ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - კ

კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი (Juvenile in Conflict with Law) – თითოეული ის ბავშვი, რომელმაც როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ყველა პირს, რომელსაც სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, უნდა მოეპყრონარასრულწლოვანთამართლმსაჯულების წესების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ფრაზა “კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები~ ეხება 18 წლამდე ასაკის პირებს, განურჩევლად იმისა, თუ რა ასაკი ითვლება სრულწლოვანების მიღწევის ასაკად ამა თუ იმ სახელმწიფოში.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნად ითვლება 18 წლამდე ასაკის პირი, რომლის მიმართაც:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩიადინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის

თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

არასრულწლოვანი ბრალდებულის საპროცესო უფლებები განმტკიცებულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლით აგრეთვე, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლით.

კანონიერი წარმომადგენელი (Legal Representative) - არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, მხარდამჭერი, მეურვე, მზრუნველი, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესების დასაცავად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობს და სარგებლობს არასრულწლოვნის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანმა ისარგებლოს.

კოგნიტური განვითარება (Cognitive Development) - აზროვნების უნარის ჩამოყალიბება. ხშირად, კოგნიტურ განვითარებას ინტელექტუალურ განვითარებასაც უწოდებენ. კოგნიტური განვითარება მოიცავს ინფორმაციის დამუშავების უნარს, აღქმას, ენის დასწავლის უნარს და თავის ტვინის განვითარების სხვა ასპექტებს როგორიცაა, მეხსიერება, ცნების ჩამოყალიბება, ამოცანის დასახვა და ამოხსნა, წარმოსახვა, ლოგიკა.

კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაცია (Commercial Sexual Exploitation of Children) - საერთაშორისო სამართალი ტერმინის - „კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის“ (CSEC) დეფინიცირებას არ ახდენს. შესაბამისად, მას ხშირად, „ბავშვის სექსუალური ექსპლოატაცია“ - ტერმინის სახით, ალტერნატიულად იყენებენ. აღნიშნულს მოწმობს მსოფლიო კონგრესის მიერ ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიღებული სამი დოკუმენტი. ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მსოფლიო კონგრესის მიერ 1996 წელს მიღებული ე. წ. სტოკჰოლმის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, კომერციული მიზნით სექსუალურ ექსპლოატაციას შემდეგნაირად განმარტავს: „სრულწლოვანის მიერ ჩადენილ სექსუალურ ძალადობას ბავშვისთვის ან სხვა მესამე პირისთვის, სანაცვლოდ თანხის გადახდის გზით. ბავშვი განიხილება, როგორც სექსუალური ობიექტი და კომერციული ობიექტი. კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია წარმოადგენს ბავშვთა წინააღმდეგ იძულებისა და ძალადობის ფორმას და მიიჩნევა, როგორც იძულებითი შრომა და მონობის თანამედროვე ფორმა“.

მეორე მსოფლიო კონგრესი კომერციული მიზნით ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ გაიმართა იოკოჰამაში, 2001 წელს. მეორე დოკუმენტი ასახავს მკაფიო ტენდენციას, რომლის მიხედვითაც, ტერმინი “კომერციული~ ამოღებული იქნა ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციის ყველა ფორმისგან დაცვასთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ტერმინი კვლავ რჩება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებში, როგორც კომერციული მიზნებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ „ბრძოლისა“ და „აღმოფხვრის“ ნაწილი.

2008 წელს, რიო-დე-ჟანეიროში მესამე მსოფლიო კონგრესის შეხვედრის სახელწოდება ცნობილია როგორც „ბავშვთა და მოზარდთა სექსუალური ექსპლოატაციის წინააღმდეგ მსოფლიო კონგრესი“. სახელწოდებაში ტერმინი „კომერციული“ ამოღებულია. აღნიშნული გადაწყდა მონაწილე ორგანიზაციებისა და კონგრესის ორგანოზატორთა შეთანხმებით, რომლის თანახმადაც, ტერმინი „კომერციული“ ბავშვთა სექსუალურ ექსპლოატაციის ცნებას დამატებით განსაკუთრებულად არ ცვლის და შესაბამისად, არის „ზედმეტი“. რიოს დეკლარაცია ტერმინს „კომერციული“ არ მოიხსენიებს, გარდა 59-ე პარაგრაფისა, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფოებმა: „უნდა უზრუნველყონ როგორც ეროვნულ ასევე, საერთაშორისო დონეზე, კოორდინირებული ზომების გატარება, ბავშვთა კომერციული მიზნით სექსუალური ექსპლოატაციის ორგანიზებული დანაშაულების (ფიზიკური თუ იურიდიული პირების მხრიდან) შეჩერებისა და აღმოფხვრის მიზნით. აქედან გამომდინარე, ტერმინი „კომერციული“ მოაზრება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების ფარგლებში - მოცემულ შემთხვევაში ორგანიზებული დანაშაულის წევრებთან მიმართებით.

ევროკავშირის 2011/93 დირექტივა ტერმინის - „სექსუალური ექსპლოატაცია“ ფარგლებში მოიცავს კომერციულ ასპექტს, მითითებით, რომ წევრმა სახელმწიფოებმა ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის აღმოსაფხვრელად სრულად უნდა გამოიყენონ „არსებული ინსტრუმენტები დანაშაულის აღსაკვეთად და ჩასახშობად“. უფრო მეტიც, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-7 მუხლი მოითხოვს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა გაატარონ შესაბამისი ზომები დანაშაულის ჩადენისას ან ხელშესაწყობად გამოყენებული ნივთების კონფისკაციისა და დანაშაულიდან გამომდინარე პროცედურების აღმოსაფხვრელად.

კომუნიკაცია (Communication) - ინფორმაციის აღქმის და გადაცემის, ადამიანების ურთიერთქმედების და მოსაუბრეთა ურთიერთობის პროცესი. კომუნიკაციის ფორმებია: საქმიანი მიმოწერა, ზოგადად, ნებისმიერი ეპისტოლარული ფორმა, მოლაპარაკება და ა. შ. კომუნიკაცია შეიძლება დამყარდეს როგორც ორ ადამიანს, ისე ადამიანების ჯგუფებს შორის, შესაძლოა საჯარო, მასობრივი, პოლიტიკური კომუნიკაციაც. არსებობს კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმები.