მარადიული პეიზაჟი
ინანიშვილი რეზო
მარადიული პეიზაჟი
სულ იქით ცა არის, შემოდგომის, ლურჯადმიყუჩებული ცა. მის წინ - შემრეშილტყიანი
გრძლადწასული გორა. გორის წინ - სანთლებივით სწორად ასული ალვები, ალვების წინ -
მსუბუქად გაფენილი ყვითელი სიმინდები (ჯაფარა მიფრინავს იმ მსუბუქ სიყვითლეში),
სიმინდების წინ - ძეძვის მუქი ღობე, ღობესთან - შავადაგრაგნილი ტოტებშეკაფული მუხა
(ნაკაფზე ფუნჯებად ამოჰყრია წვრილი ყლორტები), მუხასთან - გრძელი საცალფეხო ხიდი,
ოქროსფრად მოციმციმე წყალი, ხიდზე გამოდის წელში მოხრილი თითქმის მუხლებამდე
ცხვირმიტანილი შავი დედაბერი, ზურგზე ჰკიდია პირთამდე სავსე ტომარა, ფეხის წვერები
ერთმანეთის მიყოლებით მოიწევენ ჩემსკენ.
* * * * * * *
ვერ ვცნობ და მაინც:
დედაჩემს იმ სავსე ტომრით დარდი მოაქვს ჩემთან.