![]() |
როსტომ მეფე |
![]() |
1 როსტომ მეფე |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 I |
▲ზევით დაბრუნება |
დ. კარეჭაშვილისა გამოცემული
ზ. ჭიჭინაძისაგან ტფილისი სტამბა გრ. ჩარკვიანისა | Тип. Гр. Чврквiани 1894 Дозволено ценз. Тифлисъ, 14 февраля 1894 г.
წერა-კითხვის საზოგადოების მაღაზიაში იყიდება შემდეგი წიგნები დ. კარიჭაშვილისა:
თამარ მეფე ........................................................................15 კაპ. სვიმონ მეფე .......................................................................10 „ როსტომ მეფე .....................................................................10 „
|
|
1633-1658
წწ.
დიდი
უბედურება ეწია საქართველოს მეთხუთმეტე საუკუნის ნახევარში. იმ დროს, როდესაც
ერთის მხრით ოსმალები, მეორე მხრით სპარსელები ცდილობდენ საქართველოს
დაპატრონებოდენ, ის განაწილდა სამს სამეფოდ და ხუთს სამთავროდ. მაგრამ თვით
განაწილება ისე საუბედურო არ იქნებოდა, ქართველს მეფეებს და მთავრებს რომ
შეეგნოთ ქართველის ეროვნების ინტერესი, თანხმობით ეცხოვრათ ერთმანეთში და
შეერთებულიყვენ ფედერატივულის1 კავშირით საერთო გარეშე მტრების მოსაგერებლად.
ამის მაგიერ ქართველმა მეფეებმა და მთავრებმა იწყეს ერთმანერთში ჯიბრი და
მტრობა, ასე რომ ისინი ხშირად ერთმანერთის წინაამდეგ იწვევდენ გარეშე მტრებს.
ამის დამნახავი სპარსელები და ოსმალები უფრო გათამამდენ და უფრო ხშირად იწყეს
საქართველოს არე-მარეში შემოსევა მის დასაპყრობლად. ქართველები კი ნაწილ-ნაწილ
დაყოფილები, ერთმანეთის დაუხმარებლად იბრძოდა და არ ემორჩილებოდენ მტერს.
მაგრამ რას გააწყობდა ცალკე თვითოეული საქართველოს სამეფო ან სამთავრო დიდის
სპარსეთის და ოსმალეთის წინაამდეგ. ქართველები მთელს თავიანთ ძალღონეს
დამოუკიდებლობის დაცვას ანდომებდენ და დრო და ძალა აღარ რჩებოდათ ცხოვრების
გასაუმჯობესებლად და გონების გასავითარებლად. ცხადია, ასე არ იქნებოდა
საქართველოს ერთობა ან ფედერატივული
კავშირი
რომ დაეცვა. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ხალხის სიმამაცე და მხნეობა და
ცოტაოდენი პოლიტიკური გამჭრიახობა და მოხერხებულობა მმართველებისა საკმარისნი
იყვენ, რომ ქართველს ერს დაეცვა დამოუკიდებლობა. მთიანი და ხეობიანი
საქართველოს არე-მარე არ იყო ადვილი მტრის შემოსასევად. ქართველებს თვით
ბუნებრივს სიმამაცესთან მხნეობას აძლევდა ის გარემოება, რომ ისინი იცავდენ
მტრის წინაამდეგ თავიანთ სახლ-კარს, სამშობლოს და სარწმუნოებას. საქართველოს
მოსამზღვრე დიდი სახელმწიფოები ერთმანეთის მტრები იყვენ სარწმუნოებრივ და
პოლიტიკურად. ამის გამო საქართველოს მმართველებს შეეძლოთ ისე დაეჭირათ საქმე,
რომ ერთ-ერთი თავიანთკენ მიემხროთ და ამ ნაირად ორისგანვე დამოუკიდებელნი
დარჩენილიყვენ.
|
|
მაგრამ იმის მაგივრად, რომ ქართველები მორიგებულიყვენ ერთმანერთში საერთო მტრების მოსაგერებლად, თვით მტრები მორიგდენ საქართველოს დასაპყრობლად. ერთმანეთში ცილობის მოსასპობლად მათ საქართველო ასე გაინაწილეს: აღმოსავლეთი საქართველო, ე.ი. ქართლი და კახეთი დაიჩემა სპარსეთმა, დასავლეთი საქართველო, ე.ი. იმერეთი, სამცხე, გურია, ოდიში და აფხაზეთი ოსმალეთმა. ამის შემდეგ მტრების მიზანი უფრო ადვილი მისაღწევი შეიქნა. ერთმანერთთან ცილობისაგან თავისუფლებმა მთელი თავიანთ მეცადინეობა დაჩემებულის ქვეყნების დაპყრობას მიაქციეს. ქართველები მაინც კიდევ მხნედ იყვენ და ჯიუტად ებრძოდენ მტრებს, მაგრამ ეს ჯიუტობა ძვირად უჯდებოდა ქართველს ერს. რაკი ერთხელვე განაწილებული საქართველოს ქვეყნები ვეღარ შეერთდენ და ვერც მოახერხეს ფედერატივულის კავშირის შეკვრა ეროვნების არსებობის დასაცველად ისღა დარჩა, რომ თვითოეული სამეფო და სამთავრო დამორჩილებოდა ძალას და ეცნო მტრის ზეხელმწიფება, რომელიც მაინც და მაინც ძალიან საძნელო არ იყო ზეხელმწიფება, რომელიც სპარსეთსა და ოსმალეთს უნდოდა საქართველოს სამეფოებსა და სამთავროებზე მოეპოვებინა, მდგომარეობდა იმაში, რომ ქართველები ამათთან მოყვრულს ურთიერთობაში ყოფილიყვენ, ხანდახან მიშველებოდენ მტრის წინაამდეგ და ეძლიათ მცირეოდენი ხარჯი. სხვაფრივ ქართველებს უტოვებდენ სრულ შინაურს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ქართველების მხრით ოსმალეთისა და სპარსეთის ზეხელმწიფების უარყოფა მხოლოდ აბრაზებდა და ამძვინვარებდა მტრებს. ქართველებს რომ ზეხელმწიფება დაეთმოთ ოსმალეთისა ან სპარსეთისათვის და ამ ნაირად მოეპოებინათ მშვიდობა, უფრო სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისა და ერისათვის, ვიდრე გამუდმებული ქვეყნის მაზარალებული და ერის ამომწყვეტი ბრძოლა სრულის დამოუკიდებლობისათვის. დროთა განმავლობაში მშვიდობიანად განვითარებულს და დასვენებულს ქართველს ერს უეჭველია შეხვდებოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ადვილი იქნებოდა მტრის თავითგან მოშორება და სამუდამოდ მტრის უღლისგან გათავისუფლება. სპარსეთიც და ოსმალეთიც ხშირად ყოფილან იმნაირს კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლითაც შეეძლოთ ესარგებლათ ქართველებს. |
|
ამნაირის პოლიტიკის მაგიერ ქართველი მეფე-მთავრები მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრითგან დაადგენ იმნაირს, რომელმაც უფრო ააღელვა მტრები და გაამძვინვარა მათ წინაამდეგ. მათ მიმართეს შემწეობის სათხოვნელად შორეულს სახელმწიფოს, მართალია, ძლიერს, მაგრამ ისე დაშორებულს, რომ მისგან რამე საგრძნობელის შემწეობის მიღება მოსალოდნელი არ იყო. ქართველმა მეფეებმა და მთავრებმა სპარსებისა და ოსმალების სიძულილით რუსთ ხელმწიფეებს აუთქვეს მორჩილება, შეჰფიცეს ერთგულება და სცნეს მათი ზეხელმწიფება შემწეობის იმედით. ეს ამბავი რომ შეიტყეს სპარსებმა და ოსმალებმა, საშინლად იწყინეს. საქართველოს რუსეთთან დაახლოვებაში მათ დიდი საშიშროება დაინახეს თავიანთ მომავალისთვის. ცხადი იყო მათთვის, რომ რუსეთი საქართველოს საშუალებით ფეხს მოიკიდებდა მთელს კავკასიაში და შავსა და კასპიის ზღვებზედ მომავალის საშიშროების ასაცილებლად იმათ მოინდომეს მის მიზეზის მოსპობა. მათთვის ცხადი იყო, რომ საქართველოს მეფე-მთავარნი და თავადნი მანამდე არ შეურიგდებოდენ სპარსეთისა და ოსმალეთის ზეხელმწიფებას, სანამ ისინი სარწმუნოებრივ არ შეეთვისებოდენ მათ. ამიტომ მათ საჭიროდ დაინახეს საქართველოში მაჰმადიანის მეფეებისა და მთავრების დაყენება, დიდკაცობის და მათ საშუალებით მთელის ხალხის გამაჰმადიანება. |
|
ოსმალეთმა დაიწყო მით, რომ სამცხე დაიმორჩილა, მთავრის მაგიერ ფაშად დასვა გამაჰმადიანებული ათაბაგი და ძალით შეუდგა სამცხის თავად აზნაურების გამაჰადიანებას. მას შემდეგ სამცხე სრულებით ჩამორჩა საქართველოს და შეუერთდა ოსმალეთს. სპარსეთმაც აგრეთვე მოინდომა ქართლსა და კახეთში მაჰმადიანის მეფეების დასმა და მათ საშუალებით თავად-აზნაურობის მიმხრობა. 1615 წ. შაჰ-აბაზ I შემოესია დიდის ჯარით კახეთსა და ქართლს, დაიმორჩილა ეს ქვეყნები და გადევნა მათ მეფეები. კახეთში თეიმურაზ I-ის მაგიერ მეფედ დასვა მისი ბიძაშვილი იესე გიორგის ძე, ქართლში ლუარსაბ II-ის მაგიერ მის პაპის ძმისწული ბაგრატ დავითის ძე, ორნივე მაჰმადიანები. სპარსეთის ყაენები დიდის პატივისცემით იღებდენ თავის კარზე იმ ქართველს ბატონიშვილებს, რომლებიც მათთან გამოცხადდებოდენ. ისინი უნიშნავდენ მათ ჯამაგირს, აძლევდენ დიდს თანამდებობას და ჰპირდებოდენ საქართველოში გამეფებას, მხოლოდ ერთის პირობით, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ აგრეთვე პატივით ეპყროდენ დიდებულს ქართველს თავადებს, რომლებიც მათთან მოვიდოდენ. ამნაირის მოპყრობის გამო მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში სპარსეთში ცხოვრებდენ ქართლის ბატონიშვილები ბაგრატ და ხოსრო დავითის ძენი, თეიმურაზ ვახტანგის ძე და კახეთის ბატონიშვილი იესე გიორგის ძე. ლუარსაბის შემდეგ მეფის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო ბაგრატი, თემურაზის შემდეგ იესე და ყაენმაც ისინი გაამეფა იმ იმედით, რომ ისინი ერთგულად დაიცავდენ მის ზეხელმწიფებას. მაგრამ ქართველებმა არ იყაბულეს მაჰმადიანის მეფეების დანიშვნა. კახელებმა იმავე წელიწადს გამოდევნეს იესე მეფე და მიიწვიეს ისევ თეიმურაზ მეფე. ამის გამო შაჰ-აბაზი შემოესია კახეთს მეორედ (1616 წ.), აიკლო და ააოხრა ეს ქვეყანა, აჰყარა 100, 000 ქართველი და მათ ალაგას დაასახლა თათრები, ხოლო გამგებლად დასვა ფეიქარ-ხანი. კახელები არც ამისთანა სამაგალითო სასჯელს შეუშინდენ. მათ კიდევ მიიწვიეს და გაამეფეს თეიმურაზი. არა ერთხელ შემოესია კახეთს სპარსეთის ჯარი და გადევნა თეიმურაზი, მაგრამ კახელები თავისას არ იშლიდენ და თეიმურაზს ამეფებდენ, სპარსელები წამოვიდნენ თუ არა ქართლში გამეფებულს ბაგრატს და მას შემდეგ მის შვილს სვიმონს არც ქართლელები მორჩილებდენ და თეიმურაზს იწვევდენ მის მაგიერ. ბოლოს მოკლეს კიდეც სვიმონ მეფე და ქართლისა და კახეთის მეფედ შეიქმნა თეიმურაზი (1629) წ. თვით შაჰ-აბაზის მოადგილე ყაენი შაჰ-სეფი, რომელიც მაშინ ოსმალეთის წინაამდეგ ბრძოლაში იყო გართული, იძულებული შეიქნა დაემტკიცებია თეიმურაზი ქართლისა და კახეთის მეფედ. |
|
ამ ნაირად გამეფებულს თეიმურაზს დიდის ხნით განაწილებულს ქვეყნებში იმის მეტი აღარ დარჩენოდა-რა, რომ მოემტკიცებია ქართლი და კახეთი, კარგი განწყობილება დაეჭირა ყაენთან და მშვიდობიანად ემეფნა თავის სამეფოს საკეთილდღეოდ. მაგრამ ამის მაგიერ მან მოინდომა სპარსეთის ჯავრის ამოყრა. თეიმურაზი მორიგდა ყარაბაღის ბეგლარბეგს დავით უნდილაძესთან, რომელიც ყაენს ემდუროდა პირადის შეურაცხებისათვის, მიიშველია იმერეთის, ოდიშის და სამცხის, ჯარი და შეესია არეზის აქეთა სპარსეთის მაზრებს იმ დროს, როდესა ყაენი ოსმალებს ებრძოდა (1632 წ.). თეიმურაზმა აიკლო იქაურობა, დახოცა მრავალი სპარსელები და მდიდარის ალაიკით დაბრუნდა უკანვე. ამ ნაირმა გალაშქრებამ არაფერი დააკლო - რა სპარსეთს და მხოლოდ ყაენი გააბრაზა. თეიმურაზს რომ ოსმალებთან კავშირი დაეჭირა და დაპყრობილს ქვეყნებში თავის მმართველები დაეყენებინა, როგორც მას სომხის კათოლიკოზიც ურჩევდა იქნება სპარსეთი შესუსტებულიყო და ქართლისა და კახეთის სამეფო გამაგრებულიყო. მაგრამ თეიმურაზი ასე არ მოიქცა, დასჯერდა მარტო ალაფს. ყაენმა კი ოსმალებთან ბრძოლა განაგრძო და, როდესაც საქმე გამოუკეთდა, თეიმურაზს შემოუთვალა, რომ მისი მოღალატე ყარაბაღის ბეგლარბეგი დავით უნდილაძე მისთვის გაეგზანა. თეიმურაზმა უნდილაძის გაგზავნაზე უარი უყო და სთხოვა რომ მიეტევებია მისთვის დანაშაული. მაშინ გაბრაზებულმა ყაენმა ქართლის მეფედ ხოსრო ბატონიშვილი დანიშნა, კახეთის გამგებლად სალიმ-ხანი. თეიმურაზის გასაძევებლად კი გამოგზანა სპასალარი როსტომ სააკაძე ჯარითურთ (1633 წ.). |
![]() |
1.2 II |
▲ზევით დაბრუნება |
ხოსრო ბატონიშვილი იყო უკანონო შვილი დავით მეფისა, ძმა ბაგრატ VI დავით მეფის ქართლითგან გაძევების შემდეგ (1579 წ.) მისი შვილები ბაგრატ და ხოსრო სპარსეთს წავიდენ და იქ იზრდებოდენ ყაენების მფარველობის ქვეშ. ხოსრო ჭკვიანი და მოხერხებული კაცი იყო, შაჰ-აბაზ ყაენმა კარგად დააფასა ის და მისცა ისპაანის მოურაობა. 1624 წ. შაჰ-აბაზმა ხოსროც გამოგზანა ქართლში სალაშქროდ, როგოც ერთი ჯარის უფროსთაგანი, ისახანის წინამძღოლობის ქვეშ აქითგან დაბრუნებულს 1625 წ. ყაენმა მისცა ყულარაღასობა, ე.ი. დანიშნა იმ ჯარის უფროსად, რომელიც ქართველის ტვყებისგან შედგებოდა 1628 წ, როდესაც შაჰ-აბაზის სიკვდილის შემდეგ სპარსეთში ჩამოვარდა შფოთი და ცილობა ტახტის დაჭერის გამო, ხოსრო ყულასაღასმა თავის ჯარის (ყულების) საშვალებით ყაენად დასვა შაჰ-აბაზის შვილის შვილი შაჰ-სეფი. ახალმა ყაენმა ძალიან შეიყვარა ხოსრო, ემორჩილებოდა მის გავლენას და მამას ეძახდა. ბოლოს მადლობა მით გადაუხადა, რომ ქართლის მეფედ დანიშნა. ამასთანავე გამოუცვალა სახელი და უწოდა როსტომ, რომლითაც ის შემდეგში იწოდებოდა. მაშინ როსტომი 67 წლის მოხუცებული იყო. |
როსტომ სააკაძეს და როსტომ მეფეს თან წამოჰყვენ ყველა ის ქართველი თავადები, რომლებიც სპარსეთში ცხოვრებდენ. სპარსების ჯარი რომ ხუნანს მოვიდა, თეიმურაზი მუხრანში შეუდგა მის დასახვედრათ მზადებას და მიიწვია თავადები ჯარით. მაგრამ ბევრი არავინ მივიდა მასთან. პირიქით, როსტომის გამეფება რომ გაიგეს, იმის მხარეზე გადავიდენ ბევრნი მაშინ თეიმურაზი ცოლშვილით იმერეთის საზღვრისკენ წავიდა. სპარსელები მოვიდენ ტფილისს და როსტომი გამოაცხადეს მეფედ. სპასალარმა სააკაძემ 2,000 კაცი გაგზანა თეიმურაზის წინაამდეგ. თეიმურაზმა ამ ამბავზე იმერეთისკენ გასწია. სპარსელები დაეწიენ პერანგის მთაზე მის მოსამსახურეებს და წაართვეს ბარგი. |
ამნაირად გამეფდა როსტომ ქართლში. იმავე დროს კახეთში ხანად დაჯდა სელიმ-ხანი როსტომის ხელმწიფების დასაცველად სპარსელებს ეჭირათ სამი ციხე: ტფილისისა, გორისა და სურამისა. ამას გარდა ყაენის ბრძანებით როსტომს ექვემდებარებოდენ ყაზახის, შამშადილოს და ლორის ხანები, რომელთაც მისთვის შემწეობა უნდა მიეცათ, როცა დასჭირდებოდა. პირადად როსტომი ძალიან მდიდარი იყო. გილანის ქალაქითგან ელეოდა წლიურად სამასი თუმანი; როგორც ისპაანის მოურავი, იღებდა შემოსავალს ამ ქალაქითგან, ხოლო თავის თანამდებობას ასრულებინებდა თავის დანიშნულს ვექილს. როსტომსვე ეკუთნოდა ფუშტუქუ და ხუინი და ჰყავდა 5000 კომლი თათარი ელი და ოიმახი ყმად. თუმცა როსტომი პატარაობითგანვე სპარსეთში იყო გაზრდილი, იმას მაინც უყვარდა ქართველობა და დიდის პატივისცემით ეკიდებოდა ქრისტიანობას, ასე რომ ის მაჰმადიანი იყო გარეგნულად და არა ნამდვილის დაჯერებით, ქართველებისა და ქრისტიანობის სიყვარულთან ის აერთებდა სპარსეთის ერთგულებას და მაჰმადიანობის აღსარებას. ის ფიქრობდა, რომ მარტო მშვიდობიანი განწყობილება სპარსეთთან და ყაენის ზეხელმწიფების ერთგულება იყო ერთად ერთი საშვალება საქართველოს კეთილდღეობისა. დიდის ხნის გამავლობაში შენაძენმა გამოცდილებამ შეაგნებინა მას თუ რა უბედურება ხვდებოდა საქართველოს ჯიუტობით და დაუდგომლობით. ამიტომაც მთელის მის მეფობის პოლიტიკა იყო სპარსეთის ზეხელმწიფების ერთგულება და სამეფოს შინაური აღორძინება. მაგრამ ქართველმა დიდებულმა თავადებმა არ იყაბულეს ასეთი მიმართულება და წინაამდეგობა დაუწყეს როსტომ მეფეს, რომელმაც მთელი თავის მეფობა მათ დაწყნარებას და დამორჩილებას მოანდომა. |
![]() |
1.3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ქართლში მოსვლის დროს როსტომს არ ჰყავდა ცოლშვილი, ვახუშტის მატიანის მოწმობით მოსვლისათანავე მეფემ მოითხოვა ცოლად გორჯასპ აბაშიშვილის ასული ქეთევან. ქეთევანი უნდა მალე მომკვდარიყოს, რადგან 1634 წ. როსტომმა შეირთო ოდიშის მთავრის ლევან დადიანის და მარიამ, ცოლი სვიმონ გურიელისა, რომლისგანაც ის გაშორებული იყო. |
ამ ქორწინების შემდეგ იწყება ქართლში დიდებულის თავადების არეულობა და შფოთი. მეფის ურჩობის დაწყების ნიშანი მისცა დათუნა არაგვის ერისთავმა. რადგან მის ძმამ ზურაბ ერისთავმა მოკლა სვიმონ II, როსტომის ძმისწული, ყველას ეგონა, რომ როსტომი შურს იძიებდა დათუნა ერისთავზე. თვით ერისთავსაც შიში ჰქონდა და მუდამ ფრთხილობდა. მეფე რომ მარიამ დედოფლის მოსაყვანად წავიდა იმერეთის საზღვარზე, ისიც თან ახლდა. სურამში ყოფნის დროს ისე შეაშინეს დათუნა ერისთავი მოსალოდნელის განსაცდელით მეფის მხრით, რომ მან დატოვა მეფე და სურამითგან როსტომის დაუკითხავად თავის საერისთვოში წავიდა. როსტომ მეფეს ეწყინა ერისთავის საქციელი და ამ ნაირად მათ შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება. დათუნა ერისთავმა დაიწყო მოლაპარაკება სხვა თავადებთან და მიწერ-მოწერა გამართა თეიმურაზ მეფესთან, რომ მოქმედება დაეწყო როსტომის წინაამდეგ. როსტომ მეფემ შეუთვალა 1635 წ. მუხრანითგან ერისთავს, რომ ის ან მასთან მისულიყო, ან ყაენთან წასულიყო. თუ ერისთავი უარს იტყოდა, მეფე მზად იყო ჯარით საერისთვოში გასალაშქრებლად. ერისთავი იძულებული შეიქნა მეფესთან მისულიყო. მაგრამ ის მაინც ფრთხილად იყო, თუმცა როსტომმა კარგად მიიღო, ასე რომ სადილობის დროსაც კი მეფის სუფრაზე იარაღს არ იხსნიდა. ამავე დროს მუხრანში შეიპყრეს თეიმურაზ მეფის კაცი, რომელსაც ერისთავთან მიწერილი წერილები უპოვეს. დათუნა ერისთავმა მოინდომა წერილების გამორთმევა, მაგრამ მეფის ბრძანებით არ დაანებეს. ერისთავი გაჭირვეულდა და რამდენიმე კაცი დასჭრა ხანჯლით. მაშინ როსტომის ბრძანებით თოფი ესროლეს და მოკლეს ის . |
დათუნა ერისთავის შემდეგ არაგვი დაიჭირა მისმა ძმამ ზაალმა, რომელმაც აგრეთვე წინაამდეგობა და ურჩობა გამოუცხადა როსტომ მეფეს. როსტომი მის დასამორჩილებლად მუხრანითგან წავიდა ჯარით. ზაალ ერისთავმა შეჰკრა გზები თავის საერისთვოში და მოემზადა მოსაგერებლად. როსტომ მეფე მივიდა ბაზალეთს, ხოლო იქითგან გასული რომ ტყეში შევიდა, არაგველები, რომლებიც ჩასაფრებულნი იყვენ, დაეცენ მეფის ჯარის საბარგე ურმებს, დაამსხვრიეს ისინი და მით გზა შეჰკრეს. ვიდრე მეფის ჯარი დამსხვრეულს ურმებს მიალაგ-მოლაგებდა და გზას გახსნიდა, არაგველები თოფს ესროდენ და დიდს ზარალს აძლევდენ. როსტომ მეფემ დაინახა, რომ ლაშქრობის გაგრძელება საზიანო იქნებოდა და უკანვე გამობრუნდა. საბურდიანოში გაიგო, რომ თეიმურაზ მეფე იმერეთითგან გადმოსულიყო ქართლში. ამის გამგე როსტომ მეფე თბილისს წავიდა . |
ზაალ ერისთავისა და სხვა თავადებისგან მიწვეულმა და წაქეზებულმა თეიმურაზ მეფემ როსტომის არაგვზე გალაშქრება კარგს შემთხვევად სცნო, რომ მის წინაამდეგ დაეწყო მოქმედება. იმერეთითგან გადმოვიდა ქართლს, ინახულა ვახტანგ მუხრან-ბატონი და იოთამ ამილახვარი და წავიდა კახეთს, სადაც, უეჭველია, თავის მომხრეები იწვევდენ სელიმ ხანის წინაამდეგ. თეიმურაზმა კახეთში შეკრიბა ჯარი და გადმოვიდა ქართლს, მივიდა მუხრანს და იქითგან წავიდა ქსნის საერისთვოში. თეიმურაზთან მოიყარეს თავი ზაალ არაგვის ერისთავმა, ვახტანგ მუხრან-ბატონმა და იოთამ ამილახვარმა. თეიმურაზი შეკრებილის ჯარით დაესხა გორს, მაგრამ ციხე ვერ აიღო, როსტომმა თავის წინაამდეგ შემდგარის კავშირის მოქმედება აცნობა ყაენს, მაგრამ მისგან არაფერი შემწეობა მოუვიდა რა, რადგან თითონაც გაჭირებულს მდგომარეობაში იყო ოსმალეთთან ბრძოლის გამო. მაშინ როსტომ მეფემ შეჰკრიბა სომხით-საბარათიანოს ჯარი და მივიდა გორს. ქართლითგანაც მიიწვია ჯარი. თეიმურაზ მეფე და მისი მოკავშირე თავადები წამოვიდენ იკორთითგან და შეებრძოლენ გორის ახლო. კარგა ხანს გამარჯვება სადავო იყო ორისავე მხრით. ბოლოს როსტომმა აჯობა და მისი მოწინაამდეგეები უკან დაბრუნდენ იკორთის მთისკენ. თეიმურაზი და თავადები არაგვის საერისთვოში მივიდენ. როსტომი ტფილისს ჩავიდა . |
ამნაირად როსტომ მეფეს პირველისავე წლებითგან წინაამდეგობა დაუწყეს ქართლის უმძლავრესმა თავადებმა: არაგვის ერისთავმა, ქსნის ერისთავმა, მუხრან-ბატონმა და ამილახვარმა. ცხადია, ამათ ყველაზე ნაკლებ იამებოდათ იმისთანა მეფე, რომელიც იცავდა მეფურს უფლებას და ცდილობდა წესიერება დაემყარებინა. როსტომი პირად მდიდარი და სპარსეთის ჯარზე დამყარებული არ ითმენდა ქართლის დიდებულების თავნებობას და მათგანაც მორჩილებას ითხოვდა. თავნებობას მიჩვეულს დიდებულებს შესძულდათ სამართლიანი და მათგან დამოუკიდებელი მეფე როსტომი და ამიტომაც მოინდომეს თეიმურაზ მეფის ხელახლად გამეფება. |
თეიმურაზ მეფემ, ძალით რომ ვერას გახდა როსტომის წინაამდეგ, კიდევ რუსთ ხელმწიფეს მიმართა შემწეობისთვის. 1635 წ. ენკენისთვეში გაგზანა რუსეთს მოციქულად ნიკიფორე მიტროპოლიტი და გაატანა წერილი რუსთ ხელმწიფესთან, რომელსაც სთხოვდა მფარველობას და მაშველის ჯარის გაგზავნას ამას შემდეგ თავის მეცადინეობა კახეთის დაჭერას მიაპყრო 1636 წ. არაგვისა და ქსნის ერისათვების დახმარებით შევიდა კახეთს, გააძია ხანი და დაიჭირა ქვეყანა. ეს ამბავი როსტომმა ყაენს შეატყობინა. შაჰ-სეფიმ ასე შემოუთვალა როსტომს: „რაკი წრეულ ჩვენ თითონ არ მოგვიხდა მოსვლა, ვებძანეთ ადირბეჟანის ჯარს, რომ შემოგიერთდეს შენ; ააოხრე ყველაფერი, რაც შენ გეურჩება და შენ წინაამდეგ არის“. ამ მოწერილობისამებრ როსტომ მეფემ გაილაშქრა კახეთზე. თეიმურაზ მეფე შეშინდა და როსტომს მოციქული მიუგზანა, რომ შერიგებოდა და ყაენთან ეშუამდგომლა მის შეწყნარებისათვის. ამასთან დაჰპირდა ყაენთან თავის ასულის თინათინის გაგზავნას. როსტომმა ყაენს აცნობა თეიმურაზის თხოვნა. ყაენმა არჩია თეიმურაზთან მორიგება, რადგან იმ დროს ოსმალთაგან შევიწროებული იყო, დაამტკიცა კახეთის მეფედ და გამოუგზანა 1000 თუმანი. |
1637 წ. შაჰ-სეფიმ გაიმარჯვა ოსმალებზე და უკანვე წაართვა ერევანი. ყაენის მინდობილობით როსტომმა გაილაშქრა სამცხეში ოსმალების წინაამდეგ. ყაენმა ამ ლაშქრობისათვის როსტომს აჩუქა 2000 თუმანი სპარსელების გამარჯვებას მოჰყვა მორიგება ოსმალებთან. ამ მორიგების ერთის მუხლის ძალით ხელ-ახლად საქართველო ორად იქნა განაწილებული: აღმოსავლეთი სპარსეთისთვის, დასავლეთი ოსმალეთისთვის. |
რამდენად გაზვიადებული იყო ქართლის თავადების თავნებობა, ეს სჩანს იმ ამბითგან, რომელიც მოხდა 1637 წ., როდესაც ცოტა გაწყდა, რომ ომი არ გაიმართა ორს დასად გაყოფილთ ქართლის თავადთა შორის. ნოდარ ციციშვილი და იესე ქსნის ერისთავი დავობდენ სოფლის კარალეთის გამო; მშვიდობიანად ვერ მორიგდენ და, იმის მაგიერ რომ მეფის სამართლისთვის მიენდოთ საქმის გარჩევა, მზათ იყვენ თავიანთ უფლება იარაღით დაეცვათ. ციციშვილს ქომაგობდა ზაალ არაგვის ერისთავი, ქსნის ერისთავს იოთამ ამილახვარი. იესე ერისთავი და იოთამ ამილახვარი თავიანთ ჯარით გორს ზევით იდგენ, ციციშვილი თავის ჯარით გორს ქვეით იდგა და უცდიდა არაგვის ერისთავის ჯარს ამნაირად შუა-ქართლში მზად იყო ატეხილიყო თავადების ომი იმ დროს, როდესაც ტფილისში მეფე იჯდა. როსტომ მეფემ არ შეიწყნარა ასეთი თავნებობა და ჩაერია მოწინაამდეგეთა შუა: კარალეთი აკუთნა ციციშვილს, ხოლო ქსნის ერისთავს და ამილახვარს უბრძანა და დაწყნარებულიყვენ ისინი რომ არ დამორჩილდენ, როსტომ მეფე შევიდა საამილახვროსა და ქსნის საერისთვოში, შეიპყრო ამილახვრის და ქსნის ერისთავის ცოლშვილი, წაართვა მამული და მისცა სხვებს: საერისთვო ელიზბარ ერისთავს, საამილახვრო ბეჟან ამილახვარს. იესე ერისთავი და იოთამ ამილახვარი კახეთს გაიქცენ თეიმურაზ მეფესთან. კახეთითგან ამ თავადებმა გამოუგზანეს მარიამ დედოფალს თხოვნა, რომ ეშუამდგომლა მეფესთან, გაეგზანა მათთან მათი ცოლშვილნი, რომლებიც გორის ციხეში იყვენ. მარიამ დედოფლის შუამდგომლობით როსტომმა აასრულა მათ თხოვნა. პატარა ხანს უკან როსტომ მეფემ თვით იოთამ ამილახვარსაც აპატივა დანაშაული და მამული დაუბრუნა მის დედის თხოვნით. იესე ერისთავი კი სპარსეთს წავიდა, და იქ მოკლულ იქნა თავის პირადის მტრებისგან. . |
როსტომ მეფეს არც მარიამისგან გაუჩნდა შვილი. თავადებმა ამის გამო ურჩიეს რომ ეშვილნა იმერეთის მეფის გიორგის შვილი მამუკა. გიორგი ჯანიძის თქმით, მათ ასე დაასაბუთეს თავიანთი რჩევა: „ამისთვის საქართველო არ წყნარდებისო, რომ შვილი, ძმა და ახლო ნათესავნი არა გყვანანო და თქვენს საბოლოოს არა ხედვენო; მამუკა ბატონიშვილი იშვილეთ და თქვენც მოისვენეთ და საქართველოც მოასვენეთო; თქვენს უკან იმას ვაბატონებთო“. როსტომ მეფემ ეს რჩევა დაიჯერა და მამუკა ბატონიშვილი მიიწვია. მამუკა გამოჩენილი ვაჟკაცი იყო თავის მამაცობით. იმერეთითგან ლევან დადიანის მძლავრობით გამოძევებული ახალციხეში ცხოვრობდა, როსტომის თხოვნით ის მოვიდა ახალციხითგან თავის ამალით და როსტომმა დიდის ამბით იშვილა. |
როსტომის მოწინაამდეგეებმა მამუკას თავიანთკენ მიმხრობა მოინდომეს. მას აუთქვეს გამეფება, თუ როსტომი მოკლულ იქნებოდა. ამ აზრით გამართეს კიდეც შეთქმულობა. სასახლის აბანოში მოღალატეები ჩაუსხეს, რომ მეფე მოეკლათ, როცა შევიდოდა საბანებლად. მაგრამ ეს შეთქმულობა გაცრუვდა, რადგან მოღალატეებმა აბანოში შესული ერთი მერიქიფეთ-უხუცესის ყმა სიბნელეში მეფედ მიიღეს და დასჭრეს. ხმაზე რომ გაიგეს თავიანთი შეცდომილება, შეშინებულები მტკვარში ჩაცვივდენ და ცურვით გავიდენ მეორე ნაპირას. მეფემ რომ შეიტყო მომხდარი ამბავი მიხვდა, რომ შეთქმულობა ყოფილა მის წინაამდეგ, მაგრამ იმ ხანად არაფერი თქვა რა, მხოლოდ ოცის დღის შემდეგ სომანეთის ჭალაში მყოფს მამუკას გაუგზანა ათი ათასი მარჩილი და შეუთვალა: „ყაენისგან მერიდების, რომ კარზე არ გიხმონო, ჩემგან საფიცარი გაქვთ, რომ თქვენი უნებური არა გაკარდო რაო, ხოლო თქვენც მოგეხსენებათ, ყაენის უარი არ შეგვიძლიანო. ისევე ახალციხეს მიბრძანდით და რაც ხელით გამოგვივა, აქიდამაც მოგიმართავთ ხელსაო“ მამუკა ბატონიშვილი, რომელიც, როგორც სჩანს, არეულა შეთქმულობაში, აიყარა თავის მხლებლებით და წავიდა ახალციხეს. ჩვენის აზრით ეს ამბავი უნდა მომხდარიყო 1638-1640 წლებში. |
შეთქმულობით რომ ვერას გახდენ, ქართლის თავადებმა გადაწყვიტეს როსტომის წინაამდეგ კიდევ იარაღის აღება. ამ მეორე აჯანყების მოთავენი იყვენ: ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი და ევდემოზ კათოლიკოზი. 1641 წ. შეითქვენ, რომ მტკვრის მარჯვნივ ნოდარ ციციშვილს შეეკრიბა ჯარი, მარცხნივ ზაალ ერისთავს და იოთამ ამილახვარს. თეიმურაზ მეფეც თავის ჯარით უნდა მისულიყო მცხეთას, სადაც მას შეუერთდებოდენ აჯანყებული თავადები ნოდარ ციციშვილი ცდილობდა თავისკენ მიემხრო ყველა გამოღმა ქართლის თავადები და ვინც არ მიემხრობოდა, მამულს ურბევდა. ამნაირის მოქმედებით იმან შეკრიბა საციციანოს და სხვა კუთხეების ჯარი და დადგა ხოვლეში. ციციშვილს არ მიუდგა სხვათა შორის იორამ სააკაძე, გიორგი მოურავის შვილი, რომელიც როსტომ მეფემ აზრუმითგან მოიყვანა და მამისეულს მამულს დააპატრონა. იორამ სააკაძემ აცნობა მეფეს ციციშვილის ამხედრება და ერისთავისა და ამილახვარის განძრახვა მასთან შეერთებისა. რა წამსაც როსტომმა ეს ამბავი შეიტყო, მაშინვე მისწერა სააკაძეს ტფილისითგან: „რა წამსაც ეს წიგნი მოგივიდეს, ფიცხლავ გზები შეჰკარ, რომ აქითგან მიმავალი კაცი იქით არ გაუშვან და, ღვთის შეწევნით, ამაღამ ერთგან შევიყრებით“. მეფემ ბრძანება გასცა, რომ ქალაქის მცხოვრებლები სალაშქროდ მომზადებულიყვენ და იმავე საღამოს მცხეთაში შეკრებილიყვენ. საღამოზე თვით მეფეც მივიდა მცხეთას და დახედა შეყრილს ჯარს, შემდეგ სწრაფად წავიდა კავთისხევისაკენ. აქ მეფეს მიეგება იორამ სააკაძე თავის ჯარით. |
დილით მეფის ჯარი სოფლის ბოლოზე იყო კიდეც. როსტომმა ჯარი საომრად მოამზადა. მეფეს ურჩიეს, რომ ციციშვილს დასხმოდა მოულოდნელად, მაგრამ მან არა ქნა და დააძახებინა ქანარები, რომ ციციშვილსაც შეეტყო მეფის მიახლოვება. როსტომმა იმდენი ხანი მოიცადა, ვიდრე მის მოწინაამდეგენიც არ მოემზადენ საომრად. მაშინ მეფემ უბრძანა ჯარს ომის დაწყება. ნოდარ ციციშვილმა პირად არ მიიღო ბრძოლაში მონაწილეობა და ვერის ციხეში გამაგრდა. მის მაგიერ იბრძოდენ მეფის წინაამდეგ იმერელი თავადები ჩხეიძეები, რომლებიც მამუკა ბატონიშვილს მოჰყვენ ქართლში და იქვე დარჩენ მის წასვლის შემდეგაც. ბრძოლაში მეფემ გაიმარჯვა და დაჭრილი ჩხეიძეები მხარ-წაკრულები მიართვეს. მას როსტომმა ბრძანა მათთვის მკლავები გაეხსნათ და გორს წაეყვანათ, რომ იქ მათთვის ტანისამოსი გამოეცვალათ, ქვეშაგები და ზედსაფენი მიეცათ და კარგის პატივით ხელი შეეწყოთ. ბრძანება გასცა აგრეთვე რომ გაქცეულთ არავინ გამოდევნებოდა და ვისაც ტყვე დაეჭირა, გაეშვა. როსტომ მეფე მეორე დღეს გორს მივიდა. |
საზოგადოდ ლმობიერი როსტომი ამ შემთხვევაში მკაცრად მოექცა მხოლოდ დედოფლის სალთხუცესს ქაიხოსრო ბარათაშვილს, რომელსაც აჯანყებულებთან ჰქონოდა კავშირი. გორითგან გაგზანა ტფილისს ჩაფარი ბრძანებით, რომ ბარათაშვილი დაეჭირათ და ციხითგან გადმოეგდოთ კლდეზე. იმის შვილებიც დააჭერინა და გორის ციხეში დაამწყვდევინა |
გორათგანვე როსტომ მეფემ ბოქაულთ ხუცესს ელიზბარ დავითიშვილს გაატანა ჩხეიძეები ყაენთან, რომელსაც ამნაირი არზა მისწერა: „ქართველნი ჩემის უშვილობისა და უნათესავობისთვის ურჩობენ და ავკაცობენ, რადგან ჩემს საბოლოოს ვერა ხედავენ. ჩემს ბიძაშვილს თეიმურაზს სამი შვილი ჰყავს და რომელსაც პაპაჩემის ლუარსაბის სახელი ჰქვიან, ის გვიბოძეთ, რომ ჩვენ უკან ქართველთ საბატონოდ ეგულებოდეთ“. ამის შემდეგ შეუდგა მეცადიობას ნოდარ ციციშვილი შეეპყრო. ეს გამაგრდა ზოვრეთის ციხეში. როსტომ მეფემ გორის ციხითგან წაიღო ზარბაზნები და დაუწყო სროლა ციხეს, მაგრამ, ქვითკირს რომ ვერა დააკლო-რა, ალყა შემოარტყა. მეფე ადგა ციხეს 1642 წ. 6 იანვრამდე. შეწუხებულმა მეციხოვნეებმა მოინდომეს ციციშვილის ნების წინაამდეგ ციხის დანებება. მაშინ ციციშვილმა თავის დედა მიუგზანა როსტომს სახვეწრად, რომ ის გაეშვა ციხითგან თავისუფლად და მიეცა გზა სამცხეში წასასვლელად. მეფემ ციციშვილის დედა, კახეთის ბატონიშვილი, დიდი პატივით მიიღო და შეიწყნარა მის სათხოვარი: ნება მისცა ნოდარ ციციშვილს სადაც უნდა წასულიყო თავის მხლებლებით და ქონებით, ამას გარდა თითონვე ათხოვა ცხენები და ჯორები, რომ ზოვრეთითგან ახალციხემდე ბარგი წაეღო. უარი უყო მხოლოდ პირად ნახვაზე, რომელსაც ციციშვილი სთხოვდა |
![]() |
1.4 V |
▲ზევით დაბრუნება |
