ი იდენტობა (Identity) - ადამიანის წარმოდგენა იმაზე, თუ რომელ სოციალურ, ეკონომიკურ,
პროფესიულ, ენობრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, რასობრივ თუ სხვა ჯგუფს მიაკუთვნებს
თავს. იდენტობის უფლება (Right toტო Identity)
- იდენტობა ინდივიდს სხვებისგან
განსხვავებულ, კონკრეტულ პიროვნებად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. თითოეულ
ადამიანს აქვს იდენტობა, თუმცა პიროვნება სამართლებრივი იდენტობის - პიროვნების
დადასტურების გარეშე როგორც სამართლისთვის, ისე საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია.
ბავშვი იდენტობას ოჯახური კავშირების, სახელისა და ეროვნების მიხედვით იძენს.
იდენტობის განსაზღვრისთვის რასა, გენდერი და რელიგიაც ასევე, მნიშვნელოვანია.
ბავშვის იდენტობა ლეგიტიმური მხოლოდ მონაცემების შესაბამის რეესტრში შეტანის შემდეგ
ხდება. ბავშვის უფლება, რომ იყოს მისი პიროვნება დადასტურებული, რამდენიმე უფლებას
მოიცავს, როგორიცაა: დაბადების რეგისტრაცია, სახელის ქონის უფლების ჩათვლით,
უფლება, იცოდეს ვინ არიან მისი მშობლები და მიიღოს მათგან ზრუნვა, მოქალაქეობის
შეძენის უფლება და იდენტობის დაცვასთან დაკავშირებული უფლებები (ეთნიკურობა, სახელი
და ოჯახური კავშირები). იმპერატიული ნორმები (Jus Cogens) - საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ
1969 წლის ვენის კონვენციის განსაზღვრებით, ხელშეკრულება, რომელიც იმპერატიულ
ნორმას (Jus Cogens) გადაუხვევს, ბათილად ჩაითვლება. იმპერატიული ნორმა არის ქცევის
წესი, „რომელიც შექმნილია და აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის
მიერ მთლიანობაში როგორც ნორმა, რომლისაგან გადახვევა დაუშვებელია და რომლის შეცვლა
შეიძლება მხოლოდ საყოველთაო საერთაშორისო სამართლის იმავე ხასიათის მქონე მომდევნო
ნორმით“. იმპერატიული ნორმისაგან გადახვევისათვის საერთაშორისო სამართალი იურიდიულ
პასუხისმგებლობას აკისრებს ხელშეკრულების მხარეებს; ასეთი ხელშეკრულება ბათილად
ჩაითვლება მისი დადების მომენტიდან, რადგან სახელმწიფოთა საერთაშორისო
თანამეგობრობა თავის კოლექტიურ ნებას უპირისპირებს ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს
სახელშეკრულებო ნებას და გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს მას. ხელშეკრულება არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს თანამედროვე საერთაშორისო მართლწესრიგის საფუძვლებს, რომლებიც
შემუშავებულია ცივილიზაციის განვითარების დღევანდელი საფეხურის ყველაზე
მნიშვნელოვან მორალურ ფასეულობებზე დაყრდნობით და რომელთა გარეშე შეუძლებელია
კაციობრიობის შემდგომი განვითარება. ასეთ ნორმებად გვევლინება დავათა მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარების მოთხოვნა.
