ინანიშვილი რეზო
განგაში
ნინომ თავიდანვე იგრძნო, გოგი რომ გუნებაზე ვერ იყო. მოიფუცავდა პირს შეიყრიდა
გაფარჩხულ თითებს თმაში, დალაგების მაგივრად თითქოს საგანგებოდ აიწეწავდა, ახლოს არ
იკარებდა სავარცხელგაწვდილ დედას. შინ იყო, გაბუტულივით კითხულობდა, გარეთ
გავიდოდა, იქიდანაც ასეთსავე გუნებაზე ბრუნდებოდა. სულ ცოტა რამეზე უღრენდა პატარა
თინიკოს. უარესად იღრინებოდა კითხვაზე, — ცუდადა ხარ, ბიჭო? ბოლოს, მეოთხე დღეს
გატყდა, — დირექტორი გიბარებს, ხვალ უკვე აღარ დამიშვებენ გაკვეთილებზეო.
ნინომ ჯერ ხმა ვერ ამოიღო, სიფითრე დაეფინა სახეზე, მერე წამოუვიდა ცრემლი, შენ
უნდა მომკლა, შენ უნდა დაანელო საბოლოოდ ჩვენი ოჯახიო. შეწუხებული თინიკო ხან დედას
შეჰყურებდა, ხან გოგის. გოგიმ კარი გაიჯახუნა, გარეთ გავარდა. თინიკომ დედას
შემოხვია ხელები.
დაღამდა, გოგი არ ბრუნდებოდა. ეს უკვე ნერვებს აწყვეტდა ნინოს, — სად იყო, ვისთან
იყო. ათასი ჯურის ნაძირალა უსაფრდება ამ ასაკის ბიჭებს, კაციც და ქალიც. გოგისაც
ხომ უყვარდა ყველაფრის იდუმალების ბურუსში გახვევა! ოფლის სუნში არეულმა იაფფასიანი
სუნამოს სუნმა დაჰკრა, ცეცხლი წაეკიდა სხეულზე, ხელისგულები მიიჭირა საფეთქლებზე,
სააბაზანოში შევიდა, წყალი მოუშვა, სველ თითებს ისვამდა ყურისძირებში. გოგი
დაბრუნდა. დედისთვის არ შეუხედავს. ნინოს გადაწყვეტილი ჰქონდა, არაფერი ეთქვა,
მაინც ვერ შეიკავა თავი, — იჩქარე, იჩქარე, არავინ დაგასწროს ჩვენი მოსპობაო გოგის
პურის ქვაბისთვისაც კი არ აუხდია, ლოგინი გაიშალა, დაწვა, კედლისკენ გადაბრუნდა.
შუქი ჩააქრეო. ნინო ცოტა ხანსაც იდგა, ბიჭს დაჰყურებდა, მერე შუქი ჩააქრო.
დილით გოგიმ უცებ დალია ჩაი. მერე ფანჯარასთან მიდგა და იქ უცდიდა, როდის
დაამთავრებდა ჭამას თინიკო. თინიკო დიდ ლუკმებს იდებდა, ძლივს ყლაპავდა. ისიც ჩქარა
ადგა, გოგიმ თინიკო წინ გაუშვა და სკოლაში წავიდნენ.
ნინომ იმ დღეს ნაშუადღევამდე ვერ ნახა თავისი დირექტორი. ნაშუადღევსაც რაღაც არეული
მოეჩვენა. მაინც შევიდა და სთხოვა, — ხვალ დილას ორი საათით გაეთავისუფლებინა
სამსახურიდან. დირექტორი უყურადღებოდ უსმენდა. — კარგი, კარგიო. გარეთ გამოსული
ნინოს თავი სძულდა, ეჩვენებოდა, რომ დირექტორთან ცინდალივით კნაოდა.
სამსახურიდან დაბრუნებულს, ბიჭიც შინ დახვდა და გოგოც. ორივენი თავთავისთვის
ისხდნენ და წიგნებს კითხულობდნენ, ნაშუადღევამდე არ მოეთრა ჩემი დირექტორი,
დაგიშვეს დღეს გაკვეთილებზეო? გოგიმ თითქოს „ჰო“ წაიბურტყუნა. თინიკომ ჩანთა
ჩამოართვა ცდილობდა, რაღაცეებში წახმარებოდა.
დედაც ჩამოსულიყო სოფლიდან. ნინომ დისა და დისწულების ამბავი იკითხა დედა
შეწუხებული მოუყვა, სიძე ახალი სამუშაოდანაც წამოსულიყო, ზის და გაბოღმებული
სვამსო. დას რამდენჯერმე ჰქონია ღვიძლის შეტევა, ბავშვებიც წარამარა ავადმყოფობენო.
დამძიმებული გული უარესად დაუმძიმდა ნინოს, რაღაც მექანიკურად საქმიანობდა
სამზარეულოში. მერე ბავშვების ტანსაცმელი მოჰყავდა წესრიგში ღამით ცხელი წყალიც
მოვიდა თინიკო დაბანა, დააწვინა. გოგიც ადრე დაწვა. უმძიმდა, მაგრამ თვითონაც
იბანავა. თითქოს ბანაობამ უფრო დაუფრთხო ძილი ბრაზით ფიქრობდა მეუღლეზე. ასეც კი
ეჩვენებოდა, რომ ძალით მოიკლა თავი და ყველაფერი ნინოს შეატოვა, შვილებიც
ყველაფერი. თავი არ ჰქონდა, არ მოუწმენდია ცრემლი. გატანჯულს ჩაეძინა.
დილით გოგიმ დედასთან ერთად არ მოინდომა სკოლაში წასვლა დირექტორს ათ საათამდე
ვერავინ ნახავს კაბინეტშიო. თინიკო კი წაიყვანა და წავიდა. ნინოსაც დიდხანს აღარ
დაუყოვნებია, თვითონაც ჩაიცვა. შეწუხებული იდგა სარკესთან. დღესაც, გუშინდელივით,
რაღაც ეჩვენებოდა თავის სახეში საცოდავური. სხეულშიც შემაწუხებელ მოდუნებას
გრძნობდა.
თავის თავთან გაჯიბრებული გავიდა გარეთ. — რაც მოსასვლელი იყო, დაე, მოსულიყო!
ღონივრად ჰქონდა შემოჭერილი ქამარი საწვიმარზე. ისეთი ძალით მიაბიჯებდა, მუხლებთან
ტკივილი. იგრძნო. ჯერ ათი არ იყო, მაგრამ დირექტორი კაბინეტში დახვდა, მდივანი გოგო
შევიდა და მოახსენა.
— მიბრძანდით! — კარი ღია დატოვა გამობრუნებულმა მდივანმა გოგომ.
ნინო შევიდა. სამი ნაბიჯი გადადგა. გაჩერდა.
წლებისგან მორღვეულმა დირექტორმა მძიმედ წამოიწია.
— მობრძანდით, დაბრძანდით. ამოწეულ სკამზე ანიშნა. ნინო დაჯდა. ჩანთა მუხლებზე
დაიდო.
ისევ შემოვიდა მდივანი გოგო. — თვაური მოვიდეს ჩემთანო, — დირექტორმა თვაური გოგის
დამრიგებელი იყო. გოგო უნდა გასულიყო, მაგრამ მობრუნდა.
— თვაური ხომ პროფკავშირებში აუშვით.
დირექტორმა თვალები დახუჭა და ისევ გაახილა.
— კარგი.
დირექტორი მაგიდაზე დაწყობილ ბალნიან ხელებს დაჰყურებდა.
— თქვენ ნინო გქვიათ.
— ნინო, დიახ.
— ალბათ, გეცოდინებათ კიდეც, რაზედ შეგაწუხეთ.
— არაფერი არ ვიცი, ბატონო დავით.
— ნუ ღელავთ, არც არაფერი უნდა იყოს ისეთი, მაგრამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბავშვზე.
სახლში როგორ იქცევა?
ნინო დირექტორს შეაჩერდა.
— რა თვალსაზრისით?
— უცნაური გამოხდომები თუ აქვს.
— როგორ, უცნაური?
— აი, თუ ყვირის მოულოდნელად.
ნინოს უსიამოვნოდ დაუდუნდა ფეხები.
— თუ ყვირის, ან ამოძახებები აქვს, როცა სხვები ჩუმად არიან.
— ყვირილით არა. ისე, როცა გაიზორება, ანდა მაღლა ასწევს ხელებს, მაშინ იცის ხმების
ამოშვება.
— ესე იგი, სახლშიც იქცევა ასე.
— როგორც გითხარით.
— აქ უკვე მესამე მასწავლებელმა იჩივლა ამაზე. ზის ჩუმად, თითქოს ყურადღებადქცეული,
და უცებ, — უუ! მოგეხსენებათ, რასაც გამოიწვევს ის ხმები ბავშვებში. თითქმის იშლება
გაკვეთილი.
ნინომ აქ უკვე ვეღარ შეიკავა თავი და ტირილი დაიწყო. ძლივს ამოიღო ცხვირსახოცი
ჩანთიდან.
დირექტორმა ღილაკს დააჭირა თითი. ისევ შემოვიდა მდივანი გოგო.
— გამრეკელი მომიყვანე მეცხრე კლასიდან.
მდივანი წავიდა.
ნინო ისევ ცრემლს იწმენდდა.
— სწავლითაც, უკვე ორებსაც იღებს. ერთად უნდა ვიღონოთ რამე. იქნებ ექიმიც იყოს
საჭირო, ნევროპათოლოგი.
ნინოს ქვითინი წასკდა.
— დაწყნარდით, დაწყნარდით.
მდივანი გოგო დაბრუნდა.
— გამრეკელი არ არის. დღეს სულ არ მოსულა.
— აი, — თქვა დირექტორმა, — სულ გადავიდა ყოველგვარ საზღვრებს. თქვენ დამშვიდდით,
ქალბატონო. ერთად ვიმოქმედოთ, ავწონ-დავწონოთ, არაფერი არ არის შემაშფოთებელი, თვით
ექიმიც...
— ყველას მივმართავთ, ბატონო.
ნინო წამოდგა.
— დაბრძანდით, დაბრძანდით, დამშვიდდით.
— არა, მე თუ შეიძლება, წავალ. დამშვიდდით. ასეთი საგანგაშოც არ უნდა იყოს არაფერი.
— დამშვიდებული ვარ, ბატონო. თუ შეიძლება, წავალ.
— წაბრძანდით, რა თქმა უნდა, ჩვენ კი გვაპატიეთ, ჩვენც სხვა საშუალება რა გვაქვს!
ჩვენც, აი...
დირექტორიც ფეხზე იდგა ხელები უმწეოდ ჰქონდა გაშლილი.
ნინო კაბინეტიდან გამოვიდა, ტუალეტში შევიდა. ხუთიოდე წუთში თვალებშემშრალებული,
თავშეკავებული იყო. მდივანი გოგო დერეფანში იდგა და შეწუხებული იყურებოდა. ნინომ
მასაც მოუხადა ბოდიში.
სკოლიდან გამოსულს, თითქოს მოულოდნელად გაციებული ჰაერი დახვდა. ნოემბრის შუა
რიცხვები კი იყო, ჯერ ისევ თბილოდა. ქუჩაში, ორმოციოდე ნაბიჯზე გოგის მოჰკრა თვალი.
ჯერ პირდაპირ მიდიოდა, მერე აუხვია. ჩანთა (რბილი დერმატინის საქაღალდე) უკან ეჭირა
ორივე ხელით. ნინო რომ სკოლის ეზოში შევიდა, მაშინ შეამჩნია, რომ დიდი ვერხვის უკან
ვიღაც ბიჭი იდგა. ახლა მიხვდა, რომ ის გოგი უნდა ყოფილიყო. ვერხვს ყვითელი ფოთლები
სცვივოდა. არ დაუძახა, აინტერესებდა, სად წავიდოდა, რას მოიმოქმედებდა.
გოგი პროსპექტზე ავიდა. ჩანთა მარცხენა იღლიაში გადაიტანა, თითქოს თითების
ერთმანეთზე გაკვრითაც კი მიითვლიდა ნაბიჯებს. პურის მაღაზიასთან გაჩერდა, პლაკატს
უყურებდა, რომელზედაც დიდი ხელებით მომყუდროებული თავთავი ეხატა, ქვემოთ კი ეწერა
„გავუფრთხილდეთ პურს, პური ჩვენი სიმდიდრეა“. გოგი კარგად ხატავდა, ნინო ვერ
მიმხვდარიყო, რამ მიიქცია პლაკატში მისი ყურადღება. გოგი წავიდა. საკონდიტრო
მაღაზიაში შებრუნდა, წყლის გამყიდველთან ჯიბიდან ფული ამოიღო, დახლზე დადო, ლიმონის
წვენზე დააკაკუნა თითი. თეთრხალათიანი სქელი ქალი რაღაც მტრული თვალებით უყურებდა
გოგის, როცა მას გამხდარი თითებით ეჭირა ჭიქა ტუჩებთან ნინოს ისევ წამოაწვა ცრემლი.
