შ შეზღუდული ქმედუნარიანობა (Limited Capacity) - საქართველოს სამოქალქო კოდექსის
მიხედვით, არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის
მქონეა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები (Children with Disabilities)
- 2008
წელს, მაისში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის ძალაში
შესვლამდე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია იყო ადამიანის უფლებების
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა დებულებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირების თაობაზე. იგი ასევე, წარმოადგენდა ადამიანის უფლებების ერთადერთ
ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავდა დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 2007 წელს, შეიმუშავა ზოგადი კომენტარი №9 შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების შესახებ. ზოგად კომენტარში მოცემულია
არა მარტო ბავშვის უფლებათა კომიტეტის მოსაზრებები კონვენციის მე-2 და 23-ე
მუხლებთან მიმართებით, არამედ ასევე, წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის დასკვნები და
რეკომენდაციები. კომიტეტი ასევე განიხილავს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უფლებების დაცვისა და პატივისცემისთვის
კონვენციის სხვადასხვა მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ზოგადი კომენტარი ფაქტობრივად
წარმოადგენს კომიტეტის სახელმძღვანელოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების
უფლებების რეალიზაციის თაობაზე, ოჯახურ გარემოსა და ალტერნატიული ზრუნვის
პირობებში, განათლების დაწესებულებებში, ჯანმრთელობის დაცვისა და სპეციალური დაცვის
ღონისძიებების თაობაზე. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 23-ე მუხლისა და სხვა მუხლების მთავარი
მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას
ეწეოდეს პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს მისი ღირსების პატივისცემას, ეხმარება
საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაში და უადვილებს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების
ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 23-ე მუხლი იყენებს ტერმინს „მონაწილეობა“
საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა არ ნიშნავს განყენებულ და აბსტრაქტულ ცნებას,
არამედ იგულისხმება, რომ ბავშვს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის სახლთან ახლოს
რეალურ ცხოვრებაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვს აქვს სპეციალური მოვლის მიღების უფლება და მონაწილე სახელმწიფოები
ვალდებულნი არიან, დახმარება გაუწიონ არა მარტო ბავშვს და მის მშობლებს, არამედ
სხვა პირებსაც, რომლებიც ზრუნავენ ბავშვზე, დახმარება უფასო უნდა იყოს, თუ
შესაძლებელია. თუმცა, მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ მხედველობაში მიიღონ
მშობლების ფინანსური მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში მოსთხოვონ გარკვეული
მომსახურების ანაზღაურება. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო
დახმარების მიზანი უნდა იყოს იმის უზრუნველყოფა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვს აქვს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, ჯანმრთელობის დაცვის
მომსახურება, რეაბილიტაცია და დასაქმებისთვის მომზადება, რათა მოხდეს ბავშვის
სოციალური ინტეგრაცია და განვითარება მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ კონვენცია განამტკიცებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების იმპლემენტაციის აუცილებლობას.
ამ კონვენციის მე-7 მუხლი ითვალისწინებს, რომ ასეთი ბავშვები, სხვა ბავშვების
მსგავსად, სარგებლობენ ადამიანის ყველა უფლებით; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვის საუკეთესო ინტერესებს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი; ასევე მნიშვნელოვანია,
ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, შესაბამისად,
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს ასაკის
შესაბამისად, მოსაზრების გამოხატვისთვის აუცილებელი საშუალებები უზრუნველყონ.
კონვენციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
ბავშვს არ შეიძლება შეეზღუდოს უფასო და სავალდებულო დაწყებითი და საშუალო
განათლება. კონვენციის დამატებითი ოქმი ითვალისწინებს გასაჩივრების პროცედურას
კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში. კონვენციას აქვს დამატებითი ოქმი, რომელიც მიღებულ იქნა 2008 წელს, გაეროს
გენერალური ასამბლეის A/RES/61/ 106 რეზოლუციით (დამატებით ოქმს საქართველომ ხელი
მოაწერა 2009 წლის 10 ივლისს, თუმცა, რატიფიცირებული არ არის). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (Convention on the
rights of Persons with Disabilities) - გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია მიიღო 2006 წლის 13 დეკემბერს,
რომელიც საქართველოში ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილს. კონვენციის თანახმად,
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა სხვა ბავშვების თანასწორად ისარგებლონ ადამიანის
უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან
დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნას
ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შეურაცხაობა (Mental Illness) - შეურაცხაობა სისხლის სამართალში არის ბრალის
გამომრიცხველი გარემოება. სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების
თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა იცნობს შეურაცხაობის ორ შემთხვევას: შეურაცხაობას
ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. ა) 14 წლის ასაკამდე
პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
მაშასადამე, პირი ბრალუნარიანი ხდება 14 წლის ასაკიდან და შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ამ დროიდან; ბ) მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენისას არ
შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის
შინაარსი ან შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების
უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
აღნიშნულ შემთხვევაში, შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური
ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა ან სხვა ფსიქიკური
დაავადება. შვილად აყვანა (Adoption) - შვილად აყვანა მშობლებისგან განცალკევებული ბავშვის
პრობლემის მუდმივ გადაწყვეტად ითვლება. მშვილებელსა და შვილებულს შორის
სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვება, რომელიც ბიოლოგიურ მშობელსა და შვილს შორის
ურთიერთობას უთანაბრდება. მშობლებს ნაშვილების მიმართ სრული პასუხისმგებლობა აქვთ. შვილად აყვანას „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიღებამდე არც ერთი
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება არ ეხებოდა. რეგიონული ხელშეკრულებები
მეტ-ნაკლებად არეგულირებდნენ ამ საკითხს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ
სახელმწიფოთაშორისი გაშვილება პრობლემური ხდებოდა. მოგვიანებით, როდესაც
სახელმწიფოთაშორისი გაშვილება მჭიდროდ დაუკავშირდა ბავშვების გაყიდვას, უკანონო
გადაადგილებასა და ბავშვის გატაცებას, მკაფიო სტანდარტების ჩამოყალიბება აუცილებელი
გახდა. „ბავშვის უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ“ აფრიკული ქარტიის 24-ე მუხლის
თანახმად, შვილად აყვანისას ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა
უნდა მიენიჭოს. ეს დებულება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 21-ე მუხლს
ფაქტობრივად იმეორებს. ორივე ხელშეკრულება სახელმწიფოს ვალდებულებას აკისრებს
მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შვილად აყვანას შიდასახელმწიფოებრივი სამართალი
აღიარებს, ამასთან, ორივე დებულება შვილად აყვანის სათანადო სახელმწიფო ორგანოს
ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად
განხორციელებას მოითხოვს. პროცესში ჩართული ყველა მხარის თანხმობა იგულისხმება,
თუმცა ტექსტი ბავშვის მოსაზრების პატივისცემის პრინციპს არ მოიცავს. ბავშვების შვილად აყვანის შესახებ განახლებული ევროპული კონვენცია შვილად აყვანისას
უფლებების დაცვის აუცილებლობას აღიარებს და ალტერნატიული ზრუნვის ფორმად შვილად
აყვანის შერჩევისას, ბავშვს ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ
ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თვისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია შვილად
აყვანას დამოუკიდებელ უფლებად არ მოიაზრებს, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა
სასამართლომ შვილად აყვანის საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე განიხილა
კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული ოჯახური ცხოვრების უფლების კონტექსტში. ინტერ
ალია, ბავშვსა და მშვილებლებს შორის ურთიერთობას მე-8 მუხლით დაცული ოჯახური
ურთიერთობების მსგავსი ბუნება აქვს (იხ.: საქმე - პინი და სხვები რუმინეთის
წინააღმდეგ, Pini and Others v. Romania, ESHR 2004). 1993 წელს, საერთაშორისო კერძო სამართლის ჰააგის კონფერენციის მიერ მიღებულ იქნა
ჰააგის კონვენცია ბავშვების დაცვისა და სახელმწიფოთაშორისი გაშვილების საკითხებზე
თანამშრომლობის შესახებ. ამ კუთხით, აღნიშნული დოკუმენტი პირველი უნივერსალური
ხასიათის ხელშეკრულებაა. კონვენციის მიზანი „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის
21-ე მუხლთან ერთად, ბავშვის, ბიოლოგიური მშობლებისა და მშვილებლების დაცვის
უზრუნველყოფაა. სხვა სახელმწიფოში გაშვილება ბავშვის უფლებების პატივისცემით,
უპირველესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით უნდა განხორციელდეს. ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითმა ოქმმა ბავშვებით „ვაჭრობის, ბავშვთა
პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“, დამატებითი ელემენტები შემოიტანა
სახელმწიფოთაშორისი გაშვილების დანაშაულებრივ ნაწილში. მე-3 მუხლის თანახმად,
სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დანაშაულად გამოაცხადონ ბავშვის გაშვილებაზე
არასათანადოდ მოპოვებული თანხმობა, რომელიც შვილად აყვანის შესახებ საერთაშორისო
დოკუმენტებს ეწინააღმდეგება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (მე-16 თავი), „შვილად
აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ქვეყნის
ტერიტორიაზე შვილად აყვანის საკითხს. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ საქართველოს კანონი (Law of Georgia
on Adoption and Foster Care) - ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის
წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/მინდობით
აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის,
აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის
ურთიერთობებს. კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის
უპირატესი უფლების განხორცილებას და ბავშვის საუკთესო ინტერესების უპირატესად
გათვალისწინებას შვილად აყვანისას და მინდობით აღზრდისა. შვილობილი (Adopted Child) - სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული
ხელშეკრულების საფუძველზე დედობილ-მამობილისათვის მოსავლელად და აღსაზრდელად
გადაცემული ბავშვი. შფოთვა (Anxiety) - შიშით, ნერვიულობით, დარდით, ნეგატიური მოლოდინით გამოწვეული
აშლილობა და ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა. ამგვარი ტიპის აშლილობა
ზემოქმედებს ადამიანის განწყობაზე და მის ქცევაზე. მას ხშირად ახლავს ფიზიკური
სიმპტომატიკა, როგორიცაა თავის ტკივილი, არტერიული სისხლის წნევის მატება,
გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა. მძიმე აშლილობამ შეიძლება გამოიწვიოს
ადამიანის ქმედუნარიანობის დაქვეითება და ამოაგდოს ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმიდან.
აუცილებელია ჩვეულებრივი შფოთვითი მდგომარეობისა და შფოთვითი აშლილობის
ერთმანეთისგან გარჩევა, რადგან ამ უკასკნელს სამედიცინო ჩარევა და მედიკამენტოზური
მკურნალობა სჭირდება. შვილების წარმოშობის დადგენა (Filiation)
- შვილის წარმოშობა დაქორწინებული
მშობლისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით,
ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. მამის
გარდაცვალების შემთხვევაში, ბავშვი დაქორწინებული მშობლისგან წარმოშობილად
ჩაითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს, ათი თვისა. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა
ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა
ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში,
ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის
მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზეც
იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით, სრულწლოვანების მიღწევის
შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (კარი II) არეგულირებს შვილების წარმოშობის
დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.