ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - გ

გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN)  - უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია, შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მტკიცედ დაიცავდა მშვიდობას და გადაარჩენდა მსოფლიოს ახალი სისხლისმღვრელი ომისაგან. ამ ეტაპის საერთაშორისო აქტები იყო: სსრკ-პოლონეთის 1941 წლის დეკემბრის დეკლარაცია, ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების (გაერთიანებული ერების) 1942 წლის 1-ლი იანვრის დეკლარაცია, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთისა და სსრ კავშირის მოსკოვის დეკლარაცია (1943 წლის 30 ოქტომბერი), ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების პროექტი შემუშავდა 1944 წლის აგვისტო-ოქტომბერში აშშ-ის, სსრ კავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ დუმბარტონოქსში (აშშ); იალტის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციის გადაწყვეტილება სან-ფრანცისკოში, 25 აპრილს გაერთიანებული ერების კონფერენციის მოწვევის შესახებ. საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ინგლისის მთავრობათა კონსულტაციებისა და თათბირების შედეგად 1945 წელს სან-ფრანცისკოში მოწვეულ იქნა 50 ქვეყნის კონფერენცია, რომელმაც საბოლოოდ შეიმუშავა ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის წესდება. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 25 ივნისს და იგი ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე შევიდა ისტორიაში როგორც გაერთიანებული ერების დღე და ყოველ წელს აღინიშნება. წესდება საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელიც დღეს, 190-მდე სახელმწიფოს მოიცავს და ჭეშმარიტად საყოველთაო უნივერსალურ საერთაშორისო ხასიათს ატარებს. საქართველო გაეროში გაწევრიანდა 1992 წლის 31 ივლისს.

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ აღჭურვილია მანდატით, დაიცვას ბავშვთა უფლებები, დაეხმაროს ბავშვებს ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და მათი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში.Gგაეროს ბავშვთა ფონდი ახდენს პოლიტიკური ნებისა და მატერიალური რესურსების მობილიზებას ქვეყნების განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ ყურადღება გაამახვილონ ბავშვთა საკითხებზე და შეძლონ სათანადო პოლიტიკის შემუშავება და ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოწოდებულია დაიცვას განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები - ომის, უკიდურესი სიღარიბის, ძალადობის ყველა ფორმისა და ექსპლოატაციის მსხვერპლი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. ორგანიზაცია რეაგირებას ახდენს საგანგებო სიტუაციებში ბავშვთა უფლებების დასაცავად. ეროვნული სამოქმედო პროგრამების მეშვეობით, გაეროს ბავშვთა ფონდი ცდილობს ხელი შეუწყოს ქალებისა და გოგონების თანაბარ უფლებებს და მხარი დაუჭიროს მათ სრულუფლებიან მონაწილეობას საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების   განხორციელების შესახებ (“პეკინური წესები~) (Administration of Juvenile Justice - Beijing Rules) - 1985 წლის 29 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული წესები, რომლებიც განსაზღვრავენ არასრულწლოვან სამართადამრღვევთა უფლებრივ გარანტიებს მართლმსაჯულების განხორციელებისას. ეს წესები ადგენენ ისეთ სამართლებრივ გარანტიებს, როგორიცაა: უდანაშაულობის პრეზუმფცია, ბრალდების გაცნობის უფლება, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება, ადვოკატის აყვანის უფლება, მშობლის ან მზრუნველის დასწრების უფლება, მოწმეებთან პირისპირ შეხვედრის უფლება, ზემდგომ ინსტანციაში აპელაციის უფლება და სხვა; განსაზღვრავენ გამოძიებისა და სასამართლოს წესით დადგენილ სამართლებრივ გარანტიებს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის წესს, არასრულწლოვან სამართადარმღვევებთან მოპყრობ ის წესს, არასრულწლოვან სამართადამრღვევთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განვითარებას და სხვ. აღნიშნული წესები არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება მიუკერძოებლად და დისკრიმინაციის გარეშე. ამ წესებს სავალდებულო იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, ისინი წარმოადგენენ რეკომენდაციებს და სახელმწიფო თავად განსაზღვრავს, მისცეს თუ არა ამ წესებს კანონის ძალა, თუმცა ყველა სახელმწიფო ცდილობს, სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოების საქმიანობა ამ პრინციპების შესაბამისად წარმართოს.

განათლების უფლება (Right to Education) - ადამიანის სოციალური უფლება, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. განათლების მიღება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. უფლება აღიარებულია: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით (მე-13 მუხლი), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხლი), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით (მე-2 მუხლი), ასევე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით (28- მუხლი) და სხვა საერთშორისოსამართლებრივი დოკუმენტებით.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად, განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში გაცხადებული პრინციპების პატივისცემის გაღვივებისკენ და ასევე, მშობლებისადმი, საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის, ენისა და ფასეულობების პატივისცემის ჩანერგვისკენ, ბავშვის იმ ქვეყნის ეროვნული ფასეულობების პატივისცემის სულისკვეთებით აღსაზრდელად, სადაც ცხოვრობს თუ საიდანაც იგი არის წარმოშობით, საკუთარისგან განსხვავებული ცივილიზაციისადმი ბავშვის პატივისცემის გაღვივებისკენ. ასეთი განათლების მიღება ნიშნავს რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მსგავსი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 29- მუხლის თანახმად, განათლება უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისთვის ხელსაყრელი და უფლებამოსილების მიმნიჭებელი, სასწავლო პროცესი კი, უნდა ეფუძნებოდეს მათი გამოხატვის შესაძლებლობას. ბავშვზე ორიენტირებული განათლება გულისხმობს, რომ სწორედ ბავშვი იღებს აქტიურ მონაწილეობას სწავლების პროცესში და იგი არ არის პასიური მიმღები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 24- მუხლი მოითხოვს წევრი სახელმწიფოსგან აღიაროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ შესაძლებლობებზე დაფუძნებული განათლების უფლება და ინკლუზიური განათლების სისტემის საშუალებით, ყველა დონეზე უზრუნველყოს: ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ინკლუზიური, ხარისხიანი და უფასო დაწყებითი და საშუალო განათლების სხვებთან თანასწორად ხელმისაწვდომობით მათი საცხოვრებელი   ადგილის  მიხედვით;) გონივრული მისადაგების მოთხოვნის გათვალისწინება; ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ზოგადი განათლების სისტემის ფარგლებში საჭირო დახმარების მიღებით, მათი ეფექტური განათლების ხელშეწყობის მიზნით;) ბრაილის, ალტერნატიული დამწერლობის, ჟესტების ენის სწავლება და ყრუ-მუნჯთა საზოგადოების ენობრივი იდენტობის ხელშეწყობა; ) პირებისთვის კერძოდ, ბრმა, ყრუ ან ერთდროულად ყრუ და ბრმა ბავშვებისთვის განათლების მიწოდება მათთვის ყველაზე შესაფერის ენაზე, რეჟიმში და ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებებით;) მასწავლებლები, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მასწავლებლები, რომლებიც ფლობენ ჟესტების ენას და/ან ბრაილის - დასაქმებით და განათლების ყველა დონეზე მომუშავე პროფესიონალები და მუშაკები - გადამზადებით.

განრიდება (Diversion) - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ფორმა, სისხლსსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი, რომლის მიზანია არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში) მიხედვით, განრიდება (ანუ იმ ბავშვებისათვის სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლა, რომლებმაც სავარაუდოდ, დაარღვიეს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულნი არიან მის დამრღვევებად) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომ ბავშვმა ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული, ის სრულად და ძალდაუტანებლად აღიარებს პასუხისმგებლობას ჩადენილზე, აღიარებას საფუძვლად არ უდევს ზეწოლა ან იძულება, დაბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ ეს აღიარება არ გამოიყენება მის წინააღმდეგ დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი განხილვისას. ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვმა განრიდებაზე თანხმობა უნდა გამოხატოს წერილობითი ფორმით და ნებაყოფლობით. თანხმობა უნდა ეფუძნებოდეს ღონისძიების ხასიათის, შინაარსისა და ხანგრძლივობის შესახებ ზუსტ ინფორმაციას. მასში ნათლად უნდა იყოს გამოხატული, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თანამშრომლობაზე უარის თქმას და პირობების შეუსრულებლობას. მშობლების ჩართულობის გააქტიურების მიზნით, მონაწილე სახელმწიფოებმა შეიძლება ასევე, საჭიროდ ცნონ მშობლების თანხმობაც, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს ჯერ არ შესრულებია თექვსმეტი წელი. ამავე ზოგადი კომენტარის მიხედვით, განრიდებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას ბავშვის მიერ საქმის საბოლოო დახურვა უნდა მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია საქმის შენახვა ადმინისტრაციული ან გადასინჯვის მიზნებისთვის, ამგვარი საქმე არ უნდა განიხილებოდეს ნასამართლობის დამამატკიცებელ დოკუმენტად, ხოლო ბავშვის, რომელიც დაექვემდებარა განრიდებას, არ უნდა განიხილებოდეს ნასამართლობის მქონედ. თუ საქმე რეგისტრირებულია, მხოლოდ შესაბამისი ნებართვის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მომუშავე პირს უნდა ჰქონდეს მისი გამოყენების უფლება, ისიც შეზღუდული პერიოდისთვის, მაგალითად, ერთი წლის განმავლობაში.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (მუხლები 38-42) დეტალურად განსაზღვრავს განრიდების ღონისძიებების, განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და განრიდების გამოყენების წინაპირობებს.

გასაჩივრების უფლება (Right to Appeal) –      ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის (მუხლი 40 (2) () (V)) მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება მოითხოვოს იმ გადაწყვეტილების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიების ხელახალი განხილვა, რომლის მიხედვითაც იგი ცნეს დამნაშავედ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში (ბრალდებებში). ხელახალი განხილვა უნდა აწარმოოს ზემდგომმა, კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანომ, რომელიც პასუხობს ყველა იმ სტანდარტსა და მოთხოვნას, რომელსაც პასუხობდა გადაწყვეტილების გამომტანი პირველი ორგანო. ეს გარანტია შეესაბამება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 15 (4) მუხლს და არ შემოიფარგლება მხოლოდ მძიმე ბრალდებებით.

გასაშვილებელი ბავშვი (Adoptee) - შვილად აყვანას ექვემდებარება ბავშვი, რომელსაც შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი და რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში. გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ) რომელიც არის ობოლი; ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა; ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც, გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში.

 გონივრული მისადაგება (Reasonable Accomodation) -  „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ტერმინი გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას. გონივრული მისადაგება უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მათი უფლებებით თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობას (მაგალითად, ფიზიკურ გარემოზე სპეციალურად ადაპტირება, ინფორმაციის, საზოგადოებრივი ობიექტების, სკოლების ხელმისაწვდომობა), შესაბამისად, არის დისკრიმინაციისგან დაცვის განუყოფელი ნაწილი.