დ დასვენების უფლება (Right to Rest and Leisure) -
ყველა ბავშვს აქვს დასვენების
უფლება, მათ შორის უფლება, მონაწილეობდეს თამაშებსა და გასართობ ღონისძიებებში,
რომლებიც შეესაბამება მის ასაკს და თავისუფლად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს
პატივი სცენ და ხელი შეუწყონ ბავშვის უფლებას, ყოველმხრივ მონაწილეობდეს კულტურულ
და შემოქმედებით ცხოვრებაში, აგრეთვე, მათ მიეცეთ თანასწორი შესაძლებლობანი
კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობისა და დასვენებისათვის.
დაცვა (Protection) - დაცვის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების დაცვა
ადამიანის უფლებების დარღვევისგან. დაცვის განხორციელებისას, მხედველობაში უნდა
იქნას მიღებული პირადი განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაშაულის
განმეორება, ხელი შეეწყოს რეაბილიტაციასა და ბავშვის საზოგადოებაში დაბრუნებას.
დასჯის სხვა მიუღებელი ფორმები (Other Unacceptable Forms of Punishment) -
საერთაშორისო სამართალში ზოგადი მოთხოვნა არსებობს, რომლის თანახმად, ბავშვები
არასდროს არ შეიძლება დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ
მოპყრობასა ან სასჯელს. სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის მრავალი
ფორმა არსებობს.
ბავშვებისთვის თავისუფლების სამუდამო აღკვეთა მძიმე სასჯელს უტოლდება და
შესაბამისად, საერთაშორისო სამართალი მას კრძალავს. „ბავშვის უფლებების შესახებ“
კონვენციის დებულება ნათლად ადგენს, რომ ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ
„სამუდამო პატიმრობა გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე არ იყოს გამოყენებული იმ
პირთა მიმართ, რომლებმაც დანაშაული 18 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაიდინეს“.
სამწუხაროდ, ეს აკრძალვა სამუდამო პატიმრობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, როდესაც
თავისუფლების უვადო აღკვეთას გათავისუფლების შესაძლებლობა არ ახლავს. ბავშის
უფლებათა კომიტეტი №12 ზოგად კომენტარში მიუთითებს, რომ ბავშვების მიმართ
გამოყენებულ ნებისმიერ სასჯელში გათავისუფლების შესაძლებლობა რეალური უნდა იყოს და
რეგულარულად უნდა განიხილებოდეს. ამ თვალსაზრისით, ბავშვის უფლებათა კომიტეტი
ბავშვის უფლებების კონვენციის 25-ე მუხლს ეყრდნობა, რომელიც აღიარებს მოვლის მიზნით
სამეურვეოდ, დასაცავად ან სამკურნალოდ გამწესებული ყველა ბავშვის უფლებას,
პერიოდულად ხდებოდეს მათი მდგომარეობის შეფასება. ბავშვის უფლებათა კომიტეტი
კონვენციის იმ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც ბავშვებს გათვისუფლების ან პირობით
ვადამდე ადრე გათავისუფლების პირობით თავისუფლების უვადო აღკვეთას უსჯიან,
შეახსენებს, რომ სასჯელი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლის
პირველ პუნქტში გათვალისწინებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზანს სრულად
უნდა შეესაბამებოდეს და მისი განხორციელებისკენ უნდა მიისწრაფოდეს.
ბავშვის უფლებათა კომიტეტმა №8 ზოგად კომენტარში, რომელიც ბავშვის ფიზიკური დასჯისა
და სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმით დასჯისგან დაცვის უფლებას შეეხება,
აღნიშნა შემდეგი:
„ფიზიკური დასჯა და სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმით დასჯა ძალადობის ფორმებია
და სახელმწიფომ მათ აღმოსაფხვრელად ყველა შესაბამისი საკანონმდებლო,
ადამინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება უნდა განახორციელოს.
