![]() |
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან |
ფეიქრიშვილი ჟუჟუნა
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან
მრავალფეროვან წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფიაში
მოთხრობილია სახელოვანი ქართველი მამულიშვილების,
ცნობილი მრეწველ-კომერსანტებისა და სამაგალითო ქველმოქმედ-მეცენატების კათოლიკე
ზუბალაშვილების ერთი
შტოს საინტერესო მოღვაწეობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია; ეპოქის შესაბამისად
არის წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგადი სურათიც.
ნაშრომი ერთხელ კიდევ შეახსენებს მკითხველს, რომ ნიჭიერებასთან ერთად
შრომისმოყვარეობა, მშობლიური ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება ღვთით კურთხეული
მადლია, რომ ადამიანის სიცოცხლე სხვა არაფერია, „თუ არა საქმე კეთილი...“
რედაქტორი პროფ. მურმან პაპაშვილი
რეცენზენტები: ნანა ახობაძე, პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე
წიგნი გამოიცა ამიერკავკასიის ლათინური წესის
კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
© ჟ. ფეიქრიშვილი, 2011
გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011
თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, : 22 36 09, 8(99) 17 22 30
E–mail: universal@internet.ge
ISBN 9 789 9 41172748
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
რედაქტორისაგან
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი
(რეცენზია) ავტორის წინათქმა
შესავალი
კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს
გენეალოგია
ზუბალაშვილების გვარის ისტორია (მოკლე
მიმოხილვა)
კათოლიკე ზუბალაშვილთა ერთი შტოს პირველი
წარმომადგენელნი (XVII-XVIIIსს.)
ზურაბ ზუბალაშვილი
გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი
ივანე ზურაბის ძე ზუბალაშვილი
მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი
ზაქარია მიხეილის ძე ზუბალაშვილი
გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი
იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი
კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დავით ივანეს ძე
ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი
დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი
ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი
პავლე ანტონის ძე ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ანასტასია დავითის ასული ზუბალაშვილი ზუბალაშვილთა
მეცენატობა-ქველმოქმედების
ზოგადი ნუსხა ლიტერატურა და წყაროები
ანოტირებული ბიბილიოგრაფია დანართი
ავტორის ბოლოთქმა ფოტოდოკუმენტური მასალა
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქტორისაგან პატივცემულო მკითხველებო, მოემზადეთ მეტად სასარგებლო
და სასიამოვნო წიგნის გასაცნობად. ემერიტუსი პროფესორის
ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი „ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და
მეცენატობის სათავეებთან“ არ შეიცავს ვრცელ „მეცნიერულ“
პასაჟებს, მაგრამ იგი გვამაღლებს ავტორის მეცნიერული გააზრების
სიმაღლემდე და ლოგიკური კონსტრუქციით წარმოგვიდგენს
გამოჩენილ ქართველ კათოლიკე ზუბალაშვილთა
სახელოვანი გვარის ერთი შტოს საქმიანობის ისტორიას.
თანამედროვე წიგნიერი საზოგადოებისათვის ზუბალაშვილთა
სამეწარმეო, საქველმოქმედო, კულტურული თუ სხვა
საქმიანობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია ნაკლებადაა
ცნობილი. წარმოდგენილი ნაშრომი არა მხოლოდ ავსებს ამ
ხარვეზს, არამედ ერთბაშად გვამდიდრებს და სასიქადულო
მამულიშვილთა ნიჭი, მრავალფეროვანი კეთილი საქმე, მეცენატობა
სიამაყის გრძნობითაც გვავსებს. ამ წიგნის მიხედვით
სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზუბალაშვილებმა
პირველებმა დაუდეს სათავე საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო
საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით ავტორი მრავალფეროვანი
წყაროებისა და ლიტერატურის საფუძველზე
ქმნის ერთიან ქსოვილს ამ გვარის წარმომადგენელთა მრავალმხრივი
ეკონომიკური, სამრეწველო, კულტურული, საგანმანათლებლო
საქმიანობის შესახებ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ნაშრომი
შეუნელებელ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ თემით,
არამედ ავტორისეული მიზანდასახულობითა და სტილით.
კერძოდ, ამ სასიამოვნო წიგნით ნათლად ჩანს, რომ ქართველ
კათოლიკე ზუბალაშვილთა სავაჭრო-სამეწარმეო საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ეროვნული ეკონომიკის შექმნა-განვითარებას
და მასში რელიგიური აღმსარებლობა არასოდეს
არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას. ჩვენი დროის
ეს გამოწვევა - ზუბალაშვილების ერთი შტოს საქმიანობის
ისტორიულ ჭრილში გააზრება დიდ პრაქტიკულ დანიშნულებას
იძენს. მისი გახსნა ავტორმა მეცნიერული გამოცდილებითა და გულდასმითი ანალიზით წარმატებით განახორციელა.
უფრო მეტიც, ქალბატონმა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა სხვადასხვა
დროს, სხვადასხვა გარემოებაში ზუბალაშვილთა ბიოგრაფიული
დახასიათებითა და ამის ფონზე მათი მრავალფეროვანი
მოღვაწეობის წარმოჩენა-შეფასებით, თანამედროვე სახელდებით
რომ ვთქვა, ქართველ ბიზნესმენებს იმისი მაგალითი
დაუსახა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ღვაწლს, მეცენატობას,
ქველმოქმედებას როგორც ეროვნული ეკონომიკის
განვითარებაში, ისე ისტორიული მახსოვრობისათვის. ამ
თვალსაზრისით ეს წიგნი გვიმტკიცებს, რომ ისტორიის სამართალი
„ურმით დადის“ და ქველმოქმედ, კეთილი საქმის
მკეთებელ ბიზნესმენებს ისტორია არ დაივიწყებს.
დაბოლოს, წარმოდგენილი წიგნი საქართველოს სოციალური
ისტორიის უკეთ გაგებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
იგი სიამაყის გრძნობით გვავსებს ჩვენი წინაპრების ნიჭისა
და ევროპელთათვის დამახასიათებელი მიზანდასახულობისა
და სხვა თვისებების იდენტობის გამო...
პაპაშვილი მურმან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი
![]() |
3 ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარდაველიძე ნუგზარ პროფესორი
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი (რეცენზია)
ხშირად გვსმენია ჩვენს თანამემამულეთა მიერ გულისტკივილით
გამოთქმული წუხილი იმის შესახებ, რომ ქართველებს
მრეწველები არ გვყავდა, რომ მრეწველობა მხოლოდ
ჩვენი მეზობელი ეთნოსების ხელში იყო თავმოყრილი... და
სხვა ამგვარი სტერეოტიპული ციტატები, რომლებსაც ძირითადად გამოთქვამენ ქართული მრეწველობის ისტორიაში
სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანები.
სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დუმდა ქართველ მრეწველებზე, თითქოს ისინი საერთოდაც არ არსებულიყვნენ,
მეტიც: ათეული წლების მანძილზე მავანნი ნერგავდნენ
აზრს, რომ თბილისი აშენებულია არაქართველთა მიერ...
ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩვენი
საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობი იყო საერთოდ
ქართველ მრეწველთა, კერძოდ, ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს
წარმომადგენელთა შრომა-საქმიანობა, მათ მიერ
აგებული მრავალრიცხოვანი ნაგებობის ისტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნის მიხედვით ზუბალაშვილებს სამმაგი ტაბუ
ედოთ: პირველი, ცხადია, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან
გავლენიანი მრეწველები იყვნენ; მეორეც, იმიტომ, რომ მათი
დიდი ოჯახის ზოგი წევრი ემიგრაციაში მოღვაწეობდა; მესამე, იმიტომ, რომ გამორჩეულად მორწმუნეები, ეკლესიის მაშენებლები და თანაც კათოლიკური მრწამსის ქრისტიანები
იყვნენ; კომუნისტებს კი ყველა მორწმუნეზე მეტად კათოლიკენი
აღიზიანებდათ.
... და იდგა თბილისის ძველ უბნებში არქიტექტურითა
და საზოგადოებრივი ფუნქციით გამორჩეული მრავალი ნაგებობა,
რომლებიც თბილისის იერსახეს ქმნიდნენ და ახლაც
გასული საუკუნის ძეგლებს წარმოადგენენ. როცა ხედავ თბილისის
მშვენებად ქცეულ საჯარო დანიშნულების შენობებს,
სადაც განთავსებულია მწერალთა კავშირი, ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმი, მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული
თეატრი, ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო
და ა. შ. როგორ უნდა დაიჯერო, რომ საუკუნეების
მანძილზე საქართველოში მრეწველობა მხოლოდ უცხოთა
ხელში იყო.
სიმართლე კი სულ სხვაა: XIX-XX საუკუნეებში რუსული
ცარიზმისა და რუსული ბოლშევიზმის ბატონობის დროს კოლონიური
ხელისუფლება ცდილობდა მთელი მონდომებით
დაემტკიცებინა, რომ ქართველები არასრულფასოვანი ერია
და, თუ არა რუსეთის იმპერია, ირანი და ოსმალეთი მთლიანად
მოსპობდა საქართველოს; ან: როგორ შეიძლება დამოუკიდებლობაზე
იოცნებოს ერმა, თუ მას ეროვნული მრეწველობა
არასოდეს არ ჰქონია. ამგვარი მითებით აყალიბებდნენ
აზრს ქართველთა სხვაზე დამოკიდებულების შესახებ.
საბედნიეროდ, ის საგანძური (მატერიალური თუ სულიერი),
რაც ქართველმა მრეწველებმა საუკუნეების მანძილზე
თავიანთი ქვეყნისათვის შექმნეს, და მათი ადამიანური ღვაწლი
დაფარული არ დარჩენილა. როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა
მოიპოვა, თავისი ისტორიის სრულყოფისთვისაც
მოიცალა. ცნობილი ქართველი მრეწველების სახელები გასული
საუკუნის 90-იანი წლებიდან საჯარო გახდა. როდესაც
ეცნობი ქართველ მრეწველთა, კერძოდ კი, ზუბალაშვილთა
შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს, მათს ნიჭიერებასა და გაზუბალაშვილები
ბედულებასთან ერთად თვალში გხვდება გამორჩეული თვისება
და ღირსება საზოგადოების მიმართ ქველმოქმედების გაწევის
უსაზღვრო სურვილისა. ეს თვისება მართლაც გამოარჩევს ზუბალაშვილებს მათი თანამედროვე სხვა დანარჩენი
მრეწველებისაგან.
სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის ზნეობრივი, როცა
ქველმოქმედება შენი ცხოვრების წესია და როდესაც განურჩევლად ყველას, ვინც კი საჭიროებს თანადგომას, უანგაროდ
ეხმარები. მსგავსი მოწყალების აუცილებლობაზე ქრისტიანობა
და სხვა რელიგიებიც მოგვიწოდებენ, მაგრამ ამ მოთხოვნათა
განსახორციელებლად ყველა როდი ვართ გახსნილები...
თავად დროებამ დააყენა მოთხოვნა, რომ ქართული
მრეწველობის სათავეებთან მდგომი ზუბალაშვილების საგვარეულოს
ისტორია მომავალი თაობებისათვის შემოენახა, როგორც
მისაბაძი მაგალითი მამულიშვილობისა და ჭეშმარიტი
ქრისტიანული ქველმოქმედებისა. მართალია, ზუბალაშვილებზე
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მრავალი სტატია გამოქვეყნდა,
მაგრამ, ცხადია, ცალკეულ პუბლიკაციებში შეუძლებელი
იქნებოდა ამ გვარის სახელოვან წარმომადგენელთა
მთელი ამაგის სრულყოფილი წარმოჩენა.
პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვიის მართლაც
უდიდესი მონდომებისა და მკვლევარისათვის დამახასიათებელი
დაუღალავი ძიების წყალობით ქართველმა მკითხველმა
მიიღო შესანიშნავი საჩუქარი - წიგნი „ზუბალაშვილები ეროვნული
მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან„. მასში
თავმოყრილია კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს სამსაუკუნოვანი
ისტორია. ნაშრომის ავტორი XVIII საუკუნიდან
იწყებს ზუბალაშვილთა გვარის სხვადასხვა შტოს ამბავთა
თხრობას; სხარტი, ლაკონური ენით აცოცხლებს ამ საგვარეულოს
წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს;
ეს ყველაფერი ვითარდება ქვეყნის რეალური ყოფის
ფონზე. აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ავტორი არ
ისაზღვრება ზუბალაშვილთა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური, სქემატური პორტრეტის დახატვით, არამედ არსებული
ფაქტობრივი მასალის საფუძველზე ცდილობს მკითხველს მიაწოდოს
ამ გვარის სხვადასხვა წევრის შეულამაზებელი სურათი
(ამ ასპექტით განსაკუთრებით ფასეულია წიგნის ბოლოს
დართული ანოტირებული ბიბლიოგრაფია). წიგნი არა
მარტო ერთი საგვარეულოს წარმომადგენელთა ცხოვრებას
აცოცხლებს, არამედ მთელი ეპოქის სურათსაც აღადგენს და,
რაც მთავარია, მკითხველს უბიძგებს ფიქრისაკენ ქველმოქმედების
მოთხოვნილების შესახებ.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ საჩუქრის მიღებაზე უფრო
მეტად ადამიანს საჩუქრის გაცემა ანიჭებს სიამოვნებას.
