ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ფ

ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისთვის საჭირო ცხოვრების დონე (The Right to every Child to to a standard of living adequate for the Child’s Phyisical, Mental, Spiritual, Moral and Social Development) - „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სახელმწიფოებს კი, აქვთ ვალდებულება, მიმართონ საჭირო ზომებს, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებს და ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატერიალური დახმარება გაუწიონ და ხელი შეუწყონ პროგრამებს, განსაკუთრებით კვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროგრამებს.

დამატებით, სახელმწიფოებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვი მოსავლელად დაუბრუნდეს მშობლებს ან ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელ სხვა პირებს, როგორც მონაწილე სახელმწიფოში, ისე საზღვარგარეთ. კერძოდ, თუ ბავშვისათვის ფინანსურად პასუხისმგებელი პირი და ბავშვი სხვადასხვა სახელმწიფოში ცხოვრობენ, მონაწილე სახელმწიფო ხელს უწყობს საერთაშორისო შეთანხმებებთან მიერთებას ან ასეთ შეთანხმებათა დადებას, აგრეთვე სხვა შესაბამის მორიგებათა დადებას.

ფიზიკური ძალადობა (Physical Violence) - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს და ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

ფობია (Phobia) - სპეციფიკური ობიექტის, მოვლენისა და სიტუაციის ძლიერი და ირაციონალური, დაუსაბუთებელი შიში.

ფრუსტრაცია (Frustration) - იმედგაცრუება, გულგატეხილობა, რეაქცია არასასურველ გარემო გამღიზიანებელზე.

ფსიქიატრიული დახმარება (Psychiatric Aid) – „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ 16 წლამდე ბავშვის ფსიქიატრიული დახმარება, მათ შორის, მკურნალობა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნის ან/და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე (აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში პაციენტის მონაწილეობა მისი ასაკისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით). აქტიური ბიოლოგიური მეთოდებით (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მკურნალობა დასაშვებია კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობით, მხოლოდ ექიმფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილებით. ექიმ-ფსიქიატრს უფლება აქვს სტაციონარში მყოფი პაციენტის მიმართ გამოიყენოს ფიზიკური შეზღუდვის მეთოდები, თუ არსებობს პაციენტის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი დაზიანების საფრთხე და ამ საფრთხის აცილება სხვაგვარად შეუძლებელია. ფიზიკური შეზღუდვა მოიცავს სპეციალიზებულ პალატაში იზოლაციას ან/და ფიზიკურ შებოჭვას.

ფსიქოლოგიური (ემოციური) ძალადობა (Psychological Violence) -შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარა, დამცირება ან სხვა ისეთი მოქმედება მათ შორის, ოჯახის წევრის მიერ/მიმართ, რომელიც იწვევს ბავშვის პატივისა და ღირსების შელახვას, დაშინებას და ძლიერ ემოციურ სტრესს.

ფსიქიკური რიგიდობა (Mental Rigidity) – პათოფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ვერ ხერხდება ფსიქიკური პროცესების გადართვა ან მორგება გარემოს მოთხოვნებთან. ამ დროს ფსიქიკური პროცესები, როგორიცაა აზროვნება, მეტყველება, განწყობა და ა. შ. გამოირჩევა ინერტულობით, რაც ართულებს გარემოსთან ფსიქიკის ადაპტაციას.

ფსიქოანალიზი (Psychoanalysis) - არაცნობიერი მოტივების და კონფლიქტების საკვლევი ინტენსიური და ხანგრძლივად მიმდინარე ფსიქოტექნიკა.

ფსიქოზი (Psychosis) - მწვავე ფსიქიკური დაავადება, როდესაც ინდივიდი რეალობასთან კარგავს კონტაქტს და მისი სააზროვნო და ემოციური უნარები დაზიანებულია.

ფსიქოპათია (Psychopathy) - პიროვნული აშლილობა, რომელსაც ხშირად თან სდევს კრიმინალური ქცევა, როდესაც ადამიანი არ გრძნობს თავს დამნაშავედ, არც სინანულს განიცდის ჩადენილის გამო და ზოგადად, მიდრეკილია ანტისოციალური და კრიმინალური ქცევისკენ.

ფსიქოსოციალური განვითარება (Psychosocial Development) - პიროვნების განვითარება, რომელიც მოიცავს სოციალური განწყობებისა და უნარ-ჩვევების შემუშავებას და გრძელდება ჩვილობიდან მომწიფების ხანამდე.

ფსიქოტრავმა (Psychological Trauma) - იგივე ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც ტრავმატული გამოცდილების მქონე ინდივიდებს უვითარდებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრავმაზე რეაგირება ინდივიდუალურია და ტრავმის დაძლევა დაკავშირებულია პიროვნულ მახასიათებლებთან. ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის, მძიმე და ძალიან მძიმე.