ტ ტრეფიკინგი (Trafficking) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შესაბამისი
მე-5 მუხლი არ განმარტავს ბავშვების გატაცებას, გაყიდვას ან ტრეფიკინგს. პალერმოს
ოქმის მე-3 მუხლი ტრეფიკინგს განმარტავს შემდეგნაირად: „ტრეფიკინგი ნიშნავს
ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას,
მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებით, მოტაცებით, თაღლითობით,
მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის
თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი
დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, იმ ადამიანთა ექსპლოატაციის მიზნით“.
„ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ“
ბავშვის უფლებების კონვენციის დამატებითი ოქმის თანახმად, ბავშვის გაყიდვა არის „ნებისმიერი ქმედება ან ტრანზაქცია, როდესაც ხდება ბავშვის გადაცემა ერთი პირის ან
ადამიანთა ჯგუფის მიერ მეორესათვის ანაზღაურების ან სხვა სარგებლის სანაცვლოდ“. მჭიდრო კავშირი არსებობს ბავშვების გაყიდვასა და ტრეფიკინგს შორის. მაგალითად,
მშობელმა ან სხვა მეურვემ ბავშვი შეიძლება მიჰყიდოს ტრეფიკინგში ჩართულ პირს ან
ერთმა ამგვარმა პირმა –მეორეს ან საბოლოო მყიდველს ან ექსპლოატატორს მიჰყიდოს. თუმცა, ბავშვის გაყიდვა
ყოველთვის არ უკავშირდება ტრეფიკინგს. ამასთან, ბავშვის გაყიდვა ყოველთვის არ
ხორციელდება ექსპლოატაციის მიზნით. მაგალითად, რომელიმე დაწესებულებამ შეიძლება
ბავშვი მიჰყიდოს პირს ან რამდენიმე ადამიანს, რომელთაც სურთ მისი შვილად აყვანა. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს არეგულირებს ტრანსნაციონალური
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს 2000 წლის კონვენციის ოქმი „ადამიანის,
განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და
დასჯის შესახებ“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დასჯად ქმედებად აცხადებს ტრეფიკინგს.
ადამიანით ვაჭრობად (ტრეფიკინგად) ითვლება ადამიანის ყიდვა და გაყიდვა ან მის
მიმართ სხვა უკანონო გარიგებების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან
მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის
მიზნით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ხუთიდან თორმეტ წლამდე ვადით. ამავე
მუხლის მიხედვით, კოდექსის (143.2 მუხლი) მიზნებისათვის ექსპლუატაციად ჩაითვლება
ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისახელმწიფოებრივ
ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების,
აგრეთვე ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის, ანდა
სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება
გულისხმობს: მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას,
თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის,
მიმოწერისა და სატელეფონოო კონტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და
ღირსების შემლახველ პირობებში ყოფნას, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან
არაადექვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. საქართველოს კანონმდებლობით, დასჯად ქმედებად გამოცხადებულია არასრულწლოვანთა
ვაჭრობა (ტრეფიკინგი), არასრულწლოვნის ყიდვა და გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო
გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა და გადამალვა ან/და
მიღება ექსპლუატაციის მიზნით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით.