
გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
(ამბავი ხოლერის დროიდან)
სოფელ ნიგვზიანში ხოლერა გაჩნდა; ორ-სამ დღეში ოცამდე კაცი გარდაიცვალა. ხოლერა არ
ჰზოგავდა არც დიდსა და არც პატარას, უფრო კი ღარიბ-ღატაკ გლეხკაცობას ავლებდა
მუსრს. ჭუჭყიანი ტანისამოსი, უსუფთაო სახლ-კარი, უვარგისი საჭმელი, დაგლეჯილი
საგებსახურავი საუკეთესო ნიადაგი იყო ხოლერის თესლის გასაძლიერებლად. ყველა ამ
ნაკლებულობის შესწორება გლეხ-კაცს სად შეეძლო და მხოლოდ უადვილეს საშუალებას
მიჰმართა გადასახლდა ხოლერით მოწამლულ არე-მარეგან; ვისაც საქონელი ჰყავდა და
შეძლება მოსდევდა, შორეული მთა-მაღლობი მონახა; ვისაც არა, ის თავის ბაღ-ვენახში
გადასახლდა. ნიგვზიანის ვენახები გაივსო ხალხით. ქვითკირის საწნახელები, ოდნავ
წალმით დახურული, ვერაფერი თავშესაფარი იყო წვრილ-შვილიანის ოჯახისთვის, მაგრამ
მეტი რა გზა იყო. ზოგს ესეც არა ჰქონდა და ფოთლებით წამოფარებულ ქოხში შეაფარეს
თავისი ცოლ-შვილი.
ხალხი ისე დაფთხა და ისე ეჩქარებოდა სოფლიდგან გაქცევა, რომ ბევრს პური, ღვინო და
სხვა სანოვაგეც-კი ავიწყდებოდა; და ვისაც სანოვაგე მიჰქონდა, ქვაბი და სხვა საჭირო
ჭურჭელი შინა რჩებოდა; ამიტომ გახიზნულები ხშირად ბრუნდებოდნენ სოფლად სხვა-და-სხვა
საჭიროების“ თვის და იქიდგან ვენახებშიც გადაჰქონდათ საშინელი სენი.
გადასახლდა, რასაკვირველია, ნიგვზიანელი) თავად-აზნაურობაც; ამათში ზოგმა შორეული
მთა აირჩია დასახიზნად და ზოგი-კი ქალაქისკენ გაემგზავრა.
სხვის მაგალითს არ მიჰხედა მხოლოდ ვეშაპიძის სახლობამ; მან ირჩია თავიაანთ რიგიანად
მოწყობილ სახლში ყოფნა უდაბურ ტყეში ხეტიალს. სოფელზე კარგა მოშორებით იდგნენ,
სახლი დიდ ვენახში ჰქონდათ აშენებული, საკუთარი წყარო და ყოველ გვარი სურსათი
ცხოვრებისათვის მრავალი.
მართალია ვეშაპიძიანი დარჩნენ, მაგრამ შიშით კი კანკალებდნენ; იმათ ბაღის კარი დიდი
კლიტით იყო დაკეტილი, რომ სამეზობლოდ, ან წყაროს წყლისთვის ხოლერიანი სოფლიდგან
არავინ მოსულიყო; ამასთანავე ხმარობდნენ ყოველ გასაფრთხილებელ საშუალებას:
საპკურებელს თუ სასმელს, რომ ხოლერა ახლო არ მიჰკარებოდათ. მოსამსახურეს და
ყმაწვილებს აკრძალული ჰქონდათ ეზოს გარედ გასვლა და სოფლელებთან ბაასი.
* * *
ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც მთვარე ნელ-ნელა ამოდიოდა მთის ზოლებიდან,
ვეშაპიძიანთ ბაღი უფრო ჩაბნელებული მოსჩანდა; ამ სიბნელეში მრავალი ციცინათელა
დაცქრიალებდა ყვავილის ბუჩქებზედ, ღობის ეკლებში და წყლის ნაპირებზედ. პატარა
თამრო, ვეშაპიძის უფროსი ქალი, გაფაციცებით დასდევდა ამ მნათობებს და უნდოდა მათი
დაჭერა; ბევრჯელ კიდეც დაიჭირა და ჩაისვა თავის ხუჭუჭ თმებში, კაბის ნაკეცებში,
საიდგანაც ძვირფასი თვლებივით ამოჭუოდა ციცინათელას მკრთალი ნათელი და აღტაცებაში
მოჰყავდა პატარა ცქრიალა ქალი. თამრო ისე გაერთო ამ დროს გატარებაში, რომ ვერც კი
შენიშნა, რა დიდ მანძილზედ მოშორებოდა სახლს; თამრო გაქანებული მისდევდა ერთს უფრო
მნათობს ციცინათელას, რომ უცებ ფეხი წამოჰკრა რაღაც რბილს საგანს და ზედ ყირამალა
გადავარდა; ბავშვი გაშრა შიშითა. ტირილიც კი ვეღარ მოახერხა; აკანკალებულ გულზედ
ხელები მიიკრა და ჩუმად ბუტბუტებდა: „ღმერთო, ღმერთო მიშველე, ღმერთო მიშველეო!“ ამ
ბუტბუტზედ ის რბილი საგანი, რომელზედაც თამრო გადავარდა, შეინძრა და ოდნავის
კნავილით მიმართა პატარას: შვილო, ჩემო ზეციდგან მოვლენილ ანგელოზო, მიშველე...
ვკვდები, წადი შინ, ლუკმა მომიტანე.– თამრო დამშვიდდა, ადამიანის ხმა რომ გაიგონა,
ფეხზე წამოხტა და სიბრალულით ჩაეკითხა უძლურს: „ვინა ხარ? რა დაგმართნია, რატომ შინ
არ წახვალ და პურს იქ არა სჭამ?“ — შინ?.. არ შემიძლიან, სისუსტისაგან ფეხზედ ვერა
ვსდგები,-ოდნავის ჩურჩულით წაიღუტუნა ავადმყოფმა, -მიშველე, პატარა ანგელოზო, თორემ
შიმშილით ვკვდები...
ნახ.
თამროს შეხვედრა. ამ დროს მთვარე კარგა მაღლა იყო და მის შუქზედ თამრომ გაარჩია საბრალო, ძვლებად
ქცეული მართა დედაკაცი, ამათი პურის მცხობელი. მართას გუშინ უფროსი შვილი გაუხდა
ავად. შიშით გაგიჟებული მართა ვეშაპიძიანთკენ გამოიქცა, რომ შორიდგან მაინც ეთხოვნა
ნუგეში, მაგრამ გზაში თითონ გახდა ავად და მთელი ორი დღე უპატრონოდ ებრძოდა
სიკვდილს. — მართა, შენა? წამო, წამო ჩვენსა, დედა ყველაფერს გაჭმევს. ხელი მომე,
აგაყენო.
— არა, ჩემო თამრო, არ შემიძლიან და, თუნდაც რომ შემეძლოს, დედა შენი სახლში არ
შემიშვებს, მე ხოლერით ვიყავ ავად.
ხოლერით?! ოჰ! — შიშის კანკალითა სთქვა თამრომ, — ახლა ხომ მეც შემეყრება... დედა
რას მეტყვის, რომ დაგელაპარაკე!
— გაგიჯავრდება, ძლიერ გაგიჯავრდება... მაგრამ ნუ ეტყვი... ღმერთი აგაცილებს... ნუ
გეშინიან... მიშველე, ვკვდები, მეტი აღარ შემიძლიან... ერთი ცვარი ღვინო... შენ
ქალობას, ჩქარა...
_ ისეთის შემაძრწუნებელის სასოწარკვეთილების, ისეთის ტანჯვისა და ვაების
გამომხატველი იყო მართას მდგომარეობა, რომ ათის წლის ბავშვიც კი მიხვდა, მოიაზრა,
რომ აქ დაგვიანება აღარ შეიძლებოდა და ნიავივით გაფრინდა შინისაკენ.
პურის საჭმელი ოთახი ღია იყო; სტოლზედ ჩამქრალი სამოვარი ოდნავ-ღა შიშინებდა. მის
გვერდით იდგა კარაქი და თეთრი პურის ნაჭრები მრავლად ეწყო თოვლივით თეთრ სუფრაზედ.
თამრომ საჩქაროდ წაუსვა პურს კარაქი, ჭიქაში ბლომად ჩაყარა შაქარი და გაცივებული,
მაგარი ჩაი დაასხა და ზედაც წითელი ღვინო დაუმატა; მერე კალთაში ჩაილაგა პურის
ნაჭრები, სტაქანი ხელში აიღო და ისე ჩუმად, ფეხ-აკრებით გავიდა კარში, რომ აივანზედ
მსხდომმა დედ-მამამ ვერაფერი შეიტყო.
- მართა გიჟივით ჰყლაპავდა თამროს მონატანს და თან ყელზედ ადგებოდა, ახველებდა,
იხრჩობოდა, მაგრამ მაინც ხარბად იტენდა პურს; და სასმელს ხომ ისე დაეწაფა, რომ
კინაღამ ჭიქაც თან ჩაატანა. თამრო გაკვირვებული შესცქეროდა. პირველად ჰხედავდა
დამშეულს, უბედურს, უმოწყალეო ქმნილებას და უნებლიედ ცრემლი ცრემლზედ ჩამოსდიოდა;
იმის პატარა გულში იღვიძებდა რაღაც თბილი, სიბრალულით და სათნოებით სავსე გრძნობა;
იმის პატარა გონება გაქანებული მუშაობდა; თვალწინ ეხატებოდა თავიანთ განათებული,
ლამაზი ოთახები, სავსე სუფრა, ტკბილი ღვინო, დედის ალერსიანი, მოცინარი პირი-სახე
და უნებლიედ იწვევდა მის გონებაში შედარებას. აქ ბნელა და იქ კი ნათელია, აქ მართას
ჰშიან და იქ კი ყველა მაძღარია, აქ ადამიანი კვდება უპატრონოდ და იქ გადაჭარბებული
მზრუნველობა სიცილს მოჰგვრიდა კაცს, მეტადრე ამ ხოლერიანობის დროს. თამრო და იმისი
ძმები ისე არ დაახველებენ, რომ დედა დაკვირვებით არ დააცქერდეს, ათასჯერ არ
გამოჰკითხოს. „ხომ კარგადა ხართო, მუცელი ხომ არა გტკივათო“. ამ მოგონებაზედ თამრომ
გაიცინა. მართა შეკრთა, იმას ჭამაში სულ დაავიწყდა, რომ თამრო თავს ადგა და შიშით
უთხრა: „წადი... წადი... ჩქარა, თორემ მოგიკითხვენ, აქ მოვლენ, მეც მიპოვნიან და
გადმისვრიან სადმე. ჩქარა წადი... ღმერთი იყოს შენი შემწე... აგაცილოს შავი
სენი“...
თამრო გაიქცა, მერე შესდგა და ჩაფიქრდა. დედის შიში და მართას სიბრალული გულში
ერთმანეთს ებრძოდა. მაგრამ სიბრალულმა გაიმარჯვა შიშზედ და ქალი ისევ მართას
მიუახლოვდა.
— ნუ გეშინიან, ხვალ კიდევ მოვალ, ღვინოს მოგიტან, შაქარს, რძეს, პურს, წამლებს და,
თუ სხვასაც უნდა ვისმე, შენ იმათ მიუტან, არა, მართა? ხომ სხვებსაც ეშიებათ? ავადაც
ხომ ბევრი არის?!