![]() |
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან |
ფეიქრიშვილი ჟუჟუნა
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან
მრავალფეროვან წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფიაში
მოთხრობილია სახელოვანი ქართველი მამულიშვილების,
ცნობილი მრეწველ-კომერსანტებისა და სამაგალითო ქველმოქმედ-მეცენატების კათოლიკე
ზუბალაშვილების ერთი
შტოს საინტერესო მოღვაწეობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია; ეპოქის შესაბამისად
არის წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგადი სურათიც.
ნაშრომი ერთხელ კიდევ შეახსენებს მკითხველს, რომ ნიჭიერებასთან ერთად
შრომისმოყვარეობა, მშობლიური ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება ღვთით კურთხეული
მადლია, რომ ადამიანის სიცოცხლე სხვა არაფერია, „თუ არა საქმე კეთილი...“
რედაქტორი პროფ. მურმან პაპაშვილი
რეცენზენტები: ნანა ახობაძე, პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე
წიგნი გამოიცა ამიერკავკასიის ლათინური წესის
კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
© ჟ. ფეიქრიშვილი, 2011
გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011
თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, : 22 36 09, 8(99) 17 22 30
E–mail: universal@internet.ge
ISBN 9 789 9 41172748
![]() |
1 შინაარსი |
▲ზევით დაბრუნება |
შინაარსი
რედაქტორისაგან
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი
(რეცენზია) ავტორის წინათქმა
შესავალი
კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს
გენეალოგია
ზუბალაშვილების გვარის ისტორია (მოკლე
მიმოხილვა)
კათოლიკე ზუბალაშვილთა ერთი შტოს პირველი
წარმომადგენელნი (XVII-XVIIIსს.)
ზურაბ ზუბალაშვილი
გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი
ივანე ზურაბის ძე ზუბალაშვილი
მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი
ზაქარია მიხეილის ძე ზუბალაშვილი
გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი
იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი
კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დავით ივანეს ძე
ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი
დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი
ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი
პავლე ანტონის ძე ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ანასტასია დავითის ასული ზუბალაშვილი ზუბალაშვილთა
მეცენატობა-ქველმოქმედების
ზოგადი ნუსხა ლიტერატურა და წყაროები
ანოტირებული ბიბილიოგრაფია დანართი
ავტორის ბოლოთქმა ფოტოდოკუმენტური მასალა
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲ზევით დაბრუნება |
რედაქტორისაგან პატივცემულო მკითხველებო, მოემზადეთ მეტად სასარგებლო
და სასიამოვნო წიგნის გასაცნობად. ემერიტუსი პროფესორის
ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი „ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და
მეცენატობის სათავეებთან“ არ შეიცავს ვრცელ „მეცნიერულ“
პასაჟებს, მაგრამ იგი გვამაღლებს ავტორის მეცნიერული გააზრების
სიმაღლემდე და ლოგიკური კონსტრუქციით წარმოგვიდგენს
გამოჩენილ ქართველ კათოლიკე ზუბალაშვილთა
სახელოვანი გვარის ერთი შტოს საქმიანობის ისტორიას.
თანამედროვე წიგნიერი საზოგადოებისათვის ზუბალაშვილთა
სამეწარმეო, საქველმოქმედო, კულტურული თუ სხვა
საქმიანობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია ნაკლებადაა
ცნობილი. წარმოდგენილი ნაშრომი არა მხოლოდ ავსებს ამ
ხარვეზს, არამედ ერთბაშად გვამდიდრებს და სასიქადულო
მამულიშვილთა ნიჭი, მრავალფეროვანი კეთილი საქმე, მეცენატობა
სიამაყის გრძნობითაც გვავსებს. ამ წიგნის მიხედვით
სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზუბალაშვილებმა
პირველებმა დაუდეს სათავე საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო
საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით ავტორი მრავალფეროვანი
წყაროებისა და ლიტერატურის საფუძველზე
ქმნის ერთიან ქსოვილს ამ გვარის წარმომადგენელთა მრავალმხრივი
ეკონომიკური, სამრეწველო, კულტურული, საგანმანათლებლო
საქმიანობის შესახებ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ნაშრომი
შეუნელებელ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ თემით,
არამედ ავტორისეული მიზანდასახულობითა და სტილით.
კერძოდ, ამ სასიამოვნო წიგნით ნათლად ჩანს, რომ ქართველ
კათოლიკე ზუბალაშვილთა სავაჭრო-სამეწარმეო საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ეროვნული ეკონომიკის შექმნა-განვითარებას
და მასში რელიგიური აღმსარებლობა არასოდეს
არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას. ჩვენი დროის
ეს გამოწვევა - ზუბალაშვილების ერთი შტოს საქმიანობის
ისტორიულ ჭრილში გააზრება დიდ პრაქტიკულ დანიშნულებას
იძენს. მისი გახსნა ავტორმა მეცნიერული გამოცდილებითა და გულდასმითი ანალიზით წარმატებით განახორციელა.
უფრო მეტიც, ქალბატონმა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა სხვადასხვა
დროს, სხვადასხვა გარემოებაში ზუბალაშვილთა ბიოგრაფიული
დახასიათებითა და ამის ფონზე მათი მრავალფეროვანი
მოღვაწეობის წარმოჩენა-შეფასებით, თანამედროვე სახელდებით
რომ ვთქვა, ქართველ ბიზნესმენებს იმისი მაგალითი
დაუსახა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ღვაწლს, მეცენატობას,
ქველმოქმედებას როგორც ეროვნული ეკონომიკის
განვითარებაში, ისე ისტორიული მახსოვრობისათვის. ამ
თვალსაზრისით ეს წიგნი გვიმტკიცებს, რომ ისტორიის სამართალი
„ურმით დადის“ და ქველმოქმედ, კეთილი საქმის
მკეთებელ ბიზნესმენებს ისტორია არ დაივიწყებს.
დაბოლოს, წარმოდგენილი წიგნი საქართველოს სოციალური
ისტორიის უკეთ გაგებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
იგი სიამაყის გრძნობით გვავსებს ჩვენი წინაპრების ნიჭისა
და ევროპელთათვის დამახასიათებელი მიზანდასახულობისა
და სხვა თვისებების იდენტობის გამო...
პაპაშვილი მურმან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი
![]() |
3 ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი |
▲ზევით დაბრუნება |
ბარდაველიძე ნუგზარ პროფესორი
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი (რეცენზია)
ხშირად გვსმენია ჩვენს თანამემამულეთა მიერ გულისტკივილით
გამოთქმული წუხილი იმის შესახებ, რომ ქართველებს
მრეწველები არ გვყავდა, რომ მრეწველობა მხოლოდ
ჩვენი მეზობელი ეთნოსების ხელში იყო თავმოყრილი... და
სხვა ამგვარი სტერეოტიპული ციტატები, რომლებსაც ძირითადად გამოთქვამენ ქართული მრეწველობის ისტორიაში
სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანები.
სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დუმდა ქართველ მრეწველებზე, თითქოს ისინი საერთოდაც არ არსებულიყვნენ,
მეტიც: ათეული წლების მანძილზე მავანნი ნერგავდნენ
აზრს, რომ თბილისი აშენებულია არაქართველთა მიერ...
ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩვენი
საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობი იყო საერთოდ
ქართველ მრეწველთა, კერძოდ, ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს
წარმომადგენელთა შრომა-საქმიანობა, მათ მიერ
აგებული მრავალრიცხოვანი ნაგებობის ისტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნის მიხედვით ზუბალაშვილებს სამმაგი ტაბუ
ედოთ: პირველი, ცხადია, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან
გავლენიანი მრეწველები იყვნენ; მეორეც, იმიტომ, რომ მათი
დიდი ოჯახის ზოგი წევრი ემიგრაციაში მოღვაწეობდა; მესამე, იმიტომ, რომ გამორჩეულად მორწმუნეები, ეკლესიის მაშენებლები და თანაც კათოლიკური მრწამსის ქრისტიანები
იყვნენ; კომუნისტებს კი ყველა მორწმუნეზე მეტად კათოლიკენი
აღიზიანებდათ.
... და იდგა თბილისის ძველ უბნებში არქიტექტურითა
და საზოგადოებრივი ფუნქციით გამორჩეული მრავალი ნაგებობა,
რომლებიც თბილისის იერსახეს ქმნიდნენ და ახლაც
გასული საუკუნის ძეგლებს წარმოადგენენ. როცა ხედავ თბილისის
მშვენებად ქცეულ საჯარო დანიშნულების შენობებს,
სადაც განთავსებულია მწერალთა კავშირი, ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმი, მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული
თეატრი, ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო
და ა. შ. როგორ უნდა დაიჯერო, რომ საუკუნეების
მანძილზე საქართველოში მრეწველობა მხოლოდ უცხოთა
ხელში იყო.
სიმართლე კი სულ სხვაა: XIX-XX საუკუნეებში რუსული
ცარიზმისა და რუსული ბოლშევიზმის ბატონობის დროს კოლონიური
ხელისუფლება ცდილობდა მთელი მონდომებით
დაემტკიცებინა, რომ ქართველები არასრულფასოვანი ერია
და, თუ არა რუსეთის იმპერია, ირანი და ოსმალეთი მთლიანად
მოსპობდა საქართველოს; ან: როგორ შეიძლება დამოუკიდებლობაზე
იოცნებოს ერმა, თუ მას ეროვნული მრეწველობა
არასოდეს არ ჰქონია. ამგვარი მითებით აყალიბებდნენ
აზრს ქართველთა სხვაზე დამოკიდებულების შესახებ.
საბედნიეროდ, ის საგანძური (მატერიალური თუ სულიერი),
რაც ქართველმა მრეწველებმა საუკუნეების მანძილზე
თავიანთი ქვეყნისათვის შექმნეს, და მათი ადამიანური ღვაწლი
დაფარული არ დარჩენილა. როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა
მოიპოვა, თავისი ისტორიის სრულყოფისთვისაც
მოიცალა. ცნობილი ქართველი მრეწველების სახელები გასული
საუკუნის 90-იანი წლებიდან საჯარო გახდა. როდესაც
ეცნობი ქართველ მრეწველთა, კერძოდ კი, ზუბალაშვილთა
შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს, მათს ნიჭიერებასა და გაზუბალაშვილები
ბედულებასთან ერთად თვალში გხვდება გამორჩეული თვისება
და ღირსება საზოგადოების მიმართ ქველმოქმედების გაწევის
უსაზღვრო სურვილისა. ეს თვისება მართლაც გამოარჩევს ზუბალაშვილებს მათი თანამედროვე სხვა დანარჩენი
მრეწველებისაგან.
სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის ზნეობრივი, როცა
ქველმოქმედება შენი ცხოვრების წესია და როდესაც განურჩევლად ყველას, ვინც კი საჭიროებს თანადგომას, უანგაროდ
ეხმარები. მსგავსი მოწყალების აუცილებლობაზე ქრისტიანობა
და სხვა რელიგიებიც მოგვიწოდებენ, მაგრამ ამ მოთხოვნათა
განსახორციელებლად ყველა როდი ვართ გახსნილები...
თავად დროებამ დააყენა მოთხოვნა, რომ ქართული
მრეწველობის სათავეებთან მდგომი ზუბალაშვილების საგვარეულოს
ისტორია მომავალი თაობებისათვის შემოენახა, როგორც
მისაბაძი მაგალითი მამულიშვილობისა და ჭეშმარიტი
ქრისტიანული ქველმოქმედებისა. მართალია, ზუბალაშვილებზე
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მრავალი სტატია გამოქვეყნდა,
მაგრამ, ცხადია, ცალკეულ პუბლიკაციებში შეუძლებელი
იქნებოდა ამ გვარის სახელოვან წარმომადგენელთა
მთელი ამაგის სრულყოფილი წარმოჩენა.
პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვიის მართლაც
უდიდესი მონდომებისა და მკვლევარისათვის დამახასიათებელი
დაუღალავი ძიების წყალობით ქართველმა მკითხველმა
მიიღო შესანიშნავი საჩუქარი - წიგნი „ზუბალაშვილები ეროვნული
მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან„. მასში
თავმოყრილია კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს სამსაუკუნოვანი
ისტორია. ნაშრომის ავტორი XVIII საუკუნიდან
იწყებს ზუბალაშვილთა გვარის სხვადასხვა შტოს ამბავთა
თხრობას; სხარტი, ლაკონური ენით აცოცხლებს ამ საგვარეულოს
წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს;
ეს ყველაფერი ვითარდება ქვეყნის რეალური ყოფის
ფონზე. აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ავტორი არ
ისაზღვრება ზუბალაშვილთა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური, სქემატური პორტრეტის დახატვით, არამედ არსებული
ფაქტობრივი მასალის საფუძველზე ცდილობს მკითხველს მიაწოდოს
ამ გვარის სხვადასხვა წევრის შეულამაზებელი სურათი
(ამ ასპექტით განსაკუთრებით ფასეულია წიგნის ბოლოს
დართული ანოტირებული ბიბლიოგრაფია). წიგნი არა
მარტო ერთი საგვარეულოს წარმომადგენელთა ცხოვრებას
აცოცხლებს, არამედ მთელი ეპოქის სურათსაც აღადგენს და,
რაც მთავარია, მკითხველს უბიძგებს ფიქრისაკენ ქველმოქმედების
მოთხოვნილების შესახებ.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ საჩუქრის მიღებაზე უფრო
მეტად ადამიანს საჩუქრის გაცემა ანიჭებს სიამოვნებას.
როცა ეცნობი ერთ წიგნად თავმოყრილ ზუბალაშვილების
საგვარეულოს შესახებ შეკრებილ მასალებს, კიდევ ერთხელ
ჩნდება რიტორიკული კითხვა: რა უფრო მეტ სიამოვნებას
ანიჭებს ადამიანს - ფულის შოვნა, თუ ამ ფულით ქველმოქმედების
კეთება? ვინც წარმოდგენილ წიგნს ცალი თვალით
მაინც გადახედავს, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ზუბალაშვილებმა
თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარმოგვიდგინეს
პასუხი კითხვებზე: თუ რა არის ადამიანის
ცხოვრების მთავარი მიზანი, ან ვის რაში უნდა მიჰბაძო.
მართლაც, სადაც კი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ
ზუბალაშვილები - საქართველოში, რუსეთსა თუ საფრანგეთში,
აგრეთვე ბაქოში - ყველგან დატოვეს სახელი გამორჩეული
ადამიანისა, რომლისთვისაც ქველმოქმედება ცხოვრების წესია.
და როდესაც კითხულობ ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის
მონოგრაფიას ზუბალაშვილების დინასტიის შესახებ,
გიჩნდება სურვილი, ამ სახელოვანი ქველმოქმედი ადამიანების
მსგავსად თესო სიკეთე.
P.S. ქალბატონ ჟ. ფეიქრიშვილის მონდომება იმითაც
არის აღნიშვნის ღირსი, რომ ეროვნული მრეწველობის ისტორია
ჯეროვნად არ არის შესწავლილი და თეთრი ლაქებითაა
მოცული. ზუბალაშვილების მსგავსად სხვა ქართველი მრეწზუბალაშვილები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე
იყო და ეს ფაქტი სრულიად ობიექტური მიზეზებით არის
განპირობებული, ელიან მათი ისტორიების გამოცემას. და ეს
კვლევები არც კონფესიური თვალსაზრისით ან სხვა რაიმე
მოსაზრებით კი არ არის აუცილებელი, არამედ ისტორიული
სინამდვილის დასამტკიცებლად, რომ ქართველები მსგავსად
სამხედრო ან კულტურულ-სამეცნიერო სფეროებისა, მრეწველობაშიც
ტოლს არ უდებდნენ არავის და, თუ ჩვენმა ქვეყანამ
მოაღწია XXI საუკუნემდე, ამაში ქართული მრეწველობის
ლომის წილია დავანებული.
![]() |
4 ავტორის წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
ავტორის წინათქმა
ქართველი კათოლიკე ზუბალაშვილების სახელოვანი
გვარის ერთი შტოს წარმომადგენელთა ცხოვრება-საქმიანობის
უფრო ღრმად გაცნობამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა
ქართული გენის სიძლიერეში და იმაშიც, რომ ყოველი კულტურული
ერის წინსვლა-განვითარება წარმოუდგენელია მისი
წარსული მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე...
და რაოდენ დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური
თუ სხვა მიზეზების გამო თანამედროვე საზოგადოებამ, განსაკუთრებით,
ახალგაზრდობამ, ძალიან ცოტა ან თითქმის
არაფერი იცის ამ მართლაც სასიქადულო მამულიშვილების,
ჭეშმარიტი ერისკაცების სანიმუშო საქმიანობის, მათი დიდსულოვნებისა
და კათილშობილების შესახებ, მაშინ როცა წინა
საუკუნეების პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენცია,
ვისაც გული შესტკიოდა სამშობლოზე, მოყვასზე, მაღალ შეფასებას აძლევდა ზუბალაშვილთა თაობების ღვაწლს;
აღიარებდნენ მათს უდიდეს დამსახურებას ქვეყნისა და ერის
წინაშე და ქართველთათვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდნენ
არა მხოლოდ მათ მიერ გაწეულ ფართომასშტაბიან ქველმოქმედებას,
არამედ გააზრებულ, გონივრულ საქმიანობას საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ვფიქრობთ, დღეს კიდევ უფრო სასურველია (და აუცილებელიც!)
ზუბალაშვილთა ცხოვრებითაც ჩვენი თანამედროვეობა
ახლოს გაეცნოს წარსულ მემკვიდრეობას და ისიც კარგად
გაითავისოს, რომ ადამიანმა საქმით, ღირსებით უნდა
დაადასტუროს მშობელი ქვეყნისა და ერის სიყვარული, რომელიც
არ იზომება არც რელიგიური აღმსარებლობით და
არც ყალბი პათეტიკით ქართველობაზე...
სამწუხაროდ, ამ ბოლო ათწლეულში არასასიამოვნო რეალობის
წინაშე აღმოვჩნდით: მავანთა და მავანთა პირადი ინტერესებისა
თუ „პატარაკაცობის“ გამო ჩვენში ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირებენ რელიგიურ აღმსარებლობასა და
ეროვნულობას. ამიტომ არცთუ იშვიათად ხმამაღლა გაისმის
ფრაზები: „მხოლოდ მართლმადიდებელია ქართველი“, „ვინც
არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“... გულსატკენია,
რომ ასეთმა „უბირმა მორწმუნეებმა“ არ იციან საქართველოს
ჭეშმარიტი ისტორია და არც ის, რომ ადრექრისტიანული
ხანიდან მოყოლებული საქართველოში კათოლიკე
ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ანტიეროვნული; პირიქით,
საქვეყნოდაა აღიარებული უცხოელი კათოლიკე მისიონერების
უდიდესი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში... და
მეორეც, ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს კათოლიკეების: პეტრე
ხარისჭირაშვილის, ივანე გვარამაძის (ვინმე მესხი), მიხეილ თამარაშვილის,
ზაქარია ფალიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, მიხეილ
თარხნიშვილის, ზუბალაშვილების, ოცხელების, კოკოჩაშვილების,
ყაუხჩიშვილების, ხეჩინაშვილების, თუმანიშვილების,
უმიკაშვილების, ბეთანელების, გოკიელების, მიზანდარების, პოლოლიკაშვილების,
დები იშხნელებისა და სხვათა ქართველობაში,
მათს განსწავლულობაში, ეროვნული საქმეების მსახურებაში,
ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარულში?!
ღმერთმა ამრავლოს ზუბალაშვილთა მსგავსი ქართველები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები, ნიჭიერი, საქმიანი
ადამიანები, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო პატიოსანი შრომა, რწმენის ერთგულება
და უსაზღვრო ქველმოქმედება .
მართალია, ზუბალაშვილების სიცოცხლეშივე ამ გვარის
წარმომადგენელთა საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე იბეჭდებოდა
ბევრი საინტერესო ინფორმაცია, იწერებოდა ნარკვევები,
წიგნები, მაგრამ 1920-იანი წლებიდან ახალი პოლიტიკური
რეჟიმის გამო ერთგვარი ტაბუ დაედო საბჭოური პოზიციით
„ხალხის მტრებად“ გამოცხადებული ქართველი მსხვილი
მრეწველების, ვაჭარ-კომერსანტების, ცნობილი მეცენატების
ხსენებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზუბალაშვილებისა და მათი მსგავსი ერისკაცების ღვაწლის მივიწყებას
საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდის ქართულ სინამდვილეში,
ახალი თაობების ქართველთა ცნობიერებაში. გარდა
ამისა, ამ გაუმართლებელ ტენდენციას ჩვენს შემთხვევაში
ისიც აძლიერებდა, რომ ზუბალაშვილთა გვარის ერთ შტოს,
რომელიც წინა საუკუნეებში გამოირჩეოდა მრავალშვილიანობით
(მრავალვაჟიანობით), XX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში
თითქმის აღარ დარჩა მემკვიდრე: ზოგი შეეწირა
სისხლიან 1937 წელს, ზოგმა კი რეპრესიების გამო თავი
შეაფარა უცხოეთს და იქვე აღესრულა; ამავე მიზეზით, ცხადია,
სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ გაბედავდნენ ის ზუბალაშვილები,
რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ საბჭოთა
ხელისუფლების დამყარებამდე, რის გამოც ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის შთამომავლები
საბოლოოდ უცნობნი დარჩნენ მშობლიური კუთხისათვის.
და ასეთ პირობებში, ათეული წლების მანძილზე (გასული
საუკუნის 90-იან წლებამდე), ბუნებრივია, ბევრი აღარაფერი
დაიწერებოდა ფართო მკითხველისათვის ზუბალაშვილთა შესახებ, მაგრამ, საბედნიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების
შეცვლის შემდეგ ჩვენშიც გახდა შესაძლებელი საუბარი ე.წ.
ტაბუდადებულ თემებზე. ქართული პრესა, ქვეყნის ახალი
სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, უფრო
დაინტერესდა წარსული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში
გადმოტანით, მისი დადებითი მომენტების ფართო პოპულარიზაციით
და ა.შ. ყოველივე ამან განაპირობა საგანგებო ინტერესი
ზუბალაშვილების სახელოვანი თაობების მიმართაც.
მათ შესახებ ბოლო ათწლეულებში დაიწერა არაერთი პუბლიკაცია,
რომლებიც გაბნეულია დღევანდელი ქართული პრესის
ზღვაში (და ამის გამოც მათი თავმოყრა და ერთიანობაში აღქმა
დაინტერესებული მკითხველისათვის ერთობ ძნელი გახდა!).
აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველი
მსხვილი ვაჭარ-მრეწველებისა თუ მეცენატების შესახებ საბჭოთა პერიოდამდე დაბეჭდილი პუბლიკაციები, უკვე საარქივო
მასალად ქცეული, დღეს ნაკლებხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ზუბალაშვილებთან
დაკავშირებით არსებული წერილობითი მასალა თუ
ზეპირი ინფორმაციებიც კი შეგვეკრიბა, შეგვეჯერებინა და
ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ერთ წიგნად წარგვედგინა
მკითხველისათვის.
ნაშრომი ემყარება სხვადასხვა წყაროს: სპეციალურ წიგნებს,
ცალკეულ სამეცნიერო გამოკვლევებს; XIX-XX საუკუნეებისა
და თანამედროვე ქართული პერიოდული პრესის მასალებს,
თბილისის მუზეუმებში დაცულ საარქივო ინფორმაციებს,
ხელნაწერებსა და სხვა სახის დოკუმენტებს (იხ. ლიტერატურის
სია). პირველ ყოვლისა, მუშაობაში დიდი სამსახური
გაგვიწია ზაქარია ჭიჭინაძის საგაზეთო სტატიებმა თუ წიგნებმა (მოიცავს
დაახლოებით 1910 წლებამდე პერიოდს). ასევე უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებთ
ზუბალაშვილთა გვარის უკანასკნელ შთამომავალს, აწ გარდაცვლილ ქალბატონს - ანასტასია დავითის ასულ ზუბალაშვილს, რომელიც
თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შესაშური შემართებით იცავდა სახელოვანი წინაპრების ღირსებას, რუდუნებითა
და სიყვარულით აგროვებდა მამა-პაპათა ცხოვრებამოღვაწეობის
ამსახველ პუბლიკაციებს ქართული თუ რუსული
ჟურნალ-გაზეთებიდან... ზოგიერთ მათგანს ავსებდა და
აზუსტებდა კიდეც საკუთარი მოგონებებით (ეს მასალები ამჟამად ინახება თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების
(ამაღლების) კათოლიკური ეკლესიის არქივში).
მადლობას ვუხდით აგრეთვე ბავშვთა I და ქალაქის I
კლინიკური საავადმყოფოების თანამშრომლებს გულისხმიერებისა
და თანადგომისათვის, განსაკუთრებით კი ექიმ ნოე
ლეჟავას საინტერესო ინფორმაციებისა და სხვა საგულისხმო
მასალების მოწოდებისათვის, აგრეთვე, მისი იმ დიდი სურვილისათვის,
რომ, ერთი მხრივ, თანამედროვეობამ არ დაივიწყოს
სახელოვანი ერისკაცების - ზუბალაშვილების ღვაწლი
და, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოებაც უფრო ყურადღებით
მოეკიდოს ეროვნული ღირსების დაცვას, კრიტიკულად შეხედოს
ყალბ ავტორიტეტებს და თავადაც იზრუნოს ჭეშმარიტების
აღსადგენად.
ჩვენი წიგნის პერსონაჟები კათოლიკე ზურაბ ზუბალაშვილის
(1640-1737 წწ.) შთამომავლები არიან. ამიტომაც ამ
შტოს გენეალოგიას ვიწყებთ ზურაბით (პირობითად - პირველი
თაობა), მეორე თაობად ვთვლით მის მემკვიდრეს გიორგის (1694-1771 წწ.), რომლის შვილები, შვილიშვილები და
შვილთაშვილები აგრძელებენ გვარს, შესაბამისად, ცვლიან
თაობებს და თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ
კვალს ტოვებენ მშობლიური ქვეყნის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.
ცხადია, ერთ წიგნში ყველა მათგანზე (7 თაობის მრავალრიცხოვან
წარმომადგენელზე) დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ.
ამჯერად გამოვყოფთ მხოლოდ ისეთებს, რომლებმაც
გამორჩეული ნიჭიერებით, განათლება-კულტურით, მოღვაწეობით,
ეროვნულ საქმეებზე ზრუნვითა და უდიდესი მეცენატობაქველმოქმედებით თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს
საქართველოს ისტორიაში.
წიგნის დასაწყისში მკითხველი ზოგადად გაეცნობა ზუბალაშვილების
გვარის ისტორიის მოკლე მიმოხილვასა და
XVII-XVIII საუკუნეებში მცხოვრებ კათოლიკე ზუბალაშვილთა
ამ შტოს ზოგიერთ წარმომადგენელს, ნაშრომის ძირითადი
ნაწილი კი ეძღვნება მესამე და მომდევნო ოთხი თაობის ზუბალაშვილთა
შედარებით ვრცელ დახასიათებას. ამ ნაწილში
თხრობას ვიწყებთ ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილით (III თაობა),
შემდეგ კი, ცალკეული ქვეთავების მიხედვით, წარმოდგენილია
ივანეს თითოეული ვაჟის (და იქვე მათივე მემკვიდრეების)
ცხოვრება-საქმიანობა.
პოპულარული ხასიათის გამო ნაშრომის ძირითადი ტექსტი,
იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გადავტვირთეთ დამოწმებული
ლიტერატურისა და წყაროების დასახელებით,
თუმცა ზოგჯერ მეტი ინფორმაციისათვის გვერდი ვერ ავუარეთ
სქოლიოების მნიშვნელობით გამოყენებულ შენიშვნებს.
გარდა ამისა, რომ უფრო სრულყოფილად წარმოგვეჩინა
ზუბალაშვილთა ცხოვრება-საქმიანობისა და ქველმოქმედების
მრავალფეროვანი ასპექტები, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ,დამოწმებული წყაროების გვერდით ცალკე შეგვეტანა იმდროინდელი
პრესის მასალების ანოტირებული ბიბლიოგრაფიაც.
წიგნს არა აქვს სისრულის პრეტენზია და ეს ბუნებრივიცაა:
ზუბალაშვილებს იმდენად საინტერესო ცხოვრება და
მართლაც უსაზღვრო მოწყალების გაღების სურვილი ჰქონიათ,
რომ წერილობითი სახით მათი გამოწვლილვითი აღწერა
მაშინაც ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს, როცა თავად ზუბალაშვილებს
არ ახასიათებდათ თავისმოწონება ქველმოქმედების
გამო... მიუხედავად ჩვენი დიდი სიფრთხილისა, ვერ
ვიქნებით დაზღვეული ზოგიერთი უზუსტობისაგან, თუნდაც
იმის გამო, რომ თვითონ წყაროებში ესა თუ ის ფაქტი (მოვლენა)
ზოგჯერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი და საბოლოო
სიზუსტის დადგენა გაძნელდა (ამიტომაც ხანდახან ვიშველიებდით
პარალელურ ვერსიებსაც).
ალბათ, წიგნში ვერ მოხვდა ზუბალაშვილთა შესახებ არსებული
სხვა საგულისხმო ინფორმაციებიც, მაგრამ ვიმედოვნებთ,
რომ კვლავაც ბევრი დაიწერება ამ ღირსეული მამულიშვილების
მოღვაწეობაზე და ახალ-ახალი საინტერესო ფურცლებით
შეივსება მათი ცხოვრების მატიანე, რომლის ერთერთ
სანდო წყაროდ გვესახება ეს წიგნიც - ადრესატების მიმართ
ჩვენი მადლიერებისა და მოკრძალების გამომხატველი.
P.S. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხელი შეუწყო
ამ წიგნის შექმნასა და გამოცემას.
![]() |
5 ზუბალაშვილი სტეფანე კონსტანტინეს ძე |
▲ზევით დაბრუნება |
სტეფანე ზუბალაშვილი დაიბადა თბილისში 1860 წელს. 1880 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, მიიღო თავისი დროისათვის კარგი განათლება, შეისწავლა უცხო ენები (რომელიც შემდგომ ძალიან გამოადგა კომერციულ საქმიანობაში).
ცნობილი მრეწველისა და მეცენატის კონსტანტინესა და საოცრად ღვთისმოსავი ქალბატონის ელისაბედის ოჯახში აღზრდილმა სტეფანემ ბავშვობიდანვე შეითვისა ადამიანთა სიყვარული, მაშვრალთა, უპოვართა თანადგომა-პატივისცემა, ისწავლა შრომის ფასი და საქმის ერთგულება.
სტეფანემ, როგორც მამის ქონების ერთ-ერთმა მემკვიდრემ, გიმნაზიის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა ბაქოს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში და მალევე გახდა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბაქოში (სადაც 20 წელზე მეტხანს იცხოვრა და განაგებდა ნავთობის საქმეებს) გამოუჩენია დიდი გამჭრიახობა და წარმოებაც ჩინებულად აუწყვია. სტეფანე თავისი საქმიანობით ბუნებრივად იყო დაკავშირებული
“როტშილდის”, „ნობელისა” და „მაზუთის” ფირმებთან. იგი ყოველთვის და ყველგან გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებითა და პატიოსანი პარტნიორობით.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სტეფანე ზუბალაშვილი
- ეს დიდი მრეწველ-კომერსანტი მთელს საქართველოში ცნობილი და აღიარებული იყო, აგრეთვე, მეცენატობით, კაცთმოყვარეობით, რომელსაც, თანამედროვეთა შეფასებით, მართლაც არ ჰქონდა საზღვრები.
1904 წლის 15 მაისს სტეფანე გაემგზავრა საფრანგეთში სამკურნალოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, მკურნალობა უშედეგოდ დამთავრდა. იგი პარიზში გარდაიცვალა 1904 წლის 14 სექტემბერს. გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს სოლოლაკში, საგვარეულო სამარხში, მშობლების გვერდით.
მარად დაუვიწყარ სტეფანე
კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილს
მოსწყდა ვარსკვლავი წმინდა, ელვარე, სტეფანე ზუბალაშვილის ხსოვნას
სსტირის ქართველი დღეს და ჰგლოვობს მამულის შვილსა, „...ცხოვრებაში განსვენებული სამაგალითო კაცი იყო: ყოვლადსათნოიანი და ღვთისმოსავი. მისი ტკბილი ლაპარაკი, მისი უზაკველი სული და გული კაცს აღტაცებაში მოიყვანდა. მისი ყოველი ნაბიჯი და ყოველი სიტყვაც კი ადამიანური ღირსებით იყო სავსე... თუ ეხმარებოდა ვისმე, შემწეობას აძლევდა, სცდილობდა არავის გაეგო... დაკარგვა ასეთის კაცისა ჭეშმარიტად დიდი დანაკლისია ჩვენისთანა პატარა, ღარიბ და უკან ჩამორჩენილ ერისათვის, დიდი საერთო ნაციონალური იბედურებაა, ყველასათვის საგლოვი და სატირელი.
სტეფანე კონსტანტინეს ძემ ჩაინერგა ქართველი ერის პატივისცემა, პატიოსნება და სიყვარული... მისი სახელი და საქმენი ყოველი ქართველის გულში მოიპოვებს ადგილს, იქ დაფუძნდება მისი მკვიდრი უკვდავების ტახტი, სადაც აღმართული იქნება სტეფანეს ქველმოქმედების ნიშნები...
საუკუნოდ იყოს ხსენება იმისთანა გულწრფელი, გულმართალი და გულუხვ ადამიანისა და მამულიშვილისა, როგორიც იყო განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
ზ. ჭიჭინაძე, სტ. კ. ზუბალაშვილი (ნეკროლოგი)
(ივერია, 1904, 24 სექტ.,№220, გვ.2).
27 სექტემბერს ჩატარდა წირვა თბილისის მარიამის მიძინების კათოლიკურ ტაძარში. პირველ საათზე სამგლოვიარო პროცესია გაემართა სოლოლაკის სასაფლაოსკენ. ცხედარი საფლავის კარამდე ხელით მიასვენეს განსვენებულის პატივისმცემლებმა; მათ შორის იყო თორმეტი მღვდელი,
„ამათ გვერდზედვე იდგნენ ქართველთ სამღვდელონიც და არქიმანდრიტი გიორგიც, ნიშნად უღრმესის პატივისცემისა და თანაგრძნობისა”... გვირგვინებით სამი ამფიონი იყო სავსე, სულ რიცხვით სამოცამდე, მათ შორის ვერცხლისაც, ყველა წრისა და დარგის წარმომადგენელთაგან... უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი... სასაფლაო ხალხს ვეღარ იტევდა...
„დასაფლავების დღეს ნათლად გამოსჩნდა, რომ ქართველობას კარგად... სცოდნია მნიშვნელობა კაცად-კაცურის კაცისა და მიტომაც
ყოველი ქართველი მწარედ ჰგლოვობდა თავის საყვარელს სამაგალითო ადამიანს”.
ამ დღეს სტეფანეს ძმებმა - ლევანმა, პეტრემ და იაკობმა გარდაცვლილის ხსოვნის პატივსაცემად სპეციალურად შეუძლოთათვის (ღარიბთათვის) დამატებით გაიღეს შეწირულობად ფულადი თანხა 4 ათასი მანეთის ოდენობით და აღაპის მაგიერ დაურიგეს ფული
- ოქროს მანეთები. ამასთან დაკავშირებით თვითმხილველნი კიდეც აღნიშნავდნენ: ამ ხალხს ასეთი ფული ცხოვრებაშიაც კი არ სჭერიათ ხელში, ასეთი რამ თბილისში არასოდეს არ მომხდარაო; განსვენებულის შესახებ კი ყველა ამბობდა: როგორი მადლიანიც სიცოცხლეში იყო, გარდაცვალების შემდეგაც იგივე დარჩაო.
სტეფანე ზუბალაშვილის დაკრძალვაზე ბევრი სიტყვა წარმოითქვა. მათი საერთო აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ სტეფანე გახლდათ ჭეშმარიტად სახელოვანი მამულიშვილი, ღირსეული ქართველი. ამჯერად წარმოვადგენთ ამ სიტყვათაგან რამდენიმე ამონარიდს:
„მის დღეში არ მინახავს, მაგრამ ხშირად თვალწინ მედგა.
არავითარი დამოკიდებულება არ მქონია, მაგრამ გულით მაინც მიყვარდა, როგორც ღირსეული
ქართველი, რაიცა დღეს ჩვენში სანთლით საძებარია... აქ ბევრი მხურვალე სიტყვები
წარმოითქვა მაგის ქველ-მოქმედებასა და დიდს შეწირულობაზე. მე კი სულ სხვასა
ვგრძნობ: ვაფასებ გულს და არა მარტო ფულს. სხვა ბედნიერ ქვეყნებში, სადაც ხალხი თავისუფალია, ქველმოქმედებაც უთვალავია და უსაზღვრო...…
ჩვენში კი, ამ საცოდავ
საქართველოში, დიდებულთა ჩამომავალნი გვარიშვილები, წინაპართა სისხლითა და ოფლითა
მორწყულს და, გაურჩევლად წოდებისა, ქართველთა ძვლებით გაპოხიერებულ საერისთავო
მამულებს გულგრილად ჰხრავენ გარეშეებთან ერთად და აქედან მცირე წვლილსაც არ სდებენ
საეროვნო ტრაპეზზე, აღარ აგონდებათ აღარც წარსული და აღარც მომავალი. ეს სენი
ჩვენში დღეს საზოგადოა და ამისთანა დროს გამოსვლა ვისიმე საქველ-მოქმედო ასპარეზზე
სამაგალითო გმირობაა! ამ გმირთაგანი იყო განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი... და სწორედ ამან მომიყვანა მეც შორეული იმერეთიდან, როგორც ჩემის, ისე ჩემ თანამოაზრეთა მხრითაც, რომ გულდათუთქულმა მეც მის ჭირისუფლებთან ერთად თაყვანი ვსცე მის კუბო-სამარეს და ვუსურვო საუკუნო განსვენება. დაუვიწყარი იყოს მაგის სახელი ერთად ჩვენს სამშობლოსთან უკუნისამდე!”...
აკაკი წერეთელი
(“ივერია”, 1904, 30 სეკდემბერი).
„სტეფანე იყო ქვეყნის შემბრალებელი კაცი, კურთხეული გვარიშვილი... ეკლესიების მაშენებელი, კეთილმორწმუნე ქრისტიანი, ქალაქის განმანათლებელ-წარმამატებელი ძვირფასის მდიდრულის სამადლო შენობებითა... გლახაკთ გამკითხავი, გაჭირვებულთა შემწე მომხმარე, დავარდნილ-დაცემულთა აღმადგენი; მუშა, მოსაქმური... მშვიდობისა, ერთობისა, სიყვარულისა და ყოველის სიკეთის მომფენელი უხვათ!
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის სიკვდილი... მთელ ჩვენ ქართველ ტომთა მოდგმისათვის... დიდი დანაკლისი არის”
მღვდ. ივანე გვარამაძე (მესხი)
(ივერია, 1904, 29 სექტ.,
№224, გვ. 2-3).
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მთელს ჩვენს საზოგადოებაში არ მოიპოვება არც ერთი ადამიანი, რომელიც არ ჰგრძნობდეს მძიმე მწუხარებას მხედველი ამა კუბოისა და მას შინა მდებარის მიცვალებულისაგან... ჩვენი ქვეყანა, საზოგადოება, სამწუხაროდ, ღარიბია იმისთანა პირებით, როგორიც იყო განსვენებული. არა თუ ღარიბნი ვართ, თითქმის ერთი ან ორი თუ მოიძებნება ჩვენს შორის ისეთი პირი, რომელსაც შეეძლოს მთელი საზოგადოების ყურადღების და მინდობილობის მიზიდვა. Gგანსვენებული კი იყო აღჭურვილი განუსაზღვრელი პატიოსნებით, გულ-კეთილობით, თავ-მდაბლობით, ერთი სიტყვით, მასში იყო ყოველივე ის ღირსებანი, რითაც ყველა ადამიანს შეუძლიან თამამად სთქვას:
„მე ადამიანი ვარ
და მის დანიშნულებას უკლისად ვასრულებ”. - დიაღ, განსვენებულის ცხოვრება და მისი საქმენი ყოველთვის იყო ყოვლად სასარგებლო ქვეყნისათვის. მან ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა თავის სამშობლოს მისი ყოვლად უხვი შეწირულობით... ბევრი კარგი მაგალითი უჩვენა იმათ, რომლებსაც გარდა საკუთარი პირადი ინტერესებისა, არავითარი დევიზი არ აქვთ ცხოვრებაში... მისი ლმობიერი და უმანკო თვისებანი აღბეჭდილი არის ყველა ადამიანთა გულში, ვისაც კი მასთან საქმე ჰქონია. მე თვითონ პირადად არაერთხელ ვყოფილვარ მოწამე იმისა, რომ მას გარს ეხვივნენ მრავალნი ღარიბნი და საწყალნი, რომელთაც თავისი ხელით უხვად ურიგებდა მოწყალებას და ყველას ... ანუგეშებდა. იგი იყო ნამდვილი მამა ყოველთა გაჭირვებულთა, იგი იყო მკვიდრი ბოძი ყოველთა სიმპატიურ დაწესებულებათა, იგი იყო ნამდვილი ადამიანი, ის ადამიანი, რომელიც მუდამ იმას ჰფიქრობს, რაიმე გააკეთოს კაცობრიობის სასარგებლოთ. და აი, ეს ძვირფასი და თვალსაჩინო შვილი სამშობლოისა ულმობელმა სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდგან...
განისვენე ძვირფასო ადამიანო, აღჭურვილო ყოველივე ადამიანური სიკეთით და უანდერძე შენს მემკვიდრეთა, რათა იმათ განაგრძონ შენ მიერ დაწყებული სამშობლოისათვის სასარგებლო საქმენი”.
გერონტი ქიქოძე (კათოლიკეთა ეკლესიის სამრევლო სკოლის მასწავლებელი)
„... გვწამს, რომ კეთილთ საიქიოს უცდის უდიდესი ჯილდო, რაც უარი არ ეთქმის ამ ჩვენ მიცვალებულსა, მიზეზით მისი განსაკუთრებით პატივისცემისა ღვთისმშობლისა მიმართ, მიზეზით მისი განუსაზღვრელი სიყვარულისა მოყვასთა თანა. ჩვენთვის დაფარული არ არის, რომ მან უმშვენიერესი ტრაპეზი დადგა ქალაქ ლურდში (ფრანცია), უძვირფასესი ეკლესია ააშენა ქ. ბათუმში. ეგრეთვე ჩვენთვის ცნობილია მისი აუარებელი სიყვარული მოყვასთან და ურიცხვი დახმარებანი გაჭირვებულთა ზედა... ღარიბნი და უძლურნი ჰკარგავენ მასში უხვსა და დაუზარებელ შემწესა და მამასა, მეგობარნი
მისნი ძვირფას ამხანაგსა და თანა მშრომელსა, ხოლო ქვეშევრდომნი მისნი ტკბილს, მშვიდობიან და თავმდაბალს უმფროსსა თვისსა...
ჩვენო ძმაო და მეგობარო, სტეფანე კონსტანტინეს ძევ, ჩვენ არ ვეჭვობთ, რომ ქალწულმა მარიამმა მიგიწოდა შენ ვითარცა განსაკუთრებითი პატივისმცემელი მისი უმანკო ჩასახებისა... ღირსეულად დაგასაჩუქრა შენ ზეციერსა მამულსა შინა... განისვენე საფლავსა შინა, რომელიც გეკუთნა შენ, ჩვენდა სამწუხაროდ უდროვოდ”.
სტეფანე დემუროვი ( ბაქოს ეკლესიის წინამძღვარი)
– ქუთაისის ქართველი საზოგადოება დიდად
სწუხს და ჰგლოვობს თავის ქვეყნის უძვირფასეს ქველმომქმედ მამულის შვილის სტეფანეს
დაკარგვას. ღმერთმა ქმნას, რომ ჩვენს საზოგადოებას სტეფანესთანა ქველმომქმედ
მამულისშვილნი ხშირად და მრავლად მოვლენოდნენ. –
ბაქოს ქართველთ საზოგადოება დიდად სწუხს და
ჰგლოვობს თავის მეჭირნახულე სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის დაკარგვას.
ღმერთმა განუსვენოს და ხსენება და საქმენი მისნი საუკუნოდ იყოს ქართველთ
საზოგადოების წინაშე. ღრმად ვსწუხვართ ჩვენის ქვეყნის სამაგალითო მამულის-შვილის სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის დაკარგვაზედ. მოიმედენი ვართ რომ ეს კაცთმოყვარე და ქველმომქმედი ადამიანი სამაგალითოდ დაშთება სხვა შეძლებულთა წინაშე (თბილისის ქართველი მუშები).
– ღრმად ვწუხვართ იშვიათ კაცთ მოყვარის და ქველმომქმედის სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის დაკარგვაზედ, რომელიც დიდ დახმარებას უწევდა ბაქოში მცხოვრებ ღარიბ მუშა ხელოსნებს, განურჩევლად სჯულისა და ეროვნებისა
( ბაქოს რუსის მუშები). –
ვგლოვობთ ჩვენს მფარველ სტეფანეს, იშვიათს ქველმომქმედს და მამულისშვილს
(თფილისის ქართველი ქალები).
„პიროვნება ადამიანისა ჩემთვის უმაღლესია ყოველ ისტორიაზედ, საზოგადოებაზე და თვით მთელს კაცობრიობაზედაც,
- სთქვა ბელინსკიმ... და ცხადად და მკაფიოდ გამოსთქვა თავისი უაღრესი პატივისცემა საზოგადოთ ყოველი ადამიანის პიროვნებისადმი... მაშ რაღა უნდა ვსთქვათ ისეთის იშვიათის პიროვნების შესახებ, როგორსაც წარმოადგენდა პიროვნება უდროოდ გარდაცვალებულის და ყველასათვის ძვირფასის სტეფანე კონსტანტინეს-ძისა!? რაღა და
- ჭეშმარიტად რომ თაყვანის-საცემია იგი...
სტეფანემ ზედმიწევით „იცნა თავი თვისი”, იცნა, რომ იგი განხორციელებული კეთილი ანგელოზი უნდა იყოს ყოველთა დავრდომილთა, გაჭირვებულთა და სწორედ ასეც იქცეოდა...
ჩვენი საყვარელი სტეფანე იშვიათის ყურადღების პატრონი იყო. იგი გაფაციცებით ადევნებდა თვალ-ყურს ჩვენი ქვეყნის მაჯის-ცემასა, მის ჭირსა და ლხინსა; მწუხარებდა, როცა ჭირისუფლად გვხედავდა და ხარობდა, როცა სიხარულს შეგვამჩნევდა; ხარობდა და ამ თავისს თანაზიარობას ჩვენთან იგი ხშირად უხვის შემოწირულობით აგვირგვინებდა...
განსვებულის სტეფანეს გამოსვლით საზოგადო მოღვაწეობის ასპარეზზედ, მოულოდნელად სრულიად ახალი ხანა დაუდგა ჩვენს მწერლობას და მწიგნობრობას! მას სავსებით ჰქონდა შეგნებული
- რა არის სახალხო წიგნი, რა არის ჭკვიანურად დაწერილი შაურიანი წიგნაკი, რომელიც ვრცელდება ხალხში და დღეს-ხვალიობით აწვეთებს მის გულში საუკეთესო ცოდნასა და იდეალებსა... დიახ, შეგნებული ჰქონდა ყველა ეს და აკი სრულიად მოულოდნელად აამდინარა კიდეც ჩვენში სახალხო იაფ-ფასიანი წიგნების გამოცემის საქმე...
ამ ათიოდე წლის წინათ, ახალი მიმართულების წიგნების გამოცემა დავიწყეთ, მაგრამ ის რამდენიმე ათი თუმანი... მალე დაგვეშრიტა და საქმე შეგვიდგა... საძირკველი ჩაყრილი იყო, მხოლოდ კედლებს ვეღარ ვაშენებდით... შენი დიადი დამსახურება ხალხის წინაშე, ჩვენო უდროვოდ დაკარგულო სტეფანე, აი აქ არის: შენ შეგვაძლებინე ამ საძირკველზედ
კედლების აშენების განგრძობა. გამხნევებულნი შენით, ჩვენ კვლავ დავიწყეთ ათი წლის განმავლობაში მიძინებული საქმე... არ დამავიწყდება შენი ციური სიტყვები:
„როცა კი დაგჭირდეთ, ნუ დამზოგავთო. ახლო ვიყო - პირადად მითხარითო, შორს ვიყო - წერილით მაცნობეთო, მე მზათა ვარ ვემსახურო მაგ საქმესაო”...
