ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა



ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა

 

 
     

ჩუბინაშვილი დავით

ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და, ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა

1877

 

საქართველოს ერი, ენისა და ლაპარაკის მიხედვით, განიყოფება ორად: პირველსა შეადგენენ: ქართველნი, ე. ი. მცხოვრებნი: ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, გურიისა, სამცხე-საათაბაგოსი, და მეორესა: მეგრელნი და ჭანელნი - მოსახლენი სამეგრელოსი და ჭანეთისა ან ძველის კაპადოკიისა.

   
     
ძველი კაპადოკია მდებარეობდა მცირის აზიის შუაგულში და იყო მოსამზღვრე ჩრდილოეთით შავიზღვისა ლიხის მდინარის შესართავიდამ, ვიდრე ქალაქადმდე. რიზა; სამხრეთით კილიკიის მთებისა (აწ ბულღარ და ალადაღი); აღმოსავლეთით კოლხიდისა (აწ ოსმალეთის საქართველო), ამის შემდგომ ადგილებისა და ხალხთა, რომელნიც არ ეკუთვნოდნენ არცა საქართველოს ნათესავთა, არცა სომეხთა,* და ამათ უკან ეფრატის მდინარისა და მცირე სომხითისა; დასავლეთით ჰალიზის ან პლაზონის მდინარისა, რომელიც განჰყოფდა კაპადოკიასა მხარეთაგან პაფლაგონიისა, გალატისა, ფრიგისა და ლიკონისა.**   * სტრაბონი, წიგნი 12. §. 1. ეს ადგილი არის ბაზიანი და არზრუმის მხარენი.

** სტრაბონი წიგნი XII, § 1; ჰლინი წიგნი VI, თავი 19.

     

დროსა სპარსთა ფლობისა, ე. ი. ხუთის საუკუნის წინათ ქრისტეს შობისა კაპაკადოკია შეადგენდა ორს საერისთოსა ან სატრაპიასა *. პირველი საერისთო იყო კაპადოკია ხმელეთისა, მეორე კაპადოკია შავის ზღვის ნაპირისა; ორივე საერისთონი განისაზღვრებოდნენ სციდიის მთებითა (აწ ჭანეთის მთები). საზოგადოდ სივრცე - კაპადოკიისა ფრიგიიდამ, ვიდრე ეფრატის მდინარედმდე იყო 1800 სტადიონი ** და სიგანე შავის ზღვიდამ ვიდრე კილიკის მთებადმდე 3,000.***

 

* ვ. ღეროდოტ. წიგნი III, § 90, 94.

** სტადიონი 569 ფუტია, ფუტი არის ერთის საჟენის მეშვიდედი ნაწილი.

*** სტრაბ. წ. 12, § 4.

1 I

▲ზევით დაბრუნება


I.

კაპადოკია ხმელეთისა იყო უწყლო ადგილი, ცხელი, მოუსავლიანი და უნაყოფო. სამზღვრის ნაპირებსა მოუდიოდნენ მდინარენი ჰალისისა და ეფრატისა და ორნი სხვა მდინარენი ჰრწყამდნენ მცირეს სამხრეთის ნაწილსა, რომელ არიან მდინარე პირამისა (აწ ჯეიხუნი), ჰქონდა წიაღი ღრმა და ნავით სავლელი, მდინარე საროსისა (აწ სარანსუ). ამათ გარდა ჰქონდა რამთონიმე წყაროები, რომელნიც ერთვიდენ მარილით სავსეთა ტბათა. ამ მდინარებსა და წყაროებს სათავე ჰქონდათ მთებში, მთები სციდიისა მოსცვიდენ ჩრდილოეთის| მხარესა და ტავრისა სამხრეთის ადგილებსა.

ხმელეთი-კაპადოკია სტრაბონის დროს განიყოფებოდა ათ სამოურავოდ: ხუთნი მდებარებდნენ ჩრდილოეთის კერძოდ, ე. ი., ლავინიასენი (აწ არაბკირი), სარგარასენი (აწ სივა), სარავენი (აწ გიშერი), შამანენი და მორიმენი (აწ უსგეთი); და დანარჩენნი ხუთნი სამხრეთის კერძოდ: მელიტონა (აწ მალატა ეფრატის პირზედ) კატაონია (აწ ალადელი), კილიკია (აწინდელნი თემნი: იჭილი, ტარსუ, ადანი და მარაში), თიანეთი (აწცა თიანეთი) და გორზაურეთი (აწ აკსერაია). მელიტონე იყო ნაყოფიერი ადგილი, რადგანაც ეფრატის მდინარე ჰრწყავდა, სავსე ხეხილითა და ყურძნითა. აქაური ღვინო ჩინებული იყო მთელსა საბერძნეთში. ამ თემის ქალაქი მელიტონე იყო აშენებული, როგორც მოუთხრობს ძველი თქმულობა, ასურეთის მეფის სემირამიდისაგან. კატაონია იყო მთებთა შორის დაბლობი და ვრცელი ადგილი, მთებში იპოვებოდნენ ვიწრო ხეობანი. ერთს ამისთანა ვიწრო ხეობაში მდებარეობდა ქალაქი კომანა, სადაც აშენებული იყო ბელლონის ტაძარი, რომელსაც აქაურნი მოსახლენი უწოდებდნენ მად. ქალაქი იყო ძალიან ვრცელი და მოშენებული. მუნებურნი მოსახლენი განიყოფებოდნენ ქურუმებად და მონებად; მონები ემსახურებოდნენ ტაძარსა, რომლისა ქურუმთ-მთავრად ნიადაგ იყო თვით მეფე კაპადოკიისა. თიანეთი იყო მთიანი ადგილი, სადაც ვიწრო მთებში გზა გავიდოდა კილიკიად. თიანი (აწ ნიგდე) იყო დედა ქალაქი ამ თემობისა, ძალიან მაგარი, მოზღუდვილი ქვითკირის ზღუდითა და დაფუძნებული ქვაყრილზედ. ამ ქალაქის ახლოს, მთის თხემზედ იყო აშენებული ტაძარი სახელსა ზედა: დიანა (ღმერთა პერამისა). დედა ქალაქი ხმელეთის კაპადოკიისა იყო მაზაკა (აწ კესარია) აღშენებული არგოსის (აწ ერჯიშის) მთის კალთაზედ და მდებარე მზის გულზედ, უწყლო. მოუზღუდავი და უნაყოფო *

  * სტრაბონი წიგნი 12. § 3.
     

მკვიდრი მოსახლე ხალხი კაპადოკიაში იყო უვიცი და ველური, განუხსნელი გონებითა და უმეცარი ხელოვნებისა, არ ჰქონდათ არცა წიგნი, არცა წერილი, თუმცა ჰსცხოვრებდნენ საშუალ განათლებულთა ერთა შორის, ერთის მხრით ბერძენთა და მეორეს მხრით ასურელთა. წინაპირველად ჰმონებდნენ ასურელთა, მერმე მიდიელთა, და მიდიელთა შემდგომ სპარსთა. სპარსთა მეფემან დარიოზ, ხუთასის წლის წინათ ქრისტეს შობისა, დაიპყრა კაპადოკია და განჰყო ორ საერისთოდ ან სასპასპეტოდ (სატრაპია - ბერძენთა). პირველი სასპასპეტო იყო ხმელეთისა, ან დიდი კაპადოკია და მეორე კაპადოკია ზღვის ნაპირისა, ან მცირე. როდესაც სპარსთა სამეფო შემცირდა, მაშინ კაპადოკიის ერისთავთა მიიღეს ხარისხი მეფობისა. მეფე არარატ II იყო. თანამედროვე ალექსანდრე მაკედონელისა, რომელიც განიძო სამეფოითგან 322 წელსა ქრისტეს უწინ. ამისმა შვილმან არიარატ III, სომეხთა მეფის შეწევნითა, დაიპყრა სამკვიდრო თვისი და შერთო თავის შვილსა არიარატ IV ქალი თეოს ანტიოხიის მეფისა; არიარატ VIII ჰსცხოვრებდა დროსა მეფობისა დიდისა მიტრიდატსა VII, რომელმანც მოჰკლა იგი და დაიპყრა მისი საბრძანებელი. რომის იმპერატორმან ტიბერიმ მოსპო კაპადოკიაში მეფობა 17 წელსა შემდგომ ქრისტეს შობისა.*

  * გალიანის ისტორია კაპადოკიისა, სენმარტენის სტატიები საზოგადო ისტორიულს ლექსიკონში ფრანციულს ენაზედ, გამოც. 1811-1852; სტრაბონი წიგნი 12, § 3.
     

შემდგომ განყოფისა რომის საბრძანებელისა ორად, კაპადოკია დარჩა მონებას ქვეშე ვიზანტიის იმპერატორთა. პირველს საუკუნეში ქრისტეს შობიდგან ხმელეთის კაპადოკიაში იყვნენ მრავალნი ქრისტიანენი, და მესამე და მეოთხე საუკუნეში აქ არ იპოვებოდა არცა ერთი კერპთ-მსახური. ამ დროს კაპადოკიაში იყო. ირმოცდა ათი საეპისკოპოსო საყდარი ან ეპარხია: კესარიისა, ნისისა, თერმისა, ტიანისა, ციბისტრისა, ნაზიანზისა, მელიტინესი, კომანისა და სხვანი.* ჩინებულნი მღვდელ-მთავარნი ამ ადგილისანი იყვნენ: წმინდა გრიგოლ თაუმატერგი, წმინდა ვასილი კესარიელი; წმინდა მაკრინე და მისი, წმინდა გრიგოლ ნისელი და სხვანი მრავალნი სახელ-განთქმულნი და ჩინებულნი მწერალნი.

  * ტექსიეს აღწერა ოსმალოსი ან მცირე აზიისა ფრანც.
     
თუმცა ეპარხიები მრავალი იყო ხმელეთის კაპადოკიაში, გარნა ხალხს არა ჰქონდა წერილი, არც ნათარგმნი სამღვთო წიგნები, თვით სამღვთო მსახურებას აღასრულებდნენ ეკლესიებში ბერძნულ ენაზედ, მღვდელნიცა თითქმის უმეცარნი იყვნენ ხალხის ენისა. ამ გვარი ხალხის დაბრმობა და უვიცობა ქრისტიანობის სწავლისა იყო მიზეზი, რომელ 1192 წელსა, ოდესაც ოსმალთა დაიპყრეს მცირე აზია და დაარსეს იკონიის ქალაქს მეფობა ხალხმა ადვილად და ძალის დაუტანებლად მიიღო მაჰმადის სარწმუნოება და დაივიწყა თავისი ენა.    
     
ორსავე კაპადოკიაში მცხოვრებნი ხალხნი იყვნენ ერთისა ნათესავისა და ლაპარაკობდნენ ერთსა და იგივე ენაზედ. დასამტკიცებლად ამისა გვაქვს ჩვენ პირველი უწყება სტრაბონისა,* რომელიც მეთორმეტეს წიგნის დასაბამში დარწმუნებით ამბობს: „სახელი კაპადოკიელი ეკუთვნის სრულებით ერთს ხალხსა, რომელნიც არიან ერთ ნათესავნი და ლაპარაკობენ ერთს ენაზედ და სახლობენ შემდგომთა საზღვართა შორის: სამხრეთით მთა კილიკიის ტავრი, აღმოსავლეთით სომხითი, კოლხიდა, და მათ შორის ადგილები და მცხოვრებნი, მოლაპარაკენი უცხოს ენაზედ; ჩრდილოეთით პონტოს ზღვა, შესართავადმდე ჰალიზის მდინარისა, დასავლეთით პაფლაგონია, გალატია, ფრიგია და ლიკაონია.   * სტრაბონი წიგნი 12. § 1. გამოცემული ფრანციულად 1814. აგრეთვე ტარდიეს ნათარგმნი გამოცემული პარიჟში 1873 წელსა.
     

მეორე § სტრაბონი კიდევ განიმეორებს წინათ ქმულსა.ამ გვარს ღირს შესანიშნველს ჩვენებას ჩვენ არ დავიჯერებდით თუ გვცოდნოდა, რომ ამას სტრაბონი ამბობს გაგონებით ვითარცა მრავალნი უწყებანი ღეროდოტისა. სტრაბონს თვითონ გამოვჰყევართ ამ გვარს ეჭვისაგან, როდესაც მოგვითხრობს, რომ მისი სამშობლო ქვეყანა იყო კაპადოკია, დაიბადა ქალაქსა ამასიას მდებარესა ირისეს მდინარეზედ პონტოში, დედა ჰყვანდა ნათესავით ჭანი და ქალი ჩინებულის ერისთავისა, რომელიც პატივცემული და მიჩნეული იყო დიდის მიტრიდატისაგან პონტოს მეფისა. თავის სამშობლო ქვეყანას სტრაბონი გაგონებით არ იცნობდა, და როგორც გვაუწყებს, თითონ მოევლო მთელი კაპადოკია და არ გაგონებით აღეწერა არამედ რაც თავისის თვალით ენახა და გამოეძია. რასაკვირველია უწყება ამისთანა მწერლისა არ იქნება ტყუვილი და დაუჯერებელი; ამის გარდა პლინიცა გვარწმუნებს, რომელ კაპადოკია იყო ერთი და განუყოფელი ქვეყანა.*

  * წიგნი 6, თავი 3
     
მეორე, მრავალი სახელები ადგილთა, მთათა, ქალაქთა: — მდინარეთა, მდებარეთა ხმელეთის კაპადოკიაში, როგორც ჰსჩანს კიპარტის ქარტისაგან, მცირის აზიისა, აწცა არიან ქართულნი მაგალითად: თემი თიანეთისა და ქალაქი თიანი (აწ ნიღდე) ქართულად ჰნიშნავს მთებიანს ადგილს და თვით საქართველოშიაც არის თემი თიანეთისა;* ჩხორუმი, დაბა მდებარე მახლობელ ამასიის ქალაქისა; თავია; დაბა მდებარე ჩრდილოეთით კიშერის ქალაქისა; მუჟური, დაბა მდებარე სამხრეთით კიშერის ქალაქისა; თამარშე, დაბა მახლობელ ქალაქისა კესარიისა; მუჟური, დაბა მახლობელ კესარიას ქალაქისას ურგუბა (ორგუბე უნდა), მახლობელ აგრეთვე კესარიის ქალაქისა; სარმურ-სახლი, აგრეთვე დაბა მუნვე; ჭიჭაკის მთა მახლობელ კი- შერის ქალაქისა; ერჯიში მთა, მახლობელ კესარიის; ბოცოს მთა კილიკიაში; თეჯირის მთა, მახლობელი სივას ქალაქისა; აცმურის მთა, მახლობელი მილეტინის ქალაქისა; გაცურის მთა, მურამინის ქალაქის დაბლა; ჭილობის მთა; ჩხატალი: ორთაყვის მთა, მახლობელ ნიღდის ქალაქისა; ფარხალი, მახლობელ საროს მდინარისა; დედა მთა, მახლობელ საროს მდინარისა. ხაჯი ხალფა, ღეოღრაფიის მწერალი, მუსულმანი მოიხსენებს რამთონთამე ადგილთა, რომელიც ქართულია, მაგალ. ქუთაია, გომიში (კამბეჩი — მეგრულად), ჭალა, ტაზისკარი (ტაშისკარი); თავ-შანი, მენდერი (მდინარე), ბანა, ენგური, კარიბაზარი, და სხვანი.**   * სტრაბონი წიგნი 12 § 9; ტექსიეს აღწერა მცირე აზიისა, გვ. 567.

** ნახე გიგიენ ს. მარტენის ღეოღრაფიული აღწერა მცირე აზიისა, გვერდი 188 და შემდგომნი.

     
ამათ გარდა მრავალნი ადგილები, მდინარები და ქალაქნი პაფლაგონიაში ან სხვათა ადგილთა იწოდებიან აქამომდე ქართულის სახელებითა, მაგალ. ენგური, ერთი ტოტი ზაგარის მდინარისა, ქალაქი ენგური (ძველი ენგური); მენდერჩაი, ბერძნულად მეანდერი ე. ი. მდინარე, ქალაქი ქიზიკი, მდებარე მარმარილოს ზღვის პირზედა, თემნუს ე. ი. თემი მიზიაში და სხვანი მრავალნი.    
     
მესამე,–ზნე, ჩვეულობა, ყოფა-ქცევა, შინაგანი ცხოვრება და თვით მმართებლობაცა, აგრეთვე ცეცხლის მსახურება ჰქონდათ კაპადოკიის ხალხთა სრულიად მსგავსი ძველისა წესისა, ჩვეულობისა, ყოფა-ქცევისა და სხ. ძველთა ქართველთა .* მეოთხე,-რადგანაც კაპადოკიის ხალხსა ჰქონდა მონათესაობა საქართველოს ხალხთან, ამითი განიმარტების სურვილი კაპადოკიის სულიერთა მამათა დამყარება საქართველოში ქრისტიანობის სარწმუნოებისა. მო-| სულნი ამ აზრით იოანე ზედაძნელი თორმეტის მოწაფეებითურთ, რომელთაც სახელები არიან: დავით გარესჯელი, სტეფანე ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტყოფელი, იასე წილკნელი, თათე სტეფან-წმინდელი, შიო მღვიმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ილია დიაკონი არ იყვნენ მესოპოტამიელნი, არამედ კაპადოკიელნი, ამიტომ რომ ძველნი მწერალნი კაპადოკიელთა რაცხამდნენ სირიელად, ან მესოპოტამიელად.** თუ ქართული ენა არ ჰსცოდნოდათ ამ წმინდანებს საქართველოში ვერ გაბედავდნენ მოსვლასა და ვერც მოიმოწაფებდნენ ხალხსა. ესეც უნდა ვსთქვათ რომ წმინდა გიორგი იყო კაპადოკიელი და ამის გამო მთელს საქართველოში ძალიან პატივცემულია. ამ წმინდა გიორგის მონათესავე იყო წმინდა მოციქულთ-სწორი ნინო აგრეთვე კაპადოკიელი და მცოდნე ქართულის ენისა, უამისოდ არ შეეძლო ქადაგება ქრისტეს სარწმუნოებისა და მოქცევა ქართველთა, უდაბნოში ცხოვრება წმინდათა სულიერთა მამათა კაპადოკიაში იყო ძალიან გავრცელებული, რადგანაც კლდეებში მრავალი იყო გამოკაფული ქვაბები და სადგომი სახლები, როგორც საქართველოში უფლის-ციხე და სხვანი. ამ ქვაბებში ჰსცხოვრებდნენ მეუდაბნოვენი, რომელთაგანცა ჩინებული იყვნენ სვიმეონ დიდი მესვეტე (390—460); სვიმეონ მცირე აგრეთვე მესვეტე (521 — 592). ეს სვიმეონ მცირე იყო მიზეზი საქრთველოში გამოგზავნისა წმინდისა იოანე ზედაძნელისა მოწაფეებითურთ. ხსენებულთა წმინდათა განავრცელეს და დაამყარეს შერეული ცეცხლ-მსახურთაგან ქრისტეს სარწმუნოება საქართველოში, რადგანაც თვით იყვნენ ქართველნი. ამათ შემოიღეს წელთ აღრიცხვა იულიანისა, რომის კეისრისა და ახალის წლის დაწყება იანვრიდგან, რომელიც დარჩომილია აქამომდე.   * სტრაბონი წიგნი XV, გვერდი 733.

** ტიქსი, მცირე აზია, გვერდი 500.

2 II

▲ზევით დაბრუნება


II.

კაპადოკია შავის ზღვის პირისა განიყოფებოდა ორ თემად: პირველი თემი შეადგენდა პონტოს სამეფოს, მეორე კოლხიდას.

 

   
     

ა. პონტოს სამეფო იყო ადგილი წყლიანი, ტყიანი, მდიდარი ნაყოფებითა და მადნებითა. დასავლეთის სამზღვრის პირზედ მოუდიოდა მდინარე ჰალიზისა ან ალაზონისა (აწ კიზილ- ერმაკი), ძალიან ვრცელი და დიდი, რომელსაც სათავე ჰქონდა მახლობელ ნიკოპოლის ქალაქისა. გემის მთებში; ჰრწყავდა სრულიად კაპადოკიასა და ერთვიდა შავს ზღვაში მახლობელ ბაფირის ქალაქისა. მდინარე ესე ღირსია შესანიშნავად, მის თვის რომ ძველს დროში განჰყოფდა მცირის აზიის მკვიდრთა მოსახლეთა ორად: მარცხენა ნაპირი ეჭირა ხალხთა, რომელიც ნათესავობით ეკუთნვოდნენ ბერძენთა, გარნა მარჯვენა ერთთა, რომელნიც ნათესაობით იყვნენ აზიის ხალხნი ე. ი. ჭანელები.* სხვანი მდინარენი — ზღვის კაპადოკიისა არიან: ირისე ან ირიზე (აწ ეშილერ- მაკი), რომლისაც ერთსა ტოტსა სახელად ჰქვიან ტეძამი და მეორესა ლიკუს (მგელი); გემრიელი წყალი (ქარტაზედ გარყვნილად ჰწერია გერმიელი ჩაი); თერმადონი (აწ თერმეს წყალი); ფსიხრონი (აწ კოლოპოტამო), რომელიც ერთვის ზღვასა მახლობელ რიზა ქალაქისა. სამხრეთი მხარე პონტოსი იყო მთებიანი და ხევებიანი; ბალხარის მთები, რომელნიც მდებარებენ პონტოსა და საქართველოს სამზღვარზედ, აწ გურჯი ბოღაზი ან საქართველოს ველი. ამ მთებს შეუდგებიან მთები ნაჭილობევისა, ან, ძველთა მწერალთა, სციდის მთები; ერთი ნაწილი ნაჭილობევის მთებისა იწოდებიან გჟაურად და გომიშად (კამბეჩოვანად). გომიშას მთები მდიდარია ვერცხლის მადნებითა. ზღვის პირზედ მდებარებდნენ მრავალნი ქალაქნი — მდიდარნი ვაჭრობითა და სიმდიდრითა: ამიზუსი (აწ სამსუნი); თემისცირა (აწ თერმე); უნია (აწონის ქალაქი): კოტიორა (აწ ორდუ); ფარნაკი (აწ კერასუნი); ტრაპეზონი, ღიზა (აწ სურმენა); ოფიზი, რიზე, ატენი. ხმელზედ: ამასია, მდებარე ირისეს მდინარეზედ, სამშობლო ადგილი სტრაბონისა; გაზიურა, ძველი დედა–ქალაქი ზღვის კაპადოკიისა, მდებარებდა თერმადონის მდინარის ნაპირზედ; ელმანა, ზელა, სატალი (სათალი) და სხვანი.

   * გიგიენ სენმარტენი, მცირე აზია. II ტომი, 386 გვ.
     
მეშვიდე საუკუნეში ქრისტეს შობის წინ პონტოს სამეფოს ზღვის ნაპირებზედ, მილეტის ქალაქის მოსახლეთა დააფუძნეს სავაჭრო ქალაქები, რომელთაგანაც უპირველესი იყო სინოპი, ამიზუსი, კოტიორა, ტრაპეზუნტი და ჰქონდათ აქ აღებ-მიცემა და სარგოიანი ვაჭრობა მეზობელთა ხალხთათანა. ხსენებულთ ქალაქებსა ჰქონდათ თავიანთი მმართებლობა და არ ემონებოდენ სპარსთა მეფეთა. მაშინ როდესაც პონტოსა და კოლხიდის მოსახლენი იყვნენ დამონებული სპარსთაგან, შეადგენდნენ ორს სასპასპეტოს (სატრაპიას) XVIII და XIX * და სპარსთა მეფისა ქსერქსის დროს მიიღებდნენ მონაწილეობას ბრძოლაში პირის პირ ბერძენთა და განიყოფებოდნენ ოთხ გუნდად: პირველსა გუნდსა, მთავრობასა ქვეშე არიობარზანისა დარიოს მეფის ძისა, შეადგენდნენ ერნი მესხნი და ტიბარენნ; მეორესა,- მთავრობასა ქვეშე არტაკისა,—მოსენაკნი; მესამესა—მთავრობასა ქვეშე ფარანდატისა, მარნი და კოლხელნი და მეოთხესა, მთავრობასა ქვეშე მისისტისა, — ალაროდიანელნი და ისპირელნი.** ამითი ჰჩანს რომ პონტოს სამეფოში და კოლხიდაში იყვნენ რამთონნიმე მთავარნი და ქსენოფონტის დროს რომელიმე მათთაგანი იწოდებოდნენ მეფედა ვითარცა მთავარი მოსინაკთა. ვალიანი თავის პონტოს ისტორიაში მოუთხრობს, რომელ პირველი მეფე პონტოსა იყო არტაბაზი, დადგინებული დარიოს სპარსთა მეფისაგან. ამისი მემკვიდრე 402 წლის ქრისტეს წინათ იხილება მიტრიდატ I, რომელიც განაგებდა სამეფოსა დროსა სპარსთა მეფის არტაქსერსისა, ამისი შვილი მიტრიდატი II სახელ წოდებულ აღმაშენებლად იყო თანა მედროვე ალექსანდრე მაკედონიელისა; მიტრიდატ II-ის შვილმა მიტრიდატმა III გაიმარჯვა ლისიმახზედ, რომელიც იყო მაკედონიის მეფე 384 წელსა და დასდო გამარჯვების წელიწადი დასაბამად წელთა აღრიცხვისა ანუ ერად (1), რომელიც იყო მიღებული როგორც ბოსფორის სამეფოში ისე კოლხიდაში და საქართველოში..    * ღეროდოტის ისტ. წიგნი 3, § 90.

** ღეროდოტის წიგნი 7 § 76, 77, 78, 80.

*** ნახეთ საზოგადო ბიოგრაფიის ლექსიკონი (52 ტომად გამოცემული პარიჟში 1811-1852) სტატია სენ-მარტენნისა მიტრიდატ III

     

ღირსია შესანიშნავად რომ აქედამ იწყებიან ჩვენი ქორონიკონებიცა, რადგანაც იმ დროს მთელი კოლხიდა დამონებული იყო პონტოს მეფეთაგან და ჰქონდათ ერთმანეთში დიდი ერთობა. აქამომდე სწავლულთა და სიძველის გამომეძიებლთა არ იცოდნენ სწორეთ, რომლის წლიდან იწყებოდა ერა ან დასაბამი წელთა აღრიცხვისა პონტოს სამეფოში. ზოგი ჰცდება 8, ზოგი 10, ზოგი 12 წლითა. მე რომ შევადარე ჩვენი ქრონიკონი და აღვრიცხე მაშინ აღმოჩნდა, რომ დასაბამი ჩვენისა და პონტოს ერასი არის 284 წელი ქრისტეს წინათ. ვინ არ იცის რომ ჩვენს ქრონიკონსა როგორც რომ ეკლესიის კინკლისსა აქვს საქცევი 532 წელიწადი. ეს რიცხვი შესდგება განმრავლებისაგან 28x19. რიცხვი 28 შეადგენს წელთა მზის მოქცევისათა და 19—მთოვარისათა 532 წელი რომ დასრულდება, შვიდეულის დღენი, მთოვარის განახლება, დიდ მარხვის აღების დღე, პასექის დღე და შემდგომნი ცვლადნი დღესასწაულნი, კვირაცხოვლობა, ამაღლება და სხვანი ანგარიშნი თვითოეულის წლისა, იმავე შვიდეულს დღეს, თვისა რიცხვს და თვეს მოვლენ, როგორც რომ 532 წლის წინათ იყო. მაგალითად ჩვენი ხუთასეული ქრონიკონი დასრულდა 1844 წელსა, ასე რომ 1845 წლიდამ იწყო ახალმან ხუთასეულმან ქრონიკონმან. 1844 წელსა პასქა იყო აპრილის 15. ამწლიდამ რომ გამოხვიდეთ 532 წელი, დარჩება 1312 წელიწადი, ამ წელიწადს პასქა იყო აგრეთვე 15 აპრილსა. ქრონიკონი ან დიდი ინდიკტიონი შემოიღო მღვდელმონაზონმა დიონისიმ 516 წელსა ქრისტეს შემდგომ მოსაპოვნელად თუ რომელს თვესა და რომელს რიცხვში დადგება პასქა. ამ ჟამადმდ, ე. ი. 516 წლამდე ამ გვარი აღრიცხვა არსად იყო და რა საკვირველია არც საქართველოში იქნებოდა. საქართველოში, როგორც სჩანს, აღრიცხვა უწევიათ 781 წლიდან ქრისტეს შემდგომ. მაშასადამე ხუთასეული ქრონიკონი გათავებულა 780 და ახალი დამდგარა 781 წელსა. 780 წელს რომ დავრთოთ 284 წელი, მაშინ შეიქმს 1064 წელსა ან ორს სრულს ქრონიკონსა. თუმცა 781 წელს შემოუღიათ ქრონიკონი, გარნა რიცხვი წელთა დასაბამისა დაუდვიათ პონტოს ერა ანუ დასაბამი წელთა აღრიცხვასა, რომელსაც, როგორც ჰჩანს ზემო გამორიცხვისაგან, ჰქონია დასაბამი 284 წელსა ქრისტეს წინათ. ისტორიაც ეთანხმება ამას. 1844 შესრულდა ხუთასიანი ქრონიკონი და 1845 იწყო ახალმა ქრონიკონმა. ამ 1844 რომ დაუმატოთ 284 წელი შეიქნება 2128 წელი. 2128 წელი რომ გავჰყოთ 532, დაშთება კერძოობითი რიცხვი უნაკლულოდ 4; ეს ამას ნიშნავს რომ ოთხჯერ ხუთასეული ქრონიკონი შესრულდა 1844 წელსა და 1845 წელსა იწყო მეხუთე ხუთასეულმა ქრონიკონმა.

   
     

183 წელსა ქრისტეს წინათ ფარნაკ პონტოს მეფემან დაიპყრა სინოპი და სხვანი ქალაქები პონტოს ზღვის პირისა; ამ ქალაქების დაპყრობითა პონტოს სამეფომ მოიპოვა დიდი ძალი და ძლიერება როგორც ხმელეთზედ ისე ზღვაში და შეძლება პირის პირ ბრძოლისა რომაელებთან. თუმცა მიტრიდატ VI ექმნა თანა შემწე რომაელთა ბრძოლათა პირის პირ ღანიბალისა და გარჯისათვის ჯილდოდ მიიღო დიდი ნაწილი ფრიგიისა, გარნა შვილი მისი მიტრიდატი VII იყო დაუძინებელი მტერი რომაელთა და ებრძოდა მათ დიდხანს. 123 წელსა ქრისტეს შემდგომ მიტრიდატი VII აღვიდა ტახტზედ, ყრმა თორმეტის წლისა, ბუნებით ახოვანი, ბრგე და შემმართებელი, თავი დაუდო სწავლასა და განათლებასა, ამას გარდა სიყრმითვე შეითვისა საომარი ზნე და ჩვეულება, ჰქონდა საკვირველი მეხსიერება, იცოდა 22 ენა, გულში ჰქონდა თავის მამულის განდიდება და ამისათვის არა ჰრიდებდა არცა თავსა, არცა წარჩინებულთა და მოყვარეთა. წინაპირველად განიზრახა მოხილვა მოსამზღვრეთა ადგილთა და სამეფოთა, ამისთვის შეუდგა გზასა, ორის მახლობლის კაცითა, სრულიად უცნაურად, დაჰყო მოგზაურობაში ოთხიოდ წელიწადი, თვალით განიხილა მდგომარეობა მცირის აზიისა. შინ რომ დაბრუნდა, მაშინვე მოაგროვა ძალი, შევიდა კოლხიდაში, დაიპყრა აწინდელი აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და სრულიად ბოსფორის სამეფო, ე. ი. ყირიმი. შემდგომად აღძრა შფოთი კაპადოკიაში, მოაკვლევინა მუნებური მეფე და მის ადგილს დასვა თავისი შვილი არიარატ VIII. ეს იყო მიზეზი პირველის ბრძოლისა რომაელთათანა. მიტრიდატმა მოირთო დიდი ძალი, როგორც ხმელეთისა ისე ზღვისა, დაიმონია სრულიად მცირე აზია და წაართო, რომაელთა თრაკია და ატენი. რა ესმა რომის რესპუბლიკას განძლიერება მიტრიდატისა, მაშინვე მოაგროვა დიდი ძალი, უჩინა მხედართ მთავრად სილლა და გაისტუმრა დიდის მიტრიდატის საბრძოლველად. სილლამ მახლობლ ხერონისა დაამარცხა მიტრიდატის ჯარი, დაიპყრა საბერძნეთი და გადიტანა ომი მცირეს აზიაში, დაიმონია იონია, მიზია და ლიდია. უღონო ქმნილმან დიდმან მიტრიდატმან ითხოვა ზავი და 85 წლის ქრისტეს წინათ შეეკრა პირობითა რომის რესპუბლიკას. ამდროს მიტრიდატს განუდგნენ ბოსფორელნი; მიდრიდატმა იწყო მზადება და მოკრეფა ჯარისა ბოსფორას დასამონებლად, რომაელთა ჰგონეს რომელ მიტრიდატი ემზადება ბრძოლის განახლებისათვის მათზედ, ამისთვის უბძანეს მერენას უცებ მისვლა საომრად მიტრიდატზედ. მიტრიდატმა ორჯელ დაამარცხა მერენა 82 წელსა ქრისტეს წინათ და შეეკრა რომაელთა ახალის ზავითა. 79 წელსა კვალად დაიმონია ბოსფორის სამეფო, სადაც დასვა მეფედ თავისი შვილი მახარა (ქართული სახელი). ხმელეთის კაპადოკია კვალად იქმნა მიზეზი მესამის ომისა შორის მიტრიდატისა და რომის რესპუბლიკისა. პირველს ჟამს მიტრიდატმა დაიმონია პაფლაგონია, ვიფინია და მოადგა ქალაქსა ქიზიყს, მდებარესა მარმარილოს ზღვის ნაპირს. ამ ქალაქის მახლობლად ლუკულმა მხედართ მძღვანმა რომაელთა, დაამარცხა პონტოს მეფე, რომელიც განივლტო სომხითს, იქაც დამარცხდა პომპეისაგან და დანარჩენის ძალითა შეივლტო კოლხიდას, იქიდამ გადვიდა ბოსფორსა, ე. ი. ყირიმსა, სადაც მოინება ჯარის მოკრეფა და განახლება ომისა რომაელთა თანა. მისმა შვილმა შეიტყო ეს აზრი, მოიბირნა მხედართ მთავარნი და წინააღუდგა მამას. მიტრიდატმა, რა ჰცნო შვილის ღალატი, თავი მოიწამლა და გადიცვალა 64 წელსა ქრისტეს უწინ. გვამი მისი შვილმა გაუგზავნა პომპეის, რომელმან დიდის პატივით მიაბარა მიწას ტაძარსა სინოპის ქალაქში, სადაც იყვნენ დამარხულნი წინაპარნი მიტრიდატისა.

