წ
წამების აკრძალვა (The Prohibition of Tortures) - წამება საერთაშორისო სამართალში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და ომისა და ზოგადი სახიფათო სიტუაციის დროსაც კი, აბსოლუტურად აკრძალულია. გაეროს 1984 წლის კონვენცია „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ განმარტავს წამებას, როგორც ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც ამა თუ იმ პირს განზრახ ადგება ძლიერი ტკივილი ან ტანჯვა, ფიზიკური ან სულიერი, ისეთი მიზნებით, როგორიცაა მისგან ან მესამე პირისგან ინფორმაციის ან აღიარების მოპოვება, მისი დასჯა ქმედებისთვის, რომელიც მან ან მესამე პირმა ჩაიდინა ან რომლის ჩადენაშიც ეჭვმიტანილია, ან მისი ან მესამე პირის დაშინება ან იძულება, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით, როდესაც ამგვარი ტკივილი ან ტანჯვა მიყენებულია სახელმწიფო თანამდებობის პირის, ან ოფიციალური თანამდებობით მოქმედი სხვა პირის მიერ ან მისი წაქეზებით, ან ნებართვით, ან მისი სიტყვიერი თანხმობით. იგი არ მოიცავს ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც მხოლოდ კანონიერი სანქციების შედეგად წარმოიქმნება, არსებითად განუყოფელია მათგან, ან მათი თანმდევია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება - რომის სტატუტი წამებას ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს მიაკუთვნებს და განმარტავს მას, როგორც „მძიმე ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილის ან ტანჯვის განზრახ მიყენებას იმ პირისთვის, რომელიც ბრალდებულის პატიმრობაში ან სხვა ფორმით კონტროლქვეშ იმყოფება; ამასთან, წამებად არ ჩაითვლება ტკივილი ან ტანჯვა, რომელიც მხოლოდ გამოწვეულია კანონიერი სანქციით, მისი განუყოფელი ნაწილია ან მას შემთხვევით სდევს თან“, მაგრამ უნდა იყოს „ჩადენილი ნებისმიერი სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ან სისტემური თავდასხმის ნაწილად, როდესაც თავდასხმა გაცნობიერებულია“. წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისგან ან დასჯისგან დაცვის უფლება ყველა საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტის ნაწილია და წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის იმპერატიულ ნორმას – Jus Cogens, რომლის თანახმადაც, აკრძალულია წევრი სახელმწიფოების ან სხვა აქტორთა მხრიდან გადახვევა.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის დებულებები კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს იმგვარი ქმედებებისგან თავის შეკავებას ავალდებულებს, როგორიც არის წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი. ბავშვის ხელშეუვალობის დაცვის უფლება განსაკუთრებით, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 37-ე მუხლის „ა“ პუნქტშია დაცული. ამ მუხლის დებულებები უფრო წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვას ეხება, ვიდრე თავისუფლების თვითნებურ ან უკანონო შეზღუდვას, თავისუფლებაშეზღუდულ ბავშვებთან გამოსაყენებელ პროცედურებსა და თავისუფლებაშეზღუდული ბავშვის უფლებას, ჰქონდეს სამართლებრივი დახმარება. ამ მუხლის „ა“პუნქტის თანახმად, „არც ერთი ბავშვი არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. 18 წლამდე პირთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ არც სიკვდილით დასჯის, არც გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე სამუდამო პატიმრობის გამოყენება არ შეიძლება.“
წინასწარი პატიმრობა (Pretrial Detention) - სისხლის სამართლის პროცესში აღმკვეთი ღონისძიებების ერთ-ერთი სახე, რომელიც თავისუფლების იძულებითი შეზღუდვით გამოიხატება (საგამოძიებო იზოლატორში მოთავსება), წინასწარი გამოძიებისა და წინასწარი სასამართლო განხილვის პერიოდში. ასევე, გამოიყენება სასამართლოს გადაწყვეტილების ან პროკურორის სანქციის საფუძველზე (სხვადასხვა ქვეყნებში).
საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის (მუხლი 9) მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრულია, რომ მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაპატიმრება წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნას გამოყენებული.