მშვიდობით საყვარელო სტეფანე, საუკუნოდ იყოს ხსნება შენი, ხალხის მადლიან ხსოვნაში!”.
ივანე როსტომაშვილი
(ჟურნ. "მოგზაურის” რედაქტორი)
სტეფანეს დაკრძალვის დღეს წარმოთქმული სხვა სიტყვები და ინფორმაციები იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში.
რით დაიმსახურა სტეფანე ზუბალაშვილმა ქართველი ხალხის ესოდენ დიდი პატივისცემა და სიყვარული, საყოველთაო აღიარება და მადლიერება?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დავიწყებთ თავად სტეფანეს სიტყვებით:
„ჩვენ რომ ღმერთი გვაძლევს, ჩვენც ხელგაშლით უნდა ვიყოთ, რომ ხალხს სარგებლობა მოვუტანოთ, თორემ, ზედ რომ კრუხებივით დავასხდეთ, ბევრ ვერაფერს გამოვჩეკავთ: ჩვენთვისაც დაკარგული იქნება და ხალხისთვისაც...
ყოველი კაცი მოვალეა თავის ძმათ, მეგობართ და გაჭირვებულთ დაეხმაროს... სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს. კაცმა კაცს სიკეთე იმიტომ კი არ უნდა უყოს, რომ მერე აქონ და ადიდონ. ვინც ღირსია შველისა, მოვალენი ვართ ვუშველოთ”.
სტეფანეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. მისი ცხოვრება-საქმიანობის მთავარი მიზანი იყო ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა:
„სიცოცხლე მენატრება მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემს ქვეყანას და ხალხს ვემსახურო, სიკეთე ვთესო. ამის მეტი, ღმერთმანი, მე არაფერი წამყვება. სიკეთე დაუკარგელია”
(სტ. ზუბალაშვილი). დიახ, სტეფანემ თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მთლიანად
მიუძღვნა თავის ქვეყანას, თავის ხალხს, რაზედაც ნათლად მეტყველებს მისი საქმენი -
მეტად მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში.
სტეფანე ჭეშმარიტად გახლდათ სამაგალითო ადამიანი.
სტეფანეს პიროვნებასთან დაკავშირებულ უამრავ ინფორმაციაში ყველა დეტალი იმდენად საინტერესოა, რომ ძნელია რომელიმეს საგანგებოდ გამოყოფა
- გამორჩევა. ეს იმიტომ, რომ თავად სტეფანე ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველა საქმეს, ერთნაირ გულისხმიერებას იჩენდა ყველა ადამიანის მიმართ.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჭაბუკი გახდა ბაქოს ნავთობის კომპანიაში უნარიანი ხელმძღვანელი და მეტად გულმოწყალე მეპატრონე. ამ დროს ბაქოს ნავთობსარეწებში 400-ზე მეტი მუშა-მოსამსახურე იყო თურმე. სტეფანე ყველას თავაზიანად ექცეოდა; ხელფასის გარდა, ზოგიერთს ხშირად ასაჩუქრებდა კიდეც კარგი მუშაობისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ სარეწების მუშა-მოსამსახურენი ცხოვრობდნენ კეთილმოწყობილ ბინებში, იქვე მოქმედებდა უფასო სასადილო და სამედიცინო კლინიკა. ეს ყველაფერი კონსტანტინეს შემდეგ სტეფანეს უშუალო დამსახურება გახლდათ. მეტიც: სტეფანეს გარდაცვალების შემდეგაც არ შეუცვლიათ სარეწების მეპატრონე ზუბალაშვილებს კომპანიაში დამკვიდრებული მისაბაძი ტრადიციები.
ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა
ილია ზურაბიშვილის საგაზეთო სტატიიდან ერთი ინფორმაცია:
„ბაქოელ ქართველთაგან უპირველესად უნდა დავასახელოთ ჩვენი ცნობილი ქველმოქმედი სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი, რომელიც დედაბოძია ქართველთ კოლონიისა ბაქოში და რომლის გარშემო შეკრბების ქართველნი. აუცილებელია, რომ მისი ზედ-გავლენა დანარჩენ ქართველებზედ ნაყოფიერი და გამამხნევებელი უნდა იყოს, რადგანაც ეს ზედ-გავლენა დაფუძნებულია, ჯერ ერთი, სტეფანე კონსტანტინეს ძის კაცთმოყვარე ხასიათზე, როგორც მაღალზნეობრივ ადამიანისა და, მეორეც, გამოცდილებისა, ცხოვრების კარგად ცოდნასა და იმ საპატიო მდგომარეობაზედ, რომელიც მოუხვეჭია ბაქოს მთელ საზოგადოების თვალში, ვით იქაურ მრწველობის
საუკეთესო წარმომადგენელს და დიად საქმის მწარმოებელს” (ივერია, 1903, ¹278).
განათლება-კულტურის სფეროში
სტეფანე ზუბალაშვილის მიერ გაწეული შრომა-საქმიანობისა თუ უსაზღვრო ქველმოქმედების
განმსაზღვრელი ფაქტორი გახლდათ კეთილშობილური მისია - „ქართველი ერიც იქცეს განათლებულ, თვალხილულ ერად. იგი გამოვიდეს ბნელის მდგომარეობიდან და განათლების გზას დაადგეს. ევროპის განათლებულ ერთა შორის ადგილი დაიკავოს, ისახელოს თავი როგორც ცოდნით, ისე ოსტატური შრომითა და საქმით” (სტეფანე ზუბალაშვილი). კონსტანტინეს შვილები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქვეყნისა და ერის ცხოვრებაში საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაარსებას.
ძმებმა ზუბალაშვილებმა სტეფანეს თაოსნობით თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (დღევანდელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი) ასაგებად (გიმნაზიის მშენებლობა დაიწყეს 1900 წელს) ორჯერ გაიღეს უხვი შეწირულობა (80 ათასი მანეთი ოქროთი): პირველად (1903 წლის თებერვალში) 30 ათასი, მეორედ (1904 წლის ოქტომბერში)
- 50 ათასი. გარდა ამისა, სტეფანე ხშირად (თითქმის ყოველ შაბათს) მიდიოდა თურმე მშენებლებთან, ფულით ასაჩუქრებდა და თან სთხოვდა, შენობა მყარ ფუნდამენტზე დაეფუძნებინათ: იგი ცოდნის ლამპარი იქნება და მომავალი თაობები აღიზრდებიანო.
სტეფანეს ამ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით 1904 წელს გაზეთი
„ივერია”, რომელიც გამოხატავდა როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის, ისე მოწინავე ინტელიგენციის აზრს, მადლიერებით წერდა:
„მისი (სტეფანესი – ჟ.ფ.) შეწირულობა სათავადაზნაურო სკოლისათვის სწორედ მეფური შეწირულობა იყო. და ამისთანა უხვი გაღება ქონებისა ჩვენში ჯერ არ მომხდარა”. შესაბამისად, თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კომიტეტმა მიიღო შემდეგი დადგენილება:
1) ძმები ზუბალაშვილების მიერ შემოწირული თანხა მოახმაროს ღარიბი ქართველი მოზარდი თაობის აღზრდა-განათლებას;
2)
დაარსდეს ერთი სტიპენდია ზუბალაშვილების სახელობაზედ;
3) სათავადაზნაურო სკოლის განზრახულ სამკითხველო-ბიბლიოთეკას ეწოდოს სტ. ზუბალაშვილის სახელი და მისი სურათი გამოკიდებულ იქნას სამკითხველოში. გარდა ამისა, კომიტეტმა დაადგინა, რომ ძმები ლევანი, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები არჩეულ იქნან ამ საზოგადოების საპატიო წევრებად (1904, 30 ოქტ., ¹248; ასევე: ცნ. ფურც., 1904, 29 ოქტ., ¹2654).
მასალებით ირკვევა, რომ სტეფანეს, როგორც ქველმოქმედის, თვალსაწიერს არ გამორჩენია ქართული დრამატული საზოგადოების მეცენატობაც, რაზედაც ნათლად მეტყველებს ამ საზოგადოების გამგეობის უამრავი სამადლობელი წერილი (დაბეჭდილი იმდროინდელ პრესაში) მისი საპატიო წევრის სტ. ზუბალაშვილი მიმართ წლების მანძილზე გაწეული უხვი შეწირულობის გამო (იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
განსაკუთრებით აღსანიშნავია სტეფანესა და მისი ძმების ღვაწლი სახალხო სახლის (თეატრის) აგება-დაფუძნებაში. ცნობილია, რომ ძმებმა ზუბალაშვილებმა მამის ხსოვნის პატივსაცემად განიზრახეს უხვი მოწყალების გაღება, რათა
„ქალაქის შუაგულში კონსტანტინეს სახელობაზე აეშენებინათ სახალხო სახლი და ჩარიცხულიყო იგი ქალაქის საკუთრებად”. ქალაქის გამგეობისათვის სტეფანეს განუცხადებია:
„ავაშენებთ ისეთ სახლს, რომელიც იქნება საკუთრება მუშებისა, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. იგი იქნება ყველას საკუთრება... თეატრი იგივეა, რაც ეკლესია და სკოლა. საჭიროა, რომ საწყალი ხალხისთვისაც კარგი თეატრი იყოს. იქ მარტო თეატრი არ იქნება. იქ ბიბლიოთეკაც იქნება და მუქთი საჩაიეც”.
შენიშვნა: წყაროების მიხედვით, ქართული თეატრის
ისტორია 1782 წლით იწყება. 1787 წელს თბილისში პირველად გამართეს ქართული
წარმოდგენა. წლების მანძილზე თეატრი განთავსებული იყო (ყოფ. ერევნის მოედანზე) დიდ
ქარვასლაში, მარცხენა მხარეს (ერთ-ერთი ცნობით, ქართული თეატრის ცალკე შენობა
აუგიათ 1885 წელს). აქვე დავსძენთ: თეატრი და მსგავსი კულტურული დაწესებულება
მაშინდელ საქართველოში უბრალო ადამიანებისათვის, ცხადია, მიუწვდომელი იქნებოდა...
მართლაც, ძმებმა თბილისის გამგეობას ამ დიდი საშვილიშვილო საქმისათვის პირველ ეტაპზე გადასცეს 170 ათასი მანეთი ოქროთი.
ძმები ზუბალაშვილები იმთავითვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სახალხო სახლის არა მხოლოდ ფუნქცია-დანიშნულებას, არამედ შენობის გარეგნულ იერ-სახესაც. ხალხის საკეთილდღეოდ გამიზნული ეს ახალი ნაგებობა გამორჩეული უნდა ყოფილიყო არქიტექტურული თვალსაზრისითაც, უნდა მისადაგებოდა ევროპულ დონეს, ამიტომ, როგორც კი გადაწყდა სახალხო თეატრის აშენების საკითხი და ქალაქის თვითმმართველობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, მაშინვე გამოცხადდა კონკურსი
„კ. ზუბალაშვილის სახელობაზე ტფილისში განზრახული სახალხო სახლის პროექტის შესადგენად” (ივერია, 1901, 12 ოქტ.). კონკურსში მონაწილეობა მიუღია რუსეთის იმპერიის 32 არქიტექტორს.
როცა საბოლოოდ დამტკიცდა სახალხო სახლის პროექტი, ქალაქის გამგეობა მალევე შეუდგა მშენებლობას, კერძოდ, 1902 წლის 26 სექტემბერს ამ შენობის საძირკველში ჩატანებულ იქნა ლითონის ფირფიტა შემდეგი წარწერით:
„კ.ი. ზუბალოვის სახალხო სახლის საფუძველი ჩაყრილია 1902 წლის 26 (სხვა ვერსიით: 24) სექტემბერს ზუბალოვის შთამომავლების ლევანის, სტეფანეს, პეტრესა და იაკობის მიერ. ეს სახლი შენდება ამ შთამომავლების სახსრებით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობს არქიტექტორი როგიოსკი არქიტექტორ საქალაქო ინჟინერ კრიჩინსკის პროექტის მიხედვით”.
რამდენიმე თვის შემდეგ ჟურნალი
„კვალი” (1903, 20 IV, ¹17) იუწყებოდა, რომ „შეუდგენ სახალხო სახლის აგებას
კირიჩნისა და დიდი მთავრის ქუჩებზე... გეგმით შუაში თეატრი უნდა გაიმართოს,
მარჯვნივ დარბაზი ლექციების საკითხავად, მარცხნივ - წიგნთსაცავი და სამკითხველო.
ძირს გაიმართება სასადილო და საჩაიე”... ხოლო საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული” სახალხო სახლის დანიშნულებას ასე აცნობდა თავის პატარა მკითხველებს:
„სახალხო სახლი ისეთი დაწესებულებაა, სადაც იმართება ღარიბებისათვის წარმოდგენები ლექციები. არის ბიბლიოთეკა და საჩაიე. აქ დაისვენებს მუშაობისაგან დაქანცული ხალხი” (1904, № 1).
ძმები ზუბალაშვილები ყოველთვის ინტერესითა და გულდასმით ადევნებდნენ თვალ-ყურს სახალხო სახლის მშენებლობას, ცდილობდნენ დროულად და მაღალხარისხოვნად აგებულიყო ქართველი ხალხისათვის მეტად მნიშვნელოვანი დაწესებულება
- კულტურის ცენტრი. ამასთან დაკავშირებით დავიმოწმებთ იმდროინდელ საგაზეთო ინფორმაციას:
„ბ-ნთ ზუბალაშვილებს განუზრახავთ სახლი დახურონ „ჰენებახის” სახურავით. ასეთ სახურავს ცეცხლი ვერაფერს აკლებს. ჰფიქრობენ, შიგნითაც იხმარონ ამ სისტემის მასალა. ზუბალაშვილნი 10 ათას მანეთად მოურიგდნენ საფრანგეთის ერთერთ ფირმას, რომელმაც მუშაობა ამ ზაფხულსვე უნდა გაათაოს. ამ დღეებში ხელოსანნი უნდა მოვიდნენ პარიზიდან... დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც თეატრის, ისე აუდიტორიის მოწყობას” (ცნ. ფურც., 1903, 22 მაის.).
1904 წელს თბილისის გამგეობამ გამოიტანა დადგენილება, რომ სახალხო სახლის შენობაში სამარადჟამოდ გამოკიდებული ყოფილიყო კონსტანტინე ზუბალაშვილის სურათი.
სახალხო სახლის მშენებლობა დასრულდა 1907 წელს. იგი საზეიმოდ აკურთხეს 1909 წლის 7 აპრილს. შენობის მთავარ ფასადზე თვალსაჩინოდ იკითხებოდა: «Народный дом им. К. И. Зубалова»
(ღირსსაცნობია, რომ ზუბალაშვილებმა ამ საშვილიშვილო საქმისათვის მთლიანად გაიღეს 350 ათასი მანეთი ოქროთი).
თბილისის სახალხო სახლი მშვენიერი შენობა იყო. თავისი გარეგნული იერსახითა თუ თეატრალური დადგმებით, თავად არგუტინსკი-დოლგორუკოვის შეფასებით, იგი არა თუ ჩამოუვარდებოდა, არამედ აღემატებოდა კიდეც მოსკოვსა და ოდესაში გახსნილ სახალხო სახლებსო.
სახალხო სახლი - იგივე სახელმწიფო სახალხო თეატრი (დღევანდელი კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის შენობა) მალე იქცა ქართული კულტურის ცენტრად. აქ ბევრჯერ გამოსულან სიტყვით აკაკი წერეთელი, ივანე გომართელი, გრიგოლ რობაქიძე და სხვა ცნობილი მოღვაწენი.
საგულისხმოა ისიც, რომ თეატრს ჰქონდა უფასო მდიდარი ბიბლიოთეკა (სადაც ინახებოდა ძველი ხელნაწერები, წიგნები), სამკითხველო დარბაზი და უფასო კაფე მკითხველთათვის. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთებიც შედარებით იაფი ღირდა. ყოველივე ამის გამო სახალხო სახლს თანამედროვენი უწოდებდნენ
„იაფფასიან თეატრს”.
თეატრის სცენაზე იმ დროს 9 თეატრალური დასი მართავდა სპექტაკლებს რამდენიმე ენაზე.
