშუალებით მართავს ქვეყანას (გამონაკლისია უკრაინა და მოლდოვა, სადაც პრეზიდენტებს არ აქვთ საშუალება აკონტროლონ პარლამენტი ან ძლიერი ოპოზიცია). საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა აჯობა ყველა თავის პოსტსაბჭოთა მეზობელს სუსტ და კორუმპირებულ მმართველობაზე იერიშის მიტანით. იგი ძალიან წარმატებული იყო თავისი ხალხისათვის ძლიერი სახელმწიფოს განახლების ან თავიდან აშენებისა და ქვედა დონის ოფიციალური კორუფციის მოსპობის საქმეში. ქართული საზოგადოება და ქართველების პირადი ცხოვრება თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისაგან, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპია რეალურად დამოუკიდებელი არ დარჩეს არცერთი მსხვილი პოტენციური პოლიტიკური ძალაუფლების წყარო (გამონაკლისია მედია დედაქალაქში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და თეატრი). 2007 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე ნაციონალური მოძრაობა პირველად დადგა ძალაუფლების შენარჩუნების სერიოზული გამოწვევის წინაშე. როდესაც ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიმუქრა გაეცა სააკაშვილის საიდუმლოებები, მთავრობის რეაქცია მძაფრი იყო: დააკავეს ერთ დროს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდებისათვის დაადებინეს 7 მილიონი დოლარი, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს და ზოგიერთ შემთხვევაში დაიჭირეს მისი მომხრეები, მისი იძულებითი მონანიების ვიდეოაღსარება, რომელიც ძალიან ჰგავდა საბჭოეთის დროინდელებს, გაავრცელეს მედიასაშუალებებით, იგი აიძულეს ხელი აეღო პოლიტიკაზე და გაქცეულიყო საზღვარგარეთ. როდესაც ამ ქმედებებმა დემონსტრაციები გამოიწვია, რომლებიც უდიდესი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ (რისი გამეორების იმედიც ოპოზიციას ალბათ ჰქონდა კიდეც), მთავრობამ მიუშვა პოლიცია და უხეშად გაუსწორდა შეუიარაღებელ დემონსტრანტებს, დახურა ერთდაერთი დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობდა, ოპოზიციის ნაწილი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და ზოგიერთი მათგანის ქონების კონფისკაციაც მოახდინა.
პირველი რეალური დაძაბულობის შედეგები და ოპოზიციის მთავარი ნაწილის რეპრესირება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მთავრობას არ სურს დათმოს ძალაუფლება. საქართველოს სისუსტემ 2008 წლის რუსეთთან ომში აიძულა თბილისი დათმობებზე წასულიყო დასავლელი პატრონების წინაშე, მაგრამ ხელისუფლების უარი, აღედგინა დამოუკიდებელი ტელევიზიის მაუწყებლობა, მაინც ძალაში ტოვებს ადრეულ შთაბეჭდილებებს. ამასობაში ოპოზიცია ცდილობს გადააყენოს მიხეილ სააკაშვილი ქუჩის აქციებით, ანუ იმ გზით, რასაც ერთ დროს თავად სააკაშვილი მიმართავდა შევარდნაძის წინააღმდეგ. მთავრობის შეცვლის იდეა ნორმალური შეჯიბრით საარჩევნო ყუთებთან ჯერ კიდევ მომავლის ფიქრად რჩება და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მიმავალ გზას გვაშორებს.
გულახდილად რომ ითქვას, არჩევნებისადმი ინტერესის დაკარგვა შეიძლება გამოეწვია 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან (იმ რეგიონებიდან, რომლებსაც ხელისუფლებისადმი ხმის მიცემის ხანგრძლივი ისტორია აქვს) სააკაშვილისთვის მიცემული ძალიან ბევრი ხმა და აქტივობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ამგვარი სქემა გათამაშდა 2003 წლის არჩევნების დროსაც, რაც წინ უძღოდა ვარდების რევოლუციას, როდესაც შევარდნაძის საარჩევნო ბლოკმა ყველაზე ცუდი შედეგი თბილისში აჩვენა და საუკეთესო შედეგები - ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მმართველობის 5 წლის განმავლობაში ნაციონალურმა მოძრაობამ ხელიდან გაუშვა შანსი გამხდარიყო კონსტიტუციაზე დაფუძნებული პარტია. ნაცვალად ამისა მან არჩია თავისუფლად გამოეყენებინა სახელმწიფოს მთელი რესურსი.
2008 წლის იანვრის არჩევნების დაწვრილებითი სტატისტიკური ანალიზი და ეგზიტპოლის შედეგები გვკარნახობს, რომ გარკვეული მანიპულაციების გარეშე პრეზიდენტი ვერ შეძლებდა პირველივე ტურში ხმების 53,4 პროცენტით გამარჯვებას.1 ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილმა ბევრით გაუსწრო მასთან ყველაზე ახლოს მდგომ კონკურენტს და რომ მეორე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა, მაგრამ მეორე ტური არ იქნა დაშვებული. ძალაუფლების დაკარგვის ყოველგვარი რისკის აღმოფხვრამ დემოკრატიის ლეგიტიმურობის შენარჩუნების ყოველგვარ მცდელობაზე უპირატესი ძალა შეიძინა. ამაში ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კომუნისტების „ოპერაციული კოდის“ (ან ტაქტიკური პრინციპების) მაქსიმა, რასაც ნათან ლეითსი „რესურსებზე დაყრდნობას“ უწოდებს.2 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ნაკლებად მანიპულირებული იყო, ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი ანგარიშით მოიგო, რაც ხალხის პოლიტიკურ პასიურობაში გადასვლაზე მიუთითებდა, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სახელისუფლო რესურსების სრულად გამოყენებაზეც.
ოპოზიცია, მედია და სასამართლო
ოპოზიციის თავად არსებობაც კი მოწმობს იმ ავტორიტეტზე, რომლითაც დასავლური ინსტიტუტები სარგებლობენ საქართველოში. ხელისუფლებამ იცის, რომ გარესამყაროსათვის იგი ოპოზიციის მყოლედ უნდა აღიქმებოდეს და ამიტომ რამდენიმე დაპატიმრებით და დარბევით იფარგლება და მკვლელობამდე, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, საქმე არ მიდის. ეს ყოველივე არ გამოდგება ხელისუფლების მუდმივი მცდელობის პრევენციისათვის - დაყოს, დაასუსტოს და აკონტროლოს ოპოზიცია. ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას ორი წყალგამყოფი დაუწესოს: ოპოზიციი არსებობა არასდროს არ უნდა შეიცავდეს რეალური ძალაუფლების მოპოვების საფრთხეს და ძალაუფლება არასდროს გადანაწილდება ნამდვილ ოპოზიციურ ელემენტებზე. მხოლოდ 2007 წლის ნოემბრის კრიზისის შემდეგ ეცადა ხელისუფლება, თუმცა უშედეგოდ, მოეპოვებინა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის კეთილგანწყობა მათთვის მინისტრის პორთფელების შეთავაზებით.
ხელისუფლების უფრო მდგრადი სტრატეგია იყო მორჩილი და სახელმწიფოზე დამოკიდებული „საღი აზრის მქონე“ ოპოზიციის შექმნა, რომელიც მრავალპარტიულობის განცდას შექმნიდა და ამავდროულად შეზღუდავდა პარტიებს შორის აქტუალურ კონკურენციას. ამ მცდელობის აშკარა წარმატება იყო გიორგი თარგამაძის, ტელეიმედის პოლიტიკური გადაცემების დირექტორის, გადაბირება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედი“ დახურა, თარგამაძემ უცებ უკუაგდო დაუმორჩილებელი ოპოზიციონერის პოზა და მისტიკურად დაფინანსებული ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა ჩამოაყალიბა. ამ მოძრაობამ ხელისუფლებას დემოკრატიული ლეგიტიმაცია მისცა, დაქსაქსა ოპოზიცია და ჩაშალა პარლამენტის ბოიკოტირება. რა თქმა უნდა, „ჯიბის ოპოზიცია“ იმ ქვეყნებშიც არსებობს, სადაც პოსტკომუნისტური რეჟიმები არ არის, მაგალითად, სუჰარტოს „ახალი წყობა“ ინდონეზიაში, მაგრამ იქ ეს მაინც იშვიათობაა. „დამჯერი“ ოპოზიციის შექმნა საქართველოში კონსპირაციული კომუნისტური მეთოდებით მოწინავე ჯგუფებში მუშაობის ხანგრძლივმოქმედ გავლენაზე მიუთითებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რამდენიმე გაზეთის გარდა, მედია ნომინალურად კერძო მფლობელების ხელშია და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე მეტად ახერხებს გამოხატოს ოპოზიციური აზრი. მაგალითად, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას საკაბელო ტელევიზია „მაესტრომ“ რამდენჯერმე აჩვენა სატირული ვიდეოკლიპი, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმპერატორ ნერონად იყო წარმოჩენილი.
და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა დროის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, რაღაც საეჭვო მაინც რჩება. საბჭოთა კავშირის ძირითადი მედიაორგანოები „იზვესტია“ და „პრავდა“ ხშირად კომუნისტური ელიტის სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის ბრძოლის ძლევამოსილ იარაღად გამოიყენებოდა და ხშირად აშკარად ან ირიბად ესხმოდა თავს სხვადასხვა ლიდერსა თუ პოლიტიკას. 2007 წლიდან საქართველოს მთავრობამ ყველა სატელევიზიო მაუწყებლობა თბილისს გარეთ „მეგობრულ ხელში“ მოიქცია. რეალურად დამოუკიდებელი მხოლოდ მცირეტირაჟიანი გაზეთებია და ტელევიზიები, რომლებიც თბილისს გარეთ, სატელიტების მეშვეობით, მაუწყებლობენ. ხელისუფლებას სხვადასხვა მანევრის ჩატარება დასჭირდა, რათა ჯერ დაეხურა, შემდეგ კანონიერად მოეხდინა კონფისკაცია და ბოლოს ეკონტროლებინა „იმედი“, ასე რომ, ახლა აღარ არსებობს დამოუკიდებელი მაუწყებლობის ქსელი, რომლის ყურებაც მთელ საქართველოშია შესაძლებელი. ამგვარი მაგალითები გავრცელებულია იმ ქვეყნებშიც, რომლებიც საბჭოთა წარსულს არ იზიარებენ.
საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე ნაკლებად დამოუკიდებელი სექტორი სასამართლოა. საქმეებში, რომლებიც მეტნაკლებად პოლიტიკურია, არ არსებობს ხელისუფლების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. კონსოლიდირებულ დემოკრატიებში სასამართლო ყველაზე ნაკლებ პროგნოზირებადი, პარლამენტის, ელექტორატის, მედიისა და ბიზნესის გავლენებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტია. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი პირიქით, სასამართლო ხერხემლითაა მიბმული პრეზიდენტებზე, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ ცენტრალიზებული ავტოკრატიული კონტროლი დაამყარონ. აღმასრულებელთა გადაჭარბებულ ძალაუფლებას, რა თქმა უნდა, არაკომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებშიც კარგად იცნობენ, მაგრამ იქ სასამართლო აღმასრულებელთა კონტროლი არასოდეს აღწევს ისეთ ხარისხს, როგორც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხდება. საუკუნეების მანძილზე სასამართლოები ცენტრალური ძალაუფლების შემკავებლები იყვნენ. მარქსიზმისთვის კი, მეორე მხრივ, კანონი ინდივიდებსა და პარტიებზე მაღლა მდგომი ძალა კი არ იყო, არამედ - კლასობრივი დომინაციის ნიღაბი. კომუნისტური პარტიის პირველი მდივნებისათვის „სატელეფონო სამართალი“ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
საბჭოთა დროისგან განსხვავებით, ფულის გაკეთებას ან დაკარგვას დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. საკუთრების უფლება დიდად დაფასებული არ არის, ისეთ შემთხვევებშიც კი, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდებიან პოლიტიკას. კონფისკაცია იარაღად იქნა გამოყენებული ოპოზიციის ძირითადი დამფინანსებლის წინააღმდეგ. ხელისუფლებამ კარგად იცის იმ დამაშინებელი ეფექტის შესახებ, რასაც ფინანსური პოლიცია ახდენს. სააკაშვილმა მიიღო საკმარისი დაფინანსება (ბევრი ბიზნესინტერესისგან), რათა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაეხარჯა სამჯერ მეტი, ვიდრე ეს მისმა ყველაზე პოპულარულმა მოწინააღმდეგემ შეძლო. ქონების ჩამორთმევის პრაქტიკა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვისაც გამოიყენება. როდესაც 2008 წლის აპრილში პარლამენტის სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ უარი თქვა საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა იმავე პოსტზე, მას ფეშენებელური ვილა სიმბოლურ ფასად გადაეცა, ხოლო როდესაც ბურჯანაძე იმავე წელს ოპოზიციას შეუერთდა, საგადასახადო პოლიციამ და სასამართლომ უცებ „აღმოაჩინა“, რომ მის სახლსა და მიწას რეალურად დიდი ფასი ჰქონია. ეს ქონება ახლა აუქციონზე იყიდება.
ალბათ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას მიგვანიშნებენ ამგვარი ეპიზოდები - როგორია პოლიტიკოსების (ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელთა) პირადი და სამოქალაქო მოტივები. საქართველოში, ისევე როგორც ბევრ კონსოლიდირებულ დემოკრატიაში, სიმდიდრე პოლიტიკური გავლენების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების ქონა სიმდიდრის მოხვეჭის მოკლე გზაც არის. ეს დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური ელიტის მოტივებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც გადანაწილებული და დროებით დათმობილი ძალაუფლება შეიძლება პრეზიდენტისა და მისი მომხრეების საუკეთესო პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდეს. როდესაც კანონის უზენაესობა არ არსებობს, ძალაუფლების დათმობა სარისკოა შენი და შენი გუნდის სიმდიდრისათვის. ირონიულად რომ შევხედოთ, სიმდიდრის მოპოვება, როგორც პოსტკომუნისტური პოლიტიკის ფაქტორი (მხედველობაში რომ მივიღოთ, მაგალითად, პრივატიზაციის შედეგად მიღებული უამრავი ქონება) უკვდავყოფს კომუნისტური პოლიტიკის ძირითად სტრუქტურულ იმპერატივს: აქცენტი ძალაუფლების ცენტრალიზებულ მონოპოლიაზე.
ამ იმპერატივის კიდევ ერთი გამოვლინებაა ოპონენტებისთვის ზიანის მომტანი და მათი მადისკრედიტირებელი ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკა. ოპოზიციონერები - მედიამფლობელები შალვა რამიშვილი და ბადრი პატარკაციშვილი, ასევე კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი - გახდნენ ამგვარი პოლიტიკისა და ზოგ შემთხვევაში დაპატიმრების მსხვერპლნი, მაკომპრომეტირებელი (ხანდახან რედაქტირებული) ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ. კომპრომატი ან ნეგატიური ინფორმაციის გამოყენება მტრის დასამარცხებლად ერთობ საბჭოური წესია. საბჭოთა კავშირში პოლიტიკური მოთამაშეები აგროვებდნენ კომპრომატებს თავიანთი მოწინააღმდეგეების კორუფციაში ჩართულობის ან საეჭვო კავშირების შესახებ და ელოდებოდნენ ხელსაყრელ დროს მათ გამოსაქვეყნებლად. ნიკიტა ხრუშჩოვის დესტალინიზაციის კამპანიაც და მიხეილ გორბაჩოვის „გლასნოსტიც“ ამგვარი კომპრომატების ეტაპები იყო. სკანდალის ეს იარაღი, მართალია, არ არის ძალიან უცხო, მაგრამ არც ასეთი თვალშისაცემია დასავლურ დემოკრატიებში, ნაკლებად მიმართავენ მას კომუნისტური წარსულის არმქონე ავტორიტარულ ქვეყნებშიც.
უნდობლობა და კონსპირაციის შიში
საქართველოში რწმენა იმისა, რომ ყველაფერი, რაც ხდება, სცენის მიღმა ჩატარებული მაქინაციების შედეგია, ღრმად არის გამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში. არა მხოლოდ პრეზიდენტი სააკაშვილი ადანაშაულებდა „უცხო ძალებს“ იმ დემონსტრაციებში, რომლებიც მისმა პოლიციამ 2007 წელს ძალის გამოყენებით დაარბია, ჩვეულებრივი სტუდენტებიც კი მთელი სერიოზულობით მიმტკიცებდნენ, რომ მათ ქვეყანაში არაფერი - რუსეთთან ომის ჩათვლით, არ ხდება ამერიკის ხელისუფლების ნების გარეშე. საქართველოს ხელისუფლებას, მის ოპონენტებს და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შეყრილი აქვს უნდობლობის ვირუსი, რომელიც, როგორც ჩანს, მარქსისტული „უნდობლობის ჰერმენევტიკისგან“ არის ნასესხები; ამგვარი ჰერმენევტიკა ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ცხად ღირებულებებს და მრავალ ფენომენს (მაგალითად, რელიგიას) კლასობრივი ჩაგვრის შენიღბულ ფორმად განიხილავდა.
არაფერი ისე ძლიერ არ გვაგონებს საბჭოთა პოლიტიკას, როგორც სიტყვა „პროვოკაციის“ ხშირი გამოყენება; ამ სიტყვას ყველა იყენებს - სააკაშვილიც, მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც, ოპოზიციაც. პროვოკაცია არის ვინმეს მიერ შენს მიმართ განხორციელებული ქმედება, ფარული სურვილით, გაიძულოს მოიქცე შენი ინტერესების საწინააღმდეგოდ. რადგან პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ ბრძოლებში ამგვარი პროვოკაციები ხანდახან მართლაც ხდება, ეს ცნება გამოხატავს გადაჭარბებულ შიშს არ კონტროლდებოდე ვინმეს მიერ ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდე. ეს ყველაფერი ჰგავს იმ ღამეულ კოშმარს, ამერიკამ რომ შექმნა ცივი ომის წინაშე ძრწოლის შედეგად - მხედველობაში გვაქვს 1956 წლის ფილმი „Invasion of the Body Snatchers“. მაშინაც კი, თუ ჩვენ მიერ წინასწარ კარგად მომზადებული ქმედებები შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ კონსპირაციით იყოს ინიცირებული, ჩვენ მაინც ძალიან უნდა ვეცადოთ დავიცვათ ჩვენი თავი ჩვენი მტრების ინტრიგებისაგან.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში შესაძლოა ამოვიკითხოთ მცდელობა საგრძნობლად შეასუსტონ ძალაუფლების ყველა აშკარად კონკურენტული ცენტრი ყველა შესაძლო სიტუაციაში. ეს ყველაფერი საბჭოთა ლიდერების ქმედებების ოდნავ შესუსტებულ ვერსიას ჰგავს - თუმცა საქართველოს შემთხვევაში გაურკვეველია უფრო ღრმა რეალობას ძველი ვერსია წარმოადგენს თუ მისი შესუსტებული ვარიანტი. პოლიტიკა რჩება ნულოვან თამაშად (ერთი ყველაფერს იგებს, მეორე ყველაფერს აგებს), სადაც სხვისი ძალაუფლება შენსას ამცირებს, რადგან ძალაუფლება ერთდროულად საშიშიცაა და მყიფეც. სხვა იმგვარი ძალის არსებობა, რომელსაც ვერ აკონტროლებ, მოიტანდა იმას, რასაც ლაითსი „დამოკიდებულების საშიშროებას“ უწოდებდა. მართვის ძირითად სტილად კლასიკური კომუნისტური კითხვა რჩება: „кто кого?“, ანუ ვინ ვის შეჭამს? ოპოზიციაც ხელისუფლებას იმით ჰგავს, რომ საკუთარ მიზნად მეორე მხარის განადგურებას ისახავს, მაგრამ ხელისუფლებისგან განსხვავდება ამ მიზნის მიღწევის საშუალებების არქონით. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ მიმართა ხალხს: „ჩვენი მთავარი მიზანია არ მივცეთ პარლამენტს საშუალება ჩაატაროს პირველი სესია, საამისოდ პარლამენტში შეჭრაც რომ დაგვჭირდეს“ - მისთვის დამახასიათებელი „ყველაფერი ან არაფერი“ - ამ დამოკიდებულების ტიპური მაგალითია. 3
ძირითადი პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის დემოკრატიას საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არის: 1) ძალაუფლების გამოყენება ქონების მოსაპოვებლად; 2) კანონის უზენაესობის არარსებობა; 3) მოქალაქეთა პასიურობა. საბჭოეთის დანატოვარი რეალობის (კანონის უზენაესობის არარსებობა) და ახალი დასავლური ინსტიტუტის (კერძო საკუთრება) კომბინაცია განსაკუთრებით ტოქსიკური აღმოჩნდა დემოკრატიისათვის. ამ სასიკვდილო მიქსტურამ პოლიტიკური ძალაუფლება პირადი კეთილდღეობის გასაღებად აქცია, ნამდვილი თავისუფალი ბაზრის არსებობა მიუღებლად საშიში გახადა პოლიტიკური მმართველებისათვის, გამოკვეთა საბჭოთა დროიდან ჩადებული შიში ძალაუფლების გავრცელება-გაყოფისა და რადიკალურად გაზარდა ძალაუფლების დაკარგვის ფასი. პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენებით სიმდიდრის მოპოვების ცდუნების შანსი ასუსტებს ყოველგვარ სვლას კანონის უზენაესობისაკენ. კანონის უზენაესობის გარეშე მმართველების ძალაუფლება სიმდიდრეს ბადებს, მაგრამ ამავდროულად ის აიძულებს მათ მგელი ყურებით ეჭიროთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევიან, შესაძლოა ყველაფერი ერთდროულად დაკარგონ.
ძალაუფლება სიმდიდრის მოსაპოვებლად და კანონის უზენაესობის არარსებობა - ეს ორი ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებების მიმღებთა მოტივებსა და დემოტივაციებზე, როდესაც ისინი არჩევანს აკეთებენ (სულერთია თავიდანვე, თუ ბოლო წუთს) დათმონ თუ არა ძალაუფლება (თუკი საამისო მიზეზი არსებობს). ამ მდგომარეობაში ნება მისცე საზოგადოებას შეცვალოს მმართველება, საშიშია. პოსტსაბჭოთა ლიდერები თავიანთი ძალაუფლების მაქსიმალიზებას მრავალი მიზეზის გამო ახდენენ; ყველაზე ძლიერი ამ მიზეზებს შორის არის შიში (თუმცა ამაზე შეიძლება არც ფიქრობდნენ).
ეს ორი პრობლემა კვებავს მესამე ყველაზე სერიოზულ სირთულეს: მოქალაქეათა ყოვლისმომცველი უმწეობის გრძნობა საბჭოეთიდან დატოვებული დამღუპველი მემკვიდრეობაა და პოლიტიკური პასიურობა მისი მხოლოდ ერთ-ერთი გამოვლინება არის. როდესაც ცხოვრება ასეა დამოკიდებული მმართველის კაპრიზებზე, კანონის უზენაესობის იმედის გარეშე, მოქალაქეებს უწევთ ჩიხურ მდგომარეობაში ცხოვრება, სადაც ისინი თავს გრძნობენ უსუსურებად, უძლურებად და პოლიტიკისგან დისტანცირებულად, რაც მათ მოქალაქეობრივ თვითრწმენას ასუსტებს.
რამე რომ გავაკეთოთ დემოკრატიისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველ ყოვლისა უნდა ვაღიაროთ მტკივნეული სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ცოტას მივაღწიეთ ჯერჯერობით და რაოდენ საორჭოფოა მომავალში ამ მიღწევათა შენარჩუნების შანსი. მაგრამ დემოკრატიის კარი არავითარ შემთხვევაში დახურული არ არის. როგორც ლუკან ვეიმ აღნიშნა, პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმები სუსტია. პოსტსაბჭოთა მმართველებმა მემკვიდრეობით მიიღეს ცინიკური და ქედმაღლური დამოკიდებულება თავიანთ მიმდევართა მიმართ, რაც ამ უკანასკნელთ თავის მხრივ უმადურებად და ვერაგებად აქცევს. მაგრამ აქ აღწერილი საბჭოთა მემკვიდრეობა მოკვდება, რადგან ის არ არის გამყარებული რელიგიური ტრადიციით, განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, სადაც ისლამია ძლიერი. თაობათა წარმატებული ცვლა აუცილებლად მოიტანს ახალ დემოკრატიულ შესაძლებლობებს პოსტსაბჭოთა სამყაროში.
შენიშვნები:
1. მანიპულაციის ხარისხის სრულად გასაგებად უნდა მივმართოთ „ეუთოსა“ და მსგავსი მონიტორინგის ჯგუფების ანგარიშებს (თუმცა აუცილებელი არ არის მათ ბოლომდე ვენდოთ). ამგვარი ანგარიშები, როგორც წესი, ავლენენ ახლად გამოგონებულ უცნაურ შედარებას მზარდად „უკეთეს“ და მზარდად „უარეს“ არჩევნებს შორის. მისი მიზანია დაიფაროს ღრმა დიქოტომია, რომელიც არსებობს ხალხის მიერ მიცემულ ხმასა და მთავრობის ნებას შორის - განსაზღვროს შედეგები. ფაქტობრივად „ეუთოსა“ და მსგავსი ჯგუფების საპრესკონფერენციო განცხადებებსა და წინასწარ ანგარიშებზე დიდ გავლენას ახდენენ დელეგაციის ხელმძღვანელები და მთავრობები, რომლებიც დიპლომატიურ მიზნებს ისახავენ. საბოლოო ანგარიშები (რომლებიც საკმაოდ გვიან ქვეყნდება საიმისოდ, რომ რაიმე პრაქტიკული შედეგი იქონიონ) ბევრად უფრო პირდაპირია. საერთო ჯამში, საერთაშორისო მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისათვის, მაგრამ მათ დისკრედიტაციის საფრთხე ემუქრებათ, როდესაც ისინი ცდილობენ შენიღბონ სიმართლე, როგორც ეს მოხდა 1996 წელს ბორის ელცინის ხელახლა არჩევნებიდან 2009 წლის ჰამიდ კარზაის არჩევნებამდე, რომელიც ცდილობდა პირველი რაუნდის გაყალბების შედეგად მოეპოვებინა გამარჯვება ავღანეთში.
2. Nathan Leites, A Study of Bolshevism (Glencoe, III.: Free Press, 1953), leiTsis es კვლევა ისევ ძალიან მნიშვნელოვანია საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობის გასაგებად.
3. იხ.GGachechiladze is quoted in „opposition Says It Aims to Thwart First Session of New Parliament,“ Civil Georgia, 26 May, 2008. www.civil.ge/eng/article/php?=18394&search=.
![]() |
6.2 ჰიბრიდული რეჟიმის თვისებები |
▲back to top |
ინტერვიუ გია ნოდიასთან
ბექა მინდიაშვილი
თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ არ შეიძლება ჰიბრიდული რეჟიმი დიდხანს შენარჩუნდეს, მან უნდა იმოძრაოს დემოკრატიის მიმართულებით ან გადაიხაროს ავტორიტარიზმისკენ. როგორ ფიქრობთ, თუ ბოლო ორ თვეს ავიღებთ შესაფასებელ პერიოდად, ავტოკრატიისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი ჩვენი პოლიტიკური რეალობა თუ გვაქვს შესაძლებლობა იმაზე საუბრისა, რომ გაცილებით მეტი ნაბიჯია გადადგმული დემოკრატიისკენ.
ჯერჯერობით, მგონი, ვერ ვიტყვით, ავტოკრატიისკენ არის მიდრეკილი ეს ყველაფერი თუ დემოკრატიისკენ, გააჩნია საიდან შევხედავთ. ამ ეტაპზე ჰიბრიდული რეჟიმის თვისებებს ვინარჩუნებთ და ჯერ ნაადრევია იმის თქმაც კი, თუ საითკენ მივდივართ. 20 წლის შემდგომი გადმოსახედიდან ალბათ უფრო ადვილი იქნება იმის გარკვევა, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით ახლა. ჯერ არა ვართ იმ წერტილში, როცა რაღაც სიცხადე არსებობს. ბოლო წლებში რა წარმატება და წინსვლაც გვქონდა, ეს უფრო იმ წინაპირობების შექმნა იყო, რაც დემოკრატიას სჭირდება, მაგრამ წინაპირობა არ ნიშნავს, რომ დემოკრატია არსებობს. წინაპირობაში ვგულისხმობ იმას, რომ არსებობს არცთუ ისე ქმედუუნარო სახელმწიფო, რის გარეშეც ძალიან ძნელია დემოკრატია გქონდეს, შეიძლება იყოს რაღაც თავისუფლებები, მაგრამ ისინი ყოველთვის მოწყვლადი და მყიფე იქნება. ასე რომ, ქმედუნარიანი სახელმწიფო აუცილებელია. ამბობენ, რომ ვარდების რევოლუციამ არ გაამართლა თავისი დანაპირები, და გულისხმობენ, რომ დანაპირები იყო დემოკრატია. რეალურად კი ეს არ არის მართალი. თუ გვახსოვს, რევოლუციის დროს ძირითადი ლოზუნგი იყო საქართველო კორუფციის გარეშე. კორუფცია ძალიან ბუნდოვანი ცნებაა, მაგრამ ზოგადად იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. რევოლუცია ამის გამო მოხდა და არა იმიტომ, რომ საქართველო არ იყო საკმარისად დემოკრატიული. ამას წინათ სააკაშვილმა ამერიკაში თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის საკითხი ახლა ხდება ცენტრალური და მნიშვნელოვანი. ახლა ლაპარაკობს უფრო მეტი ხალხი დემოკრატიაზე, როდესაც საბაზისო საკითხი თუ მთლიანად გადაწყვეტილი არ არის, რაღაცნაირად ძირითადად მაინც მოგვარებულია. და კიდევ, ეს ძალიან არაპოპულარული სათქმელია, მაგრამ 20 წლის შემდეგომი გადმოსახედიდან შეიძლება აგვისტოს ომის შედეგები ჩაითვალოს არაპირდაპირ პოზიტიურ ფაქტორად დემოკრატიის განვითარებისათვის; დემოკრატიზაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, არის სიცხადე საზღვრების შესახებ. ე.ი., სახელმწიფოს, ერს უნდა ჰქონდეს საზღვრები, ანუ უნდა ვიცოდეთ გეოგრაფიულად სადამდე ვრცელდება იურისდიქცია და სად გადის საზღვარი მეორე პოლიტიკურ ერთობასთან, ანუ ვინ არის საქართველოს მოქალაქე და ვინ არ არის, ესეც ნათელი უნდა იყოს. იქ, სადაც ეს საკითხები ცხადი არ არის, მნიშვნელოვნად მცირდება წარმატებული დემოკრატიზაცია. ობიექტურად პოლიტიკური მოთამაშეების პრიორიტეტად იქცევა ამ საკითხების მოგვარება. უნდა გადაწყვიტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი, ან ასე გადაწყვიტო, ან - ისე. აგვისტოს ომმა, მართალია, ეს ვერ გადაწყვიტა და მისი მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიტანა, რაც თავისთავად ცუდია, მაგრამ ამან შექმნა გაცილებით მეტი სიცხადე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს ვერ ვაკონტროლებთ და დიდხანს ვერ გავაკონტროლებთ. აფხაზეთის საკითხმა დიპლომატიის სფეროში გადაინაცვლა, ჟენევაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ მეტმა არავინ აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. სააკაშვილი გვეფიცებოდა, რომ ამ საკითხს თავისი მმართველობის პერიოდში გადაწყვეტდა, რაც, ჩემი აზრით, ამ გადასახედიდან შეცდომად მოჩანს, მაგრამ ეს ბუნებრივი შეცდომა, რადგან მაშინ ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სურდა არჩევნების მოგება, უნდა დაგვპირებოდა ამას. დღეს უკვე არცერთი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი არ იტყვის, ამ საკითხს მოვაგვარებო, და არც ჩვენ გვექნება მოლოდინი, რომ ის ამას შეძლებს. ამ პრობლემამაც გვერდზე გადაიწია; ეს თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად, ეს კარგია. ახლა უკვე შესაძლებელია ჩვენ, ერმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა თუ ხელისუფლებამ პრიორიტეტი მივანიჭოთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და ეს უფრო წინ დავაყენოთ ეროვნული მიზნების იერარქიაში. ეს პოზიტიურია, მაგრამ, მეორე მხრივ, ნეგატიური შეიძლება იყოს ის, რომ რეალური დემოკრატიის საკვანძო ფაქტორი ძალაუფლების დანაწილებაა. ძალაუფლების დანაწილება მხოლოდ სახელისუფლო ძალთა კონსტიტუციურ დანაწილებას არ ემყარება; ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ძალაუფლების დანაწილება მნიშვნელოვანწილად თვითონ პოლიტიკურ ელიტაში და საზოგადოებაში პლურალიზმის არსებობაზეა დამოკიდებული და ბოლო წლებში ამ თვალსაზრისით, კონსტიტუციის თვალსაზრისით, უკან დავიხიეთ. ანუ დღეს ხელისუფლებაში ძალთა გამაწონასწორებელი ნაკლები ფაქტორი მოქმედებს, ვიდრე რვა წლის წინ მოქმედებდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი სხვა შტო ხელისუფლებისა, ეროვნულ დონეზე თუ ადგილობრივ დონეზე და საზოგადოებრივადაც ნაკლებია წონასწორობა, ანუ ნაკლებად ჩანს ჩამოყალიბებული ინტერესთა ჯგუფები თუ საზოგადოებრივი აგენტები, რომელთაც შეუძლიათ დააბალანსონ ხელისუფლება.
ზოგიერთი ტრანზიტოლოგი წერს, რომ დემოკრატიას წინ ლიბერალური რეფორმები უნდა უძღოდეს. მე-19 საუკუნის ლიბერალური მონარქიები ავტოკრატიული იყო რეალურად და შემდეგ ამან მოიტანა დემოკრატიის შესაძლებლობა. მაგრამ დემოკრატიას ახლავს ის საფრთხე, რომ შეიძლება ფუნდამენტალისტური, ექსტრემისტული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, და გვაქვს უკრაინის მაგალითიც, სადაც რუსულმა გავლენამ მთლიანად მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და ის გეზი, რომელიც უკრაინას ჰქონდა აღებული, საფრთხის წინაშე დგას. რა შეიძლება ითქვას საქართველოზე ლიბერალიზმის კუთხით, რეფორმების თვალსაზრისით, რამდენად შორს ვართ წასული ამ მხრივ და რამდენად სწორად არის გადადგმული ნაბიჯები?
რეალურად, რა თქმა უნდა, არსებობს დაძაბულობა და გარკვეული წინააღმდეგობა, ერთი მხრივ, ლიბერალურ ინსტიტუტებს და ლიბერალურ ღირებულებებსა და, მეორე მხრივ, დემოკრატიას შორის. კერძოდ, დემოკრატია დაკავშირებულია მასობრივ მონაწილეობასთან, ანუ მასები იქცევიან პოლიტიკის სუბიექტად და ეს მასები უფრო ხშირად შეიძლება არ იყვნენ ლიბერალურები, ანუ მათ სხვა პრიორიტეტი ჰქონდეთ და არა პიროვნების თავისუფლება, კანონის უზენაესობა ან თუნდაც ძალაუფლების შეზღუდვა, რაც თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიული წესრიგის საფუძველია. ამიტომ არსებობენ თეორიები, რომლებიც ამბობენ, მოდი, ჯერ დავამყაროთ ლიბერალური წესრიგი, სადაც კანონის უზენაესობაა მთავარი და ამაზეა დამოკიდებული ადამიანის, პიროვნების თავისუფლება, აგრეთვე ჩამოვაყალიბოთ საშუალო კლასი, დავძლიოთ სიღარიბე, განათლების დონე ავამაღლოთ და შემდეგ უკვე უსაფრთხო გახდება დემოკრატია. ამ დროს საზოგადოების დიდი ნაწილი საშუალო კლასი ხდება, საშუალო კლასს აქვს ის შემწყნარებლობა, ზომიერება და ის ღირებულებები, რაც მასებს ნაკლებად მოეპოვებათ. ამასობაში ვითარდება ე.წ. შუალედური ინსტიტუტები - პოლიტიკური პარტიები, ინტერესთა ჯგუფები, ასოციაციები - და ამის შედეგად დემოკრატია ანუ მასობრივი მონაწილეობა ნაკლებად სახიფათო ხდება. მე-20 საუკუნეში ფაშიზმის გავრცელებას უკავშირებენ იმას, რომ სწორედ ამ დროს მოხდა ევროპის ძირითად ქვეყნებში საყოველთაო საარჩევნო უფლებების მიღება, რომელსაც მაშინ ყველაზე მეტად ლიბერალური პარტიები ეწინააღმდეგებოდნენ. ამაში, რა თქმა უნდა, არის სიმართლე, მაგრამ დღეს, ჩემი აზრით, ამაზე შეიძლება მხოლოდ თეორიულად ვისაუბროთ. წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, შემოვიღოთ განათლების ცენზი არჩევნებში მონაწილეობისათვის ან არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ მან, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტში შეაქვს გარკვეული თანხა. ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დემოკრატიის წესები, მაგრამ რაღაცნაირად უნდა იზრუნოს ამ საკითხზეც. ამიტომ შეინიშნება გაორება ხელისუფლებაშიც და საზოგადოებაშიც, მათ შორის მის იმ ნაწილშიც, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. არსებობს გარკვეული შიში, რომ, აი, „მთლად“ დემოკრატია რომ იყოს, მოვა „გრეჩიხა“ ან სანიკიძე და ეს ძალიან ცუდია. ეს რეალობა არსებობს. ცხადია, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდანაც არ არის ცალსახა. როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ხელისუფლება მარნეულმა და ახალქალაქმა აირჩია, ეს ნიშნავს, რომ არც ოპოზიციაა დემოკრატიული, რადგან მიიჩნევს, რომ მხოლოდ თბილისი უნდა ირჩევდეს, რადგან თბილისი არის ნამდვილი საქართველო, ნამდვილი ელიტა და აზერბაიჯანელები, სომხები და თუნდაც მეგრელები არ არიან სანდო, ან „სოფლელების“ ხმამ რატომ უნდა აჯობოს თბილისელების ხმას, ანუ მათი მხრიდანაც არის გარკვეული ეჭვი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. დემოკრატიაში იგულისხმება საყოველთაო საარჩევნო უფლება და ის, რომ ნებისმიერ ადამიანს ეროვნების, ქონებრივი მდგომარეობის და აზრების მიუხედავად, ისევე აქვს ერთი ხმა, როგორც ნებისმიერ „ელიტურ“ თავმომწონე ადამიანს.
ხანდახან თავად ხელისუფლების მოქმედება არის არათანმიმდევრული ამ თვალსაზრისით, ვინაიდან თავად ხელისუფლებასაც აქვს განცდა, რომ ის ხელისუფლება კი არის, მაგრამ ამავე დროს ოპოზიციაცაა, რადგან საზოგადოებაში არსებული გარკვეული ტენდენციების მიმართ არის ოპოზიციურად განწყობილი და მისი ფუნქციაა, რომ გარკვეულწილად შეცვალოს საზოგადოება. კორუფციასთან ბრძოლა კულტურული რევოლუციაა თავისი არსით, მაგრამ, ამავე დროს ის წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის ზოგად იდეასთან, რადგანაც, როცა ადამიანი ცდილობს, საზოგადოების ღირებულებებზე ზემოქმედება მოახდინოს, ეს თავისი არსით არ არის დემოკრატიული ქმედება; დემოკრატიის არსი არის ის, რომ ადამიანები ქვემოდან უკვეთავენ დღის წესრიგს და ქირაობენ ხელისუფლებას ამ დღის წესრიგის განსახორციელებლად.
ამას წინათ სადღაც ამოვიკითხე: ლიბერალური პოლიტიკური ძალა იმით განსხვავდება კონსერვატორული პოლიტიკური ძალისგან, რომ ის თავის ინსტრუმენტად იყენებს პოლიტიკას და რეფორმებს ან ეკონომიკის გათავისუფლებას იმისთვის, რომ მოახდინოს მოდერნიზაცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, ხოლო კონსერვატიული ძალა ამისთვის კულტურას იყენებს და ფაქტობრივად არ ტოვებს საშუალებას საკუთარი კულტურისგან იხსნას რეალობა, ვინაიდან თვითონ ხდება ამ კულტურის სახე, და ცდილობს უჩვენოს საზოგადოებას, რომ ის არის მისი სახე. თუ შეიძლება ამ კუთხით შევაფასოთ ბოლო წლები ქართულ პოლიტიკაში. რამდენად რეფორმატორული იყო ამ თვალსაზრისით ხელისუფლება? ამბობენ, რომ 2007 წლის შემდეგ რეფორმების ენერგიამ იკლო, რეფორმები რაღაც ლოზუნგებად იქცა და კულტურაზე გაკეთდა მეტი აქცენტი.
შეიძლება ითქვას, რომ 2007 წლიდან ხელისუფლება გახდა უფრო დემოკრატიული და ნაკლებად ლიბერალური, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხალხმა აიძულა; ხალხმა მოახდინა ზემოქმედება. შეუძლებელია ჰიბრიდულ რეჟიმებში არ იყო დემოკრატიული, უნდა გახდე დემოკრატიული, რაც ნაწილობრივ პოპულიზმსაც ნიშნავს; გარკვეული აზრით, დემოკრატია პოპულისტურია. არაპოპულისტური დემოკრატია შეუძლებელია. ხელისუფლება უფრო მეტად და მეტად უწევს ანგარიშს საზოგადოების დაკვეთას, ის ატარებს, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიულ საზოგადოებებში ხდება, სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ქმნის ფოკუსჯგუფებს, ხალხთან მიდის, ცდილობს გაიგოს რა უჭირს ხალხს, რაც თავისთავად ნორმალური დემოკრატიული ქმედებაა, მაგრამ ეს გულისხმობს ზოგიერთ ისეთ რამეზე უარის თქმას, რასაც ადრე აკეთებდა, როცა უფრო თავდაჯერებული იყო, როცა მიაჩნდა, რომ რაკი ხალხის მიერ არის არჩეული, რაკი ხალხის მანდატი აქვს, ის უნდა გააკეთოს, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება იყო განათლების რეფორმა. 2007 წლამდე ავტორიტარული მოდერნიზაცია გვქონდა. ცნობილია, რომ პრეზიდენტის საყვარელი პოლიტიკოსია ათა-თურქი, თითქოს ჩვენთან მიმდინარე პროცესებიც გვაგონებს ათა-თურქის რეფორმებს, ვინაიდან საზოგადოების მოდერნიზაცია ზემოდან ხდება, მაგრამ ათა-თურქი არ იყო დემოკრატი და არც ჰქონდა ამის პრეტენზია. მას არ უშლიდა ხელს პარლამენტი, რომ შეეშალა, ისე დაითხოვდა მას, რომ არავის დაეკითხებოდა. ძველ თურქულ საზოგადოებაშიც არ იყო დემოკრატიის მოთხოვნილება. თურქული საზოგადოება ახლა ხდება თანდათან დემოკრატიული და იქაც არის იმის საფრთხე, რომ საზოგადოება ნაკლებად ლიბერალური გახდეს.
ნებისმიერი ძალა, რომელსაც მოდერნიზაციის, ვესტერნიზაციის სურვილი აქვს, და, ათათურქისგან განსხვავებით, ამას მეტ-ნაკლებად რეალური დემოკრატიის ვითარებაში იქმს, ყოველთვის იქნება ასე თუ ისე არათანმიმდევრული. ხელისუფლების იმედი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ოპოზიცია სუსტი, არაორგანიზებული და არაჭკვიანია, და იგი მას არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსებით ჯაბნის, არამედ ინტელექტუალურადაც. და სანამ ეს ასეა, სანამ ხელისუფლებას გაუვა ის, რასაც აკეთებს, ასეც იქნება. მაგრამ ბუნებრივია, როდესაც ასე მოქმედებ, კომპრომისებზე უნდა წახვიდე საზოგადოებრივი დაკვეთის მიმართ. რაკი საქართველოში ყველაზე მეტად პოპულარული ინსტიტუტი აშკარად ეკლესიაა, ბუნებრივია, პირველ ყოვლისა ეკლესიასთან ხდება კომპრომისზე წასვლა. რაკი საჭიროა ხელისუფლება იყოს პოპულარული, ბუნებრივია, რაღაც პოპულარული იდეა უნდა გაითავისოს, ლიბერალური რეფორმები არსად არ არის პოპულარული, ამიტომ ხელისუფლებამ სამოქალაქო ნაციონალიზმის იდეა გაითავისა, რადგან ამის გარშემო ხდება საზოგადოების მობილიზაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად არ არიან სახელმწიფო პატრიოტები ან ნაციონალისტები, არც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში არ იყოს ბევრი მორწმუნე ადამიანი, ეს არ გამორიცხავს ამას, მაგრამ თავისთავად ერთიც და მეორეც არის პოლიტიკური სტრატეგია. იმისათვის, რომ გაატარო ლიბერალური რეფორმები, არ შეიძლება რომ ზედმეტად დაუპირისპირდე ან გაემიჯნო საზოგადოებას.
ამბობენ, რომ რელიგიის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლიბერალიზმის, ისე დემოკრატიის წინ წაწევის საქმეში. თქვენი აზრით, რამდენად არის რეალურად ხელის შემშლელი ფაქტორი რელიგია?
დასავლური დემოკრატიების ისტორიას რომ შევხედოთ, ყველგან ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიის ფაქტორი, მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებამდე, შეიძლება ითქვას, ითვლებოდა, რომ დემოკრატია შესაძლებელია პროტესტანტულ ქვეყნებში, ხოლო კათოლიკურში იგი თითქმის შეუძლებელია იმიტომ, რომ რეალურადაც ამგვარი ვითარება იყო. ამბობდნენ, საფრანგეთში იმიტომაა დემოკრატია, რომ იქ კათოლიკური ეკლესია დაასუსუტეს და გვერდზე გაწიესო. ითვლებოდა, რომ კათოლიკურ ქვეყნებში ეკლესია უნდა „დააჩმორო“, რომ დემოკრატია განვითარდეს, ამგვარი მოსაზრებების საფუძველი ის იყო, რომ თავად კათოლიკური ეკლესია იყო დემოკრატიისა და ლიბერალიზმის მოწინააღმდეგე და ამას არც მალავდა. სადაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი მორწმუნეა, ხოლო ეკლესია ღიად და აშკარად ანტიდემოკრატიულია, იქ მცირეა იმის შანსი, რომ დემოკრატია იყოს. მაგრამ 1965 წლის ცნობილი რეფორმების შემდეგ ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კათოლიკური ეკლესია გახდა აქტიური პროდემოკრატიული ძალა ბევრ ქვეყანაში. ანუ კათოლიკურმა ეკლესიამ რადიკალურად შეიცვალა თავისი პოზიცია და ამას დემოკრატიზაციის მესამე ტალღას უკავშირებენ, რომელიც ძირითადად კათოლიკურ ქვეყნებში ამოძრავდა. უკვე 70-იან წლებში გაჩნდა მოსაზრება, რომ დემოკრატია შესაძლებელია დასავლურ ქრისტიანობაში, მაგრამ აღმოსავლურში არ შეიძლება, - იგულისხმება მართლმადიდებლური სამყარო. ჩემი აზრით, ასეთი ფატალიზმიც არ არის სწორი. ჩემი არგუმენტი იყო საბერძნეთი, რომელმაც ეს შეძლო, ახერხებს ამას ბულგარეთი, რუმინეთი; რაც ამ ქვეყნებში ხდება, შეიძლება არ არის დემოკრატიის სანიმუშო მოდელი, მაგრამ დემოკრატიის თვალსაზრისით სერიოზული პროგრესია. ჩვენი ეკლესია ამაში ჰგავს საბერძნეთის ეკლესიას - მათ არ აქვთ ტრადიცია იმისა, რომ იყვნენ აქტიური პოლიტიკური მოთამაშეები კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიებისაგან განსხვავებით, ისინი ხელისუფლებასთან პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ჩემი აზრით, ის, რომ ეკლესია იქცა პოლიტიკურ ძალად, პოლიტიკოსების „შეჩიჩხინების“ შედეგია. ერთი მხარეც და მეორე მხარეც უბიძგებს მას ამისკენ.
რაში გამოიხატებოდა ეს?
ეს ძირითადად ხდებოდა ოპოზიციის მხრიდან. რაც შეეხება ხელისუფლებას, შეიძლება ხელისუფლება არ ცდილობს, რომ გაააქტიუროს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად სულ ხაზს უსვამს რელიგიურ ფაქტორს, ეკლესიის პოლიტიკურად გააქტიურებას ცდილობს ოპოზიცია, და როცა ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლებაც ამასვე აკეთებს.
თუმცა ახლა პირველი არჩევნები იყო, როცა ყველაზე ნაკლებად ჩანდა ეკლესია.
ეს იმიტომ, რომ ბოლო არჩევნები უფრო ნორმალური პოლიტიკური პროცესი იყო. მაგრამ, როცა რევოლუციური სიტუაციაა, მორალური მოტივი იწევს წინ, მორალური სიმართლე ხდება მთავარი და არა ის, ვინ უფრო კარგად აგებს გზებს, და ამ დროს რელიგიური ფაქტორი გამოდის წინა პლანზე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს თანმიმდევრულად ხორციელდება, მაგრამ ამის გამოვლინებები შეინიშნება. არსებობს გარედან „შეჩიჩხინების“ ფაქტორიც, ეს უფრო რუსეთის მხრივ ხდება. თვალსაჩინოა, რომ რუსეთს არა აქვს ჩვენში პრორუსული ძალების გააქტიურების რესურსი. მისი იმედი არის ანტიდასავლური რეაქციის წახალისება. ამისთვის ყველაზე კარგი იარაღი შეიძლება იყოს ეკლესია, იმიტომ, რომ ეკლესიაში არის ყველაზე მეტი დასაყრდენი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია მთლიანად რუსეთის დასაყრდენია, მაგრამ რელიგიურ ჯგუფებზე, რომლებიც მართლმადიდებლობაზე აპელირებენ, დაყრდნობა ადვილია. ავიღოთ, მაგალითად, გულაშვილი, ის არ არის ეკლესია, მაგრამ აპელირებს და სპეკულირებს ეკლესიით, აი, ასეთი ჯგუფებია რუსეთის ყველაზე უფრო გრძელვადიანი მოკავშირე და ესეც არის გარკვეული ზემოქმედება ეკლესიაზე, რათა ეკლესია პოლიტიკურად უფრო გააქტიურდეს.
ჩვენს ჟურნალში თქვენს ინტერვიუსთან ერთად დაიბეჭდება ჩარლზ ფერბენქსის სტატია, სადაც ის ამბობს, რომ ნამდვილი დემოკრატიის მიღწევას თაობების წარმატებული ცვლა შეუწყობს ხელს იქ, სადაც არადემოკრატიული ტრადიციები ძლიერი რელიგიური ინსტიტუტებით არ არის გამყარებული (იგულისხმება ისლამური ქვეყნები). თქვენი საუბრიდანაც გამომდინარეობს, რომ საქართველოში ეკლესიაზე, როგორც დემოკრატიის დამაბრკოლებელ სერიოზულ ფაქტორზე, არ უნდა ვსაუბრობდეთ.
არ მგონია, რომ ეკლესია ჩვენთან იყოს ძალიან ძლიერი დამაბრკოლებელი ფაქტორი, იგი, უბრალოდ, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა. ჩვენ ვერ მოვიყვანთ სხვა მართლმადიდებლური ქვეყნების მაგალითს, სადაც დემოკრატიისკენ სვლა ეკლესიამ შეაჩერა. ვერც რუსეთზე ვიტყვით ამას და ვერც სერბეთზე. ეკლესიაში არსებული ჯგუფები შეიძლება კულტურული თვალსაზრისით აღმოჩნდნენ ანტიდასავლური ძალების მოკავშირენი, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია არ გულისხმობს იმ რანგის პოლიტიკურ აქტივიზმს, რომელიც გააჩერებდა, ვთქვათ, საქართველოს შემთხვევაში, დემოკრატიისკენ სვლას. ჩვენი დემოკრატიის პრობლემა ის არის, რომ დემოკრატიის რესურსები გვაკლია, და არა ის, რომ ჭარბად არის ანტიდემოკრატიული რესურსები. დემოკრატიას ვერ „ვქაჩავთ“, რადგან პრაქტიკულად არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ელემენტარულ საბაზისო ეტაპზეა, კონსტიტუცია არ არის დემოკრატიული.
ისევ ფერბენქსს რომ დავუბრუნდეთ, იგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიის შემაფერხებელ სამ ძირითად ფაქტორს გამოყოფს, ესენია: ძალაუფლებისა და კეთილდღეობის/სიმდიდრის ურთიერთკავშირი, კანონის უზენაესობის არარსებობა და სამოქალაქო პასიურობა.
რა თქმა უნდა, არსებობს კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის დეფიციტი და სახელმწიფოებრიობისადმი პატივისცემის დეფიციტი, ესენი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, მაგრამ, ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ უკან მივდივართ. თუნდაც ის, რომ შესაძლებელი ყოფილა საქართველოში მასობრივი კორუფციის გარეშე ცხოვრება, ბევრ ადამიანს ვერც წარმოედგინა, ხომ ამბობდნენ შეუძლებელია საქართველოში პოლიციელმა ქრთამი არ აიღოსო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შეიძლება. ყველაზე რთული არის ის, რომ კანონი ხელისუფლებამ თავის შემაბრკოლებლად აღიაროს და ამას რაღაცნაირად შეეჩვიოს. მეორე მხრივ, ხელისუფლება რომ აიძულო კანონი თანმიმდევრულად დაიცვას, ამისათვის საზოგადოებრივი ინსტიტუტებია საჭირო, რომლებიც მას ამას გააკეთებინებენ. ეს პირველ ყოვლისა ოპოზიციის საქმეა, რომელიც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული და არა იმისკენ, რომ უცებ ჩამოაგდოს ხელისუფლება. ოპოზიცია იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ უკეთესი გახადოს ხელისუფლება. ავიღოთ, თუნდაც სასამართლო, რომელიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს, იმისი კონსტიტუციური, ინსტიტუციური საფუძვლები საქართველოში ან უკვე არსებობს, ან დაგეგმილია, რომ შეიქმნას. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მოსამართლეებში კორპორაციული სიამაყის გაჩენა, ამის გარეშე ინსტიტუციური რეფორმები არ არის საკმარისი და მხოლოდ ხელისუფლების თვითშეზღუდვის იმედად ვერ ვიქნებით - ეს, უბრალოდ, არარეალურია.
და მესამე ფაქტორი - ძალაუფლების დათმობის და დანაწილების პრობლემა, იმავე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ცვლილებების შედეგად კონსტიტუცია პრეზიდენტის ინტერესებს მოერგო. რამდენად შესაძლებელია ჩვენი სინამდვილის ხანგრძლივი ავტორიტარული რეჟიმების მაგალითებთან მისადაგება? რამდენად შესაძლებელია, რომ, მაგალითად, 15-30 წელი გაგრძელდეს ერთი პოლიტიკური ძალის ყოფნა ხელისუფლების სათავეში?
ეს ზოგადად შესაძლებელია. ჯერჯერობით, პირი არ უჩანს, რომ უახლოეს არჩევნებზე რაღაც შეიცვლება, დინამიკა აქეთკენ არ მიდის, რაც თავისთავად არ ნიშნავს აუცილებლად ავტორიტარიზმს, ყოველ შემთხვევაში, დიქტატურას. რადგან ავტორიტარიზმის რაღაც ელემენტი ამ შემთხვევაში მაინც შეინიშნება, ხელისუფლება, ბევრის აზრით, ორჯერ არ შეიძლება ზედიზედ ირჩეოდეს, თუმცა იყვნენ ქვეყნები, სადაც დემოკრატია ვითარდებოდა, მაგრამ დასაწყისში 20-30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში - როტაცია ხდებოდა იმ ძალის შიგნით. ჰოლანდიაში ხდებოდა ასე, იაპონიაში ბოლო დრომდე ასე იყო. აშშ-ში სანამ ჯექსონი მოიგებდა არჩევნებს, მანამდე სისტემა ისე იყო მოწყობილი, რომ სახელმწიფო მდივანი ხდებოდა პრეზიდენტი. თითქმის 28 წელი გაგრძელდა ასე, მეგობრების ჯგუფში ხდებოდა პრეზიდენტების ცვლა. მსგავსი რამ აქაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ეს პროცესი ნიშნავდა რეალურ ავტორიტარიზმს, სამოქალაქო უფლებების რეპრესიას, საზოგადოების სტაგნაციას და ა.შ., ზოგიერთ ქვეყანაში კი ამას მოჰყვა განვითარება და თანდათანობითი გაძლიერება იმ საზოგადოებრივი ჯგუფებისა, რომლებიდანაც რეალური დემოკრატიული პლურალიზმი ამოიზრდება. მე არ ვამბობ, რომ ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთ და სააკაშვილი, მერაბიშვილი და უგულავა 30 წელი გვყავდეს და ამათში იტრიალოს ძალაუფლებამ. მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, ეს ყველაფერი ხდებოდა ლეგიტიმურად და არა გაყალბებით და რეპრესიებით. იქ ხელისუფლება მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო და საზოგადოებიდან ვერ ამოიზარდა ისეთი ძალები, რომლებიც მას რეალურად შეეწინააღმდეგებოდნენ.
ახლახან ჩატარებული არჩევნები როგორ შეიძლება შეფასდეს ამ თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციამ აღიარა არჩევნების შედეგები?
გასაგებია, რომ ეს იყო უფრო ცივილიზებული არჩევნები. არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენთან ორი პრობლემა არსებობს, ერთი „ვარდების რევოლუციის ნეგატიური ეფექტი“ - იმდენად კარგი რევოლუცია იყო, იმდენად საყვარელი და ლამაზი და მსოფლიოს მიერ იმდენად ტაშდაკრული, რომ ჩაითვალა, ასე უნდა შეიცვალოს ხოლმე ხელისუფლება, ეს კარგია და მისაღები, ანუ „ვარდების რევოლუციამ“ ხელისუფლების არაკონსტიტუციური ცვლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება შეასუსტა: „თუ მისთვის შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?“ ფსიქოლოგიურად ეს ძლიერი არგუმენტია - იქნებ ამათ უკეთესი რევოლუცია მოაწყონ, „უცნობი“ ნიჭიერი შოუმენია და შეუძლია ლამაზი რევოლუციის დადგმა. ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა შეეგუოს იმას, რომ ეს აღარ შეიძლება. კი, ბატონო, მაშინ მოხდა, მაგრამ ამას ხაზი უნდა გადავუსვათ, რადგან ეს ეტაპი გავიარეთ და აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან. ამ მხრივ ბოლო სამი წელი იყო ერთგვარი იმუნიზაციის პროცესი, აიცრა საზოგადოება იმაზე, რომ ეს არ არის კარგი და არ გამოვა, თუმცა ზოგი პოლიტიკოსი ამას ვერ შეეგუა. მაგრამ საზოგადოება აიცრა ამ რევოლუციური რომანტიზმის ავადმყოფობაზე. მეორეა ის, რომ საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, თუ ხელისუფლება დაკარგავს პოპულარობას, შესაძლებელია იგი არჩევნების გზით შეიცვალოს. ეს რწმენა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ჩემი აზრით, საქართველოში ამ ხელისუფლების პერიოდში არ ყოფილა ჯერ ისეთი მომენტი, როდესაც ხელისუფლება იმდენად არაპოპულარული გახდა, რომ საზოგადოების უმრავლესობას ის არ უნდოდა, მაგრამ ძალით შეინარჩუნა თავი. 2007-08 წლის პერიოდში ყველაზე ახლოს ვიყავით ამასთან, თუმცა მხოლოდ თბილისში და არა მთელ საქართველოში, როგორც შევარდნაძე იყო მთლიანად გაკოტრებული 2001-02 წლებში. ჯერ ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს ეს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუ მთლიანად დაკარგავს ხალხის მხარდაჭერას.
ერთი გზა არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და რაღაც შეთანხმება პოლიტიკური თამაშის წესებზე.
თამაშის წესი, რომელსაც ყველა აღიარებს, ჯერჯერობით არ არსებობს. ძირითადი სტრუქტურული წინაპირობები ცნობილია: ქმედუნარიანი სახელმწიფო აპარატი, საზღვრები, პოლიტიკური ერთობის შემადგენლობაზე კონსესუსი, რაც მეტ-ნაკლებად გვაქვს, ასევე განათლების დონე, საშუალო კლასი, ბიზნესის ფეხზე დგომა და მისი სახელმწიფოსგან ავტონომიურობა და ა.შ. პრინციპში წინაპირობები არის ისეთი, რომ შეიძლება ამაზე მეცნიერულად ილაპარაკო, მაგრამ დემოკრატიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რაც უახლოეს ხანებში შესაძლებელია ხელისუფლებამ გააკეთოს, არის კონსტიტუციური პროცესის სწორად წარმართვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ, ერთი მხრივ, ყველა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, მეორე მხრივ, კონსტიტუციური პროცესის მიმართ ინტერესს ცოტას იჩენენ, რაც მაეჭვებს, მართლა უნდა ამ ხალხს დემოკრატია თუ არა. ახლა შეიძლება ისეთი ცვლილებები მოხდეს კონსტიტუციაში, რაც პრაქტიკულად არ შეცვლის არსებითად ძლიერ საპრეზიდენტო სისტემას, ან პირიქით - შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ის. ყოველ შემთხვევაში ის ცვლილებები, რომელიც შემოგვთავაზა საკონსტიტუციო კომისიამ, რადიკალურ ხასიათს ატარებს და, ჩემი აზრით, საქართველოს პირობებში უფრო დემოკრატიული სისტემის შექმნას გულისხმობს. თუმცა რეალურად არსებობს შანსი, რომ კონსტიტუცია ნამდვილად გახდეს ორიენტირებული სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს ერთმანეთისგან გამიჯვნაზე, მეორე მხრივ, ოპოზიციის განვითარებაზეც უნდა ვისაუბროთ. ამ არჩევნებმა მოიტანა პოზიტიური შედეგი: ოპოზიცია გაიმიჯნა ნიშნით - კონსტიტუციურ მეთოდებზე ორიენტირებული ოპოზიცია და გადატრიალებასა და ჭექა-ქუხილზე ორიენტირებული ოპოზიცია, რაც აქამდე არ იყო. ოპოზიცია უნდა შეეჩვიოს იმას, რომ საჭიროა გრძელვადიანი დაგეგმვა. ორიენტაცია იმაზე, რომ ხვალ ან ზეგ შესაძლოა გადადგეს მიშა, არ არის მომგებიანი. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს რაღაც გზავნილებისა და ინტერესების გარშემო, რაც ძალიან რთულია. არა მგონია, რომ ეს ორ წელიწადში მოხდება, მაგრამ რაღაც პროგრესი ამ თვალსაზრისით შესაძლებელია, იმიტომ, რომ ხელისუფლება საკმაოდ მოწყვლადია, როდესაც მას რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე მიანიშნებ და კონკრეტულ სისუსტეზე უთითებ. თუ საამისოდ რეგულარულად მუშაობ, ადრე თუ გვიან ხელისუფლება ამაზე რეაგირებას ახდენს, მაგრამ, როდესაც ეუბნები, გაგაგდებო, ამით მას საბოლოო ჯამში აძლიერებ.
![]() |
7 სამართალი |
▲back to top |
![]() |
7.1 პატიმრის უფლებები და სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ზოგიერთი ძირითადი მოვალეობა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით |
▲back to top |
თეა წულუკიანი
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის („კონვენცია“) მე-3 მუხლი კრძალავს ადამიანის წამებას, არაადამიანურ თუ დამამცირებელ სასჯელს და მის მიმართ ასეთ მოპყრობას.
ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებაა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრი დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას იცავს. კონვენციის სხვა დებულებებისაგან განსხვავებით, ეს მუხლი არც რაიმე დათქმას ითვალისწინებს და არც რაიმე გამონაკლისს უშვებს. კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები იმ ვალდებულებათა რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შესრულებაზე დროებით უარის თქმა სახელმწიფოებს ომის ან ერის არსებობისათვის საშიში სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ შეუძლიათ.
იმისათვის, რომ სასჯელი ან ცუდი მოპყრობა კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების არეში მოხვდეს და მას წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის კვალიფიკაცია მიეცეს, ის სერიოზულობის მინიმალურ ზღვარს უნდა სცილდებოდეს. მინიმალური ზღვარი წინასწარ მოცემული არ არის. მისი დადგენა დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის გარემოებებზე, თავად სასჯელის ან ცუდი მოპყრობის ბუნებასა და კონტექსტზე, მის ხანგრძლივობაზე, გამოწვეულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ შედეგზე, აგრეთვე ზოგჯერ მსხვერპლის სქესზე, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.1 ყოველ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ცუდი მოპყრობა ან სასჯელი წამებად, არაადამიანურად ან დამამცირებლად ჩაითვალოს, ტანჯვის და განცდის ხარისხი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ თან ახლავს მართლზომიერი სასჯელისა თუ მოპყრობის მოცემულ ფორმას.
კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისას ევროპული სასამართლო აფასებს დასტურდება თუ არა ესა თუ ის ფაქტი „ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა“. გონივრული ეჭვი არ არის რაიმე თეორიულ შესაძლებლობაზე დაფუძნებული ვარაუდი ანდა ეჭვი, რომელიც გამოწვეულია იმისათვის, რომ რაიმე კონკრეტული დასკვნა გაკეთდეს. გონივრული ეჭვის არსებობის მიზეზები იმ ფაქტებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომლებსაც მხარეები წარუდგენენ ევროპულ სასამართლოს. ცუდი მოპყრობის მტკიცებულება კი შეიძლება იყოს იმ მინიშნებათა ერთობლიობა ან გაუბათილებელი ვარაუდები, რომლებიც საკმარისად სერიოზული, ზუსტი და თანმიმდევრულია2 ზოგჯერ ევროპული სასამართლო მხარეების მიერ წარმოდგენილი ფაქტებით არ კმაყოფილდება და, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, სხვადასხვა ობიექტური წყაროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასაც ითვალისწინებს. მაგალითად, მას შეუძლია პირდაპირ დაეყრდნოს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნებს ამა თუ იმ საპატიმრო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად.2 ევროპული სასამართლო დამხმარე ინფორმაციად იყენებს აგრეთვე ეროვნული თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ომბუდსმენთა მიერ მოპოვებულ მონაცემებს, რომელთა მეშვეობითაც ზოგად აზრს იქმნის არსებული მდგომარეობის შესახებ.
პატიმრობის პირობები
კონვენციის მე-3 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს პატიმრისათვის ადამიანური ღირსების შესაბამისი პირობები. სასჯელის აღსრულების თავისებურებები არ უნდა აყენებდეს ადამიანს იმაზე მეტ განსაცდელს, ვიდრე ეს პატიმრობას თავისთავად სდევს თან.4
უაღრესად მნიშვნელოვანია აქვე აღინიშნოს, რომ მდგომარეობის კონვენციის მე-3 მუხლის კუთხით შეფასებისას პატიმრის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბუნებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.5 ამდენად, ის ფაქტი, თუ „რისთვის იხდის მოცემული პატიმარი სასჯელს“, საერთოდ არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რა პირობებში უნდა იმყოფებოდეს ეს პირი ციხეში. სტანდარტი და მოთხოვნა ყველა პატიმრისათვის არის ერთი და იგივე. სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას არ აქვს უფლება თავისი მიხედულებით დაუმძიმოს ამა თუ იმ პატიმარს პირობები იმ მოტივით, რომ ის კანონიერი ქურდია, საშიში რეციდივისტი თუ მკვლელია. სასჯელის შეფარდებისას მოსამართლის მიერ განსაზღვრული რეჟიმის პირობებში სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას ევალება ყველა პატიმართან მიმართებით თანაბრად დაიცვას კონვენციის მე-3 მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები.
ეს ვალდებულებები პირველ ყოვლისა გულისხმობს, რომ პატიმარს ჰქონდეს საკმარისი სივრცე, რათა მის ინტიმურ სამყაროში სხვა პატიმარი არ იყოს ჩართული. ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიხედვით, „სასურველი და არა მინიმალური ნორმაა“, რომ თითო პატიმარზე 7 კვ. მ. სამყოფი ფართი იყოს გათვალისწინებული6. თუმცა იმავე კომიტეტმა 2001 წელს ეს ნორმა საქართველოსთვის დროებით 4 კვ. მ-მდე დაწია. პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ჯანმრთელ, სუფთა და ნათელ საკანში, ჰქონდეს გასეირნების საშუალება, დღის განმავლობაში დაკავებული იყოს საქმიანობით, ღებულობდეს სრულფასოვან საკვებს სახელმწიფოს ხარჯზე, და სხვ.
საქმეში რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ, სხვებს შორის, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად ჩაითვალა ის ფაქტი, რომ პირველი მომჩივანი იძულებული იყო კარცერში სხვა პატიმართან ერთად დაეძინა ვიწრო (1,20 მ) საწოლზე და ვერ სარგებლობდა საპირფარეშოთი, რომელიც საკნის დანარჩენი სივრცისგან საერთოდ არ იყო გამოყოფილი.7
საქმეში ალიევი საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკანში განთავსებული, პატიმართა სამყოფი ფართისგან ნაწილობრივ გამოყოფილი საპირფარეშო არ ქმნიდა პატიმრებისთვის სათანადო ინტიმურობას და არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-3 მუხლს.8 გარდა ამისა, მიუხედავად მთავრობის საწინააღმდეგო მოსაზრებისა, ევროპულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის სასარჩელო მოთხოვნები არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დამაჯერებელი ჩანდა. ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის“ მიერ თბილისის მე-5 ციხესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციები საშუალებას იძლეოდა ევროპულ სასამართლოს „ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა“ მიეჩნია, რომ მომჩივნის მიერ მოყვანილი ფაქტები მისი პატიმრობის პირობების შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდა. კერძოდ, დადგენილად ჩაითვალა პირადი საწოლის უქონლობა საკნის გადატვირთულობის გამო და ამით გამოწვეული პატიმრების რიგრიგობით ძილი, საჰაერო სისტემის უქონლობა, ანტისანიტარია და ფანჯრებზე დამაგრებული რკინის დარაბები, რომლებიც საკანში დღის სინათლეს და ჰაერს არ უშვებდა. ამგვარი პირობების ხანგრძლივობიდან (წელიწადი და ოთხი თვე) და მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (კარდიოლოგიური და ასთმატური პრობლემები), მისდამი ეს მოპყრობა არაადამიანურად ჩაითვალა და მთავრობას შესაბამისი მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.9
„ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა“ კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა აგრეთვე ევროპულმა სასამართლომ საქმის - გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ - გარემოებები. ამ საქმეში მთავრობა ამტკიცებდა, რომ საწოლების რაოდენობაზე ერთი-ორი პატიმრით მეტის ყოლა საკანში არ აღწევდა სერიოზულობის მინიმალურ ზღვარს და, აქედან გამომდინარე, კონვენციის მე-3 მუხლის გამოყენება ვერ მოხდებოდა მოცემულ საჩივართან მიმართებით.10 მომჩივანი კი ამტკიცებდა, რომ 48 კვ. მ. ფართობის საკანში 65-70 პატიმარი იმყოფებოდა, ოთხი პატიმარი ინაწილებდა ერთ საწოლს, ფანჯრები რკინის დარაბებით იყო დაფარული, საკანში სუფევდა ანტისანიტარია და საპირფარეშო ნაწილობრივ იყო გამოყოფილი სამყოფი ფართისგან. თბილისის მე-5 ციხესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ინფორმაციების მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დაწესებულებაში შექმნილი ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მოყვანილი ფაქტები დამაჯერებელი იყო. საკნის გადატვირთულობის საკითხის შეფასებისას ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტიც, რომ მთავრობას არ უმტკიცებია, რომ მომჩივნის ყოფნა სერიოზულად გადატვირთულ საკანში ნაწილობრივ მაინც ბათილდებოდა დღის განმავლობაში მისი საკნიდან გაყვანით მუშაობის, სხვა რაიმე ორგანიზებული საქმიანობის ან გასეირნების მიზნით. მართლაც, ზოგიერთ გამონაკლის შემთხვევაში, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ თითო პატიმრისთვის განკუთვნილი 2 ან 3 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი, თუკი თავად საკანი ვრცელი და ნათელია და პატიმარს დაწესებულებაში მიმოსვლის თავისუფლება აქვს, შეიძლება ავტომატურად არ ჩაითვალოს კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად.11 თუმცა სხვა შემთხვევაში ევროპულ სასამართლოს 3,5 კვ. მ. ფართი მიუჩნევია დარღვევად, საკანში საჰაერო სისტემისა და დღის სინათლის არარსებობის გამო.12
სამედიცინო დახმარება
კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, პატიმრობის პრაქტიკული მხარეების გათვალისწინებით, პატიმრის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ადეკვატურად უნდა იქნეს დაცული, მათ შორის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გზითაც.13
სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა და, უფრო ზოგადად, ავადმყოფი პატიმრის არაადეკვატურ პირობებში მოთავსება, როგორც წესი, ეწინააღმდეგება კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს. მაგალითად, საქმეში პრაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთხივე კიდურით დაინვალიდებული ქალბატონი მომჩივნის არაადეკვატურ პირობებში ყოლა ოთხი დღის განმავლობაში დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენდა (ცივი საკანი, მამაკაცი ბადრაგის დახმარების აუცილებლობა საპირფარეშოში გასაყვანად და სხვ.).14
სახელმწიფო მოვალეა, მიუხედავად არსებული ფინანსური და სამეურნეო პრობლემებისა, ისე მოაწყოს თავისი სასჯელაღსრულების სისტემა, რომ იქ დაცულ იქნეს პატიმრების ადამიანური ღირსება.15
ამიტომაც, გონივრული შესაძლებლობების ფარგლებში, ავადმყოფი ადამიანის პატიმრობის პირობები უნდა ქმნიდეს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების საშუალებას. მართალია, კონვენციის მე-3 მუხლი პირდაპირ არ აწესებს სახელმწიფოს ზოგად ვალდებულებას გაათავისუფლოს ავადმყოფი პატიმარი ან გადაიყვანოს ის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს დებულება ნათლად აკისრებს სახელმწიფოს დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობა. ამასთან, ევროპული სასამართლო არ გამორიცხავს, რომ განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელება ჰუმანიტარული ხასიათის ზომების მიღებასაც მოითხოვდეს.16 კერძოდ, ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრის ასაკის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ან ინვალიდობის მაღალი ხარისხის გამო, ევროპული სასამართლო ეკითხება მოპასუხე მთავრობას, არის თუ არა ისევ საჭირო მოცემული პირის პატიმრობაში დარჩენა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. საქმეში შარტიე იტალიის წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა, რადგან მომჩივანს ციხეში ადეკვატურად მკურნალობდნენ. თუმცა მან თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ის მიესალმებოდა ყველა იმ ზომას, რომელსაც მიიღებდა იტალიის მთავრობა მომჩივნისთვის იმ ტანჯვის შესამსუბუქებლად, რომელიც მისი პატიმრობაში დარჩენით იყო გამოწვეული, ან მისი ციხიდან გასათავისუფლებლად, როგორც კი ამას შექმნილი გარემოებები მოითხოვდა.17
ევროპული სასამართლოს აზრით, პატიმრის მოთხოვნა, გაესინჯოს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელ ექიმს, როგორც წესი, დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს, რადგან ასეთი ექიმების პატიმრებთან დაშვება პატიმრებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი მექანიზმია.18 თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას უფლება აქვს პატიმარს დააკისროს ის ზედმეტი ხარჯები, რომლებიც აუცილებელი სამედიცინო კონსულტაციისათვის არ არის გაწეული. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ ციხეში პატიმრის გასასინჯად შესულ ექიმს უფლებამოსილი სამედიცინო ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია ჰქონდეს, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს მოთხოვნა არ იწვევდეს პატიმრისთვის დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმას.
