ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.)



ქენქაძე ვიტალი

ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.)

კორნელი კეკელიძის სანელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია V


თბილისი
2018

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-პოპულარული წების სერია შეიქმნა ქართული სასულიერო თუ საერო მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
ვიმედოვნებთ, ამ სერიით გამოცენული წიგნები დიდად შეუწყობს ხელს მკითხველის ცოდნის გაღრმავებას და მისთვის ჩვენი წარსულის უკეთ გაცნობას.

სერიის რედაქტორი გზა აბაშიძე

მეხუთე წიგნის რედაქტორი გულიკო მჭედლიძე

 

რეცენზენტები

გურამ ყორანაშვილი
ლუიზა გვრიტიშვილი
ნიკოო ხერკელაძე

საგამომცემლო ჯგუფი

ირმა ბერიძე
ლანა გრძელიშვილი
ნუცა იშხნელი
ვლადიმერ პერანიძე

გარეკანის პირველ გვერდზე: რიმა ნიკოლოზის ასული ერისთავი;
გარეკანის ბოლო გვერდზე: ქსნის ერისთავების სასახლე ახალგორში.

ISBN 2587-4616
ISBN 978-9941-9563-3-1 (მეხუთე წიგნის).

© კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, 2018
© ვიტალი ქენქაძე, 2018

 

1 სარჩევი

▲ზევით დაბრუნება


სარჩევი

რედაქტორისგან

წინასიტყვაობა.

I ნაწილი

მნათობი - იოვანე ერისთავთერისთავის მეუღლე ქარჩოხიდან

ქეთევან ჩოლოყაშვილი - იესე ყულარაღასის მეუღლე

სოფიო ერისთავი-ლიონიძისა

ანასტასია ერეკლე მეფის ასული ერისთავისა

ნინო თორნიკეს ასული ერისთავი ჯამბაკურ-ორბელიანისა

მარიამ და ეკატერინე ივანე ქსნის ერისთავის ასულები.

ქეთევან შალვას ასული ერისთავი

მანანა მირმანოზის ასული ერისთავი-ორბელიანისა

ეკატერინე მელიტონის ასული ბარათაშვილი-ერისთავისა

მარიამ (მართა) იორამის ასული სოლოღაშვილი-ერისთავისა

ელენე ლუარსაბის ასული ორბელიანი-ერისთავისა „ცაკალო“

ანა გრიგოლის ასული ბებუთოვა-ერისთავისა

დავით როსტომის ძე ერისთავის რძლები

მარიამ (მაია) შალვას ასული ერისთავი-ჭავჭავაძისა

ქეთევან გიორგის (სენატორის) ასული ერისთავი-ჯამბაკურ-ორბელიანისა.

II ნაწილი

მერი შერვაშიძე-ჩაჩბა-ერისთავისა

თამარ კონსტანტინეს ასული ერისთავი (შავი ბრილიანტი)

რიმა ნიკოლოზის ასული ერისთავი

მარი (მერი) ფონ ეტლინგერი-ერისთავისა

ანასტასია (ტასო) გიორგის ასული ციცივილი-ერისთავისა

თამარ და ნინო ნიკოლოზ ერისთავის ასულები

ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა

ელენე ივანეს ასული საგინაშვილი-ერისთავისა

ანასტასია გიორგის ასული ერისთავი-ხოშტარია

ეკატერინე და მარიამ ზაქარიას ასულები, სარაჯიშვილი-ერისთავები

ელისაბედ დავითის ასული ერისთავი-ერისთავისა

ელენე შალვას ასულები, ერისთავი

ლეილა დავითის ასული ერისთავი-სოხაძისა

ნინო (ნუციკო) გიორგის ასული ერისთავი-კუხიანიძე

ბოლოთქმა.

გამოყენებული ლიტერატურა

2 რედაქტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


გულიკო მჭედლიძე

რედაქტორისგან

ქართულ ფეოდალურ საგვარეულოთა შესწავლა საშური საქმეა. ამ მხრივ ქართული ისტორიოგრაფია მდიდარია საინტერესო გამოკვლევებით ამილახვრების, ციციშვილების, ბარათაშვილების, წერეთლების, გერმანოზიშვილების, დადიანების და სხვა ფეოდალური სახლების შესახებ. ქსნის ერისთავთა საგვარეულო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული იყო შუა საუკუნეების საქართველოში. ამ გვარის წარმომადგენლებმა დიდი კვალი დაამჩნიეს ქვეყნის პოლიტიკურ, სამხედრო და კულტურულ ცხოვრებას. ისტორიკოსი ვ. ქენქაძე ამ საერისთავოს (ამჟამინდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი) მკვიდრია და არაერთი საინტერესო გამოკვლევა მიუძღვნა ამ გვარის, და საერთოდ, საერისთავოს ისტორიას. მკითხველში დიდი ინტერესი გამოიწვია ავტორის მონოგრაფიამ „ქსნის ერისთავები“. ამჟამად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მკითხველს სთავაზობს სამეცნიერო-პოპულარულ ნარკვევს „ქსნის ერისთავიანთ ქალების“, მეორე, გადამუშავებულ გამოცემას, რომელშიც საინტერესოდ არის წარმოდგენილი მთელი გალერეა ამ საგვარეულოს წარჩინებული ქალებისა, რომლებიც ტოლს არ უდებდნენ თავის სახელოვან მამებს, ძმებს, მეუღლეებსა და მამამთილებს. წიგნი საინტერესოდ იკითხება, შეიცავს დღემდე უცნობ საარქივო მასალას და ნამდვილად აღძრავს მკითხველის ინტერესს.
 

3 ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა

▲ზევით დაბრუნება


ქენქაძე ვიტალი

ქსნის ერისთავიანთ ქალები (XIV-XX სს.)

ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევა-ერისთავისა (1855-1937)

ქსნის ერისთავიანთ ქალებში საპატიო ადგილი უკავია ახალგორელ თავადიშვილთა რძალს, გრიგორიანულ ოჯახში დაბადებულ და გაზრდილ ეკატერინე თამამშევას. იგი არის ღირსეული მეუღლე ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილის ნიკოლოზ ერისთავისა.

მამა - მიხეილ იაგორის ძე თამამშევი იყო „პირადი თავადისშვილის“ ტიტულის მატარებელი, რაც თავის დროზე ეკატერინეს პაპას იაგორ ივანეს ძეს უბოძა რუსეთის იმპერატორმა. ამავდროულად ის ატარებდა „ტფილისის მოქალაქის“ საპატიო წოდებას და ამ ქალაქის უმდიდრეს ვაჭრად ითვლებოდა.

ეკატერინეს დედა ბარბარე ვასილის ასული დიდ ქონებას განკარგავდა და აქტიურადაც იყო ჩართული ქველმოქმედებაში. თამამშევთა საოჯახო არქივში დღემდე ინახება მის სახელზე გაცემული სომხური საქველმოქმედო საზოგადოების დიპლომი. ასევე დიდვაჭართა სახელით იყო ცნობილი ეკატერინეს ბებია - დედის დედა ნატო ყორღანოვა. ნატოს მეუღლე ვასილ ყორღანოვი, რომლის ფერწერული პორტრეტი, ტილოზე შესრულებული, ინახება თამამშევების სახლ-მუზეუმში, ცნობილი იყო თბილისის მაღალ საზოგადოებაში.

თბილისელ თამამშევებს, განსაკუთრებით XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან, დიდად გაუთქვა სახელი გაბრიელ თამამშევის (ეკატერინეს პაპის ძმა) მიერ აგებულმა თეატრ-ქარვასლამ, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. საარქივო ცნობების სიმცირე არ გვაძლევს საშუალებას სრულად წარმოვაჩინოთ იაგორის ოჯახი, რომლის მემკვიდრეს მიხეილს ბარბარე ყორღანოვასთან ქორწინებით ოთხი შვილი შეეძინა: ელისაბედი, ეკატერინე, ვასილი და გიორგი.

თამამშევის ქალიშვილებზე ცნობები საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში საკმაოდ მოიპოვება, ვაჟებზე კი ნაკლებად, რაც განპირობებული უნდა იყოს მათდამი თავიდანვე საზოგადოების ნაკლები ყურადღებით. საგულისხმოა, რომ მათ ჰყავდათ შთამომავლობა რომელთა ბედიც უცნობია.

ქალიშვილების შთამომავალნიც მალევე გაქრა. უფროსი ქალიშვილის ერთადერთი შვილიშვილი მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი „შეუძლებელი“ გახლდათ და მემკვიდრე არ დაუტოვებია, ასევე უშვილი იყო უმცროსი და ეკატერინე ერისთავისა.

თამამშევების ცნობილი ოჯახის პირველი სიძე გახლდათ რუსი თავადი, მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული მიხეილ გიორგის ძე სმირნოვი. მისი ხასიათის ფორმირებაზე დიდად იმოქმედა დედის ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ინტელექტმა, რომლის რჩევებს რუსეთის ბევრი წარჩინებული პირი ითვალისწინებდა. როსეტი XIX საუკუნის პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ლიტერატურულ სალონს ხელმძღვანელობდა. იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ერთხელ ხუმრობით უთქვამს: „მე რუსეთის მბრძანებელი გავხდი ოდნავ უფრო ადრე, ვიდრე ალექსანდრა რუს პოეტთა გულებზე გამეფდებოდაო“.

დედის მსგავსად მიხეილიც დიდად იყო დაინტერესებული ლიტერატურული წრეებით. ამის მიუხედავად მან საბუნებისმეტყველო მეცნიერება აირჩია. ამ დარგით გატაცებულმა დაამთავრა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტი და მისი კურსდამთავრებულთა ოქროს სიაშიც მოხვდა. შემდეგ მიხეილ სმირნოვმა თბილისში მთავარმართებელთან საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. სწორედ თბილისში სამსახურის დროს გაიცნო თამამშევების ასული ელისაბედ (ლიზა) მიხეილის ასული და 1876 წელს მასზე იქორწინა. შეეძინათ ერთადერთი შვილი – გიორგი. მიხეილ სმირნოვზე ქორწინებისას მშობლებმა ელისაბედს 100 000 რუბლის მზითვი მისცეს, მათ შორის 5 000 რუბლის ძვირფასეულობა, „გარდერობი“ და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საგნები და 80 000 რუბლის საღირალი.


ამ წიგნში თამამშევებისა და სმირნოვების ბიოგრაფიაზე და მათი ცხოვრების განვლილ გზაზე ცნობების სიმცირე გამოწვეულია მათი საოჯახო არქივების გამოყენების უფლებაზე ვეტოს დადებით. საბუთების დიდი ნაწილი შეუსწავლელ-გამოუქვეყნებელი ინახება თამამშევების ყოფილ სახლში რომელიც ელისაბედს მზთვში მისცეს მშობლებმა. მცირე ნაწილი კი, რომელიც ინახება საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერა ტურის სახელმწიფო მუზეუმში (გ. ჭანტურიას ქ. No8) ხელმისაწვდომობის მიუხედავად, ერისთავიანთ რძლის თავისებური კალიგრაფიის გამო, ძნელად წასაკითხია. ეკატერინე თამამშევას ძმებიდან უფროსი ვასილი ჩინით გენერალ-მაიორი მსახურობდა კავკასიის მთავარმართებელთან, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცრად, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს ლტოლვილთა განსახლების კავკასიის ფრონტის პასუხისმგებელ წარმომადგენლად. ცოლად ჰყავდა ოპერის მომღერალი ელისაბედ ზუბალოვი (ზუბალაშვილი). ვასილი თბილისის სახაზინო თეატრის დირექტორად მუშაობისას მეუღლესთან ერთად „თითქმის ყოველწლიურად მოსკოვში, პეტერბურგსა და ევროპის უდიდეს ქალაქებში მოგზაურობდა. ეცნობოდა ამ ქალაქების საოპერო თეატრების რეპერტუარს, ნოვაციებს მართვის სისტემაში და თბილისში ცნობილ უცხოელ შემსრულებლებს იწვევდა.

ვასილ თამამშევის შემოქმედებითი პოტენციალი სახვით ხელოვნებაშიც გამოვლინდა. შემონახულია „ზამთრის პეიზაჟი“, რომელიც მან ცარცითა და ნახშირით ტონირებულ ქაღალდზე შეასრულა. წლების მანძილზე იგი იყო ნატიფ ხელოვნებათა კავკასიის საზოგადოების ვიცე-თავმჯდომარე“ (გაჩეჩილაძე... 2009).

მიხეილ თამამშევის უმცროსი ვაჟი გიორგი დაოჯახებული ჩანს. მისი შვილებიდან მიხეილი დროდადრო უგზავნიდა მოკითხვის ბარათებს მამიდა ეკატერინეს და ბიძია კოლას:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიხეილ თამამშევის ორ ქალიშვილს ელისაბედსა და ეკატერინეს ბევრად ცნობილი ოჯახები და ცხოვრების საინტერესო გზა ხვდათ წილად ვიდრე მის ორ ვაჟს ვასილსა და გიორგის.

ეკატერინე თამამშევა ერთ-ერთ უჭკვიანეს რძლად შეიძლება მივიჩნიოთ ქსნის ერისთავიანთ ქალებში. თუმც ვერ შეიმოსა იმ ღირსეული შარავანდედით რომელსაც დედის სახელი ჰქვია, თუმცა მარტო მას ნუ დავადანაშაულებთ.

25 წლის ასაკში ეკატერინე მისთხოვდა ქართლში საკმაოდ ცნობილ ძირძველ თავადთა ოჯახის შვილს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავს. იგი იყო ყველასათვის საყვარელი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დის კატოს ვაჟი, ახალგაზრდობაში გარდაცვლილი პოეტი ბიძის მოსახელე.

თუმცა მანამდე ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. ახალგორელ თავადისშვილს სიმამრ-სიდედრთან ტესტირების გავლა მოუწია. საქმე შემდეგში იყო. კოლას როგორც მას შინაურები ეძახდნენ, ახალგაზრდობიდანვე სახეზე ეგზემის პატარა ლაქა ჰქონდა, რაც დისკომფორტთან ერთად თამამშევებმა უშვილობის საფრთხედ მიიჩნიეს და მათ ქალიშვილზე ქორწინებამდე კოლას მკაცრად მოსთხოვეს ექიმის დასკვნა - წარმოადგენდა თუ არა იგი შვილოსნობისათვის ჯანსაღ სრულფასოვან პიროვნებას. ახირებულ თამამშევებს ერისთავმა მალევე წარუდგინა დადებითი დასკვნა — პასუხი ექიმებისა, თუმცა, სამწუხაროდ, ბედმა მაინც უშვილობა არგუნა მოსიყვარულე ცოლ-ქმარს.

ეკატერინე თამამშევას მამამთილი — ბარათაშვილების სიძე რევაზ ლუარსაბის ძე თავისი დროის საქართველოში ცნობილი და პატივსაცემი თავადი იყო. მისი ზნეკეთილიანობის გამომხატველია ქვეშში მცხოვრები, ცნობილი პოეტი ქალის ეკატერინე ივანეს ასულ ერისთავის ლექსი მიძღვნილი მისდამი, რომელიც გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება (9952/124):

 „................................................................
ძმა ხარ მეორე, ვაზად კეთილი ნაყოფი
ძმათა ერთობის, არა ოდეს გამყოფი
ამად მოგეცა, სიბრძნე ზეცით კმაყოფი
ოქროს სიუხვე, ქვეყნის ტკბილი ნაყოფი
მტერთა მორევა, ზვავთა პირის დამყოფი“

ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილობა ბევრს მატებდა და ავალებდა თამამშევების სიძეს. უფრო მეტს ავალებდა ბახტრიონის აჯანყების გმირების, წმინდანებად შერაცხული შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სახელები. მათი სისხლხორცეული სიახლოვე და ეროვნულ ცნობიერებაზე დაფუძნებული სულიერი სიმდიდრე.

1876 წელს ელისაბედისათვის მიცემული მდიდრული მზითვის ჩამონათვალს ბოლოში ერთვოდა შეთანხმება, რომ სმირნოვების რძალს მამა-პაპისეული ქონებიდან წილი აღარასოდეს უნდა მოეთხოვა. 1882 წლისთვის დიდვაჭარ თამამშევების ქონების არასრულ სიაში შედიოდა ხუთი საცხოვრებელი სახლი, სამი დუქანი ბნელ რიგებში, ორი მიწის ნაკვეთი მშენებარე ნაგებობებითურთ, აგარაკები კოჯორსა და კისლოვოდსკში, წისქვილი ორთაჭალაში,* აბანოები,** ვენახები და საძოვრები ნავთლუღსა და დიღომში და სხვა მრავალი უძრავი და მოძრავი ქონება.

მშობლებმა ელისაბედს მდიდრული და მრავალფეროვანი მზითვი მისცეს სადაც ხაზგასასმელია ბინა განის ქუჩაზე №24 (ამჟამად გ. ტაბიძის ქ. №20) სადაც განთავსებულია „კავკასიური სახლი“. აღნიშნული სახლი იაგორ თამამშევმა არქიტექტორ ოტო სიმონსონის პროექტით*** ააგო 1859 წელს.

 

 

* საქვეყნოდ ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი საქართველოში პირველი ვიზიტის დროს სმირნოვებმა თამამშევების ორთაჭალის წისქვილის ბაღში მიიპატიჟეს, სადაც „დიდი წვეულება გაიმართა. გაზაფხულის თბილი ჰაერითა და წარმტაცი პეიზაჟით მონუსხულმა პეტრე ილიას ძემ განაცხადა, რომ დიდი ხანია ასე კარგად თავი აღარსად მიგვრძნია“.

** თამამშევების აბანოს უკავია 459 ოთხკუთხა საჟენი, ღირებული 36 720 მანეთად. აბანოს შენობის ფასი უდრის 34 520 მანეთს. ინვენტარი 90 მანეთს. საერთო ფასი აბანოს ქონებისა 71 320 მან. იჯარას იხდის 10 000 მანეთს (გაზ. „საქართველოს ეკონომისტი“, 1919 წ., N1, გვ. 50).

*** პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული (1832-1914). მას წილად ხვდა გერმანელ ალბერტ ზალცმანთან ერთად XIX საუკუნის თბილისის ბურჟუაზიისათვის აეგო დიდი, უფრო თანამედროვე — „დედაქალაქის ნაგებობანი“. ცნობილი მეცნიერი ვ. ბერიძე იაგორ თამამშევის სახლს მიიჩნევდა ახალი ტიპის პირველ შენობად, რომლის პროექტი გრაფიკული თვალსაზრისითაც მკვეთრად განოირჩეოდა იმდროინდელი პროექტებისაგან (ბერიძე 1940: 123).

„ამ ევროპულად მორთულ სახლში ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული და მუსიკალური საღამოები. სხვადასხვა დროს აქ სტუმრობდნენ: პ. ჩაიკოვსკი, დ. სარაჯიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, გ. ლეონიძე და სხვა გამოჩენილი ადამიანები“ (გაჩეჩილაძე... 2009).

ელისაბედ თამამშევება-სმირნოვას სახლის გვერდით XIX საუკუნის 90იან წლებში, ზალცმანის პროექტით ეკატერინეს სამზითვოდ იგება ჩინებული, ევროპული მოდერნის სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი (დღევანდელი ტაბიძის ქ. №22), რომლის მშენებლობისას ქართული ისტორიული ხუროთმოძღვრების მოტივები და პრინციპებია გათვალისწინებული*. ამ სახლის ფასადზე წარმოდგენილია ქართული ხასიათისა და ბუნების მთელი ანსამბლი, ტექნიკურად ეს ნაძერწი მორთულობა ოსტატურადაა შესრულებული და წარმოადგენს ეროვნული მოტივების აღორძინების მცდელობას, რაც უდავოდ უნდა მომდინარეობდეს არა დამფინანსებლის სურვილიდან არამედ მისი მეპატრონის - ამ შემთხვევაში ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავის ეროვნული ხასიათიდან.

 

* ეკატერინესთვის მზითვში მიცემულ ამ სახლში ოჯახის დედის ბარბარე ყორღანოვას სურვილით 1882 წელს ელისაბედ სმირნოვამაც მიიღო დამატებითი სახლი და მიწის ნაკვეთი, 128 კვადრატული საჟენის ოდენობით.

თამამშევების ერთ-ერთ სახლში ველიამინოვის ქუჩაზე (დღევანდელი შალვა დადნიანის ქ. #15 - დღეს იქ საბავშვო ბაღია განთავსებული) არისტოკრატიული „ინგლისური კლუბი“ იყო, სადაც დაიარებოდნენ იმდროინდელი ტფილისის წარჩინებული საზოგადოების წარმომადგენლები. ამ „ინგლისურ კლუბს“ ხშირად თამამშევების სიძე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი და მისი უახლოესი მეგობარი და ჭავჭავაძე სტუმრობდნენ.

„1868 ნ. ი. აივაზოვსკი კავკასიაში მოგზაურობს, საქართველოს სამხედრო გზა. შავი ზღვის ღელვა. მტკვრის ნაპირებს ჩამოყოლებული, მთაწმინდის ძირში გაშლილი თბილისი ემოციებით აღავსებს მხატვარს და ისიც უამრა ნახატს ქმნის სამგზავრო ალბომში, მათი ნაწილი უკვე თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. დასრულებული ფერწერული ტილოების სახეს იღებს. მხატვარი მთელი დუებით გამალებით მუშაობს ველიამინოვის ქუჩაზე თამამშევების კუთვნილ სახლში, იქმნება 15 ფერწერული ტილო კავკასიის თემატიკაზე. მათი დასრულებისთანავე ი აივაზოვსკი ქარვასლაში გამოფენას აწყობს და რუსეთში გასამგზავრებლად ემზადება. გამგზავრების წინ კი მასპინძლებს თავის ხუთ ნამუშევარს ჩუქნის „ხედო ფეთხაინზე“. „ტრაპეზუნის ხედი“, „თბილისის ხედი“ და ორი ზღვის პეიზაჟი.

მოგვიანებით ი. აივაზოვსკის ნამუშევრები თამამშევების შვილებს ელისაბედს, ეკატერინესა და ვასილს შორის გადანაწილდა. ზღვის პეიზაჟები ელისაბედს რჩება და დღეს სმირნოვების სახლშია დაცული" (გაჩეჩილაძე... 2009).

თამამშევების მსგავსად ერისთავებიც დიდ მამულებსა და სიმდიდრეს ფლობდნენ გორისა და დუშეთის მაზრებში. ქსნის ხეობა ნიკოლოზ ერისთა“ ეის მამა-პაპეული სამფლობელო იყო, თუმცა მდიდარ სომხურ ოჯახთან მისი დასიძების მერე საგრძნობლად შენელდა მიმოსვლა სამემკვიდრეო მამულებში, ელისაბედ დავითის ასული ერისთავი გლუხარიჩის შუილიშვილი ფრაგმენტულად იგონებს მამამშევების სიძის სტუმრობას ოძისის მამულში - „ნიკოლოზ რევაზის ძე ერთ ზაფხულს ჩვენთან მოვიდა სოფ. ოძისს, სადაც ჩვენი სოფლის პატარა ეკლესიაში დასაფლავებულია მისი მამა რევაზ ლუარსაბის ძე ერისთავის მამული აგრეთვე სოფ. ილტოზაში ჰქონდა 3 კმ მანძილზე ოძისიდან). რევაზ ერისთაულა როცა ნიკო ბარათაშვილის და გარდაიცვალა შეირთო მეორე ცოლად მართა, ნიკოლოზ რევაზის ძეს და ეკატერინე მიხეილის ასულს არ უცხოვრიათ სოფ- ილტოზაში, საკმაოდ ქონება ჰქონდა თამამშევის ქალს, რომლის მამა მოვაჭრე იყო და დიდი ქონების პატრონი (ქლმ, 12878-3).

თამამშევებზე საუბრისას გვერდს ვერ აუვლით ეკატერინეს პაპის ძმის გაბრიელის მიერ თბილისში პასკევიჩ-ერიდანსკის ამჟამად თავისუფლების) მოედანზე აგებულ კავკასიაში პირველი თეატრის შენობის ისტორიას, რომლის აგების ინიციატივა ეკუთვნის მიხეილ ვორონცოვს.

 

 

 

* მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვი (1782-1856). 1844-1854 წლებში იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი. 1812 წ. სამამულო ომის დროს ხელმძღვანელობდა დივიზიას. კავკასიის მთავარმართებლობის დროს ის ემსახურებოდა კოლონიზაციისა და რუსეთის იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად, მეთოდურად. კულტურული ღონისძიებებით.

     
 ამჯერად თეატრ-ქარვასლაზე ყურადღების გამახვილება და მის ტრაგიკულ ბედზე მცირე ექსკურსის გაკეთება საჭიროდ მივიჩნიეთ, იმდროინდელი თბილისური ყოფისა და საერთოდ ქართული კულტურისადმი, დღევანდელი ჩვენი საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე. XIX საუკუნის მეორე ნახევრის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გრანდიოზული შენობის მოკლე ისტორია კი ასეთია: ტფილისში თეატრის, იგივე ოპერის აშენების იდეა მ. ვორონცოვს ეკუთვნის. მან შეარჩია ადგილი ერევნის მოედანზე* (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) და რადგან თბილისის ხაზინას თანხები არ გააჩნდა კერძო პირებს მიმართა თხოვნით დაეფინანსებინათ მშენებლობა. ამასთან სთავაზობდა კომერციულ ფართებს - სავაჭრო დუქნებს, რომლებიც ქარვასლის სახით იქნებოდა წარმოდგენილი თეატრის შენობაში და დამფინანსებელს ის მუდმივ სარგებლობაში უფასოდ გადაეცემოდა. სურვილი თბილისელმა პირველი გილდიის ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა, - ერთი პირობით: თეატრ-ქარვასლას თავისი ხარჯებით ააშენებდა თუ მას უფასოდ გადაეცემოდა მშენებლობისათვის საჭირო 1000 მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი და დასრულებულ შენობაში სავაჭროდ გამოსაყენებელი ფართები. ვორონცოვი დათანხმდა. ამასთან გადაწყდა თეატრის სახელმწიფო სარგებლობაში დატოვება.   * იქ სადაც ახლა ზურაბ წერეთლის „თავისუფლების მონუმენტი“ (წმ. გიორგი) დგას. XIX საიკუნეში მოედანს ერქვა „ILMOIIIalb Ilack/BH9a OpHBaHCKOro“ („პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი) — სახალხოდ კი ერევნის მოედანი. აქ ერევნის ამღები გრაფი პასკევიჩის ქანდაკებაც იდგა. ამ ადგილზე ჩამოდიოდა „ავანაანთ“ ხევი და გამოჰქონდა წვიმებისას ქვა-ღორღი. გადმოცემით სოლოლაკიდან ამ ხევს ძროხაც კი წამოუღია. ეს ადგილები ეკუთვნოდა ქართველ თავადს ესტატე ტატიშვილს, რომელმაც ორ დოშად (თევზის ლორად გამოყვანილი გვერდი) და კაცის ორ საკაბედ მიჰყიდა ვორონცოვს, რაც ძალიან იაფი იყო. ასევე ესტატეს ეკუთვნოდა მიწები ავლაბარში და როდესაც მუხრანის ხიდი აიგო, მის გაგრძელებაზე სწორედ ესტატე ციციშვილმა გაჭრა რიყის თავზე ახალი გზა. ამ აღმართს მერე დიდხანს ერქვა „ციციანოვის აღმართი“, — ესტატეს პატივსაცემად.
     
თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წლის შემდეგ დასრულდა. მშენებლობას სპეციალურად მოწვეული იტალიელი არქიტექტორი ჯოვანო სკუდიერი* ხელმძღვანელობდა. მშენებლობისას გამოყენებული იქნა ევროპული თეატრალური არქიტექტურის გამოცდილება ე. წ. აივნიანი თეატრის ტიპი ღრმა სცენით. თეატრი 700 მაყურებელს იტევდა. კომერციული მიზნით მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო, რის გამოც „ქარვასლა-თეატრი“ შეარქვეს. თეატრს შენობის ცენტრალური ნაწილის მეორე და მესამე სართული ეკავა. თეატრის ფოიე და მაყურებელთა დარბაზი გაფორმებული იყო მხატვარ გრიგოლ გაგარინის ნამუშევრებით, მასვე ეკუთვნოდა სცენის ფარდა. დარბაზს ამშვენებდა გიგანტური, ტონანახევრიანი ჭაღი, რომელიც თამამშევის ფულით ვორონცოვმა პარიზიდან გამოიწერა 9 400 ფრანკად. ჭაღი მარსელიდან ფოთამდე გემით ჩამოიტანეს ფოთიდან კი 12 ჩალაგებული თბილისში ურმებით წამოიღეს. ცნობილია, რომ გზაში ჭაღის დიდ ყუთში ნაწილი დაფშვნილა და თამამშევს ხელმეორედ გამოუწერია.  

* ჯოვანო სკუდიერი (1817-1851) მ. ვორონცოვმა რუსეთიდან 1846 წელს გადმოიყვანა თბილისში დ დანიშნა საქალაქო ხუროთმოძღვრების თანამდებობაზე. იგი ფაქტიურად თბილისის მთავარი არქიტექტორი იყო. თბილისში ააგო „მიხეილის მცირე ხიდი“ (ამჟამად „მშრალი ხიდის“ სახელწოდებით ცნობილი) და სხვა ცნობილი ნაგებობები. სკუდიერი დაღუპა 35 წლის ასაკში გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე სამხედრო ტაძრის მშენებლობისას – ხარაჩოებთან ლოდის ქვეშ მოყვა და ადგილზევე გარდაიცვალა. დაკრძალეს კათოლიკურ

 სასაფლაოზე მთაწმინდაზე – დაახლოებით ჭონქაძის ქუჩის ტერიტორიაზე. ამჟამად იმ ადილზე საცხოვრებელი სახლების. რუსთაველის გამზირზე სამხედრო ტაძარიც დაანგრიეს კომუნისტებმა და მის ადგილას მთავრობის სახლი - დღევანდელი პარლამენტის შენობა – დადგეს.

თეატრი-ქარვასლა საზეიმოდ 1851 წლის 8 ნოემბერს გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც სტუმრის სტატუსით დაესწრო მწერალი ლევ ტოლსტოი. სამწუხაროდ თეატრს არ ჰყავდა დასი. იმხანად რუსეთში გასტროლებზე იმყოფებოდა მცირე იტალიური დასი. ეს ამბავი შეიტყო ვორონცოვმა, რომელმაც სასწრაფო წესით ხელშეკრულება გაუფორმა მათ ლისში ჩამოიყვანა. „იტალიური ოპერა შეერწყა თბილისის ბოჰემურ ბაიათებს და თბინახევარი ქალაქი ბაიათებს მღეროდა, ნახევარი იტალიურად გალობდა“ (ჟურნ. „თბილისელები“, 2012 წ. #16; ელისაშვილი 2013).

თბილისში თამამშევის თეატრ-ქარვასლაში იტალიურმა დასმა (ხელმძღვანელი ბარბიერი) 12 საოპერო დადგმა განახორციელა. მაშინდელი თბილისის მოსახლეობა მოხიბლული იყო ამ წარმოდგენებით.

„ოპერამ გააჩინა და გაამრავლა თბილისში ფრანგული მოდის მაღაზიები, ოპერამ გააცინა თბილისში მეყვავილეები. ოპერამ მოახდინა გადატრიალება.

სწორედ აქედან დაიბადა ქვაფენილის აუცილებლობის იდეა, იმიტომ, რომ მეკურტნეები იდგნენ ოპერის კარში წვიმასა და ტალახში და ეზიდებოდნენ ხელში აყვანილ დიდ ქალბატონებს. ეს იყო ძალიან მოხდენილი სურათი, მაგრამ მაინც ძალიან შემაძრწუნებლი.

1867 წელს ოპერის პარტერში აღმოჩნდნენ გიმნაზიელები, რომლებმაც ააფრიალეს ქართული სამეფო დროშა და დასძახეს პატრიოტული ლოზუნგები.

ეს იყო უცნაური დრო. ეს იყო გარიბალდის დრო. თუ გიყვარდა იტალიური ოპერა, გიყვარდა იტალიაც, მაშინ გიყვარდა გარიბალდიც, გიყვარდა იტალიელების ბრძოლა თავისუფლებისათვის. თბილისში მაშინ მოდაში იყო გარიბალდური ქუდი... იტალიელი თბილისში იყო მაშინ ყველაზე დიდი და საინტერესო კაცი...“ (მორჩილაძე 2013).

XIX საუკუნის ტფილისის მშვენებად წოდებული თეატრი-ქარვასლა 1859 წელს ინახულა ფრანგმა მწერალმა ალექსანდრე დიუმამ და მისით მოხიბლულმა წიგნში „კავკასია: მოგზაურობის შთაბეჭდილებანი“ ქებით მოიხსენია: „სად არ ვყოფილვარ და რამდენი თეატრი არ მინახავს, მაგრამ ტფილისის თეატრის მსგავსად გემოვნებიანი და ლამაზი არც ერთი“.*  

* სამწუხაროდ თეატრმა სულ 23 წელი იარსება. მისი უკანასკნელი წარმოდგენა, 1874 წლის 11 სექტემბერს, იყო ბელინის „ნორმა“. სწორედ ამ წარმოდგენის დაწყების წინ იქვე, ვინმე ლაზარევის მაღაზიას გაუჩნდა ცეცხლი და ეს ცეცხლი თანდათან გადაედო თეატრს. — „ეს იყო იმ საუკუნის თბილისის ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე გულსატკენი ხანძარი. არავინ დაღუპულა, მაგრამ დაიღუპა ის, რაც იყო მთავარია ამ ქალაქში – თბილისის ოპერა.“

შემდგომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ყაზაროვმა განგებ გააჩინა ცეცხლი, ვითომ ოპერის შენობა მის მაღაზიას მუშაობაში ხელს უშლიდა. მედუქნე დააპატიმრეს და 9 წლით გააციმბირეს. 1879 წელს ქარვასლის შენობა თეატრის გარეშე აღადგინეს. 1934 წელს მოედნის გაფართოების მიზნით ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით ქარვასლა დაანგრიეს. ასეთი ბედი ჰქონდა იაგორ თამამშევის მიერ აგებულ თბილისის პირველ საოპერო თეატრს. როგორც ითქვა თეატრ-ქარვსლაში უამრავი დუქანი არსებობდა, მათგან ერთ-ერთი ცნობილი იყო „ტილიპუჭურას“ დუქანი — მეპატრონე სომეხი არტემ ქამელოვი. დუქანს თავისი სასტუმრო ჰქონდა, სადაც კარგა ხანს აკაკი წერეთელი გახლდათ გაჩერებული. მან იქ რამდენიმე თვე იცხოვრა და ამბობენ სწორედ აქ დაასრულა რომანის „ბაში-აჩუკი“ წერაო. ასევე ჰყვებოდნენ წერეთელი ფულს არ უხდიდა მედუქნეს და ბოლოს რის ვაი ვაგლახით, სხვების შეგროვებული ფულით გაუსტუმრა ქამელოვს ვალიო. ასევე „ტილიპუჭურას“ დუქანს უკავშირდება ცნობა იმის შესახებ თუ როგორ სცემეს ქალაქის ბიჭებმა ალექსანდრე ყაზბეგი მისი ცუდი სიმთვრალის გამო. და კიდევ ერთი დადასტურებული ამბავია, რომ სტალინი და კამო სწორედ ამ დუქნიდან გამოვარდნენ და თავს დაესხნენ კავკასიის ფოსტის ეტლს, საიდანაც გაიტაცეს დაახლოებით 2 მილიონი რუბლი (საქართველოს მაშინდელი ბიუჯეტის თანხა) და ლენინს ჩაუტანეს.

ეკატერინე მიხეილის ასული და მისი მეუღლე ნიკოლოზ რევაზის ძე ცხოვრობდნენ დიდვაჭარ თამამშევებისაგან მზითვად მიცემულ სამსართულიან ბინაში. ერისთავიანთ რძალი ბავშვობიდანვე სომხურად და რუსულად მოლაპარაკე ოჯახში გაიზარდა. მისთვის ფრანგული ენის სწავლა აუცილებელ საგნად ითვლებოდა, ამიტომაც ქართული _ თამამშევებისათვის მეოთხეხარისხოვანი ენა იყო. სწორედ ასეთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ყველაზე სუსტად ქართულ ენას ფლობდა, თუმც არ უჭირდა საუბარი.

ცნობილი მამის შვილი ელისაბედ ელიზბარის ასული ერისთავის თავისდროზე მოსწრებულად აღნიშნავდა ქართლის არისტოკრატთა მხრიდან მშობლიური ენის ნაკლებ პატივისცემას:

„ბევრისაგან გამიგონია, ქართლიო არ იყო პატრიოტული ქვეყანაო. იქაური თავად-აზნაურები გადათრანქულები იყვნენო, ქართული კარგათ არ იცოდნენო, მუდამ რუსულს ურევდნენო. ეს მართალია, ისე კარგათ და წმინდათ არ ლაპარაკობდნენ როგორითაც დასავლეთ საქართველოში, მაგრამ პატრიოტული გრძნობა და სიყვარული თავისი ქვეყნისა იმათ არ დაუკარგავთ“ (ქლმ, 1138-3).

ქართული ენისადმი ამგვარი დამოკიდებულების ადამიანთა წრეში ნამდვილად მოისაზრება თამამშევების ასული. თუმცა ქსნის ერისთავზე გათხოვების შემდეგ, მის ცნობიერებაში საგრძნობლად გაღვივდა და გაიზარდა საქართველოს სიყვარული, პატრიოტული გრძნობა ყოველგვარი ქართულისადმი.

ერისთავიანთ რძალს ლაკონურად ახასიათებს კიდევ ერთი ელისაბედი, ამჯერად დავით ერისთავის ასული „თავისი ჭკუით, განვითარებით (ეკ. თამამშევა, ვ. ქ.) ირჩევოდა ამ საზოგადოებაში. უცხო ენების მცოდნე, ყოველწლივ დადიოდნენ ცოლ-ქმარნი უცხო ქვეყნებში. იქ დადიოდა არა მორთულობის საყიდლად: ძალიან სადად იცვამდა და არ დადიოდა საზოგადოებაში. უყვარდა შინ მიღება, ნახულისა და წაკითხულის გადაცემა. საზოგადო საქმეში მონაწილეობას იღებდა, როცა ვახტანგ ორბელიანის ასულმა დააარსა ქალთა გიმნაზია, სასადილო - მოანგარიშედ და მოლარეთ ბრძანდებოდა კნეინა ეკატერინე ერისთავი. იღებდა მონაწილეობას მასწავლებელ ქალთა საზოგადოებაში.

გუბერნატორი გიორგი შერვაშიძის მეუღლესთან ბარონ ნიკოლაის ასულ მაიკასთან ძალიან დაახლოებული მეგობარი იყო. იმისაგან გამიგონია დიდი ქება იმისი განვითარებისა და ჭკუისა...

მის მეუღლე ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი სულ სხვანაირი კაცი იყო. ეს ცოლ-ქმარნი ძალიან ყველაფრით განსხვავებულნი იყვნენ მაგრამ სიყვარული აკავშირებდათ და სიამოვნებით ატარებდნენ მათთან დროს მიმსვლელნი... ერისთავს უყვარდა საზოგადოება. ნამეტნავად ქაღალდის თამაში. ყოველ საღამოს წავიდოდა კლუბებში ან კიდევ თავის სიდედრთან - ბარბარე ვასილის ასულ თამამშევასთან, რომლის სახლში იმართებოდა ქაღალდის თამაში. ბოლო დროს უფრო დაუახლოვდა ქართულ მწერლობას, ყოველდღე შეივლიდა „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში და გულმხურვალე მონაწილეობას იღებდა საზოგადოების საკითხებში. „ცუნცულაძეს“ ეძახდნენ. მამამ მისცა ეს ზედმეტი სახელი. ბევრნი არავინ დადიოდა მათთან, იშვიათად შინ მართამდნენ ქაღალდის სათამაშო საღამოებს, რომლებზედაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, მთავარი მიხეილის შვილი ნიკოლოზი, გუბერნატორი გიორგი შერვაშიძე და სხვები...“ (ქლმ, 12878-ბ/142).

ცნობილია, რომ ქსნის ერისთავებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს სასიქადული მწერალს ილია ჭავჭავაძეს, რაშიც დიდად უნდა შეეწყო ხელი დუშეთში მის მოღვაწეობას*. იმდროებაზე ახალგორი ადმინისტრაციული დაყოფით დუშეთის მაზრაში შედიოდა. ასაკის სხვაობის მიუხედავას ილიას განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ციციშვილების სიძესთან ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავთან და თამამშევების სიძესთან ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავთან (რევაზის ძე 13 წლით, ხოლო დავითის ძე 28 წლით უმცროსები იყვნენ). საქმიანი მეგობრული შეხვედრები ზოგჯერ „ქაღალდის“ თამაშებით მთავრდებოდა. ილიასაც მოსწონდა გართობის ეს საშუალება და ხანგრძლივი შრომის შემდეგ ხანდახან თავს ბანქოს თამაშით ირთობდა.   * ილია ჭავჭავაძე ქუთაისიდან დუშეთში მომრიგებელ შუამავლად გადაიყვანეს 1864 წლის 8 ნოემბერს. 1868 წლის 1 თებერვლიდან კი კავკასიის მეფისნაცვლის ბრძანებით მომრიგებელ მოსამართლედ წლიური ხელფასი 2400 მანეთი. აღნიშნულ თანამდებობაზე იმუშავა 1873 წლის 14 მაისამდე.
     

ილია ჭავჭავაძის ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში შემონახულია ბარათები ნიკოლოზ რევაზის ძისადმი, სადაც ნათლად ჩანს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ბანქოს თამაშში პოეტის დიდი პასუხისმგებლობა თავისი გუნდის მიმართ: „კოლაჯან, ეხლა შეყრილნი ვართ ლონდონში**. ცალკე კაბინეთში. თუ გინდა რომ კაცი გახდე, ან წახდე მოდი და ბლომა ფული მოიტანე. ასეთი ამქარია, რომ შენი მოწონებული. გელით, უსათუოდ მოდი ეხლავ.

შენი ილი ჭავჭავაძე. 23 თებერვალი“ (ქლმ, 17600/243).

 

 

** ტფილისში სასტუმრო „ლონდონი“ იყო „გარეუბანში“ მადათოვის ქ. #21. ამჟამინდელი ათონელის ქ. №31. მშრალ ხიდთან ახლოს. ეს სასტუმრო 1875 წელს გახსნა ალექსანდრე ზუბალაშვილმა.

მეორე უთარიღო წერილი ნიკოლოზისადმი, სადაც ილია სთხოვს შეხვედრას მიუხედავად ოლღა თადეოზის ასულის გულისწყრომისა (სავარაუდოდ ფულის წაგების გამო)

„კოლავ, თუმცა კნეინა ძალიან გამიწყრა გუშინ საღამოს, მაგრამ დღეს სადილად მაინც შენთან მინდა მოვიდე და მაცნობე შესაძლოა თუ არა.

შენი ილია ჭავჭავაძე“

ქართველი ერის დიდი მოამაგის ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქსნის ერისთავებთან ერთად თამამშევებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებაში. ამ კეთილშობილურ საქმის განსახორციელებლად, როგორც ი. მეუნარგია იტყობინებოდა: „1893 წელს ნ. ბარათაშვილის ნათესავებმა, დებმა: ბარბარე ვეზირიშვილისამ, სოფიო სუმბათაშვილისამ და ნინო ბარათაშვილისამ, ბიძაშვილმა გიორგი ილიას ძე ორბელიანმა და დისწულმა ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავმა (პოეტის მეოთხე დის ეკატერინეს შვილმა) აღძრეს მთავრობის წინაშე შუამდგომლობა ნება დაერთოთ მათთვის გადმოესვენებინათ განჯიდან თბილისს მათი ოჯახის დამამშვენებელი მგოსანი“ (შარაძე 1990: 112).

ნიკოლოზ ბარათაშვილის დისშვილი და თამამშევების სიძე ნიკოლოზ ერისთავი მართალია არ იყო მწერალი, მაგრამ თავისებურ საზოგადო მოღვაწედ ითვლებოდა. „იცოდა გატაცებული ბაასი, ეხმაურებოდა ყოველგვარ ქართულ საქმეს. კამათობდა, ბობოქრობდა, პატრიოტობდა... ფულითაც ეხმარებოდა ქართულ კულტურულ საქმიანობას“. მას 1909 წელს კარგი ნაწერებისთვის ლიტერატურული პრემიაც კი დაუწესებია, თუმც, საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის, ან რაში ხვდა პატივად ერისთავის დაწესებული ჯილდო.


ნიკოლოზ რევაზის ძეს ასაკთან ერთად ეგზემა უფრო და უფრო უმძაფრდებოდა და მის ფსიქოლოგიაზეც უფრო მეტი სიმძაფრით ახდენდა უარყოფით გავლენას. ასეთ პირობებში 65 წლის ასკში კოლა გარდაიცვალა. საზოგადოებაში გაჩენილია ეჭვი, რომელზეც თამამშევებისა და სმირნოვების სახლში არასოდეს ლაპარაკობდნენ, თითქოს ავადმყოფობით შეწუხებულმა კო ლამ თავი მოიკლაო. კოლას გარდაცვალებამდე და მას შემდეგაც უშვილო ოჯახი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხოვრობდა განის ქუჩაზე, დღევანდელი ტაბიძის ქუჩის 22 ნომერში. დაქვრივებული, უმემკვიდროდ დარჩენილი ეკასმირნოვების ტერინე შემდგომ შეუერთდა თავისივე დის და დისშვილების
ოჯახს.

თბილისში გამომავალი ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“ (1915 წ. No 14) დიდი გულისტკივილით გამოეხმაურა კოლა ერისთავის გარდაცვალებას: სულის ადა„სხვა ნაირად არ შემიძლიან მოვიხსენიო ის ნათელი სახე მიანი, რომელიც ამ ორმოცი დღის წინად მივაბარეთ დიდუბის გალავანში სამარეს და რომლის ქვრივმაც ამ დღეებში ასე საუცხოვოდ აღნიშნა თავისი მეუღლის ხსოვნა. ეს გახლავთ თავად ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი.

თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ იგი იშვიათი თვისების ადამიანი იყო. მაგრამ იგი კიდევ უფრო ცნობილი იყო, ვითარცა, სინდისის მამხილებელი... და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება შენიშნავდა რაიმე უკუღმართობას, იგი, თავადი ნიკოლოზი, ხომ უმეტესად უკუღმართობისაგან შესდგება, კალმით კი არა, პირისპირ, ცოცხალი სიტყვით ამხელდა მის მომავლინებელს... (შემოკლებულია, ვ. ქ.).

ამ დღეებში მისმა ქვრივმა, კნ. ეკატერინემ ფრიად დამახასიათებელი საზოშეწირულებით აღნიშნა თავისი მეუღლის ნეტარი ხსენება: ქ. შ. წ. გადოებას შესწირა 10 000 მანეთი სალიტერატურო ფონდის შესადგენად, საიდანაც უნდა შეიქმნას საგანგებო თანხა საუკეთესო ნაწარმოებთა დასაჯილდოვებლად. ამ თანხიდან 2000 მან. მოხმარდება გრ. ორბელიანისა და ნ. ბარათაშვილის თხზულებათა საუკეთესოდ გამოცემას“.

უმემკვიდროდ დარჩენილი თამამშევების ასული არაფერს იშურებდა გარდაცვლილი მეუღლის სულის პატივსაცემად. თანადროულად ზრდიდა საქველმოქმედო თანხებს, ეხმარებოდა უამრავ გაჭირვებულს, თითქმის ყველა ქართულ წამოწყებულ საქმეს* სწავლა მოწყურებულ ახალგაზრდებს.

 

* იმ ხანად თბილისში გამომავალი ერთ-ერთი ჟურნალის ცნობით კნეინა ეკატერინეს ქართულ თეატრის ასაგებად 3000 მანეთი შეუწირავს. სცენის მოღვაწეთა ოქმების გამოსაცემად კი 500 მანეთი.

ეკატერინემ ქველმოქმედებით გაითქვა სახელი და დაიწყო ფიქრი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების ერთტომეულის გამოცემაზე. მან ხომ დაუფიცა, ჯერ კიდევ ცოცხალ, თავის მეუღლეს, რომ გამოსცემდა მისი ბიძის ტატოს კრებულს თავისი ხარჯებით.

აღნიშნულ წიგნზე ეკატერინემ საქმეში ჩართო იოსებ გრიშაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სამსონ ფირცხალავა, გიორგი ჟურული, მხატვარი დიმიტრი შევარდანაძე, გრიგოლ რობაქიძე, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები. სამწუხაროდ საქართველოში და საერთოდ რუსეთის იმპერიაში შექმნილმა არეულობამ და ქაოსმა ხელი შეუშალა კოლა ერისთაის დიდიხნის სურვილის ასრულებას და სამომავლოდ გადაიდო. როგორც სამსონ ფირცხალავა წერდა – „ბოლოს დავრჩით მე და პატივცემული ეკატერინე, რომელთაც უნდა გვეზრუნა გამოცემისათვის. მე თავი ვერ დავანებე საქმეს, ამის ნებას არ მაძლევდა არც პოეტის პატივისცემა და სიყვარული, არც ნაკისრი მოვალეობის შეგნება“.

ეკატერინე თამამშევა იყო ის ერთადერთი ადამიანი ვინც მგოსნის ჯეროვანი დაფასება გადაწყვიტა და აღასრულა კიდეც. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ნათესავები და პირველ რიგში დები უპატიებელ პასიურობას იჩენდნენ პოეტის მიმართ.

ტატოს მამამ — მელიტონმა პირველი გამოცემისთვის შეგროვებული ფული გამოართვა ამ საქმის ინიციატორებს, ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მომიზეზებით და გაფლანგა, თუმცა რუსეთის იმპერატორის ბრძანებით ოჯახის დახმარებისათვის უკვე იყო გამოყოფილი სოლიდური თანხა.

მიუხედავად იმისა რომ ნ. ბარათაშვილის დები წარჩინებულ პირებზე გათხოვდნენ, მაინც ნაკლებად ზრუნავდნენ უდროოდ დაღუპულ ძმაზე. კოტე ყიფიანის სიტყვით, – „ამ დებმა არც ერთი ლექსი თავიანთი ძმისა არ იცოდნენ და როდესაც ჩვენ ვაქებდით და ვადიდებდით ჩვენს პოეტს, ისინი როგორღაც უნდობლად იღიმებოდნენ ხოლმე...“

ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლობლებმა ერთი ფოტოსურათიც კი არ შემოგვინახეს დიდებული პოეტისა. - „ბარათაშვილს ჰყავდა ერთი დისწული მიხეილ ვეზირიშვილი, რომელმაც თავისი ბიძა გაარჩია „ივერიაში“ („ნ. ბარათაშვილი და მისი პოეზია“, - „ივერია“ 1889 წ. No No247, 249, 250, 251) მაგრამ მაშინდელმა დუხჭირმა პირობებმა მიხეილ ვეზირიშვილი სამშობლოს გარეთ გასტყორცნეს სამსახურის საძებნელად და მის ახლად აშლილ კრიტიკულ ნიჭს ფრთები მოეკვეცა“ (გრიშაშვილი 1952).

1922 წელს გამოვიდა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემა. რედაქტორი ს. ფირცხალავა მას შვიდი წელი ელოდა. მანამდე კი ცნობილმა ბიოგრაფმა იონა მეუნარგიამ თავისი ნაშრომი - „ცხოვრება ნიკოლოზ ბარათაშვილისა“ — მის მოსახელე დისშვილს ნიკოლოზ ერისთავს მიუძღვნა.*

 

* ნ. ბარათაშვილის თხზულებათა ძირითადი გამოცემებია: 1876 წელს — პეტრე უმიკაშვილის; 1895 წელს — ექვთიმე თაყაიშვილისა და დავით კარიჭაშვილის; 1922 წელს — სამსონ ფირცხალავასი, რომელიც კომუნისტებმა ამ წიგნის დასტამბვისას დაიჭირეს. ჯერ კიდევ საღებავშეუმშრალი ერთი ეგზემპლარი მას ეტლში მიაწოდა იოსებ გრიშაშვილმა; 1930 წელს — პავლე ინგოროყვასი; 1945 წელს კი კორნელი კეკელიძის.

1922 წლის აკადემიური გამოცემა 2600 ცალად დაიბეჭდა და უცბად გაქრა თაროებიდან. დღეს ეს „თხზულებანი“ იშვიათობას წარმოადგენს. მის მოკრძალებულ ფოტოსურათებს შორისაა ქსნის ერისთავების სასახლის ბაღის ფოტოც.

ვიცით, რომ ეკატერინე თამამშევა-ერისთავისა საქართველოს გასაბჭოებამდე დიდ თანხებს რიცხავდა სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებზე, როგორიც იყო თეატრი, გაზეთი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და სხვა. 1922 წლიდან იწყებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის ფრანგულ ენას.

როგორც ყველა თავადს და თავადის ქალბატონს საბჭოთა ხელისუფლება ეკატერინესაც დევნის, ავიწროებს და მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებს.

ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს თამამშევების ასულს სიცოცხლის ბოლო წლები თავისი პაპის, იაგორის 1859 წელს აშენებულ სახლში (ამჟამად სმირნოვების სახლი ტაბიძის ქ. 20) უნდა გაეტარებინა სიმართლე არ არის. საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში (7862/80) დაცული ერთი საბუთის მიხედვით, 75 წლის ფრანგული ენის მასწავლებელი ეკატერინე ერისთავი განცხადებით მიმართავს განათლების მუშაკთა კავშირის ადგილკომს (პროფკავშირებს) და სთხოვს, სამედიცინო კომისიასთან შუამდგომლობას, რათა გასცენ სათანადო სამედიცინო დასკვნა შრომისუუნარობაზე მხედველობის დაქვეითების გამო. ჩვენთვის უცნობია დააკმაყოფილა თუ არა ადგილკომმა პედაგოგის მოთხოვნა, მაგრამ ცნობილი ხდება ეკატერინეს საცხოვრებელი სახლის მისამართი წერეთლის ქ. No22. გამოდის, რომ „შინსახკომმა“ ეკატერინეს მამა-პაპეული სახლის დაბალ სართულზე ის ერთი პატარა ოთახიც არ დაუტოვა, სადაც ის წერეთლის ქუჩაზე გადასვლამდე ცხოვრობდა.

ქსნის ერისთავების ქალების მარაქაში გარეული ეკატერინე თამამშევა-ერისთავისა გარდაიცვალა 1937 წელს 82 წლის ასაკში. თუ სად დაიკრძალა ჩვენთვის უცნობია. გარდაცვალების შემდეგ, მისი მდიდარი არქივის პატარა ნაწილი, 1937 წელს, ლიტერატურის მუზეუმს გადაეცა*, მაგრამ ცნობას მისი საფლავის ადგილსამყოფელზე ვერ მივაკვლიეთ. საჭიროა მალე გახდეს ხელმისაწვდომი ერისთაიანთ რძლის არქივის ის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს დალუქული ინახება თამამშევების ნაქონ სმირნოვეის სახლში ტაბიძის ქუჩის №20-ში  

* მუზეუმში დაცულ არქივიდან მნიშვნელოვანია: ორი დღიური, მიმოწერა ა. ამილახვართან, ბ. შანშიევასთან, ლ. ბაგრატიონ-მუხრანელთან, ო. ბარიატინსკისთან, მ. ორბელიანთან, ბარონ იუნსპერთან. განსაკუთრებული ღირებულებისაა მასალები ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნ. ბარათაშვილის შესახებ.

4 ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევას გენეალოგია

▲ზევით დაბრუნება


ეკატერინე მიხეილის ასული თამამშევას გენეალოგია

5 ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავის გენეალოგია

▲ზევით დაბრუნება


ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავის გენეალოგია

6 საქართველოში მოღვაწე სმირნოვების გენეალოგია

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში მოღვაწე სმირნოვების გენეალოგია

7 მიხეილ რევაზის ძე ერისთავის გენეალოგია

▲ზევით დაბრუნება


მიხეილ რევაზის ძე ერისთავის გენეალოგია