ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ს

სათანადო სასამართლო პროცესი (Due Judicial Process) - პიროვნების უფლების დაცვა კანონით და სხვა სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებულ სისხლისამართლებრივი პროცესის ყველა ეტაპზე ან სამოქალაქო პროცესში ყველა მონაწილე მხარისათვის თანაბარი უფლებების მინიჭება. როგორც წესი, სსპ მოიცავს პიროვნების უფლებას - ჰყავდეს დამცველი, ინფორმირებულ იყოს საქმის სასამართლო განხილვის დაწყების თარიღის შესახებ, დროულად მოემზადოს დაცვისათვის, დაკითხოს მოწმეები, მოსმენილ იქნას დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოში. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებათა შესახებ აცხადებს, “ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას, მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ~ (მე-14 მუხ.). ამავე მუხლში დეტალურად არის ჩამოთვლილი პირის უფლებები ამ სფეროში. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ანალოგიურ დებულებებს შეიცავს (მე-6 მუხლი).

სათანადო ცხოვრების სტანდარტის უფლება (Right to an Adequate Standard of Living) - ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-11 მუხლმა განამტკიცა ეს უფლება ერთი მნიშვნელოვანი დამატებითი მოთხოვნით: იგი ითვალისწინებს უფლებას ცხოვრების პირობების განგრძობად გაუმჯობესებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცავს ასევე, მნიშვნელოვან დებულებას - წევრი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის ძირითად უფლებას - არ განიცდიდეს შიმშილს.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ბავშვის საცხოვრებელი პირობები უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ, სათანადო; ისინი ხელსაყრელი უნდა იყოს ბავშვის სრული და ჰარმონიული განვითარებისთვის. აქ საუბარია არა მხოლოდ მატერიალურ სიკეთეებზე (საცხოვრებელი ადგილი, საკვები და ტანსაცმელი), არამედ იგულისხმება ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებაც, რაც პირდაპირ კავშირშია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლთან. ბავშვის სათანადო საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პირველადი ვალდებულება აკისრიათ მშობლებს ან მასზე პასუხისმგებელ სხვა პირებს. აღნიშნული გამომდინარეობს კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მშობლების ზოგადი ვალდებულებიდან, აღზარდონ და განავითარონ შვილები, და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ოჯახურ ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩარევისგან. თუმცა, მე-2 პუნქტი აღიარებს არსებულ სინამდვილეს, რომ პასუხისმგებელი პირების ფინანსური მდგომარეობა ხშირად ზღუდავს მათ შესაძლებლობას, სათანადოდ მოუარონ საკუთარ შვილებს. შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოებს აკისრიათ მეორადი, კომპლემენტარული ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი პირობები. ეს სახელმწიფოს ზოგადი ვალდებულების - სათანადო დახმარება გაუწიონ მშობლებსა და კანონიერ მეურვეებს მათი მოვალეობის შესრულებაში, აღზარდონ ბავშვი, კონკრეტული გამოხატულებაა.

საკონსულო დახმარების მიღების უფლება (Right to Consular Assistance) - კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის ნებისმიერ სტადიაზე ისარგებლოს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის დახმარებით. თუ დაკავებული არასრულწლოვანი ან დაპატიმრებული არასრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ უმოკლეს ვადაში და ნებისმიერ შემთხვევაში, არასრულწლოვნის დაკითხვამდე უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. არასრულწლოვნის დაკავების ან დაპატიმრების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყონებლივ ატყობინებს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

თუ არასრულწლოვანი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს ან იგი საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია, მას საშუალება უნდა მიეცეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით დაუკავშირდეს იმ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, რომელიც მის ინტერესებს იცავს ან ნებისმიერ ადგილობრივ ან საერთოშორისო ორგანიზაციას, რომლის ამოცანაც არის ასეთი არასრულწლოვნის დაცვა.

სამართლიანი სასამართლოს გარანტიები (Fair Trial Guarantees) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე40 (2) მუხლში ჩამოთვლილია უფლებები და გარანტიები, რომელთა მიზანი სისხლის სამართლის დარღვევაში ბრალდებული ან მსჯავრდებული ბავშის მიერ სათანადო მოპყრობითა და სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის გარანტირებაა. ამ გარანტიების უმრავლესობა ასევე, დადგენილია „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლით. კონვენციები მინიმალურ სტანდარტს ადგენენ და იგულისხმება, რომ მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ და სასურველია, შემოიღონ უფრო მაღალი სტანდარტი, მაგალითად, სამართლებრივ დახმარებასთან დაკავშირებით და სასამართლო პროცესში ბავშვისა და მისი მშობლის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სამართლის უზენაესობა (Rule of Law) - თანამედროვე დემოკრატიის პრინციპები ეყრდნობა ადამიანის უფლებათა წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს, რომლებიც აღიარებულია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და რომელთა დაცვა და ცხოვრებაში გატარება ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მოვალეობაა.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-40 მუხლი ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების ვალებულებას, არც ერთი ბავშვი არ ჩაითვალოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის დამრღვევად, არ ედებოდეს ბრალი და არ აღიარონ ბრალეულად მის დარღვევაში მოქმედების ან უმოქმედების მიზეზით, რომლებიც არ იყო აკრძალული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლით, მისი ჩადენის დროს.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები (Civil and Political Rights) - ადამიანის უფლებათა პირველ თაობას (ე. წ. ნეგატიურ უფლებებს) მიეკუთვნება ის უფლებები, რომლებიც ტრადიციული ლიბერალური ფასეულობებიდან გამომდინარეობს და რომლებიც ჩამოყალიბდა ბურჟუაზიული რევოლუციების განხორციელების პროცესში.

პირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო (პირადი) და პოლიტიკური უფლებები. ეს უფლებები გამოხატავს „ნეგატიურ თავისუფლებას“ - სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიზღუდოს ადამიანის პირადი თავისუფლების სფეროში და შეუქმნას პირობები, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

პოლიტიკური უფლებების მინიჭება აუცილებელი წინაპირობაა სხვა უფლებების არსებობისათვის, ვინაიდან სწორად ისინი ქმნიან დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო პირადი უფლებების მიზანია, უზრუნველყოს ადამიანის ავტონომიურობა.

ამ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება: სიცოცხლის უფლება, აზრის, რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობა, უფლება სამართლიან სასამართლოზე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება და სხვა.

საერთაშორისო ხელშეკრულება (International treaty) - ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ან სხვა სუბიექტების შეთანხმება უფლებათა და ვალდებულებათა ჩამოყალიბების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ასეთ შეთანხმებას შეიძლება ეწოდოს კონვენცია, პაქტი, ოქმი, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვ. მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა, მათი იურიდიული ძალა თანაბარია. საერთაშორისო ჩვეულებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებას წერილობითი ფორმა აქვს და მკაფიოდ ასახავს მხარეთა პოზიციას. საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს „თვითშესრულებადი“ და „არათვითშესრულებადი“ ნორმები. „თვითშესრულებად“ ნორმად ითვლება ისეთი ნორმა, რომლის შინაარსი იმდენად კონკრეტულად არის ფორმულირებული, რომ შესაძლებელია იგი უშუალოდ გამოიყენოს სასამართლომ ან სხვა ორგანომ. „არათვითშესრულებადია“ ნორმა, რომლის გამოსაყენებლად სასამართლოს ან სხვა ორგანოს დასჭირდება სახელმწიფოსგან მიიღოს დამაზუსტებელი ნორმატიული აქტი. „თვითშესრულებადი“ და “არათვითშესრულებადი“ ნორმების საკითხი დგება მხოლოდ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებას შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილად აღიარებენ. ამასთან, ეს სახელმწიფოები თავად განსაზღვრავენ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მეშვეობით დგინდება, საერთაშორისო ხელშეკრულების რომელი ნორმაა „თვითშესრულებადი“, ხოლო რომელი - „არათვითშესრულებადი“.

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო ხელშეკრულება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან ხდება შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ნაწილი, რომელიც შეიძლება უშუალოდ იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის სამართლის წყარო, თუ მისი დებულებები საამისოდ საკმარისად კონკრეტულია.

საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების პრინციპი (The Principle of Preferential Consideration of the Best Interest) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხ. 1198.1) თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის.

საქორწინო ასაკს მიუღწეველ პირთან ქორწინების ბათილობა (Invalidity of Marriage Contract With a Person not attained minimum age of Marriage) - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იმ პირთან ქორწინება, რომელსაც საქორწინო ასაკისათვის არ მიუღწევია და არც საქორწინო ასაკი ჰქონია შემცირებული, შეიძლება ცნობილ იქნას ბათილად, თუ ამას მოითხოვს იმ მეუღლის ინტერესები, რომელიც დაქორწინდა საქორწინო ასაკის მიღწევამდე. ამ საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვს არასრულწლოვან მეუღლეს, მის მშობლებს ან მეურვეს (მზრუნველს), აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

თუ საქმის განხილვის მომენტისათვის არასრულწლოვანმა მეუღლემ საქორწინო ასაკს მიაღწია ან ორსულადაა, მაშინ ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნას ბათილად, მხოლოდ მისი მოთხოვნით.

სახელის ქონისა და დაბადების რეესტრში რეგისტრირების უფლება (The Right to a Name and Birth Registration) - სახელის ქონისა და დაბადებისას რეგისტრაციის უფლება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ არის. თუმცა, იგი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 24 (3) მუხლშია მოცემული: „ყველა ბავშვი დაბადებისთანავე უნდა დარეგისტრირდეს და სახელი უნდა ჰქონდეს“. მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: „მიგრანტი მუშის ყველა შვილს უნდა ჰქონდეს სახელის, დაბადებისას რეგისტრაციისა და მოაქალაქეობის უფლება“. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 (2) მუხლშია მოცემული, რომლის თანახმად: „შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვები დაბადებისთანავე უნდა დარეგისტრირდნენ და მათ დაბადებიდანვე უნდა ჰქონდეთ სახელის ქონის უფლება, მოქალაქეობის შეძენის უფლება, და შესაძლებლობების ფარგლებში, უფლება, იცოდნენ, ვინ არიან მათი მშობლები და მათ მზრუნველობაში ყოფნის უფლება“. მრავალი საერთაშორისო დოკუმენტი ადგენს სახელის ქონისა და დაბადების რეგისტრაციის უფლებას, ისე როგორც სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა შექმნან. მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ზოგადი კომენტარის №17 (24-ე მუხლი) მიხედვით: „ბავშვის დაბადების რეგისტრაციის ვალდებულების მთავარი მიზანი ბავშვების მოტაცების, გაყიდვის, ტრეფიკინგის ან პაქტით გარანტირებული სხვა უფლების განხორციელებასთან შეუსაბამო სხვაგვარი მოპყრობის საფრთხის შემცირებაა. პაქტის ხელშემკვრელი სახელმწიფოების ანგარიშებში დეტალურად უნდა იყოს მითითებული ის ღონისძიებები, რომლებიც მათ ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების დაუყონებლივ რეგისტრაციას უზრუნველყოფს.“

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალაქეობის მოპოვების უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მუხლი 17) მიხედვით, ყველა ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისთვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად (მუხლი 32), საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. არასრულწლოვანი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან მოქალაქეობის შეცვლის საკითხს არეგულირებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.

სენსომოტორული (Sensomotory) - აზროვნების ტიპი, რომელიც სენსორულ (გრძნობიერ) და მოტორულ აქტივობას მოიცავს და რომელიც ჩვილისათვის 18 თვემდეა დამახასითებელი.

სექსუალური ექსპლოატაციისაგან დაცვის უფლება (Right to be Protected from All forms of Sexual Expoitation) - ბავშვს აქვს უფლება იყოს დაცული ყველა ფორმის სექსუალური ექსპლოატაციისაგან და სექსუალური ცდუნებისაგან. ბავშვის უფლებების კონვენციის 34-ე მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიებები რათა აღკვეთონ: ა) ბავშვის დაყოლიება ან იძულება ნებისმიერ უკანონო სექსუალურ საქმიანობაზე; ბ) ბავშვების გამოყენება ექსპლოატაციის მიზნით პროსტიტუციაში ან სხვა უკანონო სექსუალურ პრაქტიკაში და გ) ბავშვების გამოყენება ექსპლოატაციის მიზნით პორნოგრაფიაში და პორნოგრაფიულ მასალებში.

სექსუალური ექსპლუატაციის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი (Child Victim of Sexual Exploitation and or Abuse) - მსხვერპლი არის პირი, რომელსაც ავნეს, მიაყენეს სხვადასხვა სახის ზიანი, მოკლეს დანაშაულის, ინციდენტის ან სხვა ქმედების ან ღონისძიების შედეგად.

2007 წლის ლანზაროტეს კონვენციის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განმარტავს „მსხვერპლს“, როგორც: „ნებისმიერი ბავშვი, რომელიც გახდა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი“. აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია, ასევე მისი ფაკულტატური ოქმი „ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“ არ განმარტავს ტერმინს.

2005 წლის გაეროს პრინციპები დანაშაულის მსხვერპლი და დანაშაულის მოწმე ბავშვების მიმართ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით განმარტავს, როგორც 18 წლამდე ბავშვს ან მოზარდს, რომელიც არის მსხვერპლი მიუხედავად მისი როლისა დანაშაულში ან პროსტიტუციაში, ბრალდებული დამნაშავეების ან დამნაშავეთა ჯგუფში.

სექსუალური შინაარსის შემცველი თვითდამუშავებული (ბავშვების მიერ საკუთარ თავზე შექმნილი) მასალები (Self-Generated Sexual Content Material) - ბავშვებმა და 18 წლამდე მოზარდებმა შესაძლებელია გადაიღონ კომპრომისული ფოტოები ან ვიდეოები თავისთვის, აღნიშნული ქმედება არ არის იმთავითვე აუცილებლად არაკანონიერი ან სოციალურად მიუღებელი, მაგრამ არსებობს მათი ონლაინ ან ინტერნეტ კავშირის გარეშე გავრცელების რისკი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას თანხმობის/სარგებლის გამოსაძალად.

ტერმინები - „თვითწარმოება“ ან „თვითმართვა“ ტერმინისგან „იძულება“ განსხვავებით, შესაძლებელია პოტენციური რისკის მატარებელი იყოს, სადაც შეიძლება მოიაზრებოდეს ბავშვის დადანაშაულება იმ შედეგისთვის, რაც მოჰყვა მისი ფოტოების ან სხვა მასალის გავრცელებას. ბავშვის (კერძოდ კი, მოზარდის) მიერ სექსუალური მასალის ნებაყოფლობით შექმნა არ ნიშნავს მათ თანხმობას ან მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ფოტოების ექსპლოატაციის, შეურაცხმყოფელი მიზნით გამოყენებისთვის, ან/და მათ გავრცელებაზე. ამგვარად, დაუშვებელია ბავშვებს დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მასალის შექმნისა თუ ხელმისაწვდომი განთავსებისთვის.

უფრო მეტიც, როდესაც მასალა ბავშვის მიერ არის შექმნილი (ხშირად მოიხსენიება როგორც „მოზარდების მიერ შექმნილი“) და სურათში არ ჩანს სრულწლოვანი, შექმნის მიღმა არსებული მიზეზების (მაგალითად, პოტენციური ძალადობა ან მანიპულირება) გამოკვლევა ზოგიერთ შემთხვევაში, უგულებელყოფილია. ბავშვთა უფლებების დამცველთა და სამართალდამცველთა გამოცდილებიდან იკვეთება, რომ აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და შესაძლებელია სხვა პირი კარნახობდეს/მიუთითებდეს ბავშვს სექსუალური ხასიათის მოქმედების შესრულებას. ყველაზე გავრცელებულ მსგავს შემთხვევებში, საქმე ეხება ხოლმე ახალგაზრდა მომხმარებლებს. აქედან გამომდინარე, ტერმინის „თვითწარმოება“ გამოყენებისას, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ შესაძლებელია დავადანაშაულოთ ბავშვი ირიბად ან უნებლიედ იმ ფოტო-სურათების შექმნისთვის, რომელიც მის ნება-სურვილის არ წარმოადგენდა. ამასთან, ბავშვის მიერ სექსუალური შინაარსის მასალის შექმნისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ის შესაძლებელია იყოს სხვა ბავშვის ან სრულწლოვანის მხრიდან ძალადობრივი ან შეურაცხმყოფელი ურთიერთობის შედეგი.

დამატებით, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რომანტიკული ურთიერთობის ფარგლებში, თინეიჯერების ნებით შექმნილი სექსუალური ხასიათის მასალა, ბავშვის მონაწილეობით შექმნილი სექსუალური ხასიათის მასალისგან, რაც ექსპლოატაციად განისაზღვრება, არ არის მსგავსი. თუმცა, რიგ შემთხვევებში, მასალის თვითწარმოება მიიჩნევა და მოიხსენიება, როგორც „არაკანონიერი მასალა“. უფრო მეტიც, არსებობს საქმეები, სადაც ბავშვს დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მისთვის ნაცნობი პიროვნებისთვის (მაგალითად, მეგობარი ბიჭი/მეგობარი გოგო) სექსუალური ხასიათის ფოტოს გაგზავნის გამო.