   
     
     
     
დროს მეფობისა რომის იმპერატორისა ნერონისა, პონტოს სამეფო შეიქმნა რომის თემად და ვიდრე 1204 წლამდინ ქრისტეს შემდგომ იყო მონებას ქვეშე ვიზანტიის იმპერატორთა. ხსენებულს წელიწადს თამარ მეფის შეწევნით - ალექსი კომნენმა დაიპყრა ტრაპეზუნი და იწოდა იმპერატორად ტრაპეზუნისა; სიგლებში ტრაპეზუნდის იმპერატორნი მრავალჯერ იწოდებიან მპყრობელად ივერთა და ჭანთა. ეს იმპერია არსებობდა 1461 წლამდინ; ამ წელიწადს ოსმალთა დაიპყრეს ეს იმპერია და ჰქმნეს საფაშოდ.*   * უწყება ტრაპეზუნის იმპერიის დაარსებისა სტატია აკადემიკოს კუნოკისა დაბეჭდილი უწყებათა შორის ს. პ. ბ. სამეცნიერო აკადემიისა, 1855, 733.
     
ბ. კოლხიდა მდებარებდა აღმოსავლეთის და სამხრეთის შავის ზღვის პირზედ; ასე რომ ძველ დროში მთელი პონტოს სამეფო იყო ცნობილი სახელსა ქვეშ კოლხიდა,* სტრაბონის დროს კოლხიდა ეწოდებოდა იმ ადგილებს, რომელნიც იწყებოდნენ ფსიხრონის მდინარის (აწ კოლოპოტამო) შესართავიდამ ზღვაში, ვიდრე ოლდირის მდინარის შესართავადმდე, სადაც მდებარებდა ჩინებული აღებმიცემის ქალაქი დიოსკურია (აწ იზგაური)**. კოლხიდა გარემოცული იყო კავკასიის მთებითა (ქართულად ღადო), რომლისაც ერთი მომავალი სამხრეთისაკენ კალთა (ლიხის მთები) გაჰყოფს იმერეთსა და ქართლსა. ერთი კალთა ამ მთისა მივა მტკვრის პირამდინ და იცნობება ძველთაგან მოსხას მთად, ე. ი. სამცხის მთად ან აჭარისა (აწ სოღანლუხის მთები და კარგა-ბაზარი); მეორე კალთა მტკვრიდამ პირს შეუქცევს ზღვასა და იწოდებიან ფერხათის მთად, რომელიც გაჰყოფს იმერეთსა და გურიას სამცხისაგან; სხვა კალთა ამ მთებისა, რომელნიც შეუდგებიან მტკვარსა, ისახელებოდნენ ძველთა მწერალთაგან კორაკის მთად (აწ ციხე — ჯვარი): კორაკის მთებს პონტოს მხარესკენ შეუდგებიან სციდიის მთები და მასუკან ნაჭილობევი.    * ქსენოფონტი IV და V წიგნი.

** სტრაბონის წიგნი XI თავი I; ჰლინი წიგნი VI'; არიენის აღწერა შავი ზღვის ნაპირებისა გამოცემული გოფმანისაგან ლათინურად, გვერდი 55.

     
ამ მთების წიაღში ჰქონდათ მრავალთა მდინარეთა დასაბამი, რომელთაგან ღირსია შესანიშნავად:    
     
ა. ფაზის მდინარე (აწინდელი რიონი), ჰქონდა სათავე, როგორც გვაუწყებს პლინი, მოსხის მთებში* სათავიდამ ვიდრე შორაპანამდინ იყო ნავით უვალი, და შორაპანიდამ ზღვადმდე ნავით სავლელი. ამ მდინარეზედ ნავით მიჰქონდათ და მოჰქონდათ სავაჭროები ვიდრე შორაპანადმე, შორაპანიდამ მტკვრადმდე ხმელის გზით, და მასუკან მტკვრით კასპიის ზღვამდე, საიდამაც გაჰქონდათ ინდოეთში და ჩინეთში. როგორც ამ აღწერისაგან ჰსჩანს, მდინარეს ყვირილას რაცხამდნენ რიონად და რიონსა ყვირილას შესართავადმდე გლაუკად. ფაზისს, შეუდიოდნენ მდინარენი: ღიპიუს (ცხენის წყალი), ციანა (ტეხურა);  

* პლინი წიგნი VI თავი 4. სტრაბონი XI § სტრაბონი ჰსწერს რომელ ფაზისს სათავე აქვსო სომხითში. 2.უსაბუთო, როგორცა ვჰხედავთ აწ ადგილების მდებარეობასს.

     

ბ. აბსარა პლინისა, აკამპსისი არიენისა და ბოას პროკოპისა (აწინდელი ჭოროხი). თუმცა პროკოპიმ ბოას მდინარის სათავე სწორედ აღწერა, გარნა მდინარის სავალი არის დაუჯერებელი და უგვანი. აი რას გვაუწყებს პროკოპი: „ბოას აქვს სათავე ჭანეთის მთებში, მარჯვნივ აქვს სამზღვარი ივერიისა, სადაც სრულდება კავკაზის მთა. ამ მდინარეს ერთვიან მრავალნი სხვა მდინარენი, დიდდება და მიიღებს ფაზის სახელსა; ორსავე მხარესა ჰსცხოვრებენ ლაზები და მდებარებს ქალაქი შორაპანი.“* ფაზის მდინარე მოუდიოდა ლაზისტანსა და არა ივერიას, ბოასის მარჯვნივი ნაპირი, როგორც ეხლაცა ჰჩანს, ეჭირათ მესხთა, და ამ მდინარეზედ არ იდო ქალაქი შორაპნისა; ეს რასაკვირველია არის ცთომილება გადამწერისა და არა პროკოპისა, ამისთვის რომ იმავე წიგნში და თავში განასხვავებს ორსავე მდინარესა, და მოუთხრობს რომ ლაზებმა მოიყვანეს სპარსთა მეფე ხოსრო სომხითით კერძო, განვლეს ბოასის მდინარე და რა მიახლოვდნენ პეტრეს ციხესა (აწ ქაჯთა ციხე ქობულეთში), ჰქონდათ ფაზის მდინარე მარჯვნივ. მაშასადამე ბოას და ფაზის მდინარენი იყვნენ სხვა და სხვა. აგრეთვე მეორეს ადგილში პროკოპი ამტკიცებს, რომელ ფაზის მდინარე სხვა იყო და ბოას მდინარე სხვა: „ამასობაში მერმეროიმ გაიარა სამზღვარი ივერიისა (ე. ი. სურამი) და ჰქონდა ფაზის მდინარე მარჯვნივ მხარეს“.** დიაღ, ქართლიდამ რომ შეხვიდე იმერეთში სურამის გზით მისასვლელად პეტრეს ციხედ, მარჯვნივ დაგრჩება ყვირილა (ძველთა მწერალთა ფაზისი). ამითი ჰჩანს რომ პირველი ჩვენება, როგორც ვჰსთქვით, გადამწერისაგან არის არეული, მისი შეცდომაა და არა პროკოპისა, როგორც ამტკიცებენ ორნი უკანასკნელნი ჩვენებანი.*** პროკოპის პირველმა უწყებამ შეიყვანა რომელნიმე სწავლულნი ცთომილებაში, მაგალ. პირველი დუბოა, რომელიც გვარწმუნებს რომ პროკოპის ბოასი არის სანის წყალი. თუ ეს ასე იყოს, მაშინ ბოასს არ ექნება სათავე ჭანეთის მთებში და არცა ამ მდინარეს მარჯვნივ მხარეს იქნებოდნენ მოსახლენი ივერიელნი, როგორც გვარწმუნებს პროკოპი, არამედ ლაზები; მეორე უფ. ემინი,**** რომელიც გვიმტკიცებს, რომელ ფაზისი არის ჭოროხი და არა რიონი და უდის სომხითის ადგილებს. აქ სომხითი არც ყოფილა, როგორცა ჰჩანს მთელის მწერლებისაგან, და არც აწ არის. ეს ადგილები ეჭირათ და ეხლაც უჭირავთ გათათრებულს ქართველებს ანუ მესხთა და ოსმალნი უწოდებენ გურჯისტანად. ამ ადგილს, ე. ი. სადაც ჭოროხი მოუდის, ეწოდებოდა კლარჯეთი და კლარჯეთი მოსეს ხორენაცის ღეოღრაფიით იყო ივერია და არა სომხითი***** ამაზედ ამის დაბლა კიდევ ვიტყვი ერთს ორს სიტყვას, აქ კმარა ამაზედ ლაპარაკი. უფ. ემინი დაუმატებს წინა თქმულსა, რომ ქსენოფონტი მოიხსენებსო ფაზის მდინარეს, რომელიცა ჰრწყამს სომხითსაო****** ქსენოფონტი მოიხსენებს არა ფაზის მდინარეს, არამედ ფაზსა. ფაზისის მდინარე სხვა არის და ფაზისა სხვა. არეზის სათავეს უწინ და ახლაც უწოდებენ ფაზად ადგილის გამო. ფაზიანი ან ბასიანი. კიპარტეს ქარტაზედ ახლაც ჰჩანს ფაზინ სუ (ე. ი. ფაზის მდინარე), ეგ არეზია, რომელსაც სათავე აქვს ბასიანის ქვეყანაში.

 

* სტრიტირის მატიანე ხალხთა ტ. 4 . გვ.45; პროკოპი ნათარგმნი რუსულად გვ. 288 (წიგნი 2, თავი 29.)

