ბატალიონი - (იტალიური battaglia – რაზმი, ათასეული), ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახმელეთო, საჰაერო-სადესანტო, სანაპირო და სხვა ჯარებში. შედის ბრიგადის შემადგენლობაში ან შენაერთში (გაერთიანებაში), წარმოადგენს ცალკეულ სამხედრო ნაწილს.
ბატალიონი შეიძლება იყოს:
-
ქვეითი (მოტომსროლელი, მოტოქვეითი);
-
სატანკო, საპარაშუტო-სადესანტო;
-
ქვეითი აერომობილური;
-
სადესანტო-მოიერიშე;
-
საზღვაო ფეხოსნების;
-
დაზვერვის (სადაზვერვო აერომობილური);
-
არმიის ავიაციის;
-
საინჟინრო-მესანგრეების (საინჟინრო);
-
კავშირგაბმულობის;
-
რადიოელექტრონული ბრძოლის;
-
საავტომობილო;
-
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის;
-
სარემონტო-აღდგენითი, სამედიცინო-სანიტარული და სხვა.
თავდაპირველად ტერმინი „ბატალიონი“ („ბატალია“-სგან) საბრძოლო წყობას ნიშნავდა. XVII საუკუნეში ეს წყობა შემადგენელ ნაწილებად დანაწევრდა, რომლებსაც ბატალიონები ეწოდება.
აშშ-ში მოტოქვეითი (ქვეითი) ბატალიონი მოიცავს მმართველობას, საშტაბო, 3 მოტოქვეით (ქვეით) ასეულსა და საცეცხლე მხარდაჭერის ასეულს. გერმანიაში ჰყავთ შერეული მოტოქვეითი ბატალიონი (2 ასეული ქვეით საბრძოლო მანქანებზე და სატანკო ასეული). დიდ ბრიტანეთში მოტოქვეითი ბატალიონი ძირითადი ტაქტიკური ნაწილია. იგი 700-ზე მეტ ადამიანს, 100 ჯავშანტრანსპორტიორს და ჯავშანავტომობილს ითვლის. რუსეთის ფედერაციის არმიაში მოტომსროლელ ბატალიონში შედის – მმართველობა, 3 მოტომსროლელი ასეული, ნაღმტყორცნი, კავშირგაბმულობა, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო, ყუმბარსატყორცნი, სამეურნეო, ტექნიკური უზრუნველყოფისა და სამედიცინო პუნქტის ქვედანაყოფები, სულ 500 კაცამდე და 50 ქვეით საბრძოლო მანქანამდე (ჯავშანტრანსპორტიორამდე).
წყარო