რ რაციონალიზაცია (Rationalisation) - ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი, რომლის დროსაც
ადამიანი იყენებს მხოლოდ იმ ინფორმაციას და აკეთებს მხოლოდ იმდაგვარ დასკვნებს,
რომელიც მას და მის ქცევას დადებითად წარმოაჩენს ანუ ეს არის რაციონალური ახსნის
მოძებნა ქცევის გასამართლებლად. რბილი სამართალი (Soft Law)
- საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ტერმინი, რომლითაც
აღინიშნება სარეკომენდაციო ხასიათის ნორმები. რს-ის ნორმები განსაზღრავს არა
კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს, არამედ თანამშრომლობის საერთო მიმართულებას და
საჭიროებს მომავალში დაკონკრეტებას ან განსაკუთრებულ იმპლემენტაციას.
როგორც წესი, რბილი სამართლის ნორმებს განეკუთვნება საერთაშორისო ორგანიზაციების
გადაწყვეტილებები, რომლებიც პოლიტიკური და მორალური ხასიათისაა, მათ საფუძველზე
მომავალში შეიძლება შეიქმნას სავალდებულო ხასიათის ნორმები, რომლებითაც ხდება ახალი
ქცევის წესების ჩამოყალიბება. მართალია, რბილი სამართლის ნორმები მიეკუთვნება
საერთაშორისო სამართლის დამხმარე წყაროებს, მაგრამ სამართალგამოყენებითი პრაქტიკა
ფართოდ იყენებს მათ.
სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები სხვადასხვა დასახელებით გვხვდება. ეს შეიძლება
იყოს: რეზოლუცია (როგორც ცნობილია გაეროს წესდების მე10 მუხლის მიხედვით, გაეროს
გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა საქმე შიდასაორგანიზაციო და საბიუჯეტო-საფინანსო საკითხებს
ეხება); დეკლარაცია, რომლითაც დგინდება ქცევის ახალი წესი (მაგალითად, გაეროს
გენერალური ასამბლეის დეკლარაცია ახალი ეკონომიკური მართლწესრიგის დადგენის
შესახებ); სპეციალური საერთაშორისოსამართლებრივი რეგულირების სფეროში სახელმწიფოთა
ქცევის კოდექსი, სახელმწიფოთა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროს განვითარების
პროგრამები.
რბილი სამართლის ნორმების შესრულებას დიდი ყურადღება ექცევა ეკონომიკური ხასიათის
ორგანიზაციებში (მსოფლიო სავალუტო ფონდი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია). ასეთი
ტიპის ორგანიზაციებში რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, როგორც წესი,
გამოიყენება სანქცია წევრი სახელმწიფოს მიმართ არა რეკომენდაციას შეუსრულებლობის,
არამედ წესების საფუძველზე აღებული ვალდებულებების დარღვევისათვის.
რეაქტიულობა (Reactivity) - ორგანიზმის მთლიანობითი რეაგირება ანუ პასუხი გარემო
გამღიზიანებელზე. რეგრესია (Regression) - დაცვის მექანიზმი, რომელიც კონფლიქტისას ან შფოთვისას
სიტუაციასთან ფსიქოლოგიური მორგების ფორმას წარმოადგენს, როდესაც ადამიანი
გაუთვითცნობიერებლად ბრუნდება ბავშვობაში და მიმართავს ქცევის უფრო ადრინდელ,
უმწიფარ და ნაკლებად ადეკვატურ მოდელს, რომელიც ადამიანის აზრით, მისი უსაფრთხოების
გარანტიას წარმოადგენს. რეინტეგრაცია (Reintegration) - სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული ბავშვის
ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება. სოციალური
დახმარების შესახებ კანონის თანახმად, ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს რეინტეგრაციის
შემწეობა. რეინტეგრაციის შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც
მიეცემა სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის ბიოლოგიურ ოჯახს, მეურვეს
(მზრუნველს), რომელიც ამ პირს სპეციალიზებული დაწესებულებიდან გაიყვანს ოჯახურ
გარემოში საცხოვრებლად და გაუწევს მას სათანადო მზრუნველობას. რეინტეგრაციის
მიზნით, არაფულადი სოციალური დახმარება შეიძლება გაეწიოს აგრეთვე, ბავშვს ან/და მის
ოჯახს, როდესაც ოჯახში არსებული მდგომარეობა ბავშვის მზრუნველობამოკლებულად ცნობის
დასაბუთებული წინაპირობაა ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვს მისი ოჯახურ გარემოში
ცხოვრების უზრუნველსაყოფად. რეინტეგრაციის შემწეობის მიღებისას, ბიოლოგიური ოჯახის
მოვალეობები განისაზღვრება სახელმწიფოსა და ბიოლოგიურ ოჯახს შორის დადებული
ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზედაც, ეს ოჯახი იღებს ვალდებულებას, დაიცვას
ბავშვის უფლებები და გაუწიოს მას სათანადო მზრუნველობა. რეინტეგრაციის შემწეობის
მიღებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბიოლოგიური ოჯახი
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში კარგავს ამ კანონით
განსაზღვრული ფულადი სოციალური დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული
ბავშვის საკითხი წყდება ბავშვის ინტერესების უპირატესი დაცვით.
რესოციალიზაცია - რეაბილიტაცია (Re-Socialization/Rehabilitation) - არასრულწლოვანში
პასუხისმგებლობის გრძნობის, სხვა ადამიანთა უფლებების პატივისცემის გრძნობის
ჩამოყალიბება და განვითარება, არასრულწლოვნის ფიზიკური, გონებრივი, სულიერი,
ზნეობრივი და სოციალური განვითარების ხელშეწყობა და მისი მომზადება საზოგადოებაში
ადგილის დასამკვიდრებლად. რეფერირება (Referral) - ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენისას, რეფერირებაში ჩართული
ყველა სუბიექტი ვალდებულია ადგილზე გაანალიზოს შემთხვევა და რეაგირება მოახდინოს.
ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს: ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების
არსებობა (სილურჯეები, ახალი ჭრილობები, ახალი ნაკაწრები, ახალი იარები,
გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები); ბავშვის საეჭვო
ქცევა (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სკოლაში სიარული,
არარეგულარულად დადის სკოლაში, არ სწავლობს, მოუვლელია, არ უნდა სახლში დაბრუნება,
ასაკის შეუფერებლად სექსუალურია, აქვს სექსის შესახებ ასაკისათვის შეუფერებელი
ცოდნა, რადიკალურად შეეცვლა ხასიათი, ვერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: ძალადობის მსხვერპლი
ბავშვის გამოვლენას, ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, ბავშვზე ძალადობის შემთხვევის
შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის
განცალკევებასა და განთავსებას უსაფრთხო გარემოში და ძალადობის შემთხვევაზე
ზედამხედველობას.
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437
დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების
დამტკიცების თაობაზე". რიგიდობა (Rigidity) - მოუქნელობა, სიტლანქე, სიჯიუტე, მზაობის არქონა ნებისმიერი
ცვლილების მიმართ. ფსიქოლოგიაში გამოიყოფა კოგნიტური, მოტივაციური და აფექტური
რიგიდობა.
• კოგნიტური რიგიდობა გულისხმობს მზაობის უქონლობას, შეიქმნას გარემოს ახალი
კონცეპტუალური სურათი, რომელიც ეწინააღდეგება გარემოს ძველ სურათს.
• მოტივაციური რიგიდობა გულისხმობს მზაობის უქონლობას ახალი მოტივების მისაღებად.
• აფექტის რიგიდობა გულისხმობს სხვადასხვა მოვლენებისთვის ახალი ემოციური შეფასების
მიცემის მზაობის უქონლობას.