გოგიმ ჭიქა გააცურა დახლზე, გარეთ გამოვიდა და მტკვრისაკენ დაუხვია. ისევ როგორღაც
არხეინულად მიდიოდა, ალმაცერად თავაღერილი, თითქოს ნაბიჯების თვლით. მიმოდიოდნენ
მშვენიერი გოგოები გოგის არავისთვის მიუქცევია ყურადღება. სამკერვალოსთან გაჩერდა,
იყურებოდა შიგნით, მანქანებზე დახრილი ქალებისკენ ისევ წავიდა საყოფაცხოვრებო
მოხმარების სახელოსნოსთანაც გაჩეარდა. იქაც რაღაცას აკვირდებოდა.
გოგი რომ გაჩერდებოდა, ნინო იძულებული იყო, მაღაზიაში შესულიყო. იქიდან ადევნებდა
თვალს. იჭერდა მაღაზიის დახლიდართა დაეჭვებულ მზერასაც. კიდევ კარგი, რომ გოგი
დიდხანს არ ჩერდებოდა. ისევ წავიდა მტკვრისაკენ. ხიდის ყურთან სირბილით გადაჭრა
მანქანებით გავსებული ქუჩა. ხიდზე გაჩერდა და მოაჯირთან ფეხისწვერებზე აწეული
იყურებოდა დაბლა. ნინოს რეჩხი უყო გულმა, კინაღამ არ გაიქცა მისკენ. მაგრამ გოგი
დროზე მოსცილდა მოაჯირს და ავტობუსების სადგურისკენ ჩაბრუნდა. სადგურში ისე
შეჰყურებდა ავტობუსებს, თითქოს ვიღაც ნაცნობს ეძებდა, არავინ აღმოჩნდა ასეთი. ისევ
მტკვართან ჩავიდა, ისევ იყურებოდა მოაჯირიდან დაბლა. იქიდან წასულმა ნაბიჯი
ააჩქარა, გმირთა მოედნისკენ გადაჭრა სანაპირო, იქ ფეხი ისევ შეანელა. ნინოც თითქმის
გაჩერდა, ამოუდგა ვიღაცა შავი „ვოლგით“ ქალაქგარეთ ეპატიჟებოდა, თან „ფანტასტიკურ“
ალერსს ჰპირდებოდა. ნინოს ცეცხლი მოედო. აეჩქარებინა ფეხი, გოგის დაეწეოდა. მაშინ
მიუბრუნდა იმ შავს და თვითონვე გაუკვირდა, ისეთი ძალით უთხრა, — წაეთრიე, თორემ
ქვეყანას ჩამოგახევ თავზე! შავმა შეაგინა და წავიდა. წუთიც არ გასულა და ახლა მთლად
ლაწირაკი ვიღაცა გამოჰყვა გვერდით. რამდენი წლით იქნებოდა უფროსი გოგიზე?!
ქალბატონო! ესოდენ მშვენიერო ქალბატონო!.. აქ საკმარისი აღმოჩნდა ადმინისტრაციული
ტონი, ქალბატონს მოგცემ მე შენ, ლაწირაკო! ლაწირაკი გაქრა.
გოგი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა. ნინოც ჩაჰყვა. გოგიმ ზოოპარკის შესასვლელთან
ბილეთი აიღო და შიგნით შევიდა. ნინომაც აიღო ბილეთი, დიდი სიფრთხილით მიჰყვებოდა
უკან. უყურებდა ცხოველებს ბიჭი და ეღიმებოდა, რაღაცაც გადაუგდო დათვებს. თვალებს
უშტერებდა ფიტულივით უძრავად დამჯდარ ჭოტს, ეჭყანებოდა. ბევრი არ უვლია
ვოლიერებთან, ხევისკენ წავიდა, დაღმართი ჩაირბინა იქ, პატარა ვერეს პირას, დიდ
ხეებს შორის ჯერაც შემორჩენილი იყო ხასხასა სიმწვანე. იმ სიმწვანიდანაც გადავიდა.
სილაზე გააგდო ჩანთა დაჯდა, ჯერ ისე ჩასცქეროდა საშემოდგომოდ დაწმენდილ წყალს,
რომელსაც ყვითელი ფოთლები მოჰქონდა, მერე სახელოები აიკაპიწა, დაიჩოქა, ხელები
წყალში ჩაყო, მოშავო ლამი ამოიღო ორივე მუჭით, უღიმოდა იმ ლამს, მერე სიამოვნებით
ისვამდა მკლავებზე.
ნინოს შეზარა, ვეღარ მოითმინა და მისკენ გაიქცა.
— რას აკეთებ, რას!
გოგის ჯერ გაოცებისგან პირი ღია დარჩა, მერე გაიღიმა, ხელები წყალში ჩაყო და
გაალაღლაღა.
— რას აკეთებ, რას! — ნინო ჩაიხარა, თავი ძლივს შეიკავა, კინაღამ წაიქცა.
გოგიც წამოდგა.
— რბილი სილაა, სასიამოვნო.
— აქაურობა? ხომ სიბინძურით არის სავსე!
— აქაურობა? — გოგიმ გაკვირვებით მიმოიხედა, — რატომ? ეს ხომ წყალია, მდინარე.
— ჭირი რომ გეცეს და გაგიტანოს, იმიტომ. — ცრემლები წამოსკდა ნინოს. — რა
გემართება, რა!
— რა უნდა მემართებოდეს?
— რატომ ყვირი გაკვეთილზე. ვისი რა იმედი გაქვს, რა! მამაშენმა უკვე გაასწრო ამ
ქვეყნიდან.
— კარგი ერთი და, რასა ვყვირი!
— აბა, რაზე გამადეგენერატა დღეს დირექტორმა? რატომ გონია მთელ სკოლას, რომ შენ
სამკურნალო ხარ?
— არაფერი სამკურნალო არა ვარ, ორჯერ ამოვიღე ხმა, მეტჯერ ხომ არა?!
— ორჯერ, თუ სამჯერ, დეგენერატო?
— ნუ, სამჯერ.
— რა გაყვირებს მერე, კრეტინო?
გოგის გაეღიმა, გამომცდელად გამოხედა დედას. უცებ შეიმართა.
— აი, რა... გითხრა?
— მითხარი, გამახარე.
— კარგი რა, დედა.
ნინო კანკალებდა.
— მითხარი.
გოგიმ წინ დაიჭირა ჩანთა, მაგიდასავით, ჰორიზონტალურად.
— აი, მე ვზივარ მაგიდასთან. ჩემთვის ვარ, ჩემთვის ვდარდობ. ავიხედავ უცებ და
მასწავლებლის თვალებშიც სწორედ იმ დარდს დავინახავ, მე რომ მაწვალებს იმ წამს;
მასწავლებლის თვალებში უფრო დიდ დარდს, უზარმაზარს, რომელიც ცასაც კი დაფარავს ჩემს
წინ და მევე ვისჯი საკუთარ თავს, ასე რომ ვხედავ რაღაცეებს...
— როგორ ისჯი, რა დარდისთვის.
— კარგი, დედა, რა!.. ფიქრებში. მივაგორებ დიდ, ჩემზე მაღალ, გუნდასავით რაღაცას,
ავიხედავ, წინ მიდგას სწორედ ისეთივე მთელი მთა, მთლიანად დაუფარავს ცა, ვდგავარ,
აღარ ვიცი, რა ვქნა, როგორც სიზმარში, და... მერე ჩემს თავს მე ვისჯი, რა გინდათ?!
შეუმჩნევლად ამოსულიყვნენ ჭალიდან.
— ჰო, ის გუნდები რუხი ფერისაა, მოშავო...
ნინო გაჩერდა, უმწეოდ ქანაობდა.
— რატომ მიყურებ ეგრე?
— აქვე გინდა, რომ ჩამიქციო სისხლი, არა?
— კარგი რა, დედა!
— კიდევ, კიდევ!
გოგიმ ნაყინის გამყიდველი დაინახა.
— ნაყინი უნდა გიყიდო, „ესკიმო“ ხომ გიყვარს?
— გაჩერდი!
გოგი უკვე მირბოდა. ნაყინის გამყიდველს დაჭმუჭნული მანეთიანი მისცა, ორი „ესკიმო“
გამოართვა, რაღაცა ხურდები ჯიბეში ჩაიყარა და საზეიმო ნაბიჯებით წამოვიდა დედისკენ.
— დამცინი კიდეც, არა?
გოგიმ წაიწია, დედას საფეთქელთან აკოცა.
— კარგი რა! — უცნაური ალერსით შეჰყურებდა.
ძალით გამოაშლევინა ხელი, ძალით ჩაუდო „ესკიმო“, თითები მოაჭერინა. ნინო –
ძელსკამზე დაჯდა, ნაყინიც სკამზე დადო. ცხვირსახოცი ამოიღო. კანკალის შეკავებას
ცდილობდა.
ეგ ფული მაინც საიდან გქონდა? ბებიამ მომცა გუშინ.
— გუნებაზე მშვენიერზე ხარ. ქვეყანა ჩვენ დაგვცინის, შენ კრეჭვა-ღრეჯვით ეგებები
ამას.
— კარგი რა, დედა, კარგი, დაუცუცქდა, — შენი აქ დანახვა გამიხარდა. არ უნდა
გამხარებოდა? დირექტორმა თავის შვილს მიხედოს, ყეყეტს...
გოგი რაღაცას ყვებოდა დირექტორის შვილზე.
ნინო შიშით სავსე თვალებით უყურებდა. გული ცუდად უხდებოდა. თითქოს იგრძნო გოგიმ ეს.
ნაყინი გადაუფცქვნა, ძალით მოაკბეჩინა.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სულ ბოლოს ტროლეიბუსის გაჩერებასთან იდგნენ.
ისევ გოგი ლაპარაკობდა, ჩქარა.
— წადი შენ ახლა სამსახურში. ნურაფერი გაფიქრებს რა, დედა...
ნინო თვალს არ აშორებდა, შვილის ყოველი სიტყვა თითქოს პირველად ესმოდა, ყოველი
ფრაზა ძაბავდა, რაღაც შიშისკენ ეწეოდა. გაბრუებული იყო. დაბუჟებულიც, ვერაფრით
გარკვეულიყო, მაინც რა ხდებოდა, რა უნდა მომხდარიყო მათ თავს.
— თინიკოს მე წავიყვან და სახლში წავალ. შენ... ისე ვგიჟდები, როგორ გამომყევი
უკან, რომ ვერაფერი ვიგრძენი, ვერ დაგინახე ამოდენა გზაზე. შენ, იცი, სკოტლენდ
იარდიც კი აგიყვანდა სამსახურში.
— ვინა?
— სკოტლენდ იარდი. სახლში გეტყვი.
ტროლეიბუსი გაჩერდა. გოგიმ დედას ხელი შეაშველა და ასვლა გაუადვილა, ტროლეიბუსი
დაიძრა. კარი დაიკეტა. ნინო სკამის საზურგულს წასწვდა, გასწორდა, ცდილობდა, მაგრად
მდგარიყო, არ ექანავა. — რატომ გავუშვი მარტო! ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი
ყანყალებდა, სახლებიც კი გარეთ. კიდევ კარგი, რომ ერთი სკამი თავისუფალი იყო,
წავიდა, დაჯდა, მაინც ყველაფერი ყანყარებდა, ძაგძაგებდა,თითქოს წამიც და განგაში
ატყდებოდა. თვალები დახუჭა. უარესად აირ-დაირია ყველაფერი. ისევ გაახილა.
ტროლეიბუსი იდგა. იდგნენ სახლებიც, ხეებიც. ბოძებიც, მაგრამ მაინც ეჩვენებოდა, რომ
აი, „ერთი“ და განგაში ატყდებოდა.
სკამის მაგარი საზურგულის ჰქონდა, უკანიდან ის დაიცავდა. წინიდან... ამაგრებდა
ოდნავ წამოხრილ ყელს, აქვავებდა ერთმანეთში ჩაჭედილ თითებს, თითქმის აღარ
ახამხამებდა თვალებს...