ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ჟ

ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ (1949 Geneva Conventions and 1977 Additional Protocols on Protection of Victims of War) - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წყაროები ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ. ისინი მიზნად ისახავენ შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას. საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჟენევის 1949 წლის ოთხ კონვენციას და 1977 წლის ორ დამატებით ოქმს „ჟენევის სამართლის“ ქვაკუთხედად მიიჩნევენ. ჟენევის 1949 წლის I კონვენცია („მოქმედ არმიებში დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“) ეხება აღნიშნულ პირთა მოვლას, დაცვას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას; მასში ჩამოყალიბებულია სპეციალური წესები სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალებათა შესახებ. დაჭრილთა გადასაყვანად გამოყენებული სამედიცინო, სამოქალაქო და სამხედროსატრანსპორტო საშუალებები ამ წესების მიხედვით, სრული დაცვით უნდა სარგებლობდნენ; ეს წესები სრული სახით ვრცელდება აგრეთვე, სამედიცინო პერსონალზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებასა და სამედიცინო ტვირთის გადატანაზე.

II კონვენცია („საზღვაო შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი დაჭრილებისა და ავადმყოფების და ხომალდების კატასტროფაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“) აწესებს, რომ ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც ზღვაზე სახმელეთო ჰოსპიტალების ფუნქციას ასრულებენ, ისეთივე დაცვით უნდა სარგებლობდნენ, როგორიც სხვა სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს აქვთ, ისინი უნდა ატარებდნენ დამცავ ემბლემას (წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე) და მონაცემები ამ ხომალდების შესახებ უნდა მიეწოდებოდეს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს.

III კონვენცია („სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის შესახებ“) განსაზღვრავს ომის დროს ტყვედ ჩავარდნილ პირთა უფლებებს. კონვენცია მოითხოვს, რომ სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად უნდა ეპყრობოდნენ; ტყვეობის დროს მათ შენარჩუნებული უნდა ჰქონდეთ სამხედრო მოსამსახურეთა სტატუსი, რაც გულისხმობს შემდეგს: მათ უფლება აქვთ, ატარონ სამხედრო ფორმა; ექვემდებარებიან ტყვედ ჩავარდნილ ზემდგომი ჩინის მქონე ოფიცრებს; საომარ მოქმედებათა დასრულებისას, უნდა მოხდეს მათი რეპატრიაცია; ტყვეობაში ყოფნისას შესრულებული სამუშაოებისათვის უნდა მიეცეთ განსაზღვრული თანხა (გასამრჯელო); უნდა გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ჰქონდეთ კულტურული და სულიერი ცხოვრების წარმართვის საშუალება, ნათესავებთან და ახლობლებთან მიმოწერის უფლება.

IV კონვენცია შეეხება სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის საკითხებს შეიარაღებული კონფლიქტების დროს. 1977 წლის პირველ დამატებით ოქმში ამ საკითხის განსაზღვრამ უფრო სრულყოფილი სახე მიიღო. სამოქალაქო პირად ითვლება ყველა, ვინც შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ შედის და საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებს. აკრძალულია სამოქალაქო პირთა კოლექტიური დასჯა, მოსახლეობის ტერორი, დაშინება, ძარცვა, მძევლად შეპყრობა, რეპრესალიების გამოყენება. დასაშვებად არის მიჩნეული სამოქალაქო მოსახლეობის ზონების შექმნა (უსაფრთხო ზონა, ღია ქალაქი, დემილიტარიზებული ზონები). კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოელების, ქალებისა და ბავშვების დაცვის უზრუნველყოფის საკითხებს. აკრძალულია სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებისათვის ზიანის მიყენება, აგრეთვე იმ ობიექტებისათვის, რომლებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ და მათი მწყობრიდან გამოყვანა საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო მოსახლეობას (მაგალითად, ელექტროსადგურის აფეთქება). ჟენევის კონვენციებით დადგენილი წესები სახელმწფოებმა უნდა გამოიყენონ შეიარაღებული კონფლიქტების ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც ამ კონფლიქტის ესა თუ ის მხარე არ აღიარებს საომარი მდგომარეობის არსებობას. აღნიშნული კონვენციების მუხლები გამოიყენება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის ოკუპაციისას.

1977 წელს მიღებულმა ორმა დამატებითმა ოქმმა, მათ შორის, „არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ“ (მეორე დამატებითი ოქმი), ჟენევის კონვენციების მოქმედების სფერო გააფართოვა და მათი დებულებები გაავრცელა იმ არასაერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებზეც, რომლებსაც ხალხები კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ, თავისი ეროვნული თვითგამორკვევისათვის აწარმოებენ. მეორე დამატებითი ოქმი აგრეთვე, მოქმედებს სახელმწიფოში არსებულ შიდა არეულობათა შემთხვევებში.

შეიარაღებულ კონფლიქტებში მხარეების მიერ მსხვერპლ ბავშვთა დაცვის ვალდებულებას ადგენს ჟენევის კონვენცია IV და 1977 წელს მიღებული მისი ორი დამატებითი ოქმი, რომლებიც ეხება საერთაშორისო ან არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას.