ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ყ

ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა (Priority of Applying the most lenient Remedies and Alternative Measures) - არასრულწლოვნის მიმართ, უპირველსად, განიხილება განრიდების ან აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და ფასდება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასა და სასჯელის გამოყენებაზე უკეთ უზრუნველყოფს თუ არა განრიდება ან ღონისძიება არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (Attention Deficit and Hyperactivity Syndrome) - ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც გულისხმობს: 1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს (უყურადღებობა, დაბნეულობა, გონებაგაფანტულობა); 2. იმპულსურობას (იმპულსური და ანტისოციალური ქცევის კონტროლის სირთულე); 3.ჰიპერაქტივობას (მოუსვენრობა, მოძრაობის სიჭარბე, რასაც თან ერთვის აგრესიულობა, დაბალი აკადემიური მოსწრების დონე, სკოლის გაცდენა და ა. შ.).