გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
ნანოს დედოფალა
- ანო, ნანო, აქ მოდი, რა გაჩვენო! — მხიარულად უძახდა ქეთო თავის პატარა რვა წლის
ქალს, რომელიც ბაღში დაფრიალებდა პეპელასავით და ბეღურა ჩიტივით ჭიკჭიკებდა. — ეხლავ, დედახან, ეხლავ!-უპასუხა ბავშვმა დედას და თვითონ კი არ ჩქარობდა, ეს
მშვენიერი კუთხე, ყვავილებით სავსე და მაისის მზით გაბრწყინვებული, ოთახის შეზღუდულ
ჰაერზედ შეეცვალა. — ნანო, არ გესმის? — გაუმეორა დედამ.— ამო, ნახე, რა მოგიტანა ნათლია შენმა! — მომიტანა?! ნათლიამ მომიტანა... აქ კი ნანო ქარივით გამოჰქროლდა და ერთ წამს
შემდეგ ნათლიას კისერზედ შემოექნა. — ჩემო კარგო ნათლულო, ჩემო ხუჭუჭა გოგონა, აი, რა მოგიტანე ქალაქიდან! შენ ჯერ ხომ
არსად გინახავს ამისთანა მშვენიერი დედოფალა? ნანოს ხელზე გადასვენებული ეჭირა გასაოცარის ხელოვნებით გაკეთებული პარიზის
დედოფალა და, მეტის სიხარულით აღტაცებული, გაოცებით დასცქეროდა. ბოგონას არ
სჯეროდა, რომ ეს ლამაზი, გრძელ-თმიანი, მოდაზედ შეკერილის ატლასის ტანისამოსით
მორთული ტიკინი, ცოცხალი არსება არ იყო და განძრევისა ეშინოდა, რომ დედოფალასთვის
არაფერი ევნო.
— რას გაჩერდი, სიხარულო! აბა, გასინჯე, დაათვალიერე, ხელი აუწიე, ფეხი მოუკაკვე,
თავი მიმოუტრიალე; როგორც ადამიანი, ისე ხმარობს ხელ-ფეხს; ნახე? თვალებსაც ხუჭავს
და ახელს. ნანომ დედოფალა გულზე მიიკრა და ჩუმად გავიდა ოთახიდან; ბაღის ერთ კუნჭულში მიჯდა
და გაოცებითა და კრძალვით დაუწყო შინჯვა თავის საუნჯეს.
დედოფალას კოპწია ტანი, იმისი ლამაზი, ცისფერი თვალები, ოქრომკედივით მბზინავი
გრძელი თმა აკვირვებდა ნანოს; აკვირვებდა მეტადრე იმისი მორთულობა: პაწაწა
ჩულქ-ბაშმაკი, ყვავილებით შემკული „შლიაპა“, ერთი ნამცეცა დუგმებით შეკრული,
მოდაზედ შეკერილი ატლასის კაბა, არშიებ-მოვლებული საცვლები. როდესაც გარედან
გაკვირვებით გაშინჯა, მერე ნელ-ნელა დედოფალას ხელ-ფეხის განძრევა დაუწყო და
გულიანად გადიხარხარა, როდესაც დედოფალას მკლავები თითქოს ლეკურის სათამაშოდ
გადაკლაკნა.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ათვალიერა, შინჯა, ყოველ მხრივ ატრიალა ნანომ დედოფალა და
ბოლოს, როდესაც ყოველი იმისი სიმშვენიერე და სიკეთე გაიცნო, ტკბილად გულზე მიიხუტა
და ალერსი დაუწყო: „ჩემო კარგო, ლამაზო, ცუგრუმელავ, ციცუნავ, გემრიელო, მშვენიერო!
“ და პროწიალი დაიწყო. " როდესაც ნანოს სადილად დაუძახეს, ის დიდი მეგობარი და
მოსიყვარულე იყო თავის „კაკოსი“ და ამაყად ხელი-ხელ მოკიდებული შეიყვანა სასადილო
ოთახში.
