ბავშვის უფლებათა განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი - ზ

ზეადაპტაცია (Superfiality) - ადაპტაციის, ანუ გარემოსთან მორგების და შეგუების პროცესის ძალიან სწრაფად გავლა და ყველანაირ სიტუაციასთან შეგუების უნარი.

ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება (Right to Compensate for Injury and Damage and the Right to Claim Compesation) - განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს საქმის სასამართლოში განხილვის შედეგებს და განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

ზნეობა (მორალი) (Morality) - ზნეობრივი განვითარების პროცესში გამოიყოფა სამი ძირითადი დონე: 1) ბავშვი ემორჩილება მიღებულ წესებს ეგოისტური მოსაზრებების გამო; 2) კონვენციური ზნეობა, რომელიც ორიენტირებულია ქცევის გარეგანი გამოხატულების ნორმებზე ანუ „კარგი ადამიანის“ მოდელზე და 3) ავტონომიური ზნეობა, რომელიც გულისხმობს შიდა ავტონომიური პრინციპების სისტემაზე ორიენტაციას.

ზღვრული ასაკი, რომლის ქვემოთაც, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი დებულებების თანახმად, აკრძალულია ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება (Age of Sexual consent) - ტერმინის სამართლებრივი განმარტება ასახულია ლანზაროტეს კონვენციის მე-18 მუხლში, რომელიც სახელმწიფოებს უტოვებს შესაძლებლობას მიუთითონ ასაკი, რომლის ქვემოთაც აკრძალულია სექსუალური ურთიერთობის დამყარება. ლანზაროტეს კონვენცია და ბევრი კანონმდებლობა განასხვავებს სქესობრივ კავშირს თანატოლებს შორის სქესობრივ კავშირისგან ბავშვსა და ზრდასრულს შორის. კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს ქმედების კრიმინალიზაციას, რომელიც ითვალისწინებს იმ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, რომელსაც არ მიუღწევია კანონმდებლობით ამგვარი ურთიერთობისთვის დაშვებული ასაკისთვის (მე-18 მუხლის 1 პუნქტი; 23-ე მუხლი). კონვენციის 22-ე მუხლი მოიცავს ქმედების კრიმინალიზაციას, რომლის მეშვეობით ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის ან აქტივობის მოწმე იმ შემთხვევაში, თუ მას არ მიუღწევია ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ასაკისთვის, ხოლო მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს პორნოგრაფიული მასალების წარმოებასა და ფლობას ბავშვის თანხმობით, რომელმაც მიაღწიაეროვნული კანონმდებლობით ზღვრულს ასაკს, თუ მასალები მხოლოდ კერძო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, ქმედების დასჯადობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ასაკს დაადგენს სახელმწიფო, რომლის ქვემოთაც აკრძალულია ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება.

არ არსებობს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს სექსუალური აქტივობის ზღვრულ ასაკს. ბავშვის უფლებათა კონვენცია, ფაკულტატური ოქმი ან/და „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ კონვენცია ასევე, ანიჭებენ სახელმწიფოებს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ ზღვრული ასაკი.