მწუხრისა ზარი

მერაბიშვილი ინესა

მწუხრისა ზარი* 

Дайте Кавказу мир,

и не ищите земного рая на Евфрате...

Он здесь, он здесь.

 

Томас Мур;

А. Бестужев-Марлинский

XIX-XX საუკუნეების საქართველოსა და რუსეთს ლეგენდის სახით შემორჩა ცნობა იმის შესახებ, რომ ივანე კოზლოვის ავტორობით ცნობილი ლექსი „Вечерний звон“ და ასევე ამ ტექსტზე შექმნილი რომანსი სათავეს გიორგი მთაწმინდელისგან იღებს.

გიორგი მთაწმინდელი (1009-1065), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველთა სამეცნიერო- ლიტერატურული საქმიანობის სულისჩამდგმელი, 1044 წლიდან ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარია.

ლეგენდის თანახმად ნიჭიერ რუს პოეტსა და მთარგმნელს ივან კოზლოვს ეს ლექსი უთარგმნია გიორგი მთაწმინდელისგან, რომლის ორიგინალი შესრულებული ყოფილა ბერძნულ ენაზე.

კორნელი კეკელიძე „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის“ პირველ ტომში გიორგი მთაწმინდელისადმი მიძღვნილი ნაწილის ბოლოს მოკლედ ეხება „მწუხრისა ზარის~ საკითხს და გამორიცხავს ამ ლექსის კავშირს გიორგი მთაწმინდელთან:

„ა. კალინოვსკის სიტყვით, გიორგის ბერძნულადაც დაუწერია ერთი ლექსი, რომელიც თითქოს რუსულ ენაზე გადმოკეთებულია ი. კოზლოვის მიერ და იწყება ასე: „Вечерний звон, вечерний звон, как много дум наводит он! “, მაგრამ ეს აზრი სრულიად უსაფუძვლოა. ეს ლექსი, რომელიც ქართულად იწყება ასე: „რეკა მწუხრის ძელისა. მწუხრის ძელისა, რავდენს აღგვიძრავს იგი მოგონებასა“ და რომელსაც გიორგის ნაწარმოებად თვლიან, თვითონ არის თარგმანი კოზლოვის ლექსისა და სტილის მიხედვით შეუძლებელია გადატანილი იქნეს მეთერთმეტე საუკუნეში. ის გადმოთარგმნილი უნდა იყოს XIX საუკუნის ოცდაათიან წლებში“ (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1980 წ., გვ. 234).

ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ რას წერდა კონკრეტულად ა. კალინოვსკი? მის გარდა კიდევ ვინ თვლიდა ამ ლექსს გიორგი მთაწმინდელის ნაწარმოებად? ხოლო თუ კალინოვსკი და სხვები ამას ასე მიიჩნევდნენ, არის თუ არა ეს აზრი მართლაც „სრულიად უსაფუძვლო“?

პირველ ყოვლისა, გვმართებს შევაჩეროთ ყურადღება თავად ივან კოზლოვზე, რადგან გაირკვა, რომ იგი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ამ ლექსის ერთადერთი ავტორი, და აი რატომ:

ივან კოზლოვმა ეს ლექსი პირველად გამოაქვეყნა 1828 წელს, პეტერბურგში გამოცემულ ალმანახში „Северные цветы“. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ტექსტი შეიქმნა 1827 წელს, რადგან 1828 წლის 17 იანვარს ცნობილი რუსი მთარგმნელი ნ. ი. გნედიჩი უკვე სამადლობელს მიწერს კოზლოვს: „Я ещѐ не благодарил тебя за „Вечерний звон“; он мне по сердцу“ (Русский архив, 1886 год, №2, с. 189). ოცდაათიანი წლების რუსეთში ამ ნაწარმოებმა ფართო აღიარება პოვა მაშინ, როდესაც ის ა. ა. ალაბევის რომანსის სახით გავრცელდა. ეს რომანსი გამოიცა ჯერ მოსკოვში 1828 წელს, ხოლო შემდეგ პეტერბურგში 1830 წელს.

მოგვიანებით, კოზლოვის ტექსტს მიუბრუნდნენ სხვა კომპოზიტორებიც, მათ შორის ი. კ. არნოლდი, ნ. ი. ბახმეტევი, ა. ა. რახმანინოვი. 1831 წელს რუსულ ჟურნალ „ტელესკოპში“ დაიბეჭდა ანონიმური სტატია სათაურით „Перевод стихотворения Козлова на английский язык Томасом Муром“ („Телескоп“, 1831, ч. II, № 8, с. 567-570). ვრცელ სტატიაში ავტორი გულდაწყვეტით აღნიშნავდა, რომ თურმე უცხოელები მზადყოფნას ამჟღავნებენ მიითვისონ რუსი მწერლების ნაწარმოებები. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმებოდა ცნობილი ირლანდიელი პოეტი ტომას მური და მისი თხზულებების ერთტომეული, რომელიც გამოიცა გალინიანის მიერ პარიზში 1829 წელს, სადაც „მწუხრის ზარები“ წარმოდგენილი იყო როგორც მისი ორიგინალური ლექსი და არაფერი იყო მინიშნებული ივან კოზლოვზე. უფრო მეტიც, სტატიის ავტორი გვთავაზობდა ამ ლექსის რუსულ და ინგლისურ ვარიანტებს და დასძენდა, რომ ინგლისური თარგმანი არ გამოირჩეოდა თავისი ერთგულებით დედნისადმი.

აქვე მოვიყვანთ ტომას მურისა და ივან კოზლოვის ლექსებს.

Thomas Moore (1779-1852)

Those Evening Bells

Those evening bells! Those evening bells!
How many a tale their music tells,
Of youth, and home and that sweet time,
When last I heard their soothing chime.
Those joyous hours are past away;
And many a heart, that then was gay,
Within the tomb now darkly dwells,
And hears no more those evening bells.
And so „twill be when I am gone;
That tuneful peal will still ring on,
While other bards shall walk these dells,
And sing your praise, sweet evening bells!

И. И. Козлов (1779-1840)

Вечерний Звон

Вечерний звон, вечерний звон!
Как много дум наводит он
О юных днях в краю родном,
Где я любил, где отчий дом,
И как я, с ним навек простясь
Там слушал звон в последний раз!
Уже не зреть мне светлых дней
Весны обманчивой моей!
И сколько нет теперь в живых
Тогда веселых, молодых!
И крепок их могильный сон;
Не слышен им вечерний звон.
Лежать и мне в земле сырой!
Напев унывный надо мной
В долине ветер разнесет;
Другой певец по ней пройдет,
И уж не я, а будет он
В раздумье петь вечерний звон!

როდესაც ანონიმური სტატიის ავტორი 1831 წელს მიუთითებდა ტომას მურის 1829 წლის ინგლისურენოვან კრებულზე, მან არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ლექსი „Those Evening Bells“ ჯერ კიდევ 1818 წელს შევიდა ტომას მურის კრებულში „National Airs“ (ეროვნული მელოდიები) და ის დასტამბა მუსიკალურმა გამომცემელმა პაუერმა (W. Power) ლონდონში. იმავე წელს ეს კრებული დუბლინშიც გამოიცა.

რაც შეეხება ლექსს „Those Evening Bells“ და მის სანოტო პუბლიკასციას, ის მურმა რუსულ მელოდიად (National Airs) წარმოგვიდგინა. როგორც ჩანს ეს მინიშნება საკმარისი მტკიცებულება იყო „ტელესკოპის“ სტატიის ავტორისთვის, რომ ლექსი კოზლოვიდან შესრულებულ თარგმანად მიეჩნიათ. ეს მინიშნება ჩვენთვის კი სულ სხვა შინაარსის მატარებელია, რადგან ვიცით, რომ ტომას მურს ლექსი გამოქვეყნებული აქვს ჯერ კიდევ ცხრა წლით ადრე, ვიდრე მას ივან კოზლოვი შექმნიდა.

ამდენად ისმის კითხვა: კოზლოვმა ეს თარგმანი შეასრულა ტომას მურიდან თუ სხვა რომელიმე წყაროდან, რომელიც ლეგენდის თანახმად სათავეს იღებს XI საუკუნეში?