* * *
ნანო აზნაურის ქალი იყო და თავის დედ-მამით სცხოვრობდა ბორში, ქალაქის განაპირად;
ამათი პატარა სახლი კარგა მოზრდილ ბაღში იდგა და ბაღის ბოლოს ლიახვის ანკარა რუ
ჩამოუჩუხჩუხებდა. ნანო მთელის დღეებით მარტოდ მარტო ამ ბაღში თამაშობდა და ახლა კი
„კაკო“ ნამდვილ ამხანაგად გადაექცა. მთელ თავის დროს იმის ალერსში ატარებდა, იმის
ლაპარაკში და დროს გატარებაში იყო: , აცმევდა, ჰხდიდა ტანისამოსს, დროზედ
ასადილებდა, დროზედ ასეირნებდა თავის საყვარელ რუს პირას და საღამოზედ გვერდით
მიიწვენდა და ტკბილად მიიძინებდა. თანდათან ისე მიეჩვია, ისე შეიყვარა და შეითვისა ნანომ თავისი ლამაზი დედოფალა, რომ
ერთ წამს ვეღარ ძლებდა უიმისოდ, უიმისოდ აღარა სიამოვნება არ ახარებდა, არ
ეპიტნავებოდა.
— უშენოდ წავიდე სასეირნოდ? არა ჩემო კუგრუმელავ, შენც უთუოდ თან უნდა წაგიყვანო, -
ეტყოდა თავის საყვარელს და, როგორც მას დედა, ისე ის თავის „კაკოს“ მორთვას
დაუწყებდა. მხოლოდ დღეში ერთი საათით, სწავლის დროს, შორდებოდა ნანო თავის
დედოფალას და მაშინაც გულfiმხურვალედ გამოესალმებოდა, დააწვენდა და თბილად
დახურავდა, რომ იმის მისვლამდე არ შესცივნოდა.
შემოდგომაზედ ნანოს ბაღის მეზობლად, რუს გაღმა, ვენახში სართვლოდ ვიღაც ვაჭრის
ოჯახობა გადმოსახლდა. ერთ მშვენიერ მყუდრო შემოდგომის დილას, როდესაც ნანო თავის
საყვარელ დედოფალათი რუს პირას მივიდა და იმის ანკარა წყლის სარკეში ახედებდა თავის
კაკოს, გაღმიდან ვიღამაც ყურძნის კლერტო ესროლა. შეშინებულმა ნანომ მაღლა აიხედა და
გადმონგრეულ ღობესთან თერთმეტ თორმეტი წლის ქალი დაინახა: ყმაწვილებმა ერთმანეთს
გაუღიმეს და პირველი გაცნობა ამით გათავდა. მეორე დღეს რეჟსომ ნანოს ლაპარაკი დაუწყო, თავისი სახელი უთხრა, ნანოსი შეიტყო,
დედოფალას გარემოებაც გამოჰკითხა. მესამე დღეს რემო ღობეზედ გადმოხტა და ნანოს,
როგორც ძველი მეგობარი, ისე მიეგება. — ამ დღიდან „კაკოს“ ერთის პატრონისა და
მომვლელის მაგივრად ორი გაუხდა. რემსო, როგორც უფრო გაზდილი, გამოცდილი და მეტად
გამბედავი, უფრო მეტად სარგებლობდა „კაკოს“ მოვლით და პატრონობით; ნანო მხოლოდ
ჩუმად შეჰყურებდა რემსოს, როდესაც ის დედოფალას უალერსებდა, რთავდა ან დარიგებას
აძლევდა და სწრთვნიდა. ქეთომ შეიტყო, რომ ნანოს მეგობარი გაუჩნდა და გულით გაიხარა: დღეის შემდეგ იმის
პატარა გოგონა ბაღში მარტოდ მარტო აღარ იხეტიალებდა. * * *
ერთი კვირის შემდეგ ნანომ დედას სიხარულით უამბო რემსოს სურვილი, რომ „კაკო“ თავის
„მეფეს“ უთხოვოს.
— როგორ თუ უთხოვოს? გაკვირვებით ჰკითხა ქეთომ ნანოს.
— ისე, ქორწილს გავმართავთ, სტუმრებს დავპატიჟებთ და ჩემ „კაკოზედ“ იმის „მეფეს“
ჯვარს დავწერთ. ბენაცვა, დედილო, საქორწილოთ ფქვილი, კვერცხი, ერბო, ღვინო და ხილი
უნდა მომცე; არიფანა უნდა გავმართოთ. რემსო ამბობს, ჩვენს იქით -ორი პატარა ქალი
დგასო და ქორწილ ში ისინიც მოვიწვიოთო.
— ძალიან კარგი, ჩემო სიხარულო, სუყველაფერს მოგცემ; მაშ, შენი პატარა სამოვარი
წაიღე და ჩაიც დაალევინე შენს სტუმრებს; ჩაი-შაქარს, რძეს მოგიმზადებ. ნანო აღტაცებული, სიცილით და სიმღერით გაიჭრა რემსოსთან და თავის დედის თანხმობა
გადასცა კაკოს გათხოვებაზედ. რემსომ მალე მოიყვანა თავისი ნაცნობი პატარა ქალები და თავისი პატარა დუქნის
შეგირდი ძმაც. ესენი საერთოდ შეუდგნენ ქორწილის სამზადისს: პატარა ქვევრის პირი
მიწაში ჩასვეს თონის სამაგიეროდ და ნაზუქის ცხობა დაიწყეს, პატარა ზედადგარ ქვეშ
ცეცხლი გააჩინეს და რძის ფლავის“ ხარშვას შეუდგნენ.. ნანო სიხარულით ფეხზე აღარ იდგა. ჩიტივით მიჰფრინავდა და მოარბევინებდა ყოველ
საჭირო ნივთს, საჭირო ხორაგეულობას. ქეთოს ნანოს მეტი შვილი არა ჰყავდა, მზე და მთვარე იმაზედ ამოსდიოდა და, აბა, რას
დაუჭერდა; იმის სიხარულს და აღტაცებას რომ ჰხედავდა, თითონ უფრო ხალისობდა და ხელს
უწყობდა. თავის ხელით გაუმართა პატარა ხის ფარდულში, ბაღის ბოლოს, ტახტი, ზედ
საფენი გადუშალა, სუფრა მოუმზადა, „კაკო“ საპატარძლოდ მოუკაზმა და თითონ ქალაქში
სტუმრად წავიდა; ბავშვები-კი მოახლეს ჩააბარა. როდესაც ქორწილის სამზადისი დასრულდა, დაბრაწული ნაზუქი პატარა ხონჩებზედ ეწყო,
რძის ფლავი თეფშებზედ იყო განაწილებული, პატარა სამოვარი ქაფქაფებდა და საპატარძლო,
პირბადე - ჩამოფარებული, შუა ტახტზედ იჯდა გამოჭიმული, რემსო „მეფის“ მოსაყვანად
წავიდა. ნანო თავის კაკოს პირდაპირ უჯდა და, როგორც ნამდვილი დედა თავის საპატარძლოდ
გამზადებულ ქალს, ისე შეჰყურებდა, შესტრფიალებდა; „აი, ჩემო ძვირფასო“, ეუბნებოდა
ნანო დედოფალას, ეხლა „მეფე“, მაყრიონი მოვა, ურემს მოიტანენ და საყდარში ჯვარის
დასაწერად წაგიყვანთ; იქ ღვინოს და პურს შეგაჭმევს მღვდელი და ხალხი დაიძახებს:
შეგარგოთ, შეგარგოთო. ყველანი ბედნიერებას მოგილოცავენ. ხა, ხა, ხა! გულიანად
გადიხარხარა ნანომ. ამ დროს სიმღერის ხმა მოესმა და კარში გავარდა მძახლების
დასახვედრად. მართლა, რემსო დიდის ამბით მოდიოდა: ვეებერთელა ხის თავ-აგლეჯილ ყუთში ჩაესხა
თავისი და მეზობლის ქალების დედოფალები, ყუთისთვის ბაწარი გამოებათ, თითონ შიგ
შებმულიყვნენ და სიმღერით და კიჟინით მოასრიალებდნენ დედოფლის ეტლს. ნანო წინ მიეგება და დიდის ცნობისმოყვარეობით შინჯვა დაუწყო თავის სასიძოს,
დანარჩენ სტუმრების დედოფალებს. სუყველა დედოფლები აშენებული იყვნენ წვრილ
ჯოხებზედ, პირის-სახის მაგივრად მიტკალ გადაკრული ფოლაქები ჰქონდათ და ჯოხის ბოლოს
ამოკერილი სხვა-და-სხვა ფერის ჩითის პარკები ეცვათ; „მეფე“ კი იმითი
განსხვავდებოდა, რომ 'ფოლაქის მაგივრად ჯოხის თავს ბამბის ქულა ჰქონდა ჩამოცმული და
ქუდის მაგიერობას ასრულებდა; მთელ ჯოხს ბოლომდის სხვა-და-სხვა ფერი აბრეშუმის
ძაფები ეხვია და ჯოხის ბოლოს კაბის მაგივრად ირიბად გაჭრილი წითელი ხავერდის ნაჭერი
ქინძისთავით ჰქონდა გამაგრებული და ეს ქინძისთავი ქულაჯასაც უმაგრებდა და ხანჯლის
მაგიერობასაც უწევდა. ვერაფრად ეჭაშნიკა ნანოს სასიძო. მაგრამ რაღას გააწყობდა. მეფე დედოფალას მოუსვეს,
დანარჩენნი წვეულნი გარს შემ იუსხდნენ და გაიმართა ლხინი, სმა და ჭამა, ჩვეულებრივი
ქორწილი.
მემუსიკეთ იყო ნანოს გამდელი, ბებერი მართა, რომელიც ერთგულად უჭყიპინებდა
„ბუზიკას“. ჯერ დედოფლები ათამაშეს, მერე დედოფლის პატრონებმა ითამაშეს, იმხიარულეს
და აიშალ-დაიშალნენ. რემომ თავისი მეფე და თავისი რძალი ყუთში ჩააბძანა; რასაკვირველია, არც ქალის
მზითევი დაივიწყა ჩასალაგებლად, მძახალს გამოემშვიდობა და თავის მოწვეულ სტუმრებით
ღობეს გადავიდა. ნანო სიცილით უყურებდა მაყრიონის განშორებას და, როდესაც ისინი სრულიად მიეფარნენ,
მხოლოდ მაშინ იგრძნო თავისი მარტოობა, თავის საყვარელ კაკოს დაშორება და გულზედ
ცეცხლი მოეკიდა, თვალებიდან ცრემლები წამოსკდა და თავის გადიას წიოკობით გულზედ
მიეკონა: მართა, მიშველე, კაკო წაიყვანეს და მე რაღა მეშველება?! — როგორ თუ წაიყვანეს! ეხლავე მოგიტანენ, მხოლოდ დროებით წავიდნენ, ასე, ვითომ
დედოფალი სახლში წავიყვანეთო. — არა, არა, აღარ მომიყვანენ, აღარ მიშველე, მართა, მიშველე! — გულ-ამოსკვნილი
სტიროდა პატარა ნანო და უფრო და უფრო მაგრა ეკვროდა თავის მართას. — სუ, ქალო, რა გატირებს! როგორ თუ აღარ მოგიტანენ? განა ალა, ალაა?! შენი ნათლია
ამბობდა, კაკალი თუმანი მივეციო.
— ოჰ, ოჰ, მართა, რანაირად მიყვარს ჩემი კაკო, რანაირად მიყვარს, მე უიმისოდ
მოვკვდები, მოვკვდები! გენაცვა, მომიყვანე, წაართვი!.. მართასაც ეჭვი შეუვიდა, მართლა ხომ არ მიითვისეს იმ გომბიოებმა ნანოს დედოფალაო,
ღობესთან გადადგა და რემსოს დედას დაუძახა: ქალო, დედაშვილობას, ერთი შენს რემსოს
უთხარი, დედოფალა მოაწოდოს, ბავშვი თავს იკლავს ტირილით. როგორ თუ „მოაწოდოს?!“ — ამაყად მიუგო რემსოს დედამ, — ჯერ მიათხოვა და ახლა
დაუბრუნოს? დაბრუნება ვის გაუგონია?! რეებს ჩმახავ, დედავ და თვალო? ბავშვები არა ვყოფილვართ? დედოფლიანობა არ
გვითამაშნია? განა მართალი ქორწილია, რომ სასძლო მითვისოს?! — მე არა ვიცი რა, — უკმეხად სთქვა ვაჭრის ცოლმა და კარი შეიხურა. სად ნანომ უფრო
წივილ-კივილი დაიწყო, დაეცა დედამიწაზე და ხელ-ფეხს იქნევდა, თავს დედამიწაზედ
ახლიდა და მოსთქვამდა: „ჩემი კაკო, ლამაზი, მშვენიერი კაკო, კაკო მინდა, მინდა,
მომეცით, მომეცით... მართა გაბრაზებული გადახტა ღობეზედ და მეზობელს უნდა შესჭროდა დედოფალას
წასართმევად, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა; ბევრი იძახა, იჩხუბა, ივაგლახა, მაგრამ
ჩამი-ჩუმი არსაიდან მოისჰოდა, თითქოს ბავშვები დედიანად დედამიწამ შთანთქა, ან
გველეშაპმა გადაჰყლაპაო. * * * საღამოს ათ საათზე მივიდა ქეთო სახლში. ნანო კრაოტზე იწვა და გმინავდა, ბევრის
ტირილით გული-ამომჯდარი, ძილშიც ისევ სლოკინებდა, მართა გვერდით უჯდა და
დაძმარებული დასცქეროდა თავის გაზდილს.
