![]() |
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან |
ფეიქრიშვილი ჟუჟუნა
ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან
მრავალფეროვან წყაროებზე დაყრდნობით მონოგრაფიაში
მოთხრობილია სახელოვანი ქართველი მამულიშვილების,
ცნობილი მრეწველ-კომერსანტებისა და სამაგალითო ქველმოქმედ-მეცენატების კათოლიკე
ზუბალაშვილების ერთი
შტოს საინტერესო მოღვაწეობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია; ეპოქის შესაბამისად
არის წარმოჩენილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგადი სურათიც.
ნაშრომი ერთხელ კიდევ შეახსენებს მკითხველს, რომ ნიჭიერებასთან ერთად
შრომისმოყვარეობა, მშობლიური ქვეყნისა და ხალხის უანგარო მსახურება ღვთით კურთხეული
მადლია, რომ ადამიანის სიცოცხლე სხვა არაფერია, „თუ არა საქმე კეთილი...“
რედაქტორი პროფ. მურმან პაპაშვილი
რეცენზენტები: ნანა ახობაძე, პროფ. ნუგზარ ბარდაველიძე
წიგნი გამოიცა ამიერკავკასიის ლათინური წესის
კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
© ჟ. ფეიქრიშვილი, 2011
გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011
თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, : 22 36 09, 8(99) 17 22 30
E–mail: universal@internet.ge
ISBN 9 789 9 41172748
![]() |
1 შინაარსი |
▲back to top |
შინაარსი
რედაქტორისაგან
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი
(რეცენზია) ავტორის წინათქმა
შესავალი
კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს
გენეალოგია
ზუბალაშვილების გვარის ისტორია (მოკლე
მიმოხილვა)
კათოლიკე ზუბალაშვილთა ერთი შტოს პირველი
წარმომადგენელნი (XVII-XVIIIსს.)
ზურაბ ზუბალაშვილი
გიორგი ზურაბის ძე ზუბალაშვილი
ივანე ზურაბის ძე ზუბალაშვილი
მიხეილ ივანეს ძე ზუბალაშვილი
ზაქარია მიხეილის ძე ზუბალაშვილი
გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი
იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილი
სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილი ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილი
კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი
პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დავით ივანეს ძე
ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი
დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი
ალექსანდრე ანტონის ძე ზუბალაშვილი
პავლე ანტონის ძე ზუბალაშვილი
ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი
ანასტასია დავითის ასული ზუბალაშვილი ზუბალაშვილთა
მეცენატობა-ქველმოქმედების
ზოგადი ნუსხა ლიტერატურა და წყაროები
ანოტირებული ბიბილიოგრაფია დანართი
ავტორის ბოლოთქმა ფოტოდოკუმენტური მასალა
![]() |
2 რედაქტორისაგან |
▲back to top |
რედაქტორისაგან პატივცემულო მკითხველებო, მოემზადეთ მეტად სასარგებლო
და სასიამოვნო წიგნის გასაცნობად. ემერიტუსი პროფესორის
ჟუჟუნა ფეიქრიშვილის მიერ შემოთავაზებული ნაშრომი „ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და
მეცენატობის სათავეებთან“ არ შეიცავს ვრცელ „მეცნიერულ“
პასაჟებს, მაგრამ იგი გვამაღლებს ავტორის მეცნიერული გააზრების
სიმაღლემდე და ლოგიკური კონსტრუქციით წარმოგვიდგენს
გამოჩენილ ქართველ კათოლიკე ზუბალაშვილთა
სახელოვანი გვარის ერთი შტოს საქმიანობის ისტორიას.
თანამედროვე წიგნიერი საზოგადოებისათვის ზუბალაშვილთა
სამეწარმეო, საქველმოქმედო, კულტურული თუ სხვა
საქმიანობის თითქმის სამასწლოვანი ისტორია ნაკლებადაა
ცნობილი. წარმოდგენილი ნაშრომი არა მხოლოდ ავსებს ამ
ხარვეზს, არამედ ერთბაშად გვამდიდრებს და სასიქადულო
მამულიშვილთა ნიჭი, მრავალფეროვანი კეთილი საქმე, მეცენატობა
სიამაყის გრძნობითაც გვავსებს. ამ წიგნის მიხედვით
სრულიად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზუბალაშვილებმა
პირველებმა დაუდეს სათავე საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო
საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით ავტორი მრავალფეროვანი
წყაროებისა და ლიტერატურის საფუძველზე
ქმნის ერთიან ქსოვილს ამ გვარის წარმომადგენელთა მრავალმხრივი
ეკონომიკური, სამრეწველო, კულტურული, საგანმანათლებლო
საქმიანობის შესახებ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ნაშრომი
შეუნელებელ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ თემით,
არამედ ავტორისეული მიზანდასახულობითა და სტილით.
კერძოდ, ამ სასიამოვნო წიგნით ნათლად ჩანს, რომ ქართველ
კათოლიკე ზუბალაშვილთა სავაჭრო-სამეწარმეო საქმიანობა მთლიანად ემსახურებოდა ეროვნული ეკონომიკის შექმნა-განვითარებას
და მასში რელიგიური აღმსარებლობა არასოდეს
არ წარმოადგენდა დამაბრკოლებელ გარემოებას. ჩვენი დროის
ეს გამოწვევა - ზუბალაშვილების ერთი შტოს საქმიანობის
ისტორიულ ჭრილში გააზრება დიდ პრაქტიკულ დანიშნულებას
იძენს. მისი გახსნა ავტორმა მეცნიერული გამოცდილებითა და გულდასმითი ანალიზით წარმატებით განახორციელა.
უფრო მეტიც, ქალბატონმა ჟუჟუნა ფეიქრიშვილმა სხვადასხვა
დროს, სხვადასხვა გარემოებაში ზუბალაშვილთა ბიოგრაფიული
დახასიათებითა და ამის ფონზე მათი მრავალფეროვანი
მოღვაწეობის წარმოჩენა-შეფასებით, თანამედროვე სახელდებით
რომ ვთქვა, ქართველ ბიზნესმენებს იმისი მაგალითი
დაუსახა, თუ რა დიდი როლი ენიჭება ღვაწლს, მეცენატობას,
ქველმოქმედებას როგორც ეროვნული ეკონომიკის
განვითარებაში, ისე ისტორიული მახსოვრობისათვის. ამ
თვალსაზრისით ეს წიგნი გვიმტკიცებს, რომ ისტორიის სამართალი
„ურმით დადის“ და ქველმოქმედ, კეთილი საქმის
მკეთებელ ბიზნესმენებს ისტორია არ დაივიწყებს.
დაბოლოს, წარმოდგენილი წიგნი საქართველოს სოციალური
ისტორიის უკეთ გაგებისათვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
იგი სიამაყის გრძნობით გვავსებს ჩვენი წინაპრების ნიჭისა
და ევროპელთათვის დამახასიათებელი მიზანდასახულობისა
და სხვა თვისებების იდენტობის გამო...
პაპაშვილი მურმან
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა
დოქტორი
![]() |
3 ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი |
▲back to top |
ბარდაველიძე ნუგზარ პროფესორი
ეროვნული მრეწველობა და ქართველი კათოლიკენი (რეცენზია)
ხშირად გვსმენია ჩვენს თანამემამულეთა მიერ გულისტკივილით
გამოთქმული წუხილი იმის შესახებ, რომ ქართველებს
მრეწველები არ გვყავდა, რომ მრეწველობა მხოლოდ
ჩვენი მეზობელი ეთნოსების ხელში იყო თავმოყრილი... და
სხვა ამგვარი სტერეოტიპული ციტატები, რომლებსაც ძირითადად გამოთქვამენ ქართული მრეწველობის ისტორიაში
სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანები.
სამწუხაროდ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაც დუმდა ქართველ მრეწველებზე, თითქოს ისინი საერთოდაც არ არსებულიყვნენ,
მეტიც: ათეული წლების მანძილზე მავანნი ნერგავდნენ
აზრს, რომ თბილისი აშენებულია არაქართველთა მიერ...
ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩვენი
საზოგადოებისათვის ძირითადად უცნობი იყო საერთოდ
ქართველ მრეწველთა, კერძოდ, ზუბალაშვილების დიდი საგვარეულოს
წარმომადგენელთა შრომა-საქმიანობა, მათ მიერ
აგებული მრავალრიცხოვანი ნაგებობის ისტორია.
საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელი პოლიტიკური რეჟიმის მოთხოვნის მიხედვით ზუბალაშვილებს სამმაგი ტაბუ
ედოთ: პირველი, ცხადია, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან
გავლენიანი მრეწველები იყვნენ; მეორეც, იმიტომ, რომ მათი
დიდი ოჯახის ზოგი წევრი ემიგრაციაში მოღვაწეობდა; მესამე, იმიტომ, რომ გამორჩეულად მორწმუნეები, ეკლესიის მაშენებლები და თანაც კათოლიკური მრწამსის ქრისტიანები
იყვნენ; კომუნისტებს კი ყველა მორწმუნეზე მეტად კათოლიკენი
აღიზიანებდათ.
... და იდგა თბილისის ძველ უბნებში არქიტექტურითა
და საზოგადოებრივი ფუნქციით გამორჩეული მრავალი ნაგებობა,
რომლებიც თბილისის იერსახეს ქმნიდნენ და ახლაც
გასული საუკუნის ძეგლებს წარმოადგენენ. როცა ხედავ თბილისის
მშვენებად ქცეულ საჯარო დანიშნულების შენობებს,
სადაც განთავსებულია მწერალთა კავშირი, ხელოვნების სახელმწიფო
მუზეუმი, მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული
თეატრი, ყოფილი იუსტიციის სამინისტრო, უზენაესი სასამართლო
და ა. შ. როგორ უნდა დაიჯერო, რომ საუკუნეების
მანძილზე საქართველოში მრეწველობა მხოლოდ უცხოთა
ხელში იყო.
სიმართლე კი სულ სხვაა: XIX-XX საუკუნეებში რუსული
ცარიზმისა და რუსული ბოლშევიზმის ბატონობის დროს კოლონიური
ხელისუფლება ცდილობდა მთელი მონდომებით
დაემტკიცებინა, რომ ქართველები არასრულფასოვანი ერია
და, თუ არა რუსეთის იმპერია, ირანი და ოსმალეთი მთლიანად
მოსპობდა საქართველოს; ან: როგორ შეიძლება დამოუკიდებლობაზე
იოცნებოს ერმა, თუ მას ეროვნული მრეწველობა
არასოდეს არ ჰქონია. ამგვარი მითებით აყალიბებდნენ
აზრს ქართველთა სხვაზე დამოკიდებულების შესახებ.
საბედნიეროდ, ის საგანძური (მატერიალური თუ სულიერი),
რაც ქართველმა მრეწველებმა საუკუნეების მანძილზე
თავიანთი ქვეყნისათვის შექმნეს, და მათი ადამიანური ღვაწლი
დაფარული არ დარჩენილა. როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა
მოიპოვა, თავისი ისტორიის სრულყოფისთვისაც
მოიცალა. ცნობილი ქართველი მრეწველების სახელები გასული
საუკუნის 90-იანი წლებიდან საჯარო გახდა. როდესაც
ეცნობი ქართველ მრეწველთა, კერძოდ კი, ზუბალაშვილთა
შესახებ გამოქვეყნებულ მასალებს, მათს ნიჭიერებასა და გაზუბალაშვილები
ბედულებასთან ერთად თვალში გხვდება გამორჩეული თვისება
და ღირსება საზოგადოების მიმართ ქველმოქმედების გაწევის
უსაზღვრო სურვილისა. ეს თვისება მართლაც გამოარჩევს ზუბალაშვილებს მათი თანამედროვე სხვა დანარჩენი
მრეწველებისაგან.
სიმდიდრე მხოლოდ მაშინ არის ზნეობრივი, როცა
ქველმოქმედება შენი ცხოვრების წესია და როდესაც განურჩევლად ყველას, ვინც კი საჭიროებს თანადგომას, უანგაროდ
ეხმარები. მსგავსი მოწყალების აუცილებლობაზე ქრისტიანობა
და სხვა რელიგიებიც მოგვიწოდებენ, მაგრამ ამ მოთხოვნათა
განსახორციელებლად ყველა როდი ვართ გახსნილები...
თავად დროებამ დააყენა მოთხოვნა, რომ ქართული
მრეწველობის სათავეებთან მდგომი ზუბალაშვილების საგვარეულოს
ისტორია მომავალი თაობებისათვის შემოენახა, როგორც
მისაბაძი მაგალითი მამულიშვილობისა და ჭეშმარიტი
ქრისტიანული ქველმოქმედებისა. მართალია, ზუბალაშვილებზე
ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მრავალი სტატია გამოქვეყნდა,
მაგრამ, ცხადია, ცალკეულ პუბლიკაციებში შეუძლებელი
იქნებოდა ამ გვარის სახელოვან წარმომადგენელთა
მთელი ამაგის სრულყოფილი წარმოჩენა.
პროფესორ ჟუჟუნა ფეიქრიშვიის მართლაც
უდიდესი მონდომებისა და მკვლევარისათვის დამახასიათებელი
დაუღალავი ძიების წყალობით ქართველმა მკითხველმა
მიიღო შესანიშნავი საჩუქარი - წიგნი „ზუბალაშვილები ეროვნული
მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან„. მასში
თავმოყრილია კათოლიკე ზუბალაშვილების ერთი შტოს სამსაუკუნოვანი
ისტორია. ნაშრომის ავტორი XVIII საუკუნიდან
იწყებს ზუბალაშვილთა გვარის სხვადასხვა შტოს ამბავთა
თხრობას; სხარტი, ლაკონური ენით აცოცხლებს ამ საგვარეულოს
წარმომადგენელთა საქმიანობის მნიშვნელოვან დეტალებს;
ეს ყველაფერი ვითარდება ქვეყნის რეალური ყოფის
ფონზე. აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ავტორი არ
ისაზღვრება ზუბალაშვილთა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური, სქემატური პორტრეტის დახატვით, არამედ არსებული
ფაქტობრივი მასალის საფუძველზე ცდილობს მკითხველს მიაწოდოს
ამ გვარის სხვადასხვა წევრის შეულამაზებელი სურათი
(ამ ასპექტით განსაკუთრებით ფასეულია წიგნის ბოლოს
დართული ანოტირებული ბიბლიოგრაფია). წიგნი არა
მარტო ერთი საგვარეულოს წარმომადგენელთა ცხოვრებას
აცოცხლებს, არამედ მთელი ეპოქის სურათსაც აღადგენს და,
რაც მთავარია, მკითხველს უბიძგებს ფიქრისაკენ ქველმოქმედების
მოთხოვნილების შესახებ.
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ საჩუქრის მიღებაზე უფრო
მეტად ადამიანს საჩუქრის გაცემა ანიჭებს სიამოვნებას.
როცა ეცნობი ერთ წიგნად თავმოყრილ ზუბალაშვილების
საგვარეულოს შესახებ შეკრებილ მასალებს, კიდევ ერთხელ
ჩნდება რიტორიკული კითხვა: რა უფრო მეტ სიამოვნებას
ანიჭებს ადამიანს - ფულის შოვნა, თუ ამ ფულით ქველმოქმედების
კეთება? ვინც წარმოდგენილ წიგნს ცალი თვალით
მაინც გადახედავს, ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ზუბალაშვილებმა
თავიანთი ცხოვრებითა და საქმიანობით წარმოგვიდგინეს
პასუხი კითხვებზე: თუ რა არის ადამიანის
ცხოვრების მთავარი მიზანი, ან ვის რაში უნდა მიჰბაძო.
მართლაც, სადაც კი ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ
ზუბალაშვილები - საქართველოში, რუსეთსა თუ საფრანგეთში,
აგრეთვე ბაქოში - ყველგან დატოვეს სახელი გამორჩეული
ადამიანისა, რომლისთვისაც ქველმოქმედება ცხოვრების წესია.
და როდესაც კითხულობ ქალბატონ ჟუჟუნა ფეიქრიშვილის
მონოგრაფიას ზუბალაშვილების დინასტიის შესახებ,
გიჩნდება სურვილი, ამ სახელოვანი ქველმოქმედი ადამიანების
მსგავსად თესო სიკეთე.
P.S. ქალბატონ ჟ. ფეიქრიშვილის მონდომება იმითაც
არის აღნიშვნის ღირსი, რომ ეროვნული მრეწველობის ისტორია
ჯეროვნად არ არის შესწავლილი და თეთრი ლაქებითაა
მოცული. ზუბალაშვილების მსგავსად სხვა ქართველი მრეწზუბალაშვილები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე
იყო და ეს ფაქტი სრულიად ობიექტური მიზეზებით არის
განპირობებული, ელიან მათი ისტორიების გამოცემას. და ეს
კვლევები არც კონფესიური თვალსაზრისით ან სხვა რაიმე
მოსაზრებით კი არ არის აუცილებელი, არამედ ისტორიული
სინამდვილის დასამტკიცებლად, რომ ქართველები მსგავსად
სამხედრო ან კულტურულ-სამეცნიერო სფეროებისა, მრეწველობაშიც
ტოლს არ უდებდნენ არავის და, თუ ჩვენმა ქვეყანამ
მოაღწია XXI საუკუნემდე, ამაში ქართული მრეწველობის
ლომის წილია დავანებული.
![]() |
4 ავტორის წინათქმა |
▲back to top |
ავტორის წინათქმა
ქართველი კათოლიკე ზუბალაშვილების სახელოვანი
გვარის ერთი შტოს წარმომადგენელთა ცხოვრება-საქმიანობის
უფრო ღრმად გაცნობამ ერთხელ კიდევ დაგვარწმუნა
ქართული გენის სიძლიერეში და იმაშიც, რომ ყოველი კულტურული
ერის წინსვლა-განვითარება წარმოუდგენელია მისი
წარსული მემკვიდრეობის გათვალისწინების გარეშე...
და რაოდენ დასანანია, რომ გარკვეული პოლიტიკური
თუ სხვა მიზეზების გამო თანამედროვე საზოგადოებამ, განსაკუთრებით,
ახალგაზრდობამ, ძალიან ცოტა ან თითქმის
არაფერი იცის ამ მართლაც სასიქადულო მამულიშვილების,
ჭეშმარიტი ერისკაცების სანიმუშო საქმიანობის, მათი დიდსულოვნებისა
და კათილშობილების შესახებ, მაშინ როცა წინა
საუკუნეების პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ინტელიგენცია,
ვისაც გული შესტკიოდა სამშობლოზე, მოყვასზე, მაღალ შეფასებას აძლევდა ზუბალაშვილთა თაობების ღვაწლს;
აღიარებდნენ მათს უდიდეს დამსახურებას ქვეყნისა და ერის
წინაშე და ქართველთათვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნევდნენ
არა მხოლოდ მათ მიერ გაწეულ ფართომასშტაბიან ქველმოქმედებას,
არამედ გააზრებულ, გონივრულ საქმიანობას საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ვფიქრობთ, დღეს კიდევ უფრო სასურველია (და აუცილებელიც!)
ზუბალაშვილთა ცხოვრებითაც ჩვენი თანამედროვეობა
ახლოს გაეცნოს წარსულ მემკვიდრეობას და ისიც კარგად
გაითავისოს, რომ ადამიანმა საქმით, ღირსებით უნდა
დაადასტუროს მშობელი ქვეყნისა და ერის სიყვარული, რომელიც
არ იზომება არც რელიგიური აღმსარებლობით და
არც ყალბი პათეტიკით ქართველობაზე...
სამწუხაროდ, ამ ბოლო ათწლეულში არასასიამოვნო რეალობის
წინაშე აღმოვჩნდით: მავანთა და მავანთა პირადი ინტერესებისა
თუ „პატარაკაცობის“ გამო ჩვენში ზოგჯერ ერთმანეთს უპირისპირებენ რელიგიურ აღმსარებლობასა და
ეროვნულობას. ამიტომ არცთუ იშვიათად ხმამაღლა გაისმის
ფრაზები: „მხოლოდ მართლმადიდებელია ქართველი“, „ვინც
არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“... გულსატკენია,
რომ ასეთმა „უბირმა მორწმუნეებმა“ არ იციან საქართველოს
ჭეშმარიტი ისტორია და არც ის, რომ ადრექრისტიანული
ხანიდან მოყოლებული საქართველოში კათოლიკე
ეკლესია არასოდეს არ ყოფილა ანტიეროვნული; პირიქით,
საქვეყნოდაა აღიარებული უცხოელი კათოლიკე მისიონერების
უდიდესი ღვაწლი ქართული კულტურის ისტორიაში... და
მეორეც, ვის შეუძლია ეჭვი შეიტანოს კათოლიკეების: პეტრე
ხარისჭირაშვილის, ივანე გვარამაძის (ვინმე მესხი), მიხეილ თამარაშვილის,
ზაქარია ფალიაშვილის, პეტრე მელიქიშვილის, მიხეილ
თარხნიშვილის, ზუბალაშვილების, ოცხელების, კოკოჩაშვილების,
ყაუხჩიშვილების, ხეჩინაშვილების, თუმანიშვილების,
უმიკაშვილების, ბეთანელების, გოკიელების, მიზანდარების, პოლოლიკაშვილების,
დები იშხნელებისა და სხვათა ქართველობაში,
მათს განსწავლულობაში, ეროვნული საქმეების მსახურებაში,
ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარულში?!
ღმერთმა ამრავლოს ზუბალაშვილთა მსგავსი ქართველები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები, ნიჭიერი, საქმიანი
ადამიანები, რომელთა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო პატიოსანი შრომა, რწმენის ერთგულება
და უსაზღვრო ქველმოქმედება .
მართალია, ზუბალაშვილების სიცოცხლეშივე ამ გვარის
წარმომადგენელთა საქმიანობასა და ქველმოქმედებაზე იბეჭდებოდა
ბევრი საინტერესო ინფორმაცია, იწერებოდა ნარკვევები,
წიგნები, მაგრამ 1920-იანი წლებიდან ახალი პოლიტიკური
რეჟიმის გამო ერთგვარი ტაბუ დაედო საბჭოური პოზიციით
„ხალხის მტრებად“ გამოცხადებული ქართველი მსხვილი
მრეწველების, ვაჭარ-კომერსანტების, ცნობილი მეცენატების
ხსენებას, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ზუბალაშვილებისა და მათი მსგავსი ერისკაცების ღვაწლის მივიწყებას
საბჭოთა რესპუბლიკის პერიოდის ქართულ სინამდვილეში,
ახალი თაობების ქართველთა ცნობიერებაში. გარდა
ამისა, ამ გაუმართლებელ ტენდენციას ჩვენს შემთხვევაში
ისიც აძლიერებდა, რომ ზუბალაშვილთა გვარის ერთ შტოს,
რომელიც წინა საუკუნეებში გამოირჩეოდა მრავალშვილიანობით
(მრავალვაჟიანობით), XX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში
თითქმის აღარ დარჩა მემკვიდრე: ზოგი შეეწირა
სისხლიან 1937 წელს, ზოგმა კი რეპრესიების გამო თავი
შეაფარა უცხოეთს და იქვე აღესრულა; ამავე მიზეზით, ცხადია,
სამშობლოში დაბრუნებას ვეღარ გაბედავდნენ ის ზუბალაშვილები,
რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ საბჭოთა
ხელისუფლების დამყარებამდე, რის გამოც ევროპის ქვეყნებში მიმოფანტული ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის შთამომავლები
საბოლოოდ უცნობნი დარჩნენ მშობლიური კუთხისათვის.
და ასეთ პირობებში, ათეული წლების მანძილზე (გასული
საუკუნის 90-იან წლებამდე), ბუნებრივია, ბევრი აღარაფერი
დაიწერებოდა ფართო მკითხველისათვის ზუბალაშვილთა შესახებ, მაგრამ, საბედნიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების
შეცვლის შემდეგ ჩვენშიც გახდა შესაძლებელი საუბარი ე.წ.
ტაბუდადებულ თემებზე. ქართული პრესა, ქვეყნის ახალი
სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, უფრო
დაინტერესდა წარსული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში
გადმოტანით, მისი დადებითი მომენტების ფართო პოპულარიზაციით
და ა.შ. ყოველივე ამან განაპირობა საგანგებო ინტერესი
ზუბალაშვილების სახელოვანი თაობების მიმართაც.
მათ შესახებ ბოლო ათწლეულებში დაიწერა არაერთი პუბლიკაცია,
რომლებიც გაბნეულია დღევანდელი ქართული პრესის
ზღვაში (და ამის გამოც მათი თავმოყრა და ერთიანობაში აღქმა
დაინტერესებული მკითხველისათვის ერთობ ძნელი გახდა!).
აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ქართველი
მსხვილი ვაჭარ-მრეწველებისა თუ მეცენატების შესახებ საბჭოთა პერიოდამდე დაბეჭდილი პუბლიკაციები, უკვე საარქივო
მასალად ქცეული, დღეს ნაკლებხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ზუბალაშვილებთან
დაკავშირებით არსებული წერილობითი მასალა თუ
ზეპირი ინფორმაციებიც კი შეგვეკრიბა, შეგვეჯერებინა და
ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ერთ წიგნად წარგვედგინა
მკითხველისათვის.
ნაშრომი ემყარება სხვადასხვა წყაროს: სპეციალურ წიგნებს,
ცალკეულ სამეცნიერო გამოკვლევებს; XIX-XX საუკუნეებისა
და თანამედროვე ქართული პერიოდული პრესის მასალებს,
თბილისის მუზეუმებში დაცულ საარქივო ინფორმაციებს,
ხელნაწერებსა და სხვა სახის დოკუმენტებს (იხ. ლიტერატურის
სია). პირველ ყოვლისა, მუშაობაში დიდი სამსახური
გაგვიწია ზაქარია ჭიჭინაძის საგაზეთო სტატიებმა თუ წიგნებმა (მოიცავს
დაახლოებით 1910 წლებამდე პერიოდს). ასევე უდიდესი მადლიერებით მოვიხსენიებთ
ზუბალაშვილთა გვარის უკანასკნელ შთამომავალს, აწ გარდაცვლილ ქალბატონს - ანასტასია დავითის ასულ ზუბალაშვილს, რომელიც
თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შესაშური შემართებით იცავდა სახელოვანი წინაპრების ღირსებას, რუდუნებითა
და სიყვარულით აგროვებდა მამა-პაპათა ცხოვრებამოღვაწეობის
ამსახველ პუბლიკაციებს ქართული თუ რუსული
ჟურნალ-გაზეთებიდან... ზოგიერთ მათგანს ავსებდა და
აზუსტებდა კიდეც საკუთარი მოგონებებით (ეს მასალები ამჟამად ინახება თბილისის ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების
(ამაღლების) კათოლიკური ეკლესიის არქივში).
მადლობას ვუხდით აგრეთვე ბავშვთა I და ქალაქის I
კლინიკური საავადმყოფოების თანამშრომლებს გულისხმიერებისა
და თანადგომისათვის, განსაკუთრებით კი ექიმ ნოე
ლეჟავას საინტერესო ინფორმაციებისა და სხვა საგულისხმო
მასალების მოწოდებისათვის, აგრეთვე, მისი იმ დიდი სურვილისათვის,
რომ, ერთი მხრივ, თანამედროვეობამ არ დაივიწყოს
სახელოვანი ერისკაცების - ზუბალაშვილების ღვაწლი
და, მეორე მხრივ, ჩვენი საზოგადოებაც უფრო ყურადღებით
მოეკიდოს ეროვნული ღირსების დაცვას, კრიტიკულად შეხედოს
ყალბ ავტორიტეტებს და თავადაც იზრუნოს ჭეშმარიტების
აღსადგენად.
ჩვენი წიგნის პერსონაჟები კათოლიკე ზურაბ ზუბალაშვილის
(1640-1737 წწ.) შთამომავლები არიან. ამიტომაც ამ
შტოს გენეალოგიას ვიწყებთ ზურაბით (პირობითად - პირველი
თაობა), მეორე თაობად ვთვლით მის მემკვიდრეს გიორგის (1694-1771 წწ.), რომლის შვილები, შვილიშვილები და
შვილთაშვილები აგრძელებენ გვარს, შესაბამისად, ცვლიან
თაობებს და თავიანთი საქმიანობით მეტ-ნაკლებად განსხვავებულ
კვალს ტოვებენ მშობლიური ქვეყნის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.
ცხადია, ერთ წიგნში ყველა მათგანზე (7 თაობის მრავალრიცხოვან
წარმომადგენელზე) დაწვრილებით ვერ ვისაუბრებთ.
ამჯერად გამოვყოფთ მხოლოდ ისეთებს, რომლებმაც
გამორჩეული ნიჭიერებით, განათლება-კულტურით, მოღვაწეობით,
ეროვნულ საქმეებზე ზრუნვითა და უდიდესი მეცენატობაქველმოქმედებით თვალსაჩინო ადგილი დაიმკვიდრეს
საქართველოს ისტორიაში.
წიგნის დასაწყისში მკითხველი ზოგადად გაეცნობა ზუბალაშვილების
გვარის ისტორიის მოკლე მიმოხილვასა და
XVII-XVIII საუკუნეებში მცხოვრებ კათოლიკე ზუბალაშვილთა
ამ შტოს ზოგიერთ წარმომადგენელს, ნაშრომის ძირითადი
ნაწილი კი ეძღვნება მესამე და მომდევნო ოთხი თაობის ზუბალაშვილთა
შედარებით ვრცელ დახასიათებას. ამ ნაწილში
თხრობას ვიწყებთ ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილით (III თაობა),
შემდეგ კი, ცალკეული ქვეთავების მიხედვით, წარმოდგენილია
ივანეს თითოეული ვაჟის (და იქვე მათივე მემკვიდრეების)
ცხოვრება-საქმიანობა.
პოპულარული ხასიათის გამო ნაშრომის ძირითადი ტექსტი,
იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ გადავტვირთეთ დამოწმებული
ლიტერატურისა და წყაროების დასახელებით,
თუმცა ზოგჯერ მეტი ინფორმაციისათვის გვერდი ვერ ავუარეთ
სქოლიოების მნიშვნელობით გამოყენებულ შენიშვნებს.
გარდა ამისა, რომ უფრო სრულყოფილად წარმოგვეჩინა
ზუბალაშვილთა ცხოვრება-საქმიანობისა და ქველმოქმედების
მრავალფეროვანი ასპექტები, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ,დამოწმებული წყაროების გვერდით ცალკე შეგვეტანა იმდროინდელი
პრესის მასალების ანოტირებული ბიბლიოგრაფიაც.
წიგნს არა აქვს სისრულის პრეტენზია და ეს ბუნებრივიცაა:
ზუბალაშვილებს იმდენად საინტერესო ცხოვრება და
მართლაც უსაზღვრო მოწყალების გაღების სურვილი ჰქონიათ,
რომ წერილობითი სახით მათი გამოწვლილვითი აღწერა
მაშინაც ვერ მოხერხდებოდა, მით უმეტეს, როცა თავად ზუბალაშვილებს
არ ახასიათებდათ თავისმოწონება ქველმოქმედების
გამო... მიუხედავად ჩვენი დიდი სიფრთხილისა, ვერ
ვიქნებით დაზღვეული ზოგიერთი უზუსტობისაგან, თუნდაც
იმის გამო, რომ თვითონ წყაროებში ესა თუ ის ფაქტი (მოვლენა)
ზოგჯერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი და საბოლოო
სიზუსტის დადგენა გაძნელდა (ამიტომაც ხანდახან ვიშველიებდით
პარალელურ ვერსიებსაც).
ალბათ, წიგნში ვერ მოხვდა ზუბალაშვილთა შესახებ არსებული
სხვა საგულისხმო ინფორმაციებიც, მაგრამ ვიმედოვნებთ,
რომ კვლავაც ბევრი დაიწერება ამ ღირსეული მამულიშვილების
მოღვაწეობაზე და ახალ-ახალი საინტერესო ფურცლებით
შეივსება მათი ცხოვრების მატიანე, რომლის ერთერთ
სანდო წყაროდ გვესახება ეს წიგნიც - ადრესატების მიმართ
ჩვენი მადლიერებისა და მოკრძალების გამომხატველი.
P.S. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ხელი შეუწყო
ამ წიგნის შექმნასა და გამოცემას.
![]() |
5 ზუბალაშვილი ლევან კონსტანტინეს ძე |
▲back to top |
ლევან ზუბალაშვილი დაიბადა 1851 (სხვა ვერსიით: 1852) წელს თბილისში. იზრდებოდა ქუთაისში პაპის თავ. მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. აქვე მიიღო პირველდაწყებითი განათლება, 1866-1870 წლებში სწავლობდა ოდესის ავგუსტ კნერის კერძო კლასიკურ გიმნაზიაში. უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა მოსკოვში.
ლევანს ახალგაზრდობიდანვე უყვარდა მოგზაურობა, დადიოდა ევროპის სხვადასხვა ქალაქში,
განსაკუთრებით ხშირად იყო მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. ბოლოს ძირითად
საცხოვრებლად აირჩია მოსკოვი.
ცნობილია, რომ 1870-იანი წლებიდან კონსტანტინე ზუბალაშვილის ნავთობის მრეწველობა
ბაქოში თანდათან ძლიერდებოდა და ფართომასშტაბიანი ხდებოდა არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ მთელს რუსეთშიც. ამ დროისათვის ზუბალაშვილები მოსკოვში უკვე
ცნობილი იყვნენ, როგორც მსხვილი ნავთობმრეწველები, რომლებსაც თავიანთი კომერციული
საქმიანობით მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო
კომპანიებში. ბაქოს სათავო წარმოებას თავისი კანტორა ჰქონდა მოსკოვშიც. მას
ხელმძღვანელობდა ლევან კონსტანტინეს ძე (როგორც ზუბალაშვილთა ქონების ერთ-ერთი
მეპატრონე მემკვიდრე). ლევანი ამავე დროს იყო მოსკოვში სადაზღვევო საზოგადოების -„Якорь“ის დირექტორი. ამ საქმიანობამ იგი მალე დააკავშირა მოსკოვის
ცნობილ მრეწველ-კომერსანტებს და საბოლოოდ აქცია მოსკოვის ერთ-ერთ წარჩინებულ
მოქალაქედ, უმდიდრეს მრეწველად, სახელგანთქმულ კოლექციონერად და გამორჩეულ ქველმოქმედად. ლევანი გახლდათ მოსკოვის საპატიო მოქალაქე.
1881 წელს ლევან ზუბალაშვილმა ცოლად შეირთო იულია ლევანის ასული კატუარი (ფრანგული
წარმოშობისა) მოსკოვის ცნობილი მრეწველის ქალიშვილი (იულიას მამა და ძმები
მოსკოვში ფლობდნენ სავაჭრო სახლს„Катуар и синовья“). ლევანსა და იულიას
შეეძინათ ორი შვილი: ალექსანდრე და მარია ელიზავეტა (ალექსანდრე მალე გარდაიცვალა,
ქალიშვილის ბედი კი საბოლოოდ უცნობი დარჩა ნათესავებისათვის საქართველოში).
მოგვიანებით, იულიას გარდაცვალების შემდეგ, ლევანი მეორედ დაქორწინდა ოლგა ივანეს
ასულ ტრაპეზნიკოვაზე (რომლის მამა იყო შალის მრეწველობის კომერციის მრჩეველი,
მდიდარი და საქმიანი პიროვნება), მაგრამ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.
6 წლის შემდეგ, 1914 წლის 6 დეკემბერს გარდაიცვალა ლევან ზუბალაშვილი. დაკრძალეს
მოსკოვში, სკორბიაშენსკის მონასტერში, ნოვოსლობოდსკოის ქუჩაზე (სამწუხაროდ,
დღეისათვის ლევანის საფლავის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს, რადგან საბჭოთა
ხელისუფლებამ იმ ადგილზე პარკი გააკეთა და საფლავებიც განადგურდა).
ლ. კ. ზუბალაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისი იყო ქართველი ხალხისათვის,
ინტელიგენციისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. იმ დღეებში უამრავი
სამგლოვიარო განცხადება გამოქვეყნდა ქართულ პრესაშიც. ერთხელ კიდევ აღინიშნა
მადლიერებით სახელოვანი მამულიშვილის მოღვაწეობისა თუ გულუხვი ქველმოქმედების შესახებ. პანაშვიდები გაიმართა სახალხო სახლში, ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში,
ქართველ კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში და ა. შ. ამასთან დაკავშირებით
წარმოვადგენთ მაშინდელი პრესის მასალებიდან მოკლე ამონარიდებს:
1.„ქალაქის საბჭომ... გამგეობის წინადადებით დაადგინა: 1) სამძიმარი გამოეცხადოს
ოჯახის წევრებს...“ 2) ეთხოვოს მოსკოვის ქალაქის მოურავს ჩელნიკოვს დამარხვის დღეს
იკისროს წარმომადგენლობა ტფილისის ქალაქის თვითმმართველობისა და განსვენებულის კუბო შეამკოს ვერცხლის გვირგვინით შემდეგი წარწერით:„ტფილისის საპატიო მოქალაქეს და უხვ ქველმოქმედს ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილს ქალაქ ტფილისისაგან“... 4) პანაშვიდები გადახდილ იქნას სახალხო სახლში,
ბავშვთა საავადმყოფოში... 6) 9 დეკემბერს სახალხო სახლი დაკეტილ იქნას ნიშნად
გლოვისა; 7) კავკასიის მომავალ საპოლიტეხნიკუმო ინსტიტუტში დაარსდეს 600
მანეთიანი სტიპენდია ლევან კონსტანტინეს ძის სახელზე; 8) განსვენებულის სურათი
დაიკიდოს სახალხო სახლში...“ (სახ. ფურც., 1914, 10 დეკ.).
2. ქ.შ.წ.კ.გ. საზოგადოებამ საგანგებო კრებაზე დაადგინა: ... 3) გვირგვინის
ნაცვლად წიგნები შეეწიროს სახალხო ბიბლიოთეკებს; 4) დააარსოს ტფილისის გუბერნიაში
განსვენებულის სახელზე ერთი ბიბლიოთეკა და ერთი სკოლა; 5) დაჰკიდოს განსვენებულის
სურათები წ.კ.გ. საზოგადოების კანცელარიაში და საზოგადოების ეროვნულ მუზეუმში“
(სახ. ფურც., 1914, 11 დეკ.). ლევანსა და ოლგას ჰყავდათ ერთი შვილი ლევან ლევანის ძე. ოლგა პირველ ხანებში,
ანდერძის თანახმად, აგრძელებდა მეუღლის საქველმოქმედო საქმეებს, მაგრამ ოქტომ- ბრის რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ზუბალაშვილებს მთელი ქონება
ჩამოართვა და„ხალხის საკუთრებად“ გამოაცხადა. სამწუხაროდ, ოლგაც მალე (1918 წ.)
გარდაიცვალა და იმხანად შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო თბილისელმა
ნათესავებმა ვეღარაფერი გაიგეს ლევან კონსტანტინეს ძის მემკვიდრეების შემდგომი
ცხოვრების შესახებ. სავარაუდოა, რომ მათ, როგორც ემიგრანტებმა, 1919 წელს უცხოეთს
შეაფარეს თავი.
ლევან ზუბალაშვილი იყო განათლებული პიროვნება, ჭკვიანი მრეწველი, მეტად საქმიანი.
ბაქოს ნავთობის სარეწებიდან მემკვიდრეობითი წილითა და საკუთარი კომერციით იგი
გახდა დიდი კაპიტალის მფლობელი, მილიონერი კომერსანტი. ყოველივე ამის წყალობით
ჰქონდა შესაძლებლობა ეცხოვრა სასახლეებში, დამტკბარიყო ხელოვნების ნიმუშებით და,
რაც მთავარია, გამხდარიყო დიდი ქველმოქმედი არა მარტო საქართველოში, არამედ
მოსკოვშიც, რუსეთშიც.
ლევანს მოსკოვში, კრემლის ახლოს, ჰქონდა დიდებული სასახლე შესანიშნავი ბაღით.
ორსართულიანი შენობა ააგო ცნობილმა არქიტექტორმა ვიშნევსკიმ, ინტერიერზე ზრუნავდა
თვით შეხტელი. ლევანმა თავისი უძვირფასესი კოლექცია მოათავსა ამ სახლის ვრცელ
დარბაზებში, ანუ, თანამედროვეთა შეფასებით,„ალიბაბას ზღაპრულ გამოქვაბულში“.
სახლის იატაკი დაფარული იყო ძველი აღმოსავლური ნოხებითა და ფარდაგებით, კედლები
კი გობელენებით, რომელთა შორის ეკიდა XVIII საუკუნის იშვიათი ნივთები. დარბაზებში
იდგა გადასადგმელი პატარა ფრანგული სავარძლები (სადაც შეიძლებოდა ადამიანი ნახევრად
მიწოლილი მჯდარიყო).
გარდა ამისა, ლევანმა მოსკოვის ახლოს, სოფელ უსოვოში, სააგარაკოდ შეისყიდა
საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია, რომელსაც შემოავლო დიდი გალავანი უზარმაზარი ალაყაფის კარებით. იქ ააშენა ორი ერთნაირი სახლი (სასახლე): ერთში თვითონ ცხოვრობდა,
მეორე კი განკუთვნილი იყო სტუმრებისათვის.
XVIII საუკუნის ფრანგული სასახლეების სტილით ნაგები სააგარაკო სახლების კედლებიც
დაფარული იყო ფრანგული გობელენებითა და ცნობილი მხატვრების სურათებით. სახლების წინ იდგა მარმარილოს
ქანდაკებები (იტალიელი ოსტატების ნამუშევრები), რომელთაგან ლევანს განსაკუთრებით
მოსწონდა თურმე ერთ-ერთი სახლის აივანზე მდგარი ძაღლის მოზრდილი სტატუეტი.
აგარაკს იმთავითვე ეწოდებოდა„ზუბალოვო“. მას ამშვენებდა დიდი პარკი, ლამაზი
ბაღი. იქვე იყო ორანჟერეა, სათბურები, სათამაშო მოედნები, ცხენების თავლა (მრავლად
ჰყოლია სხვადასხვა ჯიშის ცხენი); ჰქონია ეტლების, კარეტების, კაბრიოლეტების
ეკიპაჟების კოლექციაც, ცალ-ცალკე მოთავსებული სპეციალურ ფარდულებში (ეს იყო თურმე
ლევანის განსაკუთრებული გატაცება).
სამწუხაროდ, ლევანის გარდაცვალების შემდეგ სხვაგვარად წარიმართა მოსკოვის
სასახლისა და„ზუბალოვოს“ ბედი. საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამოართვა მეპატრონეს მოსკოვის სახლი (მოახდინა„ბურჟუის“ კონფისკაცია), ხოლო
“ზუბალოვოში“ I მსოფლიო ომის დროს ერთ სახლში განთავსებული იყო ჰოსპიტალი 1918
წლამდე. 1919 წლიდან აგარაკს გამოუჩნდნენ ახალი მფლობელები: ერთი სახლი დაიკავა
სტალინის ოჯახმა, მეორე კი მიქოიანისამ (სხვა ცნობით, მიქოიანი და ვოროშილოვი
ერთად ფლობდნენ სასახლესო).
სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას მოგონების მიხედვით, სტალინის ოჯახი ამ
აგარაკზე ცხოვრობდა 1952 წლამდე (თუმცა სტალინის მოთხოვნით შენობიდან თავიდანვე
გაუტანიათ იქ არსებული მთელი სიმდიდრე), შემდეგ კი ზუბალაშვილების სასახლეები
ქცეულა ძველი ბოლშევიკების საცხოვრებელ ბინად. თვითმხილველთა ინფორმაციით,
სწრაფად იცვლებოდა მთელი„ზუბალოვო“: შენობები გადაღებეს, გადაჭრეს ხეები,
დიდებულმა ეზო-გარემომ დაკარგა თავისი თავდაპირველი იერსახე, დაიტაცეს სასახლეების
დგამ-ავეჯი, გაიფანტა სამზარეულოს მოწყობილობა, აღარ შემორჩა ძველი ხის საათი,
ძვირფასი ჭაღი, ხატები, ფაიფურის ნივთები და სხვა ძვირფასეულობა, რომლებიც
წარმოადგენდნენ ხელოვნების ნიმუშებს.
ცნობილია, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ვაჭრებისა და მრეწველებისათვის
სოციალური სტატუსის დასამტკიცებლად აუცილებელ პირობად ითვლებოდა კოლექციონერობა
და მეცენატობაც, რაც იმხანად ზოგს ბუნებრივად ახასიათებდა მისი სულიერი
მოთხოვნილება იყო, ზოგიც ამას აკეთებდა აუცილებლობის გამო.
თავისი დროისათვის დიდად განათლებულ ლევანს ახალგაზრდობიდანვე უყვარდა მხატვრობა და
ხელოვნების ნიმუშებს აგროვებდა არა სხვათა მიბაძვით, სხვათა საჩვენებლად, არამედ
დიდი გატაცებითა და სიამოვნებით.
და აი, 1880-იანი წლებიდან ლევან ზუბალაშვილი რუსეთის ვაჭარ-შემგროვებელთა
რიგებში შევიდა წმინდა კომერციული საქმიანობის გარდა თავისი უმდიდრესი კოლექციით,
რომელიც, თანამედროვეთა შეფასებით, 1900-იანი წლების დამდეგისათვის მეტოქეობას
უწევდა მოროზოვების, შჩუკინებისა და სხვათა სახელგანთქმულ კოლექციებს. ხელოვნების
ამ უნიკალურმა ნიმუშებმა მოუპოვა ლევანს კიდევ უფრო მეტი სახელი და ავტორიტეტი
მოსკოვის მაღალ საზოგადოებაში.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ლევანი ყოფილა არა უბრალო
კოლექციონერ-შემგროვებელი, არამედ ხელოვნების მრავალფეროვანი დარგების კარგი მცოდნე
და შესაბამისი ნიმუშების საუკეთესო შემფასებელიც. ამიტომაც მის კოლექციაში
ინახებოდა, სპეციალისტთა აზრით, პირველხარისხოვანი ღირებულების შედევრები:
ფერწერული ტილოები, ხატები, ფაიფურის ნივთები (ჭურჭელი), რომლებიც ამშვენებდნენ მეპატრონის დიდებულ სასახლეებს.
ლევანი თითქმის 30 წლის განმავლობაში სისტემატურად აგროვებდა დასავლეთ ევროპისა
და რუსეთის ცნობილი
მხატვრების ნამუშევრებს, რომელთა შორის იყო ფრანგი ჟან¢ლორენ მონეს ერთ-ერთი
საოცარი შედევრი, რომელზედაც გამოსახულია ეკატერინა მურავიოვა და მისი შვილი ნიკიტა.
არანაკლებ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო ლევანის ხატების კოლექციაც. მისი
ძირითადი ნაწილი განეკუთვნებოდა XV-XVI-XVII საუკუნეებს. უმრავლესობა ჩამოტანილი
ჰქონია კვიპროსიდან. მთელს მოსკოვში იმდენად ცნობილი იყო ლევანის გატაცება ხატების
შეგროვებით, რომ ვაჭრები და ხატების შემგროვებლები ოჯახში მიდიოდნენ ზუბალაშვილთან და მიჰქონდათ ახალ-ახალი ნიმუშები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები.
ლევანს ჰქონდა, აგრეთვე, ფაიფურის ნაწარმის კოლექციაც: უიშვიათესი ფინჯნები
(ბერძენი ფილოსოფოსების პორტრეტებით მოხატული), სტატუეტები და ვაზები, გერმანული
ფაიფურის ფიგურების უნიკალური კოლექცია, ფანტასტიკური დრაკონებით მოხატული ჩინური
სტილის სერვისები (მეისონის ცნობილ ფაბრიკაში სპეციალური შეკვეთით შესრულებული).
რუსული წყაროების მიხედვით ჩანს, რომ ლევანმა თავისი განძეულობა უანდერძა
მოსკოვის რუმიანცევის მუზეუმს, ოღონდ მთელი ეს ძვირფასეულობა უნდა მოეთავსებინათ
ერთ ჭერქვეშ, მუზეუმის გვერდით მდებარე შენობაში. ამ სახლის შესაძენად ლევანს
თავად გაუღია ნახევარი მილიონი მანეთი, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისა და შემდგომ
ოქტომბრის რევლუციის გამო ვერ მოხერხდა ამ შენობის ქცევა მუზეუმის ნაწილად.
ამიტომ საბოლოოდ, როცა, ანდერძის თანახმად, ლევანის მეუღლემ 1917 წელს ოჯახის მთელი
კოლექციები გადასცა მოსკოვის რუმიანცევის მუზეუმს, აქედან ეს განძეულობა ასე
გადანაწილდა: ხატები მოთავსდა მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, იარაღის
პალატაში (აქვეა კარეტების კოლექციაცო), მოსკოვის კრემლის მუზეუმსა და ვასილ
ნეტარის ტაძარში; ფაიფურის კოლექციამ ბინა დაიდო კუსკოვოს მუზეუმში (სხვა ვერსიით,
ლ. ზუბალაშვილის კუთვნილი ფაიფურის ამ უბრწყინვალესი ნიმუშების ბაზაზე შეიქმნა კუსკოვოს
მუზეუმი), ხოლო ცნობილ მხატვართა ნამუშევრებმა შეავსეს პუშკინის სახელობის
სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
ლევან ზუბალაშვილი, თავისი მამისა და ძმების მსგავსად, აღიარებული იყო როგორც
უდიდესი ქველმოქმედი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც, განსაკუთრებით მოსკოვში. მართალია, ლევანი ფიზიკურად არ ცხოვრობდა სამშობლოში, მაგრამ იგი
ყოველთვის მონაწილეობდა ძმები ზუბალაშვილების სახელით გაღებულ შეწირულობებში, მეტიც: ძმების საქველმოქმედო საქმეების განცხადებაში ლევანი ყოველთვის პირველი
სახელდებოდა, როგორც ოჯახის უფროსი შვილი. გარდა ამისა, ქართველი მოწინავე
ინტელიგენციისათვის ლევანი გახლდათ ქართული მწიგნობრობის კარგი მცოდნე,
საქართველოს საზოგადო საქმეების დიდი პასუხისმგებელი, საოცრად კეთილშობილი
პიროვნება... ამიტომაც იყო, რომ თანამედროვენი მას ყოველთვის პატივისცემითა და
მადლიერებით მოიხსენიებდნენ:„ლევან კონსტანტინეს ძე ძლიერ კაი ქართველია. ყოველს
ჩვენს სიკეთეს დიდათ აფასებს. მთელი თავისი შეძლება საქართველოს საკუთრებად მიაჩნია. თვითონაც ასე ამბობს“
(ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე). სამწუხაროდ,
სამშობლოს გარეთ მცხოვრებმა ზუბალაშვილებმა პოლიტიკური ვითარების გამო ვერ
მოახერხეს თავიანთი მატერიალური მემკვიდრეობა მთლიანად გადმოეცათ
საქართველოსათვის, მიუხედავად მათი უდიდესი სურვილისა. ლევან კონსტანტინეს ძე სისხლით, ხორცითა და სულით ნამდვილი ქართველი კათოლიკე
ზუბალაშვილი გახლდათ. მათი გენისა და მამა-პაპათა ტრადიციების მიხედვით, სიკეთე,
ქველმოქმედება არ განასხვავებს ეროვნებასა და სოციალურ მდგომარეობას. სახარებისეული
შუქით გაბრწყინებულნი ცხოვრობდნენ ღვთიური კანონებით:„როცა სიკეთეს აკეთებ, ნუ
გაახმაურებ. დაე, მარცხენა ხელმა შენმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა, რომ
სიკეთე შენი საიდუმლოდ დარჩეს“.
ლევან ზუბალაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის ერთერთ საინტერესო ეპიზოდად უნდა
ჩაითვალოს რუსეთში
მცხოვრებ ქართველ ინტელიგენციასა და სტუდენტებთან მისი ახლო ურთიერთობა და ამ
მიმართულებით გაწეული გულუხვი ქველმოქმედება.
ცნობილია, რომ XX საუკუნის დასაწყისში მოსკოვში თანდათან იზრდებოდა ქართველი
ინტელიგენციის რიცხვი (ბევრი უმაღლესდამთავრებული სახელოვნად საქმიანობდა მეცნიერების, კულტურისა თუ მედიცინის სფეროში). გარდა ამისა, იქაურ უმაღლეს
სასწავლებლებში საკმაოდ დიდი იყო ქართველ სტუდენტთა რაოდენობაც. ეროვნული
ინტერესებიდან გამომდინარე, მოწინავე ინტელიგენციამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ
მოსკოვში არსებული ქართველთა ცალკეული ჯგუფები, ორგანიზაციები გაერთიანებულიყო ერთ
საზოგადოებად. ამ იდეის ძირითადი ავტორი გახლდათ ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი.
მისივე წინადადებით, გადაწყდა„მოსკოვის ქართველთა საზოგადოების“ დაარსება.
უცხოეთში ასეთი საზოგადოების შექმნა და შემდგომი საქმიანობა ბუნებრივად იყო დაკავშირებული დიდ თანხასთან, რისთვისაც, პირველ რიგში, თხოვნით მიმართეს ცნობილ
ქართველ მრეწველსა და მეცენატს, მოსკოვში მცხოვრებ ლევან კონსტანტინეს ძე
ზუბალაშვილს. ლევანი მოწონებითა და გულწრფელი სიხარულით შეხვდა ამ მეტად
მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის წამოწყებას; საზოგადოებას იმთავითვე შესწირა 40.000
მანეთი და მის მესვეურებს თანვე აღუთქვა შემდგომშიც მუდმივი მზრუნველობა და
ფინანსური მხარდაჭერა.
მართლაც, მალევე 1907 წელს ჩამოყალიბდა„მოსკოვის ქართველთა საზოგადოება“
(თავმჯდომარედ აირჩიეს ალ. სუმბათაშვილ-იუჟინი), რომელმაც თავისი არსებობის ათი
წლის მანძილზე სათავე დაუდო ბევრ სასიკეთო ეროვნულ საქმეს, ხელი შეუწყო ქართული
კულტურის შემდგომ წინსვლა-განვითარებას. პირველ ყოვლისა, ლ. ზუბალაშვილის
შეწირული თანხით დაიქირავეს ბინა, მოაწყვეს სტუდენტური კლუბი, ბიბლიოთეკა და
სამკითხველო დარბაზი...
ლ. ზუბალაშვილი გახლდათ„მოსკოვის ქართველთა საზოგადოების“ საპატიო წევრი,
აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოების მიერ გამართულ საღამოებში; სისტემატურად
ურიცხავდა საზოგადოებას გარკვეულ თანხას ამა თუ იმ საჭიროებისათვის (მაგალითად,
ბიბლიოთეკის გასაფართოებლად 1914 წელს დამატებით გაიღო 10 ათასი მანეთი...);
განსაკუთრებით დიდი შემწეობა აღმოუჩინა 1914 წელს. ომის დაწყებისთანავე ომში დაჭრილ
ქართველ მეომართა დასახმარებლად ნახევარი მილიონი მანეთი შესწირა საზოგადოებას,
რომელმაც თავისი კუთვნილი სახლის მეორე სართულზე სექტემბერშივე გახსნა
15 საწოლიანი სამკურნალო სტაციონარი და უწოდა„ლევან ზუბალაშვილის სახელობის დაჭრილ
და ავადმყოფ ქართველ მებრძოლთა ლაზარეთი“. აქვე საგულისხმოა ისიც, რომ ლევანმა
ლაზარეთისათვის საზოგადოებას დაუთმო თავისი სახლიც. ასე რომ, მოსკოვში ერთდროულად
ორი ლაზარეთი მოქმედებდა ლევან ზუბალაშვილის შეწირულობით.
მასალებით ირკვევა, რომ ლევან კონსტანტინეს ძეს მეტად სასიამოვნო მოვალეობად
მიაჩნდა მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებზე მზრუნველობა. გარდა იმისა, რომ
ძმებთან ერთად საქართველოში წ.კ.გ. საზოგადოებას ყოველწლიურად ურიცხავდა დიდ
თანხას ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიისათვის, დაწესებული ჰქონდა აგრეთვე
მოსკოვში მცხოვრებ ქართველ სტუდენტთათვის სამი სტიპენდია -
მისი, მეუღლისა და შვილის სახელობისა (თითოეული 50 მანეთის ოდენობით), წლების
მანძილზე იგი ოჯახშიც გულუხვად მასპინძლობდა ქართველ სტუდენტობას: ნებისმიერ მათგანს ასადილებდა, ფულითაც ასაჩუქრებდა და ეხმარებოდა ყოველნაირად; ზოგჯერ,
დაგვიანების შემთხვევაში, სასწავლებელშიც კი მიაკითხავდა თურმე. ამასთან
დაკავშირებით შემოგთავაზებთ მოსკოველი სტუდენტის ლაზარე შურღაიას საუბრის ნაწყვეტს:„არ ყოფილა შემთხვევა, მიგვემართოს ლევან ზუბალაშვილისათვის დახმარების გამო და მას
უარი ეთქვას. პირიქით, ჩვენ თუ 5 მანეთის სათხოვნელად მივიდოდით, ის 5 თუმანს
გვაძლევდა. ჩვენ თუ ერთი პალტოს ფულს დავესესხებოდით, ის 3 პალტოს ფულს გვაძლევდა - თქვენს უახლოეს მეგობრებსაც უყიდეთო. ხშირად თვეობით დავდიოდით მასთან სადილათ.
ჩვენ გვერიდებოდა და გვეხათრებოდა, თორემ იმას მით უფრო ვასიამოვნებდით,
რამდენადაც
ხშირად მივაკითხავდით“ (დამოწმებულია წიგნიდან - ირ. ტატიშვილი, თამ. დეკანოსიძე:
მოსკოვის უნივერსიტეტი და ქართველი ახალგაზრდობა, თბ., 1960, გვ. 167-168).
ლევან ზუბალაშვილის თანამედროვე ქართველები (მოსკოვში მცხოვრებნი) უაღრესად დიდ
პატივს სცემდნენ ზუბალაშვილთა სახელოვანი გვარის ღირსეულ წარმომადგენელს. მათი
შეფასებით, „ეს იყო პიროვნება, რომელსაც დახმარებას კი არ სთხოვდნენ, არამედ თვითონ
ეძებდა გასაჭირში მყოფ ადამიანებს და თავად სთავაზობდა დახმარებას“ (რ. სურმანიძე).
ლევან ზუბალაშვილი მოსკოვის ელიტაშიც ჭეშმარიტად გამორჩეული იყო არაჩვეულებრივი
გულუხვობით; მის მიერ ღარიბებისა თუ ავადმყოფთა დასახმარებლად გაღებული თანხა
ასობით ათასს ითვლიდა. რუსეთში ლევანის ქველმოქმედებაზე მკითხველს ზოგადი
წარმოდგენა რომ მაინც შეექმნას, დავასახელებთ რამდენიმე შემთხვევას:
1) 1912 წელს ბალკანეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ბელგრადში მყოფი
რუსი დიპლომატებისა და სამხედროთა ოჯახებისათვის შექმნილ თავშესაფარს გაეგზავნა
ლევან ზუბალაშვილისაგან დიდი ფულადი თანხა (ნახევარი მილიონი მანეთი) და უხვი
საჩუქრები; და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ უმწეოს მოევლინა მხსნელად ძნელბედობის ჟამს ლევან
ზუბალაშვილის ოჯახი.
ლევანის ქველმოქმედება ჭეშმარიტად იყო უსაზღვრო: თანაბრად შეეწეოდა სხვადასხვა
ეროვნების სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ უძლურებსა და ღარიბებს, პირველ რიგში,
მადლად ეძღვნებოდა საქართველოსა და ქართველ ხალხს. ამ მხრივ ჩვენში განსაკუთრებით
დავალებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გორის
კათოლიკური ეკლესია და ა. შ. (აქ არ იგულისხმება ძმები ზუბალაშვილების სახელით
გაცემული მოწყალება).
თბილისის კანტორის ერთ-ერთ წერილში (რომელიც დათარიღებულია 1914 წლის 17 მაისით)
ნათქვამი იყო: „გორის ეკლესია გამოვიდა ისეთ მდიდარ ეკლესიად, რომ თბილისს კიდეც
შეშურდება გორისა. მადლობა ეკუთვნის გორის სინოდისა და მღვდლების გარდა ლევან
კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილს უხვი საჩუქრისათვის“ (ამასთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
ლევანის თაოსნობით, 1914 წელს ძმებმა ზუბალაშვილებმა ქალაქის გამგეობას გაუგზავნეს
ახალი შეწირულობა და თან სთხოვეს:„მიჰყიდოს მათ ტფ. საბაჟოს მახლობლად 700 ოთხკუთხა
საჟენი მიწა სომეხ-კათოლიკეთა ეკლესიის ასაშენებლად. ეს გამოწვეულია იმით, რომ
სომეხ და ქართველ კათოლიკეთა შორის დავაა ატეხილი კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის
გამო, რომელიც შუა ბაზარში მდებარეობს. ძმ. ზუბალაშვილებს განზრახვა აქვთ,
მიძინების ეკლესია ქართველ კათოლიკეთათვის დარჩეს, ხოლო სომეხ კათოლიკეთათვის საკუთარი შენობა ააგონ საბაჟოსთან“
(სახ. გაზ.,1914, 9 მაის).
კონსტანტინეს შვილები მართლაც უანგარო ქველმოქმედები იყვნენ. ძმები თითქოს
ეჯიბრებოდნენ და აქეზებდნენ ერთმანეთს სიკეთის ქმნაში. მათ ყოველთვის ახსოვდათ იესოს სიტყვები:„თუ გინდა იყო სრულყოფილი, წადი, გაყიდე შენი მამული და გაეცი“.
ძმები ზუბალაშვილები სამაგალითონი იყვნენ იმითაც, რომ მათ ძალიან უყვარდათ
ერთმანეთი, ჰქონდათ განსაკუთრებული სიახლოვე და პატივისცემა. რომელიმე მათგანი თუ
გაიღებდა მოწყალებას, ამას მეტწილად აკეთებდა ყველას სახელით.
1913 წლიდან - ძმები ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები დამსახურებულად
ატარებდნენ„თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდებას. „ტფილისის საპატიო მოქალაქენი. თანახმად ქალაქის თვითმართველობის შუამდგომლობისა
უმაღლესად ნება დართულ იქმნა, უხვ ქველმოქმედ ძმებს ზუბალაშვილებს ტფ. ქალაქის
საპატიო მოქალაქეთა წოდება მიენიჭოთ. ამის გამო ქალაქის გამგეობამ მათი გვარები
საგანგებოდ საპატიო წიგნში შეიტანა და ძმებს ზუბალაშვილებს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა. ტფილისის ქალაქის თვითმართველობის დაარსებიდან დღემდე ტფილისის საპატიო
მოქალაქის სახელი მიენიჭა და საპატიო წიგნში იქნა შეტანილი მხოლოდ ერთი კაცი ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი, მეფის მოადგილის საბჭოს წევრი“ (სახ. გაზ., 1913, 25
ივლ.).
და ბოლოს:„ქველმოქმედება არ იყო ზუბალაშვილების ოჯახის მხოლოდ უბრალოდ ძლიერი
ტრადიცია. ქველმოქმედება მათ სისხლში ჰქონდათ გამჯდარი, როგორც მეცენატობა და
ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა“ (ვალ. უთურგაური).
3. „გუშინ, 10 დეკემბერს, ტფილისის ქალაქის თვითმმართველობის თაოსნობით ქართველ
კათოლიკეთა მიძინების ეკლესიაში გადახდილ იქნა პანაშვიდი განსვ. ლ. კ. ზუბალაშვილის, ტფილისის საპატიო მოქალაქის სულის მოსახსენებლად... პანაშვიდი შეასრულა
ქართველმა მღვდელმა ქართულ ენაზე, ქართულად გალობდა ქართული ხორო ფისგარმონიაზე. მაგიდის შავი წასაფარებელი ქართული ოქროს ასოებით იყო წაწერილი“...
(სახ. ფურც., 1914, 11 დეკ.).
4..„... უზომოა ჩვენი მწუხარება, აუნაზღაურებელია დანაკლისი გამოჩენილ ქართველ
ქველმოქმედისა, მეცენატის და კულტურულ საქმეთა დარაჯად მდგარ ლევან კონსტანტინეს ძე
ზუბალაშვილის გარდაცვალების გამო“. ქართველი სტუდენტების დეპეშა ოდესიდან (სახ.
ფურც., 1914, 21 დეკ.). (წარმოდგენილი საგაზეთო ინფორმაციები ვრცლად იხ. ანოტირებულ ბიბლიოგრაფიაში).
1941 წლისთვის თავდაპირველი„ზუბალოვო“ უკვე აღარ არსებობდა; განადგურებულ და
იერშეცვლილ ადგილზე მნახველი ვეღარ ამოიცნობდა მშვენიერ სასახლეებსა და მის შემოგარენს. მოგვიანებით ერთხანს ერთ-ერთ სახლში, წარწერის მიხედვით, განთავსებული
ყოფილა„ელექტრომექანიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-სამრეწველო საწარმოს სამმართველო“
(ვალ. უთურგაური).
2) 1914 წლის შემოდგომაზევე (როცა რუსეთი ოფიციალურად ჩაება პირველ მსოფლიო ომში)
ზუბალაშვილის ოჯახმა საკუთარ სასახლეებში (მოსკოვშიც და აგარაკზეც) მოაწყო
ჰოსპიტალი და თავშესაფარი. წლების მანძილზე ზუბალოვის სახელობის მოსკოვის ჰოსპიტალი
არსებობდა (მოქმედებდა) ზუბალაშვილთა შეწირულობების წყალობით;
3)მოსკოვში უფასო კვებით უზრუნველყოფდნენ„ღარიბთა დახმარების საზოგადოებას“.
ამას გარდა, ფულადი თანხით სისტემატურად ეხმარებოდნენ როგორც ქალაქის, ისე სოფლის
გაჭირვებულ ოჯახებს;
4) 1914 წლიდან ყოველთვიურად აძლევდნენ ფულს მათს კანტორაში მომუშავე ქალებსა და
მამაკაცებს, რომლებიც ჯარში გაიწვიეს და ფრონტზე გაგზავნეს. მათ შორის იყვნენ
ბაქოს ნავთობსარეწების მუშებიც;
5)1900-1918 წლებში მოსკოვის კანტორის სალაროს წიგნში აღნუსხულია ზუბალაშვილთა
მიერ გაცემული უამრავი ცალკეული შეწირულობანი (მოსკოვის ტექნიკური სასწავლებლის
სტუდენტთა სასადილოსათვის, ეკლესია-მონასტრებისათვის, იტალიის ქალაქ ბარში წმ.
ნიკოლოზის ტაძრისათვის, ამანათები სამხედრო ტყვეებისათვის, ობოლი ბავშვების
სწავლის ქირისათვის, წითელი ჯვრისათვის, რძე დაჭრილებისათვის, ყუბანში
ქარიშხლისაგან დაზარალებული ოჯახებისათვის, ზვენიგოროდის გიმნაზიისათვის და ა.
შ.).