ლომოური ნიკო ალი I - ბიჭო, სიმონა, შენა? რას მაიმუნობ, შე წუწკო შენა! - მომესმა უცებ უკანიდამ. მე
მაშინვე ვიცანი ჩემი ბებერი დიდიდედას ხმა. წამოვხტი ფეხზე და ფაცხა-ფუცხით დავეშვი
ორღობეებისაკენ. ასე მეგონა, ერთი რამ საშინელი, სასაცილო საქმე ვქენი მეთქი... და
მრცხვენოდა, მრცხვენოდა ისე, რომ გადავწყვიტე ვახშმობამდინ შინ არ შევსულიყავ.
მართლაც-და, კარგა ხშირ-ბინდი იყო დაცემული, როდესაც მე ჩვენი ბაკის კარები
შევაჭრიალე და ჩუმი ნაბიჯით გავწიე დარბაზის დერეფნისაკენ. მე მინდოდა შემეტყო, იყო
შინ ბებიაჩემი თუ არა? ან თუ იყო, ლაპარაკობდა რასმე ჩემზე, თუ კიდეც ელაპარაკნა.
ამისათვის მივედი და ავიტუზე კარებთან. დავუგდე ყური, მომესმა ჩვენი აზნაურა
დიაკვნის, ზაქარიას ხმა. - მერწმუნე, გიორგი, - ეუბნებოდა ის მამაჩემს: - მერწმუნე, რომ ესე საყდრის ახლო
ცხოვრება შენთვის და შენი ოჯახისათვის არ არის კარგი! მუდამ ღვთის კალთის ქვეშა
ხარ; მუდამ ყოველ შენს საქმეს ზედ დასცქერის დიდი მთავარ-მოწამე გიორგი. - ვენაცვალე მაგის მადლსა და მაგის სახელსა! - გააწყვეტინა მამაჩემმა, -
დაგვცქიროს! ღმერთმა ხო იცის, რომ ჩემ ოჯახში კაცი არავის მოუკლავს და ნაქურდალი
არავის შემოუტანია! - ჰეი, გიორგი, გიორგი, - დაიწყო კვალად დიაკვანმა. - ღვთისა წინაშე ვინ არის
მართალ? შენ იქნება არ იცოდე შენი და შენი ოჯახის შეცოდებანი; ყოველივე ესე კი
წინაშე ღვთისა ცხად არს! ამისათვის გირჩევ, რომ აიყარო აქედამ და აი შენ საბძელთან
გადასახლდე... მამაჩემმა ამაზე რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე; სჩანდა კია, რომ რაღაც
გაჯავრებულად უთხრა ჩვენს ეშმაკ და მაცდურ დიაკვანს. დიაკვანი ამის შემდეგ
წამოიბარგა და გამოსწია გარეთ; გამომიარა გვერდზე და ცუღლუტურის ბუტბუტით გავიდა
ჩვენი სახლიდამ. ამის გამოსვლის შემდეგ შევიცადე ცოტა ხანს კიდევ და შემდეგ შევაღე
კარი და შევედი სახლში. აქ იყვნენ სულ ყველანი: ბებიაჩემი, მამაჩემი, დედა და სამი,
ჯერ ახალგაზრდა, უცოლშვილო ბიძები. წინაპირველად ამათ თითქო ვერ დამინახეს...
თავისუფლად ჩავუარე კერას გვერდით და დედაჩემს ამოვუჯექ მუხლის ძირას. - ჩვენო ბერო, ჩვენო ბერო! აცხონე სული თუ არა? - დაიძახა უცებ სიცილით უმცროსმა
ბიძამ... - ბერო, ბერო! აბა ერთი გვითხარი, რას ლოცულობდი! - დაიწყეს აქეთ-იქიდამ ყვირილი.
ამას მოჰყვა საზოგადო სიცილი. მე ჩავუდე დედაჩემს კალთაში თავი და გავინაბე. - რას მიჰქარამთ ერთი! ლოცვა რა დასაცინია! - მოისმა მამიჩემის ხმა. ამ ხმამ ცოტა
არ იყოს გამათამამა: თავი ავიღე მაღლა. - აბა, გენაცვალე, შვილო, მითხარი, რას ეხვეწებოდი წეღან ღვთიშობელსა? - მოვიდა
ჩემთან და დაყვავებით მითხრა ბებიაჩემმა. ამ დაყვავებამ უფრო გამათამამა; მაგრამ პასუხის გაცემას მაინც მაგრე რიგად არა
ვჩქარობდი. - ვეხვეწებოდი: - ღმერთო და წმინდა გიორგი, ტყე მაჩვენე მეთქი... - ვსთქვი დაბალის
ხმით შემდეგ ცოტაოდენის სიჩუმისა. ამ სიტყვებმა ხელმეორედ აღძრა მთელ ჩვენს დიდს დარბაზში ერთი საშინელი სიცილი და
ხარხარი. - ბიჭო-და, რა სანახავია ტყე, რო აგრე გენატრება იმის ნახვა? - მითხრა სიცილით
უფროსმა ბიძამ. - შე რა გინდა! ოღონც-კი ერთი ტყეში წამიყვანეთ და, ღმერთმანი, სულ მე მოვუდგები
ხარებს, - მივუგე მე. - კარგი, შვილო, კარგი! აი ამ ორ დღეში ფიჩხისთვის მოგვიხდება ტყეში წასვლა და შენც
მაშინ თან წაგიყვანთ, - დამპირდა მამაჩემი. - წაიყვან კი არა და აის არ უნდა! - წამოიძახა დედაჩემმა. ეგები აიქ ურმიდგან
გადმოგივარდეთ სადმე... ნუ, შვილო ნუ წაჰყვები... იქ ისეთი მგლები და ტურები არიან,
რო მაშინვე შეგჭამენ. - სიმონა, - დაიძახა ახლა ბებიაჩემმა. - არ წახვიდე, შვილო, თორე ტყეში ალი
დაგხვდება, წაგიჭერს ყელში ხელსა და დაგახრჩობს. - ალი პატარა გოგო არ არი?.. ი როგორ მომერევა მერე, - ვთქვი მე. - ალი, ბიჭო, პატარა გოგო კი არ არი, - დაურთო შუათანა ბიძამ,- ალი ეშმაკების
დედაკაცია... ისეთი ლამაზია. ისეთი, რომ მზეთუნახავსა ჰგავს. მშვენიერი წაბლისფერი
დალალები აყრია ზურგზედა... ჩაჯდება ხოლმე ტყის წყლებში, გაიშლის თმასა, და
ისველებს წყლითა და ოქროს სავარცხლით დაიწყებს ხოლმე ვარცხნასა. თუ ამ დროს
ადამიანს თვალი შეასწრო, მაშინვე წამოხტება. ეცემა და დაახრჩობს. - ი წყეული ძაან ღონიერია თურმე, - დაუმატა უმცროსმა ბიძამ. ამის შემდეგ გააბეს ალზე ლაპარაკი და თითო რამე ალის ამბავი თითქმის ყველამა
თქვა... სიცილი, ხუმრობა ამ დროს სრულიად გაჰქრა. მათი ალაგი ხშირმა პირჯვრის წერამ
და წმინდის გიორგის სახელის მოწოდებამ დაიჭირა. ხალხი არა ხუმრობდა! ამან ძალიან,
ძალიან შემაფიქრიანა. ვეღარც ვახშამი ვჭამე ხეირიანად და მთელი ღამეც მამლის
ყივილამდე არ დამეძინა. ვფიქრობდი ალზე. თვალწინ მე ხატებოდა ტყე. ამის შუა ალაგას
ვითომ მოჩანდა პატარა, ანკარა, მოჩქრიალე მდინარე, რომელშიაც, ერთს მოფარებულ
ალაგას, დიდთმაგაშლილი იჯდა მშვენიერი მზეთუნახავი ქალი - ალი. ალი თავის ჟუჟუნა
შავის თვალებით იცქირებოდა აქეთ-იქით. უნდა დაინახოს ვინმე ადამიანი, მივარდეს და
დაახრჩოს... ამ გვარი წარმოდგენანი მეხვეოდნენ გარშემო მთელი ის ღამე. პირველ
მამლის ყივილის შემდეგ დამეძინა, მაგრამ ვაი ამ დაძინებას! სიზმარში ვნახე ალი და
გულგახეთქილმა გავაჭყიტე თვალები. ტყე და ალი ახლა ერთმანეთთან მკვიდრად შეთვისებულ
საგნათ გარდიქცნენ ჩემთვის. ერთის ნახვა მენატრებოდა, მეორესი მეშინოდა... როგორ
ავცდე ამ უკანასკნელს ისე, რომ მხოლოდ პირველი ვნახო, - აი ჩემი მაშინდელი ფიქრების
საგანი! თუმცა ბევრნაირად გავწიე და გამოვწიე ეს საგანი, ბევრი ვიბუტბუტე ამის
შესახებ, მაგრამ ერთმანეთზე მაგრა მიკრული ტყე და ალი მაინც ვერ მოვაშორე
ერთმანეთს. ბოლოს მაინც ისევ ტყემ აჯობა ალსა! გადავწყვიტე, წავალ, ტყეში, მაგრამ
ჩემს მამა-ბიძათ ერთს ნაბიჯზედაც არ მოვშორდები-მეთქი. ამ გარდაწყვეტილებით ავდექი
დილით. თუმცა ცოტა თავიც მტკიოდა და უხეიროდაც მაზმორებდა, მაგრამ მაინც ხმა არ
ამომიღია ამაზედ. გაჩუმებული ვუცდიდი იმ დღეს, როდესაც ჩემი მამა-ბიძანი ფიჩხისთვის
ტყეში უნდა წასულიყვნენ. II ამ დღემაც დიდხანს არ მალოდინა. ორი დღის შემდეგ, საღამო ჟამზე, მამაჩემმა
გამოიტანა შინიდამ ცული და საძნე ურემს დაუწყო მართვა. ცოტა ხანს უკან ჩემმა ორმა
ბიძამ ბაკის კარებთან ერთი სხვა ურემიც მოაგორეს. უღლებს, აპეურებს და ტაბიკებს
დაუწყეს ძებნა და გამართვა. აქედამ ცხადადა სჩანდა რომ ესენი ხვალ ტყეში წასვლას
აპირებდნენ. მამაჩემს ღრეჯით მოვაგონე თვისი დაპირება... მან ხელმეორედ განიმეორა
თავის აღთქმა. მე მაინც მთლად არ ვენდე ამ დაპირებას: იმ ღამეს უმცროს ბიძასთან
კარზე ძარ ქვეშ დავწექი, რომ უფრო კარგად მეყარაულებინა ტყეში მიმავალთათვის. მეორე
დღეს, ჯერ მზეც არ იყო ამოსული, რომ მე თვალებდაჭყეტილი ვიწექი ლოგინში და
გავცქეროდი კონკილებზე შეყენებულ ურმებს. აგერ მორეკეს საქონელიც და ურმებში
დაუწყეს შებმა. მე მსწრაფლად წამოვხტი, გადავიცვი ჩოხა, ჩავიცვი ქალამნები და წინ
მივეგებე მამაჩემს, როდესაც ის კალთაში პურებგამოხვეული გამოდიოდა შინიდამ. - წამოდი, შვილო, წამოდი... - მითხრა მამაჩემმა... და გასწია შებმულ ურმებისაკენ. მე სიხარულით და ხტუნაობით გამოუდექი უკან. ტყეში მოდიოდნენ სამნი: ორი უფროსი ბიძა
და მამაჩემი. ამ უკანასკნელმა დამისვა თავის ურმის თავზე, თვითონ მოუდგა ურემს
გვერდზედა და დავძარით ნელ-ნელა ურმები. მუშის სადილობის დრო იქნებოდა, როდესაც
ჩვენ ტყეში შევედით. მართალია, ტყე იმისთანა არ მეჩვენა, როგორიც წარმოდგენილი
მქონდა ისა, მაგრამ აქაურმა სიგრილემ შემდეგ ტრიალი, გახურებული მინდვრის სიცხისა,
მრავალმა დიდმა ხეებმა, მათ ფოთოლთა რაღაც საიდუმლო შრიალმა, ათასგვარ ფრინველთა
სხვადასხვა ნაირმა ჭიკჭიკ-გალობამ და კიდევ ბევრმა სხვა რაღაებმაც ისეთ ნაირად
იმოქმედეს ჩემზე, რომ ცოტა ხნობით ალიც კი დამავიწყდა. გახარებული გადმოვხტი
დაყენებული ურმიდამ და მხიარულად გავქანდი თხილის ბუჩქისაკენ, რომელზედაც
კუნწულ-კუნწულად იყო დახუნძლული თხილი. ამ ბუჩქიდამ სხვა ამგვარივე ბუჩქი დავინახე;
აქედამ ჩიტის ბუდიანი ბუჩქი; იქითკენ ლამაზი სწორე სასახრე იფნის ყლორტი. ამგვარად,
ჩემთვის სრულიად შეუნიშნავად, გადავდიოდი ერთი ალაგიდამ მეორეზე და ამასთანავე
უფროდაუფრო ვშორდებოდი ჩემს მამა-ბიძათ. ამ გვარი ჩემი დაშორება ვიგრძენ მხოლოდ
მაშინ, როდესაც მე ერთს პაწაწა მოჩქრიალე მდინარეს წავადექ. ამის დანახვამ რაღაც
თავზარი დამცა. კარგა ხანს გამოურკვეველი შიშის მეტს მე ვერაფერს ვერა ვგრძნობდი.
შემდეგ ამ არეულმა მდგომარეობამ ნელ-ნელა იწყო გამორკვევა. ჩემს თავში არეულ
საგანთა წარმოდგენათ იწყეს ერთმანეთიდამ განცალკევება... ცალკევდებოდნენ თითქო
მისთვის, რომ სამუდამოდ მოშორებოდნენ ჩემს მოსაზრებას. სათითაოდ და ნელ-ნელა იწყეს
მათ გაქრობა და ჰქრებოდნენ, სანამ ეს საქმე ჩემთვის სასიამოვნო და საშიშარ ორ
საგანზე არ შესდგა. აქ მთლად გამოფხიზლებულ გონებას ცხადად წარმოუდგნენ ერთის მხრივ
ტყე და მეორეს მხრივ ალი.,,ვაიმე, დედავ! ეს რა მომივიდა!” წავიბუტბუტე კანკალით და
სულგაკმენდილმა მივიხედ-მოვიხედე... სამის მხრივ მე მეხვია თხილისა და ძეძვის
ერთმანეთზე გადაბმული ბუჩქები... მაღლიდამ დამცქეროდნენ უზარმაზარი მუხის ტოტები...
ისეთი გაშტერებულნი მეჩვენნენ ეს ტოტები, რომ მათი ფოთლების შრიალიც-კი არ მესმოდა.
ფრინველებსაც ამ დროს თითქო ყველას ენა ჩავარდნოდა... მათი ხმა კი არა, ფრენაც არ
ისმოდა. რაღაც შესაზარავი მკვდარი სიჩუმე იდგა ჩემს გარშემო! დავუგდე ყური ჩემს
მამა-ბიძათ; ვერცა-რა იმათი ხმაურობა გავიგონე: მხოლოდ ხანდისხან, თითქო, შორს
საიდგანღაც, ცულების კაკა-კუკი გაისმოდა ხოლმე... სხვა არაფერი.,,შშშრიიი”, მომესმა
უცებ წყლიდამ. ცახცახით გავხედე მდინარეს და მომეკვეთა მუხლები: შიგ შუა წყალში მე
დავინახე ალი, რომელსაც გაეწეწა თმა და დინჯად ივარცხნიდა მას ოქროს სავარცხლით...
ამის შემდეგ მე აღარა მახსოვს-რა. როგორ გამოვტრიალდი უკან, როგორ შევძელი ურმებთან
მირბენა და როგორ დავიძახე: “მიშველეთ, ალი” - მე არა ვიცი რა, მახსოვს მხოლოდ
მამაჩემის სიტყვები... - სიმონა, შვილო, სიმონა, - ჩამომძახოდა ის ყურში, როდესაც, თურმე ცოტა
მოვსულიერდი; - მითხარი, შვილო, მითხარი აბა სად არი ალი?.. - პატარა წყალში, აიქითა, - თავის გვერდზე მიღებით წამოვილუღლუღე. - აბა, ბიჭებო, - დაუძახა თავის ძმებს მამაჩემმა, - ცულები აიღეთ ხელში და ჩქარა
გავიქცეთ... ეგებ მოვასწროთ ი წყეულსა და ჩავჩეხოთ წყალში. აქ ყველანი წამოცვივდნენ ფეხზე და მოღერებული ცულებით გაექანნენ იქით, საიდამაც მე
მოვრბოდი. მე მამაჩემს ვეჭირე ხელში. აგერ, ჩემი ბიძები ყვირილითა და კიჟინით
მისცვივდნენ მდინარის ნაპირას! აგერ მივედით ჩვენცა, მივედით და დავდექით სწორედ იმ
ალაგას, საიდამაც მე ალი დავინახე. - აბა, სიმონა, სად იყო ალი, სად? - დამიძახეს ბიძებმა. მე გავიხედე ალისაკენ, მაგრამ იქ ალი ვეღარ დავინახ; მის ნაცვლად სწორედ მის ალაგას
ეხლა წყლიდამ ამოჩანდა ყვითელ ხავსმოკიდებული მუხის დიდი კუნძი. - ე მაგ კუნძზე იჯდა მგონია, - ვსთქვი მე ცოტა ყოყმანით. - ეე! შვილოსან, - სთქვა მამაჩემმა, - ჩუმათ უნდა მოვსულიყავით... მოგვეჭრა თმა და
მაშინ რაც გვინდოდა, იმას ვუზამდით... მაგრამ, მაინც ეს კუნძი ცუდად არი ამოყუნტული
წყლიდამ... ეს სწორედ ალის თმის სავარცხნი ალაგი იქნება! აბა, ცულები მაგას. აქ მამაჩემმა მე ძირს დამსვა; თვითონ წამოავლო ცულს ხელი და გაექანა კუნძისკენ. მას
მიყვნენ ბიძაჩემები... სამთავენი შემოუმწკრივდნენ კუნძს გარშემო და გაცხარებით
დაუშინეს ცულები... - ე კუნძი ცეცხლისთვინაც გამოდგება! - მხიარულად დაიძახა ერთმა ბიძათაგანმა. უცებ წაიქცა მამაჩემი. უფროსმა ბიძამ დახედა თავის ცულს. ცული ტარზე აღარ იყო...
ქნევის დროს მისი ცული გასხლეტილიყო ტარიდამ და პირით შიგ შუბლში მოხვედროდა
მამაჩემს. - მიშველეთ, მიშველეთ! - დაიძახა მამაჩემმა: ბიძაჩემებმა გაჰყარეს ხელიდამ ცულები,
ეცნენ და საჩქაროზე თავგახეთქილი თავისი ძმა ნაპირზე გამოიტანეს. გატეხილი შუბლიდამ
თქრიალით გადმოსდიოდა სისხლი; ბიძაჩემები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეეყენებინათ ეს
სისხლი, მაგრამ მათი ცდილობა დიდხანს ფუჭად რჩებოდა. ბოლოს ახალუხის მთელმა კალთამ
ძლივ-ძლივობისას შეაყენა სისხლის დენა. - ვაიმე, ცოლო და შვილო! - სუსტის ხმით დაიკვნესა მამაჩემმა, - დამდეთ ჩქარა
ურემზედა წამიღეთ შინა. ტირილით და ვაი-ვაგლახით შევაბით ურმები, დავუდეთ ერთ მათგანზე მამაჩემი და
საღამოზე, ფიჩხის მაგივრად, შინ მკვდარი მამა მივიტანეთ: შუა გზაზე დალია საწყალმა
სული. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა წიოკობა გაჩნდებოდა ჩვენს ოჯახში ამ უეცარის და
საშინელის ამბის დანახვით! მთელი ჩვენი სოფელი ფეხზედ დადგა. საკვირველიც არ არის!
ეს სიკვდილი ასე უეცარიც რომ არ ყოფილიყო, მამაჩემი მაინც ისეთი გულკეთილი და
საწყლის შემბრალებელი კაცი იყო, რომ მთელი ჩვენი სოფელი მას პატივისცემით და
სიყვარულით უცქეროდა. მე მაკვირვებდა მხოლოდ ხალხის ლაპარაკი ამ სიკვდილის
მიზეზზედ... ამბობდნენ, ვითომც მამაჩემი პირიანი ქვის სროლით ალს მოეკლას. ამ ხმამ
ცოტა კი არ გვაწვალა! ჩვენი მღვდელი მამიჩემის ქრისტიანულად დამარხვას არა
სჩადიოდა: ალისაგან არის მკვდარიო. სანამ ერთი წითელი ქაღალდი არ აგვკრა, გვერდზეც
არ მოგვიდგა ის ჩვენა. დამარხვის შემდეგ ამ ხმას ბლაღოჩინამდისაც მიეხწია... ახლა
ის ჩამოგვიხტა სახლში და დაგვიწყო მუქარა: სუყველას ციმბირში გაგაგზავნინებთო და
გვემუქრებოდა, სანამ ამასაც ერთი თუმანი არ მივეცით. ამ პატივცემულ სულიერ მამათა
ლაპარაკისა და ჯავრობისა მე მაშინ სრულიად არა მესმოდა რა! ვერ წარმომედგინა, თუ
რას ჩემობდნენ იგინი. ამისათვის მიკვირდა და გაკვირვებული ვიყავი მხოლოდ ყველა ამ
ზემოთ ნათქვამი ხმების და ლაპარაკის მიზეზით. როგორ, მამაჩემი ალმა როდის მოჰკლა?
ვეკითხებოდი ჩემ გულში ჩემ თავს და ზედვე მივადევნებდი ხოლმე ნამდვილ პასუხს: -
ალმა კი არა, მამაჩემი ბიძაჩემმა მოჰკლა!.. III დავმარხეთ მამაჩემი, მაგრამ ამის შემდეგაც არ ჩამოგვეხსნა ის წყეული ალი. ჯერ
სასაფლაოზე ენახათ ის ვიღაცა მგზავრებს. შემდეგ გავარდა ხმა - ვითომც მამაჩემი ალს
ამოეღოს საფლავიდამ და წაეღოს ტყეში. ეს ამბები ჩვენ შეგვატყობინა ზაქარია
დიაკვანმა და გვირჩია, რომ მიცვალებულის სულისთვის გვეწირვინებინა, საფლავი
გვეკურთხებინა და შემდეგ საზოგადო წირვა გადაგვეხადა. ყველა ესენი სრულიად
აღასრულეს ჩვენებმა; მაგრამ ვაი ამ აღსრულებას! ამან საშინელი დაღი დაასვა მთლად
ჩვენს ოჯახობას და მის მომავალ ბედს. აქაბომდე უვალო ოჯახს ამ წირვებისა და
კურთხევის მეოხებით ათ თუმანზე მეტი ვალი დაგვედო. ეს ვალი შემდეგ გადიდდა,
გარდიქცა ორმოც, სამოც თუმნათ: გავხდით ჩვენ დედაბუდიანად ერთის ჩარჩის მონებათ და
ყმებათ. მაგრამ ყველა ეს შემდეგ მოხდა; აწმყო ჩვენი უბედურება კი იმაში
მდგომარეობდა, რომ თუმცა ეს ფული დავხარჯეთ და ყველა ნათქვამი აღვასრულეთ, მაგრამ
ალი მაინც თავიდამ ვერ მოვიშორეთ. სასაფლაოდამ შემდეგ თვით სახლში გვეწვია ის. ერთ
ღამეს ყველას ტკბილად გვეძინა. წარსული მწუხარებით და შრომით დაღლილ-დაქანცულთ,
ჩვენ, ცოტა არ იყო, იმედიანათ დავუწყეთ მომავალს ცქერა. მაგრამ იმ ღამეს სხვა
