![]() |
ტაბუ |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბუ
I
ზანდაროზაღებული მიმინო მარცხენაზე მიზის, თივთიკის ჩაბალახით თავი მაქვს მეგრულად
წაკრული. და უძიროები? ისეთი მსუბუქი –შვედური თათმანები მცმოდეს.
ახლაც არ ვიცი, იმ საღამოს რა მომივიდა? მარჯვენა თვალი და ხელფეხი დამიბრუჟდა.
შუბლზე ოფლმა დამცვარა. მიმინო შეტორტმანდა, ცერზე სახამლავმა შეიკავა. მხარი
ამექცა.
მე ენა ვერ დამიძრავს საშინელისა და საკვირველის თქმად... ეს მოხდა სწორედ მაშინ,
ორბოძალ გზას რომ მივაღწიე. უძიროს წვეტი ქვას წამოედო, ზედ შუა გზაზე უკითხავად
გდებულს. წავბორძიკდი.
წელში გავსწორდი, მიმინოს გადავხედე გვერდულად, ცალი თვალიც ლანდს მოხვდა ჩემსას.
სად იყო ლანდი ?
არა, მე ჩემსავე „მე„-ს შევეჩეხე. მას, მეორეს, ნაცრისფერი, ფორეჯიანი, ინგლისური
ჰომსპონის კოსტიუმი ეცვა. მაღალი ჩალისფერი ქუდი ეხურა. ქედანისფერ
ზორტყშემორტყმული ჟღალი, შვედური ტყავის თათმანი. მრგვალცხვირიან, სქელლანჩებიანი
ამერიკული ფეხსაცმელი.
ცალ თვალზე მონოკლი ჰქონდა.
და თხელი, კუხე ზეთისხილისფერი ტუჩების კუთხეებში მე ვიგრძენი საშინელება
განუზრახველობისა. შემხვდა. შემომეჩეხა, შეჩქვიფდა. თვალის უპეები გაუგანიერდა.
კუხე ზეთისხილისფერი ტუჩები აეხსნა გაცოფებულს. რაღაც უნდოდა ეთქვა. პირში სიტყვა
გაეხირა. ერთი ნაბიჯით უკუვდექ. მუხლთ მომეკვეთა. მთელი სხეული მიჟრჟოლავდა.
სუნთქვა მოვიპარე. წავბორძიკდი. პენდელივით წინ გავქანდი, მან მრჩოლავ მოზვერსავით
შუბლი მომიშვირა და ბენგალის ცეცხლისფერი საოცარი სინათლე ავარვარდა ბუდეშურივით
მოგრძო თვალებში, და მონოკლიანი იცინოდა...
ეს არ იყო ისეთი სიცილი, ჩვენ რომ გვჩვევია დიდი ხნის უნახავ მეგობართან
შეგუებისას; არც თუ სიცილი პირმოთნისა და მაცთუნებლისა.
წარმოგიდგენიათ. კაცი ვინმე მარტოხელა, უდანაშაულოდ დაემწყვდიოთ კრისტალის
სასახლეში, და გაიცინოს მერმე ამ კაცმა, ისე ხმამაღლა და გაშტერებით, რომ მაღალი,
კრიალა, უფარდო ფანჯრები აზრიალდნენ და კრისტალის სასახლის თაღებში გაიბნას
მარტოხელას ცივი სიცილი, სარკის ზედაპირზე გადაბნეული საპანტივით გაიბნას, თოფის
საფანტივით.
თვალი ავარიდე. ჩემს პირდაპირ დავიწყე ცქერა.
არ მივიხედე, არ შევამჩნიე, აინუშადაც არ ჩავაგდე ჩემი აბეზარი მხლებლის სიახლოვე.
მაგრამ მაინც ვგრძნობდი: ჩემს გვერდით მოდიოდა. ჩემთან ერთად მიჰყვებოდა ხრეშიან
თემშარას. მოსისხარივით მზვერავდა და მითვალთვალებდა.
კიანთობდა ნასამხრალი მზე. ხარის თვალის ოდენა მონოკლში, და ისევ იცინოდა...
მარცხნით, ჭალებისაკენ მიმავალ თემშარას მიჰყევით. მე_ჩოხიანი, და მე –მონოკლიანი.
აგუნასავით მოაბოტებდა ჩემს გვერდით. სულგანაბული მივსდევდი ლანდს. რომ არ გათავდა
ეს გზა?
მივალაჯებდი...
სივრცეს ვერ ვერეოდი. გერი სათოფეზე დამცილებოდა. და ეს ღობეები, ეს თხრილები, ეს
ალვის ხეები, მეწყერიან ნიადაგივით მისრიალებდნენ ულევ სივრცეში.
ათასჯერ გამივლია აქ ჩემ ბავშვობაში, მაინც მეუცხოვა ეს თემშარა. ეს ორღობეები, ეს
მჭვარტლით გამურული, ისლით დახურული სახლები. მარჯვნით: სწორმხრებიანი კვადრატები.
ძველებური, ბუხრის ქუდის ზეთავივით ამოწეული სახურავები, ყალმუხივით აწოწილი ხულა
და მარანი.
ორჩოფეხებზე შემდაგარი ნალიები (დაღვრემილ ჭაობის ფრინველებს რომ წააგავენ) და ეს
აყლაყუდა ჭების საქაჩებიც ყელმოღერებულ სირაქლემებს დამსგავსებიან (მახარებდა
ოდესღაც მათი ნაღვლიანი ღრიჭინი შეღამებულზე), მთელს ქვეყანაზე უმცირესი, უმოკლესი
შუკები, შარაზე გაყოლებით მდორე ტბორებით სავსე თხრილები. ძაღლის მოახლოებაზე
მორიგეობით სცვივიან ბაყაყები წყალში. დროგამოშვებით, ჭალებიდან მობრუნებულ
საქონელს შეუტევს გერი.
ჭიშკრებზე ჟანგიანი ნალები.კისერგადატყავული, ჯაგარშემოცვეთილი უღლიანი ღორები
გულის შემღონებლად ღრიტინებენ და სიბა-კარის ლატანს ძიძგნიან. მესრებს გადაღმა
ვიხედები ეზოებისკენ.
სიმინდს ტარო ამოუღია.
მეოთხე თოხი მოხვედრია. კაცის სიმაღლე გამხდარა სიმინდი. უნათლავ ბავშვის თმასავით
ნაზი, ხუჭუჭა ფიმფა და ფოჩი ფრიალებს ზოგგან. ხეებზე გასულ ვაზის მოყვითანო
ფოთლებში ლალივით კრიალებენ წითელი მტევნები.
ჰმ, აგვისტო შეჰპარვია პირველ ფურცლებს სიმიდებისას! ორლესული სატევარივით ბასრი,
მუქლურჯი ფრთები კენწეროშივე გაუყვითლებია –შემოდგომას თუ გვალვას? და ღობეებზე
გაყოლებულ ძეწნების მოვერცხლილ მწვანეში ყვითელი წამალი საეგებიოდ გადაუგდია
მარადჟამობის მხატვარს. გადაეფოფრა კოპოტის წვეროკინებს უშველებელი, ოქროს
ობობასავით დაფანჩვული მზე და შევყურებ ირიბ სივრცეზე მოვარვარეს, მწვანეში გაბნეულ
ქარვის წინწკლებს.–ვკითხულობ:
შემოდგომას თუ გვალვას?
სიზარმარსწამოყოლილივით აღრიალდნენ ძაღლები.
ყური სცვიტა გერიმ. ახლა სულ სხვა მხარეს გამოეხმაურნენ მათ სხვები და კიდევ სხვები
და მერმე ისევ გაიშხვართა სიჩუმე თემშარაზე. შორიდან მოისმის ჭიშკრების ჭრიალი.
გაუსაპნავი ბორბლების კვნესა და შემოდგომის მამლების ხრინწიანი ყიყლიყო.
ნაწისქვილარზე მელიკუდათი და დასიცხული სიმინდით დატვირთული ურმრბი გამოჩნდნენ.
მეცნაურა გლეხების მფოთიანი გნიასი. მოხუცები თავაზიანად სალამს მაძლევენ, მეგრულად
შეკრულ ჩაბალახზე ხელს ივლებენ. ახალგაზრდები უბირი თვალებით შემომცქერიან. თეთრ
ჭილის ქუდებს აფრიალებენ. ჩემს მიმინოს თვალს აყოლებენ.
ველაზე საოცარი ის იყო, გლეხებიც წყვილად რომ მოდიოდნენ. რეულებს ორეულებისათვის
მკლავი მკლავში გაეყარათ, ორეული ორეულს მისდევდა, ორეული ორეულს დასცინოდა: მაგრამ
როცა გლეხი გლეხს შეესიტყვებოდა, მოლაპარაკე ანაზდეულად დაცალდებოდა.
მოიზლაზნება თემშარაზე მუცელ-დაბერილი საქონელი. მენახირეები სახრეებს ატკაცუნებენ
და ქაქანებენ. მოსდევენ ნახირს ყურებბარტყუნა, კუდდაშვებული ნაგაზები, უშველებელი
წითელი ენა გადმოუგდიათ. კისერს იღრეჯენ მეძებრის დანახვაზე, ბოროტ თვალებს
უბრიალებენ გერის. მათ დორბლიან, დაღრენილ ლაშებში ამოვიკითხე ის გაცოფ ებული
სიძულვილი, ჯიშიანის შეხვედრაზე რომ აღეძვრის ხოლმე უჯიშოსა და გადაგვარებულს.
„მანუჩარს გაუმარჯოს“.
გამიხარდა ნათლიმამას დანახვა. საკითხავი რა მქონდა, მაგრამ მინდოდა ჩემივე ხმა
მევე გამეგონა, ის აბეზარი მომშორებოდა. თეთრჩაბალახიანმა ჩაბალახის ცალი ტოტი
მარცხნით შეაფრიალა. მშვილდივით მოსდრიკა ფაფარდაბწნილი ცხენის კისერი.
„გამარჯვება ნუ დაგაკლოს წმინდა გიორგ სუჯუნამ“.
„მწყერი სად იქნება, თუ იცი, მანუჩარ?„
„ნაჭყვედისაკენ, ბატონო, წრეულს სულ ბეურია... ნაღომარებზე„.
„შენი მიმინო...„ ამბობდი მანუჩარ. ცხენიდან გადმოიხარა, მიმინოს დააცქერდა.
წინადადების დამთავრება არ ვაცალე.
„ვერა მყავს კარგად მიმინო, მანუჩარ ჩემო!„
„თვალი ხომ არ ეცა აწი“.
„მე თვალი გავუსწორე“.
„ალბათ ვერ უვლი კარგად, ჩინჩაყვი დაბერილი აქვს. ცოტა ნემსით უნდა მოუჩხვლიტო.
ცოტა თრიაქფარუხი ჩააყლაპე, ანდა რევანდის წვენში კომშის თესლი გამოჰხადე. შაქრის
ყინულივით მოალბე, არგებს.
ორ დღეში თუ არ გამომჯობინდეს, ნავთის ოყნა გაუკეთე.
მაინც ნაჭყვდისაკენ გაქვს გზა. ნატიე დიაკონი ძველი ბაზიერია, ის უმართავდა
მიმინოებს ბაბუაშენს.
კარგი შელოცვები იცის ფილენჯისა და თვალისცემისა. ჩვენს სოფელში არავინ იცის ახლა
მიმინოს ამბები, –ისევ ნაჭვედს წადი, ჩვენს დროში მიმინოსათვის ვის სცხელა„
გულდაწყვეტილი ამბობდა მანუჩარი
* * * მეყვსეულად გამაჟროლა ნაჭყვედის ხსენებაზე. სიჭაბუკეში არაოდეს გამივლია
ნაჭყვედისაკენ ძაღლითა და მიმინოთი. ეს კიდევ მაშინ, როცა ჩემი სული მითებით იყო
დატვირთული.
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
... და თქვენ იცით, რა ძნელია პოეტისათვის კრიზისი? კრიზისი ჩვენი სულის
გამოფხიზლებაა ზმანებისა და მითის ჯადოსაგან.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
III
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
IV
შემაგვიანდა ნაღომარზე გადასვლა, ნაწისქვილარზე გზა გადავსჭერი. ნაჯიხვარზე
გადავიარე და ნაჭყვეტის ეკლესის ეზოს ჩელტის კარი შევაღე.
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
ოცი წლის შემდეგ ნახევრად ბნელ საკანში შევხვდით ერთმანეთს, შეკრთა ჩემს დანახვაზე, უსიტყვოდ შევატყვე: ადამიანების სიახლოეს გადაჩვეულა. მარტოობისა და დარდის დამღა დასტყობია შიმშილისაგან დაწრეტილ, გაყვითლებულ სახეზე. მხრჩოლავი ჭრაქი სახესთან მომიტანა, თავით ფეხამდის დამათვალიერა. ჩემი თვალი ანაზდეულად
მოხვდა დაძველებულ ბამბასავით გაყვითლებულ, გაბურძგვნილ წვერს და სიფრიფანა, კეხიან
ცხვირს, საოცარი სიღატაკე მეფობდა მის გარშემო.
„ეჰ, ეს არ ესმოდათ ნაჭყვედელებს, მიტომაც დაისაჯენ„...
..................................................................
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
არ დასცდენოდა ეს სიტყვები მოხოც დიაკონს, ნაჭყვედის ამბები ის ევერ
გააღიზიანებდნენ ჩემს ფანტასიას. ყოველთვის, როცა შინაურებს ნაჭყვედის ამბების
გამოკითხვას დავუწყებდი, სიტყვას ბანზე ამიგდებდნენ, არავის ეპრიანებოდა ამ ბნელი
ამბების გახსენება. არ მოვეშვი ნატიეს, ბევრი იუარა, მაგრამ ბოლოს მაინც
დავარღვევინე ტაბუ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
ნაშუაღამეს გამოვეთხოვე დიაკონს. გამოცილება მომინდომა სად მეთრია ბერიკაცი იმ სიბნელეში!.. ძლივს დავაბრუნე. ჭადრების ლანდებს მივეფარე. ცაცხვის ქვეშ ნამორზე ჩამოვჯექი: წითელი მთვარე ღრუბლებიდან გამოსულიყო. ცაცხვის ფოთლები ლითონის ნაჭრებივით პრიალებდნენ. შტოებში გამოპარული სხივი, ვერცხლის წყლისებრ კანკალებდა მონოკლიანის თვალში. აღარ იცინოდა იგი და ჩოხიანმა მიმინო გადასცა და ხმადაბლა უთხრა: მონაკლიანს:
„ორეულო, ჩემო მოსისხარო, მტერო, დუშმანო. მომეწყინა ამ ქვეყნად უმიზნოდ ყიალი. მინდა მატყლივით თეთრი წვერი მქონდეს.
შორს ვიყო ადამიანებისაგან. განუზრახველის გამჟღავნება შემეძლოს და გიამბო ის, რაც მოხუცმა დიაკონმა მომითხრო:
![]() |
8 VIII |
▲ზევით დაბრუნება |
VIII
მდინარის გაღმა-გამოღმა სადები იყო და უსიერო ტევრი თხმელისა. ნადირი იმდენი, რომ
სატურიას სერზე უთოფოდ ვერ გაივლიდა მეთევზე და მონადირე. მგლების ხროვები თავს
ესხმოდნენ სოფელს წვრილ ვახშმობისას. ზამთრობით სოფლის ბიჭები შვილდისარით
დასდევდნენ მთებიდან ჩამოვარდნილ ირმის ჯოგებს. და მერმე გულსაკლავი ბღავილით
სცვიოდნენ საცოდავები ნათურქალის სადებში.
...ისე კვირა არ გაივლიდა. ნათურქალის ტყეში ეშვით დაკიდებული ტახი ხიდან არ
მოეხსნათ ნანავარდალი. ხოხობი მწყერ-ჩიტაზე უმრავლესი, უთვალავი ჭყიამპო, - იხვი თუ
დურაჯი. ქორითა და მიმინოთი მონადირენი ალაფობას ვერ ასდიოდნენ. ზაფხულობით მუხების
ფუღუროებიდან ჩანჩქერივით მოთქრიალებდა ველური თაფლი. ნადირი არ ეკრძვალოდა
ადამიანს.
ბუნების გულზვიადობა შინაურ ცხოველებსაც აზულუქებდა. ღორები ისე გაზულუქებული
იყვნენ, რომ ფაცხაში უვარდებოდნენ პატრონებს, კეციდან ცხელ ჭადებსა და აკვნიდან
თოთო ბავშვებს იტაცებდნენ. ულაყი ცხენები დაუხედნავი კუროები ჯოგიდან გარბოდნენ და
მერმე ქამანდით უნდა დაგვეჭირა. ტყეში დიდი იყო დოვლათი, არა ნაკლები შიში და
შიბნელე.
შიში ნადირისა, ჭინკისა და ოჩოკოჩის წინაშე. დიდები გვასწავლიდნენ მწყემსებს, როგორ
მოვქცეულიყავით, როცა ჭინკა დაგვიძახებდა, ან დათვი შეგვეფეთებოდა, გველის თავის
მპარსველი გვერდს ჩაგვივლიდა. მავნე წყალში ქვას გადისროდა, ან ხვითოს მშობიარე
გველი სადმე ჭაობში აკაკანდებოდა. ან თუ როგორ უნდა მოგვევლო გაქარჩხლულისა და
უჟმურშეყრილისათვის.
ვიცოდით შელოცვები მიწიდან აყოლილისა, წყლიდან ამოყოლილისა, ნოშოდან მირქმულისა და
ოსეოფაზე შეხვედრილისა, ნადირის შესაკვრელი.
მგელი მოვა მგლოსანი,
ვიცოდით, თუ რას მოასწავებდა ყვავის დაჩხავლება, ბოლოქანქალას შემოჯდომა. წითურის
შეხვედრა, კურდღლის, მელის და მიწის კაცის ორანი.
ბუკიოტი დაიკივლებდა - კუდიანი ახლო მოდგებოდა, ყური დაიფარფალებდა - ცუდს ამბავს
გაიგონებდი, მარცხენა თვალი დაიფარფალებდა - მარჯვენას გაახარებდა, წვივზე
მოგეფხანებოდა - წინ გზა უნდა გდებოდა, ოფოფი შემოგეყრებოდა - ცუდი ამბავი
მოხდებოდა, ცას ვარსკვლავი მოსწყდებოდა - დიდი კაცი მოკვდებოდა.
ძაღლის ყმუილის ისევე გვეშინოდა, როგორც გველის კაკანისა, მთელს სოფელში ერთმა
აზნაურმა იცოდა წერა-კითხვა, თითები თოვლისაგან გვქონდა დამზრალი, მუხლები -
ცეცხლზე შეფიცხებით. ჭადებს რომ დავაცხობდით, მერმე კეცებზე დავასხდებოდით, ზღაპარს
მოვყვებოდით დ აიმ დროებს ვიგონებდით, როცა ადამიანს გაჩაღებული ცეცხლისაგან უკან
დახევა ძაღლმა ასწავლა.
მავნეს სახელს არასოდეს დავუძახებდით, გვეშინოდა ხსენებას სული არ გამოეწვია. დათვს
“უწმინდურს“ ვეძახოდით, ტურას - “კვალდაწყევლილს“, თაგვს - “კბილებმოჭედილს“,
ჭინჭველას - “კუზიანს“, ქორს - “ზემავალს“, ყვავს - “დუდუჩას“, გველს
-“შავჩოხიანს“, მავნეს - “უსახელოს“.
დაუღალავი მზის სახელს ვფიცულობდით. ეგრე იყო ჩვენი მფარველი, მას
ექვემდებარებოდნენ ცის მნათობები, ტაროსი და ავდარი. ტყეში რომ წვიმა მოგვისწრებდა,
დიდ ცეცხლს დავანთებდით - “ერგეაშვას“ შემოვძახებდით. ჟამოდან - ჟამზე ერთხელ ცა
იხსნებოდა და ვინც პირველად დაინახავდა, ბედიც მისი სტუმარი იყო“.
„ნაჭყვედის სანახებში ჭაობი იყო ატეხილი. ნათურქალის ჭალების ისეთი ხშირი ლელი
მისდევდა, დასიცხულ კამეჩებს რქებამდის სწვდებოდა. გველის თავის მპარსველი
უჟმურივით დაფარფატებდა.
თვალი მოაქვს ცეცხლოსანი,
კბილი მოაქვს კბილოსანი,
მეუფეო. გადმომიგდე
ცხრაკლიტური კლიტოსანი.
ნადირს კბილი შეუკარი,
მეკობრესა ხელი, მხარი.
![]() |
9 IX |
▲ზევით დაბრუნება |
IX მიმინომ გამახსენა ნაჭყვედის ამბები. ნაჭყვედში
ერთადერთი გვარი იყო დასაბამიდან: ხარბედიები, იმ დროს ჭყონდიდელი და დადიანი
იბრძოდნენ ნაჭყვედის გამო, ჩოხიანმა ანაფორიანს აჯობა. დადიანმა ეს სოფელი
ტყვარჩელიდან მოსულ ლომკაცია ბისკაიას და მის მრავალრიცხოვან ძმებს უბოძა.
ბისკაიები მიმინოებს უმართავდნენ დადიანებს, აზნაურობაც ამით მიიღეს.
მიმინო ძველ დროში ფარსაგი რამე როდი იყო. უმალ ცხენ-უნაგირს დაულოცავდა აზნაური
აზნაურს, ვიდრე მიმინოს, მიმინოს სათხოვნად მოციქულები იგზავნებოდნენ.
ის ქვის ნანგრევები ბისკაიების სასახლისაგანაა დარჩენილი. ზურგით მოატანიეს
ბისკაიებმა ხარბედიებს სასახლის ასაგები ლოდები, ხარბედიები ჭყონდიდელის გლეხები
იყვნენ და ბატონის უღელი ეუცხოვათ.
მოზვერიც იუარებს პირველად უღელს, შეხტება, შეკვინტრიშტება. ბოლოს მაინც მიეჩვევა.
ადამიანიც ყვეაფერს ეჩვევა ბოლოს და ბოლოს. ბისკაიების და ხარბედიების ბრძოლამ
მაინც დიდხანს გასტანა.
ბისკაიები ახლად გააზნაურებული მონადირეები და მეომრები იყვნენ. ხარბედიები -
მეთოხეები დამეჯოგეები. გააზნაურებული გლეხი ხომ გაგლეხებულ აზნაურზე უარესია. სულ
მალე შეითვისეს ბისკაიებმა დიდკაცური იერი. გარაბადებზე მიმინოები უსხდათ.
ზამთრობით ოცზე მეტი კაპუეტი ძარებში ჰყავდათ. უამრავ მეძებრებს , ყარაბახულ
ცხენებს და ავ ძაღლებს ინახავდნენ, და როცა ზაფხულის მიწურულში ბისკაიები ბავლს
გაუგდებდნენ მიმინოს, მთელი საჭყოინდოს თავადაზნაურობა ნაჭყვედში ნადირობდა და
ნადიმობდა.
ვიდრე ლომკაცია ბისკაია ცოლს მოიყვანდა, ხარბედიების ქალებს მოსვენება არ ჰქონდათ…
გათენებისას ბაზიერები და მეითარეები ბუკს დაჰკრავდნენ და ტყეებს შეესეოდნენ
მონადირეები. ნასამხრალზე დამშეული მხედრები ტაბაკებს მოუსხდებოდნენ, ხოლო
მეძებრები _ სეფასავით გაჭიმულ როფებს.
ღრეობა ნაშუაღამევამდის გასტანდა და როცა კვარის სანთლები შანდლებში ჩაიწვებოდნენ,
მთვრალ მეინახეებს, ხარბედიების ფეხშიშველა, მკერდგათქვირული გოგოები ჭრაქებით
ხელში შეუძღვებოდნენ დარბაზებში. მერმე ისმოდა ხის საწოლების ჭრაჭუნი და
ხარბედიების ქალების უნუგეშო კრუსუნი. როცა ლომკაცია ბისკაიამ პირველ ცოლს სიტყვის
შებრუნებისათვის ცხვირი მოსჭრა და მარშანიას ქალი მოიყვანა აფხაზეთიდან, ხუთას
ნაბიჯზე გასჭიმეს სეფა.
სამი დღე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სმაში მეგრელები და აფხაზები. ოცი საპალნე ღვინო
დაილია. მეოთხე დღეს ბისკაიებმა ჯიხვები იშიშვლეს და აფხაზი მაყრები გასტეხეს,
ღვინოში დამარცხებულმა აფხაზებმა ჩოხის კალთები აიკეცეს, ქანდარაზე ყაბახი გაიტანეს
და დაუშინეს დამბაჩები მეგრელებმა და აფხაზებმა. ორი დღე ისროდნენ ყაბახს. ვერც
ერთმა მაყარმა ვერ ჩაამოაგდო ხიდან თასი.
ჩამოიარა ვიღაც ესვანჯიამ, ცხენდაცხენ ესროლა დამბაჩა ყაბალახს. ბისკაიებმა
შეიპყრეს მგზავრი და განუკითხავად გადააგდეს წისქვილის ღარში.
ნადიმს ნადირობა მოჰყვა, სჩანს, ცუდ ფეხზე გამოსულან იმ დღეს ლომკაცია ბისკაია და
მისი მაყრები. ნათურქალის ტყეში ვიღაც შავჩოხიანი, წითური კაცი შემოხვდათ
ცხენოსნებს მოაფანდურებდა შავს ბედაურს წითელი ჩაბალახით თავწაკრული კაფანდარა
კაცი. “გამარჯვებაც“ არ უთქვამს ისე გადაჰკრა თვალი ლომკაცია ბისკაიას მარცხენაზე
მჯდარ მიმინოს და ცხენს - მათრახი.
ელდანაცემებმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს: მეყვსეულად გადავარდა მიმინო ლომკაციას
ხელიდან, ფრთა გაისწორა, გაფრინდა ეჟვნის ჟღარუნით და გაუჩინარდა.
ბევრი უწრუწუნა პატრონმა მიმინოს, მაგრამ გაეფრენილს გაქცეული როდის მოსწევია! და
შემოაბრუნეს ცხენები აფხაზებმა და ბისკაიებმა. შავჩოხიანის ცხენის კვალმა ზედ
ხარბედიების წისქვილამდის მოიყვანა და აქ გაჰქრა. გამძვინვარდა გულ-ღვარძლიანი
ლომკაცია ბისკაია, მთელი სოფელი წინ გაიგდო, ნათურქალის ტყეს შეუსია.
დიდი და პატარა დაძრწოდა ტყეში, ხორცის ნაწრითა და ჩიტბადეთი შეიარაღებული ღაჟოებს
აფეთქვინებდნენ, უწრუწუნებდნენ, ეძახდნენ ბატონის მიმინოს. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ
უყო პირი, ვერც მიმინო იპოვეს, ვერც შავჩოხიანი რაინდი.
შეჰყარეს ხარბედიები დიდ მუხის ძირას, დაჭრილი ლომივით ბრდღვინავდა ლომკაცია
ბისკაია, ხელში მათრხს ატკაცუნებდა… ერთი თვის ვადა მისცეს ხარბედიებს, ან მიმინო
მოეძებნათ, ან შავჩოხიანი გაეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი ბავშვების
აკვნები აეღოთ და ნაჭყვედიდან გადახვეწილიყვნენ, ლომკაცია დარწმუნებული იყო:
თავხედი მხედარი რომელიმე ხარბედის უნდა ყოფილიყო.
„წითური კაცი ჩვენს გვარში არ ურევია, ბატონო ლომკაცია“ - არწმუნებდა მოხუცებული
ხახუ ხარბედია გაცოფებულ ბისკაიას.
„ჩვენ შავგვრემანები ვართ და ნუ ინებოს წმინდა გიორგ სუჯუნამ, რომ კაცისობას წითური
გაგვერიოს!.. ხარბედიები დასაბამიდან შავგვრემანი ყოფილან, თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ,
უხუცესებს ჩვენს შორის ქალებსა და კაცებს.
„მე ამის გამოსაძიებლად არა მცალია, მიწა გაითხარეთ, ან მიმინო… ან შავჩოხიანი“…
გაიმეორა ლომკაცია ბისაკიამ და თავისი ამალით გავიდა ნათურქალის ტყიდან.
წინ წამოდგნენ მოხუცები და დროული კაცები, ცალი მხარით ყავარჯენს დაეყრდნენ, ბევრი
ითათბირეს, იმსჯელეს, მაგრამ სიტყვა პირში უწყდებოდა ყველას.
თითქოს მიწიდან ამოძვრაო, წამოდგა წითური, წითელი ჩაბალახით თავგახვეული
შავჩოხიანი. ჩოხის კალთები შავ დროშასავით ააფრიალა, ქოსა წვერზე ხელი დაისვა და
სთქვა:
„ძმებო და ძიძიშვილებო“.
შეჩქვიფდა ხალხი, აჩოჩქოლდა. ნაყარ ფუტკარსავით აზუზუნდა. ასწია მაღლა წითურმა
მარცხენა ხელი და ყველამ გატრუნა სული. აბრეშუმივით რბილი, მოშაქრული სიტყვით
შეეპარა ხალხს (გველი შეეპარება ასე წითელი, ნავსი თვალებით გათვალულ თრითინას),
კიცხავდა სისხლის-მსმელ ბისკაიებს. არწმუნებდა, რომ ბისკაიები ისეთივე გლეხებია,
როგორიც ხარბედიები, რომ ბისკაიები აფხაზებია და მოუწოდებდა მარგალებს ერთი მუჭა
აბჟუები ამოეწყვიტათ.
„გინდათ, მე ვიძიებ შურს თქვენს მაგიერ, ხარბედიებო, და ეს შურისძიება, უწყალო
იქნება.
ქვა-ქვაზე არ დარჩება ბისკაიების დიდი სასახლიდან. ქვიტკირის სასახლის ქვები ისევე
გაიბნევა ბალავერზე, როგორც მანამდის, ვიდრე თქვენის ზურგით მოგაზიდვინებდნენ ამ
ქვებს რიყიდან. მე მათ საქონელს თურქულას შეუჩენ, მე მათ ორსულებს მუცელს მოვწყვეტ
(როგორც აპრილის ყვავილს მოსწყვეტს ხოლმე ვაშლის ყლორტებს ცივი ზღვაური) და ეს უფრო
საშინელი იქნება, ვიდრე სიკვდილი. მე მათ მოხუცებს ქარებით დავხუთავ, და მათ
ვაჟკაცებს ისე გავთვალავ _ ლომკაცია ბისკაიას მიმინოსავით სცვივოდნენ თავიანთ
ბედაურებიდან“.
და ასწია, შავჩოხიანმა თავისი გრძელი, გამხმარი შავი ხელი და დაემუქრა ბისკაიების
ქვითკირის სასახლეს.
სამაგიეროდ წითური ხარბედიებისაგან მოითხოვდა ყოველწლიურად თითო უნათლავ ბავშვს.
მოხუცმა ხახუ ხარბედიამ სატევარზე გაივლო ხელი და შეუტია:
„გვარქვი, ვინა ხარ წითურო?“
ხელაკვრით მოიხსნა ჩაბალახი წითურმა და იცნეს: სატანა, შავჩოხაში გამოწყობილი.
აბობოქრდა. აზღვავდა. ახმაურდა ხალხი (ასწლოვანი მუხნარი, რომელსაც გრიგალი, თავს
დასხმია ნოემბრის ღამეს). პირჯვრის გადასახვა მოასწრეს, ლანდის სისწრაფეზე
გაიფანტნენ ხარბედიები (მიმინოსაგან დაფეთებული ბეღურების გუნდი)“.
![]() |
10 X |
▲ზევით დაბრუნება |
X
„შიშმა მოიცვა ნაჭყვედი, კვირაობით ეკლესიის გალავანში არავინ
მღეროდა “ოხოხოიას“. ქარს არ მოჰქონდა ჭალებიდან მეთოხეების “ო, დოი, ია დოი“, და
ტკბილი მეგრული “ნადური“.
სამუხლე ბურჩხა ამოვიდა ნათურქალისკენ მიმავალ თემშარაზე. კაჭაჭი და ქამენია მოერია
გაუმარგლავ სიმინდებს. ანწლების ჟვერი ფაცხების კარებამდის მივიდა. მამაკაცები ხელს
ვერ ჰკიდებდნენ თოხსა და ნამგალს. ვერც ნათურქალის ტყეში გასვლას ჰბედავდა ვინმე.
ვერც სიმინდის ყანებში მარტოკა დარჩენას.
მთვარეულივით დაღოღავდნენ თავჩაქინდრული ხარბედიები. გაივლიდა სოფელში ცხენოსანი
მგზავრი, კარს გამოიხურავდნენ, დაშინებულ თვალს გააყოლებდნენ.
ბუკის ხმაზე მოგროვდნენ ცაცხვის ძირში მაღალფაფახიანი, გრძელსატევრიანი ხარბედიები,
იჩოჩქოლეს, ილაყბეს, ითათბირეს, და მერმე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა., ყველას ესმოდა
ვით სცვივოდა მიწაზე ცაცხვების ფოთოლი. დედაკაცმა ვერ აიტანა დუმილი.
იცნეს ხვარახმე, ულვაშიანი ქალა-ბიჭა. ქალს ეძახოდნენ ხვარამზეს, მაგრამ
ცხენოსნობასა და ნადირობაში ერთი ვაჟკაცი ტოლს ვერ უდებდა. ოჩობედა ქმარი
დაჯაბნებული ჰყავდა და ყოველ ვაჟკაცს ისევ, აბუჩად იგდებდა, როგორც თავის
თანამეცხედრეს. არ ეშინოდა არც ღვთისა და არც ადამიანისა. სატურიას სერზე არაერთხელ
უნახავთ ხვარამზე ჭეჭეთობა ღამეს, მგელს რომ მიაჭენებდა ტაბაკონასაკენ.
… წყალგადასხმულ კირივით აშუშხუნდნენ წიწაკას თესლივით მწარე სიტყვები ხვარამზეს
პირში:
„თქვენ მამაკაცები კი არა ყოფილხართ, არამედ დიაცები. მაღალი ფაფახები რაღათ
გინდათ“. თქვენივე ცოლების ნიფხვები უნდა გეხუროთ თავზე. რითი სჯობიხართ ტყეში
შემოღამებულ ულაყებს უკანა ტორებს მგლებს რომ მიუშვერენ და ასე იფარავენ თავიანთ
ჭალებს?! მე წავალ ნათურქალის ტყეში და ბისკაიას მიმინოს მე მოვსძებნი, თქვენ თუ არ
შეგრცხვებათ. ფუი თქვენს კაცობას, თქვე თხაწვერებო, ლაფდასხმულებო.
გაუგონარ სიტყვებს ბუზღუნებდნენ მამაკაცები და ერთმანეთს თვალებს ვერ უმართავდნენ.
დიაცის უდიერმა სიტყვებმა წელში გასდრიკა მამაკაცები.
შიში გაიზარდა, გახმიანდა, გამძაფრდა.
უძინარი, გამოღამებული თვალებით გასცქეროდნენ ხარბედიები ბისკაიების სასახლეს:
მამაკაცები დედაკაცობას ნატრობდნენ. ბავშვი დაიბადებოდა, წამსვე მღვდელთან
გარბოდნენ. შეღამებულზე ძაღლებს აუშვებდნენ. კარში გახედვას ვერავინ ბედავდა.
მაგრად კეტავდნენ ჭიშკრებსა და მძიმე ურდულებს უგდებდნენ ფაცხის კარებს. ისხდნენ
კერიასთან ვაჟკაცები, ნაცარში ვარაუდით ხაზავდნენ ჩხირებს და მერმე თვითონვე
ითვლიდნენ… ჰიო, უარი ჰიო, უარი. ეს იყო მათი საქმე..
![]() |
11 XI |
▲ზევით დაბრუნება |
XI
“შეიკაზმა ცხენი ხვარამზემ. ქმრის ჩოხა-ახალოხი ჩაიცვა და
საცვეთები, საქონეში ტალკვესი ჩაიდო; აბგაში უმი ხორცი და ჩიტ-ბადე. მანდიკურად
მოაჯდა ლაფშას, ნათურქალს მიაშურა.
სამხრობამდის იარა ტყეში. ხაჟოს აფეთქინებდა, უძახოდა ლომკაცია ბისკაიას მიმინოს.
ბევრი შემოჰხვდა მიმინოცა და კაპუეტიც. სახამლავიანი - კი არც ერთი. მწყემსების
კარავში შეისვენა. დასძინებოდა.
ეზმანა ხვარამზეს სიზმარი უცნაური: უსიერ ტყეში არა სჩანდა არც ბილიკი, არც კაცის
კვალი. კატაბარდებში დაბობღავდა. ხელ-ფეხგათოშილს ეკალი სახეს უკაწრავდა.
დიდი მუხის ძირში ცეცხლი ენტო მაღალი. ალი ცასა და მიწას შორის გახიდულიყო. შავი
მორიელი პირაღმა ეგდო ღველფზე. უღონოდ ასხმარტალებდა ფეხებს. გულის წამღებ ხმით
წივოდა, და ეს წივილი უფრო სასინელი იყო, ვიდრე კაკანი ხვითოს მშობიარე გველისა.
ხვარამზეს დანახვაზე მორიელი გადმობრუნდა. ღველფიდან გამოფორთხდა, გაიზარდა,
უარესად გაშავდა, კვერნის ოდენა გახდა. ჩოფიან კატასავით შემოუტია, ალის ქარმა სახე
დასწვა ხვარამზეს.
ორიელი ცეცხლიდან გამოვიდა და მიწის ნაპრალში შეძვრა. გულგახეთქილ დიაცს
გამოეღვიძა: შავჩოხიანი, წითელ-ჩაბალახიანი კაცი იდგა მის წინაშე. ლანდივით უტყვი
და უძრავი. თვალი მიაშტერა ხვარამზემ ამ საოცარ ჩვენებას. ალუნჩდა ცბიერი ღიმილი
შავჩოხიანის გალურჯებულ, თხელ ტუჩებზე. Mმერმე მოთაპლული სიტყვები ხშუოდნენ
ხვარამზეს ყურებში.
“შენ არც ქალი ხარ და არც კაცი, ხვარამზე მზეთუნახავო, მაგრამ შენი ბეჭები უფრო
განიერია, ვიდრე ბისკაიას ვაჟების მხარბეჭი. შენ არც ქალი ხარ და არც ვაჟი, მაგრამ
შენი მუცელი უფრო თეთრია, ვიდრე გვირილა, სატურიას სერზე მოსული ხვარამზე
მზეთუნახავო“.
აროდეს სმენია ხვარამზეს ეგზომ ტკბილი სიტყვები მამაკაცის პირიდან (იგი აკუმი იყო
და მამაკაცისა არა ესმოდა რა, მიტომაც ეტკბილა შავჩოხიანის მოშაქრული ენა).
ლანდივით იდგა წითური, იღიმებოდა. თაგვისებრ კბილებს აჩენდა. წითელ წვერში
იჩიჩქნებოდა ობობას ფეხებივით წვრილი, ბალნიანი თითებით. იდგა და იღიმებოდა.
არხევდა ქარი მის წითელ ჩაბალახის ფოჩს. მეორე ხელი მუხლის თავზე დაიყრდნო. ძირს
დაიხარა, თვალი თვალში გაუყარა. ხოტბით მოხიბლულ დედაკაცს უდიერდ ეაშიკებოდა:
“შენ არც ქალი ხარ და არც ვაჟი, ხვარამზე მზეთუნახავო. და ჯერ დედის მუცლიდან არ
შობილა ჩემს მეტი სხვა მამაკაცი. შენ ჯოჯოხეთურ სიტკბოებას რომ გაგრძნობინებს და
დაგიოკებს.
შენ არც ქალი ხარ და არც კაცი და თუ გვერდს მომიწვენ, შენი შვილი შურს იძიებს
ბისკაიებზე. ხარბედიების სირცხვილს ის გამოისყიდის და როცა იგი დაიბადება, შენ
გაიგონებ ფოცხვერების კივილს ბისკაიების ნასახლარზე, კაჭაჭი და მრავალძარღვა ამოვა
ქვითკირის სასახლის ბალავერზე„.
დიაცის სულში იჭვი ჩაინთხა. ერთხელ მაინც ეგემნა ის თავბრუდამსხმელი სიტკბოება,
დიაცებისაგან ყურმოკრულად რომ გაეგონა. ერთხელ მაინც გაეგო - თუ რას ნიშნავდა
ვნების ღველფზე პირაღმა წოლა; ან რა იყო დედაკაცობა?
