![]() |
სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი |
![]() |
1 I |
▲back to top |
არდაზიანი ლავრენტი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
ნაწილი პირველი I სახელი ჩემი სოლომონ, გვარი — მეჯღანუაშვილი. რაც ქვეყანაში კაცად
გამოველ, მეთაკილებოდა ჩემი გვარი და ამიტომ ვცდილობდი გვარი როგორმე
შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვახერხე, თუმცა სხვანი ადვილად ახერხებენ. ხან
მინდოდა მიმეცა რუსული დაბოლოება, ესრეთ: მეჯღანუევ, მეჯღანუიჩ,
მეჯღანუევსკი; მაგრამ სიტყვა ჯღანი არ ამოვარდა. ხან მინდოდა
გადამეთარგმნა რუსულად, მაგრამ ვერცა მე გადავთარგმნე, ვერცა სხვამ.
შემრჩა ისევ ეს გვარი. რა ვუთხრა ჩემ მამა-პაპასა!.. განსვენებული დედაჩემი მოგახსენებდათ, ვითომც ეს გვარი დაურქმევია
მამიჩემისათვის ღვთისაგან კურთხეულს დიდს ერეკლე მეფეს. მაგრამ მე ეს
არ მჯერა: ერეკლეს გვარების დარქმევისათვის არა სცალოდა. ჭკუაზედ უფრო
ახლოა, რომ ეს გვარი დარქმევია მამაჩემს, იქნება პაპაჩემსაც,
ქალაქელებისაგან (ცოტა-მატანი კი არ არიან ქალაქელები!), რადგანაც
მამა-პაპა ჩემი მეჯღანენი ყოფილან. და ესრეთ, აწ მე გახლავარ “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”. მე დავიბადე ქ. ტფილისში, ციხის უბანში, პაპიჩემის სახლში, ანუ სწორედ
ვსთქვა, ქოხში, რომელიც უფრო მიემსგავსებოდა ღრმა სოროსა, დათვის
სადგომსა, ვინამც კაცის სადგომსა. ამ სასახლეს ჰქონდა სიგრძით ხუთი,
სიგანით ორ-ნახევარი ადლი. მამაჩემს, ისაკს, თუმცა არა ჰქონია-რა, მაგრამ მე რო დავბადებულვარ
(1800 წელსა), დიდი მეჯლიში თურმე გადაუხდია. საკვირველი მოლხინე და
მხიარული კაცი თურმე ყოფილა: არცა-რა ჰქონია, არც არა ჰკლებია. ფიქრი,
ნაღველი და სევდა ვერ მიჰკარებია იმის გულსა, ამპარტავნობას არ
დაუჭლექებია. ბედნიერი სიცოცხლეც ეს არის! რაღა გაგიგრძელოთ, მამაჩემი წლის თავზედ გამოგვესალმა და გარდაიცვალა
ამიერ სოფლით გამოუთქმელ სიხარულით, გეგონებოდათ მიეშურებოდა რომელსამე
დღეობაში ანუ ლხინში. გეგონებოდათ, რომ დაუტოვაო თექვსმეტის წლის
ქვრივსა — ცოლსა, ერთის წლის ვაჟსა-ობოლს განძი და საცხოვრებელი.
აღმოჩნდა, რომ მამა-ჩემმა დაგვიტოვა ზემოხსენებული ქოხი, დამსხვრეული
ტახტი. ერთი ძველი ჭილობი, ერთი დაგლეჯილი ფარდაგი და ერთი პატარა
ხალიჩა (დედიჩემის მზითევი), ერთი ხელი ლოგინი, სამი ჩინური ჯამი, ხუთი
თიხის ჯამი, ექვსი თიხის თეფში, ერთი პატარა ქვაბი და ორი შამფური. იმ
დალოცვილმა აღარ იფიქრა, რომ იმის ქვრივსა, მაწოვარს სოფლის
გაუცნობელსა, მაშინვე მოშივდებოდა და მე განუსჯელად მოვთხოვდი იმას
წამდაწამ ძუძუსა! არცა მამა-ჩემს, არცა დედა-ჩემს არა ჰყვანდნენ ახლო ნათესავნი;
შორეულებმა კი შორს დაგვიჭირეს. დავრჩით მარტოდ-მარტონი, უპატრონონი. ამ საშინელს მდგომარეობაში საჭირო იყო დედი-ჩემისთვის, შემთხვევიყო
ისეთ გარემოებას, რომლის შეხეთქებისაგან უნდა გამოჩენოდა გზა
ნუგეშინისცემისა და ცხოვრებისა. ეს შემთხვევა სასწრაფოდ გამოუჩნდა, და
დედა-ჩემზედ იკრიბებოდა საშინელი განსაცდელი. გაიანე (სახელი დედი-ჩემისა) იყო ლამაზი. ამიტომ, რა წამს დაქვრივდა,
გამოუჩნდნენ იმას თაყვანისმცემლები. ესენი იყვნენ მეზობლები: ერთი
ბაყალი, გეო ნონიაშვილი, რომელსაც არა თუ პერანგი არ გაერეცხინებინა
ერთ მთელ წელიწადს, ხელ-პირის დაბანაც კი არ იამებოდა; მამა-ჩემზე
მდიდარი არ იყო. მეორე — მეწვრილმანე გასპარ სარქისბეგაშვილი,
ახალგაზრდა, თავმომწონე, შემძლებელი. არ გაიარა ერთმა კვირამ, რაც მე დავობლდი და ბაყალი და მეწვრილმანე
შეუდგნენ თავიანთ განზრახულ საქმესა. ამათ ჰყვანდათ შუამავლად თითო
ბებერი დედაკაცი. თაყვანისმცემლები და იმათი ბებრები ისე საიდუმლოდ
მოქმედებდნენ, რომ თავიანთი საქმე ერთმანეთს არ გააგებინეს. ბაყალის
ბებერს მოჰქონდა ხოლმე დედა-ჩემთან ყოველ შაბათობით და კვირაობით,
საღამოს, ერთი კერძი საჭმელი და პური, სადაგ დღეში კი, დილით ხილი:
ხურმა, წაბლი, თხილი და ვაშლი. მეწვრილმანე უფრო უხვად იქცეოდა. ეს
უგზავნიდა სამშაბათობით, ხუთშაბათობით, შაბათობით და კვირაობით
სხვადასხვა რიგ საჭმელსა და ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით
— ხმელ ხილსა: ინდის ხურმას, ნუშს, ქიშმიშს, აღჯანაბადსა და სხვა.
დედა-ჩემს შიოდა და ამიტომ არ შეეძლო, არ მიეღო შემწეობა
მეზობლებისაგან. მოწყალება ეგონა და მადლობდა. სამ თვეს უკან — ეს იყო ყველიერის ორშაბათი, — ბაყალის შუამავალი
მოვიდა დედაჩემთან და მოუყვა გეო ნონიაშვილის ქებას, აიყვანა ცამდის და
დედამიწას აღარ დააკარა, მერე უთხრა: — კარგა იფიქრე, შვილო! წარმოიდგინე შენი გარემოება, ვინა გყავს
პატრონი, ვისგან რას მოელი? როგორ გინდა დარჩე? თექვსმეტის წლის ქალი,
შემწყვდეული ერთ ქოხში, რა იქნები! სხვა არა იყოს რა, წყლის
მომწოდებელიც კი არავინა გყავს! — რა უნდა ვქნა, დედიჯან! — უპასუხა გაიანემ გაკვირვებით. — აი, შვილო, რა უნდა ქნა, — უთხრა ღიმილით ბებერმა — დამიჯერე, ჭკუას
ნუ დაჰკარგავ, პატრონი გაიჩინე. გეუაზე უკეთესს პატრონს შენ ვერ იშოვნი.
გეუას უყვარხარ შენ, გეუა შენთვის გიჟდება, ნატრობს შენ შერთვას.
რასაკვირველია, ჯვარის-წერა ახლა არ იქნება... წლის თავზედ... მხოლოდ
ახლა დაინიშნებით და დღეინდლიდამ გარედამ გიპატრონებს. — გადაწყვეტილს მოგახსენებ, დედავ, — უთხრა შეწუხებულის სახით
დედაჩემმა, — ჩემ ქმარშვილს ვერ ვუღალატებ. სარჩოსთვის არა ვზრუნავ,
ქვეყანა დიდია. წელმოწყვეტილი ბებერი გავიდა და აღარ დანახვებია დედაჩემს. მეორე დღეს, სამშაბათს, უცებ შემოვარდა ჩვენსა ბებერი მეწვრიმალისა
ქაქანით, ღრეჭით და თამაშობით. ეს ბებერი იყო გამხმარი, როგორც ჩაჩხი,
შავი, როგორც მუგუზალი. სიცილში უჩნდა იმას ჩაშავებული ღრჯოლები.
იღლიის ქვეშ ეჭირა გამოკრული ბოღჩა. გაიანე შეკრთა. ბებერი დააშტერდა ქალს, მერე კატის სიმკვირცხლით შეახტა,
მოეხვია ყელზედ და ჰკოცნიდა საძაგელის ტუჩებით. მინამ დედა-ჩემი
დორბლებს მოიწმენდდა და შეიკრეფდა ფიქრებს, ბებერმა ჩამოჰკიდა ყელზედ
ძველებური ოქროს ძეწკვი, მოსტაცა მარჯვენა ხელი და ორ თითზედ გაუკეთა
ზურმუხტისა და იაგუნდის ბეჭდები. თავზედ მოახვია ბაღდადი, გაშალა ბოღჩა
და გადმოუწყო საპერანგე მოვები, შეიდიში, საკაბე, ლეჩაქი, ერთის
სიტყვით ერთი ხელი ტანისამოსი, თანაც ღიღინებდა. — შენ გეთაყვანოს ჩემი თავი, გაიანე, — უთხრა ბოლოს ბებერმა, — რა
სახით გიხდება! ღირსი იყავ და მოგეცა კიდეცა! გადაყარე ეგ შავები! დედაჩემს შეუბროწავდა ლოყები: ნიშანი ეგონა, მეწვრიმალისაგან
გამოგზავნილი, და ეწყინა. — ეს რას ნიშნავს, ბატონო? — ჰკითხა გაიანემ ბებერსა და სასწრაფოდ —
ყოველივე ნივთები, რაც შეაყარა იმას მაჭანკალმა. ბოხჩაში გამოუკრა და კალთაში ჩაუდო. — ეს ნივთები მოგართვა გასპარამ, — უთხრა ბებერმა — დაიცადე კიდე, ეს
რა არის, იმდენი მოგივა, რომ ერთ სკივრს გაავსებ! — მიკვირს ბატონო! გასპარა მე რად მიგზავნის ნივთებსა? ნათესავი არა
ვარ, თვისი და ტომი! გამომიცხადეთ თქვენი აზრი. — ყმაწვილი ხარ ჯერ, ჩემო ლამაზო, რომ თვითონ შენ ვერ მიმხვდარხარ
საქმეს! — უპასუხა ბებერმა უსიამოვნო ღრეჭით, — შენმა სილამაზემ ისე
მოხიბლა გასპარა, რომ შენს მეტი აღარა ახსოვს რა მას ქვეყანაზედ!..
გასპარა გაგიჟებულია შენთვის; გასპარას უყვარხარ, ისე უყვარხარ, რომ
წყალში და ცეცხლში მზად არის გადავარდეს შენი გულისათვის. ახლა
წარმოიდგინე, რა ბედნიერი იქნები იმის ხელში! ხომ იცი, შემძლებელი
კაცია: აგავსებს, აგავსებს, გარწმუნებ, აგავსებს!.. დედა-ჩემს გული აუჩქროლდა. — თქვენმა სიტყვებმა, ბატონო, რაღაც უგუნურ ეჭვებში შემიყვანა, — უთხრა
დედა-ჩემმა — გამომიცხადეთ თქვენი აზრი. — გასპარა გთხოვს, ერთ ღამეს გაატაროს შენთან დროება. მეხი რო დასცემოდა საწყალ ქალს, ისე არ მოჰკლავდა. როგორადაც მოჰკლა
ბებრის სიტყვებმა. დედა-ჩემს ყვითელმა ფერმა გადაჰკრა, თავით-ფეხამდინ
თრთოლა დააწყებინა. ბებერს შეეშინდა და უკან დაიწია. როდესაც მობრუნდა
და შეიკრიბა აზრები, დედამ ისეთის მრისხანის სახით შეხედა მაჭანკალს,
ისე საშინლად დაუბრიალა თვალები, რომ სხვას იქვე სული გასცვივდებოდა,
მაგრამ ბებერი უგრძნობარი იყო, გაშეშდა მორიელსავით ერთ ადგილას და
იქამდინ იყო შეუპოვარი, რომ ლაპარაკს კიდევ აპირებდა. მაშინ დედა-ჩემმა
აიტაცა თიხის ჯამი და ტყორცნა უსიამოვნო სტუმარს შიგ პირისახეში.
ამითაც რომ ვერა გახდა-რა, ქალმა წამოავლო ხელი შამფურსა და ერთი თუ
ორი მიაყოლა ბეჭებში. მაშინ იკადრა ბებერმა წასვლა. ქალმა კარები მაგრა
ჩაიკეტა და საღამომდის ცრემლი ღვარა. წარმოიდგინეთ ყმაწვილი ქალი,
მარტო, მწუხარე, ღამე, ბნელ სოროში შემწყვდეული... ეს ჯოჯოხეთი დასძლია
საწყალმა მხოლოდ ლოცვით! რომ არა დარჩენოდა-რა სახლში პილწის მეწვრიმანისა, დედაჩემმა
შუაღამისას, რაც ხილი ჰქონდა შემოგზავნილი იმისგან, შეკრიბა, გაიტანა
უშიშრად და დააბნია იმის კარების წინ... გათენდა ოთხშაბათი ყველიერისა, დედა-ჩემს მოშივდა და არა ჰქონდა, რა
ეჭამა. ქართულად ნათქვამია: “თუ კაცი წაიქცა, დიდი და პატარა ზედ
მისცვივდებიანო და გაჰქელავენო”. ასე დაემართა საწყალ ჩემს მშობელსაც.
რა წამს გათენდა, სახლის მოძღვარმა, ტერტერა ტერაკოფამ კარი შამოაღო.
ჯერ მოიკითხა დედა-ჩემი, ნუგეში სცა და უქადაგა მოთმინება. მერე სთხოვა
სასყიდელი რიგის გადახდისათვის მამა-ჩემზედ. გაიანემ გულის
მჭერმეტყველობით აუწერა თავისი საშინელი გარემოება და შეუძლებლობა.
სხვა კაცი ლმობიერებაში მოვიდოდა იმის სიტყვით, შეიბრალებდა ოხერს
ყმაწვილ ქალს, მაგრამ ტერტერას გული არ დაურბილდა. მაშინ დედაჩემმა
უჩვენა და სთხოვა მიეღო, თუ იკადრებდა: შამფურები, ქვაბი, ჯამები და
თეფშები. ტერტერამ იცოტავა. დედა-ჩემმა მიართვა თავისი ხალიჩა.
ტერტერამ უსვინდისოდ მოხვეტა ყოველივე და წაიღო თავისი ხელით. ჩვენ
დაგვრჩა: ტახტი, ჭილობი, ფარდაგი და ლოგინი.
![]() |
2 II |
▲back to top |
ჩამოეცალა რა ცრუ კეთილისმყოფელები, დედა-ჩემი მიეცა ფიქრებსა, ეძებდა
ღონისძიებასა საზრდოს მოსაპოებლად. უკანასკნელ დამკვიდრდა იმ აზრზედ,
რომ უნდა დამდგარიყო ვისთანმე ან ძიძად, ანუ მოჯამაგირედ, მაგრამ აქ
დახვდა იმას დაბრკოლება. იყო რა გამოუცდელი, სოფლის გაუცნობელი,
ამასთან გაუბედავი, საწყალმა არ იცოდა, როგორ გასულიყო კარზედ, როგორ
ანუ ვისით მოეძებნა ბინა და როგორ აერჩია ოჯახი. ამ ფიქრში და ჩემ
რწებაში გაატარა ოთხშაბათი. ერთ დროს ორ საქმეს აკეთებდა საცოდავი:
ჰფიქრობდა, როგორ მოეპოვა ლუკმა პური, რომ მე მეცოცხლა; მარწევდა, რომ
მე შიმშილით გამშრალი იმისი ძუძუ არ მომეწოვა. მაგრამ ფიქრით და რწებით
როგორ გამაძღობდა, როგორ გამიგრილებდა გამშრალ გულ-მუცელსა? მე, თურმე,
გავსჩხაოდი, გავსწიოდი. საზღვარს გადავიდა დედიჩემის მწუხარება! მაშინ დედაჩემმა აღარც აცივა, აღარც აცხელა, გაიტანა ბალიში და მიჰყიდა
ახლო მეზობელს სამ პურად. მყიდველს შერცხვენოდა და ერთი ჯამი ლობიო
დაემატებია. თვითონაც გაძღა, მეც გამაძღო. მაგრამ, ოჰ, რა გაძღომა იყო!
შხამად შეარგეს დედაჩემს საჭმელი! მეწვრიმალის ბებერი მოუვარდა კეტით,
წყევლით და უშვერის ლექსით დაუწყო, სულის მტერმა, ლანძღვა და არ
გაათავა, სანამ ყბები არ ჩამოსცვივდა... ბედი დედიჩემისა, რომ კარები
ჰქონდა მაგრა დაკეტილი, თორე მოჰკლავდა საცოდავსა! ამას არ დააჯერეს. ღამე თვით მეწვრიმალე მოვიდა და ქვებს ესროდა ჩვენს
კარებს. შიშით კინაღამ ჭკუაზე შესცდა დედაჩემი! ხუთშაბათს ასეთივე დღე დააყენეს. მოთმინებიდან რომ გამოვიდა, პარასკევს დილით ადრე წავიდა ქალაქს
დედაჩემი, მთელი დღე იარა უბედურმა და ყველგან გაიგონა, რომ არავის
ეჭირვებოდა მაშინ არცა ძიძა, არცა მოჯამაგირე. დაბრუნდა შინ მკვდარი,
სასოწარკვეთილი ჩემი გაიანე, დაეცა პირქვე, ტიროდა და გმინავდა. გათენდა შაბათი. მთელი ღამის უძილობით და მწუხარებით დატანჯული დედაჩემი ფერმიხდილი
იჯდა ტახტზე მოკეცილი, დაჰყურებდა დედამიწას, ერთი ხელით მე მარწევდა,
მეორეთი ცრემლს იწმენდდა, თან ლოცვას ბუტბუტებდა პაწაწკინა ტუჩებით...
ოჰ, საწყალო დედა-ჩემო, აგრე როგორ დაიტანჯე! მსწრაფლ რაღაცა ბედნიერმა აზრმა გაუელვა დედა-ჩემსა. დედა-ჩემმა
მოიმხიარულა, ამაყენა მე აკვნიდან, გამახვია საბანში და წამიყვანა ჩემ
ნათლიასთან. ნათლია შინ არ დაგვიხვდა; იმისმა ცოლშვილმა კი ცივად
მიგვიღეს. გამობრუნდა დედა-ჩემი გულმოკლული. მიდის... სად მიდის? არ
იცის. ამ დროს სიონის წინ გაიარა; კარები დახვდა გაღებული და ხმა მოესმა
გალობისა, მწუხარეთა ნუგეში ეკლესიაა. “ოჰ, გმადლობ უფალო! ამაზე
უკეთესი ბინა აღარ მინდა”, სთქვა და შევიდა დედაჩემი სიონში, დაეცა,
გმინავდა, ტიროდა, ლოცულობდა, ლოცვა მისი იყო მხურვალე. იქვე წირვას
ისმენდა ერთი ყმაწვილი ვაჟი, თექვსმეტის წლისა; იმან მიაქცია ყურადღება
საცოდავს გაიანეს და თითქმის თვალი ვერ მოაშორა. გამოვიდა წირვა. გაიკრიბა ხალხი. ყველაზე ბოლოს გამოვიდა თექვსმეტი
წლის ვაჟი, მერე დედა-ჩემი. მდუღარე ცრემლი ეყარა საწყალს გრძელ
წამწამზე და ლოყებზედ, თითქოს ბრილიანტი შეუბნევიათო. “ეს არის ჩემი
ბინა”, სთქვა და დაჯდა სიონის კარებთან. მაშინ თექვსმეტი წლის ყმაწვილმა ჰკითხა დედა-ჩემსა, რა მწუხარება
გაქვსო. დედა-ჩემმა პასუხი არ მისცა და სთქვა თავის გულში: “რა ღმერთი
გასწყრომიათო, აქაც არ მეხსნებიანო”. ყმაწვილმა დააფიცა ღმერთი, ღვთისმშობელი და ბოლოს ჩემი თავი, რომ ეთქვა
დედა-ჩემს გარემოება თავისი მწუხარებისა. დედა-ჩემმა უამბო მოკლედ თავისი გარემოება. მაშინ ყმაწვილმა ვაჟმა სთხოვა გაიანეს, გაჰყოლოდა იმას სახლში. დედამ
უარჰყო. კიდევ სთხოვა, აღუთქვა მრავალი კეთილი... კიდევ უარჰყო... მერე დაიფიცა...
არ იქნა, ვერ გააბედვინა... იწყინა უგუნური სიკერპე დედა-ჩემისა და
წასვლა დააპირა, მაგრამ მაშინვე წარმოიდგინა ჩვენი საცოდაობა და ბოლოს
ასე უთხრა გაიანეს: — დედა ღვთისა არის მოწამე, რომ მე მიგიღებ შენ, როგორადაც ღვიძლ ჩემს
დას. მე მყავს დედა, რომელიცა შეგიყვარებს, გამოგზრდის და პატივით
შეგინახავს, რომელსაც შენ ძლიერ შეიყვარებ. მე მყვანან გამდელები,
მოახლეები, მოსამსახურე ბიჭები; მე მაქვს ოჯახი კარგი, სავსე ღვთის
მოწყალებითა. ჩემს ოჯახში პირველი უფროსი დედაჩემია, მერე მე. არც
გიმსახურებ, არც საჭიროა ჩემთვის შენი სამსახური. მე ვარ თავადი
ლუარსაბ რაინდიძე. ღმერთსა სთხოვდი პატრონსა და აი მოგცა; დედაჩემზე
უკეთესს პატრონს შენ ვერ იპოვი. წამოდი. ლუარსაბის დიდკაცურ შესახედაობამ, იმისმა გულწრფელმა და ტკბილმა
ლაპარაკმა, ზრდილობამ და მეტადრე მშვიდმა სახის მეტყველებამ გაუბნია
დედაჩემს ეჭვები. დედა გაჰყვა თავის სულგრძელს კეთილმყოფელსა. ძლივს
მოწყალების კარი გაეღო საცოდავ ქვრივსა და ობოლსა. — ბატონო დედავ! — მოახსენა ლუარსაბმა მშობელს, როდესაც შევიდა შინ, —
მე გახლდი სიონში, მოვისმინე წირვა, გწყალობდესთ! იქ ღმერთმა ჩამაბარა
ერთი მეტად საცოდავი ახალგაზრდა ქვრივი ქალი ძუძუთა ბიჭით. მე ვიცოდი,
თქვენ გიამებოდათ ქვრივ-ობოლის შეწყნარება და მოგგვარე. აქ გახლავან.
თუ ინებებთ, შემოვიყვან. სახელი ლუარსაბის დედისა — დარეჯან. ეს იყო მშვენიერი, მსგავსი რომლისა
არსად მინახავს. კარგი მხატვარი თავისის აზრით ვერ დახატავდა ისეთ
მშვენიერ სურათს. — უბრძანე, შვილო, შემოვიდეს, — უთხრა ლუარსაბს მშობელმა. ლუარსაბმა ხმა მისცა და შევიდა დედაჩემი. თუმცა ოყო ობოლ-ოხერი, უნუგეშო, დღიურ გამხმარ. ლუკმას მოკლებული,
მაგრამ, შედგა რა ფეხი კარებში, გაეღვიძა იმას თავმოყვარეობა და
ამპარტავნობა, — ითაკილა გლახა ამპარტავანმა, რომ მიადგა კარს
მოწყალებისათვის, შეინანა იქ მისვლა და დააპირა უკან დაბრუნება, ესე
ყოველი ცხადად გამოეხატა სახეზე დედა-ჩემსა. დარეჯან იყო დედაკაცი ჭკვიანი და მაშინვე წაიკითხა დედას სახეზე, რაც
იმას გულში უტრიალებდა და რომ განექარვა აღძვრა დედაჩემის
თავმოყვარეობისა, სიფრთხილით შეუდგა დამშვიდებას იმის ამპარტავნობისა.
ამისთვის კნეინამ მიიღო ისეთი ღონისძიება, რომელიც ეკადრება განათლებულ
გვამსა. — აქ მო, შვილო, დამიჯექ გვერდით, — უბრძანა კნეინამ. ეს სიტყვები გამოიღო კნეინამ ისე ტკბილად, ისე ნარნარად და ალერსიანად,
მასთან ისეთი სახე უჩვენა, რომ დედაჩემს ნამდვილად ეგონა, რომ კნეინა
იყო მისი მშობელი და დაავიწყდა თავისი ვინაობა. ლუარსაბ გარედ გავიდა. დედაჩემი ჩამოჯდა ტახტზედ, რომელზედაც იჯდა
კნეინა. — გაიგონე, შვილო! — განაგრძო კნეინამ — ქვეყანაზე არა არის-რა
საკვირველი, გარდა ერთისა: ეს არის, ვისაც აქვს თვითმდგომარე ხასიათი,
ვინცა ცნობს თავისს ღირსებასა და დაიცავს პატიოსნებასა. დანარჩენი,
მაგალითად: სიმდიდრე, სიღარიბე, სიდიდკაცე, სიპატარაკაცე სრულიად არა
არის-რა. ესენი ეძლევა განგებისაგან კაცსა, რომ იყოს ქვეყანაზე წესი.
მე შენით, შენ ჩემით უნდა გამოვიზარდნეთ, ვიცხოვროთ. რა წამს შემოგხედე,
მე ვიპოვე შენში თვითმდგომარე ხასიათი, ამიტომ მე და შენ ღირსნი ვართ,
ერთად გამოვიზარდოთ და ვიცხოვროთ. შენ ნახავ, შვილო, როგორადაც საქმით
დაგიმტკიცებ ამ ჩემს სიტყვებსა. ახლა გთხოვ, მიამბო დაწვრილებით ყოველი
შენი გარემოება. დედა-ჩემს გული აუდუღდა, ენა დაება და გადმოცვივდა თვალთაგან მსხვილი
ცრემლები. — რათ ტირი, შვილო? — ჰკითხა კნეინამ. — კარგა მეყურება თქვენი საკვირველი ყურადღება, რომელიც ჩემზედ
უსასყიდლოთ მოიღეთ. ავწონე თქვენი გული, მივხვდი თქვენს კეთილს
განზრახვას, ვგრძნობ ამას ყოველსა, მაგრამ სიტყვა არა მაქვს გამოვსთქვა
მადლობა, ქალბატონო! მე ღირსი არა ვარ თქვენთან ახლო ჯდომისა: მიმიღეთ
მოსამსახურედ... — ეს რა სთქვა, ადგა დედა-ჩემი, მაგრამ კნეინამ ისევ
დასვა და უთხრა: — ამ სახლის უფალი დღეს მე ვარ. ქმარი მე, შენსავით, აღარა მყავს. მაშ
ჩემ სახლში ჩემი ნება უნდა აღსრულდეს. შენ ნუ სწუხარ, მოსამსახურენი
ბევრნი მყვანან. ჯერ მიანბე შენი გარემოება, მერე მე გიჩვენებ შენს
თანამდებობას ჩემს სახლში. დედა-ჩემმა დაწვრილებით უამბო თავისი ცხოვრება და გარემოება; ბოლოს
დაუმატა, რომ იმან ისწავლა ზრდილობა და ენა ერთი აზნაურის სახლში,
რომელსაცა სახელად ეწოდებოდა ექვთიმე. კნეინას გაუკვირდა დედა-ჩემის მოთმინება, გონიერება და ხასიათი და
ძლიერ შეუყვარდა. კნეინამ მაშინვე ამოატანინა ბაზრიდამ, რაც საჭირო იყო ჩვენთვის,
ტანისამოსი სასწრაფოდ დააკერვინა და შეგვმოსა... კნეინა თვითონ ასწავლიდა დედა-ჩემს კერვასა, ქარგვასა და სხვა
ხელსაქმეს. სხვა ამაზედ მომატებული საქმე არა ჰქონდა გაიანეს. ერთი კვირის შემდეგ ლუარსაბი წავიდა პეტერბურგს. კნეინა წაბრძანდა
შვილის ყმა-და-მამულში, სოფელს წითლიანს, ქართლში და ჩვენც თან
წაგვასხა... მე რო მოვიზარდე, კნეინამ იზრუნა ჩემთვისაც; მიმაბარა თავიანთ მოძღვარს,
რომელმაც მასწავლა წიგნი და წერა. თვითან კნეინა მასწავლიდა დავითნსა
და მაკითხებდა ხოლმე “ვეფხის-ტყაოსანსა” და სხვა ქართულ წიგნებს;
აგრეთვე მასწავლიდა ზნეობასა, ზრდილობასა, სიტყვა-პასუხსა. მე
ვუჯერებდი, ვსწავლობდი, მივიღე მრავალი და, არ მახსოვს, რომ ოდესმე
შემეწუხებინოს ჩემის ურიგო ყოფაქცევით ჩემი კეთილისმყოფელი. ამასთან კნეინა ისე გვიფრთხილდებოდა ჩვენ, რომ უბრძანა გამდლებსა და
სხვა მოსამსახურეებს, არამც და არამც არ ეწყენინებინათ ჩვენთვის ან
სიტყვით, ან წარბით, ან საქმით. მოსამსახურეებს გაგიჟებით უყვარდათ
ქალბატონი და წმინდად აღასრულეს ბრძანება მისი. მართლადაც თექვსმეტის
წლის განმავლობაში არც დედაჩემს, არც მე არ გვინახავს იმათგან რაიმე
მცირედი წინააღმდეგობა, ანუ წყენა. მაგრამ თექვსმეტ წელიწადს უკან ბედნიერება მოგვეშალა. სიკვდილმა
გამოგვაცალა კნეინა ხელიდან. დედა-ჩემს ისე უყვარდა თავისი
კეთილის-მყოფელი, რომ უიმისოდ ვეღარ გასძლო ჩვენთან და სამ დღეზე
გამოუდგა იმას. ეს მოხდა 1817 წ. ამ დროს კნიაზი ლუარსაბი დაბრუნდა რუსეთიდან მაიორის ჩინით, მდიდარი
ჯვრებითა. მან ერთი წელიწადი იგლოვა დედა, მერმეთ ცოლი შეირთო. მე ვიყავ მაშინ თვრამეტი წლისა. დრო იყო, რომ ამას იქით მე, მეზრუნა
ჩემის თავისათვის. ამ მიზეზისა გამო გამოვეთხოვე ლუარსაბს, ამ
საკვირველ კაცსა! მომიტევეთ, რომ მე გავავრცელე აქ ისტორია ჩემის მშობლისა. ისტორია
მოვალეა მისცეს ადგილი თავის სტრიქონებში გამოჩინებულ პირსა, გინა იყოს
იგი მეჯღანუას ცოლი.
![]() |
3 III |
▲back to top |
III დედა-ჩემის აღწერით და კითხვა-კითხვით, როგორც იყო, მივაგენ პაპა-ჩემის
ქოხსა — ანუ სოროსა, რომელიც იყო დაკეტილი შინაგანის ურდულით. გასაღები
ამ ურდულისა მქონდა მე. იყო თებერვალი, ყველიერის სამშაბათი. დღე იყო სასიამოვნო, ცა-უღრუბლო,
უნიავო; მზე ათბობდა ჩემს მშობელ ქალაქსა; მზეზე გამოსულიყვნენ და
თბებოდნენ ტფილისის მცხოვრებნი. სხვათაშორის, ციხის უბანში გამოსულიყო
ვიღაცა მოხუცებული დედაკაცი და იჯდა სწორედ ჩემი კარების წინ გულ-ხელ
დაკრეფილი, თავჩაღუნული, დაღვრემილი, რომელიც ზუზუნებდა, წუწუნებდა,
ოხრავდა; თან მთელის სხეულით აქეთ-იქით ექანებოდა. ბოლოს ორის ხელით
ლოყებში შემოიკრა მოხუცმა, მძიმედ ამოიოხრა, კავების წვერები
გაიწ-გამოიწია, თვითონ გაექან-გამოექანა და წარმოსთქვა: “ტა-ტა-ტა-ტა!
ეს რა დამემართა! ღმერთი რად გამიწყრა! სული რაზე წავიწყმიდე! უბრალო
სულის სიკვდილის მიზეზში როგორ ჩავდექი! ვაი მე!” — დედაშვილობას, მიბრძანეთ, — ვუთხარ მე მოხუცებულსა, რომელმაც
აქამომდე ვერ შემნიშნა და რომელიც გამოიყვანეს ჩემმა სიტყვებმა ღრმა
ფიქრებისაგან, — დედაშვილობას, მიბრძანეთ, აქ სადა დგას გაიანე, ისაკ
მეჯღანუაშვილის ცოლი? მოხუცებული ისე შეკრთა, რომ დაეფანტა აზრები: ვეღარ გამოერკვია, რომ
მოეცა ჩემთვის პასუხი. მომარიდა პირი და რაღაცა წაიბუტბუტა, რომელიც მე
ვერ გავიგე, რაღაც ჰკაწრავდა ბებერსა და მე ვისურვე გამომეაშკარავებინა
იმისი საიდუმლო. ამიტომ განუმეორე იმას ჩემი თხოვნა გაიანეზე. — რადა ჰკითხულობ გაიანეს? შენ ვინა ხარ? — მკითხა მოხუცებულმა ისეთის
სახით, რომელმაც აშკარად გამომიხატა, რომ იმას სრულიად არ ეპიტნავა
ჩემი თხოვნა და არ უნდოდა პასუხის მოცემა. — ჩემი ახლო ნათესავია გაიანე, მინდა ვნახო, — ვუპასუხე მე. — არ ვიცი, — თქვა ბებერმა და პირი იქით მიიღო. მრავალი ვეცადე, ვუვლიდი ხან აქეთ, ხან იქით, საითაც კი მიიღებდა ხოლმე
პირსა, არ იქნა, ვეღარ შემოვახედე ბებერი ჩემსკენ. ბებერი ცდილობდა
აეცდინა თავისი თვალები ჩემი პირისახისაგან. ამ ბებრის ქცევამ უფრო
გამიცხოველა სურვილი — გამომეხმო გარეთ იმისი საიდუმლო. მაშინ მომაგონდა მრავალჯერ გაგონილი ქართული ანდაზა: “ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო”, და მე ამოვიღე ორი აბაზი (გამოსალმების
დროს ლუარსაბმა მაჩუქა ხუთი მანეთი თეთრი ფული), მივეცი მოხუცებულსა და
ვუთხარი: — ეს არის მოვედი სოფლიდან; ვარ დაღალული და მშიერი. თუ საწყენი არ
იქნება, გეყოლებათ ვინმე, მოატანინეთ ბაზრიდან ღვინო და საჭმელი.
