წერილი
გაბრიელ ეპისკოპოსისადმი [1891 წ. 8 თებერვალი].
თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ,
მოწყალეო ბატონო მამათ-მთავარო გაბრიელ!
„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“ საერთო წევრთა კრებამ 21 ნოემბერს 1890 წ. ერთხმად აღიარა უღრმესის პატივისცემით და გულითადის მადლობით თქვენი მრავალგვარი სამაგალითო მოღვაწეობა საზოგადოდ და ქართულის მწიგნობრობის გავრცელებისათვის საკუთრად და ერთხმადვე დაადგინა, უმორჩილესად გთხოვოთ მიიღოთ ამ „საზოგადოების“ საპატიო წევრობა, რათა თქვენი ბრწყინვალე სახელი ჩაერთვას მისთა საქმეთა და თქვენმა მონაწილეობამ გაუადვილოს „საზოგადოებას“ გზა მისაღწევად მისდა დანიშნულებისა.
უმორჩილესად მოგახსენებ რა თქვენს ყოვლად უსამღვდელოესობას ამ განაჩენს ჩვენის „საზოგადოებისას“, ვალად ვრაცხ ზედ დავძინო, რომ „საზოგადოების“ გულწრფელი ნატვრაა, ინებოთ თქვენ მისი საპატიო წევრობა მისდა სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად.
თქვენის ყოვლად უსამღვდელოესობის უღრმესი და უგულითადესი პატივისმცემელი, თავ-მჯდომარე „საზოგადოებისა“
[ილია ჭავჭავაძე]
. გაბრიელ ქიქოძისადმი
ხელნაწერი: ავტოგრაფი A ფონდი 481, I, 303 ფ. 1. ნაბეჭდი:
ი. ჭავჭავაძე, თსკ, ტ. X, თბ., 1961, გვ. 132. თარიღი: 1891 წ. 8 თებერვალი.
ხელმოწერა: თქვენის უსამღვდელოესობის უღრმესი და უგულითადესი პატივისმცემელი
თავმჯდომარე „საზოგადოებისა“ [ილია ჭავჭავაძე].
წერილს მიწერილი აქვს თარიღი „1891 წ. 8 თებერვალი“. წერილის ადრესატია იმერეთის
ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე (1825-1896), გამოჩენილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
იმავე ფონდში დაცულია გაბრიელ ეპისკოპოსის პასუხი ილიას წერილზე: ,,თქვენო
ბრწყინვალებავ, მოწყალეო ხელმწიფევ, თ. ილია გრიგოლის ძევ! უმორჩილესად გთხოვთ,
გარდასცეთ ჩემგნით „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელ საზოგადოების“
კრებას, რომ დიდ პატივად და ჯილდოდ ვრაცხ ჩემ თავს მათგან საპატიო წევრად
აღრჩევისა; ამისათვის მზადა ვარ, მივიღო ჯეროვანი მონაწილეობა მაგა საზოგადოებაში,
რომელსაც ამისთანა მოწოდებისათვის შევსწირავ უგულითადეს მადლობას, ხოლო თქვენ
ბრწყინვალებას ვსთხოვ, მიიღოთ ჩემგან უღრმესი და უწრფელესი მადლობა თქვენ წერილში
გამოთქმული პატივისცემისათვის. მე არ ვრაცხ ჩემ თავს ღირსად იმ ქებათა, რომელნიც
ამოვიკითხე თქვენ წერილში და ვგონებ, რომ მხოლოდ თქვენმა მეგობრულმა ჩემდამი
განწყობილებამ შეგაგონათ თქვენ ამოდენი ჩემი ქება.
თქვენი ერთგული და გულწრფელი პატივისმცემელი, მდაბალი გაბრიელ ეპისკოპოსი
იმერეთისა“. შტამპიან ქაღალდზე წერია: «В.П.И. Имеретинского Эпископа» 15
თებერვალს, 1891 წ. Г. Кутаиси (იხ. ინგოროყვას კომენტარი, ტ. X, გვ. 513-514).
ხელმოწერა: „მდაბალი გაბრიელ, ეპისკოპოსი იმერეთისა“ (ტექსტი გადაწერილია სხვა
პიროვნების მიერ).