აქვე აღნიშნულია შემდეგი: „ფიზიკური დასჯა ადამიანის უფლებების საყოველთაო
დეკლარაციის პრეამბულასა და ორივე პაქტში განმტკიცებული ადამიანის უფლებების
საერთაშორისო სამართლის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპს - პიროვნების ღირსებას არ
შეესაბამება“. არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას ან სახელმწიფოს ზედამხედველობის
ქვეშ მყოფ დაწესებულებას, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ან დაკავებულნი არიან,
ბავშვების ფიზიკური დასჯის უფლება არ აქვს, რადგან ეს წამების, არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ზოგად აკრძალვაში შედის.
ფიზიკური დასჯა და სასჯელის სხვა სასტიკი ან დამამცირებელი ფორმები ძალადობის
ფორმებს წარმოადგენენ. ბავშვის უფლებების კომიტეტის №8 ზოგადი კომენტარი ფიზიკურ
დასჯას სასჯელის სასტიკ და დამამცირებელ ფორმად კომენტარის სათაურშივე ნათლად
წარმოაჩენს. ზოგადი კომენტარის თანახმად,
„ოჯახში, სკოლებსა და სხვა გარემოში ბავშვთა ფიზიკური დასჯის ფართოდ გავრცელებული
აღიარებისა ან შეწყნარების საკითხის მოგვარება არა მხოლოდ ვალდებულებაა“, არამედ
ასევე „საზოგადოებებში ყველა ფორმის ძალადობის შემცირებისა და თავიდან არიდების
ძირითადი სტრატეგიაა“. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-19 მუხლი
სახელმწიფოებისგან მოითხოვს „ყველა აუცილებელი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული,
სოციალური და საგანმანათლებლო ზომის მიღებას იმ მიზნით, რომ ბავშვი დაიცვან
მშობლების, კანონიერი მეურვეებისა ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის
მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა
თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისგან,
უხეში მოქცევისა თუ ექსპლოატაციისგან სექსუალური შეურაცხყოფის ჩათვლით“. ამდენად,
სახელმწიფოებს მოეთხოვებათ განახორციელონ ყველა სათანადო საკანონმდებლო,
ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ღონისძიება ძალადობის, მათ შორის
ბავშვების ფიზიკური დასჯის აღმოსაფხვრელად. დახმარების უფლება (Right to Care) - „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე
მუხლი მოითხოვს სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ გონებრივად ან ფიზიკური
შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე ბავშვი სარგებლობდეს სრული და ღირსეული ცხოვრების
პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, საკუთარი თავის რწმენას და
საზოგადოებაში ბავშვის აქტიურ მონაწილეობას. სახელმწიფოებმა უნდა აღიარონ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის განსაკუთრებული ზრუნვის უფლება და უზრუნველყონ:
ა) ბავშვის მდგომარეობასა და მშობლების გარემოებებთან მისადაგებული საჭირო
დახმარება; ბ) განათლების, ჯანდაცვის და სარეაბილიტაციო მომსახურების
ხელმისაწვდომობა, დასაქმებისთვის მზადება, დასვენების შესაძლებლობები; გ) კულტურული
და სულიერი განვითარების ხელმისაწვდომობა.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 23.5 მუხლი
არეგულირებს დახმარების უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, კონვენცია
მოუწოდებს სახელმწიფოს, თუ ოჯახი ვერ ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვზე, მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს ალტერნატიული ზრუნვა უფრო დიდი
ოჯახის ფარგლებში და თუ ეს შეუძლებელია, ალტერნატიულ ოჯახურ გარემოში.
ასევე, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო
მომსახურების და პროგრამების ორგანიზება, განმტკიცება და გაფართოება, კერძოდ,
ჯანდაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურება. ეს პროგრამები უნდა
დაიწყოს რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე და უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური
საჭიროებებისა და ძლიერი მხარეების მულტიდისციპლინარულ შეფასებას. სახელმწიფო
ვალდებულია: ა) უზრუნველყოს საზოგადოებაში მონაწილეობა და საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა ასპექტში ჩართულობა; ბ) ხელი შეუწყოს აბილიტაციისა და სარეაბილიტაციო
სამსახურებში მომუშავე პროფესიონალისა და მუშაკთა საწყისი და უწყვეტი განათლების
უზრუნველყოფას; გ) ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მათი
აბილიტაციისა და რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი დამხმარე საშუალებებისა და
ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, ცოდნას და გამოყენებას (მუხლი 26). ამასთან,
სახელმწიფო ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს
ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით და სოციალური დაცვით, უზრუნველყოფს რა: ა) სუფთა
წყლის, მოწყობილობების და შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული საჭიროებების და
სხვა სახის დახმარების ხელმისაწვდომობას; ბ) სოციალური დაცვის, სიღარიბის დაძლევის
პროგრამების ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონებისთვის; გ)
შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ხარჯების, სწავლების, კონსულტაციის,
ფინანსური დახმარების და ზრუნვის ხელმისაწვდომობას. დევიაციური ქცევა (Deviative Behavior) – ქცევა, რომელიც არღვევს სოციალური ქცევის
ნორმებს და მიღებულ წესებს. დევიაციურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც
ტრადიციების დარღვევა, ისე ნებისმიერი დანაშაული: ძარცვა, ქურდობა, გაუპატიურება,
მკვლელობა და ა. შ. დევიაციური ქცევისას, მოზარდებს ახასიათებთ ნეგატივიზმი,
რისკისკენ სწრაფვა, ფსიქიკური რიგიდულობა, ქცევის არაპროგნოზირება, მომატებული
აგრესიულობა, მომატებული აღგზნებადობა, მძაფრი შთაბეჭდილებების მიღების
მოთხოვნილება. დემენცია (Demention) - კოგნიტური ფუნქციების დეგრადირება ანუ აზროვნების უნარის
დაქვეითება და შემდგომში მოშლა. ამ დროს ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ
ქმედებას. დემენციის მქონე ადამიანებს ახასიათებთ აგრესია, მაგრამ ისინი ვერ
აცნობიერებენ თავიანთი ქმედების მართებულობას. დემენცია ძირითადად, ასაკობრივი
დაავადებაა.
დელინკვენტობა (Delinquency) - ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ან
ანტისოციალური ქმედება თუ ქცევა. ტერმინის ნეგატიური კონოტაციის გამო და ვინაიდან
იგი იწვევს ბავშვის სტიგმატიზაციას, არასრულწლოვანებთან დაკავშირებით აღნიშნული
ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებენ. დელინკვენტური ქცევის ნიმუშად გამოდგება,
როგორც მაღაზიის გაქურდვის ფაქტი, ისე საკრედიტო ბარათზე შესატანი თანხის
დაგვიანებით შეტანა. დესტრუქციული ქცევა (Destructive Behavior) -
გულისხმობს ნივთების ან გარემოს
განადგურებას, აგრეთვე სხვა ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზიანის
მიყენებას. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს შიში, ბრაზი, შფოთვა და ა. შ.
დისკრიმინაცია (Discrimination) - ადამიანის უფლებათა შეზღუდვა ან შელახვა
სოციალური, რასობრივი, ეროვნული, ენობრივი, სქესობრივი კუთვნილების, პოლიტიკური,
რელიგიური ან სხვაგვარი მდგომარეობის მიხედვით და გვევლინება ინდივიდთა
თანასწორობის უარყოფად, რაც შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს
ძირითად პრინციპებთან. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლით
უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობის უფლება. კონვენცია სახელმწიფოებისგან
მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი
თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის
გამოსწორების მიზნით სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების
გატარებაც. დამატებით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“
კონვენციის მე-5 მუხლი მოუწოდებს სახელმწიფოებს აკრძალონ შეზღუდული შესაძლებლობების
საფუძველზე ნებისმიერი დისკრიმინაცია და უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა თანაბარი და ეფექტური სამართლებრივი დაცვა ნებისმიერი დისკრიმინაციისგან.
თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, კონვენცია
ავალდებულებს სახელმწიფოებს, მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, რათა უზრუნველყონ
გონივრული მისდაგების გათვალისწინება. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონი (მუხლი 13) კრძალავს დისკრიმინაციას სასწავლო პროცესში.
დიფუზური იდენტობა (Diffusion Identity) - გაურკვეველი, ბუნდოვანი და არამდგრადი
წარმოდგენა საკუთარ თავზე.