ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - პ

პატიმრობა (Detention) - დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დაიშვება მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნას გამოყენებული.

პარანოია (Paranoia) - დევნისა და განდიდების მანია, მწვავე ფსიქიკური დაავადება, როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მას გარშემომყოფები ერჩიან და სდევნიან. პარანოია ზოგიერთ შემთხევაში, შეიძლება გამოწვეული იყოს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებით.

პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება (Right to Protect Privacy, Family, Home or Correspondence from Unlawful Interference) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-16 მუხლის მიხედვით, არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს მისი პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლების განხორციელებაში ნებისმიერი ან უკანონო ჩარევის ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვის ობიექტი. ბავშვს უფლება აქვს კანონით იყოს დაცული ასეთი ჩარევისგან ან ხელყოფისგან.

არასრულწლოვანი ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიღებასთან, აღრიცხვასთან, გადაყვანასთან და გათავსუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის მიზანია არასრულწლოვანი ბრალდებულის/მსჯავრდებულის თაობაზე ინფორმაციის თავმოყრა, მისი სისტემატიზაცია, მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნა, სტატისტიკური ანალიზისა და მონიტორინგის განხორცილების უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №180 ბრძანებით.

პირობითი მსჯავრი (Conditional Sentency) - თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისთვის მსჯავრდებული არ ყოფილა და ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

პიროვნული აშლილობა (Personal Disorder) - აღქმის, აზროვნების და ქცევის ქრონიკული არაადეკვატური მოდელი, რომელიც აზიანებს ინდივიდის უნარს სრულყოფილად მოერგოს სოციალურ გარემოს.

პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი (Minimum Age Of Responsibility) - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მინიმალური ასაკი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის არის 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის - 16 წელი.

პედოფილი (Pedophile) - პედოფილია სამედიცინო ცნებათა კატეგორიას განეკუთვნება და პედოფილი ეწოდება იმ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ინდივიდუალური ფსიქიური და ფიზიოლოგიური რღვევების გამო, სექსუალური ინტერესი მხოლოდ ბავშვებისადმი გააჩნია. პედოფილთა ნაწილი მხოლოდ განსაზღვრული სქესის ბავშვებზეა ფოკუსირებული, ნაწილს კი, გამოკვეთილი გენდერული ინტერესი არ აქვს.

განსხვავებულია პედოფილთა ქცევითი თვისებებიც: ზოგიერთი მათგანი საკუთარი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილებას ფანტაზიის დონეზე ახდენს და ასეთ კატეგორიას ძირითადად, ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი პროდუქციის მომხმარებლები განეკუთვნებიან; ზოგი კი. ე. წ. „არაკონტაქტურ სექსუალურ კავშირს“ ამჯობინებს, რაც გამოიხატება გენიტალიური ორგანოების ჩვენებით, ბავშვთან საუბრით სექსუალურ თემებზე, პორნოგრაფიული ნიმუშების დათვალიერების ჩათვლით, ინტერნეტის მეშვეობით ბავშვებთან ე. წ. „ვირტუალური სექსუალური კონტაქტის“ დამყარებით და ა. შ. ყველაზე „კრიმინალიზებულ“ პედოფილებს შეადგენენ ისინი, ვინც ახდენენ ბავშვთა პირდაპირ სექსუალურ ექსპლოატაციას კონტაქტური პენეტრეციის გზით. საერთაშორისო პრაქტიკაში პასიურ პედოფილებს ძირითადად, სამედიცინო სუბიექტებად განიხილავენ და მათ წინააღმდეგ ბრძოლას სამკურნალოპროფილაქტიკური მეთოდებით ეწევიან. თუმცა, ეს არ გამორიცხავს მათ დაქვემდებარებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისადმი თუნდაც, ბავშვთა ბეჭდვითი ან ელექტრონული (ინტერნეტით) პორნოგრაფიული ნიმუშების მოხმარების შემთხვევაში.

პენიტენციური სტრესი (Penitentiary Stress) - პენიტენციური გარემოთი გამოწვეული სტრესი, რომლის ფონზეც ინდივიდი შეიძლება გახდეს უფრო მეტად კონფლიქტური, განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობა, ჰქონდეს თვითმკვლელობის მცდელობა, თავი მოიკლას ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული.

პიაჟე ჟან (Jean Piaget) - შვეიცარელი ფსიქოლოგი, რომელმაც სახელი გაითქვა კოგნიტური განვითარების თეორიის შექმნით. კოგნიტური განვითარების თეორია ხსნის, თუ როგორ ახდენს ბავშვი სამყაროს მენტალური მოდელის აგებას. პიაჟემ გამოყო ინტელექტუალური ანუ კოგნიტური განვითარების ოთხი საფეხური:

• სენსომოტორული - დაბადებიდან 1824 თვემდე.

• პრეოპერაციული - 18-24 თვიდან 7 წლამდე

• კონკრეტული ოპერაციული - 7 წლიდან 12 წლამდე.

• ფორმალური ოპერაციული - მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.

პირდაპირი დისკრიმინაცია (Direct Discrimination) - პირდაპირი დისკრიმინაცია ნიშნავს ისეთ მოპყრობას ან პირობების შექმნას, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის საფუძველზე, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება იქნას გამართლებული თუ ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივ წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად (“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ~ საქართველოს კანონი, მუხლი 2.2)

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლით უზრუნველყოფილია დისკრიმინაციის დაუშვებლობის უფლება. კონვენცია სახელმწიფოებისგან მოითხოვს სათანადო ქმედითი ღონისძებების განხორციელებას ყველა ბავშვის ეფექტიანი თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. უთანასწორობის მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, სახელმწიფოებს შესაძლოა დასჭირდეთ პოზიტიური ღონისძიებების გატარებაც.

პოსტტრავმატული სტრესული აშლილობა (PTSD) - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს უჩნდება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შემთხვევის გადატანისას, როგორიცაა ომი, ახლობლების დაკარგვა, ბუნებრივი კატასტროფა (მიწისძვრა, წყალდიდობა), საგზაო შემთხვევა, გაუპატიურება, თავდასხმა და ა. შ. ამის შემდგომ ადამიანს უჭირს ყოველდღიური ცხოვრების რიტმში ჩართვა, სკოლაში ან სამსახურში სიარული, მეცადინეობა, მუშაობა, დაძინება. როგორც წესი, რამდენიმე თვეში არსებული მდგომარეობა სწორდება და ადამიანი უბრუნდება ჩვეულ რიტმს. როდესაც ზემოთ დასახელებული მდგომარეობა ერთ თვეზე მეტ ხანს გრძელდება, მაშინ საქმე გვაქვს პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობასთან, რომელსაც სწრაფი რეაგირება და ექიმის, ხშირად ფსიქიატრის დახმარება სჭირდება. პოსტტრავმატული სტრესი შეიძლება განვითარდეს ტრავმული შემთხვევიდან მყისიერად, რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ან თავი იჩინოს რამდენიმე თვის ან წლის მერეც კი.

პრეფერენციული ექსპლოატატორი (Preferential Exploiter) - ბავშვთა პრეფერენციული ექსპლოატატორი გულისხმობს იმ ზრდასრულ პირთა კატეგორიას, რომლებიც პედოფილთა მსგავსად, თავიანთი ქცევითი ნორმებიდან (მოდუს ოპერანდი) გამომდინარე, ადამიანთა ჰომოგენურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან და სექსუალურ კავშირს ბავშვებთან ამჯობინებენ. თუმცა, მათ პედოფილებისგან განსხვავებით, ნორმალური სექსუალური ცხოვრებაც შეუძლიათ. მკვლევართა აზრით, ეს კატეგორია სამ ტიპად უნდა დაიყოს:

• „სედუქტიური“ (მაცდუნებელთა) მოდელური ჯგუფი, რომელთა ქმედებაც ძირითადად, თავისებური ნარცისიზმით მოტივირდება. ე. ი. ისინი გარკვეულწილად, საკუთრ თავს ხედავენ „უცოდველ“ ბავშვში და მასთან განსაკუთრებულ ემოციურ თვითიდენტიფიკაციას ახდენენ სექსუალური კავშირის გზით. ამ ტიპის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელია მანიპულატორობის ბრწყინვალე უნარი, რათა სხვადასხვა მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღების გამოხატვითა და საჩუქრებით მიიზიდონ ბავშვი, თავი შეაჩვიონ მას და ეტაპობრივად „შეამზადოს“ იგი საკუთარი ზრახვების განსახორციელებლად;

• „ინტროვერტთა“ მოდელური ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ წინა ჯგუფისათვის მახასიათებელი სედუქტიური და კომუნიკაციური უნარ-ჩვევები და ცდილობენ მინიმალური სიტყვიერი კომუნაკიციის შემდეგ მოახდინონ მსხვერპლი ბავშვის ექსპლოატაცია. ამ ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობენ ძირითადად, უცნობ ბავშვებთან დაამყარონ კონტაქტი.

• სადისტური გადახრების მქონე ექსპლოატატორთა მოდელური ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებულ სექსუალურ კმაყოფილებას იღებენ თავიანთ მსხვერპლთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვით. ამ ტიპის ექსპლოატატორი-დამნაშავენი პოტენციურად ყველაზე საშიში კატეგორიაა, რამდენადაც არ ერიდებიან ბავშვის მიმართ ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმების გამოყენებას თავად ბავშვის მკვლელობის ჩათვლით.

პრეცედენტული სამართალი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (Case Law Europian Court of Human Rights) - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომლებიც განმარტავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხოლოდ სასამართლო დავაში მონაწილე სახელმწიფოებისათვის. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან კონკრეტული პროცესის მხარეები, ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს იყენებენ პრაგმატული მოსაზრებით. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ასევე ეროვნული სასამართლოები, პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, როგორც კონვენციის საზედამხედველო ორგანო, ახდენს ევროპული კონვენციის დებულებათა ავტორიტეტულ განმარტებას. ეს განაპირობებს სახელმწიფოების, ამასთან ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების (პრეცენდენტების) გამოყენებას, რომლებიც ეხება კონვენციის სხვა მონაწილე სახელმწიფოებს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეზე, ის ამ გადაწყვეტილების (პრეცედენტის) მეშვეობით განმარტავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებთა შინაარსს. კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით, ევროპული სასამართლო ადგენს სტანდარტს, რომლის მნიშვნელობა სცილდება კონკრეტულ საქმეს. ევროპული სასამართლოს განმარტებით, რაც აისახება პრეცედენტულ სამართალში, ევროპული სასამართლო ახორციელებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციას. ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების დადგენის ფუნქციაზე ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში.

ევროპული სასამართლოები აცნობიერებენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის, მისი პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე, ძალზე რთულია კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსის სწორად დადგენა და, შესაბამისად, კონვენციის დებულებათა სწორად გამოყენება. კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმირებული. კონვენციით გათვალისწინებული დებულებების შინაარსი გამოიხტება ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტებში, კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ზუსტდება კონვენციის (და მისი ოქმების) დებულებათა შინაარსი და ფარგლები. კონვენციის დებულებათა განმარტება, ევროპულ სასამართლოს პს-ის გათვალისწინებით, ნათელს ჰფენს კონვენციით განმტკიცებულ ვალდებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, რაც ხშირად პირდაპირ არ ჩანს კონვენციის ტექსტის გაცნობის შედეგად.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აზუსტებს კონვენციის ცალკეულ დებულებათა შინაარსსა და ფარგლებს, ისევე როგორც გამოყენების სფეროს, ევროპულ სახელმწიფოთა ეროვნული სასამართლოები არ განიხილავს ადამიანის უფლებთა ევროპულ კონვენციას ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გარეშე. ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტები არ განისაზღვრება მხოლოდ კონვენციის ტექსტით. ისინი დადგენილია როგორც კონვენციის ტექსტით, ისე მის საფუძველზე მიღებული პრეცედენტული სამართლით. სხვა სიტყვებით, ევროპული კონვენციის ადამიანის უფლებათა სტანდარტებში მოიაზრება არა მხოლოდ თავად კონვენციის ტექსტით გათვალისწინებული სტანდარტები, არამედ ასევე, ევროპული სასამართლოს პრეცენდენტებით ჩამოყალიბებული სტანდარტები. საქართველოს როგორც საერთო, ისე საკონსტიტუციო სასამართლოები, მზარდი ინტესივობით იყენებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

პრობაცია (Probation) - იმ ბავშვის მონიტორინგი და ზედამხედველობა, რომელსაც არ აღეკვეთა თავისუფლება და საზოგადოებასთან ერთად ცხოვრობს. პრობაციას როგორც წესი, ზედამხედველობს უფლებამოსილი უწყება და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამოუკიდებელ ღონისძიებად, ასევე თავისუფლების აღკვეთის შემდეგაც.

არასრულწლოვანის მიერ არასაპატიმრო სასჯელის აღსრულების წესს განსაზღვრავს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი (თავი XII) და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

პროექცია (Psychological Projection) - ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ადამიანი მიაწერს გარემოს, საგნებს, მოვლენებს და სხვა ადამიანებს იმ თვისებებს და თავისებურებებს, რომელსაც თვითონ არჩევს მათთვის სუბიექტური პრინციპით და იმ მოლოდინიდან და პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია გარემოს და კონკრეტული ადამიანების მიმართ. ეს თვისებები შეიძლება იყოს, როგორც საკუთრივ ადამიანის თვისებები - უარყოფითი ან დადებითი, შიშით და მტკივნეული გამოცდილებით გამოწვეული ან პირიქით. ამგვარად, პროექციული აღქმა ვერ ასახავს ობიექტურად აღსაწერ საგანს, მოვლენას, გარემოს ან ადამიანს და უმეტესწილად, ამგვარი აღქმა სუბიექტურია.

პროექციული ტესტი (Projection Test) - პიროვნების შეფასების მეთოდი. ინდივიდს მიეწოდება ბუნდოვანი, აბსტრაქტული სტიმულები და მას სთხოვენ ამ სტიმულების ინტერპრეტაციას. ითვლება, რომ ინდივიდის პასუხები წარმოაჩენს მის შინაგან, რეალურ გრძნობებს და განცდებს, მოტივებს და არსებულ კონფლიქტებს.

პროსოციალური ქცევა (Prosocial Behavior) - ზრუნვა, დახმარება, ქველმოქმედება, მოხალისეობა. პროსოციალური ადამიანები გამოირჩევიან პატიოსნებით, პასუხისმგებლობით, ზნეობით, სოციალიზებული ღირებულებების სისტემით.

პროცესში ეფექტური მონაწილეობის უფლება (The Right to Participate effectively in the Process) - სამართლიანი სასამართლოს პრინციპი გულისხმობს, რომ ბავშვმა, რომელმაც სავარაუდოდ, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, უნდა შეძლოს სასამართლო პროცესში ეფექტური მონაწილეობა. ამისათვის კი, მას კარგად უნდა ესმოდეს მისთვის წაყენებული ბრალდების შინაარსი, აგრეთვე უნდა ესმოდეს მოსალოდნელი შედეგები და სასჯელის ზომა, რათა შეძლოს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ეჭვქვეშ დააყენოს მოწმეთა ჩვენებები, გადმოსცეს საქმის არსი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მტკიცებულებების, ჩვენებებისა და მის მიმართ გასატარებელი ზომის (ზომების) შესახებ. პეკინური წესების მე-14 მუხლის მიხედვით, სასამართლო სხდომები უნდა ტარდებოდეს ისეთ გარემოში, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს, მიიღოს მონაწილეობა და ღიად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. ბავშვის ასაკისა და სიმწიფის გათვალისწინებით. ასევე, შესალებელია, საჭირო გახდეს სხდომის ჩატარება შესაბამისად მოდიფიცირებული მოსმენის პროცედურებისა და პრაქტიკის მიხედვით.

პუბერტატი (Pubertate) - პერიოდი, როდესაც მოზარდის ორგანიზმი სიმწიფის ფაზაში შედის და რეპროდუქციისთვის (ბავშვის ჩასახვისთვის) ფიზიოლოგიურად მზად არის.