ლორთქიფანიძე ნიკო
9სიტყვა, წარმოთქმული დაწყებითი სკოლის
ცნობილი პედაგოგის ბარბარე ვოლსკის იუბილეზე, 1909 წ.)
რამდენი დრო გასულა! ნახევარი საუკუნე! მეტიც! და რამდენია ნახევარ საუკუნეში
სამოსწავლო დღე; და ყოველ დღეს ხომ ამ მოჟრიამულე გუნდებს 4-5 საათი უნდა ურიგო
მთელი შენი არსება, სისხლი და ხორცი, ნაწილ- ნაწილ, რომ არავის დააკლდეს თავისი
კერძი ყურადღებისა, სიყვარულისა, სითბოსი და ცოდნისა. ახალგაზრდობისას შენ ჩაჰქოლე
საკუთარი ოცნება; და როგორც მსახიობმა, დაივიწყე ყოველი საკუთარი, რომ ნაკისრი
ვალდებულება — დედის ვალდებულება — უკლებლივ შეასრულო.
რა დროს საკუთარი ოცნებაა, როცა აი, პატარა კატო კრუნჩხავს თითებს. მერხს მკერდით
მისწოლია, ცხვირის ნესტოები შესველებია, მაგრამ მაინც ვერ გამოუყვანია „გან"-ის
ქვედა „ბურთი“; იტიროს მზადაა. და აბა, ცხვირი მოახოცვინე ისე, რომ არ შეამჩნევინო
უხერხულობა, გააგებინე, რომ მკერდით მიწოლა მავნებელია, რომ კალმისტარი უნდა ეჭიროს
თავისუფლად გაწვდილ სამ თითს, და „გან“-ის ქვედა ნაწილის გამოყვანა პირველად არის
მხოლოდ ძნელი, შემდეგში კი კვერცხისებური მრგვალი „ბურთი“ თითქმის თავისთავად
დაიწერება.
შენს მოგონებებს რომ გაჰყვე თუნდაც მცირე ხნით, სანამ ბავშვები დაფაზე დაწერილს
გადახატავდნენ, მაშინ ხომ აი, ეგერ, კუთხეში მჯდომი პატარა ვანო სულ მიატოვებს
მეცადინეობას... ვინ იცის, რაზე ფიქრობს ვანო, სოფელში დარჩენილ ლეღვზე, რომელიც
ეხლა უკვე პირგადახლეჩილი მოელის მომკრეფს, თუ — დედამ რომ წინდები გამოიწყო — ის
ეჩვენება... და ეხლა ის დაუბრუნე სინამდვილეს, რომ უბრალოდ არ დაჰკარგოს გაკვეთილი.
აგერ მეორე ბიჭი — ბესიკი — ისე იცინის, რომ მალე მთლად არევს ამ 40- 50 ბავშვს, თუ
დროზედ არ გაიზიარე მისი მხიარულება, თავზე არ გადაუსვი ხელი, არ უთხარი, რომ მან
პირველმა გადაწერა ამოცანა და ეხლა ხელი მიჰყოს ამოცანის შესრულებას.
და ბალღები დღითი დღე პოულობენ თავის გზას, ხერხს; წლის ბოლოს ყველას ეტყობა
გონების გაზრდა, გრძნობათა გაფაქიზება; და მიდის წყება, რომ სხვა ოსტატმა განაგრძოს
გაწვრთნის საქმე. და ედება ეს ახალგაზრდობა სასწავლებლებს, უნივერსიტეტებს...
საზოგადო და სამეცნიერო ასპარეზს... რამდენია, რამდენი ყოფილი შენი შეგირდი
გაფანტული ამ ასპარეზზე.
მიდიოდა ერთი წყება.
მოდიოდა — მეორე!
იყვნენ პირველად აზნაურების ბავშვები — უფრო თამამნი, უფრო უზრუნველყოფილნი, მაგრამ
თავიდანვე დაუდევარნი, ანჩხლნი, უდარდელნი და ზედმეტ ალერსსა და მოვლას მიჩვეულნი.
მათ მოჰყვნენ გლეხების შვილები — გულჩათხრობილნი, ჯიუტნი, მიუკარებელნი, ბეჯითნი და
თან უხეშნი.
აი, ახლა მოდის მუშათა ფენა — თამამნი, მიხვედრილნი, მაგრამ ქალაქის ქუჩების
ჩვეულებითაც დატვირთულნი.
ყველანი მომავლის იმედია, საყვარელნი და ზრუნვის ღირსნი.
და ყველას სჭირდებოდა ერთგვარ კალაპოტში ჩაგდება, გზის ჩვენება, ხასიათის საუკეთესო
მხარეთა გამონახვა-განვითარება და უარყოფითი მხარის ისეთი დოსტაქრული ხერხით
მოკვეთა, რომ თვით პაციენტსაც ვერ შეემჩნია, რას უშვრებიან.
მეცნიერის, მწერლის, ინჟინრის ნამოქმედარი თვალგადასავლები და ხელშესახებია
ყველასათვის. თვით მსახიობისა და მომღერლის ზეგავლენა მაყურებელსა და მსმენელს
მაინც შეუძლია განიხილოს და დააფასოს... მაგრამ მასწავლებლის, განსაკუთრებით —
პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებლის — დაფასება ყმაწვილთა გაუწაფავ გრძნობაზე და
ახლობელ ამხანაგთა ინტუიციაზეა დამყარებული.
მართლაც, რომელ ჩვენგანს შეუძლია ათეული მასწავლებლის გამოცვლის შემდეგ თქვას,
რომელმა შეაჩვია ლოგიკურ მსჯელობას, ვინ გაუმახვილა ყურადღება, ვინ შეაზიზღა სიცრუე
და შეაყვარა მოყვასთათვის თავდადება! და ბედნიერია, ვისაც სწორედ ეს მოწაფეები, ეს
უახლოესი თანამშრომელნი დააფასებენ, შეიყვარებენ და ზეიმს გაუმართავენ.
ასეთი ხარ შენ! და მომილოცავს! ................
მცირე კომენტარი: ბარბარე ვოლსკი გახლდათ და ცნობილი ქართველი მწერლის გრიგოლ
ვოლსკისა (უმწიფარიძე), რომელიც ნიკო ლორთქიფანიძის უახლოესი მეგობარი იყო.