ახვლედიანი ერლომ
მეოცნებე კაცის ამბავი
კაცი იყო, გამოუსწორებელი მეოცნებე...
სავსე ოჯახის პატრონი. რაც დაოჯახდა, მის კერაში ცეცხლი არასოდეს ჩამქრალა. ჰყავდა
სათნო და ლამაზი ცოლი, შვიდი ქალ-ვაჟი.
სტუმართმოყვარე იყო, ქვრივობოლთა შემწყნარებელი.
გულლმობიერი, მისგან ნაწყენი ამ სოფლად არავინ მოიძიებოდა.
ტიროდა მოტირალთა თანა და უხაროდა მოხარულთა თანა. გამრჯე იყო, შრომისმოყვარე.
ჭამდა საკუთარი ხელით მოწეულ ნაყოფს.
ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა: ადამიანს თუ პირუტყვს; ვაზსა თუ ხეხილს; მუხასა
თუ სამყურას; წვიმასა თუ ქარს; ანკარა წყაროსა თუ ხავსიან ლოდებს; განთიადსა თუ
მწუხრს.
და კიდევ ჰყავდა ერთი შავ-თეთრი კატა, ოღონდ აქამდე ვერ გაერკვია, შავი იყო ეს
კატა თეთრი ლაქებით, თუ თეთრი იყო შავი ლაქებით.
მეოცნებე კაცი ძილის წინ სახლს დაივლიდა, მშვიდად მიძინებული ჯალაბის სუნთქვას ყურს
მიუგდებდა და მერე თავის საწოლს მიაშურებდა, ლოგინში ჩაწვებოდა, შავთეთრი კატაც
მის ფერხთით მოიკალათებდა და ჩაიძინებდა, ხოლო თვითონ ხელებს თავქვეშ ამოიდებდა,
ჭერისაკენ აღაპყრობდა მზერას და ოცნებაში გადაეშვებოდა: ნეტა მარტო ვიყო,
უთვისტომო; არავინ მიყვარდეს და არავის ვუყვარდე; სხვისი დარდი არ მადარდებდეს და
სხვისი სიხარული არ მახარებდეს; გულქვა ვიყო, გაუტანელი; ცოდვას ვეტანებოდე და მით
ვლაღობდე; შურისმაძიებელი ვიყო და არავის არაფერს ვპატიებდე;
ჩემი ეშინოდეთ და ძრწოდნენ ჩემს წინაშე...
და ამ ნეტარაოცნებაში მასაც ჩაეძინებოდა.
ამგვარად მიედინებოდა მისი ცხოვრება, ოღონდ ოცნება
არა და არ უსრულდებოდა.
შესულია წიგნში „ქართული იგავური პროზის ანთოლოგია“, რომელიც გამომცემლობა
„ინტელექტმა“ 2014 წელს გამოსცა.