თვალი მილულა ხვარამზემ კარზე მომდგარი ბედნიერების ჟრუანტელით აზვავებულმა. და
შავჩოხიანმა წამოღო თავისი შავი, გამხმარი ხელი და მაგრად მოუჭირა ძუძუებზე
ხვარამზეს (გახურებული მარწუხი მოსდებოდა თითქოს). მოდგმის ცოდვა ადუღდა ხვარამზეს
სისხლში. ჯოჯოხეთის ცეცხლივით მოგიზგიზე თვალები მიანათა წითურმა შავგვრემანს და
ხვარამზეს ტუჩი დაიდაღა გესლიან კოცნით.
ათრთოლდა დიაცის სხეული. აჭრიალდნენ ძვლები თასმასავით მოქნილ მკლავებში. ქაფდა
დორბლი ტუჩების კუთხეებთან (ასე აქაფებდა ღარის თავზე მოზღვავებული წისქვილის
წყალი) და იგრძნო ქალა_ბიჭამ პირველად თავის სიცოცხლეში სულზე უტკბესი სიამტკბილე
ჯოჯოხეთისა„.
![]() |
12 XII |
▲ზევით დაბრუნება |
XII
„მოსართავდაწყვეტილი, ფაფარგასკვნილი ცხენი მოვარდა შუაღამეს
მძინარე ნაჭყვედში, თმაგაწეწილი დედაკაცი კივილით მოაქროლებდა დუჟიან ლაფშას (ბედის
საზღვარს გადაცდენილი კუდიანი _ ჭეჭეთობა ღამეს). აღმუვდნენ ძაღლები საბრძლების
კარებთან, მორთეს გნიასი, სოფელი შიშისაგან შეიკუმშა და გაინაბა, ენა ჩაუვარდა
ხვარამზეს ქმარს.
სახეშეშლილი, სამოსებშემოცვეთილი დედაკაცი ცეცხლს ეფიცხებოდა ზაფხულის ღამეს.
ადგა, მიეპარა და ნახა: ბაგეზე მორიელის მსგავსად მომწვარი შავი დაღი.
უკუდგა.
ტანზე ბუსუსები გამოესახა.
პირჯვარი გადაიწერა და შესთხოვა სუჯუნის წმ. გიორგის, მალე გაეთენებინა ეს საშინელი
ღამე, ნაბადივით რომ შემოსწოლოდა პატარა ფაცხას და მაკე ძროხასავით ფშვინავდა
მოწოლილ ჟვერში.
![]() |
13 XIII |
▲ზევით დაბრუნება |
XIII
ხმა დავარდა ნაჭყვედში: ხვარამზე მელოგინეაო.
ვის გაეგონა ქალა-ბიჭას ფეხმძიმობა? ელოდნენ სასწაულს და რიდით გვერდს უვლიდნენ
ხვარამზეს სახლკარს.
ბებია ქალმა მიწაზე ჩალა დაუგო მელოგინეს. ამოუდო სასთუმალს ქვეშ სატევარი, რკინის
სავარცხელი და ხელბადე. გააბა თოკი საწოლის სიგრძეზე.
შემოიყვანა ერთწლიანი ვერძი. აიტაცა ხელში. სამჯერ შემოავლო ავადმყოფს და შესთხოვა
ხმამაღლა სუჯუნის წმ. გიორგის ხვარამზის ნაცვლად მიეღო ზვარაკი. სამი წყრთა სანთელი
დაუნთო. გამოულოცა.
დამწვარივით ბორგავდა მელოგინე. ჰკიოდა, თმებს იგლეჯდა, უხამსი სიტყვებით ღმერთს
არისხებდა. მოვიდა ქმარი, შემოჰკრა ნაჯახი ფაცხას და ააჭრიალა„.
![]() |
14 XIV |
▲ზევით დაბრუნება |
XIV
„უამბო ხვარამზემ ბებიას, რაც თავს გადახდა ნათურქალის ტყეში
სიზმრად და ცხადად. ბებიაც კუდიანობაში შემჩნეული იყო. მრავალგზის და ენიშნა,
მოკუნტა პანტასავით დამჭკნარი ტუჩები, მუშტით დაიდუმა პირი…
იმ ღამეს ისევ შეძრწუნდა მელოგინე. ქმარი ნაჭყვედიდან გადაიკარგა.
სახე აელეწა ხვარამზეს. შანთით მონაწვავსავით ავარვარდა და ტუჩებზე მორიელის შავი
დაღი.
ძვალსა და რბილში, თმასა და ხრტილში აუტანელი ქავილი აუტყდა.
პირაღმა იწვა მელოგინე ჩალაზე. ღველფზე დაგდებულ მორიელივით უმწეოდ ასხმარტალებდა
ხელფეხს. სამი დღე-ღამე ებრძოდა ხვარამზე სიკვდილს. გათენდა მეოთხე, უფრო საშინელი,
ვიდრე პირველი.
ბებიაქალმა შეასწრო თვალი: მელოგინეს საშო გაიღო ანაზდეულად და ბურღვით დაღვარჭნილი
ფეხები გამოჰყო მორგვისოდენა მორიელმა.
უკანასკნელად გაიბრძოლა მელოგინემ, დაავლო ხელი სიგრძეზე გაბმულ თოკს. ერთი ისეთი
შეჰკივლა, ცას ვარსკვლავი მოსწყვიტაო. ბუსუსებიანმა, შავმა მორიელმა გადაირბინა
უსახსროდ დაგდებულ ფეხზე. მიაშურა თავის დიდ დედას _ ბნელ ღამეს.
და ხვიმრში შეძვრა.„
![]() |
15 XV |
▲ზევით დაბრუნება |
XV
„გაიქცა კუდიანი ბებია შინისაკენ. თავისი უნათლავი შვილიშვილი ხვარამზეს მოჰგვარა. ჩააწვინა აკვანში და მერვე დღეს მეზობლები დაჰპატიჟა მიწის შეჯერებაზე.
ლოგინი უცვალა ავადმყოფს, იმავე ადგილას, სადაც მელოგინე იწვა, შავტარიანი დანით
ამოჩიჩქნა ღრუები. აურია ცომში საკმეველი, ღვინო, ნიგოზი და თაფლის სანთელი.
ლიტანიობდა სულწაწყმენდილი ბებერი და ავსებთა ცომით პატარა ღრუებს. დამჭკნარ,
მოკუმულ ტუჩებს აცმაცუნებდა და ასე ლოცულობდა:
„მიწაო, გევედრები, მოანიჭე ჩემს მელოგინეს ხვარამზე ხარბედიას ბედნიერება,
მოანიჭე, მიწაო, მელოგინეს ნაყოფიერება სავსებაი და სიხარული. მიწაო, გევედრები,
მიწაო,მისმინე„.
მიწის შეჯერების შემდეგ სტუმრები წავიდნენ და მთელს სოფელს მოსდვეს ამბავი, რომ
ხვარამზე მორიელით დაუდაღავს ვიღაცასო.