— რა ამბავია? — შეჰკივლა ქეთომ და ნანოს შუბლზედ ხელი გადუსვა. ბავშვს სიცხისაგან
ვარვარი გაჰქონდა; მართამ დედოფალას მოტაცების ამბავი უამბო.
ქეთო საჩქაროდ გაიქცა მეზობლისას, ბნელაში ხან სად ჩავარდებოდა, ხან სად, ღობეზედ
ტანისამოსი სულ შემოიგლიჯა, ძაღლმა კინაღამ დაჰგლიჯა; მაგრამ მაინც არ შესდგა და
მეზობლის ფანჯარასთან მივიდა და გააღვიძა: „გენაცვა“, ზრდილობიანად უთხრა ქეთომ
რემსოს დედას, „ბავშვისთვის სიცხე მიუცია, ავად არის, დაუბრუნეთ დედოფალა; ჩვენ ერთ
წამსაც არ გვიფიქრია, რომ თქვენ ბავშვების თამაშობას აგრეთ მნიშვნელობას
მისცემდით“. — მე რა ვქნა, რომ ავად არის. ჯერ ქალი მოგვეცით, ამოდენა რამეები დამახარჯვინეთ
არიფანასთვის. სულ გამცალა ჩემმა ქალმა, „ფიგურკა“ უნდა გაათხოვონო და ახლა უკან
თხოულობთ!? — პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ სუყველაფერს დაგიბრუნებთ ერთი ორად, „ფიგურკას
გიყიდით სამაგიეროდ, ოღონც შვილს ნუ მომიკლავთ, — ეხვეწებოდა ქეთო უკმეხ დედაკაცს,
მაგრამ ამაოდ. იმან გაღებული ფანჯარა საჩქაროდ მოჰკეტა და სანთელი გააქრო. მეორე დღეს, თვალის გახილების უმალვე, ნანომ „კაკო“ მოითხოვა და, რაკი ვერსად
დაინახა, ისევ გულსაკლავად ტირილი დაიწყო. გორში იმისთანა დედოფალა არ მოიპოვებოდა, ქალაქიდან მინამ დაიბარებდნენ, დიდი დრო
გავიდოდა (მაშინ ჯერ რკინის გზები არ იყო საქართველოში) და რა ექნა საწყალ დედას?
რითი ენუგეშებინა თავისი ძვირფასი გოგო? ქეთომ რემსოს დედას ტიკინის ღირებული შეაძლია, მაგრამ არც რემსო და არც დედოფალა
ვაჭრის სახლში აღარ იყო; პატრონებს ბავშვიც და დედოფალაც საცაღა გაეგზავნათ
დასამალად. მეტი ღონე არ იყო, ქეთომ პოლიციას მიჰმართა და რის ვაი-ვაგლახით მეხუთე დღეს ნანოს
კაკო დაუბრუნეს... გაყვითლებული, თვალებ-ჩავარდნილი, შუბლშეკრული და მოღრუბლული იჯდა პატარა ნანო და
კაკოს დანარჩენ კაბებს დაჰყურებდა, იმის მოგონებაში იყო, როდესაც დედამ სიხარულით
შემოუტანა გაქუჭყიანებული კაბით თმებ-გაწეწილი კაკო და კალთაში ჩაუდო. ნანომ სიხარულით შესწივლა, გულზედ მიიკრა, მხურვალედ გადაჰკოცნა და მდუღარე
ცრემლებით გაჰბანა თავისი ლამაზი და საყვარელი დედოფალა.