ცნობისათვის აქვე დავსძენთ: ძმ. ზუბალაშვილები მომდევნო წლებშიც არ აკლებდნენ ყურადღებას სახალხო სახლის საქმიანობას, ზრუნავდნენ შენობის გაფართოებასა და კეთილმოწყობაზეც. მაგალითად, ცნობილია, რომ ამ მიზნით ძმებმა ქალაქს შესწირეს 1913 წელს 120 ათასი მანეთი, 1914 წელს კი
- 60 ათასი (ვრცლად იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
შენიშვნა :1930 წლიდან სახალხო სახლში ბინა დაიდო კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულმა დრამატულმა თეატრმა, 1933 წლიდან ეწოდა
კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
2003-2006 წლებში თეატრის შენობას ჩაუტარდა სარესტავრაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის
„ქართუს” ძალისხმევით, ქართველი ქველმოქმედი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით... თუმცა, სპეციალისტების აზრით, ამჯერადაც ვერ განხორციელდა ძეგლის სწორი რესტავრაცია. ზუბალაშვილების მიერ აგებული
„მოდერნის სტილის შესანიშნავი ნაგებობა, რომლითაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა თავისუფლად იამაყებდა, დღეს კვლავ სარესტავრაციოა”
(ნ. თათარაშვილი).
ჩვენ, როგორც
არასპეციალისტი, რიგითი მოქალაქე, ცხადია, ვერ შევაფასებთ თეატრის ამჟამინდელი
შენობის სარესტავრაციო სამუშაოებს, მაგრამ მის გარეგნულ იერსახესთან დაკავშირებით გულისტკივილით უნდა შევნიშნოთ: როგორც ჩანს, დღესაც გრძელდება საბჭოური (ნეგატიური) დამოკიდებულება ჩვენი სახელოვანი წინაპრების, ღირსეული მამულიშვილების მიმართ; აღარ ახსოვთ მათ მიერ გაწეული უდიდესი ქველმოქმედება... თორემ თეატრის მთავარი შესასვლელის ფასადს კვლავაც უნდა ამშვენებდეს (კომუნისტების მიერ წაშლილი) თავდაპირველი წარწერა
„სახალხო სახლი კ. ი. ზუბალაშვილის სახელობისა”.
სტეფანე ყოველი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ჟურნალ-გაზეთების როლს. ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის ინტერესით ადევნებდა თვალს თბილისის პრესის საქმიანობას, სიტყვიერად ამხნევებდა და ფინანსურადაც ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. მაგალითად, 1903 წელს, როცა
„ივერიის” რედაქციამ ფულადი დახმარება სთხოვა, სტეფანემ მაშინვე გაუგზავნა თანხა და თან შეუთვალა:
„გაზეთი და მისი გამოცემა ყოველი ერისათვის დიდ საჭიროებას შეადგენს. გაზეთის კითხვის საშუალებით ნათლდება კაცის გონება და ნამეტურ უბრალო, უსწავლელი კაცისა.
სახლს რომ ფანჯრები არა ჰქონდეს, იქ მზის სინათლე როგორ შევა, როგორ გაანათებს, ბნელი იქნება. იქ ბნელ ოთახში ხომ ვერავინ ვერას დაინახავს. კაცის გონება და სწავლაც ასეა... მწერლობაც იგივე ფანჯარაა, იგივე მზეა, სინათლისა და სითბოს მომცემიც. მე სავალდებულოდ მიმაჩნია, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთები მრავლად იბეჭდოს, რადგან ჟურნალ-გაზეთების კითხვით წინაურდება კაცის გონება. კაცის კარგად ქცევა მხოლოდ ასეთის საქმეებით შეიძლება წინ წავიდეს...
გაზეთის გამოცემა მზის სინათლეს ჰგავს და ამიტომ
„ივერიას” მე ყოველთვის გავუწევ ქომაგობას, არ დავივიწყებ” (ზ. ჭიჭინაძე, სამაგალითო ადამიანი, გვ. 68). მართლაც, არასოდეს დავიწყებია სტეფანეს
„ივერია”, რომელიც, თანამედროვეთა აზრით, დახურვას გადაურჩა თურმე სტეფანეს შეწირულობის წყალობით. ცნობისათვის აქვე დავსძენთ: უფრო ადრე, 1885-1888 წლებში ზუბალაშვილების ერთ-ერთ
საცხოვრებელ სახლში განთავსებული იყო „ივერიის” რედაქცია; იქვე ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე (იხ. ფოტოდოკუმენტური მასალა).
სტეფანე და მისი ოჯახი სისტემატურად ეხმარებოდნენ სხვა ჟურნალ-გაზეთებსაც (“კვალი”,
„მოგზაური”, „ჯეჯილი”, “ნაკადული” და ა. შ.).
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სტეფანე
- ეს საოცრად სპეტაკი და კეთილშობილი პიროვნება - მისი შეწირულობის მიმღებ ადრესატს არასოდეს არ ჩააყენებდა თურმე უხერხულობაში თხოვნის გამო. პირიქით, ასეთებს იგი გულუხვად აფინანსებდა და მადლობასაც უხდიდა საქმიანობისათვის. არაერთი შემთხვევიდან დავიმოწმებთ ორიოდე მაგალითს:
ერთხელ ჟურნალ „მოგზაურის” რედაქციამ სტეფანეს დახმარება სთხოვა. სტეფანემ ეს თხოვნა პატივად ჩათვალა (სიამოვნებით მიიღო); რედაქტორს
- ივანე როსტომაშვილს ფული გაუგზავნა. როცა რედაქტორმა ამ თანხისათვის (ამ თანადგომისათვის) მადლობა გადაუხადა, სტეფანემ ასე უპასუხა:
„მე მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მამა-პაპათა ცნობებს აგროვებთ და ბეჭდავთ. მოგეხსენებათ კარგად, რომ მეტად გრილი დრო დადგა; ჩვენი, ქართველების, ყოველივე ძველი ამბები და ფაქტები იკარგება, მისი პატრონი და შემკრებნი ცოტანი არიან. აი, ქართველ კათოლიკეებზედ სულ დაიკარგებოდა ამბები, რომ არ შეკრებილიყო (იგულისხმება მიხ. თამარაშვილის ნაშრომები
- ჟ. ფ.). მე მზათა ვარ, რომ საქართველოს ისტორიული წიგნების დასაბეჭდათ, ძველი ამბებისა და წიგნების აღსადგენათ ყოველთვის დაგეხმაროთ... გთხოვთ ასეთი საქმეების დასახმარებლად ყოველთვის მომმართოთ. ღმერთსა ვთხოვ, რომ თქვენმა ჟურნალმა დიდხანს იცოცხლოს და
„მოგზაურმა” იმოგზაუროს მთელს საქართველოში, გავრცელდეს ყოველ კუთხეში და ქართველებში გაავრცელოს ძველი და ახალი ამბები”
(ზ. ჭიჭინაძე, სამაგალითო ადამიანი, გვ. 67).
„... სტეფანე [ზუბალაშვილი] გულ-კეთილი და მოწყალე მამა იყო საწყალი ხალხისა... ეფიქრებოდა ბედი აგრეთვე ქართული წიგნების და ჟურნალ-გაზეთების გამოცემისა, რო-
მელთა შორის ჩვენს „ჯეჯილსაც” მიაქცია ყურადღება და ყოველ წლივ აწოდებდა ფულს, რომ ღარიბ სკოლებს და თვით ოჯახებსაც მისვლოდათ მუქთად ჟურნალი”
(“ჯეჯილი”, 1904, ოქტ.).
ზემოთქმულის უშუალო დასტური გახლავთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლებიდან თუ სხვა ორგანიზაციებიდან სტ. ზუბალაშვილისადმი გამოგზავნილი ის უამრავი სამადლობელი წერილი, რომლებიც იბეჭდებოდა 1900-იანი წლების დამდეგისათვის ქართულ პრესაში. მეტიც: სტ. ზუბალაშვილის ქველმოქმედების მადლი სწვდებოდა უცხოეთში მცხოვრებ თუ განაპირა რეგიონების ქართველობასაც: 1)
„მადლობა სტ. ზუბალაშვილს ტომსკის ქართველ სტუდენტებისათვის ჟურნალ
„მოგზაურის” გამოწერის გამო”... 2) „მადლობა სტ. ზუბალაშვილს პანკისის
სკოლისათვის
„ჯეჯილის” გამოწერის გამო”... 3) „მადლობა პართენ გოთუას და სტ. ზუბალაშვილს ალაგირის
ქართული სკოლისათვის წიგნების შემოწირვის გამო” და ა. შ. (ვრცლად იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
სტეფანეს კარგად ესმოდა პრესის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბებაში:
„მე დიდათ პატივს ვცემ ქართველის თუ სხვა ტომის მუშათა და ხელოსანთა განათლებას, ოღონდ ასწავლოს ვინმემ ამ მუშებსა და ხელოსნებს და მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები და ყოველთვის დავეხმარები ქართულს გამოცემებს”.
სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავდა მის განსაკუთრებულ გულმოწყალებას ამ სფეროშიც.
სტეფანე ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაარსების 25 წლისთავზე
- 1904 წელს გადაურიცხა 10 ათასი მანეთი, თან ბარათიც მისწერა: „გიგზავნით 10 ათას მანეთს და გთხოვთ მიიღოთ ეს წვლილი ჩემგან როგორც ერთის გულშემატკივარი ქართველისგან. ღრმად პატივისცემით დავშთები,
სტეფანე ზუბალაშვილი, ბაქო”.
სტეფანემ და მისმა ძმებმა თბილისის მუსიკალური სკოლის (დღევანდელი კონსერვატორიის შენობის) ასაგებად გაიღეს 10 ათასი მანეთი ოქროთი (სკოლა გაიხსნა 1886 წელს).
გარდა ამისა, სტეფანე ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად თბილისში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხიზაბავრაში ეკლესიებთან არსებულ ქართულ სკოლებს.
სტეფანე ყოფილა სრულიად გამორჩეული თავისი უსაზღვრო გულუხვობით, კეთილშობილებით. იგი შეეწეოდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც მისგან ხმამაღლა არ მოითხოვდნენ დახმარებას, ანდა ნაკლებ ხმაურობდნენ გაჭირვების გამო (“როცა სხვა გთხოვს და მერე დაეხმარები, ამას მადლი აღარ აქვს”,
- ამბობდა თურმე). მაგალითად, ერთხელ სტეფანეს გაზეთში ამოუკითხავს, რომ სოფელ
უდეში შენდებოდა კათოლიკური ეკლესია. მას მაშინვე სასწრაფოდ გაუგზავნია ბარათთან ერთად შესაწირავი თანხა 10 ათასი მანეთი.
სტეფანე ზუბალაშვილისა და, საერთოდ, მისი ოჯახის მეცენატობის ვრცელი ნუსხიდან საგანგებოდ უნდა დავასახელოთ მათ მიერ შეწირული თანხა უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში წასული ახალგაზრდებისათვის. წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაწესებული ჰქონდა ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია. მისი მფლობელები იყვნენ შემდგომში ცნობილი მეცნიერები, მწერლები, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები: ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე ფაღავა, სარგის კაკაბაძე, იასონ ჩხენკელი, დავით ელიოზიშვილი, გიორგი ებრალიძე, სილოვან ყიფიანი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი, პავლე ინგოროყვა, გიორგი ჩიტაია, ლეო ქიაჩელი, ანა ხახუტაშვილი, შალვა ამირეჯიბი, ნინო ლასხიშვილი, ალექსანდრე სოლოღაშვილი, თამარ ძნელაძე, მალაქია გობეჯიშვილი, შალვა ტატიშვილი, დავით ჩხეიძე, სიმონ ფირცხალავა, გერონტი ქიქოძე, დავით მჭედლიშვილი, იოსებ გოგოლაშვილი, დავით მელაძე და სხვ. (თითოეულ მათგანს სტიპენდია ეძლეოდა სრული კურსის დამთავრებამდე).
სტეფანესა და მისი ძმების
ხელშეწყობით სწავლობდა მიხეილ ჯავახიშვილი ბელგიასა და პარიზში. იგი
სორბონის უნივერსიტეტში 1907 წელს ეუფლებოდა ლიტერატურას, ხელოვნების ისტორიასა და პოლიტეკონომიას. აქვე შევნიშნავთ: ერთ-ერთ წყაროში (მიხ. ჯავახიშვილის მემუარებში) საუბარია ვინმე ცნობილი ქართველი ქველმოქმედის შესახებ, რომელსაც პარიზში ქართველი სტუდენტებისათვის შეუქმნია უნიკალური ბიბლიოთეკა. ფიქრობენ, რომ
„ეს ფაქტიც უნდა უკავშირდებოდეს ზუბალაშვილების სახელს” (გაზეთი „რეიტინგი”,
2005, 29.08, № 35). ანალოგიური ვითარება იყო სტამბოლის ქართულ სავანესთან დაკავშირებითაც. მხოლოდ ვიწრო წრემ თუ იცოდა, რომ ზუბალაშვილების (იაკობის, კონსტანტინეს) ფულადი დახმარებით ააგო პეტრე ხარისჭირაშვილმა 1860 წელს სტამბოლში, ფერიქოეში, კათოლიკური ტაძარი, შენობა სკოლისათვის და სხვა დამხმარე სათავსოები... დააარსა ქართველ კათოლიკეთა საძმო-სავანე. მომდევნო წლებშიც ზუბალაშვილები სისტემატურად აფინანსებდნენ როგორც სტამბოლის, ისე საფრანგეთში მონთობანის (დაარსებულია 1874 წელს) ქართველთა სავანეებს, ორივეგან არსებულ ქართულ სტამბებს (სტამბოლში გაიხსნა 1870 წელს, მონთობანში
- 1876 წელს) და უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის სხვა კერებს.
სარატოვის სასულიერო
სემინარიაში ქართველი სტუდენტებისათვის დაწესებული იყო სტეფანე ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდია, რომელიც ეძლეოდა ყველაზე წარჩინებულ მოსწავლეს. ამ სტიპენდიის პირველი მფლობელი გახდა
ზაქარია დიდიმამიშვილი.
... ვინ მოთვლის, რამდენი
ქართველი ახალგაზრდისათვის გაუწვდიათ დახმარების ხელი ზუბალაშვილებს. მათს ამგვარ
ქველმოქმედებას ნამდვილად არ ჰქონდა ტერიტორიული საზღვრები. იგი აღწევდა
საქართველოს ყველა კუთხეში, მის ფარგლებს გარეთაც. შესაძლოა, ზუბალაშვილთა მიერ
უხმაუროდ გაღებული მოწყალებანი შემდგომშიც გახდეს ყველასათვის ცნობილი, ისევე
როგორც ქვემოთ დამოწმებული ერთი შემთხვევა: „ზუბალაშვილების ქველმოქმედება ჩემი
დიდი ბაბუის - გულო კაიკაციშვილის ოჯახსაც გადასწვდა აჭარაში. მამაჩემის ბიძაც და
უფროსი ძმაც (ბათუმის უნივერსიტეტის პირველი რექტორი) ზუბალაშვილის სახელობის სტიპენდიანტები იყვნენ”
(ლიანა ნაკაიძე, გაზეთი „მშვიდობა ყოველთა”, 1999, 30 ივნისი).
სტეფანე ზუბალაშვილი იყო ჭეშმარიტი ქომაგი მშრომელი ხალხისა, სოფლის გლეხობისა. ცნობილია, რომ კათოლიკე ზუბალაშვილთა რამდენიმე თაობა სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობის გამო დაკავშირებული იყო სოფელთანაც. ისინი მალე დარწმუნდნენ, რომ გლეხმა უკეთ უნდა ისწავლოს სოფლის მეურნეობის გონივრული გაძღოლა, მიწის განაყოფიერება კარგი მოსავლის მისაღებად; მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველების მოვლა; სოფლის პროდუქტების გეგმაზომიერი განაწილება-გამოყენება, მისი სასაქონლო დანიშნულება და, რაც მთავარია, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა. შ. ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, სოფლის მოსახლეობის ძირითადი სკოლა შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნი, დაწერილი სპეციალურად გლეხობისათვის ქართულ ენაზე. ზუბალაშვილები ამ საქმეშიც მფარველ-ქომაგებად მოევლინნენ ღარიბ მოსახლეობას. როგორც ზემოთაც აღინიშნა, ზაქარია ზუბალაშვილი (სტეფანეს ნათესავი)
- ერთ-ერთი პირველი ქართველი ექიმი, წლების მანძილზე წერდა პატარპატარა წიგნებს, სადაც საუბარი იყო გლეხობისათვის აუცილებელ და მტკივნეულ საკითხებზე. სწორედ ამგვარი წიგნები პერიოდულად იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა სოფლის მოსახლეობაში თითქმის უფასოდ, რადგან სასოფლო წიგნების გამოცემებს აფინანსებდნენ ისევ ზუბალაშვილები. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდია სტეფანეს წვლილი. ცნობილია, რომ მარტო 1902-1903 წლებში მისი შეწირულობებით დაიბეჭდა 20-ზე მეტი დასახელების საერო მნიშვნელობის წიგნი თუ ბროშურა, მათ შორის იყო:
„წერილი სოფლელ მუშას”, „დიფტერიტი”, „პურის ბოსტანი”, „შინაური ფრინველების მოვლამოშენება”,
„ხეხილის გამრავლება, მყნობა და მოვლა”,
“ცხვრის ყვავილი”, „საუნჯე მეურნისა ანუ მოვლა-მოყვანა და გამოყენება ყოველგვარი ხეხილისა და უბრალო ხეებისა”,
“მეცნიერების დედა-აზრი”, „ძველი რწმენა-წარმოდგენები და მეცნიერება”,
„დანაშაულობა და დამნაშავენი”, „მეურნეობა და ახალი სკოლა”, „ბავშვების გონიერი მოვლა”,
„რა არის
დოსტაქრობა ანუ როგორ არჩენენ ექიმები დანით”, „თვითმასწავლებელი რუსული ენისა ქართული ენის შემწეობით”,
“სახალხო სახლი და მისი საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა”,
„საუნჯე ავათმყოფობისა ანუ აღწერა ყოველგვარ ავათმყოფობისა” და სხვ.