ტერმინთან „თვითწარმოებული მასალასთან“ დაკავშირებით, ხშირად ფოტოსურათის ან მასალის სახის განსასაზღვრად, დამატებით ვხვდებით ტერმინს „უხამსი“. წამყვანი ინგლისური ლექსიკონების მიხედვით, „უხამსი“ ნიშნავს „მორალურად შეუარცხმყოფელ ქმედებას, რადგან მოიცავს სექსუალურ ურთიერთობას ან სიშიშვლეს“. ტერმინის - „უხამსი“ გამოყენებისას, როდესაც ვსაუბრობთ მოზარდების მიერ შექმნილ მასალაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ის ნაკლებად ეხება ობიექტურ კრიტერიუმს, თუ როდის ან რატომ არის რაიმე უხამსი ან ვინ ადგენს, რომ ქმედება მორალურად შეურაცხმყოფელია თუ არა. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმჯობესია არ გამოვიყენოთ ტერმინი „უხამსი“, რადგან მისი განსაზღვრა ობიექტურად ძნელია. ალტერნატიულად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტერმინი „სექსუალური“ ან „სექსუალური ხასიათის.“

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი სექსუალური მოძალადე (Juvenile Sex Offender) - ტერმინში “სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი სექსუალური მოძალადე~ მოიაზრება 18 წელს მიუღწეველი პირი, რომელიც ეროვნული კანონმდებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია გასამართლდეს და დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მართლმსაჯულების სისტემის მთავარ გამოწვევას ყველა საქმეში წარმოადგენს, მიიღოს არასრულწლოვან სექსუალურ მოძალადესთან მიმართებით, მისი უფლებების სრულად დაცვის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები. კერძოდ, ყურადსაღებია დანაშაულის გარემოებები: ასაკი, მომწიფება და მოძალადის მდგომარეობა, მსხვერპლის ასაკი და სექსუალური ხასიათის დანაშაულის სიმძიმე.

სიკვდილით დასჯის აკრძალვა (Prohibition of Death Penalty) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია (მუხლი 37), აგრეთვე, გაეროს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 6(5)) ხაზს უსვამს საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, სიკვდილით დასჯა არ შეიძლება შეეხოს პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო 18 წელზე ნაკლები ასაკის.

სიტუაციური დამნაშავე (Situational Exploiter) - ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ორივე სქესის სრულწლოვანი პირები, რომელთაც ბავშვებზე ფოკუსირებული სექსუალური ინტერესი როგორც ასეთი, არ გააჩნიათ, მაგრამ უარს არ ამბობენ არასრულწლოვანთან სექსუალურ კონტაქტზე, თუკი ეს სიტუაციურად შესაძლებელი ხდება. კერძოდ, თუ:

• არასრულწლოვნები მათთვის სექსუალური თვალსაზრისით მიმზიდველად გამოიყურებიან (მაგალითად, ნაადრევად მომწიფებული გოგონები გამოხატული ფორმებით);

• არასრულწლოვანთა აქსელერაციის გამო, სიტუაციურ ექსპლუატატორებს ისინი სრულწლოვანები ჰგონიათ;

• სხვადასხვა მიზეზთა გამო (მოცემულ გარემოში სრულწლოვან პარტნიორთა არარსებობა, არასრულწლოვან პროსტიტუტთა განსაკუთრებული მისაწვდომობა ფინანსური თვალსაზრისით და ა. შ.) არასრულწლოვნები სექსუალური სურვილების დაკმაყოფილების ერთადერთ ობიექტს წარმოადგენენ.

პედოფილებისა და ბავშვთა პრეფერენციალური ექსპლოატატორებისგან განსხვავებით, სიტუაციური ექსპლოატატორები არასოდეს განზრახ და წინასწარ არ ეძებენ ბავშვთან კონტაქტს და ხშირ შემთხვევაში, მათთვის უბრალოდ სულერთია, სექსუალური პარტნიორი 14 წლის იქნება თუ 24 წლის. შესაბამისად, ეს ყველაზე ნაკლებად „პერვერსიული“ ტიპია ჩვენს მიერ მოტანილ სამ კატეგორიას შორის.

სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება (The Right to Life, Survival and Development) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცის მე-6 მუხლი ადგენს, რომ „ყოველ ბავშვს აქვს სიცოცხლის ხელშეუვალი უფლება“. აღნიშნული გულისხმობს, რომ ბავშვის სიცოცხლე მისი დაბადების მომენტიდან დაცული უნდა იყოს. სიცოცხლის ეს თანდაყოლილი უფლება, რომელიც ღირსების ცნებას მოიცავს, ბავშვის აღიარებული უფლებების საფუძველია. შესაბამისად, ეს მუხლი ბავშვის უფლებების კონვენციით დადგენილ ერთ-ერთ ძირითად აკრძალვას - სიკვდილით დასჯის აბსოლუტურ აკრძალვას ამართლებს. კონვენციის მე6 მუხლის მე-2 პუნქტი აკონკრეტებს, რომ სახელმწიფოებმა ბავშვის გადარჩენა და განვითარება მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ. გადარჩენა ორ განსხვავებულ სიტუაციას მოიცავს, რომლებიც შედეგობრივად მაინც ერთმანეთის მსგავსია. პირველი კატაკლიზმების, კონკრეტულად კი, ისეთი ბუნებრივი კატასტროფების შედეგია, როგორიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი, ვულკანის ამოფრქვევა და დამანგრეველი მოვლენები, რომლებთან გამკლავება ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება. მეორე მდგომარეობა განსაკუთრებულ დაძაბულობას, რეგულარულ სამხედრო შენაერთებს ან არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ კონფლიქტს, შიმშილობას, ქრონიკულად ცუდ კვებას, სიღარიბეს ან განსაკუთრებულ სიღარიბეს მოიცავს. მეორე კატეგორიის სიტუაციისთვის, რომლის მასშტაბი ხშირად განუზომელია და რომელიც მათ მსხვერპლებს განუზომელ ტანჯვას აყენებს, სახელმწიფოები, შეიძლება გარკვეულწილად, პასუხისმგებელნი იყვნენ. ამ ორი ეტაპის სიტუაციების ეფექტი ერთნაირია: ბავშვებს საკუთარი უფლებებით სარგებლობისთვის განუსაზღვრელად დიდი სირთულეები ექმნებათ. ამგვარ შემთხვევებში, პრიორიტეტი მათი სიცოცხლის გადარჩენას უნდა მიენიჭოს.

კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ასევე, მოიცავს ტერმინს „განვითარება“ და შესაბამისად, ცალსახად მიუთითებს, რომ ბავშვს, რომელიც ცოცხალია და ზოგჯერ ძლივს ახერხებს თავის გადარჩენას, ჰარმონიული განვითარების უფლება აქვს. ტერმინი მოიცავს „ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ განვითარებას.“

სომნამბულიზმი (Somnambulism) - ტრანსის ან მძინარე მდგომარეობაში სიარული ან სხვა მოქმედების განხორციელება. ძილში სიარული ზოგჯერ ეპილეფსიით, ბიპოლარული აშლილობით და სხვა ნევროლოგიური დარღვევებით არის გამოწვეული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ეს მდგომარეობა გარდამავალია და გაურკვეველი მიზეზებით არის პროვოცირებული.

სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით სარგებლობის უფლება (Right to Benefit from Social Security) - ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით მათ შორის, სოციალური დაზღვევით. სახელმწიფოებმა უნდა მიმართონ საჭირო ღონისძიებებს ამ უფლების სრული განხორციელების მისაღწევად, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 26-ე მუხლით.

სოციალური დაცვის საჯარო ან კერძო დაწესებულებები (Public or Private Institutions of Social Security) - გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის №14 ზოგადი კომენტარის (ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესს დაეთმოს უპირველესი ყურადღება) მიხედვით, აღნიშნული ტერმინები არ უნდა განიმარტოს და არ უნდა შემოიფარგლოს სოციალური ინსტიტუციების ვიწრო გაგებით. ისინი უნდა განიმარტოს როგორც ყველა დაწესებულება, რომლის საქმიანობა და გადაწყვეტილებები გავლენას ახდენენ ბავშვებზე და მათი უფლებების რეალიზაციაზე. ამგვარი დაწესებულებები მოიცავს არა მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებთან დაკავშირებულ დაწესებულებებს (მაგალითად, ზრუნვა, ჯანდაცვა, გარემო, განათლება, ბიზნესი, დასვენება და თამაში და სხვ.), არამედ ისეთ დაწესებულებებსაც, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში (მაგ. რეგისტრაცია დაბადებისას, ნებისმიერ გარემოში ძალადობისგან დაცვა და სხვ.), სოციალური დაცვის კერძო დაწესებულებები მოიცავს კერძო სექტორის ორგანიზაციებს-კომერციულს და არაკომერციულს, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვების მიერ თვიანთი უფლებებით სარგებლობისათვის უმნიშვნელოვანესი მომსახურებების მიწოდებაში და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო სამსახურების სახელით, მათთან ერთად ან მათი ალტერნატივის სახით.

სოციალური მუშაკი (Social Worker) - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი. სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს აწესრიგებს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება. ამ მიზნით, მან უნდა იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მის კეთილდღეობაზე, განახორციელოს ბენეფიციარის ადვოკატირება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს კრიზისის თავიდან აცილებაში.

სოციალური მუშაობის შესახებ საქართველოს კანონი (Law of Georgia on Social Work) - განსაზაღვრავს სოციალური მუშაობის ძირითად პრინციპებს, სოციალური მუშაკის სამართლებრივ სტატუსს, სოციალურ გარანტიებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს, სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.

სოციოპათია (sociopathia) - პიროვნული აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი ავლენს ანტისოციალურ ატიტუდებს და ქცევას. თუმცა, ფსიქოპათიისგან განსხვავებით, ეს ფორმა ნაკლებად მძიმეა და ითვლება, რომ სოციოპათია ყალიბდება სოციალური ფაქტორებისა და გარემოს გავლენით.

სოციალური დახმარების შესახებ კანონი (Law of Social Assistance) - აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

კანონის თანახმად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გარდა პანსიონისა, ბავშვის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. ბავშვის მოთავსება დაწესებულებაში ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს თავად მოთავსების მსურველი ან მისი ოჯახის წევრი, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ან სასამართლო. ამასთან კანონის (მუხ. 21 (3)) მიხედვით, რეინტეგრაციის შემწეობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, ბიოლოგიური ოჯახი კარგავს ფულადი დახმარების მიღების უფლებას, ხოლო რეინტეგრირებული ბავშვის საკითხი წყდება მისი ინტერესების უპირატესი დაცვით.

სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსება (Placement in a Specialized Institution) – „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად, სპეციალიზებულ დაწესებულებაში (სადღეღამისო ზრუნვა) ბავშვის მოთავსება ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიძლება იყოს თავად მოთავსების მსურველი ან მისი ოჯახის წევრი, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ან სასამართლო. ბავშვის (მათ შორის, ნაპოვნი ბავშვის) სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რეგიონული საბჭო, ხოლო მიუსაფარი ბავშვის განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებია უფლებამოსილი სოციალური მუშაკი. საბჭოს დებულების თანახმად, გადაწყვეტილების მიღებისას, საბჭოს წევრები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სოციალური მუშაკის ან/და სხვა უფლებამოსილი პირების (ფსიქოლოგი, იურისტი) მიერ წარმოდგენილ შეფასებაში (დასკვნაში) მითითებული ინფორმაციითა და რეკომენდაციებით, აგრეთვე, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული სხვა მონაცემებით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). თუ წარმოდგენილი მასალები არ არის საკმარისი, საბჭოს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.

სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები (Persons with Special Care Needs )- აღნიშნულ პირებს განეკუთვნებიან: ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი; დ) მარჩენალდაკარგული; ე) მიუსაფარი ბავშვი.

სტიგმატიზაცია (Stigmatization) - დაღის დასმა და როგორც წესი, უარყოფითი სოციალური იარლიყის მინიჭება.

სტრესი (Stress) - ფიზიკური, ფსიქიკური ან ემოციური ბუნების ფაქტორი, რომელიც იწვევს სხეულისა და ფსიქიკის დაძაბულობას, შფოთვას, წუხილს, ანუ ორგანიზმის უარყოფით რეაქციას გარემო გამღიზიანებელზე. სტრესი შეიძლება იყოს გარე ფაქტორებით გამოწვეული, როგორიცაა: ფსიქოლოგიური, სოციალური სიტუაციები და შინაგანი, მაგალითად, დაავადება, სამედიცინო პროცედურა.

სტრესოგენური ფაქტორები (Stressogenic Factors) - სტრესის გამომწვევი ფაქტორები.