წერილთან ერთად ჩვენ მოგვყავს როგორც ტომას მურის მიერ წარმოდგენილი მელოდია, აგრეთვე ი. კოზლოვის ლექსთან ერთად გავრცელებული მუსიკა. იმედი გვაქვს, რომ მუსიკოსები თავად იმსჯელებენ ამ მელოდიათა შეპირისპირებაზე. აქვე დავძენ, რომ მიუხედავად განსხვავებული ჟღერადობისა, მე მათში ხელჩასაჭიდ მსგავსებას ვპოულობ.

მივუბრუნდეთ ისევ „მწუხრის ზარის“ წარმომავლობის საკითხს, საკუთრივ იმას, თუ რას წერდა ამის შესახებ კორნელი კეკელიძის მიერ დასახელებული ა. კალინოვსკი. 1885 წელს პეტერბურგში გამოიცა ა. კალინოვსკის ნაშრომი „Где правда? История Афонского Иверского Монастыря. Исследование“. ამ ნაშრომის მე-12-13 გვერდებზე ა. კალინოვსკი დარწმუნებული აცხადებს, რომ კოზლოვის „Вечерний звон“ წარმოადგენს XI საუკუნის ქართველი მწერლის, გიორგი მთაწმინდელის, მიერ შექმნილი საეკლესიო სიმღერის სიტყვა-სიტყვით თარგმანს. როგორც ა. კალინოვსკი

აღნიშნავს, „ამაში შეუძლია დარწმუნდეს ნებისმიერს, თუ ის მოინახულებს ნიჭიერი და სწავლული ბერის დედნისეულ ხელნაწერებს გელათის მონასტრის ბიბლიოთეკაში“ („В чем может лично убедиться каждый, просматривая подлинные рукописи ученого и даровитого монаха, находящиеся в библиотеке Гелатского монастыря (в 7 верстах от г. Кутаиса)“).

ა. კალინოვსკის მიხედვით გიორგი მთაწმინდელმა სახელი გაუთქვა ათონის მთას თავისი შესანიშნავი ლექსებით, რომლებიც ყველა ევროპულ ენაზე ითარგმნა. ათიოდე წლის შემდეგ კალინოვსკის ნაშრომის გამოცემიდან იმავეს გვამცნობს ა. ს. ხახანოვი, იგივე ალექსანდრე ხახანაშვილი (А. С. Хаханов. Очерки по истории грузинской словесности. – „Чтения в ОИДР“, в. II. М., 1898, отд. III, с. 81).

იმ აზრს, რომ გიორგი მთაწმინდელი არის „მწუხრისა ზარის“ ავტორი, იზიარებდა არაერთი ქართველი მკვლევარი. მათ შორის აღსანიშნავია მ. ჯანაშვილი (იხ. ათონის ივერიის მონასტრის 1074 წ. ხელნაწერი აღაპებით, თბ., 1901, გვ. 13).

1982 წელს გამომცემლობა „Наука“-მ მოსკოვში გამოსცა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული „ლიტერატურული მემკვიდრეობის“ 91-ე ტომი (Литературное Наследство, Русско-Английские Литературные Связи, т. 91, „Наука“, М,. 1982). ეს ტომი წარმოადგენს აკადემიკოს მ. პ. ალექსეევის გამოკვლევას და მოიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსულ-ინგლისურ ლიტერატურულ კავშირებს. მე-8 თავი ეძღვნება ტომას მურსა და XIX საუკუნის რუს მწერლებს. ალექსეევი დიდ ყურადრებას უთმობს ტომას მურის „მწუხრის ზარებს“ და გულდასმით გვესაუბრება იმის შესახებ, რომ რუსეთში კოზლოვის „Вечерний звон“ მიჩნეული იყო სწორედ გიორგი მთაწმინდელის ლექსიდან თარგმნილ ვარიანტად. კალინოვსკისა და ხახანოვის გვერდით ალექსეევი იმოწმებს ც.ს. ვოლპეს (Ц. С. Вольпе), რომელიც თავის მხრივ მიიჩნევს რა ა. კალინოვსკის სარწმუნო წყაროდ, გვამცნობს, რომ გიორგი მთაწმინდელმა „მწუხრისა ზარი“ დაწერა ბერძნულ ენაზე, როგორც საგალობელი. ამდენად, მისთვის ჯერ კიდევ იმ ხანად შეიქმნა მუსიკა და ის ათონის მონასტრიდან გავრცელდა რუსეთსა და ქრისტიანულ აღმოსავლეთში. ვოლპეს აზრით, ამ ლექსმა ტომას მურამდე შესაძლოა, სწორედ რუსული წყაროებით მიაღწია. სწორედ ამითი ხსნის ვოლპე ტომას მურის მინიშნებას იმაზე, რომ ეს არის რუსული მელოდია.

ათონის ივერთა მონასტრიდან ინფორმაციის გავრცელებას პირველ ყოვლისა ის შეუწყობდა ხელს, რომ თავად ათონის მთაზე XV საუკუნეში მრავალი მონასტერი მდებარეობდა, მათ შორის ბერძნული, რუსული, ბულგარული და სხვა. მოგეხსენებათ, პირველი დიდი მონასტერი - „დიდი ლავრა“ აქ 963 წელს ააგო ათანასე ათონელმა. ათანასე ათონელის წინამძღვრობის დროსვე 980-983 წლებში დაარსდა ივერთა მონასტერი. რუსული მონასტერი აიგო XII საუკუნეში.

შეგვიძლია მივანიშნოთ იმაზე, რომ XIX საუკუნის დასავლეთის ცნობიერებაში ქართული მოვლენა ჩვეულებრივ აღიქმებოდა, როგორც რუსული, რადგან საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი. მაგრამ ამავე დროს გვმართებს ვთქვათ, რომ ტომას მური, ისევე როგორც მისი განსწავლული თანამედროვენი, მშვენივრად იცნობდა საქართველოს. „ლალლა რუკში“ ტომას მური ხომ ქართველ ქალებსა და თბილისურ აბანოებზე გვესაუბრება. უფრო მეტიც, ცნობილი დეკაბრისტის ა. ა. ბესტუჟევ-მარლინსკის საქვეყნოდ ცნობილი ციტატა „Дайте Кавказу мир и не ищите земного рая на Евфрате... он здесь, он здесь“ არის პარაფრაზი ციტატისა ტომას მურის პოემიდან „ჰარამხანის ნათება“. ამდენად, ც. ვოლპეს ვერსია იმის შესახებ, რომ ტომას მურამდე მთაწმინდელის ნაწარმოებმა რუსული გზით მიაღწია, სრულიად საფუძვლიანად გვესახება.

აკადემიკოსი მ. პ. ალექსეევი თავად დაინტერესებულა ამ საკითხით და საქართველოში მოუკითხია გიორგი მთაწმინდელის ხელნაწერი. მაგრამ ეს მოხდა 50 წლის შემდეგ იქიდან, როდესაც კალინოვსკიმ მნიშვნელოვანი ცნობა გელათის მონასტერში დაცული ხელნაწერის შესახებ თავის ნაშრომში მოათავსა. 1935 წელს მ. ალექსეევი მიმართავს პროფესორ ე. წერეთელს, რომელიც აცნობებს მას, რომ გელათის მონასტერში ასეთი ხელნაწერი არ არსებობს. მ. ალექსეევი აგრეთვე უკავშირდება თბილისში

ი. კ. ენიკოლოპოვს, რომელიც ატყობინებს მას, რომ ეს ლეგენდა დიდხანს ცოცხლობდა ქართულ ლიტერატურაში, მაგრამ მოკლებულია ფაქტიურ საფუძვლებს. ი. ენიკოლოპოვის თანახმად, XIX საუკუნის ხელნაწერებში მოიძებნება „მწუხრის ზარის“ ოთხნაირი ტექსტი და ყოველი მათგანი წარმოადგენს კოზლოვის ლექსის თარგმანს.

გიორგი მთაწმინდელის „მწუხრისა ზარის“ ტექსტი შესულია ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის ანთოლოგიის პირველ ტომში (თბილისი-ქუთაისი, 1927 წელი, რედაქტორი ია ეკალაძე, გვ. 17). აქ ყურადღებას იმსახურებს ქვესათაური, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაწერილია ბერძნულად და გარდათქმულია კოზლოვის მიერ:

ტომას მურზე მსჯელობისას მ. ალექსეევი გარკვეულწილად დაინდობს კიდეც ირლანდიელ პოეტს, როდესაც იტყვის, რომ მან რუსულ წყაროდ აიღო არა პოეტური ტექსტი, არამედ მხოლოდ მელოდია: „Не подлежит сомнению, что автор имел в виду русский источник не для своего поэтического текста, но только для мелодии.“

რას გულისხმობს ფრაზა „не подлежит сомнению“? რა საფუძველი აქვს ავტორს ამტკიცოს, რომ ტომას მურმა რუსულ წყაროდ მიიღო მხოლოდ მელოდია და არა პოეტური ტექსტი ან ორივე ერთად, მითუმეტეს, თუ ის შეიქმნა, როგორც საგალობელი?

მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც დიდადაა დავალებული ალექსეევისგან, რომელმაც გულდასმით აღნუსხა რა ყველა არსებული მოსაზრება, საშუალება მოგვცა მსჯელობა გაგვეგრძელებინა ამ საკითხზე.

ახლა ისევ მელოდიას მივმართოთ. მოვუსმინოთ საქართველოსა და რუსეთში გავრცელებულ რომანსს „Вечерний звон“. დამეთანხმებით, ის არ ჟღერს, როგორც არაქართული. უფრო მეტიც, მე ის ყოველთვის მახსენებდა ისეთ ცნობილ და პოპულარულ რომანსს, როგორიც არის „მხოლოდ შენ ერთს“.

თხუთმეტიოდე წლის წინ, როდესაც ჩემთვის აღმოვაჩინე, რომ მელოდია რუსული რომანსისა „Вечерний звон“ მსგავსია კოტე ფოცხვერაშვილის მიერ დამუშავებული ქართული რომანსისა, დავიწყე იმის ძიება, თუ რა წარმომავლობის იყო ეს მუსიკა. გარკვეულ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს მელოდია შესაძლოა ყოფილიყო იტალიური წარმოშობის.

რამოდენიმე წლის წინ მქონდა საშუალება საქართველოში მყოფი ბრიტანელი კომპოზიტორის ლიდია ვესტისათვის გამეზიარებინა ჩემი მოსაზრება ამ ორი მელოდიის შესახებ. ბრიტანელი კომპოზიტორის აზრი

საინტერესო იყო პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ ქართული მელოდია მისთვის ისეთივე უცხოურია, როგორც რუსული. ლ. ვესტმა ეს ორი მელოდია იდენტურად მიიჩნია და შვიდ პუნქტად ჩამოყალიბებული მისი დასკვნა ჩემს არქივშია დაცული.

2004 წელს (5-11 მარტი), გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გაბუნიას საკმაოდ საყურადღებო წერილი „მხოლოდ შენ ერთს...“ ამ წერილის საშუალებით ცნობილი ხდება, რომ ტექსტი რომანსისა „მხოლოდ შენ ერთს“ წარმოადგენს კარეევის პიესაში „Роковой шаг“ ჩართული სასიმღერო ლექსის „Тебе одной“ შალვა დადიანისეულ თარგმანს, რომელიც XX საუკუნის დამდეგს შესრულდა. აი რას წერს გამოჩენილი ქართველი მწერალი, დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე შალვა დადიანი (1874-1959) თავის მემუარებში:

„...ნინო ჩხეიძის ბენეფისი უნდა გაგვემართა ქუთაისში. განსვენებულმა ლადო მესხიშვილმა ამოურჩია კარეევის პიესა „Роковой шаг“ და სათარგმნელად მე მომანდო... პიესაში ერთი სასიმღერო ლექსიც იყო „Тебе одной“ და ამ სიმღერას ისეთი მნიშვნელობა აქვს, რომ უთუოდ უნდა თარგმნილიყო, მეც გადავთარგმნე. მუსიკა მოურგო (იყო ასეთი მელოდია), მოუძებნა მსახიობმა - კოტე სარჯველაძემ. ეს იყო და ეს. ასე გავრცელდა თვით მელოდიაც და ჩემი ნათარგმნი ლექსიც, რომ ხალხი ახლაც მღერის, მხოლოდ არავინ არ იცის, ვისია მუსიკა და საიდან არის ტექსტი.

აქვე მოგვყავს დადიანის თარგმანის ტექსტი:

მხოლოდ შენ ერთს მხოლოდ შენ ერთს

მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის
მოუცია მაღლიდგან ღმერთს,
სიყვარულით, სიხარულით...
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს,
მხოლოდ შენ ერთს, რაც რომ ჩემთვის
შთაუნერთგავს მაღლიდგან ღმერთს,
ჰარმონია, პოეზია...
მხოლოდ შენ ერთს, მხოლოდ შენ ერთს,
ვისურვებდი, ვყოფილიყავ
სულის, გულის შემაერთად
სიცოცხლეში, საფლავშიაც
შენთან ერთად, შენთან ერთად.

ჩვენს წინაშე დგება კითხვა: რა წარმომავლობის არის მელოდია, რომელიც კოტე სარჯველაძემ მოარგო პიესაში მოთავსებულ ლექსს? ჩვენი რწმენით, ქართულ კულტურულ მეხსიერებაში ჩაბუდებული იყო გიორგი მთაწმინდელის საგალობლის მელოდია, რომელმაც ერთი მხრივ ათონიდან გააღწია რუსეთსა და ევროპაში, ხოლო საქართველოში გამოკვეთილად დაფიქსირდა XIX საუკუნის მიწურულს, როცა ის სცენაზე ახალ ტექსტთან ერთად აჟღერდა.

საქართველოს წარსული ყოველთვის შორს იყო ისეთი კეთილდღეობისაგან, რომ ლიტერატურული წყაროები უვნებლად შეგვენარჩუნებინა. არც თუ მთლად უკეთესი მდგომარეობა ყოფილა XIX

საუკუნეში ათონის ივერთა მონასტერში, და საერთოდ საბერძნეთში. თურქეთის უღელქვეშ მყოფ ქვეყანას, მოგეხსენებათ, მრავალი ძეგლი დაუსხლტა ხელიდან. მარტო ის რად ღირს აღნიშვნად, რომ XIX საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში ბრიტანეთის ელჩად მივლინებულმა ლორდ ელგინმა აკროპოლისზე პართენონის ტაძრიდან კარიატიდის ქალწულის ქანდაკება მოხსნა და ცნობილ ფრიზებსა და სკულპტურებთან ერთად ბრიტანეთის მუზეუმს მიჰყიდა. მიუხედავად საბერძნეთის მრავალჯერადი მოთხოვნისა, ისინი დღემდე იქაა დაცული.

XIX საუკუნის ათიანი წლების ბოლოს რუსული წყაროები გვამცნობენ იმის შესახებ, რომ ძველი ხელნაწერებით მდიდარი ათონის მონასტრების წიგნსაცავები ყოვლად უყურადღებო მდგომარეობაშია (იხ. მაგ., Василий Григорович-Барской, Путешевствие к Святым Местам, Петербург, 1819 г., П. П. Свиньин, Воспоминания на Флоте, Петербург, 1819 г.). ამ პერიოდში კონსტანტინოპოლში რუსეთის საელჩოს მდივანია დ. ვ. დაშკოვი, რომელიც 1820 წელს ადის ათონის მთაზე, რათა მოინახულოს საყურადღებო ხელნაწერები. ამავე დროს დაშკოვი გულგრილი არ არის ქართული წყაროების მიმართ, რაც აღბეჭდილია მისი მოგზაურობის ამსახველ პუბლიკაციაში: „Мы спешили осмотреть только знатнейшие монастыри, те, в коих надеялись отыскать достойные внимания рукописи о греческой и латинской словесности <...> и грузинскую Библию... Нашел желаемую грузинскую Библию в кипе рукописей на сем языке <...> однако мы не могли воспользоваться немедленно своею находкою, не сыскав на святой горе грузинского переводчика: в монастыре Иверском давно живут одни греки.“ (Д. В. Дашков, Афонская Гора. Отрывок из Путешевствия по Греции в 1820 году).

დაშკოვის ეს სტატია გამოქვეყნდა რუსული ალმანახ „ჩრდილოეთის ყვავილების“ 1825 წლის ნომერში და მას გაეცნო ყველა პეტერბურგელი ლიტერატორი. ბუნებრივია, მათ შორის იქნებოდა კოზლოვიც, რომელმაც 1828 წელს იგივე ალმანახში გამოაქვეყნა თავისი „მწუხრის ზარი“.

ამ სტატიაში მოთავსებული არ ყოფილა გიორგი მთაწმინდელის ტექსტი, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუს მოგზაურებსა და დიპლომატებს თავისუფლად მიუწვდებოდათ ხელი ათონის ივერთა მონასტერში არსებულ მასალაზე, ჩვენს წინაშე აყენებს ვარაუდს რუსეთში საინტერესო ინფორმაციის ჩამოტანის შესახებ. ათონის მთაზე რუს სტუმართა რიცხვმა განსაკუთრებით იმატა მაშინ, როდესაც რუსეთის არმია მიეხმარა საბერძნეთს თურქეთისაგან განთავისუფლებაში.

მეცნიერული კვლევა, ჩვეულებრივ, ფაქტებს ეყრდნობა, მაგრამ კავშირს ფაქტებსა და მოვლენათა შორის მხოლოდ ლოგიკა აამოქმედებს.

ამდენად, ჩვენ კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამთ ამ საკითხით დაინტერესებულ პირთა წინაშე: რა უფრო სარწმუნოა შემდგომი კვლევისათვის: ის, რომ დღეს ჩვენს ხელთ ათონის მთის ხელნაწერი აღარ არსებობს, თუ, რომ არსებობს ლეგენდა, რომელმაც ცხრა საუკუნეს გაუძლო, და რომ 1885 წელს ა. კალინოვსკი სრულიად დარწმუნებული გვესაუბრებოდა ასეთი ხელნაწერის არსებობაზე გელათის მონასტერში?

როგორც ვხედავთ, უარყოფითი პასუხი 50 წლიანი ინტერვალის შემდეგ გაისმა. ნახევარი საუკუნე ის პერიოდია, როცა ხელნაწერი კი არა, თავად ხუროთმოძღვრული ძეგლი შეიძლება გაგიქრეს ხელიდან.

პირველი საუბრები ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხთან კავშირში 90-იან წლებში დავიწყე. განსაკუთრებული ინტერესი თავად ირლანდიელებმა გამოიჩინეს. 2005 წელს ბაირონის საერთაშორისო კონფერენცია დუბლინში, ტომას მურის სამშობლოში გაიმართა. ვისარგებლე შემთხვევით და მოხსენება სწორედ ამ საკითხზე წარმოვადგინე. კონფერენციას ამავე დროს მოვასმენინე ორი აუდიო ჩანაწერი: „Вечерний звон“ და „მხოლოდ შენ ერთს“. კონფერენციამ ორივე მელოდია უმალ აიტაცა და ისინი გალა სადილზე ორკესტრის შესრულებით ააჟღერეს. პროფესორმა კარდველმა და ბაირონის პირდაპირმა შთამომავალმა ლორდ ლიტონმა გიორგი მთაწმინდელის სადღეგრძელო შესვეს.

P. S. ამას წინათ ტელევიზიით ვიხილე ახალგაზრდა რეჟისორი დავით პაპავა, რომელსაც კოლუმბიაში დაუდგამს სპექტაკლი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის „მარტოობის ასი წლის“ მიხედვით. სპექტაკლს თურმე თავად მარკესი ესწრებოდა. რეჟისორს სპექტაკლი მუსიკალურად გაუფორმებია დები იშხნელების მიერ შესრულებული სიმღერით „მხოლოდ შენ ერთს“. მადლიერი მაყურებელი და თავად მარკესი აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენო, თუმც არც მან და არც მარკესმა ალბათ არაფერი იციან ამ სიმღერის შესაძლო წარმომავლობაზე გიორგი მთაწმინდელისგან.