ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ე

ევროკავშირი (EU) - ევროპის კავშირი (გაერთიანება), რომელიც შედგება სამი ორგანიზაციისაგან, ესენია: ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება, ევროპის ეკონომიკური გაერთიანება და ევროპის ატომური ენერგიის კომისია (ევრატომი). 1957 წლის რომის ხელშეკრულებით შეიქმნა „ევროპის გაერთიანება“, სადაც სამივე ორგანიზაცია ავტონომიურობით სარგებლობდა, ხოლო 1967 წლიდან  „ხელშეკრულებით შეწრყმის შესახებ“ შეიქმნა ევროპის გაერთიანების ერთიანი ხელმძღვანელი ორგანოების სისტემა. მომდევნო წლებში ეს ერთიანობა უფრო გაძლიერდა. 1991 წლის 11 დეკემბერს, ქ. მაასტრიხტში (ნიდერლანდი) დაიდო ხელშეკრულება „პოლიტიკური კავშირების შესახებ“, რომელიც აძლიერებს ევროკავშირის საქმიანობას საერთაშორისო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უშიშროების სფეროში. ეს ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1993 წელს. 1997 წლის ივნისში, ხელი მოეწერა მაასტრიხტის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას, რამაც საგრძნობლად გააძლიერა ევროკავშირის ერთიანობა საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის უზენაეს წარმომადგენლად. მაასტრიხტის შემდეგ, ევროგაერთიანება ევროპის კავშირის სახით გვევლინება.

ევროკავშირის ძირითადი ორგანოებია: კომისია, ევროპარლამენტი და მინისტრთა საბჭო.

ევროკავშირის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია, რომელიც მიღებულ იქნა 2000 წელს, ნიცის სამიტზე (მუხლები 24 და 31), ითვალისწინებს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულებისას, დაიცვან ბავშვთა უფლებები.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციებითა და ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაციის ფარგლებში ფუნქციონირებს „უფლებების, თანასწორობისა და მოქალაქეობის“ პროგრამა (20142020), რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და მათი უფლებების განმტკიცება.

ევროპის საბჭო (Council of Europe) - შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს, ლონდონში, დასავლეთი ევროპის ათი სახელმწიფოს (ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი და შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ამ ორგანიზაციის წესდებაზე ხელმოწერის შედეგად. 1949-1970 წლებში, ორგანიზაციაში გაწევრიანდა დასავლეთი ევროპის კიდევ 8 სახელმწიფო. 1990 წლამდე ევროპის საბჭო დასავლეთი ევროპის სახელმწიფოთა გაერთიანებად რჩებოდა. 1989 წელს, მან შემოიღო ქვეყნებისათვის სპეციალური სტუმრის სტატუსის მინიჭების ინსტიტუტი, რითაც ხელი შეუწყო ამ ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობის დამყარებას.

ევროპის საბჭო არის საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია, რომლის მიზანია: ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; ევროპული კულტურის თვითმყოფადობის აღქმისა და განვითარებისათვის ხელშეწყობა; ევროპის თანამეგობრობის წინაშე მდგარი პრობლემების (ეროვნული უმცირესობის დაცვა, ბრძოლა ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის, გარემოს დაუცველობის, ადამიანის კლონირების, შიდსის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და ა. შ.) გადაწყვეტის ერთობლივი გზების ძიება; პოლიტიკური, საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერის გზით, ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცება. ორგანიზაცია განიხილავს ევროპის თანამეგობრობის ყველა უმნიშნველოვანეს საკითხს, გარდა თავდაცვის საკითხებისა. მისი მოქმედების პროგრამა მოიცავს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლებრივ დარგში, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემოს დაცვა და რეგიონული დაგეგმარება.

ევროპის საბჭოს ფარგლებში შემუშავებულია  „ბავშვთა უფლებების შესახებ“ სტრატეგია (2016-2021). დოკუმენტი განსაზღვრავს ბავშვთა უფლებების გარანტირებისთვის გასატარებელ ღონისძიებებს ორგანიზაციის მიერ დასახული შემდეგი ხუთი პრიორიტეტული სფეროს მიხედვით: 1. თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისთვის, 2. ყველა ბავშვის ჩართულობა; 3. ძალადობისგან თავისუფალი სიცოცხლე ყველა ბავშვისთვის; 4. ბავშვთა მიმართ კეთილგანწყობილი მართლმსაჯულების სისტემა ყველა ბავშვისთვის და 5. ბავშვის უფლებები ციფრულ გარემოში.