** პროკოპი წიგნი 2, თავ. 30.

*** არიენი თავის აღწერაში განასხვავებს ამ ორთა მდინარეთ, აგრეთვე პლინი და სხვანი ძველნი მწერალნი.

**** მოსეს ხორენაცის ისტორია რუსულად ნათარგმნი. გვერდი 344.

****** მოსე ხორენაცის ღეოღრაფია სენ-მარტენი 2 ტ. გვერდი 357 . სომხებს კლარჯეთი გეხარად გაუკეთებიათ, საქართველოს იმავე ღეოღრაფიით ეკუთვნოდა: არტაანი, შავშეთ-ჯავახეთი, სამცხე, აჭარა და სხვანი, რომელნიც შეადგენდნენ ჭოროხის მხარეს და არა სომხითსა.

****** წიგნი 4, თავი 6.

     
მეორე საუკუნეში ქრისტეს შობის უკან იმპერატორმა ადრიენმა დანიშნა მმართებლად პონტოსთემისა არრიენი, ამან აღწერა ეს ზღვის ნაპირები და მოუთხრობს,* რომელ კოლხიდა იწყების ღიზის მდინარეს შესართავიდამ ზღვაში, ამმდინარის მარჯვნივ ნაპირებისა ჰსცხოვრებენ მახელონები და გენიოხები, რომელთაც პლინი სახელ ჰსდებს ჭანად გენიოხად, ამათა ჰყვანდათ მეფე ანხილაუსი**; სცილაქს უწოდებს ამ ადგილს კეხეირად (ქართველების ეკლეცი და სომხების ეკეღეცი); ამის შემდგომ მდებარებდა ზღვის პირზედ ზუდრეთი (აწ ქობულეთი აჭარა, იმერხევი, შავშეთი და კლარჯეთი), ეკუთვნოდა ივერთა მეფეს ფარსმანს)***; ზუდრეთის შემდგომი იყო ლახივა (ე. ი. აწინდელი გურია.) აქ მეფობდა მელასი.  

* გვერდი 55 გოფმანისაგან გამოცემული.

** ეს ადგილი აწ არის ლასისტანი.

*** ფარსმან III იყო თანა მედროვე რომის იმპერატორის ადრიანესა, იყო რომის ქალაქში, მიიღო დიდი პატივი ხსენებულის იმპერატორისაგან და საჩუქრად ებოძა 500 აღჭურვილი მხედარი კაცი და მისცა ნება მსხვერპლის შეწირვისა კაპიტოლიაში. იმპერატორმა აღუმართა ბელონის ტაძარში ცხენოსანი აკლდამა. ნახე ბიოგრაფიულს ლექსიკონში სტატია სენ მარტენისა მიტრიდატ III.

     

ამის უკან იყო აპსილი (აწინდელი სამეგრელო). აქ მეფობდა იულიანოსი: ამას მოსდევდა აბაზგია (აფხაზეთი), მეფეთ იყო რესმაგი, და დასასრულ სანიგარი, (ჯიქეთი), სადაცა მეფობდა სპადაგას; მეექვსე საუკუნეში როგორცა ჰსწერს სომეხთ ისტორიკოსი მოსე ხორენაცი თავის ქვეყნების აღწერაში კოლხიდა განიყოფებოდა ოთხ თემად: მაგნეგიდი, აკრიუგა, გაზივი და ჭანივი ან ხასტიკი.

უფალი სენ მარტენი (ტ. 2, გვერდი 388, შენიშნულობა 65), გვაუწყებს, რომელ მაგნეგიდი არის პტოლომეას მახრალი ან აწინდელი სამეგრელო; აკრიუკა არის ეკრეკტიკა პომპონიის მელასი (წიგნი 1, თავი 191) და პტოლომეისა (წიგნი 5, თავი 10). აკრიუგა უფრო არგვეთია, აწინდელი იმერეთი, ვიდრეღა ეკრეკტიკა. ეკრეკტიკა არის სცილაქსის ეკახიერი (აწ ლაზისტანი); გაზივი (ლაზისტანი, ე. ი. გურია და ნაწილი იმერეთისა); ჭანივი ან ხალდეა (აწ ჭანეთი, პონტოს სამეფო).

ძველს დროში კოლხიდა შეადგენდა საქართველოს მხარესა, განიყოფებოდა, როგორც ჰწერს ვახუშტი 5 საერისთაოდ: ეგრისი (სამეგრელო), მარგვეთი ან არგვეთი (იმერეთი), წუნდა და არტაანი (აწ სამცხე); ოძრხე (გურია); კლარჯეთი (აწ სპერი ან ისპირის ხეობა და ტაო). პირველს საუკუნეში ქრისტეს შობას უწინ კოლხიდა ემორჩილებოდა პონტოს მეფეთა და შემდგომ ჰონტოს სამეფოს დაცემისა იყო აქ სამი დაუმოკიდებული ერთმან ერთისა სამთავრო: ლაზისტანი, სამცხე და ჭsნეთი, მეორე საუკუნეში ლაზებმა დაიპყრეს იმერეთი, სამეგრელო და შეადგინეს სამეფო, რომელიც მეხუთე საუკუნეში, იქმნა შორის ვიზანტიელთა და სპარსთა მიზეზი ბრძოლისა 472 წლიდამ ვიდრე 562 წლამდინ (1). სამცხეში აღმოჩნდნენ ბაგრატიონები, რომელთაც მოსპეს ლაზის მეფობა, დაიმონიეს იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი და მასუკან ქართლი და კახეთი. ჭანეთი იყო თემი პირველად რომისა და შემდგომ ვიზანტიის იმპერიისა ვიდრე 1202 წლამდე; ამ წელსა ალექსი კომნენმა შეწევნითა თამარ მეფისა დაიპყრა ტრაპეზონი და იწოდა მეფედ ივერთა და ჭანთა; ამისი მემკვიდრენი ჰფლობდენ ტრაპიზონში, ვიდრე დაპყრობადმდე ოსმალთა 1461 წლამდინ.

   
     

3 III

▲ზევით დაბრუნება


III.

ძველნი და ახალი მკვიდრნი მოსახლენი პონტოს სამეფოსი, მონათესაობა მათი საქართველოს ერთან და იგივეობა იმათის ენისა.

პირველ უწყებასა ხალხთათვის, რომელნიცა მკვიდრობდნენ პონტოს სამეფოში და კოლხიდას, ვჰსცნობთ ჩვენ ქსენოფონტის წიგნისაგან, ცნობილი სახელსა ქვეშე ანაბაზის, ე. ი. უკან დაბრუნება ათი ათასისა ბერძენთა მხედართა. ქსენოფონტი ჰსცხოვრებდა 400 წლის წინათ ქრისტეს შობისა, გამოიარა მთლად ჯერ კოლხიდის ადგილები და მასუკან პონტოს სამეფოსი და აღსწერა მკვიდრნი მოსახლენი და ადგილები დაწვლილებით და გასაოცებლის სისწორით. შემდგომნი ბერძენთა მწერალნი მხოლოდ განამეორებენ მის უწყებათა; ამისთვის ვრაცხე საჭიროდ, რაც შეეხების ხალხთა ან ამ ადგილების აღწერასა შემოკლებით განვიხილო. ქსენოფონტ მოუთხრობს:

   
     

„ჩვენ რომ გავიარეთ სათავე ტიგრის მდინარისა, სამის ახმით, მივედით თელებოას* მდინარის ნაპირა, სადაცა სახლობენ სომეხნი, ყრმანი ტირიბაზისა, მთავრისა ფაზიანთა და ჰესპერიტთა* რომელიც იდგა აქ თავის მხედრობითა და გვიპირობდა ომსა. ჩვენ რომ დავუახლოვდით ბარბაროზთა შეეშინდათ და გაიქცნენ. ამითი გაგვიადვილდა ჩვენ წინამდებარე გზა, თუმც სიცივემ და თოვლმა ძალიან შეგვაწუხა, გავედით ეფრატის მდინარესა და მივედით ფაზის მდინარის ნაპირსა,*** სადაცა მრე ვექმენით ხალიბთა, ტაოელთა და ფაზიანელთა; ამის შემდგომ შევედით ქვეყანასა ტაოელთ და მასუკან ხალიბთა. ხალიბები არიან შემმართებელნი და უშიშარნი ომისა, ტანზედ აცვიათ მოკლე კურტაკი, წვივზედ პაიჭები, თავზედ ჰხურავთ ზუჩი და საომრად სახმარნი იარაღნი აქვსთ: ხანჯალი, შუბი და წელზედ ჰკიდიათ თოკები****. ხალიბები იყვნენ ჩასაფრებულნი მთებში და ძალიან გვავნებდნენ. გავედით რა ჰარფასის მდინარესა (2) მივედით ქალაქსა ღიმნიას*****. ამ ქალაქის მოურავმან მოგვცა ჩვენ ეტიკი, რომელმან მიგვიყვანა ტიხის მთამდე;****** ამ მთის ქედიდამ დავინახეთ პონტოს ზღვა და შეგვექმნა სიხარული, რიგიანად დავსაჩუქრეთ ჩვენი ეტიკი და გადვედით მაკრონების ქვეყანაში. მაკრონებსა საჭურველად ჰქონდათ: ხის ფარი, შუბი და იყვნენ მოსილნი ნაბდებითა. ჩვენს მხედრობაში იყო ერთი მეომარი ნათესავით მაკრონი******* რომელიც გავგზავნეთ მოსალაპარაკებლად მაკრონებთან, რომ ჩვენ უვნებელად გაგვიშონ და საგზალი მო-გვცენ. მაკრონებმა სიხარულით აღასრულეს ჩვენი თხოვნა, მოგვცეს საგზალი და გვიჩვენეს გზა. შეგვიყვანეს კოლხიდაში, რომელიც ძალიან მოშენებული არის და დაუახლოვდით ტრაპეზუნსა. ტრაპეზუნი არის ქალაქი შავის ზღვის პირზედ, აშენე- ბული მოვაჭრეთა ბერძენთაგან კოლხელების ქვეყანაში ამ ქალაქის მცხოვრებმა კარგათ მიგვიღეს. სულადს ვჰშოულობდით დრილებისაგან******* და ვინც უძლური და დაჭრილი იყო ჩავსხით ნავებში და გავისტუმრეთ საბერძნეთში, სხვანი, ვისაც ღონე ჰქონდა შევუდეგით გზასა ზღვის ნაპირზედ და მივედით კერასუნს. ქალაქსა, რომელიც იყო დაარსებული კოლხიდაში. იქ დავისვენეთ რამთონიმე ხანი; იქიდამ გადავედით მოსინაკთა ქვეყანაში. მოსინაკებს მაშინ ჰქონდათ ერთმანერთში ბრძოლა, ჩვენ უშველეთ ერთ მებრძოლსა მხარეს, მრე ვექმენით მოპირდაპირეთა. ავიღეთ მათი ტახტის ქალაქი, სადაცა ვჰპოვეთ მრავალი სანოვაგე. მოსინაკნი არიან | მოქერაონი, ტანადნი, ბრგენი, იღებენ ტანსა სხვისა და სხვისა ფერითა და განსცხრებიან ავხორცობით აშქარად, თავზედ ჰხურავსთ რკინის ზუჩები, ტანზედ აცვიათ მოკლე კაბა, საომარი იარაღი აქვსთ ხის ფარი, ხელ-შუბა და ორპირი ნაჯახი. მოსინაკების შემდგომ ზღვის პირზედ ჰსცხოვრებენ ხალიბნი და მათ შემდგომ ტიბარენნი, მახლობელ ქალაქისა კოტიორა. ტიბარენთა ადგილი არის ვაკე და მდიდარი ნაყოფიერებითა,“ და სხვანი.

 

*თელებოას მდ. ერთვის ეფრატსა, ნახე ტექსიეს კარტები.

** ფაზიანი ქართველთა ბასიანი, ჰესპერიტი ქართველთ ისპირის ხეობა.

*** ფასის მდ. აქ არეზის მდინარეა, რომელსაც დასაბამი აქვს ბაზიანში და არა ჭოროხი, მისთვის, რომ ამ მდინარეს რომ გავიდა, შევიდა ტაოს ქვეყანაში, სადაც ჰდის ჭოროხი.

**** როგორც ახლანდელს გურულებსა.

***** ჰარფასე არის ისპირი, ერთი ტოტი ჭოროხის მდინარისა და არა არპაჩ, როგორც ჰგონებს ინგლისის მწერალი აინსვორტი და ვივიენ სენმარტენი, გვ. 321 ტომი I.

******ღიმნიას ქალაქი, აწ ჯიმილი და არა ჯინისი, რომელიც მდებარებს მახლობელ არზრუმისა, როგორც ჰგონებს აინსვორტი ან ვივიენ სენ მარტენი. ჯერ არზრუმს გაივლიან და მასუკან ტაოს ქვეყანაში შევლენ, აქ კი წინაუკუღმად არის, ჯერ ტაო გაუვლიათ და მასუკან არზრუმს მისულან. ქსენოფონტს უკეთ ჰცოდნია ეს ადგილები ვიდრე განათლებულთ ევროპიელთა.

*******ქართული სახელი ტიხა, ტიხის მთა აწ ჭარანტაში ნახე ტექსიეს კარტები.

******** მაკრონები არიან სანი ან ჭანები, სტრაბონის წიგნი 12. ამითი ჰჩანს რომ ტაოელნი, ხალიბნი და ისპირის ხეველნი იყვნენ ქართველნი და მაკრონი ჭანნი; მხედარმა იცოდა ჭანური ენა, და არ იცოდა ქართული, რომ ელაპარაკნა ქართველებთან.

********* დრილები არიან ჭანელები ან სანები, როგორ ამტკიცებს არრიენი, გვერდი 54, 55.

     

პირველი ხალხი, რომელიც მოიხსენება ზემოხსენებულს განხილვაში, არის ფაზიანი, ქართველთა ბასიანელი. ბასიანსა, როგორც ჰსჩანს ქსენოფონტის აღწერისაგან, ჰრწყავს მდინარე არეზი, რომელიც ადგილის გამო ისახელებოდა, აწცა ისახელების ფაზის მდინარედ (ფასინ სუ ოსმალთა). მცხოვრებნი ბასიანისა ან ფაზიანნი ქსენოფონტისა* არ ეკუთვნოდენ ნათესაობით არცა საქართველოს ხალხთა, არცა სომხისა** და ღეროდოტის დროს იწოდებოდნენ ალაროდიანად.*** ვახუშტი თავის საქართველოს აღწერაში ჰსწერს, რომ ეს ადგილი წინაპირველად ეჭირათ სომეხთა, მათ შემდგომ დაიმონიეს ბაგრატიონთა და შემოაერთეს სამცხესა და მუნიდგან ეკუთნვის საქართველოს**** აწ ბასიანი შეადგენს არზრუმის ქვეყანასა.

   * წიგნი 4 §. 6.

** სტრაბ. წიგნი 12 თავი I. § 1.

*** ღეროდ. წიგნი 3 § 90, 94. *** ვახუშტისა გამოც. უფ. ბროსეტისაგან გვ. 120.

     

მეორე ხალხი ხსენებული ქსენოფონტესაგან არიან ტაოხნი ე. ი. ტაოელნი, ან ტაოს მცხოვრებნი*. ტაო, ცნობილი საქართველოს თემი, აწცა მდებარებს მარცხნივ ნაპირასა ჭოროხის მდინარისა, გარნა მარჯვნივ ნაპირზედ იყო არტანუჯის საერისთაო. უპირველესი ქალაქი ტაოში იყო და აწცა არის ოლთისი; ტაოსა ჰრწყამდა თორთომის მდინარე, ტოტი ისპირის მდინარისა: სამზღვრად ჰქონდა ჩრდილოეთით მთები, რომელიც შეუდგებიან ისპირის ხეობას და სამხრეთით ირაჯლუს მთა (აწ კარგა ბაზარი და მოსხის მთა), რომელიც გაჰყოფდა ტაოს ბაზიანისაგან. აქ სათანადო არის შენიშნვა რომელ კიპარტის ქარტებზედ ჭოროხს სახელს ჰსდებენ ისპირის ხეობად, და ნამდვილს ჭოროხსა თავასუდ და ოლთისსუდ, წინააღმდეგ ძველთა მწერალთა და ვახუშტისა აღწერისა.** მას ზევით მდებარებდა სპერი ქართველთა მწერალთა ისპირის ხეობა; ტაო და სპერი შეადგენდნენ კლარჯეთის საერისთოსა. ***

  * ქსენ. წიგნი 4 § 7.

** ვახუშტის ქარტა და აღწერა, გვ. 120. ისპირის მდინარეს ქსენოფონტი ახსენებს ჰარფასად. ნახე ზევით შენიშნულობა.

*** სპერი, ან ისპირი ცნობილიყო ძველთა მწერალთაგანცა: ღეროდოტე უწოდებს ჰესპერად, ან სასპირად.

     

აწინდელთა სომხების მწერალთა ჰგონიათ, რომ ორივე ეს თემი, ე. ი. ტაო და სპერი ეკუთნოდათ მათ და იყვნენ მუნ მკვიდრნი მოსახლენი; ეს აზრი ტყუილია, ძველნი მწერალნი თვით სომეხნი ამტკიცებენ წინააღმდეგსა*. აქ არ იყო სომხობა, ეს იყო ნამდვილი საქართველო, სახელ-ედებოდა ზემო ქართლი და არა სომხითი. აწცა იწოდების ოსმალთაგან გურჯისტანად და მკვიდრნი მოსახლენი არიან გათათრებულნი ქართველები, რომელთაც არ დაუვიწყნიათ ქართული ენა.

  * მოსე ხორენაცის ღეოღრაფია, სენ-მარტენის ნათარგმნი. ტ. 2, გვ. 357, სადაც კლარჯეთს ეწოდება გეხარდი; ვარდანის გეოგრაფია სენ-მარტენის ნათარგმნი გვ. 427, სადაც სინათლით ამბობს რომ დაიკი, ე. ი. ტაო, ეკუთნვის იბერიას და მოუდის ისპირის მდინარე.
     
     

აქ გამოჩნდნენ პირველად ბაგრატიონები, ეს იყო მათი სამშობლო-მამული. სომხებსა ჰგონიათ, რომ რაც ბაგრატიონებს ეჭირათ მამული და ადგილები იქ სულ სომხობა იყო, — ამაზედ ძალიანა ჰსცთებიან: ჯერ თვით ბაგრატიონები არ იყვნენ სომხები. მოსე ხორენაცი მოუთხრობს რომ „შამბა (სუმბატ) ბაგრატიონი, თავის- ნებით შევიდა მფარველობას ქვეშე ვაღარშაკისა სომეხთა მეფისა, რომელმან ნამსახურობისათვის უბოძა ერისთობა დასავლეთის მხრისა, სადაც არ ლაპარაკობენ სომხურად“.* დასავლეთი სომხითისა არის: ბასიანი, ტაო, სპერი, არტანუჯი, და სხვ. რომ ბაგრატიონები არ იყვნენ სომხები და არცა ჰრწმენდათ სომხების სარწმუნოება მოსე ხორენაცი მრავალჯერ განამეორებს. ჩვენი ცხოვრება მოუთხრობს რომელ ბაგრატიონნი, ჩამომავალნი დავით წინასწარ-მეტყველისა და მეფისა მოვიდნენ IV საუკუნეში** ეკლეცად და ნათელ-იღეს ხელითა რაქილ დედოფლისათა***. ჭეშმარიტად პირველი ბინადრობა ბაგრატიონთა ამ ადგილებშია და არა სომხითში, ეს იყო, როგორცა ვჰსთქვით, მათი სამშობლო ქვეყანა. შემდგომ ქართლისა და კახეთის დაპყრობისა არაბთაგან ქართველობა განძლიერდა ამ ადგილებში. მეშვიდე საუკუნეში ქართველებმა, დავით გარესჯის უდაბნოს მაგიერად, აქ დააფუძნეს ოლთისის მონასტერი, თავი და დასაბამი სამღვთო და საეროთა სწავლათა, აქ განვჰრცელდა, წინააღმდეგ მაჰმადიანობისა, ქრისტიანობის სარწმუნოება, ასე რომ IX საუკუნეში აქ იყო 13 სამღვდელმთავრო საყდარი ან ეპარხია: მაწყურელი (აწყვერში); კუმურდოელი (კუმურდოისა ან ჯავახეთისა); იშხნელი (ან სპერისა); ანჩელი (აჭარისა); მტბევარი (ტბეთისა ან შავშეთისა); წურწყამელი (წურწუმისა); წყაროსთველისა (ფოსოჩუღურეთისა); გალაშვერთელი, ანელი, კარელი (კარი და ოლთისი); ბანელი (ტაოსკარი და ფანასკერტ); დადაშნელი (კოლა და არტაანი); ამათ გარდა ბაიბერთის ახლოს აშენებული იყო ხახულის მონასტერი. ეს იყო სამშობლო ქვეყანა ჩინებულთა სამღვთო მწერალთა, წმინდათა მამათა იოანესი, ევთვიმისა, გიორგი მთაწმინდისა, გიორგი ოლთისელისა და სხვათა მრავალთა, რომელთაც სულ ახლად გვითარგმნეს სამღვთო წერილები. აქ იშვა ერისთავი თორნიკი, აღმაშენებელი დიდის ივერიის მონასტრისა ათონის მთაზედ, აქ გამოჩნდნენ უწარჩინებულესთა ამბავთა მწერალნი და მოშაირენი, ვითარ: შოთა რუსთველი, სარგის თმოგველი, აბდულ მესსია შავთელი და სხვანი.

  * მოსე ხორენაცი ემინის ნათარგმნი გვერდი 79.

** უფ. ბროსსეტის ქართლის ცხოვრება.

*** ეკლეცი არის ეკესეირი სცილაქსისა, აწ ლახისტანი და არა აქცილინა; როგორც მოუთხრობს უფ. ს. მარტენი.

     

მესამე ხალხი იყვნენ ხალიბნი. ქსენოფონტი ორჯელ მოიხსენებს ამ ხალხს, პირველად, ვითარცა მცხოვრებთა, ტაოელთ შემდგომ, ისპირზედ, და მეორედ შავის ზღვის პირზედ მახლობელ კერასენის ქალაქისა. სტრაბონი ჰგონებს რომ ხალიბები ის ხალხნი არიან, რომელთაც უმიროს* სახელჰსდებს ჰალიზონად, ან ალაზნელად,** აქ მოსულან ადგილიდან ჰალიმე, სადაც იპოვება ვერცხლის მადანი. ვივიენ სენ–მარტენი გვაუწყებს,*** რომელ ჰალიზონები აწ ალაზნელები იყვნენ აქ მოსულნი და დასახლებულნი თერმადონის მდინარის პირზედ, ტროადის ბრძოლის უწინ. უფ. დუბოა**** დარწმუნებით ამბობს, რომ ხალიბები ან ჰალისონები, ან ალაზნელები ჰსცხოვრებდნენ წინაპირველად ალაზნის მდინარის ნაპირზედ კახეთში. ეს აზრი დასაჯერებელია პირველად ამიტომ რომ ძველნი მწერალნი, მაგალ. სცილაქს კორიანდელი***** და პლინი****** ჰსწერენ, რომ ხალიბები მოსახლეობდნენ როგორც აქ პონტოს სამეფოში, ისე ქართლში,- და ამითი ჰჩანს რომ იყვნენ ერთი და იგივე ხალხი, მეორე,- მცირეს აზიაში აწცა იპოვებიან მრავალნი სახელნი მდინარეთა, ქალაქთა, ადგილთა, რომელნიც იხილებიან საქართველოშიაც, მაგალ. ქიზიკი ქალაქი მდებარე მარმარილოს ზღვის პირზედ და ქიზიყი, მდებარე კახეთში; ქუთაია ქალაქი, მდებარი ფარსაკის მდინარის სათავეზედ და ქუთაისი იმერეთისა; მდინარე ენგური რომელზედაცა ჰსდგას ქალაქი ანგორა ან ენგური და მდინარე სამეგრელოსი ენგური; ონის ქალაქი შავის ზღვის პირზედ მახლობელ ჰალისის ან კიზილერმაკის შესართავისა და ონი იმერეთში; ჰალიზი ან ალაზანი და ალაზანი კახეთში და სხვანი მრავალნი.

  * სტრაბონი წიგნი 12, თავი ორი, § 19 და 21; ილიადასტისი 856, 857.

** ე. ი. მცხოვრებნი ჰალიზის (კიზილერმაკი) ან ალაზნის მდინარის ნაპირზედ. სტრაბ. მუნვე.

*** მცირე აზიის აღწერა, ტ. 1. გვერ. 250, 251.

**** მოგზაურობა ტომ. 4, გვერ. 133, 139.

***** ბუას ძველი ქარტები ატლასში.

****** წიგნი თავი 6, 10.

     

მეოთხე ხალხი ქსენოფონტისა არიან მაკრონნი, სტრაბონი ამბობს რომელ მაკრონები იმის დროს იწოდებოდნენ სანად,* რომელთაც პლინი** სახელ ჰსდებს სანად გენიოხად, არიანი ტანად*** და ვიზანტის მწერალნი ტცანად.**** ყველამ ვიცით რომ ბერძნებს არა აქვსთ ასო ჭ. ამისთვის ჭ მაგიერად ზოგს უხმარია „ს“,ზოგს „ტ“, ზოგს „ტც“. სანი ან ტანი ან ტცანი არის ქართველებისა ჭანი*****. ღეროდოტიც მოიხსენებს მაკრონებსა და მოუთხრობს, რომ მათ ჰქონდათ ჩვეულებაწინადაცვეთისა, როგორც კოლხიდელებსა******, სცილაქსი უწოდებს მაკრონებს მაკროცეფალი.******* მაკრონები სახლობდნენ ჭოროხის მდინარის მარცხნივ ნაპირზედ, სადაც ეხლა ლაზები დგანან,********და მარჯვნივ ნაპირი ეჭირათ ივერიელთა. ქსენოფონტის აღწერა ამას სრულებით ეთანხმება. როდისაც ქსენოფონტი ჰარპასის მდინარეს გავიდა (ისპირის ხეობა), და გადიარა ნაჭილობევის მთები, რომელნიც აწცა განსაზღვრენ ჭანეთსა სამცხისაგან, მაშინ შევიდა მაკრონების ქვეყანაში, რომელიც ამ სახით მდებარებს მარცხნივ ნაპირსა ჭოროხის მდინარისა. მაკრონებს, ე. ი. ჭანებს, რომელნიც სახლობდნენ მთებში, უწოდებს სეპტაკომედად (ე. ი. შვიდი კოშკი), და დაუმატებს, რომ სეპტაკომეტებსა ძველად ერქვათ მოსინაკები ე. ი. კოშკებზედ ან ბურჯებზედ მცხოვრებნი (4); ამისაგან ჰსჩანს რომ მოსინაკები და მაკრონები ერთი და იგივე ხალხია, ჭანად წოდებულნი. ამას გარდა სტრაბონი გვაუწყებს რომელ სანებმა (ჭანელებმა) მოსრეს სამი გუნდი რომაელთა მხედრობისა, მიდრიდატის დიდის ომის დროს პირის პირ რომაელთა. იუსტინიანე იმპერატორის დროს შევიდნენ მორჩილებას ქვეშე ვიზანტიისა და მიიღეს ქრისტიანობის სარწმუნოება.

 

* სტრაბ. წიგნი 12, თავი 2. §. 19.

** წიგნი 6, თავი 3.

*** არიენის აღწერა შავის ზღვისა, გამოც. გოფმანისა. **** სტრიტერის მატიანე ტ. 4 . გვ. 220, 225, 226.

**** ჭანი ქართულად ნიშნავს გამხდარსა, ჭნავსა.

***** ღეროდ. წიგნი 2, § 104.

****** დუბუას ძველი ქარტები ატლასში. მაკროცეფალი, ბერძნ. გრძელ თავიანი.

******* სტრიტერის მატიანე 4 ტ. გვ. 395.

******** წიგნი 12, თავი 2. §. 19.

     

მეხუთე ხალხი იყვნენ ტიბარენნი, სახლობდნენ ვაკე ადგილებზედ, გარემოს თერმეს მდინარისა, მახლობელ კოტიორა (აწ ორდუ) ქალაქისა, შეიმუშავებდნენ მიწასა და ჰყვანდათ მრავალი საქონელი, წესი და ჩვეულობა ჰქონდათ მსგავსად ივერიელთა.* ტიბარენნი, ხალიბები სახლობდნენ როგორც აქა, ისე სამცხეში და ქართლში.** სამღვთო წერილში და გეროდოტის აღწერაში მოსხნი და ტიბარენნი ან თობალი ერთად მოიხსენებიან, ვითარცა ერთად ერთი ხალხი/*** ვიზანტის მწერლები არ მოიხსენებენ ამ ხალხსა, რადგანაც მათი სადგომი ადგილები იმ დროს ეჭირათ ჭანელებსა.

  * სტრაბ. ტ. 1 გვერდი 484.

** გეროდ. წიგნი 3. § 94; სცილაქს კორიანდელი, დუბას ძველი კარტები ატლასში.

*** და ბად. შესაქმეს წიგნი თავი 40 მუხლი 2; ეზეკიის წინასწარ-მეტყველება თავი 27, მუხლი 13—21; კვალად 32 — 26: 38—2.

     

ამ ხალხთა განხილვისაგან ჰსჩანს, რომელ ტაოელნი და ისპირის ხეველნი, სომეხთა სპერი, — შეადგენდნენ კლარჯეთის საერისთაოსა. ეკუთვნოდენ ნათესაობით საქართველოს ხალხსა, იწოდებოდნენ, ახლაც იწოდებიან მესხად. კლარჯეთის საერისთოს აწცა ოსმალნი უხმობენ გურჯისტანად. ე. ი. საქართველოდ; ხალიბები, სტრაბონის დროს იწოდებოდნენ ხალდად და არა ქალდეველად. ხალიბი ან ხალდი და ჭანი ერთი და იგივე ხალხია. ესე ჰსჩანს, პირველად ვიზანტის მწერალთაგან, რომელნიც გვაჭეშმარიტებენ რომელ ჭანნი იყვნენ ხალდიის მოსახლენი;* მეორედ: მოსე ხორენაცი, რომელიც მოგვითხრობს, რომელ რომის იმპერატორი ტაციტი იყო მოკვდინებული ჭანეთში ან ხახტვაში, ე. ი. ხალდეაში;** აგრეთვე სომეხთა მწერალი ეგიშე ამტკიცებს ზემოხსენებულსა.*** მესამედ: ძველნი მწერალნი, მეტადრე ქსენოფონტი**** და არიენი,***** მთელს ზღვის ნაპირსა, რომელიც ეჭირა პონტოს სამეფოსა, უწოდებენ კოლხიდად. როგორცა სჩანს მოსეს ხორენაცის ღეოღრაფიისაგან, კოლხიდა ან ეგერი განიყოფებოდა ოთხ თემად: მაგნედიხი, პტოლომეას მანრალია ან აწინდელი სამეგრელო; ახრიუგა აწ არგვეთი ან იმერეთი; ღაზიგი აწ გურია და ჭანივი აწ ჭანიკა ან ტრაპეზუნის პაშალივი.****** ევროპიელნი ჭანებს უწოდებენ ლაზებად. ლაზები, როგორც ჰსწერს პლინი, არიენი და საკუთრად ვიზანტიის მწერლები, ჰსცხოვრებდნენ აწინდელს გურიაში. ლაზებმა მეოთხე და მეხუთე საუკუნეში დაიპყრეს იმერეთი და სამეგრელო და შეადგინეს ერთი სამეფო, რომელსაც ერთის მხრით ვიზანტიელები და მეორეს მხრით სპარსნი ერთმანერთს ეცილებოდნენ და ჰქონდათ ას წლამდი ბრძოლა. ლაზისტანსა სამხრეთის სამზღვრის ნაპირზედ ჰქონდა პეტრეს ციხე (ქაჯთა ციხე ქართველთა) ქობულეთში.******* ლაზი ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს მეკობრესა ან ავაზაკსა.

 

* სტრიტირის მატიანე ხალხთა ტ. 4. გვ. 229.

** მოსე ხორენ. თარგმანი ემინისა, გვერდი 127.

*** რუსული ნათარგმნი შანშიევისა გვ. 127, ფრანციც. ნათარგმნი დულორიესი, გვერ. 209.

**** გამოცემ. გოფმანის გვერდი 5.

***** ქსენოფონტი წიგნი 4. 5 და 6.

****** ს. მარტენის ნათარგმნი ტ. 2 და 357.

******* სტრიტირის მატიანე ხალხთა ტ. 4. გვ. 229.

******** არიენის გამოც. გოფმანია. გვ. 55; მატიანე ხალხთა სტრიტირისა ტომი 4 გვ. 224.

     

ხალხის სახელები, რომელნიც ამის ზევით მოვიხსენეთ, არიან ან ქართულნი: ვითარ ისპირელი, ტაოელი, ჭანი, მესხი,—ან ბერძნულნი, ვითარცა ხალიბი, ხალდი, მოსინაკი, მაკრონი, მაკროცეფალი, სეპტაკომიტი, ტიბარენი ან თობალი.

ქართულნი სახელები აქამომდე დარჩნენ შეუცვლელად, გარნა ბერძნულნი დროთა ვითარებისაგან განჰქარდნენ.

მთელი აწინდელი ტრაპეზუნდის პაშალიკი დასახლებულია ჭანებითა.

აქა ჯერ არს. შენიშნვად, რომელ აწცა მრავალნი სახელნი მთათა, მდინარეთა, ქალაქთა, დაბათა ტრაპეზუნის პაშალიკში არიან ქართულნი, ვითარცა: ნაჭილობევის მთები საშუალ პონტოს სამეფოსა, თემი ჟომურა (ჟიმურა) ტრაპეზონის დაბლა; გომიში (კამბეჩი მეგრულად) სადაც ვეცხლის ქანია; ქაჯთ კარი (მთა), გაცურის მთა; ჭალა, მთა ქალაქის კერასენის მახლობლად; ნებიანი მთა ბაფრას ქალაქის ახლოს; ქურდბელი, მთა ქალაქის ნიკსარის მალხლობელ; თავშავის მთა, მდინარის კიზილერმაკის მახლობელ; ჰალისის მდინარე ან ალაზანი ირისეს მდინარე და სხვანი მრავალნი.

ზემოსხენებულის განხილვისაგან ჰჩანს რომ ყოფილს პონტოს სამეფოში ან აწინდელს ტრაპეზონის საფაშოსში მკვიდრნი მოსახლენი იყვნენ ჭანელნი, რომელთაც ენა სრულიად ემგზავსება მეგრელთ ენასა. დასამტკიცებლად ჩვენისა აზრისა, განვიხილოთ ღრამმატიკული მწყობრი ორივე ენისა, ვალად ვრაცხ აქ გამო-ცხადებასა რომ ჭანურის ენის ღრამმატიკის კანონები გამომიგზავნა მე პატივცემულმან თავადმა გრიგოლ დავითისძემ გურიელმა, რომელმან არ რიდა შრომა და თავს დადებით და გულმოდგინებით მისცა წარმართება აღსახსნელად ჩვენისა წინადადებისა.

   
     

ნაცვალ სახელი ყოველს ენაში არის უპირველესი სიტყვა, რომელიც განჰკარგავს როგორც სიტყვის სახელსა - ისე ზმნასა. ქართულს ენასა აქვს ორ გვარი პიროვანი ნაცვალ-სახელი, პირველი კერძოობითი, ვითარცა: მე, შენ, ის, იგი, მას, ჩვენ, თქვენ, იგინი, ისინი, მათ, — და რთულნი ზმნათა თანა: ეჰ, ვა, ვი, ვუ, ვე, მ, მა, მ. პირველსა და მეორე პირთა კერძოობითა ნაცვალ სახელთა არა აქვსთ კანკლედობა, ჩემი, რომელიც მოუღიათ ჩვენის ღრამმატიკის მწერალთ, ვითარცა ნათესაობითი ბრუნვა, არ იხმარება როგორც ნათესაობითი ბრუნვა, არამედ ვითარცა სახელობითი ბრუნვა, რომლისა ნათესაობითი არის ჩემისა, მიც. ჩემსა, მოქმ. ჩემითა და სხ. აგრეთვე შენი არ არის პირობითი ნაცვალ სახელი, არამედ მოგებითი. ჩვენი ენა შეადგენს ერთსა დარგსა ინდოევროპიულის ენებისას, ძალიან ძველია და შეცვლილი დროთა ვითარებისაგან. სპარსული და სომხური არიან უახლესნი ვიდრე ქართული და ამის გამო ცოტად შეცვლილნი არიან. თალიშინის ენაში,* რომელიც მონათესავეა სპარსულის ენისა, ვჰპოვებთ პიროვანს ნაცვალს სახელსა მე; ეს ნაცვალ სახელი თქმულს ენაში არის აგრეთვე შეუცვლელი და არა მქონი ბოლოს ცვლილებისა; დასანიშვნელად ნათესაობითის ბრუნვისა თალიშნელები უმატებენ თანდებულსა ჩე, რომლითაც შესდგება ჩემე და ჩემი; მსგავსადვე შესადგენად მიცემითის ბრუნვისა თავს უსმენ სხვას თანდებულსა, რომელა ბი და შეადგენენ ბიმე. აგრეთვე ფრანციულს ენაში პიროვანს ნაცვალ სახელსა, სრულიად მსგავსისა ქართულის, რომელი მე(me). მოა(moi)არ შეიცვლის ბოლოსა, და დასანიშნველად ნათესაობითისა ან მიცემითის ბრუნვისა ხმარობენ სხვა და სხვათა თანდებულთა. ნაცვალ სახელი ჩემზედ, ჩემთან, მიიღებს მნიშვნელობასა ნათესაობითის ან მიცემითის ბრუნვისას; ნაცვალ სახელი მესამეს პირისა ის, ეს, ეგ, იგი, მრავლ. ისინი, ეგენი, იგინი, აგრეთვე არიან შეუცვლელნი, გარნა ნაცვალსახელი მან, იმან (შემოკლებით იმ), არის ცვლადი: ნათ. მის. მიცემ. მას: მრავლობ. მათ. აგრეთვე მეგრულს და ჭანურს ენაში თქმულნი ნაცვალსახელნი არიან უცვალებელნი: მე მეგრ. და ჭანურ. მა, ჩვენ მეგრ. და ჭან. ჩქუ; შენ, მეგრ. და ჭანურ. სი; მრავლ. თქვენ მეგრ. და ჭანურ. თქვან, მესამე პირი იმ, იმან, მეგრ. და ჭან. ნათესაობ. მისი, მეგრ. და ჭანურ. ჰემოში; მიცემ. იმას, მეგრ. და ჭანურ ჰიმუშა: ისინი, მეგრ. და ჭანურ. ჰიმი; ნათეს. და მიცემ. იმათ, მეგრ. და ჭანურ. ჰინისა; მოგებითი ნაცვალსახელი ჩემი, მეგრ. და ჭანურ. ჩქიმი; მრავლ. ჩვენი, მეგრ. და ჭანურ. ჩქინი; შენი, მეგრ და ჭანურ. სქანი, თქვენი, თქვანი; იმისი, ან ემისი მეგრ. და ჭანურ. ემუში; რა, მეგრ. და ჭანურ. მუ და სხვანი.

  * Записки Кавк: Общества кн. 3-тая.
     

რთულნი ნაცვალ სახელნი, რომელნიც მოზავებიან ზმნათა მაპიროვნებლად, იხმარებიან ან მარტივად, მაგ. ვჰ, ვა (ვჰსწერ, ვზომ, ვაყრი); ან შერთვით, როდესაც ორნი ნაცვალ სახელნი შეერთდებიან, მაგალ. ვი, ვუ (ვიწერ, ვიზომ, ვუწერ, ვუზომ); ვი შედგების ორის ნაცვალ სახელისაგან ერთი ვ, მეორე ი მაგალ. ვიშენებ, შენებას აღვასრულებ ჩემთვის, ჩემს სასარგებლოდ; აგრეთვე ვუ, შედგების ორის ნაცვალ სახელისაგან ვ პირველის პირისა და უ მესამე პირისა, მაგალ. ვუშენებ. ე. ი. სასარგებლოდ ვისთვისმე ვაშენებ. ნაცვალსახელი უ იპოვების სპარსულს ენაშიაც, აქედამ ჰსწარმოებს რუსული OНЪ, და ფრანციული ON; ამ გვარი ნაცვალ სახელები იპოვებიან მეგრულში და ჭანურს ენაში. მაგალ. ვჰსწერ; მეგრ. და ჭანურ. ვჰჭარუ; გიწერ, მეგრ, და ჭანურ, ვიჭარუ; ვუწერ, მეგრ. და ჭანურ. ვუჭარუ. მიმოხვრა ზმნისა წერა, მეგრ, და ჭანურ. ჭარუა

აწმდგომი:

ქართული; ვჰსწერ, ჰსწერ, ჰსწერს; ვჰსწერენ, ჰსწერეთ, ჰსწერენ.

მეგრული:

ვჭარუ, ჭარუ, ჭარუნს; ვჭარუნთ, ჭარუნთ, ჭარუნა. ჭანური: ვჭარუმ, ჭარუმ, ჭარუმს; ვჭარუმთ, ჭარუმთ, ჭარუნა.

სრული:

ქართული:

ვჰსწერე, ჰსწერე, ჰსწერა; ვჰსწერეთ, ჰსწერეთ, ჰსწერეს.

მეგრული.

ვჭარი, ჭარი, ჭარუ; ვჭარით, ჭარით, ჭარეს.

ჭანური.

ვჭარი, ჭარი, ჭარუ; ვჭარით, ჭარემტით, ჭარეს.

მიმოხვრა ზმნისა ვარ, მეგრულ. და ჭანურ. ვარე.

აწმდგომი:

ქართული: ვარ, ხარ, არს: ვართ, ხართ, არიან. მეგრული. ვორე, ორექ, ორე; ვორეთ, ორეთ, ორენა. ჭანური. ვორე, ორე, ონუ; ვორეთ, ორეთ, ორერან. (თავ. გურიელის გრამატიკა.) ჭანური. ბორექორე, ქორენ; ბორენ, ქორეთ, ქორენან. (როზენის ღრამატიკა.)

სრული:

ქართული: ვიყავ იყავ, იყო; ვიყავით, იყავით, იყვნენ.

მეგრული:

ვორდი, ორდი, ორდუ, ვორდით, ორდით, ორდეს.

ჭანურად:

ქობორტი, ობორტი,—:ქობორტით, ქორტით, ქორტეს.

კანკლედობა სახელისა ტყე, მეგრ. ტყა, ჭანურად დაღ. წრფელ. ტყე, მეგრ. ტყა, ჭანურ. დაღ; ნათეს. ტყისა, მეგრ, ტყაში, ჭან. დაღიშ; მიცემ. ტყესა. მეგრ. ტყას. ჭან., დაღიშა; მოქმ. ტყითა, მეგრ. ტყათ, ჭანური, დაღითე; მრავლ. წრ. ტყეები, მეგ. ტყეეფი, ჭანურად დაღეფე; ნათეს. ტყეებისა, მეგრ. ტყეეფის, დაღეფეში; მიცემ. ტყეებსა, მეგრ. ტყეფს, ჭანური, დაღეფეშა; მოქმ; ტყეებითა, მეგრ. ტყეფით: ჭან. დაღეფეთე.

რიცხვითი სახელი: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი. მეგრული, — — ართი, ჟირი, სუმ, ოთხი, ხუთი, ამშვი. ჭანური, — — არ, ჟურ, სუმ, ოთხუ, ხუთ, აშ. ქართული: შვიდი, რვა, ცხრა, ათი, ასი, ათასი. მეგრული, შქვითი, რუო, ჩხორო, ვითი, ოში, ათასი. ჭანური: შთვიდი, ორვო, ჩხორო, ვით, შალია.

ამ მცირე გაშინჯვითა ჰჩანს, რომ ჭანური ენა ძალიან ემსგავსება მეგრულსა. დასასრულს ეს უნდა ვჰსთქვა, რომელ საქართველოს ხალხი მკვიდრობდნენ და აწცა მოსახლენი არიან. ქართლისა, კახეთისა, იმერეთისა, სამეგრელოსი, გურიასა, აწინდელს ტრაპეზუნის საფაშოში და უჭირავთ შავი ზღვის ნაპირი კოდორის შესართავიდამ ვიდრე შესართავადმდე კიზილერმაკისა და იყვნენ ძველს დროში უპირველესნი ხალხნი, ჩინებულნი და ღირსნი შესანიშნავად.

დავით ჩუბინოვი.