ლამბალო და ყაშა ღმერთსაც და კაცსაც დაუწყევლიათ ურმიის უცნაური ტბა. სქელი და მლაშე წყალი არც
თევზს აცხოვრებს, არც ადამიანს იძირავს. მისი ნოყიერი, ნაპირები ალაგ-ალაგ
გაპარსული, ხრიოკი და უდაბური, სამხრეთის ფერთა თამაშის გამო მუდამ თვალს სჭრიან
ადამიანს: ზაგროსის და სახენდის მთების შიშველი სარტყელი, შუაში ასვეტილი
კუნძულები-შაჰხ დაგი, გუნდაგი და უამრავი მცირე კუნძულაკები-დილით-დილამდე ათჯერ
იცვლიან ჭრელ სამოსელს: მუქი და თალხი ფერები, ლილა და ლურჯი, ლაჟვარდი და ფირუზი,
ჩალა და ფორთოხალი, შინდი და ბროწეული, რუხი და მიხაკი, ვარდი და სპილენძი-ყველა
ფერი ასნაირად ეზავება ერთმანეთს და დღეში ათჯერ მაინც იცვლის იერს და ხაზებს.
თოთხმეტ მდინარეს ისრუტავს მეწამული ზღვის ღვიძლი ძმა - მკვდარი ურმია, მაგრამ
შენავალს ვერ ინელებს. დროგამოშვებით ზღაპრული ბაყაყებით გაიბერება, მოწამლულ წყალს
უკანვე გადმოანთხევს, სოფლებს წალეკავს და ბაღ-ვენახებს მყრალ ჭაობად გადააქცევს.
ზოგჯერ მისი შხამიანი დორბლი ისე შორს წამოვა, რომ ნაპირებიდან მოყოლებული მეათე
სოფელსაც კი შეაფურთხებს ხოლმე.
იცნობს ხალხი ამ ჭრელს ლამაზსა და გესლიან გომბეშოს, იცნობს და მის მეზობლობას
ერიდება. ამ ტბის სეხნია ქალაქი ურმიაც შეშინდა ტბის ორგულობით და ნახევარი დღის
სავალით მოსწყდა დახაშმულ მოძმეს. ამ მზაკვრულ ტბას პტოლომეი „მატხანუს ლაკუსს -
უწოდებდა. სტრაბონი - "სპაუტას", სომხები - "ძოვ კაპუატს" (ლაჟვარდ ტბას), სპარსნი
- „შახუშს" - ეძახიან, ხოლო დანარჩენნი - ურმიას ან ქებუდს.
ვერც ურმიის მიდამოებმა შეინარჩუნეს ერთი მარადიული სახელი. ვისის, რამინისა და
ზარატუშტრას სამშობლო ათჯერ მაინც იყო მონათლული: მიდია, ასურეთი, პართია,
ადარბადაგანი, აზერბაიჯანი, ადერბაიჯანი და კიდევ რამდენიმე სახელი ჰქონდა-დღეს
უკვე დაკარგული და მივიწყებული.
ოდესღაც, ოთხიოდე ათასი წლის წინათ, ამ ტბის სანაპიროზე „ბებერმა აქლემმა" -
ზარატუშტრამ ბეხმარის საღმრთო ცეცხლები დაანთო. მერმე მისი წმინდა სჯული -
ზენდავესტა - ბომბეის და ქირმანის მიდამოებში გადავიდა და ერთი მუჭა სპარსების
სულში დადნა, აქ კი, ბებერი აქლემების სამშობლოში, ავესტას მორწმუნე სანთლით
საძებნელი გახდა.
ოღონდაც რომ აქაც არა არს წინასწარმეტყველი ქვეყანასა თვისსა შინა! იყო დრო, ოდეს
ურმიის მიდამოებს მიდიელების განთქმული რაშები, აშურბანიპალის ლომკაცები,
პერსიდელები, პართიელები და გირკანელები სთელავდნენ.
ახემენიდები რომ მოდიოდნენ, მიდიელების ისარს კვლავ ძველი შემაძრწუნებელი სახელი
ჰქონდა შერჩენილი, ხოლო ავესტას ქუხილი კიდით-კიდემდე ისმოდა! მაგრამ რაც არიელთა
რაშებს და მშვილდ-ისარს ვერ დააკლეს ასურელებმა, იგი პერსიდელებმა და გირკანელებმა
ადვილად შეუსრულეს.
ბარის განათლებამ და ფუფუნების ბანგმა ნებივრობის მეოხებით მოდუნებული მიდია შუაზე
გახლიჩა: სამხრეთით ეკბატანა დაარსდა, ხოლო ჩრდილოეთით ანტროპატენა და მისი
დედაქალაქი ფრაასპი, ანუ ვერა (ნეტა საიდან მოდის ჩვენი უბანი ვერა.. მიდიიდან
ესპანეთიდან თუ ვერეს ხევიდან!)
ბედი-მდევარი უკვე სთვლიდა მიდიელთა დღეებს. ასურელმა სალმანასარმა სასიკვდილო
მახვილი დასცა მას. მომაკვდავმა ერთხელ კიდევ წამოიწია: ბაბილონს ხელი მისცა და
ორივემ ჯვარზე ასწიეს მძლეთა-მძლე ასურეთი.
იმ დღიდან ვერც ერთი ვეღარ წამოდგა მიდია ბრძოლაში გატეხილ ოქროს თასივით გადადიოდა
ხელით-ხელში: ალექსანდრე მაკედონელი, მისი მემკვიდრე პარმენიონი და პიფონი,
სელევკიდები სირიელნი, ანტიოხი და მიტრიდატი-ყველამ გასთელა და გასწიწკნა წაქცეული
რაინდი და მის უზარმაზარ საფლავს თითო მუჭა მიწა მიაყარა.
მერმე იმ საფლავს ირანი და ოსმალეთი დაასხდნენ და მისი სამარის წარწერაც კი
წაშალეს. მისი სახელი და მიმქრალი დიდება ქურთებმა დაიჩემეს, მაგრამ დღევანდელი
მწიგნობრები ამ მემკვიდრეს უბრალო სახელსაც კი არ უმტკიცებენ.
კათოლიკე მისიონერმა დეკრომ მიამბო: როდესაც ურიათა მეფის იესოს დაბადების ამბავმა
ურმიის ტბას მიაღწია, აქედან სამი პართიელი მოგვი წავიდა იესოს თაყვანისცემისათვის.
მეოთხე-მიდიელი ართაბანი-უკვე ჩამორჩა. ამბობენ, ის მოგვი იერუსალემს სწორედ იმ
დღეს ჩავიდა, როცა ქრისტე უკვე ჯვარზე ასწიესო.
სხვები კი იტყვიან: ართაბანი სრულაც ვერ ჩავიდა და გზაში დაიკარგაო, და ამ ლეგენდას
ასე ამთავრებენ ხოლმე: „დაკარგული მოგვი უკანასკნელი მიდიელი იყოო -. ასე იყო
ოდესღაც, ხოლო ათიოდე წლის წინათ, როცა დიდი ომის ტალღამ ურმიის ქალაქში გამიტანა,
არც ტბის მიდამოებსა და აღარც ქალაქში შორეულის ნატერფალიც კი აღარ დარჩენილიყო,
არც ბებერი აქლემი ზენდავესტა და აღარც მიდიელთა თესლი, არც გირკანელნი და აღარც
მაკედონელნი.
ჯმუხა სამხრელთა მაგივრად მიდიელთა სასაფლაოზე გოგი და მაგოგი მოსულიყვნენ,ზოლო
ბებერი აქლემის ავესტას გვამზე მაჰმადის ყურანი და „ისსას - სახარება გადაეშალნათ.
საარაკო რაშებზე მიდიელთა აჩრდილები შესხდნენ და უკუნეთს გადაიკარგნენ, ხოლო მათ
ნაცვლად ურმიის ტბას დონის ცხენები და ტამბოველი ჩექმები დასტრიალებდნენ. და იმ
ჩექმებს ნებსით და უნებლიეთ, ჩანჩალით მისდევდნენ აშურბანიპალის, ტიგრან დიდისა და
ვახტანგ გორგასლანის მემკვიდრენი.
და გოგსა და მაგოგს, ჰაიკანელებს და ქარდუელებს, დონის ცხენებსა და ტამბოვურ
ჩექმებს, ქეთევან წამებულის სოფელს და თამარ მეფის მწვერვალს ხანტახტის კლდიდან
გაკვირვებით დასცქერიან ქვის ფიცარზე გამოჭრილი მაკედონელის ლეგიონერები, მათი
ფრაკიელები, ბუცეფალები და სამი გადარჩენილი ბერძნული ასო „ა... ოს - ალექსანდროს.
დანარჩენი ასოები კი ან ჟამმა შესჭამა, ან სპარსელებმა ჩამოთალეს. ასიოდე წლის
წინათ იმ კლდეზე ჯერ კიდევ იწოდა თურმე შვიდიოდე სიტყვა. „მე ალექსანდროს...
ყოველივე აქაური ემორჩილების ნებასა ჩემსა - ახლა კი იმ კლდის მკერდიდან ის სამი
ასო ისე მოისმის, როგორც წყალწაღებულის უიომედო ძახილი: - ააა... ო-ო-ო-ო-ოს!
მატარებელი ტბის ნაპირს მიადგა. მე ერთი ვაგონიდან გადმოვედი, ხოლო მეორედან დიდი
ამალით და ფახით ურმიის ახლად დანიშნული გენერალ-გუბერნატორი - ვალი ითიმად უდ
დოულე გადმოვიდა. თურმე თავრიზიდან მოდიოდა და ღამით სოფიანში ჩვენს მატარებელში
გადმოსულიყო.
მას ამალის გარდა საკუთარ ჰარამხანაც მოსდევდა და შავ ჩადრებში გახვეულიყო ათიოდე
დედაკაცი და ერთი დაღრეჯილი საჭურისი.
რუსების მიერ გაყვანილი რკინის გზა ურმიის ტბას ებჯინებოდა. შერიფხანე ახალი ქალაქი
და ახალი ნავთსადგური იყო, ისიც რუსებისსაგან ორიოდე წელიწადში გაშენებული.
ირგვლივ ერთმანეთს აწვებოდნენ ხისა და თიხის ახალი სახლები, ტილოსი და ნაბდის
კარვები, სანოვაგისა დ ახე-ტყის გორები, გაუთავებელი საწყობები, უკვე წყალში
ჩაშვებული და დაუმთავრებელი ნავხომალდდები, კომენდატურა, წიტელი ჯვარი, ქალაქთა და
ერობათა კავშირები, სალდათები, მეზღვაურები, მუშები და რიცხვით ყველაზე მეტი
მოხელენი.
ერთი საათის შემდეგ ზღვის საყვირმა იქაურობა შეარყია. მე პატარა გემზე ავედი. ცოტა
ხნის შემდეგ უკანვე მიმავალმა მატარებელმა დგრიალით გაგვიარა გვერდით. გემმაც
სამჯერ დაიბღავლა, მერმე გმინვით, ოხვრით და ჭრაჭუნით მოსწყდა ფიცრულ ნაპირს და
მუქი ლაჟვარდი წყალი თეთრად ააქაფა.
გადამწვარ მინდორზე გრძელი მატარებელი წითელი გველივით მიიკლაკნება. ნაპირისაკენ
მეორე გველი მოხოხავს, ისიც გრძელი და ყვითელი - ასიოდე აქლემის ქარავანი, -
უდაბნოს გემი, დინჯი, ნელი ბებერი.
მერმე ვნახე და გავიგე, რომ რუსებს გამოუცდელობით ათი ათასობით დეაცონატე უდაბნოს
მადლიანი პირუტყვი: აქლემების ქარავანს თურმე სიცხეში ატარებდნენ და სიგრილეში
ასვენებდნენ, ხოლო სამხრელნი სიცხეში აქლემს დღისით ასვენებდნენ და ღამით
ამუშავებენ.
სუფთა ჰაერი დონის ნახშირსა და ბაქოს ნავთის ბოლით მოიქარგა. ერთმანეთში არეული
რუსულ-სპარსული სოფელი და სამხედრო ბანაკი შეირიფხანე ნელ-ნელა გვშორდებოდა.
გემს თეთრი ფრინველი დაესია. უცებ უზარმაზარ ფრინველს გავაყოლე თვალი. დაბლა
მიფრინავდა. ჰაერში ლარივით გაჭიმულიყო. ორი ადლის სიგრძე იქნებოდა. მკერდი თეთრი,
ხოლო ფრთები წითელი და შავი, ფეხები და ყელი - მეტად წვრილი და გრძელი.
უცხო ფრინველი ისარივით ცავიდა შაჰდაგის კუნძულისაკენ. ფლამინგო, - მომესმა
უკნიდან. მივიხედე. ჩემს წინაში მოღიმარე ითიმად უდ დოულე იდგა. ბოდიშს ვიხდი,
მისსიე. პარლე ვუ ფრანსე? - მკითხა. დიაღ, მისსიე ვალი, ფრანგული ვიცი. - ვუპასუხე.
ბედნიერი ვარ, დიდად ბედნიერი. გთხოვთ გამიცნოთ. მე ურმიის ვალი ითიმად უდ დოულე
გახლავართ, თქვენ კი მგონი ექიმი უნდა ბრძანდებოდეთ, არა? დიაღ, ექსელანს, ექიმი
გახლავართ. ხელი ჩამოვართვი და ჩემი გვარიც მოვახსენე.
ექიმი, ისიც ქართველი! ჟეორჟიენ? ითიმად უდ დოულეს სიხარულმა არ გამაკვირვა.
ადრევაც ვიცოდი, რომ იმ დროს სპარსელები ქართველებს "ყარდაშ-იოლდაშებად" სთვლიდნენ.
მაგრამ თურმე წეღანდელი მისის გაბღენძილი იერი და რუსის გენერლის საბეჭურებით
გაამპარტავნებული გამომეტყველება ჩემმა საექიმო ნიშანმა ჩამორეცხა.
ვალიმ ფლამინგოს თითი გააყოლა და მითხრა. საუცხოვო ფრინველია, ნეს პა? დიაღ,
ექსელანს, იშვიათი ფრინველია. მხოლოდ წინა აზიაში გადარჩა. ასობით და ათასობით
ცხოვრობდნენ ერთად. როგორც ეტყობა, ეს ფრინველი დანარჩენებს ჩამორჩენილა და ეხლა…
მაგრამ ჯერ ერთი რამ უნდა გთხოვოთ. ვუ სავე, მესსიე დოქტორ, ძალიან ცუდად გავხდი.
იქნება მიშველოთ რამე, ზღვაზე პირველად ვარ და გული მერევა.
კეთილი ექსელანს. წამობრძანდით. ჩემმა მხლებელმა მოხევემ ბექაურმა უწვნო სადილი
გაგვიშალა: ხიზილალა, დოში, ორაგული, ზურგიელი, მოხრაკული ინდაური, მოხარშული
ქათამი, ხილი, კახური ღვინო და სარაჯიშვილის სამვარსკვლავიანი კონიაკი.
კუჭის გავსება ერთადერთი წამალი იყო ითიმად უდ დოულესთვის, რომელსაც კონიაკი
დავუსხი და მივაწოდე. ციებ-ცხელება მჭირს, ბატონო ექიმო. - თავი იმართლა ვალიმ,
როცა კონიაკი დაინახა. წამალიც ეს არის. მიირთვით, ექსელანს. ვსვამ, როგორც წამალს,
თორემ… ა ვოტრ სანტე, მისსიე ლე დოქტორ, ალაჰმა დღეგრძელობა და სილიერი მშვიდობა
მოგცეს.
ციების გახსენებამ და კონიაკის გემომ მართლმორწმუნე მუსულმანს მაშინვე დაუმშვიდეს
სინდისი და ყურანიც დაავიწყებინეს. ნახევარი საათის შემდეგ ითიმად უდ დოულე
პირნათლად ასრულებდა სპარსულ ზრდილოას: მადლობის და კმაყოფილების ნიშნად ორივე ხელს
მუცელზე ისვამდა და გულმოდგინედ აბოყინებდა. ასე შეათავსა დღევანდელმა ირანელმა
ფრანგული ზრდილობა და სპარსული ჩვეულება.
კახურმა კონიაკმა ჩემს "კამარადს‘‘ პირი გაუხსნა და აალუღლუღა: თუ სავე, მონ ამი, -
იცით, მეგობარო, რა დღე დააყარეს საწყალ სპარსეთს ურუსმა და ენგლიზმა? ბულდოგი და
დათვი ჩვენს კისერზე მორიგდნენ. ჩვენ არ გვინდოდა ამ ომში ჩავრეულიყავით, მაგრამ
ვინ გვეკითხება! ომი ჩვენს ქვეყანაში გადმოიტანეს, ჯარი შემოიყვანეს და აგვიკლეს.
ღეკვიზიცია გამოაცხადეს, სამ აბაზიან იონჯას სამ შაურად გვართმევენ, ორმანეთიან
ქერში ორ აბაზს გვითვლიან.
სამაგიეროდ, სპარსეთი ფულით გაივსო. – ნუგეში ვეცი მე.
ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ფულისაგან! ურუსის ფული წინანდელის ნახევარიც აღარა ღირს
და საცაა სულ დაფოლდება. ურუსებს ნავთი, ქსოვილები, შაქარი, და მრავალი სხვა
საქონელი მოაქვთ და სპარსულ ყრანებზე ჰყიდიან, თავიანთ ფულს კი თვითონაც აღარ
იღებენ. ხალხი ჰგმინავს. ახლა მე ძნელი საქმე დამაკისრეს, ლაშქრის სარდალი
ჩერნოზუბოვი ლომია, რომელსაც ალჰმა მელიის ეშმაკობა მისცა. რუსები ჩვენს შინაურ
საქმეში ერევიან და ანგარიშს აღარ გვიწევენ. ისე მიჰყავთ საქმე, თითქო მოსკოვში
არიანო, თითქო შაჰინ-შაჰ "ცარის ჩინოვნიკი‘‘ უოფილიყოს.
ვუღუპებით. მძიმე ყოფილა ურუსის ჩექმა, სამაგიეროდ, - ითიმად უდ დოულე გაიბადრა, -
ურუსებს ლამაზი ქალები ჰყოლიათ და კონიაკიც საუცხოვო ჰქონიათ, ეხე-ხე! ჩემი ახალი
,,იოლდაში‘‘ კარგა ხანს ურევდა ერთმანეთში ბორძიკით და ლუღლუღით მელა ჩერნოზუბოვსა
და იონჯას, ყრანებსა და ქერა ქალებს, მოსკოვურ ფარჩასა და შაჰინ-შაჰს, ოსმალებსა და
ნავთს, საბზა-ქიშმიშსა და რუსულ შაქარს, და ზოგჯერ ამ დომხალს კონიაკსა და წუწუნსაც
უმატებდა: ვიღუპებით… სპარსეთის ლომი დაბერდა… ურუსი და ენგლიზი საბოლოოდ გაიყოფენ
ირანს...
მე უძლეველი მიდია მომაგონდა, მომაგონდა იმ საარაკო ხალხის მომდუნებელი განათლება
და ფუფუნება, გამახსენდა მიდიელთა საარაკო რაშები, რომლებსაც ასე უბრალოდ ზლეული
რაინდებიზლივს მოასხდნენ და უკუნეთს შთაინთქნენ. ითიმად უდ დოულემ უმანკო ფშვინვა
გააბა. მოშორებით მისი ამალა საუზმობდა. მაფრაშებისა და სკივრებისაგან აღმართულ
ღობის უკან ჩადრებში გახვეულნი ვალის ცოლები გაბუტული ინდაურებივით ისხდნენ.
უზარმაზრად ასვეტილი შაჰდაგის კუნძული ისე დაჰყურებდა ჩვენს ორთქლიან კიდობანს,
როგორც ცხრათავიანი სპარსული დევი წყალში ჩავარდნილ კაკლის ნაჭუჭს.
მერმე ითიმად უდ დოულემ ფშინვის ნაცვლად როყიო ხვრინვა ამოუშვა, მე კი გემის ქიმს
გადავეყუდე და თვალი ტივებსა და უცხო სამხრელ ფრინველებს ავადევნე. მზე მიწურულს
იყო. დასავლეთით სპარსეთ-ოსმალეთის მოსაზღვრე მთაგრეხილი ლილისა და იის ჩადრით
შეიმოსა, ტბა მკრთალი ვარდივით შეწითლდა. აღმოსავლეთით ყოუნ-დაგი და ორმოციოდე სხვა
კუნძული და კუნძულაკი ფირუზის საარაკო მთებს და გორაკებს ჰგავდნენ, მათიმწვერვალები
თითქო სისხლით მოერწყოთ და ცეცხლის ღვარებით დაესერნათ. გულმან ხანეს ნავთსადგური
უბეში ჩაეჩარნა თიხის უზარმაზარ კონცხს, რომელიც წყალში ჩაძირულ დევის მუზარადს
ჰგავდა.
ნავთსადგურის სანაპირო დამხდური ხალხით გავსებულიყო და ერთმანეთში არეულიყვნენ რუსი
სპარსელი მოხელენი: ინტენდანტები, მოიჯარადრენი, ვაჭრები, სალდათები, სეიდები და
მოლები, ახალი ვალის დასახვედრად მოსულ დელეგატებს სახელმწიფო და მუსლიმანური
დროშები ეჭირათ. მოშორებით ასიოდე სპარსი ყაზახი ჩამწკრივებულიყო. ეტლების კუდი
აქლემთა ქარავანში იკარგებოდა. შანამ ვალი და დამხდურნი ერთმანეთს სალამს
აძლევდნენ, მე ჩემი ეტლი ვიპოვე.
- გამარჯობა, აღა! - მომაძახა ქართულად თათარმა მეეტლემ და მუსლიმანურ ადათს
უღალატა: შუაზე გადაპარსული თავი მუხლამდე დაღუნა, მხიარულად გაჰკრიჭა კბილები და
მოტვლეპილი თავი კიდევ რამდენჯერმე დამიკრა.
- გაგიმარჯოს. შენი სახელი?
- მაშადი ჰასან, აღა.
- ქართული სად ისწავლე?
- მე და მამა-ჩემი ქალაქში იყავი, ბორჩალოშიც იყავი. იქ ისცავლე ჰასანმა.
- რამდენი წლისა ხარ? - ვკითხე სუფთა თათრულით.
მაშადი სიხარულისგან აილანძა:
- ოცი წლისა, აღა ექიმბაშო.
კითხვა და პასუხი სეტყვასავით დამაყარა. უკვირდა, რომ მე თათრული ვიცოდი, და მას
აქეთ ქართული აღარ გაუხსენებია.
მაშადი ჰასანმა ცხენებს სადავეები აუკრიფა და უცებ დასჭყივლა:
- ლამბალო! - აბა, გასწი, თათარო! - უბრძანა ბექაურმა და დაუმატა: - აქაც ურჯულოები
ყოფილან. თათარმა მსუბუქი ეტლი მტვრის კორიანტელში გაჰხვია. დაოთხებულ ცხენებს
შოლტს უტრიალებდა, უცნაურად უსტვენდა და გაჰკიოდა: - ჰეი, ჰეეიი! ხაბარდა-ა-ა!
