ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ო

ოქმი (Protocol) - ოფიციალური დოკუმენტი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, რომელიც ხშირად, თანდართულია ძირითად საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, თუმცა იგი შეიძლება დამოუკიდებელ საერთაშორისო ხელშეკრულებასაც წარმოადგენდეს.

ოჯახი (Family) - ოჯახი ბავშვის ჩვეული გარემოა, სადაც როგორც წესი, იგი ცხოვრობს და სადაც მისი უფლებების განხორციელება უნდა მოხდეს. ოჯახს, როგორც სტრუქტურულ ერთეულს, ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური განზომილებები აქვს. საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ოჯახი საზოგადოების ძირითადი ერთეული და ბავშვის კეთილდღეობისთვის ბუნებრივი გარემოა. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის თანახმად, ოჯახურ გარემოში ბავშვის უფლებების განხორციელებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ოჯახს აკისრია; თუმცა, კონვენცია სახელმწიფოს ვალდებულებასაც ითვალისწინებს, დაეხმაროს მშობლებს, როდესაც მათ დაკისრებული მოვალეობების შესრულება არ შეუძლიათ. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ოჯახს არ აკისრია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას პრობლემები აქვს. იმპერატიული საერთაშორისო სამართალი, განსაკუთრებით კი კონვენცია, რადიკალურ გადაწყვეტილებებს შორის ბალანსის დადგენასა და ოჯახის ტრადიციული სტრუქტურისა და ურთიერთობების გათვალისწინებას ცდილობს. თუმცა, საერთაშორისო სამართალი მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას ან უგულებელყოფას გმობს, განსაკუთრებით, როდესაც ამას ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. ასევე, აღიარებულია სახელმწიფოს უფლება, ჩაერიოს ოჯახის საქმეებში სხვადასხვა ფორმით მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების ან უგულებელყოფის განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ასეთ დროს სახელმწიფოს ბავშვის ოჯახური გარემოსგან განცალკევების უფლებამოსილებაც კი აქვს. თუ ბავშვს ოჯახი არ ჰყავს, სახელმწიფო ვალდებულია, მას ალტერნატიული ზრუნვა შესთავაზოს, რაც შესაძლოა, მიმღებ ოჯახს, გაშვილებას ან შესაბამის დაწესებულებაში განთავსებას გულისხმობდეს. სახელმწიფო ვალდებულია, ალტერნატიული ზრუნვის ამ ფორმების სისტემატური გადახედვა აწარმოოს. საერთაშორისო სამართალი ასევე აწესრიგებს ბავშვის გაშვილებას სხვა სახელმწიფოში, თუმცა ბავშვის კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების მიზნით, პრიორიტეტი ქვეყნის შიგნით გაშვილებას ენიჭება.

საერთაშორისო სამართალი იცნობს ბავშვის განმარტებას, თუმცა არ არსებობს ოჯახის ზუსტი და ცალსახა განმარტება, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ოჯახი არის ცვალებადი ცნება, რომელიც ისტორიულ, სოციოლოგიურ, ეკონომიკურ, მორალურ და სამართლებრივ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ოჯახში ან ოჯახთან ურთიერთობების აღსანიშნავად, საერთაშორისო სამართალში რამდენიმე ტერმინი გვხვდება: ოჯახი, ოჯახური ცხოვრება და ოჯახური გარემო. ტერმინი „ოჯახი“ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებაშია გამოყენებული. ფრაზა „ოჯახური ცხოვრება“ გვხვდება ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპულ კონვენციაში; თუმცა, ამ უკანასკნელის მე-8 მუხლი არა თავად ოჯახს, არამედ ოჯახური ცხოვრების უფლებას იცავს. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციასა და „ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკულ ქარტიაში ტერმინი „ოჯახური გარემო“ გამოიყენება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ინსტრუქცია ბავშვის ალტერნატიული ზრუნვის შესახებ, ოჯახს განმარტავს, როგორც „საზოგადოების ძირითად ერთეულს და ბავშვის აღზრდისთვის, კეთილდღეობისა და დაცვისთვის ბუნებრივ გარემოს“. მართალია, რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის დოკუმენტი არ არის, თუმცა გაერო მოუწოდებს სახელმწიფოებს, „ინსტრუქცია მხედველობაში მიიღონ და იგი შესაბამის აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებს, ადამიანის უფლებების დამცველებსა და იურისტებს, მედიასა და მთლიანად საზოგადოებას გააცნონ“. რეზოლუცია ძირითადად, ბავშვზე ალტერნატიულ ზრუნვას ეხება, თუმცა, მისი მთავარი მიზანი ოჯახური ცხოვრების ხელშეწყობა და ბავშვის ოჯახისგან განცალკევების აღკვეთაა.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შემდეგ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები ოჯახსა და მის განმარტებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, თუ უნარშეზღუდული ბავშვის უშუალო ოჯახს მისი მოვლის ძალა არ შესწევს, 23 (5)-ე მუხლი სახელმწიფოს ბავშვისავე გაფართოებული ოჯახის ან საზოგადოების ფარგლებში, მაგრამ ოჯახურ გარემოში, ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველსაყოფად ყველა ღონისძიების გატარების ვალდებულებას აკისრებს.

განსხვავებული ოჯახური სტრუქტურები და ბავშვებთან განსხვავებული ურთიერთობები ბავშვის დაცვის საკითხის საერთაშორისო დონეზე ერთგვაროვან გადაწყვეტას ართულებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლთან მიმართებით,

ადამიანის უფლებების კომიტეტმა აღნიშნა, რომ ტერმინი „ოჯახი“ საკმარისად ფართოდ უნდა განიმარტოს, რათა მოიცვას „ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაბამისი სახელმწიფოს საზოგადოების აღქმაში ოჯახის წევრს წარმოადგენს“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „ოჯახური ცხოვრება არა მხოლოდ მშობლებს, არამედ ახლო ნათესავებსაც მოიცავს, როგორიცაა ბებია და პაპა“. (იხ. საქმე მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, Marcx v.. Belgium, Series A, N31, ECHR1979)

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ ბავშვის აღზრდა და განვითარება ორივე მშობლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. კერძოდ, „ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრება“, ხოლო ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ორივე მშობლის ერთობლივი პასუხისმგებლობის აღიარებისთვის ყველა ღონე იხმარონ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით (მუხლი 30), ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

ოჯახის გაერთიანება (Family Reunion) -„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-10 მუხლი ითვალისწინებს, რომ თხოვნა ოჯახის გაერთიანების თაობაზე სახელმწიფოებმა პოზიტიური, ჰუმანური მიდგომითა და სწრაფად უნდა განიხილონ, ამასთან ბავშვებს, ორივე, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ მშობელთან პირდაპირი ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. კონვენციის ამ მუხლის ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება ეხება ბავშვისა და მშობლების უფლებას, დატოვონ ნებისმიერი, მათ შორის მოქალაქეობის, სახელმწიფო, და ასევე, მოქალაქეობის სახელმწიფოში დაბრუნდნენ. 2005 წელს, ბავშვის უფლებების კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი №5 „წარმოშობის სახელმწიფოს გარეთ სრულწლოვანის თანხლების გარეშე მყოფი ან განცალკევებული ბავშვების მოპყრობის შესახებ“. აღნიშნული დოკუმენტი განიხილავს ოჯახის გაერთიანებას, დაბრუნებასა და გრძელვადიანი გადაწყვეტის სხვა ფორმებს. ზოგადი კომენტარი დეტალურად მიმოიხილავს, როგორ უნდა განახორციელოს სახელმწიფომ ოჯახის გაერთიანება (შესაძლო რისკების გათვალისწინებით), დააბრუნოს პირი წარმოშობის სახელმწიფოში და, როგორც ალტერნატიული ღონისძიება, პირის ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირება უზრუნველყოს. როდესაც დაბრუნება შეუძლებელია, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ინტეგრირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სრულად ისარგებლოს ყველა იმ ბავშვმა, რომელიც დარჩა სახელმწიფოში მიუხედავად იმისა, იგი აღიარებულია ლტოლვილად, არსებობდა დაბრუნების დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები თუ ბავშვის საუკეთესო ინტერესებმა ყველა სხვა მოსაზრება გადაწონა. არსებობს სხვა გამოსავალიც, მაგალითად, მესამე სახელმწიფოში დასახლება. ასეთი შესაძლებლობა შეიძლება გრძელვადიანი გადაწყვეტილება იყოს სრულწლოვნის თანხლების გარეშე მყოფი ან განცალკევებული ბავშვებისთვის, თუ მათ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება არ შეუძლიათ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკითხის სათანადოდ გადაწყვეტა შეუძლებელია.

ოჯახურ მზრუნველობამოკლებული ბავშვები (Children Without Family Care) - ბავშვის ოჯახისგან დროებით ან მუდმივად განცალკევებისას, ამგვარი განცალკევების მიზეზის მიუხედავად, მას სპეციალური დაცვა ესაჭიროება. დაცვის ღონისძიებების გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში, უპირველეს ყოვლისა, საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-20 მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოების ვალებულებას, სათანადო დახმარება გაუწიონ საკუთარ ოჯახურ გარემოცვას მოშორებულ ბავშვს და ალტერნატიული ზრუნვის ოთხ საშუალებას ითვალისწინებს; თუმცა, სახელმწიფოს უფლება აქვს, გამოიყენოს სხვა ფორმებიც, ასეთებია: აღსაზრდელად გადაცემა, შვილად აყვანა ან ბავშვთა მოვლის შესაბამის დაწესებულებებში მოთავსება. ალტერნატიული ზრუნვის ფორმის არჩევისას, სახელმწიფომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბავშვის აღზრდის გაგრძელების აუცილებლობა, ასევე მისი ეთნიკური, კულტურული და ლინგვისტური კუთვნილება. კონვენციის მე-9 მუხლისგან განსხვავებით, რომელიც მშობლებისგან განცალკევებას შეეხება, მე-20 მუხლი ოჯახზე მიუთითებს. ეს განსხვავება ძალზედ მნიშვნელოვანია და განამტკიცებს მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა ბავშვის ფართო (სრულყოფილ) ოჯახში დატოვებას უნდა მიენიჭოს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად: „თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის უშუალო ოჯახს მასზე ზრუნვა არ შეუძლია, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები მისთვის გაფართოებულ ოჯახში ალტერნატიული ზრუნვის ან თუ ეს შეუძლებელია, ოჯახური გარემოს მსგავს გარემოში ზრუნვის შეთავაზებისთვის ყველა ღონეს იხმარენ“. ბავშვის უფლებათა კომიტეტის თითქმის ყველა ზოგადი კომენტარი ეხება ოჯახურ ზრუნვას მოკლებული ბავშვის განთავსების ან მასთან მოპყრობის რომელიმე ასპექტს. მაგალითად, №3 ზოგად კომენტარში, რომელიც აივ/შიდსის ვირუსსა და ბავშვის უფლებებს შეეხება, ბავშვის ინსტიტუციაში განთავსებისა და მკურნალობის თაობაზე წუხილს გამოთქვამს. დაობლებულ ბავშვებთან დაკავშირებით, აღნიშნული დოკუმენტი აცხადებს, რომ “ობოლი ბავშვის საუკეთესო დაცვა ხდება ნათესავების ან ოჯახის წევრების, გაფართოებული ოჯახის, ოჯახური ტიპის ალტერნატიული ზრუნვის, მაგალითად, მიმღებ ოჯახში ზრუნვისას. კომიტეტი აღნიშნავს, რომ დაწესებულებაში ბავშვზე ზრუნვამ შესაძლოა, მასზე უარყოფითი გავლენა იქონიოს; შესაბამისად, ამგვარ დაწესებულებებში ზრუნვის სპეციფიკური სტანდარტებისა და სამართლებრივი დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად მკაცრი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. ზოგადი კომენტარი №4 (არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის შესახებ) შეეხება მსგავს დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვის „განთავსება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მისი საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე“ და „პაციენტს [ბავშვის უფლებების შესახებ] კონვენციით გათვალისწინებული ყველა უფლებით, მათ შორის, განათლებასა და სარეკრეაციო საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უფლებით, სარგებლობისთვის ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყონ“.

2009 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის შესახებ ინსტრუქციას მხარდაჭერა გამოუცხადა. ინსტრუქციის მიზანი ბავშვის უფლებების კონვენციისა და ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებების შესრულების ხელშეწყობაა ალტერნატიული

ზრუნვის საჭიროების მქონე ან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების დასაცავად და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვები საჭიროების გარეშე ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში არ განათავსონ და ოჯახის მიღმა ბავშვზე ზრუნვა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით განხორციელდეს.

ოჯახში ძალადობა (Domestic Violence) - გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს თუ დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით.

ოჯახის წევრი (Family Member) - სისხლის სამართალში ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, მასთან მუდმივად მცხოვრები პირი (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილი).

ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, ოჯახის წევრთა წრე უფრო ფართოა და მოიცავს შემდეგ პირებს: დედა, მამა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილობილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას (საქართველოს სსიხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნა).