მ მავნე გავლენა (Harmful Effect) - იმ ფილმების ჩვენებით, ნაბეჭდი პროდუქციის,
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება-გასაღებით, აზარტულ თამაშში
მონაწილეობით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს
არასრულწლოვნის ფსიქიკურ ან/ და ფიზიკურ ჯამრთელობას, მის მორალურ და სოციალურ
განვითარებას.
არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე გავლენისგან, რომელიც დაკავშირებულია ალკოჰოლური
სასმელების, თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობასთან -
რეგულირდება „მავნე გავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით.
მაუწყებლობაში არასრულწლოვანთა მავნე გავლენისაგან დაცვის საკითხები რეგულირდება
„მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრული ქცევის
კოდექსით.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს თამბაქოს
მოხმარების შეზღუდვას 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებსა
და საზოგადოებრივი შეკრების ადგილებზე.
მავნე ტრადიციული პრაქტიკა (Harmful Practice) - საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ
კრძალავს მავნე ტრადიციული პრაქტიკის ყველა ფორმას და ავალდებულებს სახელმწიფოებს
შესაბამისი ზომების მიღებას. მავნე პრაქტიკა ხშირად დაკავშირებულია ნაადრევ ან
იძულებით ქორწინებასთან. თუმცა, ასევე მოიცავს სხვა ფორმებს, როგორიც არის ფიზიკური
დასჯა და ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯება. ეროვნულ დონეზე ზოგჯერ, შეინიშნება
მცდელობები, გაამართლონ მსგავსი პრაქტიკა ისტორიული ან კულტურული ფაქტორით.
ქალის სასქესო ორგანოების დამახინჯებას მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს
სექსუალურ ცხოვრებაზე და მიზნად ისახავდეს სექსუალური ცხოვრების კონტროლს. ის
შეიძლება მოიცავდეს სასქესო ორგანოს ნაწილობრივ ან მთლიან ამოკვეთას, სხვა სახის
ტრავმის მიყენებას. ეს ყველაფერი როგორც წესი, ხორციელდება ტრადიციების და
სოციალურ-რელიგიური ნორმების თანხვედრით, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებების
თანახმად, მიიჩნევა საზიანო ქმედებად და წარმოადგენს გენდერული ნიშნით
დისკრიმინაციას. მავნე პრაქტიკის სხვა მაგალითებია: მკერდის გაბრტყელება,
ქალიშვილობის შემოწმება, იძულებითი აბორტი, სტერილიზაცია სხვ.
1989 წლის „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის (ჩღჩ) 24-ე მუხლის მე3 პუნქტის
თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს
იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა
ჯანმრთელობაზე.
1999 წლის „ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის (ACRWC)
21-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ზომებს მავნე სოციალური და
კულტურული პრაქტიკის გამოსარიცხად.
2000 წელს მიღებული „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის ფაკულტატური ოქმი
„ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ (OPSC)
პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მავნე ტრადიციული პრაქტიკა არის ბავშვთა ვაჭრობის,
პროსტიტუციის, ბავშვთა პორნოგრაფიის ხელშემწყობი ფაქტორი.
2011 წლის სტამბოლის კონვენციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მონაწილე
სახელმწიფოები ატარებენ ყველა საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რათა კონვენციის
ფარგლებით მოცულ რომელიმე დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოებისას არ
მოხდეს მსგავსი ქმედების გამართლება ტრადიციით, ადათ-წესებით, რელიგიით, ე. წ.
„ღირსებით“.
2014 წლის ბავშვის უფლებათა კომიტეტის (CRC Committee) და ქალთა მიმართ ყველა
ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (CEDAW Committee) მიერ მიიღეს
ერთობლივი ზოგადი კომენტარი 31 მავნე ტრადიციულ პრაქტიკაზე.
მავნე შინაარსის მქონე მასალების ხელმისაწვდომობა (Exposure to Harmful Content) -
ბავშვებისთვის ასაკის შეუსაბამო სექსუალური ან ძალადობრივი ხასიათის მასალების
ხელმისაწვდომობა, რომელიც ზიანს აყენებს მათ შემდგომ განვითარებას. მავნე შინაარსის
მასალები მოიცავს გაცილებით ფართო სპექტრს, ვიდრე ბავშვთა პორნოგრაფია, მათ შორის
ზრდასრულთა პორნოგრაფია, ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემცველი მასალები და ასევე
ძალადობის შემცველი ვიდეო თამაშები ან/და ვებგვერდები, რომლებიც აღვივებენ
სიძულვილს.
„მავნე შინაარსის მასალების ხელმწისაწვდომობა“, რომელიც პორნოგრაფიულია, ხანდახან
გულისხმობს ბავშვთა გარყვნას ისეთ შემთხვევებში, როდესაც ზრდასრული გამიზნულად
აწვდის ბავშვს ან მისი თანდასწრებით უყურებს პორნოგრაფიას. მსგავსი შემთხვევა
განეკუთვნება უკონტაქტო სექსუალურ ძალადობას.
აღსანიშნავია, რომ მავნე შინაარსის მასალების ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის მეტად
საზიანო შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც მოზარდებზე შესაძლოა არ იქონიოს უკიდურესად
ნეგატიური ეფექტი, თუმცა გახდეს სექსუალური ცხოვრების შემეცნების მიზეზი.
მანიაკალური ეპიზოდი (Manic Episode) - ბიპოლარული აშლილობის კომპონენტი,
რომლისთვისაც დამახასიათებელია უკიდურესი აღგზნების პერიოდები, ეიფორია და საკუთარ
უნარებზე არარეალისტური და გაზვიდებული წარმოდგენა. მარტოხელა მშობელი (Single Parent)
- არის მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის
სტატუსის მქონე პირი. მარტოხელა დედა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე
დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის
შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე, პირი, რომელსაც ჰყავს შვილად
აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ
იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს
ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის
ჩანაწერში არ არის შეტანილი აღნიშვნა ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი,
რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად
აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.
მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია ბავშვის დაბადების აქტის
ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის)
მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სხვა გარემოება, რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
მარჩენალდაკარგული (Without Guardian) - ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის
შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე. მედიაცია (Meditation)
- კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანსა და დაზარალებულს
შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია
არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა.
მედიაციის პროცესში მონაწილეობს აგრეთვე, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი,
ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ან/და სხვა პირი. სურვილის შემთხვევაში, ამ პროცესში
მონაწილეობის მიღება პროკურორსაც შეუძლია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო მედიაციას ექვემდებარება:
საოჯახოსამართლებრივი დავები, გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილობისა,
მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევისა; სამემკვიდრეო დავა; სამეზობლო დავა;
ნებისმიერი დავა, თუ მხარეები თანახმა არიან. სარჩელის სასამართლოში წარდგენის
შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს
(ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით.
მედიატორი (Mediator) - მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მესამე მხარე, სათანადო
კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის
შუამავლის როლს ასრულებს, წარმართავს და კოორდინაციას უწევს მედიაციის პროცესს.
მეთვალყურეობაში გადაცემა (Transfer for Supervision) -არასრულწლოვანი
მეთვალყურეობაში შეიძლება გადაეცეს მის მშობელს, ახლო ნათესავს, მეურვეს, მზრუნველს
ან სპეციალური საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციას. პირმა ან ადმინისტრაციამ,
რომელსაც არასრულწლოვანი გადაეცემა მეთვალყურეობაში, უნდა უზრუნველყოს, რომ იგი
შეასრულებს სათანადო ქცევის ვალდებულებას. საქართველოს არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსის 61-ე მუხლი არეგულირებს მეთვალყურეობაში გადაცემასთან
დაკავშირებულ საკითხებს. მეიდენტობა (Identity) - ბავშვობაში ჩამოყალიბებული შედარებით მყარი წარმოდგენა
საკუთარ თავზე, თვისებებზე, უნარებზე, სოციალურ ღირებულებებზე და ა. შ.
მენტალური მოდელი (Mental Model) - მენტალური მოდელი აყალიბებს ადამიანის ქცევას და
მიდგომას პრობლემების მოგვარებისა და ამოცანების შესრულებისადმი და წარმოადგენს
კონკრეტული ადამიანის მიერ აღქმულ გარემოს ან სამყაროს მოდელს და ამ სამყაროს
სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის ურთიერთქმედებას ანუ ე. წ. პერსონალურ ალგორითმს
(ინსტრუქციების ერთობლიობა, რომლებიც აღწერენ კონკრეტულ ქცევათა თანმიმდევრობას,
რომელიც საჭიროა დასახული ამოცანის განსახორციელებლად და შედეგის მისაღწევად).
მეორეული ვიქტიმიზაცია (Secondary Victimisation) - არასრულწლოვანი
დაზარალებულისათვის/არასრულწლოვანი მოწმისათვის შესაძლო ზიანის მიყენება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მისი მონაწილეობის შედეგად.
ტერმინი „მეორეული ვიქტიმიზაცია“ ეხება თავდაპირველი (სექსუალური) ვიქტიმიზაციის
შედეგად დამატებით ვიქტიმიზაციას. აღნიშნული განისაზღვრება როგორც „მსხვერპლის
დამადანაშაულებელ მოპყრობას, ქცევას ან პრაქტიკას, სადაც ჩართულია საზოგადოებრივი
მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც დამატებით ტრამვას აყენებს სექსუალური
ძალადობის მსხვერპლს“ ან ნეგატიური სოციალური ან საზოგადოებრივი რეაქცია ან
თანმდევი შედეგი პირველადი ვიქტიმიზაციის შემდეგ, რის გამოც მსხვერპლს დამატებით
მიადგა ზიანი. ამდენად, ბავშვთა მეორეული ვიქტიმიზაცია შესაძლებელია იყოს
ინდივიდების ან ინსტიტუტების მხრიდან მსხვერპლის მიმართ არასათანადო (მცდარი)
მოპყრობის შედეგი, როგორიცაა მსხვერპლისთვის დამადანაშაულებელი ან შეუფერებელი
ლექსიკა სამედიცინო/იურიდიული სფეროს ან სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა
მხრიდან, რომლებთანაც მსხვერპლს აქვს სექსუალური ძალადობის/ექსპლოატაციის შემდეგ
კონტაქტი, არასათანადო მოპყრობა. აღნიშნული შედეგი ასევე, შესაძლებელია
უკავშირდებოდეს მართლმსაჯულების პრინციპებს, რომელიც არ არის ბავშვის საუკეთესო
ინტერესზე მორგებული, როგორიცაა მაგალითად, საქმის განმეორებით განხილვა
საგამოძიებო ორგანოში თუ სასამართლოში, განმეორებითი სამედიცინო შემოწმება და ა. შ.
სამართალწარმოების პროცესში მრავალი პირის მონაწილოებით.
აღნიშნულ ცნებაში არ უნდა მოვიაზროთ
„პირდაპირი“ მსხვერპლის მახლობლად მყოფი სხვა პირები ან თვითონ მოძალადე, რომლებმაც
შესაძლოა თავი იგრძნონ დაზარალებულად. ამ შემთხვევაში გამოიყენება ტერმინი „ირიბი“
დაზარალებული. მეურვეობა (Guardianship) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეურვეობა
წესდება ბავშვზე, რომელსაც 7 წლის ასაკისათვის არ მიუღწევია.
მეურვეობის უფლება (The Right to Guardianship) - უფლება, რომელიც ეხება ბავშვზე
მზრუნველობას და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. თავის ამ მიზნებისათვის
ჩაითვლება, რომ პირი ან ორგანო ახორციელებს მეურვეობას თუ ბავშვი ჩვეულებრივ,
ცხოვრობდა საქართველოში ან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში მის არამართლზომიერ
გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე და ეს პირი ან ორგანო ახორციელებდა
მეურვეობას ერთობლივად ან ინდივიდუალურად, საქართველოს ან კონვენციის ხელშემკვრელი
იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ბავშვი ჩვეულებრივ, ცხოვრობდა
გადაადგილებამდე ან დაკავებამდე.
მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის ცნებები (The Concept of Guardianship
Custodianship and Support) - არასრულწლოვან ბავშვს, რომლიც მშობლის მზრუნველობის
გარეშე დარჩა მშობლების გარდაცვალების, გარდაცვლილად აღიარების, მშობლებისათვის
მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის, მათი უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარების ან ბავშვის მიტოვებულად აღიარების გამო, უწესდება მეურვეობა და
მზრუნველობა აღსაზრდელად, პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების
დასაცავად.
მეურვეობა და მზრუნველობა წესდება აგრეთვე, იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი
უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ
შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი
მოვალეობები. მხარდაჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.
მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის დანიშვნის წესს, აგრეთვე, მათ
უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (კარი მესამე).
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები (Guardianship and Custodianship Body) -
ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და ამ
სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი
ტერიტორიული ორგანოები. მინდობით აღზრდა (Foster Care) - ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილმამობილს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის
განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის
ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება.
„შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის თანახმად, ბავშვის მინდობით
აღზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო,
უფლებამოსილი სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და მინდობით აღზრდის
მსურველ პირთა შესახებ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, შემდეგი პრინციპების
დაცვით: მინდობით აღმზრდელის სურვილი ბავშვის ასაკის, სქესის და ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ; ბავშვის განთავსება შეძლებისდაგვარად შესაბამის ეთნიკურ,
რელიგიურ და კულტურულ გარემოში; მინდობით ოჯახში ბავშვთა რაოდენობა არაუმეტეს
შვიდისა; 10 წელს მიღწეული ბავშვის თანხმობა; და-ძმების ერთად განთავსება;
ასაკობრივი სხვაობა 16 წელი. მიუსაფარი ბავშვი (Homeless Child) - ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში
მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების შესაბამისად. მოდუს ოპერანდი (Modus Operendi)
- დამნაშავის ქცევის სტილი დანაშაულის ჩადენისას. მოზარდი (Adolescent)
- ლექსიკონთა უმეტესობა ტერმინს განმარტავს, როგორც
„ახალგაზრდა პირების გარდამავალი (გარდატეხის) პერიოდი ბავშვობასა და ზრდასრულობის
შორის“. გაეროს დაწესებულებები „მოზარდს“ განმარტავენ (ინგლისურად და ესპანურად),
როგორც 19 წლამდე პირს, ხოლო მოზარდულ ასაკს, როგორც ადამიანის განვითარების
პერიოდს - ბავშვობის შემდგომ ზრდასრულობამდე, 10-დან 19 წლამდე. შესაბამისად,
მოზარდები (18 წლამდე ჯერ კიდევ არასრულწლოვნები) არიან ჩამოყალიბების ფაზაში, რა
დროსაც მთლიანად ან ნაწილობრივ აგებენ პასუხს გარკვეულ ქმედებებზე (მაგ. შრომის
რეგულირებული უფლება, სექსუალურ ურთიერთობაზე თანხმობა), თუმცა არ შესწევთ
შესაძლებლობა იტვირთონ მთლიანი პასუხისგებლობა სხვა ქმედებებზე, როგორც არის
მაგალითად, თანხმობა ექსპლუატაციაზე ან ძალადობაზე. აღსანიშნავია, რომ „მოზარდი“ არ
არის სამართლებრივ დოკუმენტაციაში გამოყენებული დეფინიცია, კერძოდ, არ მოიხსენიება
ბავშვის უფლებათა კონვენციაში ან/და ფაკულტატურ ოქმში. მოსმენის უფლება (Child’s Right to be Heard) - გაეროს “ბავშვის უფლებების შესახებ~
კონვენცია (მუხ. 12) მოითხოვს, სახელმწიფომ უზრუნველყოს ბავშვის მიერ მასთან
დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვის უფლება, როდესაც
ბავშვს შეუძლია ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც უნდა მიენიჭოს
სათანადო მნიშვნელობა ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისად. ბავშვს უნდა
მოუსმინონ მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სასამართლო და ადმინისტრაციულ პროცესში,
პირდაპირ ან წარმომადგენლის ან შესაბამისი დაწესებულების მეშვეობით, ეროვნული
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონვენცია სახელმწიფოს აკისრებს
ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის მონაწილეობის უფლების აღსრულება მისი მოსმენით და
მისი მოსაზრებებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებით, რაც გარანტირებული უნდა
იყოს ეროვნული კანონმდებლობით. ყველა პროცესი, სადაც ბავშვები მონაწილეობენ და
ხდება მათი მოსმენა, აუცილებლად უნდა იყოს: ინფორმაციული, ნებაყოფლობითი,
პატივისცემით განწყობილი, ბავშვზე მორგებული, ინკლუზიური, ბავშვის საკითხებზე
გადამზადებული პროფესიონალების მიერ, უსაფრთხო, ბავშვისადმი ანგარიშვალდებული.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების „ბავშვზე მორგებული
მართლმსაჯულების შესახებ“ მიხედვით (პარ. 44-47), მოსამართლეებმა უნდა დაიცვან
ბავშვის მოსმენის უფლება ყველა საკითხზე, რომელიც მას ეხება. მოსმენის დროს
გამოყენებული უნდა იყოს ბავშვის აღქმის დონისა და კომუნიკაციის შესაძლებლობებთან
შესაბამისი საშუალებები საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ბავშვებს უნდა
ჰკითხონ, თუ რა ფორმით ურჩევნიათ ამ უფლების განხორციელება. ბავშვის მოსაზრებებს და
შეხედულებას უნდა მიენიჭოს სათანადო მნიშვნელობა მისი ასაკისა და განვითარების
დონის შესაბამისად; მხოლოდ ასაკის გამო ბავშვს არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა
მოუსმინონ. როდესაც ბავშვი გამოიჩენს ინიციატივას მოუსმინონ მას, მასთან
დაკავშირებულ საქმეზე, მოსამართლემ არ უნდა უარყოს და უნდა მოუსმინოს მის
მოსაზრებებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, 7-დან 18 წლამდე
არასრულწლოვანთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი
მშობლები ან მზრუნველები. ამასთან, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას
თვით არასრულწლოვნებიც. მცირეწლოვნის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს
სასამართლოში იცავს მისი კანონიერი წარმომადგენელი. სასამართლო უფლებამოსილია
მცირეწლოვანიც ჩააბას პროცესში. არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული
ბავშვის საქმეზე სასამართლომ უნდა მოუსმინოს ბავშვს თუ მისი ასაკი, ფიზიკური და
ფსიქიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა. ბავშვის მოსმენა უნდა
განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის მუხლი 35113)და მას უნდა დაესწროს ექსპერტი ან/და სოციალური მუშაკი.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენცია მოითხოვს,
რომ მონაწილე სახელმწიფოები იღებდნენ ყველა აუცილებელ ზომას, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვების ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური
თავისუფლებებით სრულად უზრუნველყოფის მიზნით, სხვა ბავშვებთან თანასწორობის
საფუძველზე. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვებს ჰქონდეთ უფლება, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები
მათთვის საინტერესო საკითხებზე, სათანადო ყურადღება დაეთმოს მათ მოსაზრებებს მათი
ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად, სხვა ბავშვებთან თანაბარ საფუძველზე, და ამ
უფლების გამოყენების მიზნით მიეწოდოთ ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი
დახმარება. აღნიშნული კონვენცია (მუხლი 30.5 „დ“) მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოს
უზრუნველყოს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გააჩნდეთ თამაშში,
რეკრეაციულ აქტივობებში, დასვენებისა და სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის, სასკოლო
ღონისძიებებში მონაწილეობის სხვა ბავშვების თანაბარი ხელმისაწვდომობა.
მოტორული სფეროს დარღვევა (ADHD) –ამ სფეროს განუვითარებლობა გამოიხატება მოძრაობის
კოორდინაციის დარღვევაში, მოძრაობის არასაკმარის სისხარტესა და სისწრაფეში.
განსაკუთრებული სირთულე ვლინდება ვერბალური ინსტრუქციის მიხედვით მოძრაობის
შესრულებაში. მოქალაქეობის უფლება (Right to Nationality)
- აღნიშნული უფლება ბავშვის იდენტობის
მნიშვნელოვანი ნაწილია. მოქალაქეობის უფლება საერთაშორისო სამართალში
წინააღმდეგობრივ საკითხად რჩება. ზოგადი შეთანხმება იმის შესახებ, რომ ყველას უნდა
ჰქონდეს მოქალაქეობა - არსებობს; თუმცა, სახელმწიფოები ხშირად მიიჩნევენ, რომ
მოქალაქეობა, რაც სახელმწიფოსა და ადამიანს შორის ურთიერთობას ნიშნავს, პიროვნების
უფლება არ შეიძლება იყოს. სახელმწიფოები მოქალაქეობას ექსკლუზიურად სახელმწიფოს
გამგებლობას დაქვემდებარებულ საკითხად მიიჩნევენ და თანხმდებიან, რომ ადამიანს
მოქალაქეობის მხოლოდ შეძენის უფლება აქვს.
სახელმწიფოებს მოქალაქეობის შეძენისთვის ყოველთვის განსხვავებული პირობები ჰქონდათ
დადგენილი. ზოგ ქვეყანაში მოქალაქოების შეძენა დაბადებით ხდება, სხვაგან კი, ეს
მშობლების მოქალაქეობაზეა დამოკიდებული, იუს სანგუინი (Jus Sanguinis) პრინციპის
შესაბამისად. მოქალაქეობის მოპოვება თითოეულ ქვეყანაში საამისოდ დადგენილი წესების
შესაბამისად, ნატურალიზაციითაც შესაძლებელია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია (მე-15 მუხლი) ადგენს: „ყველას აქვს მოქალაქეობის უფლება“ და „არავის
შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან მოქალაქეობის შეცვლის უფლებაზე
უარი ეთქვას“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის (24.3
მუხლი) დებულება ადგენს შემდეგს: „ყველა ბავშვს აქვს მოქალაქეობის შეძენის უფლება“.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს (..) მოქალაქეობის შეძენის უფლება აქვთ.
კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“ აღიარებს, რომ „ბავშვს დაბადებიდანვე უნდა
ჰქონდეს სახელისა და მოქალაქოების ქონის უფლება“. ბავშვის უფლებების კონვენცია
სახელმწიფოსგან ბავშვისთვის „მოქალაქეობის შეძენის უფლების“ უზრუნველყოფას მოითხოვს
(...) და ასევე ადგენს, რომ „კონვენციის ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ამ უფლებების
საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობასა და ამ სფეროში არსებული საერთაშორისო
ხელშეკრულებების შესაბამისად განხორციელება უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებით იმ
შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარად ბავშვი მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩება“.
(მუხლი 7.1 მე-2 პუნქტი). იდენტობის დაცვის მოთხოვნა ბავშვის მოქალაქეობაზეც
ვრცელდება (მე-8 მუხლი).
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 32), საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება
დაბადებით ან ნატურალიზაციით. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭების ან მოქალაქეობის შეცვლის საკითხს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
არასრულწლოვანზე პასპორტის გაცემის წესი განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს №160 ბრძანებით, „არასრულწლოვანსა ან მხარდაჭერის
მიმღებზე პასპორტის გაცემაზე თანხმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე“.
მზრუნველობა (Custodianship) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად,
მზრუნველობა წესდება არასრულწლოვანზე შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე.
მზრუნველობა აგრეთვე, წესდება სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას
თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს
თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობანი. მსხვერპლის იდენტიფიკაცია (Victim Identification)
- ტერმინი „მსხვერპლის
იდენტიფიკაცია“ ეხება საგამოძიებო პროცესში ექსპერტთა მიერ ბავშვზე სექსუალური
ძალადობის/ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაციის მასალების ანალიზს სექსუალური
ძალადობისა თუ სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლთა დასადგენად. ანალიზი მოიცავს
სხვადასხვა მეთოდოლოგიას განსაკუთრებით, მასალის (შინაარსი და ტექნიკური
ინფორმაცია) ფარგლებში ან მის გარეთ, პოტენციური ლოკაციის მიმთითებელი ნიშნისა თუ
მონაცემის მოძიებას, მათ შეფასებას არსებულ თუ სხვა შესაბამის ინფორმაციასთან
ერთობლიობაში. აღნიშნული პროცესის მიზანს წარმოადგენს ძალადობის ადგილის,
მსხვერპლისა და მოძალადის გამოვლენა და ბავშვის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა სისხლის
სამართლის დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების დაცვით.
„მსხვერპლის იდენტიფიკაცია“ პოლიტიკის დაგეგმვის ფარგლებში, არის მსხვერპლზე
ორიენტირებული დისციპლინა და წარმოადგენს ბავშვის ექსპლოატაციის ნებისმიერი
გამოძიებისას აუცილებლად გასათვალისწინებელ მიდგომას. აღნიშნული უნდა წარმოადგენდეს
ბავშვის უსაფრთხოებისთვის ნებისმიერი სტრატეგიული სქემისა თუ ინიცირებული პრაქტიკის
მთავარ ორიენტირს. მაგალითად, ინტერნეტ პროვაიდერებმა, რომლებიც აწესებენ მასალის
დაბლოკვისა თუ წაშლის პოლიტიკას, უნდა გაითვალისწინონ, რომ სურათი ან ვიდეო, სადაც
ასახულია ნამდვილ ბავშვზე ძალადობა ან ექსპლოატაცია, მსხვერპლს ზიანის მიყენების
გარეშე, მათი წაშლის შესაძლებლობა ჰქონდეს.
უმეტეს ქვეყნებში, მსხვერპლის იდენტიფიკაცია უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს
სამართალდამცავთა ამოცანას და ხორციელდება ინტერპოლის (AG2011-RES-08) რეზოლუციის
“ბავშვზე ძალადობის შემცველი მასალის მსხვერპლზე ორიენტირებული მენეჯმენტის
უზრუნველყოფა ეროვნულ დონეზე~ შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს ბავშვზე
სექსუალური ძალადობის ლოკალურ ხასიათს მასალის გავრცელების გლობალური ხასიათის
გათვალისწინებით. უფრო მეტიც, ევროკავშირის 2011/ 93 დირექტივის მე-15 მუხლი ადგენს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ვალდებულებას, გაატარონ შესაბამისი ზომები, რომ
საგამოძიებო ორგანოებმა შეეცადონ მე-3-7 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის
მსხვერპლთა იდენტიფიკაცია, კონკრეტულად კი, ბავშვის პორნოგრაფიული მასალის
ანალიზით, რომელშიც შედის ფოტოგრაფებისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გადაცემისა თუ
ხელმისაწვდობის დადგენა.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის უმეტესობა
მოიპოვება დამნაშავის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მათი შეგროვება ხდება პროაქტიულადაც ონლაინ რეჟიმში და
საზოგადოების წარმომადგენლების მოხსენებების/შეტყობინებების ფარგლებში. იმ
შემთხვევაშიც კი, როდესაც სამართალდამცავ ორგანოში პირდაპირ არ შევიდა შეტყობინება,
მსგავსი შეტყობინებები ინახება სხვადასხვა ქვეყნის INHOPE-ის ქსელის წევრი ცხელი
ხაზების მეშვეობით, სადაც ხარისხდება და დამატებითი ანალიზისათვის ეგზავნება
სამართალდამცავ უწყებებს და იგზავნება ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციის
საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში (ICSE).
ბავშვის სექსუალური ექსპლოატაციის საერთაშორისო მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვან როლს
ასრულებს არაიდენტიფიცირებული მსხვერპლის ძალადობის ახალი მასალის მონაცემებში
დამატების თვალსაზრისით, როდესაც ერთ ქვეყანაში მოპოვებული მასალა შესაძლებელია
შეიცავდეს საჭირო ინფორმაციას ან მითითებას სხვა ქვეყნისთვის მსხვერპლის
გამოსავლენად. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის მასალა იშვიათად
არის მხოლოდ ერთი სურათი ან ფილმი და ზოგადად, ძალადობის ჩაწერა ხდება სხვადასხვა
სერიებად, ყველა მასალა ჯგუფდება მსხვერპლის ან მსხვერპლთა მიხედვით.
ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის დაყოფა ხდება კატეგორიებად:
„იდენტიფიცირებული“, „არაიდენტიფიცირებული“ და „გაუვრცელებელი“.
„იდენტიფიცირებულია“ მასალა, სადაც მსხვერპლი იდენტიფიცირებულია და წაიშალა ზიანის
მიყენების გარეშე. „არაიდენტიფიცირებული“ არის მასალა, რომელიც ვრცელდება ონლაინ
რეჟიმში და არ არის იდენტიფიცირებული, „გაუვრცელებელი“ არის მასალა, რომლიც უცნობია
გავრცელდა თუ არა ონლაინ ან ონლაინ კავშირის (Offline) გარეშე რეჟიმში.
მულტიდისცილინური მიდგომა (Multidiciplinary Approach) - სხვადასხვა სპეციალისტების
მონაწილეობით ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრა გადაწყვეტილების მისაღებად
(განსაკუთრებით, დაზარალებულ და მოწმე ბავშვებთან მიმართებაში).
მშვილებელი (Adoptove Parents) - მშვილებელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც
აკმაყოფილებს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით
(მუხლი 3 (ვ)) დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და
მშვილებელთა რეესტრში. მშობლებისგან/ოჯახისგან განცალკევება (Separation from Parents/Family) - ბავშვის
მშობლებისგან და ოჯახისგან განცალკევების ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის შემდეგი
ქმედებები ან ღონისძიებები:
– მშობლების ან ბავშვების წინააღმდეგ სახელმწიფო ღონისძიებების (დაპატიმრება,
გაუჩინარება, გაძევება, გასახლება, დაკავება, მშობლის უფლების ჩამორთმევა, ბავშვის
სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში ან საპატიმროში გადაყვანა) გამოყენება;
–მშობლის/ოჯახის ქმედებები (მშობლის მიერ შვილის მოტაცება, უკანონო გაშვილება,
გაყრა, ეკონომიკური ემიგრაცია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან
უგულებელყოფა, ბავშვის სკოლა-ინერნატში ან მსგავს დაწესებულებაში განთავსება,
მშობლის დანაშაულებრივი ქმედება, მაგალითად, ბავშვის გაყიდვა);
– სახლის დატოვების თაობაზე ბავშვის გადაწყვეტილება;
– ბუნებრივი მოვლენები (სიკვდილი, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო განშორება);
– გარე მიზეზები (შეიარაღებული კონფლიქტი, პოლიტიკური არასტაბილურობა ან სხვა
დანაშაულებრივი ქმედებები).
მშობლებისა და ბავშვის დაცილება შეიძლება დროებითი იყოს. განცალკევების ობიექტური
გარემოებებით გამოწვევისა და დროებითი ხასიათის შემთხვევაშიც, სამართლებრივი დაცვის
მექანიზმები მაინც გამოიყენება თუნდაც, ისინი დროებითი და არა მუდმივი ხასიათის
იყოს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლით განმტკიცებული პრინციპის
თანახმად, ბავშვის მშობლებისგან განცალკევება არ შეიძლება. თუმცა, კონვენციის
შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მშობლებისგან განცალკევება
შესაძლებელია. ეს მუხლი პროცესში მონაწილეობის მიღებისა და მოსაზრების გამოხატვის
შესაძლებლობას ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების
მიმღებმა განხილვაში ბავშვის მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს. ერთი ან ორივე
მშობლისგან განცალკევებისას, ბავშვი ორივე მშობელთან რეგულარული პირადი
ურთიერთობისა და პირადი კონტაქტის უფლებას ინარჩუნებს, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. თუ ბავშვი სახელმწიფო
ღონისძიებების შედეგად, როგორიცაა დაპატიმრება, დაკავება, გადახალისება, დეპორტაცია
ან სიკვდილი, განცალკევდება მშობლისგან, სახელმწიფოს ბავშვისთვის, მშობლისა და
ოჯახის წევრებისთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკისრება.
მშობლებისა და ოჯახისგან განცალკევების აკრძალვის პრინციპი სხვადასხვა საერთაშორისო
დოკუმენტშიც არის განმტკიცებული. გაეროს დეკლარაცია ბავშვის უფლებების შესახებ
„ბავშვის სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის“
„სიყვარულისა და გაგების“ მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს. შესაბამისად,
შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვი მშობლის ზრუნვისა და პასუხისმგებლობის გარემოში
უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბავშვის მშობლისაგან განცალკევებას, დეკლარაცია
თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეზღუდულია: „მცირე ასაკის ბავშვი,
გამონაკლისი შემთხვევების გარდა, დედისგან არ უნდა განცალკევდეს“.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენცია, ბავშვის
უფლებების შესახებ კონვენციის მე-9 მუხლის მსგავსად, აღიარებს შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვის უფლებას, იცხოვროს მშობლებთან და განშორების
აკრძალვის პრინციპს განამტკიცებს. მშობელთა უფლება-მოვალეობანი (Rights and Duties of Parents) – „ბავშვის უფლებების
შესახებ“ კონვენცია (მუხ. 5) აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა აღიაროს მშობელთა
ვალდებულება ბავშვს, მისი მზარდი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მიაწოდოს
სათანადო მითითებები და რჩევა-დარიგება საკუთარი უფლებების თავადვე განხორციელების
შესახებ. ბავშვის აღზრდა-განვითარებისას, მშობელთა ძირითადი საზრუნავი უნდა იყოს
ბავშვის საუკეთესო ინტერესები. საუკეთესო ინტერესების განმარტება უნდა
შეესაბამებოდეს კონვენციას მთლიანობაში, მათ შორის, ძალადობისგან ბავშვის დაცვის და
ბავშვის მოსაზრებების მოსმენის კუთხით. საუკეთესო ინტერესებით არ შეიძლება
გამართლდეს ფიზიკური დასჯის პრაქტიკა ან სხვა სახის სასტიკი ან დამამცირებელი
სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის ღირსებას და ფიზიკურ მთლიანობას. გაეროს
ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის №12 (2009) „ბავშვის უფლება მისი
მოსაზრებების მოსმენაზე“ მიხედვით (პარ. 90-96), სახელმწიფოს კანონმდებლობა და
პოლიტიკის დოკუმენტები უნდა ითვალისწინებდეს მშობლების, მეურვეებისა და
მზრუნველების მიერ ბავშვის მოსმენას და მათი მოსაზრებებისთვის სათანადო
მნიშვნელობის მინიჭებას ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებზე. მშობლებს უნდა გაეწიოთ
შესაბამისი კონსულტაცია, რათა ბავშვებს მხარი დაუჭირონ მოსმენის და მოსაზრებების
გათვალისწინების უფლების განხორციელებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხ. 1197 და 1198.) მიხედვით, შვილების მიმართ
მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და
იზრდებოდეს ოჯახში. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება,
რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა (Limiting The Rights and Duties of
Parents) - მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს
გადაწყვეტილებით, თუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა
მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისგან დამოუკიდებლად. მეურვეობა ან
მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის
უფლება ან მოვალეობა. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის
რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, საქართველოს სამოქალაქო
კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
მშობლების უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება (Suspending the Rights and Duties
of Parents) - სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის
წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხლი 12051) თანახმად, თუ ნაპოვნია ბავშვი,
რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი
მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს
გადაწყვეტილების გარეშე, ვიდრე:
ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება
თავის ოჯახს;
ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს
არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას
და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს
მიტოვებულად. ამ შემთხვევაში, ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად, სასამართლოს
გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე;
გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი
ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი
განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ. ამ შემთხვევაში, მშობლის
უფლება-მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით.
ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობლის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი
ორდერი მოქმედებს, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან
განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმომადგენლობითი
უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვრობს
ბავშვმა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების
შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით, შეჩერებულად ითვლება.
მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის
გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა (Deprivation of Parental Rights
and Duties) - მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა,
რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით. მშობელს, რომელიც სისტემატურად
თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის
უფლებებს - ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური
საქციელით, ან ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ან ბავშვი ჩააბა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა) ჩამოერთმევა
მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა (Reinstatement of ოფ Parental Rights
and Duties) - მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ
სასამართლოს წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს ინიციატივით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხლი 1209) თანახმად,
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ
არსებობს. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას, სასამართლო
ბავშვის სურვილსაც ითვალისწინებს, თუ მას შეუსრულდა ათი წელი. მშობლის უფლებებისა
და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი. მშობლის უფლებები და
მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა გარემოება არ არსებობს.
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა (Transfer of Parental Roghts and
Duties) - ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით
შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან თუ ნოტარიუსი
ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული
დოკუმენტის საფუძველზე. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან
დაკავშირებით, შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე.