თოფურიძე
ჯემალ მათთვის, ვინც მამამ მიატოვა!
ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე, როდესაც მისგან ყველაზე ახლობელი მიდის. ისინი მიდიან ნებით, უნებლიეთ; ზოგს ძალიან უნდა წასვლა, ზოგს ძალიან არ უნდა, მაგრამ ძალით მიჰყავთ. მიდიან სამუდამოდ, კვდებიან. ზოგი მიდის და ბრუნდება, ზოგი არ ბრუნდება, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ აღარ არის, უბრალოდ, სხვაგან უკეთ გრძნობს თავს. ამ უკანასკნელთა რიგებს მამაჩემის პიროვნებაც ამაყად უმშვენებს გვერდს. მამები გვტოვებენ ნებისმიერ ასაკში, როდესაც სულ ჩვილები ვართ ან ცოტათი წამოვიზარდეთ და პირველად ვამბობთ„ მამას“, როდესაც სიარულს ვიწყებთ ან სკოლაში მივდივართ პირველად. არც მაშინ იკავებენ თავს, როდესაც ყველაზე მეტად გვინდა ვთქვათ: მამაჩემს ფეხბურთზე მივყავარ, გუშინ მამასთან ამხანაგები იყვნენ, მამას სათევზაოდ ვყავდი, მამის საწერი მაგიდის უჯრაში იარაღი ვნახე, ბოლოს და ბოლოს, გუშინ მამამ სიგარეტის წევაში ჩამავლო და მცემა, მაგრად მცემა; მიდიან მაშინ, როდესაც ბიჭობაში შედიხარ და ყველაზე მეტად გინდა მამა. ეს ბედნიერება მეც სწორედ ამ დროს მეწია. ცამეტი წლის ვიყავი. ცამეტი წლის ვიყავი და ვგიჟდებოდი მამაჩემზე. არც ახლა
მძულს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მიყვარს კიდეც. ჰო, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ვუყვარვარ და ისევ ისე მიყვარს, მაშინ რომ მიყვარდა. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ თუ ვნახავ, ისიც მაშინ, როდესაც ჩემს ცხოვრებაში რაღაც ღირსშესანიშნავი ხდება და დედა ურეკავს. მოდის ნახევარი საათით, ჭკუას მარიგებს, მერე საათზე დაიხედავს და გარბის ისევ ერთ იწლით, თავის მეორე წყება ცოლ-შვილთან. იძახიან, ადამიანი თუ გიყვარს, შეიძლება საუკუნე არ ნახო და მაინც გიყვარდესო. შეიძლება, მაგრამ მამა არა.
ლამაზი იყო მამაჩემი, ისე ლამაზი არა, როგორც კარგი იყო: მაღალი, წაბლისფერთმიანი, თვალსა და წარბს შორის იარა ჰქონდა; ბიჭობაში ვიღაცას ლუდის კათხა ჩაერტყა; უხდებოდა ეს იარა. რომ იცინოდა, თვალებიც რაღაც სევდიანად უღიმოდა. კარგი იყო მამაჩემი. მამაჩემიც რომ არ ყოფილიყო, მაინც მეყვარებოდა. ბოლო დროს ვატყობდი, რომ ისე აღარ იყო დედასთან, როგორც ყოველთვის. აღარც ჩემთან. აღარსად დავყავდი, აღარ მაცინებდა, თვალებშიც მეტი სევდა ჩაუდგა. რატომ, მამა? — ვკითხე ერთხელ, მარტო რომ ვიყავით ოთახში. ის ტელევიზორს უყურებდა, უფრო სწორად, ტელევიზორის წინ იჯდა და სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. — რატომ, მამა?— ვთქვი ჩემდა უნებურად. ის თავისთვის იჯდა. მე აქეთ კუთხეში, ტახტზე რაღაც ჟურნალს ვათვალიერებდი. უფრო სწორად, კი არ ვათვალიერებდი, მხოლოდ უაზროდ ვფურცლავდი. თითს ენით ვისველებდი და ვფურცლავდი, ოღონდ სულაც არ ვათვალიერებდი. „რატომ, მამა“ მე იმისთვის კი არ მითქვამს, ჩემს თავს ვუთხარი. ამას უკვე კარგა ხანია ვეკითხებოდი საკუთარ თავს. კარგა ხანია მაწუხებდა ეს, მაწვალებდა, ჩუმად მატირებდა. —
„რატომ, მამა?“ — ვთქვი და მეგონა, ქვეყანა დაიქცეოდა. ჩუმად, უნებლიეთ მათქმევინა რაღაცამ
და საშინლად შემეშინდა, არ გაეგო მამას. ეტყობოდა, გული მიგრძნობდა რაღაცას, ვგრძნობდი,
რომ მამა უნდ აწასულიყო. შემოტრიალდა უცბად, ნერვულად. რაო, რათქვიო?— მკითხა. არაფერი-მეთქი,ვუპასუხე. შენღა მაკლდი ახლაო— ჩაიბურდღუნა გულისწყრომით ბრაზმორეულმა. ცხოვრებაში მამისაგან უხეში სიტყვა არ მსმენია. ჟურნალისათვის არ მომიცილებია თვალი; ვიგრძენი, როგორ გაწყდა სადღაც, მთელ სხეულში გაშლილი, გაბნეული სიყვარული. შენ მაკლდი ახლაო, — მითხრა ისე, როგორც ვიღაცას ეუბნებიან. მიტოვებული ვიყავი უკვე. მამას სახლში აღარაფერი დააკავებდა.
სექტემბერიიყო. სკოლიდან ვბრუნდებოდი. ჩვენი სახლი რომ დავინახე, უცებ რაღაცის შემეშინდა, სადარბაზოდან სახლში შესვლა ვერ გავბედე, უკანა მხრიდან მოვუარე, ფრთხილად ავედი ხის კიბეზე და აივნიდან სამზარეულოს კარი ნელა შევაღე. დედა ფანჯარასთან იდგა და ტიროდა. მივხვდი — მამა წავიდა. მე მახსოვს, როგორ გამოვიქეცი უკან. დიდხანს გავრბოდი,
მაგრამ მეგონა, ერთ ადგილას ვურტყამდი მიწას ფეხებს. მეგონა, უზარმაზარი ქუჩა მოქროდა ჩემს საწინააღმდეგოდ თავისი ხალხით, სახლებით, ხმაურით. დავიქანცე, მივიხედ-მოვიხედე.
ვერის სასაფლაოზე აღმოვჩნდი. იქით გზა აღარ იყო. ტროტუარზე ჩამოვჯექი. ერთხანს ასე ვიყავი, მერე უკან დავუყევი. მეტირებოდა. ჩვენი სახლის გვერდით, გასტრონომში შევედი.
—ძია საქო, მამამ დასალევიო, ფულს მერე მოგცემო. — ვთქვი და მოლოდინში გავინაბე.
—კარგი, ჯიგარო! — როგორც ყოველთვის, ახლაც არ იუარა ძია საქომ. — რომელი უნდა?
—რა რომელი?
—ღვინო რომელი-მეთქი!
—ღვინო არ მინდა.
—მაშ?
—არაყი.
—ვა...?! — გაუკვირდა ძია საქოს. ჩავვარდი-მეთქი, გავიფიქრე.—ღვინოს სვამ?! — თქვა და მაცივრიდან არყის ბოთლი გამოიღო. გულზე მომეშვა.
—ერთი? — მკითხა.
— ჰო,ერთი.
—აჰა,ჯიგარო! — მომაწოდა ბოთლი. მე გამოვართვი.
—მაიცა, მაიცა, — მითხრა უცებ. გულიჩამვარდა. „ოხ,შენი!“ — გავიფიქრე. ბოთლი დიდის მონდომებით გაახვია ქაღალდში.
—ეგ არაყს ვაფშე არ სვამდა.
—რა ვიცი.
—ჰა, გამამართვი.
ბოთლი ავიღე და გარეთ გამოვედი. მადლობაც არ მითქვამს. სკოლისაკენ წავედი.
სკოლის უკან მშენებლობა მიდიოდა. იქ დავლევ-მეთქი, ვიფიქრე. ბნელოდა მშენებლობაზე, ძალიან ბნელოდა, ისე, რომ ერთი პირობა კიდეც შემეშინდა იქ შესვლა, მაგრამ ბოლოს გავბედე და შევედი. თვალი სიბნელეს მიეჩვია. საგნების გარჩევა დავიწყე. ნახევრად ამოყვანილ კედელთან მივედი, აგურებზე ჩამოვჯექი, აქ კაციშვილი ვეღარ დამინახავდა. ძლივს გავხსენი ბოთლი და მოვიყუდე. პირველ სამ ყლუპზე კინაღამ დავიხრჩვი, ბოთლი მოვიშორე პირიდან და გადავაფურთხე. საძაგელი გემო ჰქონდა. ამას რა ასმევთ-მეთქი, ვიფიქრე. ცოტა დავიცადე და ყველაფერი თავიდან დავიწყე. უფრო კარგად წავიდა. თავიდან არა, მაგრამ მერე კარგად წავიდა.
პირიდან რომ მოვიშორე, ვნახე, რომ ბოთლი ნახევრამდე ჩამეყვანა. გამიხარდა. ოღონდ, სუნი
მირევდა გულს. ახლა სიმთვრალეს უნდა დაველოდო. მეც დაველოდე. არ მოდიოდა, რაღაც.
ცოტაც მოვსვი და კიდევ დაველოდე. მთელი სხეული გამითბა, მერე თავბრუ დამეხვა და შემეშინდა ცოტა. მერე უფრო დამეხვა, ოღონდ აღარ მეშინოდა. მსიამოვნებდა, ვინმესთან მინდოდა მელაპარაკა. „არა, რატომ, მამა, რატომ, თორემ კი, კი ბატონო, რაც გინდა, როგორც გინდა, მაგრამ რატომ?“— ბოლო სიტყვაზე მივხვდი, რომ ვლაპარაკობდი. შემეშინდა და გავჩუმდი. მერე გადამიარა შიშის გრძნობამ და ვიფიქრე,სასმელი არ მეყომეთქი. ბოთლი გამოვცალე. უცებ თითქოს განათდა და ბილიკი დავინახე ჩემს წინ. თეთრი იყო ეს ბილიკი,
ხასხასა მწვანე მინდორზე, თეთრი კენჭებით მოფენილი და მზეზე ბრწყინავდა. უკან მოვიხედე.
ტყე იყო ჩემს უკან. ბილიკი ტყიდან იწყებოდა და ტყესთან მთავრდებოდა, აღარ გრძელდებოდა არცერთ მხარეს. მინდორზე ვეებერთელა ლოდი ეგდო. ხელი გადავუსვი. გამთბარიყო მზისაგან.
წყლის ხმა მომესმა, ლოდის ქვეშ ჩავიხედე. მიწიდან პატარა წყარო ამოდიოდა. დავიხარე, დავლიე. მერე გახურებულ სახეზე შევისხი. მესიამოვნა. ლოდზე ავფორთხდი, ზედ დავწექი პირაღმა და ცას ავხედე. ხეები კენწეროებით ჩამოკიდებულიყვნენ თავქვე. ალბათ, ასე კარგად,
როგორც ამ პატარა თეთრ მზიან მინდორზე, წყაროზე და მზით გამთბარ უზარმაზარ ლოდზე,
ქვეყნად ვერსად ვიქნებოდი. ამ დროს ტყის პირას პატარა ადამიანი დავინახე. ბავშვი იყო,
გრძელი სახრე ეჭირა ხელში, მუხლამდეპე რანგი ეცვა, მკერდზე გადაღეღილი. დავუძახე და ხელი დავუქნიე. ერთ ადგილზე იდგა, არ ინძრეოდა. ისევ დავუქნიე ხელი და წამოვდექი.
—მოდიაქ, ბიჭო! — დავუძახე. ის დინჯად დაიძრა ადგილიდან. ნელა წამოვიდა, მოხუცი კაცივით, თითქოს დაღლილი იყო ძალიან. რომ მომიახლოვდა, პირველად მისი თვალები დავინახე, ამ მინდორივით მუქი მწვანე, მშვიდი, ჩამოსანთლული, ჩამოღვენთილი, ჭკვიანი,
ნათელი და სევდიანი. ვერ ვიშორებდი ამ თვალებს, მოჯადოებულივით ვიდექი. ისინიც უფრო და უფრო მიახლოვდებოდნენ, სულ ახლოს მოდიოდნენ, სხეულში შემოდიოდნენ და მაქვავებდნენ.
—რად დამიძახე? — მკითხა ქვემოდან, გაქვავებულს და დამიარა უცბად რაღაც ჯადოსნურმა ძალამ. გამიხარდა. ავმოძრავდი, აქამდე ქანდაკებად გადაქცეული, მოვეშვი. ლოდიდან გადმოვხტი. გადაღეღილ მკერდზე ჯვარი ეკიდა, ხის უბრალო, პატარა ჯვარი, წითელ ნაჭერზე ჩამოკიდებული.
—რად დამიძახე?
—შენთან მინდოდა, იმიტომ დაგიძახე. — გამიღიმა ისე, რომ ბაგეები არც შეტოკებია, თვალებით გამიღიმა. — რა ფერის თმები გაქვს, ოქროსფერი?
—ოქროსფერი მაქვს, ოქროსფერი.
—ეგეთი ბიჭი არც მინახავს, შენ რომ ხარ.
—ნახატსა ვგავარ?
—არა, ანგელოზს.
—გინახავს როდისმე ანგელოზი?
—არასოდეს.
— ესე იგი, ნახატსა ვგავარ.
—გითხრა შენ ვინმემ?
— ჰო, კიდევ ერთხელ მითხრა შენისთანა ბიჭმა, სწორედ აქ მითხრა, ამ ადგილას. შენ გგავდა ძალიან. მითხარი, კიდევ რად დამიძახე?
—ჩემთან რომ დაჯდე აქ, ასე, ჩემს გვერდით, ამ ბალახზე, ჩემთან რომ იყო.
ბალახზე დაეშვა. ნელა დაეშვა. სახრეს ორივე ხელით დაეყრდნო. რომ დაეშვა, ჯვარი კისერზე ჩამოეკიდა.
—აქ საიდან გაჩნდი, შენი ჭირიმე?
—გიყვარვარ უკვე?
—ძალიან მიყვარხარ.
—იმბიჭმაც ასე მითხრა—მიყვარხარო. მითხარი, კიდევ რად დამიძახე?
—აქ რას აკეთებ?
—საქონელი მყავს იქით, ტყის გადაღმა, საძოვარზე მყავს გაყვანილი.
—ასე პატარას?
—ჰო, ასე პატარას. ვინა ხარშენ?
—ბიჭი ვარ, გია მქვია. აქ მომეწონა ძალიან.
—აქ კარგია. მაღლა უფრო ლამაზია— ხელი ცისკენ აიშვირა. —მითხარი, კიდევ რად დამიძახე?
—მარტო ვარ და იმიტომ დაგიძახე. ეს რა გზაა?
—ღმერთმა იცის.
—როგორ თქვი?
—ღმერთმა იცის-მეთქი. ღმერთს გარდა არავინ იცის. სულყოფილა ეს გზა, პაპაჩემის პაპას ხსომებია თავის პაპისაგან. მაშინაც არ იცოდა თურმე არავინ, ეს რა გზა იყო, ან ვის გაეყვანა,
ან საით მიდიოდა, ან მეწყერმა როგორ არ წაიღო აქამდის, ან წყალმა როგორ არ გადარეცხა.
მითხარი, კიდევ რად დამიძახე?
—მამა წავიდა, მიმატოვა.
—დიდი ხანია?
—დიდი ხანია. მენატრება ძალიან. ვკვდები, ისე მენატრება.
—გენატრება? კიდევ რად დამიძახე?
—რა ვქნა, არ ვიცი. იმიტომ დაგიძახე, ეგებ შენ მითხრა?
—აპატიე! — თქვა და ფეხზე წამოდგა. — აპატიე!
—არ შემიძლია.
—უნდა აპატიო, უნდა ითმინო, ინატრო, იოცნებო, უნდა ეწამო და აპატიო ყველას ყველაფერი;
უნდა ითმინო და მოვა მერე ის ზღაპარი, სადაც ყველა ნატვრა და ოცნება ახდება. დაისვენებ და
იქნება სიკეთე და სიმშვიდე ამ ქვეყნად.
—როგორ მოხუცივით ლაპარაკობ, შენი ჭირიმე?
—ჩემი სიტყვები არ არის, პაპაჩემისთვის ეთქვა მის პაპას. უნდა აპატიო, შენი ჭირიმე, მეტი რა დაგრჩენია?
—ნახე? შენც მითხარი, შენი ჭირიმეო.
—მიყვარხარ და იმიტომ გითხარი.
—წამოდი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ. ჩემი პატარა მამა იქნები.
—არ შემიძლია, უნდა წავიდე.
—არ წახვიდე, შენი ჭირიმე.
—ხელში ამიყვანე.
მე დავიხარე და ლურჯპერანგა გულში ჩავიკარი. მისი სითბო ჩამეღვარა მთელ სხეულში.
მერე დავუსველე პერანგი ცრემლით.
—არ წახვიდე, შენი ჭირიმე! — შევევედრემე. ცრემლიან ლოყაზე მაკოცა ისე, პატარა ბიჭები რომ კოცნიან მამებს.
—უნდა წავიდე. — მითხრა და დაბლა დაეშვა. თეთრ გზას დაადგა და არ მოტრიალებულა, ისე შევიდა ტყეში.
—რა გქვია, შენი ჭირიმე? — დავუძახე მე.
—გიო მქვია. — არ მოუხედავს, ისე გამომძახა.
***
სახლი ვიცოდი. ახლა მთავარი იყო, რომელ ბინაში ცხოვრობდა, ის გამეგო. სადარბაზოში შევედი და შავ დაფაზე ცარცით დაწერილ სიას ჩამოვყევი ზევიდან ქვევით. დ. დ. დ. ვიმეორებდი. მერე გამახსენდა, რომ არაფრით არ შეიძლებოდა, ჩემი გვარი ყოფილიყო ამ დაფაზე. მამა „იმასთან“ ცხოვრობდა. პირველ სართულზე, ჩერქეზიშვილი რომ ეწერა, იმ კარებს მივადექი და საკუთარი გულისცემა გავიგონე. ზარმა დაიწკრიალა. კარები მალე გააღო ახალგაზრდა ქალმა.
—ქალბატონო, ხომ ვერმეტყვით, გურამი სად ცხოვრობს, დანელია? — ვკითხე და მამაჩემის სახელი და გვარი რაღაც უცხოდ მომეჩვენა.
—ვინა? — უხეშად მკითხა ქალმა.
—გურამ დანელია.
—მაღალი?
—დიახ.
—ლეილას საყვარელი?
—ვისი?
—ლეილასი.
—დიახ, ალბათ. — დავიბენი.
—მესამეზე, მარჯვენა. სწრაფად მიპასუხა და ცხვირწინ მომიკეტა კარები.
„ალბათ თვითონ არა ყავს საყვარელი და ამიტომაა გამწარებული“-მეთქი, ვიფიქრე და მესამე სართულზე ავედი. დავრეკე, ოღონდ ზარის ხმა არ გამიგია. ვერც ის გავიგე, კარი როგორ გაიღო. ჩემს წინ მართლა ძალიან ლამაზი ქალი იდგა, მწვანე ხალათში. შავი თვალები პატარა გოგოსავით უბრწყინავდა; შავი თმა ლამაზად ეშვებოდა მხრებზე. რომ დამინახა, ხალათი მკერდთან მიიწია, დამიმალა.
—მე გურამი მინდა.
—გურამი? — ძალიან რბილი ხმით შემიბრუნა კითხვა.
—დიახ, მამაჩემი!— ამაყად ვთქვი.
—მობრძანდით, მობრძანდით! — დიდი კაცივით შემიპატიჟა. მე შევბრძანდი. შუა ოთახში მომათავსას კამზე, ბოდიში მომიხადა—ერთი წუთითო— და ოთახიდან გავიდა. ძალიან ვნერვიულობდი. გადავწყვიტე, თამამად მოვქცეულიყავი, რომ დამეფარა ყველაფერი.
რომ დაბრუნდა, როგორ ბრძანდებითმეთქი — ვკითხე. ფეხი ფეხზე გადავიდე, იქაურობას მოვავლე თვალი, ვითომ, ძალიან სხვათა შორის და რაღაც წავუსტვინე კიდეც.
—იცით, გურამი არ არის, მაგრამ მალე მოვა, დაუცადეთ.
—შეაგვიანდება? — ვკითხე და კედლის საათს შევხედე. ხელზე რომ მკეთებოდა საათი,
საქმიანად დავხედავდი და ბევრად მოვიგებდი. მაშინ ასე მეგონა.
—არა, ახლა მალე უნდა მოვიდეს. — გამიღიმა.
—ხუთი საათია. ამ დროს სახლში იყო ხოლმე უკვე. — შევახსენე, ჩემთან რომ ცხოვრობდა ადრე.
—თქვენ გია გქვიათ, არა? — მკითხა კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ. „ესე იგი, მამა მახსენებს ხოლმე“, — გამიხარდა.
—დიახ, გია. თქვენ, ლეილა?
—დიახ, ლეილა. საიდან იცით?
—მეზობელმა მითხრა, უფრო სწორედ, ბინას რომ ვეძებდი, ვკითხე და მითხრა.
ისწამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ძალიან ლამაზი ტან-ფეხი ჰქონდა.
—რა კითხეთ? იცოდით ჩემი გვარი?
—არა, მამაჩემის გვარი მახსოვდა. გურამ დანელია სად ცხოვრობს-მეთქი, ვკითხე და, რომელი, ლეილას საყვარელიო?— უცებ მომასწავლეს. — ვუკბინე.