ალაპარაკდა მორიელზე მთელი სოფელი და სადაც უხსენებელს ახსენებდნენ, მორიელიც იქ
გაჩნდებოდა, ბებიამ შვილიშვილი შინ წაიყვანა და სოფელი დაარწმუნა: ხვარამზეს შვილი
აწყვეტილმა ტახმა შესჭამაო
![]() |
16 XVI |
▲ზევით დაბრუნება |
XVI
მეორე დილას ლომკაცია ბისკაია მკვდარი იპოვნეს თავის ლოგინში, უშველებელი,
ბუსუსებიანი, შავი მორიელი მელოტ შუბლზე აჯდა მიცვალებულს. და ღამით მოვიდა ისეთი
მერეხი, ცაი ფერხად ჩამოდიოდა.
გადმოლახა მდინარემ ნათურქალის ჭალები, წალეკა წისქვილები, ჯებირები, ხიდები და
ბონდები. წალიკონმა ხეზე გაშვებული ვაზები გააოხრა.
შავი მორიელი დაერია ნაჭყვედს. ხარბედიები და ბისკაიები უბედურებამ შეარიგა, მაგრამ
უკვე გვიან იყო… მორიელისათვის ხომ წყევლის ნიშნად შხამი მიუცია ღმერთს. არ ზოგავდა
არც ადამიანებს, არცა ცხოველებს.
ხუთმეტი კუბო გაიტანეს ბისკაიების სასახლიდან.
ხუთმეტჯერ ხუთმეტი ხარბედიების ფაცხებიდან. დღე და ღამე ისმოდა სოფელში: ვაჰ-ვა,
ვაჰ-ვაჰ! ამას ზედ ერთვოდა საქონლის უმწეო ბღავილი და ძაღლების გულსაკლავი ყმუილი.
ურჩია ქადაგმა ხახუ ხარბედიამ სოფელს: არ ეხსენებინათ უხსენებელი.
მორიელის ხსენებაზე მოხუცები ტუჩზე ხელს აფარებდნენ ბავშვებს და ქალებს. მაგრამ
დიდი და პატარა ისე იყო დაშინებული, რომ ყველას პირზე ეკერა მორიელი, როგორც
ხვარამზეს მორიელის შავი დაღი.
ადგილი აღარ დარჩა ნაჭყვედის სასაფლაოზე.
მკვდრების დამარხვას ვერ ასდიოდნენ. იპოვიდნენ ოჯახში მორიელისაგან დაკბენილს,
ცოცხლები ფაცხაში გამოჰკეტავდნენ მიცვალებულს და გარბოდნენ. სამიჯნე გზები და
შუკები შეჰკრეს სხვა სოფლებმა და არსად უშვებდნენ ნაჭყვედელებს, ხატი გაარისხეს და
მიტომაც დაისაჯენო.
არავინ იცოდა, ვინ გაარისხა პირველად ღმერთი. ვისაც მუხლი ერჩოდა, მთაში გაიხიზნა.
სოფელში დარჩენილ მოხუცებს ღამღამობით ცეცხლი ენთოთ და მორიგეობით უდარაჯებდნენ
ერთიმეორეს".
![]() |
17 XVII |
▲ზევით დაბრუნება |
XVII
„აყვავდნენ სოფელში ტყემლები და ატმები, როგორ არ შვენოდა იმ საოცარი გაზაფხულის
მალხაზ პეირონს, ძაძებით მოსილი ნაჭყვედის არე!.. ძაძა ფრიალებდა ფაცხებისა და
ოდების სვეტებზე. შუკებსა და თემშარებზე აღარ თამაშობდნენ ბავშვები ჭარკუნს, აღარ
ისმოდა მოზარდების ყიჟინა წისქვილის კარზედ და ჭალებში მხოლოდ ქამრებსა და
სამასრეებზე ძაძაგადაკრული მოხუცები დახეტიალობდნენ ეზოებში, უპატრონო საქონელი
ბღაოდა ჭიშკრებთან.
ყველა მოუთმენლად მოელოდა 23 აპრილს. მოაწია გიორგობამ. აიყვანეს სოფელში
დარჩენილები, საქონელი სუჯანს წაასხეს. სულზე ცხრა ხარი დაიკლა იმ ღამეს, უმაგალითო
ღამისთევა გაუმართეს წმინდანს.
ხახუ ხარბედია ჩაჰკეტეს საღამოს საყდარში და, ვენაცვალე მის ძალასა დ მადლს,
წმინდანი გამოეცხადა და დაარიგა. მეორე დღეს ქადაგად დავარდა ხახუ ხარბედია და
აუწყა ნაჭყვედელებს წმინდანის ნება. მლოცველები ნაჭყვედში დაბრუნდნენ. ხელფეხი
შეუკრეს ხვარამზეს და მორევში გადააგდეს. წყალმა არ მიიღო ეშმაკის თანააზიარი
ხვარმაზე სამგზის დადაღეს. დაანგრიეს ხვარმაზეს სახლი. ბალავერში მორგვის ოდენა
შავი მორიელი იპოვნეს.
სუჯუნის გიორგის ბოძალზე ააგეს მორიელი და ეკლესიის ცაცხვზე ლურსმანით მიაჭედეს
სამგზის.
და წარსთქვა ლოცვა ხახუ ხარბედიამ ქადაგმა, ბრძენმა:
„სახელთა მამისათა და ძისათა,
და სულითა მამისათა და ძისათა,
და სულითა წმინდისათა.
მონახვენო დედიანო, მონახვენო შვილიანო.
წყლისა ხარ?
ხმელეთისა ხარ?
წყლიდან ამონაყოლი ხარ? რა ხარ?
რა სულიერი ხარ?
ხიდან ჩამოსული ხარ?
ხმელეთზე გაჩენილი ხარ? რა ხარ?
რა სულიერი ხარ?
ჩაგაგდებ სანწალავში, ჩაგაგდებ სახარშავში.
მოგცემ ცეცხლსა რვალისასა, გაგაქარვებ თვალსა წამისასა.
ადუღდები ქოთანსავით, ჩაიქცევი ქონდარსავით.
ხიდან ჩამოვარდნილი ხარ?
ფურცლიდან ანაყოლი ხარ?
რა ხარ? რა მოვანი ხარ?
ჩაგაგდებ ცეცხლსა რვალისასა:
გაგაქარვებ თვალსა წამისასა დაგრჭი ალითა:
მალითა: სუჯუნის ხელბოძალითა.
გამიშვი და გაგიშვებ: გამიშვი და გაგიშვებ: შენ: გეპყრას: და შენ: გებაროს: შენ:
შეგეპყრას: და შენ: გეკავოს: მრისხანე ბატონო სუჯუნისაო„.
* * *
კარგა ხანია, რაც ნაჭყვედში არა ვყოფილვარ. კიდევ მინდოდა მოხუცი დიაკონისათვის გამომეკითხა, თუ რა ცხოველებსა და არსებებს აძევთ ტაბუ ოდიშის მხარეში, მაგრამ სიკვდილი და დრო ჩადგა ჩვენს შორის, როგორც გარდუვალი ყრუ კედელი.
1925-27 წ.წ.