ძალით დამუქრებისა და ძალის გამოყენების აკრძალვა, კაბალურ, არათანასწორუფლებიან
ხელშეკრულებათა უკანონობა, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის
უფლების შეზღუდვა, ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობა, რომლებიც ადამიანის ღირსებას
იცავენ მისი რასის, ეროვნების, სქესის, ენისა თუ რელიგიის განურჩევლად.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით აკრძალულია ადამიანის მიმართ ულმობელი,
მტანჯველ ქმედებათა გამოყენება, როგორიცაა: წამება, მონობა, მონათვაჭრობა, ვაჭრობა
ქალებითა და ბავშვებით, აპარტეიდი, გენოციდი, ეთნიკური წმენდა და რასობრივი
დისკრიმინაციის ყველა სხვა ფორმა. დისპოზიციური ნორმებისაგან განსხვავებით, რომელიც
არ ზღუდავს ხელშეკრულების დამდები მხარეების ნების თავისუფლებას და აძლევს მათ
უფლებას, გადაუხვიონ არსებულ ქცევის წესს (მაგ., სისხლის სამართლის დანაშაულის
ჩადენის შემთხვევაში მოუხსნან ელჩებს იმუნიტეტი), იმპერატიული ნომრები გამორიცხავენ
ასეთ გადახვევას მაგ., მხარეები ხელშეკრულებით ვერ დააკანონებენ იმის უფლებას, რომ
მათ შორის წამოჭრილი დავები ძალის გამოყენებით იქნას გადაწყვეტილი: ასეთი
ხელშეკრულება რეგისტრაციას ვერ გაივლის გაეროს გენერალურ მდივანთან, ხოლო თუ
ერთერთი მხარე ძალას გამოიყენებს, საერთაშორისო თანამეგობრობა უფლებამოსილი ხდება,
გამოიყენოს აგრესორის მიმართ კოლექტიური ზომები, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს
დაზარალებულ მხარეს. როგორც იმპერატიული, ასევე დისპოზიციური ნორმები ამკრძალველი
ხასიათისაა - სუბიექტების მიერ მათი ცალმხრივად დარღვევა საერთაშორისოსამართლებრივ
პასუხისმგებლობას იწვევს, რადგან ლახავს დადგენილი ნორმით სხვა სუბიექტებისათვის
მინიჭებულ უფლებებს. საერთაშორისო სამართლის ნორმათა ამ ორ სხვადასხვა ტიპს შორის
პრინციპული განსხვავება მათი იურიდული ძალის აბსოლუტურობის ხარისხშია: იმპერატიული
ნორმისგან გადახვევა ურთიერთშეთანხმებითაც კი არ შეიძლება, რაც სავსებით დასაშვებია
დისპოზიციური ნორმის შემთხვევაში. საერთაშორისო სამართლის ნორმათა უმრავლებოსა
დისპოზიციური ხასიათისაა, ხოლო იმპერატიული ქცევის წესები (პრინციპები და ნორმები)
მთელი საერთაშორისო სამართლის სისტემის ხერხემალს შეადგენს. იმპულსური ქცევა (Impulsive Behavior)
- დაუფიქრებელი, გაუკონტროლებელი, ხშირად
ალოგიკური, უეცრად წარმოქმნილი მოტორული და მეტყველებითი აქტივობა. იმპულსური ქცევა
არ ითვალისწინებს შედეგებს და დაუგეგმავი და არაპროგნოზირებადია. იმპულსური ქცევის სიმპტომებია: • კონტროლის დაბალი დონე; • პროკრასტინაცია ანუ საქმის სამომავლოდ გადადება; • ახალი შთაბეჭდილებების და თავგადასავლების მუდმივი ძიება.
ინტროვერსია (Introversion) - პიროვნების ერთ-ერთი ბაზისური ტიპი. ინტროვერტირებული
ადამიანები გულჩათხრობილები და თავშეკავებულები არიან. ისინი გაურბიან ხშირ
კონტაქტებს, უპირატესობას ანიჭებენ განმარტოებას.
ინფანტილიზმი (Infantilism) - ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვისთვის
დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (Access to Information) - ყველა ბავშვს აქვს უფლება
ხელი მიუწვდებოდეს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროების ინფორმაციასა და
მასალებზე, განსაკუთრებით, ისეთ ინფორმაციასა და მასალებზე, რომლებიც მოწოდებულია
ხელი შეუწყოს ბავშვის სოციალურ, სულიერ და მორალურ კეთილდღეობას, აგრეთვე ჯანსაღ
ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-17
მუხლი ადგენს წევრი სახელმწიფოების მიმართ კონკრეტული აქტივობების განხორციელების
ვალდებულებას. ინცესტი, სისხლის აღრევა (Incest)
- ინცესტი გულისხმობს ორ ადამიანს შორის
დამყარებულ სქესობრივ კავშირს, რომლებიც ერთმანეთის ახლო ნათესავები ან ოჯახის
წევრები არიან. მაგალითად, დედმამიშვილებს შორის ან მშობელსა და შვილს შორის
დამყარებული სქესობრივი კავშირი. თუ ინცესტი დაკავშირებულია ბავშვთან, მაშინ იგი
განიხილება, როგორც სექსუალური ძალადობა. ზოგიერთი ეროვნული სამართლებრივი სისტემა
საჭიროდ მიიჩნევს სისხლით ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირს, ასეთი ქმედების
ინცესტად დასაკვალიფიცირებლად, ხოლო სხვა სამართლებრივი სისტემების მიხედვით,
ტერმინი ინცესტი უფრო ფართო მნიშვნელობას მოიცავს. კერძოდ, სქესობრივ კავშირს
ოჯახის იმ წევრებს შორის, რომლებიც ერთმანეთის სისხლით ნათესავები არ არიან
(მაგალითად, დედინაცვალსა და მამინაცვალს შორის). ზოგჯერ, ინცესტი განიმარტება
როგორც „დანაშაული, რომელიც მოიცავს სქესობრივ კავშირს მშობელს, ბავშვს,
დედმამიშვილს ან შვილიშვილს შორის“.
ირიბი დისკრიმინაცია (Indirect Discrimination) - ნიშნავს შემთხვევას, როდესაც
ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სამართლებრივი ნორმები, კრიტერიუმები და პრაქტიკა,
ერთი შეხედვით, არ არის შემზღუდველი რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის,
მოქალაქოების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის საფუძველზე, მაგრამ კონკრეტულ
შემთხვევაში, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ზემოხსენებული ნიშნების საფუძველზე
გამოყოფილ პირებს ან პირთა ჯგუფებს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2
მუხლით უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობა. კონვენცია სახელმწიფოებისგან
მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი,
თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის
გამოსწორების მიზნით, სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების
გატარებაც. იუვენილური დელინკვენტობა (Juvenile Delinquents) - ჩვეულებრივ, 10-დან 18 წლამდე
ასაკის არასრულწლოვანის უკანონო ქცევა. იუვენილი დელინკვენტი აგრეთვე, ეწოდება
მოზარდს, რომელიც მუდმივად ცუდი ყოფაქცევით და ანტისოციალური ქცევით გამოირჩევა და
არ ემორჩილება მშობლების კონტროლს. იუვენილური დელინკვენტობის სინონიმია
არასრულწლოვანთა დანაშაული. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ
დანაშაულს დელინკვენტურ ქმედებას უწოდებენ.
იურიდიული დახმარება და წარმომადგენლობა (Legal Council and Representation) -
ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო მითითებები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების
თაობაზე განმარტავს (პარ. 37-43), რომ კანონით ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება უფასო
იურიდიულ დახმარებასა და საკუთარი სახელით წარმომადგენლობაზე. ბავშვთან მომუშავე
ადვოკატები უნდა იყვნენ სპეციალიზებული ბავშვთა საკითხებზე და პროცესში
წარმოადგენდნენ უშუალოდ ბავშვის მოსაზრებას, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია
და განმარტება. რაც შეეხება წარმომადგენლობას, როდესაც ბავშვსა და მის მშობლებს
შორის ინტერესთა კონფლიქტია, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა დაუნიშნოს მას საპროცესო
წარმომადგენელი (გუარდიან ად ლიტემ) ან სხვა დამოუკიდებელი წარმომადგენელი. კანონით
გარანტირებული უნდა იყოს ბავშვის უფლება წარმომადგენლობაზე, მშობლებისგან
დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ისეთ პროცესში, როდესაც მშობლები სავარაუდო
დამრღვევები არიან. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 41) მიხედვით, სისხლის
სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული სარგებლობენ უფასო იურიდიული
დახმარების უფლებით თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი
ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). სისხლის სამართლის საქმისწარმოების ნებისმიერ
სტადიაზე არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
იძულება (Coercion) - ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ
შეასრულოს ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ნება-სურვილს, როგორიცაა იძულებითი
ქორწინება, ნივთიერებათა ავად მოხმარება, მოწყალების თხოვნა, ბავშვის ჩართვა შრომით
საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში
ჩაბმა/თანამონაწილეობა, ბავშვის მიერ მისთვის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და
ღირსებისათვის საზიანო საქმის შესრულება.
იძულებითი აღიარებისგან გათავისუფლება ( Right not to be Compelled to give
testimony or to Confess Guilt) - „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“
საერთაშორისო პაქტის მე-14 (3) (ზ) მუხლის გათვალისწინებით, „ბავშვის უფლებების
შესახებ“ კონვენცია განმარტავს, რომ დაუშვებელია ბავშვზე განხორციელდეს ზეწოლა
ბრალის აღიარების მიზნით. ეს უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ ბავშვის წამება,
სასტიკი და არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა აღიარების მოპოვების
მიზნით, წარმოადგენს კონვენციის 37-ე (ა) მუხლით გათვალისწინებული უფლებების უხეშ
დარღვევას და სრულიად მიუღებელია. ამგვარი საშუალებებით მიღებული ინფორმაცია ან
აღიარება არ ჩაითვლება მტკიცებულებად (კონვენცია „წამებისა და არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ“, მუხლი 15). არსებობს უამრავი ნაკლებად ძალადობრივი საშუალება ბავშვისგან აღიარების მისაღებად.
ტერმინს „იძულება“ აქვს ფართო მნიშვნელობა და ის არ უნდა იყოს განმარტებელი მხოლოდ
როგორც ფიზიკური ზეწოლა ან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გაეროს ბავშვის
უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის (№10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის
უფლებების შესახებ) მიხედვით, ბავშვის ასაკი, მისი განვითარების დონე, დაკითხვის
ხანგრძლივობა, აღქმის უნარი, გაურკვეველი შედეგების შიში ან დაპატიმრების შესაძლო
საფრთხე, ხშირად აიძულებს მას აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია. ეს საშიშროება კიდევ
უფრო რეალურია, თუ მას ჰპირდებიან, მაგალითად, „როგორც კი სიმართლეს გვეტყვი,
სახლში გაგიშვებთ“ ან როდესაც მას აიმედებენ შემსუბუქებული სასჯელით ან
გათავისუფლებით. დაკითხვაზე მყოფ ბავშვს უნდა შეეძლოს იურიდიული ან სხვა სახის შესაბამისი
დახმარების გამოყენება. მას აგრეთვე, უფლება აქვს, მის დაკითხვას დაესწროს ერთ-ერთი
ან ორივე მშობელი. იძულებითი გაუჩინარება (forced disappearance)
- იძულებითი გაუჩინარება სიცოცხლის
უფლების, ფიზიკური ხელშეუვალობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და კანონის
წინაშე აღიარების დარღვევის კომბინაციაა. აღნიშნული ზოგჯერ გამოწვეულია პირდაპირ ან
არაპირდაპირ, სახელმწიფოს ქმედებით ან უმოქმედობით და იმ ფიზიკურ პირთა ან
ადამიანთა ჯგუფის ქმედებით, რომლებიც ზოგჯერ მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებენ.