ლამბალო. ვინმე საწყალ მგზავრს კოფოდან შოტლს გადაუქნევდა და მიაძახებდა: - იოლ
ვერ, - გზა მომეცი ლამბალო!
- მაშადი ჰასან, ნუ ჩქარობ, არავინ გაჭყლიტო. მაშადი არ მეთანხმება: ახალ
გუბერნატორს უნდა გავასწროთ, თორემ დაგვეწევიან და მტვრით დაგვახრჩობენ. მაშადის არ
უნდა, რომ მის აღას ვინმემ გაუსწროს, თუნდ ითიმად უდ დოულემაც. მე ახალი კაცი ვარ
ურმიაში და აქაური ჩვეულებისა არაფერი მესმის, მაშადი კი აქაურია და კარგად იცის
აქაური წესრიგიც და ადათიც, ამიტომ მე ისღა დამრჩენია, რომ ჩემი ნებისყოფა მაშადი
ჰასანს დავუმორჩილო და ბრმასავით მივყვე. მაგრამ ერთ რამეში მაინც ჩემი გავიტანე:
ცხენებმა სირბილს დაუკლეს, საამგიეროდ, მაშადიმ კბილთა ღრეჭას და მხიარულ ლაყბობას
უმატა, გაბადრული პირისახე უფრ ხშირად ჩემსკენ აქვს მობრუნებული, ვიდრე
ცხენებისაკენ, და ნაკუწ-ნაკუწ მიამბობს თავის ვინაობას.
მაშადი იმიტომ დაარქვეს, რომ ბავშვობაში მისმა მამამ წმინდა ქალაქ მეშხეთში
წაიყვანა. თვითონ მაშადი ჰასანი მეეტლე კი არ არის, მებაღეა, ჩვენი მებაღე. წითელ
ჯვარს ურმიის მახლობლად სოფელ ასკერაბადში იჯარით ბაღი და ბოსტანი აქვს აღებული.
მაშადი ჰასანიც იმ სოფლელია, თვითონად იქვე აქვს სახლ-კარი და ბაღი. მაშადი ჰასანი
და იმის მამა მაშადი იზათი ორივე მამულის უვლიან. გარდა ამისა, მაშადი იზათს კიდევ
რამდენიმე ხელობა აქვს: მირაბია, არხები გაჰყავს, ჭებსა და "ილანებს‘‘ იჭერს.
- ილანებს, - გველებს?
- ბალი აღა, გველებსაც იჭერს. თუ ვინმეს ბაღში ან სახლში ბევრი მცურავი შეეჩვია,
მამა-ჩემი შეულოცავს და გველებს იმ ალაგიდან განდევნის, და თუ იშვიათი მცურავი
შეხვდა, დაიჭერს და გაჰყიდის. ჰასანის მამა მაშადი იზათი ერთ დროს შეძლებული კაცი
იყო, მაგრამ გაღარიბდა. მას შემდეგ ჰასანსა და იზათს ყველაფერი გამოუდით ხელიდან.
ერთ დროს ქალაქ "თიფლისშიც‘‘ იყვნენ. საუცხოვო ქალაქია. "ლამბალო‘‘ ქალაქია! ჩოხ
იახში ქალაქია! მაშადი ჰასანი ტფილისში ხან მღებავი იყო, ხან ქიშმიშ-ლაბლაბოს
ჰყიდდა, ხან "ბატი-ბუტი‘‘ დაჰქონდა და კალატოზობაც ისწავლა.
ერთი "გურჯი იოლდაში‘‘ ჰყავდა - ნიკო თოხლიშვილი. ნიკოს არ ვიცნობ? მაშ კუკიის
საუკეთესო მოჭიდავეს და მოკრივეს ნიკო თოხლიშვილს არ ვიცნობ! კუკიელია, ხაზარია,
ისეთი ბიჭისა რომ... ნამდვილი "ლამბალოა", ნამდვილი! ჰაი გიდი, რა "იგითი", - რა
გმირი ხალხია გურჯი. - ლამბალო ხალხია, ლამბალო!
- მაშადი ჰასან, რას ნიშნავს თქვენებურად ლამბალო?
მაშადი ჰასანის ხარხარმა ზარივით დაიწკრიალა.
"ლამბალო" ჰასანის მიერ მოგონილი სიტყვაა. სხვამ არავინ არ იცის ამ სიტყვის
ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა ურმიაში უკვე ბევრნი ხმარობენ მას. მაშ რას ნიშნავს ეს
სიტყვა? ყოჩაღს, შახიანს, კოხტას.
- მერმე, საიდან მოიგონე ეს სიტყვა?
ჰასანმა ბავშვივით გამიღიმა.
- ერთხელ მამაჩემს ბორჩალოში ბოსტანი ჰქონდა...
მე სიტყვა გავაწყვეტინე:
- დაიცა, ბოსტანი სოფელ ლომბალოში? სადახლოს გაღმა, სუმბათაშვილის მამულში არა?
- ბალი აღა, ბალი. - გაუხარდა ჰასანს, - ტკბილი სიტყვაა - შაქარ სიოზდი, შაქარ!
გულში ჩამრჩა, ენაზე მომეკიდა და აღარ მომეშვა.
- აბა ყური მათხოვეთ: და მკვეთრად წამოიძახა: - ლა-ამბა-ალო-ო-ო-ო... მერე წვრილი,
მძლავრი და სუფთა ხმით ერთ კილოზე გააბა ოპერის მომღერალივით: -
ლა-ამბა-ალო-ო-ო-ო... ჰასანის სმენამ და იშვიათმა ხმამ გამაცოცხლა.
- მაშადი ჰასან, აბა ერთხელ კიდევ დასძახე ეგ სიტყვა. და მაშადი ჰასანის ვერცხლის
ხმამ ერთხელ კიდევ შეაჟღრიალა ჰაერი: - ლა-ამბა-ალო-ო-ო- ო... და ისე დაუმდაბლა
თანდათან, რომ ვერც კი გავიგე, როდის შესწყდა ზარი. ასეთი სუფთა ტენორი, ასეთი
წრფელი კილო, ამგვარი მძლავრი ხმა და იშვიათი პიანო აქ, მავარდნილ უდაბნოში,
ქურთისტანის სამზღვარზე, მიყრუებულ აზერბაიჯანში?!
- ერთხელ თიფლისში ყურძენს ვყიდდი, - მომიბრუნდა ჰასანი. - დავდიოდი და ვიძახდი
"ვი-ონოგრა-ა-ად!‘‘ ერთს რომ დავიძახებდი მთელი ქუჩა ფანჯრებს გააღებდა ხოლმე.
ყველანი ჩემგან ყიდულობდნენ. ჩემს უბანში ვეღარავინ ვაჭრობდა. მალე გავმდიდრდებოდი,
მაგრამ კონტოები შურით დაიხოცნენ. ბნელ ქუჩაში მომეპარნენ და ბებუთი დამცეს.
კინაღამ მოვკვდი. თავი დავანებე და წამოვედი.
უცებ უკნიდან ყიჟინი და თქარათქური მომესმა. მივიხედე. ჩაფრები ოფლში გავლებულ
ცხენებს მოაჭენებდნენ და ჭყივილით ემუქრებოდნენ ჰასანს:
- იოლ ვერ, იოლ ვერ! - გზა! გზა, ქოფა-ოლღი, თორემ... და მათრახების ქნევით ჰასანზე
მოდიოდნენ.
მე ბრაზი მომივიდა და უმალვე ნაგანი შევაპრიალე ჰაერში:
- ხელი არ ახლოთ, თორემ...
ბექაურმა თოფი მოიმარჯვა და მოხევურ კილოზე შეუტია. - ახლავე მოგკლავ, ურჯულოვ!
გულგახეთქილმა ჩაფრებმა ნაზალადევად გამიღიმეს და ცხენები უკანა ფეხებში მოდრიკეს.
მერმე რუსული სამხედრო სალამი მომცეს და წინ მიმავალ თათრებს დაედევნენ. დაფეთებული
თათრები ვირებიდან გადმოცვივდნენ, სახედრებს თავი მიანებეს, ქუდები მოიშვლიპეს და
გზიდან პანტაპუნტით გადაცვივდნენ შამბიან ჭაობში. იმავე წუთს გვერდით გრიგალმა
გამირბინა.
მე და ითიმად უდ დოულემ ერთმანეთს ძლივს მოვკარით თვალი, გაბღენძილი და მრისხანე
სპარსელი ისე გაჭიმულიყო ეტლში, თითქო იმ ქვეყნის ბატონ-პატრონი გენერალი
ჩერნოზუბოვი კი არ ყოფილიყომ არამედ შაჰინ-შაჰის მიერ წამოგზავნილი ვალი ითიმადი.
ჩემს ხელში რევოლვერს მოჰკრა თვალი და ოდნავ შეკრთა. მის გაქანებულ ეტლს დგრიალით
და კიჟინით ორმოციოდე ეტლი და ორიოდე ასეული იასაული, სარბაზი. ჩაფარი და სპარსელი
ყაზახი მოსდევდა. ისეთი კორიანტელით დააყენეს, რომ კარგა ხანს მაშადი ჰასანის
ზურგსაც ძლივსღა ვარჩევდი.
როდესაც თქარათქური მისწყდა და მტვერიც გაიბნა, ჰასანმა შეშინებული თვალები
შემომანათა, გაპარსული თავი გააქნია და თქვა:
- აღა, ცუდად არის ჩემი საქმე.
- რა ამბავია, ჰასან? რამ შეგაშინა?
- ვალი არ მაპატიებს. გზა ვერ მივეცი. და ტყუილად ამოიღე ეგ რევოლვერი. ვალაჰ, ისევ
ის სჯობდა, რომ ჩემთვის რამდენიმე მათრახი დაეკრათ.
- ნუ შეშინდი, მაშადი ჰასან. - ვალი ხელსაც ვერ გახლებს. თუ დაგიპირა რამე,
შემატყობინე. ვალი ჩემი "იოლდაშია‘‘. ვამშვიდე, მაგრამ ვერ დავამშვიდე. ვეღარც
"ვინაგრადი‘‘ ვათქმევინე და ვეღარც "ლამბალო‘‘ ვამღერე, დაღონდა და ცხენებს სადავე
მოსწია. ეხლა მე ვჩქარობდი, ჰასანი კი თითქო განგებ იგვიანებდა.
ერთ სოფელში შევედით. გზა დიდ მანძილზე სისხლით იყო მორწყული. ვალის პატივსეცემლად
იქაური ხელისუფალნი ითიმადის ფეხთა წინაშე შუა გზაზე ცხვრებს ჰკლავდნენ და დახოცილ
საქონელს გზის ერთ ნაპირზე ჰყრიდნენ, ხოლო თავებს – მეორეზე. გზა და მოედანი
მორჩილი გლეხუდებსა და გლეხებს, მაშადი ჰასანმა ცხენები შეაყენა.
- ჰასან, მეჩქარება. გარეკე! ჰასანმა თვალებით მთხოვა შებრალება.
- გარეკე მეთქი!
- აღა, ვალის რისხვას ვერსად წაუხვალ.
- შენ გარეკე, დანარჩენი მე ვიცი. მაშადი ჰასანი ერთხელ კიდევ შეიშმუშნა, მერმე
ზანტად მოსწია სადავეები და ცხენები ნაბიჯით დასძრა.
- ჰასან, გარეკე მეთქი! – შევუტიე შეშინებულ მეეტლეს.
გზა ძლივს გავიკვლიეთ. ყველანი გვიბღვეროდნენ. მე კი შაჰინ-შაჰის მოხელეებს
გულგრილად შევსცქეროდი. ვალის ეტლს რომ გავისწორდით, ითიმად უდ დოულემ მაშადი
ჰასანი თვალებით განგმირა, მე კი ტუჩებით გამიღიმა და რუსული სამხედრო სალამი
მომცა. მეც ღიმილით და ასეთივე სალამით ვუპასუხე.
მაშადი ჰასანმა ისე გარეკა ცხენები, რომ ვეება კორიანტელი ააყენა და თანაც უკან
იხედებოდა. ქალაქში შევდიოდით, უკვე დაღამებული იყო. ითიმად უდ დოულე ერთხელ კიდევ
წამოგვეწია. უცხო სანახავს წავაწყდი: ვალის ასიოდე მაშხალა – ჟინჟღალი მოსდევდა ორ
რიგად. სამიოდე ათასი ქალაქელიც ჟინჟღლებით და ფერადი ფარნებით გამოეგება. ათნაირი
შუშხუნა ტკაცუნით და შხუილით სერავდა ცას. გზის ორივე ნაპირზე ცეცხლის ორი ლარი იყო
გაჭიმული. თვალწარმტაცი ფარშევანგები ნელ- ნელა იფურჩქნიან ცეცხლის კუდებს;
ცეცხლისავე ველოსიპედისტები წინ და უკან დასრიალებენ; ასეთივე ყოჩები რქებით
ჭიდაობენ. ზემოთ ორი წარწერა კამკამებს: "იცოხლოს მარადის ირანის შაჰინ-შაჰმა‘‘ და
"მშვიდობაში შენი მობრძანება, ვალი ითიმად უდ დოულე‘‘.
მოედანზე სპარსელი სალდათები – სარბაზები ცეცხლმოკიდებული ლანდებივით დარბიან
ანთებული რომაულ სანთლებით, უცებ ჯერ ერთ ცოცხლა მაშხალას მოეკიდა ცეცხლი, მერმე
მეორეს, მესამესაც და სამივენი ისე ჩაცვივდნენ დიდ აუზში, როგორც გადასროლილი
მუგუზლები. - ვალ-ი-ი, ხოშ გელდი- ი-ი! - გრიალებდა ხალხი. დამხდურთა შორის ერთ
ახოვან გენერალს მოვკარი თვალი. ზიზილ- პიპილოებით იყო მორთული და ითიმად უდ
დოულეზე უარესად იბღინძებოდა. ლაშქრის სარდალი ჩერნოზუბოვი არსად არა სჩანდა, ხოლო
იმ გენერლის იქ ყოფნა ამბობდა:
" მე რუსეთი, - გენერალი ჩერნოზუბოვი, - ამ ქვეყნის ნამდვილი ბატონი, არა ვარ და
აქვე დავრჩები, შენ კი, ითიმად უდ დოულე, ჩემი პატარა სტუმარი ხარ და მეტი არაფერი.
პირველად შენ უნდა მეწვიო. ჯერჯერობით მცირე პატივი და თავაზიანობა არაფერს
გვაწყენს, მერმე კი, როცა ომი გათავდება... მერმე ვნახავთ დანარჩენს‘‘. ურმიელებმა
ასე გაიგეს ჩერნოზუბოვის უსიტყვო სიტყვა და არც მოტყუებულან. მეორე დღეს გრძელმა და
საამურმა შეძახილმა გამაღვიძა: - ლა-ამბა-ლო-ო-ო. - და უმალვე დააყოლა. -
ვი-ინაგრა-ა-ად... ხალათი გადავიცვი და ფანჯრიდან გავიხედე.
- საბახ ხეირ ოლსუნ, - დილა მშვიდობისა, აღა!
- გაგიმარჯოს, მაშადი ჰასან!
- ნეჯასიზ? ქეიფინ, ჰალინ? - როგორ ბრძანდებით? ქეიფზე როგორა ხართ? როგორ გეძინათ?
- მადლობელი ვარ, ჰასან. მაგ ყურძენს ჰყიდი?
- არა, არა ჰყიდის. მაშადი ჰასანმა ეს ნობათი თავის ახალ "ყონაღს‘‘ მოართვა. არ
შეიზლება, უნდა მივიღო. სულ ოციოდე გირვანქა იქნება: მშვენიერი ფერადი ყურძენი,
ბროწეული, ლეღვი, ვაშლი, მსხალი, ატამი, თხილი და ერთი კოჭობი ნაღები.
მე ფული ამოვიღე. უარმა და ურთიერთის თავაზიანობამ ხუთიოდე წუთს გასტანა. ბოლოს
მაინც მომტეხა, ძღვენი მივიღე. ეს ხილი ჰასანის ბაღისაა, ხოლო დანარჩენი ოთხი
კალათი სამკურნალოს ბღიდან მოაქვს ავდმყოფთა და თანამშრომელთათვის.
უცებ იასამნის ბუჩქებიდან უცნაური ვინმე გამოვარდა და ჯოხის ქნევით, დორბლით და
უშვერი ლანძღვით დაეტაკა მაშადი ჰასანს. თათარმა კალათები დაჰყარა, გაიქცა და
ბუჩქებს მოეფარა, უცხო ვინმე კი ჰასანს დასდევდა და ჰყვიროდა: - შენ ისევ აე ხარ?
მურდალო, ღორო, მაჰმადის ძაღლო! ქოფა-ოღლი! დონღუზ! ორივენი ბუჩქებს გარშემო
ურბენდნენ.
ჰასანი მოქნეულ ჯოხს გაუსხლტა და ჩემსკენ გამოიქცა. უცნობიც დაედევნა.
- შესდქით! ხელი არ ახლოთ, თორემ... - რუსულად შევძახე მე.
უცნობმა მოქნეული ჯოხი ჰაერშივე შეაყენა და მე მომაჩერდა: სტაფილოს ფერი სახე;
ამავე ფერის წვერ-ულვაში და თმა არწივის მოშლილ ბუდესავით აბუნრძგნული და
გაფანტული; ჩაყვითლებული და ჩამტვრეული კბილები; ხახვის მსგავსი მოლურჯო ცხვირი,
ლობიოს ოდენა ბოროტი თვალები და ავაზაკური, დაბალი შუბლი. მოსრულსა და მოგრეხილ
ტანზე გახუებულ-დაგლეჯილი ანაფორა ეცვა, რომელიც ქუსლებამდე სწვდებოდა.
- ვინ ბრძანდებით? ამ ბაღში რა გნებავთ? - შევუტიე უცნობს.
სტაფილოს პირსახე ნელ-ნელა გაიბადრა. ყოველივე ასომ ტკბილად: თვალებმა, შუბლმა,
ცხვირმა, ღია პირმა და წვერ-ულვაშმაც. მერმე ნელი ჩიფჩიფით და დაშაქრულად მიპასუხა:
- ჯერ არ მიცნობთ? სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა. მე კი გიცნობთ. თქვენ ამ
სამკურნალოს ახალი გამგე ბრძანდებით, არა?
- ჩემთვის სულ ერთია მიცნობთ თუ არა. გეკითხებით, თქვენ ვინ ბრძანდებით-მეთქი?
პასუხის ნაცვლად სტაფილო დადნა. მოშლილი ბუდე გააქნივ-გამოაქნია და მისაყვედურა:
ვაა, რა მკაცრი ექიმი ყოფილა!
- მასხარობა გაათავეთ! ერთხელ კიდევ შევუტიე სისხიანად, - ან პასუხი გამეცით, ან
აქედან მიბრძანდით.
უცნობის მაგივრად მაშადი ჰასანმა მიპასუხა:
- ყაშა ლაზარე გახლავთ, აღა.
ყაშა ლაზარემ ისე შეუტია და შესძახა, რომ დაფეთებული ჰასანი სამ ადგილზე გადახტა,
მერმე ქვას დასწვდა და შესძახა:
- ლამბალო, ქოფა-ოღლი! მაგ წითელ თავს გაგიჭეჭყავ!
- ჰასან, გაჩუმდი! - დავამშვიდე გულმოსული თათარი და ყაშას მივუბრუნდი:
- მეტყვით თუ არა თქვენს ვინაობას?
- გეტყვით, რატომ არ გეტყვით! - იპრანჭებოდა ყაშა. - მე ყაშა ლაზარე გახლავართ, ესე
იგი, ასურელი მღვდელი ლაზარე ვარ.
- მერმე აქ რა გნებავთ?
- მე რა მნებავს? - გულწრფელად გაიკვირვა უცნაურმა მღვდელმა და პასუხის მაგივრად
ისე ამაყად მიმითითა თავის მკერდზე, სადაც წითელი ჯვრის ნიშანი ეკიდა, თითქო თეთრ
გიორგის ჯვარს იკვეხნიდაო.
ის ჯვარი ანაფორას ნაოჭებში წეღან ვერ შევამჩნიე, ახლა კი დავინახე და ვკითხე:
- რა საქმეს ასრულებთ სამკურნალოში?
- აგენტი გახლავართ.
- კეთილი. ახლა კი ამ თათარს თავი დაანებეთ და მიბრძანდით. - ყაშა ლაზარემ მაშადი
ჰასანს მძულვარებით გახედა, ჯოხით დაემუქრა, მერმე ანაფორა აიკრიფა, ამოიხვნეშა და
გესლიანი მუქარით წავიდა.
- დამაცადე, შე უწმინდურო, შენა! განანებ, ხვალვე განანებ, შე წუნკალო, შე წუწკო! -
ლამბალო! - ყუმბარასავით მიახალა ჰასანმა ასურელ ყაშას და მხიარულად გადაიკისკისა.
ეხლაღა გამახსენდა წითელი ჯვრის მთავარი რწმუნებული გოლუბევის სიტყვები, რომელმაც
წამოსვლის დღეს მითხრა: - ურმიის სამკურნალოს გამგე იქაურ ხელისუფლებას ვერ
მოურიგდა, ჩვენი ეპისკოპოსის პავლეს გული ვერ მოინადირა, იმ ექიმის მაგივრად თქვენ
გგზავნით და გთხოვთ ისე წაიყვანოთ საქმე, რომ ჩვენი ხელისუფალნიც და სპარსელებიც
მოიმადლიეროთ. ნურაფერს მოერიდებით, დაურიგეთ, რაც გექნებათ: შედედებული რძე ღვინო
კონიაკი და... ერთი სიტყვით, თქვენი თავაზიანობის იმედი მექნება. უფრო ჩვენს
მართლმადიდებელ მისიას მიეშველეთ. ისინი ათასობით ინახავენ ლტოლვილ სომხებს და
სურელებს.
ჰო, მართლა: სამკურნალოში ვიღაც მღვდელი მსახურობს. მათი უსამღვდელოესება პავლე
მწერს: უპატიოსნესი ადამიანია, წმინდანია, თავმდაბალი, მშრომელი და ჩვენი ერთგულიო.
სამკურნალოს გამგე იმ ღვთისნიერს თურმე ძალიან აწუხებს. გთხოვთ იმ მღვდელს
მფარველობა გაუწიოთ... ძალიან მასიამოვნებთ. მაშ თქვენი იმედით ვიქნები. გზა
მშვიდობისა! ღმერთმა ხელი მოგემართოთ. ღმერთმა თუ სხვა ვინმემ მართლა ხელი
მომიმართა და ის "ღვთისნიერი ყაშა‘‘ პირველივე დღეს წინ დამახვედრა.