სტეფანე და მისი ძმები, მათი მამის მსგავსად, ყოველთვის ინტერესით ადევნებდნენ თვალ-ყურს მიხ. თამარაშვილის სამეცნიერო მოღვაწეობას და ეხმარებოდნენ ფინანსურადაც.მაგალითად, გარდა იმისა, რომ მას უცხოეთში ცხოვრებისა და მუშაობისათვის ყოველ წლიურად უხდიდნენ გარკვეულ თანხას
„სუბსიდიის” სახით, უყურადღებოდ არ ტოვებდნენ სხვა აუცილებელი საჭიროების შემთხვევებშიც.ამ მხრივ მაინც განსაკუთრებულია სტეფანეს ამაგი. ნათქვამის ნათელსაყოფად ამჯერად დავიმოწმებთ ორიოდე ინფორმაციას:
“1900 წლისათვის მიხ.თამარაშვილს თავისი შრომის (“ისტორია ქართველი კათოლიკებისა”) ხელნაწერი დასაბეჭდად უკვე მომზადებული ჰქონდა. ზ.ჭიჭინაძისა და პ.მირიანაშვილის მეცადინეობით აღებულ იქნა ცენზურის ნებართვა. ქველმოქმედმა სტეფანე ზუბალაშვილმა ამ საქმისათვის გაიღო 1 000 (ათასი) მანეთი და წიგნის გამოცემა გადაწყდა წ.კ.გ. საზოგადოების ქართველთა ამხანაგობის სტამბაში... 1904 წელს ქველმოქმედ სტ. ზუბალაშვილის
„წარსაგებელით” და პ.მირიანაშვილისა და ზ.ჭიჭინაძის აქტიური მონაწილეობით დაიბეჭდა მიხ.თამარაშვილის შრომა
„პასუხი სომხის მწერლებს”... (შ.ლომსაძე, მიხ.თამარაშვილი და ქართველი
კათოლიკენი, გვ. 45-46, 74).
სტეფანე ზუბალაშვილის
საქველმოქმედო საქმეთაგან მაინც გამორჩეულია ბათუმის კათოლიკური ტაძარი. აჭარაში
კათოლიკური ეკლესიის აგება სტეფანეს დედის - ელისაბედის ოცნება და სურვილი იყო.
საოცრად მორწმუნე ქალბატონმა იცოდა, რომ რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის
შემდეგ საქართველოსთვის დაბრუნებულ აჭარაში ბევრი იყო გამაჰმადიანებული ქართველი.
იგი „მთელს ძალას შეალევდა... ოღონდ მოსწრებოდა ქართველთ მაჰმადიანებში
ქრისტიანობის გავრცელებას” (ზ. ჭიჭინაძე). ამიტომაც გარდაცვალების წინ დედას სტეფანესთვის სიტყვიერად უთხოვია მისი სულის მოსახსენიებლად ბათუმში აეგო
„წმინდა ტაძარი”. დიახ, ელისაბედის რწმენით ღვთისმშობელმა რომ მადლი მოიღო მათს ოჯახზე ნავთობის სარეწების ამოქმედებით, შვილებიც ვალდებულნი იყვნენ უფლისათვის მიეძღვნათ სამაგიერო ძვირფასი საჩუქარი
- აეგოთ ეკლესია.
ცნობილია, რომ XIX საუკუნის
90-იანი წლებიდან ბათუმში თანდათან იზრდებოდა ქართველ კათოლიკეთა რიცხვი. მათ 1896 წელს ხელისუფლებისაგან აიღეს ნებართვა
- ჰქონოდათ საკუთარი ეკლესია და 1897 წლის დამდეგიდანვე (იანვრიდანვე) დაიწყეს ეკლესიის ასაშენებელი თანხის შეგროვება. იმავდროულად ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს ადგილი ეკლესიისათვის. ქალაქის გამგეობამ ბათუმის ცენტრში გამოყო 400 საჟენი მიწა. ამას გარდა, თვითონ კათოლიკეებმა დამატებით კიდევ შეისყიდეს 200 საჟენი და შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას. დადგა ელისაბედ თუმანიშვილის ანდერძის აღსრულების დროც. კონსტანტინე ზუბალაშვილის ოჯახმა დიდი სიხარულითა და პატივით მიიღო ბათუმელი კათოლიკეების თხოვნა ამ წმინდა საქმეში ფინანსური დახმარებისათვის (ერთი ინფორმაციით, პირველად კონსტანტინემ გაიღო 100 ათასი მანეთი მისივე სიცოცხლეში, ხოლო შემდეგ დანარჩენი 60 ათასი
- სტეფანემ მშენებლობის პროცესში). „ჩემი დაუვიწყარი დედის მოსახსენებლად მე აგიშენებთ ეკლესიას, ეს ჩემი სურვილიც იყო”,
- განაცხადა სტეფანემ. იგი წლების მანძილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა მშენებლობასაც.
1897 წლის 12 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ბათუმის დიდებულ ეკლესიას. მშენებლობისათვის სტეფანემ იტალიიდან სპეციალურად მოიწვია არქიტექტორი, მხატვარი, მუშები. 1903 წლის დასაწყისში მთლიანად დასრულდა ტაძარი. შენობის წინა მხარეს გამოქანდაკებუილია მთელი ტანით წმ. ანდრია მოციქული და წმ. ნინო. ეკლესიის კარის შესასვლელთან მარმარილოს ქვაზე ქართულ და ფრანგულ ენებზე ამოტვიფრულია წარწერა:
„ტაძარი ესე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა მარიამისა, თვისის ზღუდითურთ, აღვაგე მე
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა, საცხოვნებლად სულისა ჩემისა,
მშობელთა ძმათა და დათა ჩემთასა” 18 IV 98
-19 VI 02 .
ტაძარი აკურთხეს 1903 წლის 5 მაისს. სტეფანემ ამ დღისათვის, ტაძრის საკურთხებლად, სარატოვიდან სპეციალურად მოიწვია კათოლიკეთა ეპისკოპოსი ედუარდ დე როპპი. უკრავდა ორღანი, გალობდა დედათა გუნდი. უამრავი ხალხი დაესწრო საზეიმო ცერემონიალს. ამ ეკლესიის სახით ზუბალაშვილებმა კიდევ ერთი ძვირფასი საჩუქარი შესწირეს ქართველ ხალხს, ქართველ კათოლიკეებს (ამჟამად ტაძარი დაკავებული აქვთ მართლმადიდებლებს).
სტეფანე ზუბალაშვილი გახლდათ აგრეთვე თბილისში
უპოვართა სახლის დაფუძნების ძირითადი თაოსანი. სტეფანეს გული მართლაც სავსე იყო
უბრალო ადამიანთა სიყვარულითა და სიბრალულით, განსაკუთრებით ეცოდებოდა სნეულები და მოხუცები. ამიტომ იყო, რომ, როცა სტეფანეს უთხრეს: ხომ არ აჯობებდა, ნიკოლოზ ზუბალაშვილის ნაანდერძევი თანხით უპოვართა სახლის ნაცვლად საქართველოში გახსნილიყო სკოლები, მან უყოყმანოდ განაცხადა თურმე:
„არა, ეგეც საჭიროა. ქალქში ბევრია საწყალი, მოხუცებული ქალი თუ კაცი, შეუძლონი, ღარიბები, სნეულნი, უპატრონოები. ესენიც ცოდონი არიან, რომ არავინ შეიბრალოს”
(ზ. ჭიჭინაძე, სამაგალითო ადამიანი, გვ. 71).
ნიკოლოზ ზუბალაშვილის ანდერძი პირნათლად აღასრულეს სტეფანემ და მისმა ძმებმა (სხვა ნათესავი ზუბალაშვილებიც აქტიურად მონაწილეობდნენ თურმე ამ სამადლო საქმეში). სახლის აშენება-მოწყობისათვის მათ კიდევ დასჭირდათ საკმაოდ დიდი თანხის დამატება, რათა იქაურ მობინადრეებს ჰქონოდათ ცხოვრებისათვის ნორმალური პირობები და, რაც მთავარია, სითბო და სიყვარული.
ზუბალაშვილებს სტეფანეს გარდაცვალების შემდეგაც არ მოუკლიათ ყურადღება
სამათხოვრო სახლისათვის. ფაქტობრივად წლების მანძილზე ისინი იყვნენ ამ თავშესაფრის მფარველები და პატრონნი.
სტეფანე ახლოს იცნობდა თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენლებს: მეცნიერებს, მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს. დიდად აფასებდა მათს საქმიანობას, პიროვნულადაც პატივს სცემდა თითოეულ მათგანს და, სახელოვანი წინაპრების მსგავსად, ყოველთვის იყო მეტად გულისხმიერი და გულთბილი მასპინძელი. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ილია ზურაბიშვილის სტუმრობა ბაქოს ნავთობსარეწებში, ასევე საქართველოში მოწვეული ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ პეტრიაშვილი (რომელიც აცხოვრა თბილისში, საკუთარ სახლში, შემდეგ კი უმასპინძლა ბორჯომსა და ბაქოში), ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი (სტუმრად მიიწვია ბაქოში) და ა. შ.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სტეფანე ზუბალაშვილმა მთელი სიცოცხლე სამშობლოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას მიუძღვნა. მის მიერ გაღებულ უხვ, უსაზღვრო შემოწირულობას
- ხილულსა თუ უხილავს - მიუმატა საკუთარი საცხოვრებელი სახლიც (პაპის - იაკობ ზუბალაშვილის მიერ აგებული მშვენიერი სასახლე), რომელიც სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ საჩუქრად გადაეცა თბილისის გამგეობას.
სტეფანე ზუბალაშვილი სიკვდილის შემდეგაც იყო ხალხის მსახური, გაჭირვებულთა მფარველი და მეოხი. მისი ძმები ღირსეულად აგრძელებდნენ საგვარეულო ტრადიციებს ქველმოქმედებაში, არ ივიწყებდნენ სტეფანეს დაწყებულ საქმესა თუ სამომავლო გეგმებს და რეალობად აქცევდნენ ხოლმე განსვენებული ძმის სასიკეთო ჩანაფიქრს. ასე მაგალითად, სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ (ორიოდე თვეში) ძმებმა ზუბალაშვილებმა ქ.შ.წ.კ. გამავრცელებელ საზოგადოებას (რომლის საპატიო წევრი იყო სტეფანე) შესწირეს სოლიდური თანხა
- 10 ათასი მანეთი. ამასთან დაკავშირებით საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მიიღო
ასეთი დადგენილება: 1) უგულითადესი მადლობა გამოეცხადოს საზოგადოების სახელით
შემომწირველთ; 2) მოხსენდეს მომავალ საზოგადო კრებას ეს შემოწირულობა და ეთხოვოს,
რომ შემომწირველნი არჩეულ იქნენ საზოგადოების საპატიო წევრებად; 3) განსვენებული სტეფანე კონსტანტინეს ძის სურათი, ძვირფას ჩარჩოში ჩასმული, გამოკიდებულ იქნას საზოგადოების დარბაზში... თანხა მოახმაროს ქართველი ბავშვების აღზრდა-განათლებას, განურჩევლად წოდებისა და სარწმუნოებისა” (ივერია, 1904, 6 ნოემბ., № 254, გვ.1).
ამ ასპექტით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია სტეფანეს ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისში ბავშვთა პირველი საავადმყოფოს დაფუძნება.
რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს ძმები ზუბალაშვილების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს აგებით გაწეული ქველმოქმედების უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ხალხის ისტორიაში, მოკლედ წარმოვადგენთ იმ რეალურ ვითარებას, რაც სუფევდა საქართველოში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.
ისტორიული წყაროების მიხედვით, თბილისის ერთადერთი პატარა
„საავადმყოფო” (რომელიც მდებარეობდა ქალაქის ცენტრში, ველიამინოვის ქუჩაზე) 1858 წელს გადაიტანეს ვერაზე (უფრო განაპირა უბანში) და განათავსეს კერძო პირისაგან შეძენილ სახლში, სადაც საწოლების რიცხვმა 70-ს მიაღწია თურმე.
ცხადია, ეს სამკურნალო „დაწესებულება” მინიმალურადაც ვერ დააკმაყოფილებდა ავადმყოფი პაციენტების მოთხოვნებს, ვერ შეძლებდა ყველა მათგანის მიღებასა და მკურნალობას. ხშირი იყო ინფექციურ დაავადებათა შემთხვევები, ტუბერკულოზი იქცა მეტისმეტად საშიშ დაავადებად და დღითი დღე მატულობდა ამ სენით დაავადებულთა სიკვდილიანობის რიცხვი. ამ ვითარებიდან გამომდინარე, 1864 წლიდან თბილისის მოსახლეობისა და ექიმთა საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით ქალაქის გამგეობა იძულებული გახდა, ეზრუნა ახალი
- ნამდვილი საავადმყოფოს გახსნაზე.
მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ, 1868 წლის ნოემბერში, თბილისში, მიხაილოვის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი), გაიხსნა პირველი საავადმყოფო (შემდგომ ეწოდა
„საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო”), რომელიც თავისი
დროის შესაბა
მისად კარგად ყოფილა მოწყობილი, აღჭურვილი საჭირო ინვენტარითაც; 200 საწოლით ემსახურებოდა თერაპიულ და ქირურგიულ განყოფილებებს, მაგრამ არც ის შენობა აღმოჩნდა საკმარისი; მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი იყო ინფექციური ავადმყოფი. ამიტომ ქალაქის თვითმმართველობა ხსნიდა დროებით ინფექციურ
„საავადმყოფოებს”, თუმცა ისინი ხშირად თვითონვე გადაიქცეოდნენ ხოლმე ინფექციის გავრცელების წყაროდ.
1898 წელს თბილისში, ავლაბარში, სპეციალურად ინფექციურ ავადმყოფთათვის გაიხსნა პირველი სტაციონალური ბარაკი (20 საწოლით) და ეწოდა
„ქალაქის მწვავე გადამდებსენიანთა საავადმყოფო” (სწორედ ეს თარიღი მიაჩნიათ ქალაქის პირველი საავადმყოფოს ისტორიის დასაწყისად). მომდევნო წლებში კიდევ დაემატა რამდენიმე ასეთი ბარაკი; კერძოდ: 1900 წელს
- ერთი (20 საწოლით), 1902 წელს - ორი (20-20 საწოლით), 1908 წელს - ორი სახლი (10 საწოლით).
ცნობილია, რომ 1900-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებით ხშირი იყო ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები თბილისსა და სხვა რეგიონებში. მაშინ საქმეს ისიც ართულებდა, რომ ინფექციურ სნეულებათა სამკურნალო ბარაკებში ხვდებოდნენ როგორც მოზრდილები, ისე ბავშვები, რომელთა შორის ყველა როდი იყო ინფექციით დაავადებული. ამ მძიმე სიტუაციას ძმები ზუბალაშვილებიც კარგად იცნობდნენ: მათი უფროსი ძმა
- 6 წლის ანდრია სწორედ ავადმყოფობით გარდაცვლილა, რასაც ზუბალაშვილები მეტად მტკივნეულად განიცდიდნენ თურმე. ამიტომ სტეფანესა და მისი ძმების დიდი სურვილი ყოფილა აეგოთ სპეციალურად ბავშვთათვის ახალი საავადმყოფო, რათა უფასოდ ეზრუნათ ყველა პატარას ჯანმრთელობაზე.
ზუბალაშვილთა მიერ ბავშვთა საავადმყოფოს გახსნის იდეასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი გადმოცემაც: კონსტანტინეს განუზრახავს გარდაცვლილი შვილისათვის გაეკეთებინა ძვირფასი საფლავი, ეს გადაწყვეტილება გაუცვნია ახლო მეგობრებისათვის, ამათ კი ასე ურჩევიათ: შვილის ხსოვნისათვის ააშენეთ ბავშვთა საავადმყოფო, ეს იქნება
გარდაცვლილის სულის ყველაზე ძვირფასი შესაწირავი, გამორჩეული ძეგლიო (ნოე ლეჟავა).
სტეფანეს მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლევანმა, პეტრემ და იაკობ ზუბალაშვილებმა ძმის პატივსაცემად გადაწყვიტეს, დროულად გაეღოთ დიდი შეწირულობა სტეფანეს კეთილი სურვილისა და ერისათვის მეტისმეტად საჭირო ჩანფიქრის აღსასრულებლად.
ამასთან დაკავშირებით, პირველ ყოვლისა, წარმოვადგენთ გაზეთ
„ივერიის” 1904 წლის 237-ე ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციას: „გუშინწინ თფ. ქალაქის მოურავის მოადგილეს თავ. გ. ჩერქეზიშვილს აცნობეს ამას წინათ გარდაცვალებულის სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის ძმებმა, რომ ჩვენის დაუვიწყარის ძმის სახსოვრად ქალაქს შევსწირეთ
ერთი მილიონი მანეთი ბავშვთათვის საავადმყოფოს ასაგებადაო”.
მასალებით ირკვევა, რომ ძმებმა ზუბალაშვილებმა სთხოვეს ქალაქის გამგეობას, გამოეყოთ შესაფერისი ადგილი საავადმყოფოსათვის:
„ჩვენ მაშინვე შევუკვეთავთ გეგმას პეტერბურგის ხუროთმოძღვრებს, აგიშენებთ სახლს, მოგიწყობთ და ჩაგაბარებთ”.
გადაწყდა 80 საწოლიანი საავადმყოფოს აგება, ოღონდ ორი პირობით: 1) საავადმყოფო აშენდეს ცალკე (განსაკუთრებულ) ნაკვეთზე და იყოს შემორაგული, 2) საავადმყოფოში არ მოთავსებულიყო ინფექციური სენით დაავადებული ბავშვები.
თბილისის თვითმმართველობამ, ზუბალაშვილების თხოვნის შესაბამისად, საავადმყოფოსათვის გამოყო სპეციალური ადგილი ისევ ავლაბარში (დღევანდელი I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე), სადაც უკვე აშენებული იყო ბარაკები სამედიცინო მომსახურებისათვის.
ქალაქის გამგეობის 1907 წლის 9
ნოემბრის სხდომაზე განიხილეს ბავშვთა საავადმყოფოს პროექტი, რომელიც ზუბალაშვილებმა
შეადგენინეს ევროპელ სპეციალისტებს. მშენებლობის ხელმძღვანელობა დაევალა ქალაქის
არქიტექტორს ზურაბიანცს. აქვე აღინიშნა, რომ საავადმყოფო დამთავრდებოდა დაახლოებით
1908 წელს. მაგრამ მისი მთლიანი კორპუსის მშენებლობის დასრულება და სათანადოდ აღჭურვა ვერ მოესწრო ნავარაუდევ პერიოდში, რადგან ამ ახალ პავილიონში ყველა სამუშაო სრულდებოდა მაღალხარისხოვნად. სამსართულიან წითელი აგურის ლამაზ შენობას (რომელიც თავისი სტილით, გარეგნული იერსახით ერთგვარად ჩამოჰგავდა უპოვართა თავშესაფარს) ჰქონდა ორი განყოფილება: თერაპიული (67 საწოლით) და ქირურგიული (34 საწოლით). თერაპიული განყოფილება მოთავსებული იყო მეორე სართულზე, ქირურგიული
- მესამეზე. პირველი სართული დაეთმო „სარძეო სამზარეულოს”.
ძმებმა ზუბალაშვილებმა სამედიცინო აპარატურა უცხოეთიდან ჩამოიტანეს; ორივე განყოფილება მოაწყვეს ევროპულ დონეზე: აქ იყო მაგარი და რბილი ინვენტარით უზრუნველყოფილი, ფართო, ნათელი პალატები, შესანიშნავი ბოქსები, ლაბორატორია... ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნებოდა დიდ თანხასთან. როგორც ერთი საგაზეთო ინფორმაცია იტყობინება,
„ბავშვთა საავადმყოფოს საბოლოო დასრულებისათვის ძმებს თურმე თანხა დააკლდათ. ამიტომ სხვა კომერსანტებს მიმართეს თხოვნით
- ფული გაეღოთ სესხად. ვაჭართა შორის, ვინც სესხი გაიღო, იყო დავით სარაჯიშვილიც და ცნობილი არამიანციც (სამწუხაროდ, სხვათა გვარები უცნობია). საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არც ერთმა კომერსანტმა სესხად გაღებული თანხა არ დაიბრუნა, გარდა არამიანცისა (მაინც ისე მოხდა, რომ არამიანცის სახელი საავადმყოფოს დღემდე მოჰყვება)”
(იხ. მ. ჯავახაძე, არამიანცის, ზუბალაშვილის თუ სარაჯიშვილის საავადმყოფო:
“ახალი ქართული გაზეთი”, 1998, 13 ოქტომბერი).
1913 წლის 17 ნოემბერს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ავლაბარში, გაიხსნა საქართველოში და, საერთოდ, ამიერკავკასიაში
ბავშვთა პირველი მუდმივი საავადმყოფო. ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოვლენა ქართული მედიცინის ისტორიაში.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიის მეფის ნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი მეუღლითურთ, საქართველოს ეგზარხოსი ალექსი, კავკასიის უმაღლესი მოხელეები, დაწესე-
ბულებებისა და საზოგადოების წარმომადგენლები... აღევლინა კათოლიკური და მართლმადიდებლური წირვა, წაიკითხეს მრავალი მილოცვა თუ ადრესი (იხ. ფოტომასალაში), წარმოითქვა სიტყვები...
საზოგადოება მადლიერებას გამოთქვამდა ძმები ზუბალაშვილების მიმართ ამ დიდი ეროვნული, საშვილიშვილო საქმის აღსრულებისათვის; ერთხელ კიდევ ქებით მოიხსენიებდნენ სტეფანეს უდიდეს ღვაწლსა და დამსახურებას მშობელი ქვეყნის წინაშე. ახალაგებულ საავადმყოფოს ეწოდა სტეფანე ზუბალაშვილის სახელი.
ერთი ვერსიით, მაღალი გალავნით შემოღობილ ეზოში დაიდგა სტეფანეს ბიუსტი, შენობის შესასვლელში კი გამოიკიდა მისი სურათი.
ქალაქის ხელმძღვანელობისა და საავადმყოფოს დამფუძნებელთა მთავარი საზრუნავი იმთავითვე გახდა მედპერსონალის სწორად შერჩევა-მოწვევა. ამ მშვენიერ შენობაში განთავსებული, ყოველმხრივად გამართული საავადმყოფო უნდა დაკომპლექტებულიყო გამოცდილი, საუკეთესო სპეციალისტებით, რომლებიც ერთგულად დაიცავდნენ ჰიპოკრატეს ფიცს და, რაც მთავარია, ამ უფასო საავადმყოფოს შეუნარჩუნებდნენ ღირსებას, პატივს მიაგებდნენ ძმები ზუბალაშვილების კეთილშობილურ მიზანდასახულებას.
აქვე დავსძენთ: იმდროინდელი მასალებით ირკვევა, რომ ახალი საავადმყოფო პირველი დღეებიდანვე ერთგულად შეუდგა თავისი მისიის შესრულებას და მალევე დაიმსახურა ხალხის მადლიერება და პატივისცემა. სწორედ ამაზე მეტყველებს ქვემოთ წარმოდგენილი ერთი საგაზეთო ინფორმაციაც:
“ამას წინად ტფილისის ხელოსანთა საზოგადოებამ საგანგებო ადრესი მიართვა უხვ ქველმოქმედთ ძმებს ზუბალაშვილებს, რომელთა ხარჯითაც ავლაბარში აგებულ იქნა საბავშვო საავადმყოფო. ადრესში საზოგადოება მადლობას უცხადებდა იმის გამო, რომ ამათ ქალაქის უღარიბეს მცხოვრებთ შეძლება მისცეს ხელმისაწვდომ ფასში რიგიანად წამლობისა”. 1913-1917 წლებში ბავშვთა საავადმყოფოს განაგებდა მედიცინის დოქტორი, დამსახურებული ექიმი
ნ. უმიკაშვილი (უმიკოვი), თანამშრომლები იყვნენ: ე.თ. კვეზერელი-კოპაძე,
პროფ. მ. უგრელიძე, ნ. გ. სუნდუკიანცი, ნ. დ. კილოსანიძე და სხვები.
საავადმყოფოს მედპერსონალი წლითიწლობით ივსებოდა მაღალკვალიფიციური კადრებით. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაოდ მოიწვიეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის პროფესორი, საქვეყნოდ ცნობილი ექიმი სიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე. იგი მაშინვე ჩაუდგა სათავეში ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა პავილიონს, იმავდროულად თბილისის უნივერსიტეტში დააარსა პედიატრიის კათედრა. სახელოვანი მეცნიერისა და პრაქტიკოსი ექიმის უშუალო ხელმძღვანელობით ჩვენში აღიზარდა მრავალი პედიატრი (თერაპევტი თუ ქირურგი), რომლებიც წლების მანძილზე გულმოდგინედ ემსახურებოდნენ ბავშვთა ჯანმრთელობას და, რომელთა წყალობით, მაშინ მკურნალობა მართლაც უფასო იყო.
და ბოლოს: საბჭოთა ეპოქაში პერიოდულად მიმდინარე რეფორმების შედეგად მეტ-ნაკლებად იცვლებოდა ქალაქის პირველი საავადმყოფოს მთლიანი სტრუქტურა (მისი რამდენიმე განყოფილება განთავსებული იყო სხვადასხვა კორპუსში). 1990-იან წლებამდე ძმები ზუბალაშვილების მიერ აგებულ შენობაში კვლავ ფუნქციონირებდა ბავშვთა თერაპიული და ქირურგიული კლინიკები, მაგრამ დაახლოებით 1995 წლიდან იმის მიზეზით, რომ შენობა მოითხოვდა კაპიტალურ შეკეთებას (ზუბალაშვილთა მსგავსი ქველმოქმედი ქართველები კი არ ჩანდნენ!), ამ ძველი კორპუსის სამედიცინო პერსონალი გადაიყვანეს იქვე ახლოს აგებულ შენობაში, VI სართულზე.
მიუხედავად ბავშვთა საავადმყოფოს თანამშრომელთა დიდი სურვილისა და მონდომებისა, არ მოხერხდა მათი თავდაპირველი
- დამოუკიდებელი კორპუსის შენარჩუნება. ერთადერთი, რაც მათ შეძლეს ამ ეტაპზე, ის გახლავთ, რომ დღეს მათი
განყოფილება ოფიციალურად არის შ.პ.ს „ძმები ზუბალაშვილების სახელობის პედიატრიული კლინიკა”.
... ასი წლის წინათ აგებული
შენობა, რომელმაც ათასობით ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა არა მხოლოდ მედპერსონალის
თავდადებული საქმიანობით, თავისი დროისათვის საუკეთესო აღჭურვილობით, არამედ მშვენიერი ეზო-გარემოთიც, დღეს, დევნილთა თავშესაფრად ქცეული, საცოდავად გამოიყურება... ალაგ-ალაგ დაბზარული კედლები, მოუვლელი, დანაგვიანებული ეზო და მისი შემოგარენი, უპატრონოდ მიტოვებული მწვანე ნარგავები... აშკარად მეტყველებს თანამედროვე საზოგადოების გულცივობაზე, ადამიანთა (თუნდაც იქ ჩასახლებულთა) მხრიდან საერთო საქმისადმი ზერელე, გულგრილ დამოკიდებულებაზე და იმაზეც, რომ, სამწუხაროდ, სრულიად დავკარგეთ წარსულისადმი პატივისცემა, დავივიწყეთ ცნებების
- სიკეთის, ქველმოქმედების ჭეშმარიტი არსი...
სიძველის მიუხედავად, შენობის გარეთა ნაწილზე აქა-იქ ჯერ კიდევაა შემორჩენილი ლამაზი ჩუქურთმები, როგორც მთლიანი შენობის მშვენიერი წარსულის სიმბოლო.
აქვე გვინდა მკითხველს შევახსენოთ ერთი ცნობილი ფაქტის შესახებაც: XX საუკუნის დასაწყისში თბილისში, ინფექციურ დაავადებათა განსაკუთრებით გავრცელების გამო, ქალაქის ხელმძღვანელობამ 1903 წელს მიიღო დადგენილება
– ქალაქის თვითმმართველობისა და ნაწილობრივ კერძო პირთა შეწირული თანხებით ისევ ავლაბარში (დღევ. წინანდლის ქუჩის მხარეზე), გადამდებსენიანთა ბარაკების ადგილზე აეშენებინა ახალი საავადმყოფო (ახალი პავილიონი) 100 საწოლით. 1904 წელს დამტკიცებული პროექტით ქალაქის საავადმყოფოს ექნებოდა თერაპიული და ქირურგიული განყოფილებები. უმთავრესად ფინანსური მიზეზით საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან გაჭიანურებულა, იგი საექსპლოატაციოდ გადაეცა 1909 წლის დასასრულს, ოფიციალურად კი გაიხსნა 1910 წლის 2 თებერვალს და ეწოდა
„ქალაქის პირველი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება” (ამჟამად ეს შენობა იძულებით გადაადგილებულთა საერთო საცხოვრებელია).
თანამედროვეთა გადმოცემებისა თუ მასალების მიხედვით, ამ კორპუსის მშენებლობაში ფინანსურად მონაწილეობდნენ არამიანციც, ზუბალაშვილებიც და სხვა ქართველი კომერსანტებიც (სამწუხაროდ, საზოგადოებისათვის არამიანცის გარდა ყველა სხვა გვარი უცნობია!). ისიც ცნობილია, რომ
არამიანცმა მოგვიანებით თავისი წილი მიჰყიდა ქალაქის გამგეობას, მაგრამ მაინც, ისევ ქართველთა დაუდევრობით, შენიანის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებითა და მავანთა გაყალბებული ინფორმაციების წყალობით, ავლაბარში განთავსებულ ქალაქის პირველი საავადმყოფოს მთლიან კომპლექსს, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო იმავე ტერიტორიაზე არსებული ზუბალაშვილთა სახელობის ბავშვთა დამოუკიდებელი საავადმყოფო და ფუნქციონირებდა ათეული წლების მანძილზე, დღემდე დაუმსახურებლად შემორჩა მხოლოდ არამიანცის სახელი და ძალიან ცოტამ თუ იცის ქართველი ქველმოქმედი მამულიშვილების არა თუ ღვაწლი, არამედ გვარიც კი!
… ამ მწარე სინამდვილის გამო უნებურად მაგონდება ხალხური სიბრძნე:
„ვისაც არა აქვს წარსულის რიდი, ცუდ ისტორიას ამკვიდრებს იგი”...
შენიშვნა: საავადმყოფოების შესახებ ზემოთ წარმოდგენილი მასალა ძირითადად მოძიებულია წიგნიდან
„თბილისის ქალაქის I კლინიკური საავადმყოფო”, თბ., 1961; ასევე გათვალისწინებულია იქაური მედპერსონალის ზეპირი ინფორმაციებიც.
* * * სტეფანეს სახელს უკავშირდება
„ძმები ზუბალაშვილების ქუჩის” სახელდების ისტორიაც. ცნობილია, რომ მთაწმინდის იმ უბანში, სადაც ახლა ძმები ზუბალაშვილების ქუჩაა, ძველად მოთავსებული ყოფილა ტყვია-წამლის საწყობი, ე.წ.
„არსენალი”, ამის მიხედვით რქმევია „არსენალის ქუჩა”. შემდეგ აქ დაუდგამთ მცირე მოცულობის სასამართლოს შენობა და ქუჩისთვის უწოდებიათ
„პატარა სასმართლოს ქუჩა” (ი. ახუაშვილი).
1908 წელს, როცა ამ ქუჩაზე ზუბალაშვილთა მიერ უკვე აშენებული იყო
უპოვართა სახლი, იქვე ახლოს - უფასო სასადილო „სამადლო”, თბილისის
გამგეობაში ხმოსნებმა შეიტანეს წინადადება ამ ქუჩის ახალი სახელწოდების თაობაზე.
ცოტა მოგვიანებით, 1911 წლის 21 იანვარს, თბილისის გამგეობამ სტეფანესა და მისი
გვარის დამსახურებისათვის მიიღო დადგენილება - „პატარა სასამართლოს ქუჩა” იწოდებოდეს
„სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩად”. ასე იყო 1934 წლამდე. ამის შემდეგ მიეკუთვნა ვიღაც ათარბეგოვის სახელი. საბედნიეროდ, 1990-იანი წლებიდან, საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროს საგანგებო ყურადღება მიექცა დედაქალაქში (და მთელს საქართველოში) ქუჩების სახელწოდებათა საკითხს... ბევრს კიდეც შეეცვალა სახელი, მათ შორის აღმოჩნდა ათარბეგოვის ქუჩაც, რომელიც
ქართველი ინტელიგენციის მოთხოვნით, პროფესორ ი. ახუაშვილის დიდი ძალისხმევით, ბავშვთა საავადმყოფოს კოლექტივის მხარდაჭერით კვლავ ატარებს ძმები ზუბალაშვილების სახელს.
...რაც უფრო ვრცლად ეცნობი სტეფანეს ნაღვაწს, მით უფრო მეტად გეუფლება უსაზღვრო მადლიერების გრძნობა. ღმერთმა ქნას, ყოველმა ქართველმა სრულად გაითავისოს თავისი პიროვნული მოვალეობა და პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე და ყოველთვის ახსოვდეს ჩვენი სახელოვანი მამულიშვილის სტეფანე ზუბალაშვილის სიტყვები:
„...მე მოვალეობად მიმაჩნია, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა თითო აგური მიიტანოს და დადოს. მე ჩემი აგურები მივიტანე და ასევე ჩემმა ძმებმაც. კიდევაც მივიტანთ”.
„ძველ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილ სტეფანეს გული ფულმა ვერ გაუმქისა.… იგი არის ისეთი კაცადკაცი, რომელმაც სიტყვა და მისი მნიშვნელობა ერთობ კარგად იცის.… იგი არის სიტყვის კაცი და საქმის მკეთებელი” (ზ. ჭიჭინაძე).
„ზუბალაშვილთა გვარში განსაკუთრებული ადგილი სტეფანეს უჭირავს. მართლაც რომ სამშობლო იყო სტეფანეს საკურთხეველი” (ვ. გურგენიძე). სწორედ ამ საკურთხეველთან მიიტანა მან
„თავისი აგური”, „დიდი წვლილი დადო საეროვნო ტრაპეზზე”; პირნათლად მოიხადა ამქვეყნიური ვალი.
სტეფანე ზუბალაშვილის პიროვნება თაობებისათვის მუდამ უნდა იყოს სამაგალითო და მისაბაძი!
სტეფანეს ცხოვრება-მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ჩვენეულ თხრობას დავამთავრებთ პეტრე მირიანაშვილის
სტატიით, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „ჯეჯილში” (1904, ოქტომბერი) კლდიას-ს ფსევდონიმით.
სტეფანე ზუბალაშვილი
პატარა მკითხველებო! თუ არ იცით, სახელი რას ჰქვია, გთხოვთ, ცოტა ხანს ყური მათხოვოთ.
ყოველი ადამიანი უსახელო იბადება, მაგრამ-კი კვდება ისე, რომ ორი სახელი რჩება: ერთი სახელი, რომელიც ნათლობის დროს დაურქმევიათ მისთვის და გამხდარა სახსოვრად მის ნათესავთა შორის, ხოლო მეორე სახელი თვითონ მას შეუძენია და სახსოვრად, ნათესავებს გარდა, სხვებისთვისაც გამხდარა, ხან რომლისამე საზოგადოებისთვის, ხან ქვეყნისთვის, მაგრამ ეს სახელი ისეთი როდია, დასაძახებლად გამოდგეს, როგორც მაგ. ივანე, მათე და სხვ. არა, ეს სახელი ადამიანს გამოაჩენს თვითონ ან კეთილად, ან ბოროტად, ასე რომ ადამიანს ზოგს კეთილი კაცის სახელი აქვს, ზოგს კიდევ ბოროტისა, ზოგი ხომ სულ უსახელოა.
კეთილი ადამიანი იქნება, ვინც თავისს გონებას, თავისს ქონებას კეთილად ხმარობს, ესე იგი, ვინც ამ ორთავ ნიჭს, როგორც სულიერს, ისე ნივთიერს სიმართლის სამსახურს ჰსწირავს, სიმართლის სიყვარულით გამსჭვალული. სიმართლის სიყვარული-კი ისეთი რამ არის, რომ მისი პატრონი, გონებიანი იქნება, თუ ქონებიანი, შეუძლებელია, დაჩაგრულ, გაჭირვებულ მოძმეს არ დაეხმაროს, ხელი არ გაუმართოს. კეთილი ადამიანი გონებიანიც და ქონებიანიც ორნივ მოღვაწედ ითვლებიან ერთი მწერლობით, თუ ხელოვნებით, ხოლო მეორე კეთილ მყოფელობით, ანუ ქველმოქმედებით.
სტეფანე ზუბალაშვილიც, რომელიც ქართველობამ გასული ენკენისთვის ოცდა-შვიდს მიაბარა შავ მიწას და საუკუნოდ გამოეთხოვა, ქველმოქმედებით იყო განთქმული, ესე იგი მოყვარული იყო კეთილის საქმისა და ასეთი საქმე სწავლისა და კეთილზნეობის გავრცელება იქმნებოდა, თუ ღარიბის, გაჭირვებულის დახმარება, თავის ქონებას უხვად ჰსწირავდა, მაგრამ იმიტომ-კი არა, ექოთ და მადლობა გადაეხადათ, არამედ იმიტომ, რომ მისი ბუნება მოითხოვდა, კარგად მცოდნე მისი, რომ ღვთის ბოძებული ქონება მოძმის სარგებელიც უნდა ყოფილიყო.
სტეფანე ზუბალაშვილი ქართლელი აზნაურიშვილი იყო, კარგი ოჯახიშვილი. მათი გვარი ძველადგანვე სოვდაგრობით იყო განთქმული და მამა მისმა კონსტანტინემ ხომ სოვდაგრობა რომ აღარ იკმარა, ნავთის მრეწველობას მოჰკიდა ხელი. ნავთის მრეწველობა იგივე ნავთის შოვნაა და ჩვენს ქვეყანაში ნავთი მხოლოდ ბაქოში იშოვება, დედამიწის გულშია და თუ მარჯვე ადგილს ღრმად ჩაგდებულმა ბურღმა უწია, მაშინვე ამოხეთქს შადრევნად, რომელიც დღეში ამოისვრის რამდენსამე ათას ფუთსა, რასაც ათასობით მუშები დიდრონ აუზებში აგროვებენ. ასეთი ნავთის შადრევნები განსვენებულ სტეფანეს ბევრი ჰქონდა და კიდევ უფრო ბევრი ჰყავდა მუშა.
მისი გულკეთილობა პირველად ამ მუშებმა იგრძნეს. არა თუ გადაჭრილი სამუშაო ფასის მიმცემი იყო ქველი სტეფანე, არამედ ნამდვილი მფარველი და შემწე თავის მუშებისა, რაკი იცოდა, რომ მისი აუარებელი ქონების შემძინებელი მუშებიც იყვნენ აგრეთვე. ამიტომ გულში ჩაუვარდა საერთოდ მუშების გონებრივ და ზნეობრივ განვითარების აზრი, რომლის განხორციელება საუმჯობესოდ დაინახა ჩვენს დედა-ქალაქში ტფილისში და კიდეც ააგო სახალხო სახლი, სადაც საკითხავი წარმოდგენები და სიმღერები სახალხოდ იქნება გამართული. სტეფანე გულ-კეთილი და მოწყალე მამა იყო საწყალი ხალხისა, რომელიც მხოლოდ მისი ნამოწყალებით ირჩენდა თავსა, ხელს უმართავდა გაჭირვებულ ახალგაზრდობას, რომ სწავლა მიეღოთ რუსეთში, თუ საზღვარ გარეთ. განსაკუთრებით ეფიქრებოდა ბედი იმ დიდი სასწავლო შენობისა, რომელიც ტფილისში ვერაზე კეთდება თავად-აზნაურთა შვილებისთვის და რომელსაც შესწირა დიდ ძალი ფული, ეფიქრებოდა ბედი აგრეთვე ქართული წიგნების და ჟურნალ გაზეთების გამოცემისა, რომელთა შორის ჩვენ
„ჯეჯილსაც” მიაქცია ყურადღება და ყოველ წლივ აწოდებდა ფულს, რომ ღარიბ სკოლებს და თვით ოჯახებსაც მისვლოდათ მუქთად ჟურნალი. ქართული წარმოდგენების გამართვისა, ქართველთა შორის წერა-კით-
ხვის გავრცელების საქმეც არ დააგდო უნუგეშოდ, რისთვისაც გაიღო საკმაო ფული, რაკი იცოდა, რომ თეატრი ადამიანის სიკეთეს და ზნეობის სიწმინდეს, ხოლო წერა-კითხვის გავრცელება და ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გამოცემა გონების განვითარებას ემსახურება.
მაგრამ საუკუნო ძეგლი, რომელიც განსვენებული სტეფანეს სახსენებელს უკვდავსა ჰყოფს, ის ტაძარია, რომელიც მან აღაშენა. ქართველ კათოლიკეთათვის დასავლეთ საქართველოს ქალაქ ბათომსა. ააშენა არა თავის სადიდებლად, არამედ ჭეშმარიტის სარწმუნოებით აღძრულმა, რა-კი უწყოდა, რომ მორწმუნე ადამიანის სულისთვის უშიშარი საყუდელი ამ შფოთიანსა და მღელვარე ცხოვრებაში წმინდა ტაძარია. ამ ძეგლის ამართვით თითქო სურდა ეთქვა, თუ ბათომი ნავთ საყუდელია, მისი ტაძარი, ჩემი აშენებული მორწმუნე სულთ საყუდელი შეიქმნესო. რა იყო უმთავრესი მიზეზი მის, რომ განსვენებული სტეფანე ასე უზომოდ გულ-კეთილი და ქველ-მომქმედი იყო? ქველობა მას უანდერძა განსვენებულმა დედა მისმა თავად თუმანაანთ ქალმა ელისაბედმა, რომელიც თურმე ღარიბს ხელ ცარიელს არ გაუშვებდა და თანაც ეტყოდა, წადი არავინ გინახოსო. მაცხოვრის მცნება გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენიო, დიახ გასაგები და ადვილ შესასრულებელი შეიქმნება, თუ ადამიანს სათნოებიანი და ქველი დედა ეყოლა და ქველი ელისაბედის გაზრდილი სტეფანეც ხომ მოყვასთა სიყვარულისთვის არაფერს იშურებდა და აკი იმდენიც გაიმეტა, თუმცა ჯერ კიდევ შუა ხნის კაციც არ იყო.
სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანი მაშინ მოკვდა, როცა ქველმოქმედების გრძნობა სრულად არ ჰქონდა ჯერ გაფურჩქნული და აყვავებული. სწორედ მისთვის ითქმის, დედამ რომ შვილი გაზარდოს, ე მაგრე შენისთანაო.
განსვენებული სტეფანე უშვილო იყო და არც ეძებდა მამაობის გვირგვინსა, რადგანაც ყოველი გაჭირვებული და ობოლი ახალგაზრდა მას შვილად მიაჩნდა და მისმა პატიოსანმა ძმებმა ლევანმა, იაკობმა და პეტრემ განსვენებული სტეფანეს სახსოვრად ამ პატარა საწყლების საავადმყოფოს ასაშენებლად დიდძალი ფული შესწირეს ქალაქსა.
სამაგიეროდ, თითქოს სახელის გასამართლებლადო, რადგანაც სტეფანე ბერძნულად გვირგვინს ჰნიშნავს, ქველმა სტეფანემ თავს დაიდგა გვირგვინი, მაგრამ ქორწინებისა-კი არა, არამედ უკვდავებისა, ისიც თავისი ადამიანობით, მამულიშვილობით, მორწმუნეობით და მით ყველას დაგვიგდო ანდერძად უკვდავი შოთა რუსთველის ბრძნული თქმულება:
ჰსჯობს სახელისა მოხვეჭა კლდია
თან წარიტაცა უმანკო სული,
კეთილი, წყნარი, ხალხის მოყვარე
ვით ანგელოზთა დასთა-დასული!
აქ მიგვატოვა ობოლი ობლად;
ისედაც ჩაგრულთ მოგვიკლა გული;
და ბედშაობით
გაუხარებლებს,
დაგვირთო მძიმე წყლულზედა წყლული.
დიახ!... უდროოდ მოგვტაცა
ბედმა ქველმოქმედებით ხალხის მშველელი,
და დღეის შემდეგ
ვინ გვეყოლება
შენებრ სტეფანე... შენებრ მფარველი?!
შენ ღირსი იყავ დიდხანს გეცოცხლა
კვალად გემუსრა ხალხისა ჭირი,
მაგრამ განგებამ ასე
ისურვა...
ამასა ვგლოვობ, ამასა ვსტირი!!
და ჩემთან ერთად შენსა ცხედარსა ცრემლებსა აფრქვევს ქართველი ერი, მწუხარე გულით
გესალმებიან სამუდამოთა ყრმა და ხნიერი.
იტირეთ, მარად ბედით ჩაგრულნო, რადგანაც დასცხრა აწ ქველი ხელი... იტირეთ!
თქვენთვის არვინ ყოფილა მაგაზე უფრო მეტად მზრუნველი.
მაგრამ სოფლისა ამაოებამ
დაუნდობელად დაგვრია ხელი;
გულში დაგვრჩება მარად და მარად
ქველო მოქმედო შენი სახელი!!
დავით გაბრუაშვილი
(ივერია, 1904, 26 სეკდემბერი, №222).
ქველმოქმედისა კუბოს მორწყავს მდუღარე ცრემლით,
თანაუგრძნობდა ვინც სამშობლოს გულის ტკივილსა,
უკვე დაჰკარგა... ის განვიდა ამიერ სოფლით.
ჩვენი სამშობლოც, მისგან მეტად დავალებული,
ძაძით მოსილი ღირსეულ შვილს დასტირის თავსა...
მოულოდნელის დანაკლისით დანაღვლებული
მთელის ძალღონით ზიზღით სწყევლის სიკვდილსა შავსა...
ვინ იცის, ეგებ, როს სამშობლოს განშორებული
წუთისოფელსა სამუდამოდ ეთხოვებოდა,
საქართველოსკენ მოიწევდა იმისი გული.
მამულის ნახვა მომაკვდავსა ენატრებოდა.
ვინ იცის, ეგებ ნატრულობდა კიდევ სიცოცხლეს,-
მოძმისთვის ღვაწლი, მისთვის შველა კვალად სწყუროდა,-
წარმოიდგენდა რა სოფლისა თანაც სიმუხთლეს,
თავის უდროვოთ სიკვდილისთვის ბედს ემდუროდა.
ვინ იცის, ეგებ სიკვდილის წინ ევედრებოდა
ღმერთს თვის მამულის აღყვავება-ბედნიერებას,-
თვის სამშობლოში მას დამარხვა ენატრებოდა,-
და ისურვებდა იქ განრღვევას და დამიწებას.
მოჰკვდა ის... მაგრამ ნათლით მოსილს იმისსა სახელს
უკვდავებისა სხივით მორთავს ქართველი ერი,
ქება-ქებათას არ მოაკლებს კეთილის მყოფელს
და საუკუნოდ ეხსომება სტეფანე ქველი.
ი. ჩხ-ელი (ილია ფერაძე)
(ივერია, 1904, 26 სეკდემბერი, № 222).
ყოველსა მოსახვეჭელსა.