ვაი-ვაგლახი მოელოდა ჩვენ სახლსა. გათენება მოტანებული იქნებოდა, როდესაც შუა
ბანიდან ერთი ვეებერთელა ქვა ჩამოვარდა დარბაზში და რახა-რუხით დაეცა საკიდელას და
კერას. ჩვენ ყველანი წამოვცვივდით ფეხზე. - ვინა ხარ, ვინა, შე ოჯახ და სახლ-კარ დაქცეულო? - შესძახა ქვემოდამ ერთმა ჩემმა
ბიძათაგანმა. - მე ვარ ალი, გამოგზავნილი წმინდის გიორგისაგან... აიყარენით. აიყარენით, თორემ
სულ ერთიანად ამოგმუსრავთ! - გარჩევით და ქალურის ხმით მოისმა მაღლიდამ. ამ სიტყვებმა ყველას შიშის ზარი დასცა. ყველამ ფიცით აღიარა, რომ უსათუოდ და
უსათუოდ ავიყრებით აქედამო. მეორე დღეს, სანამ რომელიმე ჩვენგანი კარზე გავიდოდა,
ეს შემთხვევა თურმე თელმა ჩვენმა სოფელმა იცოდა კიდეც. გაჩნდა სოფელში ერთი
საშინელი ჭორიკანაობა. - გენაცვალე, ქალო, - იძახოდა ერთი, - მაგ საწყალ არაშენდაანთ ალი ახლა სახლში
მისჭრიათ, ბანიდამ ერთი ვეებერთელა ქვა ჩაუხლია და დაუძახია: სულ ყველას დაგახრჩობთ
და ცეცხლს წაგიკიდებთ, თუ აქედან არ აიყარენითო. - ქაა და, ეგ კიდევ რა არის იმასთან, რასაც სხვანი ლაპარაკობენ, - მისძახოდა მას
მეორე, - თურმე გენაცვალე, მისულა ალი და ი სულწაწყმენდილი ბებერი მაიასთვის
ჩაუძახნია: ჩემო დობილო მაიაო, როგორც აქამდისინ მეხმარებოდი, მამეხმარე ერთი
ეხლაცაო: ამომაწყვეტინე ე შენი შვილებიო! - მერე, გენაცვალე, მერე! ი სულაყეფებულს რა ეთქვა? - არაფერი, ქალო, იჯდა თურმე ენაჩავარდნილივით და უკუღმა პირჯვარს იწერდა. - უუუი, ჩვენ ჩაქოლვასა! ტყუილად კი არ იძახოდა ჩვენი მღვდელი: არაშენდაანთ მაია
კუდიანიაო. - გენაცვალე, და მეტი კუდიანობა გინდა: ჭიაკოკონობა ღამეს ერთხელაც არა ყოფილა ისა
შინა... ბევრი ამ გვარი და ბევრიც ამაზე უარესები ისმოდა იმ დღესვე ჩვენს სოფელში მთლად
ჩვენს ოჯახზე და კერძოდ - ჩემს საწყალ დიდიდედა მაიაზე. ამ უკანასკნელს ახლო
აღარავინ ეკარებოდა. მიმავალი რომ დაენახათ, გარბოდნენ იმისაგან, როგორც გიჟისა, ან
საოფლიანი ავადმყოფისაგან. ყველა ეს ამბები ჩვენ საღამოზე გავიგეთ. უნდა დაგენახათ,
როგორი ჭირისუფალივით ტიროდა ამ დროს საწყალი ჩვენი მოხუცებული. მთელი ის პირველი
ღამე მან სულ “ვაი”-სა და “მე ჩაქოლვილის” ძახილში გაატარა. მეორე დღეს, თუმცა
ძველებურად ადრე ადგა ლოგინიდამ, მაგრამ მალე უკანვე მოუხდა მიბრუნება. დაწვა,
მისცა საშინელი სიცხე და იწყო გიჟივით როტვა. მთელი დღე სულ როტვაში გაატარა.
საღამოზე კი, ცოტა არ იყო, შესწყვიტა ეს უაზრო ლაპარაკი და ცოტა ხანს კიდეც
ჩაეძინა. ვჭამეთ ვახშამი და დავწექით ჩვენც. შუაღამე იქნებოდა, რომ უცებ ჩვენმა
ავადმყოფმა იწყო ერთი გაბმული და შესაზარი ხრიალი. წამოვცვივდით ფეხზედა
შემოვეხვივენით გარშემო ავადმყოფს. ის თვალებდაჭყეტილი, გაყვითლებული და
გაშტერებული იწვა. შემდეგ ბევრის ყვირილისა, ცივის წყლის სხმისა, ცხვირისა და
ყურების სრესისა, ის ცოტაოდნად მობრუნდა. - რა იყო, დედა, რაი? - ჩასძახეს აქეთ-იქიდამ. - ალი, შვილო, ალი... კინაღამ დამახრჩო ი წყეულმა, - წამოიკვნესა ბებიაჩემმა. - სად იყო ი წმინდა გიორგისაგან დაწყევლილი!.. რა უნდა ი შეჩვენებულს ჩვენგან!.. -
დაიძახა უფროსმა ბიძამ. ამის შემდეგ აანთეს სამი, თუ ოთხი მკვარი, დაუწყეს ძებნა ალსა: გოდორი, კასრი,
თარო, თონე სულ გადმოაბრუნეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ალი იქ ვერსად ვერა ნახეს! თუმცა
ალი არსა სჩანდა, მაგრამ მაინც ასე გადასწყვიტეს ჩვენებმა: - ხვალვე უნდა გადავსახლდეთ აქედამ, ხვალვე!.. - ის კი არ იცოდნენ, რომ ხვალ
იმისთანა საქმე გამოუჩნდებოდათ, რომელიც ძალა-უნებურად შეაყენებდა ამ განზრახვის
აღსრულებას. მეორე დღეს, სადილობისას, წაიღო თქვენი ჭირი ჩვენმა ბებია მაიამ. ამ სიკვდილის
შემდეგ ხომ სულ მთლად გადაირია ჩვენი სოფელი: გარდაცვალებული ისე დავმარხეთ, რომ
სამიოდ კაცის მეტი ზედ არავინ მოგვკარებია!.. - გადასახლდით, ხალხო, გადასახლდით აქედამ... - გვეძახოდა ყველა, ვინც კი ჩვენთან
მოვიდოდა, ან ჩვენგანს ვინმეს დაინახავდა. ჩვენც არა იმათზე ნაკლებ გვინდოდა აქედამ გადასახლება, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ
სახლისათვის მასალა სრულიად არა გვქონდა-რა. ღმერთმა უშველოთ ჩვენებურებს! გაიგეს
თუ არა ჩვენი გადასახლების დამაბრკოლებელი მიზეზი, მაშინათვე შეგროვდნენ კომლზე
კაცი და თავიანთი ურმებით მოგვიზიდეს ბოძები, თავხეები და ჭერი... შემდეგ გვიშველეს
მათს დათლასა და გასწორებაზე. ჩვენი საბძლის გვერდზე, ცოტა სოფლის განაპირას,
სასაფლაოს გადმოსწვრივ ამოვთხარეთ მიწა: ჩავსხით ბოძები, დავუწყეთ თავხეები და
დავხურეთ ჭერი; ეს დახურული მიწური გავყავით შუაზე ლასტით: ერთი ნახევარი
დავამზადეთ ჩვენთვის, მეორე - საქონლისათვის. შემდეგ ძველი დარბაზიდამ გადავზიდეთ
იქ, რაც კი რამ გვებადა, და გადავყევით მათ ჩვენცა. ღვთის მადლით გვეღირსა
გადასახლება!.. IV ნათქვამია: “კაცს თუ ბედის ჩარხი ერთხელ უკუღმა დაუტრიალდა, სულ უკუღმა
იტრიალებსო”. ჩვენც მართლა ასე მოგვივიდა გადავსახლდით, მაგრამ ახალ და ახალ
უბედურებათ მაინც კიდე ვერ დავემალენით. ჩვენი გადასახლება მოხდა შემოდგომის
დამდეგს. ამ დროს კარგა ლაზათიანად ციოდა და რამდენიც დღე გადიოდა, იმდენი უფრო და
უფრო ცივდებოდა; სჩანდა, რომ ამ წელს ზამთარი მალე გვეწვეოდა, იქნებოდა სუსხიანი
და, ვინ იცის, ხანგრძლივიც. ჩვენი ახალი მიწური კი სრულებით არ იყო ამისათვის
მომზადებული. ჩვენ არ გვქონდა არც ალიზი, არც ფიცრები, და ქვიტკირზე ვინღა
იფიქრებდა, რომ ნოტიო, შიშველი მიწის კედლები დაგვეფარა და ამგვარად აგვეშორებინა
მათი ცუდი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ამის გამო ჩვენს სახლში მუდამ ცუდი შმორის
სუნიც იდგა და საშინლად ციოდა კიდეც... მაგრამ ყველა ამას წინაპირველად ყურადღებაც
არ მივაქციეთ: ორი თუ სამი კვირა მხიარულად გავატარეთ. ვგონებ, მეოთხე კვირის ერთ
საღამოს ჩემ უმცროს ბიძას გააცივა. იმ ღამეს საშინელს თავის ტკივილს და სიცხეს
უჩიოდა. მეორე დღეს ლოგინიდამ ვეღარ აახწია! გავიდა კიდევ ერთი დღე და ჩვენს
ავადმყოფს ცხადად გამოაჩნდა საოფლის ნიშნები. რასაკვირველია, ამ ამბავმა ავათ
აგვირია თავზე ბალანი, მაგრამ სასოებას მაინც არ ვკარგავდით. “რა ვუყოთ! საოფლე,
მართალია, ხორველაა ჩვენი სოფლებისათვის, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს მაინც
ადამიანური რამეა! ოღონდ ეშმაკეულობა კი მოგვშორდეს, თორემ საოფლეს როგორ ვერ
გავუძლებთ, “ასე ვფიქრობდით ჩვენა და ვიმშვიდებდით გულსა. ავადმყოფი უფრო და უფრო
ცუდად ხდებოდა... ერთხელ გულდამშვიდებით ვისხედით ყველანი ცეცხლაპირას და ჩუმად
ვლოღნიდით ვახშამს. - მიშველეთ, მიშველეთ!.. - შეჰყვირა ერთი შესაზარი ხმით ავადმყოფმა და წამოვარდა
ზეზედ. ჩვენც წამოვცვივდით ფეხზედა. მაგრამ სინამ ჩვენ ავადმყოფთან მივიდოდით, იმან
იშვირა ფეხი, გადმოხტა კერაზე, გაექანა და შეძვრა თაროს ქვეშ. ჩვენ შემოვეხვიენით
გარშემო. - ბიჭო, ძმაო ალექსი, რა იყო, რაი? - დაუძახა მას უფროსმა ბიძამ. ამ სიტყვებმა, თითქო გამოაფხიზლეს ავადმყოფი: ის წამოხტა უცებ ფეხზედა დაიწყო
დინჯად, ჭკვიანურად: - მიშველეთ, თქვენი ჭირიმე!.. ალი მახრჩობს. ალი! ალის ხსენება და ჩვენი ენის ჩავარდნა ერთი იყო! სიტყვა ვეღარავინ ვერ მოახერხა...
ისმოდა მხოლოდ რაღაცა შესაზარი ჩუმი კვნესა, ყველას სახეზე ცხადათ იხატებოდა
სიტყვები: აქაც გადმოგვყვა ის წყეული, დავიღუპენით სულერთიან!.. დიდხანს ვიდექით ჩვენ ასე გაშტერებულნი და, ვგონებ, კიდევ დიდხანს დავრჩებოდით ასე,
თუ რომ ჩვენს ავადმყოფსავე არ გამოვეყვანეთ ამ მდგომარეობიდამ. იმან ერთი კიდევ
შეჰყვირა: “ალი, ალიო”; შემდეგ დაიწყო მუშტების ქნევა, გადახტა ცეცხლზედა
გულგაღეღილი დაეცა თავის ლოგინზედა. - ნუ გეშინიათ, ადამიანებო, - გვითხრა დედაჩემმა, - ეგ სიცხისაგან როტავს. - და რაღა ალი წამოაროტვინა სიცხემ! - გულამოსკვნით სთქვა შუათანა ბიძამ. ეს კითზვა უპასუხოდ დარჩა. ყველანი ჩუმად ვიყავით. ყველანი ამ ჩვენს ახლანდელ
უბედურებაზედ ვფიქრობდით. “მართლაც და, - ვამბობდი მე ჩემს გულში, - რაღა ალი
წამოროტა! ან კიდევ განა როტვასა ჰგავდა მისი დინჯად და ჭკვიანურად წარმოთქმული
სიტყვები? არა, არა, სწორედ თან გადმოგვყვა ალი, სწორედ უნდა ამოგვჟლიტოს ყველანი”.
ამ ფიქრების შემდეგ მომაგონდა ტყე და იქ ალის ნახვა, მომაგონდა მამაჩემი და ყველა
ის ხმები, რომელნიც კარგა ხანს ტრიალებდნენ ჩვენს სოფელში ალსა და ჩვენზედა...
ბოლოს თვალწინ ჩვენი აწმყო მდგომარეობა წარმომიდგა. ყველა ამ მოგონება-წარმოდგენის
გამო მე საშინელმა ცახცახმა ამიტანა!.. - მიშველეთ, მიიშველეთ!.. ალი მოდის, ალი! არიქა, აგერ შემოაღო კარები! -
დაიღრიალა. კვალად ლოგინზე წამომჯდარმა ავადმყოფმა. მე მივიხედე კარებისკენ. ყურებმა წივილი დამიწყეს, მუხლები ჩამეკეცა! კარებში
მართლა ალი დავინახე. - ალი, ალი!.. - დავიძახე მე და მოვეხვიე დედაჩემს. რა მოხდა ამის შემდეგ, გარკვევით აღარა მახსოვს-რა!.. იმ ღამესვე მე მომცემოდა
საშინელი სიცხე, დამკარგოდა მაშინვე მოსაზრება და დამეწყო როტვა, რომლის საგანი
მომეტებულად, თურმე, “ალი” იყო. მთელი ცამეტი დღე მე ამ გვარ მდგომარეობაში
ვყოფილიყავ... მეთოთხმეტე დღეს მომსვლოდა ოფლი და საღამოზედვე პირიქითა ქვეყნისკენ
მიქცეული, პირაქეთისკენ მოვბრუნებულიყავ. მეორე დღეს მოსაზრებაც, ცნობაც და გაგებაც
კვალად დამიბრუნდნენ. წინაპირველად რომ მოსაზრებით გავახილე თვალები და ჩვენს
მიწურში აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, მე კარგა ხანს ვერ მოვიაზრე - სად და როგორ
ვიყავი. შემდეგ მომაგონდა ჩვენი გადმოსახლება, მომაგონდა, რომ ამ
გადმოსახლებასთანავე ჩვენ საოფლე შეგვიდგა, რომ ამ საოფლით ყველაზედ უწინ გახდა
ავად ჩემი უმცროსი ბიძა, ალექსა. მომაგონდა, სადაც ის იწვა, და ნელ-ნელა გადავიხედე
იქითკენ. ის ალაგი ეხლა ცარიელი იყო, მაგრამ ცოტა აქეთ კი ვიღაც, ალექსაზე უფრო
დიდი, იწვა. დედაჩემი ცეცხლაპირას იჯდა და ქვაბში რაღასაც ხარშავდა... ხამუშ-ხამუშ
მისგან ისმოდა დაბალხმიანი ზუზუნი და ამ დროს მის ლოყებზე განუწყვეტლივ მისდევდა
ცრემლი ცრემლსა. - დედა, დედა!.. - დავიძახე სუსტი ხმით. - რა გინდა, შენ თავშემოგევლე, რაი? - სიხარულით წამოიძახა მან ცეცხლთანვე და
ბარბაცით გამოექანა ჩემსკენ. - ალექსა სად არი, დედა? - დავეკითხე. - ალექსა, შვილო, კარგა გახდა და ეს არი ეხლა კარზე წავიდა, - მომიგო მან. - ეს ვიღა წევს ექა? - თვალებით ვუჩვენე მწოლარეზე. - ეგა, შვილო, ბიძაშენი ნინიკაა! დღეს ცოტათი შეამცივნა და წამოწვა. სამი-ოთხი დღის შემდეგ, როდესაც ცოტა უფრო კარგა გავხდი, თვით დედიჩემისაგანვე
შევიტყე, რომ ყველა ეს სიტყვები ჩემს დასამშვიდებლად ყოფილიყო ნათქვამი...
სინამდვილე კი მდგომარეობდა შემდეგში: ალექსა ერთი კვირა წოლილიყო ლოგინში და მერე
მომკვდარიყო. ამის დამარხვის დღესვე გამხდარიყო ავად შუათანა ბიძა, ნინიკა. ამან,
თურმე, ერთი პირველ ღამეს კი დაიყვირა: ალი, ალიო, და შემდეგ მისგან არავითარი
სიტყვა არავის არ გაეგონა. მხოლოდ დღისით ხანდისხან წამოჯდება თურმე ლოგინში და
რაღაზედაც იღიმება, იცინის; ღამე კი ბევრჯელ გაბმულად და გაურჩევლად ბუტბუტებს და
ხან წიხლებსაც იქნევს ხოლმეო. - ნინიკა, ნინიკა! რასა იქ, როგორა ხარ? - დავუძახე მას, როდესაც ყველა ეს შევიტყე
დედიჩემისაგან. ამ დაძახებას წინაპირველად ნინიკამ თითქო ყურადღებაც არ მიაქცია: ის კარგა ხანს
ჩუმად იყო; შემდეგ ნელ-ნელა წამოიყელყელავა, გადმომხედა და რა კარგა გამარჩია,
დაიწყო ჩუმათ სიცილი. - ნინიკა, გიამა, შვილო, რო შენი სიმონა კარგა გახდა? - დაუძახა მას დედაჩემმა. - ხა, ხა, ხა, მიამა, მიამა, ხა, ხა, ხა... - ხმამაღლივ დაიწყო მან სიცილი და
ძახილი. ამის შემდეგ ისევ წაწვა და თუმცა ბევრი ვუძახეთ, მაგრამ ერთხელაც აღარ
გამოგვცა ხმა. - რათ არის, დედა, ნინიკა, ესრე? - ვკითხე ჩუმად დედაჩემს - ჩვენის ცოდვის კითხვათ
არის, შვილო, ჩვენი ცოდვისა, - მამიგო მან. - ავი სული დაეცა ერთ ღამეს თავზე და
მასუკან ეგრე გასულელდა. არაფერი არა სტკივა რა, სიცხე არა აქვს და წევს კი ეგე; თუ
ვეტყვით ადექიო, ადგება; თუ არა და ეგრე გაჩუმებული წევს... მე დღევანდლამდინ ასე
მეგონა - დამუნჯდა-მეთქი ეგ უბედურის შვილი. - დათუა სადღა არის, დედა? - ვკითხე უფროსს ბიძაზედ. - ის გაიხიზნა, შვილო, რო ვენახისთვის მოევლო და ჩვენთვისაც გარედამ ეპატრონებინა!
- მომიგო დედაჩემმა. ასე, ოთხი სული დავრჩენილიყავით მარტოკა... ერთმა ამათგანმა თქვენი ჭირი წაიღო,
მეორე გასულელდა, მესამემ საოფლე კარგად იხადა, მეოთხე, დედაჩემი კი ისე საღათ
დარჩა, როგორც საოფლემდინ იყო. ასე და ამ გვარად გავატარეთ მთელი ორი თვე. შემდეგ
რაკი ორმოცი დღე გავიდა და ავად აღარავინ არ გაგვხდომია, მეზობლებმა იწყეს ნელ-ნელა
ჩვენთან სიარული... დათუაც ისევ ჩვენთანვე დაბრუნდა. ძველებურადვე გავყავით თავი
ჩვენს პირუტყვულ-ადამიანური ცხოვრების უღელში. V გაიარა რავდენმამე წელიწადმა ამ საოფლის შემდეგ! ამ დროს განმავლობაში ბევრმა კოკა
წყალმა ჩაიარა ჩვენი მდინარის კიდეებს შუა: ბევრნაირად იცვალა ფერი ჩვენი ოჯახის
მდგომარეობამაც! ბიძაჩემი ნინიკა დარჩა ისე სულელად. მას თითქოს ამ ქვეყნისა
არაფერი არ ესმოდა: დაგლეჯილ ყისინის ჩოხაში გამოხვეული ის მუდამ ტრიალებდა თავის
შინაგან ქვეყანაში. სხვას ათასჯერაც რომ დაეძახნა, ის ერთხელაც არ გასცემდა ხმასა.
მაგრამ თავისთავს კი თითქმის ყოველ წამს ებაასებოდა... სხვასთან ერთს მცირეოდენად
თუ გაიღიმებდა, თორემ სიცილი და ხუმრობა მას სრულიად ეჯავრებოდა; მარტოკასათვის კი
რომ გეცქირნათ, ან ყური დაგეგდოთ, თქვენ უსათუოდ არა ერთხელ დაინახავდით მის
ხელების ქნევას, არა ერთხელ გაიგონებდით მის სიცილს... ხალხში, ყელიც რომ
გამოგეჭრათ, ის თითსაც არ გაიქნევდა; მაგრამ შენი მტერი თუ შემდეგ სადმე მარტოკა
შეხვდებოდით! თვისი ღონიერი მკლავებით მაშინვე დაგცემდათ ძირს და სანამ ერთს კარგა
დათვურად არ დაგტოტნიდათ, ხელიდამ არ გაგიშვებდათ. კაცი, ქალი, დიდი, პატარა, ერი,
მღვდელი - მისთვის სულ ყველა ერთი იყო; ყველას ერთი საზომით ზომავდა, როდესაც ეს
საქმე მისთვის საჭირო გახდებოდა. მაგრამ ყველა ამასთან ის იყო საშინელი ბეჯითი
მუშა: ზამთარ თუ ზაფხულ მის ხელში საქმე არ გამოილეოდა. მომეტებულად მას უყვარდა
ვენახი და იქ მუშაობა. გაზაფხულდებოდა თუ არა, ის მთელ დღეს ვენახში ატარებდა.
ჩვენი ოჯახი დღეს თითქმის სულ მთლად მასზე იდგა. უფროსმა ბიძამ - დათუამ, - ცოლი
შეირთო, დაწვრილშვილდა და ბოლოს დასნეულდა კიდეც. რაც შეეხება დედაჩემს, ეს სწორედ
გასაკვირველი ადამიანი იყო. კარგი ოჯახის ქალი, ის გათხოვების შემდეგაც
თავდაპირველად კარგ შემძლე გლეხურ ოჯახში დატრიალდა; ამის გამო მან არ იცოდა, თუ რა
იყო სისაწყლე; არ გამოეცადა შიმშილი, სიტიტვლე, ძნელი და გაბმული მუშაობა; მაგრამ
დღეს, როდესაც ყველა ესენი თავზე დაატყდნენ, ის თითქო სრულიად შეჩვეული დახვდა ამ
ამბავს. მთელი ოჯახის უკუღმა დატრიალებამ და სხვა ათას გვარმა ცუდმა გარემოებამ
მასზე თითქო ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინეს. ის მოთმინებით და შრომით უდგა წინ
აწმყო გაჭირვებას და რაღაცა გაურკვეველის იმედით შესცქეროდა მომავალს. ესრეთი
გახლდათ ჩვენი ოჯახის თვითეულ პირთა აწმყო მდგომარეობა. რაც შეეხება საზოგადოდ
მთელი ოჯახის მდგომარეობას ეს უფრო სამწუხარო იყო პირველზე. როგორც ზემოთაც
მოგახსენეთ, ჩვენი დაძაბუნებული ოჯახი დღეს ერთი ხახამის ყმათ გარდაიქცა. ჩვენს
მხარეში ყველამ კარგად იცის ხახამ გაბრიელას სახელი. აქამომდე მისი თამასუქები,
რკინის ბადესავით არის გადაშლილი მთელი ჩვენი მხრის გლეხობის შრომასა და ოფლზე.
თვისის ეშმაკობით, უღმერთო სარგებლის ართმევით. მოხელეების მოსყიდვით და მათის
შემწეობით გლეხთა ტვინის წოვით, ის, უწინ ერთი ღატაკი მეწვრიმალე, რავდენიმე წლის
განმავლობაში, გამოჩენილ მდიდარ კაცად გადიქცა. ყველამ კარგად ვიცოდით მისი
უღმერთობა; ყველას გაგვეგონა, თუ სამი ლიტრა მარილის ფასი ხუთ წელიწადს როგორ
გარდუქცია ოცდაათ თუმნად ერთ გლეხსა! შემდეგ უჩივლა, წაართვა ვენახი, ნაფუძარი და
ღვთის ამარა გაუშვა მათი საცოდავი პატრონი. ვიცოდით ყველა ესენი და კიდევ ბევრი
სხვა რამე, მაგრამ რა გვექნა?.. გაჭირვების დროს მაინც ისევ მას მივმართავდით
ხოლმე, რადგანაც კარგათ ვხედავდით, რომ მის მეტი გზა ჩვენს ბედობაზე სხვა არ იყო
გაჩენილი. მივმართეთ კიდეც, როდესაც გაჭირვება დაგვადგა! ათი თუმანი თავნი ვალი
ხუთი წლის განმავლობაში სამოც თუმნად გაგვიხადა. დაგვაწერინა სამოცი თუმნის ახალი
თამასუქი და შემდეგ წაგვიჭირა ყელში ხელი: - გინდათ თუ არა, მალე უნდა მამცეთ ეს
ფულიო. საიდამ მივცემდით? ჩვენს დანიავებულს ოჯახს სად ჰქონდა ან ათი თუმნის
გადახდის შეძლება?! მოვიდოდა, გვეჩხუბებოდა, გვლანძღავდა, გვემუქრებოდა და, რა
დაიღლებოდა ამ გვარის ყავყავით, მოგვშორდებოდა ხოლმე თავიდან. მაგრამ ამ გვარი
მისვლამოსვლა მას ბევრჯერ არ გაუმეორებია. სამიოდ ამ გვარი შემთხვევის შემდეგ ის
როგორღაც გაგვიჩუმდა: ორი თვე მეტი გავიდა, მისი სახე აღარ დაგვენახა. ეს,
დედიჩემის მეტს ყველას გვამხიარულებდა; დედიჩემის სახე კი სხვა გვარად იცქეროდა!
რავდენიც დრო გადიოდა და ხახამ გაბრიელა გვიძვირებდა თავის ნახვას, იმდენად
დედიჩემის სახე სევდისა და მწუხარების ნისლებით იფარებოდა. - ის ურჯულო, უსათუოდ ჩივილს გვიპირებს, მამულს წაგვართმევს!.. - კვნესით იტყოდა
ხოლმე დედაჩემი. VI იყო გრილი, მშვენიერი გაზაფხული. ამწვანებულ ველ-მინდორს გაჰქონდა მწვანეთ ღაღანი;
ზამთრისგან გაყვლეფილი ხეები საამურად იმოსებოდნენ ნორჩი, ლამაზი ფოთლებით. ლურჯი,
არა ხშირ ღრუბლიანი ცა რაღაც იმედიანად იცქირებოდა ზემოდამ. ნოტიო, გრილი ჰაერი
თითქო კოკისპირულად გვასხავდა საიდგანღაც ძალას, სიხარულს და შრომის სურვილს. ჩვენს
შრომისმოყვარე გლეხს ამაზე მეტი რაღა უნდა?.. ჩვენებურმა გლეხებმა, დაინახეს რა
ყველა ეს, წამოავლეს ხელი ბარებს, წალდებს, სასხლავებს... ვენახებში გაჩნდა სარის
ჩეკვის კაკა-კუკი, გაისმა მხიარული სიმღერა... იწყო გაცხარებული მუშაობა. ჩემი
ბიძებიც, რასაკვირველია, არ იყვნენ სხვებზე უკან ჩამორჩენილნი, მათაც ვენახის
შემუშავებას მიჰყვეს ხელი. დაბარეს, გასხლეს და შესარეს; ამოუთხარეს გვერდებზე
სარუე თხრილები, გაასწორეს ღობე და სადაც საჭირო იყო, დაადგეს ჯალჯი. ერთი სიტყვით:
ვენახი ახალი პატარძალივით მორთეს გაიარეს კვირეებმა, თვემ... ვაზი შეიმოსა
ფოთლით... ყურძნის მტევნებმა იწყეს შევსება და გადიდება. ეტყობოდა რომ წელს კარგი
ღვინის მოსავალი იქნებოდა. ერთ კვირა დღეს, წირვის დროს, ჩვენებურმა მამასახლისმა შემოაჭრიალა ჩვენი კარები და
შემოიძახა სახლში. - ბიჭო, დათუა! გამოდი ე საყდრის კარებთან, შენზე ცოტა რამ საქმეა. დათუა მაშინვე ადგა და წავიდა. მის გასვლის შემდეგ ნინიკამაც აიღო წალდი ხელში და
გასწია ვენახისაკენ. კარგა შუადღე გადავიდა და ჯერ არც ერთი და არც მეორე ბიძა
სახლში არ დაბრუნებულიყვნენ. დედაჩემმა ამოზილა ლობიო, ამოიღო კიდობნიდამ მჭადის
ნახორხლები და ნელ-ნელა ჯამებსაც ალაგებდა ხონჩაზე, რომ უცებ დერეფნიდამ მოისმა
რავდენიმე ადამიანის ფეხის ხმა და ლაპარაკი. ცოტა ხანს უკან გაიღო კარები და
დარბაზში შემოვიდა ბიძაჩემი დათუა; მას შემოჰყვნენ მამასახლისი, ორნი მისნი
თანაშემწენი, ხახამ გაბრიელა და ერთი ვიღაც რუსულად ჩაცმული - სასამართლოს ბოქაული
- როგორც შემდეგ შევიტყეთ. ათასი წელიწადიც რომ ვიცოცხლო, ვგონებ მაინც არ
დამავიწყდეს ბიძაჩემი დათუას მაშინდელი სახის გამომეტყველება! სახისა კი არა მარტო,
მთლად მისი არსების მდგომარეობა. ამ ნახევარ დღეს ის, ოცდაათის წლის კაცი, სამოცი
წლის მოხუცებულს დამსგავსებოდა. წელში საცოდავად მოკაკულს, გაყვითლებულს,
თვალებმიცივებულს, დამპალ ხესავებ გაჰქონდა ძანძარი. წინაპირველად ის თითქო
ვერაფერსა ხედავდა: იჩერჩეტა, იჩერჩეტა და კინაღამ კერას გადააწყდა. დედაჩემმა მათ
შემოსვლის დროს ერთი ღრმად ამოიკვნესა და მიჯდა თაროსთან. ჩვენ, სხვებს, დათუა
მთვრალი გვეგონა. - კაცო, რა დაგმართვია, შე ოჯახ-დაქცეულო? - დაუძახა მას ცოლმა, - ე კერაზე
თავ-პირი არ დაინტვრიო!.. ამ ხმამ დათუა თითქო ღრმა ძილიდამ გამოაფხიზლა: ის შესდგა კერასთან, მწუხარედ
აგვავლ-ჩაგვავლო თვალი და, რა დაინახა დედაჩემი, ერთი საშინელის ხმით დაიძახა: - ჩემო რძალო, ქეთევან... ვაი ოჯახის დაღუპვასა! ამ ურჯულომ, აკი მართლა
დაგვღუპა!.. უჩივლია, უჩივლია!.. ვაი, ცოლო და შვილო დაღუპულო!.. დედაჩემი წამოვარდა ფეხზე, დარეტიანებულსავით ბარბაცით და თავის ცახცახით მოვიდა
ცეცხლაპირას... - მერე, მერე? - ჰკითხა მაზლს. - ვენახი გაგვიყიდეს, ვენახი, ვენახი... ვაი, ცოლო და შვილო! ნაფუძარი გაგვ... - აკი წინათვე გული მიტყობდა! ეგ ურჯულო, ეგა!.. - ცრემლით თვალებსავსემ
წამოიკვნესა დედაჩემმა. ამის ცრემლებმა და მომტირალე ხმამ ბავშვებსა თუ დიდებში აღძრა ერთი საშინელი ტირილი
და ჯღავილი. კაცს ეგონებოდა ამ ხალხს ცხედარი უძევთ წინაო. ყველანი ვტიროდით,
მაგრამ დათუა!.. დათუა!.. ეს საცოდავი კაცი სწორედ დაგლეჯილი დათვივით ღრიალებდა. - ე რა ამბავია ეე! ჩემი რჯულის მადლმა აქ კაცს არ დაედგომება ეე!.. - სთქვა ხახამ
გაბრიელამ და გასწია კარებისაკენ. დანარჩენთ მისმა მეგობრებმა დათუას დაუწყეს ბრძნულად დარიგება... - ეგ მაგ ტირილს, შვილოსან, ისა სჯობია, რომ ე დამშეულ ხალხს გვაჭამო რამე!.. -
დააბოლავა მამასახლისმა საერთო დარიგება. - გაჭამოთ კი არა, შავი ქვა არ გინდათ!.. თქვე სულთა-მხუთავებო, თქვე კაცის
მკვლელებო, თქვენა! - დაიძახა გამწარებულმა დათუამ... - ე ჩემი გასამრჯელო მამეცით მალე! - ბრძანების კილოთი წარმოსთქვა სასამართლოს
ბოქაულმა. - მარტო თქვენთან ხომ არ მოვსულვარ, სხვაგანაც მაქვს საქმე. - რამდენი მინანთულია, ბატონო, იოსებ? - ცუღლუტურის თვალების ჭყეტით ჰკითხა მას
მამასახლისმა. - თორმეტი მანეთი და ათშაურნახევარი! - ბრძანა ბოქაულმა. - თორმეტი გროშიც არ გვაბადია! რა უნდა მოგცეთ!.. ვენახი, ნაფუძარი წაგვართვით და
კიდევ ჩვენ უნდა მოგცეთ? ღმერთი მოიგონეთ, თქვე სახლკარდაქცეულებო, ღმერთი! -
დაიძახა დედაჩემმა. - მე შენისთანა დედაკაცებს პასუხს არ ვაძლევ! - ბრძანა ბოქაულმა. - აბა, ხეპერაანთ ბაბალესავით თურაშაულით სავსე გოდრები მოგართვა, თუ პასუხი არ
გამცე მაშინვე! აბა მედუქნე მიხაკასავით ცოცხალ-ცოცხალი კაპოეტები მოგიტანო, თუ
მაშინვე მოწყალეს თვალით არ დამიწყო ცქერა? - სთქვა გაცხარებით დედაჩემმა. - შენ სიტყვებს, დედაკაცო, რა ფასი სძევს!.. ყველამ იცის, რომ მე ქრთამს არ ვიღებ
და საწყალი ხალხი მებრალება... - ბრძანა ამაყად ბოქაულმა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ. - ჰო, სიტყვით თურმე ეგრე ბრძანებ ყველგან: საწყალი ხალხი მებრალებაო... აბა ერთი
ბრძანე - რომელი საწყალი კაცისთვის ერთი ორად არ გამოგირთმევია ფული? - მიუგო
დედაჩემმა. ამდენ ცილის წამებას მე შენ არ შეგარჩენ! - ბრძანა დაბღვერით ბოქაულმა და მიუახლოვდა მამასახლისს; წასჩურჩულა მას რაღაც ყურში და დადგა დოინჯშემოყრილი.
მამასახლისმა წამოიყელყელავა და მრისხანეთ ბრძანა: - როგორ თუ არას მისცემთ? მა ე ჩინონიკი კაცი თქვენი მოსამსახურე ყოფილა რაღა?..
ეი, სუდიებო! წადით და ბოსლიდამ ფურ-კამეჩი გამოიყვანეთ...
ჩემს პატარა ბიჭობაში, მაშინ, როდესაც შოლტის ხმარება კი არა, სახრის ხეირიანად
მოქნევაც არ ვიცოდი, როდესაც საქონელს კი არა, ცალ გოჭსაც არავინ მომაბარებდა
მინდორში წასაყვანად, - მახსოვს - მქონდა ერთი გულითადი სურვილი, ნატვრა: მე
მინდოდა, მენატრებოდა ტყის ნახვა! ვისაც კი ამ ჩემს სურვილს გამოუხატავდი, ყველანი
ხარხარს მოჰყვებოდნენ ხოლმე და დაცინვით და გაოცებით მეუბნებოდნენ: “ბიჭო-და, რა
ხაზინები დაგიგულებია ტყეში, ან რა მარგალიტის თვლები დაგითესია შენ იქა, რო აგრე
გენატრება მისი ნახვა?” ხაზინები!.. მარგალიტის თვლები!.. მაშინ არც კი მესმოდა, თუ
რას ნიშნავდნენ ეს სიტყვები! ჩემი სურვილი ამ გვარ მაღალ სიტყვებიდამ არ
მომდინარეობდა. ზამთარში თუ ზაფხულში, როდესაც კი ჩემი მამა-ბიძები ტყიდამ შინ
დაბრუნდებოდნენ ხოლმე, უსათუოდ რამე უნდა მოეტანათ ჩემთვის. ხან მომიტანდნენ
გვრიტის ლამაზ კვერცხებს, ან გვრიტის ბარტყებს; ხან მომიყვანდნენ პაწაწკინა ჩიტებს,
მწყრებს, კურდღლის ბაჭიას და სხვ. ხანაც მოჰქონდათ ლამაზად დაკროლილი გულსავსე
თხილი, მოწითალო წვრილი წკეპლები, რომლებითაც მე პატარა ლასტებს ვწნავდი და ვუგებდი
ფაცრებს ჩვენი მდინარის პაწაწკინტელა ტოტებში. ყოველ გაზაფხულზე ყველა ამას
მშვენივრად გაკეთებული და მომართული ასკილის სტვირიც ემატებოდა. ამ დროს ჩემს თავს
მე სრულ ბედნიერადა ვგრძნობდი. ყველა ესენი რომ ავიღოთ, შევაჯგუფოთ ერთად და
მივაქციოთ ყურადღება მათ გავლენას იმისთანა პატარა სიმონაზე, როგორიც მე მაშინ
გახლდით, განა სასაცილო და გასაოცარი იქნებოდა რამე ჩემს ნატვრაში?! მაშინ,
რასაკვირველია, ამგვარ კითხვას ვერც მოვახერხებდი და ვერც გავბედავდი მის
წარმოთქმას; მაგრამ იმას კი კარგად ვგრძნობდი, რომ ჩემი დარბაისელი დამცინავნი ვერ
მექცეოდნენ სამართლიანად და კარგად. ნაცვლად ჩემი უბრალო სურვილის დაკმაყოფილებისა,
ისინი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაოცებით დამცინოდნენ და ეგონათ, რომ ამ გვარის
მოქცევით გააქრობდნენ ჩემში ამ სურვილს! რასაკვირველია, სცდებოდნენ... გაქრობის
მაგივრად მათმა მოქმედებამ ეს სურვილი გამიცხოველა და ბოლოს ნატვრად გადამიქცია. ამ
ნატვრამ სულ მთლად მოიცვა ჩემი არსება. ბევრჯელ თვით მხიარულ მდგომარეობის დროს
მომაგონდებოდა ტყე, ჩემი ნატვრა, და ეს მხიარულება წამს სულ მთლად ჩაი ფუშებოდა
ხოლმე. ერთხელ გადამჯდარი ჯოხის რაშზედ, შემოხვეული ჩემი ტოლი ბიჭებით მე
დავქროლავდი ჩვენს მოედანზე... ამ დროს უცებ მომაგონდა ტყე; ვანებე ჩემს ამხანაგებს
თავი და, ვითომც აქ არაფერი ამბავი იყო, ჭენებით გამოვწიე სოფლისაკენ. შიგ შუა
სოფელში აქამომდე დგას ღვთისმშობლის დანგრეული ეკლესია, ამ ნანგრევისაკენ მივმართე
ჩემი გზა. რამ მაფიქრებინა ესა, სწორედ მოგახსენოთ, არ ვიცი, ის კი კარგად მახსოვს,
რომ მე შევედი ამ ნანგრევში, მივედი ღვთისმშობლის ხატთან, დავიჩოქე და ვიწყე
გულმხურვალედ ლოცვა: შევთხოვდი, რომ მას მაინც აღესრულებინა ჩემი ნატვრა...