სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი - ლ



სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორიის ლექსიკონი

წიგნი წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომს ლიტერატურათმცოდნეობაში. მასში დაწვრილებით არის განხილული ლიტერატურის თეორიისა და ლიტერატურათმცოდნეობის ძირითადი ცნებები და კატეგორიები.

ავტორის ტექსტი ქვეყნდება მცირეოდენი შესწორებებით. საილუსტრაციო მასალად გამოყენებული ავტორისეული ციტატები ზოგან ჩანაცვლებულია სხვა ნიმუშებით

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

1 ლეგენდა

▲ზევით დაბრუნება


ლეგენდა

ზღაპრული ხასიათის მოკლე მხატვრული გადმოცემა, რომელიმე ისტორიული პირის ან რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ.

სახელწოდება „ლეგენდა” რელიგიური წარმოშობისაა. „ლეგენდა” ლათინურად ნიშნავს საკითხავს ან წასაკითხს, ე.ი. იმას, რაც ქრისტიანული ეკლესიის ხელმძღვანელთა მითითებით უნდა წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს. თვით ლეგენდარული გადმოცემები კი უფრო ადრე გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში

აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო ლეგენდა ბუდას შესახებ და სხვ. ეკლესია ცდილობდა ლეგენდა გამოეყენებინა რელიგიური აგიტაციის მიზნით. XIX საუკუნისა და ჩვენი დროის ლიტერატურამ კი მას ახალი დანიშნულება მისცა

ილია ჭავჭავაძემ რელიგიური წარმოშობის ლეგენდა „განდეგილის” ანტირელიგიური შინაარსის პოემის შესაქმნელად გამოიყენა

ანტიკურ საბერძნეთში ცნობილი იყო ლეგენდა ჰერკულესის შესახებ, ლეგენდა დედალოსისა და იკაროსის შესახებ და სხვ. დედალოსმა ბუმბულისა და სანთლისაგან ფრთები გააკეთა და კრეტადან თავის შვილ იკაროსთან ერთად კუნძულ სიცილიისაკენ გაფრინდა. იკაროსმა მეტისმეტად მაღლა დაიწყო ფრენა, მზეს მიუახლოვდა, მზის სხივებმა სანთელი დაადნო და იკაროსი ზღვაში დაიღუპა

ისტორიულ ეპოქაში შეიქმნა ლეგენდები სხვადასხვა ისტორიული პიროვნების შესახებ, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების წარმოშობის შესახებ. მაგ. ცნობილი ლეგენდა ალექსანდრე მაკედონელზე

ე. ნინოშვილი „პალიასტომის ტბაში” მოგვითხრობს ლეგენდას პალიასტომის ტბის წარმოშობაზე, „სურამის ციხე” დაწერილია ცნობილი ლეგენდის საფუძველზე

ა. წერეთელმა ლეგენდის საფუძველზე შექმნა მოთხრობა „გოგია მეჩონგურე”:

„იმისთანა ბნელი ღამე იყო, რომ კაცს თვალთან მიტანილი თითის დანახვაც კი არ შეეძლო, მაგრამ მაგივრად ფეხის ხმა არ გამოეპარებოდა იმ მიწყნარებულ არემარეში

ამ დროს, თითქოს ჯადოქარს მოეტანოს, რაღაცამ გაიწკრიალა ჰაერში და თანაც მოისმა ჩონგურის საამური ხმა. ისეთნაირად ქვითინებდა სიმები, თითქოს ქვეყნის ტანჯვა უნდოდათ ნემსის კუნწში გაეძვრინათ, ისე დაედნოთო..

დიდხანს, დიდხანს გულსაკლავად წკრიალებდა სიმები უცნაური ძალით და ბოლოს კი სიმღერაც მოისმა
კილო იმ სიმღერისა არა ჰგავდა არც „სალხინოსა” და არც „ზარის” ხმას; ის იყო გულგახეთქილის, რაღაც გულგამხეთქი საყვედურისა და წყევლა– კრულვის ერთად შეერთებული ხმა

შეწყდა სიმღერა; მაგიერად იქვე მოისმა ერთიმეორეზე რაღაც ბუტბუტის, ამოოხვრისა და ხითხითის ხმები

მთვარე ამოვიდა და შემდეგი სანახავი გამოჩნდა:

ერთი სახლის წინ იდგა ჩონგურით ხელში თავდახრილი გოგია მეჩონგურე და შესცქეროდა მოაჯირს, საიდანაც სამი ქალი იყო გადმომდგარი, ერთი მათგანი – მოხუცი – რაღაცას ბუტუნებდა, მეორე – მშვიდობიანი სახის ახალგაზრდა ქალი, ხვნეშოდა და მესამე – კოპწია ყმაწვილი ქალი კი იცინოდა. სამივესვე სხვადასხვაგვარად გულისთქმისა და სულის მოძრაობის მიზეზი იყო ერთი და იგივე

– ეგ არი რაღა, გვეთხოვები, აღარ იშლი? მიდიხარ, მაგრამ ოჯახს ვის უტოვებ? ჩემზე აღარას გეტყვი, დედა ვარ, მარა ეს და აღარ გებრალება? და ან ამ ახალგაზრდა ცოლის მოშორება როგორ არ გწყვეტს გულსა? ვის ხელში გვტოვებ და რას გვიპირებ? – უთხრა მოხუცებულმა ქალმა

– დედი, უპასუხა გოგიამ მშვიდობიანად, ვისაც თავისი ვალი არ შეუსრულებია, იმას ნება არა აქვს არც ცოლის სიყვარულისა! სირცხვილია მამაკაცისათვის დედის კალთაში ქალაჩუნობით თავის ჩადება და კისერზე მოხვევა და ცოლის გვერდით ამოჯდომა საზოგადო გაჭირვების დროს

აღარ შემიძლია მოვიცადო! მივეშურები იქით, საითკენაც ჩემი ვალი მომიწოდებს!.. სიკვდილი ან გამარჯვება! აი, ასე გადაწყვიტა ჩემმა გულმა! მივდივარ და თქვენ გიტოვებთ ამ ანდერძს: გიტოვებთ ამ ჩემ ჩონგურს, რომ გამოიღვიძოთ, სამივემ თითო–თითოჯერ დაუკარით ხოლმე ყოველდღე: თუ სიმები არ დასწყდეს, ცოცხალი მიგულვეთ, და თუ სიმები დაწყვეტილი ნახოთ, მაშინ კი შენდობა შემომითვალეთ, – ამ სიტყვების შემდეგ თვალცრემლიანი გოგია სამსავე გულში ჩაეკრა, გამოეთხოვა, გადაიწერა პირჯვარი და გზას გაეშურა

გამწარებულმა დედამ გზა დაუწყევლა სიტყვიერად, თუმცა გულში კი სულ სხვასა გრძნობდა. დას, რაც გულში ჰქონდა, ის პირადადაც უთხრა: გზა დაულოცა და ცოლი მხოლოდ გაიბუტა, თვალთ ცრემლები მოიწმინდა

იმ ღამეს დას ძილი არ გასტეხია, ცოლმაც მადიანად ამოუშვა ხვრინვა, მაგრამ მოხუცმა დედამ კი საწოლი ცრემლებით მორწყო! – რად დავწყევლე, მე უგუნურმაო? – ფიქრობდა – რომ გასჭრას ჩემმა წყევლამ? მაგრამ არა, არა! ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, რომ დედის წყევლა შვილზე არ გადისო! დედა რომ პირით იწყევლება, მაშინ ძუძუები უარს ამბობენო!

ჩემმა ძუძუებმაც უარი სთქვეს!... ღმერთო, ნუ უსმენ ჩემს ცოდვილ ენას! – პირჯვარს ისახავდა

გათენდა თუ არა, დედა პირველი მიადგა თაროზე, ჩამოიღო ხელის კანკალით მაღლიდან ჩონგური და ანდერძისამებრ სიფრთხილით ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები:
„რა მოგშორდი შვილო, შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს.
ვაჰ, თუ გშია, ან გწყურია,
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზე,
გულს გასვია მტრის ისარი
და, რომ წყლული შეგიხვიოს,
დედაშენი არსად არი!
ვაჰ! თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი კორტნის და ყორანი;
და უნაგრით უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!
ვაჰ, თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედაშენიც ჩიტად
გადაიქცეს, შენკენ ფრენდეს!”

ეს რომ გაათავა, ჩონგური სიფრთხილით გადასცა თავის ქალს, გოგიას დას; იმანაც მოკრძალებით ჩამოართვა დედას ნაანდერძევი, აკოცა სიამით, წყნარად ჩამოჰკრა სიმებს და დაამღერა შემდეგი სიტყვები:

„... მე გოგია მისთვის მიყვარს,
რომ ძმაა და მეგობარი;
და მისთვის მსურს მისი ხილვა,
მასთან ხშირი საუბარი,
რომ თავიდან ფეხებამდე,
ის მამულის შვილი არი,
თვის მარჯვენას მისთვის ხმარობს
და მისთვის ჟღერს მისი ქნარი;
ღმერთო, მიეც გამარჯვება,
განსაცდლისგან დაიხსენი,
დაგვიბრუნე შინ მშვიდობით,
გევედრები მონა შენი!
და თუ მოკვდეს ბრძოლის ველზე,
გაემსჭვალოს ისრით გული,
მაშინ ჩიტად გადამქენი,
მსურს, შევიქნე მე ბულბული;
რომ მის საფლავს მარტოხელსა
მე ვუსტვენდე გრძნობა–მტკბარი
და იმ ხმასაც ყურს უგდებდნენ
არემარე, მთა და ბარი

გაათავა თუ არა დამ უკანასკნელი სიტყვა, მივარდა გიჟივით რძალი, გოგიას ცოლი, გამოჰგლიჯა ხელიდან ჩონგური მულსა და რაც ძალ–ღონე ჰქონდა, ჩამოჰკრა სიმებს...
მეტისმეტი ბარტყუნით თითები ეტკინა და სიმები მაინც არ დასწყდა

ამგვარად რამდენიმე თვეს უკრავდენენ რიგ–რიგად ქალები იმ ჩონგურს და სიმები კი მაინც ისევ მთლად იყო

ერთ დღეს, სადილად რომ სხდებოდნენ ქალები, სუფრაზე ხორცი მოიტანეს, თაროზე მწოლარ შავ კატას სუნი ეცა, გადმოხტა იქიდან, წამოედვა ჩონგურს, ძირს ჩამოაგდო და ლუკმა–ლუკმად დაამსხვრია. მოცვივდნენ ქალები და ნახეს, რომ სიმები ყველა დაწყვეტილიყო. დედა–შვილი შეშინდა, მაგრამ გულს მაინც არ იტეხდნენ:
– რა ვუყოთ, – ამბობდნენ – თავისით ხომ არ დაწყვეტილა სიმები? კატამ ჩამოაგდო უნებურადო!

– არა, ბატონო! ცუდი ნიშანიაო, – იწვავდა ენას კოპწია ცოლი, – წუხელი ბუ მთელ ღამეს ყვიროდა ჩვენს ეზოში და დღეს ყორანმაც დაგვძახაო!... – რაღა ამის თქმა ეჭირვებოდათ?! დედა გაყვითლდა შიშით, დას ნაცრისფერი დაედვა და ცოლმა კი თავის ოთახისკენ გასწია, ჩაიცვა ჭრელი კაბა და თავის ვარცხნას მოჰყვა, ვითომ აქ არაფერი ამბავი არისო.
ამ დროს მართლა მოვიდა მთხრობელი, მოიტანა გოგიას სიკვდილის ამბავი და მისი ნიშანი

იმის დანახვაზე გაყვითლებული დედა მოლაღურად გადაიქცა, და – ბულბულად და ცოლს კი დარჩებოდა ბურთი და მოედანი, რომ რაღაც ხმას არ დაეძახა: „სადაც ის ორი, იქ შენც მესამეო!”. ამ ხმაზეც ცოლიც ოფოფად გადაიქცა და სავარცხელიც თავზე გარჭობილი შერჩა

იმ დღიდან აქომამდე მოლაღური მაღალ ხეებზე სამი ძაფით, საცეცხლურივით ჩამოკიდებს ხოლმე თავის ბუდეს, არწივს – ვითომც თავისი შვილის აკვანი იყოს და თანაც დასძახის ხოლმე: „შვილო გოგია, შვილო გოგია!” – ბულბული, სადაც კი ნახავს ამოსულ ვარდს, ყოველგან გოგიას საფლავი ჰგონია და ათას ხმაზე დამღერის და უგალობს ძმის სულს, – ოფოფი კი უხეიროდ დაგოგავს მინდვრებზე და ეძებს გოგიას საფლავს, და ძებნაში ხან აქ და ხან იქ ჩაჰკრავს ხოლმე ნისკარტს მიწაში”

იხ. აგრეთვე: ზღაპარი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

2 ლექსი

▲ზევით დაბრუნება


ლექსი

მხატვრულ ნაწარმოები, რომელშიც აზრები ხატოვნად არის გამოსახული, დაცულია სიტყვების თანაზომიერება და სხვადასხვა სტრიქონში განმეორებულია ბოლო ბგერები.

პოეზია ლექსების ერთობლიობას ნიშნავს. პროზა კი ეწოდება თხრობით გაულექსავ ლიტერატურას.

რით განსხვავდება ლექსი პროზისაგან? ერთ–ერთი ცნობილი ხალხური ლექსი წავიკითხოთ ისე, როგორც პროზას ვკითხულობთ: „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვს, გული გაუპოს დანამა”

წავიკითხოთ იგივე ლექსად დაწერილი :

„ჟუჟუნა წვიმა მოვიდა,
დიდი მინდორი დანამა,
ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას,
გული გაუპოს დანამა.”

ლექსად და პროზად წაკითხვის განსხვავების საილუსტრაციოდ ჩვენ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ იმის გარკვევით, თუ როგორ ეფარდება ერთმანეთს ლექსისა და პროზის ტემპი (კითხვის სიჩქარე) და ინტონაცია (ხმის ამაღლების დონე და მისი აწევ – დაწევის მიმდინარეობა). როდესაც პროზაულად ვკითხულობთ: ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა” – ტემპი აჩქარებულია. ორივე ფრაზა სამ–სამი სიტყვისაგან შედგება. ამ სამიდან პირველ ორ სიტყვას („ჟუჟუნა წვიმა”, „დიდი მინდორი”), რომლებიც წინადადებაში მსაზღვრელისა და საზღვრულის ფუნქციას ასრულებენ, თითქმის ისე გადაბმულად წარმოვთქვამთ, რომ მათ შორის შესვენება (პაუზა) შეუმჩნეველია. ასევე მინიმალურია პაუზა მეორე სიტყვის დამთავრების შემდეგ. პროზაული ტექსტის ორივე ფრაზაში, რომელშიც 6 სიტყვაა(3:3), შესვენება იგრძნობა მხოლოდ სინტაქსური ერთეულების(ფრაზების) დამთავრების შემდეგ. 6 სიტყვის წარმოთქმა მხოლოდ ორ პაუზას განაპირობებს. პაუზების სიმცირე კი – ტემპის სინელეს, სიჩქარეს (მთელი ფრაზა თითქმის ჰაერის ერთი მიწოლით წარმოითქმება)

შევამოწმოთ ტექსტში მახვილების ხარისხი და ხმის აწევ–დაწევის მიმდინარეობა (ინტონაცია)

პროზაულად წაკითხულ ტექსტში – „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, „დიდი მინდორი დანამა” – პირველი და მეორე სიტყვის მახვილები („ჟუჟუნა წვიმა, „დიდი მინდორი”) სუსტია, მათ შორის ორმარცვლიანი სიტყვების მახვილი („წვიმა”, „დიდი”) კიდევ უფრო სუსტია. ფრაზების დამამთავრებელ სიტყვებში – „მოვიდა”, „დანამა” – მახვილები შედარებით უფრო აწეულია, გაძლიერებულია და გაგრძელებულია: გაძლიერებულია იმიტომ, რომ ეს სიტყვები „მოვიდა”, „დანამა” მოყვანილ მაგალითში შემასმენელებია. მათი მახვილები ლოგიკური მახვილებია. ისინი ხმის აწევით და გაძლიერებით ამთავრებენ ფრაზის ფარგლებში ინტონაციის (ხმის აწევ–დაწევის) მოწესრიგებას. (ფრაზა იწყება და გრძელდება სუსტი მახვილებით – დაბალი ხმით და მთავრდება აწეული ხმით, გაძლიერებული მახვილით, ზოგჯერ – პირიქით)

ყოველივე ზემოთქმულიდან უნდა დავასკვნათ: პროზაულ ტექსტში კითხვის ტემპი ჩქარია, მახვილი (ლოგიკურის გამოკლებით) სუსტია. იმავე ტექსტის ლექსად წარმოთქმის დროს ყოველი სიტყვა (ან სიტყვათა სამახვილო ჯგუფი) განცალკევებულად და მკაფიოდ წარმოითქმის. ეს მოვლენა იწვევს ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ შეჩერებას (პაუზებს). 16 მარცვლიან სალექსო სტრიქონში პროზაულად კითხვის დროს თუ მხოლოდ ორი პაუზაა, ლექსად კითხვის დროს სამჯერ მეტია (ექვსი). ყოველივე ეს იწვევს ტემპის შენელებას და წარმოთქმის დროის უფრო გახანგრძლივებას

რა ცვლილებას განიცდის პროზასთან შედარებით ლექსის ინტონაცია; რა ადგილი უკავია პროზასთან შედარებით ლექსში ბგერითი მხარის მოწესრიგებას?

პროზაულად წაკითხვის დროს ტექსტში „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა”– მახვილები მხოლოდ ფრაზების დამთავრების შემდეგ იყო წარმოდგენილი (ორი ფრაზის არსებობამ განაპირობა მხოლოდ ორი გაძლიერებული მახვილი). ლექსად წაკითხვის დროს საანალიზო ტექსტში ექვსივე სიტყვა, რომელთათვისაც ლექსის ბუნების მიხედვით სავალდებულოა მკაფიოდ გამოთქმა, საკუთარ გაძლიერებულ მახვილს იღებს. სალექსო სტრიქონის დამამთავრებელი სიტყვის მახვილი, რომელიც რითმის წარმოქმნას განაპირობებს, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულია. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ლექსში ინტონაცია ანუ ბგერითი მხარე მაქსიმალურად მოწესრიგებულია. ამით განსხვავდება ძირითადად ლექსი პროზისაგან

შინაგანი ბუნებით განსხვავებასთან ერთად, მხატვრული პროზისაგან ლექსი გარეგნულადაც განსხვავდება. ლექსად დაწერილში სტრიქონი ბოლომდე გრძელდება. ლექსისთვის მთელი სტრიქონოს დაკავება სავალდებულო არ არის. ლექსი დაყოფილია გარკვეულ მარცვალთა რაოდენობის შემცველ სტრიქონებად. უმეტეს შემთხვევაში ლექსის ყოველი სტრიქონი თანაბარმარცვლიანია. ლექსის კითხვის დროს თითოეული სტრიქონის განსაზღვრულ ადგილზე დამთავრებისას, ჩვენ ვჩერდებით და ეს შეჩერება(პაუზა) იმაზე მიგვითითებს, რომ ლექსი განგებ (ე.ი. ბგერის მოწესრიგების მიზნით) არის დაყოფილი ცალ–ცალკე, შედარებით დამოუკიდებელ ერთეულებად(სტრიქონებად)

იხ. აგრეთვე: თეთრი ლექსი, რიტმი, ტერცინა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

3 ლირიკა

▲ზევით დაბრუნება


ლირიკა

პოეზიის გვარი, რომელშიც უშუალოდ არის გადმოცემული ავტორის პირადი მისწრაფება, განცდა, შთაბეჭდილება, რასაც იგი იღებს ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენისაგან.

მწერლის მიერ პირადი განცდების უშუალო გამოხატვის მაგალითები ეპოსში და დრამაშიც გვხვდება, მაგრამ ლირიკული ადგილი ეპოსში და დრამაში გამოსახვის ძირითადი საგნის ან საშუალების შემადგენელი ნაწილია (ელემენტი). თვით სიტყვა „ლირიკა” წარმოდგება სამუსიკო იარაღის სახელისაგან, რასაც ლირა ეწოდება. ლირიკა პოეზიის ერთ–ერთ გვარს იმიტომ უწოდეს, რომ ასეთი სახის ნიმუშებს ძველ საბერძნეთში ლირაზე ამღერებდნენ. ლირიკულ ნაწარმოებში პოეტი გამოხატავს თავის შინაგან სამყაროს, თავის პირად განცდებს, სურვილს, მისწრაფებას, აღტაცებას, სევდას, სიხარულს და ა.შ

ავიღოთ სანიმუშოდ აკაკის ცნობილი ლექსი „გაზაფხული”:

„დღეს მერცხალი შემოფრინდა,
ჭიკჭიკითა გადმომძახა,
„გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი ჩამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
არემარე მესხვაფერა!
სასოებამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნაური ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი თუ: „გულსა რაღად ვიტეხ,
ახლოს არის მომავალი!
მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა,
დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად: ტია, ტიას!”

ლირიკული ნაწარმოებისათვის ავტორის ისეთი განწყობილების გამოხატვაა მნიშვნელოვანი, რომელიც არა მარტო თვით ავტორს, არამედ მასთან ერთად სხვა ადამიანებსაც ახასიათებს; სიხარული და აღტაცება, რომელიც გამოხატა აკაკი წერეთელმა „გაზაფხულში”, ავტორთან ერთად, დამახასიათებელი იყო სხვა მოწინავე ადამიანებისათვისაც, რომლებიც თვითმპყრობელური რუსეთის დახავსებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური წყობილების დამხობაზე ოცნებობდნენ

ლირიკული ნაწარმოები უფრო ხშირად გამოხატავს ავტორის მღელვარე გრძნობას. დაძაბული მღელვარება დიდხანს ვერ გრძელდება და ლირიკული ნაწარმოების თემა, ჩვეულებრივ, ავტორის წუთიერი განცდაა. ამიტომ, ლირიკული ნაწარმოები, ხშირად, მცირე მოცულობისაა (შეიძლება დაიწეროს დიდი მოცულობის ლირიკული ნაწარმოებიც, მაგალითად – ლირიკული პოემა. მაგრამ ეს იშვიათად ხდება), უმთავრესად ლირიკული განცდები მცირე ზომის ლექსის საშუალებით სახიერდება

ლირიკული ნაწარმოების თემატიკა მდიდარია. ცხოვრებაში უამრავი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ადამიანის სულიერი მღელვარება გამოიწვიოს. ყველაფერი ის, რაც წარმოშობს პოეტის მღელვარებას, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი მისი სევდისა თუ აღტაცების გამოწვევის, შესაძლებელია ლირიკული ნაწარმოების თემად იქნეს გამოყენებული

ლირიკული ნაწარმოების უფრო გავრცელებული თემებია:

1. ბუნება. ბუნების თავისებურება, დღე და ღამე, მწუხრი თუ დილა, ზამთარი თუ ზაფხული, კამკამა ზეცა თუ სეტყვა–ქუხილი ადამიანში იწვევს სხვადასხვა შთაბეჭდილებას. ბუნების თავისებურებასთან დაკავშირებით ხშირად აღეძვრება მწერალს მისთვის რთული ფილოსოფიური საკითხები: ფიქრები ადამიანის დასაბამის, მისი ბუნების, მისი დანიშნულებისა და მისი მომავლის შესახებ (ნ. ბარათაშვილი – „ფიქრნი მტკვრის პირას”, „შემოღამება მთაწმონდაზედ” და სხვ.);

2. სიყვარული. („გახსოვს, ტურფავ” – ი. ჭავჭავაძის, „მერი” – გ. ტაბიძის, „შენ გეტრფი მარად” – გ. ვოლსკის, „რა კარგი ხარ, რა კარგი” , „დამიბრუნდი, დამიბრუნდი” – ი. გრიშაშვილის და სხვ). სატრფიალო ლირიკაში გამოხატულია სიყვარულის ობიექტით აღტაცება, განშორება, სევდა, სატრფოს სიახლოვის და თანაგრძნობის სურვილი, იჭვი და სხვა;

3. საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრება და სხვა. რევოლუცია და ბრძოლა („ხანჯალს” – ა. წერეთლის, „დროშები ჩქარა” – გ. ტაბიძის და სხვ); პატრიოტიზმი და ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა („ელეგია”; „მესმის, მესმის” – ი. ჭავჭავაძის, „თავო ჩემო”, „სულიკო”, „აღმართ–აღმართ”, „მუხამბაზი” – ა. წერეთლის, „დაბრუნება” – გ. ტაბიძის, „სამშობლოს ნანგრევებში” – ი. გრიშაშვილის)

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ბალადა, დრამა, ელეგია, ეპიგრამა, ეპოსი, თემატიკა, კომპონენტი, ლირიკული ლექსის კომპოზიცია, ლირიკული გადახვევა, ლირიკული სახე, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, ტერცინა, ფსიქოლოგიური რომანი, ჰიმნი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

4 ლირიკული ლექსის კომპოზიცი

▲ზევით დაბრუნება


ლირიკული ლექსის კომპოზიცია

სიუჟეტიანი ნაწარმოებისათვის დამახასიათებელი მოქმედების განვითარების ქვედა საფეხურები ლირიკულ ლექსში იშვიათად გვხვდება, მაგრამ მასში ხშირად აშკარად გამოიყოფა სიუჟეტის ცალკეული ელემენტები.

