ქართული იდიომები



1 ავტორისგან

▲back to top


ღლონტი ალექსანდრე

ქართული იდიომები

„ნაკადული“

თბილისი

1966

ავტორისაგან

იდიომატიკა ლექსიკის ორგანული და ამავე დროს თავისებური ნაწილია. მის შესწავლას დიდი ყურადღება ექცევა, განსაკუთრებით ბოლო ხანებში. არსებობს სხვადასხვა ენათა იდიომების როგორც განმარტებითი, ისე თარგმნითი კრებულები. ჩვენში, მართალია, გამოიცა რამდენიმე ენის იდიომთა თარგმნითი ლექსიკონი, მაგრამ თვით ქართული იდიომების კრებული დღემდე არ გაგვაჩნია. ასეთი ნაშრომის შექმნისა და გამოქვეყნების საჭიროება დიდი ხანია იგრძნობა. მას შეუძლია დიდი სამსახური გაუწიოს ქართული ლექსიკა-ფრაზეოლოგიით დაინტერესებულ ყველა პირს, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობას.

ტერმინი „იდიომი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან idiôma, რაც „თავისებურებას“ ნიშნავს. ამჟამად ამ ტერმინით აღინიშნება ფრაზეოლოგიურ ერთეულთა ერთი ტიპი.

იმისათვის, რომ წარმოდგენა გვქონდეს იდიომის შესახებ, შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ ორ კითხვაზე, 1) რა არის იდიომი? და 2) როგორია მისი მიმართება სიტყვასთან და თავისუფალ შესიტყვებასთან?იდიომი შეიცავს ორ კომპონენტს მაინც, ამდენად, ცალკე აღებული სიტყვა, მარტივი თუ კომპოზიტი, იდიომად არ მიიჩნევა. ეს იმას ნიშნავს, რომ აგებულების მიხედვით იდიომი მკვეთრად განსხვავდება სიტყვისაგან, მაგრამ ემთხვევა ჩვეულებრივ თავისუფალ შესიტყვებას. მართლაც, იდიომის კომპონენტები მეტწილად ცოცხალი სიტყვებია, რომლებიც დაუბრკოლებლად იხმარებიან მეტყველებაში იდიომთა გარეშეც. თავისუფალ შესიტყვებაში მათ აქვთ საკუთარი მნიშვნელობა. იდიომის კომპონენტებს შორის გრამატიკული შეკავშირებაც, ჩვეულებრივ, ემთხვევა თანამედროვე ენის ნორმებს. ამიტომ არის, რომ იდიომის გვერდით შეიძლება არსებობდეს მისი ომონიმური თავისუფალი შესიტყვება, რომელიც აგებულების მიხედვით არაფრით განსხვავდება იდიომისაგან; მაგ., „კოვზის ნაცარში ჩავარდნა“ შეიძლება ვიხმაროთ როგორც თავისუფალი შესიტყვება (როდესაც გვინდა აღვნიშნოთ კოვზის ნაცარში ჩავარდნის რეალური ფაქტი), ან როგორც იდიომი − მნიშვნელობით მარცხის განცდა, წამოწყებული საქმის ჩაშლა, იმედის გაცრუება.

მაშასადამე, იდიომი თავისუფალი შესიტყვებისაგან აგებულების მიხედვით არ განსხვავდება.

ცნობილია, რომ თავისუფალ შესიტყვებაში (ან წინადადებაში) შემავალ სიტყვებს აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობა, რომელთა ჯამი, გრამატიკულად შეკავშირებული, გვაძლევს შესიტყვების (ან წინადადების) საერთო შინაარსს; მაგ., „მოწაფე სწავლობს გაკვეთილს“,„მოწაფე სწავლობს“, ან „გაკვეთილს სწავლობს“. ამის დიამეტრალურად საწინააღმდეგო ვითარება დასტურდება იდიომებში. იდიომის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს მისი კომპონენტების (ე. ი. შემადგენელი სიტყვების) მნიშვნელობათა ჯამიდან. გამოთქმებში:

„გველის ხვრელში გაძრომა“, „თავზე ხელის აღება“, „გულის გაწყალება“... კომპონენტთა მნიშვნელობა შთანთქმულია იდიომის საერთო შინაარსით, ცალკეულ სიტყვას დაკარგულიაქვს სემანტიკური თავისთავადობა და განუყოფელი ლექსიკური ერთეულის როლში გვევლინება მთელი გამოთქმა, მაგ., იდიომში „კუდით ქვა ასროლინა“ კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამი არაფერს გვეუბნება იმ მნიშვნელობის შესახებ, რაც ამ იდიომს აქვს:

 

სასტიკად დაამარცხა, შავი დღე აყარა, სამარცხვინოდ გააქცია.

ეს არის ერთი − ყველაზე არსებითი − განსხვავება იდიომსა და თავისუფალ შესიტყვებას შორის. საყურადღებოა აგრეთვე მეორე განსხვავებაც: თავისუფალი შესიტყვების აგება სხვადასხვაგვარად ხდება მეტყველების დროს, იდიომები კი მზა ფორმით არსებობენ ენაში, ისინი მეტწილად ერთნაირად მეორდებიან მეტყველებაში, ე. ი. შემადგენელი სიტყვების (ანუ კომპონენტების) მონაცვლეობა იდიომებში, ჩვეულებრივ, არ ხდება. მაშასადამე, თავისუფალი შესიტყვებისაგან განსხვავებით, იდიომების შედგენილობა ხასიათდება დაუშლელობით ანუ მყარობით.

მაშასადამე, იდიომს აქვს საერთო ნიშნები როგორც სიტყვასთან, ისე თავისუფალ შესიტყვებასთან. ამავე დროს სიტყვისაგან ის განსხვავდება აგებულებით, მაგრამ უახლოვდება მნიშვნელობის მიხედვით. თავისუფალ შესიტყვებასთან აერთიანებს აგებულება, მაგრამ განასხვავებს მნიშვნელობა; ე. ი. იდიომი ფორმით შესიტყვებაა − შედგება ორი ან მეტი გრამატიკულად გაფორმებული ელემენტისაგან, მაგრამ მნიშვნელობის მიხედვით ეს შესიტყვება ერთ სიტყვას უტოლდება − სემანტიკურად ის სიტყვის ეკვივალენტია.

ამრიგად, იდიომი არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან.

წინამდებარე ლექსიკონის შედგენის დროს იდიომის ამ განსაზღვრიდან ამოვდიოდით. მნიშვნელობათა განმარტებისას ვითვალისწინებდით ან ვეყრდნობოდით „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მონაცემებს. საილუსტრაციო მასალის უდიდესი ნაწილი ამოღებულია XIX-XX საუკუნეთა ქართველი მწერლების თხზულებებიდან. ცალკეულ შემთხვევებში საილუსტრაციო მასალა აღებულია „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიდან“ ან თედო სახოკიას ნაშრომიდან „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანი“. ხალხის ზეპირი მეტყველებიდან აღებული ზოგი იდიომი ილუსტრაციის გარეშე დარჩა.

წინამდებარე კრებული არ არის ისტორიული ხასიათისა, ე. ი. ის მოიცავს მხოლოდ თანამედროვე ქართულ იდიომებს, ამიტომ ძველი ქართული მწერლობის ნიმუშები საილუსტრაციოდ არაა მოტანილი.

იდიომები ქართულ ანბანზეა დალაგებული. ვეცადეთ ზმნური იდიომები მასდარის სახით ყოფილიყო წარმოდგენილი. ამის გამო კრებულში, შესაძლოა, ერთგვარად ხელოვნური ფორმებიც იყოს ფიქსირებული. როდესაც მასდარი მთლიანად ხელოვნურ სახეს იღებდა, მაშინ იდიომები იმ პირისა და დროის ფორმით წარმოვადგინეთ, რომელიც ყველაზე ბუნებრივად მივიჩნიეთ.

ზოგჯერ იდიომის განმარტების ნაცვლად მითითებულია სხვა იდიომზე (ნიშნით − იხ.), რაც მათი მნიშვნელობის ერთნაირობას აღნიშნავს. სიმოკლისათვის იგივე ნიშანია ნახმარი (ნაცვლად ფორმულისა „იგივეა, რაც“), აგრეთვე იმ შემთხვევაში, როცა ცალ-ცალკეა ფიქსირებული ერთი და იმავე იდიომის სხვადასხვა ფორმა, მაგ. „ჯვარზე აცვა“ იხ. „ჯვარს აცვა“.

მართალია, წინამდებარე კრებულის მიზანი არ არის იდიომთა ეტიმოლოგიის გარკვევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მოცემულია გარკვეულ ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ზოგიერთი იდიომის წარმოშობის ახსნის ცდა, ამასთანავე გათვალისწინებულია ლიტერატურაში გამოთქმული სათანადო მოსაზრებანი. ზოგი ამ სახის იდიომი, საკმარისი არგუმენტაციის უქონლობის გამო, წარმოშობის ახსნის გარეშე დარჩა (მაგ., აბელას ფეხების გაკეთება, ენუქას ანდერძი...). განმარტებულია აგრეთვე იდიომთა ისეთი კომპონენტების მნიშვნელობა, რომლებიც დამოუკიდებლად იშვიათად იხმარებიან, ან მხოლოდ იდიომების შემადგენლობაში არიან დადასტურებული.

კრებულში მოიპოვება როგორც დიალექტური იდიომები, ისე სხვა ენებიდან მომდინარე გამოთქმები (ე. წ. კალკები), მაგრამ ამის შესახებ სათანადო მითითებები არ არის მოცემული.

წინამდებარე ლექსიკონი, ცხადია, ვერ ამოწურავს ქართული იდიომების მთელ მარაგს. მას, როგორც ამგვარი კრებულის შექმნის პირველ ცდას, რა თქმა უნდა, ექნება სხვა ნაკლიც. ამიტომ ყოველ საქმიან შენიშვნას მადლობით მივიღებთ.

2 შემოკლებათა ახსნა

▲back to top


შემოკლებათა ახსნა

ა. აბაშ. − ალექსანდრე აბაშელი

გრ. აბაშ. − გრიგოლ აბაშიძე

ი. აბაშ. − ირაკლი აბაშიძე

აკაკი − აკაკი წერეთელი

არაბ. − არაბული ენა

შ. არაგვ. − შიო არაგვისპირელი

ლ. არდაზ. − ლავრენტი არდაზიანი

ლ. ასათ. − ლადო ასათიანი

ბან. − ბანოვანი

ვ. ბარნ. − ვასილ ბარნოვი

ბაჩ. − ბაჩანა

ა. ბელ. − აკაკი ბელიაშვილი

ხ. ბერ. − ხუტა ბერულავა

ბერძნ. − ბერძნული ენა

ე. გაბ. − ეკატერინე გაბაშვილი

კ. გამს. − კონსტანტინე გამსახურდია

განმ. ლექს. − ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი

მ. გარიყ. − მარიამ გარიყული

რ. გვეტ. − რაჟდენ გვეტაძე

ი. გოგებ. − იაკობ გოგებაშვილი

ი. გრიშ. − იოსებ გრიშაშვილი

ი. გულის. − იერემია გულისაშვილი

შ. დად. − შალვა დადიანი

ი. დავით. − იოსებ დავითაშვილი

ი. ევდ. − იროდიონ ევდოშვილი

ი. ეკალ. − ია ეკალაძე

ი. ელეფთ. − ილია ელეფთერიძე

გ. ერისთ. − გიორგი ერისთავი

რ. ერისთ. − რაფიელ ერისთავი

ა. ერ-ხოშტ. − ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

ვაჟა − ვაჟა-ფშაველა

ე. ზედგ. − ელიზბარ ზედგინიძე

თურქ. − თურქული ენა

პ. იაშვ. − პაოლო იაშვილი

ილია − ილია ჭავჭავაძე

დ. კლდ. − დავით კლდიაშვილი

ს. კლდ. − სერგო კლდიაშვილი

გ. ლეონ. − გიორგი ლეონიძე

ნ. ლომ. − ნიკო ლომოური

ჭ. ლომთ. − ჭოლა ლომთათიძე

კ. ლორთქ. − კონსტანტინე ლორთქიფანიძე

ნ. ლორთქ. − ნიკო ლორთქიფანიძე

რ. მარგ. − რევაზ მარგიანი

კ. მაყ. − კოტე მაყაშვილი

ი. მაჩაბ. − ივანე მაჩაბელი

დ. მაჩხ. − დიმიტრი მაჩხანელი

ს. მგალობ. − სოფრომ მგალობლიშვილი

მელან. − მელანია

მ. მრევლ. − მიხეილ მრევლიშვილი

შ. მღვიმ. − შიო მღვიმელი

გ. ნახუცრ. − გიორგი ნახუცრიშვილი

ე. ნინოშ. − ეგნატე ნინოშვილი

ი. ნონეშ. − იოსებ ნონეშვილი

თ. რაზიკ. − თედო რაზიკაშვილი

საბა − სულხან-საბა ორბელიანი

თ. სახ. − თედო სახოკია

სპარს. − სპარსული ენა

გ. ტაბ. − გალაქტიონ ტაბიძე

უიარ. − უიარაღო

ა. ფურც. − ანტონ ფურცელაძე

ლ. ქიაჩ. − ლეო ქიაჩელი

ა. ყაზბ. − ალექსანდრე ყაზბეგი

ს. შანშ. − სანდრო შანშიაშვილი

შდრ. − შეადარე

გ. შარაშ. − გიგო შარაშიძე

ბ. ჩხ. − ბორის ჩხეიძე

ო. ჩხ. − ოთარ ჩხეიძე

ა. ცაგარ. − ავქსენტი ცაგარელი

გ. წერეთ. − გიორგი წერეთელი

დ. ჭონქ. − დანიელ ჭონქაძე

ა. ჭუმბ. − არისტო ჭუმბაძე

ხალხ. − ხალხური

მ. ჯავახ. − მიხეილ ჯავახიშვილი

 

 

3

▲back to top


აბელას ფეხების გაკეთება თავის დიდად მოჩვენების, თავის გამოჩენის ცდა (ყალბი საშუალებებით). ცრუპენტელა კაცი ყველგან ასეთია, რაკი საფანელი შემოაკლდება...“, მაშინ... ყალყზედ შედგება, აბელას ფეხებს გაიკეთებს, გაჰფუვდება, გადიდგულდება და უკვირს, რატომ ვერა მხედვენ, რა სიმაღლეზე ვდგევართო?! (ილია).

 

აბრუს არ იტეხს გულს არ იტეხს, არ ეპუება, იხტიბარს არ იტეხს (შდრ. აბრუს გატეხა). გოგრას არაყი ემწარება, მაგრამ აბრუს არ იტეხს, რადგანაც მეცხვარეა (ვაჟა).

აბრუს გატეხა სახელის გატეხა; ნდობის დაკარგვა. (სპარს. ბ-რ პირის წყალი, პატიოსნება). რაკი ერთხელ და ერთხელ შენს თვალში აბრუ გამიტყდა, რაღას დამიჯერებ. შენა გგონია გატყუებ? აბა მაგას როგორ გაგიბედავდი (ილია). ჰაი გიდი, მართალნო,... მე აბრუ მაქვს გატეხილი, ჩემი ცოდვა ცოდვადა ჩანს და თქვენი მადლად (ვაჟა). როცა ადგილი მოიჭმებოდა, ანდა ხრიკიან ადვოკატს, რომელიც ორსავე მხარეზე ჰკერავდა, აბრუ გაუტყდებოდა და არავინ მიეკარებოდა, იგი ადგილს მოინაცვლებდა (დ. კლდ.).

 

აბურაგანის ამოკვრა გაძევება. შვილო... აბურაგანი ამოგიკრეს და დღეს მშივრები ვართ! (ი.

ეკალ.).

 

აბუჩად აგდება არაფრად ჩაგდება, ანგარიშის გაუწევლობა, დამცირება (აბუჩი უხამსი სტუმარი − საბა). თინათინს გულში ეწყინა ეს რჩევა: როგორ, ჩემი შვილობილის საცოლო სხვამ უნდა გამოარჩიოს და მე „აბუჩად“ ამიგდონო... (ე. ნინოშ). ეს... ხომ მისი გალანძღვა და აბუჩად აგდებაა? (მ. ჯავახ.).

 

ადამის ჟამიდან უხსოვარი დროიდან. ჯვართვაკეს რომ საძოვარია, თემმაც იცის და ხალხმაცა, რომ ადამის ჟამიდგან ჩვენი სოფლის ყოფილა (ყაზბ.).

 

ადამის ჟამის ძველისძველი (შდრ. ადამის ჟამიდან). ძმობა, თავისუფლება, თანასწორობა

 

ადამის ჟამის ჭეშმარიტებანი არიან (ილია). დედა და შვილი მოვიდნენ დანგრეულ...

 

ადამის ჟამის გაკეთებულ დილიჟანთან და ჩასხდნენ შიგ (ე. გაბ.).

 

ადამის შვილი ადამიანი, ძე ხორციელი. ნათქვამია ადამის შვილი გაჩნდება თუ არა ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედებაო (აკაკი). ან ვითომ რა კაი სამართალია აგი, ადამის შვილი აწვალოს (ე. ნინოშ.).

 

ადამის ძე იხ. ადამის შვილი. ადამის ძეი ბალახითაც, გაჭირდის, გაძღების, სატკივარს რაი ეყვის? (ილია)

 

ადამის ხნის დიდი ხნის, ძალზე მოხუცი; ძველებური (შდრ. ადამის ჟამის). ...რომ მნახე, შემოვედი ერთი უსწავლელი, ადამის ხნის კაცი, აგეხსნა ჩემთვის, რასაც ახალი კანონები გვეუბნებიან (აკაკი). ...ცა და ქვეყანა ამის კითხვაშია: რა თილისმა აქვს ამ ადამის ხნის. კაცს ასეთი, გვასწავლეთ და ფასს გავიღებთო (ბან.).

 

ავ თვალს არ ენახვება ძალიან კარგია, ლამაზია, მშვენიერია. ყანა წამიხდა, რა ყანა! ავ თვალს არ ენახვებოდა! (რ. ერისთ.).

 

ავი თვალით არ ინახვება იხ. ავ თვალს არ ენახვება. ჩემი ლამაზი გოგონა როგორ გაზრდილა! ავი თვალით არ ინახება (გ. წერეთ.). სამოცი დღის ყანა მედგა ისეთი, ავის თვალით არ ინახვებოდა (ვაჟა).

 

ავი ქარის დაცემა გაგიჟება. რასა რეგვნობ ძმაო? ავი ქარი ხომ არ დაგცემია? (ა. ცაგარ.).

 

აზრზე არ არის არ იცის (რამე), წარმოდგენა არა აქვს (რისამე შესახებ). აქ რაღაც სხვაშია საქმე, მაგრამ აზრზე არა ვარ (ა. ბელ.).

 

აინუნშიც არ იტარებს იხ. აინუნშიც არ მოსდის. კიდევ კარგია, მობეზრებულმა კრებამ აინუნშიაც არ გაიტარა, გაეგება რამე თუ არა (ილია).

 

აინუნშიც არ მოსდის ფიქრადაც არ მოსდის, ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს. (არაბ. აჲნუნ თვალი). ის ყიზილბაში კი ათამაშებდა მოედანზედ ცხენს, თითქო ყაბახობაზე გამოსულა და ამოდენა ქართველობა აინუნშიაც არ მოსდისო (ილია). ამ ყოფაში კარგა ხანმა გაიარა, პეტრეს დაგვიანება აინუნშიაც არ მოსდიოდა და იმ ბიჭის ცქერაში ისე ნელა იღოღნებოდა, რომ საღამომდისაც თავის საუზმეს ვერ გაათავებდა (ილია).

 

აინუნშიც არ (ჩა)იგდებს იხ. აინუნშიც არ მოსდის. (ბაღო) ჯერ ოხუნჯობდა, ვითომც აინუნშიც არ ჩაიგდო, მაგრამ მალე დადარდიანდა (მ. ჯავახ.). მათ არაფერი ესმოდათ, აინუნშიც არ აგდებდნენ (ო. ჩხ.).

 

აირია მონასტერი არეულობა და უთავბოლობა გამეფდა, უწესრიგობა დაიწყო. ეს რომ მოხდეს, ხომ აირია მონასტერი თ. გ. თუმანოვის ამქრისა, ხომ დაეფანტათ დავთრები და ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნო (ილია). მაშ ასე, ბატონო, − აირია მონასტერი, აღარ ვიცი, რა ვიხმარო, − ბატონო, მოქალაქე თუ ამხანაგო (მ. ჯავახ.).

 

აკვნის დარწევა (რისამე) წარმოშობა, ჩასახვა, აღმოცენება (რისამე).

 

ალალმა დაუქროლა უცებ რაღაც მოუვიდა, რაღაც დაემართა, რაღაც შეემთხვა. (ალალი ქორის მსგავსი, მაგრამ უფრო ატარა, მტაცებელი ფრინველი). მეოთხე კლასამდის ტოლი არ ჰყოლია, მაგრამ აქ კი რაღაც ალალმა დაუქროლა (აკაკი). რა ალალმა დაჰქროლა ამისთანამ, რომ, რაც სიმღერები იცოდა, სულ დაავიწყდა? (ილია).

 

ალილო და ხვალაო ამასაც მალე ვნახავთ, ესეც მალე გამოჩნდება (ალილო ძველისძველი სიმღერაა, რომელსაც შობის წინა ღამეს მისალოცად კარდაკარ სიარულის დროს ასრულებდნენ). − მაშინ სხვა რიგად დაუშტვენ! − დაუშტვენ, რა, ბულბული ვარ? − აი, ალილო და ხვალაო, − მაინც არ იშლიდა თავისას პეპია, მე კი მიყივლია და... (ილია). ხვალე მარიამობაა ბოდბისხევში, დღეობას უნდა წავიდეთ ყველანი და ქუდი ჭერსა ვკრათ. ალილო და ხვალაო, ღმერთო შეგვიწყალეო (დ. მაჩხ.).

 

ალიყურის ჭმევა სილის გაწვნა. თავი დამანებე, ბალღო, თორემ... ისეთ ალიყურს გაჭმევ ამ გაჯავრებულ გუნებაზე, რომ... (შ. არაგვ.).

 

ალმაცერად ყურება უნდობლად, ეჭვით მოკიდება. ხომ იცი ჩემი მდგომარეობა, ალმაცერად მიყურებს ყველა (ნ. ლორთქ.).

 

ალმაცერად ცქერა იხ. ალმაცერად ყურება. პეტრე თავიდანვე ალმაცერად უცქეროდა თეიმურაზს და ჩუმ-ჩუმად ყორანივით დასჩხაოდა იმის მომავალს (მ. ჯავახ.).

 

ალმურის აკვრა (სახეზე) იხ. ალმურის ასვლა (სახეზე). მარინე აენთო, სახეზე ალმურმა აჰკრა, თმა აებურძგლა, ყალყს შეუდგა (ს. მგალობ.).

 

ალმურის ასვლა (სახეზე) გაწითლება, ალეწვა. თვით ბახვა იდგა ლოყებაწითლებული და ალმური ასდიოდა (გ. წერეთ.). ცოლქმრობის გაგონებაზე ქრისტინე შეკრთა, სახეზე ალმური აუვიდა (ე. ნინოშ.).

 

ალღოს ართმევა იხ. ალღოს აღება. (ფეფენამ) ალღო აართო ამ დომხალივით არეულ ხალხს და მიჰყო ხელი ამღვრეულ წყალში თევზის ჭერას (ვ. ბარნ.). თოლიამ ალღო აართვა ნადირის სიახლოვეს (ი. ელეფთ.).

 

ალღოს აღება წინასწარ მიხვედრა, გაგება, შეტყობა; შეგუება, თავის გართმევა. ვითომ მარტო ლეკების დასასჯელად წავიდა ვახტანგი, რომ სპარსელებს ალღო არ აეღოთ და არ მომზადებულიყვნენ (ილია). პეტრემ და სიკომ ალბათ ალღო აიღეს და ერთი ღამით აქა-იქ დარაჯები დააყენეს (მ. ჯავახ.). მან ვერ შესძლო ვერც სიკვდილი ამ ცხოვრებისათვის, ვეღარც ეპოქის მდინარების ალღოს აღება (კ. გამს.). ეს რკინის ხელი გურისაც ემუქრებოდა, ძირს უთხრიდა მის უზრუნველ ცხოვრებას და თვით არსებობასაც, თუ იგი ალღოს არ აუღებდა ახალ დროს (გ. ნახუცრ.).

 

ალჩუს დაჯდომა საქმის კარგად წასვლა, გამარჯვება, წარმატების მიღწევა, ბედის გაღიმება. (ალჩუ სათამაშო კოჭის ოდნავ ამოღარულ მხარეს ჰქვია. თამაშის დროს კოჭის ამ მხარის ზემოთ მოქცევა გამარჯვებას ნიშნავს. ამ თამაშის საფუძველზეა იდიომი მიღებული). ბ-ნ მესროფს ალჩუ დასჯდომია, მაგრამ იმის გამო კი არა, რის იმედიცა ჰქონია (ილია). მოდი და ნუ გაეცინება სიხარულისაგან ამისთანა ოსტატს, რომ ამ შემთხვევაში ალჩუ დაუჯდა (ილია).

 

ამ სოფელს აღარ არის უგრძნობლადაა. ლუკაიას სადღეგრძელოს გათავებისას თამადა უკვე ამ სოფელს აღარ იყო (კ. გამს.).

 

ამ ქვეყანას დაბრუნება რაიმე მძიმე სენისაგან გადარჩენა. იმ დღიდან მარაბდელი და ხოსიტა გურგენიძე სწრაფად უბრუნდებოდნენ ამ ქვეყანას (მ. ჯავახ.).

 

ამ ქვეყნისა აღარ არის მომაკვდავია. ბაბალე ქვეშაგებად არის ჩავარდნილი. არ იქნა, ვერ მორჩა და ვერა. არც არა იმედია მორჩენისა. კაცმა რომ ჰნახოს, იტყოდა: ეს ამ ქვეყნისა აღარ არის, პირი იმ ქვეყნისაკენ აქვს მიბრუნებულიო (ილია).

 

ამერიკის აღმოჩენა რაიმე ისეთის თქმა ან მტკიცება, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ამ რიგად უკვე აღმოჩენილი ამერიკა აღმოაჩინა და დოინჯი შემოიყარა თავმოწონებისა (ილია).

 

ამინ და კირიე-ელეისონ! მორჩია და გათავდა! მეტი რაღა გინდათ?! (ბერძნ. კირიე-ელეისონ უფალო შეგვიწყალე). ვინუგეშოთ ამით თავი და მინისტრების ჩვენში ყოფნა ღვთის წყალობად ჩავთვალოთ! ამინ და კირიე-ელეისონ! (ილია). ავიღოთ ხელში საცეცხლურები და საკმელი ვუკმიოთ, მინამ საქმე არ გამოგვიჩნდება, ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია. ამინ და კირიე-ელეისონ, მორჩა და გათავდა (ილია).

 

ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა არეულობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის.

 

(ფეფენამ) ალღო აართო ამ დომხალივით არეულ ხალხს და მიჰყო ხელი ამღვრეულ

 

წყალში თევზის ჭერას (ვ. ბარნ.).

 

ანგარიშის გასწორება სამაგიეროს გადახდა, მიზღვა, შურისძიება. შვილო, თუ რამ ანგარიში გაქვთ, სხვა დროისათვის გადადევი! ანგარიშის გასწორება, შვილო, ვაჟკაცურად ვიცოდით ჩვენს დროში! (დ. კლდ.). მოსისხლე მტერი კარზე მოგვადგა და ჩვენ კი ბატონებს უნდა გავუსწოროთ ანგარიში? არ გვინდა! დრო არ არის! (მ. ჯავახ.).

 

ანგარიშის გაწევა გათვალისწინება, მხედველობაში მიღება, ყურადღების მიქცევა. მარუშიძენი სრულიადაც არ უწევდნენ ანგარიშს იმ გარემოებას, რომ ჯორ-ზაქარა ჯიღაურის ოჯახს ის მამული ჰქონია მიკუთვნილი ძველად საეკლესიო უწყებისაგან (ს. მგალობ.). მოხუცებული მამა სანამ ცოცხალი იყო, იგი (არზაყანი) იძულებული ხდებოდა მისი ჭირვეულობისათვის ანგარიში გაეწია (კ. გამს.).

 

ანგარიშის მიცემა იხ. ანგარიშის გაწევა. ლოთობა ჩეჩნებში დიდ სირცხვილად ითვლებოდა და კანონისაგანაც ჰქონდათ აკრძალული. აფიცრები კი ყოველს ჟამს ლოთობდნენ, ანგარიში ვეღარ მიეცათ თავიანთ მოქმედებაში (ა. ყაზბ.).

 

ანგელოზების დაფრთხობა შეშინება, დაფრთხობა. გაგიხარიან, მიხას ჯერ კომბლის ხმარება არ დავიწყებიყოს! ასე დავუფრთხობდი ანგელოზებსა, რო ჰქმნას კი არა და მეტიც მოუვიდეს (ს. მგალობ). თუ ჩემი სიკეთე გსურს, დაუფრთხე ანგელოზები მაგ უსინდისოს! (დ. კლდ.).

 

ანგელოზმა ჩამოიარა სიჩუმე ჩამოვარდა. დარბაზში გაისმა: „შშშ“ და წამს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა − ანგელოზებმა ჩამოიარა (ს. მგალობ.).

 

ანდერძის აგება იხ. წესის აგება. ოსმალეთს ანდერძი უკვე აგებული აქვს ევროპაში (ილია).

 

ხომ არ გინდათ, ხელად ანდერძი აგიგოთ ბიჭიან-ბატონიანად (ა. ცაგარ.).

 

ანკესზე წამოგება მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა. გერაც ტყვილა ფიქრობს, რომ გოჩა ასე ადვილად წამოეგება მის მიერ გადმოსროლილ ანკესს (ლ. ქიაჩ.).

 

ანძაზე აცმული გატანჯული, გაწამებული, ჯვარცმული, გაჭირვებაში მყოფი. მეც არა ვარ

 

კარგ მდგომარეობაში, ანძაზე ვარ აცმული, მაგრამ არ ვტირი! (ნ. ლორთქ.).

 

ანწუხზე აგება გატანჯვა, გაწამება. (ანწუხი წვეტიანი სარი). აძაღლებული ფიდუა ჩვენის

 

ხელით ანწუხზეა ასაგები! (ს. მგალობ.). ეს ღმერთმა იმ ძმაკაცს გაუმარჯოს, რომელიც ძმაბიჭისათვის შემწვარ ხოხობს კი არ შესჭამს, ანწუხზედ ეგება ((ა. ცაგარ.).

 

არამკითხე მოამბე მეტიჩარა, ის ვინც სხვის საქმეში თვითნებურად ერევა. არამკითხე მოამბესავით მეტიჩრობენ (ილია). არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო (ხალხ.).

არაფერ შუაშია იხ. რა შუაშია! „ვინ მოგცემთ“, − გაიკვირვა მოიჯარადრემ, ვითომც ის არაფერ შუაში ყოფილიყოს (ნ. ლორთქ.).

 

არც აცივა, არც აცხელა სწრაფად, ანაზდად) დაუყოვნებლად ჩაიდინა (რამე). ამ წუთში, აღარც აცივო, აღარც აცხელო, წაიყვანე ჩაფრები და ზაქარა ჯიღაური და ყველა ისინი, ვინც სოფელს რევენ, აქ მომგვარე (ს. მგალობ.). ყაშა ლაზარემ არც აცივა, არც აცხელა: რუსული თოფი ათიოდეჯერ დასცალა, ირგვლივ ქოთი ასტეხა და საომარი ცეცხლი დაანთო (მ. ჯავახ.).

 

არც მწვადი დაწვა, არც შამფური ისე მოხერხებულად (ეშმაკურად) გააკეთა საქმე, რომ არც ერთ მხარეს ავნო, არც მეორეს, არავის აწყენინა. მაგას ვინ ამბობს, ჩემო ძმაო, მაგრამ ის კი სჯობს, რომ არც მწვადი დასწო და არც შამფური (ილია). გეგონა, არც შამფურს დასწვავდი და არც მწვადსა? მგელსაც გააძღობდი და ბატკანსაც გადაარჩენდი? (მ. ჯავახ.).

 

არც ღვინო, არც წყალი უხეირო, უგერგილო. უმცროსი რძლები ხომ არც წყალი იყვნენ და არც ღვინო, ვერც ავს იგებდნენ და ვერც კარგს, რასაც მათი ქმარ-მამამთილი იმოქმედებდნენ, ყველაფერი კარგი და პატიოსანი ეგონათ (ბან.).

 

ასე გასინჯეთ! თქვენ წარმოიდგინეთ! შეიქმნა ერთი საზოგადო მხიარულება, ასე გასინჯეთ, დედაჩემიც კი მეორე ოთახში იჯდა და ცდილობდა სიცილი შეეკავებია (აკაკი).

 

მთელი სოფელი თავს დაედო ამ უბედურთა. ასე გასინჯეთ, ბავშვებიც კი დასტიროდნენ კეთილ, ჭკვიან მოხუცებულ სოლომონას (ნ. ლომ.).

 

აუტკივარი თავის ატკივება არასახათაბალო საქმის სახათაბალოდ გახდა, (თავისი) თავის ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება. დიდებულმა მიბრძანა: „რათ იტკინე აუტკივარი თავი და ან ჩვენ რათ შეგვაწუხეთო (აკაკი). რა გინდა, ძმავ, აუტკივარ თავს რაზე იტკივებ ძალათი? (ა. ცაგარ.).

 

აფრას აშვება დაურიდებლად მოქცევა აწყვეტა. − მე ჩემთვის არა ვლოცულობ და თქვენთვის სად ვილოცებდი! − უთხრა მკვახედ ოთარაანთ ქვრივმა, − ჰა, აფრა არ აუშვა შენებურად, − უთხრა ღიმილით ქალმა (ილია.).

 

აქილევსის ქუსლი (ვისიმე ან რისამე) სუსტი მხარე, სუსტი ადგილი (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, უდიდესი გმირის − აქილევსის − ერთადერთი სუსტი ადგილი იყო ქუსლი, ხოლო მისი სხეულის სხვა ნაწილები ყოველგვარი მახვილისათვის უძლეველი იყო).

 

აღგვა პირისაგან მიწისა იხ. მიწის პირიდან აღგვა.

 

აღდგომის გათენება იხ. აღდგომის დღის მოსვლა. გამობრუნდება თალიკოს ბედი და ჩვენც აღდგომა გაგვითენდება (აკაკი). იმ ხანებში მამაჩემი კახეთს წავიდა ერთის კვირით. ეფრემს აღდგომა გაუთენდა: დრო დარჩა, მამაჩემის თოფი ეტარებინა თან, საქონელში (ვაჟა).

 

აღდგომის დღის მოსვლა ძლიერ გახარება, აღფრთოვანება, შვების გრძნობა (რაიმე შემთხვევის გამო). (ძველად აღდგომის რელიგიური დღესასწაულის მოსვლა მრავალმხრივ სასიხარულო იყო: მთავრდებოდა დიდმარხვა, დგებოდა ზეიმის დღე, მოდიოდა გაზაფხული). მინამ მწყერია, ანადირებენ, როცა მოილევა, იმასაც აღდგომის დღე მოუვა ხოლმე (ილია).

 

აღვირის ამოდება შეზღუდვა, დამორჩილება. (არსენა) შეტოკდა კიდევაც, მაგრამ უმალვე აღვირი ამოიდო, ღრმად ამოიხვნეშა, რამდენჯერმე მოინაცვლა ფეხი და კედელს ისევ კედელივით მიეყრდნო (მ. ჯავახ.). იმ თავგასულ კაცს აღვირი ამოსდეს და დაიმორჩილეს (თ. სახ.)

 

აღვირის აშვება თვითნებურად მოქმედების დაწყება, გათავხედება, თავის აშვება. აღვირის მიშვება თავისუფლად, შეუზღუდველად მოქმედების უფლების მიცემა. აღვირის მიშვება და სადავეს მიგდება. კარის გაღებაა იმ ერთგვარი უწმინდურებისათვის რომელსაც „შანტაჟს“ ეძახიან (ილია). ლუარსაბიც დათვრა, მიუშვა აღვირი ღვინისაგან მოდუნებულს ენასა და მოჰყვა უგზოუკვლო ტიტინს (ილია).

 

აღვირის წამოყრა იხ. თავის აშვება. აგე, ბატონებო, წამოიყარა აღვირი და ახლა შენი მტერი

(ილია).

 

აღვირის წახსნა იხ. თავის აშვება. როცა იერემია მათ ოჯახში შევიდა, სულ აღვირი წაიხსნეს დედა-შვილმა (გ. წერეთ.).

 

აშას კვრა ცივი უარის თქმა, ხელაღებით უარყოფა. (აშა, ჰაშა უარი) ამ ბატონს ჰგონია, ვითომც კრიტიკა მარტო აშას კვრაა ანუ სალდათური „ატკაზი“ (ილია). ახლა შენ იანგარიშე! ერთმა გიჟმა კნიაზმა აშა მკრას ას თუმანზე! (ს. მგალობ.).

 

ახალი ამერიკის აღმოჩენა იხ. ამერიკის აღმოჩენა.

 

ახლად დაბადება იხ. მეორედ დაბადება. კაჭკაჭი შორიახლოდან სეირს უყურებდა. სიხარულით აღარ იცოდა, რა ექნა, ახლად დაიბადა (ვაჟა). 

4

▲back to top


 

ბაბილონის გოდოლის აშენება ღრიანცელი, უაზრო ხმაური, არევ-დარევა, უთავბოლობა (ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ბაბილონის ძლიერი სამეფოს შემქმნელმა ვინმე ნიმროდმა, მთელ ქვეყანაზე გაბატონების მიზნით, დაიწყო გოდოლის ანუ მაღალი კოშკის აშენება, რომელიც ცას უნდა მიბჯენოდა. ნიმროდის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა გოდოლის უამრავ მშენებელს აურია საერთო ენა − თითოეული მათგანი სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა და, ამდენად, მოუსპო ურთიერთგაგებინების საშუალება. ამან გამოიწვია უთავბოლობა, არევ-დარევა და მშენებლობის ჩაშლა. ამ ლეგენდას უკავშირდება აღნიშნული იდიომი). ერთსა და იმავე დროს ბავშვმა უნდა გაიკვეთოს ქართული ასოები, რუსული ასოები; ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვების და ფრაზების შედგენა. საწყალო ბავშვებო! თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება კიდევ შეგრჩათ, ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას (ილია).

 

ბაგის გახლეჩა გაცინება, გაღიმება. რა უხდება სიცილი ჩემ თინანოს! ის რომ ბაგეს გახლეჩდა, ისე მინათდებოდა გული, თითქო ზინეთით სავსე ზანდუკი ავხადე-მეთქი (ვ. ბარნ.).

 

ბადეში გაბმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა. კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს (ილია).

 

ბადეში გახვევა იხ. ბადეში გაბმა. არა თუ გლეხი, ძნელად გადარჩა მებატონეცა, რომ ჩემი მოვალე არ ყოფილიყო; ჩემს ბადეში გაეხვივნენ ფრიად მრავალნი (ლ. არდაზ.).

 

ბადის გაბმა იხ. მახის დაგება. ამგვარის დამქაშების შემწეობით ბ-ნს კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის სანაპირო ქვეყნებში (ილია).

 

ბადის დაგება იხ. მახის დაგება. კაი ბადე დაუგეს ლუარსაბსა და კარგადაც გააბეს (ილია). ბაი-ბუად არ იგდებს იხ. ბაი-ბურად არ აგდებს. ყველა შეუშინებია სუსხსა, მხოლოდ ბაი-ბუადაც არ იგდებს ფითრი (თ. რაზიკ.).

 

ბაი-ბუად არ ივლებს იხ. ბაი-ბურად არ აგდებს. გოგა ბაი-ბუად არ ივლებდა მშობლების დარიგებას და მუქარას (ვაჟა).

 

ბაი-ბურად არ აგდებს არაფრად აგდებს, ყურსაც არ იბერტყავს, ყურადღებას არ აქცევს (ხარს ქვეყანა) ცალ რქაზე ჰქონდა დაყრდნობილი და ბაი-ბურადაც არ აგდებდაო (ხალხ.).

 

ბალის დაკვრა დადასტურება, კვერის დაკვრა. ყეინმა „ბალი“ დაუკრა (ვაჟა).

 

ბალნის აშვება გაბრაზება, გულის მოსვლა, აგრესიულად განწყობა. საფრანგეთმა თუმცა მაშინ ბალანი აუშვა, მაგ ამ ბისმარკმა მოატყუა (ილია).

ბანის მიცემა აყოლა, გამოხმაურება; დადასტურება, დათანხმება. მჭევრმეტყველებამ გაიტაცა, გადაიყოლა ზოგიერთები სხვებიც და დირექტორმაც ბანი მისცა (აკაკი). დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაც კორესპონდენტმა კატკოვმაც ბანი მისცა (ილია).

 

ბარგის აკვრა წასვლა, აყრა, სამყოფი ადგილის დატოვება. ბახვა ფულავას მფარველმა ინჟინერმა ბარგი აიკრა და ცოლ-შვილიანად თფილისს გადაესახლა (გ. წერეთ.). თუ ასე კარგა წავიდა ჩემი საქმე, ნაჩალიკი ბრუსულოვი ადრე აიკრებს ბარგს და გვიპარვის (ე. ნინოშ.).

 

ბდღვირის ადენა განადგურება, გაცამტვერება; ცემა, ზურგზე ბოლის ადენა. (ქორი) მუქარას უთვლიდა მამალს: „მოიცა, მამალო, თუ შენი ჯავრი არ ამოვიყარო და ჩემებურად, ქორულად, ნაბუერი და ბდღვირი არ ავადინო, თუ შენი დეზები აქ, ამ ვერხვის ტოტზე არ ჩამოვკიდო!“ (ვაჟა). ცის კამარა რისხვით და ქუშით უბღვერს მას: ან ბდღვირს ადენს გატიტვლებულ, უმწეო, უმცენარეო ეზოს, ან ნიაღვრით, ტალახ-თოვლ-ჭყაპით სულს უხუთავს და თავს აბეზრებს ადამიანს (ნ. ლორთქ.).

 

ბედის გაღიმება მოულოდნელად კარგი რამის შემთხვევა, ბედის წევა. ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არ გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა (მ. ჯავახ.). თავიდანვე სწამდა, რომ, რადგან დავითი ასე გაგიჟებით უყვარდა, სწორედ ამისათვის ბედი არ გაუღიმებდა (ა. ბელ.).

 

ბედის გაშავება გაუბედურება. საქართველოს განმტკიცებული ხმა ამ სასახლეში იჭედება მუდამ... მუდამ? ჰოი, საყვარელო საქართველოვ! რამდენჯერ გაგშავებია აქვე შენი ბედი (შ. დად.).

 

ბედის ვარსკვლავი საყვარელი არსება; საქმრო, საცოლე. თუნდა ეპოვნა ის ნანგრევებში და გონების თვალით განეჭვრიტა, მაინც ვეღარ დაინახავდა იქ თავის ბედის ვარსკვლავს (ვ. ბარნ.).

 

ბედის კარზე მოდგომა ბედნიერი შემთხვევის მოსვლა. ბევრი აღება-დაღება აქ აღარაა საჭირო, ბედი კარზედაა მომდგარი! კაცს, შენ არ მომიკვდე, სწორედ ვერ დამიწუნებ (დ. კლდ.). ახლა ბედი კარს მოსდგომია, ორივე ხელით უნდა ჩაეკიდოს და გაეკიდოს! (ო. ჩხ.).

 

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ბედნიერი, ცხოვრებაში ხელმომართული. სწორედ ბედნიერ ვარსკვლავზე იქნება დაბადებული ის ქალი, რომელიც ამ ვაჟკაცს შეხვდება (ვ. ბარნ.).

 

ბევრმა წყალმა ჩაიარა (რისამე შემდეგ) დიდი დრო გავიდა (რისამე შემდეგ). მას აქეთ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბევრი რამ კარგი წაგვართვა და თან წაიყოლა (ილია). ახალგაზრდობის დროს სამსონი ჯირკთან რომ მიგეყვანათ, იმასაც კი ეტყოდა სიტყვას, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა (ა. ბელ.).

 

ბერაში გატარება დამარცხება, დაშინება; შერცხვენა. (ბერა ხალხის მიერ ამართული და გადაჯვარედინებული საბრძოლო იარაღი (ხმალი, შუბი), რომლის ქვეშაც დამარცხებულ, ტყვედ ჩაგდებულ მტერს ატარებდნენ ხოლმე). ყველა ჩვენს მჭამელ-მცარცველსა ბერაში გაატარებენ (ბაჩ.).

 

ბეწვზე ჰკიდია საფრთხეშია, განსაცდელშია. ისეთი ფერი და სისუსტე ეტყობოდა, თითქოს იმისი სიცოცხლე ბეწვზედა ჰკიდიაო (ილია). ჩვენ ორის სიცოცხლე წუხელ ბეწვზე ეკიდა და სხვაი შენ იცი (ე. ნინოშ.).

 

ბეწვის ხიდზე გავლა საფრთხის, განსაცდელის გამოვლა. ძნელი დასაწყისი სწავლა-წვრთნისა ერთს დღეს მომიხერხდა: მე და ბავშვი დავმეგობრდით. ბეწვის ხიდი გავიარე (ილია).

 

ბეჭდის დასმა კვალის დაჩნევა, დაღის დასმა. მაგრამ ნამეტან გულკეთილობასთან შეერთებულ გულფიცხობას სულ სხვა ბეჭედი დაესვა (მამაჩემისთვის) და, თუ დედაჩემი არ ყოფილიყო; ოჯახში ყველაფერი არეულ-დარეული იქნებოდა (აკაკი).

 

ბრუდ გახდა შერცხვენა, შეურაცხყოფა, გაბიაბრუება (სპარს. ბრ უპირისწყლო, უსინდისო). გზაზე ლაშქარს ბევრი მეომარი ემატებოდა. გუშინ რომ ბიაბრუდ გახადა კაჭკაჭი, ის ძერაც აქ მოაფრატუნებდა მხრებსა, ფეხის ხმას აჰყვა ისიც (ვაჟა).

 

ბიძაშვილების მოსვლა ძილის მოკიდება.

 

ბნელეთის მოციქული რეაქციული, შავბნელი პიროვნება.

 

ბნელეთის ქურუმი იხ. ბნელეთის მოციქული. ბნელეთის ქურუმო, განვედ! (ვაჟა). ბოლთის კვრა იხ. ბოლთის ცემა. ჩიბუხის წევით ბოლთასა ჰკრავდა (ილია). ბოლთის ცემა მცირე მანძილზე წინ და უკან სიარული (მეტწილად დაფიქრებული ან

 

გაბრაზებული). დავიწყეთ უკან ხელები და მოვყევით ბოლთის ცემას, თან ცხვირში უსიამოვნოდ ვფრუტუნებდით (ვაჟა). დიამბეგმა, რომელიც ბოლთასა სცემდა და რაღაცა მღელვარებით მოელოდა ქალის მოყვანას, ერთბაშად გაიღიმა (ა. ყაზბ.). 

 

ბოლოს მოღება მოსპობა, განადგურება; მოკვლა; დამთავრება, დასრულება; შეწყვეტა. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ ჩვენ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო (ილია). მტრის მიმოფანტულ ნაწილებს ადვილად მოუღეს ბოლო (ა. ბელ.). სპირიდონმა მიაგება მეორე ტყვია, მიაყოლა მესამეც და მოუღო ბოლო (ე. ნინოშ.). (შუამავალი) ბლომად იღებდა ფეხის ქირასა, მაგრამ ეს იყო კარგი, რომ რაკი იკისრებდა საქმეს, ბოლოსაც მოუღებდა (ილია). მე და შენს პირადულ კინკლაობას ჯერჯერობით ბოლო უნდა მოეღოს, გაიგე? (გ. ნახუცრ.).

ბრის (გ)ადენა მოსპობა, აწიოკება, შავი დღის დაყრა. (ბრე მტვერი ბზენარევი − საბა). ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ − (მან) კაი საქმე იმათ დააწია. მიჰყო პირი და ბრე გაადინა (ილია).

 

ბრმა იარაღი ვისიმე ნებასურვილის (ჩვეულებრივ, არაკეთილსინდისიერისა) შეუგნებლად აღმსრულებელი. მელქისეღეკი ამჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში (კ. გამს.).

 

ბუზანკლის შეძრომა ახირებულად მოქცევა, მოულოდნელად წყენა, გულის მოსვლა; აწრიალება. მე ისევ თქვენკენ გამოვიწიე, მაგრამ არ გამომიშვა, ახლა პოლიტიკაში უნდა ჩაგება და ძალიან დამჭირდება შენისთანა კაციო ერთის სიტყვით, რაღაც ბუზანკალი შეუძვრა და მეც ამიყოლია (გ. ნახუცრ.).

 

ბუზების თვლა (ჭერში) უსაქმურობა, უქნარობა, გულხელდაკრეფილი ყოფნა. როცა შვილის

 

გასაზრდელი სახარჯო არა გვაქვს, ხელსაც არ გავძრავთ, თუნდა მთელი დღე იმოდენად მოცლილი ვიყვნეთ, რომ გულაღმა ვიწვეთ და ჭერში ბუზებსა ვთვლიდეთ (ილია).

 

ბუზიც არ აფრენია ცუდი არაფერი მოსვლია, დამშვიდებულად არის. დავმშვიდდით, დავწყნარდით, თითქოს ბუზიც არ აგვფრენოდა (ვაჟა). დედოფალს ხომ არაფერი შეამჩნევიე? − აჰ, ისე მეჭირა თავი, თითქო ბუზიც არ ამფრენოდეს (ბან.).

 

ბუზსაც ვერ აუფრენს ვერას უზამს, ვერაფერს დაავლებს, თითსაც მე თქვენი ლაპარაკისა არა ვიცი რა, − სთქვა ამაყად სოსიკა ბიჭმა. − ჩემი ძროხა აი ბოსელშია და, აბა, ვინც კაცი ხართ და ერთ ბუზს აუფრენთ იმასა (ნ. ლომ.) ვერც გაგვანიორწყლებენ და ვერც ბუზს აგვიფრენენ მთელ სოფელს რას გვიზამენ (ს. მგალობ.).

 

ბურთის გატანა იხ. ლელოს გატანა. ეს პირველი შემთხვევა ჩვენში ქალების მხრივ თავისის საკუთარის ძალღონით ბურთის გატანისა ცხოვრების მოედნიდან (ილია).

 

ბურთისა და მოედნის დარჩენა გამარჯვება, მდგომარეობის სრულ ბატონ-პატრონად გახდომა, სამოქმედო ასპარეზის დარჩენა. (ლუარსაბი) თრთის ცალკე შიშისაგან, ცალკე ჯავრისაგან, რომ დავითსა რჩება ბურთი და მოედანი (ილია). ძველ დროში ბურთი და მოედანი იმას რჩებოდა, ვინც უფრო ხელღონიერი იყო (ე. ნინოშ.).

ბუქსირზე აყვანა ჩამორჩენილის დახმარება. მერე ამ გოგოებს გინდა ატრაბახებინო, რეზო ჩვენ ავიყვანეთ „ბუქსირზეო?“ (ა. ბელ.). ის ჭიათურელია და ეს საქმე კარგად იცის. თქვენ ესენი აიყვანეთ ბუქსირზე (ა. ბელ.).

5

▲back to top


 

გამოსავლის მონახვა მდგომარეობაში გარკვევა, მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევა. − მაშ რა უნდა ქნათ? გამოსავალი ხომ უნდა ნახოთ ხომ უნდა გამონახოთ ეპოქასთან საერთო ენა (გ. ნახუცრ.).

 

განკითხვის დღის დადგომა შავი დღის, დანაშაულზე პასუხისგების დროის დადგომა. ჩვენი კლასიდანაც, განკითხვის დღე რომ დადგა (ასე ვეძახოდით საზოგადოდ მაქსიმოვიჩის ეგზამენებს), სამი მოწაფე აიყვანეს და ჩააყენეს თორნეში (აკაკი).

 

განკითხვის დღის მოსვლა იხ. განკითხვის დღის დადგომა. ვარსკვლავთ გუნდს ვერ მოსძებნი, ძირს მიწაც მიჩუმებულია, თითქოს უცდის მოწყენილი, როდის მოვა განკითხვის დღე და ფიქრობს, როგორ მოვიქცეო (ნ. ლორთქ.). − მოვიდა განკითხვის დღე, ზაალის წიწილო (მ. ჯავახ.).

 

განკითხვის ჟამის მოსვლა იხ. განკითხვის დღის დადგომა. მოვიდა ჟამი განკითხვისა და მშველელი კი არსად იყო (მ. ჯავახ.).

 

გველის ქერქში გაძრომა იხ. გველის ხვრელში გაძრომა. ათასი თავი ქვას ახალე, გველის ქერქში გაძვერი, თუ უბედური ხარ, უბედურად ჩაძაღლდები! (ა. ცაგარ.).

 

გველის ხვრელში გაძრომა მიზნის (უმთავრესად სამარცხვინოს, ბოროტის) მისაღწევად ყოველი ღონის ხმარება. რაც უნდა ძნელი საშოვარი იყოს, გველის ხვრელში გაძვრება და იშოვნის (იერემია).

 

გვერდებში გაჯდომა (რისამე) რისამე (აზრის, გრძნობის) შეჩვევა, შეგუება, მოწონება, გატკბობა. აუფართხალდა ლუარსაბს გული, გაუჯდა გვერდებში და დღე-მუდამ საამურად უღიტინებდა, მაგრამ არ იცოდა − როგორ მოეხდინა საქმე (ილია).

 

გვერდის ავლა უყურადღებოდ დატოვება, ანგარიშის გაუწევლობა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჯერ აკიდევ ამ ორგანიზაციას რევოლუციური ავტორიტეტი ჰქონდა შერჩენილი და მისი გვერდის ავლა არ შეიძლებოდა (ლ. ქიაჩ.). ამ საკითხს კაცი გვერდს ვერ აუვლის (განმ. ლექს.).

 

გვერდის აქცევა იხ. გვერდის ავლა. თუ (სკოლებმა) თავის დანიშნულებას გვერდი არ აუქციეს გამრავლდება მუშაკი ლიტერატურისა (ილია). უმრავლესობა ჩვეულებრივი გულცივობით უქცევდა გვერდს, მაგრამ გამოერეოდა ხანდახან ისეთიც, რომ ერთ ან ორ კაპეიკს აძლევდა ამ მათხოვარს (ე. ნინოშ.).

 

გვერდის ახვევა იხ. გვერდის ავლა. ამ საკითხს ვერავინ გვერდს ვერ აუხვევს (განმ. ლექს.).

 

სათქმელს გვერდი ავუხვიე (მ. ჯავახ.).

 

გვერდის დამშვენება იხ. მხარის დამშვენება. (დესპინე) მოდი აქ, გენაცვალე, გვერდი დაუმშვენე ამ ჩემს მეგობარს! (შ. დად.).

 

გვერდში (გვერდით) ამოდგომა იხ. მხარში ამოდგომა. ვინც გვერდით ამომიდგება, გინდა მტერი იყოს, გინდ მოყვარე, ჩემიანად მიმაჩნია (აკაკი).

 

გვერდში (გვერდით, ამოყენება (ვისიმე) მუდმივ დამხმარედ, თანამებრძოლად გახდა (ვისიმე). ვეღარ შეძლო ამ დროულმა კაცმა მძიმე უღლის წიკვა და უფროსი შვილი ამოიყენა გვერდში (ე. ნინოშ.). არლოვმა უამისობას ვეღარ გაუძლო და ისევ გვერდით ამოიყენა (მ. ჯავახ.).

 

გზაზე დადგომა გარკვეული გეზის აღება ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად. ნეტავი ამ საქებურ გზას დასდგომოდა აქამდინაც და მოკლედ მოეჭრა, რაც სათქმელი ჰქონდა (ილია).

 

გზაზე დაყენება (ვისიმე) გზის გაკაფვა, გეზის მიცემა, დახმარეგის გაწევა. მაშინ მოდი ჩემთან, მე დაგაყენებ გზაზეო (აკაკი). რამდენჯერ გავაპირე შენთან მოსვლა, რჩევა მეკითხა შენთვის, გზაზე დაგეყენებიე (დ. კლდ.).

 

გზა-კვალის აბნევა დაბნევა, სწორი გზიდან აცდენა, თავგზის აბნევა. მაიორისა და სუმბათაშვილის აქ ყოფნა ეწყინა (ბერს), ხოლო ჯარის ამოსვლამ სულ დააფრთხო და გზა-კვალი აუბნია (მ. ჯავახ.).

 

გზა-კვალის არევა იხ. გზა-კვალის აბნევა. შეთქმულებაში ურევია ელიზბარ ერისთავის სიძე პოლიცმეისტერი მელნიკოვი, რომელიც საქალაქო პოლიციას გადშოიბირებს, ან გზა-კვალს აურევს (მ. ჯავახ.).

 

გზას გადაცდენა სწორი გზიდან აცდენა; მოტყუება. რაკი ერთი გზას გადასცდა, ცუდად წაუვიდა საქმე (თ. სახ.).

 

გზ(ებ)ის მოჭრა შებოჭვა, თავისუფლად მოქმედების საშუალების შეზღუდვა. მაშ რა უნდა მექნა, რა? არაფერი. დავა გათავებული იყო. გზები მოჭრილი მქონდა. ბრძოლა წავაგე (მ. ჯავახ.).

 

გზიდან ჩამოცილება (ვისიმე) თავიდან მოცილება, ჩამოშორება (ვისიმე). ფიალა მოთმინებისა აივსო, − უთხრა ერთხელ ზაქარამ თავის მოაზრეებსა, − უნდა გზიდან ჩამოვიცილოთ ბატონი ესტატე და მოურავი სოსიკა (ს. მგალობ.).

 

გზის გაკაფვა დაბრკოლებათა გადალახვა, წინსვლის პირობების შექმნა, გზის გაკვლევა. არ მინდა ხელში ჩავუვარდე მტერს იმ დრომდე, მინამ არ შევასრულებ ჩემი გულის წადილსა, მინამ სრულიად არ გავუკაფავ სოფელს გზასა (ს. მგალობ.).

 

გზის გაკვლევა იხ. გზის გაკაფვა. ის ბიძა დამეკარგა, როსტომმა კი გზა გაიკვლია და დიდ კაცად გადაიქცა (მ. ჯავახ.).

 

გზის გამრუდება სწორი გზიდან აცდენა, ცუდ გზაზე დაყენება. შენთვის მომიბარებია ჩემი უცოდველი თამრო, ნუ გაუმრუდებ გზას! (ილია).

 

გზის განათება გეზის, მიმართულების მიცემა, გზის გაკვლევა. საცა უნდა წავსულიყავი, ყოველთვის იმის ტკბილი ღიმილი მინათებდა გზას (ე. გაბ.).

 

გზის გაწალდვა იხ. გზის გაკაფვა. დღეს ჩემთვის თავი უნდა გადასდო და შენებურად გზა გამიწალდო (გ. აბაშ.).

 

გზის გახსნა გასაქანის მიცემა, რისამე (მოქმედების, წინსვლა-განვითარების) შესაძლებლო ის შექმნა. უბედურება რომელიმე ერისა ისიც არის, როცა ერთგვარს ბეზღობას ფართო გზა გაეხსნება და აღებ-მიცემობის საგნად გახდება (ილია). ნამსახურს ჯილდო მიეცეს, მაშინ მეფის გზა ხსნილია (რ. ერისთ.).

 

გზის დახლართვა გზა-კვალის არევა, დაბნევა. და როგორც ერთ დროს ბედის მადლიერს, გზა დამიხლართა ბედისწერამა! (ილია).

 

გზის დახშობა დაბრკოლებათა შექმნა, მოქმედების (განვითარების) საშუალების მოსპობა. ჩემი გულისათვის შვილს გზას არ დავუხშავ, როგორც ჰსურს, ისე წაიყვანოს თავისი ცხოვრება (ე. ნინოშ.). ყოველივე ეს ჩუსტუზიანს გზას უხშობდა (შ. დად.).

 

გზის მანათობელი ვარსკვლავი დამხმარე, გზის მაჩვენებელი, გეზის მიმცემი, კეთილისყოფელი.

 

გზის შეკვრა იხ. დახშობა. ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, არავისთვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი (ილია).

 

გლეჯა მოადინა (სადმე) უცებ თავი ამოყო (სადმე). ბომბდამშენით გლეჯა მოვადინე თბილისში (ა. ბელ.).

 

გოლგოთას შედგომა ტანჯვა-წამების, მძიმე ცხოვრების გზის დაწყება (გოლგოთა მთა პალესტინაში, რომელზედაც, სახარების მიხედვით, თითქოს ჯვარს აცვეს იესო ქრისტე). წიგნების გაყიდვის ჯერი რომ მოვიდა, თეიმურაზმა მხოლოდ მაშინ იგრძნო და გაიგო, რომ იგი კარგა ხანია შეუდგა თავის გოლგოთას, რომლის მწვერვალი, შავი ნისლით დაბურული, ჯერ არც კი მოჩანდა (მ. ჯავახ.).

 

გონების ამღვრევა აღელვება, აღშფოთება, შავ ფიქრებში გახვევა. ამისთანა ფიქრებისაგან თანდათან უფრო შეეჭმუხნა სახე ბახვა ფულავას, მისი გონება აიმღვრა, შავი სისხლი თვალებში ჩამოაწვა და ახლო რომ შეეხედა ბახვასათვის კაცს, ასე იტყოდა, ან ვინმე მახლობელი უნდა მოკვდომოდეს, ან დიდი რამ ბოროტება უნდა ექნასო (გ. წერეთ.).

 

გონების დაკარგვა დაბნევა, არევა, თავგზის აბნევა. წინდაწინვე დამფრთხალ ყმაწვილებს გონება ეკარგებოდათ (აკაკი).

 

გონს მოგება იხ. გონს მოსვლა. ეტყობოდა გონს მოეგო (ლ. ქიაჩ.).

 

გონს მოსვლა ჭკუაზე მოსვლა, მიხვედრა (რისამე), გამორკვევა; გრძნობაზე მოსვლა, ცნობიერების დაბრუნება. ამასობაში ტარიელის ამხანაგთაგანი მოვიდა გონს და ამშვიდებდნენ ამხანაგს (ე. ნინოშ.). სანამ აქამდე დაფეთებული მცხოვრებლები გონს მოვიდოდნენ, მთელი ქუჩა გაიჭედა მანქანებით (ა. ბელ.).

 

გრძელი დღე არა აქვს დიდხანს ვერ იცოცხლებს, მალე მოკვდება. დაიმახსოვრეთ, ნოშრევან ფარჯანიანს გრძელი დღე არა აქვს (კ. გამს.).

 

გრძელი ენა აქვს ზედმეტი ლაპარაკი იცის, ყბედია, ენატარტალაა. − გრძელი ენა გაქვს, არსენ, გირჩევ დაიმოკლო (მ. ჯავახ.).

 

გუდა-ნაბადის აკვრა აბარგება, სამყოფელი ადგილის დატოვება, სხვაგან წასვლა. არა სჯობს, ავიკრათ გუდა-ნაბადი და წავიდეთ აქედან? (ა. ბელ.). იგი ტაიგას ხმამაღლა ამცნობს, მალე აიკრას გუდა-ნაბადი, ტაიგა ჰკითხავს: „კეთილო კაცო, საით წავიდე?“ (ხ. ბერ.).

 

გუდა-ნაბადის აკრეფა იხ. გუდა-ნაბადის აკვრა. რაც გითხარით, დაიხსომეთ და გუდა-ნაბადი აიკრიფეთ (მ. ჯავახ.).

 

გუდას პირი მოხსნა გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო. ავი საქციელის მდევნელი, ზრდილობიანი კაცი რისთვის აღიძვრის ხოლმე დევნად? იმისთვის ხომ არა, რომ, ზოგიერთებსავით, სიხარულით ქუდი ჭერსა ჰკრას, აცა, ჩემ საქმეს ძლივს ცუდი ვუპოვნეო და ძლივს ჩემს ლანძღვით სავსე გუდას პირს მოვუხსნიო (ილია).

 

გუდის მოშვება გაუთავებელი ლაპარაკის, ყბედობის დაწყება. გაბომ მოუშვა გუდას და პანტასავით დააყარა, უამბო თავგადასავალი (ს. შან.).

 

გულზე არ ახატია (ვინმე) არ უყვარს, არ მოსწონს (ვინმე). თავადიშვილს მე არასოდეს გულზე არ ვეხატე, მამის შვილი არაა? (უიარ.).

 

გულზე გადაგდება (რისამე) დავიწყება (რისამე). არ იქნა, ვეღარ გადავიგდე გულზე ეს შემთხვევა (აკაკი).

 

გულზე გადაყრა დავიწყება (რაიმე ცუდი განცდისა), დამშვიდება, გართობა (რაიმე ცუდი განცდის შემდეგ). − გაიოზ, ღვინო დავლიოთ, − წამოიძახა მან უცებ, − იქნებ გულზე გადამეყაროს, ან იქნებ ნებისყოფა მომემატოს (გ. ნახუცრ.).

 

გულზე გასკდომა ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება. რავა გულზე არ გავსკდე: დილას აქეთ ამ სიცხეში აქ ვუცდი და ჯერ სამართალი არ გვეღირსა (აკაკი). − ვინ იყო და ძაან კაი ბიჭი! ოქრომჭედელია, ბებიამ მითხრა, იმას მიგცემო, გასკდი გულზე! (ნ. ლორთქ).

 

გულზე გახეთქა (ვისიმე) ძალიან გაჯავრება, გაბრაზება, გამწარება, შეშინება (ვისიმე). ხან კიდევ ასეთს თავხედ მოციქულებს უგზავნის და აბრაზებს, გულზე ხეთქავს თავის სისხლხორცს (შ. დად.). სხვა რომ არაფერი, სახლიკაცების ცოლები უნდა დახეთქო გულზე, ტოლად არ უნდა იკადრო არც ერთი (ბან.).

 

გულზე გველმა უკბინა გამწარდა, უცებ რისამე გამო შეშფოთდა. იგი თანდათან ჩამოშორდა მეუღლეს, სიყვარული გახუნდა მათ შორის და მიჭკნა. დედოფალს გველმა უკბინა გულზე (ვ. ბარნ.).

 

გულზე დაჭდევა (რისამე) კარგად, საფუძვლიანად დახსომება, გულში ჩაჭედვა (რისამე). იმას წყლული, გვიან გაუმთელდება, თუ გაუმთელდება, წყლულისაგან ტკივილები ისევ ახსოვს, გულზე აქვს დაჭდეული (ს. მგალობ.). ჩემი ნათქვამი გულზე კარგად დაიჭდიე! (თ. სახ.).

 

გულზე ვარდის გადაფენა გახარება, აღფრთოვანება, სიამოვნების განცდა. ეთერსაც იმის დანახვაზე გულს ვარდი გადაეფინა და ისეთის სიამოვნებით მიიღო ახალგაზრდა, თითქო სწორედ იმას ელოდაო (ვ. ბარნ.).

 

გულზე კბენა გულის ტკენა, შეწუხება, წყენა. მაშინ მე ეს არ მესმოდა, რასაკვირველია, მაგრამ გულზე კი რაღაც უნებურად მკბენდა და მეჯავრებოდა „ქორობია“ (აკაკი). ლიზა ურიგობად თვლიდა ხმის ამოღებას, თუმცაღა კი გულზე კბენდა ეს მწარე დაცინვა (ე. ნინოშ.). დატრიალდა ბატონი, დაპროწიალდა სოსიკა, ჯორ-ზაქარას გულზე რაღაცამ უკბინა: ამოდენა ზღვა სტუმრებს მთელი სოფლის ხბო-გოჭები და ქათამ-ინდაურები მოუნდებაო (ს. მგალობ.).

 

გულზე ლოდის დაწოლა დადარდიანება, დაღონება, შეწუხება, სულის შეხუთვა. მას აქეთ დააწვა რაღაც ლოდი გულზედ და ვეღარ აუხსნია (ილია). აწ აღარ მაწევს გულზე ლოდიო! (აკაკი).

 

გულზე მალამოს მოცხება დამშვიდება, სიამოვნების განცდა. ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, მალამო მოსცხეს მის გაფიცხებულ გულს (გ. წერეთ.).

 

გულზე მოსვლა გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა. მოდით და გულზე ნუ მოხვალთ ამისთანა თავგასულ და შეუნანებელ საქციელისაგან (ილია). − ნუ შვრები, მოურავო, თორემ სისხლი დაიქცევა! − შეჰკივლა ახლა კი გულზე მოსულმა მარინემ (ს. მგალობ.).

 

გულზე მოშვება იხ. გულს მოშვება. ციოყს სახე გაუნათლდა, გულზე მოეშვა, თან გაუკვირდა საიდან ახსოვს ჩემი დის სახელიო (შ. დად.). გურიმ ამოიოხრა, თითქო გულზე მოეშვაო და ღიმილითვე მიუბრუნდა ძმას (გ. ნახუცრ.).

 

გულზე მოხვედრა (რისამე) მკვეთრად განცდა, გულთან ახლოს მიტანა (რისამე). მართლაც, დრამა „სამშობლო“ მეტად მოხვდა გულზე ჩვენს ხალხს (აკაკი). ეს სიტყვები მამა ონოფრეს გულზე მოხვდა (ბან.).

 

გულზე მძიმე ლოდად დაწოლა იხ. გულზე ლოდის დაწოლა. ეს მარტოობა და ობლობა გულზე მძიმე ლოდად დააწვა: სულს უხუთავდა, გულს უღრღნიდა (მ. ჯავახ.).

 

გულზე მძიმე ლოდის დაწოლა იხ. გულზე ლოდის დაწოლა. აშკარად ჩანდა, რომ (მზაღვეს) რაღაცა მძიმე ლოდი აწვა გულზე (ა. ყაზბ.).

 

გულზე ნისლის (შე)მოწოლა დადარდიანება, დანაღვლიანება, შეწუხება. დაუკარ, ჩემო ჩონგურო, გულს ნისლი შემომწოლია (ხალხ.).

 

გულზე სისხლის მონთხევა აღელვება, აღშფოთება, გაჯავრება. ერისთავს გულზე სისხლი მოენთხა და ჰკითხა: − მიცნობ, მე ვინცა ვარ? (აკაკი).

 

გულზე შემონთება, შეწუხება, აღელვება, გაბრაზება. თამარის დარდი გულზე შემონთებოდა არზაყანს (კ. გამს.). არზაყანს გულზე შემოენთო ამ სიტყვების გამგონეს (კ. გამს.).

 

გულზე შემოყრა იხ. გულს შემოყრა. ბაბუა ტარიელს გულზე შემოეყარა, „ჩემმა თვალმა არ დაგინახოსო“, მიაძახა და იქვე წაიქცა მღვდელი (კ. გამს.).

 

გულზე ჩქმეტა შეწუხება, გულზე კბენა. ეჭვებმა ძალიან დამაბნია, ბევრს უმართებულოდაც ვფიქრობ, ალბათ, მაგრამ დასწყევლოს ღმერთმა, რაღაც გულს მაინც ჩქმეტავს (ბან.).

 

გულზე ცეცხლის მოკიდება გაბრაზება, გამწარება, დატანჯვა. ისე გველსავით გარისინდება და ჩაიწყვეტს ენას, რომ გულზე ცეცხლი მოგეკიდება კაცს (ე. ნინოშ.). თინას პირდაპირმა და გულუბრყვილო თხოვნამ მამის გულს ცეცხლი მოუკიდა და კვლავ აუშალა მინელებული დარდი (მ. ჯავახ.).

 

გულზე ცეცხლის მოსვლა იხ. გულზე ცეცხლის მოკიდება. დესპინეს სიკვდილის შემდეგ მართლა ბევრჯერ მოსვლია სპირიდონს ცეცხლი გულზე და უთქვამს: „წავალ, მოვნახავ და მოვსთხოვ პასუხს ჩემს დამღუპველსო“ (ე. ნინოშ.).

 

გულზე ჭიის გადავლა გულის მობრუნება, გუნება-განწყობილების შეცვლა (ცუდისა კარგად). გულზე ხატად დასვენება (ვისიმე, რისამე) მუდმივი ზრუნვისა და ყურადღების საგნად გახდა,

 

შეყვარება, დაფასება (ვისიმე, რისამე). საქართველოს ისტორია სახარებად გაიხადა, „სამშობლოს განთავისუფლების“ კულტი გულზე ხატად დაისვენა (გ. ნახუცრ.).

 

გულზე ხელ(ებ)ის დაკრეფა უსაქმოდ ყოფნა, უმოქმედობა, სიზარმაცე. არც ქართველობამ დაიკრიფა გულზე ხელი. ქართველობის მოყვარულნიც ამასვე ცდილობენ (ილია). − ამდენი ხანია აქ ჩამოველით სამივენი, სხვები საქმეს აკეთებენ და ჩვენ კი გულზე ხელი დაგვიკრეფია (შ. დად.).

 

გულზე ხელის დადება სიმართლის თქმა, მართლის აღიარება. აბა გულზე თავისი პატიოსანი ხელი დაიდოს და პასუხი ისე გვითხრას (ილია). არა, გულზე ხელი დაიდევი და მართალი თქვი (ა. ბელ.).

 

გულზე ხელის კვრა მიტოვება, გაგდება, უარის თქმა; დაწუნება. კაცი თვითონ პირიქით მოვიდა თავის ნებით, საქმე მოახთინა და ახლა გულზე ხელის კვრას მიპირობს (ე. ნინოშ).

 

გულთან ახლოს მიტანა (რისამე) განცდა (რისამე), თანაგრძნობის გაწევა, გულთბილად მოკიდება. კოლა ხესიაშვილს გულთან ახლოს სრულიადაც არ მიუტანია არც უფროსი შვილის მოკვლა და არც უმცროსის შეშლილობა (გ. ნახუცრ.).

 

გულთან ახლოს მოშვება (რისამე) იხ. გულთან ახლოს მიტანა (რისამე). თანაც ფიქრობდა:

 

გულთან ახლოს მოეშვა თუ არა თარაშის სიტყვები? (კ. გამს.).

 

გული არ მისდის (ვინმეზე, რამეზე) არ უნდა (რამე); არ მოსწონს, არ იზიდავს (ვინმე, რამე). ის დღეა და ის დღე, სხვა აღარავინ უნდომებია, გული აღარავისზედ მისვლია (ილია).

 

გული არა აქვს გულქვაა, უგულოა; გულგატეხილია, გული აქვს აცრუებული, ხალისი არა აქვს. იმათ რომ ცოტა კეთილი გული და მოაზრება ჰქონდესთ, მთელს ქვეყანას ხელში დაიჭერდნენ − კიდეც ეგ არის, რომ გული არა აქვსთ, − უპასუხა ერთმა ნაიბმა (ა. ყაზბ.).

 

გული ეთანაღრება გულს აკლია, უკმაყოფილოა, გულნაკლულადაა. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალყზედ შემიდგა, მაგრამ ხმა არ გავე, არ დავუშალე (ილია). − მეც გაგიტან, ძმაო არსენ, − მიუგო კახელმა, − ოღონდ გული მეთანაღრება, რომ ახლავე ვერ მოგდევ (მ ჯავახ.). „ეს კიდევ რაღას ნიშნავსო?“ − ფიქრობდა რატი და გული ეთანაღრებოდა (შ. დად.).

 

გული ემუნათება სწყინს, უკმაყოფილოა. ლეჩხუმმა რაც იბრძოლა და რაც სისხლი დაღვარა, ჯერ იმის სამგლოვი ცრემლის დენა არ დაგვისრულებია და ახალ შებრძოლებას ვიფიქრებთ, ან გავბედავთ, ან შევკადრებთ? არა, ბატონო, მაგრამ ხალხს რომ ცოტა გული ემუნათება, ამას ვერ დაგიმალავ. − ჰო, რაო? რისთვის? რა ვაწყენიეთ?! (ბან.).

 

გული ერჩის ძლიერია, გულადია, საბრძოლო განწყობილებაზეა. ალბათ თქვენც გეყოლებათ ბატონები და მდივანბეგები, და თუ გული გერჩით და ხმალიც გიჭრით, თქვენი ვაჟკაცობა ისევ იმათზე გამოიჩინეთ (მ. ჯავახ.). „აბა აქ მოდით, თქვე ლაჩრებო, გული თუ გერჩით“, ფიქრობდა არზაყან (კ. გამს.).

 

გული ეუბნება გრძნობს, წინათგრძნობა უკარნახებს. (ოქრუას) სოფონას მოსვლამდისაც გული თითქოს ეუბნებოდა, რომ იმ მოწმობის საქმეზე იქნება რამეო (ე. ნინოშ.).

 

გული მისდის გული უწუხს, გულზე ეყრება, გრძნობა ეკარგება. მამლებმა პირველად რომ იყივლეს, სული მიგუბდებოდა. მეორედ რომ დაიძახეს, გული მიმდიოდა (მ. ჯავახ.). გინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემისთანა განაზებული ინტელიგენტი მშიშარაა და სისხლის დანახვაზე გული მისდის? (გ. ნახუცრ.).

 

გული მიუწევს (ვისკენმე, საითკენმე) (ვინმესთან) ყოფნა სურს; (სადმე) წასვლა უნდა. თქვენ მაშინვე შემიყვარდით, თქვენკენ მაშინვე გული უფრო მომიწევდა (ილია).

 

გული საგულეს აქვს არ ეშინია, დამშვიდებულია, დაიმედებულია, თავი ქუდში აქვს. ამგვარი სიტყვებით დაიმედებულს გული საგულეს მქონდა და უშიშარიც ვიყავი“ (აკაკი). თამარს გული საგულეს აღარ ჰქონდა ჯვარის დაკარგვის შემდეგ (კ. გამს.).

 

გული უთქვამს (ვისთვისმე) ეტრფის, უყვარს (ვინმე). საამი აღტაცებაში მოეყვანა თინანოს და ისე ძლიერ უთქვამდა მისთვის გული, რომ თავის შემაგრება უძნელდებოდა (ვ. ბარნ.).

 

გული უთხრობს იხ. − მეც დიდი ხანია გული მითხრობდა, თურმე ეს ამბავი იყო (ილია). გული უკვდება ძლიერ სწყინს, განიცდის, აწუხებს (რამე) (შდრ. გულის მოკვლა). სხვაგან არ

 

ვიცი რავაა და სახლში რომ ვუყურებ − გული მიკვდება და უფრო ის მკლავს, რომ, არ ვიცი, რა ვქნა, რა გზას დავადგე (დ. კლდ.). არზაყანს გული უკვდებოდა ასეთ მცირე სურვილსაც რომ ვერ უსრულებდა დედას (კ. გამს.).

 

გული უტირის შეწუხებულია, განიცდის, გული უკვდება. მე მინახავს, რომ იმათში ბევრი იცინოდა და ზოგიერთს კი ამ საცოდავის დედაკაცის მაგ ყოფაზედ გული უტიროდა (ილია).

 

გული უცემს (ვისთვისმე) ეტრფის, უყვარს, მოსწონს (ვინმე), გული უთქვამს (ვინმესთვის).

 

იასონს კარგა ხანია უცემდა გული ამ ლამაზი მეზობლისთვის (ე. ნინოშ.).

 

გული ყელში სჩრია ნერვიულია, ფიცხია, ადვილად ბრაზდება (შდრ. გულის ყელში გაჩრა). შეჰხედეთ უხეირო მოხელესა ან გზირს, როგორ გული ყელში ჰჩრიათ და დიდობენ (დ. მაჩხ.).

 

გული შეექმნა (ვინმეზე, რამეზე) მოუნდა, მოეწონა (ვინმე, რამე). მაშინვე გულმა მითხრა, ჩემი ჯერანის ბედი სწორეთ აგი უნდა იყოს-მეთქინ, სხომის რამდონი უთქვამთ, მარა არც ერთზე გული არ შემქნია (ე. ნინოშ.).

 

ფული შესტკივა (ვისთვისმე) ებრალება, თანაუგრძნობს, მზრუნველობას უწევს (ვისმე). ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი ჩვენთვის (ილია). აბა, ვინც ვარგა და ვისაც ქალაქისათვის გული შესტკივა, ახლა გამოჩნდება (ლ. ქიაჩ.).

 

გული ხელთ არა აქვს ღელავს, დამშვიდებული არ არის, რაღაც აწუხებს, გული საგულეს არა აქვს. არ ვიცი, რა ვქნა? გული ხელთ აღარა მაქვს იმის მაყურებელსა (ილია).

 

გულიდან ამოგდება (რისამე, ვისიმე) დავიწყება, გულიდან ამორეცხვა (რისამე, ვისიმე). ამიტომ სჯობია ის ქალი გულიდან ამოიგდო და დაივიწყო. − რაო, რა სთქვა? თამრო გულიდან ამოიგდოს?! დაივიწყოს?! ეხეხე! როგორც ეტყობა, კოტეს სიყვარულისა არაფერი არ გაეგება (მ. ჯავახ.).

 

გულიდან ამოგლეჯა (რისამე, ვისიმე) დავიწყება, შეძულება, გულიდან ამოგდება (რისამე, ვისიმე). ცოლის მოკვლამ ბახვა ფულავა მიწასთან გაასწორა. ცხოვრების კავშირი გულიდან ამოგლიჯეს (გ. წერეთ.). განშორდა მაყვალას დარწმუნებული, რომ გულიდან ამოიგლეჯდა ამ ქალის სახეს (ა. ყაზბ.).

 

გულიდან ამორეცხვა (ვისიმე, რისამე) დავიწყება, შეძულება, გულიდან ამოგდება (ვისიმე, რისამე). არა თუ გიყვარდე, პერანგოვი გულიდან ამოირეცხე, თუ ჩემი თავი გინდა (ილია). ყმაწვილ კაცებს არაფრად იამათ დედ-მამების გულცივობა. ზოგმა იმათგანმა გულიდან ამოირეცხა მამაშვილური გრძნობა (გ. წერეთ.).

 

გულიდან ამოფხეკა (ვისიმე, რისამე) იხ. გულიდან ამორეცხვა (ვისიმე, რისამე). ამოიფხიკე გულიდან მაგ აზრი და ვიცხოვროო, როგორც აქამდე ვყოფილვართ! (რ. გვეტ.).

 

გულიდან ამოღება (ვისიმე, რისამე) იხ. გულიდან ამოგდება (ვისიმე, რისამე). იმას ეგონა, რომ ონისეს დიდი ხანი იყო, რაც გულიდან ამოეღო და დაეგდო, დაევიწყებინა (ა. ყაზბ.).

 

გულიდან ამოყრა (ვისიმე, რისამე) იხ. გულიდან ამოგდება (ვისიმე, რისამე). შემდეგ ორიოდე სხვა ვინმეც მომეწონა, მაგრამ ისინიც გულიდან ამოვიყარე (მ. ჯავახ.).

 

გულიდან ამოხდომა (რისამე) გრძნობით წარმოთქმა (რისამე). „სიკვდილი ჯობია ჩემ სიცოცხლესო“, − ამოხდებოდა მას ხშირად გულიდან ოხვრასთან ერთად (ე. ნინოშ.).

 

გულიდან ამოხოცვა (ვისიმე, რისამე) იხ. გულიდან ამორეცხვა (ვისიმე, რისამე). არ შემიძლიან ერთის მათგანის განწირვა, იმათი გულიდან ამოხოცვა (ს. მგალობ.).

 

გულიდან გადაგდება (რისამე, ვისიმე) იხ. გულიდან ამოგდება (რისამე, ვისიმე). მე მათთან სტუმრობამ მალე გადამიგდო გულიდან სამხედრო სურვილები (აკაკი).

 

გულიდან გადავარდნა (რისამე) გადავიწყება, დავიწყება (რისამე). კოდალა ნაირ-ნაირ ამბებით შეაქცევდა, მაგრამ ქათმები კი მაინც არ გადაუვარდა მამალს გულიდან, იმათი ხსოვნა ისე ჰქონდა შენახული გულში, როგორც ნაცარწაყრილი ნაკვერჩხალი (ვაჟა).

 

გულიდან გადაყრა (რისამე) დავიწყება (რისამე). ზაქარას თუმცა გულიდან გადაყრილი არა ჰქონდა სოსიკას ჯავრი, მაგრამ მაინც თავის საქმეს დამშვიდებით შეუდგა (ს. მგალობ.). ცაცას წუთიერი უგუნებობის ღრუბელი გადაეყარა გულიდან და იმედიანი ნაპერწკლები აუციმციმდა თვალებში (გ. ნახუცრ.).

 

გულიდან ლოდის აცლა რაიმე სადარდელის მოშორება, გულზე მოშვება. აბა, რომ იტყვიან კარგად საქმის მოყვნას, ამასა იტყვიან. იფ, მოსევ, ძლივს გულიდამ ლოდი არ აიცალე? არც ჩხუბი, არც დავიდარაბა (ილია).

 

გულიდან ლოდის ახსნა იხ. გულიდან ლოდის აცლა. მოვისმინე ყოველი ის, რაც დღეს აქ იყო თქმული და გულზედ მომეშვა, ლოდი ამეხსნა გულიდან (ილია).

 

გულის აგდება (ვინმეზე, რამეზე) იხ. გულის აცრუება (ვინმეზე, რამეზე). ამისთანა „დღე-ხვალიობით“ ყმაწვილებმა სრულებით აუგდეს გული სწავლას (გ. წერეთ.).

 

გულის აგორება (ვინმეზე) შეძულება, გულის აცრუება (ვინმეზე). რა ვქნა! რატომ ეიგორა გული მასზე (ცოლზე) ჩემმა შვილმა, აღარ ვიცი (დ. კლდ.). მე თავიდანვე ვიცოდი, რომ შენ მალე აგიგორდებოდა გული მაგ უბედურზე და როდამაშვილის მოგონება უკმაყოფილობას გამოიწვევდა შენის მხრით (დ. კლდ.).

 

გულის ადუღება სიბრალულით ავსება, გულის აჩუყება; გაჯავრება, გაბრაზება, გულის მოსვლა. − მაშ ნუნუ დანიშნეს? − უნებურად და მწუხარებით წამოიძახა იმან, და გული ხელახლად აუდუღდა (ა. ყაზბ.). ეს ისეთი უწყინარი და გრძნობიერი კილოთი თქვა ოტიამ, რომ სონიას უფრო აუდუღდა გული (დ. კლდ.). გალოთებულნი, უზნეონი ყოველს უსამართლობას ჩადიოდნენ და ეს უფრო აჯავრებდა, ხალხს უფრო გულს უდუღებდა და უფრო უღვიძებდა გადახდის სურვილს (ა. ყაზბ.).

 

გულის ავარდნა (რამეზე) გულის აყრა, გულის აცრუება (რამეზე), შეძულება (რისამე). საქმეზე რომ გული სრულიად ამივარდა? (ი. გულის.).

 

გულის ათამაშება მოხიბვლა, მოწონება; სიამოვნების შეგრძნება, აფანცქალება. − მაშინ მე ჩვენებურს გოგოებს გულს ავუთამაშებდი! − სიცილით უპასუხა ილიკომ. − ბუზიკის დაკვრა კი არა, გინდა დაირის დაკვრა ისწავლო, მაინც ჩვენებურს გოგოებს გულს ვერ აუთამაშებ (შ. არაგვ). ბევრს აუთამაშა გული მთავრის ასულის აღთქმამ, ბევრს აფიქრებინა: ღმერთო, მზიასათვის მაპირველეო (ბან.).

 

გულის ამოსკვნა ბევრი ტირილი, ქვითინი, გულის ამოჯდომა. (გიორგიმ) მაშინ კი მწვავედ იგრძნო სრული მარტოობა და გული ამოესკვნა, მთელის ტანით ქვითინად იქცა (შ. დად.).

 

გულის ამოჭმა გაწამება, გატანჯვა; თავის მობეზრება, შეწუხება. თავისიც და გარეშეც, ყველა შეწუხებული ჰყავს თურმე, თვარა რა უჭირდა საწყალ ლევანს?! კაცური კაცი იყო, მაგრამ მაგან აღარ გეიტანა, გული ამოაჭამა, გონება დოუბნია (დ. კლდ.).

 

გულის ამოჯდომა აქვითინება, ატირება, გულის ამოსკვნა. ეს რომ ბრძანა, გული ამოუჯდა. მეც ღაპაღუპით წამომივიდა ცრემლები, ბევრი ვიტირეთ (ილია). ბალღივით გული ამოუჯდა ლუკაიას, დაბალი, დიაცური ხმით მოსთქვამდა (კ. გამს.).

 

გულის ამრევი საზიზღარი, საძაგელი, თავის მომაბეზრებელი; ცუდი, უვარგისი. ქაღალდის ისეთი ნიაღვარი მოდის, პირდაპირ გულის ამრევია (კ. გამს.). რეზოსათვის არაფერი არ იყო ისე გულის ამრევი, მგონი საჭმელიც კი, როგორც სახელმძღვანელოს დანახვა (ა. ბელ.).

 

გულის ამღერება გახარება, სიამოვნების შეგრძნება, გულის ათამაშება. ამ მოწერილობამ გული აუმღერა ხუცესს (ვ. ბარნ.).

 

გულის ამღვრევა გაბრაზება, გულის მოსვლა; აფორიაქება, ხასიათის გაფუჭება. თამარს გული უფრო აემღვრა და სიბრალულით გადახედა ზანქანს (შ. დად.). − ჰო, მართალი თქმაა, ჩადენილი საშინელებანი მერე აუმღვრევს გულს კაცს (ვ. ბარნ.).

 

გულის ანთება გაბრაზება, გულის მოსვლა. „ჩაძაღლდი განა?“ − უყვირიან ზემოდამ. ეხლა კი გული აენთო (ილია).

 

გულის არევა პირის ღებინება, გულის ზიდილის მოგვრა. ვესტიბიულში ცუდი სუნი იდგა, რეზოს გული ერეოდა (ა. ბელ.). იქნება მიშველოთ რამე, ზღვაზე პირველად ვარ და გული მერევა (მ. ჯავახ.).

 

გულის ატოკება რაიმე (უმთავრესად სასიამოვნო) გრძნობის გამოწვევა (მოწონება, შეყვარება), გულის აჩქროლება. აბა ვინ იფიქრებდა, რომ ეს დედაკაცი ქრისტინე იყო, ის ლამაზი, მორცხვი ქრისტინე, რომელიც ერთ დროს ისე უტოკებდა გულს და ანატრებდა თავს ნიგვზიანის ყმაწვილკაცობას (ე. ნინოშ.). ვისაც ზღვის სენი არა სჭირს, უთუოდ გულს აუტოკებს ზღვის სუნი და გემის შეხედვა (კ. გამს.).

 

გულის აფანცქალება აღელვება (მოუთმენლობის ან სიხარულისაგან), გულის აჩქროლება. არჩილმა აცადა; გული კი აუფანცქალდა, ვინ იცის, რა უფრო ენატრებოდა: ჰო თუ არა (ილია). (თომას) გული მძლავრად აუფანცქალდა და თვალებზე ბინდმა გადაჰკრა (მ. ჯავახ.).

 

გულის აღრენა აღელვება, აღშფოთება, გაბრაზება, განრისხება. ოქრუას სამხედრო ბეგრიდან განთავისუფლება რომ შეიტყო ბაგრატამ, მეტად აუღრინდა გული (ე. ნინოშ.). იაგოც მოთმინებით მოელოდა ამ დღეს, რადგანაც წარმოუთქმელად გული ეღრინებოდა გირგოლაზედ, რომელმაც ისე უკაცურად გააბა ხათაბალაში (ა. ყაზბ.).

 

გულის აყრა (ვინმეზე, რამეზე) შეძულება (ვისიმე, რისამე), გულის აცრუება (ვინძეზე, რამეზე). ვინა თქვა, − გლეხმა ჩვენზედ გული აიყარაო, კაი კაცი ყოველთვის კარგი იქნება (ილია). (სონია) სთხოვდა (ნინოს), მასზე გული არ აეყარა, არ შეეძულებია მისი თავი, რომ ბრალი მისთვის არ დაედვა (დ. კლდ.).

 

გულის აჩვილება იხ. გულის აჩუყება. სონიას გული აუჩვილა ამ უცნაური ქალის ნაამბობმა (დ. კლდ.). ეს ლექსი სიმონამ თავის თავზე მიიღო: „შავო ქალო“ ჩემ ცოლზე ლექსობენო, იფიქრა და ისე აუჩვილდა გული, რომ კინაღამ ტირილი დაიწყო (ე. ნინოშ.).

 

გულის აჩუყება გრძნობათა მორევა, ტირილის ხასიათზე მოსვლა, გულის აჩვილება. თეიმურაზს გული აუჩუყდა და ცრემლი მოერია (მ. ჯავახ). გული აუჩუყდა ბერიკაცს, რაკი შენიშნა ექიმის დაჲ გულმოწყალედ შეეგება მის გაჭირვებას (კ. გამს.).

 

გულის აჩქროლება რაიმე გრძნობის (გახარება, წყენა) განცდა, ატოკება. თომას გული აუჩქროლდა. თინას პირდაპირმა და გულუბრყვილო თხოვნამ მამის გულს ცეცხლი მოუკიდა და კვლავ აუშალა მინელებული დარდი (მ. ჯავახ.). როგორც კი ტელეფონში მისი ხმა გაიგონა, მაშინვე მუხლებში სისუსტე იგრძნო და გული აუჩქროლდა (ა. ბელ.).

 

გულის აცრუება (ვინმეზე, რამეზე) რისამე ან ვისიმე მიმართ ინტერესის დაკარგვა, გულის გატეხა, გულის აყრა. − ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან, არ ვიცი რათა. პატარები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზედ, მაგრამ მაგათაცა ჰქონდათ თავისი დრო (დ. ჭონქ.). მალე მან ერთნაირად აიცრუა გული ამ ახალგაზრდა ქალზედაც და სწავლაზედაც (ა. ბელ.).

 

გულის აცუნცრუკება იხ. გულის ათამაშება. რას ჩმახავ, ქალო! ოცი წლის ჭაბუკი ხომ არა ვარ, სიყვარულით გული ამიცუნცრუკდეს (ი. გულის.).

 

გულის აძგერება აღელვება, გულის ატოკება. თუ რა ტანჯვა გამოიარეს იმათ, იმას ნუღარ მოვიგონებთ, რადგანაც მოგონებაც კი კმარა გულის ასაძგერებლად (აკაკი). ალბათ ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა (გ. ტაბ.).

 

გულის ბუდიდან ამოვარდნა აღელვება. − რა დროს ეგ არის! ერთი წაიკითხე-მეთქი, რა სწერია, ლამის გული ბუდიდამ ამომივარდეს, ვეღარ მომითმენია (ილია).

 

გულის ბუხრის ამოყრა ჯავრის ამოყრა; გულის მოჯერება. გზაზე გადაველაპარაკე ჩემს ბატონს ესტატესა, ერთი ისეთი გადმომიბღვირა, რომ ენა მუცელში ჩამივარდა; ვიფიქრე, ამ ბატონყმობის გადავარდნისას გულის ბუხარი ჩემზე არ იყაროს-მეთქი (ს. მგალობ.). არაფერია, ვანუგეშე, აი, ნადირობას მოვიმიზეზებ, დიდი ამალით წავალ და გულის ბუხარს ამოგყრი-მეთქი (შ. დად.).

 

გულის გაგმირვა მწვავე ტანჯვის, ტკივილის მიყენება, გულის მოკვლა. (მაყვალას) გული მწუხარებამ გაუგმირა (ა. ყაზბ.).

 

გულის გაგრილება გაგულგრილება გულის გაცივება, გულის აყრა; დამშვიდება. ამ ათი წლის განმავლობაში ქალებს ყოველწლივ შეჰქონდათ პარლამენტში ერთი და იგივე თხოვნა და პარლამენტი ყოველწლივ ერთსა და იმავე უარს ეუბნებოდა. აბა ვის არ გაუგრილდებოდა გული და ვინ არ დაჰკარგავდა სასოებას?! (ილია). დამენახვენით, გამიგრილეთ დამწვარი გული (ლ. არდაზ.).

 

გულის გადაბრუნება შეშინება, შეძრწუნება, გულის გახეთქა, ელდის ცემა. ეს სიტყვები ისეთი ათრთოლებული ხმით მითხრა და ისე საცოდავად შემომხედა, რომ გული უნებურად გადამიბრუნდა და რაღაც წავილუღლუღე (აკაკი).

 

გულის გადალევა დასუსტება, შეწუხება. მოლოდინით გული გადამელია (ვაჟ ა). გულის გადატრიალება შეშინება, შეწუხება, გულის გახეთქა, ელდის დაცემა, გულის

 

გადაბრუნება. ერთი უეცრად წამოიძახა: „მჭვალი! მჭვალიო!“ და წამოვარდა ზეზე. მე გული გადამიტრიალდა (აკაკი). იმისი ზარიანი ხმა რომ გულს მომხვდებოდა, გული გადამიტრიალდებოდა სიხარულით (ილია).

 

გულის გადაქანება იხ. გულის გადატრიალება. (თიკოს) გული გადაუქანდა და ნაზი სახე ჯერ შეეფერფლა და შუბლზე მარგალიტისებრ წვრილი ცივი ოფლის წვეთები ამოასხდა (შ. არაგვ.). გურის გული გადაუქანდა (გ. ნახუცრ.).

 

გულის გადაყოლება გართობა, ძთავის შექცევა. იმათ საუბარი ეწადათ მშვიდობიანს, წყნარს ფრინველებთან, ამბის გამოკითხვა და ამით გულის გადაყოლება (ვაჟა). − წაიყვანე, წაიყვანე, შვილო, გულს გადააყოლებს, გეიხედავს-გამეიხედავს, გადაავიწყდება! (დ. კლდ.).

 

გულის გადაშლა გულის ნადების გამჟღავნება, საიდუმლოს თქმა, გამხელა. არ ვიცი რად და ჩემი გული კი იწევდა, რომ შენ წინ გადაშლილიყო (ილია). ორი კაციც რომ განაპირებულიყო, ოძელაშვილიც იქ გაჩნდებოდა, თავის გულს გადაუშლიდა, იმათაც გადააშლევინებდა და ეჭვიანობის მწერს უპოვიდა (მ. ჯავახ.).

 

გულის გადახსნა იხ. გულის გადაშლა. უამისოდ (ცოდნის გარეშე) დედამიწა თავის უხვ გულს არ გადაგვიხსნის (ილია).

 

გულის გადმობრუნება იხ. გულის გადაბრუნება. (მტრედი) ღორისაგან ამოღრუტნულს ადგილას ჩაიმალა. აქ ღორი დაუხვდა და წაეტანა დასაჭერად. მტრედს გული გადმოუბრუნდა, გზა-კვალი აერია (ვ აჟა).

 

გულის გადმოტრიალება იხ. გულის გადატრიალება. ხმამაღლა ლაპარაკი და სიარული უწამლავდა გულ-გონებას. დაავადებდა, გულს გადმოუტრიალებდა, ტანში გააჟრჟოლებდა (ვაჟა).

 

გულის გაკაწვრა წყენა, გულის ტკენა. ჰაკიმ არ იცოდა, ეს დუმილიანი საზეიმო დარაზმულობა ასე დილაადრიან რას მოასწავებდა და საშინელი ეჭვი გულს უკაწრავდა (ლ. ქიაჩ.).

 

გულის გაკეთება გამხნევება, დაიმედება, წახალისება, გულის გამაგრება. ეს ორი ოჯახი იყო, რომ მამხნევებდა, ხელს მიწყობდა და გულს მიკეთებდა (აკაკი). მუცელას გულს უკეთებდა კიდევ ის, რომ საცაა, მეფე მოვა თავის ჯარით და გამომიხსნის დევების ტყვეობიდან (ვაჟა).

 

გულის გამაგრება გამხნევება, დაიმედება, ნუგეშისცემა, დამშვიდება, გულის გაკეთება. ამის (ლუარსაბის) სულს ღონე მოემატა, გული გაუმაგრდა, დაავიწყა სირცხვილიც, დამარცხებაც (ილია). ცოტა არ იყოს, ესტატე დიაკვანი ამხნევებდა (მუცელას), გულს უმაგრებდა: გამოელაპარაკებოდა ხოლმე შორიდან (ვაჟა).

 

გულის გამთელება მწუხარების, სევდის გაქარვება, გულგატეხილობისაგან განთავისუფლება. კაცის გულს რაღა გაამთელებს, ქალი რომ ამისთანა შეურაცხყოფას მიაყენებს (გ. წერეთ.). გულს იმით ვიმთელებდით, რომ ჩვენ ჯერ ბალღები ვართ და, როცა გავიზრდებით, მაგათზე უკეთესად ვინადირებთ (ვაჟა).

 

გულის გამონასკვა იხ. გულის ამოჯდომა. (მახარეს) გული გამოენასკვა და თვალთ წამოჟონა (შ. არაგვ.).

 

გულის გამოცვლა (ვინმეზე) ვისიმე მიმართ განწყობილების, დამოკიდებულების შეცვლა (კარგისა ცუდად, ცუდისა კარგად). − შენი რა ბრალია, ჩემო სონია, შენი რა ბრალია? შენ რად უნდა შეგიძულო? შენზე გული რად უნდა გამოვიცვალო?! ალბათ, ასეთი ბედის ვყოფილვარ! შენ რა? (დ. კლდ.). − დღეს ბატონმა ჩემზე გული გამოიცვალა.

 

დამპირდა, რაც გინდა მთხოვე და შეგისრულებო (მ. ჯავახ.).

 

გულის განათება იხ. გულის განათლება. რა უხდება სიცილი ჩემ თინანოს! ოხაი! ის რომ ბაგეს გახლეჩდა, ისე მინათდებოდა გული, თითქო ზინეთით სავსე ზანდუკი ავხადე-მეთქი (ვ. ბარნ.).

 

გულის განათლება გახარება, აღფრთოვანება, გამხიარულება, სიამოვნების განცდა. (ბახვას) ახალმა ოჯახმა გული გაუნათლა. გზაზე მას იგონებდა და მხიარულებდა (გ. წერეთ.). არსენს გული გაუნათლდა დ სიხარულით ჩასწერა სიგელში ეს ბრძანება საშვილიშვილო შესასრულებლად (შ. დად.).

 

გულის განელება ჯავრის, სიბრაზის შემცირება, გულის დაცხრომა, დაოკება. ბახვა ფულავა ამაღამ ჩემი მსხვერპლი უნდა გახდეს. რაკი ჩამოვიშორებ, მერე ესმას გულიც მოლბება, მერე მეც გამინელდება გული, გავცოცხლდები, გავიხარებ (გ. წერეთ.).

 

გულის გაპარვა გულის შეწუხება, გულზე შემოყრა. ეს სამწუხარო ამბავი რომ მითხრეს, გული გამეპარა (თ. სახ.).

 

გულის გაპობა მწარედ დანაღვლიანება, გულის მოკვლა.

 

გულის გასივება ძლიერ გაბრაზება, შეწუხება. მე გულს მისივებს უმეცრების სითამამე (ილია).

 

(ყმაწვილების) ურიგო ქცევამ გული გამისივა ჯავრით (ლ. არდაზ.).

 

გულის გასკდომა შეშინება, შეძრწუნება. შიშით გული უსკდებოდათ, − თუ ლიზა არ შეირთო, ზალიკაი მოკლავს ჯერანსო (ე. ნინოშ.). გუშინ სონიასთან ვიყავი და, სანამ სახლში მოვიდოდი, კინაღამ გული გამისკდა. ისე შეუძლიათ მოგიტაცონ, რომ კაცი ვერ გაიგებს (ა. ბელ.).

 

გულის გასუფთავება ეჭვისაგან ან სხვა არასასურველი, ბოროტი აზრებისაგან განთავისუფლება. − სევასტი მე იმიტომ გალაპარაკებ, რომ სათქმელი უნდა ითქვას და ყველამ უნდა გაისუფთაოს გული. თუ ვინმეს ნემსის ოდენა ხინჯი დარჩება, იგი ისევ გაიზრდების და ყველას მოსწამლავს (მ. ჯავახ.).

 

გულის გასწორება შეგუება, შეთვისება. პატარძალმა ვერ შეითვისა საქმარეულო; თავიდანვე აითვალწუნა ცალყურაანთ კერა; გული ვერ გაუსწორა ვერც კაცებს, ვერც ქალებს, ვერც ყმაწვილებს (ვ. ბარნ).

 

გულის გატეხა იმედის, რწმენის დაკარგვა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. ნუ შეჰშინდებით,

 

ნუ გაიტეხთ გულს, ვიხსნი ბოროტებისაგან თავს და ისევ მთელსა და ცოცხალს იხილავთ მრავალტანჯულ მუცელას (ვაჟა). ერთობ მწუხარებაშია ქალიშვილების შემყურე მათათიც, მაგრამ მაინც ვითომ გულს არ იტეხს, გულმაგრად არის და ჩვეულებისამებრ მუდამ თავის სახელოვან ნათესავებზე ლაპარაკობს (დ. კლდ.).

 

გულის გაქვავება გულქვა, შეუბრალებელი გახდომა. ახლა გული გამიქვავდა და ადამიანებიც შემძაგდა (კ. გამს.). ამას წინათ რომ შევხვდი, ჩვენი შეხვედრა რა ცივი იყო, რა გულის გარე ან რა გაბოროტებულა, გული როგორ გაქვავებია, რა საშინელის სიძულვილით მქსინვარებს თამარისადმი (შ. დად.).

 

გულის გაღება იხ. გულის კარ(ებ)ის გაღება. დავიწყოთ ძმურად ლხინი, ღრეობა, შუბლს ნუ შეგიკრავთ, გავაღოთ გული (ვაჟა).

 

გულის გაშლა იხ. გულის გადაშლა. მითხარ ყოველიფერი, გაუშალე შენს მშობელს შენი გული, ხომ იცი, რომ იმას მზე და მთვარე შენზედ ამოსდის (ა. ყაზბ.).

 

გულის გაწვრილება შეწუხება, გულის გაწყალება. დიდი გაბედვა ყოფილა თქვენგან, შენ ნუ მოუკვდები ჩემს თავს, (პუბლიკისაკენ) გული გამიწვრილა (ილია). იმდენის ღირსი აღარ არის ის პირშავი, რომ მუდამ მისი გახსენებით შენც გაგიწვრილო გული და სიცოცხლე გაგიმწარო (მ. ჯავახ.).

 

გულის გაწყალება შეწუხება, თავის მობეზრება, უსიამოვნების მიყენება, გოლის გაწვრილება. ეს სიმშვიდე, ეს გულში შეკავებული, გამოუჩენელი მწუხარება ნინოსი უფრო გულს უწყალებდა სონიას (დ. კლდ.). − ბებოსა ვკითხე, მაგრამ არაფერიც არ იცის, კიდევაც გამიჯავრდა, გული ნუ გამიწყალეო, მამასა ჰკითხეო (გ. ნახუცრ.).

 

გულის გახევება იხ. გულის გაქვავება. მამაკაცი ნადირობს, ლაშქრობს, გული უხევდება, სიბრალული შორდება მის შეგნებას (შ. დად.).

 

გულის გახეთქა შეშინება, შეძრწუნება (ვისიმე); გაბრაზება, გაჯავრება (ვისიმე). ერთბაშად მოისმა რამდენიმე თოფის ხმა, და გირგოლას კაცებთაგანი შვიდნი დაეცნენ ძირს, დანარჩენები კი შეცვივდნენ ტყეში, რადგანაც ამ მოულოდნელობამ გულები დაუხეთქათ (ა. ყაზბ.). შვილო, გულს ნუ მიხეთქავ, სხვების აყოლა შენ არ გამოგადგება (შ. არაგვ.). კმარა, კმარა რა ცეცხლშიც ვტრიალებ, თქვენ მაინც ნუღარ მიხეთქავთ უფრო გულს! (დ. კლდ.).

 

გულის გახსნა გულის ნადების, საიდუმლოს გამხელა, გულის გადაშლა; გამხიარულება, კარგ გუნებაზე დადგომა. თემობა, ის თემობა, რომელსაც სულით და გულით ემორჩილებოდა, ითხოვდა, რომ გული გაეხსნა, − და წადილს ვერ უსრულებდა (ა. ყაზბ.). კარგა ხანს იდგა ასე სონია, მაგრამ ვერც იმ სურათმა, მის თვალწინ რომ იშლებოდა, თავის სილამაზით გული ვერ გაუხსნა და სევდა ვერ გადაუყარა (დ. კლდ.). ღვინომ ნელ-ნელა შუბლი გაგვიშალა, გული გაგვიხსნა და ერთმანეთის „იოლდაშ“ „ყარდაშ“-ებად გადაგვაქცია (მ. ჯავახ.).

 

 

გულის დადაგვა შეწუხება, მწარედ განცდა რისამე, გულის დათუთქვა, დაწვა. უმანკოება შენი ნუმც შეიბღალება რაიმე ცოდვით, რომ არ მატირო მწარედ, გული არ დამიდაგო (ვაჟა).

 

გულის დადება გულმოდგინედ, მუყაითად მოპყრობა, შეგუება (რისამე). მართლაც ყველაფერი დაივიწყა სონიამ ამ გახიახებული საქმის გამო; სხვას ვეღარაფერს უდებდა გულს, სხვაზე არაფერზე აღარ ფიქრობდა (დ. კლდ.). თეიმურაზი ბუხართან ზის და სამჯერ წაკითხულ ძველ წიგნებს მეოთხეჯერ ათვალიერებს, მაგრამ კითხვას გულს ვერ უდებს (მ. ჯავახ.).

 

გულის დათუთქვა დადარდიანება, დანაღვლიანება, შეწუხება, განცდა რისამე, გულის ტკენა, გულის დადაგვა. (გორაზე) ოდესმე ბრწყინავდა მშვენიერი ეკლესია; ეხლა ნანგრევი, უპატრონო, გაოხრებული, ათას ადგილას დაბზარულის კედლებით მწარედ გულს უთუთქავდა მნახველს (ა. ყაზბ.). მეტადრე გულს უთუთქავდა ბეჟანს ის გარემოება, რომ ტყეებში ირემი სრულიად მოისპო (ე. ნინოშ.).

 

გულის დაკაწვრა იხ. გულის გაკაწვრა. გული სრულიად დამიკაწრა (ვაჟა).

 

გულის დაკოდვა შეწუხება გულის დაწყვეტა, გულის ტკენა. ისინიც, როგორც მე, ბედკრული, შესტრფიან პირიმზეს. ლამაზო პირიმზევ, როგორ შორსა ხარ ჩემზედ, მაგრამ მაინც როგორ მიკოდავ გულსა! (ვაჟა). რამდენ ყმაწვილკაცთა გული დაიკოდა ახლა მოლოდინის გაწბილებით (ბან.).

 

გულის დალევა შეწუხება, მოთმინების დაკარგვა. იმ ცხენის სურვილმა გული დამილია, ძალიან ცხენია (ბან.).

 

გულის დამძიმება შეწუხება, გულის ტკენა. ამას ზედ დაერთო დედის გახსენება, რამაც (სონიას) კიდევ უფრო დაუმძიმა გული (დ. კლდ.).

 

გულის დარდი სატრფოს გულის ვარდი. − ნათლიდედ, გენაცვალოს არსენაი, ურიები რომ მოვლენ, იყიდე რამე და ჩემს მაგიერ ჩემი გულის დარდს მიართვი (მ. ჯავახ.).

 

გულის დარჩენა (სადმე) გულის დაწყვეტა (საიდანმე) წასვლის გამო. ელგუჯა მიდიოდა ლაშქრად, მაგრამ გული კი შინ დარჩენოდა (ა. ყაზბ.).

 

გულის დასერვა წყენა, გულის ტკენა, გულის დაკოდვა. ყოველ სიტყვაზე წამოძახილი „ღმერთი მოგვცემს“-ო, მისი გულმხიარულება და ხალისიანობა, რომელსაც ეს მოხუცებული ქალი არა ჰკარგავდა ამ სისაწყლეში და ღარიბულ ცხოვრებაში, გულს უსერავდა ყმაწვილ ქალს და თითქმის აძულებდა მის თავს (დ. კლდ.). განშორება მისერავს გულსა (ნ. ლორთქ.).

 

გულის დასეტყვა შეწუხება, გულის დაწყვეტა, გულის დაკოდვა. მრავალი წლის მოუსვენრად ხეტიალმა მთელს ევროპაში, ჰიპოხონდრიით სნეული მამის პატრონობამ და დარდმა, ახალგაზრდა თარაშის გულიც დასეტყვა (კ. გამს.).

 

გულის დაღრღნა შეწუხება, მოსვენების მოსპობა. ეს მარტოობა და ობლობა გულზე მძიმე ლოდად დააწვა, სულს უხუთავდა, გულს უღრღნიდა (მ. ჯავახ.).

 

გულის დაცხრომა დამშვიდება. გული მაინც არ დაგვიცხრა, რაღაცას ლამობდა, საითღაც იწევდა. ვერ დავაამეთ და ვერა (ილია). მეორე დღეს დილით ბიჭი ვაფრინე შენს კანტორაში და მომივიდა ამბავი, რომ ახალს ნასყიდს მამულში წასულიყავი. მარტო მაშინ დამიცხრა გული (გ. წერეთ.).

 

გულის დაწვა წყენა, გულის ტკენა, გულის დაწყვეტა; გულის დათუთქვა. საცა კი ლაპარაკი იყო, ყველგან სულგანაბული ვუგდებდი ყურსა, მაგრამ მამულისა ვერა გავიგე-რა. სწორედ ეგა მწვამს გულსა; ყველაფერი თქვეს და ე მამულისა კი კრინტი არ იყო (ს. მგალობ.). ყველას გული გვეწოდა იმისი ცუდი მდგომარეობის გამო, ყველას გვეწადა რამე შველა მიგვეცა (ე. ნინოშ.). რაც იმ გოგომ იტირა, ნადიამ, გული დამეწვა (ა. ბელ.).

 

გულის დაწყვეტა წყენა, შეწუხება, გულის ტკენა. ვაი თუ მეც ისე უგულოდა და აგდებით მიპასუხო რამ, როგორც სხვებს, და მით გული დავწყვიტო (აკაკი). თუკი ძვირფასი ლალი იაფ ფასად იშოვება და მაინც კი ვერ ახერხებ ჩაგდებას, გული დაგწყდება (ე. ნინოშ.). გაფრინდი, გარიელ! მე ძალიან გული დამწყდება, შენ რომ არ მეყოლები, მაგრამ ღმერთმა გაბედნიეროს, თავისუფლებას ვერ წაგართმევ (შ. დად.).

 

გულის დახურვა განცდათა და გრძნობათა გაუმჟღავნებლობა. ოთარაანთ ქვრივი ჰხედავდა, რომ შვილს გუნება ეცვალა, უფრო დაიღვრიმა, უფრო გული დაიხურა, უფრო ჩაიკეტა, უფრო დანაღვლიანდა (ილია).

 

გულის დედოფალი სატრფო, საყვარელი არსება. როცა მადამ კილოსანია ქალაქს მიდიოდა, შარდინი უთუოდ მივლინებას გაიკრავდა, ყვავილებით, ხილით და საუზმით დატვირთული ეახლებოდა თავის გულის დედოფალს (კ. გამს.).

 

გულის დუღილი გამწარება, წუხილი, დარდი, ბოღმის მოწოლა. მე ჩემის ჭირის, ჩემის წუხილის, ჩემის კაცობის გულის დუღილის სიტყვანი გულში მებადებიან, მაგრამ გულშივე უხმოდ ჰკვდებიან (ილია). იმას უდუღდა გული და უდუღდა იმისთვის, რომ თავის ახლეულები არც კი ჰკითხავდნენ იმას, მოსწონდა ნინა თუ არა (ა. ყაზბ.).

 

გულის ვარდი სატრფო, საყვარელი არსება. გულის ვარდსაც მაღალ წყებაში ვეძებდი, ზვიადად მეჭირა თავი (ვ. ბარნ.).

 

გულის იარა იხ. გულის ჭრილობა. თავდგირიძეს გული განუკრთა, გულის იარას არ მიმიგნოსო და პასუხი ჰკადრა (ბან.).

 

გულის კარ(ებ)ის გაღება საიდუმლოს გამჟღავნება, გულის გაღება, გულის გადაშლა; გამხიარულება. (მახარემ) მხოლოდ ახლა გააღო გულის კარი, როცა ოქრომჭედელთან ერთად მიდიოდა სავახშმოდ (შ. არაგვ.). მე უნდა თავის მშობლებსა გულისა კარი გაგიღოთ, ვინც მიყვარს, გითხრათ (ბაჩ.).

 

გულის მილევა დასუსტება, გულის შეწუხება. (მას) ნიადაგ შენი სახელი აკერია პირზე და გზაზე ცქერით გული მიელია და თვალებიც ამიტომ ჩაექცა (მ. ჯავახ.). − რა ცუდადა ვარ, გული მელევა, მამა (გ. ნახუცრ.).

 

გულის მიცემა იხ. გულის მოცემა. ბაყაყებს გული მიეცათ, თანდათან ენა ამოიდგეს, დაიწყეს კუტკუტი (ვაჟა). მიხას გული მიეცა, გამხნევდა და გაიჭიმა (მ. ჯავახ.).

 

გულის მობრუნება წყენის დავიწყება, კვლავ კეთილად განწყობა. ეგრე უჩიოდა ღმერთს სიზმარში ლუარსაბი. მერე ჰნახა, რომ მითამ ღმერთმა მიიღო ეს ჩივილი საბუთად და გული მოიბრუნა ლუარსაბისაკენ (ილია). როცა ინჟინერმა დაწვრილებით შეიტყო მისი (ბახვას) გაჭირვება და დედ-მამის სიკვდილი, ისევ გული მოიბრუნა (გ. წერეთ.).

 

გულის მობჯენა ყელში იხ. გულის ყელში მობჯენა.

 

გულის მოგება (ვისიმე) (ვისიმე) მიმხრობა, გადაბირება; თავის სასარგებლოდ განწყობა (ვისიმე), გულის მონადირება. მოსამართლეებს ომარაშვილის გულის მოგებაც უნდოდათ, ერთ სადილს მაინც გვაჭმევსო (ილია). − რამდენი ვეცადე, მაგრამ წყეული ქალის გული ვერ მოვიგე (გ. წერეთ.). მაგრამ ეხლა რა უნდა ექნა? ვერც იაგოს გული მოიგო და ვერც ნუნუ შეუნახა გირგოლას (ა. ყაზბ.).

 

გულის მოკვლა გამწარება, დაღონება, გულის დაკოდვა, მწარედ გულის ტკენა. − გინდა თუ არა, ერთი იმნაირი რამ მასწავლეო, რომ მეც ისე მოუკლა იმას (დურმიშხანს) გულიო, როგორც იმან მომიკლაო (დ. ჭონქ.). შენი დაფარული ტირილი უფრო მიკლავდა გულს, − უთხრა ქეთევანმა დარიკოს (ე. ნინოშ.).

 

გულის მოლბილება იხ. გულის მოლბობა. საჭირო იყო ზაალის გულის მოგებაც და მაიორის გულის მოლბილებაც (მ. ჯავახ.).

 

გულის მოლბობა დამშვიდება, დაწყნარება, დაშოშმინება; გულის მობრუნება; შებრალება. მოსეს ეგონა, რომ ამ სიტყვებით მოვულბობ გულსაო (ილია). წეღან ზაალმა ბერის სადღეგრძელო უამბო მაიორს და გული მოულბო (მ. ჯავახ.). არზაყანს გული მოულბო ძაბულის ცრემლებმა (კ. გამს.).

 

გულის მოლოკვა მოპირფერება, ტკბილი სიტყვით ვისიმე გულის მოგება. ზაალს ცალკე ვნახავ, გულს მოვულოკავ და საკალმასოდ უწინდელივით კაცს გამოვაყოლებინებ (მ. ჯავახ.).

 

გულის მონადირება (ვისიმე) გადაბირება, მიმხრობა, თავისადმი კეთილად განწყობა, გულის მოგება (ვისიმე). თუ ქალის გულის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო (კ. გამს.). ბიზანტიელნი შეიცვალნენ, უეცრად ისეთი ზრდილობიანნი გახდნენ, ისეთი ალერსიანნი, რომ ცვატას მერყევი გული მოინადირეს (შ. დად.).

 

გულის მოოხება გულის მოჯერება; დარდის, მწუხარების გაქარვება. იტირა კარგა ხანს, გული მოიოხა და გაუდგა გზას (ვაჟა). იური არაყს დაეძალა, კუზმა აღარ უშლიდა, „დეე, გული მოიოხოსო“ − ეუბნებოდა ზორაბაბელს (შ. დად.).

 

გულის მოპოვება (ვისიმე) იხ. გულის მოგება (ვისიმე) (გლეხკაცი) თუმცა იქაური მემკვიდრე არ იყო და რაღაცა შემთხვევას გადმოეგდო იმ ქვეყანაში, მაგრამ ათასის გაძრომა-გამოძრომით მოეპოვებინა იქაური მმართველობის გული და იმათი შემწეობით საკმაოდ გამდიდრებულიყო (ა. ყაზბ.).

 

გულის მოსვლა გაჯავრება, გაბრაზება, წყენა. − მართალია, ეწყინება, გული მოუვა, აი, მე ხომ კაცი ვარ, მეც გული მომივიდოდა (ილია). გოგოს, სანამ (ბიჭი) მოვიდოდეს, გული მოსდის, სად არის ამდენ ხანსო (ნ. ლორთ.).

 

გულის მოფხანა ჯავრის ამოყრით სიამოვნების მიღება, გულის მოოხება. მელმა გული მოიფხანა, ტრედების ჯავრი ამოიყარა: „წეღან ჩემზე რომ იცინოდით, ეხლა მე ვიცინებ თქვენზეო“ − სთქვა დაკმაყოფილებულმა ცხოველმა (ვაჟა). (ტარიელმა) წადილის აუსრულებლობის გამო ნატკენი გული სპირიდონის გალახვით მოიფხანა და ამით გაათავა იმაზე დარდი (ე. ნინოშ.).

 

გულის მოყვანა იხ. გულის მოსვლა. მართალია, ხანდახან გული მოუვიდოდა: „ყველაფერი მათ ნებაზე უნდებიანთ“, მაგრამ ფარავდა თავის გულის მოყვანას (ე. ნინოშ.). ერთმა ყმაწვილმა კაცმა ტარიელს გული მოაყვანინა (ე. ნინოშ.).

 

გულის მოშხამვა გამწარება, დადარდიანება, გულის მოკვლა, გულის ტკენა. ისეთნაირად ააკვნესებდა ჩონგურის სიმებს, რომ რაც უნდა ჯავრით მოშხამული ჰქონოდათ გული, მაინც კი ყურს დაუგდებდით და დაივიწყებდით თავის დარდს (ე. ნინოშ.).

 

გულის მოცემა გამხნევება, გამბედაობის მომატება. კიდევ გული მომეცა და გამხნევებულმა ვუთხარი (ილია). რა რომ სიტყვა „გაიქცნენ“ გაიგონა და დაინახა, რომ იმის სიცოცხლეს აღარავინ ერჩოდა, გული მოეცა, მაგრამ მაინც პირველი იმისი ფიქრი იყო პირადი საქმე (ა. ყაზბ.).

 

გულის მოხარშვა გამწარება, შეწუხება, გულის მოკვლა, გულის მოშხამვა. გაჭირვებამ ფიქრში ჩააგდო, სირცხვილმა გული მოუხარშა და რავარც ეხლა ხედავ, ასე მოაქცია (დ. კლდ.). ამ უკანასკნელმა გარემოებამ სულ მთლად მოხარშა მაინც მელანიას გული. მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა (ე. ნინოშ.).

 

გულის მოჯერება რაიმე მოთხოვნილების, სურვილის დაკმაყოფილება, მოოხებას. ბავშვი ხარბად ეწაფებოდა ძუძუს, მაგრამ ადრე მოიჯერა გული და მოჰყვა ქრისტინეს კალთაში ცელქობას (ე. ნინოშ.). იქ დიდებულად მომზადებული საღამოს საუზმე დაუხვდებოდათ, იქეიფებდნენ და როცა გულს მოიჯერებდნენ სიამოვნებით, ბრუნდებოდნენ ისევ სასახლეში (ს. მგალობ.).

 

გულის მურაზი სატრფო, საყვარელი არსება, გულის ვარდი (მურაზი ნდომა, წადილი, სურვილი). − ეს შენს გული მურაზს გაუმარჯოს (ა. ბელ.).

 

გულის ნადები საიდუმლო სურვილი, ნაფიქრი. ალბათ, თავის აღმატებულებაში რომ იყო დარწმუნებული, იმიტომ არ ეხერხებოდა არც დედასთან და არც დასთან გრძელი ლაპარაკი, არც უყვარდა მათთან თავის გულის ნადების გაზიარება (დ. კლდ.). კარგად იცოდა, რომ მას თითქმის ყველანი კაცთა გულის მესაიდუმლედ სახავდნენ და მის წინაშე ძვირად თუ ვინმე ჰფარავდა გულის ნადებს (შ. დად.).

 

გულის პასუხი სურვილი, გულის ნადები. საამი იჯდა განცვიფრებული და ვერ გამორკვეულიყო, ან როგორ არ გაოცებულიყო, როცა მარჩიელმა მისი გულის პასუხი გაიგო, ის საიდუმლო, რომელიც სტანჯავდა საამს (ვ. ბარნ.). მანა, მე შენ ყველა გულის პასუხს გაგიმხელ, არ მეშინია (ე. ნინოშ.).

 

გულის პოვნა მოსულიერება, მადის გაღვიძება, გუნებაზე მოყვანა (შეუძლოდ მყოფისა). − ბედშავო, რაი მოგივიდა, თავს რაზედ იკლავ? − მიატანა გირგოლამ და გაუშვირა ლიტრით წყალი: − დალიე, გულს გიპოვის (ა. ყაზბ.). − ხორცს მოვხარშავთ, წვენს გავუკეთებთ იაგოს, წვენი კარგია, გულს უპოვნის ავადმყოფს (ა. ყაზბ.).

 

გულის სარკმლის გახსნა იხ. გულის კარ(ებ)ის გაღება. ამ ხუთეულს დუღაბად ვერაფერი ვერ ეპოვა ურთიერთისათვის, გულის სარკმელი ვერ გაეხსნათ და სწორედ იმ დროს, როცა მათი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, სათქმელის მესამედიც კი ვერ ეთქვათ და ერთმანეთს მოსისხლესავით ემალებოდნენ (მ. ჯავახ.).

 

გულის საუნჯე ძვირფასი, სანუკვარი. აი, ძმაო, ეს წიგნი არის ქართველების გულის საუნჯე(ილია).

 

გულის სისხლით (გ)ავსება ბოღმის, დარდის მოწოლა, გაბრაზება. გული სისხლით მევსებოდა, ნაღველა მისივდებოდა (ა. ყაზბ.).

 

გულის სიტყვა სურვილი, გულის ნადები, გულის პასუხი. გახსოვდეს, რომ ხელმწიფება გაქვს მოცემული უფლისაგან, რომელიც გამოიკითხავს საქმეთა შენთა და გამოიძიებს გულის სიტყვათა შენთა (ვ. ბარნ.).

 

გულის სიღრმეში ჩაწვდომა იხ. სულის სიღრმეში ჩაწვდომა.

 

გულის სწორი სატრფო, მიჯნური. „გულის სწორო, ერთის ცილით აგრე როგორ შეიცვალე, რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე? (ნ. ბარათ.).

 

გულის ტკენა წყენა, დანაღვლიანება, შეწუხება, გულის დაწყვეტა. ტყუილად გულს გატკენ, გაგარისხებ და ის რისხვა ისე აგიბამს თვალსა, რომ სხვას შენზე მეტადაც რომ გული სტკიოდეს, ამას ვეღარ დაინახავ და იმის გულის სატკენ სიტყვას მუხანათობაში ჩამოართმევ (ილია). დიდ დამნაშავედა ვგრძნობ ჩემ თავს, რომ გუშინ ისე წინდაუხედავად გატკინეთ გული (აკაკი). არავინ და არაფერი ისე არ ტკენდა მას გულს, როგორც დედისა და არაბიას დატოვება ტირანი მამის ხელში (კ. გამს.).

 

გულის ტკივილი დარდი, მწუხარება. აბდულაჰ რომ დარდს გაიხსენებს და შაქროს რომ გულის ტკივილს შესჩივლებს, ოხვრას მუქარით და აფეთქებით ასრულებს ხოლმე (მ. ჯავახ.).

 

გულის ტოლი იხ. გულის სწორი. ტურფა ქალი ჭაბუკს უყვარს, ქალს კი სხვა ჰყავს გულის ტოლი (ხალხ.).

 

გულის ტრიალი შიში, ღელვა. მთიელს ბევრი სატანჯველი გამოევლო, გულის ტრიალი და მოუსვენრობა ენახა (ა. ყაზბ.).

 

გულის ფიცარზე დაბეჭდვა (რისამე) იხ. გულის ფიცარზე დაჭდევა. მაშინ დედაჩემი იყო I2 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა (აკაკი).

 

გულის ფიცარზე დაჭდევა (რისამე) კარგად, საფუძვლიანად დახსომება, გულზე დაჭედვა (რისამე). ისტორია თავის გულის ფიცარზე იჭდევს მოძრაობას ერისას (ილია).

 

გულის ფხანა იხ. გულის მოფხანა. პირველი სიყვარულის სენმოხდილს სურვილი ნდომად მქონდა გადაქცეული და გრძნობა − გულის ფხანად (აკაკი).

 

გულის ყელზე მოდგომა იხ. გულის ყელში მობჯენა. „ყველა მოგვისპო ამ ადამიანმა! თითონ კი ცხოვრობს განცხრომით! საზოგადოებაც შეტრფის და ტაშს უკრავს!“ აქ კი გული ყელზე მოადგა სპირიდონს და თითქოს უნებლიედ მოუჭირა ხელი რევოლვერს (ე. ნინოშ.)

 

გულის ყელში გაჩრა ტირილის ხასიათზე მოსვლა, გულის ამოჯდომა. „კიდევ ბევრი რამ უნდოდა ეთქვა გულდამწვარს, მაგრამ გული ყელში გაეჩარა და ატირდა (აკაკი). როცა წამოიკვნესა ნაღვლიანი სასოწარკვეთილებით, მე გული ყელში გამეჩარა. გიჟივით წამოვვარდი და მივაშურე ხელზე საკოცნელად (აკაკი).

 

გულის ყელში მობჯენა გაბრაზება, გაჯავრება, სულის შეხუთვა (ბრაზისაგან, ჯავრისაგან), გულზე ცეცხლის მოკიდება. სტკივა გული ლუარსაბსა, ჯავრი მოსდის, გული ყელში მოებჯინა (ილია). ვამეხს თითქო მთელი ომის სიმძიმე ამ წუთში დააწვათ თავს, სულთქმა დაეხუთა, გული ყელში მოებჯინა და სათქმელი „გელოვანი“ კბილებმა შუაზე გადაუჭრა (ბან.).

 

გულის შეგორება (ვინმეზე) იხ. გულის შევარდნა (ვინმეზე). თეკლე ვნახე თუ არა, მასზე გული შემიგორდა (თ. სახ.).

 

გულის შევარდნა (ვინმეზე) მოწონება, შეყვარება (ვისიმე).ერთხელ სადღაც ყური მოვკარ და მას აქეთია იმ ქალზედ შემივარდა გული (ილია). თითქმის ოცდაათი წელიწადია მაგ დედაკაცზედ გული შევარდნილი ჰქონია (სოსია მეწისქვილეს). ჯერ გასათხოვარი ყოფილა, უთხოვნია და დაუწუნიათ (ილია).

 

გულის შეზარვა შეშინება, შეძრწუნება. − ძუღან რა ხმა მოისმა ტაძარში ისეთი, რომ გულნი შეზარა? (შ. დად.).

 

გულის შეკუმშვა შეწუხება, დადარდიანება, გულის ტკენა. ქალები აივანზე შეგროვილიყვნენ და თავიანთ ჯერს ელოდებოდნენ. მათ შორის ნადია არ ჩანდა, „ალბათ სიმონთანაა“, გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა და გული უსიამოვნოდ შეეკუმშა (ა. ბელ.).

 

გულის შემაგრება იხ. გულის გამაგრება. მოკეთეს გული შეუმაგრდება (დ. კლდ.).

 

გულის შემატკივარი გულშემატკივარი, მოკეთე, მზრუნველი. „ნუთუ მისდღეში არა გყოლია მოკეთე, გულის შემატკივარი?!“ (ილია).

 

გულის შეღონება გრძნობის დაკარგვა, გულის შეწუხება, გულს შემოყრა. დოდოს გულში თავის ფიქრისაც შერცხვა და უნაგირზე კინაღამ გული შეუღონდა (შ. დად.). სისულელეებს თავი დაანებე, გინდა გული შეგიღონდეს? (ა. ბელ.).

 

გულის შეცვლა განწყობილების, ხასიათის შეცვლა, დამოკიდებულების შეცვლა (ვისიმე მიმართ); გულის აყრა. ტახტის მემკვიდრეს გული ეცვალა: ქმრობას პირდება მონობის წილად (ნ. ლორთქ.). დათიკომ ჩემზე გული შეიცვალა (ილია).

 

გულის შუწვრილება. იხ. გულის გაწვრილება. − ჰო, რა გინდა, რა გული შემიწვრილე?! (ნ. ლორთქ.).

 

გულის შეწუხება გრძნობის დაკარგვა, გულს შემოყრა. ერთი-ორი დავიკივლე და შემიწუხდა გული (აკაკი). თარაშს ყოველივე განაგონი ჰქონდა ლაშასაგან, თუ როგორ ესროლა ყავარჯენი ნახუცარმა ლუკაიას და მერმე როგორ შეუწუხდა თვითონვე გული (კ. გამს.).

 

გულის ჩათხრობა დადარდიანება და განმარტოება, გულის ჩახვევა. ნოშრევანის დაღვრემილმა სახემ და სიჩუმემ ხომ მთლად გააცოფა ბატონი, ნეტა თუ რამ ჩაუთხრო გული ამ ხალისიან ყმაწვილს, რამ ჩააჩუმა? (ვ. ბარნ.).

 

გულის ჩაწყვეტა ძლიერ შეწუხება, გამწარება (რაიმე მოულოდნელი საწყენი ამბის გამო).

 

თითქოს გული ჩასწყდაო, თითქო წარხდაო თაფლოსთვის ყოველივე ამქვეყნად (შ. დად.).

 

გულის ჩახვევა დარდ-ნაღველის, გულის ნადების გაუმჟღავნებლობა, ჩათხრობა. მარტო რადა სვამ, შვილო? რად ჩაგიხვევია ეს გული? დავიჯერო, ვერავინ იშოვნე? მეც ისე მექცევი, თითქოს აქ არც კი ვიყო (მ. ჯავახ.). მარტოდმარტოდ დარჩენილმა დედაკაცმა გული ჩაიხვია და პირზე კლიტე დაიდო (მ. ჯავახ.).

 

გულის ჩვენება გულღიად მოპყრობა, გულკეთილობის დანახვება. შეხვდებით უცხოს და გაუღიმებ, გაეცნობი, გაუცინებ გულს უჩვენებ, მიენდობი, დაუმეგობრდები შეითვისებ (ვ. ბარნ.).

 

გულის წასვლა გრძნობის დაკარგვა, გულის შეწუხება, გულს შემოყრა. სოსიკა-ბიჭს გული წაუვიდა და გამტკნარებული გაიშხლართა დაბლა (ვაჟა). მას არ შეეძლო დაჭრილი კაცისთვის შეეხედა, მაშინვე გული წაუვიდოდა (ე. ნინოშ.).

 

გულის წაღება შეწუხება, თავის მობეზრება. − მაშ რა ვქნათ, ჩემო გიგო! − მიუგო ვანომ, − სულ უბედურებაზე ლაპარაკმა წაიღო გული და თავი, ხანდისხან ბედნიერებაზედაც უნდა ვთქვათ რამე, თორემ ცუდად არის საქმე (ნ. ლომ.). ამ პარაზიტებმა წაიღეს გული (კ. გამს.).

 

გულის წყლული იხ. გულის ჭრილობა. ამ ამბავმა დაუამა გულის წყლული არზაყანს (კ.გამს.).

 

გულის ჭრილობა დარდ-ნაღველი, გულის ტკივილი. მაგრამ ეჰ, ძამო, მე ამ სიკვდილმა გულის ჭრილობა არ გამიმთელა (ი ლია). როგორც ჩანდა ქალებზე საუბარმა გულის ჭრილობა გაახსენა (მთავარს), ცუდ ხასიათზე დადგა და წასასვლელად ფეხზე წამოდგა (ბან.)

 

გულის ჭუჭყის მობანა საწყენის, უკმაყოფილების მიზეზის დავიწყება. შემდეგ ერთმანეთს გადაეხვივნენ, გულის ჭუჭყი მოიბანეს და წასასვლელად შეემზადნენ (მ. ჯავახ.).

 

გულის ხმა აზრი, ფიქრი, გულის ნაღები. იმ შავი მტრედების ღუღუნით ამცნობდა სამყაროს თავის გულის ხმას ზევსი (ს. გამს.).

 

გულისყურის (ა)დევნება ყურადღების მიქცევა, დაკვირვება. პატარა გულისყური რომ აადევნოს კაცმა (მანქანას), მალე მიხვდება, სად რის ხელის შეწყობა უნდა და მალე გამართავს (ილია).

 

გულისყურის მოკრება ყურადღების მოკრება. გულისყურს მოგიკრებ და უფრო დალაგებით მოგახსენებ (ილია).

 

გულმა რეჩხი უყო შეკრთა, შეცბა, გული შეუტოკდა ალშიბაია მიუხვდა ტატაშ მარშანიას, გულმა რეჩხი უყო, მაგრამ ამის მიუხედავად კვლავინდებურის ქალაჩუნობით კვლავ შესთავაზა თამადობა (კ. გამს.). პირველად რომ გავიგე, მეც შენსავით გულმა რეჩხი მიყო: მერე ჩვენი მამული-მეთქი? (შ. დად.).

 

გულმა უთხრა იფიქრა. − მაშინვე გულმა მითხრა, ჩემი ჯერანის ბედი სწორეთ აგი უნდა იყოს-მეთქი (ე. ნინოშ.).

 

გულს ასკდება ბოღმა, ბრაზი ახრჩობს, გულზე სკდება. ვარ ასე და ვასკდები ჩემს გულს, უნდა ვიმწუხრო, უნდა ვიჟივლო და ვიტირო ჩუმად მაგათ შემხედვარემ (დ. კლდ.).

 

გულს დაკლება წყენა, უკმაყოფილო, გულნაკლული გახდომა. − გვიქენი მოწყალება, გვიშველე რამე და თლათ ჩვენი ოჯახი რომ წაიღო, გულს არ დაგვაკლდება, − უპასუხა ბაბალემ (ე. ნინოშ.). − მე რაღა − გულს უნდა დამაკლდეს მაშა! სამიოდ დღის ნახნავი მქონდა; გვალვამ ამომიგდო სულა, ვარ დაღონებული და დაძმარებული (ნ. ლომ.).

 

გულს ერჩის იხ. გული ერჩის. შენც ღმერთმა შეგარცხვინოს და შენი შეშინებულიც! მობრძანდი და ხელი მომკიდე, თუ გულს გერჩის, და შენს სეირს გაყურებინებ (აკაკი).

 

გულს ესალბუნება (რამე) სიამოვნებას ჰგვრის, გულს უმშვიდებს, გულზე მალამოდ ეცხება (რამე). როდესაც მოახსენეს, რომ ნადიმად არც თამარი მობრძანდებაო, გულს ესალბუნა (შ. დად.). − სამთავროს საზღვარზე გახლავართ და შენთან ხანდაზმულნი განშორებას ვნაღვლობთ, მაგრამ გულს მხოლოდ ის ესალბუნება, რომ მალიად ველით გიხილოთ კვალად (ბან.).

 

გულს იყოლიებს ერთობა, თავს იქცევს, თავს იყოლიებს. ერთადერთი მისი „მეგობარი“, რომელზედაც ის თავის გულს იყოლიებდა, ეს იყო გოჭი (დ. კლდ.).

 

გულს მოფონება დამშვიდება, გულზე მალამოს მოცხება. ამის წინ მაინც გადმოვშლი დიდი ხნის შეგუბებულ ნაღველს და ცოტათი მაინც გულს მოვიფონებ (ჭ. ლომთ.). მასალბუნებელი იყო შაქარასათვის დოდოს სიტყვები, თითქო გულს ეფონებოდა, თითქო წყლული გააყუჩაო, მაგრამ სრულიად მაინც ვერ აკმაყოფილებდა (შ. დად.).

 

გულს მოშვება დამშვიდება, ჯავრის, დარდის გადაყრა, გულს მოფონება. თეიმურაზს თითქო გულს მოეშვა, თითქო რაღაც გაუხარდა (მ. ჯავახ.). სამივე ბატონიშვილს დაეტყოთ, რომ გულს მოეშვათ. გოდერძის აზრი ძვირფასი იყო, მით უფრო გოდერძის პირდაპირობა ყველამ იცოდა (შ. დად.).

 

გულს შემოყრა გრძნობის დაკარგვა, გულის შეწუხება, გულის წასვლა. ზოგს გულს ეყრებოდა, ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ეცემოდნენ ძირს (აკაკი). საწყალი დედა თმაგაწეწილი შემოვარდა და, როცა თავისი შვილები სისხლით გათხუპნულები ნახა, ჩაიკეცა და გულს შემოეყარა (გ. წერეთ.). მე გულს შემომეყარაო და აღარა მახსომს რაო (რ. ერისთ.).

 

გულში ამოჭრა (რისამე) განზრახვა, მტკიცედ გადაწყვეტა, გულში ჩადება (რისამე). სამხედრო სამსახური ამოვიჭერი გულში (აკაკი). ამიერიდან ბახვამ განსაკუთრებით დაუწყო გაზეთებს თვალყურის დევნება, რაკი მამულის ყიდვა გულში ამოიჭრა, „დროებაც“ დაიბარა (გ. წერეთ.).

 

გულში აქვს (რამე) განზრახული აქვს რამე, ფიქრობს (რასმე). − რა ვიცი სადაა? რაღამც იგი ჰქონდათ გულში, ცხენებსაც ქე დამალავდნენ (ე. ნინოშ.).

 

გულში გავლება (რისამე) გაფიქრება, აზრად მოსვლა, განზრახვა (რისამე). ეს ბიჭი თუ გაივლებს ხოლმე გულში დათვის ჯავრის ამოყრას, თორემ სხვა არავინ (ვაჟა). ალბათ, ასეთი სჯობია, − გაივლო გულში და ამთავითვე გადაწყვიტა სხდომაზე კრინტიც არ დაეძრა (ლ. ქიაჩ.).

 

გულში გარბენა (რისამე) გაფიქრება, აზრად მოსვლა, გულში გავლება (რისამე). რა იქნა ხალხის ძალა, სიყვარული? რისი, ან ვისი ბრალია ჩვენი ასე დამხობა? − გაურბინა იმას გულში და მწარედ, მაგრამ გარკვევით, ჩაიცინა (ა. ყაზბ.).

 

გულში გატარება (რისამე) გაფიქრება, განზრახვა, გულში გავლება (რისამე). არც ერთი ჭკვათამყოფელი სომეხი ამას არც იტყვის და არც გულში გაიტარებს (ილია).

 

გულში დამარხვა (რისამე) იხ. გულში ჩამარხვა (რისამე). ეს გულში თქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ არა უთხრა რა (ილია).

 

გულში დაჭრა შეწუხება, გულის ტკენა, გულის დაკოდვა. სოფიო გამხიარულდა, ელენე დაიჭრა გულში (ლ. არდაზ.).

 

გულში თქმა გაფიქრება, აზრად მოსვლა. მოდი ამ კაცს ფულს ვესესხები-მეთქი, ვთქვი ჩემს გულში (თ. სახ.). „ბარემ სოფელმა მომწამლოს თავისი საწამლავით!“ − იტყოდა თავის გულში სპირიდონი (ე. ნინოშ.).

 

გულში ისრის გაყრა გამწარება, გაწამება, დატანჯვა. ამ ყმაწვილს ასეთი ისარი გაჰყროდა გულში, რომ იმისი სიმწარე ყველას დაავიწყებდა (რ. ერისთ.).

 

გულში მოხვედრა (რისამე) განსაკუთრებულად განცდა (რისამე). ეს სიტყვა გულში მომხვდა, მაგრამ თავი შევიმაგრე, რადგან გენერალი ამ საყვედურს მე ვერ დამიმიზნებდა (მ. ჯავახ.).

 

გულში ნადები იხ. გულის ნადები. შევკრიბეთ იმ ღამესვე მეკენჭეები და გადავეცით გულში ნადები (აკაკი).

 

გულში ნათელის ჩადგომა გახარება, დაიმედება, გულის განათება, შვებით ამოსუნთქვა. ქორაფი იცნო ისევ ტრედმა, ტრედს გულში ნათელი ჩაუდგა. იმან დაინახა თავის საყვარელი წყაროც (ვაჟა).

 

გულში საკირე უნთია ძალზე შეწუხებულია, საშინელი დარდ-ვარამი აწუხებს, გულში ცეცხლი უნთია. რა საკირე ენთოთ გულში და რა ცეცხლმა გაიარა! (გ. ლეონ.).

 

გულში ტყვიის ჩადუღება სიმტკიცის, პრინციპულობის გამოჩენა; გაკერპება. ქურდობაზე დაიჭირეს, მაგრამ, რომ იტყვიან, გულში ტყვია ჩაიდუღაო, სწორედ ისე გაკერპდა და მაინც არ გატყდა (თ. სახ.).

 

გულში უდევს (რამე) ფიქრობს, განზრახული აქვს, გულში აქვს (რამე). ლევანტიეს აზრი არ გამართლდა: თინათინს თურმე სულ სხვა რამე ედო გულში (ე. ნინოშ.). შეიძლება ამ ქორწინებით უფრო მალე და უფრო ადვილად შეასრულო ის, რაც, თურმე, ამდენს ხანს გულში გდებია (შ. დად.).

 

გულში უზის (ვინმე) უყვარს (ვინმე). მაგრამ როგორ ჩამოაცალოს, რომ სოვეტნიკს ისე მჭიდროდ გულში უზის? უამისოდ უბრალო ქაღალდსაც ხელს არ აწერს? (ილია). ის რაღაა, რომ იგივე ესაია ეფიცება მინასას, რომ ეხლა ქართველები და სომხები ერთმანეთის სიყვარულით ერთმანეთს გულში უსხედანო (ილია).

 

გულში უძევს (რამე) იხ. გულში უდევს (რამე). − აბა, მოვსულვართ თქვენთან სახვეწრადა, მოვსულვართ და ჯერ ღვთის სახელს ვახსენებთ და მერე იმას გეტყვით, რაც გულში გვიძევს (ა. ყაზბ.). − ვიცი, რაც გიძევს გულში, დათუნავ (მ. ჯავახ.).

 

გულში შენახვა (რისამე) დაფარვა (რისამე); დახსომება, გულში ჩამარხვა (რისამე). საიდან ამოიკითხა ავტორმა ეს ასეთი მკვახეე განსაკითხველი ჩვენის მატიანისა და რა საბუთით ამბობს ყოველს ამას, − ავტორი გულში ინახავს (ილია). კოდალა ნაირ-ნაირ ამბებით შეაქცევდა, მაგრამ ქათმები კი მაინც არ გადაუვარდა მამალს გულიდან; იმათი ხსოვნა ისე ჰქონდა შენახული გულში, როგორც ნაცარწაყრილი ნაკვერჩხალი (ვაჟა).

 

გულში ჩაბეჭდვა (რისამე) საფუძვლიანად, სამუდამოდ დახსომება, გულზე დაჭდევა (რისამე). (იაგოს) გარკვევით ებეჭდებოდა გულში იმისი სახე (ა. ყაზბ.). ერთხელ კიდევ გეტყვი ზოგიერთ რამეს და კარგად ჩაიბეჭდე გულში (ბან.) ამ საღამოდან ბახვა სულ გამოიცვალა. მას ღრმად ჩაებეჭდა გულში ესმას სიყვარული და გადასწყვიტა მისი ცოლად შერთვა (გ. წერეთ.).

 

გულში ჩაგდება (რისამე) იხ. გულში ჩადება (რისამე). არა, შვილო, მაგაზე ფიქრს ნუ ჩეიგდებ გულში, თვარა ვინ იცის, სად არ წაგიყვანს, რას არ გაფიქრებინებს! (დ. კლდ.).

 

გულში ჩადება (რისამე) გაფიქრება, აზრად მოსვლა, განზრახვა (რისამე) (იხ. გულში უდევს). − ხალხო, ამას რას მოვესწარი?! ქართველი ხალხი მუდამ ემორჩილებოდა თავის მეფესა და ბატონს, ახლა კი აშლილხართ და ეურჩებით. სად გაგონილა! როდის ყოფილა! რა ჩაგიდვიათ გულში? (მ. ჯავახ.). ეს მართლა ღვთაება ყოფილა. ჩვენ საიდან ვბედავთ ესეთი ამაყური ზრახვანი გულს ჩავიდოთ! (შ. დად.).

 

გულში ჩავარდნა (ვისიმე, რისამე) მოწონება, შეყვარება (ვისიმე, რისამე). შემდეგ ორიოდე სხვა ვინმეც მომეწონა, მაგრამ ისინიც გულიდან ამოვიყარე, რადგან იმ ორიოდეს მე თვითონაც ვერ ჩავუვარდი ჩემთვის დახშულ გულებში (მ. ჯავახ.) მაგრამ გვანჯ აფაქიძეზე მეტად მის სასიძოს − რაიკომის მდივანს − არლანს ჩაუვარდა გულში არაბია (კ. გამს.).

 

გულში ჩაკენჭება (რისამე) დახსომება, გულში ჩაბეჭდვა (რისამე). ლადოს სიტყვები მას სულის სიღრმეში ჩასწვდა და თუმცა ზოგი რამ ვერც კი გაიგო, მაგრამ არსებითს ჩახვდა და გულში ჩაიკენჭა (გ. ნახუცრ.).

 

გულში ჩამარხვა (რისამე) დაფარვა, გულში შენახვა, გულში ჩახვევა (რისამე). აქ უსიტყვოდ უნდა იტანჯო, რაც დაგემართება, გულში უნდა ჩაიმარხო; ადამიანური თვისება − ბოღმის, დარდის გამოთქმა − უნდა დაივიწყო (ნ. ლორთქ.). შეიცოდა რუსუდანმა და პირველი სათქმელი გულში ჩაიმარხა (შ. დად.).

 

გულში ჩამოხედვა იხ. გულში ჩახედვა. − ყველანი თავის ჭირსა სტირით, შვილო, და ჩემს გულში კი არ ჩამოიხედავთ, საახალწლოდ ვინახავდი კერატს და მაგ ვერანამ არ მომტაცა! (ვაჟა). ისაო, შვილო, რომ ზოგი ჩემს გულშიაც ჩამოიხედე (ილია).

 

გულში ჩასმა (ვისიმე) შეყვარება (ვისიმე), განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან − შენ (ილია).

 

გულში ჩაწვდომა იხ. სულის სიღრმეში ჩაწვდომა.

 

გულში ჩაჭდევა (რისამე) იხ. გულში ჩაბეჭდვა (რისამე). ესენი ან სულ არ იყო ხსენებული, ან თუ იყო, ისე გაკვრით და გზადაგზაობით, რომ გულში არავის არა ჩასჭდევია-რა (ილია).

 

გულში ჩაჭედვა (რისამე) იხ. გულში ჩაბეჭდვა (რისამე). ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და

 

გულწამხდარი, რომ სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი არ ჩაიჭედოს გულში (ილია).

 

გულში ჩახედვა ვისიმე გრძნობა-განცდათა შეტყობა; თანაგრძნობის გაწევა. აბა, ერთი ახლა ჩემს გულშიც ჩაიხედეთ! თქვენ მხოლოდ თქვენი გიკვირთ და სხვისას კი აღარ ჰკითხულობთ! (აკაკი). გულში ჩახედე იმ შენ წუპაკა ქალბატონს, გულში ჩახედე და მაშინ თქვი, მაშინ! (დ. კლდ.). (თეიმურაზს) მოაგონდა მარგოს წეღანდელი დახვედრა, პირის მორიდება, ქვითინი და მწარე საყვედური. მოაგონდა და მიუხვდა ანჩხლობის და ცრემლის მიზეზს. მიუხვდა, ჩაფიქრდა და მარგოს გულში ჩაიხედა (მ. ჯავახ.).

 

გულში ჩახვევა (რისამე) დაფარვა, გულში ჩამარხვა (რისამე); დახსომება (რისამე).

 

დაბეზღებულს აღარა დარჩება-რა ხოლმე იმის მეტი, რომ გულში უნდა ჩაიხვიოს უსამართლოდ გაუპატიურებული, მაგრამ სამართლიანად გაბოროტებული გრძნობა (ილია).

 

მაშ კარგიო, − თქვეს მოურავებმა და ჩაიხვიეს გულში, − ეხლა კი ჩვენ ვიცითო! (აკაკი).

 

გულში ცეცხლის დანთება გაბრაზება, გაჯავრება, გულზე ცეცხლის მოკიდება; აღელვება. ტრედებმა კიდევ სიცილი მიაყარეს. მელმა გასწია, მაგრამ გულში ცეცხლი დაენთო შურისძიებისაგან: თუ თქვენი ჯავრი არა ვჭამო, − ამბობდა მელი თავისთვის, − ცოცხალი აღარ ვიყოვო (ვაჟა). მისი ლამაზი თეთრ-ყირმიზი სახე შავ-თვალ-წარბიანი, გრძელწამწამებიანი გამვლელ-გამომვლელს, განსაკუთრებით ფოთის ნოქრებს, ცეცხლს უნთებდა გულში (გ. წერეთ.).

 

გულში ცეცხლის ტრიალი მწუხარება, მღელვარება, მწარე განცდების გამო ტკივილი. როგორ იქნება, შვილო! გულში რა ცეცხლი უტრიალებს, რას გოუგებ − თვითონ არას ამბობს, რომ უყურო, ვითომ და არაფერიაო (დ. კლდ.). კარგი, ბებერო, დაწყნარდი, ჭკვიანი ადამიანი ხარ და ვერ მიმხვდარხარ, რა ცეცხლი ტრიალებს ჩემ გულში (ვ. ბარნ.).

 

გულში ჯოჯოხეთის ცეცხლის ტრიალი მწუხარება, მღელვარება, მწარე განცდების გამო გულის ტკივილი, გულში ცეცხლის ტრიალი. შუა რუში იდგა წელამდე გატიტვლებული ხოხელა დალაქი, ხელები უკან ჰქონდა გაკრული, იდგა თავშიშველი, ხალხისაგან შეჩვენებული, ადამიანის სახე აღარ ედო, თვალები დაეხუჭა, თავი ჩაექინდრა და გულში ჯოჯოხეთის ცეცხლი უტრიალებდა (ს. მგალობ.).

 

გულხელის დაკრეფა იხ. გულზე ხელ(ებ)ის დაკრეფა. − „ვენახი გახმა, ვენახი“, − განიმეორა, თითქო დაცინვით, ბებერმა. − თქვენ კი გულ-ხელი დაგიკრეფიათ და დაილაჯებით სოფელში (ნ. ლომ.).

 

გუნდრუკის კმევა ხოტბის, ქება-დიდების შესხმა, პირფერობა. (გუნდრუკი ერთ-ერთი ტროპიკული ხის ფისი, რაც საკმევლად იხმარებოდა). ის ჯერ კიდევ სასწავლებელში იყო, რომ ხშირად იგონებდნენ და, რაკიღა გამოვიდა, მაშინ ყველგან და ყველასაგან გუნდრუკი ეკმეოდა, მოხუცებულნი მისი ჭვრეტით სტკბებოდნენ, ახალგაზრდები აღტაცებაში მოდიოდნენ (აკაკი). როგორც ყოველი თავადის ქალი, თამარი ქარაფშუტააო, მეგობარს წარამარა იცვლისო, თუ მუდამ გუნდრუკი არ უკმიე, უთუოდ გულს აგარიდებსო (კ. გამს.). მეჩოთირებოდა ჩინოსან-გვაროსანებისადმი წარამარად გუნდრუკის კმევაც (მ. ჯავახ.).

 

გუნებაში გავლება (რისამე) გაფიქრება, აზრად მოსვლა, გულში გავლება (რისამე). „მე რას ველოდი და რა დამიხვდაო?!“ − გაივლო გუნებაში (აკაკი).

 

გუნებაში დაჯდომა (რისამე) იხ. ჭკუაში დაჯდომა (რისამე). წეღან რასაც ლაპარაკობდა, ის კი არ დამიჯდა გუნებაში (აკაკი).

 

გუნებაში მოსვლა (ვისიმე, რისამე) მოწონება (ვისიმე, რისამე); გაფიქრება, აზრად მოსვლა, გულში ჩადება (რისამე). ეს გოგო გუნებაში მოსვლია (მ. გარიყ.).

 

გუნების განათლება გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა, გულის განათლება. ჩემს დედაკაცს ძლივს გუნება გაუნათლდა (ვაჟა).

 

გუშინდელი ღლაპი სულ ახალგაზრდა, გამოუცდელი. გუშინდელმა ღლაპმა შენი სიტყვა გაიყვანო და ჩემი კი, ამდროული დედაკაცისა, გააბათილო? (შ. არაგვ.).

6

▲back to top


 

დაბალი ღობე სუსტი, უძლური, ადვილად დასაჩაგრავი, აბუჩად ასაგდები (ვინმე). რა დაბალი ღობე მე მიპოვა! უი, უწინამც დღე არ უნდა გაუქრეს ხორეშანსა, რომ მოსე გძელაძემ მოატყუოს! (ილია). ყველგან გლეხია დაჩაგრული. ის დაბალი ღობეა და ყველა ზედ გადადის, ამტვრევს იმას, წიხლავს (ს. მგალობ.).

 

დავთრების არევა დაბნევა, თავგზის აბნევა, გზა-კვალის არევა. ამისთანა პასუხმა დავთრები სულ მთლად ამირია (ილია). არეული აქვს ხალხს გონება, ამ ომმა მაინც სულ აგვირია დავთარი (ა. ბელ.).

 

დავთრების დაკარგვა იხ. დავთრების არევა. ყველაფერი შესაძლებელია იქ, სადაც დავთრები დაკარგულია, სადაც თავი და ბოლო ვეღარავის მიუგნია (ილია). ბრძოლას დავიწყებთ თუ არა, თავს გადავუვლით თათრებსო, მოულოდნელად დაგესხმით, დავაკარგვინებთ დავთრებსო (აკაკი).

 

დავთრების დაფანტვა იხ. დავთრების არევა. ეს რომ მოხდეს, ხომ აირია მონასტერი თ. გ. თუმანოვის ამქრისა, ხომ დაეფანტათ დავთრები და ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნო (ილია).

 

დავთრ(ებ)ის შეშლა. იხ. დავთრების არევა. ამ მაღალ კლასში, ცოტა არ იყოს, დავთარი შემეშალა (აკაკი).

 

დათვური სამსახურის გაწევა სარგებლობის ნაცვლად ზიანის მოტანა. ჩვენ (მას) დათვურ სამსახურს ვუწევთ (ჭ. ლომთ.).

 

დამქაშის დაკვრა დათანხმება, დადასტურება, კვერის დაკვრა. (დამქაში თანამოაზრეს, ამყოლს, მომხრეს ნიშნავს, აღმოსავლურ მუსიკაში კი − ბანის მიმცემს). ნახევარი

 

 თუნგი არაყიც კი მომეტებული არ იქნება, მე და ჩემმა ღმერთმა, მეტადრე ამისთანა ყინვაში! დამქაში დაუკრა გოგიამ რძალს (ე. გაბ.).

 

დამში მოსვლა (საქმისა) საქმის მოგვარება, გათავება. − ვით იქმნება, ჯერ კაცი სათუოზეა, − როგორ თუ სათუოზე. საქმე დამშია მოსული (შ. დად.).

 

დამწვარზე მდუღარის გადასხმა ერთ უბედურებაზე მეორის დამატება. დამწვარზე მდუღარე გადაესხაო, რომ იტყვიან, სწორედ ისე დაემართა ჯერანს (ე. ნინოშ.).

 

დანა კრიჭას არ უხსნის იხ. დანა პირს არ უხსნის. ასლანსაც გარისხებულსა დანა არ უხსნის კრიჭასა (ვაჟა).

 

დანა პირს არ უხსნის გაჯავრებულია, გაბრაზებულია, გულმოსულია, კრიჭაშეკრულია, ხმას ვერ იღებს (ბრაზისაგან). კაც ზვამბაიას მაინც დანა პირს არ უხსნიდა. დაუბრებულსავით მოგვყვებოდა, უკან გვრჩებოდა (კ. გამს.).

 

დანა ყელთან აქვს მიბჯენილი უკიდურეს გაჭირვებაშია, გამოუვალ მდგომარეობაშია. ლექსო,

 

სალდათად წაიყვანეს, მერე რა დროს! მაშინ, როდესაც (ზალიკას) დანა ყელთან ჰქონდა მიბჯენილი (ი. ევდ.).

 

დანას ეხევა გაბრაზებულია, აღშფოთებულია, აღელვებისაგან შფოთავს. − ახლა შენ ის უნდა ბრძანო, რა დიდი შეურაცხყოფილნი არიან მიქიას ძმები, ფაღავები, დანას ეხევიან. როგორ გაბედა და ჩვენს დას დაწუნების სახელი დაადოო (ბან.).

 

დანის ღორის კუდზე გა(და)ტეხა საქმის გათავებისას გაფუჭება. შე კაცო, ღორის კუდზე ნუ-კი გადატეხ დანას! (ა. ბელ.).

 

დანის ყელში დაჭერა უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდება, მეტისმეტად შეწუხება, შევიწროება. ესეც კია, უარი როგორ ვუთხრა? ეხლავ ყელში დანას დამაჭერს, მინამ ჯვარისწერა კიდევ წინ გვიდევს (ილია).

 

დაფნის გვირგვინის დადგმა დიდებით, შარავანდედით შემოსვა. გამოვიწვიე გმირთა აჩრდილი, თავზე დავადგი დაფნის გვირგვინი (ვაჟა).

 

დაღის დასმა კვალის დაჩნევა, ბეჭდის დასმა. ასეთმა ოცნებებმა ილიკოს, ცხადია, თავისებური დაღი დაასვა (ა. ბელ.). საოცრად დიდი, განუქარვებელი დაღი დაასვა ბავშვობის შთაბეჭდილებებმა მთელ მის ხასიათს, ცხოვრებას და აზროვნებასაც (ო. ჩხ.).

 

დედაბუდიანად მოთხრა მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება. გამოდის, რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ, როცა ჩვენს მთელს ერს დედაბუდიანად სთხრიან (ილია).

 

დედამიწამ პირი უყო უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დედამიწამ ჩაყლაპა, მიწამ პირი უყო. ყოველი კუთხე მოჩხრიკეს, ყველა მაღაროსა და ხვრელში ჩაანათეს, გასინჯეს და ყველა გზა-ბილიკი შეჰკრეს, მაგრამ ვერაფერ კვალს ვერ მიაგნეს. თითქო დედამიწამ უყოვო პირი, ან მიწის მგელმა ჩანთქა ქალიო (ვ. ბარნ.).

 

დედამიწას არ ასცილებია ძალიან პატარაა, ტუჩებზე რძე არ შეშრობია. ჯერ დედამიწას არ ასცილებია, ამას ჩადის, რომ გაიზრდება, რა იქნება?! (განმ. ლექს.).

 

დედამიწასთან გასწორება იხ. მიწასთან გასწორება! ბუზადაც აღარ ჩაგვაგდეს, ხალხის თვალში დედამიწასთან გაგვასწორეს (აკაკი). ცხოვრების ღელვისაგან გატაცებული, ის თანდათანობით მიექანებოდა უფსკრულისაკენ და ვერ ატყობდა, რომ მზად იყვნენ დედამიწასთან გაესწორებიათ ურჩი ქმნილება (აკაკი).

 

დედამიწიდან აღგვა მოსპობა, განადგურება, გადაშენება, მიწის პირიდან აღგვა. და ვითარცა ავაზაკნი აღგავა დედამიწიდან, და თვით კი ვითარცა ნადირი ტყისანი ხალხთა ზედა თარეშობს (ბან.).

 

დედამიწის ზურგზე მთელ ქვეყანაზე, მსოფლიოში. წუთისოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამ ბევრი რამ გამოსცვალა დედამიწის ზურგზედ (ილია). − ღმერთო, ღმერთო, რა კაცია ჩვენი მუცელა! მაგაზე მეტი ღვთისნიერი და გლახაკთ მოწყალე რომ არ შეიძლება იყოს კიდევ სხვა დედამიწის ზურგზე! − იძახოდა ხალხი (ვაჟა).

 

დედამიწის ზურგიდან აღგვა მოსპობა, განადგურება, მიწის პირიდან აღგვა. იგი უნდა ჰსცდილობდეს ოჯახი ძირიან-ფესვიანად ამოაგდოს და სამუდამოდ აღგავოს დედამიწის ზურგიდან (ილია).

 

დედის ატირება შავი დღის დაყრა, დამარცხება. ჯერჯერობით იმან გიტირათ დედა და ორივეს კრაზანას ბუდეში გიკრათ თავი (მ. ჯავახ.). დადექ, თორემ დედას გიტირებ (ა. ბელ.).

 

დედის ხსენი არ შეშრობია პატარაა (ასაკით); ტუჩებზე რძე არ შეშრობია. დედის ხსენი ქალს არ შეშრობია და უკვე ხრწნიანო (კ. გამს.).

 

დევი ყურით არ დაუჭერია რაიმე განსაკუთრებით ვაჟკაცური. გასაკვირი არ გაუკეთებია. ბაში-აჩუკი დაუბრუნდა თავის სახლკარობას და აბდუშაჰილიც ჩაესიძა. მართალია, დევი ყურით არ დაუჭერიათ სიძე-ცოლისძმას, მაგრამ ბევრჯერ-კი კარგი სამსახური გაუწიეს იმერეთს თურქებთან ბრძოლის დროს (აკაკი).

 

დევის ნამუხლარი იხ. ირმის ნახტომი. ვიაროთ, დევის ნამუხლარს ჰგავდეს ყოველი ჩვენი გადაბიჯება (გ. ლეონ.).

 

დიდ გულზე ყოფნა უშიშრად, ამაყად ყოფნა. დიდ გულზედ ხარ, ზურგს უკან რომ ლაპარაკობ! ვითომ და ვერ გეიგებს (დ. კლდ.).

 

დიდი გული აქვს ამაყია, მედიდურია, ქედმაღალია; გულმაგრადაა, ხმას არავინ სცემდა, რადგან წესი და ჩვეულება ასეთია: ქალის პატრონს მუდამ დიდი გული აქვს (ვაჟა).

 

დიდი დღე არა აქვს დიდხანს ვერ იარსებებს, ხანმოკლეა, მალე მოეღება ბოლო. დემეტრეს სოფლად ყოფნას დიდი დღედ არა ჰქონდა (ს. მგალობ.).

 

დილის სიოს არ აკარებს განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა, ცივ ნიავს არ აკარებს. მე ჩემს ესმას დილის სიო არ მინდა მივაკარო და შუადღის სიცხე; თავადიშვილის ოჯახში მინდა ის გავადედოფლო, და ეს დედამისი რას როშავს, უნდა ნემსითა და ლიანდაგებით ხელები დაუჩხვლიტოს (გ. წერეთ.).

 

დო(ვ)რანის დაცემა ბედში ჩავარდნა, ბამფდრება. (დორანი, დოვრანი მყუდრო ადგილი წყალში, სადაც თევზები იყრიან თავს). ვერ წარმოიდგენ, ქვეყანას რა დოვრანი დასცემია, რა იღბალი ჰქონია (ილია).

 

დრო იხელთა ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა. მოხელეებმა და აფიცრებმა დრო იხელთეს და ტფილისისაკენ გამოეშურნენ (მ. ჯავახ.).

 

დროს გატარება გართობა, ქეიფი, ლხინი. ახალგაზრდები დროს ატარებდნენ (განმ. ლექს.). რა გაზაფხულდა, ბაღი აღარ დარჩა, რომ იქ დრო არ გაეტარებინა (რ. ერისთ.).

 

დროს მოკვლა საქმის უქონლობის დროს როგორმ გართობა და დროის ისე გატარება. ბედიანი და ემუხვარი დიდი მუხის ქვეშ მსხდომარენი კრIიალოსნების მარცვლით დროს ჰკლავდნენ (ბან). − ეჰ, ჩავალ, სულ ერთია, სადილობამდე დრო ხომ უნდა მოვკლა როგორმე (გ. ნახუცრ.).

 

დროს მოჭმა არსებობის დროს დასრულება, ცხოვრების გზის ბოლომდე გავლა; დაბერება, დაძველება, თანამედროვეობისათვის შეუფერებელი გახდომა. თავადაზნაურობამ, როგორც წოდებამ, როგორც ცალკე კრებულმა, დიდი ხანია თავისი დრო მოიჭამა (ილია). მე ჩემი დრო, ავად იყო თუ კარგად, მოვჭამე, ცალი ფეხი სამარეში მიდგია (ე. ნინოშ.).

 

დუღს და გადმოდის უხვადაა, ბლომად არის (ქონება სიკეთე), სიცოცხლით სავსეა (ცხოვრება). ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა თავადი ესტატეს ოჯახი ფუფუნებდა, სდუღდა და გადმოდიოდა „იოსებ პაატიჩის“, ბოროტ სოსიკას ოჯახიც (ს. მგალობ.).

 

დუღს და გადმოდუღს იხ. დუღს და გადმოდის. ჩვენი ცხოვრება დუღს და გადმოდუღსო (ილია).

 

დუშაშის მოსვლა ბედნიერი შემთხვევის გამო უცაბედად წარმატების მიღწევა. (ნიკოს) ეგ ერთი დუშაში მოუვიდა და ისიც ჩემი მიზეზით (აკაკი). − ჰო, ვერ მოგვივიდა დუშაში განა? ჩვენ ეგრე გვინდა! (ა. ცაგარ.).

 

დღე და ღამის გაერთიანება იხ. დღე და ღამის გასწორება. დღე და ღამე გაერთიანებული მქონდა, ისე მონდომებით ვსწავლობდი (აკაკი).

 

დღე და ღამის გასწორება ძალიან ბევრი, გამუდმებული შრომა (დღეცა და ღამეც). დღე და ღამე გასწორებული ჰქონდა, მაგრამ, რადგანაც თითო საქმეს ბევრს დროს ვერ ახმარდა, ბარაქა ვერც ერთს ვერ დაატანა (აკაკი).

 

დღეები დათვლილია (ვისიმე, რისამე) (ვისამე, რისამე) აღსასრული მოახლოებულია, მალე მოკვდება, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ვინმე). თვითონ საცოდავ დედაკაცსაც გულმა შეუტყო, რომ დღენი მისნი დათვლილია (ილია). ეხლა, როცა ჩემი დღენი დათვლილია, არ მინდა შენი შველა, უშენოდაც მოვკვდები (შ. არაგვ.).

 

დღე-ღამის გასწორება იხ. დღე და ღამის გასწორება. იშრომოს, ისწავლოს, დღე-ღამე გაასწოროს, იმრავლოს და მოღონივრდეს (მ. ჯავახ.).

 

დღითი დღე განუწყვეტლივ, თანდათანობით, სულ უფრო მეტად. დღიდან გადასახადი დღითი დღე ემატებოდა (ე. ნინოშ.). გაიოზს დღითი დღე ბოღმა უდუღდა გულში (გ. ნახუცრ.).

 

დღის გაქრობა სიკვდილი, დღის დაბნელება, მზის გაქრობა. რა დაბალი ღობე მე მიპოვა! უი, უწინამც დღე არ უნდა გაუქრეს ხორეშანსა, რომ მოსე გძელაძემ მოატყუოს! (ილია). რაო? მე განა მაგათი ამხანაგი ვარ, რომ მაგათ რიგში ჩავდგე, მაგ კახურ ღორებშია. უწინამც დღე გამქრობია (ილია).

 

დღის გაშავება იხ. მზის გაშავება. ჩემი გულისათვის გაიშავეს დღე (ა. ყაზბ.).

 

დღის დაბნელება სიკვდილი, სიცოცხლეს გამოსალმება; გამწარება. შენ, შენ შეგიყვარო! შენ, რომელმაც დაღუპე, ცოცხალი მიწაში დამარხე იაგო? შენ, რომელმაც უღმერთოდ დამიბნელე დღე? შენ, რომელმაც იმედი გადამიწყვიტე ყოველ სიხარულზედ (ა. ყაზბ.).

 

დღის დალევა სიკვდილი. − ეგ მეც ვიცი, უწინ დღე დამელიოს, სანამ მე იმისი აშიკობა მივიღო, მაგრამ მემრე რა ვქნა? (დ. ჭონქ.). უწინამც დღე დაელიოს ნინოს, რომ შენს მეტს წაჰყვეს ვისმე! (რ. ერისთ.).

 

დღის მოსწრაფება (ვისიმე) სიცოცხლის შემოკლება, სიკვდილის მოახლოება, სიცოცხლეს გამოსალმება. ვის რას ართმევდა ვის რას აკლებდა, ვის რას უშავებდა, რომ აგრე ადრე და მალე დღე მოუსწრაფეო და სიცოცხლე მოუჭარბელს ადამიანს ჩემის ხელითვე შავს მიწაში მამარხვინებო (ილია). რუსმა დიდი ხალხი მოყარა და დღეს მოუსწრაფებს მტერსაო (ვ. ბარნ.).

 

დღის სინათლეზე გამოტანა გამომჟღავნება, გამოაშკარავება, მხილება (რაიმე დაფარული ამბისა). მათ შორის ატეხილი დავა დღის სინათლეზე გამოიტანეს (თ. სახ.).

 

დღის წესრიგი კრებაზე განსახილველი საკითხები. − ამხანაგების დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი: საწარმოო გეგმის შესრულების განხილვა (ა. ბელ.).

7

▲back to top


 

ეზოს ატალახ(იან)ება იხ. კარის ატალახიანება.

 

ეკალ-ბარდში გახლართვა გამოუვალ, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნა, ბადეში გაბმა. (დოდოს) შეებრალა კიდეც უტანდარი, რომ ესეთ უიმედო ეკალ-ბარდში იხლართებოდა: აქედან რა სიკეთე უნდა გამოვიდესო (შ. დად.).

 

ეკლებზე ზის მოუსვენრადაა, მოთმინება არ ჰყოფნის. როცა კი დაინახავდა, რომ ერთს ორი ან სამი სცემდა, (ჩალხო) მოსვენებას კარგავდა და როგორც თვითონ იტყოდა, მაშინ „ეკლებზე იჯდა“ (ვაჟა).

 

ეკლიანი გზა გაჭირვება, ცხოვრების ძნელი გზა. სიღარიბეს წინ ეკლიანი გზა უდევს (ილია). ხელოვნების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ბეჩავ ადამიანს ეკლიანი გზის გავლა გაუადვილოს, რომელიც დედის მუცელში იწყება და სასაფლაოზე თავდება (მ. ჯავახ.).

 

ეკლის გვირგვინის დადგმა დატანჯვა, წამება. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მინიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზე (ილია).

 

ელეთმელეთის მოსვლა შეშინება, თავზარის დაცემა; ძალზე გახარება, სიხარულისაგან, სიამოვნებისაგან დაბნედა. ტყავიანი კაცი რომ დაინახოს (ქაჯანამ), სულ ელეთმელეთი მოსდის ხოლმე (ნ. ლომ.). ხელმწიფეს უფიქრია, ქვიშაზე უმრავლესია ე თავადაზნაურობაო, ყმები რო ჩამოვართვა, დამესევიან და სულ შემჭამენო; მოდი არც მწვადს დავწვავ, არც შამფურსაო. თითო სულზე ფული გადაუწყვეტია; ფულს რო დავპირდებიო, სულ ელეთმელეთი მოუვათო (ს. მგალობ.). შეჩერდება მოქალაქე, მოსდის ელეთმელეთი, ფიქრობს, ალბათ ღვინის სუნით სუნთქავს მთელი ხმელეთი (ი. ნონეშ.).

 

ენა მხარზე აქვს გადაკიდებული ბევრი ლაპარაკი იცის, ლაქლაქაა, ენატარტალაა.

 

ენა უსწრებს ზედმეტს, უადგილოდ, დაუფიქრებლას ლაპარაკობს, ენა წინ უსწრებს.

 

ენა უჭრის კარგი, მოხერხებული, მახვილგონივრული ლაპარაკი იცის, ენამახვილია. ახლა იმდენად არც ენა მიჭრის და, თუნდაც ენა მიჭრიდეს, აღარც ის გრძნობა ექნება, რომ მოგიყვე (შ. არაგვ.).

 

ენა წინ უსწრებს იხ. ენა უსწრებს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ იმათ, ვისაც ენა წინ უსწრებს (ილია).

 

ენად გადაქცევა ბევრი, გაუთავებელი ლაპარაკის, ყბედობის დაწყება. − კარგი, კარგი, ენათ ნუ გადაიქცევი. ეხლავ შევასწორებ და ისე გავხდი, თითქოს სულ სხვა დოკუმენტები იყოს (გ. წერეთ.).

 

ენად გაკრეფა ბევრი ლაპარაკი (მეტიჩრულად). ბავშვი ენად გაიკრიფა (განმ. ლექს). მუდამ მოტიტინესა და ენად გაკრეფილ ლიდიას დღეს ხმის ამოსაღებად სიტყვა ვერ ეპოვა (ა. ყაზბ.).

 

ენაზე ადგას იცის და ვერ მოუგონებია (სიტყვა, სახელი). შენი სახელი ენაზე მადგია, გულს მაწვება წარმოსათქმელად (ნ. ლორთქ.).

 

ენაზე აკერია (ვინმე, რამე) წარამარა ახსენებს (ვინმეს, რამეს), მუდმივად ლაპარაკობს (ვინმეზე, რამეზე), პირზე აკერია (ვინმე, რამე). იმ დროს მასთაზ ლაპარაკი სწორედ სასიამოვნო იყო. იმას მუდამ ენაზე ეკერა საზოგადოებისათვის თავგანწირულება, იმის გულისათვის დაუღალავი შრომა (გ. წერეთ.). არლოვი გაბადრული იყო და „გამოქცეულ ლაჩართა“ დასატუქსავი სიტყვებიც ენაზე ეკერა (მ. ჯავახ.).

 

ენაზე არ დაადგება (რამე) უთქმელად არ დატოვებს (რამეს), წამოსცდება (რამე). ვიცი ენაზე არა დაგადგება რა (გ. წერეთ.). იცის თუ არა ამ თავზარაულმა მამის სიკვდილის ნამდვილი ამბავი? უამბო რუსიკომ თუ დაუმალა? − და გადავჭერი − რა თქმა უნდა, უამბობდა, ქალია, ენაზე რა დაადგება! (მ. ჯავახ.).

 

ენაზე არაფერი დაამაგრდება უთქმელად არაფერს დატოვებს, ყველაფერს იტყვის. გვადის კი ენაზე რა დაამაგრდება! (ლ. ქიაჩ.).

 

ენაზე დახვევა (რისამე) მუდმივ სალაპარაკო საგნად გახდა (რისამე). კრება სიხარულით დაიხვევს ენაზე მაგ კომისიას (ილია). მარტო გრიგოლმა მიუგო პასუხი: ენაზე პაპუნა ორბელიანის მატიანე დაიხვია და აღარ მოეშვა (მ. ჯავახ.).

 

ენაზე კბენა წამოცდენილი ნათქვამის მონანიება და უცებ გაჩუმება, თითზე კბენა, ენის მოკვნეტა. − ვეჟო, − წამოიძახა უცებ ზაალმა, − ვეჟო, ალბათ გაუგეს ერმალას, რომ ის დეკემბრელების დახმარებით ახალ სამეფოს დაარსებას აპირებდა სადღაც აქეთ. − და ხელით შემოხაზა ჰაერი. შემოხაზა და ენაზე იკბინა, რადგან ენამორღვეულ მასპინძელს ყველანი გაოცებით და შიშით დააშტერდნენ (მ. ჯავახ.).

 

ენაზე კბილის დადგმა გაჩუმება, ხმის გაკმენდა. ტურებო, ჩხავანებო, ყური მიეცით სმენასა. თქვენაც წამოდით, მხოლოდ კი კბილი დაადგით ენასა! (ვაჟა). რაინდიძემ ენაზე კბილი დაიდგა (ლ. არდაზ.).

 

ენაზე კბილის დაჭერა იხ. ენაზე კბილის დადგმა.

 

ენაზე უტრიალებს (ვინმე, რამე) ხშირად ახსენებს, მუდამ ახსოვს, ენაზე აკერია (ვინმე, რამე). დიდსა და პატარას იმ დროს გურიაში ჰასანბეგი უტრიალებდა ენაზე და ასხმიდენ ქებას (ე. ნინოშ.). მე და დათიკოს ჩვენი ხელახლად დაკარგული ბიძაშვილის სახელი ენაზე გვიტრიალებდა (მ. ჯავახ.).

 

ენამ უყივლა წინასწარ თქვა ის, რაც შემდეგ შესაძლოა ახდეს. მუდამ ვეუბნებოდი, ყაჩაღი გამოხვალ-მეთქი და თურმე ენამ არ მიყივლა! (მ. ჯავახ.). − გაჩუმდი, სისულელეს ნუ ლაპარაკობ, − შეჰკივლა მარიამმა ქმარს. − ენამ არ გიყივლოს, შე სასიკვდილე (ა. ბელ.).

 

ენას ილესავს ბევრი ლაპარაკისთვის, ყბედობისთვის ემზადება. (ქართველები) მთელს წელიწადს ხმაგაკმენდილნი, ამ დროს კბილსა და ენას ილესავენ და რაც მთელს წელიწადს დაჰკლებიათ, გაზაფხულის მოკლე ხანში ლაპარაკით და ბაასით უნდა შეისრულონ (ილია). სოფლის ხუმარებმა იმ საფრთხობელას თეიმურაზ ხევისთავი დაარქვეს და მასზე ენებს ილესავდნენ (მ. ჯავახ.).

 

ენას იწვავს ცხარობს, ჯავრობს, გაცხარებით ლაპარაკობს, პირს იწვავს. − არა, ბატონო! ცუდი ნიშანიაო − იწვავდა ენას კოპწია ცოლი (აკაკი).

 

ენას უკიდებს ბორძიკით ლაპარაკობს; ენაბლუა, ენაბორძიკაა. თუმცა (თეიმურაზი) ლაპარაკში ოდნავ ენას უკიდებდა, მაგრამ ბორძიკი არაფერს არ ჰვნებდა, ზოგის თქმით კი უხდებოდა კიდევაც (მ. ჯავახ.).

 

ენით ნაკვერცხალს იღებს ავია, კაპასია, ნერვიულია.

 

ენით ჯარის დატრიალება ბევრი ტყუილის თქმა, ლაქლაქი, ყბედობა. ერთს კიდევ ესე პატიოსანი დედაბრები დაატრიალებდნენ ენით ჯარასა, ერთს კიდევ გამოაცხობდნენ ცოცხალ-ცოცხალ ტყუილებს (ილია).

 

ენის ადგმა იხ. ენის ამოდგმა. გუდა გადმოდგა, ენა აიდგა, ჩუმად ტანჯვისა დაიწყო გმინვა ვაჟა).

 

ენის ამოგნება ალაპარაკება, ენის ამოდგმა, ხმის ამოღება. (გმირისეულს) ენა დაება, სიმუნჯე დაემართა და რამდენიმე საათს ენის ამოგნება არ ძალედვა (ს. მგალობ.).

 

ენის ამოდგმა ლაპარაკის დაწყება, ამეტყველება; ხმის ამოღება, ენის დაძვრა. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც (აკაკი). დღევანდლამდის გონზედ ვერ მოვიყვანეთ, დღეს ძლივს ენა ამოვადგმევინეთი (რ. ერისთ.). აინთო ცეცხლები, გაისმა ხმაურობა, ყიჟინა და გაჩუმებულს ადგილებს თითქოს ერთბაშად გამოეღვიძა და ერთბაშად ენა ამოიდგა (ა. ყაზბ.).

 

ენის ამოღება ხმის ამოღება, რისამე თქმა, კრინტის დაძვრა. „ეგდე! არ ამეიღო ენა, თვარა!“ − დაუყვირებდა ჯერამ ამ ხვეწნის პასუხად (ე. ნინოშ.).

 

ენის აყოლა (ვისიმე) ნათქვამის, ჭორის დაჯერება. მტრის ენას აჰყოლიხართ (რ. ერისთ.). ენის გაბრტყელება ზედმეტი, გაუთავებელი ლაპარაკი, ლაქლაქც. მაგრამ რაც უნდა ენა აბრტყელოს, სულ ერთია, არავინ დაუჯერებს (განმ. ლექს.).

 

ენის გაგრძელება ბევრი, ზედმეტი ლაპარაკი, ყბედობა, ენის გაბრტყელება. მიეთრია ბიცოლაი, გააგრძელა ენა, − ამისთანაო, იმისთანაიაო, წაათრია ანაი, მოატყუა და გამოუშვა (ე. ნინოშ.).

 

ენის გატეხა  ლაპარაკში გაწაფვა, სიტყვათა და წინადადებათა სწორად წარმოთქმის შეჩვევა.

 

რუსულში ენას იტეხს (განმ. ლექს.).

 

ენის დაბმა გაჩუმება, დამუნჯება, ხმის ვერ ამოდება, ენის ჩავარდნა; ენის აბორძიკება. შევიდა თუ არა შინ, ბახვას ენა დაება, ვერა თქვა-რა და კალთაში ჩაუვარდა დედას (გ. წერეთ.). ბიჭი პირველად შეშინდა, ენა დაება და ხმა ვეღარ ამოიღო (ე. ნინოშ.). ბორჩალოელ თათარს ენა დაება, ტუჩები აუცახცახდა, კისერი მოედრიკა (მ. ჯავახ.).

 

ენის დამოკლება ლაპარაკის მოკლება, შედარებით ცოტა ლაპარაკი; გაჩუმება. აბაშიძის ქალო, ენა დაიმოკლე, თორემ, ხომ იცი, დროც ჩემ ხელთ არის და გასავალიცო (აკაკი). − ენა დაიმოკლე, თორემ ხომ იცი, თავხედების ლაგამი როგორი ვიცი (ბან.).

 

ენის დატკბობა ტკბილად ლაპარაკის დაწყება, ენის დაშაქვრა. (ანჯიქომ) ენა დაიტყბო და მოახსენა: ტანისამოსი გაუცვთა? ახალს ვუყიდი! (ს. შანშ.).

 

ენის დაშაქვრა ტკბილად, ვისიმე საამებლად ლაპარაკის დაწყება, ენის დატკბობა, პირის დაშაქვრა. მოურავო, შენ ენა და პირი დაიშაქრე და მე მომეხმარე! − დაიწყო გმირისეულმა (ს. მგალობ.).

 

ენის დაძვრა ხმის ამოღება, კრინტის დაძვრა, რისამე თქმა. აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: „კაცნო, რას მიჰქარავთ“ (ილია).

 

(ქრისტინე) ისე გაბრუებული იყო რაღაც ფიქრებით, რომ მთელი გზის განმავლობაში  ორჯერ არ დაუძრავს ენა (ე. ნინოშ.).

 

ენის ზიდვა დასმენა, ენის მიტანა.

 

ენის მიტანა დასმენა, დაბეზღება, ენის ზიდვა. იხილეთ მისი სხვასხვა ამბები, რომლებსაც სიზმარში ხედავს და თუ სიზმარმა უღალატა, თვითონ მოაჭორებს და ენას მოუტანს „ცისკრის“ რედაქციას (ილია). შარდინ ალშიბაიამ ენა მოუტანა: მღვდელი ამრეზილიაო შენზე (კ. გამს.).

 

ენის მიტან-მოტანა იხ. ენის მიტანა. ენის მიტან-მოტანა რა საძაგლობა რამ არის (აკაკი). ენის მობრუნება რისამე თქმა, ხმის ამოღება, კრინტის დაძვრა. − რეიზა ჩამოდით ამ ღამე, რა ამბავია? − ძლივს მოიბრუნა ენა ოქრუამ (ე. ნინოშ.). არზაყანს ენის მობრუნებაც ეზარებოდა თამარის გვერდით მოარულს (ა. გამს.).

 

ენის მოთაფვლა ტკბილად დაწყება ლაპარაკისა, ენის დაშაქვრა. სადილად დამპატიჟა, საუბარი შორიდან დავიწყეთ. ძველი შხამი დავივიწყეთ და ენები მოვითაფლეთ (მ. ჯავახ.).

 

ენის მოკვნეტა გაჩუმება, უცებ საუბრის შეწყვეტა, ხმის ჩაწყვეტა. ეს რა მესმის, გლეხთან ენა მოიკვნიტეო, მაშ ჩვენ რაღა ვყოფილვართ! (ილია). − ქმარს მაინც მიჰხედეთ. − ვუთხარი და უმალვე ენა მოვიკვინიტე: ვაჟს რომ მამა ჰყოლოდა, დასაფლავებას დაესწრებოდა, დავინახავდი (მ. ჯავახ.).

 

ენის მოფხანა ლაპარაკით გულის მოჯერება. იყბედონ და ენა მოიფხანონ (მ. ჯავახ.).

 

ენის მუცელში ჩავარდნა გაჩუმება, დადუმება, ენის დაბმა, ხმის ჩაწყვეტა (შიშის, აღელვების გამო), ენის ჩავარდნა. მაშინვე შიშით ფერი ეცვლება და რაც გინდ მართალი იყოს, ენა მუცელში ჩაუვარდება, − რა ღმერთი გამწყრომიაო (ილია) „არწივი!“ „არწივი!“ გაისმა ხმა: „მეფე მობრძანდებაო!“ ერთბაშად ყველას ჩაუვარდათ მუცელში ენა, ხმის ამოღებას ვეღარ ჰბედავდნენ ყველანი ცახცახმა, კანკალმა აიტანა (ვაჟა). ქალი კარებს აეტუზა, მეც ენა მუცელში ჩამივარდა (შ. არაგვ.).

 

ენის პირში ჩავარდნა გაჩუმება, ხმის ჩაწყვეტა (შიშის, აღელვების გამო), ენის მუცელში ჩავარდნა. − მაშადი იზათ, − დავიწყე ათრთოლებული ხმით და გავჩუმდი. ენა პირში ჩამივარდა, სიტყვა ვეღარ ვიპოვნე. ან რას ვიტყოდი? რა უნდა მეთქვა? (მ. ჯავახ.).

 

ენის ქავილი ლაპარაკის, ყბედობის ხასიათზე ყოფნა. ამ ვაჟბატონებს სალაპარაკოდ ენა კი ექავებათ და რას ამბობენ და რას არა, ამისა კი არა გაეგებათ რა (ილია). თეიმურაზს ხელმეორედ აუვარდა ენის ქავილი და ლაყბობის მუნი (მ. ჯავახ.).

 

ენის შებრუნება პასუხის გაცემა, სიტყვის შებრუნება. თამარს არასდროს ენა არ შეუბრუნებია მამისთვის (კ. გამს.).

 

ენის ჩაგდება იხ. ენის ჩავარდნა. ბექირბი ჩაჩბასთვის ენა ჩაეგდო კუზმა-მრისხანის სასტიკ სანახაობას, რომელსაც მასზე ზებუნებრივი რამ მოვლენასავით ემოქმედნა (ლ. ქიაჩ.). ხალხს სიკვდილით და დარბევით რომ დააშინებ, მერე ის ენას ჩაიგდებს, დაგლახაკდება და ყოველ უღმერთო და უნამუსო დასაქმებაზე უკანდაუხევად მიდის (ბან.).

 

ენის ჩავარდნა გაჩუმება, ენის დაბმა, ხმის ჩაწყვეტა (შიშის, აღელვების გამო), ენის მუცელში ჩავარდნა. მოდი და ეშმაკის ხსენებაზედ შიშისაგან ენა ნუ ჩაუვარდებათ (ილია). ბატონო, გლეხი ქალი ცხვარია, რო დაგინახავს, სულ ცახცახს დაიწყებს, ენა ჩაუვარდება (ს. მგალობ).

 

ენის ჩაწყვეტა გაჩუმება, დადუმება, ხმის გაკმენდა. რადგანაც მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, არც ჩვენ ჩავიწყვეტთ ენას (ილია). − ისე გველსავით გარისინდება და ჩაიწყვეტს ენას, რომ გულზე ცეცხლი მოგეკიდება კაცს! (ე. ნინოშ.).

 

ენის წაგდება ზედმეტი და თავხედური ლაპარაკის დაწყება.

 

ენის წაგრძელება იხ. ენის გაგრძელება. სტუდენტების ენის წაგრძელება მოსვენებას არ მაძლევდა (აკაკი).

 

ენის წვერზე ადგას (რამე) იცის, საცაა მოაგონდება, მაგრამ ჯერ ვერ მოუგონებია, ენაზე ადგას (რამე); (რისამე) თქმას აპირებს, სათქმელად მზად არის. იცი, დათიკო, ვეღარ მამიგონია, რა ერქვა მაშინ ქეთეთოს, თუმცა ენის წვერზე მადგას ეს სახელი (ვ. ბარნ.). რაღაც სახუმრო ადგა ენის წვერზე ზანქანისათვის, მაგრამ თავი შეიმაგრა და არა უთხრა-რა (შ. დად.).

 

 ენუქას ანდერძი ცრუ დაპირება.

 

ერთ ამბავშია ცელქობს, ძალზე ხმაურობს, რას არ აკეთებს. თოვლი მოვიდა და ეზოში ბავშვები ერთ ამბავში არიან (ილია).

 

ერთ დარჯაკში გატარება იხ. ერთ ტაფაში მოქცევა. სხვადასხვა ბუნებით და ნიჭით შემკულ ადამიანს აღზრდაც სხვადასხვანაირი უნდა, თავისებური; ჩვენ კი ერთს დარჯაკში ვატარებთ ყველას (ვ. ბარნ.).

 

ერთ მაფრაშაში მოქცევა იხ. ერთ ტაფაში მოქცევა. (მაფრაშა ფარდაგისებრი ქსოვილის განიერი ოთხკუთხა ტომარა). განა ყველა დამფუძნებელი − ვალის ამღებიც არის, რომ ერთობ ერთს მაფრაშაში მოაქცია ვალის ამღები და დამფუძნებელი? (ილია).

 

ერთ პირზე დგომა შეთანხმებულად მოქმედება. ჩვენ ყოჩაღად ვართ, ერთ პირზე ვდგევართ, საერთოდ და განუყოფლად გვსურს ვიმოქმედოთ (ილია).

 

ერთ ტაფაში მოქცევა ერთნაირად, ერთი საზომით მიდგომა ყველას მიმართ. სივილას ძალიან მოეწონა ეს სხარტი შედარება და ყოველ მევალეს, პირიანს და უპირულს, ყველას ერთს ტაფაში აქცევდა, ყველას მომჩივან ჩარჩების თვალებით დაუწყო ცქერა (გ. წერეთ.).

 

ერთ ტაფაში წვა ერთნაირ მდგომარეობაში, ერთნაირ გასაჭირში ყოფნა, ერთ ბედს ქვეშ ყოფნა. მაშინ მივხვდით, რომ ყველანი ერთ ტაფაში ვიწვებოდით (ილია). ჩვენ ყველანი ერთ ტაფაში ვიწვით (ს. მგალობ.).

 

ერთ უღელში შებმა შეუღლება. ოცი წელიწადია თურმე, რაც ლუარსაბი და დარეჯანი ერთ უღელში შებმულან და ერთს ბედის კალთას ქვეშ ამოფარებულან (ილია).

 

ერთ ყურში შეუშვა და. მეორიდან გაუშვა ნათქამს ყურადღება არ მიაქცია, ანგარიში არ გაუწია, არად ჩააგდო. უბრალო კაცის სიტყვა ხომ არ არის, რომ ერთ ყურში შეუშვა და მეორიდან გაუშვა (ილია).

 

ერთ წერტილზე გაყინვა მოძრაობის, წინსვლა-განვითარების შეჩერება. აი, კაცი, რომელიც ერთ წერტილზე გაიყინა (შ. დად.).

 

ერთი ადგილის ტკეპნა ერთსა და იმავე დონეზე ყოფნა, წინსვლა-განვითარების შეწყვეტა, ერთისა და იმავეს გამეორება.

 

ერთი-ალთას, მეორე-ბალთას არევ-დარეულობაა, ერთმანეთის საწინააღმდეგოდ, შეუთანხმებლად მოქმედებენ. (ა. შანიძის ვარაუდით, ალთა, შესაძლოა, ამჟამად გადაშენებულ კავკასიის ალბალთა მეორე (ან უკანასკნელი) ასოსი. თუ ეს ასეა, მაშინ, ცხადია, ალთა და ბალთა ალბანურიდან ნასესხებად უნდა მივიჩნიოთ). როცა საქმე მოითხოვს შრომას, ერთი ალთას გარბის, მეორე ბალთას (აკაკი). ერთი ალთას გაიძახის და მეორე ბალთას მიიწევს (მ. ჯავახ.).

 

ერთი ამბავი აქვს იხ. ერთ ამბავშია. პორფირი ჩამჯდარიყო ყმაწვილებში და ერთი ამბავი ჰქონდა, აცინებდა, ხან ღვინოს აძალებდა, ხან მათთან მღეროდა, კოცნიდა (დ. კლდ.).

 

ერთი კალმის მოსმით მოკლედ და სხარტად; უცებ, ერთბაშად. აქ ერთი კალმის მოსმით გამოთქმულია ის, რასაც ეხლანდელი მწერალი მთელს ფურცლებს მოანდომებდა და მაინც ესოდენ ცხოვლად ვერ გამოხატავდა სათქმელს (ილია). განა შესაძლებელია ერთი კალმის მოსმით ამოდენა ხალხი დედამიწის ზურგიდან წაიშალოს?! (ილია).

 

ერთი მუჭა ძლიერ ცოტა, პატარა. ამ ერთ მუჭა ხალხში და ოცი გენერალი! ეგ, ბატონო, დიდი ცივილიზაცია გქონიათ (ილია). რა უნდა შესძლებოდა ამ გაფშიკებულ, მოტირალ, ერთი მუჭა დედაკაცს? (დ. კლდ.).

 

ერთი სიტყვით მოკლედ, მოკლედ რომ ვთქვათ. მართალი ხარ, ჩემო ლუარსაბ, შენ კაცი არ მოგიკლავს, კაცისთვის არ მოგიპარავს, ერთი სიტყვით, − რაც არ უნდა გექნა, არ გიქნია, − ესეც კარგია (ილია). იმას მოაგონდა თავისი სიყმაწვილე, მოაგონდა თავისი ცოლი, წარსული იმედები, ერთი სიტყვით, ყველა ის, რითაც კი ისე ტკბილი ხდება კაცის მწარე სიცოცხლე (ა. ყაზბ.).

 

ერთი სიცოცხლის გათავება შეშინება, შეძრწუნება, მწარედ განცდა რისამე.

 

ერთი სული აქვს ძალიან ეჩქარება (რამე), სული მიუდის. სვინჩის მთავრის მრისხანე კილო თავზარსა სცემდა; ლაპარაკი სულ აერია და თუ აქნამდე შესვლა ახარებდა, ახლა გამოსვლამდე ერთი სული ჰქონდა (ბან.).

 

ერთი ფეხი სამარეში უდგას იხ. ცალი ფეხი სამარეში უდგას. − მე ერთი, ხალხისაგან და ღმერთისაგან მოძულებული კაცი ვარ, ერთი ფეხი სამარეში მიდგა, დღეს თუ ხვალ მოვა სიკვდილის ჟამი და გავქრები (ა. ყაზბ.).

 

ერთი ყოფა დააწია შავი დღე აყარა, გაუჯავრდა, დატუქსა. ეხლა კი აენთო; ერთი საშინლად გაინძრა, უნდოდა ისე ამოწეულიყო, რომ კუბოს თავი და მიწა აეგლიჯნა, საფლავიდამ ამოსულიყო, ამათთვის ერთი ყოფა დაეწია და თავზედ ლაფი დაესხა (ილია).

 

ერთი ციდა პაწაწა, პაწაწკინტელა, ერთი ბეწვა. მე სულ ერთი ციდა ვყოფილვარ, აქედან რომ გადმოვუყვანივართ (კ. გამს.).

 

ეს ბურთი და ეს მოედანი ვნახოთ, რასაც იზამ, რასაც გახდები; ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს. მაშ, აბა! უთხრა არჩილმა, − ეს ბურთი და ეს მოედანი (ილია). აი ეს ბურთი და ეს მოედანი, ვცადოთ: ცდა ბედის მონახევრეაო (ილია).

 

ეშმაკის გზას გამოკიდება სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდნა; ბოროტების, ავკაცობის ჩადენა. − კარგია-და, − უპასუხა დედამ, − მაგაზედ მავალი კაცი ეშმაკის გზას არის გამოკიდებული (ა. ყაზბ.).

 

ეშმაკის გზას შედგომა იხ. ეშმაკის გზას გამოკიდება. „მე წავალ და ძიძას ვუშოვნიო“. ამ სიტყვებით კარში გამოვიდა და ისევ ეშმაკის გზას შეუდგა (რ. ერისთ.).

 

ეშმაკის კერძი ბოროტი, უკუღმართი ვინმე. შენ რომ იცოდე, მაგ ეშმაკის კერძმა რამდენი მაწვალა (ა. ყაზბ.).

 

ეშმაკის მაშხალა უშნო, ჯოჯოხეთის მაშხალა.

 

ეშმაკის მუშა ბოროტი, უკეთური. ეშმაკის მუშა გამხდარხარ და მეზობელს დასაჭერად დასდევ! (ა. ყაზბ.).

 

ეშმაკის ფეხი მოხერხებული, ეშმაკი. ამანათები, ფული, წერილები და ვგონებ მარილიც კი დაჰქონდა მაგ ეშმაკის ფეხს (კ. გამს.).

 

ეშმაკის შეჯდომა რაიმე არასასურველის აკვიატება, გაბოროტება, ცუდ გზაზე დადგომა. − მარაბდელებო, ასეთი სიტყვა ბევრჯელ გვინახავს და მოგვინელებია, ახლა კი რაღაც ეშმაკი შეგვიჯდა და გვადუნებს (მ. ჯავახ.).

 

ეშმაკის შეჯდომა გვერდებში იხ. ეშმაკის შეჯდომა. რაკი ეონას დაინახავდა თევდორა, ეშმაკი შეუჯდებოდა გვერდებში, ააღელვებდა, აადუღებდა და თავისსავე ქაფში სთუთქავდა მას დაუნდობელი (ვ. ბარნ.).

 

ეშმაკის ცხენზე შეჯდომა გაჯიუტება, გაკერპება, ჯორზე შეჯდომა. თუ ეშმაკის ცხენზე არ შეჯდები და ჩემს სიტყვას დაიჯერებ, მაშინ ბედნიერი იქნები (დ. მაჩხ.).

 

ეშმაკს ააწყვეტინებს უშნოა, ცუდი გარეგნობისაა, ჯოჯოხეთის მაშხალაა.

 

ეშმაკს არ სძინავს ხიფათია მოსალოდნელი, შეუძლებელი არ არის რაიმე მარცხი მოხდეს.

 

ორიოდე თვე გავიდა. თომა თითქო დამშვიდდა, მაგრამ ეშმაკს არ ეძინა (მ. ჯავახ.).

 

ეშმაკს აუტანია ცუდად იქცევა, გაბოროტებულია, სწორი გზიდან არის გადაცდენილი.

 

დედაკაცო, რა ეშმაკს აუტანიხარ? (რ. ერისთ.).

 

ეშმაკს თვალი არ უჩანს ხიფათია მოსალოდნელი, შეუძლებელი არ არის რაიმე მარცხი მოხდეს, ეშმაკს არ სძინავს. მადლობა ღმერთს, ძლივს არ მოხვედი? ამაღამ კიდევ გიყურებდით და მერე მე თვითონ ვაპირებდი წამოსვლას შენ საძებრათ. ვინ იცის, ცუდი დროა, ეშმაკს თვალი არ უჩანს (გ. წერეთ.).

 

ეშმაკს მიაფურთხა იხ. ეშმაკს შეაფურთხა. მესამე საღამოს გავაბაჯიჯგინე ფეხები, მივაფურთხე ეშმაკს და აღარ ვაპირებდი აღარსად წასვლას (აკაკი).

 

ეშმაკს ნემსის ყუნწში აძვრენს ეშმაკია, გაიძვერაა, ოინბაზია. ამისთანა ოინბაზი კაცი ერთი არ დადის დედამიწის ზურგზე. ეშმაკს ნემსის ყუნწში აძვრენს. მითამ თავის გუნებაში ფეხის ქირას წინათ არ იძლევა (ილია).

 

ეშმაკს სული მიჰყიდა ადამიანურზე, კეთილშობილურზე ყველაფერზე ხელი აიღო, გაავკაცდა, ეშმაკი შეუჯდა; არავითარ ავკაცობას არ მოერიდა. ეს ჩვენი პეტრე მოურავი სწორედ ამგვარ, ქვეყნის ამომგდებ კაცთ ეკუთვნოდა, თუმცა უშვილო იყო, მაგრამ ცალი გროშისათვის სულს მიჰყიდდა ეშმაკსა (ნ. ლომ.).

 

ეშმაკს შეაფურთხა ბოროტ განზრახვაზე ხელი აიღო, ცუდი აზრისაგან, რწმენისაგან. განთავისუფლდა; საფრთხეს არ შეუშინდა. ნუ შეხვალ, საწყალო გულის ვარდო, დაიწერე პირჯვარი, ახსენე ღმერთი, შეაფურთხე ეშმაკს და გაბრუნდი უკან (დ. ჭონქ.). ი დალოცვილს რამდენჯერმე ვთხოვე კოლმეურნეობაში შესულიყო. არაო, მოვიცადოთო, გაუყრელები ვართო, მამაჩემმა როგორმე ეგებ ეშმაკს შეაფურთხოს, ბარემ ერთად შევალთო. არ იქნა შაქრომ ეშმაკს არ შეაფურთხა (ო. ჩხ.). მოდი, ეშმაკს მიაფურთხე და შენ შემირთე (ა. ცაგარ.).

 

ეხტიბარს არ იტეხს იხ. იხტიბარს არ იტეხს. თავადი ესტატეც აბობოქრდა, მაგრამ ეხლა ის ცალად დარჩა, აქნამდე ძლიერკლანჭებიანი უკლანჭო ლომს დაემგვანა, მაინც ეხტიბარს არ იტეხდა (ს. მგალობ.). ჩახრუხაისძე) მაინც :ეხტიბარს არ იტეხდა და ფიქრობდა, რომ დაგროვილ მასალათაგან ერთ დროს არაკიან ნაწარმოებს დასწერდა (შ. დად.).

8

▲back to top


 

ვარსკვლავ(ებ)ს ეთამაშება ლამაზია, მშვენიერია და თანაც კვირცხლია, სიცოცხლით სავსეა. რა უნდა ჰქონდეთ იმათ საერთო?! ერთი ვარსკვლავს ეთამაშება, მეორე კი ძირსვე ხოხავს ისევ მიწაში (ვ. ბარნ.). ისეთი ვაჟკაცია, ჩემგან არჩეული სასიძო, რომ სულ ვარსკვლავებს ეთამაშებაო (ი. ეკალ.).

 

ვარსკვლავებს ეპოტინება მიუწვდომლისაკენ მიისწრაფვის.

 

ვერ მიართვეს ბადრიჯანი გაწბილდა, მიზანს ვერ მიაღწია, არაფერი გამოუვიდა, პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. − ვერ მივართვი ბადრიჯანი! იმისი მამა პეტრე ისეთი კაცი არ არის, რომ სირბილაანთ ქვრივს ქალი მისცეს (მ. ჯავახ.).

 

ვერ მიართვეს დანივრული ბადრიჯანი იხ. ვერ მიართვეს ბადრიჯანი.

 

ვერ მიართვეს ღორის თავი. იხ. ვერ მიართვეს ბადრიჯანი.

 

ვერ მიართვეს ხაჭაპური იხ. ვერ მიართვეს ბადრიჯანი. (ბესიკი). სხვაზე მეტად განსწავლულდა და ახლა შენ მოუნდომე წინ გასწრება! ვერ მოგართვეს ხაჭაპური, შვილო (ბან.).

 

ვირზე უკუღმა ჯდომა შერცხვენა, თავს ლაფის დასხმა. უკუღმა ვიჯდე ვირზედა, თუ ძმის სიკეთე შემშურდეს (შ. მღვიმ.).

 

ვირზე შესმა შერცხვენა, თავს ლაფის დასხმა. „ნარდონმა“ (ის) განა მარტო ამით ამოსვარა ლაფში, განა მარტო ამის გამო შესვა ვირზე? (ილია).

 

ვირზე შეჯდომა გაჯიუტება, გაკერპება, ჯორზე შეჯდომა, სიბრიყვით შეცდომის დაშვება.

 

სწორედ არ ვიცოდი, მაპატიე, ვირზე შევჯექ რაღა! (ა. ცაგარ.).

 

ვირის აბანო საპყრობილე, სატუსაღო. − ვანო, სად მიჰყევხარ! სადა?! − დაუყვირა (დატუსაღებულ) ვანოს გიგომა. − ვირის აბანოში, − მოისმა ვანოს ხმა (ნ. ლომ.).

 

მენშევიკები რომ გაიქცნენ, ხუთი ფუთი ხინა გაიტაცა, აუარებელი წამლები, რამდენიმე მილიონის საქონელი, მერე ვირის აბანოში ჩააგდეს (კ. გამს.).

 

ვირის ბაგაზე დაბმა (ვისიმე) შერცხვენა (ვისიმე), თავს ლაფის დასხმა. ეგრე იყოს, როგორც შენ ამბობ, უარს არ ვიტყვი მაგაზე, ოღომც დააბას ჩვენმა ჯარმა თათრები ვირის ბაგაზე (ვაჟა).

 

ვიწროში მოატანა დრო უხელთა, ყელი უშოვა, როცა უჭირდა, მაშინ დაატყდა თავს. მაშინაც კი, როცა თავის მოძმე გლეხს ვიწროში მოატანს: დაახრჩობს, მიწასთან გაასწორებს (ილია).

9

▲back to top


 

ზეცას მიაჭირა თავი გამედიდურდა, გაამაყდა, ამპარტავნობა დაიწყო. (ყორღანაშვილს) ცოტა რამ ააჩქარებდა ხოლმე და იმ დღესაც, დედოფლისაგან რომ საჩუქარი მიიღო, ზეცას მიაჭირა თავი (აკაკი).

 

ზეცის კარების გაღება გულის წადილის ასრულება, ძლიერ გაბედნიერება. აბა ერთი დამანახეთ! თუ გამეღო ზეცის კარი?! (რ. ერისთ.).

 

ზოგი − ალთას, ზოგი − ბალთას იხ. ერთი − ალთას, მეორე − ბალთას. ვერ გამოერკვიათ, რაში მდგომარეობდა ეს უკმაყოფილება და ზოგი ალთას იძახდა, ზოგი ბალთას (ილია).

 

ზურგზე ბოლის ადენა დამარცხება, განადგურება. − მოვკალით და მერე როგორ მოვკალით? ბოლი ავადინეთ ზურგზე! − უპასუხებენ მონადირენი (ვაჟ ა). ოღონდ შენ და ეს ჩემი ჩაჩნები ყოჩაღად იყავით, რომ ერთი მაგასაც ზურგზე ბოლი ავადინოთ. ვნახოთ, მაგათი ერთობა რას მიზამს (ს. მგალობ.). უღელტეხილი ჩვენს ხელშია და მალე მტერს ზურგზე ბოლს ავადენთ (ა. ბელ.).

 

ზურგზე მტვერის ადენა იხ. ზურგზე ბოლის ადენა. მათი პროფესორი პატკანოვი მთელის თავისის მეცნიერების არბაზნებით მოგვესია და ჰლამის ზურგზე მტვერი აგვადინოს (ილია).

 

ზურგზე ჰკიდია (ვინმე) მისი სარჩენია (ვინმე). ყველას დედაა (დედამიწა), ყველასათვის ისა ზრუნავს − ყველა იმის ზურგსა ჰკიდია (ვაჟა).

 

ზურგი ჰქავა ისე იქცევა, რომ შეიძლება სცემონ. დამეხსენ: შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ, თუ ზურგი არა გქავა, შენ შენს გზაზედ წადი-მეთქი, თორემ... (ილია).

 

ზურგის აწვა გამწარება.

 

ზურგის გამაგრება დახმარება, შველა, მხარის დაჭერა; გაძლიერება. თუ მაშინ ქსანზედ გრიგოლ ქორიკოზი დაგვეტყვევებინა, დღეს კახელნი ისე ძლიერად ვერ დაეხმარებოდნენ ემირს, ვერ გაუმაგრებდნენ ზურგს ჩვენ წინააღმდეგ (ვ. ბარნ.). − მეტისმეტად თავს გავიდა თქვენი ჯაყო. − ჩვენი რათ არის ვითომდა? − იმიტომ არის თქვენი, რომ ყველაფერში ზურგს უმაგრებთ (მ. ჯავახ.).

 

ზურგის მიცემა დახმარება, შველა, მხარის დაჭერა. ნეტავი, ძმაო სურემო, ჭკუაზე მოვქცეულიყავით, ერთმანეთისათვის ზურგი მიგვეცა, იქნება ეს უბედურება არ დაგვტეხოდა თავზეო. ამას მწერენ ჩემი ძმები (ვაჟა).

 

ზურგის შექცევა უარყოფა, განდგომა, მიტოვება (ვისიმე, რისამე), ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე). ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილს? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა (ილია). მას სამხედრო მუნდირს გაჰხდიან, ტოლ-ამხანაგებიც ზურგს შეაქცევენ და თავიანთ ოჯახის კარსაც დაუკეტავენ (მ. ჯავახ.).

 

ზურგის ჩვენება შეშინება და გაქცევა (ბრძოლის ველიდან, მოწინააღმდეგისაგან...). მთავრობამ რომ ხელი ააღო, მისიანებმაც ზურგი უჩვენეს და დარჩა მარტოდმარტო ბრძოლის ველზე (აკაკი). ჯერ კი თავის სიცოცხლეში იური გაქცეული არასოდეს არ ყოფილა, მტრისათვის ზურგი არასოდეს არ უჩვენებია (შ. დად.). ჩემ შვილებს ზურგის ჩვენება არც ერთს ყვარებია (კ. გამს.).

 

ზურგს უკან ვინმესგან ფარულად, მალულად, არაპირდაპირ. დიდ გულზედ ხარ, ზურგს უკან რომ ლაპარაკობ! ვითომ და ვერ გეიგებს (დ. კლდ.). თურმე მეჯინიბე ძხოლოდ პირში ეფიცებოდა ერთგულებას, ზურგს უკან კი ჩუმჩუმა და გულფუჭი გამოდგა (მ. ჯავახ.).

 

ზღვაში წვეთი ძალიან ცოტა (რამესთან შედარებით). მოსატაცებლად თხუთმეტიც ვეყოფით, საბრძოლველად კი ოცდახუთიც − წვეთია ზღვაში, − მიუგო გაბაშვილმა (ვ. ბარნ.).

10

▲back to top


 

თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს სივიწროვეა, გასანძრევი ადგილი არ არის. უცებ ისეთი წვრილი და ხშირი ტყე აიყარა, რომ შიგ თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებდა (თ. რაზიკ.).

 

თავბედის არევა დაბნევა, თავგზის აბნევა, გზა-კვალის არევა. თუ გვინდა საკმაოდ ისწავლოს ბავშვმა უცხო ენა, დროც საკმარისი უნდა ჰქონდეს, თორემ თავბედი ისე აერევა, რომ იმასაც კი დაივიწყებს, რისაც გაგება თავის დედაენის შემწეობით მოასწრო (ილია).

 

თავბრუს დასხმა გაბრუება, დარეტიანება; ზედმეტად გატაცება, ზომიერების გრძნობის დაკარგვა (რისამე გამო), თავბრუს დახვევა. (ლუარსაბს) სიზმარმა ისეთი თავბრუ დაასხა, რომ შიში ჯერ გამონელებული არა ჰქონდა და ეს ამბავი სიზმრის გაგრძელება ეგონა (ილია). მის ძარღვებში სისხლი დგებოდა, თავბრუ ესხმოდა და გაბოროტებული სარდიონი მოუსვენრად ბორგავდა (დ. კლდ.). მომეტებულმა სიამოვნებამ თავბრუ დაასხა (აკაკი).

 

თავბრუს დახვევა იხ. თავბრუს დასხმა. ზოგს გულს ეყრებოდა, ზოგს თავბრუ ეხვეოდა და ეცემოდნენ ძირს (აკ აკი). პაპაშას ეს სიტყვები ახალ მეხად დაატყდა: თავბრუ დაეხვია, თვალთ დაუბნელდა და, რათა არ წაქცეულიყო, სკამზე ჩამოჯდა (მ. ჯავახ). გვადის ქებით თავბრუ დახვეოდა (ლ. ქიაჩ.).

 

თავგზის (დ)აბნევა დაბნევა, გზა-კვალის არევა. დაებნა თავგზა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დედაკაცს (ს. მგალობ.) რას ერჩი, კაცო, რა მაგისი ბრალია? ხედავ, თვითონვე თავგზა დაბნევია შიშისაგან და რაღა შენი მუშტები ეჭირვება (ა. ერ-ხოშტ.).

 

თავზარის დაცემა შეშინება, შეძრწუნება. დურმიშხანმა რომ დაინახა ეს, თავზარი დაეცა, ის დარწმუნდა, რომ სახლში მომხდარიყო უბედურება რამე (დ. ჭონქ.). სოსიკა გაფაციცებით დარბის სოფელში; იმისი ყვირილი თავზარს სცემს სოფელსა (ს. მგალობ.).

 

თავზე აწევს (ვინმე, რამე) მისი მოსავლელია, სარჩენი (ვინმე, რამე), ტვირთად აწევს, კისერზე აწევს (ვინმე, რამე). მე მაშინ ვიყავი კაი, მთელი ოჯახი რომ თავზე მაწვა, ახლა ვიღას უნდივარ (ე. ნინოშ.).

 

თავზე ბალბის დადება დაწყნარება, დამშვიდება. მართალია, შენი მეგობარი ძალზე იყო გაბრაზებული, მაგრამ თავზე ბალბა დავადევი და დავამშვიდე (თ. სახ.).

 

თავზე ბრის დაყრა შეურაცხყოფის მიყენება, გალანძღვა, შერცხვენა. − აგია ხო, შენ არ შეგიძლია, სხვას არ დაანებებ და ქე იღუპება ჩვენი საქმე ყოველთვის და უნათლოშვილები გვაყრიან თავზე ბრეს (ე. ნინოშ.).

 

თავზე ბუზს(აც) არ ისვამს ამაყად იქცევა, ამპარტავნობს, დიდგულობს; არავის დაეჩაგვრინება. თავზე ბუზსაც არ ისვამს და დიდის ბუკითა და ნაღარით იქადის: რაცა ვარ, მე ვარო (ილია).

 

თავზე გადასდის (რამე) ბევრი აქვს, უხვად აქვს, თავზე საყრელად აქვს (რამე).

 

თავზე გადახდა (რამე) იხ. თავს გადახდა (რამე). სამივე ქალს ისეთი გაფანტულობა და მოქანცულობა ეტყობოდა საქმის კეთების დროს, რომ გეგონებოდათ რაღაც დიდი ფიზიკური შრომა გადახდენიათ თავზე და იმას დაუღლიაო (ე. ნინოშ.).

 

თავზე გადახევა (რისამე) მიგდება, თავზე გადახლა (რისამე). ისიც ვიცით, რა პირობით მისცა ერეკლემ ჩეენი ქვეყანა და რა გამოვიდა. პირობა თავზე გადაგვახიეს, ჩვენი მამა-პაპა სიონში შეამწყვდიეს და ხიშტებით დააფიცეს (მ. ჯავახ.).

 

თავზე გადახლა (რისამე) უხეშად მიგდება, მიშავება, თავზე გადახევა (რისამე). საბუთი თავზე გადაახალა (განმ. ლექს.).

 

თავზე გადახტომა (ვისიმე, რისამე) უგულებელყოფა და გვერდის ავლა. ეხლა-კი, ავტორსავით, იმ რვა-ცხრა გვერდს თავზე გადავახტებით და მუხლს მოვუყრით ისევ ისტორიული ამბების მოთხრობას (ილია).

 

თავზე დადგომა ვინმესთან ყოფნა და ყურადღების მიქცევა, მოვლა, კონტროლის გაწევა.

 

ამაღამ შეიძლება ვერ მოვიდე, მესამე ცვლა იწყება და თავზე უნდა დავადგე (ა. ბელ.).

 

თავზე დასმა (ვისიმე) მეტისმეტად გათამამება, განებივრება (ვისიმე), თავის ნებაზე მიშვება, ზედმეტ უფლებათა მიცემა. ო, რა ქალია! როგორ უყვარს აბუბექარს. თავზე ჰყავს დასმული (შ. დად.).

 

თავზე დასტრიალებს იხ. თავს დასტრიალებს. მაგდანა დიასახლისობდა, თავზე დასტრიალებდა ქმარსა და სტუმარსა (ვაჟა).

 

თავზე დასხმა იხ. თავს დასხმა. გამოირკვა: ანტირელიგიურ პროცესიას დასხმოდა თავზე (კ. გამს.).

 

თავზე დატყდომა (რისამე) უეცრად შემთხვევა (რაიმე არასასურნელისა). როგორ გამოტეხილიყო, რომ თავზე საზარელი ამბავი დაატყდა (დ. კლდ.). ახლა ახალი უბედურება თავზე დაატყდა მის ოჯახს (კ. გამს.). − აგერ ეს საშინელი ომი დაგვატყდა თავზე, მტერი მოდის და ლეწავს ყველაფერს (ა. ბელ.).

 

თავზე დაჯდომა მორევა, დაბრიყვება, არაფრად ჩაგდება (ვისიმე), თავხედურად მოქცევა, აგდება (ვისიმე). გლეხი უნდა მუჭაში გეჭიროს, შიგ უნდა მოახრჩო. თუ შვება მიეცი, თავზე დაგაჯდება, ეგ ჩვენ ვიცით (ს. მგალობ).

 

თავზე დაჰკანკალებს (ვისმე) მზრუნველობას უწევს, მუდამ მასთან არის და უვლის, თავს ევლება. − ჩემი ბრალია? მე მოგაყენე სასჯელი? მე რომელიც სულ თავზე დაგკანკალებდი? − დიახ, თავზე რომ დამკანკალებდი, სწორედ მაგით არის შენი ბრალი (გ. ნახუცრ.).

 

თავზე ევლება (ვისმე) იხ. თავს ევლება (ვისმე). აქამდი ჩემს ქონებას რომ ყლაპავდით და მეც თავზე გევლებოდით. კაი თინაი ვიყავი და ახლა რაღათ გინდებვარ (ე. ნინოშ.). პორფირი ჩამჯდარიყო ყმაწვილებში და ერთი ამბავი ჰქონდა, აცინებდა, ხან ღვინოს აძალებდა... კოცნიდა და ამგვარ თავმდაბლობით შეხალისებული ყმაწვილები თავზე ევლებოდნენ და თავიანთ სიყვარულს და პატივისცემას უცხადებდნენ მას (დ. კლდ.).

 

თავზე თმა არ შეშრობია ძალიან პატარაა (ასაკით), ბავშვია, ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია.

 

თავზე კაკლის დამტვრევა დატუქსვა, შავი დღის დაყრა. თუ საქმით ვერას გახდა (დეიდა), სიტყვით ზურაბს თავზე კაკალს ამტვრევდა (ს. შანშ.).

 

თავზე კევრის დატრიალება გაწამება, დატანჯვა, მძიმე განსაცდელში ჩავარდნა. გვიხსენ, უკუღმართო წუთისოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ (ილია).

 

თავზე ლაფის დასხმა შერცხვენა, თავის მოჭრა, თავსლაფის დასხმა. (თავზე ლაფის დასხმა ძველად სასჯელის ერთ-ერთი სახე უნდა ყოფილიყო, ამის საფუძველზე წარმოქმნილი ჩანს იდიომი (თ. სახ.). შენისთანა გომბიოს თავზე ლაფი რავა დავასხმევინო (დ. კლდ.). ან რად უნდა წაესარჩლო? ცოტა ლაფი დაგასხა თავზე? მაგისთანა დედაკაცი დასანდობი არ არის (მ. ჯავახ.).

 

თავზე ლეჩაქის დახურვა იხ. ლეჩაქის დახურვა. − ნიკოლოზ სად არის, ნიკოლოზ! − დაიძახეს ქართველებმა: − ის თუ გვიშველის, თორემ ლამის ამ ურჯულო თათარმა დედაკაცის ლეჩაქი თავზე დაგვხუროს და ისე გაგვისტუმროს შინა (ილია).

 

თავზე ლეჩაქის მოხდა იხ. ლეჩაქის მოხდა. ჯანაბასაც წადი და დოზანასაც, − დაიჩიფჩიფა მოხუცებულმა ბაბალემ, − მოგიხდია თავზედ ლეჩაქი და მთელს სოფელს შენგან მოსვენება არა აქვს (ნ. ლომ.).

 

თავზე მეხი დაატყდა იხ. მეხი დაატყდა თავზე.

 

თავზე მოხვევა (რისამე) იძულებით დაკისრება, მიღებინება, მოგვრა (რისამე); დაბრალება, მიწერა (რისამე). (ამ გუნდს) ჩვეულებად დასჩემებია მათ შესახებ ნათქვამი მთელს ერს მოახვიოს თავზე, მთელს სომხობაზე გადაიტანოს (ილია). ხელმოკლეობა და გაჭირვებაში ცხოვრება ათასგვარ ფიქრებს ახვევდა თავზე და აქამდის უცნობ დარდებს ჰგვრიდა (დ. კლდ.). ღამემ ისევ შავი წინათგრძნობა მოახვია თავზე საწყალ გოგონას (გ. ნახუცრ.).

 

თავზე ნაცრის დაყრა გლოვა, უსაზღვრო მწუხარება. (მომდინარეობს, როგორც ჩანს, გლოვის დროს თავზე ნაცრის დაყრის ძველისძველი ჩვეულებიდან −თ. სახ.). სამგლოვიარო ძაძას ჩავიცვამთ, თავზე დავიყრით ნაცარსა და მტვერს (აკაკი).

 

თავზე საყრელი ძალიან ბევრი, უხვად. იმ დროს როცა გვარდიელებს ყველაფერი თავზე საყრელი აქვთ, ჩვენ თბილი ლუკმა გვენატრება (რ. გვეტ.).

 

თავზე ქვა დაიგორა გაჯიუტდა, გაკერპდა, აიხირა რამე, ქვას ააგდო და თავი შეუშვირა. თავზე ქონს უსვამს მოფერებით, პირფერობით ატყუებს, თავს უქონავს. ჰაი თუ შენც კი მისვამ

 

თავზე ქონს (მელან.).

 

თავზე ქუდი ხურავს იხ. ქუდი ხურავს თავზე.

 

თავზე ჩიტს არ გადაიფრენს იხ. თავზე ბუზს(აც) არ ისვამს.

 

თავზე ცივი წყლის გადასხმა იხ. ცივი წყლის გადასხმა (თავზე).

 

თავზე წისქვილის ქვის დატრიალება იხ. წისქვილის ქვის დატრიალება თავზე.

 

თავზე ხახვი არ დააჭრას! იხ. ყურებზე ხახვი არ დააჭრას! − გაიგონებს, თვარა ხახვი არ დამაჭრას თავზე! ერთი ტყავი მაქ, იმასაც მაძრობენ და სხვას რაღას მიზამენ? (ე. ნინოშ.).

 

თავზე ხელაღებული თავგანწირული, უშიშარი; შეუბრალებელი, გამძვინვარებული. დალოცა ღმერთმა ისევ თავზედ ხელაღებული, გიჟი, გადარეული, შეუპოვარი და დაუმონავი მღვრიე თერგი (ილია). უფროსმა ჯავრობა დაუწყო იაგოს, მაგრამ რად ჩააგდებდა თავზედ ხელაღებული კაცი იმის ფეხების ბარტყუნს (ა. ყაზბ.). ესენი სულ თავზე ხელაღებული ახალგაზრდობა იყო, სიმამაცედ გადაქცეული (ვ. ბარნ.).

 

თავზე ხელის აღება უკიდურესობამდე მისვლა, გამძვინვარება, თავის გადადება, თავგანწირვა. კაცმა თუ თავზე ხელი აიღო, იმაზე საშიში რაღაა ქვეყანაზე! გაბილას ხომ ბევრი აღარ უკლია თავზე ხელის აღებას (ე. ნინოშ.). იმ ღამეს რომ არსენა გავარდა და სხვებიც გაიყოლა, შენი ბრალი არ იყო? მერმე რომ სხვებმაც თავზე ხელი აიღეს და ტყეში გაცვივდნენ, ესეც შენი წყალობით არ იყო? (მ. ჯავახ.).

 

თავზე ხელის მოსმა მოფერება, დაყვავება; დაფაცურება, საქმის შედგომა. მოწინავე გუნდს და მათ მეთაურებს ტყუილად კი არ უსვამდა თავზე ხელს სპარსეთის ახალი პოლიტიკა (აკაკი). თებერა იმის ნატვრაში იყო ოჯახი გაეცოცხლებინა, კერის ანგელოზი გაეღვიძებინა. ახლა ბიჭმა უკვე თავზე ხელი მოისვა, დავაჟკაცებული ახალგაზრდაა და თავისით ცხოვრებაც შეუძლია (ვ. ბარნ.). ის მიზეზიც დიდი ხანია ოთახის შოვნას მოითხოვდა, მაგრამ მე მხოლოდ ახლა მოვისვი თავზე ხელი. ეხლა კი, მგონი, უკვე გვიან არის (გ. ნახუცრ.).

 

თავთხლის გადადენა თავის გახეთქა, გატეხა. (ინსპექტორმა) ერთ მოსწავლეს პირით დაჰკრა შუბლზე „ლინეიკა“ და თავთხლე გადაადინა, ძვალიც კი გაუტეხა (აკაკი).

 

თავი არა აქვს (რისამე) არ შეუძლია (რამე), უნარი არ შესწევს (რისამე). მოწინააღმდეგის მზვერავ თვითმფრინავებს ამ სიშორეზე მოფრენის თავი უკვე აღარ ჰქონდათ (ა. ბელ.). ტყვეები ისე იყვნენ მისუსტებულნი, რომ თავი არ ჰქონდათ, ბანაკს გასცილებოდნენ (ა. ბელ.).

 

თავი იჩინა გამოჩნდა, გამომჟღავნდა, გამოირკვა. ბოლოს ისევ ცილისწამება, შური იჩენს თავს (ვაჟა). უკიდურეს გაჭირვებაში თავს იჩენდა ხოლმე ერეკლეს საოცარი ნიჭი სარდლისა (ი. გოგებ.).

 

თავი მისცა (რამეს) დაიწყო (რამე), შეუდგა (რამეს). მინამ სამოვარს შემოიტანდნენ, მივწექ გაფიცხებულ ტახტზედ და თავი ფიქრებს მივეცი (ილია).

 

თავი მოაქვს თავი მოსწონს, ამაყობს, თავი მიაჩნია (რამედ); დიდგულობს, იკვეხის. ჩვენ, ქართველებს, სამართლიანად მოგვაქვს თავი მით, რომ ეგ დიდებული. პოემა ჩვენის კაცისაგან და ჩვენს ენაზედ დაწერილია (ილია). ასე გოროზობენ არზაყან და თარაში, დიდ მოჯირითეებად თავი მოაქვთ (კ. გამს.). რაკი მოშაირედ მოჰქონდა თავი, ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტასაც ლამობდა საცოდავი (ბან.).

 

თავი მხრებზე აბია ცოცხალია, ნორმალურად არის, აზროვნების უნარი აქვს. გვინდა ვგრძნობდეთ, თავი ისევ მხრებზე გვაბიაო (ილია).

 

თავი უკრა (სადმე) გაისტუმრა, იძულებით გაგზავნა (სადმე არასასურველ ადგილას).

 

(სიმონას) ორი წლის ვადით უკრეს თავი საპატიმროში (ე. ნინოშ.). ცოლ-შვილიც მშიერი დაგვეხოცება და ჩვენც ჩვენი წინაპრებივით სადმე ერაყს, მაღრიბს ან მისრეთში გვიკრავენ თავს (მ. ჯავახ.).

 

თავი უტუცა (სადმე) იხ. თავი უკრა (სადმე). დაგიჭერენ, შვილო, კოსტროში გაგატარებენ და მერე იმ ოხერ ციმბირში გიტუცამენ თავსა (ს. მგალობ.).

 

თავი ქვას ახალოს ყოველი ღონე იხმაროს, თავი გამოიდოს; რაც უნდა, ისა ქნას. მეტყოდი, შე დალოცვილო, თუ ძალიან გიჭირდა და ღვთის მოღალატე ვიქნებოდი, თუ თავი ქვას არ მეხალა და არ მეშოვნა (ილია). ზაალი ქვას თავს ახლიდა და (ღალას) თვითონვე აჰკრეფდა (მ. ჯავახ.). ჩვენ დავწვებით ოთხ-ოთხი, − შეეხვეწა ერთი მებრძოლი ლეიტენანტს, − მაგათ მივცეთ ცალკე კარვები და თავი ქვას ახალონ (ა. ბელ.).

 

თავი ქუდში აქვს საიმედო მდგომარეობაშია, საშიშროება არ მოელის, არხეინადაა. #78#

 

თავის აგდება უღირსად, თავხედურად, უწესოდ მოქცევა. ქალო, შენ ნამეტანი ეიგდე თავი! გამომდგარხარ ქვეყნის შარაზე და ყვირი, ჭამეთ ჩემი ხორციო! რა კაცის მჭამელად გვნახე ჩვენ! (ე. ნინოშ.). − თავს ნუ იგდებ! ვინ იყო-მეთქი? − ბიჭმა გოგოს ხელი წაატანა ხელში და მოუჭირა (ნ. ლორთქ.).

 

თავის ამოყოფა (სადმე) უცებ (სადმე) მოხვედრა, უცებ (სადმე) მისვლა. ჩემს სადალაქოში რომ ხელახლად ამოვყავი თავი, სულ სხვაგვარად დამიწყო გულმა ძგერა (აკაკი). საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ გრიშამ დაჰკრა ფეხი და თბილისში ამოჰყო თავი (ა. ბელ.).

 

თავის ატკივება გარჯა, თავის შეწუხება. ჩვენ რა გიჟი გვჭირს, სხვის მაგივრად თავი ავიტკივოთო! (ვაჟა). ამ წელსაც მეფის მალანურებმა აჯობეს დადიანისას და არც ამის გამო აუტკენია ვინმეს თავი (კ. გამს.).

 

თავის აღება რაიმე მოქმედების, საქმიანობის (უმთავრესად სათაკილოს) დაწყება. მენა და შენა იმისთანა ბატონყმობა არა გვქონია, რომ ამეღო თავი და სხვასავით მეჩივლა (ილია). მეც კი მომეწყინა, ვისაც კი თავი აუღია, წამოვიყვანო და მუსაიფობა გავუწიო(ლ. არდაზ.).

 

თავის აშვება გათავხედება, გათამამება, თავის აწყვეტა, თავს გასვლა. სულ უკუღმართად იქცევა, კიდევ უფრო განლაღდა და თავი აიშვა. წინეთ თუ ცოტა მორიდებული იყო, ახლა საჯაროთაც აღარ ფარავს თავის ნაკლთა (შ. დად.). ოსმალეთისგან წაქეზებულმა ბეგებმა თავი აიშვეს და გვარბევენ (ს. შანშ.).

 

თავის აწყვეტა იხ. თავის აშვება.

 

თავის გადაგება გადაყოლა, თავის შეწირვა. − კინაღამ თავიც ზე გადავაგე (უიარ.).

 

თავის გადადება თავის განწირვა, თავის დადება, ყოველგვარი ღონის ხმარება. ვფიცავთ ჩვენს ჯვარ-ანგელოზებს, ვფიცავთ ვაჟკაცის სახელს, რომ შენთვის თავი გადავდოთ, შენთვის თავი არ შევიშუროთ! (ა. ყაზბ.). თავს გადავდებ და ან ნებით, ან ძალით რამეს გავხდები (ე. ნინოშ.).

 

თავის გადაკვლა გადაკვდომა, თავის შეწირვა, თავის გადაყოლება. ქალმა თავი გადააკლა შვილების გაზრდას (განმ. ლექს.).

 

თავის გადატანება თავის გადაყოლება, თავის შეწირვა. რა მიარბენინებდა ჯარში? არა! ჩაეწერა მილიციაში და თავი გადაატანა (აკაკი). ამ უკანასკნელ მოქმედებას კინაღამ თავი არ გადაატანა ტარიელმა, არავის ეგონა, თუ ამ საქმეს კატორღაში გაუგზავნელად გადაურჩებოდა (ე. ნინოშ.).

 

თავის გადაყოლება გადაყოლა, თავის შეწირვაი „ჰმ! არა, შენმა მზემ, შენს ავხორცობას თავს გადავაყოლეთ“ − ფიქრობდა სახლუცესი (ბან.). ეს სვე როგორმე (გავათავოთ), ბიჭებო, და მერე ცოტა შევისვენოთ, არც მაინცდამაინც თავის გადაყოლება ვარგა (უიარ.).

 

თავის გამობმა მოგვარება, გაკეთება, დაბოლოება (რისამე); დაწყება (რისამე). ახლა კი მეშველა, საქმეს თავი გამოვაბი (დ. კლდ.). კეთილი სიტყვის თავის გამობმაც კეთილმა ცოდნამ იცის (დ. მაჩხ.).

 

თავის გამოდება მონდომება, თავგამოდებით, გულმოდგინედ ზრუნვა (ვინმესთვის, რამესთვის); თავგანწირვა, თავის გადადება, ყოველი ღონის ხმარება (რისამე მისაღწევად). გონიერს კაცს კი ვერ წაართმევენ პატიოსან უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩლისათვის და ტყუილის მხილებისათვის (ი ლ ი ა). რჩევაზე როზდევიჩს გამოედვა თავი: მაგის დამწერი კარგი ვინმე გამოვა და, გაწყრომა კი არა, მოფერება ეჭირვებაო (აკაკი). სოფელმა უნდა თავი გამოიდოს, გვეყო ამდენი მორჩილება, ამდენი სიჩუმე, ამდენი ლაჩრობა (ს. მგალობ.).

 

თავის გამოლაყება იხ. ტვინის გამოლაყება. თქვენი ქებით (მარიამს)თავი გამოვულაყე (ლ. არდაზ.).

 

თავის გამოტანა თავის დარჩენა. ახლა კი აწრიალდა სარდიონი; საჭირო იყო რითიმე ერჩინა თავისი ცოლ-შვილი, რამე ეღონა, ოჯახში ცოტაოდენი რამ შემოეტანა და წლიდან წლამდის თავი გამოეტანა (დ. კლდ.).

 

თავის გამოჩენა სახელის გათქმა, სახელის მოხვეჭა. შედგა ბერად (ანტონი) და მალე ისე გამოიჩინა თავი, რომ ერთხმად აირჩა მთავარეპისკოპოსად და მიიღო ქუთათლობა (აკაკი). შეიქმნებოდა ტოლუმბაშობა, სიტყვის წარმოთქმა და სხვა. სივილა ყოველთვის თავს გამოიჩენდა ხოლმე ამისთანა შემთხვევაში. იმის სიტყვას ტაშის კვრით და მოწონებით ეგებებოდნენ (გ. წერეთ.).

 

თავის განებება იხ. თავის დანებება. დათვს თავი გავანებე, ან კი სადღა გამექცეოდა? ირემს გამოვეკიდე (ვაჟა). დიდხანს ვეთამაშე (რუსიკოს), პაწაწა გული უმალვე მოვინადირე და მაშინღა გავანებე თავი, როცა მისი მამა წამოდგა (მ. ჯავახ.).

 

თავის განზე დაჭერა თავის არიდება, განზე დგომა. სოხუმის არისტოკრატიას კი ცოტა არ იყოს განზე ეჭირა თავი და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა (ლ. ქიაჩ.).

 

თავის გართმევა რაიმე საქმის დაძლევა, გაკეთება. ეკვირინე მოხუცებულობაში შედიოდა, უჭირდა ოჯახის თავის გართმევა და შემწე ესაჭიროებოდა (დ. კლდ.). მან თავი ვეღარ გაართვა ძველქართულს, არაბულს, ირანულს, სომხურსა და ასურულ წარწერებს (კ. გამს.).

 

თავის გატანა გაძლება (გაჭირვებისა, განსაცდელისა); თავის დარჩენა, თავის გამოტანა. საყვარელას თავისი მორჩილებით და თავმდაბლობით უნდოდა ამქვეყნად თავის გატანა (ე. ნინოშ.). ქმრის ჯამაგირი უკვე საკმარისი არ იყო და ძლივს ჰყოფნიდათ, რომ როგორმე თავი გაეტანათ (ა. ბელ.).

 

თავის გაყადრება თავის გატოლება, თავის თავის ღირსად, ტოლად მიჩნევა. აბა შენგან არ მიკვირს, რომ თავს უყადრებ გუშინდელ ყმასა, შენ მაინც ბატონი ხარ და გლეხს თავი არ უნდა გაუყადრო(ს. მგალობ.). ორბელიანები დოღში არ გაერივნენ, რადგან მეფის ჩამონაკლები იყვნენ და არც არსენას და არც მაიორს თავი არ გაუყადრეს (მ. ჯავახ.).

 

თავის გახეთქა გარჯა, თავის შეწუხება, თავის ატკივება. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლასა, − და არის ისე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი (ილია).

 

თავის დადება თავდადება, თავის განწირვა, თავის შეწირვა. ნუ დაგავიწყდებათ ყირიმის ომი და ჩოლოქის ბრძოლა, სადაც გამოჩენილმა გვარიშვილებმა თავი დადვეს (აკაკი).

 

(ციოყმა) გულში გაიფიქრა: რა საუცხოო ჭაბუკია, რა საყვარელი. ამისთვის კი ღირს თავის დადება (შ. დად.).

 

თავის დანებება დატოვება, მოშორება, გაცლა, მიტოვება; შეწყვეტა (რაიმე საქმიანობისა), თავის მინებება. ძე ისე ვერ აღვწერ იმ გოგოს სილამაზეს, როგორც ცხონებული ჩემი გამზრდელი, რომლისაგანაც გამიგონია ეს ანდაზა, და ამიტომ დავანებებ თავს (დ. ჭონქ.). ოფიცერმა ვიღაც სხვა ქალი შეიყვარა და ქრისტინეს თავი დაანება (ე. ნინოშ.). დიასახლისი ნელა წამოდგა, რამდენიმე წრე შემოიარა და ცეკვას თავი ანება (ა. ბელ.).

 

თავის დასხლეტა თავის განთავისუფლება, თავის დაძვრენა, თავის დაღწევა. იმედს დაუსჯელად გადარჩენისას, ან მთავრობის ხელიდან თავის დასხლეტისას ბევრად შეამცირებს ასეთი ფიცხელი ზედმისევა პოლიციისა (ილია).

 

თავის დაღწევა თავის დახსნა, განთავისუფლება, გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავიდან აცდენა (რისამე). (თომა) მილიციაში დაიბარეს, გამოჰკითხეს და კინაღამ დააპატიმრეს. თომამ ძლივს დააღწია თავი და ქალაქში დაბრუნდა (მ. ჯავახ.).

 

დავითმა სცადა ამ უსიამოვნო ფიქრებისაგან თავი დაეღწია (ა. ბელ.).

 

თავის დაძვრენა განთავისუფლება, თავის გადარჩენა (რაიმე არასასურველისაგან), თავის დაღწევა. (თათარმა) იცის გზები, როგორ და რით დაიძვრინოს თავი, თუ ვინიცობაა დანაშაულობასა და ავკაცობაში როგორმე მოამწყვდია კანონმა (ილია). − ვიცი? რავარც შენ იცი, ისე ვიცი მეც. − სცადა თავის დაძვრენა გრიშამ (ა. ბელ.).

 

თავის დაჭერა (როგორმე) მოქცევა (როგორმე); თავის შეკავება. აბრალებდნეხ, რომ რიგიანად თავის დაჭერა არ იცოდა, არავინ ერიდებოდა (ე. ნინოშ.). ისე სჩვეოდა სიარული, თავის დაჭერა, თითქოს ყოველ დღე სანადიმოდ ემზადებოდა (კ. გამს.). ამ სიტყვებმა ისე ამიტაცეს, რომ თავი ვეღარ დავიჭირე და მოვხვიე ხელი (აკაკი).

 

თავის დღეში არასდროს, ვერასდროს; მუდამ, ყოველთვის. გულაჩქარებით წამხდარი საქმე თავის დღეში არ გასწორდება (ა. ყაზბ.). ის ადამიანთა საგინებელს თავის დღეში არ ჩაიდენს (ე. ნინოშ.). ის თავის დღეში გამოუცდელი და ცხოვრების უცოდინარი იყო და მათხოვრობაშიაც ეგეთი უცოდინარობა და უხერხულობა თან დასდევდა (ე. ნინოშ.).

 

თავის კალთაში ჩადება მინდობა. დაიჯერა ხალხმა, ჩაუდვა კალთაში თავი და ვორონცოვიც შეუდგა საქმეს (აკაკი).

 

თავის მაღლა აღება გაამაყება, გაამპარტავნება, გამედიდურება. უკეთუ მათგანი ვინმე ზეწამოიწია და გაღონიერდა, შემდეგ თავს მაღლა იღებს და ურჩობას იწყებს (შ. დად.).

 

თავის მაღლა დაჭერა ამაყად, ამპარტავნულად მოქცევა.

 

თავის მინებება იხ. თავის დანებება. დედამ შემნიშნა ეს, მომიჩინა პატარა ბიჭები და მიმანება თავი (აკაკი). თათრებმა ალგეთელებს თავი მიანებეს, უგონო ბელადი ცხენზე აიტაცეს და გაჰქრნენ (მ. ჯავახ.). ჯობს მაგაზე ლაპარაკს თავს მიანებებდე (ა. ბელ.).

 

თავის მობმა დასრულება, დაბოლოება. არ იქნა და თავი ვერ მოაბა შარდინ ალშიბაიამ ლუკაიას სადღეგრძელოს (კ. გამს.). მზად იყო (ნატო), თუ გინდ სიცოცხლის ფასად, თავი მოება ნაკისრი საქმისათვის (მ. მრევლ.).

 

თავის მოკატუნება თავის უცოდველად, მიამიტად მოჩვენება; თავის დამცირება, თავის მოსაწყლება. გამოცდილი სუტ-კნეინა მიხვდა, რასაც მოასწავებდა ეს ამბავი, მაგრამ თავი მოიკატუნა, მითამ და არაფერი იცის (ილია). დარბაისლურად წამოდგა გვანჯ აფაქიძე. თავი მოიკატუნა, ერთი ბნელი, გაუნათლებელი კაცი ვარო, ბევრი ჭკუა არ მეკითხებაო (კ. გამს.). თავი მოვიკატუნე და ვუთხარი, არსენას ბრალია-მეთქი (მ. ჯავახ.).

 

თავის მოქაჩლება შესაძლებლობის არ დაზოგვა, თავის გამოდება. მასპინძელმა თავი მოიქაჩლა და გულუხვად გაგვიმასპინძლდა (განმ. ლექს.).

 

თავის მოქონვა პირფერობით, ტკბილი სიტყვით ვისიმე გადაბირება, გულის მოგება, მოთაფვლა. პასკევიჩი ქართველებს უწყალოდ უქონავდა თავს და ისინიც მზად იყვნენ თუნდაც ზარბაზანში შემძვრალიყვნენ გასასროლად, ოღონდ კი ერთი ჯვარი კიდევ მიეღოთ (მ. ჯავახ.).

 

თავის მოყრა შეგროვება, ერთად შეკრება. დაიძახეს ჩვენშიაც ჯარიანობა და თავი მოიყარეს ქართველებმა მტრის დასახვედრად (ილია). მთელ ნაშინდარს ხევისთავების საგვარეულო ეკლესიაში მოუყრია თავი (მ. ჯავახ.).

 

თავის მოჭრა შერცხვენა, კისრის მოჭრა, სახელის გატეხა. ერთი იმისთანა საქმე ჩაიდინა, რომ ოჯახსაც თავი მოსჭრა და ჩვენ სოფელსაცო (აკაკი). ტყვილა თავის სახელსაც ირცხვენს და ცოლსაც თავს სჭრის ქვეყანაში (დ. კლდ.)

 

თავის მოხრა დამორჩილება, ქედის მოხრა. არც ის შეშვენის (ვაჟკაცს), თავი მოიხაროს ყოველივე მაჩანჩალას წინაშე (დ. კლდ.). სხვა რაღა უნდა ექნათ, მოიხარეს თავი სოფონამ და ოქრუამ და გაუგზავნეს მოციქული ბაგრატას (ე. ნინოშ.).

 

თავის მტვრევა ძალიან ბევრი ფიქრი (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე). ჯადაროსი დიდხანს თავს იმტვრევდა მათ გამოსაცნობად (შ. დად.). ამდენი თავის მტვრევა რა საჭიროა. გავიდეთ ნაპირზე და საკითხი უბრალოდ გამოირკვევა (ლ. ქიაჩ.).

 

თავის სასწორზე დადება თავის საფრთხეში ჩაგდება, თავისი საქმის საალალბედოდ გახდა.

 

თავის ქერქში არ ეტევა თავისთვის არ ჩერდება; არსებულით არ კმაყოფილდება, მეტი უნდა.

 

რატომ თავისთვის არა ყრიან?! არ ეტევიან თავიანთ ქერქში? მე დავტევ ძალით (ვაჟა).

 

თავის შეკავება რაიმე გრძნობის შეზღუდვა, მოთმენა, თავის თავშეკავება, თავის შემაგრება. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზედ, მაგრამ თავი მალე შეიკავა (ილია). ნადიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ბალიშში თავი ჩარგო და ცდილობდა, თავი შეეკავებინა, რომ არ აქვითინებულიყო (ა. ბელ.).

 

თავის შემაგრება იხ. თავის შეკავება. ცოტათი წამოწითლდა და თვალები აუბრიალდა, მაგრამ მალე შეიმაგრა თავი და ჩვეულებრივი სახე მიიღო (აკაკი). ეს სიტყვა გულში მომხვდა, მაგრამ თავი შევიმაგრე, რადგან გენერალი ამ საყვედურს მე ვერ დამიმიზნებდა (მ. ჯავახ.).

 

თავის შენახვა თავის რჩენა; თავის მოვლა. მაშინ მოდი ჩემთან, მე დაგაყენებ გზაზეო, მანამდე, ამ ორ-სამ თვეს კი, სხვაგან სადმე შეინახე თავიო (აკაკი). ძველ ოჯახსაც უმძიმდებოდა თავის შენახვა (დ. კლდ.).

 

თავის შერგვა (სადმე) შესვლა, თავის შეყოფა (სადმე). (მამამ) ბეგლარს საქალაქო სასწავლებელი გაათავებინა და სასამართლოში გადამწერად შეარგვევინა თავი (დ. კლდ.).

 

თავის შექცევა გართობა, გულის გადაყოლება. ჩირგვებით გარემოცულ მინდორში დაუხვდენ ბახულიას თავის ტოლი გოგო-ბიჭები, რომელნიც ორ ხეს შორის გაბმულ ყურძნის ვაზზე ქანაობით თავს იქცევდნენ (გ. წერეთ.). ერთი რუსული ანდაზაა: ოღონდ კი ნუ იტირებს ბავშვი და, რითაც უნდა, თავი შეიქციოსო (აკაკი).

 

თავის შეყოფა (სადმე) შესვლა, თავის შერგვა (სადმე). რაკი ერთხელ თავი შეყო სპირიდონმა სოფლის სკოლაში, დასრულებამდე აღარ მოშორებია მას (ე. ნინოშ.).

 

თავის შეყრა იხ. თავის მოყრა. ვერ მოვახერხეთ ერთად თავის შეყრა (ნ. ლომ.).

 

თავის შორს დაკავება იხ. თავის შორს დაჭერა. თუ ჩემი პატივისცემა გაქვს, შვილო, შორს დაიკავე მასთან თავი (დ. კლდ.).

 

თავის შორს დაჭერა მორიდება, თავის არიდება, ახლოს არ მიკარება. წამოიზარდენ თუ არა, შორს დაიჭირეს თავი ერთმანეთთან (ე. ნინოშ.).

 

თავის წაღება თავის მობეზრება, გულის გაწყალება. ამ ოჯახქორმა თავი წაიღო იმდენი თხოვნით (თ. სახ.).

 

თავის წაჭმა შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება. თავის წაღება. თავი წაგვაჭამა მე და ხერიპსს გამაგებინეთ ვინ არისო მისოუსტ? (კ. გამს.). ახლოს რომ მომჯდომოდა, თავს წამჭამდაო ლპებობით (კ. გამს.).

 

თავის ჭიას ახარებს ერთობა, თავს იქცევს, გულის წადილს ისრულებს. მე რომ მოვკვდები, იმას მაინც იტყვიან − რაც ხანი იცოცხლა, თავის ჭია ახარაო (ი. გულის.).

 

თავისი დრო მოჭამა დაძველდა, დრო გაუვიდა, ცხოვრების გზა გაიარა. ჰე, ნამეტანს კი ნუ იზამ! მაგან თავისი დრო მოჭამა, ცხოვრებით დასტკბა, იცხოვრა (ნ. ლორთქ.).

 

თავისი პური მოჭამა იხ. თავისი დრო მოჭამა. თავის პური მოუჭამია, დღეიდან აღარც ავად არგია საზოგადოებას და აღარც კარგად (აკაკი).

 

თავისკენ ითლის მხოლოდ თავის სარგებლობისათვის ზრუნავს. ყველაფერი თავისთვის უნდა, სხვისი კუთვნილების მითვისებას ცდილობს. ინგლისს სწამებენ, რომ კოლონიებს წურბელასავით სწოვსო, სარჩო-საბადებელს არ არჩენსო და სულ თავისკენ ითლისო (ილია).

 

თავისუფლად ამოსუნთქვა საფრთხის გავლის შემდეგ დამშვიდება, გულზე მოშვება. გათავდა ეს პირველი დაბარებაც სამხედრო ბეგრისთვის და ბაბალეს ვაჟები არავის მოუკითხავს. ახლა კი ბაბალემ თავისუფლად ამოისუნთქა (ე. ნინოშ).

 

თავი(ც) უტეხია რაც უნდა, ისა ქნას! თავში ქვა უხლია! ჯანდაბამდის გზა ჰქონია! − თავი უტეხიათ, რას დავეძებ (დ. კლდ.).

 

თავლაფის დასხმა იხ. თავზე ლაფის დასხმა. ღვინის ქურდობა კარგი არ არის, ხვალ თავლაფს დაგასხამენ (შ. არაგვ). ვინც შედრკეს, აღარ მოგვეკაროს, ვინც გაიქცეს, თავლაფი დაესხას (მ. ჯავახ.).

 

თავპატიჟის გადება ტყუილად, არაგულწრფელად უარზე დადგომა, განაზება, გაპრანჭვა. სანამ მოხუცები აფხაზური ცერემონიების მიხედვით თავპატიჟს იდებდნენ, არზაყანმა ერთი აკვაკარი გასტეხა შუაში (კ. გამს.). მაიზერმა რომ ხარები მაჩუქა, ისეთი უარი ვსტკიცე, რომ სულ ფეხები გავასავსავე, ვიცოდი ნაჩუქარს უკან არ დაიბრუნებდა და მეც თავპატიჟი გავიდევი და აქეთ შემოვიხვეწე, რომ საჩუქარი მიმეღო (ბან.).

 

თავ-პირის გლეჯით იხ. თავ-პირის მტვრევით. (ძაღლები) ყეფით და თავ-პირის გლეჯით მისდევდნენ ტყისაკენ მიმრბინავ მგელს (შ. არაგვ.).

 

თავ-პირის მტვრევით ძალიან სწრაფად, გამალებით, ჩქარა, თავ-პირის გლეჯით. (კატო) თავ-პირის მტვრევით დერეფნიდან გავარდა (შ. არაგვ.). გახარებულმა ცვატამ, დადიანს გამოეთხოვა თუ არა, თავ-პირის მტვრევით ჩააქანა ცხენი ოძრახეს დაღმართისაკენ (შ. დად.).

 

თავს არ უდებს თავს არ აჩაგვრინებს, არ ემორჩილება. (ქეთევანი) მოხუცებას თავს არ უდებდა, ოჯახზე წინანდებურად ეჭირა თვალი (ე. ნინოშ.). თაფლო ცოტა შეწითლდა კმაყოფილებით. შინაგან არც უტანდარს და არც დოდოს თავს არ უდებდა, არც სასახლეში მოდენილ სეფექალებს (შ. დად.).

 

თავს ატეხს (რასმე) ეწვალება, მთელ ძალ-ღონეს ახმარს, თავს აკლავს (რასმე). (ბეგლარი) კიდევაც გუნებაში დასცინოდა მათ, ვინც რაღაცას ეძებდა, რაღაცეებს თავს ატეხდა, ვინ იცის, რისთვის, ან ვისთვის, და ამასობაში თავის თავს აკლებდა (დ. კლდ.).

 

თავს გადახდა (რამე) შეემთხვა, დაემართა (რამე). წაბლისერის გლეხკაცობას ბევრი რამ გადახდა თავს ამ დროის განმავლობაში (ე. ნინოშ.).

 

თავს გასვლა ზედმეტად გათამამება, გათავხედება, გაკადნიერება. (არსენა) გლეხებს აშფოთებს, ხელმწიფეს ეურჩება, ბატონსაც უბღვერის, ეხლა კი მეტისმეტად თავს გასულა: ქალსაც შეეცილა და საცაა აქ მოსვლასაც აუკრძალავს (მ. ჯავახ.). ის წითური აღა-მაჰმადი, მაიორია თუ დოზანა, მეტის-მეტად თავს გავიდა. თრიალეთს შემოესია და ქვას ქვაზე აღარა სტოვებს (მ. ჯავახ.).

 

თავს დავლა გზის მოჭრა და წინ დახვედრა. შიშმა მოიცვა აბაღა: ბექა თავს დაუვლიდა მას, უსათუოდ დაღუპავდა მის შემკრთალ ლაშქარს (ვ. ბარნ.). სანამ საქართველო ფეხზე იდგება, მაჰმადიანნი თავს ვერ დაუვლიან ბერძენთ; პონტის ზღვა აქედან დახშულია მათთვის (ვ. ბარნ.).

 

თავს დარბენა იხ. თავს დავლა. ის დაადგა იმ ბილიკს, იქნება ან ასმათს თავს დავურბინო, ან ცხენოსნებს დავეწიოო (გ. წერეთ.).

 

თავს დასტრიალებს მუდამ მასთან არის და მზრუნველობას უწევს, ემსახურება, უვლის, თავს ევლება. მე და ლამბალო „იოლდაშები“ ვართ. ისე დამტრიალებს თავს, რომ ბუზიც ვერ მიახლოვდება ხოლმე (მ. ჯავახ.). რა უყოს არზაყანმა ამ ერთგულსა და სათნო ძაბულის! სამსახური მიატოვა ბედშავმა მის გამო, ულუკმაპუროდ დაჰყარა ობლები ოქუმში. დღედაღამ თავს დასტრიალებდა არზაყანს (კ. გამს.).

 

თავს დასხმა თავდასხმის მოწყობა, გალაშქრება (ვისიმე წინააღმდეგ), თავზე დაცემა. შეგვიტყვეს, პოლიცია თავს დაგვესხა, მე კი გამოვასწარ და ჩემი საწყალი ძმა მოემწყვდიათ და დაეჭირათ (ილია). ბოლოს ინდაურებმა პირობა შეკრეს, რაკი თითო ვერას აკლებდა მამალს, რომ ერთად, კრებულად დასხმოდნენ თავსა და ჩაექოლათ (ვაჟა).

 

თავს დატეხა (რისამე) უეცრად რაიმე არასასურველის შემთხვევა. ეჭვი არ იყო, ქალაქის თავის საქციელს იმ შემთხვევაში სათანადოდ შეაფასებდნენ და შედეგისათვის პასუხისმგებლობას მასვე თავს დაატეხდნენ (ლ. ქიაჩ.). დიდი უბედურება დაგვატეხეს თავს ამ გერმანელებმა (ა. ბელ.).

 

თავს დატყდომა (რისამე) იხ. თავზე დატყდომა (რისამე). ზაქარა ჯიღაურის ოჯახის გარშემოც ნისლი მიადგა, გაიზარდა, მეხად იქცა და ანაზდეულად თავს დაატყდა (ს. მგალობ.).

 

თავს ევლება (ვისმე) ბანსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ყურადღებას აქცევს, უვლის, ემსახურება, თავს დასტრიალებს (ვისმე). როგორ უყვარდა კაჭკაჭს თავისი შვილები! როგორ ეალერსებოდა, როგორ უფრთხილდებოდა, თავს ევლებოდა (ვაჟა). ბეგლარი, რომელსაც მასპინძელი თავს ევლებოდა, ერთობ მხიარული იყო (დ. კლდ.).

 

თავს ზარის დაცემა იხ. თავზარის დაცემა. მოისმინა თუ არა თამარმა, გატაცებულსავით წამოვარდა ტახტიდამ, თითიაც, თითქოს თავს ზარი დაეცა, ხან ერთის კარისაკენ გაცუნცულდებოდა, ხან მეორისაკენ და არ იცოდა რა ექნა (ილია).

 

თავს იდებს (რამეს) იკისრებს, დაივალებს (რამეს). ჩვენ, რასაკვირველია, არ განგვიზრახავს, თავს ვიდვათ ამ საკითხის გადაჭრა (ა. ბელ). რაკი (ცხენის) მოძებნა მეც თავს ვიდევი, ძალიან იამა (ბან.).

 

თავს იკლავს მეტისმეტად წუხს, ღელავს; თავგამოდებით ცდილობს რასმე; ზედმეტი ჯაფით იტანჯება. საწყალი დედაჩემი რანაირად იკლამდა თავს, უნდა გენახა გულოჯან, მთელი ქვეყანა ზედ დაედო, მაგრამ ვერ დააყენეს (დ. ჭონქ.). მე ვუთხარი (ბახვას) შენი შეამხანაგება მადამ სალისთან, იმან თავი მოიკლა (გ. წერეთ.). (მას) შეუყვარდა ბატონიანთ ლამაზი გოგო ვაშლა და თავი მოიკლა, მინამ შეირთავდა (ს. მგალობ.). გზის კეთებით თავი მოვიკალი (გ. წერეთ.).

 

თავს იტეხს თავგამოდებით ცდილობს, წვალობს; ძალიან ბევრს ფიქრობს (რაიმე ძნელად გადასაწყვეტ საკითხზე), თავს იმტვრევს. ეს აუარებელი ხალხი რომ შეკრებილა, რაო, ჩემო? სიცოცხლეში არ ვუკითხივართ, ავადმყოფი არ ვუნახივართ, და ახლა კი თავს იტეხენ სიკვდილის შემდეგ (აკაკი). მთავრობას უნდოდა ფილმზე გადაეღოთ ეს ძველი მისტერია მომავლის მეისტორიების თავის სატეხად (კ. გამს.).

 

თავს იყოლიებს იხ. გულს იყოლიებს. გიგოც და დოსითეც იყოლიებდნენ თავს ღვინით (ბ. ჩხ.).

 

თავს კედელს ახლის იხ. კედელს თავს ახლის.

 

თავს ლაფის დასხმა იხ. თავზე ლაფის დასხმა. შინ მუუსვლელობა რაღაა მაინც? თუ ვინმემ გაგვაბახა და თავს ლაფი დაგვასხა, ამდონს ხანს მაინც რაა! (ე. ნინოშ.). ჰარიქა გვიშველე, თორემ გაგვლახეს, თავს ლაფი დაგვასხეს! (მ. ჯავახ.).

 

თავს მაღლა არ იღებს გულმოდგინედ, ბეჯითად, თავაუღებლად მუშაობს. (ხალხი) წელებზედ ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ ერიდება, ოღონდ წლის სარჩო მოიპოვოს (ილია).

 

თავს მაღლა იწევს იბღინძება, თავი დიდად მოაქვს, ამპარტავნობს, ქედმაღლობს. არა, შენ გეთაყვანე, ბრძანე წყალში გადავარდიო, გადავვარდები, და მოსე გძელაძესთან კი არ გაგეგზავნები, მეტად მაღლა იწევს თავს (ილია). აბა წინათვე ვიცი, თავი თავს არ მოვა და რაზედ შევრცხვე ეს დროული დედაკაცი, მეტად მაღლა იწევს თავს (ილია).

 

თავს მოგება გონს მოსვლა, გამორკვევა. სხვა რამ ფიქრს გაეტაცნა ირანის მფლობელი, სხვა რამ ჭმუნვა ესახებოდა ჭკვიან თვალებში. ბოლოს მოეგო თავს, მიაქცია ყურადღება კარისკაცებს (ვ. ბარნ.).

 

თავს მოსვლა (რისამე) დამთავრება, დასრულება, დაგვირგვინება, მოგვარება. (მკითხველმა) უნდა იცოდეს, რა ჯაფა იყო საჭირო, რომ ამ სკოლის საქმე თავს მოსულიყო (ილია). − გლეხი აღარ გვემორჩილება, ჩვენი ხელ-ფეხი ჩვენს თავს აღარ უგონებს, ამიტომ ჩვენი საქმეც თავს ვერ მოვა (მ. ჯავახ.).

 

თავს მოხვევა (რისამე) იხ. თავზე მოხვევა (რისამე).

 

თავს რეტის დასხმა იხ. თავბრუს დასხმა. სონიას თავს რეტი ესხმოდა ამ სიტყვებზე და ამ უცნაურად გახელებული კაცის ყვირილისაგან (დ. კლდ.).

 

თავს შემოვლება განსაკუთრებული მზრუნველობის გაწევა, ყურადღების მიქცევა, მოვლა, სამსახურის გაწევა, თავის შეწირვა (იხ. თავს ევლება). მუხლმოყრით გევედრებით მთელი შენი საყმო; თუ გვიკადრებს შენი დიდებულება, დიდად მადლობელი დაგრჩებით, თავს შემოგევლებით (ვაჟა).

 

თავს შემოუვლის მოუხერხებს რასმე, გააწყობს, შესძლებს რისამე გაკეთებას. როსაფი ძალიან წუხდა ამ გარემოებას, მაგრამ თავი ვერსაიდან შემოევლო (გ. წერეთ.).

 

თავსლაფის დასხმა იხ. თავზე ლაფის დასხმა. ქვეყანაში მე კარგა ხანია სახელიც გამიფუჭეს და ვაჟკაცობაც შემირცხვინეს, კმარა რაც თავსლაფი დამასხეს და აწი მე მიყურონ (დ. კლდ.). შევარცხვინე ღა თავსლაფი დავასხი ასეთ უქნარა ოცდაექვსი წლის ვაჟკაცს და მის მომავალსაც (გ. ნახუცრ.).

თავში ავარდნა გაყოყოჩება, გაამპარტავნება, გაამაყება, თავბრუდახვევა წარმატებისაგან.

 

ანბანის ცოდნა ისე აგვარდნია თავში, რომ შენი თავი მეცნიერი გგონია უკვე (გ. ნახუცრ.). ქება თავში აუვარდა (განმ. ლექს.).

 

თავში ამხანაგი უზის შეზარხოშებულთ, ნასვამია, მთვრალია. შენ იმას რას უყურებ, ძმაო, ვერა ხედავ, თავში ამხანაგი უზის! (თ. სახ.).

 

თავში ბზე უყრია უჭკუოა, არაფერი იცის. მაშ თქვენ გგონიათ, მე თავში ბზე მიყრია? არა, ძმობილო, მეც ჩემი ჭკუითა ვცხოვრობ! (ვაჟა).

 

თავში გარბენა (რისამე) გაფიქრება, უცებ აზრად მოსვლა (რისამე). „ჩვენც რომ არაფერი გვაქვს, მგონი“ − გაურბინა მას თავში და ამის შიშმა რეტი დაასხა (დ. კლდ.).

 

თავში დაკრული არანორმალური, სულელი. ამას გლეხი თავის დღეში არ იკადრებს, თუ სანდალასავით ღმერთგამწყრალი და თავში დაკრული არ იქნება (ილია).

 

თავში დარტყმული იხ. თავში დაკრული.

 

თავში დასცეცხლა შეშინდა, შეკრთა. − ახალი წასული იყავი, შვილო, ვიღაცამ დარეკა, სამხედრო რომ დავინახე, მაშინვე დამცეცხლა თავში (ა. ბელ.).

 

თავში იცემს ძალიან ნანობს (რასმე), ჯავრობს. − მოტყუებულა! ახლა კი ტირის, თავში იცემს (აკაკი). კუზმა თავში იცემდა გაზრდილის საქციელზე (შ. დად.).

 

თავში მოუვიდა (რამე) იფიქრა, აზრად მოუვიდა (რამე). არავის თავში არ მოუვიდა ეკითხა მისთვის ჩამოსვლის მიზეზი, რადგანაც ციცკა იმათთან დადიოდა არა იშვიათად (ა. ყაზბ.). უარის თქმა თავშიაც არ მომსვლია (ე. გაბ.).

 

თავში უქრის სულელია, ჭკუა აკლია, თავში დაძრულია.

 

თავში ქვა იცეს! იხ. თავში ქვა იხალოს! ჩვენ კი გულხელდაკრეფილები ვსხედვართ თუ? წადი და თავში ქვა იეცი და შენ აალაგე (ილია). − თავში ქვა იეც და ისა ჰქენი, − შე დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, რა პასუხია, როგორ იქნება?! (ილია).

 

თავში ქვა იხალოს! რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იცეს! - წადი ახლა, თავში ქვა იხალე და შეეჩვიე! აბა რა უნდა ქნა? (ილია). თავში დიდი ქვა იხალეთ და თქვენს ტურტლიან თავებს თქვენვე მოუარეთ (გ. ნახუცრ.).

 

თავწყლის გადენა მოხერხება, დასრულება, თავის გართმევა, თავის მობმა. დავრჩი ალოუხნავი და ამოდენა წვრილფეხობის სინაბარა, თავ-წყალი ვეღარ გამიდენია (რ. ერისთ.). ერთი ნამგალი რა თავწყალს გაადენდა შემოსულ ყანას? (ვ. ბარნ.).

 

თამაშას ნახვა ცუდ დღეში ჩავარდნა, გამწარება. აი, დამაცადოს! ერთი მეც ცოლი შევირთო და ოჯახს მოვეკიდო, ზოგიც მაშინ ნახოს თავისი თამაშა (ილია).

 

თამაშას ჩვენება შავი დღის დაყრა, გამწარება, სეირის ჩვენება. აბა, ერთი გაბედე და ძმას ნუ დაიყოლიებ, მერე გიჩვენებ მე თქვენს თამაშასა (ილია). ვაი ჩემო ყმაწვილბიჭობავ, რა გითხრა, თორემ მე ვაჩვენებდი ემას თამაშას (ა. ყაზბ.).

 

თასლიბის გაწევა დამშვიდება, გამხნევება, ნუგეშისცემა. (არაბ. თასლიბ გამაგრება). რა ვქნა, შენი ჭირიმე, ჩემო ახალო მოყვარევ! ავადა ვარ, თასლიბს ვერ გავუწევდი (ილია). ყველას ვალად მიაჩნდა, უბედურების დროს ოჯახისათვის თასლიბი გაეწია (ი. ელეფთ.).

 

თაფლი გადმოსდის პირიდან იხ. პირიდან თაფლი გადმოსდის.

 

თაყვანს სცემს დიდ პატივს სცემს, უყვარს, ეთაყვანება; დიდი პატივისცემით, მოწიწებით ესალმება. (მომდინარეობს გამოთქმიდან: თავს ყანას (ანუ მიწას) სცემს, ე. ი. პატივისცემის ან მორჩილების ნიშნად თავს დაბლა ხრის). სიცოცხლეშივე გმირად დასახა ქართველობამ (ერეკლე), თაყვანსა სცემდა ქართველობა (ვ. ბარნ.). ნუ მიხვალ, ჩემო, და თაყვანს გცემ უკუნითი უკუნისამდე (კ. გამს.). აი, ამგვარ კაცის წინ მოვიდრეკ თავსა და თაყვანსა ვცემ (ილია). პირველმა ჯერ თაყვანი მცა და მერე დაიჩოქა ჩემ წინ (აკაკი).

 

თეთრი კბილის ჩვენება ფარისევლობა, პირმოთნეობა, ფლიდობა. სტუმარმა მადლობა გადაუხადა და წამოდგა, მაგრამ მასპინძელმა არ გაუშვა, ჩაი მიართვა, თეთრი კბილი უჩვენა, მიუთითლიბაზა (ვ. ბარნ.). თეთრ კბილს გვიჩვენებს, გვიცინის, გული სავსე აქვს შხამითა (ვაჟა).

 

თვალებზე ხელის აფარება სინამდვილის განგებ არდანახვა, თვალის დახუჭვა. თვითონ განგებ თვალებზე ხელი აუფარებია, განგებ ყურებში ბამბა დაუცმია და ჰგონია, რომ სხვა ყველანიც დაბრმავდებიან, დაყრუვდებიან და ეშმაკობას, კუდიანობას ვერ მიუხვდებიან (ილია).

 

თვალები დაუყენა იხ. თვალი დაუყენა. შენს მტრებს იმითი თვალებს დაუყენებ (დ. ჭონქ.).

 

ვალებიდან ცეცხლის ყრა განრისხება, გააფთრება, გაავება, ცოფების ყრა. ტყუილი და ამაოა მასთან ლაპარაკი. ისეთი გააფთრებულია, რომ მეტი არ წარმოიდგინება. თვალებიდან ცეცხლსა ყრის. ღმერთი მეფიცოს, შევძრწუნდი, რომ შევხედე (ბან.).

 

თვალებით ჭამს (ვისმე, რასმე) ხარბად, დაჟინებით, თვალმოუშორებლად უყურებს (ვისმე, რასმე). (ჯარისკაცები) თვალებით სჭამდენ დიასახლისს, რომელიც გასაშრობად გაფენილ ხორბალს ჰკრეფავდა (მ. ჯავახ.). ის ქალი და თომა პირისპირ სხედან და ერთმანეთს ქურდულად სჭამენ თვალებით (მ. ჯავახ.).

 

თვალების აბმა იხ. თვალის ახვევა. ოჰ, მამულის კვამლო, მართლა-და ტკბილი და სასიამოვნო ხარ: ხანდახან ისე აგვიბამ თვალებს ხოლმე, რომ ჩვენ ჩვენს საკუთარს უბედურებასაც ვერა ვხედავთ (ილია).

 

თვალების ახელა იხ. თვალის ახელა. საჭირო იყო გამორკვევა, თვალების ახელა და დაკვირვებით სწორ გზაზე გავლა (აკაკი). არ დავკვირვებივარ დღემდის და იმიტომ არაფრად მიმაჩნდა. დღეს ამეხილა თვალები და გეფიცები, ვიქტორ, უმაგისოდ ერთ წუთას გაძლება არ შემიძლია! მომაჯადოვა, მომაჯადოვა მაგ დაწყევლილმა (დ. კლდ.).

 

თვალების ახვევა იხ. თვალის ახვევა. რამდენი ხანია გეხვეწები, რომ ამ ოჯახს ეგ როგორმე მოაშორო, მაგრამ ის ფარისევლობით თვალებს გიხვევს და ჩემი აღარა გჯერა-რაო!

 

(აკაკი). რამდენჯერ მოტყუვდა იმ ქალზე თომა! დღეს აღარ მოტყუვდებოდა, მაგრამ შავმა ტანისამოსმა და ნამტირალევმა პირსახემ თვალები აუხვიეს, ეხლაცგაფუფქულსავით გამოტრიალდა (მ. ჯავახ.).

 

თვალების გახელა იხ. თვალის გახელა. − ძალიან მინდა ქართული წერა-კითხვა მაინც ვიცოდე, გავიგებ ქვეყნის ავ-კარგს, მეც გამეხილება თვალები (შ. დად.).

 

თვალების გულში ჩაბრუნება თავისი საქციელის დაკვირვება-შეფასება, საკუთარ გულში ჩახედვა. არა გვგონია ქვეყნიერებაზედ იმისთანა საზოგადოება იყოს სადმე, რომ თითო ორჯერ მაინც ამისათვის არ გამოაფხიზლოს კაცი, ისეთი რამ არ მოუვლინოს, რომ კაცს თვალები ძალაუნებურად გულში არ ჩაუბრუნოს თავის თავის განსაკითხავად (ილია).

 

თვალების დაბრმავება სინამდვილის განგებ არშემჩნევა, თვალის ახვევა. რად ვიბრმავებთ თვალებს და ჭეშმარიტს მიზეზს ჩვენის სისუსტისას პირდაპირ თვალს არ ვუსწორებთ (ილია). ბახუტო თემის უფროსს უყვიროდა: − შენ თვალებს იბრმავებ, შენ ხედავ ყველაფერს და ხელს აფარებ (ს. შანშ.).

 

თვალების დარჩენა (ვინმეზე, რამეზე) იხ. თვალის დარჩენა (ვინმეზე, რამეზე). ნიშნის მომტანი რომ მოვა და იმ გოგოსა ნახავს, არ მივა და არ ეტყვის: რას გაგიჟებულხარო, ქალია, რომ თვალები ზედ დაგრჩებაო?! (ილია). ჯარში, საცა კი ის დაესწრებოდა, ყველას იმაზე რჩებოდა თვალები (გ. წერეთ.).

 

თვალებში აქვს ჭკუა უჭკუოა, მოვლენებს ზერელედ, გარეგნული ეფექტის მიხედვით, შინაარსის გაუთვალისწინებლად აფასებს. ეს კაცი არ ვარგაო იმისთვისაო, რომ მტვრიანი ტანისამოსი აცვიაო?! ვინც ამგვარად შინჯავს საქმეს და ამგვარ დამტკიცებაზე ამყარებს თავისს აზრსა, იმას თვალებში ჰქონია ჭკუა (ილია).

 

თვალებში მტვრის შეყრა იხ. თვალებში ნაცრის მიყრა. (ღეჭიაშვილს) თავის სამშობლოს სალაროში ხელუკუღმა ცოტაოდენი წვლილი შეჰქონდა. ამით მეგობრებს თვალებში მტვერი შეაყარა (ს. მგალობ.).

 

თვალებში ნაცრის მიყრა მოტყუება, თვალის ახვევა, ყინულზე გაცურება. ჟინმა მომიარა, ჩამექროლებინა. ჩემი ცხენით, რომ მტრისათვის თვალებში ნაცარი მიმეყარა (შ. არაგვ.).

 

თვალთან თითს ვერ მიიტან ძალიან ბნელა, უკუნი ღამეა. დაღამდა, მაგრამ საშინელმა დღემ ღამეც ისეთი ლუსკუმო წამოანთხია, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდა კაცი (ბან.).

 

თვალი დაადგა (ვინმეს, რამეს) ყურადღება მიაქცია, ამოიჩემა; მოეწონა,თვალში მოუვიდა. ბოლოს თვითონ თომასაც დაადგეს თვალი, ქურდად მიიჩნიეს, მილიციაში დაიბარეს, გამოჰკითხეს და კინაღამ დააპატიმრეს (მ. ჯავახ.). დღეს კი საბოლოოდ დაადგა თვალი ოძელაშვილს და გადასჭრა, თავის ამალა ამ ბიჭითაც დაემშვენებინა (მ. ჯავახ.)

 

თვალი დაუდგება შურით გულზე გასკდება, ძალიან ნაწყენი დარჩება. ერთი თვეც, ერთადერთი, და ლუარსაბს შვილი ეყოლება და დავითს თვალი დაუდგება (ილია). − ხალხს ისე უნდა ეჩვენო, შვილო, რომ მტერს თვალი დოუდგეს, გული მოუკლა და ენა მუცელში ჩაუგდო (დ. კლდ.).

 

თვალი დაუყენა (ვისმე) შურით გულზე გახეთქა, გაამწარა (ვინმე). ჯამბაკურ დღე ლილას იღებს, ღამღამობით ღებავს შალსო, მოყვრისთვის საჩოხედ უნდა, დაუყენებს მის

 

მტერს თვალსო! (აკაკი). შვილებმა იქეიფეს, დედ-მამამ მტერს თვალი დაუყენა და მოყვარეს გული გაუხარა ოჯახის ბედნიერებით (ნ. ლორთქ.).

 

თვალი უჭირავს (ვინმეზე, რამეზე, ვინმესკენ, რამისკენ) მზრუნველობას უწევს, ყურადღებას აქცევს, თვალყურს ადევნებს (ვინმეს, რამეს); გული მიუწევს (საითკენმე, რამისკენ). პეტრე დიდს კარგა ხანია თვალი ეჭირა სპარსეთზე (ილია). (ის) მოხუცებას თავს არ უდებდა, ოჯახზე წინანდებურად ეჭირა თვალი (ე. ნინოშ.). ომის ტვირთის გამო გლეხი დრტვინავდა, მოსარჩლეს ეძებდა, იარაღს იძენდა და მგელსავით ტყისკენ ეჭირა თვალი (მ. ჯავახ.). მაინც ველურები ხართ, მუდამ მუშტსა და ხანჯალზე გიჭირავთ თვალი (მ. ჯავახ.).

 

თვალიდან ბეწვის გამოცლა იხ. თვალსა და თვალს შუა ბეწვის გამოცლა.

 

თვალის აბმა იხ. თვალის ახვევა. არა, ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? (ილია).

 

თვალის ახელა მანამდე შეუცნობელის შეცნობა, მიხვედრა, გათვითცნობიერება, შეგნება, გონს მოსვლა, გამორკვევა. სიცოცხლეში ხშირად არ მოგვევლინება იმისთანა რამ, რომ ჭკუა გვასწავლოს, თვალი აგვიხილოს (ილია). ასე თვალი რომ აეხილა და ეს ფიქრი რომ დაებადა გულში, სწორედ იმ წამიდან რაღაც დამნაშავედ ჩასთვალა თავისი თავი ცოლის წინაშე (დ. კლდ.). გლეხობას დიდი მიწისძვრა და მეორედ მოსვლაც კი ვერ გააღვიძებდა, არსენამ კი ყველანი პანტასავით დაარხია და თვალი აუხილა (მ. ჯავახ.).

 

თვალის ახვევა სინამდვილეში, საქმის ნამდვილ ვითარებაში გარკვევის საშუალების მოსპობა, მოტყუება, შეცდენა. ეჭვს გარეშეა, რომ რაღაცას გრძნობენ, მაგრამ ასეთი თავშეკავებული მდუმარებით საზოგადოებას თვალს უხვევენ და ჩვენ კი საკმაოდ გვაგრძნობინებენ (ბან.). არზაყანმა თვალის ასახვევად ვითომდაც მომეტებულის გულისყურით დაუწყო თვალიერება ამ წიგნს (კ. გამს.).

 

თვალის გადავლება დაკვირვება, ჩაფიქრება, მეხსიერებაში აღდგენა (რისამე); გადახედვა, გადათვალიერება. მან თავის წარსულს თვალი გადაავლო (მ. ჯავახ.). რაც ყაჩაღად გავარდა, მას შემდეგ ერთხელ ძლივსძლივობით გადაავლო თავის ოჯახს თვალი (ე. ნინოშ.).

 

თვალის გახელა რისამე მიხვედრა, გაგება, გათვითცნობიერება; ჭკუაში ჩავარდნა, გამოფხიზლება, თვალის ახელა. ყირიმის ომმა თვალი გაახელინა რუსეთს (აკაკი). ეხლა კი გლეხებმა გაახილეს თვალი, დაუწყეს იმათაც სამაგიეროს გადახდა (ე. ნინოშ.). − შენ თუ ამაზე მეტათ თვალი არ გაახილე, ცოცხლათ შეგჭამენო (ე. ნინოშ.). გავიდეს სოფლის გარეთ, თვალი გაახილოს, ისწავლოს, ეგებ სოფელსაც უკეთ გამოადგეს (ო. ჩხ.).

 

თვალის დაბრმავება იხ. თვალების დაბრმავება. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ (ილია).

 

თვალის დარჩენა (ვინმეზე, რამეზე) ძალიან მოწონება (ვისიმე, რისამე). როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე უხდებოდა ღიმილი (ილია). პატარა იყო შემკული

ბაღჩა; თვალი კი ყველას მასზე რჩებოდა. ყველას უნდოდა იმის სინაზით თვით დამტკბარიყო (ნ. ლორთქ.).

 

თვალის დახამხამებაზე იხ. თვალის დახამხამებაში. ქალმა ვერ მოასწრო ოთახის კარებთან მისვლა, როდესაც იასაულები უკანიდან მიეპარნენ, მოიტაცეს და ერთს თვალის დახამხამებაზედ შეიტანეს დიამბეგის ოთახში (ა. ყაზბ.). თვალის დახამხამებაზე მოხდა ეს ყველა (ვ. ბარნ.).

 

თვალის დახამხამებამდე იხ. თვალის დახამხამებაში. იქვე ახლოს ჩასაფრებული ქართველი ჯარი შემოერტყა გარს, თვალის დახამხამებამდე გადაუჭრა უკან დასაბრუნებელი გზა და თითქმის დატყვევებულებს დაერიაო (აკაკი). ხალხმა თვალის დახამხამებამდე გამოსჭრა გრძელი კავი (ე. ნინოშ.).

 

თვალის დახამხამებაში უცბად, სწრაფად, მყის, ელვის სისწრაფით. ჰაკიმ უცბად სასიკვდილოდ დაჭრილივით ამოიგმინა და თვალის დახამხამებაში თავის ადგილს მოსწყდა (ლ. ქიაჩ.).

 

თვალის დახუჭვა სინამდვილის განგებ არდანახვა, უგულებელყოფა (გველის სილამაზე) ერთგვარი სინამდვილეა... მის წინაშე თვალის დახუჭვა შეცდომა იქნებოდა (ა. ჭუმბ.).

 

თვალის დევნება იხ. თვალყურის დევნება. თვით მეფის კარსაც ჰყოლოდათ შეთქმულებს კაცები. დაასკვნეს, თვალი ედევნებინათ ორგულებისათვის და ჭეშმარიტებით გაეგოთ ყოველივე (ვ. ბარნ.).

 

თვალის თვალში გაყრა პირდაპირ თვალებში ყურება, დაჟინებით თვალებში. ოტია შეჩერდა და მაშვალს თვალი თვალში გაუყარა (დ. კლდ.). თომამ და იმ დედაკაცმა ერთის წუთით ურთიერთს თვალი თვალში გაუყარეს (მ. ჯავახ.).

 

თვალის მოტყუება წათვლემა, ცოტა ხნით წაძინება. ახლა კი ცოტა მივწვეთ და თვალი მოვატყუოთ! (აკაკი). უკანასკნელ, როგორც იქნა, ნიკოს ჩაეძინა, ივანემაც მიდო თავი და, როგორც იტყვიან, თვალი მოატყუა (ე. ნინოშ.). ნასადილევს ოდნავ თვალის მოტყუება ოღონდაც რომ საჭიროა (მ. ჯავახ.).

 

თვალის მოჭრა თვალის არევა, თავბრუს დახვევა; მოხიბვლა. ოქროს ელვარებამ დიდსა და პატარას თანასწორად მოსჭრა თვალი და ყველას ჟრუანტელმა დაუარა ტანში (აკაკი). ნატას თვალი მოსჭრა მშვენიერმა ვაჟკაცმა (გ. ნახუცრ.). პატიოსან ალმასის თვალს ქოხში ნახავ თუ სრა სასახლეში, ორგანვე თვალს გჭრის ის ტიალი. (ბან.).

 

თვალის მოხუჭვა სიფხიზლის მოდუნება, უყურადღებობა; წაძინება. ის კი არ იციან, რომ თუ წუთისოფელს ერთ ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა (ილია). მთელი ღამის განმავლობაში არც ერთს თვალი არ მოუხუჭავს (ა. ბელ.).

 

თვალის სინათლე ძვირფასი, სათაყვანებელი არსება, თვალის ჩინი. გაიზარდე, ჩემო თვალის სინათლევ, და გაახარე აქ დედაშენი და იქ მამაშენი (ილია). რეიზა მომიკალით ჩემი ოქრუა, ჩემი თვალის სინათლე ოქრუაი! − ამბობდა ის ტირილით (ე. ნინოშ.).

 

თვალის ჩინი მხედველობა, ხედვის უნარი; ძვირფასი, ძალიან საყვარელი არსება, თვალის სინათლე. მაიორს თვალის ჩინიც აკლდა და ყურთა სმენაც (მ. ჯავახ.). შენს სატევარს, შენს ლეკურს უვლისო ისე, როგორც საკუთარ თვალის ჩინს და გულის იმედს (კ. გამს.). საჯაროდ გავამასხარავებ, როგორც შენ გაგამასხარავა გაძევების დროს, ჩემო თვალის ჩინო (შ. დად.). სარდალმა ჩააბარა ქალი საჭურისს და უბრძანა თვალის ჩინივით გაფრთხილებოდა (ვ. ბარნ.).

 

თვალს არ ახამხამებს საფრთხე არ აშინებს, შეუპოვრად არის. ომში განსწავლულ სალდათს რომ ზარბაზანი პირდაპირ ესროლო, თვალს არ დაახამხამებს (გ. წერეთ.). უცქირეთ, ერთი უცქირეთ, არ ახამხამებს თვალსაო! (ვაჟა).

 

თვალს წყალი დაალევინა გაერთო, ისიამოვნა (რაიმე სანახაობით), გული გადააყოლა. ამდონი ხანია ტირილიდან არ მოუსვენია მის თვალებს! დღეს ერთს მაინც გაიხედ-გამოიხედავს, თვალს წყალს დაალევინებს (ე. ნინოშ.). კარგა ხანია ქალაქში არა ვყოფილვარ, − ფიქრობდა საამი; − დავათვალიერო მაინც იქაურობა, თვალს წყალი დავალევინო (ვ. ბარნ.).

 

თვალსა და თვალს შუა ბეწვის გამოცლა ოსტატურად მოტყუება. ჩემს მტერს თვალსა და თვალს შუა ბეწვს გამოვაცლი (გ. წერეთ.).

 

თვალსა და ხელს შორის იხ. თვალსა და ხელს შუა. ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შორის გამეპარა და რა მოვასწარი? (კ. გამს.).

 

თვალსა და ხელს შუა უეცრად, შეუმჩნევლად, მოულოდნელად; თვალწინ. (სამსონს) უნდა, რომ თვალსა და ხელს შუა მოგვატყუოს (აკაკი).

 

თვალყურის დევნება ყურადღების მიქცევა, პატრონობის გაწევა, თვალის დევნება. მოსამსახურეებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა, რომ ცუდი არა ჩაედინათ რა (აკაკი). მოხუცი მერიგენი ჯირკვებზე ისხდნენ, ახალგაზრდების საქმიანობას თვალყურს ადევნებდნენ (კ. გამს.).

 

თვალში ამოღება ათვალწუნება, შეძულება, ამოჩემება. მე კი მაინც ჩემსას ვიტყვი, რატომ ამომიღო თვალში? მე, მე რად გადამცა ხატზედ? (დ. კლდ.). ვისაც თვალში ამოიღებს, სიცოცხლეს გაუმწარებს (განმ. ლექს.).

 

თვალში დაჯდომა მოწონება, თვალში მოსვლა. − არა, რაცხა ისე დამიჯდა თვალში, უნდა შევირთო! (ე. ნინოშ.). − რა ვქნა, ჩემო მულო, რომ არ ვხედავ არსად, თვალში რომ დამიჯდეს, იმისთანა ქალს, − უპასუხა ხვარამზემ (ე. ნინოშ.).

 

თვალში ეკლად სჩრია (ვინმე, რამე) არ მოსწონს, ეჯავრება, სძულს (ვინმე, რამე); შურს (რამე). ეგ იმიტომ, რომ ამ სამში ილია ჭავჭავაძეა, რომელიც თვალში ეკლადა სჩრია და რომლის ჯავრი გულს მოსწოლია და არ ასვენებს (ილია). განა აშკარა არ არის, რომ მარტო ქართველების ნამეტანობა ამიერკავკასიაში თვალში ეკლად გასჩრიათ (ილია).

 

თვალში ეკლად უზის (ვინმე, რამე) იხ. თვალში ეკლად სჩრია (ვინმე, რამე). ბეჟანს თვალში ეკლად უჯდა თავისი კეთილმყოფელი სტოლნაჩალნიკი (ილია).

 

თვალში ეჩხირება მუდამ თვალწინ არის, ძალაუნებურად ყურადღებას იქცევს; არ მოსწონს, თვალში არ მოსდის. წინა სკამიდან სულ უკანასკნელზე გადამსვა (მასწავლებელმა): „თვალში ნუ მეჩხირებიო!“ (აკაკი). მაშინ, ბატონყმობის დროს, ამგვარი ქცევა საარაკო იყო და დედაჩემის მოქმედებაც ბევრს თვალში ეჩხირებოდა (აკაკი). − უსინდისოვიყო, თუ არ წავიდე, − გულწრფელად წამოიძახა გრიშამ, − აქ მაინც სულ თვალში ვეჩხირები სუყველას (ა. ბელ.).

 

 

თვალში ეცა (რამე) პირველ რიგში შეამჩნია (რამე), თვალსაჩინო იყო (რამე). სახლში რომ შესულიყავით, ყველაზე უწინარეს თვალში გეცემოდათ სიფაქიზე, დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა (ილია). თამარს თვალში ეცა მისი გაპარსული, კრიალა თავი და ბებერი ხარის ქედსავით დანაოჭებული კისერი (კ. გამს.).

 

თვალში მოსვლა მოწონება. ბატონი დიამბეგი მობრძანდა გლახას სოფელში და დაუწყო არშიყობა გლახას ცოლს, რომელიც, სავაგლახოდ, სადღაც ენახა და თვალში მოსვლოდა (ა. ყაზბ.). ენაცვალოს დედისერთას მართა! მაშინ ოციოდე მზითვიანსა და ლამაზ კახელ ქალს მოუგროვებს თავის ნასწავლ შვილს. აირჩიოს ვინც თვალში მოუვა (მ. ჯავახ.).

 

თვალში ნაცრის ჩაყრა იხ. თვალებში ნაცრის მიყრა. თავადმა ესტატემ წინამძღოლობის დროს უფრო მაღლა დაიწყო ყვირილი საქართველოსა და ერზე იაფფასიანი ჩვენი მწერლები − ლიტერატორები ესტატეს ტაშს უკრავდნენ. ამ მხრივაც ესტატემ ზურგი გაიმაგრა, ყველას თვალში ნაცარი ჩააყარა, დააბრმავა (ს. მგალობ.).

 

თვალში უზის უყვარს (ვინმე), მზრუნველობას უწევს (ვინმეს), მუდამ ფიქრობს (ვინმეზე). აბა რომელი ჩვენგანი უზის მიხაკას თვალში, ან რომელმა მოუგო იმას გული? (მელან.).

 

თვალწინ დაუდგა ნათლად მოაგონდა, წარმოიდგინა, თვალწინ წარმოუდგა. (ბახვას) სულ თვალწინ უდგა იერემიას ავკაცობა, მისი დამუქრება, მისი უზნეო გულის თქმანი (გ. წერეთ). (არზაყანს) თამარ შარვაშიძე და თარაშ ემხვარ თვალწინ დაუდგა (კ. გამს.).

 

თვალწინ ეხატება ნათლად აგონდება, წარმოიდგენს, თვალწინ უდგება. დღე-დღეზე სიკვდილს ელოდა მუცელა, ლოცულობდა, ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, რომელიც ეხლა თვალწინ ეხატებოდა (ვაჟა). ოტიას თვალში იგი ბევრად სჯობდა ქველიძის ქალიშვილს, რომელიც, მისდა უნებურად, თვალწინ ეხატებოდა, და რომელსაც ადარებდა ამ ახლად გაცნობილს (დ. კლდ.).

 

თვალწინ წარმოუდგა იხ. თვალწინ დაუდგა. ეს ნახული სურათი უეცრად წარმოუდგა ბახვას გონებას თვალწინ (გ. წერეთ.).

 

თითებში გაძვრენა (ვისიმე, რისამე) გაპარება, ხელიდან გამოცლა (ვისიმე, რისამე). გლეხები უკვე ცუღლუტად იღიმებოდნენ, რადგან არსენას რაზმი ამოდენა ჯარს თითებში გაუძვრინეს (მ. ჯავახ.).

 

თითზე დაჭდევა (რისამე) დახსომება (რისამე). საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის და საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღეღამ გუნებაში ვიქონიოთ (ილია).

 

თითზე დახვევა (რისამე) რისამე ამოჩემება და საბაბად, საბუთად გამოყენება, ხელზე დახვევა (რისამე). ვიცით, შენი ჭირიმე, რა ნათესაობაც იზიდავს მამალიძეს ჩამწარდაძისას! ლამაზი ტასო უყვარს და ბოდიშის მოსახადათ ნათესაობა დაუხვევიათ თითზეო (ე. ნინოშ.).

 

თითზე დახვევა (ვისიმე, რისამე) დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე, რისამე). − ახლა აქაურობა თითზე დავიხვიე და მათს საყვარელ არსენას მათვე დავაჭერინებ (მ. ჯავახ.).

 

თითზე კბენა იხ. თითზე კბენანი. შენს შორსჭვრეტას არაფერი დაემალება, მთავარო. ღვთივ მიხვედრილი აზრია, მაგრამ აქამდე რისთვის არ ვიფიქრეთ! − თავაზიანად უთხრა მოსახვედრი სიტყვა ჩიჩუამ და გულში კი გაიფიქრა: მხოლოდ შენებრ უჭკუოთა ხვედრია გვიანღა თითზე კბენაო (ბან.).

 

თითზე კბენანი დანანება, სინანული, მონანიება. მარგომ გაიგო და შეიგნო, რომ გვიანღა იყო თითზე კბენანი და კბილთა ღრჭენანი (მ. ჯავახ.). მაშ ფრთხილად, ჯადოსნებო, ეს წვენი არ დაიკლოთ და სული ფორმულებით არ მოიწამლოთ, თორემ გვიანღა იქნება თითზე კბენანი (მ. ჯავახ.)

 

თითით საჩვენებელი საუკეთესო, შესანიშნავი, ძალიან კარგი. სამაგალითო, მისაბაძი; ძალიან ცუდი, გასაკიცხი. თუმცა თითით საჩვენებელი ქალაქმთავარია, მაგრამ მაინც აფსუს, რომ მისთანა კაცი წვრილმან საქმეებს გამოსდგომია (აკაკი). თქვენი სახელი კიდით-კიდემდე გაითქმის და თვალ-მოჟუჟუნე ქალები თქვენს ქებას წარმოსთქვამენ ნაზის ტუჩებით! თქვენ შეიქნებით ყველასაგან თითით საჩვენებელნი! (ა. ყაზბ.). რად ჰხდებით ქვეყნის სასაცილოდ, თითით საჩვენებლად ან თვით, ან ჩვენაო? (ვაჟა). სოფელმა თუ თავი არ გაიმაგრა, ნამუსი გაწყვება სოფელში, სირცხვილს ვჭამთ და ჩვენი სოფელი თითით საჩვენებელი გახდება (ს. მგალობ.).

 

თითის დაწება ხელის დაკარება, ვნება, გაბედვა (რამე საზიანო მოქმედებისა). თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ! მაშინ ნახავ შენს სეირს (ილია). ნუ გეშინია, ნენავ, თითი რომ დაგაწოს, სულ ამოვჟლეტ ყველას, − ანუგეშებდა სამსონა (ე. ნინოშ.).

 

თითის მოკაკვა თავის დამარცხებულად ცნობა, ქედის მოხრა. თითონვე თავის პირით მითხრა: ბაყბაყდევი ხარ. თითიც მოიკაკვა და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა: სანაძლევო მოიგეო (ილია). მოგვაკაკვინა თითი და სიცილი დაგვაყარა (აკაკი). − რაო მელიტონ, გამიმართლა ხომ? − ვკაკვავ თითს, დავით ჩემო, − ღიმილით უპასუხა მელიტონმა (ა. ბელ.).

 

თმების ყალყზე დადგომა შეშინება, შეძრწუნება; აღელვება, აღშფოთება. გლეხკაცის სიკვდილის ამბავი რომ წავიკითხე, სწორედ მოგახსენოთ, თმები ყალყზე დამიდგა და კანკალი მომივიდა. ხუმრობაა, კაცის სიკვდილის მიზეზად გახდომა? (ილია).

 

თმის მაღლა წასვლა იხ. თმების ყალყზე დადგომა. თმა მაღლა წამივიდა, მეგონა, ვაი თუ თამრო გათავდა კიდევაც-მეთქი (შ. არაგვ.).

 

თმის ყალყზე დადგომა იხ. თმების ყალყზე დადგომა.

 

თმის ყალყზე შედგომა იხ. თმების ყალყზე დადგომა. როცა ჩემი ძმა წამოდგა და შენ ჯიბეების ჭრა დაგიწყო, გული დამეთანაღრა, ავიმრიზე, თმა ყალყზედ შემიდგა (ილია). თუ ერთი რამ დაიძრა იმ შენობისა, რომელსაც აღმოსავლეთის საქმეს ეძახიან, არამცთუ თმა ყალყზე შეუდგება ევროპის პოლიტიკას, არამედ ყველა ხმალზე ხელს წაივლებს (ილია).

 

თოკის წაჭერა ყელში უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგდება, შევიწროება, შეწუხება. უარესად წაუჭირეს სოფელს თოკი ყელში (ს. მგალობ.).

 

თქვენი ჭირი წაიღო მოკვდა, ჩააბარა სული უფალს, აღარ არსებობს. ერთ დღეს, თითქო ამოდენა ლოდინით თავი მობეზრდაო, თერძმა თქვენი ჭირი წაიღო (ე. ნინოშ.). მე მყავდა ორი სამაგალითო მიმინო და ორივე სამეგრელოს ჰავამ დამიხაშმა და კიდეც წაიღეს თქვენი ჭირი (ბან.).

11

▲back to top


 

ია-ვარდს უფენს ალერსიანად, ტკბილად ექცევა, თავს ევლება. უნდა დავუყვავოთ, ია-ვარდი წინ დავუფინოთ! (აკაკი).

 

იალქნ(ებ)ის აშვება თავის აშვება, აწყვეტა, დაურიდებლობა, აფრის აშვება; მოქმედების თავისუფლების მოპოვება. მეფე კოჯორშია სააგარაკოდ; ისევ აუშვა იალქნები: დიდებულთა ქალ-რძლით არისო გარს შემორტყმული (ვ. ბარნ.).

 

ილაჯის გაწყვეტა დაქანცვა, დასუსტება, ძალის გამოცლა, ქანცის გაწყვეტა; თავის მობეზრება, შეწუხება. (ილაჯი მომდინარეობს არაბულიდან და ნიშნავს: საშუალება, წამალი; მკურნალობა). დალახვროს ღმერთმა! ილაჯი გამიწყვიტეს (აკაკი). დიდებულ მებატონეს თავი მოაბეზრეს მოშამ და მანუქამ სასამართლოებში თრევით. ის შიშითა და მწუხარებით მოელოდა დღე-დღეობით თავის მამულზე ვაჭრობის დანიშვნას. შეწუხდა, თითქმის ილაჯი გაუწყდა მებატონეს (გ. წერეთ). ის გლეხები, რომელთაც მათ უღალატეს ილაჯს შეწყვეტდნენ თუ ხის წართმევით, თუ ცრუ მოწმობით (ე. ნინოშ.).

 

იოტის ოდენა ძალიან პატარა, სულ მცირე, ერთი ბეწვა. „ოღონდ ახლა კი მაპატიეთ და გეფიცებით, ჩემს სიცოცხლეში იოტის ოდენას აღარას გაწყენინებთო“ (ი. გოგებ.).

 

იოტის ოდენად ოდნავ, სულ ცოტათი. საქმე იოტის ოდენადაც წინ არ მიდიოდა (ა. ყაზბ.). გული იოტის ოდენადაც არ შეჰკვნესოდა ზაქარას (ს. მგალობ.). მთელი დღე არ შეწყვეტილა ქარის ზუზუნი და ამინდს იოტის ოდენადაც არ ეტყობოდა გამოდარება (ა. ბელ.).

 

ირმის ნახტომი ღამით ცის თაღზე გავლებული, უამრავ ვარსკვლავთაგან შედგენილი ოდნავ მოელვარე ზოლი. უხვად მობნეული ვარსკვლავები უფრო მკაფიოდ მოკრთოდნენ, ციმციმებდნენ და ჩვენ თვალს აცეცებდნენ, სარტყლად გადავლებული „ხარის ნავალი“ გადაჰჭიმოდა ზედ შუაზე ცას. „ირმის ნახტომი“ კი შუა ცაზე სწყდებოდა (შ. არაგვ.). ევროპის ზურგზე შენი ჩქარი გადაჭენება დარჩება ცაზე განათებულ ირმის ნახტომად (პ. იაშვ.).

 

იხტიბარს არ იტეხს გულს არ იტეხს, იმედს არ კარგავს, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნას არ იმჩნევს. (არაბ. იხთიბარ გამოცდილება, მოხერხება). მისი სიმღერები, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შეზარხოშებულ მოქეიფეებს თუ მოეწონებოდათ, მაგრამ ლილი იხტიბარს არ იტეხდა და გულმოდგინედ განაგრძობდა ვარჯიშს (ა. ბელ.), ემუხვარი, როგორც სარდალი, სხვების თვალში იხტიბარს არ იტეხდა, თორემ ყველაზე მეტად ის გრძნობდა, რომ გამოუვალი საფრთხის წინაშე იდგა (ბან.).

12

▲back to top


 

კაკას ხიდის გავლა უკვალოდ დაკარგვა, დაღუპვა, ჩაილულის წყლის დალევა (თედო სახოკიას განმარტებით, ქვემო იმერეთიდან მოტაცებული ტყვეები თურქეთში გაჰყავდათ კაკას ხიდით, რომელიც თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობდა. ამ ხიდს იქით გადაყვანილი ტყვე საბოლოოდ დაკარგული იყო. ამ გარემოებას უკავშირდება იმერეთში შემონახული ეს იდიომი).

 

კალაპოტში ჩადგომა ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა, დალაგება, ნორმალური გზით წასვლა. დიდი ზეიმისა და დღეობის შემდეგ ხარატაანთ ოჯახის არეული ცხოვრება კალაპოტში ჩადგა (მ. მრევლ.).

 

კალთა მიაბერტყა (ვინმეს, რამეს) მიატოვა, დაივიწყა (ვინმე, რამე), კავშირურთიერთობა გაწყვიტა (ვინმესთან, რამესთან). დედა-ენა და ერთობა, შთენილი წინაპართაო, ვინძლო დაიცვათ ეს ორი, არ მიაბერტყოთ კალთაო (ი. დავით.).

 

კალთების დაგლეჯა − იხ. კალთის დაგლეჯა. ქუჩაქუჩა დადის ერთი გიჟი ადამიანი და გამვლელ-გამომვლელს მოსვენებას არ აძლევს, კალთებს აგლეჯს (შ. არაგვ.).

 

კალთის გადაფარება მზრუნველობა, მფარველობის გაწევა, შველა, დახმარება. მოწყალებისა გადამაფარე კალთა (რ. ერისთ.). (დედაბერი) სთხოვდა უტანდარს იმისთვის მოწყალების კალთა გადაეფარებინა (შ. დად.).

 

კალთის დაბერტყვა ყოველგვარი სიკეთის, დოვლათის უხვად მიცემა. მინიჭება. ზოგს კალთას ზედ დააბერტყავ, ზოგზე კი სრულებით ხელს აიღებ (ს. მგალობ.). უხვი ბუნება ნიჭით სავსე კალთას აბერტყავს თვისაგან შექმნილსა (ვ. ბარნ.).

 

კალთის დაგლეჯა ხვეწნა, მუდარა, ჩაცივებით თხოვნა. იმ დღეს ჩემს უფროს დას კალთა დავაგლიჯე ხვეწნით: კითხვა მასწავლე-მეთქი (აკაკი).

 

კალთის დაფარება იხ. კალთის გადაფარება. ფლიდია ესე სოფელი, ფლიდთა საყრელი ხელისა, კარგებსა ჩაგრავს, უმსგავსთ კი კალთას აფარებს, შველისა (ვაჟა). (მტრის) კალთას არ დავიფარებთ, რაც გინდ გვადგეს გასაჭირი (შ. მღვიმ.).

 

კალმით ნახატი ძალიან ლამაზი, მშვენიერი. ლუარსაბს ამ დღის აქეთ, ცხადივ თუ სიზმრად, სულ ის კალმით ნახატი ქალი აგონდებოდა (ილია). იმის შეხედვას არაფერი სჯობდა, კალმით ნახატიო, რომ იტყვიან, მე იმაზე კარგი დახატული სურათიც არ მინახავს (ა. ბელ.).

 

კამათლის მოსვლა ბედნიერი შემთხვევის გამო წარმატების მიღწევა, დუშაშის მოსვლა. ბედსა ბევრი ვევედრებით, არ აიღოს ჩვენზე ხელი, ხან ვუჩივით, ხან ვემდურით, თუ არ მოგვდის კამათელი (რ. ერისთ.).

 

კამარის (შე)კვრა მაღლა ახტომა და შორს დაშვება; ფრენით ნახევარწრის გაკეთება. ცხენმა ერთი ორიოდე კამარა შეჰკრა; ისკუპა და თვალის დახამხამების უმალ ვაჟკაცი ვაჟკაცს წინ დაუდგა (ილია). ქორი დაბლა დაეშვა, მაგრამ ჯერ შუამდისაც არ ჩამოსულიყო, რომ უცბად ჰაერშივე გადატრიალდა და ჰკრა ცაში კამარა (აკაკი). ბოლოს ის შეიკუმშა, გადახტა, შეჰკრა რამდენიმე კამარა და რქებით დაეტაკა იქვე მდგარს მუხის ხეს (ა. ყაზბ.).

 

კამეჩის რქაში ჯდომა იხ. ჭურში ჯდომა. შენ, ჩემო ძმაო, გეტყობა, კამეჩის რქაში მჯდარხარ! ისე იქცევი, თითქოს შენს სიცოცხლეში არაფერი გინახავსო (თ. სახ.).

 

კარგი თვალით უყურებს კარგად ეპყრობა, ენდობა, აფასებს. (იმათ) თითქო უფიქრიათ, რა საჭიროა ჩვენთვის, რომ უცხოელებმა ასეთის კარგის თვალით უყურონ ქართველებს, მოდი აქაც ხელი შევუშალოთო (ილია).

 

კარგი ჭოტი დაიჭირა ცუდი რამ შეემთხვა. ზურაბს დიდი უბედურება დაატყდა თავს! კარგი ჭოტი დაიჭირა! (თ. სახ.).

 

კარის ატალახ(იან)ება მომაბეზრებლად ხშირი სტუმრობა, ხშირად წვევა. აბა ჩინოვნიკი მოვიდეს, როგორ ყველაფერი უხვად მოჰკრიბონ, და ვისგან? ვის მიადგებიან და ვის მიუტალახებენ კარსა? ჩვენ, ღარიბებს (ს. მგალობ.). სინდისიერად იჯდა (ექიმი) თავის კაბინეტში დანიშნულ დროს, მაგრამ შენ ნუ მომიკვდე, კარი არავის აუტალახიანებია (შ. არაგვ.).

 

კაცია და გუნება ყველას თავისი ხასიათი და მისწრაფება აქვს; ზოგს ვინ (რა) მოსწონს და ზოგს ვინ (რა) ყველას ნება აქვს მოიწონოს, თუ დაიწუნოს რამ, რადგანაც კაცია და გუნება! (ილია). არ ვიცი, კაცია და გუნება, თორემ მთელი ქვეყნის პატრონად რომ გამხადონ, მე ჩემს ასმათს მაგისთანა ბედის არჩივად არ გავიმეტებ სწორედ (ბან.).

 

კბილები უკაწკაწებს შია, სწყურია, ძალიან უნდა (საჭმელი, სასმელი). მუცელას კბილებმა კაწკაწი დაუწყო. რა ხანია, ის პურით აღარ გამძღარა! დადგა გულხელდაკრეფილი და ყელგადაგდებული შესჩერებოდა პურის მცნობელს (ვაჟა). რომ ვუყურებდით ბიჭები დემეტრიანთ ალუჩას, კბილები გვიკაწკაწებდა (ვ. ბარნ.).

 

კბილებს ილესავს (ვინმეზე, რამეზე) (ვისიმე, რისამე) სამტროდ, საჩხუბრად ემზადება;

 

(ვისიმე, რისამე) ხელში ჩასაგდებად ემზადება. ეს შხამიანი დედაკაცი დიდი ხნიდან ილესავდა კბილებს ეკვირინეზედაც, რომელიც სძულდა მისი ტრაბახის გამო, და სონიაზედაც (დ. კლდ.). იმასაც კი მოგახსენებენ, თათრის ხელმწიფე საქართველოზე ისევ კბილებს ილესავსო და ქართლის მეფისთვის მუქარაც შეუბედნიაო (ბან.). (ხათა)

 

დიდი ხანია კბილებს ილესავს იმ ზვარზე (ვ. ბარნ.).

 

კბილებს იმტვრევს ჯავრობს, ბრაზობს. ჩაჩნები კბილებს იმტვრევდნენ სიბრაზით. ცხენებს არ ჩიოდნენ, სირცხვილი ჭამეს (ს. მგალობ.) ოდესღაც იმ ციხე-კოშკზე ქართლისა და ხევისთავთა მტრები კბილებს იმტვრევდნენ და რკინის დუღაბით ნაშენ გალავანს სისხლით რწყავდნენ (მ. ჯავახ.).

 

კბილებში ოფლი ადინა გააწვალა, გააწამა, ცუდ დღეში ჩააგდო. ისე გამიჭირა საქმე, რომ სულ კბილებში ოფლი მადინა (თ. სახ.).

 

კბილთა ღრეჭა ყბედობა, ლაქლაქი, როშვა. კაცი რომ სულელების კბილთა ღრეჭას აჰყვეს, სად წავა (ილია). ცხენებმა სირბილს დაუკლეს, სამაგიეროდ მაშადიმ კბილთა ღრეჭას და მხიარულ ლაყბობას უმატა (მ. ჯავახ.).

 

კბილთა ღრჭენა ბრაზობა, მუქარა დაქადნება. ასეთმა განჩინებამ კიდევ უფრო გააბრაზა ბახვა მთელს საზოგადოებაზე და მის სამართალზე. იმან ყველას კბილის ღრჭენით მიუგო პასუხი (გ. წერეთ.). მათ ნაწერში ზოგან კბილთა ღრჭენა მეუფებს, ზოგან სიდარბაისლე აღმოსავლური (შ. დად.).

 

კბილის გასინჯვა შემოწმება. გამოცდა. (ზოგ შინაურ საქონელს ხნოვანების შესამოწმებლად (ყიდვის დროს) კბილს უსინჯავენ, აქედან მომდინარეობს ეს გამოთქმა − თ. სახ.). განა გლეხკაცის ნაამბობს კი კბილი არ უნდა გაესინჯოს, განა გამოძიება, განკითხვა, შიგ ჩახედვა და შემოწმება არა სჭირია და ისე სახტ-სალამად დასაჯერი და მისაღებია? (ილია). ეგ ჩემზე უფროსია, გამოცდილი, ნანახი, უეცრად ადამიანს აბა რად მიიახლოებს, ჯერ კარგა ასწონ-დასწონის, კბილს გაუსინჯავს (შ. დად.).

 

კბილის დადგმა იხ. კბილის ჩასობა.

 

კბილის დასობა იხ. კბილის ჩასობა. (თეთრებიანი) ყველაზე მეტად კი არ ზოგავდა ისევ იმ მოხუცს, რომელსაც თავიდანვე კბილი დაასო (ს. კლდ.).

 

კბილის მატლი შემაწუხებელი, შვების, მოსვენების წამრთმევი. „უჰუ“! ეს მაინც მომესწრო, რომ ამ ცუდი ამბით დადიანს გული ვატკინო, − ფიქრობდა ზამბახიძე, − შეგვჭამე და შეგვაწუხე, მაგრამ გაგიჩნდა სამაგიერო კბილის მატლი მაგას ქინჩში ეტყობა, რომ ლეჩხუმში დადიანს აღარ გაგახარებს (ბან.).

 

კბილის მოკვეთა იხ. კბილის მოჭრა. − შე დალოცვილო, ამდენმა საუკადრისო მდგომარეობამ ხომ ხედავ სიტყვაწყლიან ლაღობას და სიამეს კბილი მოჰკვეთა და ცოტა უგემური და უგბილი გახუმრებითაც თუ აღარ გაიღიმა კაცმა, ესეც ახირებული ყოფილა. − დიახ, ბატონო, მაგრამ მოგახსენებენ, რომ სწორედ უგემური და უგბილი გახუმრება უფრო კვეთს კბილსაო (ბან.).

 

კბილის მოჭრა ძალის დაკარგვა, ინტერესის განელება; აღკვეთა ბევრ ძველ ჩვეულებას კბილი მოეკრა (ილია). გერმანიამაც წილი დაიდო (აფრიკაში), იტალიამაც, თუმცა ამ უკანასკნელის სიხარბეს კბილი მოსჭრა აბაშეთის ქვეყანამ (ილია).თუ კაცი მეცადინეობას არ დაიზარებს, (ლტოლვილებას) ადვილად მოეჭრება კბილი (ე. ნინოშ.).

 

კბილის ჩასობა ამოჩემება, ჩაცივება, გადაკიდება; შეძულება, ათვალწუნება, გადამტერება, კბილის დადგმა. − რა ვუქენით საამისო მაგ არაწმინდას, ასე კბილი რომ ჩაასვა საწყალ ბავშვს?! (დ. კლდ.).

 

კედელს თავს ახლის გამწარებული, სასოწარკვეთილი რისამე გაკეთებას ცდილობს. ბევრი რომ თავი კედელს ვახალოთ, ამას ჩვენგან საშველი არა აქვს-რა, თუ საერთოდ ყველას არ ეშველება (ილია).

 

კედელს ნახშირი! იხ. ნახშირი კედელს!

 

კედელს ცერცვი შეაყარე! იხ. მიაყარე ცერცვი კედელს! რამდენს ვურჩევდი: „კაცო, ტყეს ნუ ანადგურებ-მეთქი“ − მაგრამ კედელს ცერცვი შეაყარე!“ (ს. შანშ.).

 

კედელ-ყორეს მოდება იხ. ღობე-ყორეს მოდება.

 

კერაზე წყლის დასხმა ოჯახის დაქცევა, განადგურება, კერის გაცივება. ვალიდას თავისი ოჯახი არ მოუშლია; იმან კერიას წყალი მაინც არ დაასხა (გ. წერეთ.). ნუთუ აბდულას ოჯახს დედაბოძი გამოეცალა? ნუთუ იმის კერას წყალი დაესხა? ნუთუ მართლა ინგრევა აბდულას ბუდე? (მ. ჯავახ.).

 

კერის გაცივება ოჯახის მოშლა, დანგრევა, განადგურება, კერაზე დასხმა. საბრალო ბაგრატას კინაღამ კერა გაუცივდა, იმდენად გააღატაკა ამ ფულის გადახდამ (ე. ნინოშ.). როდესაც გოგლამ თავის განზრახვა უთხრა დიდი-დედას, იმან უპასუხა: „არა, შვილო, სირცხვილია, ჩემი ქმრის კერა გავაცივოო“ (შ. არაგვ.).

 

კვალის გავლება საყურადღებო შედეგის მიღწევა, თვალსაჩინო წვლილის შეტანა (რამეში), კვალის დატოვება. აფსუს, რომ არ განვაგრძე სწავლა, თორემ უთუოდ კვალს გავავლებდი მეცნიერებაში და უკვდავ-ვყოფდი ჩემს სახელს! (ვ. ბარნ.).

 

კვალის დატოვება იხ. კვალის გავლება.

 

კვალში ჩადგომა ვისიმე მოქმედების, საქმიანობის ან რაიმე მოვლენის გულდასმით შემოწმება, გამოკვლევა, გამოჩხრეკა. − აბა კვალში ჩაუდექით ყოველ მყვირალს, გაუსინჯეთ სიტყვა და მოქმედება და მაშინ ნახავთ, რომ იგი ახალი თაობის ბერეკაა და არა ახალი თაობის კაცი (ილია).

 

კვანძის გახსნა რთული, დახლართული მდგომარეობის გარკვევა; გარემოებათა ხლართიდან

 

გამოსვლა (მხატვრულ ნაწარმოებში). ბოლოს ზუგდიდის რაიკომის მდივანმა შამათავამ და ვაჩნაძემ გახსნეს ეგზომ დაბურდული კვანძი (კ. გამს.).

 

კვერის დაკვრა დადასტურება, დამოწმება, დათანხმება. − ოღონდაც, ოღონდაც! − დაჰკრა კვერი ზაქარას სიტყვებს ხალხმა (ს. მგალობ.). არზაყანმა და კაცმა თვალი შეავლეს კუთხეში მწოლარე თეთრწვერა თხას, რომელიც ისე აკანტურებდა თავს, თითქოს კვერს უკრავდა მებორნის ნათქვამს (კ. გამს.).

 

კვერცხში გამოწივის პატარაობიდანვე შრომობს, დიდ უნარს იჩენს, დიდ იმედებს იძლევა. ყველა წინ მიდის, ყველა სწავლაშია, ერთი ბეწვა ბავშვები კვერცხში გამოწივიან, − აქეთ − გაზეთებსა კითხულობენ, იქით − წიგნებსა (ილია).

 

კიბეების ატალახ(იან)ება იხ. კარის ატალახ(იან)ება.

 

კიდეც ჭრის და კიდეც კერავს ერთიმეორის საწინააღმდეგოს ამბობს (ან მოქმედებს), ხან ერთს

 

ამბობს, ხან − მეორეს. კიდეც სჭრის ეს ჩემი ცოლი და კიდეც ჰკერავს: წეღან რას ამბობდა და ეხლა რას ამბობს?! (ს. მგალობ.).

 

კილოს გამობმა შარის მოდება, გამობმა. აბა, რა გითხრა იმისთანა, რომ შენ კილო არ გამოაბა? (ილია).

 

კილში (ჩა)დგომა ნაკლის გამონახვის ცდა, კრიჭაში ჩადგომა. მასწავლებელნიც, რაკი მეცადინეობას და ნიჭს ნიშნავდენ იერემიას, მის რუსულ-ქართულ გამოთქმას კილში არ უდგენ და ახალისებდნენ კარგი ბალების დასმით (გ. წერეთ.).

 

კინჩხი და კისერი უტეხია! იხ. კისერი(მც) (მო)უტეხია! კინჩხი უტეხია და კისერიც იმ ჩემ ქალიშვილს! (ს. კლდ.).

 

კინწის კვრით, ცემით, კისრის ტეხით. ჩემი მუშაობა რომ გავამხილო, სულ კინწის კვრით გამომაგდებენ! (შ. დად.).

 

კინწის მოწყვეტა არაქათის გამოლევა, წელის მოწყვეტა. ლევანს კინწი მოსწყდა ბევრის ლოთობისა და ღამის ტეხისაგან (რ. ერისთ.).

 

კისერზე დაწოლა (ვისიმე, რისამე) სარჩენი, მოსავლელი გახდომა (ვისიმე), გასაკეთებელი, საზრუნავი გახდომა (რისამე). ხალხს ათასგვარი ხარჯი და გადასახადი აწევს კისერზე (ილია).ოჯახი, მტერ-მოყვარის პასუხის გაცემა და გადასახადი ამ მცირეწლოვანს დააწვა კისერზე (ე. ნინოშ.). შენ და შენისთანებს უდიდესი შემოქმედებითი მისია გაწევთ კისერზე (გ. ნახუცრ.).

 

კისერზე დაჯდომა ჩაგვრა, შევიწროება, დაბრიყვება; ტვირთად დაწოლა. ესეც არ იკმარეს, მოვიდნენ და კისერზე დაგვასხდნენ, შინ ჩაგვისახლდნენ (მ. ჯავახ.).

 

კისერზე მოხვევა (რისამე) იხ. თავზე მოხვევა (რისამე). ამისთანა დავა თვითონ სასამართლოსაც აუარებელ საქმეებს მოახვევს ხოლმე კისერზე (ილია).

 

კისერზე შეჯდომა იხ. კისერზე დაჯდომა. შეგაჯდა კისერზე ოქრომჭედელი (ნ. ლორთქ.). კისერზე ჩამოკიდება (ვისიმე) სარჩენი გახდომა. მერმე რას აპირებ? სამუდამოდ ჯაყოს ხომ

 

ვერ ჩამოეკიდები კისერზე! (მ. ჯავახ.).

 

კისერი მიუშვირა (რამეს) რამეს (საფრთხეს) არ მოერიდა. ამის შემდეგ დაიფიცა ყველამ, რომ როგორადაც ჩადენილს ამბავში, ისე მომავალ საქმეში არ უნდა ეღალატნათ ერთმანეთისათვის, უნდა ყოფილიყვნენ ყველანი ერთად და ავისა თუ კარგისათვის ყველას ერთად მიეშვირათ კისერი (ნ. ლომ.).

 

კისერი(მც) (მო)უტეხია! რაც უნდა, ისა ქნას! ჯანდაბამდისაც გზა ჰქონია! თავში ქვა უხლია! კისერი უტეხია ყველას! ვის რას დავეძებ! (დ. კლდ.). − მაგრამ მე არც თქვენი დახოცვა მინდა და არც მდივანბეგის ნახვა, კისერიმც მოუტეხია! (მ. ჯავახ.). − კისერიც მოუტეხნია, თუნდ ეხლავე გაფშიკოს ფეხები. − მომიგდო ბერეზოვსკიმ (მ. ჯავახ.).

 

კისრად აღება დაკისრება, თავის თავზე აღება. ძიძამ უნდა მოგაწოვოთ თქვენ ძუძუ, ეს იმიტომ, რომ თქვენი მოწოვება იმას კისრად აუღია და სამაგიეროდ ფულს იღებს (ილია). ჰგრძნობდა, რომ ცოლმა დაიჭირა, აჯობა, მაგრამ ამის კისრად აღება ეთაკილებოდა (ილია).

 

კისრად (და)დება დაკისრება, დავალება, თავის თავზე აღება, კისრად აღება. ეს უნდა აუცილებლად კისრად იდოს პრესამ, ამას უნდა აქეთ-იქით გადაუხვევლად ემსახურებოდეს (ილია). თქვენ სხვა მოვალეობაც კისრად გდევთო (ილია). ცოდოს ნუ ვადებთ კისრადა (ვაჟა).

 

კისრად დაწოლა (ვისიმე, რისამე) იხ. კისერზე დაწოლა (ვისიმე, რისამე), მძიმე უღელი შენ გაწევს კისრად (ილია).

 

კისრის მოგრეხა დამარცხება, განადგურება, კისრის მოტეხა; მორევა. − არა, შენი ჭირიმე, არავინა, მხოლოდ ერთი მედუქნე მეხირება რასმე და შენის წყალობით იმასაც მალე მოვუგრეხ კისერს (ა. ყაზბ.) გაოსტატებულმა აბლაკატმა მალე მოუგრიხა ამათაც კისერი (ნ. ლომ.). ნუკი გგონია − დავბერდი! შენისთანებს კიდევ მოვუგრეხ კისერსა, − გაეხუმრა მგელ-ბაბია (ს. მგალობ.).

 

კისრის მოდრეკა დამორჩილება, ქედის მოხრა. მამაჩემო, ყოჩაღად იყავ, კისერი არ მოიდრიკო (მ. ჯავახ.).

 

კისრის მოტეხა დამარცხება, მოსპობა, დაღუპვა; მორევა, დამორჩილება. ვნახოთ, ვნახოთ, როგორ ჩაგივლით, ბევრმა მოიტეხა კისერი, თამარის წინააღმდეგ წავიდა, ვნახოთ, თქვენც რა ხეირი დაგეყრებათ (შ. დად.). − ჩვენ შორის კი დარჩეს და უნდა გითხრა, ლეჩხუმში რომ კისერს მოიტეხდეს, ახი და ალალი კი იქნება მაგაზე (ბან.). ჩალმაზს სმა არ შეეძლო, ერთი ჯიხვის ყანწი და ათიოდე თასი კისერს მოსტეხდა (კ. გამს.).

 

კისრის მოჭრა შერცხვენა, თავს ლაფის დასხმა, თავის მოჭრა.

 

კისრის მოხრა დამორჩილება, კისრის მოდრეკა, ქედის მოხდა. ჩვენს წინაპრებს რომ შაჰ-აბასების წინაშე კისერი მოეხარნათ, აღარც საქართველო იქნებოდა და აღარც ჩვენ გავჩნდებოდით (მ. ჯავახ.).

 

კოდალას უსტვენს უსაქმურობს, ცუდაობს. იმას, ჩემო ძმაო, საქმე აქვს შემოლეული, მთელი დღე კოდალას უსტვენს და ჰგონია რასმე ვაკეთებო (თ. სახ.).

 

კოვზის ნაცარში ჩავარდნა მარცხის განცდა, წამოწყებული საქმის ჩაშლა, იმედის გაცრუება. მდიდარმა გლეხებმა თავად მანუჩარზე უკეთ წაიყვანეს სამსჯავროში თავიანთი საქმე და მანუჩარს, როგორც იტყვიან, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა (ე. ნინოშ.). მთავარს ქე აღუშფოთა ასეთმა კოვზის ნაცარში ჩაგდებამ სული (ბან.).

 

კორიანტელის აყენება აურზაურის, ალიაქოთის ატეხა. თითქო ეს ამოდენა კორიანტელი მარტო იმისათვის აუყენებიათო, რომ ქვეყანას დაანახვონ, − აი, საქმე რა ადვილი მოსავლელია (ილია).

 

კრიჭაში (ჩა)დგომა ჯიბრში (ჩა)დგომა, წინააღმდეგობის გაწევა, ქიშპობა. თუ კი მე, რომელიც კრიჭაში ვუდგევარ ბატონს და მის სისხლიგუდა მოურავს, ასე მიშვრებიან, რას უზმენ საწყალს, უილაჯოს, ან ობოლ ოჯახსა (ს. მგალობ.) კვირა არ გავიდოდა, რომ შეიარაღებული ჯაყო ადგილობრივ ხელისუფლებას კრიჭაში არ ჩასდგომოდა (მ. ჯავახ.).

 

კრიჭის გახსნა ხმის ამოღება, ლაპარაკის დაწყება. (ელიკოს) ნაცნობ საგანზე ლაპარაკმა გაუხსნა კრიჭა (ვ. ბარნ.). ნარიდო აქამდე ჩუმად იდგა, ახლა-კი კრიჭა გაეხსნა (ს. შანშ.).

 

კრიჭის შეკვრა დადუმება, ხმის ჩაწყვეტა, გაჩუმება. მარაბდელი ნაკვერცხალს ჯერ ხელის გულზე ატრიალებდა, მერე ორ თითში გააჩერა, კრიჭა შეიკრა და გახევდა (მ. ჯავახ.). საცოდავი სანახავი იყვნენ ფეხქვეშ ნიადაგგამოცლილი გლეხები, რომელთაც კრიჭა შეკვროდათ და ხმას ვეღარ იღებდნენ (ბან.).

 

კუბოს კარამდე სიკვდილამდე, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სამარის კარამდე. მე მსურს ჩემი ცხოვრება პატივით ვატარო, უმწიკვლოდ მივიტანო ჩემი ქალობა კუბოს კარამდინ (ვ. ბარნ.). კუბოს კარამდე მისული, რაღა ვარ, განაწირი მე? (აკაკი).

 

კუდამდე ტყავის გაძრობა შავი დღის დაყრა, ძალიან გაღარიბება, გაყვლეფა, ტყავის გაძრობა.

 

სანამ კუდამდე ტყავი არ გაგვძვრა, სანამ სული არ შეგვიწუხდა, ხმა არ ამოვიღეთ (ს.მგალობ.). კარგები არიან ჩემი სიძეები, მაგრამ კუდამდის ტყავი კი გამაძვრეს! (შ. არაგვ.).

 

კუდების გასკვნა კავშირის შეკვრა, შეთანხმება, კუდის კუდზე გადაბმა.

 

კუდი ეწვის დანაშაულის გამომჟღავნებისა ეშინია. განა არა ვხედავთ, კუდი რათ ეწვის ამ შემთხვევაში თ. გ. თუმანოვს (ილია). არ ვიცით, კუდი რაზე დაეწვა, ხომ არა ენიშნა რა? (ილია).

 

კუდი ყავარზე აქვს გადებული ყოყოჩია, მედიდურია, კუდაბზიკა, მეტიჩარაა.

 

კუდით ქვა ასროლინა სასტიკად დაამარცხა,შავი დღე აყარა, სამარცხვინოდ გააქცია. − ისე გავუხდით საქმეს, რო, მგონია, კუდით ქვა ვასროლინოთ, − თქვა მუცელამ (ვაჟა). ისე გავიმარჯვეთ, რომ, როგორც იტყვიან, სულ კუდით ქვა ვასროლინეთ (შ. დად.). ჰო და ერთი პირი და გამბედაობა რომ გვქონოდა, მაიორებს კუდით ქვიას ვასროლინებდით და ზაალებსაც მივაყოლებდით (მ. ჯავახ.).

 

კუდის ამოძუება შერცხვენილი, გაწბილებული, დამარცხებული გაქცევა, გაპარვა. ვაი, თუ ირანის ლომმაც აქ ამოიძუოს კუდი?! ხალხი, რომელსაც სხეული გაუკაჟებია და სული აუმაღლებია, საშიშია! (აკაკი). ტალიენვანს ინგლისმა თავი დაანება, თითქოს თავის დღეში არ ეხსენებინოსო. ჯერ ასეთმა ფახი-ფუხმა და მერე ასე ამოძუებამ კუდისამ ტალიენვანის გამო ააყაყანა მთელი ინგლისი (ილია).

 

კუდის გამობმა ვისიმე ნათქვამის ან ნამოქმედარის ცუდად გაგება, რისამე განზრახ მიმატება, გაზვიადება. ეხლა წადი, ამხანაგებში გაიარე, აქ არავინ დაგვინახოს, თორემ ხომ იცი, კუდს რასმეს გამოაბამენ (ილია). ყმაწვილო, ღმერთმანი, სხვანაირად მიიღებენ მაგ შენს საქციელს, მაგ შენს ხუმრობას რამე კუდს გამოაბამენ და, ვიცი, უსიამოვნებით გათავდება (დ. კლდ.).

 

კუდის კუდზე გადაბმა ერთმანეთთან შეკავშირება, ერთმანეთის მხარის დაჭერა (უმთავრესად ცუდ საქმეებში), კუდების გასკვნა. საწყობის გამგესა და მოანგარიშეს კუდი კუდზე ჰქონდათ გადაბმული: ერთად ფლანგავდნენ (განმ. ლექს.).

 

კუდის მოქნევა ერთხელ კიდევ წინანდებურად მოქცევა, ცუდი, არასასიამოვნო რამის ჩადენა. თუმანოვმა აქაც თავისებურად კუდი მოიქნია (ილია). ჩვენ ისევ შიშში დავრჩით, ვაი თუ ნიკოლოზმა კუდი მოიქნიოს, ასტეხოს დანაკარგისათვის ერთი ალიაქოთი-თქვა! (დ. კლდ.).

 

კუდის რიკამდე ტყავის გაძრობა იხ. კუდამდე ტყავის გაძრობა. ეს რომ ძველ დროში ყოფილიყო, დავიბარებდი მდივანბეგს ჩემ სახლში და ვაი მის გუნებას, თუ არ მოვიდოდა, ტყავს კუდის რიკამდე გავაძრობდი! (აკაკი). მაგი-კი ყველას კუდის რიკამდე აძრობს ტყავს (რ. გვეტ.)

 

კუდის ქიცინი მლიქვნელობა, პირფერობა, ლაქუცი. მართლმსაჯულებმა კუდის ქიცინით თავი მოღალეს (აკაკი).

კუდის ქნევა იხ. კუდის ქიცინი. იმ პირფერობის, ლაქუცისა და კუდის ქნევის მეტი ვის რა დარჩა ხსოვნაში? (ილია).

 

კუდის ძირამდე ტყავის გაძრობა იხ. კუდამდე ტყავის გაძრობა. თუ ცოტა რამ შეცდება, კუდის ძირამდე ტყავს აძრობენ ხოლმე (ს. მგალობ.).

 

კუდის ხელში დაჭერინება შერცხვენა, დამცირება, დამდაბლება, თავის მოჭრა. გადაჰკიდებია რუსთაველს ავტორი, ლამის კუდი ხელში დააჭერინოს (ილია).

 

კუს ნაბიჯით ძლიერ ნელა, ზლაზვნით. მოგვბეზრდა თრევა კუს ნაბიჯით (ა. აბაშ.). ლაგამის ამოდება შეზღუდვა, დამორჩილება, ალაგმვა, იძულებით გაჩერება; გაჩუმება, ხმის

 

ჩაწყვეტა. დროა ლაგამი ამოეღოთ ამ მუსუსას, ამასა! (მ. ჯავახ.). (მას) მაგარი ლაგამი თუ არ ამოდევი, უთუოდ ოჯახს დაგაქცევსო (კ. გამს.)

13

▲back to top


 

ლაგამის აშვება იხ. თავის აშვება. აღარც პატივი, აღარც მორიდება − ლაგამი აიშვეს! დაგიჟდნენ (ს. შანშ.).

 

ლაგამის მიშვება თავისუფლად მოქმედების უფლების მიცემა, აღვირის მიშვება. მეტისმეტად გაუყადრა თავი გლეხობას, თავის ყმებს ლაგამი მიუშვა და ლაზღანდარობას შეაჩვია (მ. ჯავახ.).

 

ლაგამის წაყრა იხ. თავის აშვება. ერთობ თავს წავიდა ხუცესი, მთლდ წაიყარა ლაგამი (ვ. ბარნ.).

 

ლარი და ხაზი არ უნდა მტკიცება არ სჭირდება, ისედაც ცხადია, ნათელია. − დიდი ლარი და ხაზი არ უნდა ჩვენს საქმესა. დღეს სოსე მოჰკლეს მათრახქვეშ, ხვალ მეორეს სახლის ბანს დააქცევენ თავზედა, ზეგ თოფით მესამეს დახვრეტენ (ს. მგალობ.). − მაგას რაღა ლარი და ხაზი უნდა, − ჩამოართვა სიტყვა სკანდიერმა (შ. დად.).

 

ლარის გატანა გამარჯვება, მიზნის მიღწევა, ლელოს გატანა. ის კაცია სასაცილოდ აგდებული, ვინც ამ გზით ან მიზეზით აქებს და უნდა ამით ლარი გაიტანოს (ილია).

 

ლაფის დასხმა იხ. თავზე ლაფის დასხმა. ბ-ნ ეზოვს ნიშანში ამოღებული ჰყავს ქართველი და როგორ გაუძლოს გულმა, რომ ლაფი არ დაასხას, თუ შესაძლებელია (ილია). − ბახვა, მომილოცავს! კაცო, ეს რა ჰქენი შენ დღეს? პირველ ადვოკატს აჯობე! მისი ბრძნული სიტყვა, მისი შეურყეველი საბუთები სულ თავზე დაამსხვრიე, ლაფი დაასხი (გ. წერეთ.).

 

ლაფში ამოვლება (ვისიმე, რისამე) იხ. ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე). ეს უსირცხვილო ადამიანი იმოწმა ბ-ნმა ეზოვმა, რომ ქართველების სახელი ხელახლად ლაფში

 

ამოავლოს (ილია).

 

ლაფში ამოსვრა (ვისიმე, რისამე) შეურაცხყოფა, სახელის გატეხა, შერცხვენა (ვისიმე, რისამე), თავზე ლაფის დასხმა. „ნარდონმა“ რუსთაველი განა მარტო ამით ამოსვარა ლაფში. განა მარტო ამის გამო შესვა ვირზედ (ილია). ასე იყო ძველთაგანვე, უფროსს ძნელად გაჰკილავდნენ, უმცროსს ლაფშიც ამოსვრიდნენ (ო. ჩხ.).

 

ლაფში გასვრა იხ. ლაფში ამოსვრა. სრესენ თავიანთ კაცურ ღირსებას და ლაფში სვრიან (შ. არაგვ.).

 

ლელოს გატანა გამარჯვება, მიზნის მიღწევა, განზრახული საქმის გაკეთება. (მას) ქადილისათვის ძალა არ შესწევდა და ან „ლელო“ გაეტანა (ე. ნინოშ.). − ლელოს ვერც მარტო ჩვენ გავიტანთ. − განაგრძო შალვამ. − საერთო მტერს საერთო ძალით უნდა შევუტიოთ (მ. ჯავახ.). ეს ოხერი კუჭატნელი ტყვიასავით მოდის და ლელო ღონით გააქვს ხოლმე (მ. ჯავახ.).

 

ლეჩაქი არ გადაახიოს თავზე! იხ. ყურებზე ხახვი არ დააჭრას! შენმა სიცოცხლემ, ლეჩაქი არ გადამახიო თავზე! (აკაკი).

 

ლეჩაქის ახდა იხ. ლეჩაქის მოხდა. მაშ მეც გაძლევ ფიცს, რომ ამიერიდან შენ გეკუთვნოდეს ჩემი გული, შენი მეგობრობით ვისულდგმულო, მხოლოდ ნუ ამხდი ლეჩაქს და გიყვარდე ისე, როგორც და! (აკაკი). ბალღებს შიმშილით დაგვიხოცავენ, დედაკაცებს ლეჩაქს ახდიან და ჩვენც გაგვჯოხავენ (მ. ჯავახ.).

 

ლეჩაქის დახურვა შერცხვენა, თავის მოჭრა (იტყვიან მხდალობის ჩამდენ მამაკაცზე). − თუ ხმა ამოვიღო, შენი ლეჩაქი დამხურე (ილია). რახან ვაჟკაცებს ლეჩაქი დაუხურავთ და ომს გაურბიან, მაშ ვიღა უნდა დახვდნენ მტერს წინ, თუ არ დედაკაცები? − ამბობდა ბებერი (ვ. ბარნ.).

 

ლეჩაქის მოხდა შერცხ ენა, სახელის გატეხა, თავიის მოჭრა; ნამუსის ახდა (იტყვიან ქალზე). − ხომ იცი, მე თავისუფალი არა ვარ და ლეჩაქის მოხდა გამაუპატიურებს? რაც თქვენთვის, კაცებისათვის, საქებია, ის ჩვენთვის სამარადისო ჩირქია (აკაკი). მომხადე ლეჩაქი, დამილივე კარში გამოსავალი! (ვაჟა). ბევრ ტკბილ ცოლქმრობას გადაესხა მწარე ნაღველი იასონის წყალობით, ბევრი ოჯახის ტკბილი ცხოვრება შეირყა და გამწარდა, ბევრ გასათხოვარ ქალს მოეხადა ლეჩაქი (ე. ნინოშ.).

 

ლილახანის გაცვეთა იხ. ლილახანის წახდენა. საზოგადოებაში ლილახანა გაუცვდა (ილია). ლილახანის წახდენა მნიშვნელობის დაკარგვა, გაუფასურება. ნუთუ ამ სიტყვას თქვენში

 

ლილახანა წაუხდა და ხმარებისაგან განდევნილ იქნა? (ილია). სიყვარულს ისე წახდენია ლილახანა, რომ მწარედ აცინებს ჩვენს უცინარს და უწუნარს გომართელსა (ილია).

 

ლოგინის გაახლება მეორე ცოლის შერთვა (პირველის სიკვდილის შემდეგ). აღსრულდა ფათას სიტყვები: „შენ გაიახლებ ლოგინს“... გაიახლა ღვთისომ ლოგინი. ფათას მაგივრად კუტა დამკვიდრდა (შ. არაგვ.). რა გიჭირს, ჩემო ყველავ! ჩქარა ლოგინს გაიახლებ! (შ. არაგვ).

14

▲back to top


 

ლოდის დაწოლა გულზე იხ. გულზე ლოდის დაწოლა.

 

მაგარზე დგას ჯიუტობს, თავისას არ იშლის (ბრალდებულები) მაგარზედ დგანან და უარობენო (ილია).

 

მაგარი ზურგი აქვს გავლენიანი მფარველი ან ძლიერი მოკავშირე ჰყავს. ზურგი მაგარი სხვისით აქვს (ილია). ზურგი მაგარი ჰქონდა და როგორ გაუჭირდებოდა ზაქარას დამარცხება (ს. მგალობ.).

 

მამა აბრამის ბატკანი ვითომც უმწიკვლო, უცოდველი, მართალი ადამიანი (ითქმის ირონიულად). ( მდინარეობს ბიბლიური ლეგენდიდან, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა გამოცადა მამა აბრამის ერთგულება და უბრძანა თავისი შვილი შეეწირა მსხვერპლად. მაგრამ საბოლოოდ აბრამმა, ანგელოზის რჩევით, შვილის ნაცვლად ვერძი (ბატკანი) შესწირა ღმერთს).

 

მანდილი ხურავს მხდალია, ლაჩარია (მამაკაცი); პატიოსანია, ნამუსიანია, ყოჩაღია (ქალი). კაცები არ იყავით? ქალი როგორღა მოატაცებინეთ? ქუდის მაგივრად მანდილი უნდა გეხუროთ! (ა. ყაზბ). მე ქალი არა ვყოფილვარ და ეს მანდილი არა მხურებია თავზედ, თუ შენივე კბილით არ დაგაგლეჯინე შენივე ხორცები (ვ. ბარნ.).

 

მარაქაში გარევა საზოგადოებაში, ხალხში გამოსვლა; ლაპარაკში, საქმეში ჩაჩრა (იტყვიან ირონიულად). (მარაქა ადამიანთა კრებული, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: ქალთ ჯარი ლხინში). − ადე, რას ჰღმუი უპატრონო ძაღლსავით! − დასცინა მოხუცს ახალგაზრდა გლეხმა ბიჭმა ამხანაგების სამასხროდ, − შენც მითამ მარაქაში ერევი...

 

შენი რაო? (ილია). მერმ და, ეს ბერიკაცი, შენც გაერიე მარაქაში? (შ. დად.).

 

მარილზე წავიდა მოკვდა, ფეხები გაფშიკა. (თედო სახოკიას განმარტებით, ძველად მარილი, ჩვეულებრივ, შორიდან მოჰქონდათ, მგზავრობის დროს, როგორც ჩანს, უბედური შემთხვეებიც ხშირად ხდებოდა. ეს უნდა იყოს იდიომის წარმოშობის საფუძველი). გოგიტას ამბავს ნუ მკითხავ, ჩემო ძმაო, რა ხანია, მარილზე წავიდა (თ. სახ.).

 

მარცხენა ფეხზე ამდგარა (ვინმე) უგუნებოდაა, ცუდ ხასიათზეა (ვინმე). ვინ იცის, სადამდის მივიდოდა კუჩრის ზრდილობიანი ბაასი, რომ ახალი პასაჟერი არ მოჰმატებოდა მარცხენა ფეხზე ამდგარ ეტლის პატრონს (ე. გაბ.). კაცო, მარცხენა ფეხზე ამდგარხარ? (ს. შანშ.).

 

მარჯვენა ხელი (ვისიმე) (ვისიმე) საიმედო, ერთგული, ყოველგვარ საქმეში დამხმარე. პირველი მაგალითი იყო, რომ ბატონის კაცს სოფელში ხელი შეახეს და როგორ შეახეს? სიკვდილის პირზე მიაგდეს ბატონის დაახლოებული, მისი მარჯვენა ხელი! (ს. მგალობ.). ზანქანის მარჯვენა ხელი ეს (კევორქი) იყო და ათას ბნელ საქმეებს აკეთებდა (შ. დად.).

 

მარჯვენის მოჭრა ერთგული, საიმედო პირის ან საჭირო ნივთის დაკარგვა. მაიორი რომ გადაიყვანონ აქედან, ბარათაშვილიც დაიღუპება. ვინ იცის, ვის დანიშნავენ, თუ ლომოვი დანიშნეს, ზაალს მარჯვენა მოეჭრება (მ. ჯავახ.).

 

მაღლა აყენებს (ვინმეს, რამეს) ამჯობინებს, უპირატესობას აძლევს, დიდად აფასებს (ვინმეს, რამეს). თამარი ყველაზე მაღლა აყენებდა განათლებას (ი. გოგებ.).

 

მაღლა დგას (ვინმეზე, რამეზე) (ვინმეზე, რამეზე) უკეთესია, მეტის შემძლეა, უფრო განვითარებულია. ადამიანის გონება ისე მაღლა დგას მაიმუნისაზე, როგორც ცა დედამიწაზე (ი. გოგებ.).

 

მახეში გაბმა გამოუვალ, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. მართძლია, (სუტ-კნეინამ) ლუარსაბსაც ჩამოართო ბარათი, მაგრამ, რაკი ამისთანა მახეში გააბამდა საწყალსა, მერე როგორღა მივიდოდა ფულის გამოსართმევად? (ილია). (ოქრუა) ცდილობს ყალბი მოწმობის მიმცემი მღვდელი წყლიდან მშრალი ამოიყვანოს, ალალმართალი კაცი მოსე გულფუჭაძე კი, გააბას მახეში მისი გულისთვისო (ე. ნინოშ.).

 

მახის დაგება საფრთხის, განსაცდელის შექმნა, ხრიკების მოწყობა. მანამ ეჭვითაც არ იცოდა, რომ მას ასეთ მახეს უგებდნენ (ე. ნინოშ.).

 

მგლის მუხლის (გა)მობმა. მარდად, დაუღალავად სიარული. გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო (ხალხ.).

 

მგლის ყურის გამობმა განგებ წაყრუება, ყურებში ბამბის დაცობა. რამდენი ვილაპარაკეთ, მაგრამ იმან მგლის ყური გამოიბა, თითქო მას არც კი ელაპარაკებიანო (თ. სახ.).

 

მე და ჩემმა ღმერთმა ნამდვილად, ჩემმა მზემ. ერთი კარგი მსუქანი არტალა, ჩვენი თედოს მოხარშული, ნივრით, − ერთ სახელმწიფოდა ჰღირს, მე და ჩემმა ღმერთმა (ილია). სულზე მოსწრებაა ჩემთვის ეს ზაკუსკა, მე და ჩემმა ღმერთმა (დ. კლდ.).

 

მე შენ გეტყვი! (დაახლოებით) განა! შენ გგონია! (რამეში სრულიად დარწმუნებულობის შემთხვევაში იტყვიან). − ინჟინერი მაგისთანა უნდა, − ამბობდნენ ხშირად მუშები, − თუ ბიჭი ხარ, ამოუდექი გვერდში, მე შენ გეტყვი, მოატყუებ (ა. ბელ.).

 

მეორედ დაბადება რაიმე კარგის, მეტისმეტად სასიამოვნოს, გამაბედნიერებლის შემთხვევა, ძალიან გახარება, აღტაცება. ქორწილი მაქვს დღეს ქორწილი! დღეს მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე (მ. მრევლ.). ახლა (ექიმს)!თავი მეორედ დაბადებულად მიაჩნია (რ. გვეტ.).

 

მეორედ მოსვლა საშინელება, უბედურება, კატასტროფა. საშინელ დროებას არ შევესწარით, თქვენი ჭირიმეთ! − მართლის გულით სთქვა ლუარსაბმა! − სწორედ მეორედ მოსვლა მოახლოვდა (ილია). დილიდან ისეთი არეულობა იყო ამ ჯარში, რომ მეორედ მოსვლასა ჰგვანდა (ა. ყაზბ.).

 

მეორედ შობა იხ. მეორედ დაბადება. ლაშა მეორედ იშვა (რ. გვეტ.).

 

მეტი არ აგიდგა გვერდები! ისემც არ გაიხარო! არ მოხდება, არ გეღირსება (რამე). შენ რომ დაბრუნდები, ისე დაბრუნდა ბაბუაჩემი პავლია! მეტი არ აგიდგა გვერდები! (ა. ბელ.).

 

მეტი გზა არა აქვს იხ. მეტი რა გზა აქვს. რვაი კაცი უწევს ჩემ სანაცვლოს. ერთად შენ უნდა წახვიდე. მეტი გზაი არ მაქ, − უთხრა ნაცვალმა კაციას (ე. ნინოშ.). − არ წამოვიდოდი, მაგრამ ახლა მეტი გზა არა მაქვს (ა. ბელ.).

 

მეტი რა გზა აქვს მეტი საშუალება, მეტი გამოსავალი არა აქვს, სხვა რა გზა აქვს. ამ მუქარით შეშინებული ქვრივი გაჩუმებულიყო, მეტი რა გზა ჰქონდა (აკაკი). ვინ გვკითხავს ჩვენ ან დაყენებას და ან გადაყენებას? თითონ აყენებენ და შენ მეტი რა გზაი გაქ, უნდა მიიღო! − სთქვა მესამემ (ე. ნინოშ.).

 

მეტი რა ჩარაა იხ. მეტი ჩარა არ არის. ლაპარაკიც მემძიმება, მაგრამ მეტი რა ჩარაა (მ. ჯავახ.).

 

მეტი ჩარა არ არის სხვა გამოსავალი, სხვა საშუალება არ არის, მეტი გზა არ არის (სპარს. ჩარე ილაჯი, ძალა, ღონე). მეტი ჩარა არ იყო, მუცელა უნდა დამორჩილებოდა თავის ხვედრს (ვაჟა).

 

მეშვიდე ცას ეწევა იხ. ცას ეწევა (სიხარულით). კაც ზვამბაია მეშვიდე ცას ეწეოდა სიხარულით, რომ მის გაზრდილს ასე ადიდებდა თვით შარდინ ალშიბაია (კ. გამს.).

 

მეშვიდე ცაში აყვანა იხ. ცამდე აყვანა. (ჯოკია) აქებდა მის სიბრძნეს, დიდსულოვნობას, გულუხვობას, ზნეობრივ სისპეტაკეს, ერთი სიტყვით, მეშვიდე ცაში აჰყავდა იგი (კ. გამს.).

 

მეცამეტე გოჭი მეტიჩარა, არამკითხე. (ცნობილია, რომ დედაღორს 12 ძუძუზე მეტი არ შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ თუ მან 13 გოჭი დაბადა, მაშინ მეცამეტე ზედმეტია, აქედან მომდინარეობს გამოთქმაც). ამ ქვეყნად კაცი არ მეგულვება, რომ მის ცხოვრებაზე მსოფლიო რომანი არ დაიწერებოდეს, რადგან შედევრებს მასალა კი არა ჰქმნის, − არამედ ნიჭი, ეპიტაფისტი კი ამ საქმეში მხოლოდ მეცამეტე გოჭივით იცქირება (მ. ჯავახ.).

 

მეხად დაატყდა (რამე) მეტისმეტად ეწყინა (რამე), შეაძრწუნა (რამემ). პაპაშას ეს სიტყვები ახალ მეხად დაატყდა: თავბრუ დაეხვია, თვალი დაუბნელდა (მ. ჯავახ.).

 

მეხი დაატყდა თავზე დიდი უბედურება შეემთხვა, შეძრწუნდა. ამას კი აღარ ელოდა ყორღანაშვილი! იმას ეგონა, რომ ორბელიანებს მეხი დაატყდებოდათ თავზე (აკაკი).

 

მზე ამოვიდა (ვისიმე, ვისთვისმე) გაბედნიერდა, კარგი რამ შეემთხვა, ტანჯვას თავი დააღწია. მე რომ ის ბახვასთან საყდარში ვნახე, მას აქეთ მზე ჩემთვის აღარ ამოსულა. ეს ჩემი გული წყვდიადის ბნელით არის გარემოცული (გ. წერეთ). 15 აგვისტოს საღამოს ახალციხეში ოსმანთა ხონთქარის მზე ჩაესვენა და 16-ს დილით რუსეთის იმპერატორის მზე ამოვიდა (მ. ჯავახ.).

 

მზე ამოსდის (ვინმეზე) იხ. მზე და მთვარე ამოსდის (ვინმეზე). ამ უკანასკნელებს, რასაკვირველია, მზე ჯერანზე ამოსდიოდათ (ე. ნინოშ.). მძულხარ კი არა, შენზე ამომდის მზე! (გ. წერეთ.).

 

მზე ამოუვიდა (ვისმე) იხ. მზე ამოვიდა (ვისიმე, ვისთვისმე). ხალხმა მაშინვე იცნო თედე.

 

საბრალო ხალხს ღამე გაუთენდა, მზე ამოუვიდა (ვაჟა).

 

მზე და მთვარე ამოსდის (ვინმეზე) ყველაზე მეტად, უზომოდ უყვარს (ვინმე), შეხარის (ვისმე), (ვისიმე) იმედით ცოცხლობს. მითხარ ყოველისფერი, გაუშალე შენს მშობელს შენი გული, ხომ იცი, რომ იმას მზე და მთვარე შენზე ამოსდის (ა. ყაზბ.). შვილი ის დამრჩა ქვეყნად ნუგეში, მასზე ამომდის მზეცა და მთვარეც (ხ. ბერ.).

 

მზე პირს იბანს მზიან ამინდში წვიმს. ფოთში მზე პირს იბანდა. მზიანი იყო, მაინც სწვიმდა (კ. გამს.).

 

მზე ჩაესვენა (ვისიმე, რისამე) (ვისიმე, რისამე) საქმე ცუდად წავიდა, დამარცხდა (ვინმე), განწირულია (ვინმე). 15 აგვისტოს საღამოს ახალციხეში ოსმანთა ხონთქარის მზე ჩაესვენა და 16-ს დილით რუსეთის იმპერატორის მზე ამოვიდა (მ. ჯავახ.).

 

მზეზე გამოტანა (რისამე) გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება (რისამე), დღის სინათლეზე გამოტანა. მაშ ეს გამოჯარება ყოველი საქმისა, ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არაფარულის ბოროტისა... განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა?! (ილია).

 

მზის გაქრობა იხ. დღის გაქრობა. შემეძლო ელგუჯას მზე გამექრო (ა. ყაზბ.).

 

მზის გაშავება სიკვდილი, მზის გაქრობა, დღის დაბნელებაი. − დიაცო! გამოდი გარეთ, − დაუძახა ონისემ, − დავინახოთ ერთურთი და, ვისიც მზე გაშავდების, ჰნახავ (ა. ყაზბ.). მზე გამიშავდეს, თუ ტყვიას ზურგი ვაჩვენო გულის წილ ბრძოლის ველზედა (შ. მღვიმ.).

 

მზის დაბნელება სიკვდილი, სიცოცხლეს გამოსალმება, დღის დაბნელება, მზის გაშავება. რა ახალგაზრდაა ეგ უბედურის შვილი! − თქვა ერთმა დედაკაცმა, − ჯერ დღე სწორედაც არ გასთენებია და ეგრე ადრე და მალე კი უნდა მზე დაუბნელდეს (ილია). სკამი იყო კართან, წამოუსვა ხელი და ისე კი დაჰკრა, რომ მეორეჯერ რომ კიდევ მიესწრო, კარებს შეამტვრევდა და ნაჩალიკსაც მზეს დაუბნელებდა (ე. ნინოშ.). როყიო ისარმა სამუდამოდ დააბნელა მზე ნანულისა (შ. დად.).

 

მთა და ბარის გასწორება ყველას და ყველაფრის გათანაბრება, გათანასწორება (უფლებრივად). ლაპარაკობდნენ, კანონები დაიბეჭდაო, რომ ვეღარც სცემსო, ვეღარც ნამუსს შეურცხვენსო; ერთის სიტყვითა, მთა და ბარი გასწორდაო (ს. მგალობ.).

 

ქვეყანას ვინ შესცვლისო, მთა და ბარი ვის გაუსწორებია მარტოკა, ჩემმა შვილმა რომ გაასწოროსო (კ. გამს.).

 

მიაბარა სული ალაჰს იხ. მიაბარა სული უფალს. მაშ ზოვრა მოკვდა? როდის? როგორ? მაშ ზოვრა რომ ალაჰს აბარებდა სულს, მართლა აბდულას სახელს ახსენებდა? (მ. ჯავახ.).

 

მიაბარა სული უფალს მოკვდა, სული განუტევა. ის მუშა კი მოარჩინა სიკვდილსა და თითონ კი კინაღამ სული არ მიაბარა უფალსა (ილია). მე თქვენს მრავალ მსხვერპლს იარებს ვუხვევდი. აგერ იქ სხედან და წვანან. ზოგმა უფალს უკვე სულიც მიაბარა, მინდიაშვილიც მოჰკლეს (მ. ჯავახ.).

 

მიაბარა სული ღმერთს იხ. მიაბარა სული უფალს. „მივდივარო“, − მითხრა და მიაბარა ღმერთს ალალი სული (ილია).

 

მიაყარე ცერცვი კედელს! არაფერი გამოვა, ამაოდ ჩაივლის, ბევრიც რომ ეცადო, უშედეგოდ დარჩება.

 

მიზანში ამოღება იხ. ნიშანში ამოღება. კოსტა ბაღათურიამ შორიდან მოჰკრა თვალი სარიდანს და მაშინვე მიზანში ამოიღო (ა. ბელ.).

 

მისხის მისხი შორეული ნათესავი; შორეული წინაპარი. უნდა ცოლითა, შვილებითა და მისხის მისხით გამოსალმებოდა საუკუნოდ მზისა ნათელსა (ა. ფურც.). ჩემი ალაგი მისხის მისხიდან გადმოსულა ჩემზე, ბებიაჩემის ლალუას მემკვიდრეობაა (ე. გაბ.).

 

მიწაზე ფეხს არ ადგამს იხ. მიწას ფეხს არ აკარებს. გახარებულ და ბედნიერ ილიას მიწაზე აღარ ედგა ფეხი (რ. გვეტ.).

 

მიწაზე ფეხს არ აკარებს იხ. მიწას ფეხს არ აკარებს. სიჭაბუკის საოცნებო ძლიერება ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი; მიწაზე ფეხს აღარ ვაკარებდი (აკაკი).

 

მიწამ უყო პირი იხ. დედამიწამ პირი უყო. (ირემას) მიწამ უყო პირი, თუ ცამ უეცრივ ჩაყლაპა (შ. არაგვ.). ჩემი ჯავრი ნუ გაქვს, ბატონო, მე თუნდაც მიწამ მიყოსო პირი, ჩემს არზაყანს მოუარეო, ბატონო (კ. გამს.).

 

მიწამ ჩაყლაპა ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა, მიწამ უყო პირი... ამ სასიხარულო ამბის მომტანი იქ აღარ იყო: ის თითქოს მიწამ ჩაყლაპა (ა. ყაზბ.).

 

მიწას ფეხს არ აკარებს აღტაცებულია, ძალიან გახარებულია, აღფრთოვანებულია; სწრაფად გარბის. პელაგია თითქმის მიწას ფეხს არ აკარებდა, სიხარულისაგან ზეზე დაფრინავდა (დ. კლდ.). (ტურიკო) ისე მოისწრაფის ძმადნაფიცის საშველად, რომ მიწას ფეხს არ აკარებს (ი. ელეფ.).

 

მიწასთან გასწორება მოსპობა, განადგურება; დამცირება, გაქელვა, პატივის ახდა. ვინც გნებავთ, ან ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს (ილია). ნურც ეგრე გამასწორებ მიწასთან! მეყოფა! − უთხრა კესომ და ტირილი დაიწყო (ილია). ცოლის მოკვლამ ბახვა ფულავა მიწასთან გაასწორა (გ. წერეთ.). წუნკალმა აღა-მაჰმადმა მარაბდა დასწვა, ქოტისი დაანგრია და ზაალის ავლა-დიდება მიწასთან გაასწორა (მ. ჯავახ.).

 

მიწის პირიდან აღგვა მოსპობა, განადგურება, გადაშენება, დედამიწიდან აღგვა. ზედვე ეტყობოდათ მათ, რომ კიდევ რამდენიმე თვეს, ან დღეს იბოგინებდნენ და შემდეგ აღიგვებოდნენ მიწის პირიდან (კ. გამს.).

 

მიწის შვილი ადამიანი; ამქვეყნიური არსება... შემოდგომა სავსე დრო არის მიწის შვილისათვის, ყუათიანი (ვ. ბარნ.).

 

მკვდრეთით აღდგომა დაღუპვის პირზე მყოფის ან მძიმე ავადმყოფის გადარჩენა. საქართველო აღდგა მკვდრეთით! (აკაკი). ბევრჯერ მიგლეწეს, ძველო ქალაქო, და ბევრჯერ ისევ ამდგარხარ მკვდრეთით (გ. ლეონ.).

 

მოგ(ვ)ჭამა ჭირი იხ. ჭირი მოგ(ვ)ჭამა.

 

მოკლე ფეხები აქვს (რამეს) დიდხანს ვერ გაძლებს, მალე მოისპობა. − ნუ გეშინია, ქალბატონის ასეთ რისხვას მე მოგაშორებ. ასეთ რისხვას მოკლე ფეხები აქვს. შენ მხოლოდ სხვაში იყავი რიგიანი და ერთგული (ბან.).

 

მონასტერი აირია იხ. აირია მონასტერი.

 

მოუკრეფავში ნუ გადადიხარ ნუ აკეთებ იმას, ან ნუ ლაპარაკობ იმაზე, რაც შენი საქმე არ არის, რაც შენ არ გეხება, საზღვარს ნუ გადადიხარ.

 

მოუსავლეთში გაგზავნა მოკვლა, წუთისოფელს გამოსალმება. ეს მშვენიერი მოგზაურობა წამამწარა იმ ოჯახქორმა. ეგ არაფერი, ლამის იყო მოუსავლეთში არ გამაგზავნა (კ. გამს.).

 

მოუსვი ბაყაყური! წადი! დაიკარგე! მოუსვი! აქ არ გაჩერდე!

 

მოჭამა თავისი დრო იხ. თავისი დრო მოჭამა.

 

მტვრის ადენა გაცამტვერება, აწიოკება, ბდღვირის ადენა. ჩემი ნათლიდედის კამეჩი ეხლავ გამოუშვას, თორემ იქაურობას სულ მტვერს ავადენ (ილია). ეს ბაბრი შეეჩვია სოფელს და აადინა მტვერი (ვაჟა).

 

მტლედ დადება თავზე შემოვლება, თავის დადება, თავდაუზოგავად მოვლა, თავის შეწირვა. (მტლე, ტლე სიცხიანის სადები წამალი − საბა). აი, შენ დაგედოს მტლად შენი უბედური დედა (ილია). აი, თურმე რას მღერის ბულბული: ამოდით ყვავილნო, მშვენიერნო, ტურფანო, დედამიწის ანგელოზნო, თქვენ დაგელევათ მტლედ, თქვენ გენაცვალეთ (ვაჟა).

 

მუსრის გავლება ამოწყვეტა, განადგურება, მოსპობა, გაჟლეტა. მზად კი ვიყოთ და მერე დაღალულზე მუსრი გავავლოთ მტრებს (აკაკი). ბობოლა გლეხობა დამფრთხალი იყო: ვაი თუ არა მარტო რქიანი, არამედ ფრინველიც წაგვართვანო და მუსრს ავლებდნენ შინაურ პირუტყვს (კ .გამს.). მუსრეს და მუსრი გაავლეს, მოკლულთა დადგა ჯებირი (ლ. ასათ.).

 

მუცელზე ხოხვა მლიქვნელობა, პირფერობა, ქლესაობა, ფარისევლობა. აქ იგი თუმცა სხვა სტილით მეტყველებდა, მაგრამ უთუოდ დიდ ნიჭს იჩენდა ქლესაობასა და მუცელზე ხოხვაში (კ. გამს.). თავათაც ამჩნევდა: რომ აქ ყველას სჯობდა თარაში. აფხაზებიც დიდი მოწიწებით ექცეოდნენ მას და არააფხაზებიც, შარდინ ალშიბაია პირდაპირ მუცელზე დახოხავდა მის წინაშე (კ. გამს.).

 

მუცლის გვრემა იდუმალი სურვილი. აჰ, შე ცბიერო სოვდაგარო, შენა, − მიაყოლა ყივჩაღთა მეფემ, − ვიცი, რა მუცლის გვრემაცა გაქვს. გინდოდა ქართველებიც მოგემადლიერებინა, ჩვენც, და შენი ფულებიც გაგენაღდებინა (შ. დად.). − ვიცი, რა მუცლის გვრემაცა გაქვს... კარგი, მოგიმატებ ჯამაგირს (გ. ნახუცრ.).

 

მუჭში სული ჩაუბერა საიდუმლო რამ გაანდო და შეევედრა არ გაამჟღავნოს. გოგლა, ჩემი სული და ეს კატა! − თითქოს მუჭაში სული ჩაუბერა (შ. არაგვ.).

 

მუხლ(ებ)ის მოკვეთა იხ. მუხლ(ებ)ის მოჭრა. სნეულებამ შუახნის კაცს მოჰკვეთა მუხლები (ვაჟა).

 

მუხლ(ებ)ის მოჭრა დასუსტება, გულის გადალევა (რაიმე ძლიერი განცდის ან დაღლილობისაგან). ამას წინათ არსენამ გიგოლას უთვალთვალა და არაბდის ჭალაში მოასწრო. ნაბუშარს მუხლი მოეჭრა და ენა მუცელში ჩაუვარდა (მ. ჯავახ.). აქ კი მუხლები მოეჭრა ზეწამომდგარ ხათუნას. ეგებ ტარბები აპირებდნენო თავდასხმას, ან თავათ მოსწიოსო მთვრალმა რამე სიავე თავისთავს (კ. გამს.).

 

მუხრუჭის მოჭერა შევიწროება, შეზღუდვა; შეწუხება, მკაცრად მოპყრობა. დღე მუდამ მუხრუჭს უჭერდა სოფელსა თავადი ესტატე, რომ წესრიგს არ გაჰქცეოდა, რომელიც დამყარებული იყო ტორტლაში (ს. მგალობ.). შენ არ აქეზებდი, ხალხს მუხრუჭი მოუჭირეო! (ს. შანშ.).

 

მღვრიე წყალში თევზის ჭერა იხ. ამღვრეულ წყალში თევზის ჭერა. რა რო საქმე აწეწილი დაინახეს, ხაზინა და ეკლესიაც წამოყელყელავდა: იქნება ჩვენც დავიჭიროთ ამ მღვრიე წყალში თევზიო (ე. ნინოშ.).

 

მყრალა ამოსდის პირიდან ცუდი, ბინძური ლაპარაკი იცის, სულ ილანძღება (მყრალა ცუდსუნიან მცენარეთა ჯგუფის სახელწოდებაა). გოგისთანა ბინძურსა და შურიანს მეორეს ვერა ნახავს ადამიანი, სულ მყრალა ამოსდის პირიდან (თ. სახ.).

 

მშრალზე დარჩენა მოტყუებული, პირში ჩალაგამოვლებული დარჩენა, ცარიელზე დარჩენა. აი, ეხლაც სისხლის ოფლს ვაწვიმებთ, წელებზე ფეხს ვიდგამთ, მოსავალი მოგვყავს, თქვენ მიგაქვთ, ჩვენ მშრალზე ვრჩებით თევზივით და მშიერი კუჭით დავწოწავთ ქვეყნად (ს. მგალობ.). ნაწილ-ნაწილად აღებული ფული მალე შეიჭამა, ნელ-ნელა ადგილებიც გაიყიდა და როცა, მისივე დაუდევრობით, უკანასკნელი ქონება ბანკს გააყიდვინა, მშრალზე დარჩენილმა სარდიონმა მხოლოდ მაშინ წამოცქვიტა ყურები, მაგრამ გვიანღა იყო (დ. კლდ.).

 

მშრალზე დასმა იხ. ცარიელზე დასმა. (ხაბაზი) სულ იმას ფიქრობდა პირველი ნაყოფი მიეღო, რომ კოლექტივის გამარჯვებით კულაკობა მშრალზე დაესვა (ე. ზედგ.).

 

მწარე ნაღველის გადასხმა გამწარება, გაუბედურება. ბევრ ტკბილ ცოლქმრობას გადაესხა მწარე ნაღველი იასონის წყალობით, ბევრი ოჯახის ტკბილი ცხოვრება შეირყა და გამწარდა (ე. ნინოშ.).

 

მწყერს შეუწვავს ანგარიშს, თანაგრძნობას არ გაუწევს, ყურადღებასაც არ მიაქცევს, არავითარ სიკეთეს არ უზამს. − ჰო, კარგად ქე შეგითვლია, მაგრამ მაინც რომ ეწყინოს იმ დაუნდობელს? − თუ ეწყინება, მწყერს შევუწვავ! (ბან.). გული მოუვა, თორემ მწყერს შევუწვამ! (თ. სახ.).

 

მხარე უჭირავს (ვისიმე) ეხმარება, ემხრობა, ექომაგება, ხელს უწყობს (ვისმე). თქვენც, ჩვენი მიწა-წყლის შვილს, კეთილშობილის სისხლსა და ხორცს, ამათი მხარე გჭერიათ (ილია).

 

მხარი მხარს მისცეს ერთმანეთს დაეხმარნენ, მხარი დაუჭირეს, მხარში ამოუდგნენ. მხარი მხარს მივცეთ, ამხანაგებო! (ი. ევდ.). მეხი მეხს, ქარი ქარს! ჩვენ კი მივცეთ მხარი მხარს! (გ. ტაბ.).

 

მხარი უქცია სხვა მხარეს წავიდა, მიმართულება იცვალა; მოშორდა, გაეცალა. იმ ღამესვე ელიზბარმა და შალვამ მხარი უქციეს და საიდუმლოდ კახეთისკენ მიემართნენ (აკაკი). მჩაგვრელთა მხარი ვუქციოთ, ჩაგრულთა მივცეთ სალამი (ი. დავით.).

 

მხარის აქცევა ორიენტაციის, მიმართულების გარკვევის, გზის გაგნების უნარის დაკარგვა, დაბნევა. ბინდდებოდა, ბილიკს გადავცდი, არც კი ვიცოდი, საით მივდიოდი, ან ჩემი მასპინძლის, აფხაზის ფაცხა რომელ მხარეს იყო, კომპასი შინ დამრჩენოდა, მხარი ამექცა, მიმართულება დავკარგე (კ. გამს.).

 

მხარის დაჭერა დახმარება, მიმხრობა, გვერდში ამოდგომა. ეს იცოდა ოსეფამაც, მაგრამ, აქა და სასახლეში მხარს მიჭერენო, არავის ეპუებოდა (აკაკი). ეს მაღალი განათლების პატრონი კაცი ჩარჩებს უჭერდა მხარს და არა მათგას ჯვარზე ცმულებს (გ. წერეთ.). გოგიტამ იუარა და მას სხვებმაც დაუჭირეს მხარი (ა. ბელ.).

 

მხარის მიცემა დახმარება, შველა, მხარის დაჭერა, თანაგრძნობის გაწევა. „სივილა, − ეუბნებოდენ ისინი, − შენ ოღონდ მოდი მალე, მეტი არა გვინდა რა. ჩვენ ყველანი მხარს მოგცემთ, შენის გულისთვის ცეცხლში ჩავდგებითო (გ. წერეთ.). თუ ერთი მათგანი მუქარებს დაუწყებდა რომელსამე გლეხს, დანარჩენებიც ამას მხარს აძლევდნენ (დ. კლდ.). − ალბათ ჯერ არ იცნობს ჯაყოს, თორემ მხარს არ მისცემდა (მ. ჯავახ.).

 

მხარის მოქცევა იხ. მხარის აქცევა. უნდა შინ წამოვსულიყავი, მაგრამ მხარი მომექცა, ვეღარა გავიგე-რა (ს. მგალობ).

 

მხარს უმშვენებს მასთან არის, გვერდში უდგას (უზის), ახლავს, გვერდს უმშვენებს. თუ მართლა იმისთანა საშინელი და უკადრისი ამბავი დაჰმართეს, რაღა გული აძლევდა ნებას, რომ ამისთანა დაუნდობელსა და საძაგელს ერს მხარს უმშვენებდა და თან მისდევდა (ილია). მხარს უმშვენებდნენ თევდორეს მაჩხა, დისწული მატია (ს. შანშ.).

 

მხარს უსწორებს უტოლდება, უთანაბრდება, კვალში მიჰყვება. − ჩემო ნონავ! ბრძოლაში ნაცადი მყევხარ და მიხარიან, რომ მხარს მისწორებ (ვ. ბარნ.)

 

მხარში ამოდგომა დახმარების გაწევა, შველა, გვერდში ამოდგომა, მხარის მიცემა. აგერ ოთხი-ხუთი წლის შემდეგ ჩემი ჩიტო მხარში ამომიდგება და შრომის უღელს შემიმსუბუქებსო (ე. ნინოშ.). ახლა ის სახეძაღლი არზაყანი ისევ მხარში ამოუდგება ჩალმაზს და ლიჩელის (კ. გამს.) 

მხარში შედგომა იხ. მხარში ამოდგომა. მეცნიერებაში გაწვრთნილი ქალები მხარში შეგვიდგებიან და ჯაფით გატეხილ წელს გაგვიმაგრებენ (გ. წერეთ.).

15

▲back to top


 

ნავსის გატეხა პირველად გაკეთება იმისა, რასაც მანამდე არ ან ვერ აკეთებდნენ. ჩემს მოკეთეებთან, ეს ერთი წელიწადია, არა ვყოფილვარ, მემდუროდნენ − რად დაგვივიწყეო! როგორც იყო გუშინ ნავსი გავტეხე და ვინახულე (თ. სახ.).

 

ნათელის მოფენა იხ. შუქის მოფენა. ვგონებთ, შესაძლო იქნება ცოტათი მაინც ნათელი მოვფინოთ საგულისხმო საგანს (ილია).

 

ნათელის ჩადგომა გულში იხ. გულში ნათელის ჩადგომა.

 

ნამუსის ახდა გაუპატიურება. სიკვდილი რით არ სჯობიან ჩვენის შვილების ნამუსის ახდის ცქერასა (ს. მგალობ). − აღარაფერი შეგვარჩინა (ჯაყომ), საქონელს იტაცებდა, ქალებს ნამუსს ხდიდა, გვცემდა და შენი მოსავლის ნახევარს იჯიბავდა (მ. ჯავახ.).

 

ნამუსის გამოწმენდა იხ. ნამუსის მოწმენდა. მერე მე რაღათი გამოვიწმინდო ნამუსი? (ს. კლდ.).

 

ნამუსის მოწმენდა უხერხულობის დაფარვა, სათაკილო საქციელის გამართლება, მობოდიშება. (გმირისეული) მოსწმენდდა ფარულად თავის ქალს ნამუსს და მერე თავის ნებაზე წაიყვანდა (ს. მგალობ.).

 

ნატისუსალი ასდის ძალიან ღარიბია, გაღატაკებულია, არაფერი აბადია. (ნატისუსალი ბამბათა და ფარატინათა ნამწვის სუნი − (საბა); რაკი თათარს ცხენი ჰყავს, თოფ-იარაღი აქვს, იგი კაცად იხსენება სოფელში, − თუნდ შინ, ოჯახში − ნატისუსალი ასდიოდეს (ილია). (თეიმურაზმა) შეაწერა საყმოს საქორწილო ფული ორასი თუმანი. ყმებმაც, რომელთაც სიღარიბით ნატისუსალი ასდიოდათ, ვალი აიღეს და მიართვეს შეწერილი ფული (ლ. არდაზ.).

 

ნაღველას გასივება გაბრაზება, შეწუხება, გულზე გახეთქა, გულის გასივება. გული სისხლით მევსებოდა, ნაღველა მისივდებოდა (ა. ყაზბ.).

 

ნაღველი აეშალა იხ. ნაღველი მოერია. აი, კიდევ სევდა ეწვია გულსა, კვლავ ამეშალა მწარე ნაღველი (ი. ევდ.).

 

ნაღველი აწევს შეწუხებულია, დაღონებულია, დადარდიანებულია, დანაღვლიანებულია. შენა, შვილო, რა გიჭირს? სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მე კი არა მკითხავ, რა ნაღველი მაწევს (ილია). სპირიდონის დედისათვის სამუდამო საიდუმლოთ დარჩა, თუ რა ნაღველი აწვათ ამ დროს მის შვილს და რძალს (ე. ნინოშ.).

 

ნაღველი მოერია დასევდიანდა, დაღონდა, დადარდიანდა. (ვაჟი) რაღაც უჩვეულოს განიცდიდა, მაგრამ მალე დაეკარგა გულისყური, ნაღველი მოერია, მოიცვა სევდამ (ო. ჩხ.).

 

ნაღვლის გასივება იხ. გულის გასივება. ნაღველი გამისივდა ლოდინით (განმ. ლექს.). ნაღვლის დალევინება გამწარება, გაწამება, დატანჯვა. ტიალმა წუთისოფელმა ნაღველი დამალევინა (აკაკი).

 

ნაცარ-მტვრად ქცევა იხ. ნაცარტუტად ქცევა. დათვი რომ შემოგივარდეთ, სულ ნაცარ-მტვრად გაქცევთ (ვაჟა). ხომ არ გინდათ სულ დავანგრიოთ და ნაცარ-მტვრად გაქციოთ?! (ვაჟა).

 

ნაცარტუტად ქცევა მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება.

 

ნაცარტუტის ადენა მოსპობა, განადგურება, გაცამტვერება, ბდღვირის ადენა. გაუგზავნა მოციქული: გამოცხადდი ჩემ წინ შენო, თუ არ მოხვალ, შენს ქვეყანას ნაცარტუტას ავადენო (ილია). (ჩაჩნები) ნათესში ცხენებს აბამდნენ; ხშირად შიგ შუა ვენახში ჩაუბამდნენ ცხენებს, რომლებიც იქაურობას სულ ნაცარტუტას ადენდნენ (ს. მგალობ.).

 

ნაცრის ქექვა უსარგებლოდ შრომა, წყლის ნაყვა; უსაქმურობა. ჯერ თვითონ პროგრამა გიმნაზიისა აიღეთ. თავისი ლათინურით და ბერძნულით, რომელნიც იმოდენა ხეირს აყრიან ყმაწვილს, როგორც წყლის ნაყვა, ანუ ნაცრის ქექა (ილია). ვითომ სუყველაც შრომობდა, ნაცარს არავინ ქექავდა (ბაჩ.).

 

ნახშირი კედელს! რა იშვიათი ამბავი მოხდა! როგორც იქნა! ძლივს გვეღირსა! მადლობა ღმერთს! პლატონს, პლატონს ვახლავართ!... დარიკო, კედელს ნახშირი, ნახშირი კედელს! ასე უნდა, შე პატიოსანო კაცო, მოყვრის მივიწყება! (დ. კლდ.).

 

ნეკზე კბენა იხ. თითზე კბენანი. მაშინ კი მოტყუებულმა გიორგის მომხრეებმაც დაინახეს მათი შეცდომა, მაგრამ ნეკზე კბენა რაღას უშველიდა (აკაკი). მაშინ კი დაფიქრდა ელიკო; ჩაიხედა გულში, გამოფხიზლდა ცოტათი და პირველად შენიშნა ვარდ ქვეშ ეკალი. იკბინა ნეკზე და გაიმაგრა გული (აკაკი).

 

ნემსის ყუნწში ძვრება ყოველ ღონეს ხმარობს, არაფერს ერიდება (მიზნის მისაღწევად), გველის ხვრელში ძვრება. ლოპიანა კი თევზაობდა, კრივობდა, ჭიდაობდა, თაბახი დაჰქონდა, მამლებსა და ყოჩებს სწვრთნიდა, საჯაროდ აჭიდავებდა, ჰყიდდა, ყიდულობდა, ნემსის ყუნწში ძვრებოდა და „ალალი გულით“ ცხოვრობდა (მ. ჯავახ.).

 

ნერვების აშლა განერვიულება, აღელვება, გაღიზიანება. ბოლოს (ლათინურის) ზეპირობამ (იერემიას) გონება დაუბნელა, ნერვები აუშალა და გააბრაზა (გ. წერეთ.). ნუ ჯავრობ, ნუ დარბიხარ, ნერვები ნუ ამიშალე (ე. გაბ.).

 

ნიადაგის გამოცლა (ფეხქვეშ) საფუძვლის, საყრდენის მოსპობა. ამ ამბავმა დააღონა გიორგი, რადგან იმის წასვლის შემდეგ ნიადაგი ეცლებოდა ფეხქვეშ და ისევ გაჭირვებულ ყოფაში უნდა ჩავარდნილიყო კაცი (ვ. ბარნ.).

 

ნიადაგის მომზადება საჭირო პირობების შექმნა (რისამე განსახორციელებლად). არზაყან დიდხანს ამზადებდა ნიადაგს. ურჩევდა მამას: „ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო“ (კ. გამს.). მზადდება ნიადაგი ბრძოლისათვის (განმ. ლექს.).

 

ნიადაგის მოსინჯვა რისამე შესაძლებლობის შემოწმება, გასინჯვა, შესწავლა, ვითარების გათვალისწინება. ხარიც და კაციც ნიადაგს სინჯავდა, ერთიმეორის ძალას წონიდა (რ. გვეტ.). ამის შემდეგ სცადა გიტამ ამხანაგებში მოესინჯა ნიადაგი (ბ. ჩხ.).

 

ნიავს არ აკარებს იხ. დილის სიოს არ აკარებს. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ (გ. ტაბ.).

 

ნირის შეშლა წესის არევა, ზნე-ჩვეულების გამოცვლა; განზრახვის, სურვილის შეცვლა. (ნირი წესი, რიგი, გეზი, მსვლელობა; ზნე, ჩვევა, ხასიათი). მაგრამ თუ მცირედ მაინც შეერყა კეთილდღეობა და შეეშალა ნირი, მაშინვე მისი სიტკბოება სიმწარედ გარდაიქმნება (ვ. ბარნ.). მაშინ შენ თვითონ გაჯიუტდი: აღარ მინდა, აღარ მეამებაო. მე ნირს არ შეგიშლი, თავს შემოგევლე (ვ. ბარნ.). ბინდი შემოდგა ოთახში..., ფერი უცვალა საგნებს, გარემოს, ხოლო რეზოს განცდას ვერ შეუშალა ნირი, იყო ისე, უკეთურის მომლოდინე (ო. ჩხ).

 

ნირის შეცვლა იხ. ნირის შეშლა. სანამ შეჭარხლებული ბერი და მარაბდელი ერთმანეთს მოიკითხავდნენ, ტყვე-ხალხს ნირი შეეცვალა (მ. ჯავახ.). ბარათიანთ ყმებმა ორბელიანების ყმებზე მიიწიეს და უმალვე ნირი შეაცვლევინეს (მ. ჯავახ.).

 

ნიღაბის ახდა იხ. ნიღაბის ჩამოგლეჯა. დროა ნიღაბი ავხადოთ იმ ერთს გუნდს, რომლის მეცნიერნი ასეთს ყოფას გვაწევენ ქართველებს (ილია).

 

ნიღაბის ჩამოგლეჯა გამოაშკარავება, გამომჟღავნება, დღის სინათლეზე გამოტანა. მათ ნიღაბი

 

ჩამოგლიჯეს მატყუარა ღმერთებს, ტრაბახა მეომრებს, ცრუპენტელა ხუცებს და ქარაფშუტა პატრიოტებს (კ. გამს.).

 

ნიღაბის ჩამოფარება დამალვა, დაფარვა, მიჩქმალვა. ამის მიზეზი სულ სხვა უნდა იყოს და არა იგი, რასაც თავმოწონებით უკადრისობენ და თაკილობენ და ზოგნი იმისათვის, რომ საკუთარს უღონობას ნიღაბი ჩამოაფარონ − ბრალი თვით აიცილონ ლიტერატურას დასდვან (ილია).

 

ნიღაბის ჩამოხსნა იხ. ნიღაბის ჩამოგლეჯა. ჩვენმა დრომ გააშიშვლა ადამიანი, თუმცა შესაძლოა იგი მუდამ ამგვარი ყოფილიყო, მხოლოდ ნიღაბი ჩამოეხსნათ მისთვის (კ. გამს.).

 

ნიშადური ამოსცხო გააქცია, დააფრთხო, გააგდო; გაამწარა, გააღიზიანა. (ელიკომ) ბევრ მოტრფიალეს დასწყვიტა გული მოულოდნელი გაკიცხვით, ბარე ორს, საქმროდ გამზადებულს ამოსცხო ნიშადური და მათი სიყვარული სიძულვილად გადაიკეთა (აკაკი).

 

ნიშანში ამოღება გადაკიდება, ათვალწუნება, მტრული მოქმედების საგნად გახდა, მიზანში ამოღება; ამორჩევა. ვიცით, ნიშანში ვინც ამოუღია ბ-ნს კორესპონდენტს. ახია, რატომ სამსახურში არ მიიღო ბნი კორესპონდენტი! ხომ ქებას დაუწერდა (ილია). მაგრამ ბატონმაც იცოდა, რომ ის ნიშანში ჰყავდათ ამოღებული და ციყვივით ფრთხილობდა (მ. ჯავახ.). რომელი ბედნიერი ასულისაკენ არის ეს ფიქრი მიმართული, რომელი ბედნიერი ქალის გული აქვს ნიშანში ამოღებული? (ბან.).

 

ნიშის მოგება. იხ. ნიშნის მოგება. (ის) ყოველთვის წყენას ბოლომდე მალავდა და როცა საქმეს წამხდარს დაინახავდა, მაშინ გამარჯვებულად თვლიდა თავის თავს და ნიშს უგებდა საქმის მეთაურს (ე. ნინოშ.).

 

ნიშის მოგებით იხ. ნიშნის მოგებით. აზნაურებმა რა გაიგეს როზგი მარტო გლეხების შესახებ არის ნაბრძანებიო, ნიშის მოგებით დაიწყეს ლაპარაკი: − ძაან კაი უქნია, ბატონო! აღარ ჰქონდა გლეხების უთაურობას საზღვარი (ე. ნინოშ.).

 

ნიშნის მიგება იხ. ნიშნის მოგება. (სოსიკას) უნდოდა გაეღიმა, თითქო რაღაც ნიშნი მიეგო მოძალადე ხალხისათვის, მაგრამ დიდხანს ვერ გასძლო ამგვარ მდგომარეობაში (ნ. ლომ.).

 

ნიშნის მოგება გამარჯვებულის ტონით რისამე გახსენება, მოგონება. ჯერ ჩემზედ უკეთესი უნდა შეერთო და მერე ჩემთვის ნიშნი მოეგო! (ილია). ესტატე ცას ეწევა სიხარულითა, ნიშნს უგებს სოფელსა (ს. მგალობ.).

 

ნიშნის მოგებით გამარჯვებულის ტონით; დაცინვით, გესლიანად. აბა, სულ ეგრე სტყუი ხოლმე, − უკიჟინა ნიშნის მოგებით გახარებულმა კნეინამ (ილია). თვითონ კი ფეფენას თავს დაადგა და ნიშნის მოგებით ეუბნებოდა: − სად წამიხვალ ახლა, სად წამიხვალ, შე კუდიანო? (დ. კლდ.). ბატონმა რამდენჯერმე გააბოლა, მერე დათუნას აჰხედა და ნიშნის მოგებით ჰკითხა: − ვეჟო, ალექსანდრე დაგიმარცხდა? (მ. ჯავახ.).

 

ნოეს მტრედი საყვარელი, ძვირფასი, უმწიკვლო არსება. (მომდინარეობს ბიბლიური ლეგენდიდან: წარღვნის დროს კიდობანიდან ნოემ ჯერ გაგზავნა ყვაი, რომელიც არ დაბრუნდა უკან, ხოლო შემდეგ მტრედი, იმის გასაგებად − იკლო თუ არა წარღვნამ. მტრედმა სასიხარულო ამბავი მოიტანა, მან ზეთისხილის რტოს მოტანით ნოეს ამცნო, რომ წყალმა იკლო და ხმელეთი გამოჩნდა). გამიფრინდა ჩემი ნოეს მტრედი (ილია).

16

▲back to top


 

ოთხში ამოღება დაუზოგავად ცემა, ჯავრის ამოყრა, შავი დღის დაყრა; გაუჭრელად გატყავება, მთლიანად ტყავის გაძრობა. ეს ისეთი შეუბრალებელი ვინმე იყო, რომ ყმაწვილის „გაროზგვას“ არა ერჩია-რა; სულ უბრალო მიზეზი საკმაო იყო, რომ ოთხში ამოეღო (აკაკი). (თარაში) ახლა მზად იყო, ეს სატევარი აეღო და ოთხში ამოეღო თავისი ძიძიშვილი ძუძუმტე (კ. გამს.). თხის ოთხში ამოღება (განმ. ლექს.).

 

ორ სკამზე ჯდომა მერყეობა, უპრინციპობა.

 

ორ ცეცხლშუა ყოფნა გამოუვალ მდგომარეობაში, განსაცდელში ყოფნა, ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა, ორ წყალშუა დგომა. თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისაგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიააო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლს შორის არიან (კ. გამს.). ვიცი, ქალბატონო, მაგრამ შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, ორ ცეცხლშუა ვარ: გითხრა, შენი აღშფოთების მეშინია და არ გითხრა, იმისაც მეშინია, რომ დაფარვა ცუდად მოგიხდეს (ბან.).

 

ორ ცეცხლშუა ჩავარდნა გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა. ეს ზრახვა მე და მზისახარს გაგვანდო, რითაც დიდად ძნელგასაბედავი დავალების წინ დაგვაყენა. ორ ცეცხლშუა ჩავვარდი, აღარ ვიცოდი, რა მექნა (ბან.).

 

ორ წყალშუა დარჩენა გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში დარჩენა. წასვლით ვერ წავიდოდა, იყო ასე ორ წყალშუა დარჩენილი (ვაჟა).

 

ორ წყალშუა დგომა ძნელი არჩევანის წინაშე ყოფნა, გამოუვალ, მძიმე მდგომარეობაში ყოფნა, ორ ცეცხლშუა ყოფნა. ან ჰო, ან სულ არა, აქ ორ წყალშუა დგომა უადგილოა (ილია)

 

ორ წყალშუა ყოფნა იხ. ორ წყალშუა დგომა. ორ წყალშუაა ვაჟკაცი (ვ. ბარნ.).

 

ორივე მხარეზე კერვა ერთმანეთის საწინააღმდეგო საქმეების კეთება, ორპირობა, მერყეობა, უპრინციპობა. როცა ადგილი მოიჭმებოდა, ანდა ხრიკიან ადვოკატს, რომელიც ორსავე მხარეზე ჰკერავდა, აბრუ გაუტყდებოდა და არავინ მიეკარებოდა, იგი ადგილს მოინაცვლებდა (დ. კლდ.).

 

ორმოს უთხრის ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, სამარეს უთხრის. თანდათან შურს და სიხარბეს ნიადაგი ემზადებოდა: მისი ტოლები (ელიკოს) ქვეშ-ქვეშობით ორმოს უთხრიდნენ (აკაკი). სამართალს ფულითა ვსჭრიდი, გროშისთვის კაცსა გავყიდდი, თვით ძმას ორმოს გავუთხრიდი და ჩემს ჯიბეს ნელნელ ვზრდიდი (ილია).

 

ოხტიდან (ა)მოსვლა ჯავრის ამოყრა, სამაგიეროს გადახდა. (ოხტი მომდინარეობს არაბული სიტყვიდან, მნიშვნელობთ დაპირება, ვალი). არ შევარჩენ, მოვალ იმ მეღორის ოხტიდანაც! (ვ. ბარნ.). − ისევ ჩვენ თუ ამოვალთ მაგის ოხტიდან, თორემ თქვენ მაგას ვერაფერსაც ვერ დააკლებთ (მ. ჯავახ.).

 

ოხტში (ა)მოსვლა იხ. ოხტიდან (ა)მოსვლა. მაიას ოხტში ვერავინ მოხვალთ, ტყუილად შეეჭიდებით (ი. გულის.).

17 პჯ

▲back to top


 

პასუხი აგო  თავისი საქციელისა და მოქმედებისათვის პასუხი მოსთხოვეს; დანაშაულისათვის სამსჯავროზე წარნდგა, სასჯელი მიიღოს. − ბატონებო, მე გიცხადებთ, რომ ამ საბრალოს სიცოცხლისათვის პასუხს თქვენ აგებთ ღვთისა და კანონის წინაშე... − ღვთის წინაშე? უკვირს ყაშას. − ხო-ხო! მე ვაგებ პასუხს, მე! (მ. ჯავახ.). მაგრამ სულ ერთია, პასუხი ისევ არსენამ უნდა აგოს (მ. ჯავახ.).

 

პატივის აყრა უპატივცემოდ მოპყრობა, ღირსების ახდა, დამცირება, შეურაცხყოფა; მოქალაქეობრივ უფლებათა ჩამორთმევა, პატივის ახდა. ონოფრეს გამოუცხადეს: აეყაროს ღირსება, პატივი და გაიგზავნოს კატორღაში! (ა. ყაზბ.). − მესმის, ძმებო, ყველაფერი. დაფიქრებაც კი პატივს ამყრიდა თქვენს თვალში... საჭირო არ არის ზედმეტი სიტყვა (ლ. ქიაჩ.).

 

პატივის ახდა იხ. პატივის აყრა. მსახურებს რომ საჩუქრები დაუგვიანდათ, პატივი ამხადეს და ბრწყინვალებას აღარ მეძახდნენ (აკაკი). აი, ამისთანა ნადირ-კაცმა (ჯაყომ) მარგოს ასე ხეპრულად, ასე უდიერად და მხეცურად აჰხადა პატივი (მ. ჯავახ.).

 

პატივის დადება დაფასება, პატივისცემა. მე გთხოვთ, მაგათ თავი დაანებოთ და თქვენს გაუფრთხილებელ სიტყვებსა ცოტაოდენი პატივი დასდვათ (ილია). შვილო, თუ რამ ანგარიში გაქვთ, სხვა დროისთვის გადადევი!... შენს სიმამრს დასდევი პატივი, − განა ფილიპეს გალანძღვა არ იქნება მაგის დათხოვა? (დ. კლდ.).

 

პატივს სცემს აფასებს, პატივით ეპყრობა, ანგარიშს უწევს. მიუხედავად მისი ახირებულობისა, გარეშეებსაც ძალიან უყვარდათ მამაჩემი და მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა სიმართლისა და პირდაპირობისათვის (აკაკი). ნუ იუკადრისებ, ამ ჩემს ჭაღარას ეცი პატივი და დღეს მონაწილეობა მიიღეო დოღში (კ. გამს.).

 

პილატეს ცრემლ(ებ)ი არაყი, ალკოჰოლიანი სასმელი. თევდორემ შეიპატიჟა გზირი დუქანში, თანაც ორი ჭიქა პილატეს ცრემლი გადააცეცხლა... (ვ. ბარნ.).

 

პირზე აკერია (ვინმე, რამე) იხ. ენაზე აკერია (ვინმე, რამე). თუ თვითონ სიტყვით არ წარმოუთქვამს ეს, ხსოვნით ყოველთვის ახსოვდა, ხოლო დედამისს კი პირზე ეკერა (დ. კლდ.). საწყალს სიზმარშიაც და ცხადლივაც სულ შენ ელანდები, ნიადაგ შენი სახელი აკერია პირზე (მ. ჯავახ.).

 

პირზე ბოქლომის დადება იხ. პირზე კლიტის დადებ. თომა თეკლესაც ერიდებოდა და ქურდივით გაურბოდა, იმ დედაკაცის ღიმილი მას გულში ცეცხლის ქარიშხალს აუტეხავდა ხოლმე, ხოლო წინანდელი უცნაური შიში პირზე ბოქლომს ადებდა და შუბლს ნაოჭებით უკრავდა (მ. ჯავახ.).

 

პირზე კლიტის დადება გაჩუმება, დადუმება, ხმის წაწყვეტა, ენაზე კლიტის დადება. ერთხელ კიდევ გირჩევ, გამოაცხადე ერთგულება, პირზე კლიტე დაიდე და დადუმდი (მ. ჯავახ.). მარტოდმარტოდ დარჩენილმა დედაკაცმა გული ჩაიხვია და პირზე კლიტე დაიდო (მ. ჯავახ.).

 

პირზე რძე არ შეშრობია იხ. რძე არ შეშრობია პირზე.

 

პირზე ცეცხლის წაკიდება გაბრაზება, გაცეცხლება, წყენა, გულის მოსვლა. იურის პირზე ცეცხლი წაეკიდა. ასე არაფერი წყენია. ის რომ ახლახან უფლება ახადეს, ის რომ მისი აუგი ასე საჯაროდ გამოიტანეს (შ. დად.).

 

პირი არ დაგწვას! ვერ მოგართვეს! ვერ ეღირსები! მაშ შენ წვინტლიან ორმოცდაათ ათას მანეთად მენავთე ხომ არ გნებავს რომ მოგგვარო ან ლუდის გამყიდველი, პირი არ დაგწვასო (ა. ბელ.).

 

პირი მიჰყო გალანძღა, გათათხა. მაგრამ რა? მგელს სახარება თუნდა წაუკითხე, თუნდა არა. მომყო, ბატონო, პირი... ასე გამხადა, რომ რაღა მოგახსენოთ. რა ვიცი, რაები არ მაკადრა... (ილია) ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ − კაი საქმე იმათ დააწია. მიჰყო პირი და ბრე გაადინა (ილია).

 

პირი წყლითა აქვს სავსე ლაპარაკის, გულის ნადების გამოთქმის შესაძლებლობა არა აქვს. პირიდან თაფლი გადმოსდის ტკბილად, ალერსიანად, სასიამოვნოდ ლაპარაკობს, ტკბილი

 

საუბარი იცის. კარგი რამ იყო მღვდელი ღვთისავარი... ღრმად მოხუცებულს სულ თაფლი გადმოსდიოდა პირიდან (შ. არაგვ.).

 

პირიდან ლუკმის გამოცლა უკანასკნელ საარსებო საშუალებათა წართმევა, მშრალზე დატოვება. შინ ლუკმას გვაცლიან პირიდან და გარედან კი ნასუფრალს გვიყრიან ძაღლებსავით (აკაკი). მანქანამ პირიდან ლუკმა გამოაცალა ცხენის დალალს (კ. გამს.).

 

პირიდან შაქარი ამოსდის იხ. პირიდან თაფლი გადმოსდის. უწინ პირიდან შაქარი ამოსდიოდა, ახლა უკმეხ სიტყვასაც აღარ ზოგავდა (ა. ჭუმბ.).

 

პირიდან ცეცხლს ყრის განრისხებულია, გააფთრებულია, გაანჩხლებულია, ცოფებს ყრის; ყოჩაღია, მკვირცხლია, შეუპოვარია. ვითომ ჯავრობდა და პირიდან ცეცხლსა ჰყრიდა: „როგორ გაბედეს ერისთავებმა ჩემი ურჩობა და დიდებული შაჰ-აბაზის ღალატიო?!“ (აკაკი). (თეიმურაზი) ჯავრობდა, პირიდან ცეცხლს ყრიდა, მაგრამ საქმეს მაინც არა ეშველა-რა (ნ. ლომ.). აირჩიეთ ვარგებული ყაძახი, ფოლადიანი ბიჭი, რომ ცეცხლს ყრიდეს პირიდან (ჭ. ლომთ.).

 

პირიდან ცოფებს ყრის იხ. ცოფებს ყრის პირიდან.

 

პირის აკვრა გაჩუმება, დადუმება, განგებ ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა. აბა ეგ მოსათმენია? მაგრამ რაკი სახარებაში... სწერია... მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სული თქვენიო, მეც მოვითმინე, ავიკარ პირი (ილია). როცა ბაბუა ტარიელ ნასადილევს თვალს მილულავდა, დიდსა და მცირეს პირი უნდა აეკრა (კ. გამს.).

 

პირის გატეხა პირობის დარღვევა, დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, სიტყვის

 

გატეხა, ღალატი. იმ კაცმა ნება მომცა, წადი და ინადირე, კაცი ხმას ვერ გაგცემსო... პირის გატეხას ხომ არ იკადრებს იმისთანა დიდი კაცი! (ე. ნინოშ.). უთხრან, არსენას დიღმის მხრივ ხუთი ათასი გლეხი მოჰყავს და ვინძლო პირი არ გასტეხოთ და ერთმანეთს არ უღალატოთ-თქო (მ. ჯავახ.).

 

პირის გაშავება თავის შერცხვენა. როგორ? ჩვენ განა მიტომ მოვსულვართ, რომ აქ გვენახა თვალის სეირი? და, სასაცილოდ ღვთისა და კაცის, გაგვიშავდეს და შეგვირცხვეს პირი? (აკაკი). ქორი ვარ, სხვას რომ მოვტაცო, რად გავიშავო პირი მე? (აკაკი).

 

პირის გახსნა ხმის ამოღება, ლაპარაკის დაწყება, კრიჭის გახსნა. კახურმა და კონიაკმა ჩემს „კამარადს“ პირი გაუხსნა და აალუღლუღა (მ. ჯავახ.).

 

პირის გემო შეჭამანდი. ცოტა ხანს შემდეგ საჭამანდი, ან, როგორც სოფელში იტყვიან, პირის გემო აღარ მოაკლდებოდა სიმონას ოჯახს (ე. ნინოშ.).

 

პირის მორიდება მიტოვება, ხელის აღება, ზურგის შექცევა. რაკი რომ განაწესეს მწერლის ადგილას, ბეჟანმა პირი მოარიდა თავის საწყალს ძმას, აღარ მიიკარა ახლო, ერთხელ სახლიდამაც გააგდო (ილია).

 

პირის მოშვება ალაპარაკება, ყბედობის დაწყება. ყველამ პირი მოუშვა და მაშინღა გაჩუმდნენ, როცა მამალმა მეორეჯერ იყივლა (მ. ჯავახ.).

