ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - უ

უარყოფა (Denial) - ფსიქოლოგიაში რეალობის უარყოფა არაცნობიერ პროცესს წარმოადგენს და ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმია, როდესაც ადამიანმა უნდა აღიაროს ფაქტი, რომელიც მისთვის მეტად შემაწუხებელია და მიუღებელი და ამიტომ მასზე უარს ამბობს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის, მიუხედავად არსებული სამხილისა.

არსებობს:

• მარტივი უარყოფა: უსიამოვნო ფაქტის უარყოფა;

• მინიმიზება: ფაქტის აღიარება, მაგრამ ამავდროულად, მისი მნიშვნელობის უარყოფა;

• პროექცია: ფაქტის და ამ ფაქტის მნიშვნელობის აღიარება, მაგრამ პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.

უგულებელყოფა (Neglect) - ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციისათვის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა თუკი მშობელს, სხვა კანონიერ წარმოამდგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

უდანაშაულობის პრეზუმფცია (Presumption of Innocence) - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

უდანაშაულობის პრეზუმფციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ბავშვის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამტკიცების პასუხისმგებლობა მთლიანად ბრალდების მხარეს აკისრია. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით (მუხლი 40 (2) (I)), ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა ან ბრალი ედება მის დარღვევაში, აქვს საკითხის ეჭვქვეშ დაყენების უფლება და წაყენებულ ბრალდებებში მისი დამნაშავედ ცნობა, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრული ეჭვის ფარგლებს მიღმა. ბავშვს აქვს უფლება, მოეპყრონ პრეზუმფიციის შესაბამისად, ხოლო საქმეში მონაწილე ყველა საჯარო პირი ვალდებულია საქმის საბოლოო დასრულებამდე, არ გააკეთოს წინასწარი დასკვნები შედეგების შესახებ. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარის №10 (მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ) მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოებმა, უნდა უზრუნველყონ ინფორმაცია ბავშვის განვითარების შესახებ, რათა მათი უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლება დაცული იყოს. ხშირად შიშის, მოუმწიფებლობის, გაუგებრობის ან სხვა მიზეზების გამო, ბავშვები საეჭვოდ იქცევიან, მაგრამ შესაბამისმა ორგანოებმა არ უნდა ცნონ ბავშვის ბრალეულობა, თუ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები დადასტურებული არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა.

უკიდურესი ზომა (Extreme Measure) - მიმართავენ იმ შემთხვევებში, როდესაც არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობის განხილვის შედეგად დადგინდა მათი შეუსაბამობა და არ არსებობს საჭირო დაცვით ბავშვის უზრუნველყოფის სხვა გზა.

უმცირესობის ჯგუფების ან ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ბავშვები (Children Belonging to Minority Groups or Indigenous People) – „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი აღიარებს იმ ბავშვების უფლებებს, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობების ჯგუფებსა და მკვიდრ მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თავიანთი კულტურით, რელიგიით და აღასრულონ მისი რიტუალები, აგრეთვე ისარგებლონ მშობლიური ენით. თუ ამ მუხლის ძირითადი ელემენტებია კულტურით, რელიგიითა და ენით სარგებლობა, აქ ხაზგასმულია, რომ იგი არ არის შეუზღუდავი და არსებობს აუცილებლობა, რომ მისი განხორციელება მოხდეს ადამიანის უფლებების ჩარჩოში. ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №8 („ფიზიკური დასჯისგან ან სხვა მკაცრი და ღირსების შემლახველი დასჯისგან ბავშის დაცვის შესახებ“) ითვალისწინებს, რომ „რელიგიისა ან რწმენის წესების დაცვისას უნდა მოხდეს სხვების ადამიანური ღირსებისა და ფიზიკური მთლიანობის პატივისცემა. რელიგიის ან რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება შეიძლება კანონიერად შეიზღუდოს სხვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი აღიარებს „უფლების“ არსებობასა და მოითხოვს, რომ „არ მოხდეს მისი უარყოფა“. შესაბამისად, კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ უფლების განხორციელება და არ დაუშვან მისი დარღვევა ან მასზე უარის თქმა. ამასთან, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პოზიტიური მოვალეობები ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ბავშვების მიმართ და ვალდებულება, რომ გაატაროს ჯანმრთელობის, კვების, განათლების, რეკრეაციისა და სპორტის, სოციალური მომსახურების, განსახლების, სანიტარიისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება ბავშვის კულტურას.

„ბავშვის უფლებების შესახებ“ 30-ე მუხლი მჭიდროდაა დაკავშირებული „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისოპაქტის 27-ე მუხლთან. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს: „იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობანი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას ეკუთვნიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ თავიანთი რელიგია და შეასრულონ მისი წესები, აგრეთვე ილაპარაკონ დედა ენაზე“. ამ კავშირზე მიუთითებს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი №11. კერძოდ, 27-ე მუხლი მოიცავს კოლექტიურ და ინდივიდუალურ უფლებებს და აღიარებს, რომ ტრადიციული კოლექტიური ღირებულებებით შეიძლება ისარგებლოს ჯგუფის სხვა წევრმაც.

„ბავშის უფლებების შესახებ“ კონვენციის 30-ე მუხლი თითქმის მთლიანად იმეორებს პაქტის 27-ე მუხლს, გარდა ფრაზისა, „ადამიანები, რომლებიც მეკუთვნებიან მკვიდრ მოსახლეობას“.

2007 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია „ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შესახებ“, რომელიც არის სახელმძღვანელო ძირძველი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების თაობაზე და სპეციალურად გამოყოფს ასეთი მოსახლეობის წარმომადგენელი ბავშვების უფლებებს. დამატებით, 2009 წელს, ბავშვის უფლებათა კომიტეტმა მიიღო ზოგადი კომენტარი

„ძირძველ ადგილობრივ მოსახლეობას კუთვნილი ბავშვებისა და კონვენციის შესაბამისად, მათი უფლებების შესახებ“.