მომიტევეთ, დედაშვილობას, რომ უნდა გაგსარჯოთ მაგდროული ადამიანი. დაინახა რა ფულები, ბებერმა, თვალის დახამხამებამდის, შეირბინა მეორე
ქოხში და გაგზავნა ვიღაცა კაცი ბაზარში, — მგონია შვილი იყო იმისი, —
სადილის მოსატანად; მერე მე შემიწვია. — შენ, შვილო, მგონია იკითხე სახლი გაიანესი? — მკითხა მოხუცებულმა. — დიაღ, ბატონო! — სახლი გაიანესი აკრავს ჩემს სახლსა, სწორედ ის არის, სადაცა მე წეღან
ვიჯექ. მაგრამ, შენ ვინა ხარ და, რა ხარ გაიანესი? — მე ვარ გაიანესი დისწული. დედაჩემმა, რაც გათხოვდა, გაიანეს ამბავი
არა იცის-რა და გამომგზავნა შევიტყო იმისი გარემოება, — მანამდისინ
ტყუილი არ მეთქო, მაშინ ვთქვი, და ამ ერთმა ტყუილმა, ოჰ, ღმერთო,
შემდგომში რამდენი ტყუილი მათქმევინა! რა გავაგრძელო, მთელი ჩემი
მოქმედება ტყუილზედ იყო დაფუძნებული! — საკვირველია, — მითხრა მოხუცებულმა. — რა ძალიან გევხარ გაიანეს!
ქალის ტანისამოსი რომ ჩაიცო, ვერავინ იტყვის, რომ შენ გაიანე არ იყო:
შუბლი, წარბები, ცხვირი, ტუჩები, ნიკაპი, ელფერი. ტანი — სულ გაიანესი
გაქვს. მიკვირს! ძალიან მიკვირს! ბებრის ამ მოულოდნელ შენიშვნისაგან კინაღამ შევკრთი. ნერწყვი ყელზედ
დამადგა. მაგრამ ჩემ როლს ხომ ვერ ვუღალატებდი. მეტი ღონე არ იყო,
მეორე ტყუილიც უნდა მეთქო, და სასწრაფოდ მოვახერხე. — დედაჩემი და გაიანე ტყუპები არიან, — მივუგე მე მოხუცებულსა: —
ტყუპები, როგორც მოგეხსენებათ, ერთმანეთს ხშირად ძალიან ჰგვანან, ასე
რომ ერთს მეორისაგან ძნელად გაარჩევთ, რაღაცა ბუნების მონდომებით
დედაჩემი და გაიანე ასე გვანან ერთმანეთს თურმე, რომ დედაჩემი ნახოთ,
გეგონებათ, გაიანეს ხედავთ. მეც დედაჩემს ასე ვგევარ რომ, თუ ქალური
ტანისამოსი ჩავიცვი, უთუოდ დავეგვანები გაიანეს. — იქნება მართლა? საკვირველია!.. დიაღ, მე გამიგონია, მანახავს კიდეც —
ტყუპები ძლიერ გვანან ერთმანეთსა... არა არის-რა. საკვირველი, რომ
დისწული დაემსგავსოს დეიდასა! — მითხრა ბებერმა და მეტის
სიამოვნებისაგან გაიღრიჭა. გაღრეჭაში ბებერს გამოუჩნდა ღრჯოლები, მაშინ მომაგონდა დედიჩემის
აღწერა მეწვრიმალის ბებრის ღრჯოლებისა და მივხვდი ნახევრად, ვინც იყო
სახლის პატრონი. ამასობაში სადილი მოგვივიდა, დავსხედით, შევექეცით. მადა გვქონდა ისეთი,
რომ ბევრს მდიდარს შეშურდებოდა. კახურმა წითელმა დასძლია ჩვენს ბებერსა,
ამოუდგა მარადის დაუჩუმებელი ენა, რომელიც უფრო გაულესა საჭიკჭიკოდ.
ბებერმაც ხან სად გადასცა, ხან სად გადმოსცა, ხან ამ მთისა თქვა, ხან
იმ მთისა. საგანი იმისი ჭიკჭიკისა იყო მორყვნა მეზობლებისა და თავისის
თავის ქება. დიაღ, კინაღამ არ დამავიწყდა! ბებერმა დაიჩემა სადილზე, თავისის ძალით,
თამადობა. გიახლათ სადღეგრძელო თავის საყვარლებისა, ჩემი და სხვათა; არ
დაივიწყა მიცვალებულიცა. მაგრამ გაიანე არც ცოცხლებში ახსენა და არც
მიცვალებულებში. რასაკვირველია, ეს კარგი მიზეზი მომეცა, რომ
გადამეტარებინა სიტყვა გაიანეზე. ..................... — მე გეტყვი, შვილო, გაიანეს ამბავსა. თუმცა უსიამოვნოა, მაგრამ...
ბაფა... და რა გაეწყობა... კაცნი ვართ... მოთმინება გვმართებს... ეჰ,
რაც მოხდა, მოხდა! იცი, შვილო, რა მოხდა? — აგერ თოთხმეტი თუ თექვსმეტი
წელიწადია, რაც გაიანე თავისი შვილით წავიდა სადღაცა და მას აქეთ აქ
აღარ გაუვლია. ჩვენ, მეზობლებს, გვეგონა, რომ იგი მიეკედლა რომელსამე
ნათესავსა და გვიამა, ამიტომ რომ უპატრონო და უმოწყალო იყო. ამ კვირია
კი გავიგე ასეთის ადამიანისაგან, რომელსაც ტყუილიც-კი დაეჯერება, არამც
თუ მართალი, რომ საწყალი გაიანე დამხჩვალა იმავე დღეს, როდესაც აქედან
წავიდა, თავისის ერთი წლის ვაჟით მტკვარში. — მკვდარი ვარ, ცოცხლებში
აღარ ვურევივარ! — ასე მეწყინა! შენ, შვილო, ნუ შეწუხდები! ალბათ რომ
ასე ეწერა... — ღმერთმა განუსვენოს! —ეს რა სთქვა, დალია ღვინო, მაგრამ
მძიმედ-კი ამოიკვნესა. — ეგ მეც გავიგე, — ვუთხარ მე — მაგრამ არ დავიჯერე. — სწორედ, სწორედ მართალია, ჭეშმარიტია! აბა წარმოიდგინე, შვილო,
ტყუილს რა მათქმევინებს ამ დროულს ადამიანსა და ან რა გაჭირვება მაქვს
ვთქვა ტყუილი. — ტყუილი რა საკადრისია. (!) მაგრამ, ეს მიბრძანეთ: რა გაჭირვება
ჰქონდა საწყალს გაიანეს, რომ სული წაიწყმინდა? — სიღარიბე, შიმშილი, უპატრონობა! — არა მჯერა! მე ვხედავ მრავალ ღარიბსა, მშიერსა, უპატრონოსა, მაგრამ
წყალში-კი არავინ ვარდება. არა, აქ სხვა მიზეზი უნდა იყოს. ერთი ეს
მიბრძანეთ, თუ გახსოვთ, რა დღეები იყო, როდესაც დეიდა-ჩემი ჩავარდა
მტკვარში? — მე კარგად მახსოვს — იყო ყველიერი. — რა დღე იყო ყველიერისა? — შაბათი. — წინა დღეებში ხომ არავინ არა აწყინა-რა დეიდაჩემსა? ბებერს ენა დაება, ლუკმა ყელზე დაადგა, კინაღამ დაიხრჩო... მაშინ მცირე
ხანს ლაპარაკი შევწყვიტე ამ საგანზე, მერე ღვინო დავალევინე ბებერსა და
ხელახლად განვუმეორე ჩემი უკანასკნელი კითხვა. მაშინ შექნა ბებერმა
ღრიალი და მოთქმით ტირილი: “შე საწყალო გა-ი-ანე! ქორფა გა-ი-ანე!
წუ-თი სო-ფელ-ში გა-უ-ხარე-ლო! რა კარ-გი რამ ი-ყავ! ყბა ვინ და-გად-გა,
თვა-ლი ვინ-ა გკრა! რად გა-მო-ერ-ჩი-ე ტოლ ქა-ლებ-ში!..” — სულ კი იმის უბედურების მიზეზი იყო ის შეჩვენებული მეწვრიმალე, —
შეჰყვირა უცებ ბებერმა, როდესაც დაასრულა ტირილი. — რომელი მეწვრიმალე? — გასპარ სარქისბეგაშვილი, ამ წყეულ-შეჩვენებულმა გამრია... მაგრამ მე
რა... მე სრულებით არაფერში ვურევივარ... მე მხოლოდ ვიყავი მოციქ... — რას გადარეულხარ, ბებერო, — წაჰკრა შვილმა და შეუტია, — რას როშავ
მოუკოდავ წისქვილივით! — მე რა, შვილო! — უთხრა შვილს ბებერმა, — ერთი სიტყვა ვთქვი...
ყოველთვის სიტყვა სიტყვას მოიტანს... მაგრამ, ამასაც გეტყვი, შვილო —
მითხრა მე, — სარქისბეგაშვილი რომ... სიტყვით, სარქისბეგაშვილს მე რომ
არ... რა თავი შეგაწყინო, სარქისბეგაშვილმა ხუმრობა დაუწყო საწყალს
გაიანეს. გაიანე, საწყალი! თავმომწონე ქალი იყო, წავიდა და თავი წყალში
დაიხრჩო. მე კი, შენმა მზემ, იმათ საქმეში არა ვრეულვარ; ფიცი შემიძლია,
მაგრამ, რაც გავიგე გაიანეს თავის დახრჩობა, მე ისე ვიტანჯები, რომ
ჩემს სულსა და გულს აღარა აქვს ლხენა. ოჰ! ღმერთო! ცოდვილი ვარ,
მრავალი შეგცოდე, მომიტევე! აქამომდე ბებრის თვალზე ვერა ვნახე ცრემლი, ახლა-კი სინანულის ლოცვას
დაადევნა იმან ცრემლებიცა. — რა კაცია გასპარ სარქისბეგაშვილი? — ვკითხე მე. — როგორია? რა ხელობა
უჭირავს? სადა დგას? — დიდი ჭკვიანი კაცია, თავი კაცია ქალაქში შეძლებით, თუ ვაჭრობით. ის
იყო პირველად მეწვრიმალე და ქონდა საკმაო შეძლება. ჭირიანობას
საკვირველი ჭკუა მოიხმარა: სოფლებში პურს ყიდულობდა იაფად, თვითონ-კი
ერთი ოთხად, ხუთად, ათად ჰყიდდა. მაშინდელი სიძვირე, თუ გაგიგონია, აბა,
იმან ჩამოაგდო. გაივსო, გაივსო ის ღვთის მტერი! ახლა დუქნები აქვს და
ვაჭრობს. რამდენი ვაჭარი წაახდინა? ჩვენს უბანში იმას ჰქონდა სახლი. ის
აღარ იკადრა, შუა ქალაქში ააშენა დიდი სასახლე. საშინელი წუწკია. ორჯერ
ვიყავი იმასთან, ვსთხოვე შემწეობა, ორჯელვე პანღურის კვრით გამომაგდო.
თავისთვის რო ვერას იმეტებს, ჩემთვის ანუ სხვისთვის როგორ რასმე
გამოიმეტებს! — კმარა! კმარა! — შევყვირე განრისხებულმა მაღალის ხმით. ამ ამბავმა ისე გამამწარა, ისე გამაცეცხლა, ისე მოთმინებიდან
გამომიყვანა, რომ აღარ ვიცოდი, სად ვიყავ, რა ვიყავ, რა უნდა მექნა;
მეგონა, ეკლებს მჩხვლეტავდნენ ძარღვებში, ვეღარ დავჯექ, ვეღარც დავდეგ.
არ შემიძლია ავწერო მაშინდელი ჩემი მდგომარეობა. მაშინ დამებადა გულში
შურისძიება, — პირველად ვიგრძენ ამ ბოროტების ყოფნა ჩემში, რომელიცა
სასწრაფოდ გაიზარდა, გავრცელდა, რომელმაც ფესვები განზე გაიდგა, ტყვედ
შეიპყრა ჩემი სული, გონება და გული... ბებერს სუფრაზე დაეძინა. მე გამოვედი და გავაღე კარები ჩემი სახლისა.
ჩვიდმეტი წელიწადი არ გაღებულიყო ეს კარები. ჰაერი იყო ცუდი, ნოტიო და
ცივი. და მე ვერ შეველ, მანამდისინ კარგად არ გაიკრიბა დაგუბებული
ჰაერი. ბოლოს შეველ. იქ დამხვდა ტახტი, ტახტზე — ფარდაგი, ჭილობი და გაშლილი
ლოგინი, სწორედ იმ სახით, როგორც დაეტოვებინა დედაჩემს. იქ დამხვდა
ჩემი აკვანი გაუსწორებელი, არტახებ აუკეცავი. მივიხედ-მოვიხედე, არცა
სადმე სარკმელი, არცა ბუხარი. კარები მივხურე და მე დავრჩი შუადღისას
საშინელს სიბნელეში. მაშინ წარმომიდგა დედაჩემი; მაშინ ცხოვლად ვიგრძენ,
თუ რა საშინელი და ენით გამოუთქმელი ჯოჯოხეთი მოუთმენია აქ დედაჩემსა! საზღვარი აღარა ჰქონდა ჩემს მრისხანებასა! რა არ ვიფიქრე, რა
ღონისძიებას არ ვეძებდი, რას არ ვნატრობდი, რომ კმაყოფილმეყო ჩემი
შურისძიება! იმ ჟამად მეწვრიმალე რომ ჩამვარდნოდა ხელში, ხორცებს
კბილით დავაგლეჯდი!.. ლოგინი ავკეცე და დავალაგე სალოგინეზე. დავჯექ მოკეცილი ტახტზე, რომ
წარმომედგინა მდგომარეობა დედიჩემისა, როდესაც ის იჯდა ხოლმე
მარტოდ-მარტო იმ ტახტზე, მე მარწებდა, ან ძუძუს მაძლევდა, მშიერი,
მწყურვალე, სიცივეში, სიბნელეში, მწუხარე... უცებ ერთი ფიცარი აყირავდა
და მე ჩავვარდი ტახტის ქვეშ ორმოში. შემდგომში ვნახე, რომ ეს ორმო
გათხრილი იყო სიგრძეზე ვიდრე ორ ადლ-ნახევარი და აქეთ-იქით
გვერდებზედაცა. მგონია, სამალავი უნდა ყოფილიყო. საღამომდის იქ დავრჩი. ღამე ვეღარ დავდეგ და გამოველ გარე... IV იმდენ სიკეთესთან, კნეინა რაინდიძისამ დაივიწყა — დედაჩემს ხომ
სრულებით ფიქრშიაც არ მოსვლია, — რომ საჭირო იყო ესწავლებინათ ჩემთვის
რომელიმე ხელობა. მარტო ზრდილობა და მცირედი წიგნური და ზეპირ
მოთხრობითი სწავლა პურს ვერ მაჭმევდენ. მე გამოვდგებოდი მხოლოდ
მოჯამაგირედ მოქალაქეებთან, ანუ ლაქიად მაღალ საზოგადოებაში, ისიც თუ
დავხელოვნდებოდი ლაქიობის ხელობაში და ჩემში იპოვიდნენ საჭიროებასა.
მაგრამ იმ დროს ქალაქში ლაქიობა ჯერ არ იყო გახშირებული. მოჯამაგირის
თანამდებობის ასრულებას ადვილად შევიძლებდი, თუ რომ ჩვიდმეტი წელიწადი
ნებიერ ცხოვრებაში არ ვყოფილიყავ. ესრედ ვიყავ მოკლებული საზრდოს
მოსაპოებელს ღონისძიებასა! ამ დიდ ნაკლულოვანებასთან შემემთხვა ასეთი გარემოებაცა, რომელიც, ვისაც
კი-დაიმონებს, დაუბნელებს გონებასა, გაურყვნის გულსა, წაუხდენს
ხასიათსა. გამოცდილებით ვიცით, რა ძნელია, რა საშიშია თუ ყმაწვილ კაცს
ქალაქში არა ჰყავს ხელმძღვანელი, ანუ თუ არ შეხვდება კარგი საზოგადოება,
ან კარგი ტოლი და ამხანაგები. მე ვიყავ ცუდ მდგომარეობაში, ცუდ განსაცდელში. მე ვიდექ საშინელის
უფსკრულის ნაპირზედ და უთუოდ დავიღუპებოდი საუკუნოდ სულით და ხორცით,
თუ რომ არ შემწევნოდა ჩემი მტკიცე ხასიათი და ნამეტნავად ის მცირედი
სწავლა, რომელიც მივიღე თ-დ ლუარსაბ რაინდიძის სახლში. რაც შემეძლო
თავი შევიმაგრე და ხელიდან არ გავუშვი. მაგრამ, თუმცა ერთს დიდს ბოროტს
გადავრჩი, მასთანვე გავუღე გული მეორე ბოროტსა, რომელმაც დამიკარგა
ცნება პატიოსნებაზე და კეთილშობილური ამპარტავნობა. სრული კაცი არ არის
ის, ვისაც არა აქვს ეს თვისებები. ზევით მოგახსენეთ, რომ მე გავექეც ჩემს მამა-პაპის სახლსა, რადგანაც
მეჩვენა საშიშარ სადგომად. სირბილით დავეშვი ციხის უბნიდან და სად
მივრბოდი, აღარ ვიცოდი. ვირბინე, ვირბინე, და მივაწყდი ერთ მიკიტნის
დუქანსა, თათრის მოედანზე. იქ იჯდა სამხარზე თუ ვახშამზე სამი ყმაწვილი
კაცი. — აბა რა შემიყვანდა იქა! —წავდექ წინ, გარშემოუარე მოედანს,
საჩემო ადგილი ვერსად ვიპოვე. გავიარე ვიწრო და დახვლანჯული ქუჩები,
კარები ყველას ჰქონდა ჩაკეტილი. დავტრიალდი ისევ მოედნისაკენ და, მეტი
ღონე არა მქონდა, მოვედ იმ მიკიტნის დუქანშივე. შევედი, მივეცი
მიკიტანს ერთი აბაზი, მოვთხოვე სასმელ-საჭმელი. მიკიტანმა სასწრაფოდ
აღმისრულა თხოვნა. სიმშილს სრულებით არა ვგრძნობდი; ამასთან მადა უფრო
დამიკარგა მიკიტნის აყროლებულმა ტანისამოსმა. რაღას გავაწყობდი;
დროების გასატარებლად ძალის-ძალამდე დავუწყე კიკნა პურსა და საჭმელსა;
ჩემი ფიქრი კი იყო გართული მით, თუ სად უნდა გამეტარებინა ღამე. ამასობაში მე შევამჩნიე, რომ სამი ყმაწვილი კაცი ერთმანეთს თვალით
რაღაცას ანიშნებდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ და ხანდახან ჩურჩულობდნენ
კიდეცა, ბოლოს ერთმა მათგანმა მითხრა მე: — ყმაწვილო! მე გატყობ შენ,
როგორღაც დაფიქრებული ხარ. რა დროს ფიქრია! ყველიერია! უნდა ვიქეიფოთ!
თუ საწყენი არ იქნება, ჩვენ კამპანიასა სურს დრო ერთად გავატაროთ: ან
შენ გვეწვიე შენის ჩარექით და ტაბაკით, ან ჩვენ გეწვევით ჩვენი თუნგითა
და ხონჩითა. ამ წინადადებამ სრულებით გამომათაყვანა: ენა დამება, გავლენჩდი, ვერა
ვთქვი რა. მაგრამ კამპანიას ასეთი მაგნეტიზმური მიზიდულობა ჰქონდა, რომ
წამითრია და მე უგრძნობლად ავიბარგე ჩემის ტაბაკით და ჩარექით და
შევერთდი იმათთან. მედუქნემ დარაბები აუგდო, ნახევარი თუნგი შემოგვაწია და ინება მოკეცა
ჩვენთან. ეს თავისუფალი ქცევა მოტურტვლილი მიკიტნისა ძლიერ გამიოცდა და
მეთაკილებოდა კიდეცა იმასთან ჯდომა. — აი რას ნიშნავს კარგ ოჯახში გაზრდილი კაცი!.. ოჰ, ნეტავი ისევ
სიმშილით სული ამომხდომოდა და, რაც ხასიათები მივიღე ლუარსაბის სახლში,
არ დამეკარგა!.. სმა გაჩნდა შეტეული; არა ჰქონდა დასასრული პროშტებსა, არ ჰონდა
დასასრული სადღეგრძელოებსა. ვისი სადღეგრძელო არ დავლიეთ! განა დარჩაღა
ქვეყანაზე კაცი, მიკიტანი, ჩარექები, თუნგები, რომ არ
გვედღეგრძელებინოს! ამასთან აღარ მისწყდა სიმღერა, ხუმრობა, თამაშობა,
ხვევნა, კოცნა, ტლაშა-ტლუში... ასე გავათენეთ ის ღამე, ასე გავატარეთ
მეორე დღე, მესამე, მეოთხე, კვირა. ღვინოში ისე შემიყვარდა მიკიტანი,
ისე შემიყვარდა იმისი დუქანიცა, რომ უკეთესი კაცი, უკეთესი სახლი აღარ
მეგონა სადმე. ამდენ სისულელესთან სხვა სისულელეც მომივიდა — თავი
გამოვიდე და ხუთ დღეს მე გავუმასპინძლდი ჩემს ახალ მეგობრებს; ჯიბე
დამიცალიერდა. მოაწია ჟამმა, როდესაც მე ან გარყვნილების უფსკრულში უნდა დავღუპულიყავ,
ანუ როგორმე მომერჩინა თავი. განსაცდელში კაცი, თუ თვითმდგომარე
ხასიათის მექონია, უფრო გამაგრდება და თავს გამოიტანს. იყო კვირა (ყველიერის უკანასკნელი დღე). როგორღაც მოხდა, რომ მე
გავისინჯე ჯიბე. დიდხანს ვეძებე აბაზები, ჯიბის კუთხეები ავწიე-დავწიე,
— რაღას ვიპოვიდი, რომ აღარა იყო-რა! ელდა მეცა, ჭმუნვა დამერთო,
ფიქრები წარმომიდგნენ. — ეი, რას დაფიქრებულხარ! — შამომკივლა მაღლის ხმით და წამკრა გულში
მუშტი ერთმა მეგობართაგანმა, რომელსაც ტვინი ძლიერ დასუსტებოდა
ღვინისაგან: დიდმარხვაა?! რას გაჩერებულხარ?! ხვალ არის დიდმარხვა,
დღეს კიდევ აღების ღამეა. უნდა ვიქეიფოთ! ეი, ღვინო! მეგობრის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა და მე, თავის გასამართლებლად,
გულმტკივნეულად აღვუწერე მდგომარეობა ჩემის ჯიბისა. — ჰა, ჰა, ჰა! გენაცვალოს, ვინც მდიდარია! — მითხრა უგუნურ ხარხარით
იმავე მეგობარმა, — მაგისათვის როგორ მოგიწყენია. აი, ჩვენ ჩიტებსავით
ვცხოვრობთ: არცა-რა გვაქვს, არცა-რა გვაკლია. მაგალითად გეტყვი: ამ ხუთ
დღეს არცა გვიხნავს — გვითესავს, არც გვივაჭრია, მაგრამ აბა, კარგა
წარმოიდგინე, რომელმა მდიდარმა ჩვენზე უკეთესად გაატარა დრო.
ქეიფი-სასუფეველია. ეს სოფელიც ჩვენია, ქეიფიც ჩვენია! მდიდრისათვის
ღმერთს გაუწყვეტია სიამოვნება და ქეიფი. ვიქეიფოთ, ძმაო! დაასხით!..
ესეც ღმერთმა ადღეგრძელოს ის ტურტლიანი ფეხები, რომლებმაც ეს ღვინო
გამოგვიწურეს!.. ალავერდი! — იახშიოლ! — უპასუხა მეორემ. — რასა ფიქრობ, საყვარელო ძმაო? — განაგრძელა პირველმა მეგობარმა. — მე
ვარ ხელმარდი, ასე გამოვაცლი კაცს ქეჩასა, რომ ვერ გაიგებს. ეს არის (მეორე
მეგობარზე ხელი დაადო) წინამძღვარი ლამაზ ქალებისა, იმათის ხელობითა
თვითონაც ცხოვრობს, იმათაც აცხოვრებს. კბილები რას დააკაწკაწე, ხომ არ...
ეს საყვარელი ძმა და მეგობარი (მიჩვენა მესამეზე) საყვარელია ქალებისა,
ასე რომ შურით და ერთმანეთის წინააღმდეგობით ბევრსაც აძლევენ ამას. ოჰ,
ნეტავი იცოდე, როგორი შფოთი, როგორი თმის წეწა მოუვათ ხოლმე ქალებს
ამის გულისათვის. ახლა მკითხე, რისთვის? თურმე ამ შეჩვენებულსა... აი
ძმაო, როგორა ვცხოვრობთ! შენც-კი გაგიჩენთ თანამდებობასა! გარწმუნებ,
ხვალვე! მაშინ გავახილე თვალები და დავინახე, რა საზოგადოებაშიაც ვიყავი
გარეული, რაცა მომელოდა შემდგომში; დავინახე, რომ უფსკრულის ზედ
კინწირაზე ვიდექი და ერთს წამს კიდევ რო დავრჩენილიყავ ამ კინწირაზედ,
ნიავი გარყვნილებისა გადამაგდებდა უფსკრულში. ცხოვლად დავინახე ჩემი
მდგომარეობა და შიშის ზარმა ამიტანა. მომაგონდა ერთი კაცისაგან ნათქომი
ანეგდოტი, ერთი ყმაწვილი კაცი, თურმე, — რომელმაც ცურვა არ იცოდა, —
ბანაობდა მტკვარში და უცებ ჩავარდა ორმოში, ასე რომ წყალი ერთ ადლზე
თავზე ასხამდა. ყმაწვილმა კაცმა გონება დაიტანა და იფიქრა: თუ მარცხნივ
წავედიო, შუაგულ მდინარეს მივეცემიო, თუ წინა — მორევში შემითრევსო;
ისევ მარჯვნივ ვეცდებიო და ეგების გავიდეო. მართლადაც, ყმაწვილმა კაცმა
შიშით და ძრწოლით მარჯვენა ფეხი წყნარწყნარა ამოდგა ორმოდან, შეიმაგრა
ზურგით წყალი და თავს უშველა. — შიშის ზარმა და ამ მაგალითმა
გამამხნევეს, და მე აღარ დავიგვიანე, უცებ წამოვხტი, მარდად გადავახტი
ზედ თავზედ გარყვნილ მეგობარსა, გავვარდი დუქნიდან და ისე ჩქარა
მივრბოდი შინისკენ, რომ გაჭენებული ცხენი ვერ მომეწეოდა. გავაღე კარები
ჩემის ქოხისა, მივიხედ-მოვიხედე და თავისუფლათ ამოვისუნთქე. ქოხი,
რომელიც ხუთი დღის წინათ მაშინებდა, ახლა მეჩვენა მშვენიერ სასახლედ.
რაღასაც გამოუთქმელ სიხარულსა ვგრძნობდი. მეგონა დავიხსენი მეთქი
ტყვეობისაგან, სიბნელეთისაგან, ჯოჯოხეთისაგან. რა სახით შემიყვარდა
ჩემი ქოხი! სულ კედლებსა ვკოცნიდი! აქ მეგონა მისხდნენ გვერდით
მამა-პაპაჩემი და ჩემი საყვარელი დედა. გამინათდა გონება და გული.
აღდგომის დღე იყო ჩემთვის ეს დღე! თან ჩემს თავს ვაყვედრიდი,
ვლანძღავდი, თავპირში ვიცემდი უგუნურობისათვის... ჩემი აკვანიღა? ოჰ,
რავდენი რამ წარსული მომაგონა აკვანმა! აქ თვალწინ წარმომიდგა, თუ დედა
როგორ მიკეთებდა ოდესმე აკვანსა, ჩამაწვენდა, ძუძუს მომცემდა,
დამარწევდა, ნანას მეტყოდა: რამდენჯერ დრო სიამოვნებით გაუტარებია იმას
ქმართან, ანუ მწუხარება მოუთმენია. ამგვარ ფიქრებმა გული ამივსო
სიამოვნებითა; სიამოვნებამაც გამიტაცა, გამართო, ხორციელად აღარ ვხადდი
ჩემ თავსა; მე ვიყავ ამ საათს სრული ბედნიერი. — მე აქ არას ვუმატებ.
წარმოიდგინეთ, ვის არ გიყვართ მამა-პაპის ქოხი, თქვენი მშობელი ქოხი!
ნუთუ სხვის სასახლეში უფრო თავისუფალნი იქნებით, უფრო შვება, ლხენა
გექნებათ, ვინამც თქვენს მშობლიურ ქოხში?! იქნება მრავალნი
წინააღმდეგნი იყვნენ ჩემის აზრისა, მაგრამ მე კი არ მივყიდი სხვას ჩემს
ქოხსა; შეძლებისამებრ გავაკეთებ, გავამშვენიერებ და ანდერძად დავუგდებ
ჩემ შვილის-შვილებსა, რომ ეს ქოხი არამც და არამც არ გაყიდონ... დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ვიყავ ტკბილ ფიქრებში გართული. ამ
დროს შამომესმა გარედან ფეხის ხმაურობა და არეული ორ-სამ ენაზე
ლაპარაკი. არ გასულა ორი წამი და ჩემს სახლს მოადგნენ რამდენიმე პირნი
სხვადასხვა გვარისა და ტომისა, რომელნიცა დაუკითხავად თავისუფლად
შემოვიდნენ ჩემთან. ვინამ ავწერ ამ განათლებულ ხალხის მოქმედებას, წინად საჭიროდ დავინახე
გაგაცნოთ იმათი პიროვნება. როგორც ბოლოს დროს შევიტყვე: ერთი იყო “პრისტავი”. ამ გამოჩინებულ
გვამსა დარქმევოდა ქალაქელებისაგან მეტი სახელი “აქლემა”, იმიტომ რომ
იყო აკვლანჭული, შუბლ ვიწრო და, თავით ფეხამდის, აქლემსავით
უსწორ-მასწორო. მეორე — “პერევოჩიკი”. მეტი სახელი იმისი “ნემსიყლაპია”. მოგახსენებენ
ვითომც ეს სახელი დარქმევია, რადგანაც ქრთამები უყლაპავს, მრუდედ
თარგმნა ჰყვარებია და არც ერთხელ სინიდისში არ გაზიდვია ეს ბოროტება. მესამე — “წიპლონკა” დესეტნიკი — სალდათთაგანი. ეს სალდათი იყო
დალეული, წირპლიანი და გამხდარი. წიპლონკა ამიტომ დაურქმევიათ. მეოთხე — “ქათამა” დესეტნიკი — სალდათთაგანი. ქათამა დარქმევია
წინააღმდეგ წიპლონკა დესეტნიკისა, რადგანაც იყო მოსული, გაჟივებული
(არყისაგან) კაცი. მეხუთე — იცით ვინ იყო? — შვილი მეწვრიმალის ბებრისა. ეს კაცი, — მითხრა პერეოჩიკის პირით პრისტავმა მრისხანის და უგუნურ
ამპარტავნის სახით და მიჩვენა ბებრის შვილზე, — ეს კაცი შენზედ სჩივის,
შემოგწამებს, ვითომც შენ იყო მიზეზი მაგის დედის სიკვდილისა. შენ რა
სიმართლე გაქვს? პირველ შემთხვევაში შევკრთი: ჩემს დღეში ამგვარი ცილისწამება არ
გამეგონა; არც ვიცოდი ვინ იყვნენ დაუპატიჟებელი სტუმრები. გაშტერებული
შევცქეროდი პრისტავსა და ამასთან ტუჩი ტუჩს (როგორც პერეოჩიკმა
დამარწმუნა) თურმე მოვაშორე და მცირეოდენ გავიღიმე. თქვენ მტერს
დაადგეს ის დღე, რა დღეც პრისტავმა მე დამაყენა! როგორ თუ გაიღიმეო,
პრისტავმა მაღლის ხმით შემომიღრიალა და დამტუქსა, მერე უბრძანა
დესეტნიკებს: “გააწვინეთ ეგ (მე), როზგით გაწკიპეთო”. დესეტნიკები
მომცვივდნენ, მაგრამ ვერ მომერივნენ. მე ჯერ არ ვიცოდი, რას
მიპირებდნენ. როდესაც პერევოჩიკმა შემატყობინა, ამაყად და მრუდის
თვალით შევხედე პრისტავსა და ვუთხარი: “თუ მოსამართლე ხართ, —
სამართლიანად მოიქეცით... როგორ შეგიძლიათ წკეპლით გამლახოთ, იცით მე
ვინა ვარ? იქნება გგონიათ მე უპატრონო ვიყო!” პრისტავი ჯერ კი მოიდრიკა
, მერე — პერევოჩიკის ჩაგონებით — უფრო გაწყრა, ერთი მთელი საათი
მიყვიროდა, მლანძღავდა, ფეხებს ადგილზედ აბარტყუნებდა. როდესაც
მოიქანცა, მითხრა: — რა გაეწყობა, რომ თან არა მაქვს როზგები, თორე მე გიჩვენებდი შენ
თამაშას! მაგრამ, სულ ერთია! პოლიციაში გაგლახავ შენის სიამაყისათვის!
ახლა კი მე უნდა გამოვიძიო ამ კაცის საჩივარი და, ვაი შენი ბრალი, თუ
არ გატყდები, სწორეს არ იტყვი. გარწმუნებ ციხეში დაგალპობ, იქნება
ვეღარც კი გამოხვიდე იქიდან! სთქვი სწორედ, შენ მოჰკალი ამ კაცის დედა? — არა, მე რად მოვკლავდი! რა საჭირო იყო ჩემთვის იმისი სიკვდილი! —
მერე მივუბრუნდი ბებრის შვილსა და ვკითხე: — განა დედა-შენი
გარდაიცვალა? როდის გარდაიცვალა? — სწორედ იმ საღამოზე, როდესაც სადილი ერთად ვჭამეთ ჩვენ. შენ ხარ
მიზეზი იმის სიკვდილისა. — როგორ, რით მოვკალ? დავარტყი რამე, ხელით დავახრჩე, თუ იარაღი
ვიხმარე? — არა, ხელი და იარაღი არ გიხმარია, მაგრამ ან შეულოცე, ან ჯადო უყავი,
ან მოწამლე. მე დედაჩემი მაცხოვრებდა, ახლა ვიღა მაცხოვრებს! — განიმეორე დაწვრილებით შენი საჩივარი, გარემოება დედაშენის
სიკვდილისა და რა საბუთი გაქვს, რომ ამ კაცს (ჩემზე უჩვენა) სწამებ მაგ
დიდს დანაშაულობასა? — უბრძანა პრისტავმა ბებრის შვილსა. — ამ ბიჭს (ჩემზე უჩვენა) სრულებით არ ვიცნობ. ჩვენ სახლში და ქუჩაში
აქამომდე არ გაუვლია. წარსულს სამშაბათს მოვიდა ეს დედაჩემთან, სადილის
ფასი მისცა, ღვინო დააძალა საწყალს მოხუცებულსა. დედაჩემმა მოიგონა
ვიღაცა გოგო გაიანე, რომელიცა წყალში ჩავარდა, დაიხრჩო; იწუხა, იკვნესა
და იმავე საღამოზე სული დალია. ეს ბიჭი კი იმავე დღეს დაიკარგა და აი,
ახლა მოვიდა, ისიც სხვის სახლში. — ოჰ, მაგაზე მეტი საბუთი აღარ არის საჭირო, — შეჰყვირა პრისტავმა —
უცნობი მოვიდა და გაგემცნაურათ, თავის ხარჯით სადილი გააკეთა, ღვინო
დააძალა, ხუთ დღეს დაიკარგა... წაიყვანეთ პოლიციაში! — ნუ ჩქარობთ, ბატონო! — მოვახსენე პრისტავსა — გაიგონეთ ჩემი
სიმართლეცა: სამშაბათს მე ჩამოვედი სოფლიდან და, რადგანაც მშიერი ვიყავ
და ქალაქში არ ვყოფილიყავ, ვთხოვე ამ კაცის დედასა საჭმელი
მოეტანინებინა ვისთვისმე ბაზრიდან. ამისმა დედამ მოატანინა სადილი,
თვითონ სიხარბით ღვინო დაიძალა. სადილს უკან წავედ ჩემ ნათესავების
საძებნელად. — სად არის მკვდარი დედაკაცი? — ვიკითხე მე. — მიწაში — მომიგო პრისტავმა. — მაშ ჯერ ამოიღეთ მკვდარი, გასინჯეთ და თუ აღმოჩნდება, რომ ბებერი
მომკვდარა ან საწამლავითა, ან ხელითა, ან იარაღითა მაშინ მე დავიბრალებ
იმის სიკვდილსა. პრისტავმა კბილები დააკრაჭუნა, მაგრამ კიდევ აბრუ არ გაიტეხა. — სადაური ხარ და ვინა ხარ? — ჰკითხეთ მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს, ის გეტყვით ვინცა ვარ. პრისტავმა მრუდის თვალით გადახედა პერევოჩიკსა. ამ უკანასკნელმა
თვალებით მიუგო. მაშინ პრისტავმა მითხრა: — მაიორს თავადს ლუარსაბ რაინდიძეს კარგა ვიცნობ. მანამ იმას ვკითხავ,
შენ უნდა პოლიციაში იჯდე ტუსაღად და იქნება ციხეშიაც გაგგზავნო. — ეს
რა სთქვა, უბრძანა დესეტნიკებსა — წაიყვანეთ პოლიციაში! მე გავყევ... გზაზე პერევოჩიკმა მირჩია, რომ ქრთამით მეშველა ჩემის თავისთვის. მე
დავარწმუნე, რომ ცალი ფულის პატრონიც არ ვიყავი. პერევოჩიკმა, მგონია,
შეატყობინა ამაზე პრისტავსა. მაშინ პრისტავი და იმისი კამანდა ასე
გაიპარ-გამოიპარნენ, რომ მე ვერ გავიგე. დავრჩი რა მარტო, გავბრუნდი
შინ. ბოლო დროს ბებრის შვილმა მიამბო, რომ ეს კომედია ათამაშებინა
ზემოხსენებულ ხალხსა პერევოჩიკმა. V აღების ღამეს, დიდმარხვის ორშაბათს და სამშაბათს შინ ვიყავ მშიერი და
მწყურვალე. მეოთხე დღეს, დილით, გამოველ ღვთის ანაბრობაზე. ვიარე
დასუსტებულმა უთავბოლოთ და უკანასკნელ გამოვჩნდი თათრის მოედანზე. აქ
გლეხ-კაცებს მოეზიდათ სოფლიდან მრავალი პური (ფქვილი). ავიარ-ჩამოვიარე
და რას ვიფიქრებდი! არ შემიძლია მოგცეთ ანგარიში, ამიტომ, რომ რაღაც
რამ გამოუცნობელი მაწვა გულზე, რაღაცა განუსაზღვრელი მქონდა ფიქრები.
ზმორება და მთქნარება დამაწყებინა და მე, თურმე. უმსგავსად გავაღრინე
პირი მთქნარებაში და ამასთან, რაც ძალი მქონდა, გიჟიანად გავიზმორე. ეს
უმსგავსი პირისახის და სხეულის დაგრეხა შემამჩნია ერთმა კარგი ოჯახის
(ზედ ეტყობოდა) შვილმა და მაგრძნობინა ჩემი შეცდომა და უზრდელობა.
შემრცხვა, ასე შემრცხვა, რომ ერთის (მოედნის) კუთხიდან გავიქეც მეორე
კუთხემდის. აქ ვნახე: ერთი მოქალაქე ევაჭრებოდა გლეხ-კაცსა ოც ტომარა
პურსა და ვერა რიგდებოდნენ. გლეხი კაცი კოდს აფასებდა ათ შაურად,
მოქალაქე აძლევდა ხუთშაურ ნახევარს. კარგა ხანს ყური ვუგდე იმით
ვაჭრობასა და რომ დასასრული არც ერთმა არ მისცა, მე შევედი (სხვის
მიხედვით) იმათ შორის შუამავლად. მოქალაქეს ნახევარი შაური
მოვამატებინე და გლეხი კაცი ძლივს, რის ყოფით, რის ამბით, ჩამოვიყვანე
ექვს შაურზე. მოქალაქე დამრჩა მეტად მადლობელი, იმიტომ რომ იმაზე იაფად
პური არავინ იყიდა და ამ სიკეთისათვის მაჩუქა იმან ახლად მოჭრილი
ოქროიანი ბაღდადი. სხვა ვერა მკადრა რა, რადგანაც კარგად მეცო. მგონია,
გლეხმა კაცმაცა სცა პატივი ჩემს ტანისამოსსა!.. მოედნიდან წავედი ქალაქის გასაცნობლად და ქუჩაში შემხვდა ვიღაც
ჩინოვნიკი რუსი, რომელიც ქართულად თვითო-ოროლ სიტყვას ამტვრევდა.
ჩინოვნიკმა მკითხა: “ბაღდადს ჰყიდიო?” მე მივართვი ბაღდადი. ჩინოვნიკმა
მიიღო, მითხრა მადლობა და ოქროც მადლობასთან თან დაადევნა. კაცის
ენაზედ ვერ ვპოებ სიტყვასა, რომ გამოვთქო, როგორ შამიყვარდა ის ოქრო!
ღვიძლები შაიქნა ის ჩემის სულისა! ჩემმა გულმა გაუღო კარები და მაგრა
ჩაიკრა. ახლა ადვილად შაგიძლიანთ წარმოიდგინოთ, თუ რა სახით
გამაცოცხლებდა, რა სახით გამახარებდა ოქრო, რა სახით შევტრფოდი მე
ოქროსა!.. მერე ჩინოვნიკმა მთხოვა მეყიდა მისთვის სასმელ-საჭმელი სადილად და მე
ავუსრულე; ხურდა, შავი ფული — იქნებოდა შაურ ნახევარი — მაჩუქა
გასამჯელო. დავეჩვიე მუქთათ ფულების შოვნასა და მთელ დიდ მარხვას,
ყოველ სადილობის დროს, განგებ დავუჭერდი ხოლმე გზასა იმ ჩინოვნიკსა, და
იგიც მაყიდვინებდა ხოლმე რაც დასჭირდებოდა და მაჩუქებდა გროშებსა. ამ
სახით შავაგროვე კარგა ფული. ასე რომ მქონდა ექვს მანეთამდის. დიდ
ხუთშაბათს ერთი ათშაურიანი ბატკანი მივართვი ჩემს ჩინოვნიკსა და იმან
ერთი მანეთი მაჩუქა. მაშინ დამებადა აზრი, რომ ჩარჩობით ფულს
მოვიგებდი. ამიტომ ამავე საათს გავიქეცი ქალაქს გარეთ, სადაც მოერეკნათ
ბატკნები; ვიყიდე ათი ბატკანი და იმავე დღეს გავყიდე მოგებით. მოგებამ
წამაქეზა და მე მოვუღალავად, ცისმარე დღეს ვყიდულობდი და ვყიდდი
ბატკნებს მოგებით, ასე რომ ერთ თვეზე შემიგროვდა სამთუმან ნახევარი. აქ უნდა მოგახსენოთ ესეცა, რომ რადგან ჩემი მორთულობა მაძლევდა
ამპარტავნობასა და არ მოუხდებოდა ჩარჩობას, მე პირველშივე ვიყიდე
ლეინის პერანგი, ახალუხი და ძველი ქუდი, და მორთულობაღა ჩემი, თითქმის
წაღებიც კი, შევინახე. არ ვიყავ ჩვეული ფეხშიშველობასა და შევეჩვიე. დადგა მაისი. გაჩნდა ვარიობა. ჩემზე ადრე არვინ შემოურბენდა ხოლმე
ქალაქს. ვყიდულობდი სოფლელებისაგან ვარიებსა და ყოველ დღე ასზე
მომეტებულსა ვყიდდი. შეუძლებელი იყო, რომ დღეში ორი მანეთი, უფრო
მეტიცა, არ მომეგო. მაისის გასულს ჩემს ხაზინას მოემატა ექვსი თუმანი.
ხაზინაში სულ მქონდა ცხრა თუმან-ნახევარი. შემოვიდა სხვადასხვა ახალი ხილი. კინტუობა დავიწყე და ჩემი ცხრა
თუმან-ნახევარი შეიქნა ცამეტ თუმნად. გაჩნდა ნესვი და საზამთრო. ბედმა ამ ხელობაშიაც არ მიღალატა. ორი თვის
ვაჭრობაში თუმანმა სამი მანეთი მოიგო. გამიხდა ჩვიდმეტი თუმანი
მანეთ-ნაკლებ. შემოდგომასა და ზამთარში მოედანს არ მოვშორებულვარ. ვყიდულობდი,
რასაც-კი მოვახელებდი სოფლელების ხელში. ვყიდდი, ხან ვდალალობდი.
ხაზინა ჩემი გავრცელდა ვიდრე ოცდაათ თუმნამდის. მეორე გაზაფხულზე თიბათვემდინ ჩემ სამფლობელოში შეიკრიბა ოცდათხუთმეტი
თუმანი. ახლა მოგახსენებთ, როგორც ვცხოვრობდი. თოთხმეტი თვის განმავლობაში
მშრალი პურის გარდა სხვა საჭმელი, და ნამეტნავად ღვინო არ მიყიდნია,
არც დამიხარჯია ფული: სანთელზე, საპონზე, წყალზე, შეშაზე, ნახშირზე,
არცა ტანისამოსზე. მხოლოდ ვიყიდე საზამთროდ სალდათის ლურსმნებიანი
ჩექმები და ერთი ოსური ჩოხა, ისიც ნახმარი. ღამე ვიძინებდი ჩემს ქოხში,
ფულს ვინახავდი ტახტის ქვეშ, თხრილი რო იყო, რომ არავის მიეგნო.
გავაახლებინე ჩემი ტახტი და გარშემო მივაკვრევინე ფიცრები. მანამ არ
დაამტვრევდით ტახტსა, ვერ მიხვდებოდით, რომ იმის ქვეშ უნდა ყოფილიყო
სამალავი. 1819 წ. პირველს ივნისს მოვირთე, მოვიკაზმე, — სულ სხვა ყმაწვილი ბიჭი
დავდექი. მოედნის ხალხი ვეღარ მიცნობდა კოპწია ტანისამოსში, ასე
დავშვენდი, და ჩემის ოცდათხუთმეტი თუმნით წაველ პირდაპირ ლუარსაბთან,
იმ მიზნით, რომ სოფელს წითლიანში და სხვა სოფლებში უნდა მეყიდნა პური
და ქერი. ლუარსაბმა მიმიღო ძლიერ კარგა, სწორედ ისე, როგორც ეკადრებოდა; როგორც
სჯული სტუმრის პატივისცემისა მოითხოვს, როგორც ტოლი და მეგობარი.
სამაგალითო იყო იმისი ხასიათები. არას დროს არ შემამჩნევინებდა ხოლმე,
— არა თუ მარტო მე, ყოველ სულსა — რომ ის იყო ჩემზე მაღალი
ჩამომავლობით, ზრდილობით და ნამსახურობით. მე ამას ვაჩემებ ნამდვილ
გონების და გულის განათლებასა. რამდენიც ასე იქცეოდა, იმდენი იმაში
ვხედავდი კაცსა. ასწილ ჩემ გულში ვამაღლებდი იმას ჩემზედა და პატივსა
ვსცემდი... მე შევხვედრივარ ზოგიერთებს, რომელნიც თავსა სდებენ
განათლებაზე და რომელთაც უგუნურად დაუგრეხიათ ჩემწინ ცხვირ-პირი,
მაგრამ მე მაშინვე გამღვიძებია თავის მოყვარეობა და ისინი დამიწევია
ჩემზე ქვევით, ამიტომ რომ ამათში არ მიპოვია სრული ჭკუა. ლუარსაბმა საკუთარი მონაწილეობა მიიღო ჩემში. როგორც მამამ შვილსა და
უფროსმა უმცროსს ძმასა, გამომკითხა თვითოეულად ჩემი ყოფა-ცხოვრება. მე,
რასაკვირველია, როგორ რასმე დავუმალავდი ამისთანა კეთილისმყოფელს
კაცსა. ყველა ჩემს მოქმედებას დაწვრილებით ვუამბობდი, მაგრამ ამ ჟამად
დაგვესწრა შინაური მოსამსახურე, ჩემი ხნის ბიჭი, ჩემთან ერთად
შეზრდილი, სოსია გამწკეპავიშვილი. სწორედ მოგახსენოთ, ამ ბიჭისა ძალიან
შემრცხვა და ამიტომ წარსული ჩემი ცხოვრება და მოქმედება, მაგალითებრ
სამიკიტნოში გარყვნილ ბიჭებთან დროს გატარება, კინტუობა, ჩარჩობა, და
სხ. ვერ გამოვაცხადე; მე მივკიბე-მოვკიბე ტყუილები და ასეთი სიცრუე
ავაშენე, რომ არ შეიძლებოდა ლუარსაბს არ ერწმუნა. მე მოვახსენე, რომ
თხუთმეტი თვე დავყავ ერთ ვაჭართან, რომელმაც კარგა შემინახა, მასწავლა
ვაჭრობა და უკანასკნელ, მაჩუქა ერთგულებისათვის მერვედი ნაწილი თვისის
მოგებისა — ოცდათხუთმეტი თუმანი. დასამტკიცებლად ჩემის სიტყვისა
ამოვიღე პარკი და მივართვი ლუარსაბს. ლუარსაბს იამა ჩემი ბედნიერება,
მაგრამ ზედაც არ დახედა პარკსა. მაშინ ვთხოვე მე, რომ ეს ფული შეენახა
დაკეტილ ზანდუკში, ამასთან გამოვუცხადე ჩემი აზრიცა, რაზედაც უნდა
მომეხმარებინა ფული... ამ ლაპარაკში რომ ვიყავით (ჩვენ ვისხედით ვენახში და იყო საღამო ხანი),
უცებ შამოვარდა ქაქანით ერთი მსახურთაგანი და მოახსენა ლუარსაბსა: — გახარებ, ბატონო! ქალბატონი მშვიდობით დაიხსნა... ვაჟიშვილი
დაგებადათ! — ასე ჩქარა?! რამდენ ხანს გაუვლია? გმადლობ, უფალო!.. — სთქვა
ლუარსაბმა და სახეზედ ცხოვლად გამოეხატა სიხარული. ახლად დაბადებულსა დაარქვეს სახელად ალექსანდრე. სტუმარი სტუმარზე
ეწვია ვაჟის მამასა და დიდხანს გაგრძელდა ლხინი და დღესასწაულობა... ალექსანდრეს სახელობაზე იყიდა ლუარსაბმა ათი კომლი ყმა, ერთი დიდი
ვენახი და წისქვილი. ფული დააკლდა და ჩემგან ივალა ოცდაათი თუმანი
ერთის წლის ვადით: სარგებელი ზედ შეაკეცა და მომცა ვექსილი. მე დავრჩი ლუარსაბთან ერთი თვე. წამოსვლის დროს ლუარსაბმა მაჩუქა ერთი
ურემი პური და გამომატანა უხვად სასმელ-საჭმელი. გარდა ამისა,
გლეხკაცებისაგან ვიყიდე ხუთი თუმნის პური და ქათმები, ინდოურები,
ბატები და იხვები. ეს ყოველი ფულად ვაქციე ქალაქში. დავიწყე ხელმეორედ ჩემი ხელობა — კინტუობა და ჩარჩობა. მხნეობას
მოვუმატე, ძილი და მოსვენება არ მქონდა. ჩემი გონება იყო გართული
ფულებით, ჩემი გული გრძნობდა მხოლოდ ფულების სიყვარულს. ეს სიყვარული
იქამდი გამიცხოველდა, რომ ხშირად მშრალ პურსაც არა ვყიდულობდი, რომ
გროში-გროშს არ მოჰკლებოდა. ხშირად, განდეგილ ბერსავით ოცდაოთხს საათში
არასა ვსჭამდი, ხანდახან ორ დღესაცა. მხოლოდ ბერისაგან გავირჩევოდი
მით, რომ ბერი არა ჭამს, გინდ მრავალი ეწყოს თვალწინ, მე კი ვეძებდი
ხოლმე შემთხვევას, ეგების უფასოდ ჩამეგდო სადმე რომელიმე დარდიმანდის
სუფრა. დაღალულობას, შიმშილსა, სიცივესა და სიცხესა ხომ სრულებით არა
ვგრძნობდი. უსიამოვნობას ვგრძნობდი მაშინ მხოლოდ, როდესაც ტყუილი უნდა
მეთქვა, ტყუილად უნდა დამეფიცნა. მაგრამ ამასაც შევეჩვიე. ასე რომ
ხელის ხელსახოცად გავიხადე ტყუილი ფიცი, რადგან შეუძლებელი იყო უამისოდ
მომეგო გროში. ამ წვითა და დაგვით ერთ წელიწადს შევაგროვე სამოცი
თუმანი. ეს ფული ვაფრინე, 1820 წ. თიბვის დროს სოფ. წითლიანში. მაშინ
ყოველ გლეხკაცს უჭირდა ფული და მე პური კი აღარ ვიყიდე, არა, ფული
გავასესხე სარგებლით. სარგებელი დავაწესე სამ მანეთზე ერთი კოდი პური
წელიწადში და ესრეთ სოფ. წითლიანი მაძლევდა წელიწადში ორას კოდს
სარგებელსა. წლის თავზე, 1821-სა სრულებით ავკრიფე სარგებელი წითლიანელებისაგან,
გავყიდე ოც თუმნად. ამ ფულს დავუმატე ჩემი ერთი წლის ნაწვავ-ნადაგიცა —
ოცდაათი თუმანი, და ეს ორმოცდაათი თუმანი ვასესხე დიღმელებსა და
მცხეთელებსა. მესამე წელიწადს ზემოხსენებულ სოფლებში აღებული სარგებელი და ქალაქშიაც
მოგებული ფული გავასესხე წილკანსა, წეროვანსა და ოკამსა. ამავე გვარად მეოთხე, მეხუთე, მეექვსე... 1826 წლამდის მოვალე
სოფლებიდან ვიღებდი სარგებელსა და წლის მოგებასთან, რომელიც მქონდა
ქალაქში კინტუობით და ჩარჩობით, გავცემდი ხოლმე სხვა სოფლებზე. ასე რომ
მთელ ქართლში მტკვრის ორივე მხარეს არ იყო სოფელი, რომელსაც ჩემი ფული
არა მართებოდა. პირველ ხუთ წელიწადს თავადმა ლუარსაბმა წლისა და წლის თავზე
გამომიცვალა ვექსილი და სარგებლები ზედ შეაკეცა. განა არ შეეძლო
გადაეხადნა ვალი, მაგრამ არ გადაიხადა, ამიტომ რომ ადგილ-მამულის
პატრონობა დაიწყო და მამულზე მამულს უმატებდა. ასე რომ ჩემი ვალი იმის
შემოსავალთან სრულებით არა ჩანდა, და ამიტომ არ ეშინოდა მცირედის ვალის
გავრცელებისა. შემდგომში კი ვალის გადახდა სრულებით დაუმძიმდა და ვალს
ვალი მოემატა, ვექსილი ყოველ წელიწადს იცვლებოდა და ამის მიზეზი იყო
შემდგომი გარემოება. თავადი ლუარსაბის მხნეობა და გამდიდრება შეშურდათ იმის განაყოფებსა და
მეზობლებს. მეშურნეთ კი არ მიბაძეს იმის მხნეობასა, ზომიერ ცხოვრებასა
და ჭკუას, რომ შეეძინათ სიმდიდრე, არა, დაუწყეს უგუნური წინააღმდეგობა
და მტრობა. დღეს ერთი ბიჭი გაუქციეს, ხვალ მეორე, ზეგ მესამე... დღეს
ერთი მამული მოსტაცეს, ხვალ მეორე... აუტეხეს დაუსრულებელი და დამქცევი
დავა სასამართლოებში უგზო-უკვლოდ და თუმცა მრავალი დააკლეს ლუარსაბსა,
სიცოცხლე გაუმწარეს და ბოლოც მოუღეს, მაგრამ თავიანთი ოჯახი და
ცოლ-შვილი უფრო დაღუპეს. გაიგეს რა სუდისა და პოლიციის ჩინოვნიკებმა
ამათი შფოთი, ცეცხლს დაჰბერეს და ცეცხლს ცეცხლი მოუმატეს. იმათ
ასწავლეს ლუარსაბის მტრებსა არამზადული გზები. ისინივე ხლართავდნენ
განგებ გზებს თავიანთ სარგებლობისათვის, უწერდნენ ხუთ-გროშიან არზებსა
და ართმევდნენ თუმნობით, ხუთ თუმნობით, ათ თუმნობით... მოდავეების პური
და ღვინო, საკლავი და ავეჯეულობა ხომ გადიტანეს იმათ თავიანთ სახლებში.
იცით, როგორ დაუხვლანჯეს საქმე? — რაც პოლიციას უნდა გადაეწყვიტა, სუდს
მიაჩემეს, და რაც სუდს უნდა გადაეწყვიტა, მიაჩემეს პოლიციას. მოდავენი
გაებნენ მახეში და აღარ იქნა, ვეღარც თვითონ გამოვიდნენ, ვეღარც
გამოიყვანეს ჩინოვნიკებმა. ბოლოს როდესაც მოდავეებმა ხალიჩის მაგიერ
დაიგეს ჭილობი, კაბის მაგიერ ჩაიცვეს გლეხური ჩოხა, ფარჩის მაგიერ
ჩითიც ვეღარ იშოვეს, ჩინოვნიკებმა დაუბოლოვებელი საქმეები (თითოს კაცი
ძლივ ასწევდა) ჩუმად გადაყარეს არხივში.