![]() |
ყვარყვარე თუთაბერი |
![]() |
1 მოქმედება პირველი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიკარპე კაკაბაძე ყვარყვარე თუთაბერი
მოქმედება პირველი
რუსეთ-ოსმალეთის ფრონტის ხაზთან სოფლის წისქვილი. შუა ცეცხლთან ზის ყვარყვარე
თუთაბერი, მეტსახელად ნაცარქექია, და ქექავს ნაცარს. მეწისქვილე ფქვილს მინდავს და
ჩუმად ღიღინებს.
ყვარყვარე
კმარა, მუდამ ხომ არ უნდა იღიღინო?!
მეწისქვილე
შენ რას გიშლი?!
ყვარყვარე (თავაუღებლად.)
ფიქრს ნუ მაწყვეტინებ (დუმილია).
მეწისქვილე (ხელის მოსათბობად დაიხრება კერასთან და აკვირდება
ნაცარს) ეს რა მოგიქარგავს ნაცარში?!
ყვარყვარე
გეგმაა, ხომ გესმის, ბებერო. დახედე აქ, რა ამბავია... ეს არის რკინიგზა, აი, აქ
იწყება, ასე მიდის... ა... ასე უხვევს და მიადგება ამ მაღალ მთას, ახლა აქედან გზა
სად წავა, შე ძველო, აბა, თუ მიხვდები?!
მეწისქვილე (აკვირდება)
რა ვიცი!
ყვარყვარე
აქ გვირაბია საჭირო.
მეწისქვილე
გვირაბი რა საჭიროა?
ყვარყვარე
მაშ, ხომ არ გადაახტება მატარებელი ამოდენა მთას?!
მეწისქვილე
მერე, შე კაცო, მთას რად უხვედრებ წინ, ველზე გაუშვი, შენი ნება არაა?!
ყვარყვარე
მოდი და ასეთ კაცს ელაპარაკე! გესმის, რა არის გეგმა? არ გესმის.
მეწისქვილე
რა ვიცი!
ყვარყვარე
მთავრობას ამ მთის გარშემო გაჰყავს გზა და იმ უხეირო ინჟინრებს ფიქრად არ მოსვლიათ,
რომ გვირაბი აქ გზას შეამოკლებს (ამაყად). აი, მე რომ ჩემს გეგმას უფროსს წარვუდგენ
და მერე ლარივით რომ გავიყვან მთაში ამოდენა გვირაბს, შენ ის უნდა ნახო.
მეწისქვილე
ნელა ილაპარაკე.
ყვარყვარე
რატომ?
მეწისქვილე
მანამადე ბაყაყს კბილები ამოუვა.
ყვარყვარე
დიდი მოიჯარადრე ვიქნები, დიდისგან დიდი. აი, ნახავ, ქრთამს სულ ქერივით დავაბნევ
დიდკაცობაში. თვალი დაგიბრმავდება, რომ გაგივლი და არ შეგხედავ.
მეწისქვილე (წყენით)
ჰმ!
ყვარყვარე
გეწყინა? მაშ, როგორ გგონია, მე, ყვარყვარე თუთაბერს, ენით შენ შემომიარ?
მეწისქვილე
რა ვიცი, პატარა ხიდის გაკეთება აიღე იჯარით და ისეთი ბუქი დააყენე, თითქოს მთა და
ბარი გქონდა გასასწორებელი და ის ხიდი მაინც ვერ გააკეთე.
ყვარყვარე
კი გავაკეთებდი, მარა დამეზარა, ის ოხერი, ტვინი წაიღო იმისმა ანგარიშებმა, თავი
მომაძულა!
მეწისქვილე
ჰოდა, აი, აგერ შენი პირით გამოტყდი.
ყვარყვარე
შე უტვინო, ამას თავს ვერ გავართმევ?! დახედე?!
მეწისქვილე (ღიმილით)
ნაცარში გვარიანად ქარგავ.
ყვარყვარე
ვითომ იცინი, არა? დამალე მაგ ჩაქონქილი კბილები, თორემ!..
მეწისქვილე (წყენით)
ჰმ! (მიდის და ფქვილში ხელს ურევს გულმოსული) ასე რომ იწელები, ამ წისქვილის
პატრონი მე ვარ, თუ შენა ხარ?!
(ყვარყვარე არ უპასუხებს. განაგრძობს ნაცრის ქექვას. წისქვილი იწყებს ხრიალს)
მეწისქვილე
ეჰე, საფქვავი შემომელია. (ყვარყვარეს) შენთან ღიტინს მირჩევნია წყალი გადავუშვა და
წისქვილი შევასვენო (მიდის).
ყვარყვარე
ეე, ცეცხლი იფშუტება. სადაა შეშა?! ჯირკს მაიც მოვაგორებ კერასთან. (დაეჭიდება
ჯირკს და ვერ დაძრავს) მძიმეა, რა ზარმაცი მოხუცია, სულ იმას უყურებს, რომ მე
დავუპო შეშა და შემოვუტანო. მანამ ნუ გაითბობს გვერდებს, სანამ მე მას შეშა არ
დავუჩეხო! (შემოდის მეწისქვილე. აკანკალებს, კერასთან თბება)
მეწისქვილე
თათრების მხარეზე რომ გავიხედე, გული გადამიტრიალდა.
ყვარყვარე
რა მოხდა?
მეწისქვილე
თოფის სროლა აქეთ მოიწევს. ეტყობა, საქმე ცუდადაა.
ყვარყვარე
მაშ, შენი სიტყვით, დღეს აქ თათრები შემოცვივიან და დაგვკლავენ?!
მეწისქვილე
თუ ჯარმა უკან დაიხია, ვინ იცის.
ყვარყვარე (აღშფოთებული)
ჩერჩეტობ!
მეწისქვილე
განა ცოტა სასწაული მომხდარა?! (იხვევს წელზე ძველ შალს) ამისთანა დროს წელში ქარი
გამიდგა და ვერც გავიქცევი.
ყვარყვარე
რას ამბობ?! ტყუილა გული არ დამიშინო, თორემ... ამ წისქვილს სულ რიარიად წავიღებ!
მეწისქვილე
მოერევი?
ყვარყვარე
რას ვერა, გინდა ახლავე შიგ გამოგჭეჭყო?!
მეწისქვილე
ეს რა გადავიკიდე. მე ისე ვატყობ, აქედან გადენასაც მიპირებ.
ყვარყვარე (მოლბება)
არა, რატომ!.. (სიცივისაგან შეაჟრჟოლებს) სად უნდა გაგაგდო ახლა ამისთანა ამინდში.
მეწისქვილე
როგორ, ვინ უნდა გავიდეს აქედან, მე თუ შენ?! ვისია ეს წისქვილი?!
ყვარყვარე
კარგი, გქონდეს.
მეწისქვილე
როგორ, შენი ნაჩუქარია?
ყვარყვარე
ახლა ეს ზამთარიც ილევა და რომ გამოზაფხულდება, მერე მე ვიცი შენი სამაგიერო
პატივისცემა. ისეთ განიერ მუხის ჩრდილს გიშოვი, რომ მეფესავით წამოწვე.
(ამთქნარებს) ზაფხულში ჩრდილს რა ჯობია, ოჰ, რა მადაზე მოხვალ! მაშინ ნახე ჩემი
მასპინძლობა, ჩიტის რძე რაა, იმას არ მოგაკლებ.
მეწისქვილე (დაფიქრდება)
რა ვიცი, ახლა შენ არ იყავი... ისე ავარდი, რომ...
ყვარყვარე
რა ვუყოთ, კაცი ხან ავარდები, ხან დავარდები... და... ბოლოს... ეჰ, ადამიანის ბოლო
უბედურია, სიკვდილი რომ გამახსენდება, სულ ჭინჭარივით გამბურძგლავს ტანში. ერთი ეს
მითხარი, რაა კაცის სიცოცხლე?!
მეწისქვილე
არაფერი არაა, ჭირის დღეზეა კაცი გაჩენილი.
ყვარყვარე
ჰოდა, აბა, სიამტკბილად მოვუქციოთ ერთმანეთს ღრანჭი, მეტი რაა ქართველი კაცის
სიცოცხლე.
მეწისქვილე
ამას არ ამბობ უჭკუოდ (ხელს უფათურებს კერას). ოჰ, ცეცხლიც გვეფშუტება.
ყვარყვარე
მაშ, ერთი შენს გახარებას, წადი და შეშა მოიტანე.
მეწისქვილე
ხომ იცი, წელი რომ მტკივა, შენ მოიტანე.
ყვარყვარე
ნელა ილაპარაკე. მე ყინვაში გავალ?! აქედან ახლა თოფითაც ვერ ამაგდებ. ხომ ხედავ,
არ მცალია.
მეწისქვილე
რას აკეთებ? შეშის დაჩეხა გიჭირს და ვითომ მთების გათხრაზე ფიქრობ?
ყვარყვარე
სად შეშის დაჩეხა, შე უტვინო, და სად მთების გათხრა, რას მელაპარაკები?! მე ხიდის
იჯარასაც იმიტომ გავუშვი ხელი, რომ პატარა საქმე ჭირივით მეზარება! (აღშფოთებული)
და ახლა შენ ისე ამიგდე, რომ შეშის მჩეხველად მხდი?!
მეწისქვილე
ეს რა გადავიკიდე, სამი ნაცოლევი კაცი ვარ და ამისთანა გაჭირვება არ დამდგომია.
ქუჩიდან კაცი შემოვიხიზნე, ვიფიქრე, კედელყურეს გამიცოცხლებს-მეთქი, ეს კი სულ
მომხდურივით არის (აღშფოთებული). მორჩა და გათავდა, შენი შემხიზვნელი აღარა ვარ!
ყვარყვარე
ჭკუაზე მოდი, ეს კერა არ გამიცივო, თორემ... (მუშტს მოუღერებს)
მეწისქვილე
რას მემუქრები?
ყვარყვარე
სულს ამოგაცლი, თუთაბერი ვარ, სულძაღლო!
მეწისქვილე
ბიჭო, ხელი დასწიე!