ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ქ

ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობა (Women and Children Trade) - საერთაშორისო ხასიათის დანაშაულებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო თანამშრომლობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიდო მთელი რიგი ხელშეკრულებები, რომლებიც მიმართული იყო ამ დანაშაულებრივ ქმედებათა წინააღმდეგ. „ადამიანებით ვაჭრობისა და მესამე პირთა მიერ პროსტიტუციის ექსპლუატაციასთან ბრძოლის შესახებ“ კონვენციაში, რომელიც ხელმოსაწერად 1949 წლის 2 დეკემბერს გაიხსნა, ხოლო ძალაში 1951 წლის 25 ივლისს შევიდა, ჩამოთვლილია ქმედებები, რომელთა ჩადენისათვის კონვენციის მონაწილე მხარეები ვალდებულებას კისრულობენ დასაჯონ დამნაშავე პირები.

ქმედუნარიანობა (Age of Maturity)- სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშვება 18 წლის ასაკიდან. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება, ხოლო შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა. აღნიშნული რეგულირება ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება. ეს წესი გამოიყენება როგორც საწარმოს დაფუძნების, ასევე ლიკვიდაციისა და შრომითი ურთიერთობების დაწყების ან დამთავრების მიმართაც.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს 14 წელს მიუღწეველ პირს, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წელს მიუღწეველ პირს.

ქცევის ბიჰევიორისტული მოდელი (AMBC) - შედგება ოთხი კომპონენტისგან:

1. ქცევისთვის ბიძგის მიმცემი მოვლენა;

2. გონებრივი აქტივობა ანუ როგორ აღიქვა ადამიანმა მოვლენა და როგორი ინტერპრეტაცია ანუ ახსნა მისცა მას;

3. სხეულის რეაქცია, მაგალითად აგრესიული პოზა, თავდაცვის, შიშის გამომხატველი პოზა და ა. შ. 4. შედეგი, ანუ ადამიანის მიერ მოვლენის ინტერპრეტაციის შედეგად განხორციელებული ქცევა. მაგალითად, თუ ადამიანმა ქცევის წინაპირობა აღიქვა და შეაფასა, როგორც აგრესია და მუქარა, მან შეიძლება იჩხუბოს, თუ ადამიანმა ქცევის წინაპირობა აღიქვა და შეაფასა, როგორც უნებლიე შეცდომა, მაშინ სავარაუდოდ, ის გაიღიმებს და უარყოფით რეაგირებას არ მოახდენს.