ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ლ

ლატენტური (Latent) - დაფარული ან არსებული, მაგრამ ჯერ გამოუმჟღავნებელი.

ლტოლვილი ბავშვები (Refugee Children) - საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სამართლის შესაბამისად, ლტოლვილ ბავშვებს უფლება აქვთ მიიღონ სათანადო დახმარება.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ქმედითი სისტემა და კანონმდებლობა ლტოლვილი ბავშვების დასაცავად (ზოგადი კომენტარი №6, 64-ე პუნქტი). მონაწილე სახელმწიფოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ მათ უნდა დაიცვან არა მხოლოდ შესაბამისი საერთაშორისო სამართლის ნორმები, არამედ ლტოლვილ ბავშვებს აქვთ „უფლება ისარგებლონ ყველა ადამიანის უფლებით, რომელიც მინიჭებული აქვთ ამ იურისდიქციის ფარგლებში მყოფ ბავშვებს მათ შორის, ისეთი უფლებებით, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია ამ ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნა“ (ზოგადი კომენტარი №6, 76-ე პუნქტი).

ბავშვის უფლებათა კომიტეტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსის განსაზღვრის მიზნით, ინტერვიუ ან პროცესი უნდა ჩატარდეს ბავშვისთვის კეთილგანწყობილ გარემოში და შესაძლებელი უნდა იყოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. მეურვე ან მრჩეველი ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, იურისტები ან თარჯიმნები უნდა დაინიშნონ, რათა ყველა გადაწყვეტილება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით იყოს მიღებული.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 22-ე მუხლის თანახმად, როდესაც ბავშვი მიიღებს ლტოლვილის სტატუსს, მას აქვს უფლება „ისარგებლოს სათანადო დაცვითა და ჰუმანიტარული დახმარებით“. კომიტეტი ასევე აღნიშნავს წარმოშობისა და ტრანზიტული სახელმწიფოების პასუხისმგებლობასაც.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ეხება ლტოლვილთა ოჯახის გაერთიანებას, კერძოდ: კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ხელს შეუწყობენ ნებისმიერი ლტოლვილი ბავშვის მშობლებისა თუ ოჯახის სხვა წევრების მოძებნას, მისი ოჯახთან შეერთების აუცილებელი ინფორმაციის მისაღებად. ასევე, №6 ზოგადი კომენტარის თანახმად, ოჯახის გაერთიანება უმნიშვნელოვანესია ლტოლვილი ბავშის პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის. თუმცა, მე-9 მუხლის თანახმად, ზოგ შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება აუცილებელი გახდეს მშობლებთან განშორება. თუ შეუძლებელია ბავშვის მშობლის ან ოჯახის წევრების პოვნა, მას უფლება აქვს მიიღოს ისეთივე დაცვა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ბავშვებისთვის, ვისაც დროებით ან მუდმივად არ აქვთ ოჯახურ გარემოში ყოფნის საშუალება. შესაბამისად, ლტოლვილ და თავშესაფრის მაძიებელ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლება დაცვის მიღებაზე, როგორც ბავშვებს, რომელთაც არ აქვთ ოჯახურ გარემოში ყოფნის საშუალება.

კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა შეუძლია ყველა ბავშვს, თუ საწინააღმდეგო არ არის პირდაპირ აღნიშნული. ლტოლვილი ბავშვების რთული მდგომარეობისა და საჭიროებების გათვალისწინებით, აუცილებელია მათი სპეციალური დაცვა და დახმარება.

ლტოლვილი ბავშვების უფლებების განხილვისას, მიზანშეწონილია კონვენციის ზოგადი პრინციპების გამოყენებაც. დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის გამოყენებას ბავშვის ლტოლვილის სტატუსის საფუძველზე. ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპი მოითხოვს, მოხდეს ყველა ლტოლვილი ბავშვის მდგომარეობის ძირეული შესწავლა საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად. სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება ითვალისწინებს ძალადობისა და ექსპლოატაციისგან დაცვას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ლტოლვილი ბავშვები განსაკუთრებით მაღალი რისკჯგუფს წარმოადგენენ მათ ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენის, განვითარებისა და გადარჩენის საფრთხეების მიმართ, როგორიცაა დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვა და ტრეფიკინგი.

რაც შეეხება მიგრანტ ბავშვებს, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს მიგრაციის უფლება პერ სე; შესაბამისად, ამ საკითხის რეგულირება ძირითადად, ეროვნული იურისდიქციის ქვეშ ხვდება. თუმცა, ვინაიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებები ეხება ყველა ბავშვს, იგი გამოიყენება იმ ბავშვების მიმართაც, რომლებიც მშობლებთან ან მათ გარეშე არიან მიგრაციაში.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 12) მიხედვით, არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ოჯახის ერთიანობის პრინციპს, არასრულწლოვნის კეთილდღეობას, სოციალურ განვითარებას, უსაფრთხოებას და არასრულწლოვნის მოსაზრებას, მისი ასაკისა და უნარების (მათ შორის, განვითარების დონის, აღქმისა და კომუნიკაციის უნარების) გათვალისწინებით.