საახალწლო სურათები

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული 

საახალწლო სურათები

I

საახალწლო სურათები გაიგაშინელი სიცივეა. თოვლი ადლზედ სძევს. ყინვისაგან არე-მარე მთლად გათოშილია. 5 სოფელ ატმურის პატარა მდინარე „მღვრიე“ კლდესავით გაყინულია და ზედ სოფლის გოგობიჭები ციგაობენ, თხილამურებით სრიალებენ; სიცივისაგან სულ დალურჯებული აქვთ ცხვირ-პირი, უბიდან ხელებს ვერ იღებენ, მაგრამ მაინც არა ტყდებიან და ძიგძიგით გარბი-გამორბიან. ბავშვებს დღეს მოძრაობაში არც დიდები ჩამორჩებიან: ყველა მიეშურება სოფლის დუქანში, საახალწლო საკვლეური, არაყი, თაფლი იყიდოს და ცოლ-შვილი გაახაროს.

ამ სოფლის მებატონის სახლშიაც, რასაკვირველია, საახალწლო სამზადისია. მზარეული ივანე უშველებელ ღორსა ჰფუფქავს, საახალწლო „ღორის თავი“ განსაკუთრებით სუფთად აქვს მომზადებული. ნინო დედა-კაცი ხონჩებს ავსებს სხვა და სხვა დაბრაწულ „ბასილებით“, მეტადრე ორს იმათგანს, ერთ ქალის სახით და მეორეს — ვაჟისათი, ძალიან ალაზათიანებს, მომატებული ნუშით და ჩამიჩით აჭრელებს; სოსიკა ბიჭი კარზედ შეშასა სჭრის და ზვინებს აყენებს. სახლის პატრონი დარია სვიმონიძის ქვრივი კი სასტუმრო ოთახს ალაგებს, აჩქარებით შედის და გადის ოთახში, მოსამსახურეებს განკარგულებას აძლევს. რამდენიც საღამო ჟამი ახლოვდება, დარია უფრო და უფრო მალ-მალ უყურებს კედლის საათს და, თითქოს უსაყვედურებს, რომ საკმაოდ ჩქარა არ დადის. აი, შვიდი დაჰკრა. დარიამ კარებიდან გასძახა მოსამსახურეს: სოსიკო, ბუხარს შეშა მოუმატე, სამოვარიც შემოიტანე, აგერ საცაა, ჩვენი მგზავრებიც მოვლენ.

მართლადაც, ის იყო სოსიკომ აქაფებული სამოვარი დასდგა სტოლზე და კარებზედ მარხილი მოსრიალდა. იქიდან საჩქაროდ გადმოხტა ორი ყმაწვილი და სიხარულით მოეხვივნენ დაროს.

— გამარჯობა, შვილებო, გამარჯობა, ჩემო ძვირფასო ჭრუკებო! როგორა ხართ? ხომ არ შეგცივდათ? ცეცხლთან ახლო მოდით, გათბით, დაისვენეთ. აბა, ჩაი!.. ვინ იცის, როგორ გშიანთ!? აი, ნაზუქი, კარაქი, კვერცხი... აღელვებული დასტრიალებდა დარია თავის შვილებს და არ იცოდა, რითი გამასპინძლებოდა ძვირფას სტუმრებს.

— დიაღ, სადგურთან რომ მარხილი დავაყენეთ, კინაღამ გავგიჟდით სიხარულით. ოჰ, რა მშვენიერებაა მარხილით სიარული! ისე მისცურავ, ისე მიჰქრი, თითქო ეს არის ფ-თები გამოგსხმიაო. სულ გავიწყდება სიცივეც, ქარიცმეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენმა პავლემ გაუჯიბრა ცხენები ჩვენებიანთ ცხენებს. ჩვენ სული გავნაბეთ და მარტო იმას-ღა ვუგდებდით ყურს, თუ ვინ ვის აჯობებდა; ბევრჯელ გაგვისწრეს წინ, მაგრამ ბოლოს ჩვენ გავიმარჯვეთ და, აი, პირველნი ჩვენ შემოვედით სოფელში. დედაჯან, ხვალაც წავიდეთ მარხილით სასეირნოდ, შორს, შორს, დიდ, გაშლილ მინდორზედ.

— კარგი, კარგი, საცა გინდათ, როგორც გინდათ. ერთი კვირის სტუმრები ხართ და როგორ დაგზარდებით? სხვა, შვილებო. როგორა ხართ, როგორ სწავლობთ? აბა, ერთი, მანუგეშეთ, გამახარეთ?

— ვცდილობთ, დედა. აი, დათამ ამ სადღესასწაულოდ რა მშვენიერი ნიშნები მიიღო, — სთქვა უფროსმა მაშომ და, თავის თავი რომ არ ექო, საჩქაროდ დაუმატა: აი, მოგიტანეთ, დედახან, რაც დაგებარებინა. დეიდამ ყველაფერი გვიყიდა და ჩაგვილაგა: აი ეს ნაბდის ქუდები, ჩუსტები, მოსა
ხვევები, თბილი შალი, ბანბაზე... მაგრამ, დედაჩემო, რისთვის გინდა ყველა ესენი?

— ჯერ ჩაი დალიეთ, სჭამეთ, გაძეხით, გათბით და მერე გეტყვით. თქვენ გენაცვალოთ თქვენი დედის თვალები, აგერ ექვსი თვეა, არ მინახევხართ! როგორ გაზრდილხართ, გალამაზებულხართ? ხომ კარგად გინახვენ სასწავლებელში? საჭმელი ხომ გემრიელი გაქვთ?

— ყველაფერი, ყველაფერი. არა გვაკლია-რა თქვენს მეტი და ხან-და-ხან ჩვენი სოფლის ნახვა მოგვინდება ხოლმე. ეხლა, ამ დღესასწაულებში რომ არ წამოგეყვანეთ, თვალებს დავითხრიდით ტირილით. შენი მშვენიერი ჩურჩხელები, გემრიელი გოზინაყი იქაც მოგვივიდა, მაგრამ აქ უფრო სხვა გემო აქვს, აი, ამ ბუხართან, შენ გვერდით, ჩვენ ლამაზ სახლში,-და მხურვალედ გადაეხვია დედას პატარა დათა.

— მე თითონ მინდოდა ქალაქს ჩამოსვლა, მეშინოდა, გზაში არ გაციებულიყავით, მაგრამ ოჯახს თავი ვერ დავანებე. ამ დღესასწაულებში სირცხვილიც არის, კაცმა სახლის კარი გამოჰკეტოს, ამოდენა მოსამსახურეებს, მეზობლებს არ გაუმასპინძლდეს და თავისი ჭერი არ გაახაროს. მერე ისიც ვიცოდი, რომ სოფელი თქვენ მთელს ქვეყანას გერჩივნათ და ისევ თქვენი წამოყვანა გავბედე. აბა, ჩვენმა ივანემ რომ განთიადისას არ მოგვიკვლიოს, ჩვეულებრივი სამი მანათი და გოზაური წითელი ღვინო ცოლ-შვილისთვის არ მიიღოს, განა ამას დაგვითმობს? და ან ჩვენ უნდა შევირჩინოთ?

II

პატარა ქვითკირის ოთახში, რომელსაც სამი კედელი ძალიან დანოტივებული აქვს და ფანჯრები ჩამოქცეული, ბუხრის წინ, ძველ ჭილობზედ სხედან შავებით ჩაცმული დედა და ხუთი შვილი. ბუხარში ორი მუგუზალი ძლივსა ბჟუტავს და ოდნავ ანათებს საშინელ სიგლახაკეს და სიცალიერეს ამ სადგურისას. დედა და შვილნი ჩუმად სხედან და რაღასაც მოელიან. აი, გაიღო კარი და ოთახში შემოვიდა ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი, ხელში უჭირავს პატარა თუნუქით სანავთე და ზურგზედ ჰკიდია მოკლე-მოკლედ დამტვრეული ხმელი შეშა.

— ოჰ, გიგლაჯან, მოხველ? აბა, რა მოგვიტანე? საჩქაროდ ჰკითხა დედამ შემოსულს და ფენზედ წამოხტა.

— აი, ერთი გირვანქა ნავთი და ეს ცოტაოდენი შეშა, სხვა ვერა ვიშოვე-რა, — ნაღვლიანად სთქვა გიგლამ და ცეცხლთან მიიხუხა.

— თაფლი, შვილო? არ მოგცა იმ ღვთის მტერმა მედუქნემ? მე კი, ი რაღაც ორი მუჭა ნიგოზი გამაჩნდა, კიდეც დავჭერი, მეგონა თაფლს მოგვიტანს და ბავშვებს გოზინაყს მოუხარშავ-მეთქი, — ამოოხვრით სთქვა საცოდავმა ნინომ.

— თაფლი არ იქნებაო, ასე მითხრა. თქვე ოხრებო, პური არა გაქვთ და თაფლს კი ნდომობთო? მერე ფული რომელი „სუმიდან“ უნდა მომცეთო?

— არ უთხარი, დედა პურს გამოგიცხობს, სარეცხს დაგირეცხავს-თქო?

— როგორ არ ვუთხარი, ბევრი ველიჯინე, მაგრამ როცა გამომიცხობს, თაფლს მაშინ მოგცემთო, დაცინვით მითხრა. ე შეშა კი ორღობეში მოვამტვრიე, ზოგი გამხმარი ტოტი იყო, ზოგიც სარი.

— დედა, მაშ რა ვქნათ, რა ვქნათ? ახალ წელიწადს არც ახალი ტანისამოსი, არც გოზინაყი, არც სასმელი, არც საჭმელი. ცარიელი ჭად-პურა ხომ დაგვეკვება? — ტირილით ეხვეოდნენ გარს შვილები ნინოს.

— საცოდავებო, დაგვეკვებებაო! თქვენ სიგლახაკე მაშინ დაგეკვებათ, როდესაც მამა მოგიკვდათ. აბა, მე რა გიშველოთ? რომელ წყალში გადავარდე ამ საშინელ ზამთარში? წავიდე, ქალბატონ დარიას ვსთხოვო? მაგრამ არა, არ შემიძლიან. განა თუ ლუკმას ვჭამთ, იმისაგან არა ვჭამთ? აი, ეს შავი კაბაც გუშინ იმან მიბოძა: „შე საცოდავო, ახალი ქვრივი ხარ და ფერადი კაბა გაცვიაო“. არა, არ შემიძლიან, ვეღარ შევაწუხებ. რაცა გვაქვს, იმითი უნდა მივეგებნეთ ახალ წელიწადს.

— მივეგებნეთ, იმისმა ვერანობამ ჩოხა-ქალამანი, თაფლი, ერბო, არაყი არ მოგვიტანოს. იმი რჯულიც დაიქცეს, ჰო, და, აი!–ტირილით სთქვა გიგლამ, რომელიც დაფხრეწილ და დასველებულ ღაზლის წინდებს ძლივს იძრობდა დამძრალის ფენებიდგან.

— სუ, შვილო, ღმერთს ნუ აწყენინებ. რაც იმის ნებაა, ის უნდა მოხდეს. აი, გაიზრდები, მკლავი გაგიმაგრდება და ოჯახს პატრონობას შენ გაუწევ; გაზაფხულზედ სამუშაოს იშოვი, მეც გავალ-გამოვალ, საქმეს მოვეკიდები რასმე და ღმერთი შეგვეწევა.

— იჰ, დედა, — ამოკვნესით სთქვა ძონძებში გახვეულმა ლიზამ, — მინამ გაზაფხული მოვა, ჩვენ შიმშილით ამოვწყდებით. რა არის, ი დალოცვილმა ღმერთმა ერთი ბეწვა ჩვენკენაც გადმოიხედოს!

ამ დროს კარებს უზარმაზარი ქვა მოხვდა და მთელი ოჯახი შიშის ზარმა მოიცვა: შვილები დედას მიეხვივნენ და ჟივილ-ხივილი დაიწყეს.

— სუ, სუ! რა დაგემართათ, რისა გეშინიანთ? იქნება კედლიდან ქვა გადმოვარდა, საშინელი ქარი ჰქრის. აბა, შვილო, გიგლა, ეს ჭრაქი მომინთე, კარში გავიხედოთ, ჯერ ადრეა, ქვეყანა ზეზეა, რისა გვეშინიან.

გიგლამ ჭრაქი აიღო, ნინომ — ვეებერთელა კეტი და კარში გავიდნენ. პატარები ერთმანერთს მიეკვრნენ და სულის სიმწარით ელოდნენ დედის დაბრუნებას.

— გიხაროდეთ, შვილებო, გიხაროდეთ! ჩვენთვინაც ახალი წელიწადი დგება; აბა, ნახეთ რა ღვთის მოწყალება ვიპოვნეთ. ამ სიტყვებთან ერთად ოთახში ძლივს შემოიტანეს გიგლამ და ნინომ უშველებელი კალათი; კალათში ეწყო სვიმონიძიანთ ყმაწვილების მოტანილი ნაბდის ქუდები, ჩუსტები, თბილი შალი, რამდენიმე არშინი ბანბაზე საკაბეებათ, ჩაი, შაქარი, ქილით თაფლი, ძველი დედალი, ღორის ბარკალი, ორი ბოთლი ღვინო და რამდენიმე „ბასილა“ და წითლად დაბრაწული ბედის კვერი.

ბავშვები სიხარულით გადაირივნენ: გულში იკრავდნენ ყველაფერს, ჰკოცნიდნენ საჩუქრებს, იცინოდნენ, სტიროდნენ აღტაცებით. ბიგლა ჩუსტებს იზომებდა, ლიზა — წითელ თავსახვევს, ვასონაბდის ქუდს..

— ღმერთო, მაცხოვარო. ეს რა გამოგვიჩინე, რა გვანუგეშე! — აღელვებული ამბობდა ნინო და ხელ-აპყრობილი ავედრებდა ზეცას თავის წვრილ"შვილის გამხარებელს.

ამ დროს დარია თავის ორის შვილით ნინოს ოთახის ფანჯარასთან იდგა და რაღაც განგებით ერთად-ერთ შერჩენილ შუშიდან უყურებდა ამ საცოდავების ბედნიერებას. მაშო და დათაც ჰხტოდნენ, იცინოდნენ ბავშვების სიხარულზე და მაშინ კი, როდესაც თვალ-ცრემლიანმა ნინომ ზეცად აღაპყრო ხელი, ამათაც თვალები ცრემლებით აევსოთ და მაგრა მიეკვრნენ თავიანთ კეთილ დედას.