 

პირის მოჭერა განგებ გაჩუმება, არაფრის თქმა (რისამე შესახებ). სადა ჰფრენს გონება ბ-ნ ეზოვისა, როცა ჩვენს სანუგეშოზე პირს უჭერს და ძაგებაზე პირსა ჰხსნის (ილია). წამოვიდა ეს დალაქი, აბა რას იტყვის, პირს უჭერს − კრინტს არა ძრავს (თ. რაზიკ.).

 

პირის მოხსნა დაწყება გაუთავებელი ყბედობისა, ლაქლაქისა. თეიმურაზი სოფლის საერთო ამბავს გამოკითხავდა. ჯაყოც პირს მოიხსნიდა და აღარ გაჩუმდებოდა (მ. ჯავახ.). ცოტა რომ შენაყრდნენ, გოდერძიმ მოხსნა პირი (შ. დად.).

 

პირის ქარის გაშლა ალაპარაკება, ხმის ამოღება. (სულის მკითხავს) უფლისაგან აქვს მინიჭებული ძალა, გამოიწვიოს სულები და „პირის ქარი გააშლევინოს“, ე. ი. აალაპარაკოს (ვაჟა). მადლობელი ვარ, ჩემო პატრონო, რომ მიკითხე და პირის ქარი გამაშლევინე (ვაჟა).

 

პირის შეკვრა შეკავშირება, შეთანხმება (უმთავრესად, ვისიმე წინააღმდეგ სამოქმედოდ). მოსეს მეტადრე იმისი ეშინოდა, რომ მღვდელმა და უნათლოშვილებმა პირი არ შეკრან და მე არ გამცენო (ე. ნინოშ.). ყველამ თურმე პირი შეჰკრეს ქრისტიანების ამოსაჟლეტად (მ. ჯავახ.).

 

პირის შეჩვევა გათამამება, მოურიდებელი ლაპარაკის დაწყება. თუ თავი გაუყადრე ბრბოს, პირს შეგაჩვევს, აღარად ჩაგაგდებს (აკაკი).

 

პირის წყალი სინდისი, ნამუსი. ოძელაშვილის ვინაობა და ბინაც ძალიან ბევრმა იცოდა, მაგრამ ხალხს ჯერ შერჩენილი ჰქონდა პირის წყალი და არავინ არ მიდიოდა მაიორთან „ჩვენი არსენას“ გასაყიდავად და ჯაშუშის სახელის საშოვნელად (მ. ჯავახ.).

 

      მაშ ივანიჩას უნდა მიათხოვონ ფიქრია? იმ აქლემს? − ჩაიცინა არსენამ. − მაგრე რიგად გამოელიათ პირის წყალი? (მ. ჯავახ.).

 

პირის წყლის გაშრობა შერცხვენა, სახელის გატეხა. რომ გახმაურდეს შინაური საქმე, მაშინ ხომ გამიტყდება ნამუსი და გამიშრება პირის წყალი (აკაკი).

 

პირს იწვავს ჯავრობს, გაცხარებით ლაპარაკობს, ენას იწვავს. მეტადრე ძლიერ იწვავდა პირს ივანე, დავიღუპეთ, გაგვამხელსო (აკაკი). პირს რომ იწვავ, შენ ვიღას უნდა უთხრა, უნდო და მოღალატე ხარო, რომ თვითონ ათასჯერ ჩამდგარხარ ძმის ღალატში (ე. ნინოშ.).

 

პირს კატა ეცა გაოცდა, სახტად დარჩა (არასასიამოვნო მოულოდნელობისაგან). ეფრემს პირს კატა ეცა, რადგან ქების მაგივრად დედისაგან სამდურავი მიიღო (ვაჟა).

 

პირქვე დამხობა (ვისიმე, რისამე) განადგურება, დათრგუნვა, დამხობა. ამ სახით, გულადმა პროფესორმა გამოილაშქრა ჩვენს „ქართლის ცხოვრებაზე“, რომ ეს საძირკველი ჩვენს ისტორიულს ვინაობასა და ავკარგიანობას ძირიდამ გამოაცალოს და თვით ვინაობა ჩვენი პირქვე დაამხოს (ილია).

 

პირში ბურთის დაცობა იხ. პირში ბურთის ჩაჩრა. ყველას ადამიანი პირში ბურთს ვერ დაუცობს (ს. მგალობ).

 

პირში ბურთის ჩადება იხ. პირში ბურთის ჩაჩრა. გლეხთან პირში ბურთი უნდა გედოსო; თუ ხმას ამოიღებო, კრძალვითა და შიშით უნდა ამოიღოვო, არ უნდა უჩივლო გლეხსაო (ილია).

 

პირში ბურთის ჩაჩრა გაჩუმება, ხმის ჩაწყვეტინება, რისამე თქმის საშუალების მოსპობა. დროა ჭკუას მოვიდეთ და არ შევუშინდეთ იმ ცრუპენტელა ლიბერალებს, რომელნიც განგებ პირში ბურთს გვჩრიან, რომ თავისი ოინბაზობა მიაფუჩეჩონ (ილია).

 

პირში დადგომა იხ. პირში წადგომა. მაგრამ მელიის ფიცმა ვერ გასჭრა. ათიოდე სანიტარი დაადგა პირში. ყველანი ერთსა და იმავეს იმეორებდნენ (მ. ჯავახ.).

 

პირში კაპის ამოდება გაჩუმება, ხმის ჩაწყვეტინება, რისამე თქმის საშუალების მოსპობა, პირში ბურთის ჩაჩრა. ამისთანა ფილოსოფიით ატყუონ წინდაუხედავი ბალღები, ჭკვათამყოფელს კაცს-კი პირში კაპს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმენდინებენ ხმას (ილია).

 

ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ, ქართველებს, ხმას გვაკმენდინებენ, რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს პირში კაპს არ ამოსდებენ! (ილია).

 

პირში ლაგამის ამოდება იხ. ლაგამის ამოდება. ახ, რა ნეტარი დრო იყო! − მაშინ რომ პირში ლაგამი ამომედო, ეხლა მე რა მიჭირდა (ილია), ამ ფიქრებით მიწვა დერეფანში... და განიზრახა, რომ ლაგამი ამოედო პირში იმ სოფლის ამომგდებ კაცისათვის (ს.

 

მგალობ.). − ჰო და, თუ მეტის-მეტი მოუვიდა, უკან უნდა დავწიოთ და პირში ლაგამი ამოვდოთ, − სთქვა ილამ (მ. ჯავახ.).

 

პირში მიფურთხება დამცირება, შეურაცხყოფის მიყენება. გვცემენ, ხმას არ ვიღებთ, პირში გვაფურთხებენ, ულვაშს გვირცხვენენ... და ჩვენ გავყრუებულვართ! (ს. მგალობ.). ყოველ დღე დიდი და პატარა პირში მაფურთხებთ, მარა ვითმენ, ვითმენ, შვილო (კ. გამს.).

 

პირში მიცემა (ვისიმე) ძლიერი მოწინააღმდეგის, მტრის ხელში ჩაგდება (ვისიმე). უჯარო და იარაღაყრილი მესხეთი ერთხელ კიდევ მისცეს პირში ყელამდე ზარბაზნებში ჩამჯდარ მურავიოვს და ვასო ბებუთოვს (მ. ჯავახ.). (სახლთუხუცესმა) სასახლის ამ ბრაზმორეულ მდგომარეობას მაიზერი აღარ მისცა პირში (ბან.).

 

პირში მიხლა უხეშად, უკმეხად თქმა (რისამე). დილას სალამის მოცემამდის გაგლანძღავდა, როგორა ხარ შე მყრალოვო, მოგახლიდა პირში (კ. გამს.).

 

პირში სული უდგია ცოცხალია, სული უდგია. განა ამას შევარჩენ ქვეყანას, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზე ქუდი მხურავს. მინამ პირში სული მიდგა! (ილია). ხო ცოცხალია, პირში სული ხომ მაინც უდგია! (ს. მგალობ.).

 

პირში სულის ამოძრობა იხ. სულის ამოძრობა. როგორ შეუძლია გაბედოს! სულს ამოვაძრობ პირში (ე. ნინოშ.).

 

პირში ჩავარდნა (ვისიმე) (ვისიმე) სალაპარაკოდ, ცუდად ხსენების ობიექტად გახდომა. შენს პირშიაც ნუ ჩავვარდე! (თ. სახ.).

 

პირში ჩალაგამოვლებული მოტყუებული, იმედგაცრუებული, ცარიელზე დასმული. ის გლეხებიც, რომლებიც გადაბირებული ჰყავთ და ვითომც ტყეში მონაწილედ ცნობილობდნენ, პირში ჩალაგამოვლებული დასტოვეს და უბაჟოდ ერთს ღერს წკნელსაც არ აჭრევინებდნენ (ე. ნინოშ.). ერთმა ბაღლინჯომ სამ ვაჟკაცს ხანჯალი წაგართვათ და პირში ჩალაგამოვლებული გამოგაგდოთ! სადღა უნდა გაახილოთ ამას შემდეგ თვალი! (ე. ნინოშ.).

 

პირში ჩალის გამოვლება მოტყუება, გაწბილება, იმედის გაცრუება, ხელცარიელი დატოვება, ცარიელზე დასმა. ერთი ხუთიოდ თუმანი მამიგდო, ეს ბე იყოსო. ახლა რა არის? საქმე გაურიგო, მერე აიღოს და, პუპუზ, პირში ჩალა გამომავლოს (ილია). − არა, − სთქვა გიგოლამ, − ერთის მხრიდამ მისვლა არ გამოდგება. როგორ იქნება? წამოხტება და სხვა მხარეს გაგვექცევა, პირში ჩალას გამოგვავლებს (ვაჟა).

 

პირში ჩალის გამოსმა იხ. პირში ჩალის გამოვლება. (ზოგიერთები) პირში ჩალას გამოგვისმენ(ილია).

 

პირში წადგომა დაპირისპირება, მხილება, პირდაპირ თქმა (რისამე). ქურდს მოწმე პირში წაუდგა და საჯაროდ აღიარა მისი ავკაცობა (თ. სახ.).

 

პირში წყლის დაგუბება გაჩუმება, ხმის გაკმენდა, არაფრის თქმა. ალბათ, ასე სჯობია, − გაივლო გულში და ამთავითვე გადაწყვიტა პირში წყალი დაეგუბებინა და სხდომაზე კრინტიც არ დაეძრა (ლ. ქიაჩ.).

 

პირში წყლის ჩაყენება  იხ. პირში წყლის დაგუბება. უკანასკნელ დროს განდგომილებმა პირში წყალი ჩაიყენეს, თათბირის შემდეგ კი სულაც მუნჯდებოდნენ (მ. ჯავახ.).

18

▲back to top


 

ჟამი დარეკავს დრო დადგება. დარეკავს ჟამი, დამყარდება ზავი საჯარო (ი. აბაშ.).

 

ჟრუანტელის დავლა იხ. ჟრუანტელის დავლა ტანში. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი

 

მოკაკული ნისკარტი და ალმასავით ბრჭყალები მაგონდება (ვაჟა). ჟრუანტელის დავლა ტანში გაჟრჟოლება (რაიმე განცდის გამო). არ ვიცი რათა, მაგრამ სტუმარმა რომ დამიწყო ყურება, ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ამეშალა თმა. გულმა შემიტყო, რომ ჩემ თავზე გროვდებოდა რაღაც უბედურება (დ. ჭონქ.). რომ შეგეხედნათ ამ ადგილებისათვის, ჟრუანტელი დაგივლიდათ ტანში, იქამდი რაღაცა მედიდური იდუმალებით სავსე ადგილები იყო (ა. ყაზბ.).

 

ჟრუანტელის ჩარბენა ტანში იხ. ჟრუანტელის დავლა ტანში. შედრკა, გაჩუმდა, მოიბუზა; ვიგრძენი, ტანში ჟრუანტელმა ჩაურბინა, მერე მთრთოლვარე ხმით ჩამჩურჩულა (მ. ჯავახ.).

19

▲back to top


 

რა ბედენაა? რა განსხვავებაა? რა მნიშვნელობა აქვს? სულ ერთია! „სულ ერთია! ეხლა რა ბედენაა ჩემთვის სახელი, პატივი და უმანკოება! რა ოხრად მინდა ან ერთი ან მეორე“ (მ. ჯავ ახ.). ჰმ! რა ბედენა იყო სიდოს სიტყვის გაგება! განა ისედაც ყველაფერი ნათელი არ იყო?! (ო. ჩხ.).

 

რა გველი შეუწვა! რა აწყენინა! რა დაუშავა! საწყალი ქართველები! ნეტა, ვის რა გველი შეუწვეს? (ილია).

 

რა თავში იხლის! რად გამოადგება! რაში სჭირდება! ნეტა რა თავში იხლიან ჯოხებს! (შ. არაგვ.). ჩემთვის უსარგებლო ობიექტივობას და ჭეშმარიტებას რა თავში ვიხლი (გ. ნახუცრ.).

 

რა მიწაში ჩავიდეს! რა ქნას! როგორ მოიქცეს! ახლა რა მიწაში ჩევიდე! დავტიო აქანაი შვიდი ცხენი და წევიდე? მერე მე რავა შემიძლია გადავუხადო პატრონებს, ჩემი ოჯახი არ უუთავდება (ე. ნინოშ.). რა მიწაში ჩავიდე, რა ვქნა?! ორივეს თუ არა, ერთს მაინც წამართმევენ! (ე. ნინოშ.).

 

რა შუაშია! ვალდებული, პასუხისმგებელი არ არის, (მისი) საქმე არაა; (მისი) ბრალი არ არის; (მისი) დამსახურება არ არის. შენ რა შუაში ხარ, რომ მზითევს მპირდები? (ილია). როგორ თუ ხერიპსს ეტყვით და მე არა, აუწია ხმას ბაბუა ტარიელმა, ხერიპსo ვინაა, ხერიპსი რა შუაშია (კ. გამს.). ჩვენ რაღა შუაში ვართ? ესენი ერბოზე გვხრაკავენ, ისინი კი ზეთზე (მ. ჯავახ.).

 

რა ხელი აქვს! რა უფლება !აქვს! რა ესაქმება! რა მისი საქმეა! ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან (ილია). − ჩემი ნაწილი მიპატიებია, და რაც შეეხება სხვის ნაწილს, იქ, აბა, რა ხელი მაქვს მე! (ე. ნინოშ.).

 

რასაც ჩასძახებს, იმასვე ამოიძახებს მისი ნება-სურვილის, მისი კარნახის მიხედვით მოქმედებს, განუსჯელად იმასვე იმეორებს, რასაც ეუბნება, დამოუკიდებლობა არ გააჩნია. ფუქსავატი ფრანგი, რა თქმა უნდა, მახეში გაება და რაც ჩასძახეს, ის ამოიძახა გაუჩხრეკელად, გამოუძიებლად (ილია). ხომ ვიცით, რომ მთავარი ფაღავების სათამაშო პუპუნაა და რასაც ჩასძახებენ, იმასვე ამოიძახის ხოლმე (ბან.).

 

რეტის დასხმა იხ. თავბრუს დასხმა. „ჩვენც რომ არაფერი გვაქვს მგონი“ − გაურბინა მას თავში და ამის შიშმა რეტი დაასხა (დ. კლდ.).

 

რიგის მიცემა დარიგება, ჭკუის სწავლება. − რაისთვი ამბობ მაგასა, რაისთვი? აქ იყო, იუფროსო და რიგი მოგვცე, ის არა სჯობს? − წარმოსთქვა წყენით მახიამ. − კარგია-ღა მახიაისი! აბა რაღა რიგის მიცემა შეუძლიან ჩემისთანა ავარდნილ-გავარდნილს კაცს? (ა. ყაზბ.).

 

რის ყოფით ძლივსძლივობით, გაჭირვებით, წვალებით, ვაი-ვაგლახით; ხმაურით. (გირგოლამ) რის ყოფით გაუგდო ურდული (ა. ყაზბ.).

 

რიყეზე გაგდება გარიყვა, საზოგადოებისაგან მოწყვეტა. თავმომწონე აზნაურმა ფასი არ დასდვა ბატონყმობის გაუქმებისაგან შეცვლილ ცხოვრებას, მის ახალ პირობებს სრულიად წაუყრუა ყური, თითქმის ეჯიუტებოდა მათ ისევ ძველი ცხოვრების მიყოლით, სანამ ამ შებრძოლებამ რიყეზე არ გააგდო ეს მედიდური, ჯიუტი მებატონე (დ. კლდ.).

 

რკინის ლაგამის ამოდება იხ. ლაგამის ამოდება. როცა ყველაფერს გაათავებს, შვილს კიდევაც დატუქსავს და რკინის ლაგამს ამოსდებს (მ. ჯავახ.).

 

რკინის უღელში შებმა (ვისიმე) გაწამება, დატანჯვა (დიდი შრომით), დაჩაგვრა. შენი ნათესავებიც და მთელი სოფელიც დაიბრიყვე, დაიმორჩილე და რკინის უღელში შეაბი (მ. ჯავახ.).

 

რძე არ შეშრობია პირზე ძალიან პატარაა (ასაკით), ძალიან ახალგაზრდაა, ბავშვია. არც აგრეა საქმე, ძია პეტრე! ამას წინათ გითქომ ჩვენზე სირბილიაანთ ოჯახი რა ოჯახიაო, ერთი ვაჟკაცი გარეთ მუშაობსო, მეორეს ჯერ რძე არ შეშრობია პირზეო (მ. ჯავახ.). რა სულელი ხარ! გეტყობა, ჯერ პირზე რძეც არ შეგშრობია. განა მაგისთვის მზე და ჭრაქია საჭირო? (მ. ჯავახ.).

 

რწყილს ატყავებს უნდა ყველაფერში სარგეველი ნახოს. აქ ჩვენ რწყილსაც ვატყავებთ (აკაკი).

 

რჯულამდის ჩაყოლა ჩაცივება, არ მოშვება, ბოლომდე გამორკვევა (რისამე). (მათი) ამბავი ხომიცი, რჯულამდის ცაგვყებიან და მგონი სისხლისც გაგიშრონ (შ. არაგვ.).

20

▲back to top


 

სად მარხია ძაღლის თავი! თურმე რაში ყოფილა საქმე! როგორ ყოფილა საქმე! როგორ ყოფილა საქმე! როგორ უშველა პატკანოვმა თავს? აი, ძაღლის კუდი სად მარხია (ილია).

 

საერთო ენის გამონახვა (ვინმესთან, რამესთან) შეთანხმება, შეგუება, საერთო აზრის გამომუშავება (ვინმესთან, რამესთან). ... თქვენ ლი გზას იპოვნით, შვილო! საერთო ენასაც გამონახავთ იმათთან (გ. ნახუცრ.). − მაშ რა უნდა ქნათ? გამოსავალი ხომ უნდა ნახოთ... ხომ უნდა გამონახოთ ეპოქასთან საერთო ენა (გ. ნახუცრ.).

 

საერთო ენის მოძებნა (ვინმესთან, რამესთან) იხ. საერთო ენის გამონახვა (ვინმესთან, რამესთან). მოხუცები ყოველთვის მოსძებნიან ხოლმე საერთო ენას (კ. გამს.).

 

საიქიოს გასტუმრება მოკვლა. ... ერთი მხარე ხალხის მოთავე მოწინააღმდეგეებმა საიქიოს გაისტუმრებს − ღამე დაუხვდნენ ჩუმად გზაში და მოჰკლეს (ე. ნინოშ.). ამ წმინდანს არა ერთი და ორი ადამიანი გაუსტუმრებია საიქიოს სავსებით უმიზეზოდ... (კ. გამს.).

 

საკირე უნთია გულში იხ. გულში საკირე უნთია.

 

საკირეში ჩაგდება გატანჯვა, გაწამება; დაღუპვა. თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ და მაგდებენ საკირეში (აკაკი).

 

საკუთარ ფეხზე (და)დგომა დამოუკიდებლობის მოპოვება. (სპარსეთი) ცდილობს თავისთავი იმდენად გამოაკეთოს, რომ საკუთარ ფეხზე დადგეს (ილია). ამ საქმეში საკუთარ ფეხზე დგანან, არავს რას შველას სთხოვენ (ილია).

 

საკუთარ ქერქში გამოხვევა კარჩაკეტილად ყოფნა. შეუძლია ვისმე შეგვწამოს, ვითომ საკუთარ ქერქში გავხვეულიყოთ და სინათლისა გვეშინოდეს (ილია).

 

სამარეს უთხრის ღალატობს, საფრთხეს უმზადებს, მახეს უგებს, ორმოს უთხრის.

 

სამარისკენ იყურება მალე მოკვდება, მისი დღეები დათვლილია, ცალი ფეხი სამარეში უდგას. კაცი სამარისკენ იყურება, გასათხოვარი ქალები სახლში უსხედან და ამისთანა საქმეებს-კი მისდევს (ს. მგალობ.).

 

სამარცხვინო ბოძზე გაკვრა გაკიცხვა, საქვეყნოდ შერცხვენა, გამათრახება. თუ საძრახავს არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ, მაშ რის მაქნისი-ღაა ეგ თქვენი მოწონებული ... ლიბერალობა (ილია). დე, სამარცხვინოს გაგვაკრან ბოძზე, დაწყებულ საქმეს არ მივატოვებთ (ი. ევდ.).

 

სამოთხის კარ(ებ)ი გაეღო ბედნიერება, ნეტარება განიცადა, მეტის-მეტად გაუხარდა (რამე) ... განა ქართველის ერის ძაგებით, სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენ ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება! (ილია). თეიმურაზი სიხარულით ცას დაეწია: სიცოცხლის ნატვრა შეუსრულდა, სამოთხის კარები გაეღო... (მ. ჯავახ.).

 

სარს ეხევა თავგამოდებით შრომობს, წელებზე ფეხს იდგამს. − სეფე მარუშიძის სიდედრია! − წამოიძახა ეკვირინემ − იმას კი აქვს საცმუტურებელი საქმე! აზნოურიშვილი ვარო, სარს ეხევა და საცოდავი, ორ დღეში ერთხელ თუ გაიკეთებს ცხელ საჭმელს (დ. კლდ.).

 

სარჩულად უდევს მიზეზია, საფუძველია (რისამე). ყოველივე ცვლილება, რომელსაც სარჩულად ეს ... აზრი არ დაედება, წყლის ნაყვა იქნება (ილია). მოწონება სარჩულად სიყვარულს ედება ხოლმე და მეც ასე დამემართა (შ. არაგვ.).

 

სარჩული უდევს მიზეზია, საფუძველია (რისამე). ყოველს ცილისწამებას იმისთანა სარჩული უდევს, იმისთანა სათავე აქვს, რომ ყველაფერი ადვილად დასაჯერია და ფიქრად მოსასვლელი (ილია). არავის ჰსურდა განემარტებინა მარაბდის ბატონისთვის, თუ რა სარჩული ედო ხალხთა არევასა... (მ. ჯავახ.).

 

სასახლე ააგო წაიქცა, გაიშხლართა. ნაწვიმარი იყო, კაცს ფეხი უცურდებოდა. ამ დროს გამოიარა შოთამ და თქვენი მოწონებული სასახლე ააგო (თ. სახ.).

 

სასახლე მოზომა იხ. სასახლე ააგო.

 

სასწორზე შეგდება (რისამე) საალალბედოდ, სათუოდ გახდა, საფრთხეში ჩაგდება (რისამე). და განა ერთხელ შეუგდია არზაყანს სასწორზე თავისი ჭაბუკური სიცოცხლე პარტიის დავალებით, პარტიის გულისათვის?! (კ. გამს.).

 

საფლავის კარამდე იხ. კუბოს კარამდე. მე კი, როგორც მივლია, საფლავის კარებამდინ ისევ ისე ვივლი (ილია).

 

საფლავს უთხრის იხ. სამარეს უთხრის. (ისინი) მთელს ქართველს ერს... თავზე ლაფს ასხმენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან ... (ილია).

 

საქმის გაჭირვება თავის მობეზრება, გულის გაწყალება. ამასთანავე საქმე გააჭირა მაგ შეჩვენებულმა (ნ. ლომ.). ... და საქმე რომ გაუჭირეს, კიდევაც შეუტია (არსენამ): − ყბა ნუ დამადგით, დამეკარგენით აქედან! (მ. ჯავახ.).

 

საქოლავის აგება გაკიცხვა, გაკილვა; დასჯა. ლუარსაბ! ცუდი საქმე დაგვემართა, ძმაო! მაგრამ როგორმე უნდა გავასწოროთ. სირცხვილია; ქვეყანა ყბად აგვიღებს, საქოლავს აგვიგებენ (ილია). უი, შე უტვინო, უტვინოვ! ახლა გინდათ, რომ თათქარიძეებს საქოლავი აგვიგონ. ქალი საყდარში მიაყვანინეთ სახელგანთქმულ ოჯახისშვილს ... და ეხლა უწუნებთ? (ილია)

 

საღერღელის აშლა მოსურვება, მონდომება (რისამე), მადის გაღვიძება. ლუარსაბს ... სულ ის კალმით ნახატი ქალი აგონდებოდა და ორასთუმნიანი პარკი. საღერღელი მეტად აეშალა, სურვილმა მეტად აადუღა ... (ილია). დევებმა (მუცელას) შემოხსნეს ხელ-ფეხიდან ხუნდები, აჭამეს ცოტაოდენი პურიც, თუმც, რომ არ ეჭმიათ, ის ბევრით სჯობდა, რადგან საღერღელი აუშალეს და მომეტებულს ტანჯვაში ჩააგდეს (ვაჟა).

 

საშველს არ აძლევს არ ეშვება, ჩააცივდა, არ ასვენებს, აწუხებს. ... ესაყვედურებოდნენ ყმაწვილები და თან საშველს არ აძლევდნენ, აბა ეს სიმღერა დაიწყე, აბა ისაო (ე. ნინოშ.).

 

საწველი (საწველელი) ფური შემოსავლის, სარგებლის, გამორჩენის წყარო (მოტყუების ან დაბრიყვების საშუალებით). ესა მწყინს მხოლოდ, რადა ვარ სხვის საწველელი ფურია?! (ვაჟა).

 

სახეზე ალმურის ასვლა იხ. ალმურის ასვლა (სახეზე).

 

სახეზე ღრუბლის გადაფარება მოწყენა, დასევდიანება, ცხვირის ჩამოშვება. დედოფლის სახეს-კი ღრუბელი გადაეფარა (აკაკი).

 

სახელის გავარდნა სახელის მოხვეჭა, ცნობილი, სახელგანთქმული გახდომა, სახელის გათქმა. სიმონას გარდა, კიდევ გაყაჩაღდა რამდემე სხვა კაციც, რომელთ სახელი ისე გავარდა, რომ ცოტა უკლდა, პირველობა არ ჩამოართვეს სიმონას ფირალობაში (ე. ნინოშ.)

 

 ... მაგრამ ამით მას უფრო კარგი სახელი ჰქონდა ტოლ-ამხანაგებში გავარდნილი (გ. წერეთ).

 

სახელის გათქმა იხ. სახელის მოხვეჭა. ამ ხანაში გაითქვა სახელი ამ სახელოვანმა მეფემ მტრებზე გამარჯვებით (ილია). ... იმათი დაჭერით ის მიიღებდა ჩინს, მადლობას და გაითქვამდა სახელს (ა. ყაზბ). (სამსონი) ცდილობდა ხალხში პოპულარობის მოსაპოვებლად ორატორული ხელოვნებით გაეთქვა სახელი ... (ა. ბელ.).

 

სახელის გაკეთება ავტორიტეტის მოპოვება, სახელის მოხვეჭა. ... ჩემ ხალხს ვასიამოვნებ, მასთან სახელს გავიკეთებ (ს. მგალობ.).

 

სახელის გატეხა შერცხვენა, ავტორიტეტის დაკარგვა, თავის მოჭრა. ეხლა კი ზაალის შესარცხვენად ამოუყვანიათ (გიორგი) საბარათიანოში და მის ფალავნებს საქვეყნოდ უტეხენ სახელს?! (მ. ჯავახ.). რამდენი ყმაწვილი ქალი იკლავს თავს სახელის გატეხის შიშით! (ე. ნინოშ.).

 

სახელის გაფუჭება იხ. სახელის გატეხა. ქვეყანა იმას იძახის, გაპატიოსნდა ყარამანიო, და ახლა შენი გულისთვის უნდა გავიფუჭო სახელი? (ა. ბელ.).

 

სახელის დაგდება იხ. სახელის მოხვეჭა. ბევრიც იმეტებდა თავს და ბევრმაც სახელი დაიგდო, სახელი გაითქვა თავისის ვაჟკაცობითა და ქვეყნისათვის თავდადებით (ილია).

 

სახელის მოპოვება იხ. სახელის მოხვეჭა. − უსახელო მაღლობზე მოიპოვეთ სახელი, საფლავს არ ჩაგყოლიათ მტრის ჯავრი და ნაღველი (ხ. ბერ.).

 

სახელის მოხვეჭა ავტორიტეტის მოპოვება, ცნობილი, სახელგანთქმული გახდომა, სახელის გათქმა. ბარაქალა გლეხო, ჩვენც კაცები ვყოფილვართ, ქუდიც გვიტარებია და პატიოსანი სახელიც მოგვიხვეჭია (მ. ჯავახ.). მან ქვეყანა მოიარა, სამეცნიერო ხარისხი მიიღო, სახელი მოიხვეჭა და შინ დარჩენილი არზაყან მაინც განაგრძობდა მასთან მეტოქეობას (კ. გამს.).

 

სახელის წახდენა იხ. სახელის გატეხა. ეხლა იმან მე რომ დამინახა, მაშინვე მიხვდა, რა კაციცა ვარ, იმიტომ „პოვერნიობა“ დაირქვა, სახელი არ წამიხდესო (ილია).

 

სახტად დარჩენა განცვიფრება, გაოცება, გაკვირვება, გაშტერება. პირველ წამში ოტია სახტად დარჩა სონიას ასეთი მოქცევით (დ. კლდ.). მორიგემ მოუხედავად მოხურა ფანჯარა და სახტად დარჩენილმა დავითმა შაქროს გადახედა ... (ა. ბელ.)

 

სეირის ჩვენება შავი დღის დაყრა, თამაშას ჩვენება. ჰაი, თუ ღმერთმა გადამარჩინა ამ უბედურებას, მე თქვენ გიჩვენებთ სეირს, გასწავლით ჭკუას!... (ვაჟა) ხვალინდელი დღე შორს აღარაა და ხვალ აჩვენებს იგი სეირს თარაშ ემხვარს... (კ. გამს.).

 

სეირს აყურებინებს სეირს უჩვენებს, შავ დღეს დააყრის... მობრძანდი და ხელი მომკიდე, თუ გულს გერჩის, და შენს სეირს გაყურებინებ! (აკაკი). ...მაგრამ მოვიდეს ერთი ნიაღვარი, გაყურებინებთ სეირს (ნ. ლორთქ.).

 

სინსილის გაწყვეტა განადგურება, მოსპობა, მუსრის გავლება... მუცელა არ იყო გლახაკთ მოწყალე და სადაც მოასწრებდა, სინსილას უწყვეტდა იმათ (ვაჟა).

 

სისხლი სწყურია ვისიმე მოკვლა, სისხლის დაღვრა სურს. ჩაჩნებიც სულ ალესილი და თვალებში სისხლმორეულნი დააქროლებდნენ ცხენებს სოფელ-სოფელ, სისხლი სწყუროდათ, მაგრამ ხალხი ისე იყო გაწვრთნილი, რომ ცხად მიზეზს არ აძლევდა სისხლის წყურვილის მოკვლისათვის (ს. მგალობ.). ძმის მკვლელის სისხლი სწყურია, კაცი რომ მოდის გზაზედა (ვაჟა).

 

სისხლი უდუღს ძალ-ღონით სავსეა, ენერგიულია, მკვირცხლია. ყმაწვილები ხართ ჯერ თქვენ ორთავ, საწყლებო, სისხლი გიდუღთ, − უპასუხა მოხუცმა ორთავ (დ. ჭონქ.). იყუჩე, ვაჟო! შენ ჯერ ბავშვი ხარ და სისხლი გიდუღს! (ა. ყაზბ.).

 

სისხლის ამღვრევა იხ. გულის ამღვრევა. დამეხსენ, ... სისხლს ნუ ამიმღვრევ ავადა! (ვაჟა).

 

აემღვრა სისხლი საბრალოს, გულში აღეძრა მტერობა (ვაჟა).

 

სისხლის აღება შურისძიება, მკვლელობისათვის სამაგიეროს გადახდა, მკვლელის ან მისი ახლობლის მოკვლა. მე გახლავარ ბახვა ფულავა! გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ მცოდნია ვაჟკაცურად სისხლის აღება! (გ. წერეთ.). ამ დიდმა ბატონმა მოუკლა ამ კოჭლ მათხოვარს ღვიძლი ძმა და ძმამ ძმის სისხლი უნდა აიღოს (კ. გამს.).

 

სისხლის აღელვება აღშფოთება, აღელვება; აღტყინება, აგზნება. ისე ამიღელდა სისხლი, რომ ის ქალი უნდა დამნებდეს (ე. ნინოშ.).

 

სისხლის აჩქროლება იხ. სისხლის აღელვება. ღეჭიაშვილს სისხლი აუჩქროლდა (ს. მგალობ.). სისხლის გამოწოვა გაყვლეფა, ექსპლუატაციის გაწევა. − რაღა ჯაყოს მიეშველე? − იკითხა ილამ. − განა ის კი არ ეყოფა ამ წურბელას, რაც სისხლი გამოგვწოვა?! (მ. ჯავახ.).

 

სისხლის გაშრობა გამწარება, გატანჯვა, შეწუხება, გაწვალება, გულის გაწყალება... საზიზღარი ღალატი თვით ბატონიშვილისა და იმის მახლობელთაგან ხომ ისეც სისხლს უშრობდნენ მოხუც გმირს (ვ. ბარნ.). (მათი) ამბავი ხომ იცი, რჯულამდის ჩაგყვებიან და მგონი სისხლიც გაგიშრონ (შ. არაგვ.). მართალია, ბევრი მაზარალეს, ბევრჯერ სისხლიც გამიშრეს, მაგრამ ვაჭრობის ნებას მაძლევენ... და მეც ისევ სული მოვითქვი (გ. ნახუცრ.).

 

სისხლის დალევა (ვისიმე) შურისძიენა, მომკვლა (ვისიმე). − მეც მომეცით იარაღი! ერთის სისხლი მაინც დავლიო და მერე რაიც უნდა მომივიდეს! − დაიძახა იაგომ... (ა. ყაზბ.). − გამიშვით! − დაიღრიალა ომანმა. − გამიშვით, დამალევიეთ მაგის სისხლი... (დ. კლდ.).

 

სისხლის თავში ავარდნა გაბრაზება, აღშფოთება, გაშმაგება; შეშინება, შეძრწუნება. დადიანს სისხლი თავში აუვარდა. რას ამბობენ? დაარღვიეს კანონი დაწინდვისა? წყევლა-კრულვაც მოგვაყოლეს? ვერა, მაგით ვერ შეგვაშინებთ! (შ. დად.)... და უბრძანა: „როზგიო!“ მე, ამის გამგონეს, თავში სისხლი ამივარდა და გაქცევა დავაპირე (აკაკი). დარიას შიშისაგან სისხლი აუვარდა თავში, ისე რომ ვერც ხმა ამოიღო და ვერც ხელი გაანძრია (ე. ნინოშ.).

 

სისხლის მოწოლა განრისხება, გაბრაზება, სისხლის თავში ავარდნა. სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო (ლ. ასათ.).

 

სისხლის მსმელი ჯალათი, მკვლელი. ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი!... (ვაჟა).

 

სისხლის სმა შურისძიება, მკვლელობის ჩადენა, სისხლის დალევა. იგი გულარეული ფიქრობდა, თუ როგორ მივიდა ქრისტიანობა ადამიანის სისხლის სმის კულტამდის (კ. გამს.).

 

სისხლის ტვინში ავარდნა იხ. სისხლის თავში ავარდნა. ქალი რომ დაზგას მოახლოვდა და კარგად გავსინჯე, სისხლი ტვინში ამივარდა (ილია).

 

სისხლის ყელში მოსვლა იხ. სისხლის ყელში მოწოლა. (ლუარსაბს) ესმის, რომ... დავითი და ელისაბედი იცინიან, ჰხტიან და ლუარსაბის ავეჯეულობა თავის სახლში გადააქვთ. ლუარსაბს სისხლი ყელში მოსდის... (ილია). − გირგოლაუ! რაი მმართებს შენი? გამიშვი, მომშორდი, თორემ, ღვთის მადლსა, სისხლი მოვიდა ყელში! − გაანჩხლებით და კბილების ღრჭიალით უთხრა იაგომ (ა. ყაზბ.).

 

სისხლის ყელში მოწოლა გაბრაზება, გაშმაგება, ბოღმის მოწოლა. − სისხლი ყელში მომაწვა და თვალთ დამიბნელდა. სავსე ჩარექა ავიტაცე, დასარტყმელად გავაქან-გამოვაქანე და... (მ. ჯავახ.). გული მოსდის, ბრაზდება, სისხლი ყელში აწვება (თ. რაზიკ.).

 

სისხლის ჩამოგდება მტრობის გაღვივება, შუღლის ჩამოგდება. ლამის... ძმათა შორის სისხლი ჩამოაგდოს (ილია).

 

სისხლში ჩახრჩობა (ვისიმე) დახოცვა, გაჟლეტა (ვისიმე). ...ეგ მყვირალა ფრაზები მხოლოდ მაგათ გაბატონებას ემსახურება, მუშებსა და გლეხებს კი სისხლში ჩაახრჩობენ (გ. ნახუცრ.).

 

სისხლში ხელის გასვრა მკვლელობის ჩადენა, ადამიანის მოკვლა. მე, გაბრიელს, კაცის კვლის ცოდვა უნდა დამდებოდა?! მე კაცის სისხლში უნდა გამესვარა ხელი? (ილია). მოძმის სისხლში ხელს თუ ისვრი, მაშ დაგხვდები მეც მეფურად, სასიკვდილოდ გაგიმეტებ, ნუღა გიკვირს ჩემგან ნურად (აკაკი).

 

სისხლ-ხორცში გაჯდომა (რისამე) შესისხლხორცება, მტკიცე ჩვეულებად გადაქცევა (რისამე). იცის სოფელმა, ეს ნაკლი აქვს, მაგრამ ვერ ამოუფხვრია მაინც, სისხლ-ხორცში გასჯდომია (ვაჟა).

 

სიტყვა მოუჭრა მოკლედ უთხრა, მოკლედ უპასუხა, სხარტი პასუხით შეაწყვეტინა ლაპარაკი. ამ ნიშნით, მე სიტყვა მოვუჭერ კიდეც ნახევარი ჩემის ობლებისაა-მეთქი (ილია). − მე უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია, და აწი, როგორც გინდა ისე გადაწყვიტე, − მოუჭრა სიტყვა დესპინემ (ე. ნინოშ.).

 

სიტყვის ბაგეზე შეყინვა იხ. სიტყვის ტუჩზე შეყინვა. უძრავად იდგნენ წარჩინებულნი, შეჰყინოდათ სიტყვა ბაგეზედ (ვ. ბარნ.).

 

სიტყვის ბანზე აგდება საუბრის თემის განზრახ შეცვლა (მისი მიფუჩეჩების მიზნით), სათანადო პასუხის გაცემის ნაცვლად საუბრის უეცრად სხვა საგანზე დაწყება. − კარგი, სიტყვა ბანზე ნუ ააგდე, შენ გეუბნები! (დ. ჭონქ.). რამდენჯერ უცდია კიდევაც არზაყანს გამოეკითხა მისი აზრი თარაშის ნათქვამის გამო, მაგრამ თამარი ან სდუმდა, ან ბანზე აუგდებდა სიტყვას (გამს.). − რა უფრო გიკვირს, − მიპასუხე ეხლავე... სიტყვას ბანზე ნუ აგდებ (გ. ნახუცრ.).

 

სიტყვის ბანზე ასროლა იხ. სიტყვის ბანზე აგდება. კოტე სიცილით უპასუხებდა: „რა ვიცი, ამდენ თრევაში ათასგვარ ქეცს და მუნს წააწყდება კაციო“, − მერე სიტყვას ბანზე აისროდა და სხვა რაზედმე დაიწყებდა ლაპარაკს (ე. ნინოშ.).

 

სიტყვის ბანზე გადაგდება იხ. სიტყვის ბანზე აგდება. დარეჯანმა იგრძნო,   ლუარსაბმა საბუთიანად დაიჭირა და შერცხვენილმა ბანზედ სიტყვა გადააგდო (ილია).

 

სიტყვის გატეხა დანაპირების, ნათქვამის შეუსრულებლობა, პირობის დარღვევა, პირის გატეხა. ჯერანს შენც კარგათ იცნობ, რა პირის ბიჭია. რომ იტყვის, მერე სიტყვას აღარ გატეხს (ე. ნინოშ.). დაჰპირდნენ, შვიდ წელიწადს არავითარ ხარკს არ გამოგართმევთო; მაგრამ მაშინვე გასტეხეს სიტყვა და წინდაწინვე ორი წლის ხარკი გადაახდევინეს (მ. ჯავახ.).

 

სიტყვის გაშრობა ხმის ჩაწყვეტა, ლაპარაკის ვერ მოხერხება. სიტყვა გაუშრა პლატონს (დ. კლდ).

 

სიტყვის ენაზე დარჩენა განზრახული სათქმელის რაიმე მიზეზის გამო ვერ თქმა, სათქმელის ვერ დასრულება. სოფონასაც უნდოდა ეთქვა რაღაცა, ის იყო დააღო პირი სალაპარაკოდ, მაგრამ მწერალმა დაასწრო ლაპარაკი და სოფონას სიტყვა ენაზე დარჩა (ე. ნინოშ.).

 

სიტყვის მიცემა დაპირება, პირობის მიცემა. სონიამ სიტყვა მისცა, უსათუოდ მოვალო და ვნახავ ბიძასო (დ. კლდ.). (ჯერანი) რომ იტყვის, მერე სიტყვას აღარ გატეხს. მე და დედამისს ორივეს სიტყვა მოგვცა. ახლა რავა გვიღალატებს! (ე. ნინოშ.).

 

სიტყვის პირზე შეშრობა უეცრად ხმის ჩაწყვეტა, ვერაფრის თქმა, სიტყვის გაშრობა. − მერე, ბატონო, ისევ ბურდუხანი შეგვეკითხა: აბა რომელს შეგიძლიათ ასეთი შესაწირი გაიღოთო. ყველა წავხდით, სიტყვა პირზე შეგვაშრა (ბან.).

 

სიტყვის ტუჩზე შეყინვა უცაბედად, სათქმელის დაუმთავრებლად ხმის ჩაწყვეტა, სიტყვის პირზე შეშრობა. სიტყვა ტუჩზე შემეყინა (ს. მგალობ.).

 

სიტყვის შებრუნება შეპასუხება, შეკამათება. ჯარში ის არ იყო შეჩვეული სიტყვის შებრუნებას (ა. ბელ.).

 

სიტყვის შენახვა დაპირების შესრულება, პირის გაუტეხლობა. (ბარათაშვილი) ვეღარ შეძლებდა თქმის ასრულებას: განქორწინებას და მანამდის სიტყვის შენახვას (ვ. ბარნ.).

 

სიტყვის შორს გადაგდება იხ. სიტყვის ბანზე აგდება. − მართლა-და, ძილში ლაპარაკობდი, − შორს გადაუგდო სიტყვა გიორგიმ (ილია).

 

სიტყვის ჩამოგდება (ვინმეზე, რამეზე) ლაპარაკის დაწყება (ვინმეზე, რამეზე), ხსენება (ვისიმე, რისამე). ჩამოუგდე სიტყვა შენებურად... მოელაპარაკე... შეაჯერე... ეგებ შენი გეიგონოს... (დ. კლდ.). ძაბულიმ ისევ თამარზე ჩამოაგდო სიტყვა (კ. გამს.).

 

სიტყვის ჩამორთმევა ვისთვისმე საუბრის შეწყვეტინება და თვითონ განგრძობა (ჩვეულებრივ, იმავე თემაზე); პირობის ჩამორთმევა − თქვენ ბრძანეთ, − ჩამოვართვი სიტყვა, − თქვენ ბრძანეთ, ქართველობა დიდი უბედურება არ არისო (მ. ჯავახ.). აქ გადავწყვიტე ამ საქმეში თვითონ ჩავრეულიყავ, ამ ენამრავალ და ენაარეულ თამადისათვის სიტყვა ჩამომერთმია, რადგანაც მხოლოდ მოკლედ თქმაში გამოჩნდება ოსტატი (კ. გამს.).

 

(თემურმა) სიტყვა ჩამოართვა თარაშს, მურყვანობისათვის მახვშის კოშკში მობრუნებულიყო (კ. გამს.).

 

სიქის გაცლა ძალიან დაღლა, დაქანცვა. რაზმელები დავლურსა და ლეკურს უვლიან, ერთმანეთს ეჯიბრებიან და საწყალ მარინეს ცეკვით სიქას აცლიან (მ. ჯავახ.). თქვენ-კი თქვენს მოჯამაგირეებს სიქას აცლიდით (ს. შანშ.).

 

სიცოცხლის მოსწრაფება (ვისიმე) სიკვდილისათვის ხელის შეწყობა, სიკვდილის მოახლოება, დღის მოსწრაფება. − დედის იმედი აღარა მაქვს! თავს ვუშველოთ რამე: ასე ხელფეხ შებორკილი უმოძრაობა ჩვენც მოგვისწრაფავს სიცოცხლეს (ნ. ლორთქ.). ჯერ კიდევ ტფილისში გაიგო ყველამ ეს ამბავი. განა ბატონიშვილები მაშინ იქ არ იყვნენ? აკი მაგან მოუსწრაფა კიდეც გიორგის სიცოცხლე (შ. დად.).

 

სოროში შეძრომა დამალვა, მიმალვა. იქნება სხვა კი გააბრიყვონ, თვითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი ჰგლიჯონ (ილია).

 

სული განუტევა მოკვდა, გარდაიცვალა. ესმამ ძლივს, გაუგებრად ამოიყრანტალა იერემიას სახელი და სული განუტევა (გ. წერეთ). (ქრისტინემ) ერთი კვირის ავადმყოფობის შემდეგ განუტევა სული თბილისის საავადმყოფოში (ე. ნინოშ.).

 

სული და გული (ვისიმე, რისამე) სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი (რისამე), ყურადღების ცენტრში მყოფი); საყვარელი, ძვირფასი (ვინმე); საფუძველი, არსი (რისამე). ალექსანდრე შეიქნა სული და გული თბილისელების საზოგადოებისა (რ. ერისთ.). ის იყო პეპიას სული და გული (ილია). (წესდებამ) ამით უარყო პირადი თანასწორობა კანონის წინაშე, თანასწორობა, რომელიც სული და გულია ყოველის წყობისა და ნამეტნავად თვითმმართველობისა (ილია).

 

სული ვერ დაბერა ვერაფერი გაბედა, ხმაც ვერ ამოიღო, კრინტიც ვერ დაძრა (იხ. სულის დაბერვა). ეს ადგილიც ჩვენი იყო, მარა ბიძამისმა ომანმა წაართვა შენს ქმარს... ახლა იყვეს საქმე, ნახავდა რავა წაართმევდა ჩემს შვილს მაგას და აწი ხომ სულსაც ვეღარ დაბერავს (დ. კლდ.).

 

სული კბილით უჭირავს ძლივს ითმენს, ძლივს იკავებს თავს; ცუდ დღეშია, სიკვდილის პირზეა მისული. ბუნებით თავდაჭერილს სული კბილით ეჭირა და როცა მისი გვარიც ახსენა თარაშ ემხვარმა, ჩალმაზი სავსებით დარწმუნდა, რომ ისინი მასაც აძაგებდნენ (კ. გამს.). ოცი წელი ხომ მაინც შენი ყმა და მუშა ვიყავი, შე კაი კაცო, − ერთი-ორი კვირა რა გაგიხდებოდა, რომ შეგენახე! მე ხომ, ეს არის, სული კბილით მიჭირავს და, საცაა გადავბრუნდები და მოვკვდები (ვაჟა).

 

სული მისდის ძალიან სურს, ძალიან უნდა (რამე); ვერ ითმენს, მოთმინების ფიალა ევსება. ამ სიზმრის შემდეგ, თუმცა სული მიმდიოდა მენახა, მაგრამ ხუთი დღის განმავლობაში ვეღარსად შევხვდი თინათინს... (აკაკი). მე, რასაკვირველია, სული მიმდიოდა შაქარზე, მაგრამ ვინ მაჭმევდა? (აკაკი). იმ ღამეს ბახვა სულ ესმაზე ფიქრობდა, სული მისდიოდა, სანამ სალომეს და ესმას ნახავდა: მის დღეში ამისთანა მოუთმენლობა მას არ შემთხვევია (გ. წერეთ.).

 

სული უდგია ცოცხალია, არსებობს, პირში სული უდგია. იმითი გვიდგა სული, თორემ ჩვენ რა ვიქნებოდით (ილია). დაგვირჩა შენი თავი! ვცოცხლობთ, ღვთის მადლით, ჯერ კიდევ სული გვიდგია (ა. ყაზბ.).

 

სული უკაწკაწებს ძალიან სურს, ძალიან უნდა (რამე), სული მისდის (რამეზე). (იაშას) სული უკაწკაწებდა, რომ ამხანაგების სახეებზე წაეკითხა იმათი გულის პასუხი (ს. მგალობ.).

 

სულით დაცემა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, მხნეობის დაკარგვა, გულის გატეხა; ზნეობრივად დაცემა, გარყვნა... თუ ადამიანი მართლა გმირი და გულადია, გაუძლებს, არ დაეცემა სულით (ე. ნინოშ.). სულით დაცემული (გელა) გრძნობდა თავის დამარცხებას (ა. ყაზბ.)

 

სულით ხორცამდე გაცლა ყველაფრის წართმევა, გაყვლეფა, ცარიელზე დასმა. ხელახლა წამომიარა, სულით ხორცამდის გამცალა, ნათლია-მამასახლისმა ერთ თუნგ არაყში გამცვალა (რ. ერისთ.).

 

სულის ამოთქმა იხ. სულის მოთქმა. − ბატონო, დედოფლის ბაგეზე გაყინული მხიარულება და ტკბილი ღიმილი ეს ორი დღეა კვლავ გაცოცხლდა და სასახლემაც სული ამოითქვა (ბან.). სული ამოითქვა უტანდარმა (შ. დად.).

 

სულის ამორთმევა გაწვალება, გაწამება, გატანჯვა, სულის ამოხდა. დამაცადოს მაგ გაშტერებულმა და თუ ბეგარაში სული არ ამოვართვი, მე გირგოლაი არ ვიქნები! − დაემუქრა იასაული (ა. ყაზბ.). − ე მანდ გვიჩივლებს და სულ, აი, სატუსაღოში ამოგვართმევენ სულსა (ნ. ლომ.). − ვეჟო, ამაზე მეტი აღარ შემიძლიან! სული ნუ ამომართვი! − ჰკვნესოდა და ჰკიოდა ზაალი (მ. ჯავახ.).

 

სულის ამოძრობა გაწვალება, გაწამება, სიკვდილის პირამდე მიყვანა; მოკვლა. თუ ხარ, მაგრე იყავი. თუ არა და სულს ამოგაძრობთ, ამ საათში გაგამტვერებთ. ოჰ, სულის ამოძრობა! გამტვერება! საშინელი სიტყვებია მუცელას ყურებისათვის (ვაჟა). − რას გაგიჟებულხარ?... არა, რომ აქავ სული ამომაძრო, მაინც არ გაგიშვებ, − ჩაატანა ჩოხაში ხელი (გ. წერეთ.).

 

სულის ამოხდა მოკვლა; გაწვალება, გაწამება, შეწუხება, სიკვდილის პირამდე მიყვანა, სულის ამორთმევა. სპილენძის ტყვია მომარტყი, სპილენძისა, უსისხლოდ სული ამომხადე, ურჯულო ლეკსავით დამკალი (ილია). − რაი-ღა გითხრა ჩვენი სიბედშავის მეტი! გვახრჩობენ, სულსა გვხდიან და ჩვენ კი გაჩუმებულები ვართ (ა. ყაზბ.). მამულს წაართვეს სინათლე თვალის, სურთ ამოჰხადონ სულიც ძლიერი (ხ. ბერ.).

 

სულის ამოხდომა სიკვდილი, სულის დალევა. ამ გამომშვიდობებაში ისე ამოხდა სული მოხუცებულს, რომ ვერც კი გაიგეს. იგი მიიცვალა წყნარად, მშვიდობიანად, უშფოთველად (დ. კლდ.). იმას ვეღარ ნახავ, წუხელ ამოხდა სული საწყალს (ა. ბელ.).

 

სულის ამღვრევა აფორიაქება, ხასიათის გაფუჭება, გულის მოსვლა, გულის ამღვრევა. არხეინად იყავი, ეგ მტრედის გული დაიმშვიდე, ნუ გაბოროტდება და სულს ნუ აიმღვრევ (მ. ჯავახ.). ასე ამბობენ, ალბათ ჭორი იქნება, მაგრამ თათრები ამბობენ ხალხს სულს უმღვრევენ და... (მ. ჯავახ.).

 

სულის გავარდნა სიკვდილი, სულის ამოხდომა. ვგონებ სულიც გაგვარდეს, თუ გეცი გულმოსული (აკაკი).

 

სულის გაკმენდა გაჩუმება, დადუმება, განაბვა, ხმის გაკმენდა. ყველამ სული გაკმინდა.

 

დაიჭექა თოფმა და... (აკაკი).

 

სულის განაბვა სუნთქვის შეკვრა და გაჩუმება, განაბვა, დადუმება, სულის გატვრენა. ფრინველთ ხმა გაკმინდეს, ბუზების ფრენა ისმოდა, ყვავილთ სული განაბეს და მოტრფიალე თვალებით შესცქეროდნენ მგოსანს (ვაჟა). ნუნუმ სული განაბა, როგორც მტრედმა ქორის კლანჭებში (ა. ყაზბ.). გიგომ ერთი კი შეხედა ვანოსა და შემდეგ დაუსვა ხანჯალი ძროხის ყელსა. ხალხმა სული განაბა (ნ. ლომ.).

 

სულის გატვრენა გაჩუმება, დადუმება, ხმის გაკმენდა, სულის განაბვა. ყური დავუგდე ღობეს ლაწა-ლუწი აადინა და გაფრინდა ღობეს გადაღმა. გავტრუნე სული − ფშვინვა შამომესმა (რ. ერისთ.). სიკოს მოესმა ბაღის ღობეზე, ერთ ადგილას წკაპაწკუპი... სიკომ გატვრინა სული. გაპარვა ახლა შეუმჩნევლად აღარ შეიძლებოდა (ე. ნინოშ.). დეკემბრის გაფიცვის დამარცხებისა და ნაძალადევში ცხრა მუშის მოკვლის შემდეგ მან სრულიად გატვრინა სული და ერთად შეგროვილ სამ კაცსაც აღარ ეკარებოდა შიშით (გ. ნახუცრ.).

 

ხულის გატყვერა იხ. სულის გატვრენა. ამ ფიქრებში იყო ბეჟანა, რომ მისმა მახვილმა ყურებმა გაიგონა შორს რაღაც ხმაურობა. ბეჟანამ გატყვირა სული (ე. ნინოშ.). დედაკაცო, რომ გატყვირე ახლა სული, შენ ვერ მონახავ ქიაფს? (ე. ნინოშ.).

 

სულის გაფრთხობა სიკვდილი, სულის ამოხდომა, სულის გაცხება. იმ წამს დათიკო რომ დამენახა, იმის დანახვა და იმის სულის გაფრთხობა ერთი იქნებოდა (ილია). ისიც დიდი უნარია ტირაცუასაგან, რომ შიშით სული იქავ არ გააფრთხო (ილია).

 

სულის გაფრთხობინება მოკვლა, სულის გაცხებინება. ერთი ფეხი საფლავში მიდგას, დღესა თუ ხვალ ჩემი სულთამხუთავი მოვა და სულს გამაფრთხობინებს (ილია). ნისკარტდაღებული არწივი ეძგერა მელას და ერთს წამს სული გააფრთხობინა (ვაჟა).

 

სულის გავსება სიკვდილი, სულის დალევა, სულის გაფრთხობა. (ივანიცკი) გაება რაღაც საზიზღარ საქმეში. სამსახურიდან დაითხოვეს და მალეც სულა გააცხო (დ. კლდ.).

 

სულის გაცხებინება მოკვლა, სულის გაფრთხობინება... ურჯულო! ურჯულო! ოუშვი მეთქი, ნუ მიკლავ შვილს... მითქვამს შენთვის! თავი გაანებე, თვარა ეს არის გაგაცხებინე სული! (დ. კლდ.). აიღო კეტი, დაარტყა და სული გააცხებინა (აკაკი).

 

სულის დაბერვა გაბედვა (რისამე), ხმის ამოღება, კრინტის დაძვრა. ამხანაგებს რომ მაგისი (იერემიასი) ეშინოდათ, უფროსებისაც არ ეშინოდათ ისე! ყველამ იცოდა, რომ მეკონტრაბანდეების ამყოლი იყო, მაგრამ ვის შეეძლო სულის დაბერვა? (გ. წერეთ.).

 

სულის დალევა სიკვდილი, სულის ამოხდომა. ბლაღოჩინი დასწვდა წამოსაყენებლად, მაგრამ გლახას, ისე პირქვე დამხობილსა, სული დაელია კიდეც (ილია). არ გიჯობსო, რომ წინაღუდგეთ უწმინდურს და ბრძოლაში დალიოთ სული? (აკაკი). ოსი გაუნძრევლად, ხმაამოუღებლად დაეცა; იმან ამოსუნთქვაც კი ვეღარ მოასწრო, ისე დალია სული (ა. ყაზბ.).

 

სულის დალევინება მოკვლა, სულის ამოხდა. ძერა ხან ერთგან ჩაჯდებოდა, ხან სხვაგან და ჩაჰკრავდა ტრედს ნისკარტს თავში, რომ სული დაელევინებინა (ვაჟა).

 

სულის დამძიმება სათაკილოს რისამე ჩადენა, შეცოდება. მაგისათვის ჩემს სულს როგორ დავუმძიმებ! (ილია) ამ სიბერის დროს სულს ვეღარ დავიმძიმებ! (ს. შანშ.). სულის მიბარება სიკვდილი, სულის დალევა. სჯობია უწვალებლად მიაბაროს სული, − მიუგო დემეტრემ (ილია)

 

სულის მობრუნება შესვენება, სულის მოთქმა; მოსულიერება, მომჯობინება (ავადმყოფისა, დასუსტებულისა). როდესაც ცოტათი გათბა და სული მოიბრუნა, ის წამოდგა და ისევ გარეთ გავიდა (ა. ყაზბ.). გოგია დიდხანს იწვა გაუნძრევლად, ბოლოს მოიბრუნა სული და ძლივს გასაგონად წამოიძახა: „ნენავ მომეხმარე!“ (ე. ნინოშ.). (გოგიას) მოცლა აღარც-კი ჰქონდა, რომ ცოტა ხანს შეესვენა და სული მოებრუნებინა (შ. არაგვ.).

 

სულის მოთქმა შესვენება; ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. დაიცა, სული მოვითქვა და გეტყვი (მ. ჯავახ.). იგი ბოლივით იფანტებოდა, თითქოს კვდებოდა და, როცა სულს მოითქვამდა, მწარედ ნანობდა (მ. ჯავახ.). ჩემი საწყობი ისევ ჩემს ხელშია და მეც ისევ სული მოვითქვი (გ. ნახუცრ.).

 

სულის მოპარვა განაბვა, სულის გატვრენა, თავის მომკვდარუნება.

 

სულის სიღრმეში ჩაწვდომა გულის ნადების გაგება და მისი მოწონება, გულის სიღრმეში ჩაწვდომა... ლადოს სიტყვები მას სულის სიღრმეში ჩასწვდა და თუმცა ზოგი რამ ვერც კი გაიგო, მაგრამ არსებითს ჩახვდა და გულში ჩაიკენჭა (გ. ნახუცრ.).

 

სულის სწორი იხ. გულის სწორი. სულის სწორო, ვარდ-კოკორო, რად დამჭკნარხართ, რად?! (კ. მაყ.).

 

სულის ყელში მობჯენა იხ. გულის ყელში მობჯენა. ესიკას სული ყელში მოებჯინა ჯავრით (ე. ნინოშ.). ზაქარას გულმა საათივით ჩამოჰკრა და სული ყელში მოებჯინა. − შესდეგ! − დაუძახა მტკიცე ხმით სოსიკასა. − ახ შენ, ან მე! პირდაპირ შეგვყარა ღმერთმა (ს. მგალობ.).

 

სულის შთაბერვა გასულდგმულება, სიცოცხლისუნარიანობის მინიჭება, სულის ჩადგმა. კვლავ შთაბერეს მაღალი სული (ი. მაჩაბ.).

 

სულის ჩადგმა სიცოცხლისუნარიანობის, ძალ-ღონის მომატება; დახმარება, ფეხის ადგმევინება; ფეხის ადგმა. ჩვენმა თეატრმა თავისით ჩაიდგა სული, გარედამ შემწეობა არავისგან ჰქონია (ილია). ამ თავნიერა დალოცვილმა მამულ-დედული ააყვავილა, ჩაუდგა სული; თითონ აცხოვრებს თავისსა მამულს (ვ. ბარნ.).

 

სულის წასვლა მოუთმენლად, თავშეუკავებლად მოქცევა, სულწასულობა. რა სულის წასვლაა... ჯერ კაცი არ გამეფებულა, ტახტი არ დაუპყრია... შენ კი ფულს თხოულობ (შ. დად.).

 

სულმა წასძლია მოთმინება ვერ ეყო, ვერ მოითმინა, რისამე სურვილმა სძლია. ერთხელ რომელიღაც მოსწავლემ ხაჭაპურები მოიტანა კლასში და ლატარიაში ჩააგდო თითო კაპეიკად, ყველამ მოაწერა ხელი. წამძლია სულმა და მეც მოვაწერე ხელი (აკაკი). ახლა იშვიათად დაინახავდით ქუჩაში მთვრალ სამხედრო პირს და, თუკი რომელიმეს მაინც წასძლევდა სული და მაგრად გადაჰკრავდა, იგი ქუჩაში გავლის დროს ცდილობდა ფხიზლად მოეჩვენებინა თავი (ა. ბელ.).

 

სულს ებრძვის კვდება, სულთმობრძავია, სიკვდილს ებრძვის.

 

სულს უხუთავს ავიწროებს, გასაქანს არ აძლევს, აწვალებს, ტანჯავს. არც მაძლევთ საშუალებას გამოვთქვა ჩემი გულის ნადები და ამით მხოლოდ სულს მიხუთავთ, სიცოცხლეს მიმწარებთ (დ. კლდ.). ცის კამარა რისხვით და ქუშით უბღვერს მას... ნიაღვრით, ტალახ-თოვლ-ჭყაპით სულს უხუთავს და თავს აბეზრებს ადამიანს (ნ. ლორთქ.).

 

 

სულს ღაფავს კვდება, სულთმობრძავია, უკანასკნელ დღეშია; თავისი დრო მოჭამა, ასპარეზიდან მიდის. იმათ ღმერთმა გადაუხადა. ჯერ ხალხმა და მეფემ გადააგდო, შემდეგ სნეულებით სიღატაკეში ერთი გარდაიცვალა, მეორე სადღაც სულსა ღაფავს (შ. დად.). თევზივით ნაპირზე გარიყული ნაადამიანევი სულს ძლივს-ღა ღაფავდა და წყალწაღებულ თავს უიმედო იმედით ინუგეშებდა (მ. ჯავახ.). ირანის ლომი სულსა ღაფავს (მ. ჯავახ.).

 

სულში ჩაძვრენა მოალერსება; სიყვარული, პატივისცემა. დიდსა და პატარას, ვინც კი იცნობდა, ყველას უყვარდა (დიტო) და სულში იძვრენდა (აკაკი). რაიკომის მდივანს ნუ აჰყვებიო და ლამისაა სულში ჩაიძვრინოს ჩალმაზი (კ. გამს.).

 

სულ-ხორცისაგან გაცლა იხ. სულით ხორცამდე გაცლა. − შენ არ იცი იმ კაცის ამბავი? რასაც დაგიგულებს, სულ-ხორცისაგან გაგცლის. (გ. წერეთ.).

 

სუნგალის გაკვრა გაჩუმება, სულის განაბვა, ხმის გაკმენდა. შვილის ნახვის სიამოვნებამ მამას თხების ამბავი იმ წუთას გადაავიწყა. დედამაც გაკრა სუნგალი, საკეცით გადმოდგა გახურებული კეცი ძირს და ზედ მჭადის გუნდა დააკრა (გ. წერეთ.). მალე გავკრავდით სუნგალსა და მივეცემოდით ძილსა (ს. მგალობ.).

 

სქელი ჯიბე აქვს მდიდარია, ბევრი ფული აქვს. წუნკალა ეძებდა ისეთ მოვაჭრეებს, რომელთაც ჯიბე სქელი ჰქონდათ (გ. წერეთ.).

 

სხვა გზა არა აქვს იხ. მეტი რა გზა აქვს. − სტუმრობის მიზეზს ჰკითხავენ სტუმარს? თუმც მასპინძელი ხარ სასაცილო, სხვა რაღა გზა მაქვს, გეტყვი, ყმაწვილო (ხ. ბერ.).

 

სხვისი ხელით ნარის გლეჯა სხვისი საშუალებით ძნელი ან სახიფათო საქმის კეთება. იქნება სხვა კი გააბრიყვონ, თვითონ სოროში შეძვრენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი ჰგლიჯონ (ილია). (თქვენ) ისიც გინდათ, რომ სხვისი ხელით ნარი მოგლიჯოთ! (ჭ. ლომთ.).

21

▲back to top


 

ტალახში ამოსვრა შერცხვენა, სახელის გატეხა, ლაფში ამოსვრა. ... მაგათი წყალობით მომეჭრა თავი და მაგათ უნდათ ტალახში ამოსვარონ ჩემი თავმოყვარეობა! ... (დ. კლდ.).

 

ტანში ჟრუანტელის დავლა იხ. ჟრუანტელის დავლა ტანში. ცოფიანი ძაღლის ხსენებაზე ხომ ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა (შ. არაგვ.).

 

ტაშს უკრავს (ვინმეს, რამეს) იწონებს, აღტაცებით ხვდება (ვინმეს, რამეს). ახლა? ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველა მოგვისპო ამ ადამიანმა! ... თვითონ კი ცხოვრობს განცხრომით! საზოგადოებაც შეტრფის და ტაშს უკრავს! ... (ე. ნინოშ.). ბატონყმობის მოსპობის დროს მანუჩარ ყმაწვილი კაცი იყო და, სხვების მიხედვით, ისიც ტაშს უკრავდა, რაც შეეძლო, ახალს ცვლილებას (ე. ნინოშ.).

 

ტვინი აქვს ნაღრძობი უკუღმართია, არანორმალურია, ახირებულია.

 

ტვინის ადუღება გაბრაზება, აღელვება, აღშფოთება, მოთმინებიდან გამოყვანა. მეხსიერებაც ყოველს ჩემს წარსულს ზარნაშოსავით რა თავს დასძახის, ტვინსა მიდუღებს, მით მიშფოთებს სულს (აკაკი). რომ არ ჩამწერე მე შენს გულში, ეს მიდუღებს ტვინს (რ. ერისთ.).

 

ტვინის ამორთმევა შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება. (მწყემსის) ქაქანმა ტვინი ამომართვა (გ. წერეთ.).

 

ტვინის ამოწოვა გაწამება, შევიწროება, უკანასკნელი სახსრის წართმევა, გატყავება (ჯორ-

 

ზაქარას) წყეულმა ადვოკატებმა ხომ ბატონზე უარესად ამოსწოვეს ტვინი; გაურიგდებოდნენ, გამოართმევდნენ ნახევარს ხელფასისა წინდაწინ, რაღაც უბრალო ქაღალდს დაუწერდნენ; მერე ერთი ორი თვის შემდეგ ეუბნებოდნენ: ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებთო (ს. მგალობ.).

 

ტვინის არევა შეწუხება, შეშლა, გადარევა. − იერემია რომ დაუსჯიათ კატორღით, მე ამან ძალიან შემაწუხა, ტვინი ამირია. ის ჩემი ბიძის შვილიშვილია (გ. წერეთ.). მეშინია ჭკუაზე არ შეირყას! რა ვიცი, გასაკვირველია, იმდონი ფიქრით ადამიანს ტვინი ეერიოს თუ! (ე. ნინოშ.). აი, კიდეც მაგათ აგირიეს ეგ ტვინი, მაგ კუდიანების დაწერილებმა (ი. ეკალ.).

 

ტვინის გამოლაყება გამოტვინება, გამოშტერება, გონების დაჩლუნგება. ... სად შემიძლია ახალ შრომაზე ვიზრუნო, როდესაც ტვინი გამოლაყებული მაქვს მოწაფეების რვეულების სწორებით (ა. ბელ.).

 

ტვინის წაღება შეწუხება, თავის მობეზრება, გულის გაწყალება. დამეკარგე, სულელო! ტვინი წაიღე ბევრის ყბედობით, − უთხრა კოლამ წყრომითა (ილია).

 

ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია ძალიან პატარაა (ასაკით), ბავშვია, გამოუცდელია, გუშინდელი ღლაპია. ბიჭო, მძინარეს ჯიბეები დამაჭრეს! ... მერე ვინა? ჯერ ტუჩებზედ დედის რძე არ ჰქონდათ შემშრალი... (ილია). რომელი გლეხი დაუჯერებს ბაღანას ... ჯერ ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია (ნ. ლორთქ.).

 

ტუჩებზე რძე არ შეშრობია იხ. ტუჩებზე დედის რძე არ შეშრობია. რაღა გვადის ცოლს დაემართა ასეთი საშინელი ჭირი, − ხუთი შვილის დედას, რომელთაგან ოთხს ჯერ რძე არ შეშრობია ტუჩებზე! (ლ. ქიაჩ.). ჯერ რა ვაჭრობის უნარი გაქვს შენ! ჯერ ტუჩებზე რძე არ შეგშრობია და შენ იმისთანა ძნელ საქმეს, როგორიც ვაჭრობა არის, როგორ გაუძღვები? (მელან.).

 

ტუჩ(ებ)ის აბზუება არაფრად ჩაგდება, უკადრისობის გამოხატვა, დაწუნება. ეკვირინე ნამეტანს უბზუებდა ტუჩს უმეტესობას (დ. კლდ). − რა შვილია! ტუჩების აბზუებით ამბობდა ლიზა (ე. გაბ.).

 

ტუჩ(ებ)ის (ა)კვრა იხ. ტუჩ(ებ)ის აბზუება. გონება კი უხატავდა ... დედ-მამის რისხვას, ნათესავთა და სწორთაგან ტუჩების აკვრას (ვ. ბარნ.). ვისაც შენ გსურს მიმცე ..., შორიდან ტუჩი მკრეს და ნაძრახის შვილი მიწოდეს (ს. მგალობ.).

 

ტუჩ(ებ)ის აბრუწვა იხ. ტუჩ(ებ)ის აბზუება. მე გახლავართ ერთი სომხის სოვდაგრის დახლიდარი! − დახლიდარიო! ... თქვა და ტუჩები აიპრუწა (ილია). − ბატონი ბრძანდები! − ტუჩების აპრუწვით უპასუხა ნუცამ და გავარდა კარში (ა. ერ-ხოშტ.).

 

ტყავიდან ძვრება ყოველ ღონეს ხმარობს, შესაძლებლობას არ ზოგავს. სოსიკაც აფასებდა ბატონის სიყვარულსა: ტყავიდან ძვრებოდა, ოღონდ კი ბატონისათვის ესიამოვნებინა, შეემატნა რამე იმის ქონებისათვის ... (ს. მგალობ.).

 

ტყავის გაშპობა იხ. ტყავის გაძრობა. არა, აჯანყებას აპირებენ, სწორეთ აჯანყებას! ამათ ტყავი თუ არ გავაშპე, ისე არ იქნებაო, ამბობდა ბრაზმორეული ზუფროსი (ე. ნინოშ.).

 

ტყავის გაძრობა მკაცრად მოპყრობა, დატუქსვა, შავი დღის დაყრა; დაჩაგვრა, გაყვლეფა, მძიმე პირობებში ჩაყენება; ცემა; ძალიან ძვირად მიყიდვა (რისამე). ვინ მიგიშვებს, შე  უბედურო, მეფესთან, სულ ტყავს გაგაძრობენ (ვაჟა). შენ რომ ქალაქში იყავი და არაფერს ხედავდი, ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა (მ. ჯავახ.). ... საბატონო გადასახადს სამოურავო მიუმატაო და ტყავს გვაძრობსო. ჩვენი დანარბევით ოჯახი აივსოვო (ბან.). როცა მოვიდნენ, ჩვენ საწყლებს სულ ტყავს გვაძრობდნენ ცემითა (ილია) − დიდება შენდა, ღმერთო! ტყავი გაგვაძვრეს ამ სახლის ფასში და ახლა კარებთან ჯდომის უფლებაც არ გაქვენო, გვიჩივიან! − ჩაილაპარაკა ერთმა გლეხმა (ე. ნინოშ).

 

ტყავის გაჭიმვა სიკვდილი, ფეხების გაჭიმვა. ან იმ გაჭირვება-საცოდაობაში რომ დავჭლექდე და ერთი წლის შემდეგ ტყავი გავჭიმო, რას მარგებს შენი უმაღლესი ცოდნა (გ. ნახუცრ.). ჩვენმა ნაცნობმა დიდი ხანია ტყავი გაჭიმა (თ. სახ.).

 

ტყავში ძვრება იხ. ტყავიდან ძვრება. ლილიმ იცოდა, რომ თავის დანაშაულს აგრე ადვილად ვერ გამოისყიდდა და ამიტომ ტყავში ძვრებოდა, რათა გაეცოცხლებინა პირვანდელი სიყვარულის გრძნობა (ა. ბელ.).

 

ტყემალზე ზის არაფერი გაეგება, არაფერი იცის (რისამე შესახებ). შენ, ჩემო ძმაო, ტყემალზედა ზიხარ! აბა საიდან გეცოდინება, რა ხდება ქვეყანაზედა ან შენს გარშემო!... (თ. სახ.)

 

ტყირპის გაგდებინება დაქანცვა, ილაჯის გაწყვეტა; ცემა. ვისაც ტყირპის გაგდებინება უნდა,

 

იმ კიბეს უნდა შეუყენონ, აი! (ა. ცაგარ.). ... თუ ხელში ჩამივარდა, ტყირპი ვერ გავაგდებინო, შენი ამირინდო აღარ ვიქნები (გ. ერისთ.).

 

უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული უბედო, ბედუკუღმართი, შავ დღეზე გაჩენილი. გოგია ... უბედურ ვარსკვლავზე იყო დაბადებული (ე. ნინოშ.).

22

▲back to top


 

უზურში ჩადება განზრახვა, გათვალისწინება. მას მოჰბეზრდა სულხანის და ფიქრიას დაღონება და უზურში ჩაედო, ეს საქმე გამოერკვია (მ. ჯავახ.).

 

უზურში ჰყავს (აქვს) ითვალისწინებს, ვარაუდობს, მხედველობაში ჰყავს (აქვს). კარგ მოურავს არ მისცემ (სალომეს)? მე უზურში მყავს კიდევაც ამნაირი კაცი (ს. მგალობ.).

 

უკან დახევა განზრახვაზე ხელნს აღება. მას ეძნელებოდა ამგვარი ქალის დაკარგვა, როგორსაც ჰპირდებოდა პორფირი. იგი თავმოსაწონად უნდოდა მას და ამიტომ უკან აღარ იხევდა, თუმცა შიში ჰქონდა, რომ ერთხელინდელის არ იყოს, სირცხვილი არ ენახა (დ. კლდ.). მე ასე მჩვევია, ბევრს ვყოყმანობ, მაგრამ თუ რამე ამოვიჭერი გულში, უკან არ დავიხევ, სანამ სიკვდილი გზას არ მომიჭრის ... (კ. გამს.).

 

უკანასკნელ სისხლის წვეთამდე სანამ ცოცხალია, სიკვდილამდე, ვიდრე ძალ-ღონე შესწევს. მთავარმა ლაშქრის წინ ფიცი დადო, რომ მათთან ერთად, ვით ერთი მათგანი მეომარი უკანასკნელ სისხლის წვეთამდე აბრძოლებდა (ბან.).

 

უკუნითი უკუნისამდე მუდამ, სამარადისოდ. − იცოცხლე, იცოცხლე უკუნითი უკუნისამდე ჩვენისთანა საწყალი და მართალი გზაგოუგნებელი კაცისათვის ... (დ. კლდ.). − ვინც ძმა არ გაიტანოს, იყოს წყეული უკუნითი უკუნისამდე! (მ. ჯავახ.).

 

უკუღმა დაბადებული უკუღმართი, უხეირო, უხამსი, ბოროტი.

 

ულვაშ(ებ)ის მოპარსვა შერცხვენა, თავის მოჭრა. ქურდი გამოჩენილია ... მთელმა ქვეყანამ იცის. ულვაშებს მოვიპარსავ, თუ ჩემი ეჭვი ტყუილი გამოდგება (ვაჟა). მაგრამ ჩვენ, რაკი ამ კარებამდე მივედით, ქედის მოხრა აღარ გვმართებს, ეს ხომ ულვაშის მოპარსვა იქნება (ბან.).

 

უფალმა მიიღო მოკვდა, მიაბარა სული უფალს. − საკვირველება, სასწაული გვეუწყა, ბატონო! იმ ცხრა თავშემოვლებულ შენაწირთაგან ერთი, სწორედ საეკლესიოდ შეწირული, იმ დღესვე მიუღია უფალს (ბან.).

 

უფალს მიაბარა სული იხ. მიაბარა სული უფალს.

 

უფსკრულის კიდეზე დგომა იხ. უფსკრულის პირას დგომა. − ერთ დროს სევდისაგან გარემოცულს და გულდანაღელიანებულს, როდესაც უფსკრულის კიდეზე ვიდექ და ნუგეშს აღარავისგან ველოდი, ახალი გაზეთი მომიტანეს, სადაც სამკურნალო რამ სიტყვები ეწერა (აკაკი).

 

უფსკრულის პირას დგომა საფრთხეში, განსაცდელში ყოფნა, დაღუპვის მოლოდინში ყოფნა. არც ერთმა არ იცოდა, რომელს უბნელდებოდა მზე. ყველანი უფსკრულის პირას იდგნენ (შ. დად.).

 

უფსკრულისაკენ მიექანება დაღუპვის გზაზე მიდის, ხიფათი მოელის. ცხოვრების ღელვისაგან გატაცებული, ის თანდათან მიექანებოდა უფსკრულისაკენ და ვერ ატყობდა, რომ მზად იყვნენ დედამიწასთან გაესწორებიათ ურჩი ქმნილება... (აკაკი).

 

უღელს უსწორებს უტოლდება, უთანაბრდება, კვალში მიჰყვება, მხარს უსწორებს; მეგობრულ დახმარებას უწევს. (ფრიდონს) ჰყავდნენ იქ თანამებრძოლნი, რომელნიც იმედიანად უსწორებდნენ მას უღელს ... (ვ. ბარნ.). მარჯვე მეუღლე არაფერში არ ჩამოუვარდებოდა ქმარს და არამც თუ უსწორებდა უღელს, წინაც იწევდა (ვ. ბარნ.).

 

უღელს უწევს იხ. არა, ამ მხრით დოდო ვერასოდეს ვერ იქნება უტანდარის უღლის გამწევი, მისი ტოლი და ბადალი (შ. დად.). პაპასთან ერთად ის სამკალშია! მას უწევს უღელს (ს. შანშ.).

 

უღლის გადაგდება (კისრიდან) ჩაგვრისაგან, ექსპლუატაციისაგან განთავისუფლება, თავისუფლების მოპოვება. ... დადიანის მძიმე უღელი კისრიდან გადაიგდეს, ხუთი წლით თავი გაიაზატეს (ბან.).

 

უღლის გადმოგდება იხ. უღლის გადაგდება (კისრიდან). (გლეხებს) ჰსურდათ გაეჩერებინათ (არსენა), გამოეკითხათ, თავიანთიც ეთქვათ და ისიც გაეგოთ − დრო ხომ არ მოვიდა გავიჩეჩნეთ და უღელი გადმოვაგდოთო (მ. ჯავახ.).

 

უღლის დადგმა (კისერზე) დამონება, ჩაგვრა, დამორჩილება. რად მონებთ ასლანს, ჩერქეზნო, უღელს რად იდგამთ კისრადა?!... (ვაჟ ა).

 

უღურს არ იტეხს იხ. იხტიბარს არ იტეხს. (თურქ. უღურ ბედი, იღბალი, ბედნიერება). (ბუ) მაინც უღურს არ იტეხდა, არ უნდოდა გაეგო ვისმე მისი სიბეცე (თ. რაზიკ.).

 

უყარე კაკალი რამდენიც უნდა ეცადო, ვერას გახდები, მდგომარეობას ვეღარ გამოასწორებ, გვიანღა იქნება. ამისთანას უფრო შეუძლია წყენა და ვნება: ჩაგიჯდება გზაში, გკრავს თოფს და გაგაგორებს! მერე მიდი და უყარე კაკალი! (ე. ნინოშ.). მარა ღმერთმა გააგო სამართალი, აღარ შეაწვევია საცოდავი ყაძახები! აწი მიდგენ ბატონებმა და უყარონ კაკალი (ე. ნინოშ.).

23

▲back to top


 

ფარდებს უკან შეუმჩნეველ, არდასანახავ ადგილას, მალულად, ფარულად. გარეთ ერთს ლაპარაკობს და შინ-კი, ფარდებს უკან, სულ სხვას ფიქრობს (ილია).

 

ფარდის ახდა გამოაშკარავება, გამომჟღავნება, მხილება, დღის სინათლეზე გამოტანა. მე შენ უკეე აგხადე ფარდა, ყველგან გამოვფინე შენი ფლიდობის ამბავი (ს. მგალობ.).

 

ფარდის ჩამოფარება დამალვა,დაფარვა. (იუდამ) უღალატა სინდისის ნაკარნახევს, ნამუსს ფარდა ჩამოაფარა (ს. მგალობ.).

 

ფარ-ხმალის დაყრა დამორჩილება, დანებება, წინააღმდეგობის შეწყვეტა. ოძელაშვილი მეორეჯერაც დამარცხდა, მაგრამ უჯიათი და მოუდრეკელი კაცი იყო და არ შეეძლო ასე მალე გამოტეხილიყო და ასე ადვილად დაეყარა ფარ-ხმალი (მ. ჯავახ.). უეცრად შინაგანმა ნათელმა გამომაფხიზლა, მიმახვედრა, − სულმოკლეობა ფარ-ხმალს მაყრევინებდა (კ. ლორთქ.).

 

ფაფრის აშლა განრისხება, გამძვინვარებაი იმატებს ტანჯვა?− უწყოდე, ტრფობაც აიწევს მეტადა, აიშლის ფაფარს მრისხანედ, დგეს იალბუზის ქედადა (ვაჟა).

 

ფესვების გადგმა განმტკიცება, გამაგრება, დამკვიდრება; გავრცელება. ყოველივე ავტორისაგან ნარჩევი − ცენტრალიზაციის მკვიდრად ფეხის მოკიდებას, მკვიდრად ფესვების გადგმას მოასწავებს (ილია). ახლად შემოღებულ წესებს ჯერ კიდევ ფესვები ეერ გაედგა, ვერ გამაგრებულიყო (ა. ყაზბ.).

 

ფეხებზე ჰკიდია (ვიწმე, რამე) არ ენაღვლება, არ აწუხებს (რამე); არაფრად აგდებს (ვინმეს, რამეს)... ეტყობოდა იმას, რაც შვილი იყო დიდიკაცი, უფროსი, წირვა-ლოცვა ფეხებზედ ეკიდა! მის წინ რომ გუბერნატორს გაევლო, ქუდს არ მოუხდიდა (ე. ნინოშ.). − თუ ჯერ არ გაგიგია, მაშ ეხლა გაიგე და დაიხსომე. სხვაფრივ კი ერმოლოვიც ფეხებზე მკიდია და შენი ბატონიც (მ. ჯავახ.). მაგრამ მას ფეხებზე ჰკიდია, როგორც ჩანს, ოჯახი და აღარც ის ახსოვს, რომ ძროხებსა და ცხენს წყალი მაინც უნდა დაალევინოს (კ. გამს.).

 

ფეხებზედაც არ ჰკიდია (ვინმე, რამე) იხ. ფეხებზე ჰკიდია (ვინმე, რამე).

 

ფეხები უკან რჩება მისვლა ეზარება, სადმე წასვლა უჭირს, უმძიმს. (კაკო) ადგა, ტანთ ჩაიცვა და წავიდა. ფეხები უკა ა რჩებოდა ... (მ. ბარნ.).

 

ფეხების გაფშიკა იხ. ფეხების გაჭიმვა. თუ ომი მალე არ გათავდა და ქალაქი ისევ მოქეიფე კნიაზებით არ გაივსო, მე საცაა ფეხებს გავფშეკავ (მ. ჯავახ). თქვენ რომ არამყავდეთ, უღვინობით ფეხებს გავფშეკავდი − ვითარცა აქლემი უწყლობისაგან უდაბნოსა შინა დავარდნილი (მ. ჯავახ.).

 

ფეხების გაჭიმვა სიკვდილი, სულის დალევა. (ექიმი) მთელი ორი კვირა ასმევდა (წამალს) და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა (ილია).

 

ფეხებში ებლანდება აფერხებს, ხელს უშლის, ეჩხირება. ეგებ ამიტომ ებლანდებოდეს არზაყან მას ფეხებში? ეგებ ამიტომ გადაუდგება არზაყან მას, როგორც კი ქალისკენ გაიწევს თარაშის გული? (კ. გამს.).

 

ფეხზე დადგომა მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება, განვითარება, ფეხის მოკიდება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება. ...

 

 ო, რას ჩადიან განუკითხველნი!... სამშობლოვ ჭირ-ნახულო! ... ძლივს გამოკეთდა შენი საქმე, ძლივს ფეხზე დადექ ... ხალხი აღორძინებული, წელგამაგრებული ... მეფე ბრძენი და მიუწვდომელი. ორივენი კვლავ უნდათ განსაცდელში ჩააგდონ (შ. დად.). მთელი არლანების გვარი ფეხზე დადგა (კ. გამს.).

 

ფეხზე დაყენება მომაგრება, მოღონიერება, გაძლიერება; სამოქმედოდ, საბრძოლოდ მომზადება, ამოძრავება, გამოცოცხლება. წელიწადში სამასი თუმანი სულ ფეხზე დააყენებს ჩვენს თეატრს ... (ი ლ ი ა) ... ასეთი ღატაკი ოჯახის ფეხზე დაყენება ადვილი არ არის (ე. ნინოშ.). მთელი თბილისი ფეხზე დააყენა და გადმოაბრუნა, მაგრამ ვერც გაიოზის კვალს მიაგნო და... (გ. ნახუცრ.).

 

ფეხზე წამოდგომა მომაგრება, მოღონიერება. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე   დაგვამხეს...,მოგვსპეს, ამოგვჟლიტეს და მაინც ფეხზე წამოვდექით, მოვშენდით, გავსწორდით (ილია) − არა უშავს-რა, კიდევ წამოვდგები ფეხზე. თქვენ სიკეთეს არ დავივიწყებ და ერთს ათად გადაგიხდით (მ. ჯავახ.).

 

ფეხზე წამოყენება მომაგრება, მოღონიერება, ფეხზე დაყენება. ცოდვააო ამისთანა ჭირში გაუტეხელი ... გულმტკიცე და გულმაგარი ერი ფეხზე არ წამოვაყენოთ და ჩვენის კულტურის დროშა ხელთ არ მივცეთ ... (ილია). დიახ, დაბერდა ქეთევან, მაგრამ წაქცეული ოჯახი კი ორჯერ წამოაყენა ფეხზე ... (ე. ნინოშ.).

 

ფეხთა მტვერი (ვისიმე) (ვისიმე) მონა-მორჩილი; უღირსი (ვინმესთან შედარებით). მე ვარ, მზეთა-მზე, მონა და ფეხთა მტვერი შენი (ვ. ბარნ.). − ოჰ, შენ შემოგევლოს, ვალიდა, ჩემი ცხოვრება, ჩემი სინდისიც შენ ფეხთა მტვრად გამიხდია (გ. წერეთ.). ... ცაცა ხომ სრულიად არაფერს წარმოადგენს მათთან შედარებით, ცაცა ხომ მათი ფეხთა მტვერია, მიწაზე მცოცავი მწერი ... (გ. ნახუცრ.).

 

ფეხი დააჭირა გაკერპდა, ერთხელ ნათქვამი ჯიუტად დაიცვა, არ დათმო. ... ისე იხვეწებოდნენ ცალყურაანი, რომ, თუ ფეხი დაგვეჭირებინა, თვითონ მოგვიტანდნენ საქორწილოსაო (ვ. ბარნ.). ჩარჩმა არ დაუჯერა და დადებულ ფასს ფეხი დააჭირა (მ. ჯავახ.).

 

ფეხი წაიტეხა მარცხი მოუვიდა; წავიდა. ქალებმა შენიშნეს, რომ ძველი დედები, უმეტესად, არას აკეთებდნენ და მხოლოდ კოპწიაობას უნდებოდნენ, პროტესტი გამოუცხადეს და თვითონ ხელი აიღეს კოპწიაობაზე, შეიკვეცეს თმები და გარეგანი უყურადღებობით უწმინდურობამდე მივიდნენ. მერე ამ გარეგნობას შინაურობაც მოჰყვა და წაიტეხეს ფეხი (აკაკი). − აბა რაი ვქნა? ფეხი აღარ წაიტეხეს სტუმრებმა და ჯერ არც ვინ დაწოლილა (ა. ყაზბ.).

 

ფეხის ადგმა სიარულის დაწყება, სიარულის სწავლა; ჩასახვა. მოქმედების დაწყება. აქ ავიდგი მე ფეხი, აქ ამოვიდგი ენა და აქედანვე იწყება ჩემი მახსოვრობაც (აკაკი). ლუკაიას თუ დავუჯერებთ, სამ დღეში ფეხი აუდგამს ხერიპსს (გამს.). ვინ არ იცის, რომ ჩვენმა თეატრმა ფეხი აიდგა ჩვენში დიდი მთავრის აქ ბრძანების დროს და მისივე დროს მკვიდრად გაიმართა წელში (ილია). აქ უპირველესი მოვალეობა ჟურნალ-გაზეთობისა სწავლისა და ცოდნის გავრცელება უნდა იყოს, მან უნდა ფეხი აუდგას თვითმოქმედების ძალასა ... (ილია).

 

ფეხის ათრევა განგებ დაგვიანება (რაიმე საქმიანობაში), განგებ ნელა მოქმედება. − თუ ირთავ, ძმაო, ქე შეირთე, რაღას ითრევ ფეხს (გ. შარაშ.).

 

ფეხის ალაგი საპირფარეშო, საჭირო ოთახი. იმ დღეს ფეხის ალაგი არ გაუწმენდიათ... (მ. ჯავახ.). მაშინვე მივხვდი: ფეხის ალაგიდან თვლებზე დადგმული დიდი ყუთი გამოეგორებინათ, უწმინდურება ჭაში ჩაესხათ და უკანვე შეეგორებინათ (მ. ჯავახ.).

 

ფეხის ალოკვა მლიქვნელობა, თვალთმაქცობით ფეხქვეშ გაგება. ... ის უყვარდათ, ვინც ფეხს აულოკავდა (ი. ეკალ.).

 

ფეხის ამოკვეთა (საიდანმე) სამუდამოდ წასვლა (საიდანმე); მოშორება, გაცლა, (სადმე) სიარულის, მისვლის შეწყვეტა. თუ ცრუპენტელობამ ... ჩვენი ლიტერატურიდან ფეხი ამოიკვეთა, იმათ საფანელი მოაკლდება... (ილია). მან ფეხი ამოიკვეთა ზაალის ოჯახიდან და მის წევრებს გარეთაც კი ერიდებოდა (მ. ჯავახ.).

 

ფეხის ამოკვეთინება (საიდანმე) გაძევება, (სადმე) მისვლის აკრძალვა. ამ ერთი წლის წინათ ფოთში დიდი და პატარა სულ იერემიაზე ლაპარაკობდა. მგონია, ეს ექვსი თვეა, რაც დრუჟინიდან დაითხოვეს და ფოთიდან ფეხი ამოაკვეთინეს (გ. წერეთ.).

 

აქაურებისთვის კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურს ენებს აქაური სასწავლებლებიდან (ილია).

 

ფეხის გადაბრუნება მარცხის, ხიფათის შემთხვევა. (მაყაშვილს) ერთ დროს დიდი ადგილიც ეჭირა სასახლის კარზე, მაგრამ ცოტა რამეზე გადაუბრუნდა ფეხი და შერისხული გამოისტუმრეს თავის ქვეყნისაკენ ... (აკაკი). შენც გლეხკაცი ხარ და მეცა... ოფლის ფასი ორივემ ვიცით, მაგრამ ფეხი ყველას გადაუბრუნდება (ა. ერ-ხოშტ.). ბათო... რამდენი წელიწადია უკვე საზოგადო საქმეებს მართავს და არსად ფეხი არ გადაბრუნებია (ს. შანშ.).

 

ფეხის გადგმა განმტკიცება, დამკვიდრება; გავრცელება, ფეხის მოკიდება. დატრიალდნენ შეთქმულები, შეიძრა ქვეყანა და ღალატმა ნელ-ნელა საიდუმლოდ გაიდგა ფეხი (აკაკი). ცოდნა უძლეველი ფასია არსებობისათვის, ... თუ მაგაში ფეხი გავიდგით, თუ მაგაში წინ წავდექით, ... ჩვენი ღონე ამოხეთქს მაგარ ფესვებს (ილია). ქარხანა და ელექტრონი ეშმაკის მოგონილიაო − სჩივოდა ხუცესი, − სადაც ქარხანა, ელექტრონი და მატარებელი გაჩნდება, უსჯულოებაც სწორედ იქ იდგამსო ფეხს (კ. გამს.).

 

ფეხის დაბიჯება შეურაცხყოფის მიყენება, გაქელვა. ... ამ წმინდა ჩვეულებას მებატონეებმა დიდი ხანია ფეხი დააბიჯეს, უგულებელ ჰყვეს ... (ვ. ბარნ.). ციცინო ასეთი ... ადამიანი არაა, თავის ქალობას აგრე ადვილად ფეხი დააბიჯოს (ბ. ჩხ.).

 

ფეხის დადგმა იხ. ფეხის დაბიჯება. ვინც არა მგონი, ყველა მე მადგამს ფეხსა, ყველა მე მჩაგრავს (თ. სახ.).

 

ფეხის დაჭერა იხ. ფეხის დაბიჯება.

 

ფეხის მოდგმა იხ. ფეხის მოკიდება. ბედნიერება... ვის შერჩენია, ...რომ სამანიშვილისას ფეხი მოედგა მჭიდროდ (დ. კლდ.).

 

ფეხის მოკიდება დამკვიდრება, მომაგრება, განმტკიცება, გავრცელება, ფეხის ჩადგმა. ყოველივე ავტორისაგან ნარჩევი − ცენტრალიზაციის მკვიდრად ფეხის მოკიდებას, მკვიდრად ფესვების გადგმას მოასწავებს (ილია). ... რუსობანობამ მისის ნიღილისტობით მაშინ ძალიან მოიკიდა ჩვენში ფეხი (აკაკი). შეიძლება როგორმე ფეხი მოვიკიდოთ სოფელში, თორემ აქ მშივრები დავიხოცებით (მ. ჯავახ.).

 

ფეხის მომაგრება განმტკიცება, გაძლიერება; გაფართოება, გავრცელება, დამკვიდრება. ვინც საქართველოში ფეხს მოიმაგრებდა, იგი დიდს ზემოქმედებას იქონიებდა მთელს დასავლეთს და მცირე აზიაში (ილია).

 

ფეხის მოცვლა წასვლა, დაძვრა (საიდანმე). ბიზანტიის ჯარი ადგილიდან ფეხს არ იცვლიდა (შ. დად.). ... ჩვენი რაზმი რომ უტევდა მათ წინა ხაზს, გერმანელები არც ფიქრობდნენ ფეხის მოცვლას, სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდნენ (ა. ბელ.). ერთის სიტყვით, აქედან ფეხის მოცვლა არ შეიძლება... (გ. ნახუცრ.).

 

ფეხის მტვერი (ვისიმე) იხ. ფეხთა მტვერი (ვისიმე). ... დიდი მუხრანბატონის მეუღლის ჭირი მოსცეს ღმერთმა მის უკანასკნელ ფეხის მტვერს (დურმიშხან წამალაძეს) (დ. ჭონქ.).

ფეხის ნატერფალი (ვისიმე) (ვისიმე) მონა-მორჩილი, ფეხთა მტვერი. შეგირდობის დროს თითონ რომ ... უფროსის ფეხის ნატერფალნი ... ყოფილან, დღეს ჯავრს მოწაფეებზე იყრიან (ი. ეკალ.).

 

ფეხის წაბორძიკება მარცხის მოსვლა, ეხის ადაბრუნება. ...სანამ ცოცხალი ხარ, გელამუნებიან, ფეხქვეშ გეგებიან. წაიქეცი, ფეხი წაგიბორძიკდა და ... აღარავის უნდიხარ (შ. დად.). ...

 

დაანებე თავი მაგდენ ბოდიშებსა და სინანულს! ვის არ მოსვლია საფრთხე და არ წაბორძიკებია ფეხი! (მელან.).

 

ფეხის წასხლეტა იხ. ფეხის გადაბრუნება. შემდეგ ნაპალავანს ფეხი წაუსხლტა და გაფუჭდა (მ. ჯავახ.). შემდეგ მაიორსაც ფეხი წაუსხლტა და ამიტომ ზაალმა ხაზინას შეპირებული თანხის მეათედიც ძლივს გამოგლიჯა (მ. ჯავახ.).

 

ფეხის ხმას აჰყვა დაუკვირვებლად, ანგარიშმიუცემლად წაბაძა, აჰყვა (ვინმეს), (ვისიმე) ქცევის მიხედვით იმოქმედა ...ზოგი რას ფიქრობს და ზოგი რას! ზოგიც მარტო ფეხის ხმას აჰყოლია (აკაკი). გზაზე ლაშქარს ბევრი მეომარი ემატებოდა, გუშინ რომ ბიაბროდ გახადა კაჭკაჭი, ის ძერაც აქ მოაფრატუნებდა მხრებსა, ფეხის ხმას აჰყვა ისიც (ვაჟა).

 

ფეხქვეშ გაგება მლიქვნელობა, ლაქუცი; დამორჩილება, მონურად ქედის მოხრა... სანამ ცოცხალი ხარ, გელამუნებიან, ფეხქვეშ გეგებიან. წაიქეცი, ფეხი წაგიბორძიკდა და... აღარავის უნდიხარ (შ. დად.) შენ ისიც იცი: ჩვენ, აზნაურებს მუდამ გაყიდვაზე გვეჭირა თვალი და ყოველ გამვლელს ფეხქვეშ ვეგებოდით (კ. გამს.).

 

ფეხქვეშ გაგორება იხ. ფეხქვეშ გაგება. გავუგორდები ფეხქვეშ, მუხლზე ვაკოცებ ძლიერსა (ვაჟა).

 

ფეხქვეშ გაფენა იხ. ფეხქვეშ გაგება. ... იგი მზად იყო ნოხივით გაფენოდა ფეხქვეშ ჩირკოვსკი (ბ. ჩხ.).

 

ფეხქვეშ გაშლა იხ. ფეხქვეშ გაგება. მარგოს რომ თვალს მოკრავდა (ჯაყო), თოვლივით დადნებოდა, თეფშივით გაიბადრებოდა და ფეხქვეშ გაეშლებოდა (მ. ჯავახ.).

 

ფეხქვეშ ფიანდაზად გაგება ვისიმე ყოველგვარი სურვილის უსიტყვოდ შესრულება, მონურად დამორჩილება, ფეხქვეშ გაგება. ... თითქმის ყველა ახლომახლო ხანები ფიანდაზად ფეხქვეშ ეგებოდნენ ძლევამოსილს მეფესა (ილია). დათვი კი ცამდე ასწიეს (მელიებმა), ფიანდაზად გაეგნენ ფეხთქვეშ და დიდი ერთგულება აღუთქვეს (ვაჟა).

 

ფიანდაზად დაგება იხ. ფეხქვეშ ფიანდაზად გაგება. (ეთერი) მეფე-ნადირას ფიანდაზად დაგებას არც კი ამჩნევდა (შ. არაგვ.). გავლენიან ბატონს ყველა ფიანდაზად ეგებოდა იმ არეს (ვ. ბარნ.).

 

ფონი გასავალს არის სიძნელე ჯერ არ არის დაძლეული, საქმე დაუმთავრებელია, მთავარი დაბრკოლება წინაა. ჯერ კიდევ მაინც ფონი გასავალს არის. ვინ იცის, უმაღლეს სასამართლოში საქმე როგორ დატრიალდება? (გ. წერეთ.). არა, ჯერ ფონი გასავალსაა, ხელახლა უნდა მოხდეს გადარჩევა (ა. ბელ.).

 

ფონს გასვლა დაბრკოლების გადალახვა, საქმის მოგვარება, გადარჩენა, მიზნის მიღწევა. დღეს ისეთი დღეა, ოღონდ-კი ფონს გახვიდე, შენ შენი გაიყვანო, და მოტყუებით იქნება, თაღლითობით, თუ ოინბაზობით, ამას ვიღა იკითხავს (ილია). ... ახლა მაგისთანა ჟულიკობით ჩვენში კაცი ფონს ვეღარ გავა (ა. ბელ.).

 

ფრთების გამოსხმა აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გაძლიერება, ფრთების შესხმა. იმედმა ფრთები გამომასხა და სიშორე არაფრად ჩამიგდია (აკაკი). ... მისმა ვექილმა, ახმედ-ფაშამ, ახალგაზრდობას სასიკვდინო კვერი დაჰკრა თავში და მით მის მტრებს ფრთები გამოასხა (აკაკი). ცაცას ფრთები გამოესხა, − გაიოზი წინ მიდიოდა, მალე მინისტრი თუ არა, მინისტრის ამხანაგი მაინც გახდებოდა და ცაცაც ხელებს იფშვნეტდა ხითხითით (გ. ნახუცრ.).

 

ფრთ(ებ)ის გაშლა გაძლიერება, გაფართოება, შეუზღუდავი მოქმედების დაწყება, გალაღება. ეს აზრი თანდათან ... ფრთასა შლის (ილია). (მღვდლის) მისწრაფება ფართედა შლიდა ფრთებს (ვ. ბარნ.).

 

ფრთების მოკვეცა იხ. ფრთ(ებ)ის შეკვეცა. ხუთის წლის შემდეგ დამიპირეს ჩინზე წარდგენა და კიდეც იმედი მქონდა, რომ ერთს უხეირო შემთხვევას არ მოეკვეცა ფრთები ჩემი მომავალი ბედნიერებისათვის ... (აკაკი).

 

ფრთ(ებ)ის შეკვეცა შემცირება, შეზღუდვა, შეწყვეტა, ბოლოს მოღება. ცოტა არ იყოს, ვერიდებოდი სიზმრის გამჟღავნებას, არ მინდოდა ძმების აღტაცებისათვის ფრთები შემეკვეცა (ვაჟა). უკანასკნელ ... მკლავაძეების ძალმომრეობასაც, რასაკვირველია, შეეკვეცა ფრთა (ე. ნინოშ.). ჰგრძნობდა, რომ ... იმის ხითხითსა და თავისუფალ სეირნობას რაღაც მოულოდნელი, უცნაური და უხილავი ძალა შეუშლიდა ხელს, შეაჩერებდა და ფრთებს შეაკვეცავდა (მ. ჯავახ.). მაგრამ აქ თითქო შეეშინდაო ზანქანს... აღფრთოვანებას ფრთა შეაკვეცა და ისევ უბრალო დარიგების კილოზე გადავიდა (შ. დად.).

 

ფრთების შესხმა აღფრთოვანება, გახარება, აღტაცება; გამხნევება, წახალისება; გაძლიერება, გაზრდა. ... ამ ბრძანებამ ფრთები შეასხა. მადა გაუღვიძა და სულის კაწკაწით ელოდნენ განავარდებას სოფლად სალაღოდ და საჟლეტად (ს. მგალობ.). ვინ იცის, რა განზრახვები, რა წარმოდგენები ასხამდენ ფრთებს მის მომავალ ბედნიერებას ... (გ. წერეთ.). მაგდანასაც ბედნიერის დღისათვის მზადება უფრო უცხოველებდა შავ ფიქრებს, უფრო ფრთებს ასხამდა (შ. არაგვ.).

 

ფუტის გაცივება ოჯახის მოშლა; გაკოტრება, კერის გაცივება. (ფუტი კვამლი, ამჟამად მხოლოდ გურულში გვხვდება). კიდევ ეკუცია რომ ჩამოგვიყენონ, ფუტი გაგვიცივდება! − სთქვა გოგიამ და სახეზე დაღრეჯილობა დაეტყო (ე. ნინოშ.). იძულებული შეიქნა ხელახლა ყანაში ემუშავნა მოხუცებულობის დროს და ფუტი არ გაეცივებია ობლისათვის (ე. ნინოშ.).

 

ფხის გამოჩენა მარჯვედ, ყოჩაღად, მოხერხებულად მოქცევა. − თქვენ ფხა გამოიჩინეთ და მტერს მტრულად დაუხვდით! (შ. არაგვ.). (შვილი) იმისთანებში დიდ უნარსა და ფხას იჩენს (შ. არაგვ.).

24

▲back to top


 

ქადაგად დავარდნა იხ. ქადაგად დაცემა. მეორე დღეს ქადაგად დავარდებოდა და „ამცნობდა“ ხალხს წმინდანის ნებას (კ. გამს.).

 

ქადაგად დაცემა უაზრო ლაპარაკი, ბოდვა (ცრუმორწმუნეთა მიხედვით − წინასწარმეტყველება). (ქადაგი წარმართული ღვთაების მსახური, რომელსაც, ცრუმორწმუნეთა მიხედვით, თითქოს შეეძლო ღვთაებასთან ურთიერთობის დამყარება)... ნეტა ჩემი ცოლისთვის გული არ გადმოეგდებინა ბუდიდამ! მას შემდეგ, რაც ეს ვერანა (დათვი) ენახა ზღმარტლზე ყოფნის დროს, ძილში ბოდავს და ორჯელ ქადაგადაც დაეცა (ვაჟა). (არლოვი) ახლა კი ჯერ გაოცდა, მერე გამწარდა და ქადაგად დაეცა... დაიჭირეთ! გააციმბირეთ! ... გაროზგეთ! ... ჩამოახრჩეთ! (მ. ჯავახ.).

ქანცის გამოლევა დასუსტება, ძალ-ღონის გამოცლა, არაქათის გამოლევა. ბოლოს, უნაყოფო ოცნებით და გაუთავებელი მოლოდინით თეიმურაზს ქანცი გამოელია და იმედი გადაუწყდა (მ. ჯავახ.).

 

ქანცის გაწყვეტა იხ. ილაჯის გაწყვეტა. ერი ამით ძალიან შეწუხებულია... ამას უსათუოდ წამალი რამ უნდა დაედოს, თორემ, ლამის ქანცი გაუწყდეს (ილია).

 

ქარ-ბუქი ააყენა შედარებით უმნიშვნელო რამე გააზვიადა; დიდი ამბავი ატეხა. ქვეყანაზე ბევრი იმისთანა დიდი საქმეა, რომელიც თავისთავად ხმაურობს, ქარბუქს აყენებს (ილია).

 

ქარ-ბუქი ატეხა იხ. ქარ-ბუქი ააყენა. აქა მარხია ის განძი, რომლისთვისაც ატეხა ჩვენმა ავტორმა ასეთი უილაჯობის ქარ-ბუქი (ილია).

 

ქარის ამოღება შესვენება, სულის მოთქმა. დაიღალა (ლაპარაკით) და სიარულით ქარის ამოღება მოინდომა (ილია). კვირა დღე იყო და უღლიდან გამოშვებული ხალხი ენას ანძრევდა, ქარს იღებდა (ვ. ბარნ.).

 

ქაჯის შეძრომა იხ. ეშმაკის შეჯდომა. რაღაც ქაჯი შემიძვრა, ჭკუა დავკარგე, აღარც თქვენი მამაშვილური დარიგება გავიგონე და წაველ (გ. ნახუცრ.).

 

ქედის მოდრეკა იხ. ედის მოხრა. − ესე იგი ქედი მოვიდრიკო? − ეს ქედის მოდრეკა არ არის. მხოლოდ გაჩუმდი და საცა არ გეკითხებიან, იქ ნუ ჩაერევი (მ. ჯავახ.). ... ახლა იარაღით ხელში იმათაც ქედს მოადრეკინებს (შ. დად.).

 

ქედის მოხრა დამორჩილება, ქედის მოდრეკა, წინააღმდეგობის შეწყვეტა. თქვენ კარგად მყვანდეთ, თორემ მალე მტერი მოგიკვდეთ, მალე მე ი ჯორ-ზაქარა მოვტეხო და თქვენ წინ ქედი მოვახრევინო (ს. მგალობ.). თვით მთელმა ნოვგოროდმაც ქედი მოიხარა მის წინაშე და ერთ დროს მთავრად იანდრეის ძმისწული მსტისლავი მოიწვია (შ. დად.).

 

ქერის ორმოში ჩავარდნა მდიდარ, უხვ, დოვლათიან, სარფიან ადგილას მოხვედრა. ... ეს კი დაგავიწყდა, სოფლიჭამია მოხელეები ... კი ჩაცვივიან წლეულ ქერის ორმოში (დ. მაჩ.).

 

ქვა ააგდო და თავი შეუშვირა დაიჟინა რამე, გაჯიუტდა, გაკერპდა, უარზე დადგა. ქართველები კი (იტყვიან ხოლმე): ... ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო (ილია).

 

ქვა ისროლა და თავი შეუშვირა იხ. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ნახუცარმა ქვა ისროლა და თავი შეუშვირა... იმას როგორ შემოუშვებო სახლში (კ. გამს.). ქორა მახვშმა ქვა ისროლა და თავი შეუშვირა, მიკვირდა, რად არ უნდოდა ბერიკაცს საურის გატანება (კ. გამს.).

 

ქვა ქვაზე არ დატოვა გაანადგურა, მოსპო, დაანგრია, ნაცარტუტად აქცია, მიწასთან გაასწორა. იცოდეს... ქალი რომ სხვამ წეიყვანოს, ზალიკაის ოჯახში ქვას ქვაზე არ დატიებენ, ისე დააქცევენ (ე. ნინოშ.). ის წითური აღა-მაჰმადი ... მეტისმეტად თავს გავიდა. თრიალეთს შემოესია და ქვას ქვაზე აღარა სტოვებს (მ. ჯავახ.).

 

ქვა ქვაზე დაადუღა იხ. ქვა ქვაზე არ დატოვა. დადიანი ისეთ მუქარას გვითვლის ოდიშიდან, რომ თუ ვინმეს ჩემი განდგომა გაგიბედავთ, ქვას ქვაზე დავადუღებო (ბან.).

 

ქვა შეაგდო და თავი შეუშვირა იხ. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მაგ დალოცვილმა თავისი არ დაიშალა ... შეაგდო ქვა და თავი შეუშვირა (ი. ელეფთ.).

 

ქვას გახეთქს ყველაფერს შეძლებს, ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავს, წინ ვერაფერი დაუდგება. ოჰ, რა არზა დავსწერე და!... ქვას გახეთქამს, ქვასა!.... (რ. ერისთ.).

 

ქვასაც კი წყალს გამოადენს ყველაფერს მოახერხებს, შეუძლებელს შეძლებს, ნემსის ყუნწში გაძვრება. მცოდნე კაცი ... ქვასაც წყალს გამოადენს, სიმდიდრის წყაროს იქ მოახეთქებს, საცა უცოდინარს სიზმარშიაც არ მოეჩვენება (ილია).

 

ქვაში გავარდება ძალიან მოხერხებულია, ძნელი საქმეების გაკეთება შეუძლია, ნემსის ყუნწში გაძვრება.

 

ქვევრში ჯდომა იხ. ჭურში ჯდომა. უგაზეთოდ ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ქვევრში ვიჯდე (რ. გვეტ.). როგორ თუ რა მოხდა! ქვევრში ხომ არ ზიხარ? ომია, ომი! (რ. გვეტ.).

 

ქვეყნის თვალი ძალიან კარგი, ყველას მოსაწონი-და სათაყვანებელი, ლამაზი, მშვენიერი.

 

აგერ ქალი, ქვეყნის თვალი (რ. ერისთ.).

 

ქვის გამცივებელი ბოროტი, ავის მოქმედი, ავაზაკი.

 

ქვის გული აქვს შეუბრალებელია, ულმობელია, გულქვაა. განა ჩვენ კი ქვას გული გვაქვს? (აკაკი).

 

ქვის მიგდება დავიწყება, მიტოვება, თავის მინებება. კნეინამ „მდგომარეობა“ კონას ავადმყოფობას გადააბრალა და როგორც უნუგეშოს, ქვა მიაგდო (ე. გაბ.). − სულ დამივიწყე, კუზმა, ... რაც ის ახალგაზრდა ქალი შეირთე, სულ ქვა მომაგდე (შ. დად.).

 

ქვიშაზე აშენებული სიმტკიცეს მოკლებული, უსაფუძვლო, უნიადაგო. სხვაზედ მინდობა − ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა... (ილია). ჩვენი აზრი უსაბუთო და ქვიშაზე აშენებული არ არის (ილია).

 

ქია-ქია წაღება გაცამტვერება, დანგრევა. შავი თვალით რომ გადმოხედოს ერემომ, მექი მის დუქანს სულ ქია-ქია წაიღებს (კ. ლორთქ.).

 

ქოთნის საკეთებლად წასვლა სიკვდილი, მარილზე წასვლა. გოგიტას ამბავს ნუღარ მკითხავ: ს სამი თვეა, რაც ქოთნის საკეთებლად წავიდა და დაგვაობლა ყველანი (თ. სახ.).

 

ქოქის ამოგდება იხ. ქოქის ამოწყვეტა. აი, ამოაგდო ღმერთმა ავი კაცის ქოქი (ილია). ქოქის ამოწყვეტა მოსპობა, გაწყვეტა, გადაშენება. (ქოქი ძირი). ... წამოეთრიე მეთქი, შე

 

უდღეურო ბღარტო, შენა იიიჰ, შენი ქოქი კი ამოწყდეს აჰა! ადექი მეთქი! (მ. ჯავახ.).! ქოქის გაწყვეტა იხ. ქოქის ამოწყვეტა. უი, გაგიწყდეთ ეგ ქოქი, რომ ადამიანის ყადრიც არიცით (ილია). თქვენი ქოქი გაწყდა, თქვენი! (ა. ცაგარ.).

 

ქოქოლის დაყრა დაწყევლა, გაკიცხვა (ხელების სავსავით). გამარჯვებულმა მევალემ კი ქოქოლა დააყარა თავზე ბახვა ფულავას (გ. წერეთ.). ... სალდათებისა ეშინოდათ, თანაც უკან იხედებოდნენ, ჯარსა და ბატონებს ქოქოლას აყრიდნენ და ათსართულიან წყევლას უგზავნიდნენ (მ. ჯავახ.).

 

ქოქოლის მიყრა იხ. ქოქოლის დაყრა. ფილადელფოსმა ყაჩაღს დედაბერივით მიაყარა ქოქოლა (მ. ჯავახ.). ...ნინომ ერთხელ კიდევ მიაყარა ქოქოლა მოჯახუნებულ კარებს (გ. ნახუცრ.).

 

ქოქოლის წაყრა იხ. ქოქოლის დაყრა. − უი, მეხი კი დაგაყარე მაგ სულელს თავზედა, − წააყარა ქოქოლა თითიამა... (ილია).

 

ქოშებს ისვრის იხ. ქოშებს ყრის. − (გამდელმა) აღარ იცის, რას სჩადის. − ქოშებს ისვრის? (აკაკი).

 

ქოშებს ყრის ბრაზობს, გაცეცხლებულია, განრისხებულია. ეს რომ ზაალმა გაიგო, ქოში უკუღმა ყარაო (ხალხ.).

 

ქრისტეს ფეხის მკვნეტელი ავის მოქმედი, ბოროტი, ვერაგი; მოხერხებული, მოუსვენარი. ან გვანჯ აფაქიძე რას მოიმოქმედებს, გვანჯ აფაქიძე − „ქრისტეს ფეხის მკვნეტელი“ (კ. გამს.). მოურიდებლად კიცხავდა ბოლშევიკებს, რომ ამ „ქრისტეს ფეხის მკვნეტელებმა“ არც წისქვილები შეარჩინეს გვანჯ აფაქიძეს კოდორის ხეობაში, არც...(კ. გამს.).

 

ქუდბედი დაჰყვება იღბლიანია, ბედი სწყალობს. ქუდბედი დაჰყოლოდა სელიმ-ხანს:

 

ყოველთვის და ყველგან გამარჯვებული რჩებოდა (ვ. ბარნ.).

 

ქუდი ჭერსა ჰკრა მხიარულობდა, სიხარული, აღფრთოვანება გამოხატა. გაჩაღდა ქორწილი ...

 

აღარც ვინ იყო სახლში გულჩათხრობილი გარდა ხუცესისა. პურობა იყო დიდად უხვი და ისიც უთუოდ გამხიარულდებოდა, ქუდს ჭერსა ჰკრავდა, რომ წარეხოცა ცუდი შთაბეჭდილება (ვ. ბარნ.). ხვალე მარიამობაა ბოდბისხევში, დღეობას უნდა წავიდეთ ყველანი დიდედაშენის მაზლისწულთან და ქუდი ჭერსა ვკრათ (დ. მაჩხ.).

 

ქუდი ხურავს იხ. ქუდი ხურავს თავზე. ...ვაჩვენოთ ჩვენც ქვეყანას, რომ კაცნი ვართ და ქუდი გვხურავს, რომ არც ასე ადვილია ჩვენი დაბრიყვება, როგორც ჰგონიათ (ს. მგალობ.). − მუშა ყოფილხარ, ძმაო, და ქუდიც შენა გხურებია (მ. ჯავახ.).

 

ქუდი ხურავს თავზე ვაჟკაცური თვისებებით არის შემკული, მხნე და გაბედულია, უშიშარია; სინდისიერია. განა ამას შევარჩენ ქვეყანას, მინამ კაცი მქვიან, მინამ თავზე ქუდი მხურავს, მინამ პირში სული მიდგა! (ილია)... დედაკაცები ხომ არა ხართ, კაცები ხართ, თავზე ქუდები გხურავთ (ვაჟა). − რაი სთქვი ეგა? − წამოხტა გაჯავრებით პაპა: − ფუი შენს ნამუსს! ქუდი აღარ გხურამს თავზედ? დიაცი ყოფილხარ, ონისე, დიაცი! ... ძალამ ისე როგორ უნდა შეგაშინოს, რომ ... (ა. ყაზბ.).

 

ქუდის მოხდა შერცხვენა, თავის მოჭრა, თავს ლაფის დასხმა. უთხარ (მზაღვეს), ... თუ მიღალატე, თუ ქვეყანაში გამაწბილე, ქუდი მომხადე-თქო, ... მაშინ ორი თვალის მეტი ვეღარა გიხსნის! (ა. ყაზბ.). − უწინ როზგი მაინც არ ყოფილა, ახლა კი ვაჟკაცს ქუდი მოჰხადეს, საქვეყნოდ სცემენ ... (მ. ჯავახ.).

25

▲back to top


 

ღამე გაუთენდა ტანჯვას დააღწია თავი, გაბედნიერდა, გაიხარა, მზე ამოუვიდა. ხალხმა მაშინვე იცნო თედე. საბრალო ხალხს ღამე გაუთენდა, მზე ამოუვიდა (ვაჟა).

 

ღვთის ანაბარა(დ) უპატრონოდ, ზრუნვა-პატრონობის გარეშე. როცა მატარებელი თეკლათის ქვის სატეხში დაბრუნდა, მზე ჩადიოდა, ბახვა გადმოსვეს ზესადგრიდან, მას მხოლოდ ახლა მოაგონდა ღვთის ანაბარად მიგდებული თხები, კოდალ-ბზეკალი და საგზალი (გ. წერეთ.). ამ დღიდან დაწყებული ღვთის ანაბარა დარჩენილი ნატალია უპატრონო ძაღლივით წანწალებდა (ე. ნინოშ.).

 

ღვთის გარეგანი დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი, უწყალო, ღვთის პირიდან გადავარდნილი. რა ღვთის გარეგანი ყოფილა, გენაცვათ, გველიც არ დატოვებს თავის წიწილას უმწეოდ და ეს რა ქნა ი შეჩვენებულმა (ვ. ბარნ.).

 

ღვთის გულისათვის იხმარება თხოვნის გამოსახატავად, ნიშნავს დაახლოებით: თუ კაცი ხარ, თუ ძმა ხარ, თუ ღმერთი გწამს. − მოითმინე, ღვთის გულისათვის! − ეხვეწებოდნენ და აწყნარებდნენ გააფთრებულ ომანს გლეხები (დ. კლდ.). − სვანთა თავადო, ბარის ყვავილი მთის ჰავას ვერ იტანს და ღვთის გულისათვის ბაღი არ გამიხმო... (ბან.).

 

ღვთის მონა უსუსური, უძლური, მოუხერხებელი, უილაჯოი ... ქეთევან ... ყოჩაღი და გაბედული დედაკაცი იყო, მაგრამ იმისთანა ღვთის მონა ქმრის ხელში რა სიყოჩაღე გამოადგებოდა? (ე. ნინოშ.).

 

ღვთის პირიდან გადავარდნილი დაუნდობელი, შეუბრალებელი, ვერაგი. − სულ, სულ, ბატონო, ყველაფერი მოსე მწერლის ბრალია, იმან დაგვღუპა ... იმ ღვთის პირიდან გადავარდნილმა ... (ე. ნინოშ.). − რად გაგაჩინათ ღმერთმა კაცები, ასეთი ღვთის პირისაგან გადავარდნილები, რად? (ა. ბელ.).

 

ღვთის წინაშე სიმართლე რომ ვთქვათ, ტყუილი რომ არა ვთქვათ; კარგად უთქვამს მაგის მთქმელს, ღვთის წინაშე (ილია). ღვთის წინაშე, ღვინო და სანოვაგე კარგი სცოდნიათ (ვაჟა).

 

ღმერთის შეხედვა გონივრულად, კანონიერად, ადამიანურად მოქცევა. ივანე, ღმერთს შეხედე, ქრისტიანი კაცი ვარ, გიჩივი არა მაქვს-მეთქი, − თითქმის ტირილით უპასუხა გოგიამ (ე. ნინოშ.). ვინ იცის, იქნება დღეს მაინც მორჯულდეს. იქნება ღმერთს შეჰხედოს დხ კაცური პასუხი მომცეს (მ. ჯავახ.).

 

ღმერთს მიაბარა სული იხ. მიაბარა სული ღმერთს.

 

ღობე-ყორეს მოდება უთავბოლოდ, უგზოუკვლოდ, უაზროდ მოქმედება ან ლაპარაკი. რა ედები უბრალოდ რაღაც ღობე-ყორესო? ეგ ერთი დაგიკარგავს, უფრთხილდი მეორესო (აკაკი). − ღობე-ყორეს ნუ ედები! რა გინდა ჩემგან, რას მეტანები? (მ. ჯავახ.).

26

▲back to top


 

ყაბული არის იხ. ყაბულს არის. ეგ არ იქნება, მაგისი ყაბული არა ვარ (ილია).

 

ყაბულს არის თანახმაა . − როგორ/სხვაგვარად? გვითხარი, იქნება ყაბულსა ვართ (ვაჟა).

 

ყავლის გასვლა ვადის გასვლა; მოძველება, ფასის დაკარგვა. (არაბ. კავლ პირობა). მუცელას

 

ნუგეში მიეცა: იქნება ღვთისაგან ტუსაღობის ყავლი გამივიდაო, და ... სიხარულმა გაურბინა გულში (ვაჟა). კიდევაც რომ გიცნონ, ყავლი გასული გაქვს, ზაალის ყმად ითვლები და წერეთელი ვეღარ დაგაბრუნებს (მ. ჯავახ.) ... შეხედეს: უვნებელი მოხუცი გამხდარიყო, მის გენერლობას ყავლი გასვლოდა, მებორნედ − კიდევ ივარგებდა, ამიტომაც არ დახვრიტეს (კ. გამს.)

 

ყალმით ნახატი იხ. კალმით ნახატი. ახალგაზრდააო ჩვენი მეფე, ყალმით ნახატი (ვ. ბარნ.).

 

ალყზე შედგომა უცებ აღელვება, აბობოქრება. ცოტა მომისმინე და შემდეგ გინდ ყალყზე შედექი (შ. არაგვ.).

 

ყბად აღება (ვისიმე) მუდმივი ლაპარაკის, ჭორაობის, გაკილვის საგნად გახდა (ვისიმე).

 

ლუარსაბ! ცუდი საქმე დაგვემართა, ძმაო! მაგრამ როგორმე უნდა გავასწოროთ.სირცხვილია, ქვეყანა ყბად აგვიღებს, საქოლავს აგვიგებენ (ილია)... რომ ქვეყანას ყბად არ ავეღეთ, მქირდავების თვალის ასაშორებლად, გამოვძებნიდით ხოლმე სადმე მიყრუებულ ადგილს, იქ ვისხედით და ტკბილად ვსაუბრობდით (აკაკი).

 

ყბაში ჩავარდნა (ვისიმე) მუდმივი ლაპარაკის, ჭორაობის, გაკილვის საგნად გახდომა. ჩემი მტერი ჩავარდეს აქაურობის ყბაში (აკაკი). შენს ყბაში არ ჩავვარდე, თორემ მირჩევნია თავი მოვიკლა (თ. სახ.).

 

ყბის დადგმა ათვალწუნება, ამოჩემება, ავად ხსენება (ვისიმე). ... და საქმე რომ გაუჭირეს, კიდევაც შეუტია (არსენამ): − ყბა ნუ დამადგით, დამეკარგენით აქედან! (მ. ჯავახ.).

 

ყელზე დაადგება ვითომდა ავნებს, აწყენს, ზედმეტი იქნება მისთვის. სწორედ გითხრათ, არც ეს შენი ოთხი თუმანი დამადგება ყელზედ (ილია).

 

ყელი უშოვა დამარცხებისათვის ხელსაყრელი მომენტი შეურჩია, სუსტი მხარე უპოვა. ხელახლა დამარცხებით გაბრაზებული ბაგრატა ეხლა მხოლოდ შემთხვევას უცდიდა: ვუშონი ყელს, რომ ჯავრი ამევიყაროო (ე. ნინოშ.). არ იცოდა, ვუშონიდი ყელს! ქთამით რომ გეიმარჯვა და მიწა წამართო! (ე. ნინოშ.).

 

ყელის გამოჭრა დაღუპვა; შერცხვენა, თავის მოჭრა. ... თვითონ თავისის ხელით ყელს იჭრის (ილია). იქნება მართლა გაუჭირდა რომელიმე საგანში ბავშვს. მიდი და უთხარი, არ გამომჭრათ ყელი-თქო (ა. ბელ.). ...არა, შეიძლება გაასწრეს და მერე ნახოს იმ ცოდვილიანმა ბესიკმა მისი სირცხვილი და ყელის გამოჭრა (ბან.).

 

ყელის გაშრობა მოწყურება. ძმაო არსენ, მოდი ერთი ქორწილი გვაჭამე... ყელი გაგვიშრა...

 

ჟანგი მოგვედო... პირში ხავსი მოგვეკიდა (მ. ჯავახ.).

 

ყელს უწევს ეხვეწება, ევედრება. ვეხვეწებოდით, ყელს ვუწევდით, ეამბნა ალის ამბავი. იმანაც დაიწყო (ვაჟა).

 

ყელში ამოუვიდა (რამე) მობეზრდა, მოყირჭდა (რამე).

 

ყელში გვალვის ჩადგომა მოწყურება, ყელის გაშრობა. − დაგვისხი, ზურავ, თორემ ყელში გოლვა ჩაგვიდგა (მ. ჯავახ.).

 

ყელში დანის დაჭერა იხ. დანის ყელში დაჭერა.

 

ყვავი ჩხიკვის მამიდა ვითომდა ნათესავი, ძალიან შორეული ნათესავი... სადღაციდან გამონახა (ბიაშვილმა) ქამუშაძესთან ყვავი-ჩხიკვის მამიდობის მაგვარი ნათესაობა, რათა ბინა ჰქონებოდა მათთან... (დ. კლდ.).

 

ყინულზე გაცურება მოტყუება, მშრალზე დატოვება. კმარა, რაც მოგვატყუა, ყინულზე გაგვაცურა (აკაკი). მოდი ერთი ყინულზე გავაცუროთ ი ქოფაკი (ვ. ბარნ.).

 

ყირამალა დაყენება განადგურება, მიწასთან გასწორება. ეს კი ყირამალა აყენებსო იმ თეორიას, ვითომცდა პროფესია გავლენას ახდენსო ადამიანზე (კ. გამს.).

 

ყურად იღო ყურადღება მიაქცია, შეისმინა, ანგარიში გაუწია. ყურად მიღია უფროსთა რჩევა (ი. გრიშ.).

 

ყურებზე ხახვი არ დააჭრას! ვერაფერს უზამს, ვერაფერს დააკლებს, ვერაფერს ავნებს, ბუზსა ვერ აუფრენს (თ. სახოკიას განმარტებით, ძველად ტყვეებს მონობის ნიშნად (შესაძლოა, საერთოდ ქვეშევრდომებს − სასჯელადაც − ა. ო.) ყურს სჭრიდნენ. ხოლო სისხლის შესაჩერებლად და სადეზინფექციოდ ჭრილობაზე ხახვს აჭრიდნენ. ამ გარემოებასთან უნდა იყოს დაკავშირებული აღნიშნული იდიომი). ყურებზედ ხახვი არ დამაჭრათ ან შენ და ან შენმა ცხვირმოკვნეტილმა დიამბეგმა (ილია). − მამა გიცხონდა, ყურებზე ხახვი არ დამაჭრა! ... უთხრა მკვახედ ესტატემ ... − მამა რომ მიცხონდეს, ძალიან მესიამოვნება, ყურებზე ხახვის დაჭრისა კი რა მოგახსენო (ს. მგალობ.). ყურებზე ხახვი არ დამაჭრა! ... მაშ დაგაჩაგვრინებ რაღა ჩემ დისწულს! ... (რ. ერისთ).

 

ყურებზე ხახვს დააჭრის! იხ. ყურებზე ხახვი არ დააჭრა!... მე ვიცი, ყურებზედ ხახვს დამაჭრი, ბაიყუშის ბაიყუშო (ილია).

 

ყურებიდან ბამბის გამოღება შეგნება, გაგება (რისამე), საქმეში გარკვევა; ფხიზლად მოქცევა, სიფრთხილის გამოჩენა. ერთხელ და ერთხელ საჭიროა ყურებიდან ბამბა გამოვიღოთ, ერთხელ და ერთხელ საჭიროა ვიცოდეთ, რომ შვილის გაზრდა, შვილის კაცად გამოყვანა უწმინდესი და უდიდესი ვალია მშობლებისა (ილია).

 

ყურების აცქვეტა ყურადღების გამახვილება, სმენად გადაქცევა. პეტრემ თუმცა ყურები აცქვიტა, ფეხის თითებზეც შედგა, მაგრამ შორს იყო და ვერა გაიგო რა (ილია). შუაღამისას მუხის ქვეშ გაისმა ფაჩაფუჩი. ბეჟანამ აცქვიტა ყურები, მაგრამ ჩქარა დარწმუნდა, რომ მუხის ქვეშ დადიოდა ტურა, რომლის გულისათვის ის ახლა თოფს არ დასცლიდა (ე. ნინოშ).

 

ყურების გამობერტყვა ფხიზლად, ყურადღებით მოქცევა; მიხვედრა, შეგნება, გაგება (რისამე).

 

ყურების გამოჩიჩქნა იხ. ყურების გამობერტყვა. კარგა გაიგე, ყურები კარგა გამოიჩიჩქნე, რომ შენ არ ეყოფი სოფელსა! (ს. მგალობ.). გამოიჩიჩქნეთ ყურები, ძმებო, − ეჩიჩინებოდა წიპრია (თ. რაზიკ.).

 

ყურ(ებ)ის გამოჭედვა ბევრი ლაპარაკით, ყბედობით შეწუხება, თავის მობეზრება, ყურთასმენის წაღება. (სხვებს) ცარიელი დიპლომებით თავი მოაქვთ, ქადულობენ და ყურებს გვიჭედავენ (ილია). ნანობდა გვანჯ აფაქიძე: არაბიას შეხედვამ იგი ისე მოხიბლა იმ დღეს, რომ ქებით ყური გამოუჭედა არზაყანს (კ. გამს.).

 

ყურების დაცქვეტა იხ. ყურების აცქვეტა. სიხარულით გულაძგერებული ცაცა კი გაინაბა და ყურები დაცქვიტა... (გ. ნახუცრ.).

 

ყურების ჩამოყრა დასევდიანება, მოწყენა; ქედის მოხრა (დემეტრეს) დიდხანს არ შერჩა კოხტა ტანისამოსი, მალე შემოაცვდა და ყურები ჩამოყარა (ს. მგალობ.). იურიმ ყურები ჩამოყარა და მოეშხამა სიხარული, მაგრამ იმდენი გონება კი მიაწვდინა, რომ ახლა წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელიაო და ყოველივეზე თანხმობა განაცხადა (შ. დად.).

 

ყურების ცქვეტა იხ. ყურების აცქვეტა.(ციხელმა) ალი რომ ახსენა, ჩვენ ყველამ ყურები ვცქვიტეთ (ვაჟა). ამ დროს დერეფნის კარმა ჭრიალი მოიღო; მაჭრით შეხურებულმა მობაასეებმა ყურები ცქვიტეს (ს. მგალობ). ზანქანის ხსენებაზე ყური ცქვიტა აბულ-ასანის მეუღლემ (შ. დად.)

 

ყურების წაღება ბევრი ლაპარაკით, ყბედობით თავის მობეზრება... ერთი პარუსკობს ის იმერელი, ერთი პარუსკობს, რომ ყურები წაიღო! ... (ა. ცაგარ.).

 

ყურებში ბამბის დაცობა წაყრუება, სიფხიზლის მოდუნება. განა არ ვიცით, მხილება არაფრად ეჭაშნიკება ავის მქნელსა, მაგრამ განა ეს საბუთია თვალი დავიბრმავოთ, ყურებში ბამბა დავიცოთ და ენა მოვიჭრათ... (ილია). თვითონ განგებ თვალებზე ხელი აუფარებია, განგებ ყურებში ბამბა დაუცმია და ჰგონია, რომ ყველანიც დაბრმავდებიან და ეშმაკობას, კუდიანობას ვერ მიუხვდებიან (ილია).

 

ყურებში თითის დაცობა იხ. ყურებში ბამბის დაცობა. ჩვენ კი ყურებში თითი დაგვიცვია ამ სიდიდე ტყუილის წინაშე ... (ილია).

 

ყურთასმენის წაღება იხ. წაღება. − არ წაიღო ყურთასმენა ამ ბულბულმა!... (აკაკი).

 

ყური არ ათხოვა ყურადღება არ მიაქცია, ანგარიში არ გაუწია, არ მოუსმინა (შდრ. ყურის თხოვება). ლუარსაბმა ყური არ ათხოვა, თუ ვერ გაიგონა − არ ვიცი, ეს კი ვიცი, რომ ამ წყევლამ დარეჯანს მშვიდობიანად ჩაუარა (ილია). მონადირემ სრულიად ყური არ ათხოვა ტრედებს, თავის გზას გაუდგა (ვაჟა). ლამბალოს ნათქვამს მაშინ ყური არ ვათხოვე. ეხლა კი მისი სიტყვა გავიხსენე (მ. ჯავახ.).

 

ყურით მოთრეული მოჭორილი, მოგონილი, ნაძალადევი. ყურით მოთრეული საბუთი (განმ.

ლექს.).

 

ყურის (და)გდება მოსმენა, ყურის მიპყრობა; ყურადღების მიქცევა. ამ მუსაიფს მოსამსახურეები ყურს უგდებდნენ (აკაკი). − ეხლა ის სახლები დაქცეულები არიან; არ ვიცი რათა. პატრონები ყურს აღარ უგდებენ, გული აუცრუვდათ იმათზედ, მაგრამ მაგათაცა ჰქონდათ თავისი დრო (დ. ჭონქ.). ისვრიან, მერე რა, რომ ისვრიან! აგრე ყოველ ბაგა-ბუგს თუ ყური ვუგდეთ... (ა. ბელ.).

 

ყურის თხოვება მოსმენა, ყურის დაგდება, ყურადღების მიქცევა (შდრ. ყური არ ათხოვა). − მაშ ყური მათხოვე, რას გეტყვი... (ილია). − ერეკლევ, ყური მათხოვე და, რაც გითხრა, ზუსტად შემისრულე (მ. ჯავახ.).

 

ყურის მოკვრა გაგონება. კიდევ კარგი, რომ ყური მოვკარი იმათ თათბირს, თორემ ნამდვილად გაიპარებოდნენ (ვაჟა). თუ რაიმე ჭორისათვის ყური მოუკრავს ლუკაიას, ეს შიშის ზარსა სცემს ბაბუა ტარიელს... (კ. გამს.) ...რამდენიმე დღის წინათ ყური მოჰკრა ერთ უსიამოვნო ამბავს... (ა. ბელ).

 

ყურის ცქვეტა იხ. ყურების აცქვეტა. თარაშ ემხვარმა ყური სცქვიტა ერამხუტის ხსენებისას (კ. გამს.).

 

ყური(ც) არ გაანძრია იხ. ყური(ც) არ გააპარტყუნა. სახლი კიღამ დაგვექცა თავზე და ამას ყურიც არ გაუნძრევია (ე. ნინოშ.).

 

ყური(ც) არ გააპანტურა იხ. ყური(ც) არ გააპარტყუნა. ვინ ხარ, ამოიღე ხმა, თორემ გესვრი-თქო, შევჰყვირე; იმან ყურიც არ გააპანტურა (აკაკი).

 

ყური(ც) არ გააპარტყუნა ყურადღება არ მიაქცია, არაფრად ჩააგდო, აინუნშიც არ ჩაიგდო. ბევრი ლანძღვა და მუქარა მოხვდა ყურში ბახვა ფულავას, მაგრამ იმას ყურიც არ გაუპარტყუნებია (გ. წერეთ.).

 

ყურმოჭრილი მონა იხ. ყურმოჭრილი ყმა. (ტასო) თვითონ მოექცა შვილის გავლენის ქვეშ და მისი ყურმოჭრილი მონა შეიქნა (ა. ბელ.).

 

ყურმოჭრილი ყმა (ვისიმე) მონა-მორჩილი, ნება-სურვილის უსიტყვოდ შემსრულებელი. (როგორც თ. სახოკია განმარტავს, ეს იდიომი მომდინარეობს მონობის ნიშნად (ზოგჯერ ალბათ სასჯელადაც − ა. ო.) ყურის მოჭრის ჩვეულებიდან, რაც ყურმოჭრილს აიძულებდა ყოფილიყო მორჩილი და ერთგული). თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისის დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის (ილია). ...მთელი ქვეყანა დაუმოწმებს, რომ ის ბავშვობიდანვე მათი ყურმოჭრილი ყმა იყო (მ. ჯავახ.).

 

ყურს(აც) არ იბერტყავს ყურადღებას არ აქცევს, არაფრად აგდებს (რამეს); თავს არ დაღონდნენ ილიას მომხრეები, მაგრამ შორმჭვრეტელი ილია კი ყურსაც არ იბერტყავდა (აკაკი). ერემ-სერემ-სურემი ყურს არ იბერტყენ, თუმცა ჰხედავენ კარგად) რომ სახლ-კარი ეწვებათ... (ვაჟა). (დათუნა) თავის მამის გულისთვის ზრუნავს და გლეხისთვინ კი ყურსაც არ იბერტყავს (მ. ჯავახ.).

 

ყურში ჩაწვეთება (რისამე) ჩუმად, შემპარავად ჩასმენა, ჩაგონება აშკარაა, ან თითონ არწრუნი, ან ვიღაცა ცდილა ეს ამისთანა უცნაური ამბავი ჩაეწვეთებინა ყურში ამ ახალ მოსულ ფრანგისათვის... (ილია). ეს რომ ჩამეწვეთა ყურში, ჩემი თავი ვეღარ ვიცანი! იმ ღამეს აღარ დამეძინა (აკაკი). (ივანე) ზოგჯერ ჩუმჩუმად თეიმურაზს ჯაყოს ოინბაზობას ყურში აწვეთებდა (მ. ჯავახ.).

27

▲back to top


 

ყუჩი მოსტყდა ძალა დაკარგა, დასუსტდა, ფრთები შეეკვეცა. ბატონის აურზაურიანობასაც ცოტა ყუჩი მოსტყდა, ცოტა შეტკბა ბატონი. თუმცა გული მისი ბოროტებისაგან გაწმენდილი არ იყო (ს. მგალობ.).

 

შაბზე წასვლა სიკვდილი, მარილზე წასვლა (თ. სახოკიას განმარტებით, შაბი საქართველოში შორიდან შემოჰქონდათ, მგზავრობის დროს ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები, ამასთან დაკავშირებით გაჩნდა იდიომი. შდრ. მარილზე წავიდა). შენი ძმა ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ შაბზე წავიდა (თ. სახ.).

 

შავ დღეზე გაჩენილი უბედური, ბედუკუღმართი, უბედურ ვარსკვლავზე დაბადებული.

 

უზიარებლად არ მოკვდეს ეს შავ დღეზე გაჩენილი (დ. კლდ.).

 

შავი დღე უბედურების, გაჭირვების დრო... დიდი ჭირი გადამხდა, ბევრი შავი დღეი გამევიარე, მარა სამაგიეროდ ბოლოს კი შევიქენი ბედნიერი (ე. ნინოშ.). ამ გაჭირვების დროს გამოხსნეს ქალებმა თუ სადმე ჰქონდათ ფარა გამოკრული და შავ დღისათვის მიგდებული (ვ. ბარნ.). არსენამ თამარიანთ ვალი გადაიხადა და ნაშთი შავი დღისთვის შეინახა (მ. ჯავახ.).

 

შავი დღის დაყენება გამწარება, ცუდ დღეში ჩაგდება; დატუქსვა, გაწყრომა. თლათ შესაჭმელათ ნუ მომინდომებ, თუ არა, ერთი თუ თავზე ხელი ევიღე, შავ დღეს დაგაყენებ (ე. ნინოშ.) ... იასონ შენ რავა წაგიყვანს ცოლათო, მეტყვიან და შავ დღეს დამაყენებენ (ე. ნინოშ.). (გერა) მეც შავ დღეს დამაყენებს (ლ. ქიაჩ.).

 

შავი დღის დაყრა იხ. შავი დღის დაყენება.

შავი კატის გარბენა (ვისიმე შუა) ურთიერთობის გაფუჭება, უთანხმოების ჩამოვარდნა (ვინმეს შორის), გადაკიდება. (იდიომი მომდინარეობს ცრუ რწმენიდან, თითქოს კატის მიერ წინიდან გზის გადაჭრა (და, მაშასადამე, ვისიმე შორის გარბენაც) უბედურების, უსიამოვნების მომასწავებელია). გამოცდილი კახაბერი მიხვდა, რომ მისსა და აბულ-ასანის შუა შავ კატას გაერბინა (შ. დად.).

 

შავმა მიწამ წაიღო მოკვდა, წუთისოფელს გამოესალმა, წაიღო შავმა მიწამ ჩემი თევდორე (ილია)

 

შანის მოგება იხ. ნიშნის მოგება. ჩვენი მიწის შვილი, ვინც უნდა იყოს, განა ასე მემეტება, რომ მისი უბედურება ვინატრო და შანიც მოვუგო? (აკაკი).

 

შანის მოგებით იხ. ნიშნის მოგებით. ჭკვიანი შედარება გცოდნია, ცოლი და ცხენი შენს თვალში ერთი ყოფილა! − მითხრა შანის მოგებით კიკოლიკმა (გ. წერეთ.).

 

შარავანდედით შემოსვა განდიდება, დიდებით შემოსვა. რაკი ამისთანა შარავანდედით შემოსილა განსვენებული არწრუნი, აუღო და კუტული წაუყვანია ... (ილია).

 

შახს არ იტეხს იხ. იხტიბარს არ იტეხს (შახი ეშხი, ლაზათი). (აზნაური) შახს არ იტეხდა, თუმცა ტკივილს კარგად ვატყობდი ხმაშია (ვაჟა).

 

შენი ჭირი წაიღო იხ. თქვენი ჭირი წაიღო. ერთი ბეჟან კალმახიძე იყო, იმან ეს რვა წელიწადია შენი ჭირი წაიღო, ორი შვილი დარჩა საწყალსა... (ილია) ...როდესაც შენს ჭირს წაიღებენ..., იმ სამსხვერპლო ადგილზე უნდა დავმარხოთ (ბან.).

 

შენი ხმალი და ჩემი კისერი! რაც გსურდეს, ის მიყავი, ყველაფრის უფლებას გაძლევ; მზად ვარ გემსახურო. და თუ ქადილი არ აგისრულოთ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი! (ილია). ფულზედ ამბობ? შენი ხმალი და ჩემი კისერი-მეთქი, აკი გითხარი (ილია).

 

შენს პირს შაქარი! გაიხარე! იცოცხლე! ნეტა მართლა ასე იყოს, როგორც თქვი! (ეტყვიან კარგი ამბის მთქმელს). შენს პირს შაქარი, ჩემო ფეფიკო, − ლოცავდნენ კარგის ახალი ამბის მოტანისათვის ქეთევანი და დარია (ე. ნინოშ.). − შენს პირს შაქარი! ახალგაზრდა ხარ და შეგფერის იმედიანობა (შ. დად.).

 

შეხტა და შემოტრიალდა ცივ უარზე დადგა; გაიკვირვა, გაიოცა. შეხტა და შემოტრიალდა...

 

დევ-გმირი ზოილი (ილია). არ გეწყინოს, თორემ... შევხტები და შემოვტრიალდები (ა. ცაგარ.).

 

შვიდი პარასკევი აქვს დღეში იხ. შვიდი პარასკევი აქვს კვირაში. ერემოს დღეში შვიდი პარასკევი ჰქონდა (კ. ლორთქ.).

 

შვიდი პარასკევი აქვს კვირაში ცვალებადი ხასიათი აქვს, ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს, გადაწყვეტილებას ხშირად იცვლის.

 

შორს დაიჭირა არ დაეთანხმა, ცივი უარი უთხრა, არ მიიღო, ახლოს არ გაიკარა. ჩემმა მოწინააღმდეგემ შორს დაიჭირა: „მე თუ დამარტყეს, შენ რა ჭრელი პეპელა ხარო?!“ (აკაკი). თავადმა ესტატემ შორს დაიჭირა; ერთს მუჭსაც არ დავაკლებ, ერთს მუჭსაო; (ს. მგალობ.).

 

შორს წასვლა წარმატების მიღწევა, დაწინაურება. „შენ მაგ სიმდაბლით და უფროსის პატივისცემით შორს წახვალო“, ეტყოდა ხოლმე კეთილი სოვეტნიკი (ილია). ამ ჯაგლაგი თეორიით შორს ვერ წახვალ (ილია).

 

შუაზე გასკდომა გაბრაზება, გულზე გასკდომა. თუნდა რომ აქავ შუაზე გასკდე, ეგრეა (ილია)

 

შუბლზე ბუზს(აც) არ ისვამს იხ. თავზე ბუზს(აც) არ ისვამს... (ის) ვითარცა დიდგულა მეცნიერი, შუბლზე ბუზსაც არ ისვამს ... (ილია).

 

შუბლის გახსნა გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა. დღეის ამბავი ქე მოვითმინოთ, ხვალინდელ დღეზე იმედით ვიყვეთ..., ღმერთი უკეთეს გაზაფხულს შეგვასწრებს და ყველას შუბლი გაგვეხსნება...“ ყველას გვეშველება (დ. კლდ.)... რეზომ უფრო გახსნა შუბლი, თითქოს სიმძიმილიც გადაიყარა (ო. ჩხ.).

 

შუბლის შეკვრა მოღუშვა, გაბრაზება, განრისხება. ოღონდაც, თუ ერეკლე მეფეს ბევრი ჰყავს შენისთანა ერთგულები, − სთქვა ხანმა და შუბლი შეიკრა (ვ. ბარნ.). დავიწყოთ ძმურად ლხინი, ღრეობა, შუბლს ნუ შევიკრავთ, გავაღოთ გული (ვაჟა).

 

შური იძია სამაგიერო გადაუხადა, ჯავრი ამოიყარა (ისინი) არც უკან იხევდნენ, რადგან დები დაუხოცეს და შური უნდა ეძიათ (მ. ჯავახ.). თითქოს ბუნებაც კი განრისხდა კავკასიონის ამაყ ქედზე გადამთიელი მტრის შემოჭრით და თავისი მრისხანებით მათზე შური იძია (ა. ბელ.).

 

შუქის მოფენა გარკვევა, ნათელყოფა, გაშუქება, ცხადყოფა, ნათელის მოფენა. ახალგაზრდა მეცნიერს ჯერ ეგონა, ვითომ... ზოგ ბუნდოვან ამბავს შუქი მოჰფინა და ძველისძველი ქრონიკების უძველესი ვარიანტები აღმოაჩინა (მ. ჯავახ.).

 

შხამად ამოადენს (რამეს) წაამწარებს, არ შეარგებს (რამეს); არ შეარჩენს (რამეს). თუ ზოგჯერ ერთს ჭიქა კახურს მეტს დავლევდი − სიდედრი შხამად ამომადენდა (მ. ჯავახ.). რაც მე და შენ, ჩემო ძმაო, ცოდვები ჩაგვიდენია, მოგვიკრეფენ და სულ შხამად ამოგვადენენ! (ილია).

 

შხამის (გადმო)ნთხევა ღვარძლიანად, გესლიანად ლაპარაკი, მწარე სიტყვების თქმა. გარშემო შხამს ანთხევდა გადალენდია (ლ. ქიაჩ.)

 

შხამს ასმევს ამწარებს, აწამებს, გაჭირვებას განაცდევინებს. ბევრჯერ თავისი ამაგი შხამს ასმევს მოამაგესა (ვაჟა).

28

▲back to top


 

ჩაბარდა პატრონს მოკვდა, გამოესალმა წუთისოფელს. (ლუარსაბი) ჯავრისაგან იმ კალმახს ლაზათიანად მიაძღა, მოუვიდა კუჭის ანთება და ჩაჰბარდა პატრონს (ილია).

 

ჩაილულის წყალი დალია უკვალოდ გაქრა, უქმად ჩაიარა, დავიწყებას მიეცა (ჩაილული

 

(ჩაილური) მდინარეა ქიზიყში. თ. სახოკიას განმარტებით, თუ მოტაცებულ საქონელს ამ მდინარეს გაატარებდნენ, შემდეგ ეს საქონელი პატრონისათვის საბოლოოდ დაკარგული იყო. ამ გარემოების განზოგადების საფუძველზეა მიღებული იდიომი). მას აქეთ, რაც მისმა ბანკის თავმჯდომარედ ყოფნის სურვილმა ფალია აიღო და ჩაილულის წყალი დალია, ეს სატკივარი დასჩემდა (ილია). ჩხუბსა და ლანძღვა-გინებას ჩაილულის წყალი დაელია, მათ მიდამოს არ იბადებოდა შხამი და ბოროტება (ვაჟა). ერობის შემოღებამ ჩაილულის წყალი დალია (დ. კლდ.).

 

ჩალის გამოვლება პირში იხ. პირში ჩალის გამოვლება.

 

ჩანგლის მოდება ძალად გაკეთებინება რისამე (თავის დაპატიჟებინება).

 

ჩახმახზე შედგომა გაჯავრება, ამრეზა, საჩხუბრად განწყობა. რამდენჯერმე კიდეც შედგა მეფე ჩახმახზედ, მაგრამ ისევ ამშვიდებდნენ, ევედრებოდნენ (ვ. ბარნ.).

 

ჩვარში გახვევა დამცირება, სახელის გატეხა, გაბიაბრუება, აბუჩად აგდება... ვისაც თითონ თავისის ღვაწლით უკვლევია საბუთები ქართველების წინანდელ ცხოვრებისა, ისინი არც თუ ისე გვხვევენ მჩვარში... (ილია). მე, ბატონო, ასეც ჩვარში ნუ გამახვევთ! (ილია).

 

ჩვრებში გახვევა იხ. ჩვარში გახვევა. ზოგი ჩვრებში გაგვახვია, ზოგი ცამდის აიყვანა! (გ. ლეონ.).

 

ჩირქის მოცხება შერცხვენა, სახელის გატეხა; შეურაცხყოფის მიყენება, ცილის დაწამება. ჩვენ წმინდა გულით ჩვენი ვალი გადავიხადეთ და იმათ ჩირქი მოგვცხეს (ილია). მაყვალასთან პირდაპირ სახლში მისვლას, შეიძლებოდა, ქალის სახელისათვის ჩირქი მოეცხო (ა. ყაზბ.). ...ვიღაცას ბოროტი ენები არ ისვენებენ. ეს უნდათ: როგორმე ჩირქი მოსცხოს მის უმწიკვლო ოჯახს (კ. გამს.) ... ჩემი შვილი დანაშაული არ არის! ... ჩირქს ვერ მოსცხებენ (ე. ნინოშ.). უცებ მარგოს უცნაური რამ დაემართა. თითქოს უსაზღვრო შეურაცხყოფა მიაყენეს და წაუშლელი ჩირქი მოსცხეს (მ. ჯავახ.).

 

ჩიტსაც ვერ აუფრენს ვერაფერს უზამს, ვერაფერს დააკლებს, ბუზსაც ვერ აუფრენს. − გასწი აქედან, გასწი! ... თორემ წითელ კვერცხივით შეგიღებავ მაგ გველაძუა თავ-პირსა. − ჩიტსაც ვერ ამიფრენ, ჩიტსა! − უთხრა ზაქარამ დინჯად, აუჩქარებლივ (ს. მგალობ.).

 

ჩიხში მომწყვდევა გამოუვალ მდგომარეობაში მოქცევა.

 

ჩრდილის მიდგომა მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, დაჩრდილმა, გაუფასურება. ... თუ მშობელი, ან ნათესავი საყვარელი არსებისა არ მოგეწონება, რაღაც იდუმალი ჩრდილი ადგება შენი გულის მიჯნურსაც (კ. გამს.). რომ ვაწყენიო, მანაც მაწყენიოს, ამით ხომ ჩვენ სათუთ განწყობილებას ჩრდილი მიადგება და დაჩრდილული ყვავილი ხომ ვეღარ ხარობს (ბან.).

 

ჩრდილის მიყენება მნიშვნელობის, ღირსების შემცირება, ფასის დაკარგვინება, დაჩრდილვა, გაუფასურება... თომა შადიშვილს უმწიკვლო სახელი აქვს ქალაქში და ერთი გავლისათვის ამ სახელს ჩრდილს არ მიაყენებს (მ. ჯავახ.). ასეთმა არასაპატიო საჩუქარმა სახლუცესის თავმოწონებას ჩრდილი მიაყენა (ბან.).

 

ჩრდილში დაყენება იხ. ჩრდილში მიყენება. რამდენჯერ უნდოდა, მაგრამ უკანასკნელ ხანებში მაინც ესეთ სხვა დიდ ამბავთა დაგროვებამ უკუაგდო და ჩრდილში დააყენა პირადი ზრახვანი ჩახრუხაისძისა (შ. დად.).

 

ჩრდილში მიყენება მნიშვნელობის, ღირსების დამცირება, დაჩრდილვა; მიჩქმალვა, მიფუჩეჩება, ჩრდილის მიყენება. არანაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და მთლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო... (ილია).

 

ჩხირი კედელს! იხ. ნახშირი კედელს! ახლა ყველაფერი გავიგე! ჩხირი კედელს! (ა. ცაგარ.).

 

ჩხირი კედელს! სადა ხარ, კაცო, აქამდინ? (დ. მაჩხ.).

 

ჩხირის ბოლოზე გატეხა იხ. დანის ღორის კუდზე გა(და)ტეხა. ყოჩაღ, შენ კაცობას, ათანიავ,...

ბოლოზე გატეხე ჩხირი... (ე. ნინოშ.).

 

ჩხირის გატეხა გაბედვა (რისამე თქმის...), გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა, ნავსის გატეხა. ერთი ორ-სამჯერ კიდევ მოვუყოლებ ამბავს და ბოლოს გავუტეხ ჩხირს: მანაი ჩემია, მე უნდა შევირთო მეთქი (ე. ნინოშ.).

 

ჩხირის მიტეხა ბოლომდე არდასრულება (რისამე), თავის დანებება, ხელის აღება ა(რამეზე). აქეთ ზოგიერთმა მოკეთემაც ურჩია − ნუღარ მიატეხ ჩხირს, რადგან კაი ნიჭი აქ, ბარემ ქალაქის სკოლაშიაც დაასრულებიე სწავლა... (ე. ნინოშ.). არც შენ უნდა მიგეტეხა ისე ჩხირი და არ უნდა გადაკარგულიყავ (აკაკი).

29

▲back to top


 

ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა − ქალამნად არავის და არაფერს არ უწევს ანგარიშს, ძალიან თავისუფლად, უდარდელად, მოურიდებლად იქცევა, ზვიადია, არაფერი არ ადარდებს. მიწაზე ფეხს აღარ ვაკარებდი: ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად! გული გრძნობად და გონება ოცნებად გადაქცეული მეშვიდე ცაზე მიმაფრენდნენ (აკაკი). (ბავშვი) ვიღაცისაგან მოცემულს ფეტვის მჭადსა ღუღნიდა და ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად... (ს. მგალობ.).

 

ცა ქუდად აქვს და დედამიწა − ქალამნად იხ. ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა − ქალამნად. იმას კი არა შეედრება-რა, როცა ცა ქუდად გაქვს და დედამიწა ქალამნადა (ილია). დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლია თქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო (ილია).

 

ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტა მიუწვდომელის მიწვდომა, შეუძლებლის შეძლება. − ჭკუა აკლდა ცხონებულს და მით მოუვიდა ყველაფერი, თორემ მას რომ ჭკუა ჰქონოდა, როგორ იფიქრებდა, მზია წამყვებაო, ანდა მთავარს ვინ გაუბედავდა ამის თქმას. მაგრამ რაკი მოშაირედ მოჰქონდა თავი, ცაზე ვარსკვლავების მოწყვეტასაც ლამობდა საცოდავი... (ბან).

 

ცალი ფეხი სამარეში უდგას სიკვდილის პირზეა მისული, დიდხანს ვერ იცოცხლებს (ჩვეულებრივ, მოხუცზე იტყვიან). ...ჩემი დრო, ავად იყო თუ კარგად, მოვჭამე, ცალი ფეხი სამარეში მიდგია, ჩემი გულისათვის შვილს გზას არ დავუხშავ... (ე. ნინოშ).

 

შვილო, ან ცოლი შეირთე, ან სხვა რამე ხელობას შეუდექი და შენი ბედნიერება მაჩვენე, თორემ მე ცალი ფეხი სამარეში მიდგას და შენ კი მგონი უდედაკაცოდ აპირებ დაბერდე (მ. ჯავახ.).

 

ცალი ყბით უგულოდ, ყასიდად. ცალი ყბით დაპატიჟება (განმ. ლექს.). ბოლოს, ეტლში რომ ჩავსხედით, (პეტრემ) ცალის ყბით დაუმატა: − სადილად მაინც დარჩებოდით, თქვე კაი კაცებო (მ. ჯავახ.).

 

ცამ ჩაყლაპა ანაზდეულად გაუჩინარდა, უკვალოდ დაიკარგა, მიწამ ჩაყლაპა ... ხუთი დღის  განმავლობაში ვეღარსად შევხვდი თინათინს, თითქოს ცამ ჩაყლაპაო (აკაკი).

 

ცამდე აყვანა ხოტბის შესხმა, ქება-დიდებით მოხსენიება, გადაჭარბებული ქება.

 

(მომღერალთ) ცამდინ აჰყავდათ გულადნი, თავგადადებულნი ვაჟკაცნი, მაშინ, როდესაც მასხრად იგდებდნენ მშიშარებს და ლაჩრებს (ა. ყაზბ.). როგორც ეს ხშირად სჭირს ხალხს, რომ ერთ ვინმე ადამიანს ტყუილ-უბრალოდ აიჩემებენ, ცამდი აიყვანენ და გააღმერთებენ, გურულ ხალხსაც ეგრე მოუვიდა (ე. ნინოშ.).

 

ცამდე აწევა იხ. ცამდე აყვანა − „ბასკუვიჩი ისკანდერზე უფრო ძლიერი სარდალია“ − გულმოდგინედ ჰბერავენ ოსმალები... პასკევიჩს, რათა თავიანთი მომავალი გამარჯვება ცამდე ასწიონ და უცაბედი დამარცხების საბაბიც შეიმზადონ (მ. ჯავახ.). პირველად ძალიან ფეხს აჭერდნენ, მაგრამ, მე რომ ცამდის აგწიეთ, ისინიც დარბილდნენ (ა. ცაგარ.).

 

ცარიელზე დარჩენა ყველაფრის დაკარგვა, არაფრის შერჩენა, გაღარიბება, გაღატაკება, მოხუცებული თავისი ცოლ-შვილით სულ ცარიელზე დარჩენილიყო (გ. წერეთ.). ვაშლს სამი ტოტი ჰქონდა; მოვიდოდა ეშმაკი, ჯერ ერთს გაჰხლეჩდა, ახლა მეორეს, ახლა მესამეს და ძმანი კი ცარიელზედ რჩებოდნენ (თ. რაზიკ.).

 

ცარიელზე დასმა ყველაფრის წართმევა, არაფრის შერჩენა, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება. რაც მამისაგან დედულ-მამული გვქონდა ... სულ მამინაცვალმა წაგვართვა, დაგვიყიდა, მიცვალ-მოცვალა და ჩვენ ცარიელზე დაგვსვა (ილია). ამისთანა თვისებით და ხერხით დიდძალი მამულები შეიძინა ქაიხოსრომ − თითქმის მთელი საგვარეულო ცარიელზედ დასვა (მელან.).

 

ცას დაეწევა (სიხარულით) იხ. ცას ეწევა (ნიხარულით). ბალღი... მამიდასთან მოვიყვანე. ცას დაეწია საწყალი, აღარ იცოდა, რა ექნა და როგორ დაგვხვედროდა (ვაჟა). თეიმურაზი სიხარულით ცას დაეწია (მ. ჯავახ.).

 

ცას ეწევა (სიხარულით) ძალიან უხარია, აღფრთოვანებულია. ბაგრატა და მისი ცოლ-შვილი სიხარულით ცას ეწეოდნენ, როცა უნათლოშვილის ქვრივ-ობლებს მტირალს ხედავდნენ (ე. ნინოშ.). სოხუმის მოქალაქენი, რაკი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ „შმიდტის“ მეზღვაურებმა მათ შიში არ გაუმართლეს, რომ ყველას მეტად წესიერად ეჭირა თავი, ... სიხარულისაგან ცას ეწეოდნენ (ლ. ქიაჩ.).

 

ცეცხლზე ნავთის დასხმა გამწვავებული მდგომარეობის (ან ურთიერთდამოკიდებულების) კიდევ უფრო გამწვავება (რაიმე საშუალებით) ... ბობოლები სატევარს ლესავენ. ახლა ჩვენ ნავთი უნდა დავასხათ ცეცხლზე. რას დავკარგავთ ... შეაკვდნენ თუნდაც ერთმანეთს. უნდა შევაგულიანოთ ბობოლები (კ. გამს.). ალადის გაუხარდა, ცეცხლზე ნავთი დაასხა (ს. შანშ.).

 

ცეცხლზე ცეცხლის შეკეთება იხ. ცეცხლზე ნავთის დასხმა. გოდერძიმ კვლავ შეაწყვეტინა, თითქო ართობს ბატონიშვილის სიცხარე და განგებ ცეცხლზე ცეცხლს უკეთებსო (შ. დად.).

 

ცეცხლზე წყლის დასხმა დაღუპვა, საქმის,წახდენა. − ნუ დამღუპავთ, თქვენი ჭირიმე, ნუ დამისხამთ ცეცხლზე წყალსა! − მოისმა ნინიკას მომტირალი ხმა (ნ. ლომ.). გგონავ, არ მიჭრის ხმალია? შენ რაზედ უნდა მწუნობდე, ცეცხლზე დამისხა წყალია? (ვაჟა). ავად არ გამიხდე და ცეცხლზე წყალი არ დამისხა (თ. რაზიკ.).

 

ცეცხლთან თამაში თავის თავისთვის სახიფათო მოქმედება; თავის ხიფათში ჩაგდება. მათ უფიქრიათ ცეცხლთან თამაში, თუ ვარ ბრძოლებში რისმე გამგები (ი. აბაშ.).

 

ცეცხლი უკიდია (რამეს) ძალიან ძვირია (რამე)

 

ცეცხლის ალში გატარება გაწვალება, გამწარება, ცუდ დღეში ჩაგდება. (დედინაცვალმა) მოგვყო ხელი და სულ ცეცხლის ალში გაგვატარა (რ. ერისთ.).

 

ცეცხლის მოდება გამწარება, გატანჯვა, შეწუხება; გაბრაზება, აღშფოთება, ცეცხლის მოკიდება... მომედვა ცეცხლი: გავგიჟდებოდი, რომ მწყალობელი ბატონის იმედი არ მქონოდა (აკაკი). მე ვიტანჯებოდი, ცეცხლი მედებოდა და შენ-კი „არხალალოს“ და „მრავალჟამიერსა“ ჰყვიროდი (ვაჟა)... დედას... ცეცხლი ედებოდა და ვერა მოეფიქრებია-რა როგორ გამოსულიყო ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან (გ. წერეთ.).

 

ცეცხლის მოკიდება გაჯავრება, გაბრაზება, აღელვება, გულზე ცეცხლის მოკიდება; შეწუხება, გამწარება, ცეცხლის მოდება. ამ ლაპარაკის გაგონებაზე სულ ცეცხლი მომეკიდა, სირცხვილმა დამწვა, გონდაკარგული წამოვხტი და გარეთ გამოვვარდი (შ. არაგვ.). გზაში ისიც გავიგე, რომ ჩემი სამყოფელი ვსევოლოდის კაცებს გაენადგურებინათ. ცეცხლი მომეკიდა, მაგრამ სამაგიეროზე ფიქრი მეტი იყო (შ. დად.). ცეცხლი ეკიდებოდა მის შემხედვარე მამას, მორიდებულს მასთან, მზადმყოფს შეესრულებინა ყოველივე მისი სურვილი... (დ. კლდ) თავმოყვარე გურის ცეცხლი მოეკიდა, სამსახურის დამთავრებამდის თავის მაგიდას უჯდა და სახეალეწილი უაზროდ დაჰყურებდა რაღაც ქაღალდს (გ. ნახუცრ.).

 

ცეცხლის შეკეთება გახელება, გაღიზიანება, წაქეზება; ჩაცივება, გიორგი მაშინვე წამოჯდა, თითქო ცეცხლი შეუკეთესო, პირველი მაგალითი იყო, რომ მისმა გულგატეხილმა დედამ თავი შეაბრალა (ილია). ცოლმა ცეცხლი შეუკეთა პავლიას: „კაცო ადე, ჩადი ქალაქში, ბავშვის ამბავი მოიტანეო“ (ბ. ჩხ.).

 

ცეცხლს აკვესებს თვალებიდან იხ. პირიდან ცეცხლს ყრის. (თევდორას) ალმური ასდიოდა, ცეცხლს აკვესებდა თვალებიდან (ვ. ბარნ). − ოო, ბატონო, დედა-შვილი ერთიერთმანეთზე უკეთესია, ცეცხლს აკვესებს იმ ბიჭის თვალები. დედაც, ეტყობა, მშრომელი დედაკაცია (ბან.).

 

ცეცხლს აფრქვევს ბრაზობს, გაცეცხლებულია, გაშმაგებულია, გააფთრებულია! ის უჯიშო, იმას ვაჩვენებ, ჩემი ასეთი დამცირებისათვის სეირს! რავა გაბედა?! ცეცხლს აფრქვევდა მირიანი (რ! გვეტ).

 

ცეცხლს ყრის პირიდან იხ. პირიდან ცეცხლს ყრის.

 

ცეცხლში ჩაგდება განსაცდელში, სახიფათო მდგომარეობაში ჩაყენება, გაწამება, ცუდ დღეში ჩაგდება. თითქოს იმის თქმა უნდოდაო: „შენი ოჯახი დააქციოს ღმერთმა, რომ ამ ცეცხლში ჩამაგდეო!“ (შ. არაგვ). ...ოხ, ვამეხ, რა ჰქენი ეს. კვლავ რა ცეცხლში ჩამაგდე, ერთხელ რომ რაიმე ეჭვი აფათურდეს, მერე ხომ იცი, მზისახარ, ცხოვრება ჯოჯოხეთად გადამექცევა (ბან.).

 

ცეცხლში ჩავარდნა განსაცდელში, ცუდ დღეში ჩავარდნა, წამება. უწინ გმირობა იყო მამულისათვის ცეცხლში ჩავარდნა, ჯვარცმა, წამება... (ე. გაბ.).


ცეცხლში ჩაყენება იხ. ცეცხლში ჩაგდება. თავის მუშებს ხან სცემდა, ხან ლანძღავდა, ერთის სიტყვით, ცეცხლში აყენებდა (თ. რაზიკ.).

 

ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ძალიან ლამაზი, მშვენიერი − ქალი). ვინც კი ამ დროს მის (ესმას) ლერწამს ტანს და ჯეირნის თავ-კისერს თვალს შეასწრებდა, უნებურად წამოიძახებდა: „ნეტავი შენს დედმამას რომ ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ჩამოსვლიხარო!“ (გ. წერეთ.). ვინა? მაყვალა? ციდგან მოწყვეტილი ვარსკვლავია, ღვთის მადლმა (ა. ყაზბ.).

 

ცივ ნიავს(აც) არ აკარებს განსაკუთრებულ მზრუნველობას უწევს, ძალიან უფრთხილდება, სათუთად ექცევა, დილის სიოს არ აკარებს. ... თუ სადმე სამართალი გაქვსთ, თქვენ, ჩემს ძმებსა, ცივი ნიავიც არ უნდა მომაკაროთ (ვაჟა). ... ბროლის სასახლეში ჩასვეს მზეთუნახავი, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ყველაფერი უზრუნველი ჰქონდა მზამზარეულად, დუგმის შესაკრავადაც კი მოახლე ადგა თავს (ვ. ბარნ.).

 

ცივ ქვაზე დაასახლებს (ვინმეს) სიღარიბიდან გამოიყვანს, გაამდიდრებს (ვინმეს) (მარჯვე და მუყაითი შრომით). იმისთანა რძალი შემხთა, რომ ცივ ქვაზე დაასახლებს კაცს, − იტყოდა ხოლმე ქეთევანი (ე. ნინოშ.). (ელისაბედი) იმისთანა ჭკუიანი და მეოჯახე ციცაია, რომ ცივ ქვაზე დაასახლებს კაცს (ე. ნინოშ.).

 

ცივ ქვაზე დარჩენა ყველაფრის დაკარგვა, არაფრის შერჩენა, გაღარიბება, გაღატაკება, ცარიელზე დარჩენა. ...ორმოცი გორო სიმინდი მომივიდა და ათი ძაგათ წაიღეს და დანარჩენი რამერუმე გადასახადებში, მეტი რომ ვერაფერი მონახეს, ერთი დეკეული მყავდა, ახსნეს და წაიყვანეს და დავრჩით მთელი ოჯახი ცივ ქვაზე (ბან.).

 

ცივი წყლის გადავლება იხ. ცივი წყლის გადასხმა (თავზე). ცივი წყალი გადაევლო ჩემს აღტაცებას (ჭ. ლომთ.).

 

ცივი წყლის გადასხმა (თავზე) გაწბილება, იმედის გაცრუება. ბოლოს, იცით, კიდევ რა მოხდა? ისა, რომ შემოვიდა მოხუცებული დედაჩვენი და ცივი წყალი გადმოგვასხა თავზე (ვაჟა). ამ სიტყვებმა ჩვენ ცივი წყალი გადაგვასხეს თავზე (ნ. ლომ.).

 

ცივმა ოფლმა დაასხა შეშინდა, შეძრწუნდა. შვილი გაოცდა, მამას ცივმა ოფლმა დაასხა. − მე რა შუაში ვარო! − დაიძახა კვნესით და თრთოლვით შეშინებულმა პეტრემ (ილია).

 

ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი იხ. ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი. ნაზიბროლა − სახელია, სამეგრელოს ასულია, მოწყვეტილი ცით ვარსკვლავი ედემს ალვად ასულია! (აკაკი).

 

ცილის დაწამება ტყუილის მოგონება, განზრახ დაბრალება (რაიმე ცუდის ბოროტების...). შენ შენი სახლ-კარის გადაწვა გამწარებს და აღარავის ჰზოგავ!... ქვეყანას ცილსა სწამებ! (აკაკი). ტყუილუბრალოდ ცილს მწამებ, ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა (ლ. ასათ.).

 

ცილის შეწამება იხ. ცილის დაწამება. მოვიდოდა ვინმე, ერთს რასმეს ცილს შეგწამებდა..., გამოძიებაში არ შევიდოდა და დაიჯერებდა (ილია). „ძვირად ნახავდი მისთანა ახალგაზრდას, რომ ჩემზე ძვირი არ ეთქვას და ცილი არ შეეწამებიოს (აკაკი).

 

ცის გახსნა გახარება, აღტაცებაში მოსვლა, ბედნიერების განცდა. მაშინ, ნეტარებით გაბრუებულს, მაღლით ცა ეხსნებოდა (აკაკი). თეოფილეს ცა გაეხსნა და სიხარულის ცრემლები დიდხანს არ შეშრობია (რ. გვეტ.).

 

ცის თავზე დანგრევა იხ. ცის თავზე დაქცევა. ესეც ცა დამენგრა თავზე (ა. ცაგარ.).

 

ცის თავზე დაქცევა დიდი უბედურების შემთხვევა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა. რას გაჩუმებულხართ, კაცები არა ხართ? ცა თავზედ გვექცევა (ილია).

 

ცის კარის გაღება გახარება, აღტაცებაში მოსვლა, ბედნიერების განცდა, ცის გახსნა.

 

ცოდვის კითხვა უბედურება, საშინელება; ვითომც სასჯელი ჩადენილ ცოდვათათვის! − რა ამბავია, კაცო? რაზე გვიძახით და რისი საყვირია? − უბედურების და ცოდვის კითხვის (ბან.). ეს რაღა ცოდვის კითხვაა?! (ვ. ბარნ.).

 

ცოტა არ იყოს თითქმის, კინაღამ; საკმაოდ ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, გულში ჩამახედეს

(აკაკი). ხალხი, ცოტა არ იყოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ამ მარცხის გამო, იმედიშეუსუსტდა გულში (ვაჟა). სოხუმის არისტოკრატიას კი, ცოტა არ იყოს, განზე ეჭირათავი და საქმეში პირდაპირ არ ერეოდა (ლ. ქიაჩ.). ამ სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, მალამო მოსცხეს მის გაფიცხებულ გულს (გ. წერეთ.).

 

ცოფებს ყრის იხ. ცოფებს ყრის პირიდან. ისეთია ეს დედაკაცი, სულ ცოფებსა ჰყრის. მიუხტა ქმარს... იძახოდა, შე აძაღლებულო, შენა! (თ. რაზიკ).

 

ცოფებს ყრის პირიდან გაანჩხლებულია, განრისხებულია, გააფთრებულია, პირიდან ცეცხლს ყრის. გაწყრა თავადი ესტატე, გაწყრა, ისე გაწყრა, რომ სულ ცოფები ჰყარა პირიდან (ს. მგალობ.). წამოჯდა გმირისეული პირგაქუშული, გამეხებული... პირიდან ცოფებს ყრიდა (ს. მგალობ.). (ვეშაპი) პირიდან დორბლებს, ცოფებს ჰყრიდა, ხვნეშოდა, კვნესოდა და უგემურად ილანძღებოდა (ვაჟა).

 

ცოცხლად დამარხვა საქვეყნოდ შერცხვენა, თავის მოჭრა, მორალურად განადგურება. ცოცხლად საფლავში ვიმარხვი, ზედ შავი ლოდი მედება (ვაჟა). რა ჰქმნას ამ უბედურმა, რომელიც ამ გაიძვერა, სინდისგარეცხილმა განათლებულმა ცოცხლივ დამარხა? სად წავიდეს? (ა. ცაგარ.).

 

ცოცხლად მკვდარი უნიათო, უძლური. უილაჯო, დავრდომილი; უუნარო, უგერგილი, მოუხერხებელი.

 

ცუდ თვალზე დაინახა იხ. ცუდი თვალით უყურებს. დედა აღარა მყავს, დედინაცვალს ჭირივით ვეჯავრები... პირველ დღესვე რაღაც ცუდ თვალზე დამინახა, ამიჩემა. მწყევლიდა, მაგინებდა, მერე ცემაც დამიწყო (ნ. ლომ.).

 

ცუდი თვალი დაადგა იხ. ცუდი თვალით უყურებს. (ბასილამ) მარინესაც რაცხა ცუდი თვალი დაადგა (მ. ჯავახ.).

 

ცუდი თვალით უყურებს მტრულად ექცევა, სძულს. ახლა იყო და მამაჩვენმა − ცუდი თვალით გვიყურებს, დაგვწვავსო − აიყვანა და ქურდობის „პრიგავორში“ ჩააწერინა (ე ნინოშ.).

 

ცხელ გულზე რაიმე გრძნობის ან აფექტის (აღელვების, განრისხების, აღტაცების, ნდომის...) დროს. (ის) ტურასავით ტყეში იმალებოდა, ვერ დაენახვებოდა ქალის პატრონებს „ცხელ გულზე“, რადგან ცოცხალი არ გადაურჩებოდა (ვაჟა).

 

ცხვირიდან ძმარი ადინა გაამწარა, შავი დღე აყარა; სცემა. ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის, რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმედინო, არავის გააქელვინო, ბოროტს ბოროტიამხილო, მ სჯავრ-დაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა, ცხვირიდამაც ძმარი ადინო (ილია). ცხვირიდამ უნდა ვადინოთ ზვიადაურსა ძმარია (ვაჟა). ...ხომ გითხარი, ბატონის შვიდი წლის ნაწვართნია ის მამაძაღლი ბიჭი და ამ წვრთნაში თუ რამე შეეშლებოდა, ბევრი ძმარიც სდენია ცხვირიდან... (ბან.).

 

ცხვირის აწევა უკადრისობა, ამპარტავნობა, მედიდურობა, კუდაბზიკობა. (ყველამ) პატივი სცა საქართველოს სახელოვანი მეფის სახელს. .. და მარტო თ. გ. თუმანოვის ამქრის წარმომადგენლებმა ცხვირი ზევით ასწიეს, აინუნშიაც არ გაიტარეს (ილია).

 

ცხვირის ჩამოშვება მოწყენა, დაღონება, მოღუშვა... ბახვამ ცხვირი ჩამოუშვა. თითოეული სალომეს სიტყვა ეკალივით ესობოდა გულზე. სრულებითაც არ მოსწონდა ესმას შეამხანაგება მადამ სალისთან... (გ. წერეთ.). რა აქვს მეუფის სახლში დასაღონებელი, რომ ცხვირი ჩამოუშვას?... (ვ. ბარნ.).

 

ცხვირში ძმარი ჩააწურა იხ. ცხვირიდან ძმარი ადინა. აბეზარსა ვარ მოსული... ძმარს მაწურებს ცხვირში! სხვა არა იყოს-რა, უფროსი ძმა ვარ! (ილია).

 

ცხრა ენა გამოიბა გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა დაიწყო. რაკი ერთი დაიწყო მოშლილი წისქვილივით ლაპარაკი, კაცი ვერ გააჩერებს!... ცხრა ენა გამოიბა სწორედ! (თ. სახ.).

 

ცხრა თოკში გამძვრალი გაქნილი, ცბიერი, ეშმაკი, მოხერხებული. მკითხავი ერთი მოქნილი თათრის მოლა იყო და, როგორც იტყვიან, ცხრა თოკში გამძვრალი (რ. ერისთ.).

 

ცხრა მთას იქით ძალიან შორს. ... ცხრა მთას იქით ხომ არ მისტუმრებ, რომ მაგოდენა ბარგ-ბარხანას თან მატან (ილია)... ცხრა მთას იქითაც, თუკი ფეხი დადგა ნადირმა, იგი გუმანით მიუხვდება, ვით გულთმისანი! (ხ. ბერ.).

30

▲back to top


 

ძარღვების აშლა იხ. ნერვების აშლა.

 

ძაფზე ჰკიდია საფრთხეშია, განსაცდელშია, ბეწვზე ჰკიდია. ჰოო, თუ ჭკუა აქვს, ასე იზამსო, თორემ ისე, ძაფზე კიდია მისი საქმეო (ბან.)

 

ძაღლად ჩააგდო იხ. ძაღლათ(აც) არ ჩააგდო. გოგიავ, ძაღლათ ჩამაგდე თუ რა არის აგი! (ე. ნინოშ.).

 

ძაღლად(აც) არ ჩააგდო არაფრად ჩააგდო, დაამცირა, აბუჩად აიგდო. (სახლი) მაგრა დგას და ყოველ ზეციურ მრისხანებას − წვიმას, თოვლს, ქარიშხალს − ძაღლადაც არ აგდებს (ე. გაბ.)... თუ ამათთანა ხალხს თავი არ ვაჩვენე, ძაღლადაც არავინ ჩამაგდებს (ა. ცაგარ.).

 

ძაღლი გარეთ არ გაიგდება ძალიან სიცივეა, ცუდი ამინდია. ქარი ჰქროდა, საშინლად ციოდა,

 

ნამქერმა ამოყორა თითქმის სახლის კარები. ძაღლი გარეთ არ გაიგდებაო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთი დრო იყო (ვაჟა). ისეთი უჟმური დილა იყო, რომ გარეთ ძაღლი არ გაიგდებოდა (ს. მგალობ.).

 

ძაღლი პატრონს ვერა სცნობს არეულობაა, უწესრიგობაა, უთავბოლობაა... ეს რომ მოხდეს, ხომ აირია მონასტერი თ. გ. თუმანოვის ამქრისა, ხომ დაეფანტათ დავთრები და ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნო! (ილია).

 

ძაღლის ფეხის გამობმა ბევრი სიარული, წანწალი. რა ძაღლის ფეხი გამოიბი, რომ ამდენს დადიხარ?! (თ. სახ.).

 

ძაღლის ყბის გამობმა გაუთავებელი ლაპარაკი, ყბედობა. (სოლომანმა) ძაღლის ყბა გამოიბა (დ. კლდ.).

 

ძაღლი(ც) არ დაჰყეფს (ვისიმე) ბედს ბედნიერი იქნება, საქმე კარგად ექნება. მე რომ მაშინ წიგნი მცოდნოდა და ის ზღაპრები მეკითხნა, ჩემს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა (ილია). თავადებიც კი ამბობენ, არსენა რომ თავადი ყოფილიყო, ჩვენს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდაო (მ. ჯავახ.).

 

ძე ღვთისა იხ. ძე ხორციელთ აბა, გარსო ისე უნდა წახვიდე, რომ ძე ღვთისამ არ დაგინახოს (მ. ჯავახ.). − ახლა აქ ძე ღვთისაც არ შემოიხედავს (მ. ჯავახ.).

 

ძე ხორციელი ადამიანი, ადამის შვილთ ვინმე ონისე, სრულიად გაგარეულებული, მთებში

 

დადიოდა და ძე ხორციელს არ ეკარებოდა (ა. ყაზბ.). ...ამოდენა ღრიალზე ძე ხორციელი არსად გაჩნდა და ზედ არავინ შემოგვხედა (შ. არაგვ.)...მერე სად დახვედრია და! აი გარდაკვეთილთან... იქ ძე ხორციელი ადამიანი ვერ ნახავდა... ყორნებისა და არწივების მეტი სხვა არა მოიპოვება-რა (ს. მგალობ.). (გვანჯი) ყოველთვის ისე იქცეოდა, ძე ხორციელი ვერ მიუხვდებოდა გულში გავლებულ ზრახვას (კ. გამს.).

 

ძვალ-რბილში გაჯდომა (რისამე) იხ. სისხლ-ხორცში გაჯდომა (რისამე). (ყაზარას) ეს ზნე დასჩემდა მაშინ, როცა სოფელში მეწვრილმანის დუქანი ჰქონდა და, ისე გაუჯდა ძვალ-რბილში, რომ ცოლ-შვილობის დროსაც ვეღარ ითმენდა (მელან.).

 

ძირიანად მოთხრა მოსპობა, განადგურება. ...ქართველებს... არა გვზოგავს, ძირიანად გვთხრის და ქართველების სახელგანთქმულს ვაჟკაცობასაც-კი თითქმის უარობს (ილია). სოფლის დედაკაცობას ხომ უფრო ეშინოდა ოთარაანთ ქვრივისა. ვაი იმას, ვისაც უსაქმოდ მოასწრებდა ხოლმე. ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად მოსთხრიდა (ილია).

 

ძირის გამოთხრა საფუძვლის გამოცლა, აღმოფხვრა, მოსპობა, განადგურება. ისინი ცდილობენ გასტეხონ ჩვენი რკინისებური ნებისყოფა..., ძირი გამოუთხარონ საბჭოთა კავშირის ძლიერებას (ა. ბელ). ...ეს რკინის ხელი გურისაც ემუქრებოდა, ძირს უთხრიდა მის უზრუნველ ცხოვრებას და თვითარსებობასაც, თუ იგი ალღოს არ აუღებდა ახალ დროს... (გ. ნახუცრ.). ლოთობა ძირს უთხრის ადამიანის კეთილდღეობას (განმ. ლექს.).

 

ძირფესვიანად მოთხრა იხ. ძირიანად მოთხრა.

31

▲back to top


 

წამწამზე უზის (ვინმე) სულ ახსოვს, მუდამ თვალწინ უდგას (ვინმე). შენმა მზემ, სულ წამწამზე მიზიხარ, აი! (თ. სახ.).

 

წარბ(ებ)ის მოხრა მოღუშვა. გაბრაზება, წარბის შეკვრა. − რა არის, ქალო, რომ მოხარე წარბები! ქმრის შიში და რიდი აღარ გაქ მაინც! − ეტყოდა დედამთილი ან მული რძალს, თუ ამ უკანასკნელს რამე ეწყინებოდა... (ე. ნინოშ.).

 

წარბის გახსნა გამხიარულება, კარგ ხასიათზე დადგომა, შუბლის გახსნა. უმცროსს წარბი გაეხსნა, მოღრუბლულს სახეზედ რაღაც სიამოვნების ფერმა გადაჰკრა (ილია). − რა არის, ქრისტინე, სულ ზიხარ და ზიხარ აქანაი კვდრის ჭირისუფალსავით მგლოვიარეთ! მოკვდები, ქალო, ასე! ერთი წარბი გახსენი! (ე. ნინოშ).

 

წარბის შეკვრა მოღუშვა, გაბრაზება, შუბლის შეკვრა. უმცროსმა უფრო წარბი შეიკრა და რისხვამ ელვასავით გაურბინა სახეზე (ილია). მოხუცმა წარბი შეიკრა, თავი აიღო მაღლა და მრისხანებით გადახედა ამ სიტყვების მთქმელს (ნ. ლომ.)

 

წარბი(ც) არ გაანძრია იხ. წარბი(ც) არ შეიხარა. ლევანიკას წარბი(ც) არ გაუნძრევია იმ ცემაზე (ე. ნინოშ.). წარბი(ც) არ შეიხარა არ შეშინდა, არ შედრკა; არაფრად ჩააგდო (განსაცდელი, მძიმე საქმე). ...მტრის კარს ისეთი სანახავი, ჩვენ რომ იქ ვნახეთ, მაგრამ ჩვენ მაინც წარბი არ შევიხარეთ (ვაჟა). ...ლევანტია გრძნობდა, რომ არავითარი  დანაშაული არ ჩაუდენია... ამიტომ თავისებურად უშიშრად და მკვირცხლად იყურებოდა და წარბსაც არ იხრიდა მამის წყრომაზე (ე. ნინოშ.). ჰაკი უჯუშისათვის ათსაც მოჰკლავდა ღა წარბს არ შეიხრიდა (ლ. ქიაჩ.). აი ფიქრიაც, „ყოჩაღ ქალო! ყველაფერში არსენობა გეტყობა“. წარბიც არ შეუხრია, თავის დედა მკლავით უჭირავსდა  ალბათ სიარულშიც ჰშველოდა (მ. ჯავახ.).

 

წელებზე ფეხს იდგამს თავგამოდებით შრომობს, მძიმე ჯაფაშია. ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს იდგამს და დღის სარჩოს ძლივსა ჰშოულობს და შენ როგორღა გარჩინოს? (ილია). ...ამდენი სამუშევარია, ამდენი საქნარი... სად შეგვიძლია დასვენებაზე ვიფიქროთ!... წელზე ფეხს ვიდგამთ. მა ხო გაჯახირებაში ვართ, დასვენებაზე ფიქრს რომ მივეცეთ, სულ არ ამოვწყდებით?... (დ. კლდ.). აი ეხლაც სისხლის ოფლს ვაწვიმებთ, წელებზე ფეხს ვიდგამთ, მოსავალი მოგვყავს, თქვენ მიგაქვთ, ჩვენ მშრალზე ვრჩებით თევზივით და მშიერი კუჭით დავწოწავთ ქვეყნად (ს. მგალობ.).

 

წელები ეხლართება იტანჯება, მწარედ განიცდის (რამეს). ბარემ წელები მეხლართება, რომ ასე გადადებულ შვილს ვუცქერი..., მაგრამ რა ვქნა (ს. მგალობ.).

 

წელის მომაგრება იხ. წელში გამართვა. ორიოდე წელიწადში წელს მოიმაგრებ და ერთ ლამაზ „ყიზის“ კიდევ იშოვნი(მ. ჯავახ.)

 

წყლის მოწყვეტა დაქანცვა, ილაჯის გაწყვეტა, ძალის გამოლევა; შეშინება, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა. − რას მელაპარაკები, სალომე? მაგას შენგან არ მოველოდი; სადაური ქალბატონი, კერვით უდროვოდ წელი მოიწყვიტოს. ხელები ნემსით დაიჩხვლიტოს... (გ. წერეთ.). წლევანდელმა მოუსავლობამ ხომ (ოტიას) სრულიად წელი მოსწყვიტა (დ. კლდ.). დამარცხებამ კი არ მოსწყვიტა ხალხს წელი: დამარცხება და გამარჯვება ძმები არიან (ვ. ბარნ.) − გაეთრიე მეთქი აქედან!... რას დაეხეტები ამ ეზოში! გადადგი ეგ ფეხები! წელი ნუ გწყდება!... აბა, კარგად მოუსვი ეგ ცოცხი... (მ. ჯავახ).

 

წელში გამართვა მოღონიერება, გაძლიერება, განმტკიცება, ძალის მომატება. თუ წელში გამართულა როდისმე ჩვენი ქვეყანა − ეს იმის მეფობის დროს გაიმართა (ილია). ვერ მოასწრო ერთი კარგად წელში გამართვა და აქ კი დიდრიცხვიანი წვრილშვილის რჩენა დააწვა კისრად (ე. ნინოშ.).

 

წელში გასწორება იხ. წელში გამართვა. არსენას მოკვლამ, გაცოცხლებამ და გაქცევამ დიდხანს აცინა ქალაქი და მაიორის წარჩინებაც შეაფერხა, მაგრამ ის მალე გასწორდა წელში და კიდევ ორიოდე ნაბიჯით დაწინაურდა (მ. ჯავახ.)... მამაჩემსაც ჩემი კვების ვალდებულება მოეხსნება და ეს საცოდავი კაციც წელში გასწორდება-მეთქი (გ. ნახუცრ.).

 

წელში გატეხა ძლიერ დასუსტება, დაუძლურება, ძალ-ღონის გამოცლა, წელში გაწყვეტა. გამოიცვალა ჯორ-ზაქარა, სახეზე შეიშალა, ოჯახი წელში გატყდა, ნელ-ნელა ვალებში ჩაჯდა (ს. მგალობ.). ამ ბევრ სანადელო მიწებს მოჰყვა დიდი გადასახადი, რომელიც ქვრივ-ობოლს კი არა, მოწიფულს ვაჟკაცსაც გასტეხდა წელში (ე. ნინოშ.).

 

წელში გაშლა იხ. წელში გამართვა. გავიშლები თუ არა წელში... სარგებლით მოგცემ შენს ვალს (ვ. ბარნ.).

 

წელში გაწყვეტა იხ. წელში გატეხა. მოთმინების ფიალა აივსო, ამხანაგებო, − დაიწყო აწ მოხუცებულმა ჯორ-ზაქარამ, − წელში გაგვწყვიტეს, მამულ-დედული გაგვიოხრეს, ნაშრომ-ნაჭირნახულევი წაგვართვეს (ს. მგალობ.). − რა ვქნა, ბატონო, აქ წელში გავწყდი, ვერაფერს ვეწიე, ახლა ცოტ-ცოტას რაიმეს ვშოულობ... თავი გამომაქვს მაინც (დ. კლდ.). ხალხი წელში გაწყდა და სული უნდა მოითქვას (მ. ჯავახ.).

 

წერას აუტანია ის იქცევა, რომ შეიძლება დაიღუპოს, ცუდი რამე შეემთხვას... მაგრამ კაცის წერა რაც ექნება ის არის, − უპასუხა მეორე დედაკაცმა, − საცოდავი წერას აუტანია (ილია). − შვილო, ეს ერთი თვეა მე შენ ვეღარ გცნობ... რა წერას აუტანიხარ..., დაგიჭერენ, შვილო... (ს. მგალობ).

 

წერილი წაიღო მოკვდა, გამოესალმა წუთისოფელს.

 

წერტილის დასმა რისამე (თხრობის, ამბის...) გათავება, შეწყვეტა. აქ წერტილი დავსვათ და ცოტა შორიახლოდან დავიწყოთ ამ საგანზე ლაპარაკი (რ. ერისთ.).

 

წესის აგება განადგურება, მოსპობა, ბოლოს მოღება, ანდერძის აგება... ძლივს გასჭრა ბოლოს ღვთისა და კაცის სამართალმა. ბოროტმოქმედს აწ კი აუგებენ წესს (გ. წერეთ.). ჩემ ჯორს შეეძლო მთის ბილიკებზე ჩემი წესის აგება (გ. წერეთ.).

 

წვა და დაგვა ტანჯვა-წვალება. როგორც მოგეხსენებათ საზოგადოდ ქვრივის მდგომარეობა, ეს დედაკაცი დიდს წვასა და დაგვაში იყო. ზოგი მეზობლის შემწეობით, ზოგიც თავის მხნეობით უვლიდა სახლს... (ა. ყაზბ). − იდიდოს, ღმერთო, შენი სახელი! − დაუმატა მეორემ, − თუ გაგვაჩინე, მოგვიმართე კიდეც ცოტა რამ ხელი, თუ არა და ბარემ სულ ერთ დღეს მიიბარე ჩვენისული და მოგვარჩინე ამ წვა და დაგვასა! (ნ. ლომ.).

 

წვეთი ზღვაში სულ ცოტა, სულ მცირე (რამესთან შედარებით).

 

წითელ კვერცხს უგორებს ელოლიავება, ცდილობს ასიამოვნოს, ყველაფერში უთმობს, მისი გულის მოგებას ცდილობს. ეს ისეთ ადამიანია, თუ სულ წითელი კვერცხი არ უგორე, მასთან ვერას გახდები (თ. სახ).

 

წითელი კოჭი ვითომც ყველაზე უკეთესი, განსაკუთრებული, გამორჩეული. − თქვენ რა ბოლნისი გაგიწყრათ! რა წითელი კოჭები ბრძანდებით! გამოდით და თქვენც დარეკეთ (მ. ჯავახ.). საქართველოში კაცი არ დარჩა, რომ არა თუ შვილი" თვითონ მამებიც არ გაეწვიათ ჯარში და ახლა მიდი შენ და ითხოვე, ჩემ შვილს ფრონტზე ნუ გაუშვებთ, რადგან ის წითელი კოჭი არის-თქო (ა. ბელ.).

 

წინ აღუდგა წინააღმდეგობა გაუწია, რისამე ნება არ მისცა, გზაზე გადაეღობა. მე მალაპარაკებს... გრძნობა პატიოსანი კაცისა, რომლის მოვალეობაც არის გამოესარჩლოს ყველა დაჩაგრულს, წინა აღუდგეს ყოველ უსამართლობას (ა. ყაზბ.)...

 

ვინც წინა აღუდგეს ჩვენს ახლანდელსა განცხადებულსა იყოსმცა წყეულ და შეჩვენებულ უკუნითი უკუნისამდე (შ. დად.).

 

წინ დადგომა წინააღმდეგობის გაწევა, გზაზე გადაღობვა; ჯობნა. − ფეფელო ჩემია მეთქი, მორჩა და გათავდა! ვნახავ ვინ დამიდგება წინ (მ. ჯავახ.). − სადაც შენი ნება-სურვილი წინამძღვრად მეყოლება, ბატონო, მე მგონია, იქ ვერაფერი ვეღარ დამიდგეს წინ (ბან); გურიაში ყაძახის შვილი ჩემ შვილებს წინ ვერ დაუდგება! − ამბობდა სიხარულით ბაბალე (ე. ნინოშ.).

 

წინ წაწევა დაწინაურება, წარმატების მიღწევა, უფრო საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. პარტია უთუოდ დაეხმარებოდა არზაყანს და წინ წასწევდა (კ. გამს.).

 

წისქვილის ქვის დატრიალება თავზე ბევრი გაჭირვების, ტანჯვა-წვალების გამოვლა, თავზე კევრის დატრიალება! რა არ გადაგვხედია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან... რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე (ილია).

 

წიხლის დაჭერა დაჩაგვრა, შევიწროება, გაქელვა... ერთ კაცს მუჭაში უჭერიხართ და როცა ჩემისთანას მოასწრებთ, წიხლს აჭერთ!.. რატომ იმაზე ხმას არ იღებ, ჰა, მითხარ ერთი!... (ს. მგალობ.).

 

წკიპზე შემდგარი გაფიცხებული, ჩხუბის ხასიათზე მოსული. ოტიას ბიძაშვილი, ბესარიონი უკვე ვიღაცას წალაპარაკებოდა და წკიპზე იყო შემდგარი − ჩხუბის დაწყებას ეპირებოდა (დ. კლდ.)

 

წმინდა წყლის წესიერი, სინდისიერი, პატიოსანი; ნამდვილი, აშკარა. ღმერთმა ჰქნას...

 

იმისთანა წმინდა წყლის კაცი, როგორიც კორესპონდენტია, ამისებრ დანაშაულის მეტს სხვას არასა გრძნობდეს წინაშე ადამიანისა... (ილია). შუათანა ძმამ უთხრა: ჩემი ცოლი ცოტა უკეთესიაო, მაგრამ წმინდა წყლისა არც ის არისო; არც ის მაყრის ხეირსო (თ. რაზიკ.). თვითონ კი, ჩახრუხაისძე, ეს ხომ წმინდა წყლის პიიტიკოსია. ამას სულ არ ემარჯვება მშრალი მატიანის წერა (შ. დად.)

 

წრეს გადასვლა გადაჭარბება, ზომიერების ფარგლებიდან გამოსვლა, საზღვარს გადასვლა....

 

თქვენ უნდა ჩაგვაგდოთ ჩვენა გულისხმაში, როცა... წრეს გადავალთ და დავაშავებთ რასმე (ს. მგალობ.).

 

წრეს გადასული გადაჭარბებული, საზღვარს გადასული. აქ მარტო შესანიშნავია წრეს გადასული თვითნებობა კაცისა... (ილია).

 

წუთისოფლის გამოსალმება მოკვლა, სიკვდილი, სიცოცხლის გამოსალმება. იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გვკრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს... (ვაჟა). მინდორმა შემიქცია ნადირობით, ერთი მელა გამოვასალმე წუთისოფელსა და ორი კურდღელი (ს. მგალობ.). შიშისაგან ტანში ჟრუანტელმა დაუარა, იფიქრა, ეგ არის, უნდა გამოვესალმო წუთისოფელსაო (ვაჟა).

 

წყალი არ გაუვა (რამეს) უდავოა, უეჭველია, ნამდვილია (რამე).

 

წყალი შეუდგა (ვინმეს, რამეს) სიმტკიცე მოაკლსა, საფუძველი შეერყა (ვინმეს, რამეს).

 

წყალს ასხამს (ვისიმე) წისქვილზე ეხმარება (ვისმე), (ვისიმე) სასარგებლოდ მოქმედებს. ეს, ჩემო ძმაო, ისეთი ვინმეა, რომ თავისიანები ავიწყდება და სხვის წისქვილზე ასხამს წყალს (თ. სახ.).

 

წყალში გადაყრა (რისამე) უსარგებლოდ დაკარგვა, დაღუპვა (რისამე); არდაფასება (ამაგისა, სიკეთისა...). ამდენი შრომა წყალში გადაყარა (განმ. ლექს.). რამდენ ომში ვასახელე, რამდენი ვაჟკაცობა გამოვიჩინე, თვითონაც როგორ პირში მაქებდნენ და ახლა კი ესე წყალში გადამიყარეს ყოველი ჩემი ნაამაგარიო? (შ. დად.).

 

წყლიდან მშრალი (გა)ამოსვლა თავის გამართლება, თავის მოხერხებულად დაძვრენა (გაჭირვებიდან, ჩადენილი დანაშაულიდან). (თევდორა) შეუდგა ისევ იმის ფიქრს,

 

რომ გოგოც ხელში ჩაეგდო და წყლიდანაც მშრალი გამოსულიყო, ხოხობიც დაეჭირა

 

და ბარდებიდანაც დაუკაწრავი გამომძვრალიყო (ვ. ბარნ.).

 

წყლის ამღვრევა განზრახ შფოთის, არეულობის გამოწვევა, მდგომარეობის გამწვავება ვითომ შუაკაცობენ და საქმით კი წყალს ამღვრევენ (ა. ყაზბ.). ზურაბი გულში ამბობდა: ახლა კი ვიცი, წყალს ვინ ამღვრევს! (ს. შანშ.).

 

წყლის ნაყვა უსარგებლო რისამე კეთება, უაზრო, ფუჭი შრომა. ამაებზე საუბარი წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი (ილია). − შენთან ლაპარაკი წყლის ნაყვაა სწორედ..., შენ რასაც გეუბნებიან, უნდა გაიგონო... (ს. მგალობ.) − მაშ ეხლა წყლის ნაყვა გამოდის, რაღა? თხა ვიყიდე, თხა გავყიდე, სარგებელი ვერა ვნახე, − გაიფიქრა მან და მოიღუშა... (გ. ნახუცრ.).

32

▲back to top


 

ჭირი მოგ(ვ)ჭამა დაიღუპა, მოკვდა, გაქრა, აღარ არსებობს, თქვენი ჭირი წაიღო. „ბორანი თუ მუშაობს“ − იკითხა მხედარმა ყასიდად, თუმცა იქვე ეგდო გაწყვეტილი ჯაჭვი ბორნისა. „ბორანმა მოგვჭამა ჭირი“, − სთქვა მებორნემ (კ. გამს). ზამთარმა ჭირი მოგჭამათ, ფერი ცემს გაზაფხულისა (შ. მღვიმ.).

 

ჭკუაში დაჯდომა (რისამე) მოწონება, დასაშვებად მიჩნევა (რისამე). ოტიას ჭკუაში დაუჯდა ეს სიტყვა და იამა მისი კარგად ხსენებაც (დ. კლდ)... ჩემი აზრები ჭკუაში არ დაუჯდა ქორა მახვშს (კ. გამს.). მადლობა ღმერთსა! ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაგჯდომია, გაიღიმა ივანემ (მ. ჯავახ.).

 

ჭკუაში მოსვლა (რისამე) იხ. ჭკუაში დაჯდომა (რისამე). ბახვას ამდენს აუარება გასაყიდ მამულებში არც ერთი არ მოსდიოდა ჭკუაში (გ. წერეთ)... ქვეყნის საქმე ქვეყანას რომ ჭკუაში მოუვა, ისე უნდა წავიდეს (ე. ნინოშ.).

 

ჭკუის დანაყვა უჭკუოდ უგუნურად მოქცევა ჭკუის წაგება. ემ-კი ჭკუასა ჰნაყავს, გამოიქცა სოფელში მასწავლებლად და ცხრამჭადაანთ საბას მეგობრად... გაუხდა (მელან.).

 

ჭკუის დაფქვა იხ. ჭკუის დანაყვა. მგელმა იფიქრა: ...რა ჭკუა დავფქვი, რომ არც არაფერი მოზვერს ვუყავი და არც არაფერი ერკემლებსა და ვირსაო (თ. რაზიკ.).

 

ჭკუის კოლოფი ჭკვიანი ადამიანი; უჭკუო, სულელი. საერთოდ ჩალმაზი ჭკუის კოლოფია. არზაყანს რომ ჩალმაზის ამხანაგური რჩევა გაეზიარებინა, მას სიყვარულის საქმეებშიაც არ შეხვდებოდა ამდენი დავიდარაბა (კ. გამს.)... გაგიგონიათ სადმე... ასე თავზე ხელაღებული ბოდვა! ჭკუის კოლოფს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის, თუ არ დაგიშლიათ! (ი ლ ია).

 

ჭკუის წაგება უჭკუოდ უგუნურად მოქცევა,,, მაგრამ მე ის უფრო მტანჯავდა, რომ ჭკუა წავაგე და ორი „ლინეიკა“ დამკრეს (აკაკი). ვაჭრობისთანა მომგებიანი არაფერია, დამიჯერე და ჭკუას არ წააგებ“ (გ. ნახუცრ.).

 

ჭურში ჯდომა ჩამორჩენილობა, უვიცობა, უმეცრება, კარჩაკეტილობა. აქამდე თითქო პურში მჯდარიყოს. სულ არაფერი არ სცოდნია ამ ქვეყნისა (შ. დად.). 

ხაზი და ლარი არ უნდა იხ. ლარი და ხაზი არ უნდა.

 

ხაზის გადასმა უარყოფა, დავიწყება (რისამე), კავშირის გაწყვეტა (ვინმესთან, რამესთან).

 

ხაზის გასმა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, ყურადღების გამახვილება, გახაზვა.

 

გინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემისთანა განაზებული ინტელიგენტი მშიშარაა და სისხლის დანახვაზე გული მისდის?... (გ. ნახუცრ.).

 

ხარის ნავალი იხ. ირმის ნახტომი. უხვად მობნეული ვარსკვლავები უფრო მკაფიოდ მოკრთოდნენ, ციმციმებდნენ და ჩვენს თვალს აცეცებდნენ... სარტყლად გადავლებული „ხარის ნავალი“ გადაჰჭიმოდა ზედ შუაზე ცას... (შ. არაგვ.).

 

ხარკს უხდის (ვინმეს, რამეს) (ვისიმე, რისამე) გავლენით მოქმედებს ან აკეთებს რამეს, ანგარიშს უწევს (ვინმეს, რამეს). ზოგი იჭვნეულად იღიმებოდა, გლეხურად ჩაუცვამსო. ეს ამალ დროს ხარკს უხდისო ნათავადარი (კ. გამს.).

 

ხაფანგის დაგება იხ. მახის დაგება. მღვდელი... უთუოდ რაიმე ხაფანგის დაგებას მიპირებს, თორემ ისიც... არც ერთ მატარებელს არ გაუშვებდა უნახავად-მეთქი (შ. არაგვ.).

 

ხახამშრალი დატოვება მოტყუება გაწბილებული, პირში ჩალაგამოვლებული დატოვება, ცარიელზე დასმა. ყამარი მალე უნდა მოვიტაცოთ, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, თორემ სხვები მოგვტაცებენ და ხახამშრალს დაგვტოვებენ (მ. ჯავახ.). ყველანი წივილ-ჟივილით გაიფანტნენ და გაცრუებული მეომრები ხახამშრალი დატოვეს (მ. ჯავახ.)

 

ხახის დალბობა ქრთამის მიცემა, მოქრთამვა. ერთი ოციოდ თუმანი მოგინდება, რომ იმისი მახლობელნი შევისყიდოთ. ერთი კაცია იქ, იმისი სიტყვა გრძელაძიანთ მოსესათვის ბეჭედია, ფირმანია სწორედ. იმას უნდა ხახა დავულბოთ (ილია).

 

ხელები ექავება საქმის გაკეთების სურვილი აქვს; ვისიმე ცემა სურს... ჯარის საქმე მალე დავისწავლე და მერე სულ ხელები მექავებოდა ჩვენებური საქმისათვისო (ვ. ბარნ.). ვინ იტყვის, თუ არ ბრიყვი, თავხედი, − ცხოვრებას კისერში ხელსა ვსტაცებ და თავს, საითაც მინდა, იქით ვუზამო? ეცადოს, ვისაც ტვინი და ხელები ექავება (ვაჟა).

 

ხელ(ებ)ის ლოკვა მლიქვნელობა, ფარისევლობა, ლაქუცი. ყური მოვკარ ამ დილით, ვითომ დიდ ადგილს უნდა გაძლევდნენ, ვითომ მლიქვნელობით და ხელის ლოკვით მიგეღოს (ს მგალობ.).

 

ხელ(ებ)ის შეკვრა მოქმედების საშუალების მოსპობა, შეზღუდვა, შებოჭვა. გიორგის სახეს რაღაც სხვა ჩრდილი გადაჰკროდა..., ეს აშინებდა ნატოსა და ხელებს უკრავდა (მ. მრევლ.).

 

ხელებში უყურებს (ვისმე) იხ. ხელებში უცქერის (ვისმე).

 

 

ხელებში უცქერის (ვისმე) სარგებელს, გამორჩენას, სარფას მოელის (ვინმესგან).

 

ხელზე დახვევა (რისამე) რისამე ამოჩემება და საბაბად, საბუთად გამოყენება, თითზე დახვევა (რისამე). მარტო მხდალი და ლაჩარი ამისთანა ლათაიებს მიზეზად დაიხვევს ხოლმე ხელზე, როცა... სხვის ლანძღვა-თრევას ხმაამოუღებლივ იტანს... (ილია). მაშ ფრანგისტანში ისევ ბატონყმობა დარჩა? − ეს მაგალითი ხელზე დაიხვია და რამდენჯერმე იკითხა დაჟინებით, − ისევ დარჩა მეთქი? (მ. ჯავახ.) ქაა, რა ხელზე დაიხვია ე უთანასწორობა ... უსწორო და უფარდი არ იყავი შენი ქმრისათვის!? მერე რა დაშავდა ამითა" (ო. ჩხ.).

 

ხელზე დახვევა (ვისიმე) დამორჩილება, თავისი ნების შემსრულებლად გახდა (ვისიმე). ბატონი რომ თითო ადლს უთმობდა, ცალთვალა თითო გოჯსაც არ იმეტებდა ბოლოს ყმამ მაინც მოდრიკა ბატონი და ხელზე დაიხვია (მ. ჯავახი). მხოლოდ უკვირდა რაღად იხვევდა ხელზედ ვაჟკაცსა (ვ. ბარნ.)

 

ხელთ იგდო მოიპოვა, შეიპყრო, დაეუფლა, დაისაკუთრა, დაიპყრო, იხელთა, ხელში ჩაიგდო თავადაზნაურობამთ ხელთ იგდო დრო (ილია). მე სხვა დროს ხელთ ვერ ვიგდებდი უკეთესს (აკაკი). მათ ხელთ იგდეს ჯვარედინი გზები, მიუვალი ციხეები (მ ჯა ვ ახ.)

 

ხელი არა აქვს (ვინმესთან, რამესთან) უფლება არა აქვს, არაფერი ესაქმება (ვინმესთან, რამესთან), არ ეკუთვნის (ვინმე, რამე) (იხ. რა ხილი აქვს). მიწაწყალი თქვენია, საკომლოს რაც გნებავთ, ის უყავით, მაგრამ ობოლზე-კი ხელი არა გაქვთ და დაგვიბრუნეთ (აკაკი). ...გთხოვ ჩემთან მას ნუ ახსენებ ირინესთან იმას ხელი არა აქვს დღეიდან, არა, ასე მოახსენე ... − როგორ თუ ხელი არა აქვს? რა გინდა ამით თქვა? − იხ, რომ ირინეს საუკუნოდ გამოეთხოვოსთ (დ. კლდ.).

 

ხელი გამოჰკრა (რამეს) იშოვა, შეიძინა (რამე) სამი წლის განმავლობაში ბახვამ ათას თუმანს გამოკრა ხელი პორტში მუშაობით (გ. წერეთ.).

 

ხელი მიჰყო (რამეს) დაიწყო (რამე), ხელი მოჰკიდა (რამეს) ამიერიდან მუცელას ცხოვრება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა: მიჰყო ხელი წინანდებურად სმა-ჭამას (ვაჟ ა). სარდიონ ქველიძემ, როგორც იქნა, გაიმართლა თავი მმართველობის წინაშე, ისევ ვექილობას მიჰყო ხელი და გლეხებიც მასვე დაუბრუნდნენ (დ. კლდ.). ...დავითმა დაანება თავი ხის ვაჭრობას და სიმინდის ვაჭრობას მიჰყო ხელი (ე. ნინოშ.).

 

ხელი შეაწია (ვინმეს) (დაეხმარა, უშველა, შეეწია, ხელი მოუმართა მისცა ათი თუმანი ფული, სხვითაც ყველაფრით ხელი შეაწია... (თ. რაზიკ.).

 

ხელი ხელს მისცეს შეკავშირდნენ, ერთმანეთის დახმარება, მხარის დაჭერა გადაწყვიტეს ანგლიის და ფრანციის კონსულები დანამდვილებით ამბობენ, თუ რუსეთმა და ოსმალეთმა ხელი ხელს მისცეს, ჩვენც ჩავერევით და რუსეთს ოსმალეთზე უარეს დღეს დავაყრითო (მ. ჯავახ.).

 

ხელიდან გამოცლა (ვისიმე, რისამე) წართმევა, დაკარგვა, დაღუპვა (ვისიმე, რისამე). რა ანგარიშია, რომ ჰლამის ხელიდამ გამოგვაცალოს ჩვენ ჩვენი საუნჯე... (ილია). რაკი მუქთი გლეხები და შინაყმები დიდებულ მებატონეს ხელიდან გამოეცალნენ, იმან სოფელში ვეღარ გასძლო ცხოვრება (გ. წერეთ.)... ისედაც სიკვდილის პირზე მისული უბედური ქალი წუხელ კინაღამ ხელიდან გამომეცალა (მ. ჯავახ.) ...თქვენსავით ამ ტალახში ვეღარ ვიცხოვრებ მე მალე გამოგეცლებით ხელიდან და თქვენს უბედურ თავებს თქვენვე მიხედეთ (გ. ნახუცრ.).

 

ხელიდან წასვლა დაღუპვა, უიმედო მდგომარეობაში ჩავარდნა; გაფუჭება, გადაგვარება, ზნეობრივად დაცემა, სწორი გზიდან გადაცდენა. − შენ ისე ლაპარაკოი, ასე გგონია ჩემი საქმე მართლა ხელიდამ წასულიყოს (ილია). აი რას ნიშნავს ცუდი მშობლები. ყურადღება არ მიაქციეს (ჟორას) და წავიდა ხელიდან (ა. ბელ.). − დავღუპულვართ! მთლად წასულა ხელიდან. − იჰ, ასეა. კარგადყოფნის დროს რომ ფეთიანია კაცი, ავადმყოფი რაღა იქნება (ბან.).

 

ხელიდან წასული გაფუჭებული, გადაგვარებული, ზნეობრივად დაცემული, სწორი გზიდან აცდენილი. ამ სულელებს რაც გინდა, უთხარი, ღმერთმან იცის, გააგებინებენ?! ამათ ქალებზედ ელაპარაკე, მაშინ თუნდ საღამომდინ ყურს დაგაგდებენ, ხელიდან წასულები არიან (ილია).

 

ხელის აღება (ვინმეზე, რამეზე) თავის მინებება, მიტოვება; გაწირვა. მას აქეთ, რაც ის ხიფათი შეემთხვა, ხელი აიღო მეურნეობაზედ (ილია). განა ღმერთმა რომ კაცს ჭკუა მისცეს, ასე ოხრად უნდა მიანებოს თავი, როგორც თქვენ აიღეთ ჩემზე ხელი? (ვაჟა) კნეინა რუსუდანს ოჯახის უფროსობაზე ხელის აღება არ უნდოდა (ე. ნინოშ.) თუ ღმერთმაც აიღო ჩვენზე ხელი, ე ჩვენ მაინც ნუ ვახდენთ ერთმანეთსა (ნ. ლომ.).

 

ხელის აშვება მიტოვება, თავის დანებება. ერვანდს უკმეხად ჰკითხა ბახუტომ: − ყმაწვილო! ხელი რად აუშვი ჩემს სამუშაოს? (ს. შანშ.)

 

ხელის გამართვა დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, ხელის მომართვა. ეხლა არც ფული გვაქვს, არც არაფერი, ორი დღის უჭმელები ვართ; თუ ღმერთი გწამს ხელი გაგვიმართეთ და ქალაქში ჩაგვიყვანეთ... (ილია)

 

ხელის გამოღება გააქტიურება, ენერგიული მოქმედების დაწყება (შრომაში, ბრძოლაში...)...

 

დღესაც რომ მისთანა დღე ადგეს ჩვენს ქვეყანას, შენც გამოიღებდი ხელს თუ არა? გამოიმეტებდი თავს მტერთან შესაკლავად? (აკაკი). თითოეულმა თქვენგანმა ხელი უნდა გამოიღოს. აბა, ვინც ვარგა... ახლა გამოჩნდება (ლ. ქიაჩ.).

 

ხელის გა(მო)წოდება დახმარების გაწევა, შველა. მაგრამ ვერ ვნახე ამ ქვეყნად ეს ჩემი შემჭმელ-შემსმელი, რომ ერთხელ გაჭირების დროს გამომიწოდოს მე ხელი (შ. მღვიმ.).

 

ხელის განძრევა შრომა, გარჯა, საქმიანობა. ჩაუცვამს რაღაც ქაჯურად, იპრანჭება და სამუდამოდ ხელს აღარ ანძრევსო (აკაკი)... ახლა ღარიბები ვართ, მარა ხელს გავანძრევთ, გავირჯებით და ჩვენც ტკბილი ცხოვრება გვექნება (ე. ნი ნო ში) .

 

ხელის გასვრა არასაკადრისი, შეუფერებელი მოქმედება, უღირსი საქმის ჩადენა. უი, ჩემ თვალებს! ქა, როგორ იქნება? უბრალო კაცის შვილები ხომ არ არიან, ათ-ათ თუმანში ხელი გაისვარონ? (ილია). ნუ იკადრებ, ბატონო, უგუნურობით მოუვიდა! იმაზე ხელის გასვრა რა თქვენი საქმეა (ე. ნინოშ.).

 

ხელის გაწყობა იხ. ხელის გამართვა. ...გაჭირვების დროს რამდენჯერმე მიირბინა ჯერანმა სიმამრთან ფულის სასესხებლად, მაგრამ ვერც ერთ დროს ერთი გროშითაც ვერ გაუწყო ხელი (ე. ნინოშ.). (მხლებლებს) ვახტანგისაგან... დახმარება და ხელის გაწყობა... ათასჯერ უნახავთ (ნ. ლორთქ.).

 

ხელის გულზე გაგორება იხ. ფეხქვეშ გაგება. როცა იტალია ბისმარკის მოსაწონად იქცევა, მაშინ ბისმარკი რომის პაპს ზურგს შეაქცევს და როცა თავს არ აწონებს, ბისმარკი ზურგს იტალიას შეაქცევს და რომის პაპს ხელის გულზედ გაუგორდება ხოლმე (ილია).

 

ხელის გულზე დასმა (ვისიმე) იხ. ხელის გულზე ტარება (ვისიმე). ხელის გულზე დაგისვამ და სულ ისე გატარებ (ა. ცაგარ.)

 

ხელის გულზე ტარება (ვისიმე) დიდ პატივში, ფუფუნებაში ყოლა (ვისიმე), დიდად პატივისცემა; მზრუნველობა, მოვლა. (გელა) პატარაობიდანვე ძიძასავით მივლიდა, ხელის გულზე მატარებდა (ა. ჭუმბ.)

 

ხელის გულის მოპოხვა ქრთამის მიცემა. (მამასახლისი) მოწმობას აღარ აძლევდა... და, როცა ხელის გული მოუპოხეს, მაშინ მოწმობაც მისცა და „ფეჩატიც დაუკა“ (ვ აჟა).

 

ხელის დაბანა პასუხისმგებლობის მოხსნა თავიდან; საქმეში არ ჩარევა, განზე გადგომა... მე მაგ ცოდვაში არ ჩავდგები. აი, შენი ბეედ მოცემული ხუთი თუმანი, მე კი ხელი დამიბანია (ილია) − არა გეთაყვა, მე მაგ საქმეში ხელი დამიბანია, მე მაგას არა ვიქ, ეხლავ გეუბნები (ილია). − ჯიბრში კი არ გიდგები. ხელს ვიბან მეთქი. თუ ჩვენი საქმე უარესად წავიდა, მე ნუღარაფერს ნუ დამაბრალებ მეთქი (მ. ჯავახ.).

 

ხელის დადება დაბრალება (რაიმე დანაშაულისა), დამნაშავედ გამოცხადება. − კეთილი და პატიოსანი, აბდულ ქერიმ ოღლი! გაძარცულმა მალაკნებმა გიცნეს და ხელი დაგადეს. ამაზე რაღას იტყვი? (მ. ჯავახ.). ...შეიპყრეს ჯოტო გვასალია, იგი მყისვე გამოტყდა, თავის სიმამრს გვანჯ აფაქიძეს დაადო ხელი (კ. გამს.).

 

ხელის დამშვენება ფასეული საჩუქრის მირთმევა.

 

ხელის დარევა ჯობნა, მორევა, დაუფლება. დიდხანს ყოყმანობდა წერეთელი: მისი ნაერთგულარი ბაქარას შვილები დასაკარგავად არ ემეტებოდა, მაგრამ აბაშიძის მეშურნეობამ დაჰრია ხელი (აკაკი). ...მე წინდაწინვე დავემადე და უკვე შევეჩვიე ჩემს ხვედრს, ჩემს ავს ბედს, რომელმაც ასე უღვთოდ დამრია ხელი და გამთელა (მ. ჯავახ). ძარღვებმოშლილ ცაცას უკვე მოუთმენლობამ და ბრაზმა დაჰრია ხელი (გ. ნახუცრ.).

 

ხელის დაფარება ვისიმე დანაშაულის დამალვა, მიჩქმალვა, დანაშაულის დაფარვაში დახმარება, დაცვა. ალბათ მღვდელს იმიტომ დააფარა ხელი ოქრუა უნათლოშვილმა, რომ რამე ხათრი და კავშირი არის მათ შორის და ამიტომაც ცდილობს ყალბი მოწმობის მიმცემი მღვდელი წყლიდან მშრალი ამოიყვანოს... (ე. ნინოშ.) ...რამდენჯერ მყავდა (კევორქი) ხელში მომწყვდეული, მაგრამ დადიანი და აბულ-ასანი ხელს აფარებდნენ და ვერა გავაწყე რა (მ. დად.).

 

ხელის მიცემა შეკავშირება, პირობის შეკვრა ვინმესთან. ამ ბოლო ხანებში ბისმარკს სულ ერთი საზარელი ლანდი ელანდებაო: ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთმანეთს ხელი არ მისცენო (ილია). მტრები ხელს მისცემდნენ ერთმანეთს სპარსეთის სანადგურებლად (ვ. ბარნ.).

 

ხელის მოთავება რაიმე საქმის ბოლომდე მიყვანა; დაღუპვა, ბოლოს მოღება... ნაძვის კვარს ვანთებ და მინდა თხუნელების ღმერთს შევევედრო, იმ სახეძაღლს ამ დევის ქვაბში მომითავოს ეგების ხელი (კ. გამს.).

 

ხელის მოთბობა სარგებლის, სარფის მიღება (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით). თამარმა აკრძალა (ტყვეებით ვაჭრობა)... მაგრამ რას იზამ, როდესაც აბულ-ასანისთანა გავლენიანი კაცი ჩუმად მხარს უჭერს ზორაბაბელის აღვირახსნილ მადას... უთუოდ თვითონაც კარგა ხელს ითბობს... (შ. დად.). ეს იყო მოსახლეობის ის უმნიშვნელო ნაწილი, რომელიც... ან სულ არ მუშაობდა, ან ისეთი თანამდებობა ეჭირა, რომ ადვილად შეეძლო ხელის მოთბობა (ა. ბელ.).

 

ხელის მოკიდება (რისამე) რისამე გაკეთების დაწყება, საქმის შედგომა, წამოწყება;

 

მისაკუთრება, დაუფლება. პეტრე დიდმა ამ ვითარებას საქმისას ხელი მოჰკიდა...

 

(ილია). ბრალდებულო დამცველი არა ჰყავდათ. ფული ვერ გაიღეს დამცველისათვის და უფულოდ არავინ მოჰკიდა ხელი (ე. ნინოშ.)... მხოლოდ ოდას კი არავინ ჰკიდებდა ხელს, რადგანაც ჭლექიანი მოკვდა შიგ (ე. ნინოშ.).

 

ხელის მოკლება შესუსტება, მოკლება (ზრუნვისა, ყურადღებისა...) − ჩემი აზრით, თითო-თითოდ უნდა წავიდნენ საძებრად, ბატონო, თორემ როდესაც ორი კაცი ერთად არის, ერთმანეთის იმედი აქვთ, ერთმანეთსაც იქცევენ და გულდასმით ძებნა-თვალიერს ორივე ხელს აკლებს (ბან.). − აქ, ბატონო სამსონ, განა ხელს აკლებთ?... (ა. ბელ.).

 

ხელის მომართვა დახმარების გაწევა, შეწევნა, ხელის შეწყობა, გამართვა! − იდიდოს, ღმერთო, შენი სახელი! − დაუმატა მეორემ, − თუ გაგვაჩინე, მოგვიმართე კიდეც ცოტა რამ ხელი (ნ. ლომ.)... შენს გამოსახსნელად წამოვედი; თორღამ ციხის ამბავი იცოდა, და წმინდა გივარგიმ კი ხელი მოგვიმართა (ა. ყაზბ.).

 

ხელის მონაცვლება დახმარების მიღება, უცებ ფულის შოვნა სესხად. თქვენცა გყავთ...

 

ნათესავები,..., იმათგან ხელს მოინაცვლებთ (ნ. ლომ.).

 

ხელის მოცარვა დაბრკოლება ხელის შეშლა, იმედგაცრუებული დარჩენა. ყველგან რომ ხელი მოეცარა: ბიზანტია არ იკარებს, აბუბექარი აღარ ენდობა. თვით საქართველოში მისი მომხრე თითქმის აღარავინ არის... პატივაყრილი... აზიაში დაძრწის (შ. დად.). ხელი მომეცარა სიყვარულში, სამეცნიერო ასპარეზზე ხელი მომეცარა. ერთ რამეში არ მომეცარება მგონია ხელი და ამას ჩემი ბრაუნინგი გადასჭრის უკეთ... (კ. გამს.).

 

ხელის მოწყობა იხ. ხელის შეწყობა. ...გოგო ფუსუტია მომიყვანე, ხელს მომიწყობს... (დ. კლდ.). „ღმერთმა ისე მომიწყო ხელი, რომ ფრჩხილიც არ წატეხია, ისე გამოვზარდეო“ − სიხარულით ამბობდა პეტრე (ე. ნინოშ.).

 

ხელის შეშვება მიტოვება, თავის მინებება, ხელის აღება. ერთი-ორი თვის განმავლობაში ეს განკარგულება სასტიკად სრულდებოდა, შემდეგ კი, რადგანაც მეტად საძნელო იყო, შეუშვეს ხელი (ე. ნინოშ.). ხელის შეშვება არ ვარგა, თორემ ბატონობას ბოლო არ მოეღება... (ს. მგალობ.).

 

ხელის შეშლა შეფერხება, დაბრკოლება. ქვეყანასა ჰშურს ჩვენი ბჭობა, კარგი საქმე არა დავიწყოთ-რა და ხელის შეშლა სწადიანო (ვაჟა). იყვნენ ისეთებიც, რომელნიც, თავისი ყოფაქცევით, უმსგავსო საქმეებით ხელს უშლიდნენ სახელმწიფოს კეთილდღეობას (ა. ბელ.).

 

ხელის შეწყობა დახმარების გაწევა, შეწევნა, შველა, ხელის გამართვა. ეს ორი ოჯახი იყო, რომ მამხნევებდა, ხელს მიწყობდა, გულს მიკეთებდა (აკაკი)... ოტიას ამ შემთხვევაში გარემოებაც ხელს უწყობდა, რომ ჩვეულებაც უკუეგდო და საქმეც გაეადვილებინა (დ. კლდ.).

 

ხელის ჩაქნევა იმედის დაკარგვა, გულის გატეხა, ყველაფერზე ხელის აღება. გული მიკვდება ასე რომ გხედავ, − რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიე (გ. ნახუცრ.). ამ მხრივ გული ჩამიკვდა, ხელი ჩავიქნიე და სრული სიცარიელე გამეფდა ჩემს ჩამობნელებულ სულში (გ. ნახუცრ.).

 

ხელს არ აძლევს ხელსაყრელი, სასარგებლო არ არის მისთვის (იხ. ხელს არ მისცემს). ბევრმა ხელი აიღო ხვნა-თესვაზე რადგანაც ხელს არ აძლევდა (ილია).

 

ხელს არ დააკლებს არ მოერიდება, გააკეთებს, ჩაიდენს (რამეს ვისიმე მიმართ). ქვრივ-ობოლს ვინ არა სჩაგრავს, და, რასაკვირველია, შეძენის სურვილით გატაცებული სახუცესიც არ დააკლებდა ხელს (აკაკი). მართალია, ჯერ დიდიზა ვერ შეუბედავს, ვინცხაა, მარა რომ გამეიცდება იმასაც არ დააკლებს ხელს (ე. ნინოშ.).

 

ხელს არ დაიწვავს არ წააგებს, მისთვის უსარგებლო არ იქნება. ეგ ქალი კაი მზითვიანსა ჰგავს:

 

ვინც მაგას წაიყვანს, ხელს არ დაიწვამს (ა. ერ-ხოშტ.).

 

ხელს არ მისცემს ხელსაყრელი, სასარგებლო არ იქნება მისთვის. მე, მართალია, სამხედრო სამსახური მსურს, მაგრამ მისთანა ადგილს მინდა შევიდე, სადაც სწავლის გაგრძობა შესაძლებელი იქნება და თქვენი კანვოობა კი ხელს არ მომცემს-მეთქი (აკაკი). „არა, დედავ, მე თითონ უფრო ძვირათ მიყიდნია, ხელს არ მომცემს“, წარმოიდგენდა ის, ვითომც ყიდდა (დ. ჭონქ.).

 

ხელსა და ხელს შუა იხ. თვალსა და ხელს შუა. კიდეც ეგ არის საწუხარი, რომ არც არა გაცვია და მოსავალი ხელსა და ხელს შუა გიქრება (ა. ერ-ხოშტ.)

 

ხელ-ფეხის გახსნა თავისუფალი მოქმედების საშუალების მიცემა. ეხლა კი პირობა დარღვეულია და მეც ხელ-ფეხი გამეხსნა (მ. ჯავახ.). კოლა სიამოვნებით დნებოდა, მას ხელ-ფეხი გაეხსნა, გული დაუმშვიდდა − სახლში და საწყობში ძაღლივით ერთგული, საქმის საუკეთესოდ მცოდნე კაცი ეგულებოდა (გ. ნახუცრ.).

 

ხელ-ფეხის შებოჭვა იხ. ხელ-ფეხის შეკვრა. რას ჩამციებია ეს დალოცვილი უსურვაზი, რომ მიბოჭავს ხელ-ფეხს (ვაჟა).

 

ხელ-ფეხის შეკვრა შეზღუდვა, დაბრკოლების შექმნა, შებოჭვა, შევიწროება. ამით წესდებამ ხელ-ფეხი შეუკრა სოფლის მმართველობასა (ილია).

ხელში დაჭერა (რისამე) თავის განკარგულებაში, თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, დამორჩილება, დაპყრობა (რისამე). ავადმყოფის ბედ-იღბალი და ექიმობა დედაბრებს და მკითხავებს უჭირავთ ხელში... (ე. ნინოშ.). საჭირო იყო ამ ხიდწინა სიმაგრის ხელში დაჭერა (ა. ბელ.).

 

ხელში მოგდება (ვისიმე, რისამე) იხ. ხელში ჩაგდება (ვისიმე, რისამე) − თუ ყაზახებს არ ჩავაყენებთ, შენი ჭირიმე, ის მოკეთეებისას დაიმალების და ხელში ვეღარ მოვიგდებთ (ა. ყაზბ.). თინათინის შერთვას აპირებდნენ ისეთი კაცები, რომლებიც რაკი მდიდარ მზითევს მოიგდებდნენ ხელში, შემდეგ იმის მეცადინეობაში იქნებოდნენ, როგორმე თინათინი ადრე ჩაძაღლებულიყო (ე. ნინოშ.).

 

ხელში უკვდება (ვისმე) ელაქუცება, ეპირფერება, მლიქვნელურად ექცევა (ვისმე).

 

ხელში შეიკლა (ვინმე) გააწამა, გატანჯა, გული გაუწყალა... იმ ბავშვებთან ენახა თვალხუჭია დედოფალი და შეგვიკლა ხელში... იმისთანა მიყიდეთ და მიყიდეთო (ა. ბელ.)

 

ხელში ჩაგდება (ვისიმე, რისამე) მისაკუთრება, დაპყრობა, დაუფლება, შოვნა, ხელში მოგდება (ვისიმე,რისამე). (ბახვა) მხიარულებისაგან აღარ იყო, რომ ამისთანა კარგი მიწა-წყალი, ერთი სათავადიშვილო მამული, ხელში ჩაიგდო (გ. წერეთ.). თუკი ძვირფასი ლალი იაფ ფასად იშოვება და მაინც კი ვერ ახერხებ ხელში ჩაგდებას, გული დაგწყდება... (ე. ნინოშ.)

 

ხელში ჩავარდნა (ვისიმე) მფლობელობაში გადასვლა, (ვისიმე) საკუთრებად ან ტყვედ გახდომა. ენის უცოდნელობის გამო ხალხი უნდა გამღლეტ-გამცვეთლებს ჩავარდნოდა ხელში... (აკაკი)... ამას იმისთვის კი არ ვამბობ, რომ სიკვდილის მეშინოდეს: მტერს არ მინდა ხელში ჩავუვარდე (ა. ბელ.).

 

ხმა აქვს გავარდნილი სახელი აქვს განთქმული, ცნობილია, სახელმოხვეჭილია. ეგეც ხომ, მაგრამ ხმაც დიდი აქვს სოფელში გავარდნილი (ილია).

 

ხმის გავარდნა რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა. მეორე თუ მესამე დღეს ფოთში გავარდებოდა ხმა: წუხელის კონტრაბანდი შემოიტანესო... (გ. წერეთ.). ერთ დღეს ხმა გავარდა, რომ... პავლია მერაბიძე ისე გამწარდა, რომ თავის ჩამოხრჩობა მოინდომა შიმშილის გამოო... (დ. კლდ.). რვა წლის წინათ ხმა გავარდა, ზოგმა თავად-აზნაურმა ყალბი სიგელი წარმოადგინაო (მ. ჯავახ.).

 

ხმის დაგდება რაიმე ამბის გავრცელება, ხმის დარხევა. ერთი თვის შემდეგ შარდინ ალშიბაიამ და გვანჯ აფაქიძემ ხმა დააგდეს ოქუმში: კაც ზვამბაია, თარაში და არზაყანი ტყეში შემოაკვდათო ტარბებს (კ. გამს.).

 

ხმის დარხევა იხ. ხმის გავარდნა. მთელ საქართველოში ხმა დაირხა, ვითომ ახპატის სისხლიან საქმეში დუცალის სახელიც გამოჩენილიყო... (მ. ჯავახ.). თბილისიდან დაურეკიათ, რაიონი დაცალეთო, მერე ხალხში ხმა დარხეულა, უღელტეხილზე გერმანელები არიანო (ა. ბელ.). ხმა იარმუკაში დარხეულიყო, საყდრის ეზოს მოსდებოდა და მთელი ქალაქი მიევლ-მოევლო (ბ. ჩხ.).

 

ხმის დაყრა იხ. ხმის დგდება. მანას და სიმონს ეშინოდათ, − დღისით ვისიმე ბოროტი თვალი შემოგვესწრება, ხალხში ცუდ ხმას დაგვიყრისო (ე. ნინოშ).

 

ხორცის შესხმა სინამდვილედ ქცევა, განხორციელება, სრულყოფა. გამოვა ახალი გაზეთი თუ არა, მისი რედაქცია უცილო ვალად ჰრაცხს... აღნუსხოს ყოველი ის, რითაც უპირობსგაზეთს სულის ჩადგმას და ხორცის შესხმასა (ილია)... მანამ კი, სანამ სინამდვილეს ხორცი არ შეუსხამს ..., ხმები მიმოქრის?.. რა ვუყოთ მერე.. ეს ბუნებრივია... (შ. დად.).

33

▲back to top


ჯანდაბამდის(აც) გზა ჰქონია! რაც უნდა, ისა ქნას! როგორც უნდა, ისე მოიქცეს! თავში ქვა იხალოს! (არაბ. ჯაჰან-ნამ ჯოჯოხეთი; უმოუსავლეთი; უბედურება). ჯანდაბამდისაც გზა აქვს, ვინც უნდა წაიყვანო! (რ. ერისთ.).

 

ჯანდაბას წავიდეს! იხ. ჯანდაბამდის(აც) გზა ჰქონია! − გიჟი ხომ არა ხარ, ბებერო! − დაიძახა ერთმა მაღალმა... დედაკაცმა, − აუმსო, რაა იჯარით აგიღია შენ ე წყარო... აიმსე შენა და წადი ჯანაბასა (ნ. ლომ.). ჯანდაბას წასულა მათი თავიცა და გურიელის ქალიც! (ბან.).

 

ჯანი გავარდეს რაც უნდა, ის მოხდეს; ჯანდაბას, არ მენაღვლება. − ერთი ასეთი ბუზმენტიანი ჩოხა გაიყოლია თან ჩემი, რომ ხუთ თუმნადა ღირდა, − დაიწყო ისევ უფროსმა, − ჩოხას ჯანი გავარდეს, ის ძველი და სხვა ახალი: მამაჩვენი შეძლებული კაცია... (ილია).

 

...ჯანი გავარდეს, ამ უმამულობასაც როდისმე მოუვლით... (ს. მგალობ). ჯანი გავარდეს, წამოვალ, მაგრამ იცოდე, ამაღამ უნდა გავაკეთოთ საქმე, თორემ... (გ. ნახუცრ.).

 

ჯვარზე აცვა იხ. აცვა. ჩემს სამშობლოსა ღალატი შავ ნისლივით ჩამოაწვა: ძმამ ძმას საფრთხე გაუთხარა, შვილმა მამა ჯვარზე აცვა (აკაკი).

 

ჯვარი ეწეროს! ცუდი აშოროს, ყოველგვარი უბედურება ასცდეს. − ...ღმერთმა დაგიფაროს ჭლექიანი ცოლისაგან. ჯვარი გეწეროს, გენაცვალოს დედა! (მ. ჯავახ.) ...თქვენი მტერი და დუშმანი დაიღუპოს და თქვენ, ჯვარი გეწეროთ (ბან.).

 

ჯვარს აცვა გააწამა, გატანჯა, გააწვალა. აბა გიორგის ამბავი წიგნში ამოგვეკითხნა, რა პრტყელ-პრტყელ ლაპარაკს მოვყვებოდით მე და შენ და ჯვართ ვაცვამდით ვისაც კაცის საწყაოდ გვარიშვილობა მოუხმარია (ილია). ...დამტანჯე, ჯვარს მაცვი, არასოდეს ჩემთვის საზრდო არ მოგიწოდებია (ვაჟა).

 

ჯიბე(ებ)ს ისქელებს მდიდრდება ბევრ ფულს შოულობს (ჩვეულებრივ, უპატიოსნო გზით).

 

ზოგი ქვეყნის ნაწვავ-ნადაგით, ნაოფლარით ჯიბეებს ისქელებს (გ. წერეთ.).

 

ჯიბეში თაგვები უთამაშებენ ფული არა აქვს, ღარიბია. ჩაივლის ბაზარზედ... ვითომ და სასყიდელი აქვს რამე, − ჯიბეში კი თაგვები უთამაშებენ. ბაზრის ბიჭებმაც იციან ესა და უყვირიან განგებ: ყმაწვილო, აქ შემობრუნდი, რა გნებავს? (მელან.)

 

ჯიბეში ჩაისვამს (ვინმეს) ყველაფერში აჯობებს, გაცილებით მეტი წონა და ავტორიტეტი აქვს.

 

ჯიბიდან გავარდნილი გამოჭექილი, მოხერხებული, გამოქნილი, ეშმაკი.

 

ჯორზე შეჯდომა გაჯიუტება, გაკერპება, ვირზე შეჯდომაი ჩემი მეგობარი ერთი თვითნება რამ კაცია, რაკი ერთი ჯორზე შეჯდა, რასაც იტყვის, ვეღარ გადაათქმევინებ (თ. სახი).

 

ჯოჯოხეთის მაშხალა ძალიან უშნო, მახინჯი, ცუდი გარეგნობის ადამიანი. ჩემმა ბრძანების კილომ ძალიან შეაშინა ეს რუხი და ჯოჯოხეთის მაშხალა დედაკაცი (შ ა რამე) ავო ბატონო, ჯოჯოხეთის მაშხალამ და ურჯულოვ (მ. ჯავახ.).

 

ჰა ბურთი და ჰა მოედანი! იხ. ეს ბურთი და ეს მოედანი. ჰა ბურთი, ჰა მოედანი, მობრძანდი და გავსწორდეთო (აკაკი). თუ მინდორ-მინდორ სიარული დედ-მამას გიჯობს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი (მ. მრევლ.).

 

34

▲back to top


ჰაერში დაკიდება საფუძვლის გამოცლა, უნიადაგოდ, უსაფუძვლოდ დარჩენა, გამოუვალ მდგომარეოგაში ჩავარდნა.

 

ჰაერში ჩამოკიდება იხ. ჰაერში დაკიდება. მარგომ მწვავე ტკივილი იგრძნო იმის გამო, რომ ისედაც მინგრეული ბუდე საბოლოოდ მოშალა, ხოლო თვითომ ჰაერში ჩამოეკიდა (მ. ჯავახ.)

 

ჰაშას კვრა იხ. აშას კვრა. უარმყოფელობა „არას“ თქმაა, ანუ მდაბიოდ რომ მოგახსენოთ, ჩვენებურად, ქართულად − ჰაშას კვრაა და სხვა არაფერი (ილია).