![]() |
ცისფერი გორგალი |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
ცისფერი გორგალი
I
ერთი საათის შემდეგ,
თვითმფრინავმა რომ დაშვება დაიწყო, ისევ მთები ამოჩნდნენ, მაგრამ ეს უკვე ყირიმის
მთები იყო - დაბლები, შეყვითლებულ-შეხუჭუჭებული, დაძენძილ ღრუბლებში მიმოფანტული.
ჩემ გვერდით სომეხი მასწავლებელი იჯდა, სახელურებს ჩაფრენოდა და შემკრთალი ხმით
იძახდა: აი, ახლა, აი, ახლა შევეხებით მიწას და მძლავრად შეგვარყევსო, მაგრამ ისე
დავმჯდარიყავით, ვერც კი გავიგეთ.
ქუდი და საწვიმარი ავიღე და კარისკენ წავედი. კართან სტიუარდესა იდგა და მგზავრებს
კმაყოფილების ღიმილით აცილებდა. ლამაზი არ იყო, მაგრამ მიმზიდველი, ჯანსაღი ლოყები
ჰქონდა. დიდი ხნის ნაცნობებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ტრაპი ჩავირბინე,
შეჯგუფებულ მგზავრებს გავშორდი და მიმოვიხედე.
აეროდრომი მზით იყო გაბრწყინებული, რაღაც მინისსახურავიანი საგნები პროჟექტორებივით
ანათებდნენ. ხმელი ბალახი გაფიცხებულს ჰგავდა, მაგრამ, თბილისთან შედარებით მაინც
საგრძნობლად გრილოდა. ჩემი
თანამგზავრები ჯარისკაცებივით დამწკრივდნენ და ქალაქში გასასვლელისკენ წავიდნენ.
ფორმიანმა კაცმა მეც დამიძახა - წამოდითო.
ერთხელ კიდევ მიმოვიხედე და გავყევი. საბარგო განყოფილებაში ჩემოდანი ავიღე.
აეროდრომის უკან, მოედანზე, გავედი. იქ ავტობუსები და ტაქსები იდგა, გამოკრული იყო
მოძრაობის განრიგიც. არც ავტობუსი მაძლევდა ხელს, არც ვერტმფრენი – ორი საათი აქ
უნდა მეყურყუტა მათ გასვლამდე. ისევ ტაქსებთან მივედი.
მძღოლები იქვე ჯგუფად იდგნენ და ლაზღანდარობდნენ. იალტაში ვინ მიდის-მეთქი,
ვიკითხე. შუა ხნის მსხვილ-მსხვილ კაცზე მიმითითეს - აი, ისაო. ის კაცი კიბრიკის
ტარას ბულბას ჰგავდა, სუფთად აპარსულ კეფაზე პატარა ყავისფერი ბერეტი ჰქონდა
დაკოსებული. თქვენ მიდიხართ-მეთქი იალტაში? არა, ალუპკაში მივდივარ, მაგრამ იქ არ
უნდა გავიაროო? ფასისა ვკითხე: როგორაა-მეთქი მაინც. ოთხი კაცი მომყავს, თითო
სამ-სამ მანეთადო. ჩემოდანი საბარგულში ჩავდე, საწვიმარი და ქუდი უკანა სკამზე
მინასთან მივყარე და ვუთხარი:
- სანამ სხვაც გამოჩნდებოდეს, მე ცოტას გავივლი აქეთ.
მხედრული სალამი მომცა. ჩემდაუნებურად მეც ხელი ავუღე.
- პატარა ვარსკვლავიანი ხარ? – მკითხა ღიმილით.
მივხვდი, რა პატარა ვარსკვლავზედაც მეკითხებოდა და თავი დავუქნიე.
- გერმანელებთანაც ხომ არ გიცეკვია ფოქსტროტი?
- ვის რა დააცადეთ?! - ნუ
წუხხარ, თქვენ ამერიკელებთან იცეკვებთ, რამდენსაც ინებებთ.
- ამერიკა წყალგაღმაა, რა მინდა იმ სიშორეს!
- ძველი ვინმე ჩანხარო, - და კიდევ ერთხელ ამიღო ხელი.
არაფრის ყიდვა არ მინდოდა, მაგრამ მაინც ყველა ფარდულს ჩამოვუარე, მაღლაც ავედი,
აეროპორტის მთავარ შენობაში. იქ მშვენიერ ბუფეტს წავაწყდი. ხიზილალიანი ბუტერბროდი
შევჭამე და ერთი ბოთლი ლუდი დავაყოლე. ეტყობა, მებუფეტემ შემატყო, ქართველი რომ
ვიყავი და რაღაც საზეიმო განწყობილებით გადმომცა კაპიკიანებისა და ორკაპიკიანების
გროვა. რაკი ასეა, ბოლომდე ზუსტნი ვიყოთ-მეთქი.
ის ხურდა გადავთვალე. ლუდის ფასი ვიკითხე და გაშლილი ხელისგულით გავუწოდე - კარგად
დათვალეთ, ვგონებ შეცდით-მეთქი.
საბრალოს ორი კაპიკი დაეკლო. გაწითლდა, დიდი ბოდიში მოიხადა. არაფერს, რას
ბრძანებთ-მეთქი, და წამოვედი.
ჩემი მძღოლი თურმე უკვე მეძებდა. მუშტარი ეშოვა და მერე რა მუშტარი! - თადარიგის
გენერალი, მეუღლითურთ. მეოთხე კაცისთვის აღარ დაუცდია.
- ნებას მომცემთ, წავიდე? - ჰკითხა გენერალს.
- წავედით! - ბრძანა გენერალმა.
მძღოლი საჭეს მიუჯდა, მანქანა დაძრა და გაიჭიმა. ასე, გაქვავებულივით იჯდა მთელი
გზა. ქალაქის ის ქუჩები,
რომლებსაც ჩვენ მივყვებოდით, უსახური იყო. არც შემოგარენს დავუინტერესებივარ
მაინცდამაინც: ერთმანეთში გადახლართულიყვნენ მაღალი ძაბვის ანძები და ბარაკებივით
გაჭიმული თეთრი სახლები. გენერალი ხუმრობდა და სულ იმას ვუსმენდი.
მისი მეუღლე იმრიზებოდა - რა არასერიოზულად იქცევიო. ის კი უფრო და უფრო ეშხში
შედიოდა - ნიკოლოზისდროინდელ ანეკდოტებს ყვებოდა ყირიმში ჩამოსულ დამსვენებლებზე.
ჩემი სადაურობა რომ შეიტყო, მხარზე მეგობრულად წამომითათუნა ხელი. თითქოს რაღაცას
მანუგეშებდა - ეჰ-ეჰ-ეჰო. მერე მითხრა: ერთი თქვენებური ამხანაგი მყავდა,
ქარსელაძე, დაიღუპა საწყალი, ძალიან მამაცი ბიჭი იყოო.
მუშტრის თვალით ამხედ-დამხედა. არც შენ უნდა იყო ცუდი ყმაწვილი, მე ძველი გენერალი
ვარ და ას ნაბიჯზე სუნით ვგრძნობ, პიჟონს ვხვდები თუ კაცურ კაცსო.
მთები დაიწყო, წამოწვიმა. ძალიან ჩვეულებრივი, ტყეწვრილით შემოსილი,
გადამრგვალებული მთები იყო. წვიმითაც - უღიმღამოდ წვიმდა, მაგრამ, მაინც
მესიამოვნა. ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი, ბავშვობისას რომ ვგრძნობდი ხოლმე სხვაგან
ყოფნის შემდეგ შინმიბრუნებული.
წიწვიანმა ტყემ ვასილევის ყირიმული პეიზაჟი გამახსენა - ოთხი მაღალი ფიჭვი რომ დგას
გორაკზე, ქვემოთ კი მოჩარდახული ურემი მიდის, ნაწვიმარია. ეს სურათი ძალიან
მიყვარდა პატარაობისას, საწოლის თავზე მეკიდა და ყოველ დილა-საღამოს ვუყურებდი. მე
ის ახლაც მიყვარს... რომ
ავივაკეთ, ცა გაფართოვდა, ჰორიზონტზე ბურუსიანი ზღვა გამოისახა. გენერალი ადგილზე
ვეღარ ისვენებდა, ყირიმის ომების ამბებს გვიყვებოდა და იმ ადგილს დაეძებდა, სადაც
კუტუზოვი თავში დაჭრეს. ბოლოს იქაც მივედით.
გზის პირასვე იყო, - თაფლისფერი ტუფისა თუ მარმარილოს მთელი ნაგებობა. მემორიალური
დაფის ქვეშ ვიღაცეებს ყვავილებიც კი დაეტოვებინათ. გენერალმა მანქანა გააჩერებინა
და ქუდი მოიხადა. რამდენჯერმე ამოიოხრა, თავი გადააქნია.
მერე კვლავ წავედით. ალუშტა,
არტეკი, გურზუფი, შორს მთა აი-პეტრი, სულ ნაცნობი და ნაცნობი სახელები, ყოველ
სახელთან დაკავშირებით - სხვა სახელები, მოგონებები! და ისე გავიდა სამი საათი,
არაფერი გამიგია. - აი, აქ
მაღლა ახვალთ და მანდვეა ის სახლი, თქვენ რომ მიდიხართ, - მითხრა მძღოლმა და
მანქანა გააჩერა. ფული
გადავუხადე, გენერალს დავემშვიდობე და ჩამოვედი. მძღოლიც ჩამოვიდა, საბარგული
გახსნა, ჩემოდანი მომცა, ხელი ამიწია, საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.
ოც ნაბიჯზეც არ იქნებოდა წასული, რომ საწვიმარი და ქუდი გამახსენდა.
- ტაქსი! ტაქსი! ეს იყო და
ეს. ამ ორი სიტყვის ამოძახება ძლივს მოვასწარი, სახლის ქიმს მოეფარა.
ცოტა ხანს ვიდექი და ღიმილით ვფიქრობდი, ეს რა დამემართა-მეთქი. საწვიმარი ძვირფასი
არ იყო, არც ქუდი ღირდა რამედ, მაგრამ შეიძლება აქ ნოემბრის ნახევრამდე
დავრჩენილიყავი და მაშინ უთუოდ დამჭირდებოდა.
ჩემოდანი ავიღე და ვიწრო, სუფთა ტროტუარს გავუყევი. პატარა მოედანზე მილიციელი
იდგა. მივედი და ვუთხარი, ასე და ასე დამემართა და როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი. ჩვენი
განყოფილება აგერ იმ შენობაშია, მორიგეს მიმართე და ის დაგეხმარებათო.ხიდქვეშ
გავედი და პატარა ჩიხში შევუხვიე, - განყოფილება იმ ჩიხის ბოლოს იყო.
სამორიგეოში ორი კაცი დამხვდა, ერთი ლეიტენანტი, მეორე - სერჟანტი. მოწყენილები
ისხდნენ და პაპიროსს აბოლებდნენ. მივესალმე და ახლა მათ მოვუყევი ჩემი გასაჭირი.
- მანქანის ნომერი თუ გახსოვთ? - მკითხა ლეიტენანტმა.
ახლაღა გამახსენდა, მანქანის ნომრის ცოდნა რომ რამეს ნიშნავდა.
- არა, არ მახსოვს, - მივუგე დარცხვენილმა. - თუმცა, მოიცათ...
სიმფეროპოლში, აეროპორტთან, ჩვენში გავრცელებულ ნომრებს მიჩვეულმა თვალმა უცებ
ინიშნა, რომ აქაური ნომრები სხვანაირად იწყებოდა. რაღაც Кр... Крб...
- Крб 01-52, მგონი ეს ნომერი უნდა იყოს.
- ნამდვილად? - დაბეჯითებით არ
შემიძლია თქმა, ისე კი... - ისიც მოვუყევი, როგორ დამამახსოვრდა.
ორივეს გაეცინა, ლეიტენანტსაც და სერჟანტსაც... მერე ლეიტენანტმა სადღაც დარეკა,
რაღაც გამოიკითხა, ყურმილი დაკიდა და მითხრა:
- მანქანა ალუპკისაა. ჯერ არ დაბრუნებულა გარაჟში. წაბრძანდით, მოეწყვეთ და მერე
შემოიარეთ. შევეცდებით, გიპოვოთ.
მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და წამოვედი. ჯერ ისევ იმ ადგილას მივედი, სადაც
ტაქსმა დამტოვა, მერე აღმართს ავყევი. აღმართი მოკირწყლული იყო, ქვაფენილი წვიმას
გადაერეცხა. აქეთაც და იქითაც დიდი ხეები იდგა. დიდი ხეები და თეთრი, პატარა
სააგარაკო სახლები მალე გათავდა და ერთიანი ბაღი დაიწყო. ერთ ვეება ფიჭვზე თუნუქის
ფირნიში იყო ჩამოკიდებული - ბაღი ამა და ამ სახლისაა და უცხო პირთა შესვლა
აკრძალულიაო. ფიჭვებს შორის ნუშისა და ზეთისხილის ხეები გაბარდულიყო. მთავარ გზაზე
ასფალტი ეგო, განშტოებებზე კი აგურის ფხვნილი მოეფინათ. აღმართს კიბეები მოჰყვა. ის
კიბეებიც ავიარე და დიდი, სვეტებიანი სახლის ეზოში ავედი.
სვეტებქვეშ დაწნული საქანაო სავარძლები იდგა, შიგ ხნიერი ქალები და კაცები ისხდნენ.
უცხო რომ დამინახეს, ჩემკენ დაიწყეს ყურება.
საერთო სალამი მივეცი და ვიკითხე - დირექცია სად არის-მეთქი. ერთმა მელოტმა მოხუცმა
მიმასწავლა: - აგერ, პატარა
შენობაში. წამოდგა, რამდენიმე
საფეხურზე ჩამოვიდა და უფრო ზუსტად ამიხსნა:
- ბოლოდან პირველი კარი, ხედავთ, აბრაც არის კედელზე.
თითქმის მთლიანად ოქროს კბილები ჰქონდა. მადლობა მოვახსენე და იმ პატარა
შენობისაკენ წავედი.
დირექტორმა დასასვენებელი სახლების მუშაკთათვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით
მიმიღო. მეო, თბილისის ძველი მოყვარული ვარო.
ბევრი საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ზოგი მათგანის აღნაგობა გავიხსენეთ, ზოგისა -
ხმა, კარგა გემრიელად ვიცინეთ და საქმეზე ამის შემდეგ გადავედით. ადმინისტრატორი
გამოიძახა. მშვენიერი თეთრხალათიანი ქალი გამოცხადდა.
- გაბარებთ ამ ჩემ მეგობარს და თქვენ იცითო.
ქალმა ალერსით გამიღიმა, წამომყევითო. ჩემოდანი ავიღე და წავყევი.
ოთახი მომცა. მორიგეს თეთრეული შემოატანინა. კეთილი დასვენება მისურვა და
მოკლედშეკრეჭილი თმის სწორებით წავიდა, ოდნავ წინ წახრილი, საქმიანი ნაბიჯებით.
ოთახი პატარა იყო. ერთი საწოლი იდგა, ერთი კარადა და ერთიც მაგიდა. სამაგიეროდ,
სანახაობა იშლებოდა შესანიშნავი. მთელი ქალაქი ჩანდა, ქალაქის იქით კონსერვის
ყუთისფრად ალაპლაპებული ზღვა იყო. ზღვაში ორი გემი იდგა.
ერთიდან კვამლი ადიოდა. ტანთ
გავიხადე, ხელ-პირი დავიბანე და დასასვენებლად დავწექი. ლოგინი გრძელი იყო, ქლორის
სასიამოვნო სუნი ასდიოდა. საათ-ნახევრის შემდეგ ავდექი, ხუთი ხდებოდა. ვიცოდი, რომ
ამ დროს სამხრობა იწყებოდა, ცოტა წავივარჯიშე, ცივი წყალი გადავივლე, თეთრი ხალათი
და ჯაჭვისებური პულოვერი ჩავიცვი და სასადილოში წავედი.
სასადილოს დიასახლისი კუთხეში მდგარი მაგიდისაკენ წამიძღვა. იმ მაგიდასთან ერთი
ყმაწვილი ქალი იჯდა. სამხრეთელს ჰგავდა, შავი, სწორი თმა მხრებამდე ჩამოშლოდა.
დიასახლისმა მორიდებით მიმართა:
- აელიტა, არა? ძვირფასო, თუ ნებას მომცემთ, თქვენს მაგიდასთან დავსვამ, - და ჩემზე
მიუთითა. - რა თქმა უნდა, რა
თქმა უნდა! - აჩქარებით ამოიძახა ყმაწვილმა ქალმა და კოვზი ჩაის ამოურია.
მე დავჯექი და ჩუმ-ჩუმად დავუწყე თვალთვალი. თეთრი ფუმფულა ჟაკეტი ეცვა, მარცხენა
ხელზე, იქ, სადაც სამაჯურს იკეთებენ, მამაკაცური „ვიმპელი“ ეკეთა. მთელი ყურადღება
ჩაის ჭიქაზე ჰქონდა გადატანილი. უცებ მუდარის ღიმილით მომიბრუნდა:
- თქვენ ლიტა დამიძახეთ. რა უბედურებაა სამსართულიანი ა-ე-ლ-ი-ტ-ა. მარტო პასპორტში
მიწერია ეს ოცდაათიანი წლების ცოდვა. თქვენ რა გქვიათ?
- არც მე ვარ თავისუფალი მაგ ცოდვისაგან.
- მაინც? - დავითი.
- რა საოცარია, არა? რამდენი დავიდოვია რუსეთში, დავიდი კი იშვიათად ჰქვიათ. მე
მომწონს დავიდ. - მაგრამ
ჩვენში ასე არ გამოთქვამენ. თანაც მე დათოს მეძახიან.
- დატოს? - არა, დათოს.
იქვე დავიწყეთ ვარჯიში, რომ ეს სიტყვა სწორად წარმოეთქვა, და გარკვეულ წარმატებასაც
მივაღწიეთ. საქართველოზე
უცნაური წარმოდგენა ჰქონდა - ლამაზი ქალი მარტო ვერ გაივლის ქუჩაშიო.
- ლამაზი ქალი - კი! - მივუგე ღიმილით.
იმასაც გაეღიმა და ვითომ სასხვათაშორისოდ თქვა:
- თქვენი ქალები იშვიათად არიან ლამაზები, ბიჭები კი თითქმის ყველანი.
ავდექით და ერთად წამოვედით. ძალიან რბილად და ლამაზად მოდიოდა, შევამჩნიე, რომ
სხვა მაგიდებიდან გვიყურებდნენ. კიბეზე ის მელოტი მოხუცი შეგვხვდა, დირექცია რომ
მიმასწავლა, დღე მშვიდობისაო და მკითხა:
- როგორ მოგწონთ, ყმაწვილო, აქაურობა?
- ძალიან მომწონს, - მივუგე მე.
- სასიამოვნოა, სასიამოვნო.
რომ გაგვცდა, მე და ლიტამ ერთმანეთს შევხედეთ და გაგვეცინა.
- მშვენიერი მოხუცია, არა? - მკითხა ლიტამ.
- საკმაოდ. - იცით, ვინ
არის? ისეთი გვარი დამისახელა, სახტად დავრჩი.
- ხომ ჩაგიბარებიათ მაგის რაღაცეები?
- უნივერსიტეტში. - მე საშუალო
სკოლაში. და რა არაზუსტია ხოლმე ჩვენი წარმოდგენები, არა?
- აბა? - მწერალი მე
მეგონა... ეგ სისულელეა, ბუმბერაზი არა, ძალიან ჰარმონიული პიროვნება. ყველას ასე
ჰგონია. თქვენც მწერალი ხართ?
- რაღაც მაგგვარი. - ესე იგი,
უნდა იჯდეთ და სულ წეროთ? -
მხოლოდ დილდილობით. - მერე
რას გააკეთებთ? - მერე
ვიხეტიალებ. - დაათვალიერეთ
ეს ბაღი? - არა, ახლა გამოვედი
პირველად. - მეც პირველად ვარ,
მეც დილას ჩამოვედი. ახლა ხომ საღამოა, ხომ შეგვიძლია წავიდეთ აი იქით,
ხეივნისაკენ? - რა თქმა უნდა.
ყვავილების კვლებს გავცდით და ხეივანში შევედით. ის ხეივანი კი არა, გარინდებული
უღრანი ტყე იყო. ერთმანეთს ჩახვეოდნენ ხავსიანი მუხები, ნეკერჩხლები და რცხილები.
აქა-იქ შემოჭრილ ჩამავალ მზის სხივებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავდნენ აბლაბუდები,
ყვითელი ფოთლები და ნაპერწკლებივით მორიალე ქინქლები. სადღაც სიღრმეში შაშვებმა
ატეხეს ჭახჭახი. მათმა
ჭახჭახმა ერთი ბავშვური გასართობი გამახსენა. ხელის ზურგი ტუჩებზე მივიდე და
შეშფოთებულ შაშვს გამოვაჯავრე. იმწამსვე მიპასუხეს, - აქა ვართო. ლიტას გაუკვირდა
და ამან უფრო წამახალისა. კიდევ და კიდევ დავუჭახჭახე. ის შაშვები ხომ
გამომეპასუხნენ, სხვებიც აჰყვნენ. რამდენიმე სულ ახლოს მოფრინდა. გაკვირვებული
დამეძებდნენ. აბა, რას მიხვდებოდნენ, მე რომ ვიყავი!
- სხვა რამეების მიბაძვაც თუ შეგიძლიათ! - აღტაცებული თვალებით შემომყურებდა ლიტა.
- ზოგიერთების. - მაინც?
- მტრედების, მწყრების, კაჭკაჭების, ბაყაყების.
- აბა ბაყაყებს მიბაძეთ! -
ბაყაყები რომ არ არიან? -
იქნებიან სადმე. სიცილისაგან
თავი შევიკავე და ბაყაყების გამოჯავრება ვცადე. ერთხანს ასე მეგონა,
ჩავფლავდი-მეთქი, მაგრამ საქმე გამოსწორდა - ქვემოდან ნამდვილმა ბაყაყმა დამიძახა:
ვინა ხარ, შენი ნათქვამი ვერ გავიგე, გაიმეორე, რა გინდაო. მე გავუმეორე. ის
გაბრაზდა: რას დუდღუნებ, ნუთუ ორი სიტყვის სწორად წარმოთქმა არ შეგიძლიაო. მე ისევ
ძველებურად განვაგრძე, მაშინ ბაყაყმა ერთი ესღა თქვა: გადარეული ხარ, ვიღაცა ხარო,
და გაჩუმდა. ბევრი ვეძახე, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია.
- რატომ გაჩუმდა? - მკითხა ლიტამ.
ვუთხარი, რაც მოხდა. პატარა
ბავშვივით აკისკისდა. - რა
ყოფილხართ, ღმერთო ჩემო, - იძახდა და გვერდზე გადახრილი მათვალიერებდა, -
გაჭირვებისას თქვენ მაგითაც კი შეგიძლიათ იცხოვროთ. ხომ გამოდიან ხოლმე იმიტატორები
სცენაზე! - აბა, აბა!
მოედანივით რაღაც იყო - დაგვილი, დასუფთავებული. ლიტამ ხელები გაშალა, თან მიდიოდა
და თან ნელ-ნელა ტრიალებდა. უცებ ისე დაბზრიალდა, შხივილი მომესმა ჰაერისა თუ
მიწის. - თქვენ უფრო
ზედგამოჭრილი ყოფილხართ სცენისთვის! ბალერინა ხართ?
- აჰ, არა, რას ამბობთ! ექიმი კარდიოლოგი.
- გულს კურნავთ? - ვკითხე პროვინციელი დარდიმანდის კილოზე.
- გააჩნია პაციენტს, - ასევე მომიგო იმანაც, თან ვითომც შერცხვა, თავი დახარა.
ორივემ გავიცინეთ და გზა განვაგრძეთ.
მაგრამ გზა მალე მავთულხლართმა გადაგვიჭრა. იქით სხვა დასასვენებელი სახლი იყო.
უკან გამოვბრუნდით და სასადილოს მახლობლად, ძელსკამზე ჩამოვსხედით. ლიტამ ფეხი
ფეხზე გადაიდო, ხელები კეფაზე შემოიწყო და ღრმად ჩაისუნთქა.
- მე მოუთმენლად ველი ტრანსპორტის ყოველ სიახლეს. მინდა, მალე დადგეს ის დრო,
როდესაც ათ-თხუთმეტ წუთში გადმოფრინდები მოსკოვიდან, თუნდაც რამდენჯერმე ჩაისუნთქავ
ამ უცნაურ ალერსიან ჰაერს და მერე წახვალ უკან.