როსტომის მოწინაამდეგენი მაინც არ დაწყნარდენ და მის წინაამდეგ მოქმედებდენ. იმათ ჰქონდათ განუწყვეტელი მისვლა-მოსვლა თეიმურაზ მეფესთან და კახეთში აწყობდენ არეულობის საქმეს. თეიმურაზ მეფეს ძალიან უნდოდა როსტომის განდევნა და ქართლის შეერთება, ამ მიზნის მისაღწევად ყოველს საშუალებას ხმარობდა: ერთის მხრივ, რუსთხელმწიფეს შეჰფიცა ქვეშევრდომობა, მეორე მხრით სპარსეთის ყაენს შეურიგდა და ქართლის თავადებსა და მცხოვრებლებს იმხრობდა. მაგრამ რუსეთის იმედი იმას არ უმართლდებოდა ისე, როგორც თითონ უნდოდა. 1639 წ. გაგზავნილი მოციქული ნიკიფორე მიტროპოლიტი დაბრუნდა რუსეთითგან 1642 წ. მარიამობისთვეში. მას თან მოჰყვენ რუსის მოციქულები მიშეცკი და კლიუჩარევი, რუსთ ხელმწიფეს უარი შემოეთვალა თეიმურაზის სათხოვარზედ და მხოლოდ 20,000 ტალერი და 2,220 მანეთის სიასამური გამოეგზანა. ამავე დროს, ენკენისთვეში, მოვიდა თეიმურაზთან ყაენის მოციქული, რომელმაც მოუტანა საჩუქრები ახლად გახელმწიფებულის შაჰ-აბაზ II-ისგან. |
ყაენის მოციქულებს მინდობილი ჰქონდათ თეიმურაზთან მოელაპარაკნათ, რომ რუსეთზე ხელი აეღო და როსტომ მეფის წინაამდეგ მოქმედებისთვის თავი დაენებებინა. თეიმურაზმა ყაენის მოციქულს მისცა აღთქმა, რომ შეასრულებდა ყაენის სურვილს და როსტომს არ გაუწევდა წინაამდეგობას.. მაგრამ ეს დაპირება ტყუილი იყო თეიმურაზის მხრით, რადგან როსტომის მტრობისთვის იმას არ დაუნებებია თავი. პირიქით ქართლის თავადებმა ზაალ არაგვის ერისთავმა, ელიზბარ ქსნის ერისთავმა და იოთამ ამილახვარმა თეიმურაზ მეფესთან ერთად გადაწყვიტეს ამავე წელს როსტომის წინაამდეგ აჯანყება. |
1642 წ. 24 ქრისტეშობისთვეს შეიტყო როსტომ მეფემ, რომ მის მოწინაამდეგე თავადები ერთად შეყრილიყვენ ახალგორში, სადაც ჯარს კრებდენ და უცდიდენ თეიმურაზის მისვლას საფურცლეში. ამ ამბის გაგონებაზე როსტომმა მაშინვე ბძანება გასცა, რომ ლაშქარი მცხეთაში შეკრებილიყო მზის ჩასვლამდის. ამასთან მუხრან ბატონს ვახტანგს მისწერა: „შენის ლაშქრით მზად დამხვდი, ღვთის შეწევნით ამაღამ მანდ მოვალო“. როსტომ მეფე მცხეთას რომ მივიდა, ლაშქარი მზად დახვდა მუხრანითგან მეფემ შეუსვენებლად ჩქარის ნაბიჯით წაიყვანა ჯარი ახალგორს და დილაადრიან შობა დღეს თავს დაესხა ლოცვაზე მდგარს თავის მტრებს. ამათ ეჭვიც არ ჰქონდათ, რომ როსტომ მეფე თავს დაესხმოდათ. ზარდაცემულები მაშინვე გაიქცენ, ვისაც როგორ შეეძლო. მათი სამზადისი მეფის ლაშქარს დარჩა. მეფე იმ დღეს ახალგორს დარჩა, მეორე დღეს დატყვევებულები გაათავისუფლა, ხოლო თითონ გორს წავიდა. |
იმ ზამთარს (1643) როსტომის გორში ყოფნის დროს, სპარსეთითგან მოვიდა ელიზბარ დავითიშვილი, რომელსაც შაჰ-აბაზ II-ემ გამოატანა ლუარსაბ ბატონიშვილი. ყაენი სწერდა: „შენის ბიძაშვილის თეიმურაზის შვილი შენთვის შვილად გეთხოვნა. გამოგვიგზანია და ქართველთათვის გვიბძანებია, რომ უფლისწულად და თქვენ შვილად მიაჩნდეთ და თქვენ უკან ქართლის მეფობა მაგისთვის მიგვიციაო“. ეს ამბავი ეწყინათ თეიმურაზ მეფის მომხრეებს, რომელთაც მით უფრო ჰქონდათ იმედი თეიმურაზის ქართლში გამეფებისა, რომ როსტომს მემკვიდრე არა ჰყავდა. ქართლის მეფობას ცდილობდა აგრეთვე გიორგი გოჩაშვილი, ბაგრატიონის გვარისა. ლუარსაბ ბატონიშვილის მემკვიდრედ დანიშვნამ უფრო მკვიდრად შეაკავშირა როსტომის მოწინაამდეგენი. ისინი შეუდგენ შეთქმულობის გამართვას. უმთავრესი მოსაქმენი იყვენ: გიორგი გოჩაშვილი, რევაზ ბარათაშვილი, ყორხმაზ სომხითის მელიქი და ევდემოზ კათოლიკოსი (დიასამიძე). |
1644 წ., როდესაც როსტომ მეფე ცხირეთში იდგა, შემთქმელებმა დააწყეს, რომ თეიმურაზ მეფე მეტეხს მისულიყო მცირეოდენის ჯარით და, როცა როსტომი თეიმურაზს შეეტაკებოდა, უნდა მაშინ მოეკლათ ღალატით და გაევრცელებინათ ხმა, რომ ომში მოკვდაო. მაგრამ ეს შეთქმულობა ყორხმაზ მელიქმა როსტომ მეფეს შეატყობინა და საქმე სულ ჩაიშალა. როდესაც თეიმურაზი მეტეხს მივიდა, როსტომი გორისკენ წავიდა, თეიმურაზ მეფე უკანვე დაბრუნდა, ხოლო შემთქმელები, რომელთაც ყორხმაზის ღალატი არ იცოდენ, არხეინად მივიდენ გორს როსტომ მეფესთან. როსტომ მეფემ ევდემოზ კათოლიკოზი, გიორგი გოჩაშვილი და ზურაბ სააკაძე დააჭერინა. რევაზ ბარათაშვილმა კახეთს გაქცევა მოასწრო. ევდემოზ კათოლიკოზი ტფილისის ციხითგან გადმოაგდებინა, გიორგი გოჩაშვილს და ზურაბ სააკაძეს-კი თვალები დაათხრევინა; დაესხა იოთამ ამილახვარს, შეპყრობილი ჰგვემა და ფიცით გაუშვა, ხოლო ციხე ცხვილოსი შეუმუსრა. ზაალ ერისთავი და ბევრი სხვები მის მოწინაამდეგეთაგანნი იძულებულები იყვენ კახეთს გადახვეწილიყვენ. |
შემდეგ როსტომ მეფემ გაილაშქრა კახეთში თეიმურაზის დასასჯელად. მათ შორის ომი მოხდა მაღაროში და როსტომი დამარცხებული უკანვე დაბრუნდა. მაშინ როსტომმა გაგზანა ყაენთან კაცი და შეატყობინა რაც მოხდა. შაჰ-აბაზმა უბრძანა ადამ სულთან ენდრონიკაშვილს, როსტომ მეფის დისწულს, წასულიყო ქართლს ადირბეჟანის, შირვანის, ერევნის და ყარაბაღის ბეგლარბეგებით, რომ „ვინც როსტომის ურჩი და მაწყინარია შუადამ ამოიღოს და ბატონი თეიმურაზ გააძიოს“. |
ადამ ენდრონიკაშვილი მოვიდა ქართლს 1645 წ. როსტომ მეფე და ადამ-სულთანი რომ კახეთს შევიდენ, თეიმურაზმა უკან დაიხია და კახეთი მათ დარჩათ. მაშინ კათოლიკოზმა (ქრისტეფორე უდურბეგაშვილმა) და ეპისკოპოზებმა სთხოვეს როსტომ მეფეს, რომ მორიგებულიყო თეიმურაზთან ორი წლის ვადით, რის გამავალობაშიაც ისინი უნდა შერიგებულიყვენ საბოლოოდ. წინდად თეიმურაზმა როსტომ მეფეს დაუთმო თავის მხრით ორი სოფელი: გავაზი და კისისხევი.6 აგრეთვე კისისხევი. აგრეთვე მიმართეს როსტომ მეფეს სინანულით და შენდობის თხოვნით თავადებმა. ზურაბ ერისთავმა და ნოდარ ციციშვილმა მიუგზანეს სახვეწრად ანახანუმ ჩხეიძის ცოლი, რიმელიც იყო ნოდარ ციციშვილის და, ხოლო ერისთავისა სიდედრი. ანახანუმი მივიდა როსტომთან და სთხოვა, რომ შეეწყალებინა ერისთავი და ციციშვილი, რომელნიც მზად იყვენ მისულიყვენ მეფესთან და მორჩილება გამოეცხადებინათ. ანახანუმმა ამ თხოვნას დაურთო თხოვნა თავის შვილების, მაზლისა და მაზლის წულის დაბრუნების შესახებ სპარსეთითგან. როსტომმა მოწყალებით მიიღო ჩხეიძის ცოლი და ასეთი პასუხი მისცა: „თუ ერისთავი ყაენის კარს წავა, შემოვირიგებო, ყაენის კარითგან ისევ მალე მოვიყვან და შვილებსაც მოგისხმევინებო, საციციანოსაც ნოდარს მივსცემო და ერისთავსაც, რაც ქართლში მამული ჰქონებია, დავუბრუნებ და ყაენისგან სოფლებსაც ვუშოვნიო“. ამ პასუხის შემდეგ ერისთავი მივიდა მეფესთან. მეფემ კარგად მიიღო, დაუბრუნა თავის ნაქონები მამული და საერისთვოში გაისტუმრა. აგრეთვე მივიდა მეფესთან ნოდარ ციციშვილი. როსტომმა იმასაც დაუბრუნა საციციანო. რაკი ამ ნაირად მორიგებით გაათავა საქმე თეიმურაზსა და ურჩს თავადებთან, როსტომმა იშუამდგომლა ყაენთან, რომ ისინი შეეწყნარებინა და სპარსეთის ჯარი უკანვე დაებრუნებინა. |
![]() |
1.5 VI |
▲ზევით დაბრუნება |
ამავე წელს ზაალ არაგვის ერისთავი წავიდა სპარსეთს ყაენთან. ის რომ წასვლას აპირობდა, იოთამ ამილახვარმა მიუგზანა მეფეს კაცი და სთხოვა, რომ ისიც გაეშვა ყაენთან ერისთავთან ერთად. როსტომმა სიამოვნებით მიიღო მის სათხოვარი და ორსავე თავადებს წაუმძღვარა სუფრაჯი ჰამზაბეგი. დიდის ამბით იმგზავრეს ამ თავადებმა. გზაში ყველგან სამასპინძლოს მზად ახვედრებდენ. საცა გზის პირას ხანი და სულთანი იყო, წინ უხვდებოდენ მათ, თავიანთა იპატიჟებდენ და დიდის ამბით უმასპინძლდებოდენ. ქალაქებში შესვლის დროს, წინ ეგებებოდენ ქალაქის თავი კაცები ისპაანს რომ მიახლოვდენ, წინ გამოეგებენ ისპაანის ვეზირი, ქალანთარი, მოურავის მოადგილე ქალაქის უფროსის კაცებით და ადამ ენდრონიკაშვილი ყულების ჯარით ქალაქის ალაყაფის კარს აკოცნინეს და ჯულფის უბანში ხოჯა საფარის სახლში ჩამოახტუნეს. რვა დღის განმავლობაში ერისთავს და ამილახვარს სადილ-ვახშამი ყაენის სახლითგან მოსდიოდათ. მერმე შვიდშვიდი თუმანი და სამოც სამოცი ლიტრ ღვინო გაუჩინეს დღეში თითოს. ყაენმა ინახულა ისინი, გაამაჰმადიანა და მეჯლიში გაუმართა. ამ მეჯლიშზე ორთავე ქართული ჩოგანი ათამაშა და ოქროთი შეკაზმული ბედაური ცხენები აჩუქა. ამნაირს პატივში იყვენ ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახვარი, როცა როსტომის კაცი მივიდა ყაენთან, რომელსაც მეფე სწერდა არზით, რომ ისინი გაეშვა ქართლს ყაენმა გაისტუმრა ისინი დიდის საჩუქრებით. ერისთავს უბოძა ხუთასის თუმნის თეთრი, ხალათი, ოქროთი შეკაზმული ცხენი და თხუთმეტი სოფელი ყაზმინის სიახლოვეს. ამილახვარსაც აგრეთვე უბოძა ფულები, სალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი; ამას გარდა დაუნიშნა წლიური ჯამაგირი ორმოც-და-ათი თუმანი. იმათთანავე გამოუშვა საქართველოში ყველა ქართველი ტყვეები, ვინც კი ისპაანში იყვენ: ქართლელები, კახელები თუ იმერლები, ყველანი დასაჩუქრებულები ხალათებით და საგზაო ფულებით. ერისთავს და ამილახვარს კიდევ მით გამოუცხადა თავის წყალობა, რომ აჩვენა ჰარამი, გამოსტუმრებისას ასე უთხრა მათ: „რასაც როსტომ მეფეს აამებთ და ერთგულათ ემსახურებით, ჩვენ გვიამების და იმის მოწერილობით ჩვენგან წყალობა დაგემართებისთ, იმისავე მოწერილობით ჩვენგან რისხვასაც ელოდეთო“. ყაენმა იმათ ხელით როსტომ მეფესაც გაუგზანა სალათი და ოქროთი შეკაზმული ცხენი. მეჰმადარი წამოუძღვა და წამოვიდენ ქართლისაკენ როსტომ მეფემ რომ შეიტყო ტფილისს მოახლოვება ერისთავისა და ამილახვრისა, მრავალი ხალხით გამოვიდა ქალაქს გარეთ წინ მისაგებებლა, იმათ რომ დაინახეს როსტომ მეფე ცხენით მომავალი, დაიქვეითეს, ფეხდა-ფეხ მიუახლოვდენ მეფეს და მის ცხენის ავჟანდაზედ აკოცეს. როსტომი ცხენითგან ჩამოხტა და ყაენის გამოგზანილი ხალათი ჩაიცვა. დიდის ამბით შემოვიდენ ქალაქში. მეფემ მოსული თავადები ათს-თორმეტს დღეს ალხინა და შეასვენა, მერმე უბრძანა „გზისაგან გარჯილნი ხართ და შინაც გელიანო, წადით ამ ზამთარს თქვენსას შეექეცითო“ |
ზაალ ერისთავი რომ როსტომ მეფეს დამორჩილდა და ყაენთან წავიდა, თეიმურაზ მეფეს ეწყინა. თავისგან მიცემული თიანეთისა და სხვა კახეთის მამულები წაართვა ერისთავს. ამის გამო გაჩნდა მიხტომ-მოხტომა ერისთავსა და თეიმურაზ მეფეს შორის. ზაალ ერისთავი ცოლშვილით ტფილისს ჩავიდა და როსტომთან იჩივლა თეიმურაზისაგან კახეთის მამულების წართმევაზე. მშვიდობის მოყვარე როსტომმა ერისთავს ასე უპასუხა: „მე მაგაზე ბატონს თეიმურაზს ვერას შევუვალ, რომ თავის სამკვიდრო მამული არ მოგცესო, მაგიერი მე მომიცემიაო |
![]() |
1.6 VII |
▲ზევით დაბრუნება |
თეიმურაზ მეფე თავისას არ იშლიდა და როსტომის წინაამდეგ მოქმედებდა. 1646 წელს იმისგან გაგზანილი მოციქული იმერეთის მეფე ალექსანდრესთან მიმავალი რევაზ ბარათაშვილი დაიჭირეს და როსტომ მეფეს მიჰგვარეს. ბარათაშვილს ამოაჩნდა „საჩხუბარი წერილები“. როსტომ მეფემ ბარათაშვილს თვალები დაათხრევინა და თეიმურაზს მოციქული გაუგზანა; „რისთვის არ დაწყნარებით და ჩვენც არ დაგვაწყნარებთ? ჩვენსა და თქვენ შუა მრავალი საქმენი ძენან. ამას წინად კახეთში სამი სოფელი დაგვიდევით გაბრჭობამდისინ, ახლა ორნივე უსაქმო ვართ და სანამდისინ თქვენსა და ჩვენს შუა საქმენი გარდუწყვეტი არის, ქართლი და კახეთი არ მოისვენებს. დრო ამის უკეთესი არ იქნების. ორიოდე მცოდინარი ბერი და ერი შენს სიძეს მეფეს ალექსანდრეს ვთხოვოთ, ასრევე ლევან დადიანს, გურიელს და ახალციხის ფაშასაც ვთხოვოთ, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთ. ჩვენც მოვისვენოთ და ჩვენი ქვეყანანიც მოვასვენოთ“. ეს წინადადება მეფე თიმურაზმა უარჰყო და ის სოფლები, რომლებიც გაბრჭობამდის როსტომს მისცა წინდად, ისევ წაართვა და მოხელეები გამოუყარა. პასუხათ როსტომს მისწერა: „შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი მე მოვკალ და თქვენ კიდეც უნდა მიმადლიდეთო, თუ არა და ჩემთან საბჭო რა გაქვთო. თქვენი მესისხლე ეგ არის, რომელიც ყაენთან გაგიგზანია და მორჭმული და გამდიდრებული მოგიყვანია. თუ სისხლს კითხულობ, მოსისხლის ძმებსა და სახლის კაცებს მოჰკითხეთო“. მოციქულობამ როსტომ მეფესა და თეიმურაზ მეფეს შორის გასტანა. 1647 წლამდე |
საქმე იქნამდის მივიდა რომ როსტომმა და თეიმურაზმა ჯარები შეკრიბეს და გაემართენ ერთმანერთის წინაამდეგ (1648 წ.). თეიმურაზი თავის ჯარით დადგა თიანეთში. როსტომი თითონ ქართლის ჯარით მის წინაამდეგ წავიდა თიანეთისკენ, ხოლო ქიზიყისკენ გაგზანა სპარსელების ჯარი ჯემალხანის წინამძღოლობით. როსტომმა გაიარა მცხეთაზე, სადაც სვეტიცხოველში ილოცა და იქითგან მივიდა თეანეთში. მეფემ თავის ჯარს უთავა ვახტანგ მუხრან-ბატონი და ზაალ ერისთავი. თეიმურაზის ჯარს სარდლობდა სალთხუცესი რევაზ ჩოლაყაშვილი. როცა მზად იყვენ ორივე მოწინაამდეგე მხარენი ერთმანერთს შეხვდომოდენ, თეიმურაზის მხარეს განხეთქილება ჩამოვარდა: სუფრაჯი ბიძინა ჩოლაყაშვილი, რომელიც გადამტერებული იყო რევაზ ჩოლაყაშვილზე, ჩააცივდა თეიმურაზს, რომ ერთის რაზმით გაეგზანა ის ერწოს გასამაგრებლად. ამ ახირების მიზეზი ის იყო, რომ მას არ უნდოდა რევაზ ჩოლაყაშვილის სარდლობის ქვეშ ეომნა. თეიმურაზს ემძიმებოდა ჯარის გაყოფა, მაგრამ უარესის შფოთის ასაცილებლად დართო ნება, რომ ბიძინა ჩოლაყაშვილი ჯარით ერწოს წასულიყო. ამნაირად მისი ჯარი განახევრდა. ამის შემდეგ უღლისში გაიმართა ომი თეიმურაზისა და როსტომის ჯარებს შორის. თეიმურაზის მხრით მოკლული იქნა ტყვიით სარდალი რევაზ ჩოლაყაშვილი, რის შემდეგ შეშინებულმა ჯარმა უკან დაიხია. დამარცხებულმა თეიმურაზმა შიგნით კახეთისკენ გასწია. როსტომი ჯარით უკან გამოედევნა და მიჰყვა გრემამდის, სადაც ის გაჩერდა. |
რა დღესაც უღლისში გაიმარჯვა როსტომმა, იმავე დღეს მაღაროში გაიმარჯვეს სპარსელებმა კახელებზე და მოკლეს დავით ბატონიშვილიც. როსტომმა გაიგო ეს ამბავი მეექვსე დღეს გრემთან. გაიგეს აგრეთვე თეიმურაზმა და კახელებმა, რომლებიც გრემში იყვენ. თეიმურაზი გაჭირებულს მდგომარეობაში ჩავარდა. მტრებს შუა მომწყვდეული რამდენიმე კახელი მივიდა როსტომთან და წინადადება მისცა, რომ თეიმურაზს დაიჭერდენ. როსტომმა არ მიიღო ასეთი წინადადება და მადლობის მაგიერ შერისხა ამისთანა მოღალატურის განზრახვისთვის. თეიმურაზს მეტი ღონე არ ჰქონდა, უნდა როსტომისთვის ეთხოვნა თავისუფლად გაშვება იმერეთს. მან ამნაირის სათხოვრით მიგზანა როსტომთან ხორეშან დედოფალი. როდესაც ხორეშანი მივიდა როსტომის ბანაკში, წინ მიეგებენ მას კათოლიკოზი, ლუარსაბ ბატონიშვილი და ეპისკოპოზები. როსტომმა უბრძანა ყველას, რომ არ გაეგებინებინათ დათუნა ბატონიშვილის სიკვდილი ხორეშანისთვის, რომელსაც ის მარტო დატყვევებული ეგონა. როდესაც მეფის კარავს მიუახლოვდა ხორეშან დედოფალი, ცხენითგან ჩამოხტა, და მარჯვნივ კათოლიკოზით, მარცხნივ ლუარსაბ ბატონიშვილი, მივიდა კარავთან. როსტომ მეფე მიეგება კარვის წინ და დედოფალი მას ფეხთ მოეხვია. „გაფიცებ, – უთხრა დედოფალმა როსტომ მეფეს, – თუ პატივს სცემ ოდნავად შენს სისხლს, ნება მიეც შენს ნათესავს წასვლისა“. როსტომმა წამოაყენა ხორეშანი და მათ გადაჰკოცნეს ერთმანერთი ტირილით. ამას შემდეგ დედოფალი შეიყვანეს ცალკე კარავში მოსასვენებლად. როსტომ მეფემ დაუძახა ისე ლორის ხანს და ჰკითხა, რა პასუხი მიეცა დედოფლისთვის. იმან ურჩია, რომ რაკი თეიმურაზს ქართლზე ხელი აუღია და დამორჩილებას აპირებს, ყარაია იმას დაუტოვე და დანარჩენი მისი სამეფო შენ დაინარჩუნეო. ეს აზრი მოეწონა როსტომს და ისეც უნდოდა მოქცეულიყო, მაგრამ სხვებმა სულ წინაამდეგი რჩევა მისცეს. თეიმურაზის სიტყვა დასაჯერებელი არ არის და შესაძლებელია, შემდეგშიაც ისე არ მოგასვენოს, როგორც აქამდისაო. როსტომმა ხორეშან დედოფალს წინადადება მისცა, რომ თუ თეიმურაზი სპარსეთს წავიდოდა ყაენთან, ის შუამდგომლობას გაუწევდა შესანდობლად. ხორეშანმა უარი უთხრა სპარსეთს წასვლაზე და სთხოვა იმერეთს გაშვება. მაშინ როსტომ მეფემ დედოფალს აჩუქა 500 თუმანი, მისცა 500 ცხენი და ჯორი ბარგის საზიდლად და კათოლიკოზის წინამძღოლობით გაუშვა იმერეთს თეიმურაზი სახლობით, მხლებლებით და იმ კახელებით, ვინც მასთან ყოფნა მოინდომა |
ამნაირად როსტომ მეფემ დაიჭირა მთელი კახეთი დათუნა ბატონიშვილის და სხვა დახოცილის თავად-აზნაურების თავები და თეიმურაზის დროშა ყაენს გაუგზანა ბოქოულთხუცესის ელიზბარ დავითაშვილის ხელით. მასთან გაგზანა აგრეთვე ბიძინა ჩოლაყაშვილი. ყაენმა, რომელიც მაშინ ყანდაარში იყო წასული სალაშქროდ, კახეთი როსტომს მისცა და გამოუგზანა თაჯი, თომარი, მურასა ხმალი, ფუნში (ყელსახვევი), სალათი და ოქროს იარაღით შეკაზმული ბედაური ცხენი. ამას გარდა სხვა და სხვა ქართველის თავად-აზნაურებისთვის დასარიგებლად გამოატანა დავითიშვილს 500 ხალათი, თვით იმას კი საჩუქრად მისცა სამი სოფელი ყარაბაღში (განჯაში). როსტომ მეფემ ერწო-თიანეთი და სერგი ზაალ ერისთავს მისცა. |
![]() |
1.7 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
თეიმურაზ მეფის კახეთითგან გაძევების შემდეგ ქართლმა და კახეთმა მოისვენა. როსტომი ახლა უცილობლად განაგებდა ორსავე სამეფოს. 1650 წ. როსტომმა დააქორწინა დიდის ამბით ლუარსაბ ბატონიშვილი ადამ ენდრონიკაშვილის ასულს თამარზე. 1651 გაზაფხულზე როსტომმა და მარიამ დედოფალმა მოინდომეს კახეთის დათვალიერება. მათ მიიწვიეს ქართლის თავად-აზნაურები ცოლებით და შეუდგენ კახეთის მიმოვლას. ვერაფერი სანახავი იყო მაშინ კახეთი, რომელიც სპარსების შემოსევისგან სრულიად აოხრებული და დანგრეული შეიქნა. 1642 წელს კახეთში მყოფის რუსეთის მოციქულების თქმით, ამ ქვეყანაში სულ 30,000 კომლი იქნებოდა მცხოვრებელი, ცოტა სოფლები იყო, ქალაქები კი სულ აოხრებულები და ნანგრევებად ნაქცევები იყვნენ. მღვთის მეცა ყური
მათხოვეთ, გრემის სასახლის ქებაო, |
ქართლისა და კახეთის მშვიდობიანობა შეარყიეს ქართლელმა თავადიშვილებმა 1653 წ. ლუარსაბ ბატონიშვილის მოკვლით. იმათ არ ეპიტნავებოდათ ლუარსაბის მემკვიდრედ დანიშვნა. ჩვენაო, ამბობდენ ისინი, ყველას მაგისი პაპის ვახტანგის მამული გვიჭირავს და, როცა გაბატონდება, ყველას წაგვართმევს და თავის შვილს საუფლისწულოდ მისცემსო. ამიტომ მათ გადაწყვიტეს მისი მოკვლა, და თავიანთ განძრახვის ასასრულებლად შემთხვევაც იპოვეს. 1653 წ. მეფე თავის სახლობით და მრავალი თავად-აზნაურობით წავიდა დებედაზე აშენებულის ხიდის, ქარავან-სარაიის და სოფლის სანახავად. აქ როსტომი აპირებდა რამდენისამე დღით დარჩენას. თავადიშვილებმა ლუარსაბ ბატონიშვილს მოახსენეს, რომ გაჰყლოდა მათ გაღმა ყარაიის ჭალაში სანადიროდ. მეფემაც დასტური დასცა. ნადირობის დროს კინღამაც ტყვია ლუარსაბს მოახვედრა. შეიტყო თუ არა ეს ამბავი როსტომმა, გაგზანა ჯარა ექიმი და თითონაც გაეშურა. ჯერ კიდევ ცოცხალს მიასწრო და დაუწყო გამოკითხვა: თოფი საითკენ გეცა, ან იქით ვინა და ვინ იდგენ, ან გაიგე ვისი თოფი გეცაო? ლუარსაბმა უპასუსა: „თუ მოვრჩი, ჩემს მკვლელს მე გიპოვნი და თუ მოვკვდი, თქვენ კარგად იყავით, როგორც გიჯობდეთ, ისე ჰქენითო“. ბატონიშვილი მიიცვალა მეორე დღეს. მკვლელის ძებნის დროს სიაოშ ბარათაშვილმა დასწამა ბაინდურ თუმანიშვილს, ვითომ იმას მოეხვედრებინოს თოფი. როსტომ მეფემ სიმართლის ამოსაჩენად ისინი ხმალში აჩხუბა. ხმალში ორნივე დაიჭრენ და თუმანიშვილი გამართლებული იქნა. ლუარსაბის სიკვდილის შემდეგ როსტომმა მოინდომა მოეყვანა მემკვიდრედ მის ძმა ვახტანგი, რომელიც ყაზმინს იყო მოურავად. მეფემ გაგზანა ყაენთან თურმან თურმანიძე არზით ბატონიშვილის ვახტანგის შვილად სათხოვნელად. ვახტანგის დედას არ იამა როსტომის თხოვნა და მის მოციქულს პირდაპირ გამოუცხადა ეჭვი, რომ ლუარსაბი მეფისგან არის მოკლული და მეფე ახლა მეორე შვილსაც მთხოვს, რომ ისიც მოკლასო. ყაენს სთხოვა, რომ მის შვილი არ გაეგზანა როსტომთან, ხოლო ქართლი ან ახლავე მიეცა, ან როსტომის სიკვდილის შემდეგ. თურმანიძემაც როსტომ მეფეს შეატყობინა, რომ ლუარსაბის სიკვდილს შენ გაბრალებენო. როსტომმა ამის გაგონებაზე თქვა: „შვილად მინდოდა, თუ ღმერთს ჩემთვის შვილი სდომებოდაო, მომცემდაო, ახლა სანამდისინ ცოცხალი ვარ, თვითონ ვიბატონებო, ჩემს უკან ვისაც უნდა მისცესო. |
1654 წ. სპარსეთში მოკვდა ხალიფა-სულთან ეტიმადოვლე და ყაენმა მის მაგიერ დააყენა მაჰმად-ბეგი. როსტომ მეფემ ახალის ეტიმადოვლის მისალოცავად გაგზანა ყაზმინს ფარსადან გიორგიჯანიძე ფეშქაშით. ყაენმა რომ შეიტყო გიორგიჯანიძის მისვლა, გამოაკითხვინა ლუარსაბ ბატონიშვილის მოკვლის ამბავი. ამან დაარწმუნა რომ ის როსტომის მოკლული არ იყო. ეს რომ ვახტანგ ბატონიშვილმა გაიგო, გიორგიჯანიძის ხელით გაუგზანა როსტომს არზა და დააბარა სასმელი და თავდაბალი სიტყვები. გიორგიჯანიძე იმ ზამთარს ლაჰიჯანში დარჩა მეფის ფულების ასაღებად, ხოლო ვახტანგის არზა და მისი დაბარებული სიტყვები მეფეს შეატყობინა წერილით. ვახტანგის არზის და გიორგიჯანიძის წერილის წაკითხვის შემდეგ, როსტომმა გიორგიჯანიძესთან გაგზანა ჩაფარი და წერილი მისწერა, რომ ყაენთან მისულიყო და მიერთმია არზა ვახტანგის თხოვნის შესახებ და ბატონიშვილი წამოეყვანა ქართლს. გიორგიჯანიძესთან ჩაფარის გაგზავნის შემდეგ როსტომმა გადაწყვიტა ბატონიშვილის ვახტანგის მოსაყვანად ვახტანგ მუხრანბატონი გაგზავნა სპარსეთს და ამიტომ ყაენთან გაგზანა ჩაფარი თხოვნით, რომ თუ ბატონიშვილი არ გამოგისტუმრებიათ, მოითმინეთ ვახტანგ მუხრან ბატონის მოსვლამდე და იმას გამოატანეთო. |
ვახტანგ მუხრან-ბატონიც მალე მოვიდა ისპაანს (1655 წ) მაგრამ მის მოსვლისას ვახტანგ ბატონიშვილი მიიცვალა. ეს ამბავი მუხრან-ბატონმა მეფეს შეატყობინა. როსტომმა მაშინ ყაენთან ჩაფრად გაგზანა ხოსია ბარათაშვილი და ვახტანგ მუხრან ბატონი ჯანიშინად სთხოვა. ყაენმა შეიწყნარა როსტომის თხოვნა, ვახტანგი გაამაჰმადიანა, ჯანიშინად დანიშნა. და დასაჩუქრებული გაისტუმრა ქართლს. |
![]() |
1.8 IX |
▲ზევით დაბრუნება |
ვახტანგი რომ ქართლს დაბრუნდა ყაენისგან ჯანიშინად დანიშნული, როსტომმა პატივი მოუმატა და ზოგ-ზოგი სავახტანგო სოფლებიც მისცა. სიგელებში შვილად იხსენიებდა. თითონ ვახტანგიც შეუდგა თავის მდგომარეობის მტკიცედ დამყარებას: ზაალ ერისთავის შვილს ზურაბს თავის ასული მიათხოვა, ნოდარ ციციშვილის ასული თავის შვილს არჩილს უთხოვა. თვით მარიამ დედოფალმა და ყველა კარის კაცებმა შეჰფიცეს, რომ მეფედ მას მოინდომებდენ როსტომის შემდეგ. როსტომ მეფეს მაინც კიდევ ჰქონდა შიში, რომ მის სიკვდილის შემდეგ არ მომხდარიყო შფოთი და წინაამდეგობა არ გაეწიათ ვახტანგის გამეფებისთვის. ის ცდილობდა რომ ყაენს მის სიცოცხლეშივე დაემტკიცებინა ვახტანგი მეფედ. ამიტომ 1657 წ. როსტომმა გაგზანა ყაენთან სეხნია თურქისტანიშვილი არზით ვახტანგის მეფედ დანიშვნის შესახებ მისი სიკვდილს შემდეგ. ამ თხოვნის საბაბად როსტომმა ყაენს შეატყობინა თავის განძრახვა ოდიშში გალაშქრებისა, რომელიც გამოიწვია ლევან დადიანის სიკვდილის შემდეგ მომხდარმა გარემოებამ. 1657 წ. ოდიშის მთავარი ლევან დადიანი მოკვდა და შვილი არ დარჩა მემკვიდრედ. მის ძმისწულები ლიპარიტ და მანუჩარი როსტომთან იყვენ ქართლში. იმერეთის მეფე ალექსანდრე ლევანის სიკვდილის გაგონებაზე შევიდა ჯარით ოდიშში, დაიჭირა მთელი ქვეყანა და გაამთავრა ლევანის შორეული ნათესავი ვამეყ დადიანი ლევანის ძმისწულებმა კი როსტომისგან ითხოვეს შემწეობა. ამ ამბავს ატყობინებდა როსტომ მეფე ყაენს და სთხოვდა: „ერთი რაყამი უბოძეთ მუხრან ბატონს, რომ ჩემს უკან მეფობა მისი იყვესო, რომ ჯარსა და ლაშქარს მისგან შიში ჰქონდესო, რადგან მინდა სარდლად ნქნა და ოდიშს გავგზანო, რომ დადიანის ძმისწულნი თავის სამკვიდროზე გააბატონოსო“. ზაალ ერისთავს ძალიან ეწყინა როსტომისგან ამნაირის არზის გაგზავნა ყაენთან, რადგან თითონ ფიქრობდა დამოუკიდებლობის შეძენას თავის საერისთავოში და კახეთის ბატონობის იმედიც ჰქონდა. ამ თავის განძრახვის ასრულებას ის აპირებდა როსტომის სიკვდილის შემდეგ, როცა ვახტანგ მუხრან-ბატონს სახვეწური ექნებოდა მასთან ქართლის მეფობის საშოვნელად. ვახტანგის მეფედ დანიშვნა ყაენისგან როსტომის სიკვდილის წინად სულ არღვევდა მის იმედებს. ამიტომაც ის შეუდგა როსტომ მეფისა და ვახტანგ მუხრან-ბატონის წინაამდეგ მოქმედებას. ჯერ ყაენს მისწერა: „მეფე დიაღ შეძნელდა და ეგ არზები, მაჰმად ზამანა. ასე შეუთვალა მას: „თავდაპირველ შენ მოინდომე ჩემი გაბატონება, ახლა რა შეგცოდე, რომ აგრე გაავგულებულხარ; შენის შვილისთვის ქალი მიმიცია და რასაც მამულს იტყვი მოგართმევო“. ზაალ ერისთავმა ამაზე პასუხად უთხრა მოციქულებს: „როდესაც მის ბატონობა გავარჩიეთ და ჩემს ზურაბს ქალი მისცა, ნოდარ ციციშვილის ქალი თავის შვილს არჩილს უთხოვაო. ჩვენ შუა დამხდომი ნოდარ მომკვდარა, მაგრამ თურმან და ტფილელი ცოცხალნი არიან. ქართლის მეფობა მაგისთვის გვითქვამს და კახეთის ბატონობა ჩემთვის ითქვა, თორა და მაგასთანაც მრავალჯერ დამიფიცავს, რომ როსტომ მეფეს უკან სხვა ქართლის მეფეს ყმობა არ ვუყო, გინდა ეგ იყოს, გინდა სხვაო“. ვახტანგ მუხრან-ბატონმა კიდევ მიუგზანა მოციქულები, მაგრამ ზაალ ერისთავი სულ იმ ნაირს პასუხს აძლევდა. როსტომი კიდევ უკანასკნელს დღეებში იყო და დღე დღეზე ელოდენ მის სიკვდილს. ვახტანგ მუხრან ბატონმა აცნობა ყაენს როსტომის სიკვდილის მოახლოვება. ყაენმა გამოგზანა თავის კაცი, მაგრამ მან ვერ მოასწრო მეფეს ცოცხალს. ყაენის რწმუნებულმა როსტომის გვამი გაგზანა სპარსეთს, მარიამ დედოფალი ციხეში შეიყვანა და მეფის საგანძურს ყარაულები დააყენა. ვახტანგ მუხრან-ბატონმა თავის მხრით შეატყობინა ყაენს როსტომის სიკვდილი და სთხოვა მეფობის რაყამი. ყაენმა ვახტანგს მისცა ქართლის მეფობა, სახელად დაარქვა შაჰ-ნავაზ, დაუმკვიდრა როსტომის საგანძური და მოსწერა, რომ მარიამ დედოფალი ცოლად შეირთო. ზაალ ერისთავი რომ შეიტყო, ყაენის განკარგულება, აიყარა ავლაბრითგან და წავიდა დუშეთს (1658 წ.). |
![]() |
1.9 X |
▲ზევით დაბრუნება |
როსტომ მეფე პირადის ხასიათით და მიმართულებით სწორედ ისეთი კაცი იყო, როგორიც შეეფერებოდა მაშინდელს ქართლისა და კახეთის მდგომარეობას. სპარსეთთან უთანასწორო ბრძოლამ, შაჰ-აბაზ I-ის შემმუსრავმა არა – ერთგზობითმა შემოსევამ ისე ააოხრა და დააუძლურა ეს ქვეყნები, რომ შეუძლებელი იყო მათ წინაამდეგობა გაეწიათ სპარსეთის გვარის შემოსევისთვის. ქართლსა და კახეთს უჭირდათ მშვიდობიანი ცხოვრება, რომ ერის დაკარგული ძალები აღორძინებულიყვენ, სამეფო მოშენებულიყო და მომზადებულიყო საკვლაოდ სრულის დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად. ხოლო მშვიდობიანობის დამყარება შეუძლებელი იყო სპარსეთის ზეხელმწიფების მიუღებლად. როსტომ მეფეც გულწრფელად იცავდა სპარსეთის ზეხელმწიფებს და ამნაირად სპარსელებს არ აძლევდა შემოსევის და აოხრების საბაბს. ამასთან როსტომ მეფეს პირად დიდი გავლენა ჰქონდა სპარსეთის ყაენებზე და მით უფრო შეეძლო სიკეთე მოეტანა ქართლისა და კახეთისთვის. მაგრამ, საუბედუროდ, როსტომ მეფეს ხელი შეუშალეს ერთის მხრით ქართლის დიდებულებმა, მეორე მხრით თეიმურაზ მეფემ, რომელმაც ვერ შეიგნო, რომ მისთვის შეუძლებელი იყო ქართლისა და კახეთის შეერთება. ქართლის დიდებულები კი, რომლებიც როსტომ მეფეს უწევდენ წინაამდეგობას, მისდევდენ თავიანთს პირადს სარგებლობას და არა ქვეენისას. როსტომის გადევნის შემდეგ მათ უნდოდათ ქართლში გაემეფებინათ თეიმურაზი ან სხვა ვინმე, რომელიც მათ ხელში სათამაშოდ შეიქნებოდა და მათ თავნებობას ხელს არ შეუშლიდა. ეს თავნებობის საღერღელი აეშალა ყველაზე მეტად არაგვის ერისთავს, რომელმაც გაიძრახა თავის საერისთვო დამოუკიდებელი გაეხადა მეფისაგან და შეექნა მსგავსი იმიერ-საქართველოს სამთავროებისა: ოდიშისა, გურიისა და აბხაზეთისა. ხოლო რომ როსტომს შეეძლო ბევრის გაკეთება თავის სამეფოს სასარგებლოდ, ეს ჩანს იქითგან, რაც გააკეთა. პირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს იყო მაშენებელი სასახლეებისა, ციხეებისა, საყდრებისა, ქარვასლებისა, ხიდებისა და სოფლებისა. მან ააშენა მშვენიერი სასახლე ტფილისში, სიონსა და ანჩიხატის შორის, მეტეხს შემოავლო ზღუდე და ხიდის ყურითგან კალისციხემდე გალავანი გაავლო. კიდევ ააშენა ტფილისში ქარავანსარაია როსტომ მეფემ ააშენა კიდევ ქალაქი, რომელსაც დაარქვა „მეფის ქალაქი“, ხოლო ახლა ჰქვიან ახალ-ქალაქი, თეძამზე ქართლში აღადგინა გაოხრებული ნასოფლარი – ინახიდური. შესანიშნავია როსტომი საყდრების შენებით და შეკეთებით. ამ საქმეში მას შველოდა მისი ღვთისმოყვარე მეუღლე მარიამი, იმათ შეაკეთეს ტფილისში სიონის და მცხეთაში სვეტიცხოველის საყდარი, რომელთაც გუმბათები ახლად აუშენეს. გაახლეს დანგრეული საყდრები ალავერდისა და ურბნისისა. ისინი ძალიან ზრუნავდენ ეკლესიების სასარგებლოდ სწირავდენ მათ სოფლებს და გლეხებს, რომელთაც ხშირად ათავისუფლებდენ ყოველნაირის გადასახადისგან.
როსტომის მეფობის აუცილებელი შედეგი იყო სპარსეთის კულტურული გავლენა საქართველოზე. სპარსეთთან მშვიდობიანს და მეგობრულს განწყობილებას, იქითგან ბევრის გადასახლებულის ქართველების უკან დაბრუნებას და ხშირს მისვლა-მოსვლას საქართველოსა და სპარსეთის შორის მოჰყვა სპარსეთის ენის, ჩვეულების, ზნის, სარწმუნოების, განათლების და მწერლობის გავრცელება საქართველოში. სპარსული ლაპარაკი და სიმღერა, სპარსული სმა-ჭამა. გარყვნილება და კეკლუცობა ძალიან გავრცელდა დიდკაცებში და თვით უმაღლესს სამღვდელოებამდისაც მიაწია. როსტომის მეფობაშივე ითარგმნა ბევრი წიგნები სპარსულის ენითგან, სხვათა შორის ორი შესანიშნავი წიგნი: როსტომიანი (შაჰნამე) ხოსრო თურმანიძის მიერ და ყორანი (მაჰმადიანების სამღვთო წიგნი) ფარსადან გიორგიჯანიძის მიერ. როსტომ მეფემვე განაგნა სპარსულს წესზე თავის კარის გამგენი, თუმცა არც ქართული წესი მოშალა, და ხმარებაში შემოიღო აგრეთვე მოხელეთა სპარსული სახელები. |