ელექტრონულად დამუშავებული მასალები ბავშვის სექსუალური ძალადობის შესახებ (Computer/Digitally Generated Child Sexual Abuse Material) - ელექტრონულად დამუშავებული მასალები ბავშვის სექსუალური ძალადობის შესახებ იქმნება მთლიანად ან ნაწილობრივ ხელოვნურად, ციფრული მედიის საშუალებით. სურათის დამუშავების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, აღიქმება, რომ ბავშვი სექსუალურ მოქმედებებში ნამდვილად არის ჩართული. მსგავსი სტილის მასალას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბავშვის ვირტუალურ პორნოგრაფიას“ ან „ბავშვის ფსევდოპორნოგრაფიას“. აღნიშნული მასალები ექცევა ბუდაპეშტის კონვენციის (მუხლი 9 (2) (ც) და ევროკავშირის 2011/93 დირექტივის (მუხლი 2 (ც) (IV)) ფარგლებში და სამართლებრივ დოკუმენტებში გვხვდება, როგორც „ბავშვის სექსუალურ მოქმედებებში ჩართულობის ამსახველი რეალისტური სურათი“. ელექტრონულად დამუშავებული მასალები ბავშვის სექსუალური ძალადობის შესახებ მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, ფსევდოფოტოებით, მსახიობი-კომიკოსებით, ნახაზებით და ანიმაციებით, სადაც ასახულია ვირტუალურად სექსუალურ მოქმედებებში ჩართული ბავშვები. პრეფიქსის მიუხედავად, ტერმინში „ელექტრონულად დამუშავებული“ მოიაზრება ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ხელოვნურად შექმნა, როგორც ციფრული მოწყობილობის მეშვეობით, აგრეთვე, ნახატის ხელით შესრულება. „ფსევდოფოტო“ არის სურათი, რომელიც შექმნილია კომპიუტერული გრაფიკით ან სხვაგვარად, რომელიც აღიქმება, როგორც ფოტო. მსგავსი ფოტოები, რომელსაც ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც „ამორფული~ ან “გაბინდული“ ფოტოები, ხშირ შემთხვევაში, აერთიანებს რამდენიმე ფოტოს (უმეტესწილად, ბავშვების და მოზარდების), რომ შეიქმნას ინდივიდუალური გამოსახულება. ვიდრე კომპიუტერის მეშვეობით ფოტოების ცვლილების აპლიკაცია გახდებოდა ხელმისაწვდომი, დამნაშავეები მექანიკურად სხვა მოზარდის ან ბავშვის სხეულის ამსახველ სურათზე ათავსებდნენ სულ სხვა ბავშვის თავის გამოსახულებას.

არსებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი სახის მასალებში სრულწლოვნები ჩაწერისას ან ფოტოს გადაღებისას, პოზირებენ ბავშვურ სტილში, რომ მოირგონ ახალგაზრდული გამომეტყველება. აღნიშნულს მოიხსენიებენ, როგორც „ფსევდოინფანტილური ფოტო“ ან „სტიმულირებული ფოტო“. იმისდა მიუხედავად, რომ საერთაშორისო სამართალი ცალსახად არ ეხება აღნიშნულ საკითხს, ბუდაპეშტის კონვენცია და ევროკავშირის 2001/93 დირექტივა ნათლად მოიცავს „ბავშვთა პორნოგრაფიის“ დეფიცინიაში „პირს, რომელიც წარმოსდგება, როგორც არასრულწლოვანი“. ბავშვის სექსუალური ძალადობის ამსახველი ელექტრონულად დამუშავებული მასალები გარდაუვლად არ ითხოვს ბავშვისთვის პირდაპირი ფიზიკური ზიანის მიყენებას მასალის შექმნის პროცესში, თუმცა, მაინც საფრთხის შემცველია, რადგან (ი) ის გამოიყენება ექსპლოატაციის მიზნით, ბავშვის გასარყვნელად; (იი) ის აღვივებს რეალურ ფანტაზიებს, ზრდის მიდრეკილებას სექსუალურ მოძალადეში და ხელს უწყობს ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალებით ვაჭრობას; (იიი) ყალიბდება ბავშვთა სექსუალური ძალადობის მიმართ შემწყნარებლური კულტურა და გარკვეულწილად, მოთხოვნაც.

ეკონომიკური ძალადობა (Economic Violence) - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

ეკონომიკური ექსპლოატაციისგან დაცვის უფლება (Right to be Protected from Economic Exploitation) - ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ეკონომიკური ექსპლოატაციისგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, ამ მიზნით მონაწილე სახელმწიფოებმა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად უნდა უზრუნველყონ საკანონმდებლო და სოციალური ღონისძიებების გატარება აგრეთვე, განათლების სფეროში. კერძოდ, სახელმწიფოებმა უნდა:

ა) დაადგინონ მინიმალური ასაკი სამუშაოზე მიღებისათვის; ბ) საჭირო მოთხოვნები, სამუშაო დღის ხანგრძლივობა და შრომის პირობები; გ) გაითვალისწინონ შესაბამისი სახის სასჯელი ან სხვა სანქციები ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ემოციური ინტელექტი (Emotional Intelligence) - საკუთარი ემოციების აღქმის, ამოცნობის, გაანალიზების ადეკვატურად გამოხატვის და მართვის უნარი, ისევე როგორც სხვათა ემოციების ამოცნობის, აღქმის, გაანალიზების და მათზე გავლენის მოხდენის უნარი.

ემპათია (Empathy) - მეორე ადამიანის გაგების და მისთვის თანაგრძნობის გამოხატვის გამოცდილება. ეს არის ადამიანის უნარი - „ჩაძვრეს სხვის ტყავში“ და განიცადოს და გაითავისოს სხვისი პრობლემა. ემპათიის უნარი ადამიანს უყალიბებს და უვითარებს პროსოციალურ ქცევას და სხვისი დახმარების უნარს. მეცნიერული კვლევის შედეგად აღმოჩენილია ე. წ. „სარკისებური ნეირონები“, რომელთა დახმარებითაც ადამიანი სხვის ემოციაზე ახდენს რეაგირებას.

ემპათიური მოსმენა (Empathetic Hearing) - ე. წ. აქტიური მოსმენა, როდესაც თანაუგრძნობ მოსაუბრეს, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ნდობის ჩამოყალიბებას.

ეუთო (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია OSCE) – უსაფრთხოების რეგიონული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრია 57 სახელმწიფო. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად, ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგი, ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. 1975 წლის 5 აგვისტოს, ჰელსინკის დასკვნით თათბირზე, აქტს ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. თუმცა, ეს აქტი არ არის საერთაშორისო ხელშერულება, იგი უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა „ცივი ომით“ გამოწვეული დაძაბულობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. 1990 წლამდე, ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი). პარიზის 1990 წლის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, ეუთო ახალ კურსს დაადგა.  „პარიზის ქარტიაში ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ს ძირითად ამოცანებად მიჩნეულ იქნა ევროპაში მიმდინარე ისტორიული გარდაქმის წარმართვისა და „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და მისი მუშაობა უფრო ორგანიზებული გახდა.

ეუთო აფასებს წევრი სახელმწიფოების მიერ ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებს. ორგანიზაციის ანტიტრეფიკინგის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებით ვაჭრობის აღკვეთასა და პრევენციას.

ეფექტური კომუნიკაცია (Effective  Communication) - გულისხმობს მოსაუბრის პატივისცემას, მოსმენის უნარს და მისი ვერბალური (სიტყვიერი) გზავნილის გაგებისა და მოსაუბრის ფსიქოლოგიური განწყობილების მიხვედრა-ამოცნობას, მისი პრობლემების, მისწრაფებების და მოთხოვნილებების სწორად აღქმის უნარს.

ეკონომიკური ექპლოატაციისგან დაცვის უფლება (Right to be Protected from Economic Exploitation) - ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ეკონომიკური ექსპლოატაციისაგან და ნებისმიერი ისეთი სამუშაოსგან, რომელიც შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისათვის ან დაბრკოლებას უქმნიდეს მას განათლების მიღებაში ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას და ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 32-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საკანონმდებლო და სოციალური ღონისძიებები, აგრეთვე ღონისძიებები განათლების სფეროში, რათა უზრუნველყონ ამ უფლების შესრულება. კერძოდ, სახელმწიფოებმა საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, უნდა: ა) დაადგინონ სამუშაოზე მიღებისათვის მინიმალური ასაკი; ბ)დაადგინონ საჭირო მოთხოვნები სამუშაო დღის ხანგრძლივობისა და შრომის პირობების შესახებ და გ) გაითვალისწინონ შესაბამისი სასჯელი ან სხვა სანქციები კონვენციის ამ მუხლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად.

ექსპლუატაციის მიზნით ბავშვის გამოყენება პროსტიტუციაში (Explitation of Children in/for Prostitution) - 21-ე საუკუნეში მიღებულ საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებში, ასევე მასობრივ მედია საშუალებებში ტერმინი „ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია პროსტიტუციისთვის“ ხშირად ეხება „ბავშვთა პროსტიტუციას“. ექსპლოატაციის ამგვარი ფორმა მოიცავს სექსუალური მოქმედების შესრულების სანაცვლოდ, ბავშვისთვის რაიმე საზღაურის (ფულის, თავშესაფრის, საკვების, ნარკოტიკული საშუალებების ან სხვა) შეთავაზებას ან დაპირებას. შესრულების სანაცვლოდ დაპირებული საზღაური შესაძლებელია მიიღოს არა ბავშვმა, არამედ მესამე პირმა. ასევე, არ არის აუცილებელი ის ფაქტიც, მოხდა თუ არა რეალურად დაპირებული საზღაურის გაცემა ან თუ რამდენად აკმაყოფილებდა პირს უბრალოდ დაპირება, რომელიც შეიძლება არც არასდროს შესრულებულიყო.

ზოგადად, ტერმინის - „ბავშვთა პროსტიტუცია“ გამოყენება მას შემდეგ დადგა ეჭვქვეშ, რაც ტერმინს ფართო სადავო ინტერპრეტაცია მიეცა, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს სექსსამუშაოს ლეგიტიმურ ფორმას ან ბავშვი პროსტიტუციაში ერთვება ინფორმირებული თანხმობის შედეგად. აღნიშნული მიზეზით, იმისათვის, რომ ხაზი გაესვას ექსპლოატაციაში ბავშვს, როგორც მსხვერპლს, ტერმინის მცირედ შეცვლამ  „ბავშვთა პროსტიტუცია“ და ახალი ტერმინის შემოღებამ - „პროსტიტუცია ბავშვებით“ შესაძლებელია ხაზი გაუსვას პროსტიტუციაში ბავშვის იძულებით ჩართვას, ვიდრე მის ნებაყოფლობით მონაწილეობას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 34-ე მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს მიიღონ შესაბამისი ზომები „ბავშვის პროსტიტუციაში ექსპლოატაციის“ პრევენციისათვის. თუმცა, აღნიშნული მიდგომა დამატებით განსაზღვრული არ არის.

„ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ 1990 წლის აფრიკული ქარტიის 27-ე მუხლის „ბ“ პარაგრაფი ადგენს წევრი სახელმწიფოების პასუხისმგებლობას, მიიღონ პრევენციული ხასიათის ზომები „ბავშვების პროსტიტუციაში ან სხვა სექსუალურ პრაქტიკაში გამოყენების“  წინააღმდეგ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1999 წლის კონვენციის (C182) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ეხება „ბავშვის გამოყენება, მოსყიდვა ან შეთავაზება პროსტიტუციაში მონაწილეობის მიღების მიზნით“, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმა“.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 2000 წლის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი იყენებს ტერმინს

„ბავშვთა პროსტიტუცია“ და განმარტავს შემდეგნაირად: „[ბ] ბავშვის გამოყენებას სექსუალური ხასიათის ქმედებებში ფულადი ან სხვა სახის ანაზღაურების ფასად“. დამატებით, მე-3 მუხლი (ბ) მოითხოვს წევრმა სახელმწიფოებმა უზრუნველყონ მოქმედი სისხლის სამართალთან შესაბამისობა შემდეგი სახის ქმედებების - „ბავშვის შეთავაზება, მიღება, მიწოდება ან ბავშვებით უზრუნველყოფა პროსტიტუციის მიზნით“.

„სექსუალური ექსპლოატაციისა და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (ლანზაროტეს კონვენცია, 2007) მე-19 (2) მუხლში იყენებს ტერმინს „ბავშვთა პროსტიტუცია“ და განსაზღვრავს როგორც: „ბავშვის სექსუალური ურთიერთობისათვის გამოყენების ფაქტს, როდესაც ამის სანაცვლოდ იძლევიან ან ჰპირდებიან ფულს ან ანაზღაურების სხვა ფორმას ან რაიმე საზღაურს, იმისდა მიუხედავად, ეს გადასახადი, დაპირება ან საზღაური განსაზღვრულია თავად ბავშვისათვის თუ მესამე პირისთვის“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 254) მიხედვით, დასჯადია პირის (მათ შორის, არასრულწლოვნის) დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას.

ექსტრავერსია (Extraversion) - პიროვნების ერთ-ერთი ბაზისური ტიპი. ექსტრავერტირებული პიროვნება ხასიათდება სოციალური კონტაქტების სიყვარულით, გულღიაა, ადვილად ამყარებს ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, ენერგიული, ხალისიანი და საკუთარ თავში დარწმუნებულია