კრწანისის ენძელა

მერაბიშვილი ელგუჯა

კრწანისის ენძელა

I

მტრის ლაშქარი სამხრეთიდან მოადგა საქართველოს. ორმოცი ათას ირანელს მრისხანე აღა-მაჰმად-ხანი ედგა სათავეში. ქართველები ჩატეხილ ხიდთან დაუხვდნენ დამპყრობლებს, იერიში მიიტანეს მათზე და დიდი ზარალიც მიაყენეს, მერე ვეღარ გაუძლეს მტრის სიმრავლეს და უკან დაიხიეს

შაჰი ფრთხილობდა - სახელგანთქმული ერეკლე მეფის შიში ჰქონდა და ამიტომ ნელა მოიწევდა წინ. მტერი თბილისს უახლოვდებოდა. საქართველოს დედაქალაქს საფრთხე დაემუქრა. მეფემ მოსახლეობის გახიზვნა ბრძანა

ჩარდახიანი ურმები არაგვის ხეობაში მიჭრიალებდა. თბილისი წინ წაწეული რაზმებითა და კერკეტა ციხეებით ეგებებოდა მრისხანე შაჰის ლაშქარს.

ერთი ასეთი შუქურა ციხე იყო აზეულა

აზეულას მეციხოვნენი ისრების წვიმას უშენდნენ მომხდურს. ზოგჯერ ხმალდახმალ ჩამოეგებებოდნენ ხოლმე მოძალებულ მტერს, უკუაქცევდნენ და კვლავ ციხეში შედიოდნენ

ამაყად იდგა კერკეტა ციხე თბილისისაკენ მიმავალ გზაზე

განრისხდა შაჰი, სიბრაზემ დაუმანჭა ქოსა სახე

- მხატვარი მომგვარეთო, - ბრძანა

- ქართველ ტყვეთა შორის გვყავსო ნორჩი ყმა, სახეთა მწერალიაო, - იყვირეს თათრებმა და მაშინვე მოჰგვარეს

- სადაური ხარ? - ჰკითხა შაჰმა თმაშეუკრეჭავ, პერანგშემოხეულ ბიჭს

- მცხეთელი, - მიუგო ბიჭმა და გამშრალი ტუჩები მოილოკა

- აგერ იმ შუქურა ციხეს ხედავ?

ბიჭმა ძლივს მოსწყვიტა თვალი შაჰის სიბრაზისაგან დამანჭულ სახეს და ციხისკენ გაიხედა

- ეგ უნდა დამიხატო, თანაც სასწრაფოდ! ახლოს უნდა მიხვიდე და კარგად დაინახო, სად რა ქვა დევს... გასძახე: რომ შინაური ვარ და ციხეში მინდა შესვლა-თქო და არ გესვრიან. ნახატს რომ მომიტან, დიდ ქისა ოქროს გაჩუქებ და დედასთან გაგიშვებ

დედის ხსენებაზე ბიჭს მშობლიური სოფელი დაუდგა თვალწინ. იქ, ბანიანი სახლის წინ, ქვის ყორესთან თეთრხილაბანდიანი ქალი იდგა და გზას გამოჰყურებდა. დედა!..

ბიჭს ორი თხელწვერა თათარი ამოუდგა მხარში, მესამემ ხბოს ტყავი და კალამი მიაჩეჩა და გზას გაუდგნენ

ll

გაუბედავად მიდიოდა ნორჩი მხატვარი. რაც უფრო მაღლა ადიოდა აღმართზე, მით უფრო მაღალი ეჩვენებოდა ციხე. სულ ახლოს მივიდა. ადგილი შეარჩია, ჩაიმუხლა და ხბოს ტყავი გაშალა. ის იყო, პირველი ხაზი გაავლო, რომ გოგონას წკრიალა ხმა მოესმა:

- ქართველი ხარ?

- მერედა შენ რა? - თავი ასწია და კოშკის ბანზე მდგარ გოგოს შეხედა

- მე? არაფერი. რა გქვია?

- სანდრიკა. შენა?

- მე? ენძელა მქვია, გვარად მებუკე ვარ. მანდ რას აკეთებ, სანდრიკა-ხან?

- ვინ გითხრა, რომ ხანი ვარ?

- სხვისი თქმა რად მინდა, ისედაც ვხედავ. ურჯულო რომ არ იყო, თათრებთან რა გინდოდა!

- შაჰი შემპირდა, თუ ციხეს დახატავ, შინ გაგიშვებ, დედასთანო. მე ხომ ტყვე ვარ!

- მერედა, იცი, რისთვის გახატვინებს?

- საიდან უნდა ვიცოდე?!

- შაჰი აზეულას სუსტ ადგილებს ეძებს. დაგახატვინებს, დახედავს და მერე ზარბაზანს დაუშენს!

ბიჭი გველცემულივით წამოვარდა. კალამიც და ხბოს ტყავიც ძირს დაუცვივდა. გაოგნებული იდგა და გოგონას შეჰყურებდა

- თურმე მართლა ქართველი ყოფილხარ, მე მოღალატე მეგონე, - აკისკისდა გოგო, - ეგენი ხომ გადაყარე, ახლა გამოიქეცი და ციხეში შემოდი!

- უკნიდან თათრები მითვალთვალებენ,. გამოვიქცევი თუ არა, მესვრიან!

- რაკი ასეა, აჰა, ეს ფარი წამოიკიდე ზურგზე და ისე წამოდი, ტყვია ვერ გაატანს, - გოგომ მოიშორა ფარი, აქამდე რომ მთელ ტანს უფარავდა, და ძირს გადმოაგდო

ფარი ჟღრიალით დაეცა კლდის შვერილზე და ბიჭისაკენ დაგორდა. თეთრკაბიანი ენძელა მაღლიდან იყურებოდა და იცინოდა

ბიჭი წინ შეეგება მძიმე ფარს, ზურგზე მოიგდო და ციხის კარიბჭისაკენ გაექანა. იმავ წუთს ჩასაფრებული თათრის თოფმაც იჭექა და კოშკის ბანზე შემომდგარმა გოგომ მკერდზე იტაცა ხელი

შიდა ციხის ეზოში ქალები და ბავშვები ირეოდნენ. სანდრიკამ ქვის კიბე აირბინა და განაპირა კოშკის ერდოზე გაჩნდა - ენძელა იქ ეგულებოდა

გოგონა ნაბადზე ესვენა, მკურნალი დასტრიალებდა. ირგვლივ კი თოფის წამლის კვამლი იდგა. ქონგურს გადაყუდებული აბჯროსნები ტყვიებს აყრიდნენ გაქცეულ თათრებს

ბიჭი მოწიწებით მიუახლოვდა გოგონას: „მე გადამარჩინა, თვითონ კი!...“

- მოხვედი? - გოგონამ სუსტი ღიმილი შეაგება, - ახლა უკვე ნამდვილი ქართველი ხარ!... მიხარია... - თქვა და თვალები დახუჭა

- ენძელა! - აღმოხდა ნორჩ მხატვარს

- არაფერია, თუ მოვკვდი... რა მოხდა მერე... ერთს კი დაგიბარებ. გაზაფხულზე კიდევ მოდი ამ მხარეში, მცხეთელო ბიჭო, ოღონდ ციხე კი არა, კრწანისის ენძელები დამიხატე, გამარჯვების ენძელები..

დაბლა კრწანისის ველი მოჩანდა. იქ სამი ათასზე ცოტა მეტი ქართველი მზად იყო შებმოდა თბილისისკენ წამოწეულ მრავალათასიან ურდოს

რუსთა ლაშქრის ამაოდ მომლოდინე მეფე ერეკლე მტერთან პირისპირ შესახვედრად ემზადებოდა

სექტემბრის მეცხრე დღე ღამდებოდა.