ი. ჭავჭავაძის ლექსში „გახსოვს, ტურფავ”, პირველი ორი ტაეპი ექსპოზიციაა, რადგან დასახელებულია დრო, ადგილი და მოქმედი პირები. მიუხედავად იმისა, რომ ლექსის შემდეგი ტაეპი აღარ შეიცავს კვანძს და არც მის მომდევნო საფეხურებს, მასში პოეტი უშუალოდ გამოხატავს თავის მწუხარებას იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალი და წარმავალთა შორის დროებითია ადამიანის სიყვარულის გრძნობაც

გ. ტაბიძის „მთაწმინდის მთვარეში” ლექსის დიდი ნაწილი უკავია პეიზაჟური ლირიკის საშუალებით შექმნილ ექსპოზიციას, რომელშიც იხატება დრო და ადგილი (მთვარიანი ღამე, თბილისის პეიზაჟი). ამის შემდეგ მზადდება კვანძი, რომელიც ითვალისწინებს ნ. ბარათაშვილისა და ა. წერეთლის პოეზიის საუკუნოებრივ მნიშვნელობას და როგორც პოეტის, ისე მკითხველის გონებაში, ბუნებრივად ჩნდება პარალელი გ. ტაბიძესა და ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს შორის. ეს პარალელი, რომელსაც თავისთავად წარმოშობს ლექსში მოცემული სიტუაცია, უკვე კვანძის სახით გვევლინება და დასრულებულ ფორმას იღებს საკითხის დაყენებით – თუ რა ღირებულებებისაა თვით ავტორის (გ. ტაბიძის) პოეზია. მოქმედების განვითარების შემდეგ საფეხურზე პოეტი ამბობს, რომ იგი მზად არის გულწრფელად გამოხატოს თავისი გულისნადები პოეტური ფორმების საშუალებით. ამასთან ერთად იგი ითვალისწინებს თავისი შემოქმედების მნიშვნელობას. იმას, რომ მაღალი ხელოვნების შემოქმედი სძლევს სიკვდილს და საუკუნეობრივ არსებობას იხვეჭს. პოეტი კმაყოფილია იმით, რომ მისგან შექმნილი მხატვრული სახეებიც საუკუნეობრივი მნიშვნელობისაა. ამ აზრთან დაკავშირებული განცდა თავისი მომავალი უკვდავებისა პოეტში თანდათან აძლიერებს კმაყოფილების გრძნობას, ემოციის დაძაბულობას; იგი განვითარების უმაღლეს საფეხურს (კულმინაციურ წერტილს) აღწევს შემდეგ სტრიქონებში:

„რომ აჩრდილნო, მე თქვენს ახლოს სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი”

უკანასკნელი ტაეპი პოეტის გრძნობის განვითარების კულმინაციური მომენტია. ამ ტაეპს მოსდევს ლექსის დამამთავრებელი ტაეპი („ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი”)

ეს არის უკვე კვანძის გახსნა – ამ ტაეპით ჩვენ ვგულისხმობთ, რომ პოეტის გრძნობის განსაკუთრებულმა დაძაბულობამ გაიარა და იგი დაუბრუნდა ლექსის დასაწყისში მოცემულ განწყობილებას. კომპოზიციური თვალსაზრისით, ეს ტაეპი, კვანძის გახსნასთან ერთად, მის განვითარებასაც წარმოადგენს

ლირიკულ ლექსში ჩვენ გვაქვს მოქმედების განვითარების ელემენტები, ზოგი მათგანი კი ლექსში აშკარად ვლინდება (ექსპოზიცია – ი. ჭავჭავაძის „ლექსში გახსოვს, ტურფავ”, გ. ტაბიძის – „მთაწმინდის მთვარე”, კულმინაცია, კვანძის გახსნა – „მთაწმინდის მთვარე”)

ლირიკული ლექსის კომპოზიცია უფრო ხშირად მარტივია. ზოგჯერ ლექსი მხოლოდ ორი მომენტის, ორი ეპიზოდისაგან შედგება

პირველში აღწერილია რაიმე გარეგანი მოვლენა (ბუნება, სატრფოს გარეგნობა, წარსულის მოგონება და სხვ.). მეორე ნაწილში კი პოეტი გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რასაც მასში აღძრავს მის მიერ ასახული გარეგანი მოვლენა ან რაიმე წარმოდგენა:

„ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალი სჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო, აყვავებულა მთები,
მამულო, საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?!” - (ილია).

ამ ლექსის თემა საქართველოს მომავალია და იგი ლექსის დასასრულს იხსნება

ლექსის იდეა ასეთია: ყველაფერს სიცოცხლე და განვითარება ახასიათებს, ზამთრისაგან მიძინებული ბუნებაც იღვიძებს და ჰყვავის. პოეტი ამ აზრზე მიგვანიშნებს ლექსის მთავარ ნაწილში. დასასრულს კი უფრო ნათლად ავლენს როგორც მთელი ლექსის იდეას, ისე თავის სურვილს, რომ ცხოვრების განახლებისა და წინსვლის ბუნებრივი კანონი მისი სამშობლოს მიმართაც განხორციელდეს

იხ. აგრეთვე: ექსპოზიცია, ეპიზოდი, კვანძი, კომპოზიცია, ლირიკა, სიუჟეტი, ტაეპი, პეიზაჟი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

5 ლირიკული გადახვევა

▲ზევით დაბრუნება


ლირიკული გადახვევა

ავტორის მიერ ამბის თხრობის დროებითი შეწყვეტა და პირადი აზრის ან შთაბეჭდილების უშუალო გამოხატვა, რაც გვიადვილებს მხატვრული ნაწარმოების თემისა და იდეის გარკვევას.

მხატვრულ ნაწარმოებში ავტორი ზოგჯერ წყვეტს გმირის ამბის თხრობას, თავს ანებებს გარეგან მოვლენათა აღწერას და უშუალოდ გვიხატავს თავის პირად შთაბეჭდილებას, რომელიც მან ამა თუ იმ მოვლენისაგან მიიღო

ნ. ბარათაშვილი პოემაში „ბედი ქართლისა” გვიჩვენებს იმ მიზეზებს, რომელთაც გამოიწვიეს საქართველოს რუსეთთან შეერთება, აგვიწერს მოქმედ პირთა სულისკვეთებას, შემდეგ უეცრად თავს ანებებს მოქმედების აღწერას, წყვეტს მოქმედ პირთა შორის საუბარს და უშუალოდ გამოთქვამს თავის პირად აღტაცებას სოფიოს პიროვნებით. იმავე დროს გამოთქვამს მწუხარებას იმის გამო, რომ მისი ეპოქის ქართველი ქალები გადაგვარდნენ, რომ მათთვის უცხოა სოფიოს მაღალი პატრიოტული გრძნობა:

„ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო,
კურთხევა თქვენდა, ტკბილ სახსოვარნო!
რა იქნებოდა, რომ ჩვენთა დედათ
სულიცა თქვენი გამოჰყოლოდათ?
ვინღა ჰყავს გულის შემატკივარი
მამულს ასული, ახლა თქვენგვარი”?

ამის შემდეგ ავტორი თავს ანებებს პირად მსჯელობას სოფიოს საქციელისა და ავტორის ეპოქის ქართველი ქალების შესახებ და კვლავ თავისი გმირების მდგომარეობისა და მოქმედების აღწერას აგრძელებს:

„რა მოახლოვდა ქალაქსა მეფე,
დიდხანს უჭვრეტდა ცრემლთა აღმჩქეფე!..”

აღნიშნული ეპიზოდი ლირიკული გადახვევის საუკეთესო ნიმუშია

თუმცა ლირიკული გადახვევა მეორეხარისხოვანი კომპოზიციური საშუალებაა, მაგრამ მისი გამოყენება მწერალს უადვილებს ამა თუ იმ მოვლენისა და თვით მოვლენისადმი მისი დამოკიდებულების უშუალოდ და მეტი სისრულით გამოხატვას

იხ. აგრეთვე: ახალი პოემა, ეპიზოდი, კომპოზიცია, ლირიკა, ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები, სიუჟეტი

წყარო: სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ.

6 ლირიკული სახე

▲ზევით დაბრუნება


ლირიკული სახე

ისეთი სახე, რომელიც უშუალოდ განიცდის მის მიერ მოთხრობილ მოვლენას.

ასეთ სახეს ქმნის, მაგალითად, ნ. ბარათაშვილის „ვპოვე ტაძარი”, „სულო ბოროტო”, ა. წერეთლის „აღმართ–აღმართ”, გ. ტაბიძის „მე და ღამე”, „მთაწმინდის მთვარე” და სხვ.

იხ. აგრეთვე: ლირიკა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

7 ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები

▲ზევით დაბრუნება


ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოები

ნაწარმოები, რომელიც ერთსა და იმავე დროს თითქმის თანაზომიერად შეიცავს ლირიკულ ელემენტსაც და ეპიკურსაც, რაიმე ფორმის ამბავსაც მოგვითხრობს, რაც მწერლის გარეშე ხდება და იმავე დროს თვით მწერლის პირად განწყობილებასაც გამოხატავს უშუალოდ.

„ეშმაკები ლოცულობენ, გულს ჰკიდიათ ავგაროზი,
ვაი, ჩვენ თავს, ვაი, ჩვენ თავს, ავად არის ტარტაროზი!
სიცხე მისცა ორშაბათს და სამშაბათს მოუმატა,
არ ეშველა, თუმც შესწირეს სამსხვერპლოზე შავი კატა.
თურმე კუჭი მოეშალა საუცხოვო ერთ ნადიმზე,
სამკურნალოდ მიუთითეს ჯოჯოხეთის რქიან ვირზე!
უებარი რამ გამოდგა ქერ–ნაჭამი ის მკურნალი,
შეატყო, რომ ტარტაროზსა მოხვედროდა ავი თვალი,
და მომართა მან საყვირი, დაიგრგვინა, დაიმეხა,
ჰკრა ტლინკი, მაგრამ ვაი! თავად კლდეზე გადიჩეხა;
იმის შემდეგ მიიწვიეს ხელმეორედ ქაჯთა დასი,
ზოგს უჭირავს სველი ტილო, ზოგსაც მოაქვს ოქროს თასი.
ზოგი მაჯას, ზოგი შუბლსა, ზოგი გულზე ადებს ხელებს.
ყველას გარეთ ისტუმრებენ, ვინც ხმამაღლა დაახველებს!
მაგრამ რაც დღე–ღამე გადის, მით სუსტდება ავადმყოფი,
სადაც არის დაობლდება ჯოჯოხეთის სრა–სამყოფი,
ეშმაკები ზარს ამბობენ, გულს ჰკიდიათ ავგაროზი,
ვაი ჩვენს თავს, ვაი ჩვენს თავს, კვდება, კვდება ტარტაროზი!” - (ი. ევდოშვილი).

ეს ლექსი ლირიკულ–ეპიკურია, რადგან იგი გამოხატავს თვითმპყრობელობის დაუძლურებასაც პირველი რევოლუციის დროს და ამასთან ერთად გამოხატავს ავტორის პირად სიხარულსა და აღტაცებას რევოლუციის აღმავლობით და მეფის ტახტის დამხობის მოლოდინით (ლექსში რუსეთის თვითმპყრობელი მეფე ნიკოლოზ II გამოყვანილია ტარტაროზად, მეფის მინისტრები და რეაქციის ძალები ეშმაკებად და პირუტყვებად)

ლირიკულ–ეპიკური ნაწარმოების ნიმუშია ვაჟა–ფშაველას „არწივი”:

„ არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ–ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა.
ცალ მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსას, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!”

ეს ლექსი არწივის სახით გვიხატავს მრავალრიცხოვან მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში დაჭრილ გმირს. არწივის ბრძოლის სურათი თავისთავადაც გამოხატავს ავტორის თანაგრძნობას შეუდრეკელი გმირისადმი, მაგრამ, ამასთან ერთად, ლექსის უკანასკნელ ოთხ სტრიქონში უშუალოდ გამოხატულია არწივის მძიმე მდგომარეობით გამოწვეული ავტორის მწუხარება და, ამავე დროს, სურვილი მტრების დამარცხებისა. ეს ლექსი ლირიკულია იმდენად, რამდენადაც იგი ავტორის განწყობილების უშუალოდ გამომხატველია, და, ეპიკურიც, იმდენად, რამდენადაც იგი არწივის ამბავს მოგვითხრობს

ლიტერატურულ ნაწარმოებში მეტ–ნაკლებად შეიძლება იყოს ლირიკული ან ეპიკური ელემენტი, მაგრამ ამით მას ლირიკულ–ეპიკურ გვარს ვერ მივაკუთვნებთ. მაგ. ნ. ბარათაშვილის პოემაში „ბედი ქართლისა” გვხვდება ლირიკული ელემენტები (ლირიკული გადახვევა): „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო”;

ლირიკული გადახვევის ფორმით გრძელდება აგრეთვე არაგვის პეიზაჟი:

„მორბის არაგვი, არაგვიანი,
თან მოსძახიან მთანი ტყიანნი
და შეუპოვრად მოუთამაშებს
გარემო თვისსა ატეხილ ჭალებს.
ჰოი, ნაპირნო, არაგვის პირნო,
მობიბინენო, შვებით მომზირნო,
ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს,
ოდეს შვენთქვენს ბუჩქებში არა ჩამოხდეს,
რაც უნდა გზასა ეშურებოდეს!
როგორ იქნება არ განისვენოს?
სამჯერ ხომ მაინც გადაჰკრავს ღვინოს,
ცხენს მოაძოვებს, თვალს მოატყუებს,
გამოიღვიძებს–შუბლს განიგრილებს,
ერთს ქართველურად კიდევ შესძახებს:
არაგვო, მაგ შენს ამწვანებულ მთებს,
და მერე თუნდაც დაუგვიანდეს,
იგი იმისთვის აღარ დაღონდეს!”.

მიუხედავად ასეთი ლირიკული ელემენტების არსებობისა, „ბედი ქართლისა” მაინც არ ჩაითვლება ლირიკულ–ეპიკურ ნაწარმოებად, რადგან იგი, საერთოდ, ეპიკური ნაწარმოებია. ლირიკული მასში მხოლოდ მცირე ნაწილია, ლირიკულ ელემენტს ეპიკური ჭარბობს. ლირიკულ–ეპიკური რომ ვუწოდოთ, ამისათვის საჭიროა ორივე ელემენტის უხვად არსებობა

ქართულ ლიტერატურაში ლირიკულ–ეპიკურ ნაწარმოებთა ნიმუშებია: ი. ჭავჭავაძის „იანიჩარი”, ა. წერეთლის პოემა „ასი წლის ამბავი”, ჭოლა ლომთათიძის მოთხრობები „სახრჩობელას წინაშე”, „პირველი მაისი”, ა. მირცხულავას „ძმები”, გ. ქუჩიშვილის – „ჯვრის მონასტერი” და სხვ

იხ. აგრეთვე: ბალადა, ლირიკა, ლირიკული გადახვევა, პეიზაჟი, პოემა

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

8 ლიტერატურული დახასიათება

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული დახასიათება

ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური თვისებების მოხაზვა მოქმედი პირის ცოცხალი სახის შექმნის მიზნით.

დახასიათება, ფართო გაგებით, ნიშნავს ამა თუ იმ მოვლენის ძირითადი ნიშნების შერჩევას. ადამიანის ლიტერატურული სახის შექმნა რთული საქმეა. ლიტერატურულ ნაწარმოებში დახასიათება უმთავრესად გვევლინება, როგორც ადამიანის სახის შექმნის ერთ–ერთი საშუალება. მწერლის მიერ ამ მიზნის მიღწევა არ ხორციელდება მხოლოდ ერთი საშუალებით. სახის შექმნისათვის მწერალი იყენებს დახასიათებას, პორტრეტს, ტიპური გარემოს ასახვასა და ტიპური სახის შექმნის სხვადასხვა საშუალებებს

„ბაში–აჩუკის” მთავარი გმირი გლახუკა ბაქრაძე (იგივე ბაში–აჩუკი) ავტორს დახასიათებული ჰყავს როგორც მამაცი, სამშობლოს მოყვარული და საქვეყნო საქმისათვის თავდადებული პიროვნება

ოთარაანთ ქვრივი ილიას დახასიათებული ჰყავს როგორც მხნე, გამრჯე, კაცთმოყვარე, გამჭრიახი და მტკიცე ნებისყოფის პიროვნება

დახასიათება საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები, როგორც ცოცხალი სახეები, მათი ინდივიდუალური და ზოგადი თვისებებით

დახასიათება უმთავრესად ორგვარი სახისაა: პირდაპირი და არაპირდაპირი. გმირების დახასიათებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ ყოფაქცევას. პერსონაჟების ყოფაქცევის საშუალებით ჩვენ საუკეთესო მასალა გვეძლევა მათ დასახასიათებლად. გმირების დახასიათებისათვის ილიას მიერ „გლახის ნაამბობში” გამოყვანილი მოძღვრის საუკეთესო თვისებები – ხალხის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ხალხისათვის თავგანწირვა, უანგარო შრომა ხალხში განათლების შუქის შესატანად – ჩვენთვის უფრო თვალსაჩინო და დამაჯერებელია მით, რომ იგი ამ თვისებებს თავისი მოქმედებით ამჟღავნებს. ეს მოქმედება ილიას ისეთი ცოცხალი სახეებით აქვს მოცემული, თითქოს ჩვენ თვითონ ვართ უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ უხსნის მღვდელი გლეხებს სწავლის საჭიროებას, გაბროსა და სხვებს როგორ ასწავლის წერა–კითხვას და როგორ ზრუნავს ადამიანთა კულტურული და მორალური ამაღლებისათვის. დაბოლოს, როგორ ეშვება თავგანწირული აბობოქრებული მდინარის ტალღებში მოძმის გადასარჩენად. მისი მოქმედების, მისი ყოფაქცევის საშუალებით ილია მას უფრო დამაჯერებლად ახასიათებს, ვიდრე გაბროს სიტყვებით

მწერალი ადამიანებს ახასიათებს და მათ პორტრეტებს, შინაგან განცდებს გვიხატავს არა როგორც სქემას, არამედ გვიხატავს მის ზრდას საერთო პირობებთან დაკავშირებით, გვაძლევს ამა თუ იმ ხასიათის ზრდისა და ჩამოყალიბების ისტორიას

პლატონ სამანიშვილი, სანამ დედისერთაა და მამულის გამყოფი არავინ ჰყავს, ბედით კმაყოფილია. შემდეგ, როდესაც მამამისი ცოლის შერთვას დააპირებს, მას უკვე შიში იპყრობს მეტოქის მოლოდინის გამო. დედინაცვლის ფეხმძიმობის გამოაშკარავების შემდეგ კი იგი სავსებით სასოწარკვეთილი, უმწეო და ნაღვლიანი ხდება. პლატონის ცხოვრების პირობები რომ სხვაგვარი ყოფილიყო, ბუნებრივია, მისი ხასიათიც სხვაგვარად განვითარდებოდა

იხ. აგრეთვე: პორტრეტი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

9 ლიტერატურული მეთოდი

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული მეთოდი

ლიტერატურული ნაწარმოების მეშვეობით სინამდვილის ასახვის თავისებური გზა. („მეთოდოს” ბერძნულად ნიშნავს გზას).

ამა თუ იმ მწერალს ან მწერალთა ჯგუფს სინამდვილის ასახვის სხვადასხვა პრინციპი, სხვადასხვა გზა ახასიათებს. ზოგიერთი მწერალი უშუალოდ გვიხატავს ადამიანთა ცხოვრებას, ცხოვრების სინამდვილეს, ზოგი მათგანი კი, პირიქით, უშუალოდ არ გვიხატავს ცხოვრების სინამდვილეს, ზურგს აქცევს მის გარშემო არსებულ რეალურ მოვლენებს და, სინამდვილის ნაცვლად, გვიხატავს მხოლოდ იმას, რაც არ არის, მაგრამ სასურველია, რომ იყოს. ამ სასურველს, ანუ იდეალურს იგი უპირისპირებს ხშირად მისთვის მიუღებელი ცხოვრების სინამდვილეს და შემოქმედებაში მთავარ მნიშვნელობას გრძნობას და ოცნებას, ფანტაზიას და პირად განწყობილებას ანიჭებს.

ლიტერატურის ისტორიაში სინამდვილის მხატვრულად ასახვის სხვადასხვა მეთოდს ვხვდებით: მათ შორის მთავარია რომანტიზმი და რეალიზმი.

ლიტერატურული მეთოდი მიმდინარეობისა და მიმართულებისაგან განსხვავების მიზნით უკანასკნელ ცნებებთან შეფარდებით უნდა განვიხილოთ. თუ ლიტერატურული მიმდინარეობა მეტად ხანმოკლეა, მიმართულება კი უფრო ხანგრძლივია, მეთოდი ცხოვრების მოვლენათა შერჩევის, შეფასებისა და გამოსახვის ისეთი თავისებურებაა, რომელიც ლიტერატურისა და ხელოვნების განვითარების ყველა საფეხურს წვდება.

რეალიზმი, როგორც მხატვრული მეთოდი, თავისებური ფორმით არსებობდა ანტიკურ ეპოქაშიც. (ჰომეროსის პოემები), საშუალო საუკუნეებშიც („ვეფხისტყაოსანი”), დასავლეთ ევროპის რენესანსის ხანაში (ბოკაჩიო, შექსპირი), ფრანგული კლასიციზმის ბატონობის დროს (მოლიერი). განსაკუთრებით განვითარდა XIX და XX საუკუნეებშიც და იარსებებს მომავალშიც.

მხატვრული ნაწარმოები, რომელი ეპოქისაც არ უნდა იყოს, რომელიმე მეთოდის საფუძველზე წარმოიქმნება. ან რეალისტური იქნება, ან რომანტიკული, ერთ–ერთი ელემენტი უფრო ჭარბად გამოვლინდება, მეორე ნაკლებად.

მხატვრული მეთოდი, როგორიც არის რომანტიზმი და რეალიზმი, თავის შიგნით ითავსებს სხვადასხვა მიმართულებებს (მაგ. რეალიზმი ითავსებს კლასიციზმს, კრიტიკულ რეალიზმს), ხოლო მათ პარალელურად, რომანტიზმისა და რეალიზმის ფარგლებში ჩნდება აგრეთვე უფრო ხანმოკლე გაერთიანებანი (სიმბოლიზმი, ფუტურიზმი).

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი, პოემა, სიმბოლიზმი, ფუტურიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

10 ლიტერატურული მიმართულება

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული მიმართულება

მონათესავე ფორმისა და შინაარსის მქონე ნაწარმოებების ავტორ მწერალთა ხანგრძლივი ერთობლიობა.

ლიტერატურის ისტორიაში შეინიშნება ფორმის, შინაარსის, თეორიულ შეხედულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც ხანგრძლივია და მისი გავლენა საუკუნის ფარგლებს სცდება. ასეთია, მაგალითად, კლასიციზმი, კრიტიკული რეალიზმი და სხვ.

იხ. აგრეთვე: კლასიციზმი, რეალიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

11 ლიტერატურული მიმდინარეობა

▲ზევით დაბრუნება


ლიტერატურული მიმდინარეობა

მონათესავე ფორმისა და შინაარსის მქონე მწერალთა ხანმოკლე ერთობლიობა.

ყოველ მხატვრულ ნაწრმოებს და ყოველ მწერალს შინაარსისა და ფორმის თავისებურება ახასიათებს. ამ თავისებურებასთან ერთად მწერლის შემოქმედების შინაარსსა და ფორმას აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომლითაც იგი სხვა სხვა მწერლის შემოქმედებას უახლოვდება. მთელ რიგ მწერალთა შემოქმედებაში შეგვიძლია მოვნახოთ ისეთი ელემენტები, რომლებიც საერთოა მწერალთა მთელი ჯგუფისათვის. სინამდვილის უარყოფა, პესიმიზმი (შინაარსის თავისებურება), გამოსახვის მთავარ საშუალებად სიმბოლოს გამოყენება (ფორმის თავისებურება) ისეთი საერთო თვისებები იყო, რომლითაც ხასიათდებოდა მწერალთა განსაზღვრული ჯგუფი მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში

იხ. აგრეთვე: სიმბოლიზმი

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977

12 ლიტოტესი

▲ზევით დაბრუნება


ლიტოტესი

საგნის ან მოვლენის დამცირებულად გამოხატვა.

„მგზავრის წერილებში” რუსი ოფიცერი ასე ახასიათებს თბილისს: „აბა, რა ქალაქია თქვენი ქალაქი, ერთი თავიდან რომ გადააფურთხო, ქალაქის ბოლოს დაეცემა”

ზოგჯერ ლიტოტესიც და ჰიპერბოლაც ერთად გვხვდება – „შვილო, ნეფის ტოლა კაცია (ჰიპერბოლა), ჩვენისთანა მწერს (ლიტოტესი), ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს (ჰიპერბოლა) – (ე. ნინოშვილი).

წყარო: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც.. - თბ. : განათლება, 1977