როგორც წესი, სამედიცინო ხასიათის საჩივრების განხილვისას, საქმის კონკრეტული გარემოებებისდა მიხედვით, ევროპული სასამართლო შემდეგი შეკითხვებიდან ერთ ან რამდენიმე შეკითხვას უსვამს მოპასუხე მთავრობას, რათა დაადგინოს დაირღვა თუ არა პატიმრის მე-3 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები:
საჭიროებს თუ არა მომჩივანი სამედიცინო დახმარებას?
დაავადდა თუ არა მომჩივანი მოცემული დაავადებით ციხეში?
აღმოეჩინა თუ არა მომჩივანს სათანადო და საკმარისი სამედიცინო დახმარება იმ თითოეული დაავადების განსაკურნებლად, რომელიც მას აღენიშნება?
მომჩივნისთვის სამედიცინო დახმარების დროულად აღმოუჩენლობა არღვევს თუ არა მის, კონვენციის მე-3 მუხლით უზრუნველყოფილ, უფლებებს?
აქვს თუ არა ციხის საავადმყოფოს უნარი, განკურნოს ისეთი ავადმყოფი პატიმარი, როგორიც მომჩივანია?
მომჩივნის მძიმე ავადმყოფობა თავსებადია თუ არა პატიმრობასთან?
ავადმყოფობის გამო სასჯელის აღსრულების გადავადების მიზნით მომჩივნის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცედურა, მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილებებში მოყვანილი მოტივაციიდან გამომდინარე, აკმაყოფილებდა თუ არა კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს?
მართალია, ეს შეკითხვები მოპასუხე მთავრობის აგენტს ეგზავნება19, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოს ევროპული სასამართლოს წინაშე, მაგრამ სასარგებლო იქნებოდა მათი არსებობის შესახებ მოცემული ქვეყნის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამაც იცოდეს, რათა უკეთესად ჰქონდეს გაცნობიერებული, თუ როგორი მძიმე დავა უწევს ზოგჯერ მთავრობის აგენტს პატიმრის ადვოკატთან იმის გამო, რომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია თავის მოვალეობებს სათანადოდ არ ასრულებს.
თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ზემოხსენებული ვალდებულებები არ იძლევა საფუძველს დავასკვნათ, თითქოს პატიმარს უფლება ჰქონდეს თვითონ განსაზღვროს სამედიცინო დახმარების რომელი კონკრეტული ფორმაა მის შემთხვევაში ყველაზე მართებული, რომელმა ექიმმა უნდა გასინჯოს ის, რომელ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა თუ სისხლის ანალიზი და წინაპირობები წაუყენოს სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას მკურნალობაზე თანხმობის სანაცვლოდ.
მაგალითად, საქმეში მათიუ ნიდერლანდების წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 მუხლი ვერ იქნებოდა განმარტებული ისე, რომ პატიმრის ყოველი სურვილი და არჩევანი სამედიცინო დახმარების სფეროში დაკმაყოფილებულიყო. სასამართლოს აზრით, ამ და სხვა სფეროში, მართლზომიერ პატიმრობას თან ახლავს ისეთი პრაქტიკული ხასიათის შეზღუდვები, რომლებსაც პატიმარი უნდა შეეგუოს.20 ე.წ. „ჯიუტი“ პატიმრებისთვის, რომელთაც, ობიექტური მიზეზების გამო, დაკარგული აქვთ ყოველგვარი რწმენა საკუთარი სახელმწიფოსადმი, ევროპულ სასამართლოს თავად შეუმუშავებია ის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მთავრობას განუსაზღვრია მკურნალობის გეგმა, და ევროპულ სასამართლოს მიუთითებია პატიმრისათვის დამორჩილებოდა ამ გეგმას სურვილის შემთხვევაში.21 ასეთი გადაწყვეტილებები იშვიათია, რადგან, როგორც წესი, პატიმრებს შენარჩუნებული აქვთ ხოლმე ზოგადი რწმენა საკუთარი სახელმწიფოს კეთილგონიერებისადმი და არ საჭიროებენ ევროპული სასამართლოს ჩარევას ასეთი მაღალი ხარისხით.
ევროპული სასამართლოს მიერ განხილული ავადმყოფი პატიმრების საქმეებიდან ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეცედენტად ითვლება საქმე ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ22, რომელშიც არა მხოლოდ მოცემული პატიმრის უფლებების დარღვევის ფაქტი დადგინდა, არამედ ისიც, რომ ბ-ნი ღავთაძის მსგავს მდგომარეობაში საქართველოს პატიმრების დიდი რაოდენობა იმყოფებოდა და, აქედან გამომდინარე, აუცილებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან ზოგადი ხასიათის ზომების მიღება. ასეთ გადაწყვეტილებებს ევროპული სასამართლო „პილოტურ“ გადაწყვეტილებებს უწოდებს, რადგან მათ არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მომჩივნისათვის, არამედ მის მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა მოქალაქეებისთვისაც მოაქვთ შედეგი.
ღავთაძის საქმეში, თავად მომჩივანთან დაკავშირებით, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევად მიიჩნია შემდეგი ფაქტების ერთობლიობა: პატიმარს სამი თვის განმავლობაში სუბფებრილიტეტი აღენიშნებოდა, ხოლო საპატიმრო დაწესებულების ხელმძღვანელობამ არავითარი ზომა არ მიიღო ამ სიმპტომის მიზეზების დასადგენად. ადმინისტრაციამ მხოლოდ მაშინ იზრუნა მომჩივანის საავადმყოფოში გადასაყვანად, როდესაც სიცხემ 39-40 გრადუსს მიაღწია, პატიმარს გულისრევები დაეწყო და სიყვითლე გამოაჩნდა. მას მწვავე ვირუსული ჩ ჰეპატიტი დაუდგინდა. მართალია, ავადმყოფს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში დროულად აღმოუჩინეს, მაგრამ შემდგომი, უფრო გაღრმავებული, ანალიზები არ ჩატარებულა და არც ანტივირუსული თერაპია დაუნიშნავთ. ჰეპატოპროტექტორები, რომლებსაც მომჩივანი ღებულობდა, არ იყო საკმარისი მის გამოსაჯანმრთელებლად, რადგანაც ის საავადმყოფოში უკვე მძიმე მდგომარეობაში იქნა გადაყვანილი. საავადმყოფოდან მომჩივანი რამდენჯერმე ექიმების უკითხავად დააბრუნეს ციხეში. საავადმყოფოში პირველი გადაყვანიდან სამ თვეში მას ტუბერკულოზური პლევრიტი გაუჩნდა, რამაც გააძნელა ჰეპატიტის სამკურნალოდ ანტივირუსული თერაპიის დანიშვნა. თუმცა სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ პოლივალენტური მკურნალობის კურსი შეემუშავებინა, რათა პლევრიტის მკურნალობას ღვიძლი კიდევ უფრო არ დაეზიანებინა. პოლივალენტური მკურნალობის აუცილებლობის შესახებ ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტის რეკომენდაცია ციხის საავადმყოფომ არ მიიღო მხედველობაში და ჰეპატიტის მკურნალობა გვერდზე გადადო მანამ, სანამ მომჩივანი პლევრიტისგან განიკურნებოდა. ამგვარმა მიდგომამ და ექიმების რეკომენდაციის გარეშე მომჩივნის საავადმყოფოდან არაერთხელ გაყვანამ ჰეპატიტის ქრონიკულ ფაზაში გადასვლა გამოიწვია და მომჩივანი ღვიძლის ციროზისა და კიბოს საფრთხის წინაშე დააყენა.
ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად მთავრობის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მომჩივანი ტუბერკულოზით დაპატიმრებამდე იყო დაავადებული. სასამართლოს აზრით, ამგვარი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დამაჯერებელი, თუკი ციხის ადმინისტრაცია, მომჩივნის დაწესებულებაში მიღებისას მას მანტუს ტესტს ან ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას ჩაუტარებდა ან კიდევ ფილტვების რენტგენს გადაუღებდა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების ადმინისტრაცია ახალშემოსული პატიმრების ამგვარ შემოწმებას არ ახდენს, ევროპულმა სასამართლომ არ გამორიცხა, რომ ჯანმრთელ მომჩივანს სწორედ ციხეში შეეყარა ტუბერკულოზი. ეს დასკვნა კიდევ უფრო ახლოს ჩანდა რეალობასთან იმის გამო, რომ თბილისის მე-5 ციხე იმ დროისთვის სერიოზულად იყო გადატვირთული, მასში ჯანმრთელი და ავადმყოფი პატიმრები არ იყვნენ ერთმანეთისაგან განცალკევებულნი, არ იყო დაცული ჰიგიენა და ექიმიც იშვიათად ნახულობდა პატიმრებს. ევროპულმა სასამართლომ აგრეთვე მიუღებლად მიიჩნია, რომ, ტუბერკულოზის გარდა მომჩივანს იმავე ციხეში მუნიც შეეყარა ანტისანიტარიული პირობების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადებისგან სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ მომჩივანი დროულად განკურნა, ჯანმრთელი პატიმრის ციხეში დაავადება თავისთავად წამოჭრის პრობლემას კონვენციის მე-3 მუხლის კუთხით.
და ბოლოს, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ღავთაძის საქმის მსგავსი საჩივრების მის ხელთ არსებული დიდი რაოდენობა იმაზე მეტყველებდა, რომ ამ პატიმრის მდგომარეობა განყენებული პრობლემა არ იყო საქართველოში. მან დაადგინა, რომ ავადმყოფ პატიმართა და, კერძოდ, გადამდები დაავადებების მქონე პატიმრების მკურნალობასთან დაკავშირებით სტრუქტურული პრობლემები არსებობდა საქართველოს ციხეებში. ევროპული სასამართლოს აზრით, ეს ფაქტორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენდა და, ამასთანავე, საფრთხეს უქმნიდა თვით ევროპული სასამართლოს ეფექტიანობასაც, რომელსაც ერთი და იმავე ტიპის განმეორებითი საჩივრების დიდი რაოდენობით განხილვა მოუწევდა, რაც მას ხელს შეუშლიდა დანარჩენ, არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებზე დროულად რეაგირებაში. აქედან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, საქართველოს მთავრობისთვის კონკრეტულად მიეთითებინა ის ზომები, რომელთა მიღებითაც ქართულ ციხეებში ღავთაძის საქმის მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა შეიძლებოდა. კერძოდ, მთავრობას დაეკისრა სწრაფად მიეღო საჭირო საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომები, რომლებიც მიმართული იქნებოდა ციხეებში გადამდები დაავადებების გავრცელების აღკვეთისაკენ, დაენერგა ციხეში ადამიანების პირველად მოთავსებისას გადამდებ დაავადებებზე შემოწმების მექანიზმი და შეემუშავებინა ამ დაავადებების სწრაფი და ეფექტიანი მკურნალობის სისტემა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ღავთაძის პილოტურ საქმეში 2009 წლის 3 ივნისს შევიდა ძალაში და მის აღსრულებაზე კონტროლს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს.
ევროპული სასამართლოს მიერ მსგავსი მითითება მიეცა საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილებაში პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც 2009 წლის 24 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა, ღავთაძის საქმისაგან განსხვავებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობას მხოლოდ ვირუსული C ჰეპატიტის ციხეებში გავრცელების აღმოფხვრა, ახლად შემოსულ პატიმართა ამ ავადმყოფობაზე შემოწმება და ამ დაავადების განკურნების სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება დაევალა. ამიტომაც ღავთაძის საქმე გაცილებით უფრო მასშტაბური დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საქართველოს პატიმრებისთვის, თუკი მთავრობა ევროპული სასამართლოს მითითებებს ზედმიწევნით შეასრულებს. თავად მთავრობას კი ეს ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის შემცირებას, საბიუჯეტო თანხების დაზოგვისა და ადამიანური რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მოუტანს.
სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის ზემომოყვანილი ზოგიერთი ძირითადი ვალდებულების მიმოხილვა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას მისივე საჯარო მოსამსახურეების ხელთ მყოფი პატიმრები.23 პატიმრობას, როგორც სასჯელს, ყოველთვის განსაზღვრავს მოსამართლე და სასჯელაღსრულების ადმინისტრაციას არ აქვს უფლება გაუსაძლისი პირობებისა თუ სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის სახით დამატებითი „სასჯელი“ დააკისროს პატიმარს.
შენიშვნები:
1. იხ. ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, 6 აპრილი 2000 წ., გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 2000-IV, § 120 ; პრაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no 33394/96, §24, ECHR 2001-VII.
2. იხ., მაგალითად, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ, no. 36378/02, § 338, ECHR 2005 III.
3. იხ. დუგოზი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 40907/98, § 46, ECHR 2001-II; კეჰაიოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, ნო 41035/98, § 66, 18 იანვარი 2005 წ.
4. იხ., მაგალითად, ოსტროვარი მოლდოვას წინააღმდეგ, ნო 35207/03, § 79, 13 სექტემბერი 2005 წ.; კაფკარისი კვიპროსის წინააღმდეგ [GC], no 21906/04, §96, ECHR 2008.
5. იხ., მაგალითად, ვ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no 24888/94, §69, ECHR 1999-IX; ხუდობინი რუსეთის წინააღმდეგ, no 59696/00, § 90, ECHR 2006...
6. მე-2 ზოგადი დასკვნა, CPT/Inf (92) 3, § 43.
7 რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 1704/06, § 86, 27 იანვარი 2009 წ.
8. იხ. აგრეთვე, კალაშნიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, no 47095/99, §99, ECHR 2002-VI.
9. ალიევი საქართველოს წინააღმდეგ, no. 522/04, 13 იანვარი 2009 წ.
10. გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 4313/04, 20 ოქტომბერი 2009 წ.
11. იხ. ვალაშინასი ლიტვის წინააღმდეგ, no. 44558/98, §107, ECHR 2001 VIII; ტრეპაშკინი რუსეთის წინააღმდეგ, no 36898/03, § 94, 19 ივლისი 2007 წ.
12. იხ. პირსი საბერძნეთის წინააღმდეგ, no. 28524/95, §§ 70-72, ECHR 2001 III.
13. იხ. მუიზელი საფრანგეთის წინააღმდეგ, no 67263/01, § 40, ECHR 2002-IX.
14. პრაისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, no 33394/96, § 24, ECHR 2001-VII.
15. იხ. სუხოვოი რუსეთის წინააღმდეგ, no 63955/00, § 31, 27 მარტი 2008 წ.; ბენედიქტოვი რუსეთის წინააღმდეგ, no 106/02, §37, 10მაისი 2007 წ.
16. იხ. მატენსიო საფრანგეთის წინააღმდეგ, no 58749/00, §76, 15 იანვარი 2004 წ.; საკოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ, no61828/00, § 38, 15 იანვარი 2004 წ.
17. შარტიე იტალიის წინააღმდეგ, no9044/80, კომისიის 1982 წლის 8 დეკემბრის დასკვნა, გადაწყვეტილებებისა და დასკვნების კრებული (DR) 33, გვ. 41-47,
18. იხ. მათიუ ნიდერლანდების წინააღმდეგ, no. 24919/03, §187, ECHR 2005 IX.
19. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს შემთხვევაში.
20. იხ. მათიუ ნიდერლანდების წინააღმდეგ, no. 24919/03, §186, ECHR 2005 IX.
21. იხ., მაგალითად, მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, no. 39726/04, მიმდინარე საქმე. მოპასუხე მთავრობისთვის დასმული შეკითხვები და საქმის გარემოებების შესახებ იხ. http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item = 2&portal =hbkm&action=html&highlight =molachv ili&s essionid =55419769 &skin =hudoc-cc-fr
22. ღავთაძე საქართველოს წინააღმდეგ, no. 23204/07, 3 მარტი 2009 წ.
23. იხ. ბერქთაი თურქეთის წინააღმდეგ, no 22493/93, §167, 1-ლი მარტი 2001 წ.; ალგური თურქეთის წინააღმდეგ, no 32574/96, § 44, 22 ოქტომბერი 2002 წ.
![]() |
8 საბჭოთა ფსიქიატრია |
▲back to top |
![]() |
8.1 „ფსიქიატრიული გულაგი“ |
▲back to top |
ფსიქიატრიის სადამსჯელო მიზნით გამოყენება საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოუგონებია. ცნობილია, რომ სადამსჯელო ფსიქიატრიას მასობრივად იყენებდნენ ჩინეთში იდეოლოგიური მოწინააღმდეგეების „დასაშოშმინებლად“, საფრანგეთში ამავე მეთოდით მოქმედებდნენ ე.წ. სენ-სიმონისტების მიმართ, გერმანიაში მასობრივ სტერილიზაციას, რომელიც შემდეგ მასობრივ მკვლელობაში გადაიზარდა, შვეიცარელმა ექიმმა ოიგენ ბლოილერმა დაუდო სათავე, როცა სხვადასხვა სიმპტომები და დაავადებები „შიზოფრენიის“ ცნებაში გააერთიანა.
ფრიდონ საყვარელიძე
ერთ-ერთი პირველი, ვის მიმართაც რუსეთში ფსიქიატრია სადამსჯელო მიზნით გამოიყენეს, რუსი ფილოსოფოსი და პუბლიცისტი პეტრე ჩაადაევი იყო. 1836 წელს მან ჟურნალ „ტელესკოპში“ გამოაქვეყნა „ფილოსოფიური წერილი“, რომელშიც ხელისუფლებისა და ზოგადად რუსი ხალხის მიმართ მწვავე გამოთქმები გამოიყენა, რამაც აღაშფოთა ხელისუფლება, ნიკოლოზ I-მა კი თქვა, რომ მსგავსი რამის დაწერა მხოლოდ შეშლილს შეეძლო. იმერატორის სიტყვები უმალ აიტაცეს, ჩაადაევი სახლში გამოკეტეს და იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს (მკურნალობის ერთადერთი მეთოდი ყინულიანი წყლის თავზე დასხმის პროცედურები იყო „ანთებული ტვინის გასაგრილებლად“).
პირველი მერცხალი
„კომპეტენტური ორგანოებისა“ (ეს კგბ-ს და სხვა ძალოვანი სტრუქტურების კრებითი სახელი გახლდათ) და თეთრხალათიანების ნაყოფიერმა თანამშრომლობამ საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის ორგანული სისტემის შექმნამდე მიგვიყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებული საარქივო მასალები რუსეთში დღესაც საიდუმლოდ ითვლება, თავად თემა კი დახურულია კვლევებისათვის. თუმცა არსებობს გაზეთები და ადამიანები, რომლებსაც წაკითხულის გაგება შეუძლიათ და... სტრიქონებს შორის კითხვაც ეხერხებათ. ამ გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების გაცნობის შემდეგ სათანადო დასკვნების გამოტანა შეიძლება. უდავოა, რომ სადამსჯელო ფსიქიატრიის სათავეებთან ფელიქს ედმუნდის ძე ძერჟინსკი - „რკინის ფელიქსი“ - იდგა.
ზუსტადაა ცნობილი საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის პირველი მსხვერპლის გვარიც. ეს იყო ცნობილი რევოლუციონერტერორისტი ქალი, მემარცხენე ესერთა პარტიის ლიდერი მარია სპირიდონოვა. 1919 წლის თებერვალში ბოლშევიკურმა ტრიბუნალმა მას განაჩენი გამოუტანა, რომელიც გაზეთ „პრავდაში“ დაიბეჭდა: „მხედველობაში იქნეს მიღებული ბრალდებულის ავადმყოფურისტერიული მდგომარეობა… და იზოლირებული იქნეს მ. სპირიდონოვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისაგან ერთი წლის განმავლობაში მისი სანატორიუმში (აი ასე! - ფ. ს.) მოთავსების გზით“. ძერჟინსკის უშუალო ბრძანებით სპირიდონოვა პრეჩისტენსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ჩეკისტებმა გაითვალისწინეს ის რეზონანსი, რომელიც შეეძლო გამოეწვია ამ ქმედებას ჯერ კიდევ „საბჭოთა ხალხად“ ჩამოუყალიბებელ საზოგადოებაში, ამიტომაც გარეგნული წესების დაცვა გადაწყვიტეს. მთელი მოსკოვისთვის კარგად ცნობილ ფსიქიატრს, პროფესორ პ. ნ. განუშკინს სპირიდონოვას გამოკვლევა სთხოვეს. რუსული ფსიქიატრიის „მნათობი“, როგორც ყოველთვის ყველაფრისთვის მზად აღმოჩნდა: დიაგნოზი ასე ჟღერდა - ისტერიული ფსიქოზი, მდგომარეობა მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში. „რკინის ფელიქსს“ სწორედ ასეთი ქაღალდი სჭირდებოდა. და ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რომ „უმძიმეს, სიცოხლისათვის საშიშ მდგომარეობაში“ საბრალო სპირიდონოვამ კიდევ 20 წელი იცოცხლა, ბოლოს ციხიდან ციხეში გადაჰყავდათ. მეტსაც იცოცხლებდა, რომ არა მეორე მსოფლიო ომი - გერმანელების შემოტევის გამო ის სასწრაფოდ დახრიტეს სხვა პატიმრებთან ერთად.
ფსიქიატრიული დიაგნოსტიკის თავისებურებები სსრკ-ში
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხრუშჩოვმა მალევე განაცხადა, რომ დანაშაული საყოველთაოდ აღიარებული ქცევის ნორმებიდან გადახვევაა, რაც ძალიან ხშირად გამოწვეულია ადამიანის ფსიქიკის მოშლით, რომ საბჭოთა კავშირში აღარ არიან პოლიტპატიმრები, არ არიან წყობით უკმაყოფილონი, ის ერთეულები კი, კომუნიზმის წინააღმდეგ რომ იბრძვიან ან უკმაყოფილებას გამოთქვამენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულები არიან. სამოციანი წლების დამდეგს კინოფილმიც შეიქმნა სახელწოდებით „სოციალიზმის წინააღმდეგ მხოლოდ გიჟი შეიძლება გამოვიდეს”. შესაბამისად, უშიშროების ორგანოებმა დისიდენტებთან საბრძოლველად ახალი დავალებები მიიღეს. ექიმებთან ერთად შემუშავდა ახალი კონცეფცია, რომელშიც მთავარი როლი შიზოფრენიის დიაგნოზს უნდა შეესრულებინა.
აუცილებლად მიგვაჩნია იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვინც საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის თავისუფალი აზრის დათრგუნვის მიზნით გამოყენებას ხელმძღვანელობდნენ: საბჭოთა კავშირის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ანდრეი სნეჟნევსკი, სერბსკის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი გიორგი მოროზოვი, ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი რუბენ ნაჯაროვი და სერბსკის ინსტიტუტის სპეციალური სადიაგნოსტიკო განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი დანიილ ლუნცი (ამ უკანასკნელის თავხედობა იქამდე მიდიოდა, რომ კლინიკაში კგბ-ს პოლკოვნიკის ფორმაში გამოწყობილი ცხადდებოდა). ფაქტობრივად სნეჟნევსკიმ შიზოფრენიის ახალი ინტერპრეტაცია შემოიტანა, რამაც შესაძლებელი გახადა იდეოლოგიურად სხვაგვარი აზროვნების მიჩნევა მძიმე ფსიქიური დაავადების სიმპტომად. სნეჟნევსკიმ ავადსახსენებელ აკადემიკოს ლისენკოსაც აჯობა, რომელიც ექსპერიმენტებს მხოლოდ მცენარეებზე ატარებდა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ლენინი გლეხობას სამ კატეგორიად ყოფდა: ღარიბებად, საშუალო ფენის წარმომადგენლებად და კულაკებად. ეს უკანასკნელი, როგორც კლასი, უნდა განადგურებულიყო. სნეჟნევსკიმ და მისმა მიმდევრებმა საბჭოთა ხალხი თავიდანვე ასევე სამ ნაწილად გაყვეს: შიზოფრენიით დაავადებულები, ჯანმრთელები და ადამიანები მოსაზღვრე მდგომარეობით. ამ უკანასკნელთა და ავადმყოფთა ჯამი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 60%25-ზე ცოტა მეტი გამოდიოდა (ზოგ ქვეყანაში შიზოფრენიას მოსახლეობის მხოლოდ 1%25 უფიქსირებენ). როგორც ამბობდნენ - ჩვენთან არიან ადამიანები, რომლებსაც დიაგნოზი უკვე დასმული აქვთ, და არიან ჯერ კიდევ შეუმოწმებლები. ეს საშუალებას აძლევდა მარქსიზმლენინური იდეოლოგიის თეორეტიკოსებს თეთრხალათიანების ხელით სასამართლოს გარეშე გასწორებოდნენ სხვაგვარად მოაზროვნეებსა და დისიდენტებს ფსიქიატრიულ კლინიკებში. მოსაზღვრე მდგომარეობას, ანუ დუნედ მიმდინარე შიზოფრენიას, მათი თეორიის მიხედვით, დაავადების ნიშნები არ ჰქონდა. დასავლეთში მიღებულ შიზოფრენიის კრიტერიუმებს ეს დიაგნოზი არ შეესაბამებოდა. მეტიც, ფსიქიატრიის ლენინგრადის სკოლაც კი არ ცნობდა „ფარული შიზოფრენის“ დიაგნოზს, რასაც ცნობილი დისიდენტის ვლადიმირ ბუკოვსკის მაგალითიც ადასტურებს; ამ სკოლის წარმომადგენლებს უფრო მეტად ფსიქოპათიის დიაგნოზი ხიბლავდათ. სხვათა შორის დისიდენტები სწორედ ლენინგრადელ ექიმებთან მოხვედრას ცდილობდნენ - ამ დიაგნოზით შეიძლება კიდევ გქონოდა პროფესიის შენარჩუნების იმედი. თუმცა 70-იან წლებში სნეჟნევსკიმ პრაქტიკულად მთელი საბჭოთა ფსიქიატრია დაიმორჩილა. ამ დიაგნოზს მაშინ სვამდნენ, როცა ბრალდებულები უარყოფდნენ დანაშაულს, არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და თანაც ხელისუფლებისათვის წამგებიანი იყო მათთვის პატიმრობის მისჯის გამო ატეხილი ხმაური.
ავადსახსენებელ სერბსკის სახელობის ინსტიტუტში
ათასობით ადამიანს დაუმახინჯეს ცხოვრება
სერბსკის ინსტიტუტის, განსაკუთრებით კი მისი საიდუმლო განყოფილების, თანამშრომლები ექსპერტიზას ატარებდნენ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფოს უშიშროებასთან იყო დაკავშირებული და ამდენად საგამოძიებო საქმიანობაშიც მონაწილეობდნენ. ინსტიტუტში ფართოდ იყო გავრცელებული „კოფეინ-ბარბიტურატული განტვირთვა“, რომლის შემდეგ ექსპერტიზას დაქვემდებარებულნი, რომლებიც ადრე თავს არიდებდნენ კითხვებზე პასუხის გაცემას, საკმაოდ ენამჭევრები ხდებოდნენ და მედიკამენტოზური გაბრუების ფონზე იძლეოდნენ ჩვენებებს, რომლებსაც შემდეგ მათ წინააღმდეგ იყენებდნენ. სპეციალურ ლაბორატორიაში ისეთი მედიკამენტები მზადდებოდა, რომლებიც საკუთარი გამოთქმებისადმი თვითკონტროლს აჩლუნგებდა.
დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დიაგნოზით პრინციპში შესაძლებელი ხდებოდა ნებისმიერი გამვლელისთვის ხელის ჩავლება და მისი „გამოსაკვლევად“ წაყვანა, რასაც დიაგნოზის დასმა და იძულებითი „მკურნალობა“ მოჰყვებოდა.
„უფასო სამედიცინო დახმარება“
ცრუ დიაგნოზის საფუძველზე სადამსჯელო ფსიქიატრია იყენებდა მეთოდებს, რომლებიც უხეშად ლახავდა ადამიანის უფლებებს, რაც გამოიხატებოდა:
იძულებითი სამედიცინო მეთვალყურეობის დაწესებაში;
კლინიკის, როგორც საპატიმრო ადგილის გამოყენებაში;
ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისადმი შეგნებული ზიანის მიყენებაში („ჭკუიდან შეშლამდე მიყვანა“);
ჯანმრთელი ადამიანების მიმართ სიცოხლისათვის სახიფათო სამედიცინო პროცედურების გამოყენებაში. აქ მხოლოდ ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს ჩამოვთვლით:
ინსულინოთერაპია - ორგანიზმში ინსულინის მაღალი დოზების შეყვანა, რაც სისხლში შაქრის რაოდენობის კლებას და კომურ მდგომარეობას იწვევს;
ელექტროშოკი - პაციენტის სხეულში მაღალი ძაბვის დენის გატარება, რაც შოკური მდგომარეობის გამომწვევია;
სულფაზინის (გოგირდის) ინექციები - იწვევს ტემპერატურის მკვეთრ მატებას (42 გრადუსამდე) და გაუსაძლის ტკივილებს;
გაკოჭვა - პაციენტს მჭიდროდ ახვევდნენ სველ ზეწარში და გათბობის მილთან აწვენდნენ. ზეწრის შემოხსნისას ზეწარს მასზე მჭიდროდ მიკრული კანიც თან მიჰყვებოდა;
ლობოტომია - სისხლიანი ქირურგიული ჩარევა, როდესაც თავის ტვინის შუბლის წილი ცალკევდებოდა მისი ცენტრალური ნაწილისაგან, რაც პაციენტს სრულიად ქმედუუნაროს ხდიდა.
„კომპეტენტურ ორგანოებთან“ ურთიერთობაში გამობრძმედილი საბჭოთა ფსიქიატრი მეტად საინტერესო ფენომენი გახლდათ. ის არასდროს უგდებდა ყურს იმას, თუ რას ლაპარაკობდა „პაციენტი“, ის აკვირდებოდა, თუ როგორ ლაპარაკობდა იგი. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, რომლებსაც დაწვრილებით აღწერს ვლადიმირ ბუკოვსკი თავი წიგნში „და ბრუნდება ქარი“:
თუ ღელავ - ფსიქიატრი ავადმყოფობის ისტორიაში ჩაწერს - „აგზნებულია, ავადმყოფურად რეაგირებს მისთვის ემოციურად მნიშვნელოვან თემებზე“ - ამინაზინის ინექციები გარანტირებულია;
თუ მოწყენილი ხარ - დეპრესიას ჩაგიწერს;
მოდუნება - შიზოფრენიის სიმპტომია (რა თქმა უნდა საბჭოთა ექიმების აზრით);
მხიარული ხარ - „არაადეკვატური რეაქციაა”;
თუ დარწმუნებით ამტკიცებ რამეს, ექიმი ასეთ ჩანაწერს გააკეთებს - „საკუთარი პიროვნების გადაჭარბებული შეფასება“ ან სულაც „განდიდების მანია“.
ამავე დროს, როგორც ექიმებს, ისე გამომძიებლებს მზად ჰქონდათ ეგრეთწოდებული „ჩამჭრელი კითხვები“, რომლებსაც გამოცდილმა დისიდენტებმა მალე აუღეს ალღო. მაგალითად - რატომ ხართ კონფლიქტში საზოგადოებასთან, რატომაა თქვენი მრწამსი თავისუფლებაზე, განათლებაზე, სიმშვიდეზე, მშობლებზე უფრო მნიშვნელოვანი? თუ უპასუხებდი, რომ საზოგადოებასთან კონფლიქტში „დიდი ლენინიც“ იყო, რისთვისაც ის არაერთხელ გადაასახლეს, გარანტირებული გქონდა ჩანაწერი - „შეპყრობილია განდიდების მანიით, საკუთარ თავს დიდ ლენინს ადარებს“.
ან კიდევ ერთი შეხედვით უწყინარი შეკითხვა - „თქვენ ხომ საბჭოთა ადამიანი ხართ?“, თუმცა არანაირი იურიდიული ლექსიკა არ იცნობდა ისეთ ცნებას, როგორიცაა საბჭოთა ადამიანი, არადა ამ სახელით ათასი შავბნელი საქმე კეთდებოდა. გამობრძმედილი დისიდენტები ამ კითხვაზე პასუხობდნენ - არა, მე საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვარ.
შემდეგი შეკითხვა:
- „თქვენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგი ხართ?“ დადებითი პასუხი ავტომატურად ნიშნავდა ათწლიან პატიმრობას, არადა ამ კითხვაზეც შეიძლებოდა უხიფათო და თანაც პატიოსანი პასუხი. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირში, მისი კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლება სხვადასხვა დონის დეპუტატთა საბჭოებს ეკუთვნოდა. ჰოდა, რომელი ჭკუათმყოფელი იქნებოდა რომელიმე მეჩაიის ან მწველავის წინააღმდეგი, რომელსაც არც არავინ ეკითხებოდა რამეს.
„სიგიჟით დასჯილნი“
სადამსჯელო ფსიქიატრიამ თავის მწვერვალს 1968 წელს მიაღწია, როდესაც 25 აგვისტოს 8 საბჭოთა დისიდენტი (ჩამოვთვალოთ ამ მამაცი ადამიანების გვარები: კონსტანტინე ბაბიცკი, ლარისა ბოგორაზი, ვადიმ დელონე, ტატიანა ბაევა, ნატალია გორბანევსკაია, პაველ ლიტვინოვი, ვლადიმირ დრემლიუგა და ვიქტორ ფაინბერგი) წითელ მოედანზე მჯდომარე აქციით საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შეყვანას აპროტესტებდა. ისინი რამდენიმე წუთში დააპატიმრეს, თუმცა აქ კგბ-ს პრობლემა გაუჩნდა. საქმე ის იყო, რომ დემონსტრაციის ერთ-ერთ მონაწილეს, ვიქტორ ფაინბერგს, დაკითხვებზე ყველა წინა კბილი ჩაუმტვრიეს და მისი სასამართლო დარბაზში გამოჩენა ხელისუფლებისთვის არასასურველი იყო. გამოიძებნა ასეთი გამოსავალი: ფაინბერგის მოთავსება სპეცფსიქიატრიულ საავადმყოფოში. საამისო გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს განსასჯელი პიროვნების დასწრების გარეშე შეეძლო. ამასთან, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეიძლებოდა ზემდგომ სასამართლოში. ფაინბერგის ექსპერტიზა სერბსკის სახ. ინსტიტუტის კომისიამ ჩაატარა (მოროზოვი, ლუნცი და ლანდაუ). ამ აქტში ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანა, როგორც საპროტესტო დემონსტრაციის მიზეზი, ნახსენებიც არ იყო. ფაინბერგის საქციელში დაინახეს მხოლოდ „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა წითელ მოედანზე“, ხოლო მისი ფსიქიკური მდგომარეობის აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ პაციენტი გატაცებით გამოთქვამდა მარქსიზმის კლასიკოსთა მოსაზრებების რეფორმირების იდეას, რის დროსაც ამჟღავნებდა გადამეტებულ თვითშეფასებას და ურყევ რწმენას საკუთარი თვალსაზრისის მართებულობისადმი. შიზოფრენიის დიაგნოზის განსამტკიცებლად მოყვანილი იყო „რკინისებური“ არგუმენტები. კერძოდ, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ პაციენტი განყოფილებაში დაკავებული იყო ტანვარჯიშით, ცივი წყლით იზელდა ტანს, კითხულობდა წიგნებს, მათ შორის ინგლისურენოვანს. ამის საფუძველზე ძალიან მარტივად და „ლოგიკურად“ გამოჰქონდათ დასკვნა, რომ ყოველივე ეს ფაინბერგის მიერ საკუთარი მდგომარეობისადმი და შექმნილი ვითარებისადმი არასაკმარისად კრიტიკულ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა (მართლაც და, რომელი ჭკუათმყოფელი კითხულობს ინგლისურ წიგნებს და თანაც ვარჯიშობს?!).
ის კლინიკა, რომელშიც ჯეკ ნიკოლსონისგმირი მაკმერფი
იმყოფებოდა, პატარა საბჭოთა კავშირის მოდელიც იყო
გამოჩენილი საბჭოთა დისიდენტი, კაცი-ლეგენდა ვლადიმირ ბუკოვსკიც არაერთხელ და კარგა ხნით ჰყავდათ გამომწყვდეული ფსიქიტრიულ საავადმყოფოებში, რამაც მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში სერიოზული სკანდალი გამოიწვია. საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლება იძულებული იყო „ბოროტი ხულიგანი“ საბჭოთა კავშირიდან „გაეძევებინა“, სინამდვილეში ის ჩილეს კომპარტიის ლიდერ ლუის კორვალანში გაცვალეს. ციხეში ყოფნის დროს მან გლუზმანთან ერთად დაწერა გახმაურებული წიგნი - „ფსიქიატრიის სახელმძღვანელო დისიდენტებისთვის“.
სერიოზული საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა ჩეხოსლოვაკიაში ჯარების შეყვანის საწინააღმდეგო დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილის - ვალერია გორბანევსკაიას - მიერ 1971 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტების კრებულს სახელწოდებით - „სიგიჟით დასჯილნი“.
საერთაშორისო რეაქცია
1977 წელს გონოლულუში გამართულ მსოფლიო ფსიქიატრთა VI კონგრესზე შეიქმნა საგამოძიებო კომისია საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასთან დაკავშირებით. მდგომარეობა დაიძაბა, თითქოს ყველაფერს მალე უნდა ახდოდა ფარდა. შეფუცხუნებულმა საბჭოთა ლიდერებმა ცკ-ის იდეოლოგიურ განყოფილებასთან, უშიშროებასა და ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად მძლავრი პროპაგანდისტული კამპანია წამოიწყეს, რომლის ბევრმა მონაწილემ კარგადაც იხეირა. საბჭოთა ფსიქიატრების მიმართ გონოლულუში გახმოვანებული ბრალდებები, რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ბევრისათვის დივიდენდების ოქროს წვიმად იქცა. უცებ დაიწყო პროპაგანდისტული ტურნეების ორგანიზება მსოფლიოს ქვეყნებში - უცხოელებს მოუთხრობდნენ ყველაზე ჰუმანური ფსიქიატრიის შესახებ. ამავე მიზნით მომზადდა უამრავი მრავალფეროვანი პუბლიკაცია მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე და ესეც უხვად ფინანსდებოდა. კამპანიის მოთავეები ისე შეიჭრნენ როლში და ისე გათავხედდნენ, რომ დასავლელ ფსიქიატრებს სსრკ-ში ეპატიჟებოდნენ ერთმანეთისა და საბჭოთა ფსიქიატრიის უკეთ გაცნობის მიზნით. სინამდვილე არავის აწუხებდა. კომუნისტებს საოცარი უნარი ჰქონდათ როგორც მსოფლიო, ისე საკუთარი ქვეყნის ისტორიიდან მრავალი მათთვის „სასარგებლო“ საზიზღრობა გადმოეღოთ. მათ არც „პოტიომკინის სოფლები“ დავიწყებიათ (ამ შემთხვევაში საჩვენებელი ფსიქიატრიული საავადმყოფოების სახით), მეტიც, უზარმაზარი მასშტაბები შესძინეს მათ. სრული დატვირთვით ამუშავდა „დამოუკიდელი“ „ლიტერატურნაია გაზეტა“, რომელსაც, რატომღაც, როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ, საკმაოდ სერიოზულად აღიქვამდნენ. პრესა წალეკა წერილების სერიამ სერბსკის ინსტიტუტის კეთილშობილი თანამშრომლების შესახებ, რომლებმაც მძიმე ბავშვობის მიუხედავად ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულის შენარჩუნება შეძლეს. მათი ანტიპოდები იყვნენ გულქვა, მწვანე დოლარებს დახარბებული, საეჭვო ჩვევების მქონე სსრკდან გაძევებული ხულიგანი დისიდენტები, რომლებიც პროვოკაციულად ავრცელებდ ნენ მონაჩმახს საბჭოთა ფსიქიატრიის შესახებ. ამავე დროს კგბ და ჯანდაცვის სამინისტრო, ეს განუყრელი წყვილი, დროს არ კარგავდა და აგრძელებდა მათ მიერ უკვე სულიერად განადგურებული და განაწამები ადამიანების, ფსიქიატრიული საავადმყოფოების ყოფილი ტუსაღების, აბუჩად აგდებას, მათზე ინფორმაციის შეგროვებასა და ამ ინფორმაციის გამოყენებას „სამედიცინო ეთიკის“ (სიც!!!) გათვალისწინებით, რათა მომხდარიყო „საბჭოთა ფსიქიატრიის მისამართით გამოთქმული ბრალდებების ცილისმწამებლური ხასიათის მხილება“. მხოლოდ საბჭოთა ფსიქიატრ კგბ-შნიკებს შეეძლოთ უკვე ისედაც განაწამები ადამიანების ასეთი აშკარა და უსინდისო დაცინვა და თანაც „სამედიცინო ეთიკის დაცვით“.
1983 წელს, ავსტრიაში მსოფლიო ფსიქიატრთა VII კონგრესის წინ უშიშროების კომიტეტმა გააკეთა განცხადება, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ საბჭოთა კგბ-ს მონაცემებით, ფსიქიატრთა VI I მსოფლიო კონგრესის ორგკომიტეტის ხელმძღვანელობას საბჭოთა კავშირის ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციიდან გარიცხვის საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი ჰქონია (რაც სიმართლე იყო). არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ფსიქიატრთა საკავშირო საზოგადოების გამოსვლა ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციიდან და ავსტრიაში დაგეგმილი ფსიქიატრთა მსოფლიო კონგრესის იგნორირება. ამრიგად, სრული მხილებისა და მსოფლიო სკანდალის წინაშე მდგომმა კრემლმა გადაწყვიტა მოვლენებისთვის დაესწრო და თავად გამოეყვანა საბჭოთა ფსიქიატრთა საზოგადოება მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციიდან.
შემდგომში, უკვე პერესტროიკის ბოლოს, ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციამ მის რიგებში გასაწევრიანებლად 5 პირობა წამოაყენა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებისმიერი პოსტსაბჭოთა და განსაკუთრებით რუსეთის ფსიქიატრიული ორგანიზაცია:
ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების აღიარება;
დაზარალებულთა რეაბილიტაცია;
ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონის მიღება;
სისტემის გაწმენდა ძველი ხელმძღვანელობისგან;
თანხმობა ფსიქიატრთა მსოფლიო ასოციაციის ინსპექტირებაზე.
წინა საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს ფსიქიატრიული რეპრესიების გამო დასავლური აუდიტორიისა და ვლადიმირ ბუკოვსკის წინაშე აღიარებითი ჩვენებით და მონანიებით გამოვიდა სერბსკის სახელობის ინსტიტუტის იმდროინდელი დირექტორი ტ. ბ. ალექსეევა, რაც აღწერა კიდევაც ბუკოვსკიმ თავის წიგნში „მოსკოვის პროცესი“. თუმცა სულ მალე ყოფილი საბჭოეთის ექიმებმა უსინდისოდ უარყვეს ფსიქიატრიის ბოროტად გამოყენება. ბევრი ფსიქიატრი დღესაც ფიქრობს (ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს), რომ სხვაგვარად მოაზროვნეთა იძულებით ჰოსპიტალიზაციაში ცუდი არაფერი ყოფილა, მეტიც, ამ „კეთილშობილური“ საქციელით საბჭოთა ფსიქიატრები „ჰუმანურ“ მიზანს, კერძოდ კი დისიდენტების „ზონიდან“ განთავისუფლებას, ისახავდნენ. ამაზე პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, თუმცა, ენას რომ ძვალი არა აქვს, არაერთხელ თქმულა.
![]() |
9 REPORT |
▲back to top |
![]() |
9.1 ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ |
▲back to top |
მონიტორინგის მეოთხე ციკლი
მიღებულია 2010 წლის 28 აპრილს
გამოქვეყნებულია 2010 წლის 15 ივნისს
გთავაზობთ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის მოხსენების შემოკლებულ ვარიანტს. სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/
Country-by-country/Georgia/GEO-CbC-IV-2010-017-GEO.pdf
წინამდებარე მოხსენება შედგენილია ECRI-ის მიერ და მისი პასუხისმგებლობით. იგი ასახავს სიტუაციას 2009 წლის 18 დეკემბრის მდგომარეობით. შემდგომში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება არ არის ECRI -ის მიერ გაანალიზებული და დასკვნებსა თუ რეკომენდაციებში გათვალისწინებული.
შემაჯამებელი დასკვნა
ECRI -ის საქართველოს შესახებ მეორე მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ (2007 წლის 13 თებერვალი) წინ გადაიდგა ნაბიჯები ამ მოხსენებაში მოცემულ მთელ რიგ სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №348 განკარგულების ძალით ამოქმედდა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და მისი სამოქმედო გეგმა. მათი მიზნებია: საქართველოში ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა; ყველა მოქალაქისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა; ცხოვრების ყველა სფეროში ეთნიკურ უმცირესობათა ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა და მათი კულტურისა და თვითმყოფადობის განვითარებისა და შენარჩუნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საქართველოს ომბუდსმენი (შემდგომში სახალხო დამცველი) კვლავ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოში უმცირესობათა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა, უფლებების დაცვის საქმეში, ასევე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქმეში. ამას ახერხებს მის სამსახურთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის, აგრეთვე, ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და რელიგიათა საბჭოს საქმიანობების ფარგლებში.
საქართველოს ხელისუფლება არ იშურებს ძალისხმევას, რომ წინ აღუდგეს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენას და წარმართოს დიალოგი რელიგიურ უმცირესობებთან.
აცნობიერებს რა წინააღმდეგობებს, რომელთა წინაშეც დგანან ეთნიკური უმცირესობები საქართველოში განათლების სფეროში, უმთავრესად, ქართული ენის მწირად ცოდნის გამო, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მიიღოს შესაბამისი ზომები ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად, რაც დასაფასებელია. საქართველოს ხელისუფლება ასევე დგამს ნაბიჯებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით, ზოგადად, ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მიზნით.
შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამები მოსწავლეთა შორის სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის სწავლების მიზნით. კერძოდ, 2006 წელს ხელახლა შესწორდა რელიგიური საკითხების სწავლებასთან დაკავშირებული პროგრამა და სახელმძღვანელოები, რათა მათ უფრო ზუსტად აესახათ რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება.
ლტოლვილებს გადაეცათ ცხოვრების უფლება და სამგზავრო საბუთები, რაც მათ საშუალებას მისცემს, იმგზავრონ საქართველოს გარეთაც. ბოლო წლებში გაუმჯობესდა ურთიერთობები პანკისში მცხოვრებ ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და ადგილობრივ სამართალდამცავებსა თუ ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ისევე, როგორც უსაფრთხოების ხარისხი.
საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა არაერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რათა გააუმჯობესოს ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მათ შორის აღსანიშნავია სახელმწიფოს 2007 წლის სტრატეგია და 2009 წლის 28 მაისის სამოქმედო გეგმა, რომელთა სამიზნე ჯგუფია როგორც 1990-იან წლებში დევნილები, ასევე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გაჩენილი „ახალი“ დევნილები.
ნაბიჯები გადაიდგა იმის წასახალისებლადაც, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები დასაქმდნენ პოლიციის ძალებში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ეს უმცირესობები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ, რათა მეტი იყოს ეთნიკური მრავალფეროვნება პოლიციაში.
ECRI მიესალმება ამ პოზიტიურ ძვრებს საქართველოში. თუმცაღა, მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ზოგიერთი საკითხი კვლავ შეშფოთებას იწვევს.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ გაცხადდა არაერთი ფაქტი ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციისა და სამართალწარმოების თვალსაზრისით, არ ჩანს ისეთი შემთხვევები, როცა ადამიანებმა მიიღეს კომპენსაცია სასამართლო ხელისუფლებისაგან მათი უფლების შელახვის ან რასობრივი დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული ზარალის გამო. ჯერ კიდევ არ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც წინ აღუდგება რასობრივ დისკრიმინაციას. მაგალითად, მოისმენს და განიხილავს საჩივრებს კერძო მხარეებს შორის რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონცეფციის სამოქმედო გეგმა არ მოიცავს არანაირ პროექტს კონცეფციაში რასობრივი დისკრიმინაციის მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად.
საქართველოს ხელისუფლებისათვის კვლავ გამოწვევად რჩება გააკეთოს ყველაფერი უმცირესობებში სახელმწიფო ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად, რათა გაუადვილოს მათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამავე დროს, მისცეს მათ საშუალება მიიღონ განათლება მათ მშობლიურ ენაზე. მიუხედავად მიღებული ზომებისა, კვლავ ბევრი რჩება გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ დაზარალდნენ ეთნიკურ უმცირესობათა ბავშვები და ჰქონდეთ მათ თანაბარი მიწვდომა უმაღლეს განათლებასა და დასაქმებაზე, ქართულენოვანი ბავშვების მსგავსად.
სულ ახალია სასწავლო პროგრამების რეფორმა რელიგიური საკითხების სწავლების თვალსაზრისით, რისი მიზანიცაა რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების უფრო მკაფიო გამოხატვა. ამიტომ ჯერ კიდევ აუცილებელია იმის მონიტორინგი, თუ როგორ ინერგება ეს პროგრამა ყველა ქართულ სკოლაში, რათა ახალი მიდგომა სათანადოდ გაატაროს განათლების სისტემის მთელმა პერსონალმა, გამონაკლისის გარეშე.
არსებობს შემთხვევები, როცა მასწავლებლები და, მათი გამოისობით, მოსწავლეები ავიწროებენ და ამცირებენ ბავშვებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რელიგიურ უმრავლესობას. ეს მოხსენება კვლავ აღნიშნავს ეთნკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ სტერეოტიპების, აკვიატებული აზრებისა და არასწორი შეხედულებების არსებობის ფაქტებს. კერძოდ, ამ სტერეოტიპებს საქართველოში ახმოვანებენ პოლიტიკოსები და მედია, მათ შეხვდებით სკოლის სახელმძღვანელოებშიც. სხვა ჯგუფებიც, მაგალითად, ჩეჩნები, ზოგჯერ ხდებიან ამგვარი სტერეოტიპების მსხვერპლნი, ასოცირდებიან რა დანაშაულსა და ტერორიზმთან ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალებში. მოსახლეობის უმრავლესობა გულგრილი რჩება ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემების მიმართ, მეტიც, არც კი იცნობენ მათ კულტურასა თუ ცხოვრების გარემოებებს.
არსებობს განცხადებები, რომელთა თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის გამო საქართველოში ზოგიერთი ასპექტით გაუარესდა ვითარება საჯარო განხილვებში რასიზმის გამოხატვის თვალსაზრისით. თუმცაღა ძალიან ძნელია არსებული მდგომარეობისა და მისი შესაძლო განვითარების შეფასება, რადგან არ არსებობს ამ საკითხის მრავალმხრივი კვლევა. ზოგადად, საზოგადოება ერთმანეთისაგან ასხვავებს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და საქართველოში მცხოვრებ ცალკეულ ადამიანებს, თუმცა ეს ვითარება შეიძლება მარტივად შეიცვალოს. ECRI-თვის ცნობილი გახდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოჭარბებული ნაციონალიზმი და ანტირუსული რიტორიკა, პროპაგანდის შემთხვევები, რომლის მიზანიცაა რუსების, აფხაზებისა და ოსების მტრად შერაცხვა. ბოლო ხანს, როგორც ჩანს, გაუარესდა კლიმატი რელიგიურ უმცირესობათა და, განსაკუთრებით, „არატრადიციულ“ უმცირესობათა აღქმის თვალსაზრისით, რასაც მივყავართ ამ ჯგუფების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენამდე.
ბოლო წლებში კვლავ ჩივიან რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების შევიწროებისა და მათთვის სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების არსებობის გამო. არის შემთხვევებიც, როცა იჭრებინ რელიგიურ უმცირესობათა მსახურების ან კერძო საკუთრებაში არსებულ ადგილებზე. მართალია, ბოლო წლებში უფრო და უფრო იზრდება შემთხვევები, როცა სასამართლო რეაგირებს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის ფაქტებზე, მაგრამ ზოგჯერ კვლავ სასურველია, რომ პოლიციამ საკადრისი პასუხი გასცეს შეუწყნარებლობის გამოვლენას.
ბოშები ზარალდებიან ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების გამო და განიცდიან მარგინალიზაციას, რაც ნაწილობრივ ხსნის მათ უკიდურეს სიღარიბესა და სკოლაში დასწრების ძალიან დაბალ ხარისხს, რაც შესამჩნევია ბოშათა ბავშვებში.
თურქი მესხების მიმართ (რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს, 1944 წელს გადაასახლეს) კვლავ მტრული განწყობილებაა საქართველოს მოსახლეობის ზოგიერთ სეგმენტში, განსაკუთრებით კი სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ ადგილებში ცხოვრობს, საიდანაც მესხები არიან წარმოშობით.
ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისათვის მთავარ დაბრკოლებად კვლავ რჩება ქართული ენის არცოდნა. სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნიკური უმცირესობები სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში კვლავ იზოლირებულნი არიან არა მხოლოდ ენობრივი ბარიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ვერ სარგებლობენ სათანადო ინფრასტრუქტურით, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროში.
მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეთნიკური უმცირესობები შესაბამის დონეზე მონაწილეობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ კი, სწავლების გასაუმჯობესებლად ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში, სადაც მომავალი საჯარო მოსამსახურეები სწავლობენ იმასაც, თუ როგორ იმუშაონ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
კვლავ საჭიროა უსახლკაროთა შესახებ კანონმდებლობის გადასინჯვა, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართალსა და სტანდარტებთან. ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისათვის საცხოვრებელი პირობები პანკისში კვლავ უკიდურესად მძიმეა, რადგან რეგიონში ძალიან მცირეა შესაძლებლობები შემოსავლის მისაღებად.
მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მიღებული ზომებისა, 1990 წლის კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები კვლავ სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კერძოდ, მათი საცხოვრებელი პირობები უმძიმესია სიღარიბის გამო. ამასთან, ისინი აწყდებიან სერიოზულ დაბრკოლებებს ინტეგრაციის პროცესში, რადგან იქ, სადაც ცხოვრობენ, არ არის სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები შემოსავლის მისაღებად.
ამ მოხსენებაში ECRI მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შემდგომი ზომები ზოგიერთ სფეროში; ამ კონტექსტში იგი იძლევა რეკომენდაციათა მთელ რიგს, რომელიც მოცემულია ქვემოთ.
ECRI დაჟინებით აჩქარებს აქართველოს ხელისუფლებას ანაგრძოს და განამტკიცოს ძალისხმევა ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების სფეროში. კერძოდ, ამ მიზნით ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც გადიან ტრენინგებს ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლებაში, იცოდნენ იმ ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელთა მოსწავლეებსაც უნდა ასწავლონ. ასევე, ყველა მოსწავლეს, ვისაც ეს სჭირდება, უფასოდ დაურიგდეს ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელო. ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები, კერძოდ, სკოლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურული და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების დაახლოებას.
ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას დააკვირდეს, თუ რა ვითარებაა პოლიტიკურ დისკურსებსა და მედიაში უმცირესობათა ჯგუფების, კერძოდ კი, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ სტერეოტიპების, აკვიატებული აზრებისა და მცდარი შეხედულებების გამოხატვის თვალსაზრისით. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იხმაროს ყველა ღონე (გამართოს ცოდნის ასამაღლებელი კამპანიები), რათა აამაღლოს ურთიერთშეთანხმების დონე, აღძრას ურთიერთნდობის გრძნობა სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის, გააღრმაოს ურთიერთგაგება მოსახლეობის უმრავლესობასა და მცირე ეთნიკურ ჯგუფებს შორის, რითაც ხელს შეუწყობს ტოლერანტულ და მშვიდობიან თანაარსებობას ქვეყანაში.
ECRI აჩქარებს საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს და გააძლიეროს ძალისხმევა იმისათვის, რომ წინ აღუდგეს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენას, რასაც მოჰყვება ხოლმე ფიზიკური ძალადობა და/ან საკუთრებაზე თავდასხმა.
ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას გამართოს ცოდნის ასამაღლებელი კამპანიები ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში და, კერძოდ, სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ რეგიონში ბინადრობს, საიდანაც არიან წარმოშობით თურქი მესხები, რათა აუხსნან მათ ამ ადამიანების დაბრუნების ისტორიული მიზეზები. ამგვარი კამპანიების მიზანია თურქი მესხების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილება, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენელთაგან, ასევე იმ რეგიონში, სადაც ეს ადამიანები დაბრუნდებიან. ECRI იძლევა აგრეთვე რეკომენდაციას, რომ გაათკეცდეს ძალისხმევა თურქი მესხების ინტეგრაციისათვის, კერძოდ კი, შემუშავებულ იქნეს მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც ისეთ პრობლემებს უპასუხებს, როგორიცაა ენის შესწავლა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.
ECRI დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა მოახმაროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის კურიკულუმის ხარისხის გაუმჯობესებას, რამდენადაც მას ეხება ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობათათვის; აგრეთვე იძლევა რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს მექანიზმები ამ სკოლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ადმინისტრაციულ ორგანოებში დასასაქმებლად, მათი განათლების დონის შესაბამისად.
შედეგები და რეკომენდაციები
სამართლებრივ დებულებათა არსებობა და შესრულება
საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები
ECRI კვლავ უწევს საქართველოს რეკომენდაციას ხელი მოაწეროს და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს შემდეგი საერთაშორისო დოკუმენტების რატიფიკაცია: ევროპული ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ, ევროპული კონვენცია უცხოელთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის შესახებ და ევროპული კონვენცია მოქალაქეობის შესახებ.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს მოახდინოს კიბერდანაშაულის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, აგრეთვე ხელი მოაწეროს და მიუერთდეს დამატებით ოქმს, რომელიც კომპიუტერული სისტემებით გავრცელებული რასისტული და ქსენოფობიური ხასიათის ქმედებების კრიმინალიზაციას შეეხება.
ECRI ურჩევს საქართველოს ყველა მიგრანტი მუშისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმოწერასა და რატიფიცირებას.
სისხლის სამართლის კოდექსის დებულებები რასიზმისა და შეუწყნარებლობის შესახებ
ECRI დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს კანონმდებლობა, რომლის გათვალისწინებითაც რასიზმის მოტივაცია დადგინდება ზოგადად დამამძიმებელ გარემოებად ყველა ტიპის დანაშაულისათვის. იგი რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს სისხლის სამართლის კოდექსი და დაამატოს დებულებები რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან ბრძოლის მიზნით. კერძოდ, შემოიტანოს დებულებები, რომლებიც აკრძალავს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა რასობრივი შეურაცხყოფა, რასისტული განცხადებების შემცველი მასალების საჯარო გახმაურება ან გავრცელება რასიზმის მოტივით, რასიზმის ხელშემწყობი ჯგუფის შექმნა ან ხელმძღვანელობა. ECRI-ის ზოგადი პოლიტიკის №7 რეკომენდაცია რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ ითვალისწინებს შესაბამის სახელმძღვანელო პრინციპებს ამასთან მიმართებით.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა, რათა პოლიციას, პროკურორებს, მოსამართლეებსა და სასამართლო სისტემის მომავალ პროფესიონალებს ჩაუტარდეთ ტრენინგები რასობრივი დანაშაულისას კანონმდებლობის გამოყენების შესახებ.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს მთელ საზოგადოებას ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსში ისეთი დებულებების არსებობის შესახებ, რომლებიც საშუალებას იძლევა, რომ დაისაჯოს რასიზმით მოტივირებული და რელიგიური შეუწყნარებლობით გამოწვეული ქმედებები. მისი რეკომენდაციით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მოტივაცია გაუზარდონ მსხვერპლთ შეიტანონ საჩივრები ასეთი საქმეების წინააღმდეგ. კერძოდ, საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა გაუმჯობესდეს სამართლებრივი სისტემის მუშაობა და გაიზარდოს საზოგადოების ნდობა სისტემის მიმართ.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დებულებები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ
თავის მეორე მოხსენებაში ECRI რეკომენდაციას უწევდა საქართველოს ხელისუფლებას მიეღო ზომები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად. არსებობს რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი რამდენიმე დებულება, რომლებიც გაბნეულია სხვადასხვა კანონში. ECRI შენიშნავს, რომ საქართველომ მოახდინა ადამიანის უფლებათა კონვენციის №12 ოქმის რატიფიკაცია, რომელიც ითვალისწინებს ზოგადად რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვას. საქართველოს კონსტიტუციის 6-2 მუხლის თანახმად, ეს ოქმი ხდება შიდა სამართლებრივი სისტემის შემადგენელი ნაწილი. თუმცაღა ECRI-სათვის არ არის ცნობილი არცერთი შემთხვევა, როცა ადამიანმა მიიღო კომპენსაცია მისი უფლების დარღვევისათვის, არ დაზარალებულიყო რასობრივი დისკრიმინაციის გამო.
ამ მოხსენების სხვა ნაწილებში ECRI მოიხსენიებს ისეთ სიტუაციებს, დისკრიმინაციამდე რომ მივყავართ, მაგალითად, იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ზოგიერთი მოსწავლე საჯარო სკოლაში, ან პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მსგავსი შემთხვევები რომ სასამართლომდე ვერ აღწევს, ზოგჯერ ასე განიმარტება: დისკრიმინაციის პოტენციური მსხვერპლნი არ ფლობენ საკმარის ცოდნას იმის თაობაზე, რომ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს. ბევრი კი ფიქრობს, რომ ადამიანებში მცირეა სასამართლო სისტემის ნდობა, რაც ხშირად ხდება სასამართლოსთვის მიმართვისაგან თავშეკავების მიზეზი. როგორც ჩანს, დისკრიმინაციის მსხვერპლნი ფიქრობენ, რომ მათთვის აზრი არა აქვს სასამართლოში წასვლას, ან კიდევ ჰგონიათ, რომ სასამართლოში წასვლა საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ადამიანთა გონებაში ჯერ კიდევ არ არის კარგად აღქმული დისკრიმინაციის გაგება. მოსამართლეებსა და ადვოკატებს ალბათ ძალიან წაადგებათ ტრენინგები ამ მიმართულებით, მაგალითად, ტრენინგები პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ, როგორც ეს მოცემულია ECRI-ის ზოგადი პოლიტიკის №7 რეკომენდაციაში რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ.
ECRI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული დებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად; ამას გარდა, არსებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას უნდა დაუმატოს დებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ სრულ განხორციელებას. მაგალითად ავიღოთ სირთულეები, რომლებსაც მომჩივანები აწყდებიან აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებისას დისკრიმინაციის შემთხვევებში. კანონმა უნდა გაამარტივოს დისკრიმინაციის დადასტურება მტკიცებულების ტვირთის გაზიარების გზით, როგორც ეს რეკომენდებულია ECRI-ის ზოგადი პოლიტიკის №7 რეკომენდაციაში რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. მტკიცებულების ტვირთის გაზიარების პრინციპი ნიშნავს, რომ მომჩივანმა უნდა წარმოადგინოს ფაქტები, რაც საშუალებას მოგვცემს დავუშვათ დისკრიმინაციის არსებობა, რის შემდეგაც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ არავითარი დისკრიმინაცია არ ყოფილა. ამ პრინციპის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოდექსში და არა სისხლის სამართალში.
ECRI კვლავ უწევს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების სათანადოდ შესრულება. ეს განახორციელოს საზოგადოების ინფრმირების გზით დისკრიმინაციის შესახებ, აგრეთვე რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შინაარსისა და მოქმედების საზღვრების შესახებ. ამ თვალსაზრისით, ECRI ხელისუფლებას ურჩევს მიიღოს სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის გამიზნული ზომები. ECRI აგრეთვე რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს მოსამართლეთა დაწყებითი და მიმდინარე ტრენინგები რასობრივი დისკრიმინაციის საკითხებში და მსგავსი ტრენინგები შესთავაზოს ადვოკატებსაც.
ECRI საქართველოს ხელისუფლებას აგრეთვე ურჩევს რასობრივი დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებებით შეავსოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობა, რაც გააძლიერებს სამართლებრივ მექანიზმებს. მაგალითად, მსგავსი საქმეებისათვის შემოიღოს გაზიარებული მტკიცებულების ტვირთის სისტემა. ამ თვალსაზრისით, ECRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება გაამახვილოს ზოგადი პოლიტიკის №7 რეკომენდაციაზე რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, კერძოდ, მის იმ მონაკვეთზე, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას შეეხება.
ანტიდისკრიმინაციული ორგანიზაციები და სხვა ინსტიტუციები
ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ომბუდსმენი (შემდგომში, სახალხო დამცველი) მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დაცვაში, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2005 წელს სახალხო დამცველთან დაარსდა ეთნიკური უმცირესობებისა და რელიგიათა საბჭოები, რომლებიც მნიშვნელოვან საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებენ. ამასთან, საბჭოები მთავრობისა და ყველა სამთავრობო ორგანოს უმთავრესი პარტნიორები არიან ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში. მაგალითად, 2008 წლის ივნისში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობის მემორანდუმს. სახალხო დამცველთან მუშაობს აგრეთვე ტოლერანტობის ცენტრი, რომელიც ახორციელებს სიტუაციის მონიტორინგს და უპასუხებს ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობების მიმართ გამოვლენილ შეუწყნარებლობის ფაქტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტოლერანტობის ცენტრის ამოცანაა ხელი შეუწყოს შემწყნარებლობის გამოვლენას საქართველოში. იგი ორგანიზებას უკეთებს მრავალრიცხოვან ღონისძიებას, როგორიცაა კონკურსები მედიის, განათლებისა და სპორტის სფეროში, რათა ხელი შეუწყოს შემწყნარებლობის გამოვლენას შესაბამის სამიზნე ჯგუფებში. სახალხო დამცველი რეგულარულად წარმოადგენს ანგარიშს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დგანან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას როგორ გააუმჯობესოს ვითარება. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, რაც აღინიშნება ამ მოხსენების სხვა ნაწილშიც. ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ამჟამად სახალხო დამცველი ხსნის რეგიონულ ოფისებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც უმთავრესად ეთნიკური უმცირესობებითაა დასახლებული.
ECRIინტერესით შენიშნავს, რომ საქართველოში არის ბევრი სხვა ინსტიტუციაც, რომელთა საქმიანობა პოზიტიურ როლს ასრულებს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის (პოსტი შეიქმნა 2008 წელს) ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო ინტეგრაციის გაღრმავება საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა შორის. 2005 წელს შეიქმნა სამოქალაქო ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის საბჭო, ძირითადად, შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. ახლა მას ევალება სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი. ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საპარლამენტო კომიტეტი კიდევ ერთი ორგანოა, რომელიც მუშაობს საქართველოში უმცირესობათა ჯგუფების უფლებების დასაცავად. და ბოლოს, არსებობს კიდევ პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში.
მართალია, სახალხო დამცველის კომპეტენცია რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მაღალია და არამარტო ტოლერანტობის ცენტრის შესრულებული სამუშაოს გამო, მაგრამ ECRI მაინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას სპეციალური ორგანო რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, ECRI-ის აზრით, ამ სპეციალური ორგანოს მოვალეობებს შორის ისიც უნდა იყოს, რომ მოისმინოს და განიხილოს სარჩელები და საჩივრები, რომლებიც შეეხება რასობრივი დისკრიმინაციის საქმეებს კერძო მხარეთა - კერძო დამქირავებელსა და დაქირავებულს - შორის. ამასთან, ეძიოს მოგვარების საშუალებები ან მეგობრული მორიგების გზით ან კანონით გათვალისწინებული მეთოდებით, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებათა მეშვეობით.
რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახალხო დამცველის საკვანძო როლის გათვალისწინებით, ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც განაგრძოს ამ ინსტიტუციის მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდნონ სახალხო დამცველის კონსულტაციებს, ისევე, როგორც მისი ეგიდით მომუშავე ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს კონსულტაციებს, სრულად ითანამშრომლონ მასთან და გაითვალისწინონ მისი რეკომენდაციები.
ECRI დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უახლოეს მომავალში დააარსოს დამოუკიდებელი სპეციალიზებული ორგანო რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც შესაბამისობაში იქნება ECRI-ის ზოგადი პოლიტიკის №2 რეკომენდაციასთან ეროვნულ დონეზე რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული ორგანოების შესახებ, აგრეთვე - ECRI-ის ზოგადი პოლიტიკის №7 რეკომენდაციასთან რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. ECRI ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია ამ ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; აგრეთვე იმის უზრუნველყოფა, რომ მას ჰქონდეს სამართლებრივი ქმედუნარიანობა და საჭირო ადამიანური თუ ფინანსური რესურსები კერძო მხარეებს შორის რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების შესახებ სარჩელების მოსასმენად და განსახილველად.
დისკრიმინაცია სხვადასხვა სფეროში
განათლება
ECRI ინტერესით შენიშნავს, რომ განათლების სტრუქტურის ზოგადი რეფორმის ფარგლებში ხელისუფლება შეეცადა გაეუმჯობესებინა სასწავლო გარემო უმცირესობათა სკოლების მოსწავლეთათვის, კერძოდ, გაარემონტა ან ააშენა უმცირესობათა სკოლები. გადაიდგა აგრეთვე ნაბიჯები ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების გასაუმჯობესებლად. 2007 წელს დაიწყო პროექტი ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების ახალი კურიკულუმის შესამუშავებლად. თანდათანობით უმჯობესდება ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელოები, რომლებიც უფასოდ ურიგდებათ მოსწავლეებს უმცირესობათა სკოლებში. თუმცა ამ დროისათვის ყველა მოსწავლეს როდი მიუღია უფასოდ ეს სახელმძღვანელო. 2009 წლის მარტში დამტკიცდა ქართული ენის სწავლების კურიკულუმი. მისი ერთ-ერთი მიზანია ქართულის სწავლების გაუმჯობესება სკოლამდელი აღზრდის პერიოდში. ეს პროექტი განხორციელდება სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში, რომლებიც უმთავრესად უმცირესობებითაა დასახლებული. შემუშავდება სახელმძღვანელოები და სხვა მასალები, ასევე გზამკვლევი მშობელთა სწავლებისათვის. ნაბიჯები გადაიდგა აგრეთვე ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთა რაოდენობისა და პროფესიული უნარების გაზრდის მიზნით. ECRI აღნიშნავს, რომ შემდეგი სვლებია გასაკეთებელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მასწავლებლებმა იცოდნენ უმცირესობათა ენა, რადგან სპეციალისტები ამას მიიჩნევენ ერთ-ერთ მთავარ პირობად ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
ქართულ საზოგადოებას მთლიანად აქვს ორი მთავარი პრობლემა: ეთნიკური უმცირესობები ნაკლებად ფლობენ ქართულ ენას და ისინი იზოლირებულნი არიან მოსახლეობის უმრავლესობისაგან. აქედან გამომდიანრე, ECRI-ის სჯერა, რომ სკოლის პარტნიორობის პროგრამა (განხორციელდა 2004-2007 წლებში) იყო საინტერესო პროექტი, რომელიც ხელს უწყობდა გამოსავლის ძიებას ამ იზოლაციისა და ლინგვისტური პრობლემების აღმოსაფხვრელად. პროგრამის მიზანი იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა მთელ ქვეყანაში არსებულ სკოლებს შორის ქსელის შექმნით. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარდა საერთო ღონისძიებები და მასწავლებელთა თუ მოსწავლეთა გაცვლა ქართულენოვან და სხვა - სომხურ თუ აზერბაიჯანულენოვან - სკოლებს შორის. ამ ტიპის ინიციატივები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ისინი აახლოებს სხვადასხვა ეთნიკური და ლინგვისტური წარმოშობის მოსწავლეებს და იძლევა შეხვედრის, აზრთა გაცვლაგამოცვლის თუ მეგობრული ურთიერთობების დამყარების საშუალებას. და ბოლოს, ამგვარი წამოწყებები ხელს უწყობს ქართული საზოგადოების ინტეგრაციას. ECRI აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის, რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს ამგვარმა პროექტებმა. ამიტომ გეგმავს ამ პროექტის განახლებას უახლოეს მომავალში და მის გაფართოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ხელისუფლებამ მიიღო ზომები იმისათვის, რომ ეთნიკურ უმცირესობათა ბავშვებს, კერძოდ კი, ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ჰქონდეთ საშუალება, განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. მაგალითად, განათლების სამინისტრო უმცირესობათა ენებზე შეიმუშავებს, გამოსცემს და ავრცელებს სკოლის სახელმძღვანელოებს, რომლებმაც ჩაანაცვლეს მათი წარმოშობის ქვეყნებიდან მიღებული სახელმძღვანელოები. ამან ხელი უნდა შეუწყოს უმაღლესი განათლების თანასწორ ხელმისაწვდომობას, რამდენადაც ახალი სახელმძღვანელოები აუცილებლად მეტად იქნება მისადაგებული ქართულ გამოცდებს. თუმცა, ნაწილობრივ ფინანსური მიზეზით, ყველა მოსწავლეს არ მიუწვდება ხელი საქართველოში გამოცემულ სახელმძღვანელოზე. მნიშვნელოვანია, რომ მოიძებნოს სწრაფი გამოსავალი ამ მიმართულებით. ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეების მხრიდან ორივე ენის - ქართულისა და მშობლიურის - უკეთ ფლობისათვის საუკეთესო გამოსავლის საძიებლად ხელისუფლებამ ასეთ გზას მიმართა: საპილოტო სკოლებში შემოიღო მულტილინგვური სწავლება. მულტილინგვური სწავლების კურიკულუმით განათლების მიღების პროექტი 2009 წელს უმცირესობათა 40 სკოლაში დაიწყო.
თავის წინა მოხსენებაში ECRI აღნიშნავდა, რომ 2005-2006 სასწავლო წლიდან შემოღებულია მისაღები გამოცდების ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც საქართველოს ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტზე ვრცელდება და ეს განათლების რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. საგამოცდო საგნებს შორისაა ქართული ენა და ლიტერატურა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება ხაზს უსვამენ იმ სირთულეებს, რაც ამ ცვლილებამ შეუქმნა არაქართულენოვან აბიტურიენტებს. ახალი სისტემის დანერგვის პირველ წელს ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთაგან ბევრი ჩაიჭრა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე და, უმთავრესად, სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე. ხელისუფლება მიხვდა, რომ ახალმა სისტემამ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო ეთნიკურ უმცირესობათა აბიტურიენტები, ძირითადად, სწორედ ქართულის ცუდად ცოდნის გამო. ახალი სისტემა აღმოჩნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების დამაბრკოლებელი ფაქტორი - ამ აბიტურიენტთაგან ბევრმა ამჯობინა სწავლის გაგრძელება საზღვრებს გარეთ, უმეტესად, მათი წარმოშობის სახელმწიფოებში, სადაც შემდეგ, ჩვეულებრივ, რჩებიან კიდეც. ამის გამო ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რამაც, როგორც ჩანს, უკვე გამოიღო რამდენიმე პოზიტიური შედეგი, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა უმცირესობათაგან. ECRI აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ერთ-ერთი ასეთი გამოსავალი იპოვა: დააწესა კვოტა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებიდან გამოსულ აბიტურიენტთათვის, რომლებიც მიიღებდნენ გრანტს ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. 2009 წელს ამ გრანტით 60-მა აბიტურიენტმა ისარგებლა. მეორე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ის, რომ აბიტურიენტებს ეთნიკურ უმცირესობათაგან მისცა საშუალება გაევლოთ მოსამზადებელი კურსები ქართული ენის ცოდნის გასაღრმავებლად გამოცდების ჩაბარებამდე. ხელისუფლების ინფორმაციით, მესამე ნაბიჯი იყო 2010 წლიდან უნივერსიტეტებში ადგილების 5%25-ის შენახვა სომხურ და ამდენივე პროცენტის - აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს მათ მშობლიურ ენაზე ჩააბარებდნენ. 2010 წლიდან იგივე გაკეთდება ოსურ და აფხაზურ ენებზე მოლაპარაკეთათვის. ამ სქემით ჩარიცხული სტუდენტები პირველი კურსის მანძილზე გაივლიან ქართულენოვან პროგრამას. ECRI მიიჩნევს, რომ ყველა ეს ძალისხმევა მისასალმებელია, მაგრამ არ კმარა საიმისოდ, რომ უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვისაც თანაბარი შესაძლებლობების გარანტიას იძლეოდეს.
ECRI კვლავ დაჟინებით უწევს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა გაიღოს ეთნიკურ უმცირესობათა შესამჩნევად გაუმჯობესებული განათლებისათვის, რათა მათ სკოლის დამთავრების შემდეგ გარანტირებული ჰქონდეთ უმაღლესი განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ხელისუფლებამ კვლავ უნდა წაიწიოს წინ უმცირესობათა ენების სწავლების რეფორმირების თვალსაზრისით. კერძოდ, ECRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განიხილოს ამ თვალსაზრისით რამდენად იქნება გამოსავალი მულტილინგვური სწავლება.
ამ მიზნებისათვის ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც გადიან გადამზადებას ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლებისათვის, იცოდნენ იმ ეთნიკურ უმცირესობათა ენა, რომლებსაც უნდა ასწავლონ. ასევე, ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდეს ყველა შესაბამის მოსწავლეს. ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზება გაუწიოს სკოლათა პარტნიორობასა და მოსწავლეთა გაცვლას ქართულენოვან და არაქართულენოვან, კერძოდ კი, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში არსებულ, სკოლებს შორის, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურული და ლინგვისტური ისტორიის მქონე მოსწავლეთა დაახლოებას.
ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ არსებობს სახელმწიფო პროექტები მოსწავლეებისთვის შემწყნარებლობისა და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების პატივისცემის სასწავლებლად. 2006 წლის 26 სექტემბერს მიღებული ახალი კურიკულუმი კრძალავს მოსწავლეთა დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას (ეთნიკურ, რელიგიურ, ლინგვისტურ საფუძველზე). მაგალითისათვის, ECRI აღნიშნავს ერთ საინტერესო ინიციატივას: ქართულ სკოლებში ახლახან გავრცელდა სახელმძღვანელო „რელიგიური მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული განათლების“ შესახებ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და უმცირესობათა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მეტია გასაკეთებელი, რათა ზოგად კურიკულუმში ჩაერთოს ინფორმაცია ეთნიკურ უმცირესობათა კულტურისა და ისტორიის შესახებ, ამასთან, სახელმძღვანელოებიდან, განსაკუთრებით კი, ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ამოიღონ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უარყოფითი ხატები. ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ აამუშავა მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამჟამად შედგენილი სახელმძღვანელოები და ისინიც, რომლებიც მომავალში შედგება, არ შეიცავდეს ამ რანგის არანაირ უარყოფით შეფასებას და რომ კურიკულუმი უკეთ ასახავდეს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ იმუშავოს სკოლის კურიკულუმებისა და სახელმძღვანელოების ხარისხის კონტროლზე. სახელმძღვანელოები არ უნდა მოიხსენიებდეს უპატივცემულოდ და დამამცირებლად უმცირესობის არც ერთ ჯგუფს. ECRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს სასკოლო კურიკულუმსა და სახელმძღვანელოებს, განსაკუთრებით კი ისტორიის სახელმძღვანელოებს, რათა ისინი მოიცავდეს ინფორმაციას ეთნიკურ უმცირესობათა კულტურისა და ისტორიის შესახებ, რითაც მოსწავლეები შეიმეცნებენ მულტიკულტურული საზოგადოების უპირატესობებს.
თავის მეორე მოხსენებაში ECRI აღნიშნავდა, რომ მთავარი აქცენტი კეთდება უმრავლესობის რელიგიის (მართლმადიდებლობის) სწავლებაზე სახელმწიფო სკოლებში. წინა სასკოლო კურიკულუმში რელიგიის სწავლება სავალდებულოდ ითვლებოდა. ECRI რეკომენდაციას იძლევა გაუმჯობესდეს მდგომარეობა რელიგიურ საკითხთა სწავლების თვალსაზრისით, მეტი სიზუსტით აისახოს რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნება. 2007 წლიდან საჯარო სკოლებს აღარ შეუძლიათ თავს მოახვიონ მოსწავლეებს რელიგიის საგანი. მათ შეუძლიათ თავიანთ პროგრამაში შერჩევით შეიტანონ ისტორიის, კულტურის ან საზოგადოებაში რელიგიის როლის ამსახველი საგნები. ახალი მიდგომის შესაბამისად, ეს კურსი არ შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიას. ის მოსწავლეებს უნდა აწვდიდეს ინფორმაციას მსოფლიოში არსებული სხვადასხვა რელიგიის შესახებ. ასევე უკვე მომზადებულია სახელმძღვანელოები ამგვარი კურსების ფარგლებში პედაგოგიური საშუალებების შესახებ. ეს სახელმძღვანელოები გამოწვლილვით შეაფასეს, რათა რელიგიური ნეიტრალიტეტი გარანტირებულად იყოს დაცული. ეს მიმდინარე რეფორმაა და, ზოგიერთი წყაროს თანახმად, კვლავ საჭიროა იმის მონიტორინგი, თუ როგორ ინერგება რეფორმა საქართველოს ყველა სკოლაში. ეს უზრუნველყოფს ახალი მიდგომის სათანადოდ დაცვას განათლების სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანის მხრიდან, გამონაკლისის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმატებაა მიღწეული კურიკულუმში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის განხრით, ECRI შეწუხებულია იმის გამო, რაზეც მეორე მოხსენებაშიც ამახვილებდა ყურადღებას: კვლავ აღნიშნავენ, რომ მასწავლებლები და, მათი გავლენით, მოსწავლეები ავიწროებენ და ამცირებენ ბავშვებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რელიგიურ უმრავლესობას. კანონმდებლობა განათლების შესახებ ცხადად კრძალავს რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას და რელიგიური სიმბოლიკის გამოფენას საჯარო სკოლებში, თუ ამას არ აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება. თუმცაღა არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი ავიწროებს მოსწავლეებს, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, მაგალითად, რელიგიური სიმბოლოების გამოფენით საკლასო ოთახში ან უმრავლესობის რელიგიის სასარგებლოდ საუბრით მაშინაც კი, როცა ისეთ საკითხებს ასწავლიან, რასაც არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ მიუღიათ ოფიციალური საჩივარი სკოლაში რელიგიის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ. ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს შემოწმების სისტემა, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა სკოლას. ამდენად, თუ განათლების სამინისტროს ყურამდე მიაღწევს რელიგიურ ნიადაგზე იმ მოსწავლეთა დისკრიმინაციის ფაქტები, რომლებიც რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებიან, მასწავლებელს დისციპლინარული სასჯელი შეეხება. ECRI აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი აკვირდება ყველა საკითხს, რაც უკავშირდება ადამიანის უფლებათა შესაძლო შელახვას სკოლებში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით. ამდენად, როგორც ჩანს, ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს ვითარების სრული სურათის დასანახად, რათა ხელისუფლებამ რაიმე მოიმოქმედოს, რომ საჯარო სკოლებში უცილობლად იყოს დაცული რელიგიური ნეიტრალიტეტი.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგი გაუწიოს ახალი კურიკულუმის დანერგვის პროცესს ყველა საჯარო სკოლაში. თავის მხრივ, ახალი კურიკულუმი ითვალისწინებს რელიგიაში არჩევითი საგნების არსებობას, რათა რელიგიის სწავლების რეალური შინაარსი სრულად ასახავდეს საგნის ოფიციალურ შინაარსს, რაც ნეიტრალიტეტისა და მრავალფეროვნების პრინციპს ეფუძნება ახალი კურიკულუმის შესაბამისად. ECRI მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ მოსწავლეებს რელიგიის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდეთ მეცნიერული ნეიტრალიტეტის შესაბამისად, რაც არსებითია განათლების საკითხებში.
ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება მიწვდეს თითოეულ საჯარო სკოლას ცხადი მესიჯით სკოლაში რელიგიური მრავალფეროვნების აღიარებისა და პატივისცემის შესახებ. მისაღებია ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა მასწავლებელი პატივს სცემდეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ვთქვათ, მოხდეს მულტიკულტურულ გარემოში განათლების ყველა მუშაკის საწყისი და მიმდინარე გადამზადება. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსწავლეები არ გახდნენ დისკრიმინაციისა და ყოჩობის მსხვერპლნი სკოლაში მათი რელიგიის გამო და მიმართოს შესაბამის სანქციებს დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლენისას.
დასაქმება, სამართალწარმოება და სხვა სფეროები
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, არსებობს ეთნიკური დისკრიმინაციის პრობლემები დასაქმების ან სამართალწარმოების სფეროებში. მაგალითად, განცხადებების თანახმად, ენა არის ის ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ეთნიკურ უმცირესობებს უხერხულობას უქმნის დასაქმების ხელმისაწვდომობაში, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურებში, რადგან ზოგიერთმა მათგანმა საკმარისად კარგად არ იცის ქართული ენა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ენის ფაქტორი ყოველთვის საკმარისად ვერ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო ადამიანმა - ეთნიკური უნცირესობის წარმომადგენელმა - სამსახური. აქ შეიძლება თავის როლს თამაშობდეს სხვა „დაფარული“ ფაქტორებიც. ზოგიერთი წყარო ასევე ხაზს უსვამს, რომ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლოზე ოფიციალურ ენაზე თუ ენიდან იმდენად უხარისხოდ თარგმნიან, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი, ვინც თავად არ ფლობს სათანადოდ ქართულს, დაზარალებული რჩება მართლმსაჯულების მიღწევისას ქართულ ენაზე მოლაპარაკე გამომსვლელებთან შედარებით. სხვები მიუთითებენ, რომ ეთნიკურ უმცირესობათა ზოგიერთი წევრი თავს დისკრიმინირებულად გრძნობს და მიიჩნევს, რომ მეორე ხარისხის მოქალაქედ განიხილება. თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად ასეთი შეგრძნებისა, ეთნიკური უმცირესობები აღმოჩნდებიან ხოლმე სიტუაციაში, რომელიც ბევრად არ განსხვავდება იმ ვითარებისაგან, რომელშიც მოსახლეობის უმრავლესობა ამოყოფს ხოლმე თავს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კვლევა შეისწავლის ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაციის საკითხებს, ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ECRI-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ არსებობს სისტემური და ამომწურავი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა შესაძლო პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების მიმართ. იმის გამო, რომ არ არსებობს სასამართლოში აღძრული საქმეები, სანდო სტატისტიკური მონაცემები და არც რასობრივი დისკრიმინაციის გამოწვლილვითი შესწავლა ხდება, დღეისათვის არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმის შესაფასებლად, არის თუ არა საქართველოში დისკრიმინაცია და, თუ არის, რა დონისა.
აქედან გამომდინარე, ECRI-ს სჯერა, რომ აუცილებელია საქმის არსში უფრო ღრმად ჩახედვა, რათა დავინახოთ არსებული ვითარების ცხადი სურათი და მივიღოთ ზომები ვითარების გამოსასწორებლად, რაც უცილობლად საჭიროა, თუკი ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება და სამართალწარმოება, თავს იჩენს დისკრიმინაციის შემთხვევები, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი, წინასწარ განზრახული თუ სტრუქტურული დისკრიმინაცია. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საგანგაშო განცხადებებს, ამ თავში რომ არის მოხსენებული. ამ კონტექსტში ECRI ეხმიანება მისსავე რეკომენდაციებს, რომლებიც ამ მოხსენების სხვა მონაკვეთებშია წარმოდგენილი, კერძოდ, „ანტიდისკრიმინაციული ორგანოები და სხვა ინსტიტუციები“ - ზემოთ, და „რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის მონიტორინგი“ - ქვემოთ.
რასობრივი ძალადობა
ECRI შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში კვლავ აცხადებენ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების შევიწროებისა და რელიგიური თაყვანისცემის ადგილებზე მათი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფების შემთხვევების შესახებ ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების კუთვნილ ქონებაზე თავდასხმის გამო. ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს, ძირითადად, ჩადიან ადამიანები მოსახლეობის უმრავლესობიდან. ასეთი შემთხვევები თავს იჩენს მთელ ქვეყანაში და უმეტესად შეეხება არატრადიციულ რელიგიურ უმცირესობებს, კერძოდ კი, იეღოვას მოწმეებს. მაგრამ უფრო და უფრო მეტად ჩნდება შემთხვევები, როცა შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან მუსლიმები. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ამ შემთხვევათაგან ყველა როდი ეცნობება საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც ამ მოხსენების სხვა მონაკვეთებში იქნება განხილული. ამგვარი ინფორმაცია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ძნელი მოსაპოვებელია და ხელისუფლების მხრიდან საჭიროა შემდგომი კვლევა პრობლემის რეალური მოცულობის გასარკვევად.
რელიგიურ შეუწყნარებლობაზე პროკურატურის პასუხების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება ბოლო წლებში. საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი აგრძელებს შეუწყნარებლობის გამოვლინების ყველა შემთხვევაზე რეაგირებას და აღძრავს საქმეს დამნაშავეთა წინააღმდეგ. არსებობს ამგვარ შემთხვევებისა და მათი შედეგების ოფიციალური სტატისტიკა. ეს სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2006 წლიდან რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევათაგან ყოველწლიურად საშუალოდ 20-ზე ნაკლები ეცნობება პროკურატურას და გამოიძიება. მათგან ზოგიერთი დამნაშავის პატიმრობით დასჯით ან სხვა სანქციით დამთავრდა.
სახალხო დამცველის ახალი მოხსენება და სხვა წყაროები აღნიშნავენ, რომ შედეგები ნაკლებად პოზიტიურია პოლიციის მხრიდან რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლენის შემთხვევებზე პასუხის თვალსაზრისით. ჩანს, რომ, ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივი პოლიცია არ მიმართავს შესაბამის ზომებს მაშინ, როცა იღებს ინფორმაციას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების შესახებ. ECRI-ის ყურამდე მოვიდა შემდეგი პრობლემები: პოლიციის ზოგიერთმა თანამშრომელმა არ მოახდინა დროული რეაგირება, როცა მას სთხოვეს ჩარევა; სხვებმა კი რეალურად არ გამოიძიეს შემთხვევა ან დაუყოვნებლივ არ დაიწყეს გამოძიება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ გამოძიების დაწყებისას, პოლიციამ არ გაითვალისწინოს რელიგიური მოტივაცია. უეჭველია, სახალხო დამცველი ასრულებს პოზიტიურ როლს იმ საქმეში, რომ პოლიციამ ყურადღება მიაქციოს განსაკუთრებულ შემთხვევებს, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც ძალადობა რელიგიურ ნიადაგზე, რათა ეს ელემენტი სათანადოდ გაითვალისწინონ გამოძიებისას.
ECRI მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კვლავ ეცადოს და გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ეფექტიანად ებრძოლოს რელიგიური შეუწყნარებლობის ძალადობრივ გამოვლენას, მათ შორის, ფიზიკურ ძალადობას და/ან ქონებაზე თავდასხმას; გადაწყვეტით ურჩევს მას, რომ პოლიციამ ამომწურავად გამოიძიოს რელიგიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები, ამასთან, სრულად გაითვალისწინოს რელიგიური მოტივაცია რიგითი დანაშაულების დროს. კერძოდ, სპეციალური სახელმძღვანელო მითითებები უნდა შემუშავდეს პოლიციის თანამშრომლებისთვის რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევებში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, როცა მათ ეცნობებათ ამგვარი ფაქტის შესახებ. ECRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განიხილოს პოლიციის განყოფილებებში სპეციალური ერთეულის შექმნის საკითხი, რომელიც დასპეციალდება ამგვარ დანაშაულებზე; გამოსცეს აგრეთვე სამთავრობო რკულარები და სხვა დოკუმენტები პოლიციის თანამშრომლებში ცნობიერების ასამაღლებლად, რათა მათ რელიგიური მოტივაციით ჩადენილ დანაშაულებზე გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ.
რასიზმი საჯარო გამოსვლებში
ECRI ფრიად შეშფოთებულია იმ მოხსენებების გამო, რომელთა თანახმადაც ვითარება საჯარო საუბრებში რასიზმის გამოვლენის თვალსაზრისით გაუარესებულია ზოგიერთ ასპექტში, მიმდინარე მოვლენების გამო. ამასთან, რთულია არსებული ვითარებისა და მისი შესაძლო განვითარების შეფასება, რამდენადაც არ არსებობს რაიმე დაწვრილებითი კვლევა ან გამოკითხვა ამ საკითხზე. ქვეყანაში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისია, რუსეთთან პოლიტიკური უთანხმოებაა, ორი რეგიონი ქვეყანას მოწყვეტილია, სადაც ისეთი დაძაბულობა შეიქმნა, რომ იგი ხუთდღიან შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა 2008 წლის აგვისტოში, რასაც საქართველოს ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილის ოკუპაცია მოჰყვა. ზოგიერთი კომენტატორი წამოჭრის მოჭარბებული ნაციონალიზმისა და ანტირუსული რიტორიკის პრობლემას, რაც თავს იჩენს პოლიტიკოსთა გამოსვლებში. ზოგჯერ პროპაგანდის სამიზნეა რუსები, აფხაზები და ოსები, რომლებსაც „მტრებად“ სახავენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი ან მედია ეთნიკურ უმცირესობებს აღწერენ, როგორც „უსაფრთხოების შესაძლო საფრთხეს“. ECRI-ს აღელვებს ეთნიკური დაძაბულობის მოსალოდნელი ესკალაცია, თუკი გაგრძელდება აგრესიული ტონი, შესამჩნევი ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოსვლებსა და მედიაში. ამდენად, არსებითია, რომ ხელისუფლებამ დაიკავოს მყარი პოზიცია ნებისმიერი მცდელობისადმი, რომლის მიზანია საარჩევნო ქულების მოპოვება რასისტული, ქსენოფობიური გამონათქვამების ან შეუწყნარებლობის სხვა ფორმათა გამოყენებით.
პოლიტიკური დაძაბულობისა და კონფლიქტების ხანაში, ECRI-ის ღრმა რწმენით, საკმარისი არ არის ოდენ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე არსებითია სხვადასხვა ჯგუფს შორის ყოველმხრივი ურთიერთგაგებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის ხელშეწყობა. პოლიტიკოსებს, მედიას, საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს საზოგადოებას, როგორც ერთ მთლიანობას, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ამ თვალსაზრისით. ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ეროვნული კონცეფცია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებათა მთელ რიგს ქართულ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების მიმართ შემწყნარებლობის ხელშესაწყობად. შემწყნარებლობის ამგვარი ხელშეწყობით უნდა ისარგებლონ საქართველოში მცხოვრებმა უმცირესობათა სხვა ჯგუფებმაც, ვთქვათ, რელიგიურმა უმცირესობებმა. საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია გარკვეულ წარმატებას ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის, ისტორიისა და პრობლემების საზოგადოებრივ მედიაში გაშუქების საკითხში. მაგალითად, კანონი მაუწყებლის შესახებ მოითხოვს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის პროგრამებში ასახოს ეთნიკური, კულტურული, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნება, გაუშვას საეთერო პროგრამები ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე. საზოგადოებრივი რადიო ამზადებს პროგრამას „ჩვენი საქართველო“, რომელიც აშუქებს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებს. ზემოთ ნახსენები მაუწყებელთა ეთიკის კოდექსი შეიცავს მთელ წყებას დებულებებისას მრავალფეროვნების პატივისცემისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობის საკითხებზე.
ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მონიტორინგი გაუწიოს ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, მიმართ, სტერეოტიპების, აკვიატებული შეხედულებებისა და მცდარი დამოკიდებულებების გამოვლენას პოლიტიკურ დისკურსებსა და მედიაში. ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ განახორციელოს ყველა სვლა, მაგალითად, გამართოს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, იმისათვის, რომ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის გააუმჯობესოს ურთიერთშეთანხმებულობა, აღძრას ურთიერთნდობის გრძნობა და გააღვივოს ურთიერთგაგება მოსახლეობის უმრავლესობასა და უმცირესობათა ჯგუფებს შორის. ამით ხელს შეუწყობს შემწყნარებლობას და მშვიდობიან თანაარსებობას ქვეყანაში.
მოწყვლადი/სამიზნე ჯგუფები
ბოშები
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ბოშათა გათვალისწინება მთავრობის განხორციელებულ სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამებში და, კერძოდ, ეროვნულ კონცეფციაში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ დაუყოვნებლივ უპასუხოს ბოშათა თემის წარმომადგენლების მიმართ ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობის ან რასობრივი დისკრიმინაციის გამოვლენას.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, შეისწავლოს ბოშათა ბავშვების მდგომარეობა განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და განახორციელოს სვლები, რომლებიც ჩაითვლება აუცილებლად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ბოშა ბავშვმა ისარგებლოს თანაბარი შესაძლებლობებით ამ სფეროში.
თურქი მესხები
ამ მოხსენებაში ECRI-ს სურს აქცენტი გააკეთოს ზოგადად თურქი მესხებისადმი არსებულ განწყობაზე და მთლიანად რეპატრიაციის პროცესზე. თავის წინა მოხსენებაში ECRI-მ უკვე გამოთქვა შეშფოთება ამ საკითხის გამო. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტებში არსებობს მტრული განწყობილება თურქი მესხების მიმართ, განსაკუთრებით სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ ადგილებში ბინადრობს, საიდანაც დეპორტირებული პირები არიან წარმოშობით. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მიუხედავად ძალისხმევისა, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას თურქი მესხების მდგომარეობის შესახებ (ვთქვათ, სატელევიზიო პროგრამების მეშვეობით), ეს პრობლემა კვლავ მწვავეა. ამგვარი მტრული განწყობის სათავე, ზოგადად, საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაა, აგრეთვე ის მცდარი დამოკიდებულება თურქი მესხების მიმართ, რომელსაც პროპაგანდას უწევს ზოგიერთი მედია.
ECRI ინტერესით აღნიშნავს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მხარს უჭერს რეპატრიაციის პროცესს და არამარტო იმით, რომ ნიადაგს ამზადებს ამ პირთა რეპატრიაციისათვის. არსებული პროექტები ითვალისწინებს ტრენინგების გამართვას ენაში, იურიდიულ კონსულტაციასა და დახმარებას სამსახურის მოძებნაში. ECRI-ს ესმის, რომ სახელმწიფოს არ მიუღია რაიმე განსაკუთრებული სამოქმედო გეგმა თურქი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით. ECRI-ს სჯერა, რომ რეპატრიაციის პროცესის სრული წარმატებისათვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისას ხელისუფლებამ არ უგულებელყოს მთავარი - ინტეგრაციის - მიმართულება. ინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მასში ჩართულია როგორც მოსახლეობის უმრავლესობა, ასევე უმცირესობა. ამდენად, მოთხოვნები ამ თვალსაზრისით მიემართება მთელ საზოგადოებას და მხოლოდ თურქ მესხებზე არ ფოკუსირდება.
ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას თავისი ძალისხმევა დეპორტირებულ პირთა რეპატრიაციის პროცესის სასარგებლოდ მიმართოს, კერძოდ, უზრუნველყოს, რომ რეპატრიაციაზე განმცხადებლები არ დაბრკოლდნენ მოქალაქეობის მიღებაში არასათანადო შეზღუდვების გამო.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია, ზოგადად, ქართულ მოსახლეობაში და, კერძოდ, სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ რეგიონში ცხოვრობს, საიდანაც არიან წარმოშობით თურქი მესხები. ამგვარი კამპანიების მიზანია, რომ განუმარტოს მათ ამ ადამიანების დაბრუნების ისტორიული მიზეზები და თავიდან აიცილოს მათ წინააღმდეგ შეუწყნარებლობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა როგორც მოსახლეობის უმრავლესობისაგან, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რომელიც იმ არეალში ცხოვრობს, სადაც თურქი მესხები დაბრუნდებიან. ECRI იძლევა აგრეთვე რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიეროს თავის ძალისხმევა თურქი მესხების ინტეგრაციის მიმართულებით, განსაკუთრებით - მრავალმხრივი სტრატეგიის შემუშავებით, რომელიც უპასუხებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ენის შესწავლა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.
რელიგიური უმცირესობები
თავის მეორე მოხსენებაში ECRI შეეხებოდა გადასაწყვეტ საკითხთა მთელ რიგს, რომელსაც წამოწევდნენ რელიგიური უმცირესობები სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, ზედმეტი ბიუროკრატიით გამოწვეული დაბრკოლებების შექმნა რელიგიური წესის აღსრულების მიზნით შენობის გახსნისა ან აშენებისათვის. მართალია, რელიგიურ უმცირესობათა ზოგიერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე მიმართულებით წინსვლა აშკარაა (მაგალითად, რაც შეეხება სხვა სასულიერო პირთა ვიზიტს სატუსაღოებში პატიმართა მოსანახულებლად), მათ მაინც ხაზი გაუსვეს სხვა გადაუწყვეტელი საკითხების არსებობას.
მათ შორისაა დავა ზოგიერთი ეკლესიისათვის რელიგიური ქონების დაბრუნების შესახებ ან „არაკომერციული კერძო სამართლის პირის“ სტატუსის ადეკვატურობა - ეს ერთადერთი სტატუსია, რომელიც შეიძლება მიენიჭოს რელიგიურ უმცირესობას, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დარეგისტრირება სურს. ECRI ინტერესით შენიშნავს რელიგიათა საბჭოს მზარდ როლს რელიგიათაშორის და კულტურათაშორის დიალოგში. საბჭო დაარსდა 2005 წელს სახალხო დამცველთან. ხელისუფლება ხელს შეუწყობს შესაბამის რელიგიურ უმცირესობებთან დიალოგს, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა, რათა გამოძებნოს ყველა მხარისათვის მისაღები გამოსავალი ზემოთ აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად. ECRI კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რელიგიურმა უმცირესობებმა სრულად უნდა ისარგებლონ ხელისუფლების მიერ წამოწყებული სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებით, განსაკუთრებით, ეროვნული კონცეფციით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს დიალოგი რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან, კერძოდ, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, რათა გამოძებნოს გამოსავალი გადასაწყვეტი პრობლემებისათვის, როგორიცაა წინააღმდეგობების დაძლევა რელიგიური წესის აღსრულების მიზნით შენობის გახსნის ან აშენებისათვის ან რელიგიურ უმცირესობათა სამართლებრივი სტატუსის საკითხი.
ეთნიკური უმცირესობები
სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნიკური უმცირესობები სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი საქართველოში ჯერ კიდევ ზარალდებიან იზოლაციის პრობლემით და არამარტო ენობრივი ბარიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ნაკლებადაა განვითარებული შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში. ECRI კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მთავარ რეგიონებამდე მისაღწევად და ამ ნაბიჯებმა უკვე გამოიღო პოზიტიური შედეგი: გაკეთდა გზები ამ რეგიონების დედაქალაქთან დასაკავშირებლად, საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით გაზმომარაგების უზრუნველყოფით. თუმცა ამ თვალსაზრისით ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დიდ დროსა და ძალისხმევას წაიღებს.
როგორც ECRI-მ უკვე აღნიშნა თავის წინა მოხსენებაში, მიუხედავად უტყუარი ცნობების არარსებობისა, ზოგადად აღიარებულია, რომ ეთნიკური უმცირესობები ცუდად არიან წარმოდგენილნი სოციალურ სამსახურებში, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუციებში, როგორიცაა პარლამენტი და მთავრობა. არც ადგილობრივ ინსტიტუციებშია საქმე სახარბიელოდ, იმ რეგიონებშიც კი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ისინი შეადგენენ. მეტი ძალისხმევაა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეთნიკური უმცირესობები დამაკმაყოფილებელ დონეზე მონაწილეობდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, ECRI მიიჩნევს, რომ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (დაარსდა 2005 წელს, მდებარეობს ქუთაისში) მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ვითარების გაუმჯობესებაში. ამ ინსტიტუციის მიზანია სრულყოს დემოკრატიული ხელისუფლება და თვითმმართველობა რეგიონებში, კერძოდ კი, ეთნიკური უმცრესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტებს უტარდებათ სპეციალური ტრენინგები ქართულის ენის შესასწავლად. 2006-2008 წლებში ამ სკოლაში დადიოდა 133 აზერბაიჯანელი და 124 სომეხი სტუდენტი. ECRI დანანებით შენიშნავს, რომ სასკოლო მუშაობა მთლად სრულყოფილი არ არის. მაგალითად, ქართული ენის სასწავლებლად გამოყოფილი პერიოდი (ამჟამად 6 თვე) კვლავ არასაკმარისია. ხელისუფლებას გააზრებული აქვს არსებული კურიკულუმის ნაკლოვანებები და ამზადებს ახალ სასწავლო პროგრამას, რომელშიც ქართული ენის სწავლებას მიენიჭება მეტი პრიორიტეტი. ECRI ინტერესით შენიშნავს, რომ ხელისუფლება გეგმავს აგრეთვე სკოლის ფილიალის გახსნას რეგიონში, სადაც ეთნიკურ უმცირესობათა დიდი პოპულაციაა. თუმცა ECRI მხედველობაში იღებს შემაშფოთებელ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბევრი ადამიანი ეთნიკური უმცირესობის წრიდან, ვინც წარმატებით დაასრულა სწავლა ამ სკოლაში, სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში სამსახურის შოვნის სერიოზულ პრობლემებს წააწყდა.
ზოგადად, ECRI აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გათვითცნობიერებული აქვს დარჩენილი წინააღმდეგობები საქართველოს საზოგადოების სრული ინტეგრაციის გზაზე, როცა ეთნიკური უმცირესობები თავიანთ ადგილს იპოვიან, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეები. ამიტომ ეძებენ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს უმცირესობათა შესაბამის ჯგუფებთან კონსულტაციებით. ამ მიზნით მიიღეს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია, რომელიც მოიცავს ზემოთ აღნიშნულ ყველა ამოცანას ისევე, როგორც სხვა გამოწვევებს ინტეგრაციის პროცესში. ამდენად, ECRI იმედოვნებს, რომ ეს კონცეფცია სრულად დაინერგება, რათა გააუმჯობესოს საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ზოგადი მდგომარეობა და საბოლოოდ უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობების არსებობა ცხოვრების ყველა სფეროში საზოგადოების ყველა წევრისათვის.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს კონკრეტული ზომების მიღება ურთიერთნდობის აღდგენისა და განმტკიცებისათვის, ერთი მხრივ, ეთნიკურ უმცირესობებს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობისა და დიალოგის წარმართვის გზით, რათა მიიღოს ინტეგრირებული საზოგადოება, რომელშიც ეთნიკური უმცირესობები სრულად მონაწილეობენ. ეს ეხმიანება ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესახებ.
ECRI დაჟინებით უწევს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას კვლავაც შეეცადოს გააუმჯობესოს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურიკულუმის ხარისხი, კერძოდ, ის მონაკვეთი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათათვის ქართულის სწავლებას შეეხება. ასევე დაჟინებით ურჩევს ხელისუფლებას შეიმუშაოს მექანიზმები ამ სკოლის კურსდამთავრებულთა ხელშესაწყობად, განსაკუთრებით მათ დასახმარებლად, ვინც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნება, იზრუნოს კურსდამთავრებულების სახელმწიფო ადმინისტრირების სფეროში დასასაქმებლად, მათი განათლების დონის შესაბამისად.
თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები
ECRI კვლავ რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, შეასწოროს კანონი თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ მისი გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ამისათვის, ECRI მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ UNHCR-ის შესაბამისი შენიშვნები.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ლტოლვილთა ინტეგრაციის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მიმართ შესაძლებლობების გასაუმჯობესელი კამპანიების წამოწყებითა და მხარდაჭერით. ასევე, განახორციელოს ლტოლვილთა ნატურალიზაციის პროცესი მათთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს.
საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტის შედეგად ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა
ECRI დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა მძიმე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის, კერძოდ კი, ყველა იმ პირისათვის, რომელიც რჩება იძულებით გადაადგილებულად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, იმ პირთათვისაც, ვისაც ჯერ არ მიუღია იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი და სხვა კონფლიქტების შედეგად გადაადგილებულთათვის. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უნდა ეცადოს, რომ უზრუნველყოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები იძულებით გადაადგილებული ყველა პირისათვის. გადასადგმელია ნაბიჯები იმისთვისაც, რომ კოლექტიური ცენტრების პრივატიზაციის პროცესი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა კონფლიქტისაგან დაზარალებული ყველა ადამიანისათვის, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, განაგრძოს და გააძლიეროს თავისი ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისათვის. ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტაზე სამუშაო ადგილების შექმნის სქემის შემუშავებითა და შემოსავლიანი საქმიანობების ხელშეწყობით. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ არ დაიშუროს ძალისხმევა იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად, კონსტრუქციული დიალოგის გზით ყველა შესაბამის ეროვნულ თუ საერთაშორისო მხარესთან, რათა გამოიძებნოს გამოსავალი ყველა იმ პრობლემისათვის, რაც თავს იჩენს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისას.
ტერიტორიები, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლება ამჟამად ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს
1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტების გამო ამჟამად საქართველო ვერ ახორციელებს რეალურ ან ეფექტიან კონტროლს მისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. მართალია,ECRI-ს ჰქონდა საშუალება ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად განეხილა და გაცნობოდა სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ („ჩართულობა თანამშრომლობის გზით“), არსებულმა ვითარებამ არ მისცა საშუალება ECRI-ს შეესწავლა მოსახლეობის მდგომარეობა საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება დღეს ვერ აკონტროლებს. ECRI იმედოვნებს, რომ კონსტრუქციულ დიალოგს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო მხარეებს შორის მოყვება კონფლიქტის მშვიდობიანი და საიმედო გადაწყვეტა. თავისი მისიის კვალად, ECRI გამოხატავს ღრმა მწუხარებას იმ განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, ეთნიკური წმენდა განხორციელდა ეთნიკური ქართველების მიმართ სამხრეთი ოსეთში, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში. მეტიც ECRI-ს სურს გამოთქვას ღრმა წუხილი იმ განცხადების გამოც, რომ აფხაზეთის რეგიონში, გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები სერიოზულ აკრძალვებს აწყდებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების პროცესში.
სამართალდამცველ ორგანოთა მოხელეების ქცევა
ECRI კლვავ უწევს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რათა ბოლო მოუღოს სამართალდამცავთა მხრიდან უკანონო მოპყრობას, განსაკუთრებით, უმცირესობათა ჯგუფების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ცხადად დაანახოს, რომ სამართალდამცავთა ამგვარი ქცევა შეწყნარებული არ იქნება და დაისჯება.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას ყურადღება გაამახვილოს საზღვრის დამცველების მიერ ჩეჩნური წარმოშობის პირთა შეურაცხყოფის ფაქტებზე და ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად მიიღონ დაწესებული ზომები.
ECRI რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას გაიღოს და გააძლიეროს ძალისხმევა პოლიციაში იმ უმცირესობათა წარმომადგენლების დასასაქმებლად, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი ამ სფეროში და მათთვის უზრუნველყოს თანაბარი შესაძლებლობები კარიერული ზრდისათვის. ECRI იძლევა აგრეთვე რეკომენდაციას პოლიციაში ჩატარდეს შესაბამისი ტრენინგები მრავალფეროვანი საზოგადოების დაცვის თემაზე. ECRI დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას კვლავ გაიღოს ძალისხმევა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების კონსტრუქციული დიალოგის გასამართად პოლიციასთან დაკავშირებული საკითხებზე.
VIII.ეროვნული კონცეფცია შემწყნარებლობასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე
ECRI მიესალმება პრემიერ მინისტრის №348 დადგენილების მიღებას ეროვნული კონცეფციის შესახებ შემწყნარებლობასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე და 2009 წლის 8 მაისის სამოქმედო გეგმას. კონცეფციის მიზანი და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა შეიძლება შემდეგნაირად შეჯამდეს: შემწყნარებლობისა და პატივისცემის გარემოს შექმნა საქართველოში; ეთნიკურ უმცირესობათა ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა ცხოვრების ყველა სფეროში; ეთნიკურ უმცირესობათა კულტურისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის საჭირო პირობების შექმნა. ამ მიზნების მისაღწევად კონცეფცია წარმოადგენს ექვს ძირითად „მიმართულებას“, ესენია: კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონული ინტეგრაცია და კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება. კონცეფცია შემუშავებულია ეთნიკურ უმცირესობებთან კონსულტაციის გზით, კერძოდ კი, სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს ჩართვით. ინტეგრაციისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობის სფეროს სპეციალისტები მიესალმებიან ამ დოკუმენტს არამარტო იმის გამო, რომ იგი წარმოაჩენს სახელმწიფოს რეალურ მცდელობას, იმუშაოს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისათვის, არამედ იმიტომაც, რომ ეს არის მრავალმხრივი და ამბიციური სტრატეგია, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესის ყველა ძირითად დაბრკოლებას უპასუხებს.
რამდენადაც ჯერ ძალიან ადრეა შევაფასოთ შესრულება სამოქმედო გეგმისა, რომელიც ეს-ესაა ამოქმედდა, ECRI მხოლოდ შენიშნავს, რომ „კანონის უზენაესობის“ მიმართულება მიუთითებს კონცეფციის ორ მიზანს: უზრუნველყოს ეროვნულ უმცირესობათა ეფექტიანი დაცვა დისკრიმინაციისაგან და აამაღლოს საჯარო მოხელეთა ცოდნა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შესახებ. თუმცა აღნიშნული სამოქმედო გეგმა არ მოიცავს არანაირ პროექტს, რომლის მიზანიც იქნება კანონის უზენაესობის მიმართულების განხორციელება. ECRI დანანებით აღნიშნავს, რომ ეს ნიშნავს შემდეგს: ამ მომენტისათვის არ არის გათვალისწინებული კონკრეტული ღონისძიებები იმ ამოცანების მისაღწევად, რომლებიც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.ECRI-ს სურს ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ინტეგრაციის ნებისმიერი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი და იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მალე შემოგვთავაზებს კონკრეტულ ღონისძიებებს ამ სფეროში; ამ პროცესში კი გაითვალისწინებს ამასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, ამ მოხსენების სხვა ნაწილებში რომ არის მოცემული.
ECRI დაჟინებით უწევს რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლებას სრულად განახორციელოს ეროვნული კონცეფცია შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თაობაზე და უზრუნველყოს დადებითი ცვლილებების მიღწევა ყველა ფინანსური თუ სხვა აუცილებელი რესურსის ჩართვით დასახული ამოცანების მიღწევაში. ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართული ღონისძიებები დაემატოს სამოქმედო გეგმაში უკვე გათვალისწინებულ ზომებს. ამ კონტექსტში ეხმიანება ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოცემულია ამ მოხსენებაში სხვადასხვა ადგილას, განსაკუთრებით რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის დებულებებთან მიმართებით.
რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის მონიტორინგი
ECR შეწუხებულია იმით, რომ არ არის საკმარისად დეტალური ინფორმაცია საქართველოში უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფის მდგომარეობის შესახებ. ECRI-ის აზრით, მონაცემების შეგროვება დანაწევრებულად, ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, გაამარტივებს ცხოვრების იმ არეალების განსაზღვრას, სადაც შეინიშნება პირდაპირი თუ არაპირდაპირი რასობრივი დისკრიმინაცია, და ხელს შეუწყობს დისკრიმინაციის ამ ფორმებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებების გამოძებნას.
ეროვნული აღწერა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2010 წლის იანვარში, გადაიდო. ECRI იმედოვნებს, რომ აღწერა ჩატარდება რაც შეიძლება მალე, რამდენადაც წინა, 2002 წლის, აღწერიდან დიდი ხანია გასული. მომდევნო აღწერა იმგვარად უნდა ჩატარდეს, რომ წარმოაჩინოს ცხადი სურათი უმცირესობათა ჯგუფების მდგომარეობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასაქმება, დასახლება, ჯანმრთელობის დაცვა და განათლება იმ პრინციპების სრული დაცვით, რომლებიც ამ რეკომენდაციებშია მოცემული.
ECRI დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შექმნას მონაცემთა შეგროვების ყოვლისმომცველი და მყარი სისტემა, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოში უმცირესობათა სხვადასხვა ჯგუფის მდგომარეობის შეფასებას და რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმების მოცულობის განსაზღვრას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ამასთან კავშირში იძლევა რეკომენდაციას, რომ გაანალიზდეს შეგროვებული მონაცემები, დახარისხებული ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა ეთნიკური ან ნაციონალური წარმოშობა, რელიგია, ენა ან მოქალაქეობა, რათა გამოვლინდეს დისკრიმინაციის ნიშნები. ამავე დროს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მონაცემთა შეგროვება ხდებოდეს სისტემატურად, კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით, ინდივიდთა წინასწარი თანხმობით და ისე, რომ ისინი ნებაყოფლობით აიგივებდნენ თავს კონკრეტული ჯგუფის წევრებთან. მონაცემთა შეგროვების ეს სისტემა უნდა შემუშავდეს ყველა დაკავშირებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მონაწილეობით. სისტემა ორმაგი ან მრავალმხრივი დისკრიმინაციის შემთხვევების პოტენციურ არსებობასაც უნდა ითვალისწინებდეს.
რეკომენდაციები შუალედური შემოწმებისათვის
სამი კონკრეტული რეკომენდაცია, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ECRI უპირატესობას ანიჭებს, შემდეგია:
ECRI დაჟინებით აჩქარებს საქართველოს ხელისუფლებას განაგრძოს და განამტკიცოს ძალისხმევა ეთნიკურ უმცირესობათა მოსწავლეებისთვის ქართული ენის სწავლების საქმეში. კერძოდ, ამ მიზნით ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ მასწავლებლებმა, რომლებიც გადიან ტრენინგებს ქართულის, როგორც მეორე ენის. სწავლებაში, იცოდნენ იმ ეთნიკური უმცირესობის ენა, რომელთა მოსწავლეებსაც უნდა ასწავლონ. ასევე, ყველა მოსწავლეს, ვისაც ეს სჭირდება, უფასოდ დაურიგდეს ქართულის, როგორც მეორე ენის, სახელმძღვანელო. ECRI ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლებს შორის დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები, კერძოდ, სკოლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურული და ენობრივი საფუძვლის მქონე მოსწავლეების დაახლოებას.
საგანმანათლებლო კამპანიები ზოგადად საქართველოს მოსახლეობაში და, კერძოდ, სომხურ მოსახლეობაში, რომელიც იმ რეგიონში ბინადრობს, საიდანაც არიან წარმოშობით თურქი მესხები, რათა აუხსნან მათ ამ ადამიანების დაბრუნების ისტორიული მიზეზები. ამგვარი კამპანიების მიზანია თურქი მესხების წინააღმდეგ შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმის თავიდან აცილება, როგორც მოსახლეობის უმრავლესობის წარმომადგენელთაგან, ასევე იმ რეგიონში, სადაც ეს ადამიანები დაბრუნდებიან. ECRI იძლევა აგრეთვე რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ გააათკეცოს ძალისხმევა თურქი მესხების ინტეგრაციისათვის, კერძოდ კი, შეიმუშაოს მრავალმხრივი სტრატეგია, რომელიც უპასუხებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ენის შესწავლა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.
ECRI დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა მოახმაროს ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის კურიკულუმის ხარისხის გაუმჯობესებას, რამდენადაც ამ სკოლის მოვალეობაა ქართული ენის სწავლება ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის. იძლევა აგრეთვე რეკომენდაციას, რომ ხელისუფლებამ შეიმუშაოს მექანიზმები ამ სკოლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასასაქმებლად, მათი განათლების დონის შესაბამისად.
ამ სამი რეკომენდაციისათვის შუალედურ შემოწმებას ECRI განახორციელებს მოხსენების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის შემდეგ.
![]() |
10 Summary |
▲back to top |
Main topics of the 3rd issue (2010) of the magazine are freedom of expression and religious intolerance, as well as basics of tolerance according to Christianity. These themes are highlighted in our Round-Table with participation of the Expert of the Tolerance Centre under the Public Defender's Office, Beka Mindiashvili, poet Rati Amaghlobeli, expert David Zurabishvili and lawyers Vakhtang Menabde and George Meladze. The following articles also pertain to the above topics: “Approach of the Early Church towards People of Different Consciences” by David Tinikashvili, “Opportunity of Overcoming the Fundamentalism” by Kakhaber Kurtanidze, “Basics of Tolerance in the New Testament” by Beka Mindiashvili, “St. Episcope Gabriel about Faith and Citizenship” by Nugzar Papuashvili and “Secularization and De-secularization” by Giga Zedania. In this issue we also present a translated article “Influence of the Christian Social Teaching on the Market Economy” by Manfred Speaker.
Level of democracy in Georgia is discussed in the article by Professor Charles H. Fairbanks “Georgia's Soviet Legacy” and in the interview with the professor Gia Nodia “Characteristics of Hybrid Regimes”.
In this issue we also present an article by the lawyer Thea Tsulukiani “Rights of the Prisoners and Obligations of the Penitentiary Administration in Accordance with Article 3 of the European Convention”, an article by Pridon Sakvarelidze “Punishing Psychiatry” and the short version of the report on Georgia of the European Commission against Racism and Intolerance.