ბავშვის ამგვარი გაუჩინარებისგან დაცვა ბავშვის სხვა უფლებებთან კავშირში
განიხილება, როგორიცაა შრომის ყველაზე უარესი ფორმებისგან დაცვის, ბავშვების
სექსუალური ან სხვა ფორმის ექსპლოატაციისგან, ისე გაყიდვისა და ბავშვთა
ტრეფიკინგისგან დაცვის უფლება. 1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ყველა პირის
იძულებითი გაჩინარებისგან დაცვის დეკლარაცია მიიღო, სადაც აღნიშნა, რომ იძულებით
გაუჩინარების ნებისმიერი აქტი ადამიანის ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
დეკლარაცია იმ ბავშვების მოტაცების პრევენციას მოიაზრებს, რომელთა მშობლები
იძულებით გაუჩინარებას დაექვემდებარნენ და რომლებიც დედების იძულებითი
გაუჩინარებისას დაიბადნენ. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია იძულებით გაუჩინარებას პირდაპირ არ ეხება,
თუმცა მისი დებულებები კრძალავს მოტაცებისას ძალადობის გამოყენებას ან ნებისმიერ
მსგავს ქმედებას, რაც შედეგად გაუჩინარებას იწვევს. ამასთან, კონვენციის მე-9 მუხლი
მშობლებისგან იძულებით განცალკავებას კრძალავს და ადგენს, რომ როდესაც ბავშვების
მშობლებისგან განცალკევება „კონვენციის ხელშემკვრელი მხარის ინიცირებული რომელიმე
ქმედებიდან გამომდინარეობს, როგორიცაა ბავშვის ერთი ან ორივე მშობლის დაკავება,
პატიმრობა, გადასახლება, დეპორტაცია ან გარდაცვალება (მათ შორის, სახელმწიფოს მიერ
პირის დაკავების პერიოდში ნებისმიერი მიზეზით), კონვენციის ხელშემკვრელმა ამ
სახელმწიფომ მოთხოვნისამებრ მშობლებს, ბავშვს ან თუ საჭიროა, ოჯახის სხვა წევრს
უნდა მიაწოდოს არსებითი ინფორმაცია გაუჩინარებული ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის
შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება ბავშვის კეთილდღეობას
გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კონვენციის ხელშემკვრელმა მხარეებმა ასევე, უნდა
უზრუნველყონ, რომ ამგვარი ინფორმაციის მოთხოვნის წარდგენამ თავად არ გამოიწვიოს
შესაბამისი პირებისთვის უარყოფითი შედეგები“.
იძულებითი ქორწინება (Forced Marriage) - იძულებითი ქორწინება არის ქორწინება,
სადაც ერთ-ერთი ან ორივე მეუღლე არ აძლევენ თავისუფალ ან მთლიან თანხმობას ან არ
შეუძლიათ თავისი მომწიფების/ქმედუნარიანობის ნაკლებობის გამო განაცხადონ გააზრებული
თანხმობა. განსხვავება ბავშვთა ქორწინებასა და იძულებით ქორწინებას შორის ეყრდნობა
იმას, რომ პირველი ამახვილებს ყურადღებას 18 წლამდე პირების ქორწინებაზე, ხოლო
მეორე განიხილავს იძულებითი ქორწინების ფორმებს და იძულების ხარისხს როგორც
სრულწლოვნების, ასევე არასრულწლოვნების შემთხვევაში. ხშირად, ტერმინების გაიგივება
ხდება იმ საფუძველზე, რომ ბავშვებს არ შესწევთ უნარი განაცხადონ გააზრებული
თანხმობა ქორწინებაზე. ბავშვის ნაადრევი და იძულებითი ქორწინება შეიძლება იყოს ბავშვის სექსუალური
ძალადობის ან/და ექსპლუატაციის ფორმა ან ხელის შემწყობი ფაქტორი. ხშირ
შემთხვევებში, ბავშვის ოჯახის წევრები აქორწინებენ ბავშვს სარგებლის/ნამატის
მიღების მიზნით ან მზითვის გამო. ხშირად ოჯახი ძალით აქორწინებს გაუპატიურებულ
ბავშვს მოძალადეზე, რათა “ლეგიტიმიზაცია შესძინონ~ სექსუალურ ძალადობას. ბავშვის
ქორწინება ასევე, შეიძლება განხორციელდეს ტრეფიკინგის ან სექსუალური მონობის
მიზნით. 2011 წლის სტამბოლის კონვენციის 37-ე მუხლის მიხედვით: ფიზიკური ან ფსიქოლოგიური
მუქარის განზრახ გამოყენების აქტი, რომელიც ჩადენილია იმ მიზნით, რომ ზრდასრული
ადამიანი ან ბავშვი აიძულონ შევიდეს ქორწინებაში, არის სისხლისსამართლებრივი წესით
დასჯადი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (მუხლი 1501) ადგენს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებული) იძულებისთვის.
პასუხისმგებლობის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამგვარი იძულების
განხორცილება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.