წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი

კაჭარავა ელზა

წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი

წყარო: კაჭარავა, ელზა ქართული ენა და ლიტერატურა : [ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე, წაკითხულის გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი] / ელზა კაჭარავა ; [რედ.: დ. კვანჭიანი, თ. ცხადაია]. - თბ. : მერიდიანი, 2017. - 182 გვ.

წაიკითხეთ ოთარ ჭილაძის პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში!

ამერიკელი ჯარისკაცი კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში აგდია პირქვე. ჯერ არ შემწყდარა ექო სროლისა და ირევიან ცაში ჩიტები, მავთულებიდან აფრენილები. ამერიკელი კარისკაცებიც და პანამელი პატრიოტებიც დაბნეულები არიან ოდნავ, მაგრამ ყველანი გრძნობენ გუმანით, რომ დიდი ამბის გახდნენ მოწმენი. მზეზე ბრჭყვიალებს პანამის არხი, არხზე _ ბუქსირი, ხოლო ნაპირთან დგანან პალმები და ამწეები.

მე მარცვალი ვარ, ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი და ღმერთმა იცის, რა მელოდება: ჩიტის ჩიჩახვი თუ ქვის საწოლი, ეკალბარდები თუ თბილი ხნული. მე არ მეგონა, თუ ასე ძნელი იყო სიკვდილი. სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია. ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს. არა სხეულის, არამედ სულის საჭურისობას ნიშნავს მონობა და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც... ბედნიერია ყოველი თვალი, თუკი სიმართლეს უყურებს იგი. მე ასე მჯერა და ჩემი სული ნათდება, როგორც მინდვრის ნაწილი მაშხალის შუქზე. მაგრამ მთავარი წყვდიადში რჩება, რადგან იმ მინდორს არც საწყისი აქვს, არც დასასრული.

ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებს და დამსჯელებს შორის. ახლა ჩემს ტანში სხედან ტყვიები, როგორც მხეცები ღრმა სოროებში. და თუ ქვეყანას მართლა მოაკლდა ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი, მე კმაყოფილი ვიქნები ამით. მაგრამ არ მინდა და არც მგონია, რომ ჩაეტიოს გაზეთის სვეტში ჩემი ვნებები და სურვილები. ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია, ხოლო გაზეთი ადვილად კვდება, როგორც ფრინველი

სამარადისოდ მოვწყდი ქვეყანას, რადგან სამხედრო წესდების მუხლებს მთლად ვერ დაემთხვა ჩემი სურვილი. ვერც ამ მუნდირმა ვერ გამიდევნა მარადიული ეჭვი და შიში...

ბევრი კანონი არსებობს ქვეყნად, მაგრამ მე მწამდა ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის. მაინც ყველასთვის უცხო ვარ ახლა. ამხანაგებმა დამცხრილეს ტყვიით, ხოლო საბრალო დემონსტრანტებში ჯერ არ ჩამქრალა ეჭვი და შიში. არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები. არ შეიძლება, რომ უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი. მაგრამ თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, როგორ დაიცავს სიმართლეს სუსტი

იმ დღეს ურემი მოჰყავდა გოგოს. მე გზასთან ვიდექ და ვუყურებდი. ის კი თავისთვის ფიქრობდა ალბათ და მოდიოდა შარაგზის მტვერში. სინათლეს ფენდა მშობლიურ ბორცვებს სიცოცხლით სავსე მისი სხეული. მკერდით მოჰქონდა მინდვრის სურნელი. თმებში ჩაწვნოდა თივის ბულული.

ის მიდიოდა შარაგზის მტვერში და როცა იგრძნო ჩემი თვალები, შეშფოთდა, როგორც სუსტი ცხოველი და არა ქალი... რადგან მე მხოლოდ მკაცრი მუნდირი ვიყავი მისთვის. არ ეშინია ქალს მამაკაცის, მოსაჩვენებლად შეკრთება ხოლმე. მე შემეჯავრა ჩემი მუნდირიც და ავტომატიც. და მთელი ღამე საწოლში ვიჯექ ბნელში ბუსავით. ირგვლივ ხვრინავდნენ ამხანაგები და გულზე ყველას ეჯდა კოშმარი

თანდათან ძალას იკრეფდა ქარი, თამამდებოდა და კარვებს შორის დააგორებდა ვეება მთვარეს... მთვარე კი მართლა იყო გაზრდილი უაზრო სევდით და სიმარტოვით და გულუბრყვილო კაცის ფიქრებით. ჩემი ფიქრებიც მთვარეზე ავლენ, რადგან მთვარეზე ადის ყოველი, რასაც მიწაზე არ ჰყავს გამგები

მე მთელი ღამე ვიჯექი ასე. არ მომეკარა არაფრით ძილი. მაგრამ სულ თვალწინ მედგა ქალაქი, ჩემი გამჩენი და გამკითხავი... ხან მომეჩვენა, რომ ის ქალაქი ნელა ქრებოდა სილის ბორცვივით... ხან კი ვიღაცა იპყრობდა ქალაქს. მე კი ვიცავდი და ავტომატიც მჭახედ მღეროდა, რომ იმ სიმღერით ჩაეკლა ჩემში სიკვდილის შიში. მე კი სრულებით არ მეშინოდა, რადგან სიკვდილი მერჩია მაინც მონობის უღელს და ჩემი გულიც აფეთქდებოდა დინამიტივით, თუ ვერაფერს ვერ ვიღონებდი.

ხოლო ის გოგო, იმ დღეს რომ ვნახე, ჩემ გვერდით იდგა და მიყურებდა აღტაცებული და ბედნიერი. ასე თანდათან გავიდა ღამე, უკანასკნელი და უცნაური. მე ჯერ მინდოდა, რომ მესარგებლა ღამის წყვდიადით და დემონსტრანტებს შევერთებოდი და ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის, როგორც ნიშანი პატივისცემის და ერთგულების.

მე წასვლა მსურდა, მაგრამ გუშაგი სიგარეტს წევდა და სიგარეტის წითელი თვალი გზას მიკეტავდა. ხოლო ჯარისკაცს, რომელიც ბანაკს ტოვებს თავისით, გუშაგის ტყვია ელის კეფაში...ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი. თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი. და რატომ კვდება ადამიანი, თუ დამტკიცება უნდა სიმართლის. რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით... ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი. და გადის მისი მოკლე ცხოვრება შიშში,

 

) წაკითხულის გააზრება

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რა ფუნქცია აკისრია პირველ აბზაცს?
ა) პანამის ლამაზი ბუნების მიმართ სიყვარულის გამოხატვა.
ბ) ჯარისკაცის მიმართ პოეტის პატივისცემის ჩვენება.
გ) ჯარისკაცის სიკვდილით გამოწვეული ტრაგიკული განცდის გაძლიერება.
დ) ჯარისკაცის სიკვდილის ჩვეულებრივ ფაქტად ჩვენება.

2. რისი თქმა სურს ლირიკულ გმირს სიტყვებით: „ჩემი სხეული სისხლის გუბეზე ხიდივითაა გადამხობილი დასასჯელებს და დამსჯელებს შორის"?
ა) ჯარისკაცის თავგანწირვამ უნდა დაამარცხოს დამსჯელები.
ბ) ჯარისკაცის თავგანწირვამ უნდა გააერთიანოს მოწინააღმდეგეები.
გ) ჯარისკაცის თავგანწირვა ვერაფერს შეცვლის.
დ) ჯარისკაცის თავგანწირვა პატრიოტებს ეჭვსა და შიშს გაუქრობს.

3. რის გამოსახატავად დასჭირდა ავტორს სიტყვები: „გულზე ყველას ეჯდა კოშმარი"?
ა) ჯარისკაცების ქვეცნობიერი შფოთვის გამოსახატავად.
ბ) ამერიკელი ჯარისკაცის სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად.
გ) ჯარისკაცისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად.
დ) მოსალოდნელი ტრაგედიის წინათგრძნობის გამოსახატავად.

4. რა მხატვრული საშუალებაა: „ქარი... კარვებს შორის დააგორებდა ვეება მთვარეს"?
ა) ეპითეტი. ბ) მეტაფორა. გ) შედარება. დ) ჰიპერბოლა.

5. რატომ ამბობს ლირიკული გმირი: „მე მხოლოდ მკაცრი მუნდირი ვიყავი მისთვის"?
ა) რადგანაც პანამელმა ქალმა გულგრილად ჩაუარა.
ბ) რადგანაც პანამელი ქალი აღტაცებული და ბედნიერია.
გ) რადგანაც პანამელ ქალს შეეშინდა ჯარისკაცის.
დ) რადგანაც პანამელი ქალი ლამაზი და სიცოცხლით სავსეა.

6. როგორ გესმით: „ხოლო სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს"?
ა) პატრიოტს სამშობლო საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდეს.
ბ) პატრიოტიზმი სულიერ თავისუფლებას გულისხმობს.
გ) პატრიოტიზმი პირადი თავისუფლების დაკარგვას გულისხმობს.
დ) პატრიოტმა თავისი სიცოცხლე მამულს უნდა შესწიროს.

7. ადამიანის რა თვისება ჩანს სიტყვებში: „რატომ ვერ ძღება ყველას სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით"?
ა) მოხერხებულობა. ბ) ამპარტავნობა. გ) გაიძვერობა. დ) სიხარბე.

8. რომელ ფრაზაშია გამოვლენილი ადამიანისთვის დამახასიათებელი შურის გრძნობა?
ა) ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია. მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი.
ბ) და რატომ კვდება ადამიანი, თუ დამტკიცება უნდა სიმართლის.
გ) შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, მე თუ რაღაცით ვარ ბედნიერი.
დ) თუ სიკეთეა სულის საწყისი, ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი.

9. რისი თქმა სურს ლირიკულ გმირს სიტყვებით: „ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია"?
ა) ჯარისკაცის სიკვდილი ოჯახისთვის გაღებული მსხვერპლია.
ბ) ჯარისკაცის სიკვდილი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლია.
გ) ჯარისკაცი მძიმე და უსამართლო ცხოვრებით იყო დაღლილი.
დ) ჯარისკაცის სიკვდილი სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლია.

10. რომელია შედარება?
ა) მკერდით მოჰქონდა მინდვრის სურნელი.
ბ) ამ შეჯახებას მოსდევს ქუხილი.
გ) ჩემი გულიც აფეთქდებოდა დინამიტივით.
დ) მთვარე კი მართლა იყო გაზრდილი უაზრო სევდით.

11. რა იგულისხმება სიტყვებში: „მინდოდა... ჩემი სისხლი მიმეცა მათთვის"?
ა) ჯარისკაცის თავგანწირვა შეუგნებელია.
ბ) ჯარისკაცი ენდობა პანამელ პატრიოტებს.
გ) ჯარისკაცი პანამელ პატრიოტებს მაგალითს აძლევს.
დ) ჯარისკაცი შეგნებულად წირავს სიცოცხლეს.

12. რა იგულისხმება სიტყვებში: „მაგრამ ჩემსავით ბევრს ჩაუყლაპავს ბოლო ცრემლები: სიმწრის, სიბრაზის და სინანულის"?
ა) ადამიანებს მუდამ თან სდევთ სინანულის განცდა.
ბ) ადამიანები მუდამ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.
გ) ადამიანები სიკვდილის წინ შიშს გრძნობენ.
დ) ადამიანების ბრძოლა თავისუფლებისთვის უშედეგოა.

13. რას გულისხმობს ლირიკული გმირი სიტყვებში: „რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც"?
ა) ლირიკული გმირისთვის სიკვდილი გადარჩენაა.
ბ) ლირიკული გმირის თავგანწირვა ამაოდ არ ჩაივლის.
გ) ლირიკულ გმირს სიკვდილის არ ეშინია.
დ) ლირიკული გმირისთვის მთავარი თავგანწირვაა.

14. პოეტის რა განწყობილება ჩანს ბოლო აბზაცში?
ა) პატრიოტული. ბ) საზეიმო. გ) იმედიანი. დ) ნიჰილისტური.

15. რის იმედს გვაძლევს პოეტი სიტყვებით: „და როგორც ბროლის მაღალ ტაძარში, მთელი ქვეყანა შედის წვიმაში"?
ა) ჯარისკაცის სულის ხსნის.
ბ) პატრიოტების გადარჩენის.
გ) სამყაროს ხსნის, განახლების.
დ) უფლის შემწყნარებლობის.


ბ) წერითი დავალება (25 ქულა)

გააანალიზეთ მოცემული ტექსტი შემდეგი მითითებების მიხედვით:
იმსჯელეთ, რა პრობლემებს სვამს ავტორი მოცემულ ტექსტში;
იმსჯელეთ, რა არის ტექსტის მთავარი სათქმელი და რა მხატვრული საშუალებებითაა იგი რეალიზებული;
ჩამოაყალიბეთ თქვენი დამოკიდებულება მოცემულ ტექსტში წამოჭრილი პრობლემების მიმართ.
თქვენი თვალსაზრისი დაასაბუთეთ!

 

პასუხები:

 1) გ.  2) ბ.  3) ა.  4) ბ.  5) გ.  6) ბ. 7) დ.  8) გ.  9) ბ.  10) გ.  11) დ.  12) ბ.  13) ბ.  14)გ.  15)გ.