ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - თ

თავისუფლების აღკვეთა (Restraint of Liberty) - სასამართლოს (მოსამართლის), ადმინისტრაციული ან სხვა საჯარო ორგანოს ბრძანებით პირის დაპატიმრება თავისუფლების აღკვეთა ან ისეთ საჯარო თუ კერძო საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება, რომლის დატოვების უფლება საკუთარი სურვილისამებრ ამ პირს არ ექნება.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია ბავშვის თავისუფლების აღკვეთის მარეგულირებელი პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 37-ე მუხლი კრძალავს ბავშვის უკანონო ან თვითნებურ თავისუფლების აღკვეთას. ბავშვის თავისუფლების აღკვეთა, დატუსაღება, დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად უნდა განხორციელდეს და შეიძლება „მხოლოდ უკიდურეს ზომად და დროის მაქსიმალურად მოკლე პერიოდში იყოს გამოყენებული“. 1990 წელს, გაერომ მიიღო თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები, რომელიც არა მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის დაწესებულებებს, არამედ ბავშვების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებსაც ეხება. თავისუფლების აღკვეთა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე დაპატიმრება, დაკავება ან პატიმრობა.

თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესები რამდენიმე ზოგად პრინციპს ეფუძნება: თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს ზომად და მინიმალური ხანგრძლივობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული ბავშვის კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და განათლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე დაწესებულებაში, რომელიც ბავშვის საზოგადოებაში რეინტეგრაციას ხელს შეუწყობს. დაკავების ადგილები ბავშის ოჯახის წევრებთან კავშირისთვის ღია უნდა იყოს; დაწესებულებებში შესაბამისი მომსახურება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და მათი მომსახურე პერსონალი ბავშვის უფლებებში კარგად გარკვეული უნდა იყოს. თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დაცვის წესებში განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ბავშვების მდგომარეობას ენიჭება.

ბავშვის უფლებათა კომიტეტის №10 ზოგად კომენტარში თავისუფლების აღკვეთას, მათ შორის წინასწარ პატიმრობასა და სასამართლოს მიერ მსჯავრდების შემდეგ სასჯელის მოხდას ერთი ნაწილი ეთმობა. ბავშვის უფლებათა კომიტეტის თანახმად, „ბავშის უფლებების კონვენციის 37-ე მუხლი თავისუფლების აღკვეთისას, თავისუფლებააღკვეთილი ყველა ბავშვისთვის პროცედურული უფლებების გარანტირებისა და ამ ბავშვებთან მოპყრობისა და მათთვის შესაქმნელი პირობების უზრუნველყოფისას გამოსაყენებელ ყველა ძირითად პრინციპს მოიცავს“. იგი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებსაც აყალიბებს, საპროცესო უფლებებს ჩამოთვლის და იმ დაწესებულებებში მისაღებ მოპყრობასა და პირობებს განმარტავს, რომლებიც ბავშვთა დაკავებისთვის გამოიყენება.

თავისუფალი დრო, დასვენება და კულტურული აქტივობები (Spare Time, Recreation and Cultural Activities) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაში დასვენების დროისა და რეკრეაციის უფლება მოხსენიებულია არა მხოლოდ იმ ბავშვებთან მიმართებით, რომლებიც მუშაობენ ან შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან, არამედ ეს უფლება გამოიყენება განათლების კონტექსტშიც, ვინაიდან ზოგიერთი სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ბავშვს მხოლოდ სწავლის დრო რჩება.

თავისუფალი დროისა და რეკრეაციის უფლება მჭიდროდაა დაკავშირებული ბავშვის თამაშის უფლებასთან. ბავშვის უფლებათა კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი მოუწოდებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ რეკრეაციის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოს სასკოლო და რეკრეაციული შენობა-ნაგებობი. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტში თამაშის უფლება პირდაპირაა მითითებული.

თანაზომიერების პრინციპი (Proportionality) - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს და მის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.

თარჯიმნისა და სხვა მომსახურება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში (Interpreter and other Services in Juvenile Procedure) - არასრულწლოვანს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა ანდა მას არ შეუძლია ისაუბროს ამ ენაზე (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა). არასრულწლოვანს უფლება აქვს სასამართლო სხდომამდე ან საპროცესო მოქმედებამდე შეხვდეს თარჯიმანს, რათა დადგინდეს, ესმით თუ არა მათ ერთმანეთის. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №10 (მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ) მიხედვით, თარჯიმნის დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო პროცესებით - ასევე, ის გულისხმობს, დახმარებას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების ნებისმიერ ეტაპზე. საჭიროა თარჯიმანი სპეციალურად იყოს მომზადებული ბავშვებთან სამუშაოდ, რადგან მათი ენა და აღქმის უნარი, განსხვავება უფროსების მეტყველებისაგან.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს ყველა იმ მომსახურებით, რომლებიც მას საქმის გასაცნობად და სამართალწარმოებაში მონაწილეობისათვის ესაჭიროება.

თვითდესტრუქციული ქცევა (Selfdestructive Behavior) - ადამიანისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღება, პესიმისტური აზრები, მოქმედების განხორციელების უუნარობა, ზომაზე მეტი საკვების მიღება, საკვებზე უარის თქმა, ადამიანებისგან გაუცხოება, დახმარებაზე უარის თქმა, საკუთარი ჯანმრთელობის უგულებელყოფა, თვითმკვლელობა.