როცა ეცნობი ერთ წიგნად თავმოყრილ ზუბალაშვილების
საგვარეულოს შესახებ შეკრებილ მასალებს, კიდევ ერთხელ
ჩნდება რიტორიკული კითხვა: რა უფრო მეტ სიამოვნებას
ანიჭებს ადამიანს - ფულის შოვნა, თუ ამ ფულით ქველმოქმედების
კეთება? ვინც წარმოდგენილ წიგნს ცალი თვალით
მაინც გადახედავს, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ზუბალაშვილებმა
თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარმოგვიდგინეს
პასუხი კითხვებზე: თუ რა არის ადამიანის
ცხოვრების მთავარი მიზანი, ან ვის რაში უნდა მიჰბაძო.
მართლაც, სადაც კი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ
ზუბალაშვილები - საქართველოში, რუსეთსა თუ საფრანგეთში,
აგრეთვე ბაქოში - ყველგან დატოვეს სახელი გამორჩეული
ადამიანისა, რომლისთვისაც ქველმოქმედება ცხოვრების წესია.
და როდესაც კითხულობ ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის
მონოგრაფიას ზუბალაშვილების დინასტიის შესახებ,
გიჩნდება სურვილი, ამ სახელოვანი ქველმოქმედი ადამიანების
მსგავსად თესო სიკეთე.
P.S. ქალბატონ ჟ. ფეიქრიშვილის მონდომება იმითაც
არის აღნიშვნის ღირსი, რომ ეროვნული მრეწველობის ისტორია
ჯეროვნად არ არის შესწავლილი და თეთრი ლაქებითაა
მოცული. ზუბალაშვილების მსგავსად სხვა ქართველი მრეწზუბალაშვილები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე
იყო და ეს ფაქტი სრულიად ობიექტური მიზეზებით არის
განპირობებული, ელიან მათი ისტორიების გამოცემას. და ეს
კვლევები არც კონფესიური თვალსაზრისით ან სხვა რაიმე
მოსაზრებით კი არ არის აუცილებელი, არამედ ისტორიული
სინამდვილის დასამტკიცებლად, რომ ქართველები მსგავსად
სამხედრო ან კულტურულ-სამეცნიერო სფეროებისა, მრეწველობაშიც
ტოლს არ უდებდნენ არავის და, თუ ჩვენმა ქვეყანამ
მოაღწია XXI საუკუნემდე, ამაში ქართული მრეწველობის
ლომის წილია დავანებული.
![]() |
4 ავტორის წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორის წინათქმა
ქართველი კათოლიკე ზუბალაშვილების სახელოვანი
გვარის ერთი შტოს წარმომადგენელთა ცხოვრება-საქმიანობის
უფრო ღრმად გაცნობამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა
ქართული გენის სიძლიერეში და იმაშიც, რომ ყოველი კულტურული
ერის წინსვლა-განვითარება წარმოუდგენელია მისი
წარსული მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე...
და რაოდენ დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური
თუ სხვა მიზეზების გამო თანამედროვე საზოგადოებამ, განსაკუთრებით,
ახალგაზრდობამ, ძალიან ცოტა ან თითქმის
არაფერი იცის ამ მართლაც სასიქადულო მამულიშვილების,
ჭეშმარიტი ერისკაცების სანიმუშო საქმიანობის, მათი დიდსულოვნებისა
და კათილშობილების შესახებ, მაშინ როცა წინა
საუკუნეების პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენცია,
ვისაც გული შესტკიოდა სამშობლოზე, მოყვასზე, მაღალ შეფასებას აძლევდა ზუბალაშვილთა თაობების ღვაწლს;
აღიარებდნენ მათს უდიდეს დამსახურებას ქვეყნისა და ერის
წინაშე და ქართველთათვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდნენ
არა მხოლოდ მათ მიერ გაწეულ ფართომასშტაბიან ქველმოქმედებას,
არამედ გააზრებულ, გონივრულ საქმიანობას საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ვფიქრობთ, დღეს კიდევ უფრო სასურველია (და აუცილებელიც!)
ზუბალაშვილთა ცხოვრებითაც ჩვენი თანამედროვეობა
ახლოს გაეცნოს წარსულ მემკვიდრეობას და ისიც კარგად
გაითავისოს, რომ ადამიანმა საქმით, ღირსებით უნდა
დაადასტუროს მშობელი ქვეყნისა და ერის სიყვარული, რომელიც
არ იზომება არც რელიგიური აღმსარებლობით და
არც ყალბი პათეტიკით ქართველობაზე...
სამწუხაროდ, ამ ბოლო ათწლეულში არასასიამოვნო რეალობის
წინაშე აღმოვჩნდით: მავანთა და მავანთა პირადი ინტერესებისა
თუ „პატარაკაცობის“ გამო ჩვენში ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირებენ რელიგიურ აღმსარებლობასა და
ეროვნულობას. ამიტომ არცთუ იშვიათად ხმამაღლა გაისმის
ფრაზები: „მხოლოდ მართლმადიდებელია ქართველი“, „ვინც
არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“... გულსატკენია,
რომ ასეთმა „უბირმა მორწმუნეებმა“ არ იციან საქართველოს
ჭეშმარიტი ისტორია და არც ის, რომ ადრექრისტიანული
ხანიდან მოყოლებული საქართველოში კათოლიკე
ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ანტიეროვნული; პირიქით,
საქვეყნოდაა აღიარებული უცხოელი კათოლიკე მისიონერების
უდიდესი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში... და
მეორეც, ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს კათოლიკეების: პეტრე
ხარისჭირაშვილის, ივანე გვარამაძის (ვინმე მესხი), მიხეილ თამარაშვილის,
ზაქარია ფალიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, მიხეილ
თარხნიშვილის, ზუბალაშვილების, ოცხელების, კოკოჩაშვილების,
ყაუხჩიშვილების, ხეჩინაშვილების, თუმანიშვილების,
უმიკაშვილების, ბეთანელების, გოკიელების, მიზანდარების, პოლოლიკაშვილების,
დები იშხნელებისა და სხვათა ქართველობაში,
მათს განსწავლულობაში, ეროვნული საქმეების მსახურებაში,
ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარულში?!
ღმერთმა ამრავლოს ზუბალაშვილთა მსგავსი ქართველები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები, ნიჭიერი, საქმიანი
ადამიანები, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო პატიოსანი შრომა, რწმენის ერთგულება
და უსაზღვრო ქველმოქმედება .
მართალია, ზუბალაშვილების სიცოცხლეშივე ამ გვარის
წარმომადგენელთა საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე იბეჭდებოდა
ბევრი საინტერესო ინფორმაცია, იწერებოდა ნარკვევები,
წიგნები, მაგრამ 1920-იანი წლებიდან ახალი პოლიტიკური
რეჟიმის გამო ერთგვარი ტაბუ დაედო საბჭოური პოზიციით
„ხალხის მტრებად“ გამოცხადებული ქართველი მსხვილი
მრეწველების, ვაჭარ-კომერსანტების, ცნობილი მეცენატების
ხსენებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზუბალაშვილებისა და მათი მსგავსი ერისკაცების ღვაწლის მივიწყებას
საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდის ქართულ სინამდვილეში,
ახალი თაობების ქართველთა ცნობიერებაში. გარდა
ამისა, ამ გაუმართლებელ ტენდენციას ჩვენს შემთხვევაში
ისიც აძლიერებდა, რომ ზუბალაშვილთა გვარის ერთ შტოს,
რომელიც წინა საუკუნეებში გამოირჩეოდა მრავალშვილიანობით
(მრავალვაჟიანობით), XX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში
თითქმის აღარ დარჩა მემკვიდრე: ზოგი შეეწირა
სისხლიან 1937 წელს, ზოგმა კი რეპრესიების გამო თავი
შეაფარა უცხოეთს და იქვე აღესრულა; ამავე მიზეზით, ცხადია,
სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ გაბედავდნენ ის ზუბალაშვილები,
რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ საბჭოთა
ხელისუფლების დამყარებამდე, რის გამოც ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის შთამომავლები
საბოლოოდ უცნობნი დარჩნენ მშობლიური კუთხისათვის.
და ასეთ პირობებში, ათეული წლების მანძილზე (გასული
საუკუნის 90-იან წლებამდე), ბუნებრივია, ბევრი აღარაფერი
დაიწერებოდა ფართო მკითხველისათვის ზუბალაშვილთა შესახებ, მაგრამ, საბედნიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების
შეცვლის შემდეგ ჩვენშიც გახდა შესაძლებელი საუბარი ე.წ.
ტაბუდადებულ თემებზე. ქართული პრესა, ქვეყნის ახალი
სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, უფრო
დაინტერესდა წარსული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში
გადმოტანით, მისი დადებითი მომენტების ფართო პოპულარიზაციით
და ა.შ. ყოველივე ამან განაპირობა საგანგებო ინტერესი
ზუბალაშვილების სახელოვანი თაობების მიმართაც.
მათ შესახებ ბოლო ათწლეულებში დაიწერა არაერთი პუბლიკაცია,
რომლებიც გაბნეულია დღევანდელი ქართული პრესის
ზღვაში (და ამის გამოც მათი თავმოყრა და ერთიანობაში აღქმა
დაინტერესებული მკითხველისათვის ერთობ ძნელი გახდა!).
აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველი
მსხვილი ვაჭარ-მრეწველებისა თუ მეცენატების შესახებ საბჭოთა პერიოდამდე დაბეჭდილი პუბლიკაციები, უკვე საარქივო
მასალად ქცეული, დღეს ნაკლებხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ზუბალაშვილებთან
დაკავშირებით არსებული წერილობითი მასალა თუ
ზეპირი ინფორმაციებიც კი შეგვეკრიბა, შეგვეჯერებინა და
ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ერთ წიგნად წარგვედგინა
მკითხველისათვის.
ნაშრომი ემყარება სხვადასხვა წყაროს: სპეციალურ წიგნებს,
ცალკეულ სამეცნიერო გამოკვლევებს; XIX-XX საუკუნეებისა
და თანამედროვე ქართული პერიოდული პრესის მასალებს,
თბილისის მუზეუმებში დაცულ საარქივო ინფორმაციებს,
ხელნაწერებსა და სხვა სახის დოკუმენტებს (იხ. ლიტერატურის
სია). პირველ ყოვლისა, მუშაობაში დიდი სამსახური
გაგვიწია ზაქარია ჭიჭინაძის საგაზეთო სტატიებმა თუ წიგნებმა (მოიცავს
დაახლოებით 1910 წლებამდე პერიოდს). ასევე უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებთ
ზუბალაშვილთა გვარის უკანასკნელ შთამომავალს, აწ გარდაცვლილ ქალბატონს - ანასტასია დავითის ასულ ზუბალაშვილს, რომელიც
თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შესაშური შემართებით იცავდა სახელოვანი წინაპრების ღირსებას, რუდუნებითა
და სიყვარულით აგროვებდა მამა-პაპათა ცხოვრებამოღვაწეობის
ამსახველ პუბლიკაციებს ქართული თუ რუსული
ჟურნალ-გაზეთებიდან... ზოგიერთ მათგანს ავსებდა და
აზუსტებდა კიდეც საკუთარი მოგონებებით (ეს მასალები ამჟამად ინახება თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების
(ამაღლების) კათოლიკური ეკლესიის არქივში).
მადლობას ვუხდით აგრეთვე ბავშვთა I და ქალაქის I
კლინიკური საავადმყოფოების თანამშრომლებს გულისხმიერებისა
და თანადგომისათვის, განსაკუთრებით კი ექიმ ნოე
ლეჟავას საინტერესო ინფორმაციებისა და სხვა საგულისხმო
მასალების მოწოდებისათვის, აგრეთვე, მისი იმ დიდი სურვილისათვის,
რომ, ერთი მხრივ, თანამედროვეობამ არ დაივიწყოს
სახელოვანი ერისკაცების - ზუბალაშვილების ღვაწლი
და, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოებაც უფრო ყურადღებით
მოეკიდოს ეროვნული ღირსების დაცვას, კრიტიკულად შეხედოს
ყალბ ავტორიტეტებს და თავადაც იზრუნოს ჭეშმარიტების
აღსადგენად.
ჩვენი წიგნის პერსონაჟები კათოლიკე ზურაბ ზუბალაშვილის
(1640-1737 წწ.) შთამომავლები არიან. ამიტომაც ამ
შტოს გენეალოგიას ვიწყებთ ზურაბით (პირობითად - პირველი
თაობა), მეორე თაობად ვთვლით მის მემკვიდრეს გიორგის (1694-1771 წწ.), რომლის შვილები, შვილიშვილები და
შვილთაშვილები აგრძელებენ გვარს, შესაბამისად, ცვლიან
თაობებს და თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ
კვალს ტოვებენ მშობლიური ქვეყნის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.
ცხადია, ერთ წიგნში ყველა მათგანზე (7 თაობის მრავალრიცხოვან
წარმომადგენელზე) დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ.
ამჯერად გამოვყოფთ მხოლოდ ისეთებს, რომლებმაც
გამორჩეული ნიჭიერებით, განათლება-კულტურით, მოღვაწეობით,
ეროვნულ საქმეებზე ზრუნვითა და უდიდესი მეცენატობაქველმოქმედებით თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს
საქართველოს ისტორიაში.
წიგნის დასაწყისში მკითხველი ზოგადად გაეცნობა ზუბალაშვილების
გვარის ისტორიის მოკლე მიმოხილვასა და
XVII-XVIII საუკუნეებში მცხოვრებ კათოლიკე ზუბალაშვილთა
ამ შტოს ზოგიერთ წარმომადგენელს, ნაშრომის ძირითადი
ნაწილი კი ეძღვნება მესამე და მომდევნო ოთხი თაობის ზუბალაშვილთა
შედარებით ვრცელ დახასიათებას. ამ ნაწილში
თხრობას ვიწყებთ ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილით (III თაობა),
შემდეგ კი, ცალკეული ქვეთავების მიხედვით, წარმოდგენილია
ივანეს თითოეული ვაჟის (და იქვე მათივე მემკვიდრეების)
ცხოვრება-საქმიანობა.
პოპულარული ხასიათის გამო ნაშრომის ძირითადი ტექსტი,
იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გადავტვირთეთ დამოწმებული
ლიტერატურისა და წყაროების დასახელებით,
თუმცა ზოგჯერ მეტი ინფორმაციისათვის გვერდი ვერ ავუარეთ
სქოლიოების მნიშვნელობით გამოყენებულ შენიშვნებს.
გარდა ამისა, რომ უფრო სრულყოფილად წარმოგვეჩინა
ზუბალაშვილთა ცხოვრება-საქმიანობისა და ქველმოქმედების
მრავალფეროვანი ასპექტები, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ,დამოწმებული წყაროების გვერდით ცალკე შეგვეტანა იმდროინდელი
პრესის მასალების ანოტირებული ბიბლიოგრაფიაც.
წიგნს არა აქვს სისრულის პრეტენზია და ეს ბუნებრივიცაა:
ზუბალაშვილებს იმდენად საინტერესო ცხოვრება და
მართლაც უსაზღვრო მოწყალების გაღების სურვილი ჰქონიათ,
რომ წერილობითი სახით მათი გამოწვლილვითი აღწერა
მაშინაც ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს, როცა თავად ზუბალაშვილებს
არ ახასიათებდათ თავისმოწონება ქველმოქმედების
გამო... მიუხედავად ჩვენი დიდი სიფრთხილისა, ვერ
ვიქნებით დაზღვეული ზოგიერთი უზუსტობისაგან, თუნდაც
იმის გამო, რომ თვითონ წყაროებში ესა თუ ის ფაქტი (მოვლენა)
ზოგჯერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი და საბოლოო
სიზუსტის დადგენა გაძნელდა (ამიტომაც ხანდახან ვიშველიებდით
პარალელურ ვერსიებსაც).
ალბათ, წიგნში ვერ მოხვდა ზუბალაშვილთა შესახებ არსებული
სხვა საგულისხმო ინფორმაციებიც, მაგრამ ვიმედოვნებთ,
რომ კვლავაც ბევრი დაიწერება ამ ღირსეული მამულიშვილების
მოღვაწეობაზე და ახალ-ახალი საინტერესო ფურცლებით
შეივსება მათი ცხოვრების მატიანე, რომლის ერთერთ
სანდო წყაროდ გვესახება ეს წიგნიც - ადრესატების მიმართ
ჩვენი მადლიერებისა და მოკრძალების გამომხატველი.
P.S. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხელი შეუწყო
ამ წიგნის შექმნასა და გამოცემას.
![]() |
5 ზუბალაშვილი იაკობ კონსტანტინეს ძე |
▲ზევით დაბრუნება |
პირველდაწყებითი განათლება იაკობმა შინ მიიღო, შემდეგ
სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, საფუძვლიანად
დაეუფლა ევროპულ ენებს, ზედმიწევნით შეისწავლა
ქართული ენა და ქართული მწიგნობრობა (რომლის სიყვარული
ოჯახში შეითვისა ჯერ კიდევ ბავშვობაში). ამიტომაც ქარ-
თული მწერლობა და კულტურა ახალგაზრდობიდანვე გაიხადა
უმთავრეს საზრუნავ საგნად. თანამედროვეთა თქმით, იაკობი
სკოლის პერიოდშივე იყო შეჩვეული სამეცნიერო წიგნების
კითხვას, მეცნიერულ მსჯელობას.
იაკობი გახლდათ ჭეშმარიტი მამულიშვილი, ერის უსაზღვრო მოყვარე, სანიმუშო ქომაგი, რომელიც მართლაც დღენიადაგ
ფიქრობდა და ზრუნავდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე.
ერთი ფრანგული წყაროს მიხედვით ირკვევა, რომ
იგი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გამგზავრებულა
დაახლ. XX საუკუნის 10-იანი წლების დამდეგს, მაგრამ ცოტა
ხნის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული
გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა საქართველო და უცხოეთში
დაესრულებინა სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, იაკობის
ცხოვრება-მოღვაწეობაში პირობითად გამოვყოფთ ორ
პერიოდს: პირველი - საქართველოში 1910-იან წლებამდე, მეორე
- საფრანგეთში 1941 წლამდე.
იაკობს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს სიძლიერის
საფუძველი იქნებოდა განათლებული ქართველობა, ყოველი
ერის განათლებისათვის კი მთავარია წიგნიერება, რაც, თავის
მხრივ, განსაზღვრავს აგრეთვე ბეჭდვითი სიტყვის მნიშვნელობასა
და საჭიროებასაც. გარდა ამისა, მისი აზრით, აუცილებელი
იყო სოფლებსა და დაბებშიც განათლების შეტანა,
სამკითხველოების დაარსება, ხალხში წიგნის კითხვის ჩვევების
გამომუშავება.
იაკობი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-
გაზეთების რედაქციებთან, სისტემატურად ეხმარებოდა
ფინანსურადაც. მისი მხარდაჭერითაც იყვნენ დიდად დავალებული
„ივერიის“, „მოგზაურის“ გამომცემლები, განსაკუთრებით
კი გაზეთი „კავკაზსკი კრაი“. გარდა ამისა, საგანგებოდ
უნდა აღინიშნოს ძმები ზუბალაშვილების ფასდაუდებელი მეცენატობა
ჟურნალ „ნაკადულის“ მიმართ. როგორც არაერთგზის აღნიშნავდნენ თანამედროვენი, იაკობი და მისი ძმები
ჟურნალს უხვად აფინანსებდნენ დაარსებიდანვე, შემდეგ კი
(1906 წლიდან), მთლიანად აიყვანეს მათი მფარველობის ქვეშ
„ნაკადულის“ გამოცემის საქმე - უბინაოდ და უსახსროდ
დარჩენილი რედაქცია საკუთარ ჭერქვეშ შეიფარეს, ბინის
გარკვეული ფართი უშურველად დაუთმეს. ამასთან დაკავშირებით
საინტერესოა ქართველ მოღვაწეთა წერილი იაკობ ზუბალაშვილისადმი
(ვიმოწმებთ შემოკლებით). ღრმად პატივცემულო იაკობ კონსტანტინეს ძევ!
გვაპატიეთ, მაგრამ გარემოების გამო იძულებული ვართ
შეგაწუხოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი თხოვნით. ვიცით,
თუ როგორ თანაუგრძნობთ ყოველ ქართულ სასიკეთო წამოწყებას,
ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვებთ
ჩვენს თხოვნასაც. თქვენ არ გჭირდებათ იმის ახსნა,
თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის
მოზარდი თაობის განათლებასა და აღზრდას... მიგვაჩნია,
რომ ამ საქმეში შეუფასებელი სამსახური შეიძლება გასწიოს
კარგად შედგენილმა საბავშვო ჟურნალმა... ბოლო წლებში გა მოჩნდა ჩვენში ასეთი ჟურნალი „ნაკადული“. იგი სავსებით
ამართლებს თავის მისიას... ვიმეორებთ, ქართული საზოგადოება დიდ იმედს ამყარებს
ამ ჟურნალზე. ეს გარემოება გვაიძულებს მოგმართოთ
თხოვნით, ღრმად პატივცემულო იაკობ კონსტანტინეს ძევ,
აიყვანოთ თქვენი მფარველობის ქვეშ ეს სასარგებლო, სამადლო
და კეთილი საქმე... თქვენი მფარველობა იხსნის ჟურნალს
ფინანსური კრიზისისაგან და გადაარჩენს მას. ამით შეუფასებელ
სამსახურს გაუწევთ თქვენს საყვარელ სამშობლოს.
წერილს ხელს აწერენ: იაკობ გოგებაშვილი, ილია წინამ-
ძღვრიშვილი, თამარ გრუზინსკი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
და სხვები. (ტექსტი უფრო ვრცლად იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
იაკობის (და, საერთოდ, ზუბალაშვილების) დიდი სურვილი
იყო ქართულ და რუსულ ენებზე (მომავალში სხვა ევროპულ
ენებზეც) გამოცემულიყო საქართველოს ენციკლოპედია,
რადგან ევროპაში (მარი ბროსეს გარდა) ჩვენი ქვეყნის შესახებ
არაფერი იციანო; მეტიც: ხშირად ევროპელები ქართველებს
თვლიან სომხებად, საქართველოს კი - სომხეთად... და
ამგვარ არასწორ ინფორმაციებს კიდეც წერენ წიგნებში,
ათავსებენ რუკებზე... ერთი სიტყვით, იაკობი და სხვა პროგრესულად
მოაზროვნე ქართველები საშურ საქმედ მიიჩნევდნენ
საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლას. ამ
მიზნით შეუქმნიათ სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელსაც
დაუწყია მუშაობა ამ დიდი ეროვნული საქმის აღსასრულებლად.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ თურმე საქართველოს
ისტორიისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. „საქარ-
თველოს მეცნიერული ენციკლოპედია“ უნდა გამოცემულიყო
ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე 15 ტომად, მაგრამ
მალე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, ქვეყანაში შეიცვალა
პოლიტიკური ვითარება და ვეღარ მოხერხდა ენციკლოპედიაზე
მუშაობის გაგრძელება.
იაკობის აზრით, საქართველოში არსებული პოლიტიკური
რეალობის გამო აუცილებელი იყო თბილისში რუსულ ენაზეც გამოეცათ გაზეთი, რათა მისი საშუალებით ქართველებსაც
შესძლებოდათ გაეცათ პასუხი იმ მცდარ თუ ნაყალბევ ინფორმაციებზე,
რომლებიც ხშირად იბეჭდებოდა რუსულ პრესაში,
მაგრამ, სამწუხაროდ, უცნობი რჩებოდა ქართველი
მკითხველისათვის. ახალი გაზეთის მთავარი მიზანი იქნებოდა
კავკასიის ხალხებს შორის ძმური სოლიდარობის ქადაგება,
განათლება-კულტურის ამაღლება, რაც მათთვის ყველაზე
დიდ საჭიროებას წარმოადგენდა. ირკვევა, რომ იაკობ ზუბალაშვილს
ხელისუფლებისაგან აუღია ნებართვა თბილისში
ახალი გაზეთის „ვოზრაჟდენიეს“ გამოცემისა. მართალია, გაზეთის
რედაქტორ-გამომცემელი სხვა იყო, მაგრამ ამ გაზეთთან
დაკავშირებული ყველა სხვა დანარჩენი საქმის მეთაური
და ყოველგვარი ხარჯის გამღები იაკობი ყოფილა.
თანამედროვეთა შეფასებით, იაკობი ღრმად მოაზროვნე
პიროვნებაც გახლდათ. მისი გონება მუდამ ახლის ძიებაში
იყო; მისი თვალსაწიერი სწვდებოდა განათლება-კულტურისა
და ხელოვნების ყველა სფეროს; ფაქტებსა თუ მოვლენებს
კრიტიკულად, მაგრამ სწორად აფასებდა. იაკობის თვალსაზრისით,
მწერლობა, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ობიექტური
და იმავდროულად საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე,
მისთვის გამიზნული; ბიოგრაფიული წერილებიც კი უნდა
იწერებოდეს არა მხოლოდ ერთი ან ორი პიროვნებისათვის,
არამედ მთელი საზოგადოებისათვის.
იაკობი, როგორც ბაქოს ნავთობსარეწების ერთ-ერთი
მეპატრონე, ძმებთან ერთად კომერციულ საქმიანობაშიც მონაწილეობდა
მათი გვარისათვის დამახასიათებელი შრომისმოყვარეობითა
და პასუხისმგებლობით. გარდა ამისა, დაინტერესებული
იყო ახალ-ახალი მშენებლობებით, განსაკუთრებით,
ხიდების აგებით.
ირკვევა, რომ იაკობს, დიდად განათლებულსა და მრავალმხრივი
ნიჭიერების მქონე პიროვნებას, ერთნაირად იზიდავდა
როგორც პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობა, ისე
მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც,
მაგრამ მასში, სხვათაგან განსხვავებით, თავიდანვე გამოკვე-
თილი იყო აგრეთვე რაღაც განუმეორებელი სიყვარული ხელოვნების ნიმუშებისა. ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე
გატაცებით აგროვებდა მხატვრულ, ფერწერულ ტილოებს.
მან საქართველოშივე მოიპოვა გამორჩეული ფილანთროპის
სახელი.
იაკობ ზუბალაშვილი
იაკობი იყო ისეთივე მაღალი ზნეობის, როგორებიც იყვნენ
მისი მშობლები და ძმები. „იაკობი უშუალო გამგრძელებელია
უდროოდ გარდაცვლილი ძმის სტეფანეს საქველმოქმედო
საქმეებისა“ (ზ. ჭიჭინაძე). მაგალითად, მან სოფელ ვარიანის
40 კომლი სრულად და სამუდამოდ გაათავისუფლა ბატონყმობისაგან
გამოსასყიდი თანხის გარეშე; ასევე: როცა
1903 წლის დეკემბერში სტეფანემ გაიგო გაზეთ „ივერიის“ გამოცემის
ნივთიერი ხელმოკლეობა, ბაქოდან მაშინვე გამოუგზავნა
2000 მანეთი, თან შეჰპირდა დახმარებას 1904 წელსაც,
მაგრამ სტეფანეს გარდაცვალების გამო ამ დაპირების აღსრულება
იაკობს მოუხდა - „ივერიის“ რედაქციას შესწირა
3000 მანეთი, რითაც გაზეთი განახლდა და განაგრძო საქმიანობა
(ამგვარი შემთხვევა უამრავი იყო იაკობის ცხოვრებაში) ჭეშმარიტი ქრისტიანი ერთნაირად სცემდა პატივს ყველა
ფენის ადამიანს, განსაკუთრებით, სოფლის გლეხობას,
მუშებს, ღარიბებს, ავადმყოფებს. იგი ყოველთვის იყო ერთერთი
აქტიური მონაწილე ზუბალაშვილთა სახელით გაღებული
მოწყალებისა; გარდა ამისა, თავადაც ცალკე ბევრჯერ გაუცია
უხვი შეწირულობა. მაგალითად, ბაქოს ტექნიკური სკოლის
ლაბორატორიის გასაფართოებლად შესწირა 15 ათასი
მანეთი, სტეფანეს სიკვდილის შემდეგ ძმებთან ერთად თბილისის
გამგეობას გადასცა 100 ათასი მანეთი ოქროთი ბავ-
შვთა უფასო საავადმყოფოს შესანახად, ხშირად ეხმარებოდა
ფინანსურადაც ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოებას (მის სამმართველოს
შესწირა 10 ათასი მანეთი). მისი დიდი სურვილი იყო ამ საზოგადოებას
ჰქონოდა საკუთარი ბინა, რათა შესძლებოდათ აქ
შეკრებილი ქართული კულტურის საუნჯის შენახვა-დაცვა.
1902 წელს თბილისის გამგეობას თავის წილად გაუგზავნა 2
ათასი მანეთი და შეუთვალა: „ეს ფული სააღდგომოდ იმ ღატაკ
პირებს დაურიგეთ, რომელთაც ამ დღისათვის სანოვაგე არ ექნებათ“ (ამგვარ მოწყალებას იგი ხშირ-ხშირად არიგებდა
თურმე).
გულმოწყალე იაკობი სისტემატურად ეხმარებოდა კერ-
ძო პირებსა თუ საზოგადოებებს. ბუნებრივია, ამჯერად ყველას
ვერ დავასახელებთ, მხოლოდ ერთ შემთხვევას კიდევ შევახსენებთ
მკითხველს: იაკობმა ძმებთან ერთად 150 ათასი
მანეთი შესწირა რუსეთის მთავრობის მიერ წარმოებულ აღმოსავლეთის
ომში დაჭრილთა სამკურნალოდ.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იაკობ ზუბალაშვილმა
(რომელსაც საკუთარი ოჯახი არ ჰყოლია) თავისი
ცხოვრების პირველი პერიოდი ქართველი ხალხისა და მშობლიური
ქვეყნის სამსახურში გაატარა. იგი გახლდათ მამა-პაპათა
საგვარეულო მრწამსის პირუთვნელი დამცველი - უყვარდა
კეთილი საქმეების კეთება, მოწყალების უხვად გაცემა
უხმაუროდ და არა თავის გამოჩენის მიზნით; ამიტომაც იყო,
რომ თითქმის არავის აძლევდა უფლებას მის შესახებ ესაუბრათ
ხმამაღლა, სახალხოდ, თუნდაც პრესის ფურცლებზე.
ქართველი ინტელიგენცია და მშრომელი მოსახლეობა
დიდად აფასებდნენ იაკობს საქმიანობისა თუ პიროვნული
თვისებების გამო. ძმებთან ერთად იყო თბილისის საპატიო მოქალაქე. იაკობ ზუბალაშვილის ცხოვრების მეორე პერიოდი
უნდა
იწყებოდეს XX საუკუნის დამდეგიდან. მართალია, მისი გამგზავრების
თარიღსა და მიზნებზე ზუსტი ცნობა ვერ მოვიძიეთ
ქართულ მასალებში, მაგრამ მათში მოთავსებული სხვა
ინფორმაციებისა და ჩვენს ხელთ არსებული ერთადერთი
ფრანგული წყაროს შეჯერებით ირკვევა, რომ იაკობი საფრანგეთში
ჩავიდა დაახლ. 1908-1909 წლებში ხელოვნების შესასწავლად.
იმავდროულად ქმნიდა მუსიკალურ ნაწარმოებებს,
ეწეოდა მხატვრობას... ცნობილია, რომ უკვე 1912 წლიდან
1932 წლამდე მონაწილეობას ღებულობდა სახელმწიფოს
მიერ განხორციელებულ ხელოვნების ნიმუშების შესყიდვებში.
1922 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა; იქვე აღესრულა
1941 წელს. დაკრძალულია პარიზთან ახლოს, ქალაქ ნეიისიურ სენში (ფრანგული მასალა იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოდან
შეუძლებელი იყო უცხოეთში მყოფ ნათესავებთან
დაკავშირება. ამიტომ იაკობის ცხოვრების მეორე პერიოდის
შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციები შემორჩა. ქვემოთ
წარმოდგენილი ჩვენი მასალა ემყარება იაკობის თბილისელი
ნათესავების - ანასტასია ზუბალაშვილისა და მისი ქალიშვილის
ელენეს მოგონებებს, აგრეთვე, რუსული ჟურნალების
რამდენიმე სტატიას. ირკვევა, რომ იაკობ ზუბალაშვილი (საფრანგეთში -
ჟაკ
მიშელ ზუბალოვი), დიდად განსწავლული პიროვნება, ევროპული
ენების მცოდნე, მალე გახდა პარიზის საზოგადოებაში
ცნობილი თავისი უძვირფასესი კოლექციითაც და, რაც მთავარია,
კულტურული მემკვიდრეობის ღრმა ცოდნით, ხელოვნების
უნიკალურ ნიმუშთა შეფასების უტყუარი ალღოთი. იგი
იყო ლუვრის მეგობართა საზოგადოების საბჭოს წევრი, დეკორატიული
ხელოვნების ცენტრალური კავშირის საბჭოს
წევრი, ასევე მუსიკის ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების
წევრი (იმავდროულად ურთიერთობა ჰქონდა უცხოეთში
მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთანაც). როგორც აღინიშნა, იაკობი საქართველოშივე დიდი გატაცებით
აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა რიცხვი
უცხოეთში გამგზავრების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის,
მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები
(სულ 581 ერთეული)...
იაკობს გადაწყვეტილი ჰქონია მისი ეს უკანასკნელი უძვირფასესი
განძიც (უნიკალური ნახატები, მარმარილოს,
ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი) ეჩუქებინა სამშობლოსათვის
(ანდერძიც შეუდგენია), მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია
საფრანგეთის სასარგებლოდ და თავის სიცოცხლეშივე ნახატების კოლექცია სრულიად
უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისათვის (იხ. ანოტირებული
ბიბლიოგრაფია). იაკობის უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად
გამოყოფილ ერთერთ დარბაზში - „ზუბალოვის დარბაზში“. იაკობის გვარი მოხსენიებულია
აგრეთვე ლუვრის კედელზე, მარმარილოს დაფაზე, იმ პირთა შორის, რომლებმაც ამ
მუზეუმისათვის დიდი შეწირულობა გაიღეს ხელოვნების ნიმუშების სახით.
შენიშვნა: სწორედ ეს კოლექცია მოინახულა პარიზში
ზუბალაშვილთა შთამომავალმა - ანასტასია დავითის ასული ზუბალაშვილის ქალიშვილმა
ელენემ და თან ჩამოიტანა სახელოვანი წინაპრის კოლექციის კატალოგი (იხ. ანოტირებული
ბიბლიოგრაფია). პარიზის საზოგადოებას კარგად ესმოდა იაკობ ზუბალაშვილის
კოლექციის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების
ისტორიისათვის. ამიტომაც იყო, რომ მოგვიანებით
ლუვრის მუზეუმის თანამშრომლებმა გამოფენის დასათვალიერებლად
მისულ იაკობის ქართველ ნათესავს - ელენეს უთხრეს:
„თქვენმა წინაპარმა მოიპოვა დიდებული სახელი. საფრანგეთი
შეინახავს მის ხსოვნას. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ
მისით“.…მაგრამ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პარიზის საზოგადოებამ,
მუზეუმების ხელმძღვანელობამ თავის დროზე
სათანად ოდ ვერ შეაფასა თავად იაკობის პიროვნული ღირსება
- უსასყიდლოდ გადაცემა ემიგრანტისაგან ამ უძვირფასესი
განძისა. ამ შესანიშნავმა ადამიანმა, შეუდარებელმა ქველმოქმედმა
თავისი სიცოცხლის ბოლო წლები სიღატაკეში გაატარა
თურმე. როცა იაკობს ეკონომიურად უკიდურესად გაუჭირდა, მან სთხოვა პარიზის მუზეუმის
დირექციას, აეყვანათ უბრალო სამსახურში, როგორც ნახატების ინვენტარიზატორი. მაგრამ
ეს თხოვნა 1936 წელს ვერ დააკმაყოფილეს. მხოლოდ 1938 წელს გაიღეს ერთჯერადი ფულადი
დახმარება და ამით ამოწურეს თავიანთი პასუხისმგებლობა და ადამიანური ვალი ამ
დიდებული პიროვნების წინაშე. კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უშურველად
გასცემდა სითბოს,
სიყვარულსა და უხვ შეწირულობას, სიღატაკეში გარდაცვლილა
სრულიად მიტოვებული. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ფრანგული პრესა წერდა:
„ლუვრი, მცირე დარბაზი, დეკორატიული ხელოვნების
მუზეუმი და სხვა მუზეუმები, გალერეები პარიზისა ფლობენ
შედევრებს, რომლებითაც გაამდიდრა ისინი ბატონმა ზუბალოვმა.
ამიტომ დროა შედგეს კატალოგი ზუბალოვის ნაჩუქრებისა,
581 ერთეულისა. ეს მთელი მუზეუმია, სადაც შეიძლება
ერთად შეგროვდეს მთელს პარიზში მიმოფანტული საჩუქარი ბ-ნ ზუბალოვისა. მაგრამ მან არ ინდომა გაეხსნა საკუთარი
სახელობის დარბაზები, რომელიც შეიძლებოდა ჰქონოდა
როგორც ლუვრში, ასევე პარიზის სხვა ეროვნულ მუზეუმებში.
და, სხვა მეცენატთაგან განსხვავებით, მან ეს გააკეთა მიზანმიმართულად, მეცნიერული ინტერსებიდან გამომდინარე,
იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ მუზეუმი, მისთვის არის არა ნახატების კოლექციების უბრალო შესაკრებელი,
მუზეუმი სასწავლო დაწესებულებაცაა“ («Истина и
Жизнь», стр. 4).